თავი VIII. სლაიდები

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მამუკა გურული (ტექსტის სანახავ...

slides3

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

 


 vagog1

ილუზიები

ტრანსერფინგი ძალიან ფრთხილად ეკიდება ილუზიის, როგორც წარმოსახვის თამაშის ახსნას. ილუზიებს უწოდებენ სიზმრებს, ჰალუცინაციებს, რეალობის არაადეკვატურ აღქმებს, და ბოლოს, თავად რეალობასაც. თუ გვერდზე გადავდებთ რეალობის არაადეკვატურ აღქმას, სხვა რეალობის ხედვა არ წარმოადგენს გონების ფანტაზიის შედეგს. სიზმრები და ჰალუცინაციები - ეს, უხეშად რომ ვთქვათ სულის მოგზაურობაა ვარიანტთა სივრცეში. რეალობის ილუზორული აღქმა - ეს წარმოსახვის თამაში კი არაა, არამედ იმ სექტორების აღქმა, რომლებიც მატერიალურ რეალიზაციაში არ განხორციელებულან. და ბოლოს, მთელი სამყარო - ეს ილუზია არაა. ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მისი აღქმული - მხოლოდ ილუზიაა - მეტისმეტად დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.

სინამდვილეში, ზოგიერთი მოვლენის ილუზიებად წარმოდგენის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი უძლურების აღიარება რაიმეს გაგებასა და ახსნაში. ეს უძლურება საკუთარი მნიშნელოვანობის გრძნობიდან გამომდინარეობს. „მე ხომ ცარიელი ადგილი არ ვარ ამ სამყაროში, მე ხომ გონიერი ადამიანი ვარ! ჩემს გონებას ყველაფერი უნდა შეეძლოს! და თუ რაღაც გაუგებარია, ესე იგი ეს ქიმერაა!“ კრეტინმა შეიძლება უთხრას საკუთარ თავს, რომ მან ყველაფერი დიდი ხნის წინ გაიგო. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა არაა კრეტინი, აღიარებენ თავიანთ უძლურებას, რომ რაიმე გაიგონ, მაგრამ არ სურთ ამასთან შეგუება. საკუთარი მნიშნელოვანობის ეს გრძნობა წარმოშობს ისეთ იდეას, როგორიცაა „სამყაროს ილუზორულობა“.

და რატომ მისცა ადამიანმა საკუთარ თავს უფლება, ამტკიცოს, რომ ყველაფრის გაგება და ახსნა შეუძლია? ყველაფერი, რაც მას შეუძლია - ესაა ამ სამყაროს ზოგიერთი კანონზომიერების გაგება და მისი ცალკეული გამოვლინებების დანახვა. სამყაროს ზოგიერთი გამოვლინება არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას. აქ ადამიანი ერთი მხრივ აღიარებს თავის უუნარობას - ახსნა მოუძებნოს ამ ყველაფერს და ილუზიად აცხადებს დანახულს, მეორე მხრივ კი აქვე აბუქებს თავისი გონების შესაძლებლობებს იმაში, რომ თითქოს ეს თავად გონებამ წარმოიდგინე ილუზიები და მათი სინთეზირება მოახდინა.

ადამიანი, რომელიც ძლიერი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება, ისევე როგორც სიზმარში, კარგავს ცნობიერების კონტროლს, ამიტომ ქვეცნობიერი გადაეწყობა ხოლმე ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ სექტორებზე. სხეული მატერიალური რეალიზაციის სექტორში იმყოფება, ანუ ჩვენს მატერიალურ სამყაროში, აღქმა კი იმ ვირტუალურ სექტორში დახეტიალობს, რომელიც რეალურთან შედარებით გადანაცვლებულია. ადამიანს ასეთ მდგომარეობაში შეუძლია ნაცნობ ქუჩებში იაროს, ჩვეულებრივ სახლებს შორის, მაგრამ სრულიად სხვაგვარად ხედავდეს. ადამიანები და გარე-ვითარება სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. დეკორაციები შეიცვალა. გამოდის, რომ ნახევრად სიზმარია და ნახევრად რეალობა.

ზუსტად ასევე, ადამიანები ფსიქიკური აშლილობებით, იმყოფებიან რა სხეულით მატერიალური რეალიზაციის სექტორში, აღიქვამენ სხვა, არარეალიზებულ სექტორს. მათი აღქმა მიმართულია ვარიანტთა სივრცის გარკვეულ სექტორზე, სადაც შეიძლება იყოს არა მხოლოდ სხვა დეკორაციები, არამედ სხვა სცენარები და როლებიც. ფსიქიკურად არანორმალური ადამიანები სრულიადაც არ არიან ავად ამის ჩვეული გაგებით. ისინი არ წარმოიდგენენ თავს ნაპოლეონად ან სხვა იდიოზურ პიროვნებებად. ისინი მართლაც აღიქვამენ ასეთ ვარიანტს და ხედავენ მას ვარიანტთა სივრცეში. იქ ნებისმიერი ვარიანტი იმყოფება, მაგრამ ადამიანი იმას ირჩევს, რაც მის სულს უფრო მეტად მოსწონს. როცა სულისა და გონების კონფლიქტი ასეთ ზღვარს აღწევს, რომ გატანჯულ სულს უკვე აღარ შეუძლია სასტიკი რეალობის ატანა, მაშინ აღქმის გადაწყობა ვირტუალურ, არარეალიზებულ სექტორზე ხდება.

ერთი ფსიქიატრი მიყვებოდა ისტორიას ქალზე, რომელსაც პათოლოგიურად სურდა იდეალური ქმრისა და ბავშვების ყოლა. ტრანსერფინგის ტერმინებით თუ ვიტყვით, ოჯახის მნიშვნელოვანობა საგანგაშოდ დიდი ჰქონდა. საბოლოო ჯამში იგი ისეთ მამაკაცს გაჰყვა ცოლად, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა მას. შვილების გაჩენა ვერ შეძლო. რეალური ცხოვრება მისთვის აუტანელი გახდა და მალე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. მატერიალური რეალიზაციის სექტორს იგი უკვე ვეღარ აღიქვამდა. მისი სხეული მატერიალურ სამყაროში იყო, აღქმა კი ვირტუალურ სექტორზე იყო გადაწყობილი, სადაც იგი - ინგლისელი ლორდის მეუღლეა, შვილები ჰყავს და სრულიად ბედნიერია. გარშემომყოფების თვალთახედვით იგი ჩვენს სამყაროში ცხოვრობდა, თავად ის კი თავისი აღქმით - ვირტუალურ სექტორში.

ასეთების განკურნებას ცდილობენ, მაგრამ მრავალი მათგანი სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ბედნიერი, როცა ილუზიები სასტიკ რეალობაზე გაცილებით უფრო სასიამოვნოა. სინამდვილეში ეს სრულიადაც არაა ილუზიები, არამედ არარეალიზებული ვარიანტებია, რომლებიც ისევე რეალურად არსებობენ, როგორც მატერიალური სექტორი.

მაშ, რატომ არ რეალიზდება ჭკუიდან შეშლილი ადამიანის ვირტუალური სექტორი? როგორც უკვე ითქვა, ვარიანტის რეალიზაცია მაშინ ხდება, როცა ენერგია ადამიანის აზრების მიერ მოდულირდება სულისა და გონების სრულ ერთობაში. როგორც ჩანს, ასეთი ერთობა მოცემულ შემთხვევაში არ მიიღწევა. ან გადანაცვლება მატერიალურ სექტორსა და აღქმის სექტორს შორის მეტისმეტად დიდია, ამიტომ რეალიზაციისთვის ძალინ ბევრ ენერგიას მოითხოვს. მაგალითად, ახალი ნაპოლეონი ჩვენს დროში. -ეს მეტისმეტად ექსტრაორდინალური შემთხვევაა, ამიტომ იგი ძალიან შორს იმყოფება ვარიანტთა შესაძლო დინებიდან. და შესაძლოა არსებობს სხვა მიზეზებიც, რომლებიც ჩვენ არ ვიცით.

ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ ხედავდეს სხვა რეალობას, არამედ ასევე გამრუდებულად აღიქვას მოცემული რეალობა. ადამიანის აღქმა ძალიანაა დამოკიდებული იმ ინფორმაციაზე, რომელიც მას ბავშვობიდან აქვს ჩადებული. ილუსტრაციის სახით შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ცნობილი ექსპერიმენტი ორ კნუტზე. ერთი დაბადებიდან მოათავსეს სივრცეში, სადაც არ იყო ვერტიკალური საგნები, ხოლო მეორე იქ, სადაც არ იყო ჰორიზონტალური საგნები. რაღაც დროის შემდეგ კნუტები ჩვეულებრივ ოთახში გაუშვეს. პირველი გამუდმებით ეჯახებოდა სკამის ფეხებს. მისთვის არ არსებობდა ვერტიკალური ხაზები. მეორე, შესაბამისად, ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავს ჰორიზონტალური ხაზები, და კიბეებზე გორდებოდა.

რა თქმა უნდა, გონებას შეუძლია წარმოიდგინოს და იფანტაზიოროს, მაგრამ თავისი წინარე გამოცდილების მხოლოდ ვიწყო ფარგლებში. გონებას შეუძლია სახლის ახალი მოდელი მხოლოდ ძველი კუბიკებისგან ააგოს. მაშ, სად გადის საზღვარი წარმოსახვასა და სხვა რეალობის აღქმას შორის? მოცემულ საზღვარს არ გააჩნია ზუსტი მკაფიო კონტურები, მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, თუ რა სახით ზემოქმედებენ შინაგანი რწმენები რეალობის აღქმაზე, და როგორ აისახება ეს ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ გაიგებთ, თუ რა უდევს რეალობის გამრუდებული აღქმას საფუძვლად, და თუ როგორ ძლიერ გავლენას ახდენს ასეთი გამრუდება თავად რეალობაზე.


 

videoprojecteur 7

რეალობის გამრუდება

ადამიანს არ შეუძლია გარესამყაროს სრულიად ობიექტურად აღქმა. ეს იმას ჰგავს, როგორ დებთ სლაიდს ვიდეო-პროექტორში და უმზერთ გამოსახულებას. ჩვეულებრივი თანაბარი სინათლე, გაივლის რა ფირში, ეკრანზე გამოსახულებად იქცევა. აღქმა ეკრანის როლს ასრულებს, სინათლეს გარესამყარო წარმოადგენს, ხოლო სლაიდს - ჩვენი მსოფლმხედველობა, ანუ ამ სამყაროს გაგების ჩვენი მოდელი.

ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და გარესამყაროზე როგორც წესი შორსაა ჭეშმარიტებისგან. გამრუდებებს ჩვენი სლაიდები წარმოქმნიან. მაგალითად, თქვენ გაწუხებთ თქვენი ზოგიერთი ნაკლოვანება, და ამის გამო არასრულფასოვნების გრძნობა გაქვთ, რადგან გეჩვენებათ, რომ ეს სხვებსაც არ მოწონთ. შესაბამისად, როცა ადამიანებთან კონტაქტობთ, თქვენს „პროექტორში“ არასრულფასოვნების კომპლექსის სლაიდს დებთ და ყველაფერს გამრუდებულად ხედავთ.

დავუშვათ, მოცემულ მომენტში თქვენ გაღელვებთ, თუ როგორ ხართ ჩაცმული. გეჩვენებათ, რომ სხვები ყურადღებას გაქცევენ და დამცინავად ან ზიზღით გიყურებენ. მაგრამ გარშემომყოფთა თავებში საერთოდ არაა ფიქრები თქვენი ჩაცმულობის შესახებ. ეს ფიქრები მხოლოდ თქვენს თავშია იმ სლაიდის სახით, რომელიც რეალობას ამრუდებს. ნებისმიერი ადამიანი თქვენი გარემოცვიდან 90%-ით დაკავებულია ფიქრებით საკუთარი პერსონის შესახებ - ისევე როგორც თქვენ თვითონ. მაშინაც კი, თუ გასაუბრებას გადიხართ სამსახურში მოსაწყობად, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ინტერვიუერი თავად უფრო იმაზე ღელავს, თუ როგორ თამაშობს თავის როლს.

სლაიდები ქმნიან გამრუდებებს თქვენს წარმოდგენებში იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვა ადამიანები. სლაიდი - ესაა რეალობის გამრუდებული სურათი. სლაიდი - ესაა ის, რაც თქვენს თავშია, მაგრამ არა სხვებში. მაგალითად, თქვენს გარეგნობას არასაკმარისად მიმზიდველად თვლით. თუ ეს არც ისე ძალიან გაღელვებთ, გამრუდება არ ხდება. ყველაფერი ისეა, როგორცაა. მაგრამ საქმე იმაშიც კი არაა, თუ რას ფიქრობთ თქვენს გარეგნობაზე, არამედ იმაში, თუ რა გავლენას ახდენს სლაიდი თქვენს ცხოვრებაზე. თუ თქვენ თქვენი გარეგნობა გაღელვებთ, ამით საკუთარ გონებაში ქმნით სლაიდს: „მე ულამაზო ვარ“, და გარესამყაროს მისი გავლით ხედავთ. იგი ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. ეს სლაიდია, რადგანაც იგი მხოლოდ თქვენს აზრებშია დაფიქსირებული.

გარეგნობა შეიძლება შეაფასონ, ანუ მნიშვნელობა მიანიჭონ მხოლოდ თქვენმა პოტენციურმა პარტნიორებმა. ეს კი ადამიანების ძალიან მცირე პროცენტია. სხვებს საქმეც არ აქვთ თქვენს გარეგნობასთან. არ გჯერათ? მაშინ ჰკითხეთ ყველაზე ავტორიტეტულ არბიტრს, ანუ საკუთარ თავს: რამდენად გაღელვებთ იმათი გარეგნობა, ვინც თქვენი პოტენციური პარტნიორების ან მეტოქეების წრეში არ შედის. სავარაუდოდ, თქვენ არც კი დაფიქრებულხართ კითხვაზე - მიმზიდველია თუ არა მოცემული ადამიანი. იგივეს ფიქრობენ (ანუ საერთოდ არ ფიქრობენ) გარშემომყოფებიც თქვენთან მიმართებაში. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ასეა, მაშინაც კი, თუ თქვენ მახინჯი ხართ. სიმახინჯე შთაბეჭდილებას მხოლოდ პირველი შეხვედრისას ახდენს, შემდეგ კი ამას უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და ჩვეულ დეკორაციად აღიქვამენ.

ამრიგად, წარმოვიდგინოთ, რომ გონებაში ჩაიდეთ სლაიდი თქვენი ულამაზო გარეგნობის შესახებ. ყველაფერს, რაც სხვა ადამიანებისგან მოდის - მზერებს, ჟესტებს, მიმიკებს, სიტყვებს - თქვენი სლაიდით ფილტრავთ. რას დაინახავთ? მეგობრული ღიმილი დამცინავ ღიმილად იქცევა. ვიღაცის მხიარული სიცილი - თქვენსკენ მომართულ შემზარავ ხარხარად. ვიღეები ჩუმად ლაპარაკობენ - თქვენზე ჭორაობენ. ვიღაცის სწრაფი მზერა - თვალი აგარიდეს. ვიღაც კუჭის ტივილისგან დაიჯღანა - ღმერთო, ნეტავ რა გაიფიქრა თქვენზე! და ბოლოს, ნებისმიერი კომპლიმენტი დაცინვად იქცევა. არადა სხვებს ხომ საერთოდ აზრად არ მოსვლიათ მსგავსი რამ. ეს მხოლოდ თქვენს თავშია - თქვენი სლაიდია.

ასეთი აზრების შესაბამისად ჩამოყალიბდება თქვენი ქცევაც, რომელიც მართლაც ულამაზოდ გაქცევთ. ხელები არაბუნებრივ მოძრაობებს გააკეთებენ, და თქვენ ვერსად წაიღებთ მათ. სახეზე დაძაბული გრიმასა აღიბეჭდება, ყველა ჭკვიანური აზრი სადღაც გაქრება. არასრულფასოვნების კომპლექსი თავის ძალაუფლებას გამოავლენს. შედეგად სლაიდი, რომელიც თქვენს წარმოდგენაში ზის, ფაქტობრივ რეალიზაციაში გადავა.

სლაიდები ორმაგი სახით მოქმედებენ. ერთი მხრივ ისინი ამახინჯებენ ადამიანის წარმოდგენას სამყაროში მის ადგილზე და მის მიმართ გარშემომყოფების დამოკიდებულებაზე. მეორე მხრივ, ისინი ამახინჯებენ ადამიანის წარმოდგენას გარესამყაროზე. უმეტესწილად ადამიანი მიდრეკილია, რომ თავისი სლაიდის თვისებები გარშემომყოფ ადამიანებშ დაინახოს. მაგალითად, ადამიანს არ უყუვარს თავის თავში ხასიათის რაღაც თანდაყოლილი თვისებები. იგი მიისწრაფვის, რომ რაც შეიძლება შორს გადამალოს ისინი, რომ თავადაც ვერ ხედავდეს. მაგრამ სლაიდს ვერ ჩაახშობ, იგი გონებაში ზის და თავის საქმეს აკეთებს. ადამიანს უჩნდება ილუზია, რომ სხვები ფიქრობენ და იქცევიან დაახლოებით ისევე, როგორც თავად ეს ადამიანი. და თუ ზოგიერთი თვისება საკუთარ თავში არ მოწონს, ადამიანი მიდრეკილია, რომ იგივე სხვებშიც დაინახოს, ანუ საკუთარი პროექციები სხვებსაც ჩამოკიდოს.

პროექცია - ესაა როცა საკუთარი თავით უკმაყოფილება, ქვეცნობიერში განდევნილი, გარშემომყოფებზე იფრქვევა. ადამიანს არ სურს, რომ საკუტარი თავი ლანძღოს გარკვეულ ნეგატიურ მხარეებზე, ამიტომ მიდრეკილია, რომ იგივე მხარეები სხვებში დაინახოს. ადამიანები ხშირად გამალებით ლანძღავენ სხვებს იმისთვის, რაც საკუთარ თავში არ მოწონთ. თქვენც გაგიკეთებიათ იგივე გაუცნობიერებლად. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ვინმეს რამეში ადანაშაულებს, ეს აუცილებლად მასაც აქვს. თუმცაღა ასე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. თვითონვე დააკვირდით. დამკვირვებლის პოზიცია როლურ თამაშებში საშუალებას მოგცემთ ადვილად განსაზღვროთ, როცა ვინმე ცდილობს თავისი პროექცია თქვენ ჩამოგკიდოთ. თუ ცდილობენ, რომ რაღაცაში დაუმსახურებლად დაგადანაშაულონ, ან თქვენთვის არადამახასიათებელი თვისებები მოგაკერონ, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, ხომ არ აქვს ბრალმდებელს იგივე, რის თქვენზე მოკერებასაც ცდილობს. სავარაუდოდ სწორედ ასე იქნება, რადგანაც თუ ეს ნამდვილად არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ბრალმდებელს თავში გონებაში უდევს სლაიდი, რომელიც ახდენს თქვენზე საკუთარი სურათის პროეცირებას.

რა უდევს სლაიდს საფუძვლად? რომელი ფირზეა დამყარებული? მნიშვნელოვანობა. უკვე მერამდენედ ვუბრუნდებით მას. თქვენ გაწუხებთ თქვენი გარეგნობა, თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია. სლაიდი თქვენს თავშია, მაგრამ სხვებს ეს არ აქვთ, თუ მათთვის მნიშვნელოვანი არაა ის, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი. ადამიანის სიმახინჯე ჩვეული დეკორაცია ხდება სხვებისთვის იმიტომ, რომ მათთვის ეს არაა მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია მხოლოდ ამ უჩვეულო გარეგნობის მფლობელისთვის. გარეგნობა უბრალოდ უჩვეულოა, და მეტი არაფერი. უჩვეულო გარეგნობას სიმახინჯედ სწორედ მნიშვნელოვანობის სლაიდი აქცევს.

ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა ბავშვობაში ორივე ფეხი მოიტეხა და მთელი ცხოვრება ხეიბრად დარჩა. სანამ ლოტრეკი იზრდებოდა, იგი ძალიან დათრგუნული იყო თავისი ხეიბრობით. წლებთან ერთად ფიზიკური არასრულყოფილება უფრო და უფრო მკაფიოდ ვლინდებოდა, და ამისგან იგი უფრო მეტად იტანჯებოდა. საბოლოო ჯამში განცდებმა პიკს მიაღწიეს, და ლოტრეკს მოუწია, რომ გარდუვალს შეგუებოდა. მან მიაფურთხა თავის სიმახინჯეს და ცხოვრება განაგრძო. როგორც კი მნიშვნელოვანობისგან განთავისუფლდა, სლაიდმა არსებობა შეწყვიტა და ლოტრეკს წარმატება ეწვია. იგი დიდი წარმატებით სარგებლობდა ქალებში, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე იმაზე, რომ მან მოახერხა ბრწყინვალედ გამოევლინა თავისი ნიჭი. სხვათაშორის, იგი იყო პარიზში ცნობილი კაბარეს - „მულენ-რუჟის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, და ქალებს იგი ძალიან უყვარდათ, როგორც ხვდებით, არა მხოლოდ მისი ნახატების გამო.

სლაიდები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. თუ თქვენ ზუსტად არ იცით, რას ფიქრობენ თქვენზე, და ამასთან ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩათვალეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასპროცენტიანი სლაიდი გაქვთ. სლაიდი წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს, და ამ თვალსაზრისით იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ილუზია. მაგრამ ეს ილუზია აქტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგანი განზრახვა საზიანოდ მუშაობს, გონების ნების მიღმა.

ნეგატიური სლაიდი, როგორც წესი, სულისა და გონების ერთობას წარმოშობს. როგორც ხვდებით, გარეგანი განზრახვა მოცემულ შემთხვევაში უტყუარად მუშაობს. იგი აიტაცებს ნეგატიური სლაიდის მფლობელს და გადაჰყავს იგი სექტორში, რომელშიც ნეგატივი მთელი სისავსით ვლინდება. გადასვლა ხორციელდება არა უეცრად, არამედ თანდათანობით, და უწყვეტად გრძელდება მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ სლაიდი თავში ზის. ის უმნიშვნელო შტრიხები, რომლებიც ადამიანმა მნიშვნელოვანობის შედეგად თავიდანვე მოხატა თავის ნეგატიურ სლაიდზე, უფრო და უფრო მკვეთრად, მთელი სისავსით ვლინდებიან. ადამიანს არ მოწონს თავისი სიმსუქნე - შედეგად უფრო სუქდება, მას ხელს უშლის ხალი - იგი კიდევ უფრო იზრდება, იგი თავს არასრულფასოვნად თვლის - და ამის ახალ და ახალ მტკიცებულებებს იღებს, იგი ღელავს თავისი არამიმზიდველობის გამო - ესეც უფრო მწვავდება, მას ტანჯავს დანაშაულის გრძნობა - სასჯელები თავზე ეყრება.

ასე გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი არ შეწყვეტს სლაიდისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, ან არ გადაერთვება პოზიტიური სლაიდის შექმნაზე. როგორც კი მნიშვნელოვანობა ქრება, ნეგატიური სლაიდი თავის საფუძველს კარგავს, ორთქლდება და მუშაობას წყვეტს.

არსებობენ ადამიანები ფრიად არამიმზიდველი გარეგნობით, მაგრამ ამოუხსნელი მომხიბვლელობით. როგორც კი ლაპარაკს იწყებენ, მაშინვე გავიწყდებათ მათი ფიზიკური ნაკლოვანებების შესახებ. ახლა ხვდებით, რატომ? მათ მოისროლეს გონებიდან ნეგატიური სლაიდი და ჩასვეს პოზიტიური.

როგორც კი პოზიტიურ, ფერად სლაიდს ჩასვავთ, დაინახავთ, რომ ის ისევე უტყუარად მუშაობს, როგორც ნეგატიური. აჩვენეთ საკუთარ თავს საკუთარი პიროვნების დადებითი მხარეები, წარმოიდგინეთ თავი საუკეთესო მხრიდან, და ადამინებიც ასე აღგიქვამენ. ამაში ვლინდება სლაიდის სხვა, პოზიტიური თვისება, რომელიც შეგიძლიათ, და საჭიროა, რომ გამოიყენოთ.


 

10 inspiring activities to help kids develop a positive attitude

პოზიტიური სლაიდები

თუ გინდათ, რომ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოთ, შეიქმენით პოზიტიური სლაიდი. წარმოიდგინეთ თავი იმ სახით, როგორც გსურთ. ნეგატიური სლაიდების წარმოქმნისას ყურადღების კონცენტრაციას იმაზე ახდენთ, რაც თქვენს თავში არ მოგწონთ, რისი დამალვაც, რისგან განთავისუფლებაც გსურთ. ახლა კი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რაც თქვენში მოგწონთ და რაც გსურთ, რომ გქონდეთ. როგორც აქამდე ვთქვით, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი ნაკლოვანებების დამალვას, მაგრამ თუ მოინდომებთ, ადვილად შეძლებთ ხაზი გაუსვათ და განავითაროთ თქვენი ღირსებები.

დასაწყისისთვის უნდა მოახდინოთ ინვენტარიზაცია და გამოავლინოთ საკუთარი ნეგატიური სლაიდები. დაუსვით თავს კითხვა: რა არ მოგწონთ საკუთარ თავში? რისი დამალვა, რისგან განთავისუფლება გსურთ? სლაიდებს ადამიანი გაუცნობიერებლად ქმნის.ახლა კი გაიღვიძეთ და ცნობიერად დააკვირდით თქვენს ნეგატიურ სლაიდებს. გაცნობიერებულ მდგომარეობაში იოლად შეამჩნევთ მათ. საჭიროა, რომ გონებიდან მთელი ეს ნაგავი მოიშოროთ. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? უბრალოდ ისე მათგან ვერ განთავისუფლდებით. ეს წვერის გაპარსვა არაა. თუ მათთან ბრძოლას დაიწყებთ, ისინი უფრო მკაფიოდ გამოვლინდებიან. საჭიროა, რომ სლაიდებს ის საფუძველი გამოაცალოთ, რომლებზეც ისინი დგანან, კერძოდ - თქვენი ყურადღება და მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებთ. ყურადღება ნეგატიურიდან ყველაფერ პოზიტიურზე უნდა გადაიტანოთ. ჩაიქნიეთ ხელი ყველაფერზე, რაც გაწუხებდათ, და შეწყვიტეთ საკუთარ თავთან ბრძოლა. შებრუნდით თქვენი ნაკლოვანებებისგან და გადართეთ ყურადღება ღირსებებზე, რომლებიც გაგაჩნიათ, და რომლის მოპოვებაც გსურთ.

თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ნაკლოვანებების დამალვა? ეს საფუძველია ნეგატიური სლაიდისთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანია კარგი შთაბეჭდილების მოხდენა? ეს საფუძველი იქნება პოზიტიური სლაიდისთვის. ყველაფერი თავის ადგილზე დარჩა, მხოლოდ თქვენი ყურადღების, თქვენი მნიშვნელობის მინიჭების მიმართულება შეიცვალა. ცნობიერად მოაჩვენეთ თავი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი პოზიტიურისკენ სწრაფვაა. დახატეთ საკუთარი თავი ისე, როგორც გსურთ, რომ დაინახოთ. ეს არ იქნება თვითმოტყუება, რადგანაც თამაშს ცნობიერად თამაშობთ. თავს მაშინ იტყუებდით, როცა საკუთარ ნაკლოვანებებს ებრძოდით, და თვლიდით, რომ მათი დამალვა ან შინაგანი განზრახვით განადგურება შეგეძლოთ. შეიქმენით სლაიდი, სადაც მთელი ფერადოვნებით ბრწყინავთ. გიყვარდეთ საკუთარი თავი ამ სლაიდში და იზრუნეთ მასზე - ახალ-ახალი დეტალების დამატებით.

აუცილებელი არაა, რომ სლაიდი სტატიკურ სურათს შეიცავდეს. ეს შეიძლება იყოს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ გრაციოზულად და თავდაჯერებულად მოძრაობთ, რა ელეგანტურად გაცვიათ, რა არისტოკრატული მანერები გაქვთ, როგორ ბრწყინავთ მახვილგონივრულობით, ასხივებთ მომხიბვლელობას, საკუთარი თავის მიმართ კარგად განაწყობთ ადამიანებს, იოლად უმკლავდებით პრობლემებს. ახლა კი ჩაისვით ეს სლაიდი გონებაში და წინნ იარეთ. პოზიტიური სლაიდი, ისევე როგორც ნეგატიური, უშუალო ზეგავლენას მოახდენს თქვენს ქმედებებსა და ქცევებზე. თქვენ უნებურად, და არაცნობიერადაც კი გადაეწყობით თქვენს სლაიდზე. მაგრამ ძირითად სამუშაოს გრეგანი განზრახვა შეასრულებს, სლაიდის სურათის შესაბამისად. ატრიალეთ გონებაშ ეს სურათი მანამ, სანამ სლაიდი არ გადნება. როგორ გავიგოთ ეს? დროთა განმავლობაში სლაიდი თქვენი პიროვნების ფაქტიურ ნაწილად იქცევა, და მაშინ იგი სლაიდად ყოფნას შეწყვეტს. როცა სასურველს მიაღწევთ, იგი თქვენთვის მნიშვნელობას დაკარგავს. მნიშვნელოვანობა გაქრება, და სლაიდიც გადნება, მაგრამ თავის მისიას შეასრულებს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენი სული გონებასთან თანხმობაში მოვიდა. ეს კი აუცილებლად მოხდება, ეს ხომ გულითაც გინდათ და გონებითაც. სანამ თქვენი გონება სლაიდის რეალობად ქცევას ცდილობს, სულის სიღრმეში მაინც აცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ ნიღბით თამაშია. მაგრამ თუ თანმიმდევრულად და სისტემატიურად დააფიქსირებთ გონებაში სლაიდის სურათს, თქვენი სული შეეჩვევა და დათანხმდება, რომ მიიღოს სლაიდი, როგორც თავისი განუყოფელი არსი. არ დაგავიწყდეთ, რომ გარეგან განზრახვას არ შეუძლია თქვენი სლაიდის მყისიერად რეალიზება, არამედ თანდათანობით მოქმედებს.

როგორც ხედავთ, სასურველი შედეგების მიღწევა არც ისე რთულია. საქმე მხოლოდ თქვენს განზრახვაშია - გქონდეთ. სლაიდის სურათები შეიძლება განეკუთვნებოდეს ნებისმიერ თვისებებს, რომლებიც თქვენი აზრით გაკლიათ. თუმცაღა თავს ანგარიშს უნდა უწევდეთ, რამდენად რეალურია თქვენი სლაიდის განხორციელება. არ ღირს მაშინვე იდეალური სურათის დახატვა. ჯობია რეალურად მიღწევადი საფეხურებით დაიწყოთ. დროთა განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლას შეძლებთ.

არავითარ შემთხვევაში არ გადმოიხატოთ ხატ-სახე იმ ადამიანებიდან, რომლებიც თქვენი აზრით აუცილებელ თვისებებს ფლობენ! თქვენი სლაიდი თქვენი უნდა იყოს, და არა სხვისი ასლი. ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ. მანამდე კი ავღნიშნოთ, რომ ნებისმიერ თვისებას გააჩნია შემცვლელი, რომელიც მოცემულ ეტაპზე უფრო მეტად სწორედ თქვენ შეგეფერებათ. გამბედაობა შეგიძლიათ გადაწყვეტილების უნარიანობით შეცვალოთ, სილამაზე - მომხიბვლელობით, ძალა - მოხერხებულობით, ლაპარაკის უნარი - მოსმენის უნარით, ინტელექტუალურობა - გაცნობიერებულობით, ფიზიკური სრულყოფილება - თავდაჯერებულობით. როდესაც რეალურად მიღწევად მიზნებს ისახავთ, ამით საშუალებას აძლევთ გარეგან განზრახვას, რომ სწრაფად განახორციელოს თქვენი შეკვეთა-მინიმუმი და უფრო რთული ამოცანების რეალიზაციაზე გადახვიდეთ.

პოზიტიური სლაიდები განსაკუთრებით ეფექტურად და სწრაფად მოქმედებენ, თუ შესახვედრად უცნობ ადამიანებთან მიდიხართ, რომლებსაც ჯერ არ შეუქმნიათ თქვენზე წარმოდგენა. ეს შეიძლება იყოს გასაუბრება, კონკურსი, საღამო, ან რაღაც ამდაგვარი. თამამად ჩასვით გონებაში საჭირო სლაიდი და ნურაფრის შეგეშინდებათ. არ დაგავიწყდეთ სლაიდის სურათი, მუდამ გეჭიროთ იგი ცნობიერებაში. მიეცით თავს ფუფუნება, რომ მოისროლოთ ყოველგვარი ყოყმანი და ეჭვი, რომ „იქნებ არაფერი გამოვა“. თქვენ ხომ არაფერს კარგავთ, თუ ეჭვებს მოისვრით. თუ გეყოფათ განზრახვა, რომ გქონდეთ, მაქსიმალურად შესაძლებელ, ზოგჯერ კი დაუჯერებელ წარმატებას მიაღწევთ.

პოზიტიური სლაიდები შეგიძლიათ შექნათ არა მხოლოდ საკუთარ პიროვნებასთან მიმართებაში, არამედ გარესამყაროსთანაც. ასეთი სლაიდები შემოუშვებენ ყველაფერ პოზიტიურს და გადააგდებენ ყველაფერ ნეგატიურს. თუ გახსოვთ, თავში - „წარმატების ტალღა“, ჩვენ უკვე განვიხილეთ პოზიტიური ენერგიის ტრანსლაციის თემა. როგორც არ უნდა იყოს, უფრო მომგებიანია, თუ ყველაფერი კარგისთვის იქნებით გახსნილი, ცუდს კი - დააიგნორებთ. გამოფენაზე იმ ექსპონატებთან ჩერდებით, რომლებიც მოგწონთ, და გულგრილად ჩაუვლით იმათ, რომლებიც არ მოგწონთ. ამ მიმართებით გარესამყარო გამოფენისგან იმით განსხვავდება, რომ ნეგატივი თან გდევთ, თუ გულგრილად არ ჩაუვლით გვერდზე. პოზიტივი კი, თავის მხრივ, ყოველთვის თქვენთან იქნება, თუ სიხარულით მიიღებთ მას.

შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ პოზიტიური სლაიდები ვარდისფერ სათვალეებს ჰგავს. მიუხედავად ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ვარდისფერი სათვალეები - ეს პესიმისტების გამოგონებაა, და არა ოპტიმისტების. პესიმისტები პრაგმატულად უფრთხიან ყველაფრის ვარდისფერ ფერებში დანახვას და დამრიგებლურად აფრთხილებენ ოპტიმისტებს. ასეთი პრაგმატულობა სხვა არაფერია, თუ არა ნეგატიური სლაიდი. პესიმისტი ვერ წყვეტს, რომ საკუთარ თავს ფლობის ფუფუნება მისცეს, და შესაბამისადაც იღებს.

არ ღირს განსაკუთრებულად იღელვოთ იმაზე, რომ პოზიტიური სლაიდი ასევე ამრუდებს აღქმას. უმეტესობა შემთხვევებში ეს გამრუდება უმნიშვნელოა, რადგანაც შინაგანი კონტროლი მაინც აკეთებს თავის საქმეს. პოზიტიური სლაიდით გამოწვეული გამრუდება მხოლოდ სასარგებლო იქნება, თუკი რა თქმა უნდა თავს ნაპოლეონად არ წარმოიდგენთ. ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ და ჭარბი პოტენციალებიც უნდა გახსოვდეთ. ნეგატიურ სლაიდებს თავიანთი გამრუდებით უზომოდ დიდი ზიანი მოაქვთ. მაგრამ გამრუდება - ეს ჯერ კიდევ არაა ყველაზე მთავარი. სლაიდების ძირითადი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ გარეგანი განზრახვა ნელა, მაგრამ სტაბილურად აქცევს მათ რეალობად.


 

luxery

კომფორტის ზონის გაფართოება

დავუშვათ, თქვენ გაქვთ ამბიციური სურვილი - გახდეთ ვარსკვლავი ან მილიონერი. მაგრამ, მზად ხართ, რომ საკუთარ თავს ამის უფლება მისცეთ? როგორც წესი, ადამიანები თვლიან, რომ დიდება, ფული ან ძალაუფლება - რჩეულების ხვედრია. ვინ ირჩევს მათ, ამ რჩეულებს? პირველ რიგში თვითონ ისინი, შემდეგ კი უკვე ყველა დანარჩენი. თუ რაიმეზე ოცნებობთ, მაგრამ არ ხართ მზად, რომ ამის უფლება მისცეთ საკუთარ თავს, მაშინ ვერ მიიღებთ ამ ყველაფერს.

აი, უსახლკარო ქუჩიდან უყურებს ფანჯარაში საახალწლო სუფრას. მზადაა იგი, რომ ამ სუფრაზე დაჯდეს და ჭამოს? რა თქმა უნდა, თუ მიიწვევენ, გააკეთებს ამას. სახლში შესვლა და სუფრასთან დაჯდომა - ეს მოქმედების გადაწყვეტილებაა, ანუ შინაგანი განზრახვაა. მაგრამ ვინ მიიწვევს? და ამას მშვენივრად ხვდება. საახალწლო სუფრა უცხო სამყაროს შრეშია. მზადაა, რომ საკუთარ თავში ჰქონდეს ეს სუფრა, საკუთარი სამყაროს შრეში? არა, უსახლკარომ იცის, რომ არც სახლი აქვს, არც ფული და არც მათი გამომუშავების საშუალება. გარეგანი განზრახვა მას არაფერს მისცემს, რადგან ჩვეული საღი აზრის ფარგლებში იგი მზად არაა, რომ ფლობდეს.

დავუშვათ, გსურთ, რომ მდიდარი გახდეთ. მაგრამ მზად ხართ, რომ ბედისგან ასეთი საჩუქარი მიიღოთ? რა თქმა უნდა, თუ ვინმე მილიონს მოგცემთ, აიღებთ მას, პრობლემებისა და სირთულეების გარეშე. და სიმდიდრე ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებთ, როგორც ზოგჯერ დამრიგებლურ ფილმებში ცდილობენ წარმოადგინონ. მაგრამ მე ამაზე არ ვსაუბრობ. მზად ხართ თუ არა, რომ აიღოთ ეს მილიონი? თქვენ ალბათ იმაზე იფიქრეთ, რომ მილიონის გამომუშავება, ბრძოლით მოპოვებაა საჭირო? კვლავაც არა. მზად ხართ, რომ უბრალოდ აირჩიოთ? ფლობის უფლება მისცეთ საკუთარ თავს.

აუცილებელია შეეგუოთ აზრს, რომ თქვენს მიზანს მიაღწევთ. თუ გსურთ, რომ უზრუნველყოფილი ადამიანი იყოთ, მაგრამ ამასთან გეშინიათ ძვირადღირებულ მაღაზიებში შესვლა, არაფერი გამოგივათ. თუ მცირე უხერხულობას მაინც იგრძნობთ ძვირფას მაღაზიაში, ეს ნიშნავს, რომ მზად არ ხართ, ძვირადღირებული ნივთების ფლობის უფლება მისცეთ საკუთარ თავს. გამყიდველები ასეთ მაღაზიებში მყისიერად განსაზღვრავენ, ვინ მივიდა მათთან: პოტენციური მყიდველი თუ ცნობისმოყვარე - ცარიელი საფულით. მყიდველი თავს ისე გრძნობს, როგორც ბატონი, თავი მშვიდად, თავდაჯერებულად და ღირსეულად უჭირავს. იგი აცნობიერებს თავის უფლებას - აირჩიოს. ცნობისმოყვარე და ძალიან მოწყურებული, მაგრამ ღარიბი კი - დაუპატიჟებელი სტუმარივით იქცევა. მას შებოჭილად, დაძაბულად, მოუხერხებლად უჭირავს თავი და საკუთარ თავზე გამყიდველების შემფასებელ მზერას გრძნობს, და ლამისაა ბოდიშები იხადოს ასეთ პრესტიჟულ დაწესებულებაში შემოსვლისთვის. იგი ამავდროულად მნიშვნელოვანობის პოტენციალების მთელ კასკადს ქმნის: ავხორცობა, შური, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა, გაღიზიანება, უკმაყოფილება. და ყველაფერი იმიტომ, რომ იგი არა მხოლოდ მზად არაა, ამ ყველაფრის უფლება მატერიალურად მისცეს საკუთარ თავს, არამედ ძვირადღირებული ნივთების ფლობის ღირსადაც არ თვლის თავს. სულს ხომ სიტყვა-სიტყვით ესმის, რასაც გონება ეუბნება, ის კი მტკიცედ ირწმუნება: „ეს ყველაფერი ჩვენთვის არაა, ჩვენ ღარიბი ადამიანები ვართ, რაიმე უფრო მოკრძალებული გვჭირდება“.

უფლება მიეცით საკუთარ თავს, რომ მთელი ამ ფუფუნების ღირსი იყოთ. თქვენ მართლაც ყველაფერ საუკეთესოს ღირსი ხართ. ეს დესტრუქციულმა ქანქარებმა შთაგაგონეს, რომ „საკუთარი ადგილი უნდა იცოდე“, რადგანაც აწყობთ, რომ კონტროლქვეშ ყავდეთ. თამამად იარეთ ძვირადღირებულ მაღაზიებში და უყურეთ ნივთებს, როგორც ბატონებმა, და არა მოსამსახურემ მდიდრულ სახლში. რა თქმა უნდა, უსარგებლოა თვითშთაგონება, რომ ამის ყიდვა შეგიძლიათ. საკუთარ თავს ვერ მოატყუებთ, და ეს არცაა საჭირო. მაშ, როგორ უნდა დაიჯეროთ და ფლობის უფლება მისცეთ საკუთარ თავს?

პირველ რიგში, მოდით, განვსაზღვროთ შინაგანი და გარეგანი განზრახვის სფეროები ფრაზაში: „მზად იყო - უფლება მისცე საკუთარ თავს“. ადამიანი, რომელიც მიჩვეულია იაზროვნოს და იმოქმედოს შინაგანი განზრახვის ფარგლებში, მიდრეკილია, რომ მაშინვე ტარანზე წავიდეს: „მე მზად არ ვარ, რომ მატერიალურად მივცე თავს ამის უფლება და მორჩა, წერტილი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ კიდევ?“ და არცაა საჭირო საკუთარ თავისთვის იმის შთაგონება, რომ შეგიძლიათ ძვირფასი ნივთის ყიდვა, თუ ჯიბეში ცარიელი საფულე გიდევთ. საქმე ამაში არაა. შინაგანი განზრახვა გულისხმობს მოქმედების გადაწყვეტილებას, ანუ ფულის შოვნას. მაგრამ რადგანაც ვერსად შოულობთ მას, გონებას პრაგმატული ვერდიქტი გამოაქვს. შინაგანი განზრახვის ფარგლებში მოქმედებით თქვენ მართლაც ვერაფერს მიაღწევთ. გარეგანი განზრახვა ასევე ასე უბრალოდ, ზეციური მანასავით არ დაგეყრებათ თავზე. საიდან გაჩნდება იგი, თუ მზად არ ხართ, რომ საკუთარ თავს ფლობის უფლება მისცეთ? გარეგანი განზრახვა გულისხმობს ფლობის გადაწყვეტილებას, სხვა სიტყვებით, საკუთარი თავის ღირსეულად ჩათვლას და იმის ცოდნას, რომ არჩევანი თქვენზეა, - არა რწმენას, არამედ ცოდნას.

გულის სიღრმეში ყოველთვის გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ სურვილი აგისრულდებათ. მაშინაც კი, თუ მზად ხართ იმოქმედოთ სურვილის ასრულებისთვის, ეს ცოტაა. თუ არ გჯერათ, ეს ნიშნავს, რომ უფლებას არ აძლევთ საკუთარ თავს, რომ ღირსი იყოთ, ან უბრალოდ ეჭვი გეპარებათ შესრულების რეალობაში. და ისინი, ვინც ვარსკვლავი ან მილიონერი გახდა, თქვენგან განსხვავდებიან არა უნარებით, არამედ მხოლოდ იმით, რომ მათ უფლება მისცეს საკუთარ თავს ჰქონოდათ ის, რაც სურდათ. აუცილებელია, მისცეთ საკუთარ თავს ფლობის უფლება. ეს მდგომარეობა იმას ჰგავს, როცა პირველად გაიარეთ ორბორბლიან ველოსიპედზე. ეჭვები და ყოყმანი გაქრა, და დარჩა ერთი უსიტყვო სიცხადე - ცოდნა. სიცხადის შეგრძნება სიტყვების გარეშე, ცოდნა რწმენის გარეშე, თავდაჯერება ყოყმანის გარეშე - სწორედ ესაა სულისა და გონების ერთობის მდგომარეობა. ასეთ მდგომარეობაში თქვენ გრძნობთ თქვენს ერთობას მდუმარე ძალასთან, რომელიც სამყაროს მართავს. ეს ძალა აგიტაცებთ და გადაგიყვანთ სექტორში, სადაც აღსრულდება ის, რაზეც სული და გონება შეთანხმდნენ.

ყველას აქვს ნება აირჩიოს ის, რაც გაუხარდება, მაგრამ ყველას არ სჯერა, რომ ამის უფლება აქვს. რაც არ უნდა გითხრათ, ბოლომდე ხომ მაინც არ გჯერათ, რომ არჩევანის თავისუფლება რეალურია? მთელი ცხოვრება საწინააღმდეგოს ადასტურებს, რადგანაც ყველა ადამიანი ქანქარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. მაგრამ მაშინაც კი, თუ ქანქარებისგან განთავისუფლდით, არჩევანის თავისუფლება მაინც თქვენი კომფორტის ზონის მიღმა დევს. მეტისმეტად არარეალურია - გქონდეს არჩევანის თავისუფლება ქანქარების სამყაროში. მეტისმეტად დაუჯერებელია. გულის სიღრმეში არ გჯერათ, რომ თქვენი ძნელად მიღწევადი ოცნება - მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია. ამრიგად, პოზიტიური სლაიდები საშუალებას გაძლევენ, რომ ჩართოთ დაუჯერებელი თქვენი კომფორტის ზონაში. როცა შეწყვეტთ სულიერი დისკომფორტის განცდას იმ ფიქრისგან, რომ თქვენი ოცნება მისაწვდომია, ეჭვები გაქრება და თქვენი რწმენა ცოდნად იქცევა. სული თანხმობაში მოვა გონებასთან და გაგიჩნდებათ გადაწყვეტილება, რომ ფლობდეთ.

სულის რაიმეში დარწმუნება შეუძლებელია. იგი ხომ არ მსჯელობს, არამედ იცის. მას შეგიძლიათ მხოლოდ ასწავლოთ, როგორ მიეჩვიოს კომფორტის ახალ ზონას. სწორედ ამისთვისაა საჭირო სლაიდები. სლაიდების მეშვეობით სულისა და გონების ერთობა თანდათანობით მიიღწევა. ამ ციხე-სიმაგრის აღება ხანგრძლივი ალყითაა შესაძლებელი. შეიქმენით გონებაში თქვენი ოცნების სლაიდი და გამუდმებით გეჭიროთ ცნობიერებაში. კვლავ და კვლავ დაუბრუნდით დახატულ სურათს. დაამუშავეთ და დახატეთ ახალი დეტალები.

არ უყუროთ სლაიდს, როგორც გარე დამკვირვებელმა, არამედ ჩაიძირეთ მასში და იცხოვრეთ მისით, თუნდაც ვირტუალურად. შეაფხიზლეთ საკუთარი თავი ყოველ ჯერზე, როგორც კი ეცდებით სლაიდის წარმოდგენას ეკრანზე არსებული კინოსურათის სახით. ეს ნაკლებად ეფექტურია. თქვენ აზრობრივად უნდა გაითამაშოთ სცენები და თავი უშუალო მონაწილედ უნდა იგრძნოთ, და არა მსახიობად მაყურებელთა დარბაზში, რომელიც თავის თამაშს ეკრანზე უყურებს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გამუდმებით ატრანსლირეთ თქვენი სლაიდი გონებაში. შეგიძლიათ სხვა რამეზე იფიქროთ, მაგრამ სურათი ფონად უნდა გქონდეთ. ეს ჩვევაში უნდა გადაიზარდოს. სლაიდი შედეგს იძლევა მხოლოდ ხანგრძლივი და სისტემატიური ტრანსლირების შედეგად.

აქტიურად დაინტერესდით ყველაფრით, რაც თქვენი ოცნების საკითხს ეხება. შემოუშვით საკუთარ თავში ყველა საჭირო ინფორმაცია, საშუალება მიეცით მას, რომ თქვენი სამყაროს შრეში შემოაღწიოს. კარგია, თუკი არსებობს საშუალება, რომ სლაიდი რეალობაში გაათამაშოთ, თუნდაც ფორმალურად. მაგალითად, იგივე ძვირფას მაღაზიებში, თქვენ შეგიძლიათ რეპეტიცია გააკეთოთ იმისა, თუ როგორ აირჩევთ. არ იფიქროთ ფულზე და არ უყუროთ ფასებს. თქვენი მიზანია არა ფული, არამედ ის, რისი ყიდვაც ამ ფულით შეგიძლიათ. საკმარისია უბრალოდ იტრიალოთ ამ ყველაფრის გარშემო, შეიგრძნოთ გემო, აირჩიოთ, უბრალოდ მშიდად უყუროთ და შეაფასოთ. შემოუშვით თქვენში ეს ყველაფერი. უყურეთ ამას არა როგორც რაღაც მიუღწეველს, არამედ იმას, რის ყიდვასაც ახლო მომავალში აპირებთ. თავი მოაჩვენეთ ყველას ამ საგნის ბატონ-პატრონად. დაე, გამყიდველებმა იფიქრონ, რომ მყიდველი ხართ. ითამაშეთ გათვითცნობიერებული მყიდველის როლი (მაგრამ არა ამპარტავანის). უშვებთ რა ამ ყველაფერს თქვენი სამყაროს შრეში, თქვენ თანდათან გადაეწყობით ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ისინი თქვენი გახდება.

დაე, არ აგაღელვოთ იმან, თუ როგორ გახდება ისინი თქვენი. თუ ფლობის გადაწყვეტილება გექნებათ, გარეგანი განზრახვა თქვენგან დამოუკიდებლად იპოვის საშუალებას, რომელზეც არც კი ეჭვობთ.შემდეგ არ გაგიკვირდეთ და არ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ეს შემთხვევითობა, ან რაიმე სახის მისტიკაა. არ მახსოვს ვინ თქვა: „შემთხვევა - ესაა ღმერთის ფსევდონიმი, როცა მას არ სურს თავისი სახელით ხელმოწერა.“

თუ წამიერი თაყვანისცემის გრძნობა მაინც გიჩნდებათ ხოლმე თქვენი საოცნებო სამყაროს მიმართ, მოიშორეთ იგი. ეს თქვენი სამყაროა და მასში არაფერია თქვენთვის მიუწვდომელი. გარეგანი ან შინაგანი მნიშვნელოვანობა დაბრკოლება იქნება სულისა და გონების ერთობის გზაზე. თქვენი ოცნების სამყარო სასიხარულო უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად ჩვეულებრივი. თუ რაიმე გაგაჩნიათ, ეს თქვენთვის ჩვეულებრივია, დღის წესრიგშია. იმისთვის, რომ ცხოვრების შესაბამის ხაზებზე განეწყოთ, თავი ისე უნდა იგრძნოთ, თითქოს უკვე ფლობთ ამას. ეს არაა თვითმოტყუება, რადგანაც თქვენ გაცნობიერებულად თამაშობთ.

ფლობის გადაწყვეტილების საუკეთესო ილუსტრაციაა ახლადგამომცხვარი რუსი მილიარდელების მაგალითი, რომლებიც ახლა უფრო მეტნი არიან, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. ოთხმოციანი წლების ბოლოს რუსეთში არაშორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ სოციალისტური ეკონომიკა მაშინვე საბაზროდ იქცეოდა, თუკი ყველაფრის პრივატიზებას მოახდენდნენ. მათ, ვინც მომენტის არსი დაიჭირეს, მაშინვე შეძლეს გამდიდრება ყოველგვარი შრომის გარეშე. ყველაფერი, რაც სოციალიზმის ეპოქაში სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ანუ ნავთობი, გაზი, ოქრო, ალმასები და სხვა ბუნებრივი, საწარმოო თუ ინტელექტუალური რესურსები, ოლიგარქების გარკვეული ჯგუფის ხელში გადავიდა. იყო საერთო - გახდა მისი. ამისთვის არ გახდა საჭირო ბიზნესის კეთება ისე, როგორც ამას ნამდვილი, „არა გაბერილი“ მილიარდელები აკეთებდნენ, რომლებსაც თავისი მილიონების გამომუშავება უწევდათ. მათ, ვინც ყველაზე ახლოს იყვნენ საერთო ჯამთან, მხოლოდ სჭირდებოდათ, რომ თითი დაედოთ მასზე და ეთქვათ: „ჩემია!“, შემდეგ კი გაეფორმებინათ ეს, როგორც სამართლებრივი აქტი.

რა მიზეზებით გახდა საერთო მისი? ეს პერიოდი რუსეთში რა თქმა უნდა უნიკალური იყო. მაგრამ სიმდიდრის გვერდით ხომ მრავალი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი იყო, და მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა ცარიელზე დარჩა. მიტაცება იმან შეძლო, ვინც ფლობის უფლება მისცა საკუთარ თავს. ახლადგამომცხვარ მდიდრებს არ ჰქონიათ დანაშაულის გრძნობა, სინდისის ქენჯნა, ეჭვები, არასრულფასოვნების გრძნობა. ისინი არ თვლიდნენ თავს უღირსებად, თავში არ მოსდიოდათ, რომ თავი დამნაშავედ ეგრძნოთ ძვირფას მაღაზიებში. მათ ჰქონდათ ფლობის გადაწყვეტილება, ამიტომ მიუკერძოებელმა გარეგანმა განზრახვამ მათ ეს უბოძა. აი, ასე. თქვენ კი ამბობთ, რომ დაუჯერებელია!


 

vizualizatsii kopiya1 1

მიზნის ვიზუალიზაცია

მიზნების მიღწევის მეთოდები ტრანსერფინგში საღი აზრისა და ჩვეული წარმოდგენების მიღმა დგას. ყველა ცნობილი არატრადიციული მეთოდიდან, ტრანსერფინგთან ყველაზე ახლოს დგას სასურველი მიზნის ვიზუალიზაცია. მოცემული მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება დეტალურად წარმოვიდგინოთ სასურველი და ეს ხატ-სახე გონებაში ვატაროთ. ჩვეული წარმოდგენა ვიზუალიზაციას აზრს მოკლებულ დროის ფლანგვად განიხილავს. მართლაც, გზას ის გადალახავს, ვინც მასზე მიდის, და არა ის, ვინც ოცნებობს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მიზნის აზრობრივ წარმოდგენას ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად მიზნის მიღწევის პროცესს, და თქვენ უკვე იცით, რატომ. უბრალოდ „მიმავალი“ საშუალო შედეგებს მიაღწევს, ყველასავით იცხოვრებს და თავის წვლილს შეიტანს „საღი აზრის“ გამარჯვებაში. მოგზაურს, რომელსაც თავის ჩანთაში ტრანსერფინგის მეთოდები აქვს, შეუძლია მიაღწიოს შედეგებს, რომელთა ჩასმასაც საღი აზრი ისეთი ცნებების ჩარჩოებში ცდილობს, როგორებიცაა: „გამართლება“, „შემთხვევითობა“, „ბედის რჩეული“.

ტრანსერფინგში, საღი აზრის თვალსაზრისით, ყველაფერი ამობრუნებულია. პრინციპში იგივე შეიძლება ითქვას „საღ აზრზეც“ ტრანსერფინგის პოზიციიდან. თუ თქვენ არ გსურთ ყველასავით ცხოვრება, თუ არ გსურთ დაკმაყოფილდეთ საშუალო მიღწევებით, თუ ისწრაფვით, რომ ამ ერთადერთ ცხოვრებაში ყველაფერი „სრული პროგრამით“ მიიღოთ, მაშინ თქვენ - მოგზაური (странник) ხართ. ტრანსერფინგის მოგზაური არ წარმოადგენს ბედის რჩეულს - ბედი თავადაა მისი რჩეული. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, რაც გსურთ, თუკი მოახერხებთ, რომ თქვენი საღი აზრის მონოლითი შეარყიოთ. ეს სულაც არ ნიშნავს ღრუბლებში გაფრენას, არამედ პირიქით, მიწაზე დაშვებას გულისხმობს, რადგანაც ფართოდ გავრცელებული საღი აზრი სინამდვილეში ასეთი არაა. თქვენ ამაში უკვე არაერთხელ დარწმუნდით, მალე კი მრავალი კიდევ უფრო უჩვეულო რამ გაგეხსნებათ.

ჩვენ უნდა გავერკვეთ, თუ რატომ არ მოაქვს ყოველთვის შედეგები დასახული მიზნის ვიზუალიზაციას. ეზოთერიის და არატრადიციული ფსიქოლოგიის აქტიური მიმდევრებიც კი ბოლომდე ვერ დაეყრდნობიან მას. არსებობს ვიზუალიზაციის როგორც მარტივი, ასევე საკმაოდ რთული ტექნიკები. და ისინი ცვალებადი წარმატებით მუშაობენ. რაღაც გამოდის, რაღაც კი - არა. მე პირადად ასეთი ხარისხი არ მაკმაყოფილებს. ალბათ არც თქვენ. ამიტომ მინდა დაგამშვიდოთ: ტრანსერფინგში ვიზუალიზაცია მთლად ის არაა, რაც ჩვეულებრივ ამ სიტყვის ქვეშ იგულისხმება ხოლმე. მაგრამ ვიზუალიზაცია ტრანსერფინგის წესებით ნამდვილად მუშაობს, საიმედოობის გარანტიით.

ვიზუალიზაციების ცნობილი სახეები შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ. პირველი ჯგუფი - ესაა ოცნებები. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ვიზუალიზაციის ყველაზე სუსტი და არასაიმედო სახეა. „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“, მაგრამ ეს პრაქტიკულად უსარგებლოა. ოცნებები არ სრულდება! მეოცნებეებს, როგორც წესი სერიოზული პრეტენზია არ აქვთ თავიანთი ოცნების ასრულებაზე. მათ მხოლოდ ეჩვენებათ, რომ მათ ძალიან სურთ ოცნების ასრულება. მაგრამ გულის სიღრმეში, მათ ან არ სჯერათ, რომ ოცნების ასრულება შესაძლებელია, ან არ გააჩნიათ ფლობის და მოქმედების განზრახვა. მეოცნებენი თავიანთ ოცნებებს ისე უყურებენ, როგორც ცაში ვარსკვლავებს. როცა მეოცნებეებს მიანიშნებენ ჰაერის კოშკების შესახებ, ისინი კეტავენ თავიანთ ნიჟარებს, მოლუსკების მსგავსად: „ნუ ეხებით ჩემს ოცნებას!“ თუ მკაფიოდ განვსაზღვრავთ მეოცნებეთა მიზანს, ეს თავად ოცნების პროცესია და მეტი არაფერი.

მეორე ჯგუფი - ესაა კინო. ვგულისხმობ არა კინემატოგრაფიას, არამედ კინოს ფიქრებში - საკუთარი სურვილის შესახებ. ფილმის დატრიალება გონებაში განზრახ ხდება. ამით განსხვავდება იგი ოცნებისგან. არსებობს ფლობის და მოქმედების განზრახვა, და ერთ-ერთი მოქმედება - ესაა სურვილის აღსრულების ვიზუალიზაცია ფილმის ნახვის მსგავსად. როგორ ხდება ეს? მაგალითად, თქვენ გსურთ სახლი და წარმოიდგენთ მას სხვადასხვა სახით, ყველა დეტალში, ანუ ყველა წესის დაცვით. თავში სრულიად მკაფიო სურათი გაქვთ, ან თითქმის მკაფიო, თუ როგორ გამოიყურება იგი, და ყოველდღიურად ატარებთ გონებაში ამ ხატ-სახეს.

დავუშვათ, თქვენ ბრწყინვალედ გაუმკლავდით ამ ამოცანას. თითქოს სურვილი უნდა ასრულდეს. გამოიცანით, რას მიიღებთ? აი, რას: თქვენ აუცილებლად ნახავთ ამ სახლს - თითქმის, ან ზუსტად ისეთს, როგორიც წარმოგედგინათ. მაგრამ ის თქვენი არ იქნება. ეს იქნება სხვისი სახლი რომელიმე ქუჩაზე, ან კინოში. იმიტომ, რომ იმას იღებთ, რასაც უკვეთავთ. თქვენ ხომ ასე პატიოსნად შრომობდით სახლის ვიზუალიზაციაზე, მაგრამ ამასთან არანაირად არ აგიხსნიათ ოფიციანტისთვის, რომ სახლი თქვენია, ამიტომ მან უბრალოდ ზუსტად შეასრულა თქვენი დაკვეთა. თქვენ ისე გაერთეთ ვიზუალიზაციის პროცესის ხარისხით, როგორც ამას წიგნებში გასწავლიდნენ, რომ მთავარი დაგავიწყდათ - თღქვენ ამ სახლის მფლობელი ხართ. ამაში მდგომარეობს მათი მთავარი შეცდომა, ვინც ასეთ ვიზუალიზაციას აკეთებს. ფილმი კვლავ ფილმად რჩება, თქვენ არასოდეს გახდებით მისი მონაწილე. თქვენ ხომ ისე შეცქერით მას, როგორც მათხოვარი ვიტრინებს!

მესამე ჯგუფი - თქვენ არ უყურებთ კინოს როგორც მაყურებელი, არამედ აზრობრივად თამაშობთ მასში. ეს უკვე გაცილებით უფრო ეფექტურია. თქვენი როლის თამაშისას, თქვენი გამოსხივების პარამეტრებს ცხოვრების შესაბამის ხაზებზე მომართავთ. მაგალითად, თქვენი მიზანია - გქონდეთ ახალი სახლი. არ უყუროთ მას აზრობრივად, როგორც სურათს. შეიქმენით ერთგვარი ვირტუალური სიზმარი ცხადში. შედით სახლში, მოიარეთ ოთახები, შეეხეთ ყველა ნივთს თქვენს გარშემო, წამოწექით სავარძელში ბუხრის წინ, იგრძენით სიმყუდროვე, სითბო და კვამლის სუნი, მიაყარეთ შეშა. შედით სამზარეულოში, შეიხედეთ მაცივარში. რა დევს იქ? დაწექით კომფორტულ საწოლში. კარგად გრძნობთ თავს? დაჯექით მაგიდასთან თქვენი ოჯახის წრეში. იზეიმეთ ახალ სახლში შესახლება. გადააადგილეთ ავეჯი. ხელით შეეხეთ ბალახს ეზოში. ის მწვანე და რბილია. დათესეთ ყვავილები. როგორები გიყვართ? მოწყვიტეთ ვაშლი და შეჭამეთ. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. ეს ხომ თქვენი სახლია. არ უყუროთ მას მოწყურებული მეოცნების თვალებით, მოწიწებით, როგორც რაღაც მიუწვდომელს, ან შორეულ პერსპექტივას. თქვენ უკვე გაქვთ სახლი. თავი მოაჩვენეთ, რომ ეს რეალურია.

როგორც ხვდებით, მოცემული ვიზუალიზაცია სლაიდს წარმოადგენს. ასეთი სლაიდი გააფართოვებს თქვენი კომფორტის ზონას და დროთა განმავლობაში აუცილებლად რეალიზდება. მაგრამ როდის მოხდება ეს, უცნობია. შესაძლოა დიდხანს მოგიწიოთ ლოდინმა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მუშაობთ ამ სლაიდთან. თუ ცოტა წაითამაშეთ და მიატოვეთ, იმედი ნურაფრის გექნებათ. სასწაულები სინამდვილეში არ ხდება.

სლაიდთან მუშაობისას, აუცილებელია შემდეგი რამ გახსოვდეთ. პირველ რიგში, თუ თქვენი მიზნის მიმართ გაცივდით, სლაიდი გადნება, და მოგიწევთ, რომ საკუტარ თავს აიძულოთ მასთან მუშაობა, რაც ძალიან მალე მოგბეზრდებათ. მაშინ ჯობია დაფიქრდეთ: რეალურად გჭირდებათ ეს სლაიდი? მეორეც, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ გარეგანი განზრახვა სლაიდს მაშინვე არ განახორციელებს, არამედ თანდათან მიგაახლოვებთ ცხოვრების მიზნობრივ ხაზებთან. საჭიროა მშვიდი მოთმინება და დაჟინებულობა. დაჟინებულობა მხოლოდ საწყის ეტაპზეა საჭირო. შემდეგ სლაიდის ვიზუალიზაცია ჩვევაში გადავა, და აღარ მოგიწევთ საკუთარი თავისთვის იძულება.

და ბოლოს, თუ მიზანი თქვენი არაა, და ქანქარების მიერაა თავსმოხვეული, თქვენ ვერ შეძლებთ სულისა და გონების ერთობის მიღწევას. ამაზე საუბარი შემდეგ თავებში იქნება. ხოლო თუ მთელი გულით ისწრაფვით მიზნისკენ, სლაიდის ვიზუალიზაცია აუცილებლად მოიტანს შედეგებს. როცა გექნებათ ნამდვილი გადაწყვეტილება, რომ ფლობდეთ, გარეგანი განზრახვა იპოვის თქვენი მიზნის რეალიზაციის საშუალებას.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სლაიდი - ეს არის კიდეც ვიზუალიზაციის მეთოდი ტრანსერფინგში, შეცდომას უშვებთ. ყველაზე მაღალი ხარისხის სლაიდსაც კი შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს რეალიზაციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზანი ვარიანტთა სივრცის თქვენგან საკმაოდ დაშორებულ სექტორშია. მიზნის მიღწევის პროცესის დაჩქარება შესაძლებელია ტრანსერფინგის ვიზუალიზაციის მეშვეობით. რას ნიშნავს ეს? მალე გაიგებთ.


 

money case e1498576136219

პროცესის ვიზუალიზაცია

მოდით გადავჭრათ ასეთი ამოცანა. დავუშვათ, თქვენიო საბოლოო მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გამდიდრდეთ. მიზნის მისაღწევად თქვენ აკეთებთ ფულით სავსე ქეისის ვიზუალიზაციას. ვიზუალიზაცია ხორციელდება მესამე ჯგუფის ყველა წესის დაცვით და საკმაოდ დიდი ხანგრძლივობით. კითხვა: რა გამოდის და როდის?

პასუხი: არ გამოდის არაფერი და არასოდეს. თქვენ შეგიძლიათ სიცოცხლის ბოლომდე აკეთოთ ეს, და მაინც, საუკეთესო შემთხვევაში ხშირად დაინახავთ ფულით სავსე ქეისებს - კინოში. იმის ალბათობა, რომ განძს იპოვით ან ლატარეაში მოიგებთ, ძალიან მცირეა. ღირს კი ამ ალბათობაზე ფსონის დადება?

თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა: ეს როგორ, მე ხომ გამუდმებით ვხსნი წარმოსახვაში ქეისს ჩემი ხელებით, ვიღებ ჩემს ფულს, ვთვლი და ვეფერები მათ! მესამე ჯგუფის ვიზუალიზაცია ხომ - ეს უკვე კინო აღარაა, კიდევ რაღაა საჭირო? სადაა ყოვლისშემძლე გარეგანი განზრახვა?

საქმე იმაშია, რომ ტრანსერფინგის თვალსაზრისით აქ დაშვებულია ორი შეცდომა. პირველი შეცდომა: ფულით სავსე ქეისი არ წარმოადგენს თქვენს მიზანს. ფული - ეს მხოლოდ ატრიბუტია, და არა საშუალება, და მითუმეტეს - მიზანი. თუმცაღა თქვენს მიზნებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ჯერ ნუ ვიჩქარებთ.

მეორე შეცდომა: ყურადღების კონცენტრაცია საბოლოო მიზანზე, თუ მანამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი არაა დარჩენილი, არანაირად არ წაგწევთ წინ, მიზნისკენ. რა თქმა უნდა, კომფორტის ზონა ფართოვდება, და გარეგანი განზრახვა თანდათანობით აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ თქვენ ამას ვერანაირად ვერ ეხმარებით. ფეხები ხომ მაინც უნდა გადააადგილოთ?! საქმე იმაში არაა, რომ მოქმედებაც აუცილებელია. ახლა მხოლოდ ვიზუალიზაციებს განვიხილავთ.

დღემდე ჩვეული გამოცდილება გკარნახობდათ, რომ თუ სასურველის მიღწევა გსურს, საჭიროა, რომ ყველა სურვილი და მისწრაფება საკუთარი მიზნისკენ მიმართო. ახლა მოგიწევთ, რომ ეს დაივიწყოთ. როგორც გპირდებოდით, ტრანსერფინგი უპირობოდ მუშაობს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ უარი თქვათ გარკვეულ ჩვეულ წარმოდგენებზე და მიიღოთ სხვები, ჩვეული თვალსაზრისით - დაუჯერებელნი.

განვსაზღვროთ მთავარი პრინციპული განსხვავება ტრანსერფინგის ვიზუალიზაციასა და ჩვეულებრივ ვიზუალიზაციას შორის. როგორც იცით, ყურადღების კონცენტრაცია მიზანზე - ესაა სურვილი. ყურადღების კონცენტრასცია მიზნისკენ მოძრაობაზე - ესაა განზრახვა. ნებისმიერი მოქმედების მამოძრავებელ ძალას განზრახვა წარმოადგენს, და არა სურვილი. ამიტომ მიზნისკენ თავად მიზნის ჭვრეტა კი არ გამოძრავებთ, არამედ მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია. განზრახვის რეალიზაცია - ესაა პროცესი, და არა ერთ კადრზე ფიქსაცია. რა თქმა უნდა, თავად მიზანიც წარმოადგენს წარმოსახული სურათის ნაწილს. მაგრამ ყურადღების ფოკუსირება მიზნისკენ მოძრაობის პროცესზე ხდება მაშინ, როცა თავად მიზანი მოძრაობის ფონად დევს.

თავად მიზნის ვიზუალიზაცია მისი მიღწევის პროცესის ვიზუალიზაციისგან ისევე განსხვავდება, როგორც სურვილი განზრახვისგან. სურვილი არაფერს არ აკეთებს. დავუბრუნდეთ აწეული ხელის მაგალითს. წარმოიდგინეთ, რომ ხელის აწევა გსურთ. ჯერ გაიფიქრეთ იმაზე, რომ ხელის აწევა გინდათ, და იმაზე, თუ რა იქნება შედეგი - ანუ აწეული ხელი. ახლა კი ხელი ასწიეთ. პირველ შემთხვევაში მუშაობს სურვილი, და არაფერი არ ხდება, გარდა თავად სურვილის ფაქტის კონსტატაციისა და აწეული ხელის ვიზუალიზაციისა. მეორე შემთხვევაში მუშაობს განზრახვა, ამასთან იგი მუშაობს მუდმივად, სანამ ხელის აწევა ხდება. ამ პროცესის დროს მიზანი წარმოადგენს იმას, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, მაგრამ ყურადღება სწორედ პროცესზეა კონცენტრირებული. ბოლოს და ბოლოს, იმისთვის, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ, საკმარისი არაა მხოლოდ სურვილი და საკუთარი თავის დანიშნულების პუნქტზე წარმოდგენა. აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, ანუ პროცესის შესრულება.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ტრივიალური მსჯელობაა. მაგრამ დააკვირდით, რა დასკვნა გამომდინარეობს აქედან: მიზნის ვიზუალიზაცია სურვილის მუშაობაა, ამიტომ მიზანი ერთი ნაბიჯითაც კი არ გვიახლოვდება. ეს უქმი ნაბიჯია.

ტრანსერფინგში ხორციელდება მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია - აი, ამ შემთხვევაში კი განზრახვა მუშაობს, ამიტომ მიზანი ადრე თუ გვიან მიღწეულ იქნება. მიზნისკენ მოძრაობა ისე სწრაფად არ ხდება, როგორც სიზმარში, მაგრამ მოძრაობა მაინცაა, და საკმაოდ საგრძნობიც! შეისწავლით რა ბოლო თავს, ისწავლით რომ ფაქტიურად ხედავდეთ ცხოვრების ხაზებზე მოძრაობას.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თუ ეს ხანგრძლივი პროცესია, ამ პროცესის ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ. ასეთი ვიზუალიზაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ნებისმიერ შემოქმედებაში, როცა საბოლოო მიზანს ჯერ კიდევ არ გააჩნია მკაფიო ფორმები.

რას ვგულისხმობთ პროცესის ვიზუალიზაციაში? დავუშვათ, ხელოვნების რაიმე საგანზე მუშაობთ. ჯერ ზუსტად არ იცით, რა უნდა გამოვიდეს შედეგად. სამაგიეროდ იცით ის თვისებები, რომლებიც გინდათ ამ საგანს მიანიჭოთ. სამუშაოებს შორის შუალედებში წარმოიდგინეთ, როგორ ხდება საგანი უფრო სრულყოფილი. აი, დღეს თქვენი ხელოვნების ქმნილების გარკვეული დეტალები დაასრულეთ, ხვალ კი ახალი შტრიხების დამატება გსურთ. წარმოიდგინეთ, როგორ იცვლება თქვენი ქმნილება. თქვენ ახალ თვისებებს ანიჭებთ, ის კი თქვენს თვალწინ შედევრად იქცევა. თქვენ კმაყოფილი ხართ, შემოქმედების პროცესი გიპყრობთ, თქვენი ქმნილება თქვენთან ერთად იზრდება.

თქვენ თავად, სირთულის გარეშე მოიგონებთ ვიზუალიზაციის იმ მეთოდს, რომელიც კონკრეტულად თქვენს შემთხვევას მიესადაგება. საიდუმლო მხოლოდ იმაშია, რომ უბრალოდ კი არ ჭვრეტდეთ თქვენს საგანს, არამედ წარმოიდგინოთ მისი დაბადებისა და სრულყოფის პროცესი. არაა საჭირო იმის წარმოდგენა, რომ ქმნილება, მაგალითად მხატვრული ნაწარმოები, თავისთავად იხატება, იძერწება, შენდება და ა.შ. ეს თქვენ ქმნით მას. ის თქვენს ხელებში განიცდის სრულყოფას. თქვენ ქმნით და ტკბებით - ერთდროულად.

კარგი ილუსტრაციაა დედის ზრუნვა, რომელიც თავის ბავშვს ზრდის. იგი აჭმევს მას, დასაძინებლად აწვენს, და წარმოიდგენს, როგორ იზრდება ყოველდღიურად. უვლის მას, ტკბება მისი ცქერით და გამუდმებით უდასტურებს საკუთარ თავს, თუ როგორი ლამაზი ხდება იგი. თამაშობს მასთან, ასწავლის და წარმოიდგენს, როგორ ჭკვიანდება, როგორ წავა მალე სკოლაში. როგორც ხედავთ, ეს შედეგის ჭვრეტა კი არაა, არამედ შემოქმედების პროცესია პროცესის ვიზუალიზაციასთან ერთად. დედა უბრალოდ კი არ აკვირდება ბავშვის ზრდას, არამედ წარმოიდგენს, როგორ ვითარდება და როგორი ხდება იგი.

თუ თქვენი ქმნილება კომპიუტერული პროგრამაა, წარმოიდგინეთ სამუშაოს შემდეგ, როგორ ხდება იგი უფრო ეფექტური და მოსახერხებელი. აი, ხვალ ახალ დეტალებს ამატებთ, და ის ყველას აკვირვებს.

თუ ბიზნეს-პროექტზე მუშაობთ, წარმოიდგინეთ, როგორ მოგდით თავში ახალი გენიალური იდეები. ყოველდღე შეგაქვთ საინტერესო და არასტანდარტული შეთავაზებები. დააკვირდით თქვენი პროექტის ზრდას და დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ იგი თანდათანობით პროფესიონალიზმის ეტალონად იქცევა.

თუ საკუთარ სხეულზე მუშაობთ, გამოზარდეთ იგი, როგორც დედამ შვილი. წარმოიდგინეთ, როგორ იღებს თქვენი სხეული თანდათანობით სრულყოფილ ფორმებს. იზრუნეთ მასზე, ავარჯიშეთ იგი, შემდეგ კი წარმოიდგინეთ, როგორ იზრდებიან და მკვრივდებიან კუნთები.

ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთეთ პროცესის ვიზუალიზაცია: როგორ მიდის თქვენი საქმე დასრულებისკენ. უბრალოდ საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია კომფორტის ზონას აფართოებს, და ეს ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაციით თქვენ შესამჩნევად აჩქარებთ გარეგანი განზრახვის მუშაობას.

თუ ჯერ არ იცით, როგორ შეიძლება თქვენი მიზანი რეალიზდეს, არ იღელვოთ და მშვიდად და სისტემატიურად განაგრძეთ სლაიდის ვიზუალიზაცია. როცა მიზანი ბოლომდე შემოვა თქვენი კომფორტის ზონაში, გარეგანი განზრახვა შესაბამის ვარიანტს მოგაწვდით. არაა საჭირო წრიალი და მიზნის მიღწევის საშუალებების გამწარებული ძიება. გადააგდეთ მნიშვნელოვანობა და მიენდეთ ვარიანტთა დინებას. არ უყუროთ სლაიდს, არამედ იცხოვრეთ მასში. შედეგად, თქვენ უნებურად დაიწყებთ საჭირო მიმართულებით მოქმედებას.

მაგრამ პროცესის ვიზუალიზაცია - ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ვარიანტთა სივრცის მატერიალური რეალიზაცია გუდრონივით ინერტულია, ამიტომ გადასვლა თანდათანობით უნდა განხორციელდეს, თუ მაინცდამაინც მესიის გარეგან განზრახვას არ ფლობთ. თანდათანობით - ნიშნავს არ ამხოლოდ უწყვეტად, არამედ ეტაპობრივადაც. ამაში მდგომარეობს ტრანსერფინგის ვიზუალიზაციის კიდევ ერთი თავისებურების საიდუმლო.


 

chain

ტრანსფერული ჯაჭვები

თუ მიზანი ცხოვრების საკმაოდ მოშორებულ ხაზებზე იმყოფება, მათზე საკუთარი გამოსხივების მიმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, თუ გამოცდის ჩაბარებას აპირებთ, მაგრამ საგანი საერთოდ არ იცით, ვერ შეძლებთ იმ ხაზზე განწყობას, სადაც გამოცდას წარმატებით აბარებთ. თქვენ არ გამოგივათ პასუხის ვიზუალიზაცია თუნდაც ერთ კითხვაზე, თუ საერთოდ არაფერი არ იცით.

თქვენს მომავალ მიზანსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის შესაძლოა საკმაოდ დიდი გზა იყოს (არაა აუცილებელი ეს დროში იყოს). შეიცვლება არა მხოლოდ თქვენი მდგომარეობა, არამედ თქვენი აზროვნების და მოქმედების მანერაც, შესაძლოა ხასიათიც. თქვენ ახლა არ შეგიძლიათ ზუსტად გადააწყოთ თქვენი პარამეტრები, თუ ამ გზას არ გაივლით.

თუ ეცდებით, რომ მეტისმეტად დაშორებული მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია გააკეთოთ, თქვენ გაგიჩნდებათ ცდუნება, რომ წინ გაიჭრათ და მოვლენები დააჩქაროთ. ეს არაფერს მოგცემთ, და შედეგად იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი დარჩებით, რაც თავის მხრივ აღადგენს თქვენს წინააღმდეგ წონასწორულ ძალებს.

შეგიძლიათ რამდენხანსაც გინდათ იმდენ ხანს ატრიალოთ გონებაში დაშორებული მომავლის სლაიდი, და ამისგან არანაირი ზიანი არ იქნება. მაგრამ იმ პროცესის ვიზუალიზაცია, გზის რომელ მონაკვეთზეც დიდი ხანი ვერ მოხვდებით, გაუგებარია, თუ საით წაგიყვანთ. წარმოიდგინეთ, რომ ქვემოთკენ უნდა იცუროთ, დაკლაკნილ მდინარეზე. თქვენ ხომ არ ათრევთ ნავს ნაპირზე იმისთვის, რომ გზა შეამოკლოთ და მდინარის მოსახვევები მოჭრათ.

თუ თქვენი მიზანი რამდენიმე ეტაპით მიიღწევა, მოგიწევთ, რომ თანმიმდევრულად გაიაროთ ყოველი ეტაპი, გინდათ თუ არა ეს. მაგალითად, პროფესიონალად შედგომა რაიმე სფეროში შეუძლებელია ერთი მოქმედებით. საჭიროა, რომ ჯერ სასწავლო დაწესებულება დაასრულოთ, შემდეგ სამუშაო იპოვნოთ, შემდეგ დახვეწოთ თქვენი პროფესიონალიზმი, და ა.შ. ასეთ ეტაპობრივ გზას ვარიანტთა სივრცეში ტრანსფერული ჯაჭვი ეწოდება. ჯაჭვის ყოველი რგოლი - ესაა ცალკეული ეტაპი. ეტაპები ჯაჭვის რგოლების სახითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რადგან თუ ერთი ეტაპი არაა გავლილი, შემდეგზე გადასვლა შეუძლებელია. მაგალითად, შეუძლებელია ასპირანტურაში ჩაბარება, თუ უნივერსიტეტს არ დაამთავრებთ.

ტრანსფერული ჯაჭვის ცალკეული რგოლი ვარიანტთა სივრცის ურთიერთ-დაკავშირებული და დაახლოებით ერთგვაროვანი სექტორებისგან შედგება. გზა მიზნისკენ ვარიანტთა სივრცეში ტრანსფერული ჯაჭვებითა და ვარიანტთა დინებით სტრუქტურირდება. ვარიანტთა სივრცეს მოწესრიგებული სტრუქტურა აქვს. თუ მიზანს მოუწესრუგებლად მიყვებით, ვერ მიაღწევთ მას. როგორ არ გამოვარდეთ ვარიანტთა დინებიდან, თქვენ უკვე იცით - არ შექმნათ ჭარბი პოტენციალები, არ ატყაპუნოთ ხელები წყალზე და არ ებრძოლოთ დინებას. ისღა რჩება, რომ ერთ წესს მიჰყვეთ: გააკეთოთ მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია მხოლოდ მიმდინარე ეტაპთან მიმართებაში. ამასთან ერთად, საბოლოო შედეგი შეგიძლიათ სლაიდის სახით რამდენჯერაც გსურთ წარმოიდგინოთ, მაგრამ მოძრაობის პროცესი - მხოლოდ ჯაჭვის მიმდინარე რგოლის ფარგლებში. არ იჩქაროთ, თავის დროზე ყველაფერს მოასწრებთ.

ახლა შეგვიძლია საბოლოო განსაზღვრებაც გავაკეთოთ. ვიზუალიზაცია ტრანსერფინგში - ესაა ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის რეალიზაციის პროცესის აზრობრივი წარმოდგენა. წარმოდგენის ქვეშ იგულისხმება აზრების დინების სწორ კალაპოტში წარმართვა. აზრებს მხოლოდ ბიძგი უნდა მისცეთ, შემდეგ კი ისინი თვითონ იპოვნიან გზას, როგორც სიზმრის სცენარში. საჭიროა, იცხოვროთ ჯაჭვის რგოლის რეალიზაციის პროცესით, როგორც აზრებში, ასევე მოქმედებებში, შეთანხმებულად.

როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივია. თქვენ არ გაგიჭირდებათ განსაზღვროთ კონკრეტულად თქვენი ტრანსფერული ჯაჭვის ცალკეული რგოლები. და თუ თანმიმდევრობა მიზნისკენ მოძრაობის რიგში უცნობია? ან თუ საერთოდ გაუგებარია, რა გზით, და რა საშუალებებით შეიძლება საკუთარი მიზნის მიღწევა? საშიში არაფერია, დაე, ამან არ აგაღელვოთ. მე კვლავ ვიმეორებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მოცემულ შემთხვევაში.

თუ ჯერ-ჯერობით არ იცით, როგორ შეიძლება რეალიზდეს თქვენი მიზანი, არ იღელვოთ და მშვიდად და სისტემატიურად განაგრძეთ სლაიდის ვიზუალიზაცია. როცა მიზანი ბოლომდე შემოვა თქვენი კომფორტის ზონაში, გარეგანი განზრახვა შესაფერის ვარიანტს გადმოგიგდებთ. ნუ იწრიალებთ და გამწაყრებული ნუ დაიწყებთ მიზნის მისაღწევი საშუალებების ძებნას. სლაიდი თავად გაიძულებთ, რომ უნებურად და გაუცნობიერებლადაც კი იმოქმედოთ საჭირო მიმართულებით. გადააგდეთ მნისვნელოვანობა, იყავით მშვიდი და მიენდეთ ვარიანტთა დინებას.

აქ მინდა რამდენიმე სიტყვა ნიშნების შესახებაც დავამატო. თუ რაიმე ისეთ ნიშანს უკეთებთ ინტერპრეტაციას, რომელიც, როგორც გეჩვენებათ შესაძლოა მიზნის მისაღწევ გზაზე მიუთითებდეს, მაშინ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნიშნები ტრანსფერული ჯაჭვის მხოლოდ მიმდინარე რგოლს განეკუთვნებიან და მხოლოდ შორეული დამოკიდებულება აქვთ საბოლოო მიზანთან. სხვა სიტყვებით, მაჩვენებელი ნიშნები მხოლოდ იმ გზას განეკუთვნებიან, რომლითაც მოცემულ მომენტში მიდიხართ. თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ნიშნები ყველა საკითხზე, რომლებიც ტრანფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლს ეხება. მაგრამ თუ თქ ვენი ცხოვრების მიმდინარე ხაზს მიზნობრივი ხაზისგან რამდენიმე რგოლი აშორებს, მაშინ ნიშნები ვერ მიგითითებენ მიზნისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ შორეული მიზნისკენ მიმანიშნებელი ნიშნები საერთოდ არ არსებობენ. უბრალოდ თქვენ ვერ შეძლებთ მათ ინტერპრეტაციას საიმედოობის საკმარისი დონით. საერთოდ, ნიშნების ინტერპრეტაცია, თუ არ ჩავთვლით სულიერი კომფორტის მდგომარეობას, ნაკლებად საიმედო ტექნიკაა ტრანსერფინგში, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ ნიშნებს.

ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რა ადგილი უჭირავს მესამე ჯგუფის ვიზუალიზაციას, და საერთოდ, საჭიროა თუ არა მიზნის ვიზუალიზაცია. პასუხი აქ ერთმნიშვნელოვანია: უპირობოდ, მიზნის ვიზუალიზაცია სრულიად აუცილებელია, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ფორმაში. მიზნის ფიქსირება გონებაში ხდება სლაიდის სახით, რაც კომფორტის ზონას აფართოებს და განაწყობს აზრობრივი ენერგიის გამოსხივების სიხშირეს ცხოვრების მიზნობრივ ხაზებზე. სწორედ ესაა მესამე ჯგუფის ვიზუალიზაციის მთავარი და ერთადერთი ფუნქცია. მაგრამ სახელდობრ მიზნობრივ ხაზებზე გადასვლას ანხორციელებს მაინც ტრანსერფინგის მუშა ცხენი - მიზნისკენ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია. პროცესის ვიზუალიზაციით თქვენ აერთიანებთ შინაგან განზრახვას გარეგან განზრახვასთან.


 

რეზიუმე

ილუზიები - ეს არაა წარმოსახვის თამაშის შედეგი, არამედ ესაა სხვა რეალობის ხედვა.

ადამიანს, რომელიც მატერიალურ სამყაროში იმყოფება, სხვა რეალობის აღქმაც შეუძლია.

სამყაროს აღქმა შეიძლება დამახინჯებულ იქნეს შინაგანი პარადიგმებით.

სლაიდი - ესაა ის, რაც თქვენს გონებაშია, მაგრამ სხვების გონებაში არაა.

სლაიდები ამახინჯებენ რეალურ სინამდვილეს.

ადამიანი მიდრეკილია, რომ თავისი სლაიდის პროექციები სხვებს ჩამოჰკიდოს.

სლაიდის საფუძველს მნიშვნელოვანობა წარმოადგენს.

როგორც კი მნიშვნელოვანობა ქრება, სლაიდი არსებობას წყვეტს.

ნეგატიურ სლაიდს მნიშვნელოვანობის ფირზე სულისა და გონების ერთობა წარმოშობს.

გარეგანი განზრახვა უწყვეტად და თანდათანობით ახდენს სლაიდის რეალიზაციას.

შეწყვიტეთ საკუთარ თავთან ბრძოლა და გადართეთ თქვენი ყურადღება ნეგატივიდან პოზიტივზე.

შეიქმენით პოზიტიური სლაიდი, რომელიც სასიამოვნო იქნება სულისთვისაც და გონებისთვისაც.

უფრო ხშირად უცქირეთ თქვენს სლაიდს და დაამატეთ მას ახალი დეტალები.

არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სლაიდის ხატ-სახე სხვა ადამიანებისგან.

თქვენი სლაიდი მართლა თქვენი უნდა იყოს, და არა სხვისი ასლი.

პესიმისტები საკუთარ თავს არ აძლევენ ფუფუნებას, რომ ფლობდნენ.

თუ არ გაგაჩნიათ გადაწყვეტილება, რომ რაიმეს ფლობდეთ, თქვენ ამას ვერ მიიღებთ.

იმისთვის, რომ არჩევის შესაძლებლობა და უფლება მიიღოთ, აუცილებელია, ფლობის საშუალება მისცეთ საკუთარ თავს.

მიეცით საკუთარ თავს ფუფუნება, რომ ყველაფერ საუკეთესოს ღირსი იყოთ.

ფლობის გადაწყვეტილება - ესაა ურყევი ცოდნა იმისა, რომ თქვენ ღირსი ხართ და არჩევანი თქვენზეა.

სულისა და გონების ერთობა - ესაა სიცხადე სიტყვების გარეშე, ცოდნა რწმენის გარეშე, თავდაჯერებულობა ყოყმანის გარეშე.

პოზიტიური სლაიდები გეხმარებიან, რომ დაუჯერებელი თქვენი კომფორტის ზონაში შემოიყვანოთ.

სულის რაიმეში დარწმუნება უსარგებლოა, მას შეიძლება მხოლოდ ასწავლო.

სლაიდის სისტემატიური გაშვება თანთადან კომფორტის ზონას აფართოებს.

არ უყუროთ სლაიდს როგორც სურათს, არამედ იცხოვრეთ მასში, თუნდაც ვირტუალურად.

შემოუშვით საკუთარ თავში ნებისმიერი იმფორმაცია თქვენი ოცნების სამყაროდან.

ტრანსეფრინგის მოგზაური არაა ბედის რჩეული, ეს თავად ბედია მისი რჩეული.

ოცნებები არ სრულდება. არც კინოფილმები. არაცნობიერი სიზმარი ცხადი არ გახდება.

როდესაც საბოლოო მიზანზე ახდენთ კონცენტრაციას, თქვენ მისკენ არ მოძრაობთ.

მიზნისკენ გამოძრავებთ არა შედეგის ჭვრეტა, არამედ მოძრაობის პროცესის ვიზუალიზაცია.

ყურადღება ფოკუსირდება მოძრაობის პროცესზე, მიზანი კი ფონის ფუნქციას ასრულებს.

საჭიროა არა შედეგის ჭვრეტა, არამედ სრულყოფილების დაბადებისა და ზრდის პროცესის წარმოდგენა.

ვიზუალიზაცია ტრანსერფინგში - ესაა ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის რეალიზაციის პროცესის აზრობრივი წარმოდგენა.

თუ მიზნის მიღწევის გზა უცნობია, გააკეთეთ სლაიდის ვიზუალიზაცია.

სლაიდი თავად წაგიყვანთ საჭირო მიმართულებით.

 

მსგავსი სტატიები

თავი IX. სული და გონება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff