თავი III - თვალთახედვა (NLP)

Admin
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)
0
0

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე ...

point of view

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

ადამიანები ხშირად ამბობენ: „თქვენ ამას ჩემი გადმოსახედიდან ვერ უყურებთ“ და ზოგჯერ სიტყვა-სიტყვით მართალნიც არიან. მინდა გაიხსენოთ რომელიმე კამათი ნებისმიერ ადამიანთან, როცა დარწმუნებული იყავით საკუთარ სიმართლეში. პირველ რიგში, გაუშვით ამ მოგონების კადრები ისე, როგორც გახსოვთ...

ახლა მინდა კვლავ გაუშვათ ამ შემთხვევის კადრები, ოღონდ ისეთი ხედით, თითქოს, ამ ფილმს თქვენი ოპონენტის მხრის ზემოდან უცქერთ, ისე, რომ შეძლოთ საკუთარი თავის დანახვა კამათის ადგილას. ჩაამთავრეთ კადრები თავიდან ბოლომდე, ოღონდ, ხედვის ამ წერტილიდან ...

მოგცათ ამან რაიმე განსხვავება? შესაძლოა, ზოგიერთთან დიდი ვერაფერი შეცვალა, განსაკუთრებით მათთან, ვინც ამას ბუნებრივადაც ამგვარად აკეთებს. თუმცა, ზოგიერთისათვის ეს უზარმაზარ განსხვავებას წარმოქმნის. კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ მართალი იყავით?

კაცი: როგორც კი ჩემი სახე დავინახე და ჩემი ხმა გავიგონე, გავიფიქრე, „ვის ენდომება მიაქციოს ყურადღება იმას, რასაც ეს ინდაური ამბობს!“

ქალი: როცა მოპასუხის მხრიდან შევხედე იმას, რასაც ვამბობდი, ბევრი უზუსტობა შევნიშნე ჩემს ნათქვამში. შევამჩნიე, როგორ ქუხდა ჩემში ადრენალინი და ყველაფერი სისულელე იყო. ვაპირებ, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანს.

კაცი: მე პირველად გავუგე მოწინააღმდეგეს და იმან, რასაც ის ამბობდა, აზრი შეიძინა.

ქალი: როცა ჩემს თავს მოვუსმინე, განვაგრძე ფიქრი, „არ შეგიძლია ეს სხვაგვარად თქვა, ისე რომ შენი აზრის ადრესატამდე მიტანა მოახერხო?“

რამდენი თქვენგანია კვლავ დარწმუნებული თავის სიმართლეში მას შემდეგ, რაც სურათის სხვა გადმოსახედიდან დანახვა სცადა?... დაახლოებით სამი - 60-იდან. ასე რომ, შანსი იმისა, რომ მართალი იყოთ იმ სიტუაციაში, რომელშიც დარწმუნებით გგონიათ, რომ მართალი ხართ, მხოლოდ 5%-ია.

ადამიანები საუკუნეებია, რაც „საკუთარ გადმოსახედზე“ საუბრობენ. თუმცა, ამ გამოთქმას ყოველთვის მეტაფორულად მოიაზრებენ და სიტყვასიტყვით მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მათ არ იცოდნენ, როგორ მიეცათ ვინმესთვის სპეციფიკური ინსტრუქცია, რათა შეეცვალათ „თავიანთი გადმოსახედი“. რაც თქვენ ახლახან გააკეთეთ, მხოლოდ ერთია სხვა ათასობით შესაძლებლობიდან. თქვენ მოვლენების ხედვა სივრცის ნებისმიერი ხედვის წერტილიდან შეგიძლიათ. იგივე კამათი შეგიძლიათ ნეიტრალური დამკვირვებლის მხრიდანაც დაინახოთ, ასე საკუთარ თავსაც და მეორე ადამიანსაც თანაბრად კარგად დაინახავთ. ასევე შეგიძლიათ იგივე სიტუაცია სადღაც ჭერიდან დაინახოთ, რათა „ამ ყველაფერზე მაღლა დადგეთ“, ან სადმე იატაკიდან, რათა „ჭიის თვალის“ ეფექტი შეიძინოთ. შეგიძლიათ ძალიან პატარა ბავშვის „თვალთახედვაც“ კი აირჩიოთ. ან პირიქით - ძალიან მოხუცის. ეს შედარებით უფრო მეტაფორული და ნაკლებად სპეციფიკური ხდება, თუმცა, თუ ეს მეთოდი თქვენს გამოცდილებას სასიკეთოს ხდის, ნუ იდავებთ მასთან.

როდესაც რაიმე ცუდი ხდება, ზოგიერთი ამბობს, „რაღა მნიშვნელობა ექნება ამას ას წელიწადში?“ ზოგიერთი თქვენგანისათვის, ამის მოსმენას ზეგავლენა არ აქვს და შეიძლება გაიფიქროთ, “ის ვერ ხვდება“. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს, ამის თქმა და გაგონება ნამდვილად უცვლის გამოცდილებას და პრობლემების გამკლავებაში ეხმარება. მე, რა თქმა უნდა, ვკითხე რამდენიმე მათგანს, თუ რას აკეთებდნენ შინაგანად, როცა ამ წინადადებას წარმოთქვამდნენ. მაგალითად, ერთი ბიჭი უყურებდა მზის სისტემას კოსმოსის რომელიღაც „ხედვის წერტილიდან“, დასცქეროდა საკუთარი ორბიტების ირგვლივ მბრუნავ პლანეტებს. ხედვის ამ წერტილიდან ძლივსღა ხედავდა საკუთარ თავსა და პრობლემებს, როგორც პაწაწინა ლაქას დედამიწის ზედაპირზე.

სხვა ადამიანების მიერ დანახული სურათები, ხშირად, რაღაცით განსხვავებული იყო, თუმცა ყველას ერთი ჰქონდა საერთო, ისინი საკუთარ პრობლემებს ხედავდნენ სურათის ძალიან პატარა ნაწილზე და ძალიან შორ მანძილზე, ხოლო დრო აჩქარებული იყო იმგვარად, რომ მოკლე ფილმში ასობით წელი იყო ჩატეული. ადამიანები მთელს მსოფლიოში აკეთებენ მსგავს დიდებულ რამეებს საკუთარ ტვინებში და ეს ნამდვილად ეფექტურია. ისინი აცხადებენ კიდეც იმას, რასაც აკეთებენ. თუ გამონახავთ დროს, რომ დაუსვათ მათ რამდენიმე შეკითხვა, აღმოაჩენთ უამრავ მოქმედებას, რომლებიც საკუთარ ტვინთან შეგიძლიათ გამოიყენოთ.

არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც სულ თავში მიტრიალებს. რაიმე არასასიამოვნოს გადატანის შემდეგ, ადამიანები ხშირად ამბობენ: „დრო გავა და ამის გახსენებისას გაგეცინება.“ უნდა იყოს რაღაც ისეთი, რასაც ამ დროს აკეთებთ და არასასიამოვნო გამოცდილებას მოგვიანებით სასაცილოდ აქცევთ. რამდენ თქვენგანს გაქვთ მოგონება, რომლის გახსენების დროსაც გეცინებათ? ... და ყველას გაქვთ მოგონება, რომელზეც ჯერ კიდევ არ გეცინებათ? ... მინდა, ეს ორი მოგონება ერთმანეთს შეადაროთ, იმის აღმოსაჩენად, თუ როგორია მათ შორის სხვაობა. ერთ მათგანში საკუთარ თავს ხედავთ, მეორეში კი - არა? ერთი ფილმია და მეორე სლაიდი? არის განსხვავება ფერში, ზომაში, სიკაშკაშეში ან ადგილმდებარეობაში? გაარკვიეთ რა არის განსხვავება მათ შორის და შემდეგ სცადეთ არასასიამოვნო გამოსახულების იმგვარად გადაკეთება, რომ მასზე გაცინება შეძლოთ. თუ ის მოგონება, რომელზეც უკვე გეცინებათ თქვენგან შორსაა, მეორე მოგონებაც ისევე შორი გახადეთ. თუ სასაცილო მოგონებაში ხედავთ საკუთარ თავს, არასასიამოვნოშიც დაინახეთ. ჩემი ფილოსოფია ასეთია: რატომ უნდა დავიცადოთ თავის უკეთ საგრძნობად? რატომ არ „გავიხსენო და გავიცინო“ არასასიამოვნო გამოცდილების პირველსავე მოგონებაზე? თუკი რაიმე არასასიამოვნოს გაიხსენებთ, იფიქრებთ, რომ ერთხელ გახსენებაც კი საკმარისზე მეტია. მაგრამ, ო, არა, თქვენი ტვინი ასე არ ფიქრობს. ის ამბობს: „ოჰ, დაბნეული ხარ? გაგაწემებ 3-4 წელიწადს და შემდეგ, შესაძლოა მოგცე გაცინების უფლება.“

კაცი: ვხედავ მოგონებას, რომელზეც გაცინება შემიძლია. მე დამკვირვებელი ვარ. თუმცა, მოგონება, რომელიც ჯერ კიდევ ცუდად მოქმედებს ჩემზე, სულ გონებაში მიტრიალებს.

ეს ჩვეული რეაგირებაა. თქვენთვისაც ასეა? შეგეძლოთ დამკვირვებლად ყოფნა, გაძლევთ შესაძლებლობას „გადახედოთ“ მომხდარ მოვლენას „სხვა გადმოსახედიდან“ და დაინახოთ ის ახლებურად, თითქოს ვიღაც სხვას ემართება. იუმორის საუკეთესო გამოვლინება არის უნარი, შეხედოთ საკუთარ თავს ახლებურად. ერთადერთი რამ, რაც მოცემული მოვლენის ამგვარად დანახვაში გიშლით ხელს, ამ შესაძლებლობის გაუცნობიერებლობაა. თუ ამაში დახელოვნდებით, მაშინ დამკვირვებლად ყოფნას მოვლენის რეალური მიმდინარეობის დროსაც შეძლებთ.

ქალი: რასაც მე ვაკეთებ განსხვავებულია, თუმცა ნამდვილად ამართლებს. მე ვფოკუსირდები ისე, როგორც მიკროსკოპში, მანამ, სანამ არ დავინახავ მომხდარი მოვლენის რომელიმე პატარა ნაწილს გადიდებულს მთელს ეკრანზე. ამ შემთხვევაში შევძელი დამენახა მხოლოდ მისი გიგანტური, პულსირებადი, სწრაფად მოძრავი ტუჩები, მაშინ როცა საუბრობდა. ეს ისეთი გროტესკული იყო, რომ ავხარხარდი.

ეს ნამდვილად სხვა თვალთახედვაა. და ამავდროულად ისაა, რაც ადვილად შეგიძლიათ სცადოთ მაშინ, როცა რაიმე არასასიამოვნო მოვლენა რეალურად, პირველად ხდება.

ქალი: მე ასე ვაკეთებ. გავიჭედები რომელიღაც საშინელ სიტუაციაში და შემდეგ ვფოკუსირდები რაიმეზე და ვიცინი იმაზე, თუ როგორი უცნაურია ის.

NLP

ახლა მინდა ყველამ გაიხსენოთ ორი მოგონება თქვენი წარსულიდან: ერთი სასიამოვნო და მეორე უსიამოვნო. მიუძღვენით ერთი-ორი წუთი მის ხელახლა განცდას, ისე, როგორც ამას ბუნებრივად აკეთებთ ...

შემდეგ, მინდა დააკვირდეთ და გაარკვიოთ ასოცირებული ხართ თუ დისოცირებული თითოეულ მათგანში.

ასოცირებული ნიშნავს, რომ როდესაც იხსენებთ მოგონებას და ხელახლა განცდით მას, ყველაფერს საკუთარი თვალებით ხედავთ. თქვენ ზუსტად იმას ხედავთ, რასაც მაშინ, როცა რეალურად ხდებოდა ეს ფაქტი. შეიძლება ხედავდეთ საკუთარ ხელებს თქვენ წინ, მაგრამ ვერ ხედავთ თქვენს სახეს, იმ შემთხვევის გარდა, როცა სარკეში იხედებით.

დისოცირებული ნიშნავს, ხედავდე მოგონებას ხედვის ნებისმიერი წერტილიდან, გარდა საკუთარი თვალებისა. შესაძლოა მოგონებას ხედავდეთ მაგალითად, თვითმფრინავიდან, ან შესაძლოა ხედავდეთ ისე, თითქოს ვიღაც სხვა იყოთ და უყურებდეთ ფილმს, რომელშიც საკუთარ თავს ხედავთ ამა თუ იმ სიტუაციაში და ა.შ.

ახლა მიუბრუნდით ამ ორიდან თითოეულ მოგონებას რიგ-რიგობით და გაარკვიეთ, ასოცირებული ხართ თუ დისოცირებული თითოეულ მათგანში ...
შემდეგ, მინდა მიუბრუნდეთ მოგონებებს და შეცვალოთ თქვენი ხედვა. რომელ მოგონებაშიც ასოცირებული იყავით დისოცირებული გახდით და პირიქით, რათა აღმოაჩინოთ, თუ როგორ იცვლება თქვენი გამოცდილება ამ მოქმედებით. დააკვირდით, ვიზუალური პერსპექტივის ამგვარი ცვლილება როგორ ცვლის თქვენს შეგრძნებებს ამ მოგონებების შესახებ...

არის განსხვავება? ფსონს ჩამოვდივარ, რომ კი. არის აქ ვინმე, ვინც ვერ შეამჩნია განსხვავება?

კაცი: მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

კარგი, სცადეთ შემდეგი. იგრძენით, თუ როგორ ხართ კარნავალზე, ზიხართ პარკის გრძელ სკამზე და დაინახეთ საკუთარი თავი „ამერიკული მთების“ პირველ დასაჯდომზე. დაინახეთ, როგორ გიწეწავთ თმებს ქარი, მაშინ როცა ვაგონი პირველ დიდ დაშვებას აკეთებს... ახლა შეადარეთ ეს გამოცდილება იმას, თუ რას იგრძნობდით, მართლა რომ მჯდარიყავით „ამერიკული მთების“ წინა დასაჯდომზე, ვაგონზე ხელებმოჭიდებული, მაღლა ცაში და თქვენი თვალებით უყურებდეთ ვაგონის დიდი სიმაღლიდან დაშვებას...

არის ამ ორს შორის განსხვავება? თუ ამ ატრაქციონზე ყოფნისას და რელსებზე ძირს დაშვებისას ხმაურის გარდა ვერაფერს გრძნობთ, პულსი შეიმოწმეთ.
„ამერიკულ მთებზე“ დაშვების წარმოდგენა, აგრეთვე, ყავაზე იაფი საშუალებაა, დილის ძილისაგან გამოსაფხიზლებლად.

ქალი: ჩემს ერთ მოგონებაში ერთდროულად ორივენაირად ვგრძნობ თავს, თან შიგნით ვარ და თან არ ვარ.

კარგი, აქ ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი ისაა, რომ თქვენ სწრაფად გამოდიხართ და შედიხართ თქვენს მოგონებაში. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დააკვირდით, რა განსხვავებაა, როცა მოგონებაში ერთვებით. შესაძლოა, მოგიწიოთ ჩართვასა და გამორთვას შორის დროის გაწელვა, რათა ეს კარგად გამოგივიდეთ.

მეორე შესაძელობა მდგომარეობას იმაში, რომ ორიგინალ გამოცდილებაში თქვენ დისოცირებული იყავით. მაგალითად, თვითკრიტიკულობა, როგორც წესი, იწვევს სიტუაციის „სხვისი გადმოსახედიდან“ დანახვას. თითქოს, საკუთარი თავის გარეთ იმყოფებით, აკვირდებით და კრიტიკულად უყურებთ საკუთარ თავს. თუ ესაა ზემოთ ხსენებული შემთხვევის მიზეზი, როდესაც საკუთარ გამოცდილებას გაიხსენებთ და “დაინახავთ იმას, რაც მოვლენის მიმდინარეობისას ხდებოდა“, ამავდროულად თავს დისოცირებულად იგრძნობთ. ერგება რომელიმე ამ აღწერილობიდან თქვენს გამოცდილებას?

ქალი: დიახ, ორივე. იმ დროისათვის თითკრიტიკული გახლდით და ვფიქრობ, მუდმივად წინ და უკავ ვხტოდი საკუთარი თავის გაკრიტიკებასა და იმ მდგომარეობას შორის, როდესაც თავს გაკრიტიკებულად ვგრძნობდი.

ამგვარი შემთხევის მესამე შესაძლებლობაც კი არსებობს, თუმცა საკმაოდ იშვიათად. ზოგიერთი ადამიანი ქმნის დისოცირებულ სურათს მაშინ, როცა რეალურ გამოცდილებაში ასოცირებულნი არიან.მაგალითად, ერთ ბიჭს ჰქონდა დიდი ზომის სარკე და მუდან თან დაატარებდა. ასე რომ, როცა ოთახში შედიოდა, შეეძლო დაენახა საკუთარი თავი, ოთახში მოძრაობის პროცესში. მეორე ბიჭს პატარა ტელევიზორის ეკრანი ჰქონდა, რომელსან ხან თაროზე დებდა და ხან კედელთან ახლოს ათავსებდა, ამგვარად, მას შეეძლო ყოელთვის დაენახა, თუ როგორ გამოიყურებოდა სხვა ადამიანების თვალში.

როდესაც მოგონებას ასოცირებულად იხსენებთ, თქვენ იმეორებთ ორიგინალ შეგრძნებებს, რაც თავის დროზე გამოსცადეთ. ხოლო, როდესაც მოგონებას დისოცირებულად იხსენებთ, შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი თავი, რომელიც ამ ორიგინალ გრძნობებს სურათზე განიცდის და არა თქვენს სხეულში.

შესაძლოა, წარსული მოგონების მიმართ ახალი შეგრძნება გაგიჩნდეთ მაშინ, როდესაც თქვენს თავს მომხდარში დაინახავთ. სწორედ ეს ხდება მაშინ, როცა ვირჯინია სატირი კითხულობს რაიმე მსგავსს: „რას გრძნობთ გაბრაზებულად ყოფნის თაობაზე?“ სცადეთ. გაიხსენეთ დრო, როდესაც ძალიან გაბრაზებული იყავით და შემდეგ დასვით ეს შეკითხვა, „რას ვგრძნობ გაბრაზებულად ყოფნის თაობაზე?“ იმისათვის, რომ ამ შეკითხვას უპასუხოთ, უნდა გამოხვიდეთ სურათიდან და გამოსცადოთ ახალი შეგრძნება, როგორიც მოვლენაზე დამკვირვებლად ყოფნაა და არა როგორც მოქმედებაში მონაწილეობა. ეს ძალიან ეფექტური გზაა, საკუთარი საპასუხო რეაქციის შესაცვლელად.

იდეალური იქნება, გაიხსენოთ ყველა სასიამოვნო მოგონება ასოცირებულად, რათა ადვილად ისიამოვნოთ ყველა დადებითი გრძნობით, რომელიც ამ მოგონებებს ახლავს თან. როდესაც არასასიამოვნო მოგონებების გახსენებისას დისოცირებულნი ხართ, ჯერ კიდევ გაქვთ ვიზუალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაგჭირდეთ, რათა თავიდან აიცილოთ ან გაუმკლავდეთ მათ მომავალში, არასასიამოვნო შეგრძნებების გამოწვევის გარეშე. რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი კიდევ ერთხელ ცუდად? განა, არ იყო საკმარისი ამის ერთხელ გამოცდა?

ძალიან ბევრი, ამას პირიქით აკეთებს: ისინი ასოცირდებიან ცუდ მოგონებებთან და დაუყოვნებლივ გრძნობენ ყველა არასასიამოვნო შეგრძნებას, რაც კი ოდესმე გადაუტანიათ. ხოლო მათი სასიამოვნო გამოცდილებები მხოლოდ დაბურული, შორ დისტანციაზე მყოფი, დისოცირებული სურათებია.

და რა თქმა უნდა, არსებობს ორი სხვა შესაძლებლობა. ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის დისოცირებულია, მეცნიერ/ინჟინერთა ტიპის ადამიანები, რომლებსაც ხშირად აღწერენ, როგორც „ობიექტურ“, „მარტოსულ“ ან „დისტანციურ“ პიროვნებებს. შეგიძლიათ ასწავლოთ მათ, როგორ ასოცირდნენ, როცა ეს მოუნდებათ და აღადგინონ კავშირი თავიანთ გამოცდილებებთან. შეგეძლებათ მოიფიქროთ დრო, როცა მათ სავარაუდოდ, ნამდვილი თავგადასავალი ექნებოდათ. სიყვარულით დაკავება იმ გრძნობებს მიეკუთვნება, რომელიც მაშინ უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს თუ საკუთარ სხეულში ვგრძნობთ ყველა შეგრძნებას, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ამ ყოველივეს საკუთარი სხეულის გარედან ვუყურებთ.

სხვები მუდმივად ასოცირებულნი არიან: ისინი მყისიერად გრძნობენ წარსულში გამოცდილ ყველა შეგრძნებას, კარგსაც და ცუდსაც. ამ ადამიანებს ხშირად აღწერენ, როგორც „თეატრალურს“, „იმპულსურს“ ან „მგრძნობიარეს“. მათი უამრავი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ ვასწავლით საჭირო დროს დისოცირებულობას. დისოციაცია შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, ტკივილის გასაკონტროლებლად, თუკი შორიდან შეხედავთ საკუთარ თავს, თუ როგორ გტკივათ და არ შეიგრძნობთ მას საკუთარ სხეულში.

ძალიან კარგ სამსახურს გაუწევთ საკუთარ თავს, თუ არასასიამოვნო მოგონებებს დისოციაციურად გაიხსენებთ. გაარკვიეთ, რამდენად შორს გჭირდებათ სურათის გაწევა იმისათვის, რომ კომფორტულად დააკვირდეთ, ყველაფერი გარკვევით დაინახოთ და ისწავლოთ მათზე. შემდეგ კი გაუშვით სასიამოვნო მოგონებების სერია, მოახდინეთ თითოეულ მათგანთან ასოცირება და სრულად ისიამოვნეთ. თქვენს ტვინს უნდა ასწავლოთ სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირება და არასასიამოვნო მოგონებებისაგან დისოცირება. საკმაოდ მალე, თქვენი ტვინი დახელოვნდება და იმავეს ავტომატურად გააკეთებს თქვენი ყველა მოგონებისათვის.

ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი გზა, ადამიანის გამოცდილების ხარისხისა და მის შედეგად გამოწვეული ქცევის შესაცვლელად არის ასწავლო ადამიანს, როგორ და როდის ასოცირდეს თუ დისოცირდეს. დისოცირება განსაკუთრებით სასარგებლოა ინტენსიურად არასასიამოვნო მოგონებებისათვის.

აქვს ფობია რომელიმე თქვენგანს? მიყვარს ფობიები, მაგრამ იმდენად ადვილია მათგან განკურნება, რომ უკვე თითქმის შემოგველია. შეხედეთ. აქ ფობია მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც აუდიტორიაში ხელის აწევის ეშინია.

ჯოანი: - მე მაქვს.

- ნამდვილი, მგზნებარე ფობია გაქვთ?

ჯოანი: - საკმაოდ ცუდია. (ის იწყებს სწრაფად სუნთქვას და კანკალს.)

- ვხედავ.

ჯოანი: - გინდათ გაიგოთ, რისი შიში მაქვს?

- არა, არ მინდა. მე მათემატიკოსი ვარ. პროცესთან წმინდად ვმუშაობ. მაინც არ შემიძლია თქვენი შინაგანი გამოცდილების გაგება, ასე რომ, რატომ ვილაპარაკოთ მის შესახებ? არ გჭირდებათ ისაუბროთ საკუთარი შინაგანი გამოცდილების შესახებ იმისათის, რომ ის შეცვალოთ. ფაქტობრივად, თუ ამის შესახებ ისაუბრებთ, თქვენმა თერაპევტმა, შესაძლოა, იმით დაამთავროს, რომ თქვენი პროფესიონალი კომპანიონი გახდეს ამ საკითხში. მთავარია, თქვენ იცით, თუ რისი ფობია გაქვთ. როგორი მოვლენაა, რომელსაც ხედავთ, გესმით თუ გრძნობთ?

ჯოანი: - ეს არის რაღაც, რასაც ვხედავ.

- კარგი. მე გთხოვთ გააკეთოთ რამდენიმე მოქმედება თქვენს გონებაში, რისი გაკეთებაც ძალიან სწრაფად შეგიძლიათ და თქვენი ფობია აღარასოდეს შეგაწუხებთ. მე მოგცემთ მითითებებს ნაბიჯ-ნაბიჯ და თქვენ ეს ყველაფერი თქვენ შიგნით შეასრულეთ. როდესაც მორჩებით, თავი დამიქნიეთ.

თავდაპირველად, მინდა წარმოიდგინოთ, რომ ზიხართ კინო-თეატრის შუაში მდებარე სკამზე და ეკრანზე ხედავთ შავ-თეთრ ფოტოსურათს, რომელზეც ხედავთ საკუთარ თავს სწორედ იმ სიტუაციის დასაწყისამდე, როცა ეს-ესაა ფობიური რეაქცია უნდა გამოგივლინდეთ...

ამის შემდეგ, მინდა გამოხვიდეთ საკუთარი სხეულიდან, ახვიდეთ თეატრის პროექტორის ზემოთ, სადაც შეგეძლებათ შეხედოთ საკუთარ თავს, რომელიც, ეკრანზე მყოფ თქვენს თავს უყურებს. ამ პოზიციიდან, თქვენ შეგეძლებათ დაინახოთ საკუთარი თავი თეატრის შუაგულში მჯდომი და ასევე დაინახოთ საკუთარი თავი ეკრანზე გამოსახულ უძრავ სურათზე ...

ახლა მინდა ფოტოსურათი გადააქციოთ შავ-თეთრ ფილმად და უყუროთ თქვენს არასასიამოვნო გამოცდილებას თავიდან და შეწყვიტოთ არასასიამოვნო მოგონების ზუსტად ბოლო წუთის დამთავრებისთანავე. როდესაც ბოლოში ჩახვალთ, მინდა შეაჩეროთ ის, როგორც სლაიდი, შემდეგ ჩახტეთ სურათში და გაუშვათ ფილმი უკუსვლით. ადამიანები ივლიან უკუსვლით და სხვა ნებისმიერი მოვლენაც უკუღმა მოხდება, ზუსტად ისე, როგორც ფილმის უკან გადახვევისას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თქვენ იქნებით ფილმში. გაუშვით ფილმი უკუღმა ფერადად და ამაზე მხოლოდ 1-2 წამი დახარჯეთ.
ახლა იფიქრეთ იმაზე, რისი ფობიაც გაქვთ. დაინახეთ ის, რასაც უნდა ხედავდეთ ფობიის გამოვლენისას ...

ჯოანი: - ახლა, ის მე არ მაშინებს, თუმცა მეშინია, რომ ეს ყველაფერი არაეფექტური იქნება მაშინ, როცა მასთან რეალურად მომიწევს შეხება...

- შეგიძლიათ ის სადმე ახლომახლო იპოვოთ, რათა საკუთარი თავი გამოსცადოთ?

ჯოანი: - დიახ, ეს ლიფტის ფობიაა.

-დიდებულია! მოდით, მცირე ხნით შევისვენოთ. წადით და სცადეთ და შედეგი შესვენების შემდეგ შემატყობინეთ. ხოლო თქვენ, ვინც სკეპტიკურად ხართ განწყობილი, გაჰყევით, უყურეთ და დაუსვით შეკითხვები მას, თუ გსურთ ...

- კარგი, აბა როგორი იყო, ჯოან?

ჯოანი: - მშვენიერი. იცით, რეალურად, აქამდე არასდროს მინახავს ლიფტი შიგნიდან. ამ დილით მასში შებიჯებაც კი არ შემეძლო, რადგან ძალიან საშიში იყო, მაგრამ ახლა რამდენჯერმე ავედი და ჩამოვედი ზემოთ-ქვემოთ.

ეს ტიპური შედეგია. თუმცა, ერთხელ ლამის ძალიან ვინერვიულე. ერთი პერიოდი ვასწავლიდი ატლანტაში, ფიჩთრი პლაზაში, რომელსაც 70-სართულიანი გარე ლიფტი ჰქონდა. ასე რომ, უბრალოდ, ვინმე ლიფტის ფობიის მქონე უნდა მეპოვა. განვკურნე ერთი ქალბატონი და სემინარიდან გამოსაცდელად ლიფტში გავუშვი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დავიწყე ფიქრი,“ოჰ, ოჰ, იქნებ მაღლა ასვლა მოახერხა და შემდეგ ქვემოთ ვეღარ დაეშვა.“ როცა ის 15 წუთის შემდეგ ქანაობით შემოვიდა, ვკითხე, თუ სად იყო ამდენი ხანი.

- „ოჰ, მე უბრალოდ ზემოთ-ქვემოთ ავდიოდი და ჩამოვდიოდი. ეს ძალიან სახალისო იყო.“

ერთხელ, ჩემთან მოვიდა ბუღალტერი, რომელსაც პუბლიკის წინაშე საუბრის ფობია ჰქონდა და ამას 16 წლის განმავლობაში არიდებდა თავს. ერთ-ერთი, რაც პირველად მითხრა, იყო ის, რომ საერთო ჯამში, 70 000 დოლარზე მეტი ჰქონდა დახარჯული ამ ფობიისაგან განკურნებისათვის. ვკითხე, თუ საიდან იცოდა ეს და მან ასწია თავისი თერაპიის ჩემოდანი, მასში არსებული ყველა გადახდილი ჩეკით. მე ვკითხე: -„და რას იტყვით დაკარგული დროის შესახებ?“ მას თვალები გაუფართოვდა და თქვა: - „ეგ არ ჩამითვლია!“ მას უხდიდნენ დაახლოებით იმავე თანხას, რამდენიც თერაპევტის ხელფასია, ასე რომ, მას სინამვილეში დაახლოებით 140 000 დოლარის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული ცდაში, რომ შეეცვალა რაღაც, რამაც ჩემთან მხოლოდ ათი წუთი წაიღო.

თუ თქვენ შეგიძლიათ ლიფტის გეშინოდეთ და შემდეგ ისწავლოთ განსხვავებული რეაქციის ქონა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ქცევის ნებისმიერი მოდელი, რადგან შიში საკმაოდ ძლიერი ქცევაა. შიში ძალიან საინტერესო ფენომენია. ხალხი გაურბის მას. თუ ვინმეს ეტყვით შეხედოს იმას, რისიც ეშინია, ვერ შეხედავს. თუ მას ეტყვით, შეხედოს საკუთარ თავს, როდესაც შიშის საგანს უყურებს, ესეც იგივე ყურებაა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ამგვარად მოქცევა მისთვის შესაძლებელია. განსხვავება აქაც იგივეა, რაც „ამერიკული მთების“ წინა სკამზე ჯდომასა და იმას შორის, თუ როგორ უყურებ პარკის სკამიდან საკუთარ თავს, „ამერიკულ მთებზე“ მჯდომს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი საპასუხო რეაქციების შეცვლა შეძლონ. შეგიძლიათ იგივე პროცედურა გამოიყენოთ გაუპატიურების მსხვერპლთან, ბავშვზე ძალადობისა და ომის შედეგად გამოწვეული “პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის“ დროს.

Fobiya

წლების წინ, ფობიასთან მუშაობისას დაახლოებით ერთი საათი მჭირდებოდა. შემდეგ, როდესად შევისწავლეთ უფრო მეტი, თუ როგორ ფუნქციონირებდა ის, წარმოვადგინეთ ფობიის ათ წუთიანი მკურნალობა. დღესდღეობით, მე ის რამდენიმე წუთამდე შევამცირე. ადამიანებს უჭირდათ დაჯერება, რომ ფობიის ასე სწრაფად განკურნება შეგვეძლო. ეს მართლა სახალისოა, რადგან, ამის გაკეთება ნელა არ შემიძლია. შემიძლია განვკურნო შიში 2 წუთში, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება ერთ თვეში, რადგან ტვინი ამგვარად არ მუშაობს. ტვინი სწავლობს სწრაფადმავალი ნიმუშების მეშვეობით. წარმოიდგინეთ, 5 წლის განმავლობაში ყოველ დღე რომ ფილმის თითო კადრი გაჩვენოთ. შინაარსს გაიგებთ? რა თქმა უნდა, არა. თქვენ ამ ფილმის შინაარსს მაშინ გაიგებთ, თუ ყველა ეს სურათი ნამდვილად სწრაფად გადაებმება ერთმანეთს. ეცადო ნელ ცვლილებას, იგივეა, რომ გქონდეთ დღეში ერთ სიტყვიანი დიალოგი.

კაცი: - რას იტყვით ვარჯიშის შესახებ? როდესაც მოახდინეთ ცვლილება, მაგალითად, როგორც ჯოანის შეთხვევაში, უნდა ივარჯიშოს მან ამის შემდეგ?

- არა. ის უკვე შეცვლილია და არ მოუწევს ვარჯიში ან გაცნობიერებული ფიქრი ამის შესახებ. თუკი ცვლილებისას სამუშაო რთულია, ან ბევრ ვარჯიშს საჭიროებს, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებთ და უნდა შეცვალოთ ის, რასაც აკეთებთ. როდესაც იპოვით გზას, დაბრკოლების გარეშე, თქვენ აერთიანებთ რესურსებს და ამის ერთხელ გაკეთება, საკმარისზე მეტია. როდესაც ჯოანი ლიფტში შევიდა, მას არ დასჭირვებია ეცადა არ შეშინებოდა. ის უკვე შეცვლილი იყო და ეს ახალი საპასუხო რეაქცია ისევე კარგად განაგრძობს მოქმედებას, როგორც მის წინ არსებული, ორიგინალი შიშის შეგრძნება.

ერთ-ერთი სასიამოვნო ფაქტი ფობიის მქონე ადამიანის შესახების არის ის, რომ მას ნამდვილად აქვს სწრაფად სწავლის უნარი. ფობიკები - ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან სწრაფად სწავლის უნარი გააჩნიათ. ადამიანთა უმეტესობა ფობიას ისე უყურებს, როგორც პრობლემას და არა როგორც მიღწევას. ისინი არასოდეს შეჩერდებიან და იფიქრებენ, „თუ მან შეძლო ასე სწრაფად ესწავლა ამის გაკეთება, მაშინ ნებისმიერ სხვა რამესაც ასევე სწრაფად ისწავლის.“

ყოველთვის მაოცებდა, ადამიანის შესაძლებლობა ასე თანმიმდევრულად და მტკიცედ ესწავლა შიში. წლების წინ ვფიქრობდი, „ეს ცვლილების ის ტიპია, რომლის გამოწვევაც მინდა შემეძლოს“. ამან მიმიყვანა კითხვამდე, „როგორ შეიძლება ვინმეს ფობია გავუჩინო?“ გავაცნობიერე, რომ თუ არ შემიძლია ვინმეს ფობია გავუჩინო, რეალურად არ შემეძლება მისგან მეთოდურად გათავისუფლებაც.

თუ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ფობია მხოლოდ და მხოლოდ ცუდი შეიძლება იყოს, ეს შესაძლებლობა არასოდეს მოგეცემათ. თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ სასიამოვნო რეაქციები, ზუსტად ისევე თანმიმდევრული და მტკიცე, როგორიც ფობიებია. არსებობს რაღაცები, რასაც ადამიანები ხედავენ და ყოველ ჯერზე სახე ბედნიერებისგან უნათდებათ - მაგალითად, ახალშობილები ან ძალიან პატარა ბავშვები ყველაზე ამგვარად მოქმედებენ. თუ ამის არ გჯერათ, გამოწვევა მაქვს თქვენთვის: იპოვეთ ყველაზე ხულიგნური და არასანდო შესახედაობის ადამიანი, როგორსაც შეძლებთ. მიეცით ხელში ახალშობილი და გაატარეთ სუპერმარკეტში. მიჰყევით მას რამდენიმე ნაბიჯით უკან და დააკვირდით, როგორი რეაქცია ექნება ხალხს მის დანახვაზე.

მინდა რაღაცის შესახებ გაგაფრთხილოთ. ფობიის მკურნალობა აქრობს გრძნობებს და ეს ასევე იფუნქციონირებს სასიამოვნო მოგონებებზეც. თუ ყველა თქვენს საყვარელ მოგონებაზე, რომელშიც ვიღაც სხვასთან ერთად ყოფილხართ, ამავე პროცედურით იმოქმედებთ, ამ ადამიანს ისევე ნეიტრალურს გახდით, როგორ ნეიტრალურადაც ლიფტი გადაიქცა! წყვილები ამ ხერხს ხშირად სრულიად ბუნებრივად მიმართავენ დაშორების შემდეგ. შეგიძლიათ შეხედოთ ადამიანს, რომელიც ერთ დროს მთელი ვნებით გიყვარდათ და საერთოდ აღარაფერი იგრძნოთ მის მიმართ. როდესაც გაიხსენებთ ყველა სასიამოვნო მოვლენას, რაც მოხდა, თქვენ შეხედავთ საკუთარ თავს მხიარულს, თუმცა ყველა შეგრძნება გაქრება. თუ ამას ქორწინების პერიოდში გააკეთებთ, დიდ შარში აღმოჩნდებით.

ერთია გადახედო ყველა მოგონებას, რომელიც ვიღაც პიროვნებასთან გაკავშირებდა - სასიამოვნოს და უსიამოვნოს - და გადაწყვიტო, დაამთავრო ურთიერთობა და განაგრძო წინ სიარული. მაგრამ თუ ყველა კარგი პერიოდისაგან დისოცირდებით, რომელიც ამ ადამიანთან ერთად გაატარეთ, მოიშორებთ გამოცდილებების ძალიან მსუყე ნაკრებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღარ შეგიძლიათ მასთან ერად ყოფნა, იმის გამო, რომ თქვენ შეიცვალეთ, ან ის შეიცვალა, მაინც შეგიძლიათ ისიამოვნოთ აქამდე ერთად გატარებული სასიამოვნო მოგონებებით.

ზოგიერთი განაგრძნობს დისოცირებას, ყველა სასიამოვნო მოგონებისაგან, რომელსაც ამჟამად განიხდიან, „ამგვარად მომავალში გული აღარ ეტკინებათ“. თუ ასე მოიქცევით, ვეღარ შეძლებთ ისიამოვნოთ თქვენი საკუთარი ცხოვრებით მაშინაც კი, როცა ის სასიამოვნოა. ეს იქნება მსგავსი იმისა, რომ უყუროთ ვიღაც სხვას, თუ როგორ ერთობა, თუმცა თქვენ ვერასოდეს ჩაებმებით თამაშში. თუ ამას ყველა თქვენს გამოცდილებასთან გააკეთებთ, გახდებით ეგზისტენციალისტი - მუდმივად განზემდგომი (მონაწილეობის არ მიმღები) დამკვირვებელი.

ზოგიერთი ადამიანი უყურებს ტექნიკურ სამუშაოს და იღებს გადაწყვეტილებას, ყველაფერთან ამგვარად მოქცევა სცადოს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩაქუჩი ლურსმანთან ზემოქმედებს, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაჭედებული უნდა იყოს. ფობიის პროცედურა ეფექტურია ძლიერი გრძნობების, პოზიტიურისა და ნეგატიურის გასანეიტრალებლად, ასე რომ, ფრთხილად აარჩიეთ, თუ რასთან გამოიყენებთ მას.

გინდათ იცოდეთ კარგი გზა, იმისათვის რომ შეგიყვარდეთ? უბრალოდ ასოცირება გაუკეთეთ ყველა თქვენს სასიამოვნო მოგონებას ამ ადამიანთან და დისოცირდით ყველა არასასიამოვნო მოგონებისაგან. ეს მართლა ძალიან კარგად ფუნქციონირებს. თუ საერთოდ არ ფიქრობთ არასასიამოვნო გამოცდილებებზე, ეს მეთოდი იმისთვისაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ შეიყვაროთ ის ადამიანი, ვინც ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რაც არ მოგწონთ. ამ მეთოდით შეყვარება და დაქორწინება ჩვეული მეთოდია. ხოლო დაქორწინების შემდეგ, ამ პროცესს აბრუნებენ, ანუ, ასოცირდებიან უსიამოვნო გამოცდილებებთან და დისოცირდებიან სასიამოვნო გამოცდილებებისგან. ამჯერად საპასუხო რეაქცია მხოლოდ არასასიამოვნო მოვლენების მიმართ აქვთ და შემდეგ უკვირთ, „ის შეიცვალა!“... სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა, საკუთარი ფიქრების გარდა.

ქალი: - არსებობს კიდევ რაიმე გზა ფობიებთან სამუშაოდ? პანიკურად მეშინია ძაღლების.

- ყოველთვის არსებობს სხვა გზები რაიმეს გასაკეთებლად, საკითხავი მხოლოდ ისაა, „თუ ვიცით უკვე მათ შესახებ?“, „არის თუ არა ეს გზები ასეთივე საიმედო?“ „რა დროს საჭიროებენ?“, “კიდევ რაზე ახდენენ გავლენას?“ და ა.შ.

სცადეთ შემდეგი: წადით უკან და გაიხსენეთ რაიმე განსაკუთრებულად სასიამოვნო, ამაღელვებელი და იუმორისტული მოგონება თქვენი წარსულიდან და დაინახეთ ის, რასაც იმ მომენტისათვის ჰქონდა ადგილი. შეგიძლიათ ასეთი მოგონების პოვნა? ... (ქალი სიცილს იწყებს) - ძალიან კარგი. აუწიეთ ცოტათი სიკაშკაშეს, ... (ის უფრო ძლიერად იცინის) - მშვენიერია. ახლა შეინარჩუნეთ სურათი და განათავსეთ ძაღლი ზუსტად ამ სურათის შუაში და გახადეთ ამ სურათის ნაწილი. ამის შემდეგ კი მინდა ცოტათი კიდევ მოუმატოთ სურათის სიკაშკაშეს... ახლა წარმოიდგინეთ რომ იმყოფებით იმავე ოთახში ძაღლთან ერთად, იმის გასაგებად, ხართ თუ არა ისევ ფობიკი ...

ქალი: - თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც ახლა ამის შესახებ ვფიქრობ.

ეს პროცედურა სხვა მეთოდის ვარიაციაა, რომელსაც მოგვიანებით გასწავლით. ეს არც ისეთი საიმედოა, როგორც დისოციაციაა ძლიერი ფობიების მიმართ, თუმცა როგორც წესი, ესეც ეფექტურია.

უამრავი ფობიისათვის მიმკურნალია, ასე რომ, მობეზრებული მაქვს და როგორც წესი, ყველაზე სწრაფ და სამედო გზას ვირჩევ იქიდან, რაც ვიცი. მაგრამ თუ მართლა გინდათ გაიგოთ, როგორ მუშაობს ტვინი, მომდევნო ჯერზე, როცა ფობიკი კლიენტი გეყოლებათ, უფრო დიდი დრო დაუთმეთ. დაუსვით ბევრი შეკითხვა, რათა აღმოაჩინოთ, როგორ ფუნქციონირებს ეს კონკრეტული ფობია. მაგალითად, ზოგჯერ ფობიის მქონე ადამიანი ძაღლის, ან სხვა რაიმეს გამოსახულებას, რაც უნდა იყოს ის, ხედავს ძალიან დიდი ზომის სურათად, ნათელ, ან ფერად გამოსახულებად, ან კადრებს ძალიან ნელა უშვებს, ან გამუდმებით იმეორებს მას. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სხვადასხვა ნიშნული, იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ შეცვალოთ ამ კონკრეტული ადამიანის კონკრეტული გამოცდილება. როცა ამ ყველაფრით დაიღლებით, ყოელთვის შეგეძლებათ აირჩიოთ სწრაფი მეთოდი და დაამარცხოთ ფობია 5 წუთში. თუ ამგვარ ექსპერიმენტებს ჩაატარებთ, დაიწყებთ სწავლას, თუ როგორ მოახდინოთ ნლპ-ს გენერირება და აღარ მოგიწევთ სემინარებზე დასწრება და მათში ფულის გადახდა.

მსგავსი სტატიები

თავი II - საკუთარი ტვინის ამოქმედება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთ...

თავი VIII - სწავლა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი III - თვალთახედვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი VII - რწმენის მიღმა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი I - ვინ არის მძღოლი? (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებები...

თავი VI - დაბნეულობის გაგება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

ბოლოსიტყვაობა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი IV - არასწორი სვლა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff