თავი X. მიზნები და კარიბჭეები

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მამუკა გურული (ტექსტის სანახავ...

doors1

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)


 

shopping1

როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი ნივთები

ამ თავში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ სულის ნამდვილი მისწრაფებები ცრუ მიზნებისგან, რომლების თავს მოხვევასაც გამუდმებით ცდილობენ ქანქარები. პრობლემა იმაშია, რომ ცრუ მიზანს, მიუხედავად თავისი მიმზიდველობისა, არაფერი მოაქვს თქვენთვის, გარდა იმედგაცრუებისა. ცრუ მიზნის დევნაში, ან არაფერს მიაღწევთ, და თქვენს მიერ დახარჯული ძალისხმევები ქანქარების საკვები გახდება, ან მიზნის მიღწევის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს არ გჭირდებოდათ. ღირს კი, გაუშვათ ხელიდან ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი და დახარჯოთ ძვირფასი დრო შეცდომების გამოსწორებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხანგრძლივად გვეჩვენება, იგი ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად გადის. ამიტომ საჭიროა ისწავლოთ სწორედ თქვენი მიზნების პოვნა, რომლებიც ბედნიერებას პირადად თქვენ მოგიტანენ.

მე არ მინდა ამ თავის თეორიით დაწყება. ალბათ ისედაც დაიღალეთ მძიმეწონიანი თეორიული საფუძვლების მოსმენით. მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად შემემსუბუქებინა გადმოცემის მძიმეწონიანობა, მაგრამ ვშიშობ, ყოველთვის არ გამომდიოდა ეს. რას იზამ, არაორდინალური საკითხებია დასმული, და დასკვნებიც შესაბამისად განსაცვიფრებელია. თქვენი გონება ვერასოდეს მიიღებდა სერიოზულად ტრანსერფინგის იდეებს, თუნდაც მცირე არგუმენტები რომ არ მომეყვანა. მაგრამ ყველაზე რთული უკვე ჩავლილია, და ამ თავს პრაქტიკული საკითხებით დავიწყებ. ამიტომ შეგიძლიათ დაისვენოთ და ტაში დაუკრათ, თქვენ შესანიშნავი საჩუქარი გელოდებათ. იგი განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მოგეწონებათ.

ყველაზე მკაფიო და მარტივ მაგალითს, და ამავდროულად საკუთარი მიზნის განსაზღვრის უნარისთვის სავარჯიშოს წარმოადგენს თქვენთვის საჭირო ტანსაცმლის ძიება. გაიხსენეთ, იყო თუ არა შემთხვევები, როცა თითქოს შესაფერის ტანსაცმელს ყიდულობდით, შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ აღარ მოგწონთ, ან არ გიხდებათ, ან დეფექტურია. ასევე იყო თუ არა, როცა დაინახეთ ტანსაცმელი, ყოყმანის გარეშე, მაშინვე იყიდეთ და დღემდე კმაყოფილი ხართ მისით. განსხვავება ამ ორ ტანსაცმელს შორის ისაა, რომ პირველი მათგანი - სხვისია, მეორე კი - თქვენი.

პირველი, რომელიც მიმზიდველად გეჩვენებოდათ, სხვა ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, და არა თქვენთვის. შესაძლოს ნაცნობზე, ან მანეკენზე ჩაცმული დაინახეთ იგი. თუ რაღაც სხვაზე კარგად გამოიყურება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი თქვენც მოგიხდებათ. და ეს თქვენი ნაკლოვანება კი არა, თქვენი ღირსებაა. ძალიან ცუდია, იყო მანეკენი, რომელზეც ყველაფერი კარგად გამოიყურება. ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს არა საყოველთაოდ მიღებული სილამაზე, არამედ წარმატებულად ხაზგასმული ინდივიდუალობა.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარეშეც კარგად იცით. მაგრამ თქვენ დიდი ხანი დადიხართ მაღაზიებში და იტანჯებით იმის გამო, რომ არ იცით, რა იყიდოთ. ფასონების ცოდნა, მოდის შეგრძნება, კარგი გემოვნებაც კი ვერ გეხმარებათ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მაინც არ ხართ ბოლომდე კმაყოფილი ნაყიდი ნივთით. იმისთვის, რომ ყოველთვის იპოვოთ სწორედ ის, რაც გჭირდებათ, აუცილებელია საკუთარი ნივთების სხვების ნივთებისგან გარჩევა. როგორ კეთდება ეს? არც კი დაიჯერებთ, ისე მარტივად!

პირველ რიგში, არასოდეს იტანჯოთ არჩევანის პრობლემით. აქ თქვენ აშკარად არღვევთ წონასწორობას. რაც უფრო მეტად იძაბებით ამასთან დაკავშირებით, მით უფრო უარესი იქნება შედეგი. არაა საჭირო ნივთების დიდხანს თვალიერება და მათი ღირსებების და ნაკლოვანებების შეფასება. გონებამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევაში, რადგან გონება და მისი აზრები - ეს თქვენ კი არა, ქანქარების ზეგავლენაა. უბრალოდ იარეთ და დააკვირდით, როგორც გამოფენაზე, ისე, რომ არაფერზე იფიქროთ.

ჯერ ზოგადად გაარკვიეთ საკუთარ თავთან, საერთო შტრიხებში, თუ რისი შეძენა გსურთ. დეტალების წარმოდგენა აუცილებელი არაა. ერთადერთი აღწერა ტანსაცმლის ტიპი უნდა იყოს. მაგალითად, თუ პალტო გჭირდებათ, უბრალოდ დაისახეთ მიზნად, რომ პალტო აირჩიოთ, და მეტი არანაირი ზედმეტი პირობა. დაე, ნივთი თქვენმა სულმა აირჩიოს - იგი გაცილებით უფრო ახლოსაა იმასთან, რაც სინამდვილეში ხართ. იგი ხელიდანა რ გაუშვებს მცირე დეტალსაც კი, და აუცილებლად დროულად მიგითითებთ თქვენს ნივთზე. ამას მაშინვე მიხვდებით, როგორც კი მრავალ ნივთს შორის დაინახავთ, ან უფრო სწორად იგრძნობთ იმას, რომელიც განსაკუთრებულ სიმპათიას აღგიძრავთ.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არაა საჭირო ანალიზი იმისა, თუ რატომ მოგწონთ ნივთი. იგი უბრალოდ მოგწონთ და მორჩა, მასზე შეგიძლიათ თქვათ - „ეს ისაა, რაც მჭირდება“. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყიდით მას.

მაშინაც კი, თუ დიდი ხანია ეძებთ და არ შეგიძლიათ პოვნა, ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი ნივთი რომელიღაც მაღაზიაშია. თუ მესამეში არა, მეათეში იპოვით მას. იგი მოთმინებით გელოდებათ, ამიტომ თქვენც გამოავლინეთ მოთმინება, არ იწრიალოთ, არ დატანჯოთ ეჭვებით და არ უსაყვედუროთ საკუთარ თავს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნებულობა აბსოლუტური იყოს, მე თქვენ გაგიხსნით იმის საიდუმლოს, თუ როგორ გაარჩიოთ სხვისი ნივთი თქვენი ნივთისგან. ეს მარტივიცაა და საიმედოც.

როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევის პროცესში თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი საგნების ღირსებებზე და ნაკლოვანებებზე. მაგრამ აი, დადგა მომენტი, როცა გამყიდველს თქვენი „კი“ ან „არა“ უნდა უთხრათ. ამ მომენტში თქვენ ძალიან ტკბილად გძინავთ, მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ასე არაა. განსაკუთრებულად ძლიერია თქვენი ძილი მაშინ, თუ გამყიდველი ან თქვენი მეგობარი გეუბნებათ რაღაცას ნივთის შესახებ.

იმ დროს, როცა გადაწყვეტილებას იღებთ, მხოლოდ თქვენი გონება მუშაობს. იგი აანალიზებს ღირსებებს და ნაკლოვანებებს, აწყობს თავის კონცეფციას ისე, რომ იგი რაციონალური და სარწმუნო იყოს, და ამავდროულად გარშემომყოფების შეხედულებასაც უსმენს. გონება იმდენადაა შთანთქმული ამ პროცესით, რომ სულის გრძნობებს საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას. ამ თვალსაზრისით გონებას ღრმად ძინავს. დაე, იყოს ასე, არ შეუშალოთ ხელი მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მაგრამ აი, გადაწყვეტილება მიღებულია. ამ მომენტში აღარავის უსმინოთ, გაიღვიძეთ და გაუწიეთ საკუთარ თავს ანგარიში: რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილება მიიღეთ? სულიერი კომფორტის მდგომარეობა გიჩვენებთ სულის დამოკიდებულებას გონების გადაწყვეტილებასთან.

სულიერი კომფორტი, როგორც იცით, ვერ მოგცემთ ცალსახა პასუხს. სულმა ყოველთვის ზუსტად არ იცის რა უნდა, და ასევე შეუძლია იყოყმანოს. თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე მოგეწონათ და ეს მაშინვე იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ სულმა თქვა - „კი“. მაგრამ შემდეგ ირთვება გონება და იწყებს არჩევანის გაანალიზებას და არგუმენტირებას. თუ ანალიზის შედეგაც გონებამაც „კი“ თქვა, ეს ნიშნავს, რომ ნივთი თქვენია. მაგრამ თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე კი არა, რაციონალური არგუმენტაციის შემდეგ მოგეწონათ, მაშინ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება უმცირეს დისკომფორტსაც კი. სულმა ყოველთვის ზუსტად იცის - რა არ უნდა.

თუკი ყოყმანობთ, თუკი რაღაც მაინც ამ ნივთში თუნდაც მცირე შფოთვას ან დისკომფორტს იწვევს, თუკი გაიელვებს ეჭვის ან დათრგუნულობის თუნდაც მსუბუქი ჩრდილი - ეს თქვენი ნივთი არაა. გონება თქვენს დათანხმებას და ამ ნივთის ღირსებების წარმოჩენას ეცდება. თუ გამოიჭირეთ საკუთარი თავი იმაში, რომ არწმუნებთ საკუთარ თავს, ცდილობთ დაუმტკიცოთ, რომ ეს ტანსაცმელი ფასონით ან ზომით გიხდებათ - მაშინვე შეგიძლიათ მოიშოროთ ეს ნივთი - ის სხვისია.

არჩევის ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი მდგომარეობს ერთ მარტივ ფრაზაში: თუკი საკუთარი თავის დარწმუნება გიწევთ, ეს ნიშნავს, რომ ნივთი სხვისია. იცოდეთ, რომ თუ ნივთი თქვენია, არ მოგიწევთ საკუთარი თავის დარწმუნება.

და ბოლოს, ღირს თუ არა, რომ არჩევის პროცესში სხვების აზრს მოუსმინოთ? ვფიქრობ, არ ღირს. ვერავინ, თქვენს გარდა, ვერ შეძლებს სწორედ თქვენი ნივთის არჩევას. თუკი იგი უპირობოდ მოგეწონათ, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, სხვები აღტაცებულნი იქნებიან, როცა ამ ტანსაცმელს თქვენზე იხილავენ.

ფასებზე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა: სულაც არაა აუცილებელი, რომ თქვენი ნივთი ძვირადღირებულ მაღაზიებში იდოს. მაგრამ თუ აქამდე მივიდა საქმე, ტრანსერფინგი იმაშიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან ფულის პრობლემა მოიშოროთ. თუ თქვენს მიზანს განსაზღვრავთ და მის მის მიღწევას ეცდებით, და არა ფულის შოვნას, მაშინ ფული თავისით მოვა, თანაც უხვად.

როგორც ხედავთ, ნივთების არჩევის პროცესი ტრანსერფინგის ყველა ძირითად პრინციპს მოიცავს. თქვენ მაღაზიაში ისე დადიხართ, როგორც გამოფენაზე, უბრალოდ აკვირდებით და არ უსახავთ საკუთარ თავს ამოცანას, რომ აუცილებლად იპოვნოთ რაღაც. შესაბამისად, თქვენ უარს ამბობთ მიზნის მიღწევის სურვილზე. მშვიდად აცნობიერებთ, რომ თქვენი ნივთი სადღაც გელოდებათ, და ზუსტად იცით, თუ როგორ გამოარჩიოთ იგი სხვებისგან. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა. თქვენ იღვიძებთ მაშინვე, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიღებულია და საკუთარ თავს ანგარიშს უწევთ, თუ როგორ ხდებოდა ყველაფერი.

გამოდის, რომ თქვენ გაცნობიერებულად მოქმედებთ და თავად განსაზღვრავთ თამაშის სცენარს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი სულიერი კომფორტის მდგომარეობას ეყრდნობით. არ შეცდებით, რადგან საიმედო საყრდენი გაქვთ - სულისა და გონების ერთობა. და ბოლოს, თქვენ გარკვეულწილად გაიმარტივებთ ამოცანას, თუ მკაცრად დაგეგმვას არ დაიწყებთ, საკუთარ თავს ვალდებულებებში არ გახლართავთ და ჯიუტად არ მიაწვებით თქვენს ხაზს, არამედ ვარიანტთა დინებას მიენდობით. ცხოვრება - ეს მსუბუქი ზეიმია, თუკი ამის საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას.

აი, ახლა უკვე გაქვთ მარტივი და ძლიერი ტექნიკა. შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ მაღაზიაში, და მაშინაც კი, თუ ამ დღეს ვერაფერი იყიდეთ, ეს ნიშნავს, რომ სხვა ნივთისგან გადაირჩინეთ თავი. მშვიდი და თავდაჯერებული იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ნივთი სადღაც დევს და გელოდებათ. თქვენ მას აუცილებლად იპოვით. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ მანამ, სანამ თქვენს ბაგეებს „კი“ ან „არა“ მოწყდება, უნდა გაიღვიძოთ და ანგარიში გაუწიოთ საკუთარ შეგრძნებებს.

იმ შემთხვევაში, როცა ტანსაცმელს თქვენთვის კი არა, მაგალითად, ბავშვისთვის ირჩევთ, მოცემული ტექნიკა არ იმუშავებს. უფრო სწორად იმუშავებს, მაგრამ არა ასეთი სიზუსტით. თქვენი სული ვერ შეძლებს ნივთის არჩევას სხვა სულისთვის. ამიტომ აქ მხოლოდ ისღა დაგრძენიათ, რომ პრაქტიკულობით იხელმძღვანელოთ. მაგრამ ამავდროულად, საშუალება მიეცით ბავშვს, რომ თავად აირჩიოს ნივთი. დიდებისგან განსხვავებით, ბავშვებს შეუძლიათ თავისი ნივთების პოვნა.

რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა გამოყენებადია არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევებშიც. როცა თქვენთვის რაღაცის არჩევა გიწევთ. და მე ვიმედოვნებ, რომ წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ - თქვენია.

 


 

tilda

როგორ ვუკარნახოთ მოდა

გინდათ, რომ თავად იყოთ მოდის ფუძემდებელი? ადრე ხომ იმას აქცევდით ყურადღებას, თუ როგორ იცვამდნენ სხვები და ცდილობდით, რომ მოდისთვის აგეწყოთ ფეხი. მაგრამ თავში არ მოგდიოდათ, ვინ ქმნის ამ მოდას. ამგვარად, მოდა წამყვანი კუტიურიეების სალონებში არ იბადება - ისინი მხოლოდ აიტაცებენ ხოლმე მას. მოდის ახალი ტენდენციები იმ ადამიანების მიერ იქმნება, რომლებიც შედარებით თავისუფალნი არიან ქანქარებისგან. ეს ადამიანები მხოლოდ თავისი დამოუკიდებელი შეხედულებებით და გემოვნებებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ მოდის ფუძემდებლები ხდებიან. ისე იცვამენ, როგორც გული კარნახობთ, და ეს ზუსტად ხვდება მიზანში. შემდეგ ამ იდეას სხვები ამჩნევენ, იტაცებენ და სპონტანურად ავრცელებენ.

თუ მოდას ბრმად მიყვებით, შეიძლება საფუძვლიანად დაამახინჯოთ თქვენი გარეგნობა. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ ელეგანტურ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ იცვამენ მოდის მიხედვით. სამაგიეროდ მაშინვე ჩანს, რომ ამაში არის რაღაც, და არავის მოუვა თავში, რომ უგემოვნობაში დასდოს მათ ბრალი. და პირიქით, გამუდმებით გვხდებიან არსებები, რომლებიც ყველანაირი მოდის მიხედვით იცვამენ, მაგრამ საცოდავად გამოიყურებიან, იმიტომ, რომ ეს მათ საერთოდ არ უხდებათ. მიმბაძველები ბრმად მიჰყვებიან შინაგანი განზრახვის გზას სხვისი მიზნისკენ, რომელიც მოდის ქანქარას მიერაა განსაზღვრული. ისინი არ უფიქრდებიან თავიანთ გემოვნებას და ემორჩილებიან ქანქარას წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“. აქ მინდა მოვიყვანო ფრანგული გამოთქმა: „ნუ შეგეშინდება, რომ არამოდურად გამოიყურებოდე - გეშინოდეს, რომ სასაცილოდ გამოიყურებოდე“.

მოდის გარეგნული მხარე - სტილია, ხოლო შინაგანი არსი - ისაა, რაც კონკრეტულად თქვენ შეგეფერებათ მოცემული სტილის კონტექსტში. აუცილებელია მხოლოდ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ, რა გსურთ: მუდურად გამოიყურებოდეთ თუ ელეგანტურად? ეს ერთი და იგივე არაა. და რომელია თქვენი აზრით უკეთესი? შესაძლოა საერთოდ არ იყოთ თქვენი ეპოქის სტილში ჩაცმული, მაგრამ თუ ეს თქვენია, ყველა შურით მოკვდება!

თქვენ ალბათ მიხვდით, რომ მოდის მიყოლა სხვა არაფერია, თუ არა მოდის ქანქარას თამაშში მონაწილეობა. მოდის გავლენები სწრაფად ჩნდება და სწრაფადვე ქრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მცირევადიანი ქანქარაა. არაფერია საშიში, თუ ამ ქანქარას გავლენის ქვეშ მოხვდით. მთავარია, რომ აცნობიერებდეთ ამას და თქვენთვის ნახულობდეთ სარგებელს მოდიდან, და არა ისე, რომ უბრალოდ ძღვენს აძლევდეთ მას.

თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ შექმნათ მოდის საკუთარი ქანქარა. ეს ძალიან მარტივად კეთდება. საჭიროა, რომ ზურგი აქციოთ ქანქარას და საკუთარი თავისკენ შემობრუნდეთ. დაისახეთ მიზანი, რომ საინტერესოდ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. არაფრის კონკრეტიზაცია არაა საჭირო. უბრალოდ იარეთ მაღაზიებში და ათვალიერეთ ნივთები ზემოთმოყვანილი მეთოდის შესაბამისად. დაივიწყეთ მიმდინარე მოდა. ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ შეგრძნებებს, რომლებსაც განიცდით, როცა ნივთს უყურებთ. გამორთეთ თქვენი ანალიტიკური აპარატი. შეწყვიტეთ ფიქრი, შედარება და საერთოდ განსჯა. როგორც კი გამოიჭირეთ თავი იმაზე, რომ გაანალიზებას ცდილობთ, მაშინვე შეწყვიტეთ ეს უსარგებლო პროცესი. უსმინეთ დილის ფოთლების შრიალს.

სავარაუდოდ მაშინვე არ გამოგივათ. მიეცით საკუთარ თავს განუსაზღვრელი დრო და უარი თქვით საკუთარი მიზნის რეალიზაციის სურვილზე. რადგან თუ არაფერი გამოგივათ, არც არაფერს კარგავთ. გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი მიზნის მიღწევის ვალდებულებისგან. დააგდეთ მნიშვნელოვანობა და მოადუნეთ მოჭიდება. უბრალოდ იარეთ და ათვალიერეთ ნივთები, მოისინჯეთ ისინი ცნობისმოყვარეობისთვის. მიენდეთ ვარიანტთა დინებას.

სასარგებლო იქნება, თუ ამავდროულად გონებაში თქვენი მიზნის სლაიდს ატრიალებთ. თუმცაღა ეს არ უნდა იყოს კონკრეტული სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებით. სლაიდი უნდა შედგებოდეს შეგრძნებებისგან, რომლებსაც მაშინ განიცდით, როცა ყურადღებას იპყრობთ და ელეგანტურად, საინტერესოდ გამოიყურებით.

უარი თქვით რაღაც განსაკუთრებულის პოვნის სურვილზე. ექსტრაორდინალურობა სულაც არ წარმოადგენს წარმატების გარანტიას. დამიჯერეთ, თქვენ ისედაც მოგიწევთ მოულოდნელი აღმოჩენების გაკეთება. გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე ორიგინალურ გადაწყვეტას. როგორც კი სულისა და გონების ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენ შეუდარებელ გრძნობას განიცდით. ეს იქნება გაკვირვებისა და აღტაცების ნაზავი. მაშინვე მიხვდებით ამას, მაგრამ საკუთარ თავს არ ეტყვით: „ეს ისაა, რაც მჭირდება“. თქვენ მოგინდებათ, რომ რაღაც ამდაგვარი წამოიძახოთ: „შეუძლებელია! გავგიჟდები!“ მოკლედ, ასეა. თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ განთავისუფლდით ქანქარების ზეგავლენისგან და თქვენი გზით წახვედით. და რას აკეთებენ ქანქარები, როა ხედავენ, რომ ცის თაღზე ახალი ვარსკვლავი ამოდის? როგორც წინა თავიდან იცით, ისინი ანთებენ მას. მათ უბრალოდ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ვარსკვლავად, ანუ თავიანთ ფავორიტად გაქციონ. ქანქარები ცდილობენ, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ ჰყავდეთ, ამიტომ დაგეხმარებიან კიდეც. ხოლო თუ გაგიმართლებთ, თქვენს ქანქარას შექმნით და მისი ფავორიტი გახდებით.

ყველაფერი ზემოთ თქმული, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხება. იგივე პრინციპები შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ეს პრივილეგიაა - იყო ის, ვინც ხარ! და ეს სწორედ ის პრივილეგიაა, რომლის უფლებაც ყველამ შეიძლება მისცეს საკუთარ თავს. მაგრამ გამბედაობა ამისთვის მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით. ამის მიზეზი მხოლოდ ერთია - ძლიერი დამოკიდებულება ქანქარებზე. ქანქარებს დამჯერი მარიონეტები სჭირდებათ, და არა თავისუფალი პიროვნებები. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ გააცნობიეროთ ეს, განთავისუფლდეთ ქანქარების გავლენისგან და გახდეთ ის, ვინც ხართ.

სხვა სიტყვებით, თქვენმა გონებამ თავისი აღნიშვნების სიაში ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა შეიტანოს: ყველა ფლობს ძვირფას განძს - საკუთარი სულის უნიკალურობას. ყოველ ადამიანს აქვს თავის ჯიბეში წარმატების გასაღები, და მიუხედავად ამისა არ იყენებს მას. დაე, თქვენმა გონებამ ხელი ჩაჰკიდოს თქვენს სულს, წაიყვანოს მაღაზიაში და საშუალება მისცეს, რომ მან თავად აირჩიოს სათამაშო.

სულისა და გონების ერთობა ისეთი იშვიათობაა, რომ ამის გაყიდვა, მარტივად რომ თქვათ, სასარგებლოა. კულტურისა და ხელოვნების ყველა შედევრი - ამ ერთობის გამოვლინებაა. ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ ხდებიან ვარსკვლავები, რომ ადამიანებს ის აინტერესებთ, რაც თვითონ აკლიათ - სულისა და გონების ერთობა.

 


 

crossroads111222

სხვების მიზნები

აქამდე ჩვენ განვიხილავდით გარე სამყაროს ადამიანისთვის, როგორც ვარიანტთა სივრცეს სექტორებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ცხოვრების ხაზებში. თუ ადამიანის აზრობრივი გამოსხივების ენერგიის პარამეტრები სექტორის პარამეტრებს ემთხვევა, მაშინ სექტორი მატერიალურ რეალიზაციად ვლინდება. თუმცაღა თავად ადამიანიც ენერგეტიკული თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ არსებას, რომელსაც გამოსხივების თავისი უნიკალური სპექტრი აქვს. ყოველ ინდივიდს ვარიანტთა სივრცეში „თავისი“ ცხოვრების ის ხაზები აქვს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებიან მისი ცხოვრების ფრეილეს.

ცხოვრების თავის ხაზებზე ადამიანი დაბრკოლებების მინიმუმს ხვდება, და ყველა ვითარება მის სასარგებლოდ ლაგდება. ადამიანის სულის ფრეილე წარმატებით ეწყობა ცხოვრების თავის ხაზს და ადვილად აღწევს თავის მიზანს. ზუსტად ასევე თავისი გასაღები ადვილად ტრიალდება კლიტეში და დახურულ კარს აღებს. ჩვენთვის არაა აუცილებელი, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ და როგორ ხდება ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თავად ფაქტს, რომ რომ ყოველ ადამიანს თავისი ღერძი გააჩნია. თუ ადამიანი მიზნისკენ თავისი კარიდან შედის, მას ყველაფერი წარმატებით ულაგდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გზიდან გადაუხვია, მას თავს ატყდება ყველა შესაძლო პრობლემა, და ცხოვრება იქცევა მძიმე ბრძოლად არსებობისთვის. სულისთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა. თქვენ ხომ ბრაზდებით, როცა დასვენების დღეებში ცუდი ამინდია? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობს სული, როცა ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი სანაგვეზე მიდის.

სული ხედავს, რომ ქანქარებით გატაცებული გონება მთელ ცხოვრებას ინგრევს, მაგრამ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. გონებამ, შემოდის რა ამ სამყაროში, ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს, რა სურს, რისკენ ისწრაფვოს. სულმა ზუსტად თუ არ იცის, ყოველ შემთხვევაში ხვდება მაინც, მაგრამ გონება მას არ უსმენს. ქანქარები მაშინვე ამუშავებენ გონებას, თავს ახვევენ თავის მიზნებს და თამაშის წესებს. ქანქარები აიძულებენ ადამიანებს, რომ სხვების მიზნები აირჩიონ და სხვების კარებებთან დააყენონ რიგები. სუსტი მცდელობები სულისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს გონებაზე, უშედეგოდ მთავრდება, იმდენად დიდია ქანქარების ზეგავლენა.

ბევრი ჩვენგანს ბავშვობიდან შთააგონებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ შეუპოვარი შრომით შეიძლება. და კიდევ, საჭიროა დაჟინებით იარო საკუთარი მიზნისკენ და გადალახო წინააღმდეგობები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა ბრძოლა, შეუპოვრობა, მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა, და საერთოდ, მზის ქვეშ საკუთარი ადგილის მოპოვება. ეს ძალიან მავნე და ცრუ სტერეოტიპია.

მოდი გავარკვიოთ, როგორ გაჩნდა ეს სტერეოტიპი. როგორც წესი, ადამიანი ქანქარების ზეგავლენის ქვეშ ხვდენა და თავისი გზიდან უხვევს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მის გზაზე მრავალი წინააღმდეგობა ჩნდება, ამიტომ უწევს, რომ ეს წინააღმდეგობები გადალახოს. სცადეთ გამოიცნოთ, რაში ცდება ეს ადამიანი? იმაში, რომ იგი სხვისი მიზნისკენ მიდის სხვისი კარის გავლით? არა. პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდება თქვენთვის, ისევე, როგორც ყველაფერი ამ წიგნში.

ადამიანი იმაში ცდება, რომ მას აქვს ცრუ რწმენა: „თუ მე წინააღმდეგობებს გადავლახავ, იქ, წინ, ბედნიერება მელოდება“. ეს ილუზიაა და მეტი არაფერი. წინ არანაირი ბედნიერება არაა! რაც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, იგი ყოველთვის ჩამავალი მზის მადევარის მდგომარეობაში იქნება. სხვისი ცხოვრების ხაზზე ადამიანს არანაირი ბედნიერება არ ელოდება, არც უახლოეს, და არც შორეულ მომავალში.

ბევრი ადამიანი, რომელმაც მიზნებს დიდი შრომით მიაღწია, არაფერს გრძნობს გარდა გამოცარიელებისა. მაშ, სად ჯანდაბაში წავიდა ბედნიერება? ის იქ არც ყოფილა, რადგან ეს მირაჟი იყო, შექმნილი ქანქარების მიერ იმისთვის, რომ ადამიანს მათთვის ენერგია მიეცა, ილუზორული ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წინ არანაირი ბედნიერება არაა. იგი ან აქ და ახლაა, ცხოვრების მიმდინარე ხაზზე, ან საერთოდ არაა.

რაში მდგომარეობს ბედნიერება ტრანსერფინგის მოდელში? იქნებ, ის მაშინ მოვა, როცა სწორედ ჩვენს მიზანს მივაღწევთ? კვლავაც ვერ გამოიცანით. ბედნიერება მოდის საკუთარი მიზნისკენ სვლისას, საკუთარი კარით. თუ ადამიანი ცხოვრების თავის ხაზზე იმყოფება, თავისი ღერძი გააჩნია, მაშინ იგი ბედნიერებას უკვე ახლა გრძნობს, მაშინაც კი, თუ მიზანი ჯერ კიდევ წინაა. ამ დროს ცხოვრება ზეიმად იქცევა. როცა მიზანი მიღწეულ აღმოჩნდება, ეს ორმაგი სიხარული იქნება. თუმცაღა უკვე თავად მიზნისკენ სიარული აქცევს ყოველ დღეს ზეიმად. სხვისი მიზნისკენ სიარული ზეიმს ყოველთვის ილუზორულ მომავალში ტოვებს. სხვისი მიზნის მიღწევას, ბედნიერების ნაცვლად იმედგაცრუება და დაცარიელება მოაქვს.

თქვენი მიზანი - ეს ისაა, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ. ეს არაა ის, რასაც დროებითი კმაყოფილება მოაქვს, არამედ ისაა, რაც სიცოცხლით სიხარულის შეგრძნებას იძლევა. თქვენი კარი - ესაა თქვენი მიზნისკენ მოძრაობის გზა, რომლითაც შთაგონებული და გატაცებული ხართ. ვერ ვიტყვით, რომ იქ ყოველთვის ყველაფერი ადვილად გვეძლევა. მთავარია, რომ თქვენი კარის გზით მოძრაობა არ გაცარიელებთ, არამედ პირიქით, ძალების მოზღვავებას იწვევს.

თუ საკუთარი მიზნისკენ საკუთარი გზით მიდიხარ, წინააღმდეგობები ადვილად გადაილახება, და შრომაც არაა მძიმე. ხოლო თუკი მიზნისკენ გზაზე მთელ ძალისხმევას დებთ, შთაგონების გარეშე შრომობთ და იღლებით, ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენი მიზანი არაა, ან სხვა კარის შემტვრევას ცდილობთ. ჩამოვთვალოთ სხვების მიზნების დამახასიათებელი ნიშნები.

სხვისი მიზანი - ეს ყოველთვის საკუთარ თავზე ძალადობაა, იძულებაა, ვალდებულებაა. თუ თქვენს მიზანში თუნდაც მცირე იძულების აუცილებლობას ხედავთ, შეგიძლიათ თამამად თქვათ მასზე უარი. თქვენ არ დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, თუკი მიზანი მართლაც თქვენია. თქვენი მიზნისკენ სიარული სასიამოვნოა. მისი მიღწევის პროცესი სიამოვნებას განიჭებთ. სხვისი მიზნისკენ მიდიხართ და ამ დროს მრავალი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ. გზა სხვისი მიზნისკენ - ეს ყოველთვის ბრძოლაა. ქანქარას სჭირდება, რომ თქვენ მკაცრად ზუსტად შეასრულოთ თქვენი, როგორც ჭანჭიკის სამუშაო მთელი მექანიზმის საკეთილდღეოდ. თქვენთვის ძნელია, მაგრამ მაინც გააკეთებთ ამას, რადგან ქანქარებმა შთაგაგონეს, რომ ყველაფერი მხოლოდ მძიმე შრომით მიიღწევა. თუ მაგარი ხარ, უნდა გადალახო შენი თავი, ყველა დაბრკოლება უნდა გაანადგურო შენ გზაზე, ცეცხლი და წყალი უნდა გაიარო და მზის ქვეშ ადგილი მოიპოვო. ხოლო თუ სუსტი ხარ, იცოდე შენი ადგილი და გაჩუმდი.

სხვისი მიზანი მოდისა და პრესტიჟის სახით ვლინდება. ქანქარებს სჭირდებათ, რომ ცხოვრების უცხო ხაზებში მიგიტყუოთ, ამიტომ ისინი მთელი ძალით ეცდებიან ამას. სტაფილო ძალიან მადისამღძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, და მაშინ გონება მას გაეკიდება. ქანქარებს არ შეუძლიათ, რომ ყველა შემთხვევაში გაიძულონ შესრულება წესისა: „გააკეთე ისე, როგორც მე“. თქვენ თავად უნდა მოგინდეთ ეს. ამისთვის იქმნება მითები ვარსკვლავების წარმატებული კარიერის შესახებ. თქვენს წინაშე ახდენენ მათი წარმატების ალგორითმის დემონსტრირებას და გაყენებენ არჩევანის წინაშე: თქვენ ან სხვის გამოცდილებას იმეორებთ, ან ხელცარიელი რჩებით. თქვენ საიდან უნდა იცოდეთ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას? აი, მათ კი იციან, შედეგი სახეზეა. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ აღწევენ მიზანს, რომ ამტვრევენ წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“, და თავისი გზით მიდიან. თქვენი წარმატების ალგორითმი არავისთვის არაა ცნობილი, გარდა თქვენი სულისა.

სხვისი მიზანი თავისი მიუწვდომელობით გიზიდავთ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი იზიდავს, რასაც კლიტე ადევს. მიუწვდომლობა ფლობის სურვილს აღძრავს. ადამიანის ფსიქიკის ასეთი თავისებურება ბავშვობიდან მოდის, როცა ბევრი გინდა, მაგრამ ძალიან ცოტაა მისაწვდომი. ხშირად ხდება ისე, რომ თუ სათამაშოზე უარს ეუბნებიან, ბავშვი მანამდე გაიჭაჭება, სანამ არ მიიღებს მას, შემდეგ კი მაშინვე კარგავს მისადმი ყოველგვარ ინტერესს. ზრდასრულებს სხვა სათამაშოები აქვთ, მაგრამ ისინიც ბავშვებივით იქცევიან. მაგალითად, ზრდასრულ ბავშვს არც ხმა აქვს და არც სმენა, მაგრამ ეჩვენება, რომ სიმღერა უყვარს. სინამდვილეში მას არ სურს შეეგუოს იმას, რომ ეს მისი ძლიერი მხარე არაა. სხვებს ასე კარგად გამოსდით და მე რით ვარ მათზე უარესი? მოიშორეთ მიზნის მნიშვნელოვანობა და უპასუხეთ კითხვას: მართლა მთელი სულით გსურთ, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ? თუკი მიზნის მიღწევის გზით გინდათ, რომ საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცოთ რამე, ეს ნიშნავს, რომ მიზანი თქვენი არაა. თქვენი მიზანი კისერზე მძიმე გირივით არ გკიდიათ, იგი უბრალოდ ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ.

სხვის მიზანს სხვები გახვევენ თავს. თქვენს გარდა ვერავინ განსაზღვრავს თქვენს მიზანს. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად მოისმინოთ „მცოდნე ადამიანების“ ჭკუის სწავლებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. გააკეთეთ თქვენი დასკვნები და მოიქეცით ისე, როგორც იცით. მაგრამ როგორც კი ვიღაც დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას, თუ საითკენ უნდა ისწრაფვოდეთ, მაშინვე უკუაგდეთ ასეთი უხეში შემოჭრა თქვენს სულში. მას ისედაც ჰყოფნის საკუთარივე გონების ბოდვითი იდეები. ვერავინ მიგითითებთ თქვენს მიზანზე. თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი - შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა. როგორც გახსოვთ, შემთხვევითი ფრაზები შეიძლება ნიშნები იყვნენ. ნიშანს მაშინვე იგრძნობთ. ვიღაცის წინასწარ განუზრახველმა ფრაზამ შესაძლოა თქვენს სულში ცეცხლი აანთოს. თუ თქვენს მიზანს შეეხნენ, სული ცოცხლდება, და თქვენ უეცრად აცნობიერებთ, რომ ეს „ისაა, რაც გჭირდებათ“. მაგრამ ეს ის შემთხვევა უნდა იყოს, როცა არ ცდილობენ რამეში დაგარწმუნონ ან ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენონ, არამედ უბრალოდ, სასხვათაშორისოდ აკეთებენ რაიმე შენიშვნას ან რეკომენდაციას გაძლევენ.

სხვისი მიზანი სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. თუ მიზანს თქვენს ცხოვრებაში გაუმჯობესება არ მოაქვს, ე.ი. იგი თქვენი არაა. თქვენი მიზნები ყოველთვის თქვენზე მუშაობენ, თქვენს კეთილდღეობაზე და წარმატებაზე. თქვენი მიზანი მხოლოდ თქვენ გჭირდებათ. თუკი იგი პირდაპირ ემსახურება სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სხვისი კეთილღეობის გაუმჯობესებას, ე.ი. მიზანი სხვისია. ქანქარები ნებისმიერი სათნო საბაბით ეცდებიან, რომ სხვებისადმი მსახურება გაიძულონ. მეთოდები მრავალნაირია. ადამიანებზე, გამძაფრებული დანაშაულის გრძნობით, ჩვეულებრივ მოქმედებენ სიტყვები: „ვალდებული ხარ, უნდა, საჭიროა“. ასეთები მართლაც პოულობენ შვებას თავიანთი წარმოსახვითი ცოდვების გამოსყიდვით. სხვებზე შეიძლება იმოქმედოს ლოზუნგმა: „თქვენს დახმარებას საჭიროებენ“. და ესეც მუშაობს. როგორც ხვდებით, მსგავსი მეთოდები შინაგან და გარეგან მნიშვნელოვანობაზე დგანან. უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ და არავის წინაშე ვალდებული არ ხართ. სხვებს ვერ გახდით ბედნიერს. სამაგიეროდ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ავნოთ მათ, თუკი თავად იქნებით უბედური.

სხვისი მიზანი სულიერ დისკომფორტს იწვევს. ცრუ მიზნები, როგორც წესი, ძალიან მიმზიდველია. თქვენი გონება გულმოდგინედ ეცდება, რომ ყველა ფერში დახატოს მიზნის ყველა შესაძლო ღირსება. მაგრამ თუ მიზნის მიმზიდველობის მიუხედავად თქვენ რაღაც გრთგუნავთ, საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, გონებას არაფრის გაგეონება არ სურს: ყველაფერი მშვენივრადაა. მაშინ საიდან მოდის დისკომფორტის ჩრდილი? მე გავიმეორებ მნიშვნელოვან წესს წინა თავიდან: მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ და ყველაფერმა ჩაიარა. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას თუნდაც მცირე საფრთხის ან სიმძიმის შეგრძნება ერევა, ეს ნიშნავს, რომ სულიერ დისკომფორტს განიცდით. ღირს კი სხვის მიზანთან დაკავშირება? თქვენი მიზანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება და კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, და ამასთან სულიერი დისკომფორტი საერთოდ არ გექნებათ. საჭიროა მხოლოდ, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და იპოვოთ იგი.

თუკი არ გაკმაყოფილებთ თქვენი ადგილი ამ სამყაროში, ან წარუმატებლობების მთელი კასკადი გდევნით, ეს ნიშნავს, რომ თავის დროზე დესტრუქციული ქანქარების გავლენის ქვეშ მოექეცით და სხვისი მიზნისკენ, სხვისი კარით წახვედით. სხვისი მიზნები დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვენ. თქვენი მიზნები, პირიქით, თითქოს თავისთავად მიიღწევიან. სხვების მიზნები და კარებები ყოველთვის ტანჯვისთვის გწირავენ. იპოვეთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი, და მაშინ ყველა პრობლემა გაქრება.

თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „თუ არ ვიცი, რა მინდა, როგორ გავიგო?“ გისვამთ შემხვედრ კითხვას: ერთხელ მაინც სერიოზულად დაფიქრებულხართ ამაზე? რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანების უმეტესობა იმდენად ზრუნავს ქანქარების საქმეებზე, რომ ბორბალში მოტრიალე ციყვებივით არიან და დროს ვერ პოულობენ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სულისთვის. კითხვებს იმაზე, თუ რა უნდათ სინამდვილეში ცხოვრებისგან, ადამიანები სწრაფად, გაუაზრებლად, პრობლემების წნეხის ქვეშ პასუხობენ. არ არის საჭირო საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკმარისია თუნდაც ცოტა ხნით დამშვიდდეთ, განმარტოვდეთ, და დილის ვარსკვლავების შრიალს მოუსმინოთ.

და თუ საერთოდ არაფერი გინდებათ? ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი უკიდურესად დაბალია. დეპრესიის, აპათიის მდგომარეობა - აშკარად მოწმობს იმაზე, რომ ენერგია მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის გყოფნით. მაშინ გჭირდებათ, რომ ენერგეტიკა აიმაღლოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ჯანმრთელობისა და ენერგიის შესახებ თავში წაიკითხავთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ისედაც წესრიგშია, ე.ი. უბრალოდ არ იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. შეუძლებელია, რომ თქვენს სულს არაფერი არ უნდოდეს. თქვენ უბრალოდ არ ძალგიძთ, რომ უსმინოთ მას.


 

1111

სტერეოტიპების მსხვრევა

მიუხედავად იმისა, რომ ქანქარების შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მინდა მოვიყვანო ახალი მაგალითები იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მათ - გზიდან გადაგვახვევინონ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: სხვის მიზანს ხომ არ გახვევთ თავს ქანქარა რაიმე სასიკეთო საბაბით? მაგალითად, „კეთილ სულს“ დახმარებისთვის უხმობენ. ესენი შეიძლება იყვნენ დაუცველი ცხოველები, დაჭრილი ჯარისკაცები, მშიერი ბავშვები, ან კიდევ სხვა ვინმე, ვისაც თქვენი ზრუნვა ესაჭიროება. ან სადმე თავისუფლებისთვის იბრძვიან, და იქ თქვენი მამაცი გულია საჭირო. კეთილი გული მაშინვე ისწრაფვის იქ, სადაც იგი სჭირდებათ.

სინამდვილეში ეს „კეთილი სული“ კი არა, „კეთილი გონებაა“, ამასთან, კეთილი კი არა, უბრალოდ უსულოა. ამ გონებამ დაივიწყა საკუთარი სული და სხვების სულის გადარჩენა გადაწყვიტა. ეს იგივეა, რომ საკუთარი შვილები გაწირო და სხვებს დაეხმარო. „კეთილმა გონებამ“ თავისი სული ფუტლიარში გამოამწყვდია და ერთი-ერთზე დარჩა თავის „გონივრულ“ აზრებთან. შეიქმნა შინაგანი სიცარიელე, და საჭიროა მისი რაღაცით ავსება.

ქანქარები მაშინვე გთავაზობენ კომპენსაციის ყოველგვარ შესაძლო სახეებს. თქვენ გაჩვენებენ საშუალებათა ძალიან ფართო ასორტიმენტს იმისთვის, რომ ენერგია სხვების დასახმარებლად დახარჯოთ. მაგრამ ნუთუ იმის გამო არ ეხმაურება ადამიანი სხვების მოწოდებებს, რომ თვითონ შიგნით სიცარიელე აქვს? იმას, რასაც საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები სიკეთედ და გულისხმიერებად ასაღებენ, სინამდვილეში შეიძლება სულიერი სიცარიელე იყოს. გონების სულიერი სიცარიელე სხვებზე დახმარებით კომპენსირდება, მაშინ, როცა მისი სულის მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება. ქანქარებს აწყობთ, რომ სხვებზე ზრუნვა სულგრძელობად წარმოაჩინონ.

როგორც ხედავთ, ქანქარებს ოსტატურად შეუძლიათ ძალიან დამაჯერებელი სტერეოტიპების ფორმირება. მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზი დემაგოგიაა. და რას იტყვით თქვენს საკუთარ სულზე? ნუთუ თქვენი გონება სხვების გულისთვის მიატოვებს მას? ამიტომაც გირჩევთ ასე დაჟინებით, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და სული ფუტლიარიდან გამოუშვათ. როცა საკუთარ თავს შეიყვარებთ, საკუთარ მიზანსაც იპოვით. თქვენი მიზნისკენ გზაზე ბევრ ჭეშმარიტად კეთილ და სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. და რა თქმა უნდა, გაჭირვებულებს და უბედურებსაც დაეხმარებით, რადგან დიდი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

მაგრამ სანამ თქვენს მიზანს არ განსაზღვრავთ, ძალიან თავშეკავებული იყავით ნებისმიერი მოწოდების მიმართ. თქვენი შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე უნდა იყოს. ქანქარებს განსაკუთრებით სჭირდებათ თქვენი ენერგია თავიანთი ბრძოლის დროს.

აი, ორი ქანქარა აპირებს, რომ ომი გააჩაღოს. ერთი ქანქარა თავს სამართლიან განმანთავისუფლებლად აცხადებს და ადანაშაულებს მეორე ქანქარას იმაში, რომ იგი დიქტატორი და პოტენციურად სახიფათო აგრესორია. სამართლიან ქანქარას სინამდვილეში უბრალოდ ჭირდება, რომ გადაყლაპოს თავისი კონკურენტი, დაეუფლოს მის ნავთს ან სხვა რესურსებს. მაგრამ ამაზე დუმან და თამაშდება პროპაგანდის დიდი კომპანია თავისუფლებისა და სამართლიანობის დასაცავად.

ადამიანი, რომელიც განიმსჭვალა მნიშვნელოვანობით და წამოეგო ქანქარას კაუჭზე, ეუბნება საკუთარ თავს: „მე გავანთავისუფლებ დაჩაგრულ ხალხს, მე ვაჩვენებ ამ დიქტატორს და აგრესორს!“ ამასობაში მეორე ქანქარა მიმდევრების თავის ბანაკს აყალიბებს. ქანქარა-დიქტატორი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის კარგია, ხოლო ის, ვინც თავი განმანთავისუფლებლად გამოაცხადა, სინამდვილეში არის კიდეც ნამდვილი აგრესორი. სხვა ადამიანი, მნიშვნელოვ ანობით აღვსილი, აღშფოთებისგან ცეცხლებს ყრის: „როგორ გამოაცხადეს ომი ისე, რომ მე არ მკითხეს?! ქუჩაში გავალ და ხმამაღლა გამოვაცხადებ ჩემს პროტესტს!“ იგი შეიძლება ომშიც წავიდეს და სიცოცხლე გაწიროს სხვისი თავისუფლებისთვის.

როგორც ხედავთ, როგორც ერთი, ასევე მეორე ბანაკის მიმდევრები იმ მიზეზით ერთვებიან ქანქარების ბრძოლაში, რომ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მათში მოჭარბებულია. შიგნით კი სულიერი სიცარიელეა, რომელიც საბოლოო ჯამში კი არ ივსება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მძიმდება. რას იღებენ ომში ჩართული მიმდევრები? ომის მომხრეები რწმუნდებიან, რომ ისინი მოატყუეს, რომ სინამდვილეში ეს ომი საჭირო არაა, რომ მას უბედურება მოაქვს ყველა მონაწილისთვის. მშვიდობის მომხრეები ასევე იღებენ წკიპურტს ცხვირში. სწორედ ის დაუცველი ხალხი, რომელსაც ქანქარა-აგრესორი დაესხა თავს, სწრაფად ამბობს უარს თავის დამარცხებულ ხელისუფლებაზე, და უკვე ამტვრევს მშვიდობის დამცველი ქვეყნის საელჩოს, იპარავს მის ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრესორის წინაშე კი ქვემძრომობას იწყებს.

სრულიად ცხადია, რომ ყველა მაღალი იდეალი, რომლისთვისაც იბრძვიან მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში, საპნის ბუშტებს ჰგავს. შიგნით სულიერი სიცარიელეა, გარეთ კი ცისარტყელის ფერი გარსია, გაბერილი მნიშვნელოვანობისგან. ნუთუ მთელი ეს ორომტრიალი ჭირდებათ მიმდევართა სულებს?

როცა თქვენს მიერ განსაზღვრული მიზანი გემსახურებათ არა პირადად თქვენ, არამედ სხვებს, თქვენ შეგიძლიათ მარტივი მეთოდით შეამოწმოთ იგი. თუ სხვებზე ზრუნვა გარედანაა თავსმოხვეული, მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით, ეს ნიშნავს, რომ ეს სხვისი მიზანია. ხოლო თუ სხვებზე ზრუნვა შიგნიდან, სულის სიღრმიდან მოდის, მაშინ ეს მიზანი შეიძლება თქვენი იყოს. მაგალითად: „მე უბრალოდ მიყვარს ჩემს აღსაზრდელებზე ზრუნვა, ეს საერთოდ არ მიჭირს“. ან: „მე მიყვარს ჩემი შვილები (შვილიშვილები) და მომწონს მათზე ზრუნვა, იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებიან ისინი.“ თუმცაღა, როცა ისინი გაიზრდებიან, სხვა მიზნის ძიება მოგიწევთ.

თქვენს გარდა არავის შეუძლია მიგითითოთ თქვენს მიზანზე. არსებობს საკუთარი მიზნის პოვნის მხოლოდ ერთი მეთოდი: გადააგდოთ მნიშვნელოვანობა, ზურგი აქციოთ ქანქარებს და მიმართოთ საკუთარ სულს. გიყვარდეთ პირველ რიგში საკუთარი თავი და იზრუნოთ პირველ რიგში საკუთარ თავზე. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი მიზნისკენ მიმავალი გზის პოვნა.

გონების შეცდომა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მაშინვე ცდილობს შეაფასოს მიზნის მიღწევის რეალურობა და წინასწარ გამოითვალოს ყველა მეთოდი და საშუალება. ყველაფერი ხომ გონივრული უნდა იყოს. თუ მიზნის მიღწევის რეალურობა ეჭვქვეშაა, მაშინ მიზანს ან პრინციპში უარვყოფთ ხოლმე, ან შორეულ ყუთში ვინახავთ. ასეთი განწყობით ადამიანი ვერასოდეს ახერხებს, რომ ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე განეწყოს. პირიქით, როცა მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრობს, ადამიანი წარუმატებლობის ხაზზე განეწყობა ხოლმე. აზრებში ხომ მარცხის ყველა შესაძლო სცენარი თამაშდება. მიზანი ვერ იქნება მიღწეული ჩვეულებრივი საშუალებებით, და სასწაულიც არ მოხდება. ძნელად მისაღწევი მიზანი მართლაც იშვიათად რეალიზდება ჩვეული მსოფლმხედველობის ფარგლებში, და ეს სინამდვილეში სწორედ ასეც უნდა იყოს, რადგან დაეჭვებულის პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება მიზნობრივ ხაზს.

სასწაული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვეულ სტერეოტიპს დაამსხვრევთ და იფიქრებთ არა მიღწევის საშუალებებზე, არამედ თავად მიზანზე. მაშინ ის, რაც მანამდე არარეალური გეჩვენებოდათ, უეცრად სხვა მხრიდან გამოავლენს თავს. მოულოდნელად, თითქოს შემთხვევით, მიზნის მიღწევის სრულიად რეალური გზა გაიხსნება. ჩვეულ მსოფლმხედველობაში ეს გამოიყურება, როგორც სასწაულებრივი დამთხვევა. ასეთ შემთხვევაში გონებას მხოლოდ ისღა დარცენია, რომ ხელები გაკვირვებისგან გაშალოს: „საიდან უნდა მცოდნოდა?!“

ტრანსერფინგის თვალსაზრისით აქ არანაირი სასწაული არ ხდება. თქვენ უბრალოდ განეწყვეთ მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე, მოიპოვეთ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანმა განზრახვამ ცხოვრების ამ ხაზზე გადაგიყვანათ. იქ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ახალი კარებები იხსნება, რომლებზეც წინა ხაზზე ყოფნისას ვერც კი იეჭვებდით.

ადამიანები იმდენად მიეჩვივნენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებულ ღირებულ გამოცდილებად აღიქვამენ მათ. სინამდვილეში სტერეოტიპების ფორმირებას ქანქარები ახდენენ, ადამიანები კი მხოლოდ იძულებით ეთანხმებიან მათ. მთელი საზოგადოება ეფუძნება ქანქარებს, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ და ვითარდებიან, თავიანთი კანონებით, როგორც ენერგო-ინფორმაციული არსებები, რომლებიც მიმდევრებს იმორჩილებენ. ქანქარების გავლენა ადამიანზე იმდენად დიდია, რომ მისი გონება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იბინდება და დამოუკიდებელი და გაცნობიერებული აზროვნების უნარს კარგავს.

ავიღოთ, მაგალითად, გერმანელი ნაცისტების დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი საშინელ რამეებს სჩადიოდნენ. იქნებ, ფაშისტები ძალიან სასტიკი ადამიანები იყვნენ, პათოლოგიური სადისტური მიდრეკილებებით? არა, მათი უმეტესობა ისეთივე ნორმალური ადამიანი იყო, როგორებიც ჩვენ ვართ. მათ ჰყავდათ ოჯახები, მათ უყვარდათ თავიანთ ახლობლები, და ზრუნავდნენ მათზე. როდესაც ომიდან დაბრუნდნენ, ისინი ჩაერთნენ მშვიდობიან ცხოვრებაში და ჩვეულებრივი კეთილი ბურგერები გახდნენ.

რატომაა, რომ პატიოსანი მეოჯახე, რომელიც ომში აღმოჩნდა, მხეცად იქცევა? იმიტომ, რომ მისი გონება ქანქარას გავლენის ქვეშ ექცევა. მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში ერთვებიან, და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - არ იციან რას სჩადიან. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ჩანს მოზარდების ხშირად უაზრო და სასტიკი ქცევების დროს. ახალგაზრდა და ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა განსაკუთრებით დაუცველია და ექვემდებარება ზეგავლენას. ავიღოთ ცალკე ყოველი ასეთი მოზარდი. ნუთუ ის სასტიკია? სულაც არა, და მისი მშობლები დაიფიცებენ, რომ ასეა. მაგრამ როდესაც ქანქარის ზეგავლენის ქვეშ ხვდება, მაგალითად, როცა ბრბოს ნაწილი ხდება, იგი ვეღარ უწევს საკუთარ თავს ანგარიშს იმაზე, რასაც აკეთებს. ბრბოს წევრის გონებას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძინავს, რადგანაც ქანქარას მარყუჟის მიერაა შეპყრობილი. გახსოვთ, ინდუცირებული გადასვლის მექანიზმი?

მთელი ბოროტება, სისასტიკე და ძალადობა ამქვეყნად მოდის არა ადამიანთა თითქოს მდაბალი ბუნებიდან, არამედ ქანქარების ავხორცული ბუნებიდან. ადამიანის სულმა არ იცის ბოროტება. მტელი ბოროტება გონებაშია კონცენტრირებული, როგორც ნალექი ქანქარების დესტრუქციული გავლენისგან.

ქანქარები პროვოცირებას უკეთებენ ადამიანებს, რომ იძალადონ არა მხოლოდ სხვებზე, არამედ საკუთარ თავზეც. როგორ მოგწონთ ლოზუნგი: „ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს“? იგი შეიცავს პროვოკაციას, მოწოდებას, რომ ფსონად საკუთარ კეთილდღეობას ან სიცოცხლეს ჩახვიდეთ სხვისი იდეის გულისთვის. რა თქმა უნდა, თუ იდეა სხვისი არაა, არამედ თქვენია, და რისკი გამართლებულია, შესაძლოა ღირდეს კიდეც გარისკვა. თუმცაღა არაფერია უფრო ბრიყვული, ვიდრე გაუმართლებელი რისკი, რომელიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

რისკისკენ ადამიანს ქანქარები უბიძგებენ, რადგან შიში, დაძაბულობა და აგზნება, რომლებსაც ამ დროს ადამიანი განიცდის - ესაა ქანქარების საყვარელი ენერგეტიკული საჭმელი. სიმამაცის ცრუ სტერეოტიპის გამოყენებით, ან კონკრეტული მიმდევრის მეშვეობით, ქანქარა ცდილობს, რომ გამოიჭიროს თავისი მსხვერპლი: „მაჩვენე რა შეგიძლია! ხომ არ გინდა მხდალი გამოჩნდე?“ და ადამიანი, შინაგანი მნიშვნელოვანობით აღვსილი, იწყებს რაღაცის მტკიცებას სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის. იგი ცრუ სტერეოტიპის ხაფანგშია, თავში არც კი მოსდის, რომ ვალდებული არაა ვინმეს რამე უმტკიცოს, და შეუძლია მიაფურთხოს მანიპულატორების შეხედულებებს.

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა აიძულებს ადამიანს, რომ ქანქარას სატყუარას გაჰყვეს. ცხადია, რომ გაუმართლებელი რისკი - სულაც არაა სიმამაცის გამოხატულება, არამედ ესაა მისწრაფება, რომ დაფაროს თავისი, კვლავაც, ცრუ კომპლექსები. გონება უპასუხისმგებლოდ განკარგავს თავისი სულის ცხოვრებას საეჭვო სტერეოტიპების სასარგებლოდ. საწყალი პატარა სული, მოკუნტული და შეშინებული უყურებს იმას, რასაც გათავხედებული გონება სჩადის, მაგრამ ვერაფერს ცვლის. გონება სულთან მიმართებაში საუკეთესო შემთხვევაში ქრონიკული უიღბლოსავით იქცევა, რომელიც თავის არარეალიზებულობას შინაურებზე ანთხევს, უარეს შემთხვევაში კი, როგორც მთვრალი უგონო მხეცი, რომელიც თავის დაუცველ ბავშვს ცემს.

დაე, თქვენმა გონებამ გამოიღვიძოს ყოველგვარი ილუზიისგან. მას გააჩნია შეუფასებელი, საოცარი განძი - თავისი სული. თუკი სულსა და გონებას გააერთიანებთ, თქვენ მოიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და ძალას. ნუ შეგეშინდებათ ქანქარების მიერ ფორმირებული სტერეოტიპების მსხვრევის. თქვენ მრავალი საგნის ბუნება გაგეხსნებათ ამ სამყაროში. სტერეოტიპების მსხვრევით, თქვენ დაფარულ კარებებს აღებთ.


 

Aladdin Teaser Trailer 2019 Will Smith Mena Massoud

თქვენი მიზნები

მე თავიდანვე ვვარაუდობ, რომ თქვენ უკვე გაქვთ თქვენი სანუკვარი სურვილი, და მიახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მისი მიღწევა. თუმცა, მაშინაც კი, თუ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ შეიძლება ამ სურვილის განხორციელება, ნუ შეგეშინდებათ. თუ ფლობის გადაწყვეტილება გექნებათ, ვარიანტი მოიძებნება. ყველაზე მთავარია - განსაზღვროთ თქვენი ჭეშმარიტი სანუკვარი სურვილი და მოიპოვოთ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება. განზრახვა სურვილს მიზნად აქცევს. სურვილი განზრახვის გარეშე არასოდეს სრულდება. მაგრამ ჯერ მკაფიოდ უნდა გააცნობიეროთ, რა გსურთ ცხოვრებისგან. ბუნდოვანი ფორმულირებები, მაგალითად, „მინდა მდიდარი და ბედნიერი ვიყო“ - არ მუშაობენ.

წარმოიდგინეთ, რომ ქალაქში რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე სეირნობთ. უბრალოდ ალალბედზე ხეტიალობთ. სად მიხვალთ? უცნობია. თუ დანიშნულების კონკრეტული პუნქტი გაქვთ, მაშინ ადრე თუ გვიან მიხვალთ ამ ადგილამდე, მაშინაც კი, თუ მარშრუტი ზუსტად არ იცით. ასევეა ცხოვრებაშიც: თუკი მიზანი არ გაქვთ, ე.ი. ქაღალდის ნავი ხართ მჩქეფარე მდინარეში. თუ მიზანი გაქვთ, და მისკენ ისწრაფვით, შეგიძლიათ მიაღწიოთ მას, მაგრამ შეიძლება არც მიაღწიოთ.

მიზნის მიღწევის ასპროცენტიანი გარანტია მხოლოდ ერთ შემთხვევაშია: თუ ეს თქვენი მიზანია, და მისკენ თქვენი კარით მიდიხართ. ამ შემთხვევაში ვერავინ შეგიშლით ხელს, რადგან თქვენი სულის ფრეილეს გასაღები იდეალურად ერგება თქვენი მიზნის კლიტეს. თქვენსას ვერავინ წაგართმევთ, ასე რომ პრობლემები თქვენი მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით არ გექნებათ. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ თქვენი მიზანი და თქვენი კარი იპოვოთ.

პირველ რიგში, თქვენი მიზანი არ განისაზღვრება რაღაც დროებითი მოთხოვნილებებით. იგი უნდა პასუხობდეს კითხვას: რა გინდათ ცხოვრებისგან? რა გახდის თქვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით სავსეს? მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი დანარჩენი შეგიძლიათ ქანქარების ჩენჩოებად ჩათვალოთ.

იპოვეთ ერთი მთავარი მიზანი. ერთი მთავარი მიზნის პოვნა ყველა სხვა სურვილის ასრულებას გამოიწვევს. თუ თავში არაფერი კონკრეტული არ მოგდით, თავიდან შეგიძლიათ მაგალითად, ასეთი საერთო მიზნის ფორმულირება: თქვენ ცხოვრებისგან კომფორტი და კეთილდღეობა გსურთ. რას ნიშნავს თქვენს წარმოდგენაში კომფორტი და კეთილდღეობა? სახლის, მანქანის, ლამაზი ტანსაცმლის და კომფორტული ცხოვრების სხვა ატრიბუტების მოთხოვნილება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ერთი მიზნით - მიიღოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური. მაგრამ როგორც ხვდებით, ეს მიზანიც კი არაა, არამედ კარია, თანაც განუსაზღვრელი.

მაღალანაზღაურებადი სამსახური შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კონკრეტული ფორმულირებით - გახდეთ ძალიან კარგი და უნიკალური სპეციალისტი თქვენს სფეროში. რისკენ ისწრაფვის თქვენი სული? მაგრამ ჩნდება კითხვა: შეავსებს თუ არა ეს სამსახური თქვენი ცხოვრების მთელ აზრს? თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ გაგიმართლათ - თქვენი მიზანი თქვენს კარს ემთხვევა. დავუშვათ, თქვენ სულს მეცნიერების, კულტურის ან ხელოვნების რომელიმე კონკრეტული სფერო მოსწონს. მაშინ ნებისმიერი საქმის კეთებისას აღმოჩენებს გააკეთებთ და შედევრებს შექმნით. ბედნიერება თქვენი ცხოვრების ხაზზე აქ და ახლაა, და არა სადმე მომავალში. კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი, რომლებსაც სხვები ასეთი მძიმე შრომით აღწევენ, თქვენთან თავისით მოვა, როგორც რაღაც თავისთავადი. თქვენ ხომ თქვენი გზით მიდიხართ.

თუ საქმე, თქვენთვის საყვარელიც კი, არაა ის ერთადერთი, რომელიც სიხარულს მოგიტანთ და კომფორტის ატრიბუტებით აგივსებთ ცხოვრებას, ეს ნიშნავს, რომ ეს საქმე, შეიძლება განვიხილოთ როგორც კარი, მაგრამ მიზანს მას ვერ ვუწოდებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მიზანმა ცხოვრება ზეიმად უნდა გიქციოთ - ყველა თანმხლები ატრიბუტით. ჯერ ნუ იფიქრებთ მიღწევის საშუალებებზე, ანუ კარებებზე. მთავარია მიზანი განსაზღვროთ, კარებები კი დროთა განმავლობაში თავისით გამოჩნდებიან.

უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვაზე: რა მოწონს თქვენს სულს, რა აქცევს თქვენს ცხოვრებას ზეიმად? გადააგდეთ ყოველგვარი ფიქრები მოცემული მიზნის პრესტიჟულობაზე და ძნელად-მიღწევადობაზე. თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ არანაირი შეზღუდვები. თუ არ გჯერათ, თავი მაინც მოაჩვენეთ, თითქოს ყველაფერი მიღწევადია, და საქმე მხოლოდ თქვენს არჩევანშია. არ შეგრცხვეთ და ბოლომდე შეუკვეთეთ რაც გაგიხარდებათ.

ნავი გინდოდათ? იახტაზე რას იტყვით?

ბინა გინდოდათ? კერძო სახლზე რას იტყვით?

განყოფილების უფროსობა გინდოდათ? კორპორაციის პრეზიდენტობაზე რას იტყვით?

ბევრი მუშაობა გინდოდათ ბევრი ფულის საშოვნელად? და რას იტყვით იმაზე, რომ საერთოდ არ იმუშაოთ და თქვენი სიამოვნებისთვის იცხოვროთ?

მცირე ნაკვეთის ყიდვა და სახლის აშენება გინდოდათ? რას იტყვით საკუთარ კუნძულზე ხმელთაშუა ზღვაში?

აი ასეთი „რას იტყვით?..“ შეგიძლიათ უსასრულოდ გააგრძელოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მოკრძალებულია თქვენი შეკვეთები იმასთან შედარებით, რისი მიღებაც შეგიძლიათ, თუკი თქვენი მიზნისკენ თქვენი კარით წახვალთ. რა თქმა უნდა, თუ არანაირი ასეთი ფუფუნება არ გსურთ, არამედ გინდათ, რომ მშვიდად და წყნარად იცხოვროთ, მაშინ რაში გჭირდებათ საერთოდ ეს წიგნი? თუმცა, რადგან უკვე კითხულობთ მას, ეს ნიშნავს, რომ ამ მცირედის საშუალებასაც კი არ გაძლევენ. მაშინ გამოსავალი მაინც მხოლოდ ერთია - ეძებოთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე იწრიალებთ მთელი ცხოვრება. სასტიკად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა.

ნუ ჩაიფიქრებთ სურვილს გონებით. ნუ დაგენანებათ დრო იმისთვის, რომ გაარკვიოთ - რა სურს თქვენს სულს. გამოთქმა - „ეს საჩემოა“ - უკვე საუბრობს თავის თავზე. იგი აჩვენებს არა შეხედულებას, არამედ დამოკიდებულებას. შეხედულება გონების ნაყოფია. დამოკიდებულება სულის სიღრმიდან მოდის, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს თქვენი და სხვების მიზნები. მიზნის განსაზღვრისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ ვგრძნობ თავს მიღწეული მიზნის ტყავში?“

დავუშვათ, სურვილი ჩაიფიქრეთ. რომ შეამოწმოთ, თქვენია თუ არა ეს სურვილი, დაუსვით საკუთარ თავს ორი კითხვა. პირველი: მართლა მჭირდება ეს? სცადეთ მოარგოთ ამ სურვილს სხვისი მიზნის ყველა ნიშან-თვისება.

მართლა მთელი გულით გსურთ ეს, თუ მხოლოდ გინდათ, რომ გსურდეთ? ხომ არ ცდილობთ საკუთარ თავს ან სხვას დაუმტკიცოთ რამე? მართლა გსურთ ეს? იქნებ მოდის ან პრესტიჟის გამო გსურთ? ინვალიდს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მთელი გულით სურს როლიკებზე სეირნობა. სინამდვილეში ასეთი მიზანი გულიდან კი არა, თავის არასრულფასოვნებაზე განაწყენებისგან მოდის. მიზენი თავისი მიუწვდომლობით გვიზიდავს. თუ თქვენი მიზანი ძნელად-მისაწვდომია, სცადეთ უარი თქვათ მასზე, და დააკვირდით საკუთარ თავს. თუ შვება იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მიზანი არ ყოფილა. თუ აღშფოთებას და პროტესტს გრძნობთ, ე.ი. მიზანი შეიძლება თქვენი იყოს.

ერთადერთი საიმედო კრიტერიუმი მიზნის არჩევისას მხოლოდ სულიერი დისკომფორტია. ესაა სულის ნეგატიური რეაქცია გონების მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სულიერი კომფორტის მდგომარეობა შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ შეამოწმოთ, რაც გონებამ გადაწყვეტილება მიიღო თავისი მიზნის განსაზღვრაში. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ და ყველაფერმა ჩაიარა. როგორც კი ეს გაკეთდება, უნდა შეწყვიტოთ მიზნის განხილვა და სულის შეგრძნებებს უნდა მიაყურადოთ. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას საფრთხის შეგრძნება ერევა, ან რაღაც სიმძიმის შეგრძნება, ან რაღაც აუცილებლობის, ვალდებულების, ესე იგი სული მკაფიოდ ამბობს „არა“-ს. გონება ვერც კი წარმოიდგენს, რა უსიამოვნებებს შეიცავს მიზანი, რომელიც ლამაზ შეფუთვაშია გახვეული. აი, სული კი ამას კარგად გრძნობს.

დისკომფორტის შეგრძნება შეიძლება არამკაფიო და ბუნდოვანი იყოს. არ აგერიოთ სულიერი შებოჭილობა დისკომფორტთან. როგორც წინა თავში იყო ნათქვამი, შებოჭილობა, ანუ ერთგვარი მორცხვობა, მოდის სიტუაციის უჩვეულობიდან: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“, სულიერი დისკომფორტი - ესაა დათრგუნულობის მძიმე შეგრძნება, რომელიც სუსტად ვლინდება გონების ოპტიმისტური მსჯელობების ფონზე. სულიერი შებოჭილობის მოშორება სლაიდების მეშეობითაა შესაძლებელი, სულიერი დისკომფორტის მოშორება - შეუძლებელია. ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა გეფიქრათ, რომ თქვენ ამის ღირსი არ ხართ. ეს სრული სისულელეა. ასეთი პრიმიტიული იარლიყის ჩამოკიდება ქანქარებმა გაიძულეს. თქვენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ. ყოველ შემთხვევაში, ნუ იჩქარებთ საბოლოო დასკვნის გამოტანას. სცადეთ, საკუთარი მიზანი სლაიდებით შეამოწმოთ. თუ თქვენ ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში დამთრგუნველი შეგძნებები არ მიდიან, ეს ნიშნავს, რომ საქმე სულიერ დისკომფორტთან გაქვთ.

თუ სულიერ დისკომფორტს თავად მიზნის გარკვეული ასპექტებისგან გრძნობთ, ესე იგი ეს მიზანი თქვენი არაა. თუ სულიერ დისკომფორტს იმის გაცნობიერებისგან განიცდით, რომ მიზანი ძნელად მიღწევადია, ეს ნიშნავს, რომ მიზანი არ შედის თქვენი კომფორტის ზონაში, ან სხვისი კარი აირჩიეთ. ნუ იფიქრებთ მიზნის მიღწევის საშუალებებზე მანამ, სანამ ზუსტად არ განსაზღვრავთ თქვენს მიზანს. თუ ვერ ახერხებთ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ჩაფიქრებულ როლზე, შესაძლოა, ჯერ არ მხართ მზად მის მისაღებად. კომფორტის ზონის გაფართოება სლაიდების მეშვეობით შეიძლება. კარებებზე შეგიძლიათ არ იღელვოთ. თქვენგან საჭიროა მხოლოდ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანი განზრახვა ადრე თუ გვიან მიგითითებთ თქვენს კარზე.

ნუ აყვებით ცდუნებას - თქვენს მიზნად ფული განსაზღვროთ. თითქოს, ფული გექნებათ და ამით ყველა თქვენი პრობლემა გადაიჭრება; მე ვიცი, რა ვიყიდო ამ ფულით. გახსოვთ კუპიურებით სავსე ქეისი სლაიდების თავში? იქ ნათქვამი იყო, რომ ფული მიზანი კი არა, მხოლოდ თანმხლები ატრიბუტია. შეგიძლიათ მაშინვე დაეთანხმოთ ამას, მაგრამ ეს არც ისე ტრივიალური მტკიცებულებაა. ჩვენ ისე მივეჩვიეთ ფულს, რომ შეგვიძლია ფულის ექვივალენტში პრაქტიკულად ყველაფერი გადავიყვანოთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფული - ესაა აბსტრაქტული კატეგორია, განკუთვნილი გონების, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სულისთვის. სულს წარმოდგენა არ აქვს, რა მოუხერხოს ფულს, რადგან არ შეუძლია აბსტრაქრულად აზროვნება. საბოლოო მიზანი სულისთვის გასაგები უნდა იყოს. მას აუცილებლად სჭირდება იმის ცოდნა, თუ რისი ყიდვა გსურთ ამ ფულით: სახლის, კაზინოსი, კუნძულის, ნებისმიერი რამის. მიღწევის საშუალებებს მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ კი სულს მოწონდეს ეს.

მანამ, სანამ თქვენი შინაგანი ბუღალტერია მიზნის მიღწევის საშუალებებს ანგარიშობს, ვერ შეძლებთ თქვენი მიზნის განსაზღვრას და ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე გადაწყობას. გაააქტიურეთ თქვენი დამკვირვებელი და უჯიკეთ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როგორც კი გონება ეცდება გაექცეს კითხვას: „რა მინდა ცხოვრებისგან?“ მიზნის ძნელად-მიღწევადობის სტერეოტიპი ყველაზე მდგრადია, ასე რომ მოთმინება დაგჭირდებათ. გონება ეცდება სხვა კითხვას უპასუხოს: „როგორ მივაღწიო ამას?“ დაე, ახლა თქვენმა სულმა უთხრას გონებას: „გაჩუმდი, ეს შენი საზრუნავი არაა, სათამაშოს ჩვენ ვირჩევთ!“

თქვენ უნდა ისწრაფვოდეთ დესტრუქციული ქანქარებისგან განთავისუფლებისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა საკუთარი თავის სრული იზოლირება. მთელი საზოგადოება ქანქარებზეა აშენებული, ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, რომ ან ჰიმალაებში წახვიდეთ, ან საკუთარი ქანქარები ეძებოთ. განდეგილებისთვის ადვილია „მარადისობასთან საუბარი“, როცა ქანქარებისგან შორს არიან. მაგრამ როგორც კი ასეთი განდეგილი ქანქარების აგრესიულ გარემოში ბრუნდება, იგი მაშინვე კარგავს წონასწორობას და განჯაჭვულობას.

თქვენი მიზანიც ასევე რაღაც ქანქარას განეკუთვნება. ამაში თქვენთვის არანაირი საფრთხე არაა, ოღონდ კი მიზანი თქვენი იყოს. იპოვეთ თქვენი მიზანი, და ქანქარა ეცდება თავის ფავორიტად გაქციოთ. ისიც კი შეგიძლიათ, რომ ახალი ქანქარა შექმნათ. მთავარია - აიღოთ თქვენი უფლება არჩევანის თავისუფლებისა და საშუალება არ მისცეთ ქანქარებს, რომ თქვენზე კონტროლი დაამყარონ.

ვერ შეძლებთ საკუთარი მიზნის განსაზღვრას ანალიზის და მსჯელობების მეშვეობით. მიზნის ამოცნობა მხოლოდ სულს შეუძლია. ანალიზი - ეს გონების საქმეა. სულმა ფიქრი არ იცის. მას შეუძლია მხოლოდ ხედავდეს და გრძნობდეს.

გონების ამოცანა მიზნის ძიების პროცესში იმაში არ მდგომარეობს, რომ ეძებოს. გონება ამის კეთებას ჩვეულებისამებრ ეცდება, ანუ ანალიზისა და ლოგიკური ჯაჭვების აგების მეთოდით საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპებისა და შტამპების საფუძველზე. საკუთარი მიზნის განსაზღვრა რომ ამ მეთოდით შეიძლებოდეს, ყველა ადამიანი ბედნიერი იქნებოდა.

გონების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავში მთელი გარე ინფორმაცია გაატაროს, და ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება სულიერ კომფორტს მიანიჭოს. გონებამ მხოლოდ უნდა განსაზღვროს: მე იმას ვეძებ, რაც ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს. შემდეგ კი უბრალოდ უნდა შეუშვას თავის თავში გარე ინფორმაცია და დააკვირდეს სულის შეგრძნებას ამ მიდგომის პოზიციით.

მიზნის აქტიური ძიება არაფრამდე არ მიგიყვანთ. არ იღელვოთ, დაელოდეთ და დააკვირდით. თუ ძიებაზე გექნებათ განწყობა, საჭირო ინფორმაცია თავისით მოვა. გარკვეულ მომენტში აუცილებლად მიიღებთ რაღაც ინფორმაციას, რომელიც თქვენში ცოცხალ ინტერესს გამოიწვევს. მთავარია, გონება ამ დროს თავისი მსჯელობებით არ ჩაერიოს, არამედ უბრალოდ ყურადღება მიაქციოს სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაციის მიღება დააჩქაროთ, ძალიან კარგი იქნება, თუ საკუთარი ინტერესების წრეს გააფართოებთ. წადით იქ, სადაც არასოდეს ყოფილხართ: მუზეუმში, ექსკურსიებზე, კინოში, ლაშქრობაში, ქალაქის სხვა ნაწილში, წიგნის მაღაზიაში, სადაც გნებავთ. არაა საჭირო აქტიური ძიება, უბრალოდ გააფართოვეთ გარე ინფორმაციის დიაპაზონი და დააკვირდით.

მიეცით საკუთარ თავს განუსაზღვრელი დრო, ნუ მოიმწყვდევთ თავს დროით ჩარჩოებში და ნუ გადააქცევთ მიზნის ძიებას ვალდებულებად. უბრალოდ გეჭიროთ გონებაში ასეთი პარადიგმა: მე ვეძებ იმას, რაც ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს.

თვალყური ადევნეთ საკუთარ გრნობებს უფრო ყურადღებით, ვიდრე ამას ადრე აკეთებდით. დაე, ასეთი განწყობა მუდმივად მუშაობდეს ფონურ რეჟიმში. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე აღწევს, გაატარეთ შემდეგი კითხვის ფილტრში: რას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით? მომწონს თუ არ მომწონს?

ადრე თუ გვიან მიიღებთ რაიმე ნიშანს ან ინფორმაციას, რომლისგანაც შიგნით თითქოს რაღაც შეიფრთხიალებს: „ო, ეს მომწონს!“ კარგად გაიაზრეთ მოცემული ინფორმაცია ყველა მხრიდან, და თან ყურადღებით დააკვირდით სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

მაგრამ აი, ბოლოს და ბოლოს მოახერხეთ თავი დაგეღწიათ მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრის ცდუნებისგან, და თქვენი მიზანი განსაზღვრეთ. როცა თქვენში გაჩნდება ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ თქვენი სამყაროს შრე საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის. და აი, რა მოხდება:

თქვენ განთავისუფლდით ცრუ მიზნების ტვირთისგან და თავისუფლად ჩაისუნთქეთ. უკვე აღარ გაქვთ საჭიროება, საკუთარ თავს იმის კეთება აიძულოთ, რაც სულს არ მოწონს. უარი თქვით ილუზორული ბედნიერებისთვის ბრძოლაზე მომავალში და აქ და ახლა ფლობის საშუალება მიეცით საკუთარ თავს. ადრე სულიერი სიცარიელის შევსებას იაფფასიანი სუროგატებით ცდილობდით, რომლებსაც ქანქარები გთავაზობდნენ. ახლა კი თქვენმა გონებამ სული ფუტლიარიდან გამოუშვა, და თქვენ გაგიჩნდათ სიმსუბუქისა და თავისუფლების საოცარი განწყობილება, თითქოს გაზაფხული მოვიდა, და ზამთრის ხანგრძლივი ძილისგან გაიღვიძეთ. დათრგუნულობისა და სიმძიმის შეგრძნება გაქრა. გაცილებით უფრო სასიამოვნოა მიზნისკენ სწრაფვა, როცა აცნობიერებთ, რომ თქვენს შიგნით აღმოაჩინეთ ის, რასაც ადრე უშედეგოდ ეძებდით გარესამყაროში. თქვენმა გონებამ სხვების მიზნების უსარგებლო ნაგავი გადაყარა, უარი თქვა მიზნის მიღწევის საშუალებებზე ამაო ფიქრებზე, და უბრალოდ შემოუშვა მიზანი საკუთარი სამყაროს შრეში.

სულმა თავად აირჩია სათამაშო, და გახარებულმა ტაში შემოკრა. თქვენ გატეხეთ ცრუ სტერეოტიპი და საკუთარ თავს ფლობის საშუალება მიეცით, მიუხედავად მიზნის მოჩვენებითი მიუღწევლობისა. ამიტომ თქვენს წინ ფართოდ გაიღო კარი, რომელიც ადრე დაკეტილი იყო. აქ უკვე გონებამაც, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ მიზანი მართლაც რეალურად მიღწევადია. ახლა ცხოვრება ზეიმად იქცევა, რადგან გახარებული სული ხტუნვა-ხტუნვით გაყვება გონებას, რომელმაც მიზანი თავისი სამყაროს შრეში შემოუშვა. სული და გონება ხელიხელ-ჩაკიდებულნი მხიარულად გაემართებიან თანაბარ და სასიამოვნო გზაზე ბედნიერებისკენ, რომელიც უკვე აქ და ახლაა.

 


 

doors 3

თქვენი კარი

თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გამუდმებით გიწევთ წინააღმდეგობების გადალახვა, ეს ნიშნავს, რომ ან სხვისი მიზანი აგირჩევიათ, ან სხვისი კარით მიდიხართ მიზნისკენ. ერთადერთი რამ ცხოვრებაში, რომელიც შეგვიძლია მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ - ესაა საკუთარი მიზნისა და კარის განსაზღვრა. თუ სხვების მიზნებისკენ ისწრაფვით, შეიძლება მთელი ცხოვრება დაკარგოთ და ვერაფერს მიაღწიოთ. არაფერია იმის აღიარებაზე უფრო სევდიანი, რომ ყველა ძალისხმევა ამაოდ დაიკარგა, და ცხოვრება არ შედგა.

ქანქარებმა ადამიანებს ასწავლეს, რომ ის აკეთონ, რაც აუცილებელია, და მიიღონ, როგორც ვალდებულება. იძულებითი ვალდებულების სტერეოტიპი ისეთ აბსურდამდეა დაყვანილი, რომ შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს ცხოვრება - ესაა ვადა, ან შრომითი სასჯელი, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს. ადამიანი ისე ეჩვევა ამ ვალდებულებას, რომ სულის ჭეშმარიტი მიდრეკილებები ცნობიერების ყველაზე შორეულ კუთხეში გადაისროლება ხოლმე - უკეთესი დროების დადგომის მოლოდინში. მაგრამ ცხოვრება თავდება, უკეთესი დროება კი არასოდეს დგება.

ბედნიერება ყოველთვის სადღაც მომავალში მოჩანს. ცრუ სტერეოტიპი ამტკიცებს: ეს მომავალი რომ დადგეს, იგი ბრძოლით უნდა მოიპოვოთ, გამოიმუშავოთ. ადამიანები ხშირად ამბობენ უარს საყვარელ საქმეზე მატერიალური მოსაზრებების გამო. საქმეები იყოფა გატაცებებად და საკუთრივ სამუშაოდ, რომელმაც შემოსავალი უნდა მოიტანოს. ცრუ მიზნების დასახვასთან ერთად, იძულებითი ვალდებულება ქანქარების კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს მათ მცდელობებში - ადამიანი რაც შეიძლება შორს წაიყვანონ მისი ჭეშმარიტი მიზნისგან.

სინამდვილეში, ჰობიზეც კი შეიძლება ფული იშოვოთ, თუ ეს თქვენი მიზანია. თუ იძულებული ხართ, რომ საყვარელ საქმეზე მხოლოდ იმის გამო თქვათ უარი, რომ მას შემოსავალი არ მოაქვს, მაშინ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ, აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი თქვენს მიზანთან. აქცევს თუ არა თქვენი საყვარელი საქმე თქვენს ცხოვრებას ზეიმად? თუ ამ საქმეს ვერ მიაკუთვნებთ თქვენ მიზანს, მაშინ ზუსტად ვერ იტყვით, მოგიტანთ თუ არა იგი შემოსავალს. მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს თქვენი მიზანია, მაშინ იგი უეჭველად მოიტანს თქვენ ცხოვრებაში კომფორტის ყველა ატრიბუტს. როცა მიზანი კარს ემთხვევა, ადამიანს აღარ აქვს საჭიროება, რომ მატერიალურ შემოსავალზე იღელვოს, მას ისედაც ექნება ყველაფერი, თუკი მოინდომებს.

თუმცაღა იძულებითი ვალდებულების ცრუ სტერეოტიპები საშუალებას არ აძლევენ ადამიანს, რომ ბოლომდე მიუძღვნან თავის მიზანს. ამის დასტურად შეიძლება ბევრი მაგალითი გამოდგეს. ცხოვრობს ვიღაც, დადის ყველასავით სავალდებულო სამსახურში, თავისუფალ დროს კი რაღაცას ქმნის ან იგონებს. მას თავშიც კი არ მოსდის, რომ მისი გამოგონება შეიძლება კარგად გაიყიდოს. სიღარიბეში ცხოვრობს და დარწმუნებულია, რომ შეუპოვრად უნდა იმუშაოს ლუკმა პურისთვის. მისი გატაცება კი - ეს ისე, „სულისთვისაა“. ხვდებით, რა ხდება? ადამიანი ვიღაც ბიძაზე ხარჯავს თავისი ცხოვრების ძირითად დროს - თითქოს ეს არსებობის შენარჩუნებისთვის იყოს აუცილებელი. სული კი იმ გროშებს იღებს, რომლებიც ძირითადი სამუშაო დროის გარდა რჩება. მაშ, ვისთვის ცხოვრობს ადამიანი? იმ ბიძასთვის?

თუ თქვენი მიზანი თქვენს კარს ემთხვევა, თქვენი ჰობი გაგამდიდრებთ. თქვენი მიზნის მიღწევა ყველა დანარჩენი სურვილის ასრულებას მოიზიდავს, თან შედეგები მოლოდინს გადააჭარბებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ამ სამყაროში ყველაფერი, რაც გულით კეთდება, ძალიან ძვირი ღირს. სუფთა გონებრივი პროდუქტები, პირიქით - არც ისე ძვირი ღირს. როგორც იცით, ნამდვილი შედევრები სულისა და გონების ერთიანობაში იბადება. თქვენი მიზნისკენ გზაზე შედევრებს შექმნით, თუკი საშუალებას არ მისცემთ ქანქარებს, რომ გზიდან გადაგახვევინონ. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: თქვენ მხოლოდ გჭირდებათ, რომ მშვიდად მიჰყვეთ თქვენს გზას და არ წამოეგოთ ქანქარების საცდურებზე. ადრე თუ გვიან გრანდიოზულ წარმატებას მიაღწევთ.

რამდენადმე უფრო რთულადაა საქმე იმ შემთხვევაში, როცა მიზანი და კარი ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა, სანამ ასეთ დასკვნამდე მიხვალთ, ძალიან კარგად დაფიქრდით. თქვენი მიზანი ძალიან არ უნდა გირთულებდეთ ცხოვრებას. პირიქით, როცა მიზანს აირჩევთ, ამით მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ ცხოვრებას და ბევრი პრობლემისგან განთავისუფლდებით. ნუ იჩქარებთ კარის არჩევასთან დაკავშირებით. თუ ფლობის გადაწყვეტილება იქნება, კარიც მოიძებნება. თუ მკაფიოდ არ წარმოგიდგენიათ, სადაა თქვენი კარი, იმუშავეთ სლაიდებთან და გააფართოვეთ კომფორტის ზონა. გადააგდეთ მნიშვნელოვანობა, უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. როგორც კი თავს ფლობის უფლებას მისცემთ, გარეგანი განზრახვა შესაფერის ვარიანტს შემოგთავაზებთ.

თქვენი კარი წარმოადგენს იმ გზას, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ. მას შემდეგ, რაც მიზანი განსაზღვრეთ, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: როგორ შეიძლება ამ მიზანს მივაღწიო? გარეგანი განზრახვა ადრე თუ გვიან გაგიხსნით სხვადასხვა შესაძლებლობებს. თქვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შორის სწორედ თქვენი კარი იპოვოთ. ყოველი ვარიანტი სულიერი კომფორტის მდგომარეობით უნდა დატესტოთ. აქ შეგვიძლია იგივე პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, რითაც მიზნის არჩევისას ვხელმძღვანელობთ.

დავუშვათ, თქვენი მიზანი გულისხმობს, რომ კარგად უზრუნველყოფილი ადამიანი ხართ. მაშინ აუცილებელია განსაზღვროთ, რის საშუალებით გახდებით უზრუნველყოფილი. ფული ხომ უბრალოდ ადამიანთან არ მიდის, არამედ მასთან, რასაც ის წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, მსხვილი მეწარმე, ფინანსისტი, გამოჩენილი სპეციალისტი, ბოლოს და ბოლოს მემკვიდრე. მაშ, ვინ გინდათ რომ გახდეთ? უნდა იპოვოთ საკუთთრივ თქვენი გზა სიმდიდრისკენ - ის, რისკენაც თქვენი გული ისწრაფვის. და ის, თუ რისკენ ისწრაფვის იგი, სულს უნდა ჰკითხოთ და არა გონებას. გონება სოციუმის პროდუქტია, სოციუმი კი ქანქარებზე დგას. სოციუმი ამბობს: „გახდი ცნობილი ადამიანი, პოლიტიკოსი, მდიდარი - ეს პრესტიჟულია“. მაგრამ რადგანაც თქვენი პირადი ბედნიერება ქანქარას არ აინტერესებს, იგი არ დაგეხმარებათ საკუთრივ თქვენი ნიშის განსაზღვრაში.

გონება და ნაცნობები გკარნახობენ, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო უნდა ეძებოთ, მაგალითად, იურისტის. ყველა გეუბნებათ, რომ თუ კვალიფიციური ადვოკატი გახდებით, ბევრ ფულს იშოვით. თქვენ ძალიან გინდათ ბევრი ფულის შოვნა, მაგრამ ეს კარი შესაძლოა თქვენთვის უცხო აღმოჩნდეს. ამ კარით იქ არ მოხვდებით, სადაც საჭიროა. თუ მიზანი სწორად გაქვთ არჩეული, მაშინ თქვენი კარი ისეთ შესაძლებლობებს გაგიხსნით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით. დავუშვათ, თქვენი მოთხოვნებია - სახლი, მანქანა, კარგი ხელფასი. თუ საკუთარ კარში შეხვალთ, იმდენს მიიღებთ, რომ თქვენი მოთხოვნები სასაცილოდ მოგეჩვენებათ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, არ შეცდეთ საკუთარი კარის არჩევისას.

არ იჩქაროთ და არ დაგენანოთ დრო არჩევაზე. გაცილებით უფრო მეტ დროს და ძალისხმევას გაფლანგავთ, თუ იჩქარებთ და მცდარ არჩევანს გააკეთებთ. მიზნის და კარის განსაზღვრისთვის შეიძლება თვეები დაგჭირდეთ. ამ დროისთვის დაგჭირდებათ, რომ ერთგვარი „უზადოების მარხვა“ დაიცვათ - შეძლებისდაგვარად უდრეკად დაიცვათ ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები. თქვენ მათ უკვე იცნობთ.

პირველ რიგში - ესაა გაცნობიერებულობა. თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ თქვენი მოქმედებების მოტივებზე. მოქმედებთ გაცნობიერებულად, ისე, რომ თამაშის წესები გესმით, თუ უნებურად ემორჩილებით ქანქარას?

თვალყური ადევნეთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობის დონეს. იფიქრეთ თქვენს მიზანზე და კარზე ისე, თითქოს უკვე გაქვთ ეს ყველაფერი. არ უნდა იყოს არანაირი პრესტიჟულობა, მიუწვდომლობა და საჭიროება. გადააგდეთ ყოველგვარი მნიშვნელოვანობა. ის, რაც გაგაჩნიათ, თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია.

უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. გამოვა? - კარგია, არ გამოვა? - ე.ი. ეს არაა თქვენი, და სადარდებელი არაფერი გაქვთ. თუ არ გჯერათ, რომ მიზანი ჯიბეში გაქვთ, მაშინ თავიდანვე შეეგუეთ მარცხს. მიეცით თავს შეცდომების უფლება. მარცხისთვისაც გამოყავით ადგილი თქვენს ცხოვრებაში.

იპოვეთ მოცემული კარისთვის დაზღვევა, შემცვლელი. მაშინვე ნუ იტყვით უარს წინა კარზე, ნუ დაწვავთ ხიდებს თქვენს უკან, დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ დადებთ ყველაფერს ერთ კარტზე. დაიტოვეთ სათადარიგო გზები.

არ შეწყვიტოთ გონებაში თქვენი მიზნის სლაიდის ტრიალი. ამით კომფორტის ზონას გააფართოებთ და მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე გადაეწყობით. გარეგანი განზრახვა თავისით მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას.

იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია არ გამოგრჩეთ, ჩაიდეთ თავში თქვენი მიზნისა და თქვენი კარის ძიების სლაიდი. გაატარეთ გარესამყაროს ყველა მონაცემი ამ სლაიდში. შეაფასეთ, შეგეფერებათ თუ არა იგი. ამასთან უსმინეთ დილის ვარსკვლავების შრიალს, და არა გონებას. თვალყური ადევნეთ არა იმას, თუ რას ფიქრობთ ამაზე, არამედ იმას, რაც ამ დროს გრთგუნავთ, ან გაფრთიანებთ. ყურადღება მიაქციეთ სულის დამოკიდებულებას ნებისმიერი ინფორმაციისადმი. განსაზღვრულ მომენტში იგი შეიფრთხიალებს და წამოიძახებს: „ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება!“

და კვლავაც არ აჩქარდეთ. გააფართოვეთ კომფორტის ზონა და განაწყვეთ თქვენი აზრები მიზნობრივ ხაზზე მანამ, სანამ თქვენი მიზანი და კარი მკაფიო კონცეფციად არ ჩამოყალიბდება. თქვენ უნდა მიხვიდეთ მკაფიო დასკვნამდე: „დიახ, მე ეს მინდა, და ეს ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს“. თქვენი სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

თუ სული უკვე მღერის, გონებას კი ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, კვლავაც გააფართოვეთ კომფორტის ზონა. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ დაამსხვრიოთ მიზნის მიუწვდომლობის და არარეალურობის ცრუ სტერეოტიპები. იცით, რატომ გეჩვენებათ კარი ჩაკეტილად? იმიტომ, რომ იგი იმ მიუწვდომლობის ცრუ სტერეოტიპითაა ჩაკეტილი, რომელიც თქვენს გონებაშია. როცა სტერეოტიპს დაამსხვრევთ, კარი გაიღება.

მე არ მოგიწოდებთ, რომ დამიჯეროთ, ან საკუთარ თავს დაუჯეროთ, ან ვინმე სხვას. გონებას ვერასოდეს აიძულებთ დაჯერებას. იგი უპირობოდ მხოლოდ ფაქტებს იღებს. ასე რომ, კარი რომ რეალური გახდეს გონებისთვის, ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე უნდა გადახვიდეთ. ამის გაკეთება კი მხოლოდ მიზნობრივი სლაიდის მეშეობით შეიძლება. თქვენი ხაზის დასაწყისში მიზანი ჯერ კიდევ მხოლოდ წინაა, მაგრამ მისი მიღწევის გზები გონებისთვის უკვე რეალურად ჩანს. საკუთარი თავის დარწმუნება და სტერეოტიპთან ბრძოლა უსარგებლოა. სტერეოტიპის მსხვრევა სულაც არ ნიშნავს ამას. იგი თავისით დაიმსხვრევა, როცა გარეგანი განზრახვა ახალ შესაძლებლობებს გაჩვენებთ მიზნობრივ ხაზზე. ამიტომ, ხაზს ვუსვამ: ნუ ეცდებით საკუთარი თავის დარწმუნებას და ნუ შეებრძოლებით სტერეოტიპს. მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ სისტემატიურად ატრიალოთ გონებაში მიზნობრივი სლაიდი. ეს არაა ცარიელი სავარჯიშოები, არამედ კონკრეტული მოძრაობაა მიზნისკენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მატერიალური რეალიზაცია ინერტულია, და გარეგან განზრახვას არ შეუძლია თქვენი დაკვეთის მყისიერად შესრულება. ამისთვის მოთმინება დაგჭირდებათ. ხოლო თუ მოთმინება არ გყოფნით, ე.ი. თქვენში მიზნის სასწრაფოდ მიღწევის მწველი სურვილია. მაშინ თავიდან დაიწყეთ და მნიშვნელოვანობა დაწიეთ. თქვენ გსურთ, ე.ი. ეჭვი გეპარებათ მიღწევის რეალობაში. კვლავაც გაზარდეთ კომფორტის ზონა მანამ, სანამ არ დაინახავთ, რომ თქვენს წინ რეალური პერსპექტივები იშლება.

ქანქარებს შეუძლიათ თქვენი კარი ცრუ უმნიშვნელობის და დაბალი ღირებულების საფარით შენიღბონ. ყველაფერს, რისი კეთებაც მსუბუქად, ძალდატანების გარეშე, გატაცებით შეგიძლიათ - მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. თქვენ ერთი უმნიშვნელო ღირსებაც კი არ გაგაჩნიათ. ნებისმიერ სისულელეს, რომელიც გახასიათებთ, სტერეოტიპების ფარგლებში კი არანაირი ღირებულება არ გააჩნია, შეუძლია თქვენი კარის გასაღების როლი შეასრულოს. სცადეთ მოახდინოთ თქვენი „არასერიოზული“ თვისების სერიოზულ კარებებზე პროეცირება.

მაგალითად, თუ „მასხასრას“ რეპუტაცია გაქვთ, მაშინ შეიძლება შესანიშნავი კომიკოსი გახდეთ. თუ ყველა გეუბნებათ, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, და ჩაცმის და პრანჭვის მეტი არაფერი იცით, მაშინ შესაძლოა თქვენს კარს ტოპ-მოდელის, ვიზაჟისტის ან მოდელიორის პროფესიისკენ მიყავხართ. თუ რეკლამა გაღიზიანებთ, და გიყვართ ბუზღუნი, რომ ეს ყველაფერი არასწორად კეთდება და თქვენი აზრით რეკლამის მიწოდება სულ სხვანაირად ჯობია, მაშინ შესაძლოა სწორედ ამ სფეროშია თქვენი დაფარული უნარები. ეს კერძო მაგალითებია. თქვენი პირადი „არაფრისმომცემი“ თვისება შეიძლება სრულიად მოულოდნელი სახით გამოვლინდეს. ამას მაშინ აღმოაჩენთ, თუ ქანქარებს ზურგს აქცევთ და საკუთარი სულისკენ შებრუნდებით. დაფიქრდით: თუკი თქვენს სულელურ მოქმედებებს ძალდაუტანებლად და გატაცებით ასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ამას რაღაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

ყველაფერი ზემოთ ნათქვამი ეხება თქვენი კარის არჩევის პროცესს. მაგრამ დავუშვათ, თქვენ უკვე ისედაც ხართ არჩეული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშინ არსებობს ერთი საშუალება იმის განსაზღვრისთვის - თქვენია ეს კარი თუ სხვისი. თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე იღლებით, ენერგიას კარგავთ, ძალებისგან იცლებით, ე.ი. ეს არაა თქვენი კარი. და პირიქით, თუკი შთაგონება გიპყრობთ, როცა იმ საქმეს აკეთებთ, რომელიც მიზანთან გაახლოებთ, შეგიძლიათ თამამად ჩათვალოთ ეს საქმე თქვენს კარად.

თქვენი კარის უცხოსგან გარჩევა კიდევ ერთი მეთოდით შეიძლება. უცხო კარი შეიძლება თქვენად მოგეჩვენოთ, თითქოს იხსნება თქვენს წინ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ცხვირწინ იკეტება. გამოდის, რომ სხვისი მიზნისკენ გზაზე თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარში წარუმატებლობა გეწვევათ. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, ე.ი. უცხო კარით მიდიოდით. ამაში ვლინდება ქანქარების ვერაგობა, რომლებიც განზრახ აღებენ ყველასთვის მისაწვდომ კარებებს, რათა რაც შეიძლება ბევრი მიმდევარი შეიტყუონ.

როგორც წესი, თქვენს კართან რიგში არავინ დგას. მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენი კარის გავლის ბევრი მსურველი ნახეთ, ყველა მაშინვე გაიწევა, და თავისუფლად გაივლით. საყოველთაოდ მისაწვდომი კარებები ყველასთვის იღება, მაგრამ მათში ცოტანი გადიან. გაიხსენეთ, როგორ ქმნიან ქანქარები ვარსკვლავების წარმატებული კარიერის მითებს და როგორც დილობენ დაუქვემდებარონ ყველა წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“. მირაჟით გატაცებული ხალხი ერთად ასკდება ერთი და იმავე კარს მაშინ, როცა მათი საკუთარი კარი იქვეა, სრულიად თავისუფალი.

თუმცაღა თქვენს წინ შეიძლება თქვენი კარიც ჩაიკეტოს, თუკი უხეშად დაარღვევთ წონასწორობის კანონს. მაგალითად, თქვენს მიზანს თქვენთვის მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, და ყველაფერი ერთ კარტზეა დადებული. ამ კარის გაღება კვლავაც შეიძლება, თუ მნიშვნელოვნებას დაწევთ. ამაზე მოცემული თავის ბოლოს ვისაუბრებთ.


 

ganzraxva

განზრახვა

ვფიქრობ, თუ ბევრი დრო დახარჯეთ თქვენი მიზნისა და კარის განსაზღვრაზე, ე.ი. განზრახვა გაქვთ. განზრახვა სურვილს მიზნად აქცევს. სურვილი განზრახვის გარეშე არასოდეს ასრულდება. არც ოცნებები სრულდება. რით განსხვავდება მიზანი ოცნებისგან? იმით, რითაც განზრახვა განსხვავდება სურვილისგან. თუ განზრახვა გაგაჩნიათ, ოცნება მიზნად იქცევა. ცარიელი ოცნებები და ჰაერის კოშკები ვერაფერს შეცვლიან. ცხოვრების შეცვლა შეუძლია მხოლოდ განზრახვას, ანუ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილებას.

დავუშვათ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი, და სავსე ხართ გადაწყვეტილებით, რომ მიაღწიოთ მას. იწვით სურვილისგან, რომ მალე დაიწყოთ მოქმედება. აი, ახლა მოადუნეთ მოჭიდება. დააგდეთ მიზნის მნიშვნელოვანობა, უარი თქვით მისი მიღწევის სურვილზე და დაიტოვეთ მხოლოდ ფლობის გადაწყვეტილება. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ გასუფთავებული განზრახვის ფარგლებში იმოქმედოთ, ანუ შეასრულოთ ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება, ისე, რომ არ ისურვოთ და არ დაიჟინოთ.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ესაა ზედმეტი პასუხისმგებლობა, მცდელობა, გულმოდგინება და საკუთარი თავის იძულება. ჩვეული მსოფლხედველობის თვალსაზრისით ეს უჩვეულოდ ჟღერს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა აქ არაფერ უცნაურს არ ხედავთ. მოდით, ყველაფერი თავის ადგილზე დავსვათ.

როცა თქვენი მიზნისკენ თქვენი კარით მოძრაობთ, ამ დროს არ გჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა. არც საკუთარი თავის იძულება დაგჭირდებათ. თუ ეს ასე არაა, მაშინ ან მიზანია სხვისი, ან - კარი. მაგრამ გონება მიეჩვია ბრძოლას და დაბრკოლებების გადალახვას. ყველა პრობლემას გონება თვითონ იქმნის თავისთვის, როცა საგნებს ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებს და ვარიანტთა დინებას ებრძვის. ჩვენი ცხოვრების ხაზი დაბრკოლებების მინიმუმს შეიცავს, თუ მნიშვნელოვანობას არ მივაწვებით.

თქვენი მიზნისკენ ისე უნდა მიდიოდეთ, როგორც წერილისკენ საფოსტო ყუთში. რა რჩება განზრახვისგან, თუ მას მნიშვნელოვანობისგან და მიღწევის სურვილისგან გავასუფთავებთ? მხოლოდ ფლობის და ნაბიჯების გადადგმის გდაწყვეტილება. შეწყვიტეთ საფოსტო ყუთში არსებულ წერილზე, როგორც პრობლემაზე ფიქრი, და უბრალოდ დაიწყეთ მისი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. არ იფიქროთ პრობლემაზე - როგორც გამოგდით, ისე იმოქმედეთ, და მაშინ პრობლემა მოძრაობის პროცესში გადაწყდება.

გონების შინაგანი განზრახვა გიბიძგებთ, რომ ხელები წყალზე ადგაფუნოთ: „მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ...“ გარეგანი განზრახვა სრულიად სხვაგვარად მოქმედებს: „ისე გამოდის, რომ...“ მანამ, სანამ თქვენ დაჟინებით მოითხოვთ, საშუალებას არ აძლევთ გარეგან განზრახვას, რომ მიზნის რეალიზაცია ვარიანტთა დინების მიმართულებით მოახდინოთ. საიდან უნდა იცოდეს ზუსტად თქვენმა გონებამ, თუ რა სახით შეიძლება მიზნის რეალიზება?

თქვენი კარით თქვენი მიზნისკენ სიარული სწორ და თავისუფალ გზაზე სიარულს ჰგავს. ხელს არავინ და არაფერი არ გიშლით, თუ მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა, და ვარიანტთა დინებას არ ებრძვით. რადგან თქვენი გზით მიდიხართ, სანერვიულო არაფერი გაქვთ, მაშინაც კი, თუ დროებითი სირთულეები გაჩნდება. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ დატკბეთ ცხოვრებით და მიიღეთ ყველაფერი, როგორც საჩუქრები. როგორც კი თქვენი ზეიმი რაღაცით იქუფრება, სცადეთ განსაზღვროთ, რაში მოუმატეთ მნიშვნელოვანობას. რატომ გრთგუნავთ რაღაც? ამ კითხვაზე პასუხი სტანდარტულია: ან რაღაცას ზედმეტად აიძულებთ თავს, ან მიზნის მიღწევა გეჩქარებათ და ვერ ითმენთ, ან რაღაცას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებთ. მოადონეთ მოჭიდება.

დამთრგუნველი აზრები და გრძნობები შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა კომფორტის ზონა საკმარისად ფართო არაა. დავუშვათ, მიზნის მიღწევის შედეგად დიდი ფული უნდა აიღოთ. მაშინვე გიჩნდებათ ამაფორიაქებელი აზრების მთელი რიგი: და სად შევინახო ეს ფული? სად ჯობია ჩავდო? რომ დამეკარგოს? რომ წამართვან? როგორ ჯობია დავხარჯო? თუ ასეა, ე.ი. არ ხარ მზად, რომ გქონდეთ. როცა მიზნის განხორციელება ასეთ პრობლემებს უკავშირდება, თქვენ უცილობლად განიცდით სულიერ შებოჭილობას, და შესაბამისად, ქვეცნობიერად ეცდებით, რომ თავიდან მოიშოროთ ეს პრობლემები. ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

ფლობის გადაწყვეტილება გამუდმებით უნდა შეინარჩუნოთ. საკუთარი თავისთვის მიზნობრივი სლაიდის გონებაში ტრიალის იძულება არ მოგიწევთ. თქვენ ხომ მოგწონთ საკუთარ მიზანზე ფიქრი. მთავარია არ ეცადოთ საკუთარი თავის გადარწმუნებას. ეს შეგიძლიათ დიდხანს და უშედეგოდ აკეთოთ. განზრახვა, თვითშთაგონებისგან განსხვავებით, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და განხილვას არ ექვემდებარება. იგულისხმება, რომ მიზანი ცალსახად მიღწევადია. ნებისმიერი ეჭვი თავისით გაქრება, თუ კომფორტის ზონას გააძლიერებთ.

მინდა ერთი შეცდომისგან დაგაზღვიოთ. არსებობს კიდევ ერთი ცრუ სტერეოტიპი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ მოვლენის მხოლოდ წარმატებულ განვითარებაზე ვიფიქროთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს მართლაც ცრუ სტერეოტიპია. ხედავთ, რამდენია ასეთი! როგორ ფიქრობთ, გამოგივათ მხოლოდ წარმატებაზე ფიქრი? საეჭვოა. თუ ეცდებით, რომ თქვენი სცენარიდან ნეგატიური ვარიანტები გამორიცხოთ, არაფერი გამოგივათ. ვერ შეძლებთ გონების დარწმუნებას იმაში, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. გონებამ შეიძლება თავი მოაჩვენოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს მას შეუძლია. მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, რადგან ეჭვი გონებას ეპარება. სული აუცილებლად იპოვის ნეგატიურ ვარიანტს სარდაფში, სადაც იგი გონებამ შეჩურთა.

თქვენ არ გჭირდებათ მიზნობრივ სლაიდში მიზნის მიღწევის საერთოდ არანაირი სცენარის ჩართვა. მოცემული სლაიდი უნდა შეიცავდეს მიღწეული მიზნის მხოლოდ საბოლოო სურათს. თქვენ ეს უკვე გაგაჩნიათ. რაც მოგეთხოვებათ, ესაა - დატკბეთ სლაიდით და გადადგათ ნაბიჯები გასუფთავებული შინაგანი განზრახვის მეშვეობით. პროცესის ვიზუალიზაცია - ეს უკვე სცენარზე მუშაობაა, მაგრამ სრულიად სხვა მეთოდით. თქვენ არწმუნებთ გონებას იმაში, რომ ყველაფერი კარგად კი არ ჩაივლის, არამედ უკვე კარგად მიდის. ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაცია ფეხდაფეხ მიყვება იმას, რასაც ახლა აკეთებთ, და ასევე მხოლოდ ერთ ნაბიჯს წინ. ხოლო როცა თავს არწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ დროს კონტროლის მკვდარი მოჭიდება გაქვთ. მოადუნეთ მოჭიდება, არ იფიქროთ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ არ დამდგარან, და მშვიდად იმოძრავეთ ვარიანტთა დინებით.


 

stair1

რეალიზაცია

სველ ასფალტზე მივაბიჯებდი... დილით წვიმდა, და ჭიაყელები გაზონებიდან ასფალტზე გადმომძვრალიყვნენ ცხოვრების აზრის და ახალი აღმოჩენების ძიებაში. მათი ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართა. იღბლიანებმა მოასწრეს იქვე ახლოს შავმიწა ნიადაგიან ბორცვამდე მიღოღება, ვიღაცეები ჩიტებმა აკენკეს. ვიღაცეები ასფალტზე მოსიარულე მოსტრებმა გაჭყლიტეს. მზემ დააცხუნა და ნესტი ააორთქლა ისე, რომ ერთი ჭიაყელა ასფალტის შუაში გაიჭედა. იგი ძალზე გვიან მიხვდა თავის შეცდომას. უკვე აღარ ეყოფა ძალა ბოლომდე მისაღოღებლად. ნელი და მტანჯველი სიკვდილი დიდხანს იდგება მის თავზე, სანამ ბოლომდე არ გახმება. და უეცრად, რაღაც შეუცნობელმა ძალამ ასწია იგი და სველ მიწაზე მოისროლა. ჭიაყელას თვცალსაზრისით ეს შეუძლებელი იყო, მას არ შეეძლო ამის გაგება და ახსნა. მაგრამ ჩემთვის ამაში არაფერი ზებუნებრივი არ იყო: უბრალოდ შემეცოდა ჭიაყელა და მიწაზე გადავაგდე. როგორც ჩანს, ამ მარტოხელა მოგზაურმა სწორად შეარჩია თავისი მიზანი და თავისი კარი.

თუ თქვენი მიზანი ძნელადმიღწევადი გეჩვენებათ, მთელ ზეიმს ეჭვები და შავბნელი ფიქრები ჩაგიშხამებენ. მაშ, როგორ უნდა დაიჯეროთ შეუძლებელი? აი, თქვენ სულელური კითხვის მაგალითი. არანაირად! მე კვლავ ვუბრუნდები ზემოთ ნათქვამს. თქვენ ვერანაირად ვერ შეძლებთ საკუთარი თავის დარწმუნებას. შეეშვით ამ უაზრო მცდელობებს და დაკავდით საქმით, ანუ ნაბიჯების გადადგმის პროცესით მიზნის მიმართულებით.

არ უნდა გაღელვებდეთ ის ფაქტი, რომ მიზანი ძნელად მისაღწევად გეჩვენებათ. ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. მაგრამ ეს თქვენი საზრუნავი არაა. თქვენი საქმე - შეკვეთის სწორი შერჩევაა, დანარჩენი ოფიციანტს მიანდეთ. ბევრი, მას შემდეგ რაც თავბრუდამხვევ წარმატებას აღწევდა, შემდეგ ამბობდა, რომ არაფრის დიდებით არ დაიჯერებდნენ ასეთი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

სულისა და გონების ურთიერთგაგებას ხელს უშლის ის, რომ სული მიზნისკენ ისწრაფვის, გონება კი საშუალებებზე ღელავს. სულს წარმოდგენა არ აქვს, რა საშუალებებით უნდა მიაღწიოს მიზანს. სიზმარში იგი მიეჩვია, რომ მიიღოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. სულის ნებისმიერი მისწრაფება მაშინვე რეალიზდება სიზმრის განზრახვით. სად დაფრინავს იგი მანამ, სანამ გონებას ძინავს, არავინ იცის. ღრმა ძილიდან გამოღვიძებისას გონება იწყებს სულის იალქნის მიმართვას თავისი მოლოდინებისა და განცდების შესაბამისად. ამიტომ სიზმარი ვერ გამოდგება იმის კრიტერიუმად, თუ რა სურს სულს.

იგივე მიზეზით არ შეგვიძლია გვახსოვდეს ჩვენი სულის წინა ცხოვრებები, თუკი ისინი მართლაც იყვნენ. გონება სულისგან განსხვავებით ამ სამყაროში სუფთა ფურცელივით მოდის. არსებობს ბევრი მოწმობა ჯიუტი ფაქტებისა, როცა გარკვეულ ვითარებებში ადამიანის გონება წინა ცხოვრებების შესახებ ინფორმაციაზე იღებდა წვდომას. თუმცაღა ეს ცალკე საკითხია და არ შედის მოცემული წიგნის ფარგლებში.

გონება იძულებულია საშუალებებზე იფიქროს, რადგან ის მიჩვეულია შინაგანი განზრახვის ფარგლებში მოქმედებას. ამ ფარგლებში კი აუცილებლად არსებობს სცენარი ცუდი დასასრულით. გარეგანი განზრახვა ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ ვერ დაგეხმარებათ, არამედ ზიანსაც მოგიტანთ. ამიტომ დაჟინებით გირჩევთ, რომ საერთოდ შეწყვიტოთ ფიქრი მოვლენების განვითარების სცენარებზე. მიზნისკენ გზაზე თქვენში ფლობის (ქონის) გადაწყვეტილება უნდა ჭარბობდეს - ეს ყველაზე მეტად უნდა გაინტერესებდეთ. განზრახვის დარჩენილი ნაწილი - მოქმედების გადაწყვეტილება - მაქსიმალურად გასუფთავებულ უნდა იქნეს სურვილისა და მნიშვნელოვნებისგან.

ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება, ესაა ცივსისხლიანი განზრახვა - შეასრულოთ მინიმუმი იმისგან, რაც თქვენგან მოითხოვება. ცივსისხლიანი მოქმედება არ ნიშნავს დუნე და არამტკიცე მოქმედებას. ვფიქრობ, ხვდებით რისი თქმაც მინდა. მეტისმეტი სიმტკიცეც მნიშვნელოვნების შედეგია. რამდენად კარგადაც მოახერხებთ შინაგანი განზრახვის გასუფთავებას სურვილისა და მნიშვნელოვნებისგან, იმდენადვე ეფექტური იქნება თქვენი მოქმედებები.

მიზნის მიღწევის სცენარი მხოლოდ ზოგადი შტრიხებით უნდა წარმოიდგინოთ: ძირითადი ეტაპების, ანუ ტრანსფერული ჯაჭვის რგოლების განსაზღვრით. ამის შემდეგ აუცილებელია, შეწყვიტოთ საერთო სცენარზე ფიქრი. გონებაში მხოლოდ მიზნობრივი სლაიდი უნდა იყოს. იგი მიღწეული მიზნის მხოლოდ საბოლოო სურათს შეიცავს, და არ მოიცავს თავის თავში არანაირ სცენარებს. გამუდმებით ატრიალეთ გონებაში სლაიდი, იცხოვრეთ მასში. კომფორტის ზონა გაიზრდება, და თქვენი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე გადაეწყობა.

იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მიზნის მიღწევას ეხება, გამორიცხეთ სურვილისა და მნიშვნელოვანობის ნებისმიერი გამოვლინებები. თუ ცდილობთ, რომ ყველა ძალისხმევა ჩადოთ მიზნის სწრაფად მიოსაღწევად, ეჭვი გეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში, გეშინიათ სირთულეების, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობანობის დონე აწეულია. მიეცით ტავს უფლება, იყოთ არასრულყოფილი და დაუშვათ შეცდომები. თუ საკუთარ თავს არ მისცემთ შეცდომების უფლებას, სხვებიც არ მოგცემენ ამის საშუალებას. თუ შიშობთ, რომ მიზანს ვერ მიაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ გსურთ. და როგორ შეიძლება სურვილი არ გქონდეთ? წინასწარ შეეგუეთ მარცხს, მოიფიქრეთ შემოვლითი გზები და სათადარიგო ვარიანტები. ამის გარეშე სურვილისგან ვერ განთავისუფლდებით.

რაც მთავარია, არასოდეს დადოთ თქვენი მიზანი ერთ კარტზე. არ შეიძლება, მაგალითად, ყველაფერი მიატოვოთ და თავით გადაეშვათ. და უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ შეცდით და სხვისი მიზანი ან კარი საკუთარად მიიღეთ? და თანაც, ყველაფრის ერთ კარტზე დადებით წონასწორობას დაარღვევთ. ყოველთვის უნდა კყოს რაღაც საპირწონე, სათადარიგო ვარიანტი, უკან დასახევი გზა. თქვენი სულიც მშვიდად იქნება, და წონასწორული ძალებიც არ შეგეხებიან. მაგალითად, არ წამოხვიდეთ წინა სამსახურიდან, სანამ გარანტირებულად არ იპოვით ახალს. არ გამოიჯახუნოთ კარები, არ დაწვათ თქვენს უკან ხიდები, იყავით ძალზე ფრთხილი და ანგარიშიანი. მაშინაც კი, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ მიზანი და კარი თქვენია, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ასეთი მკვეთრი მოქმედებები, რომლებმაც წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ლუკმა პურის და ჭერის გარეშე დაგტოვონ. არავინაა დაზღვეული წარუმატებლობებისგან.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შეიარაღებაში ტრანსერფინგის მძლავრი ტექნიკა გაქვთ, ასე რომ მიზეზები მღელვარებისთვის და შიშისთვის გაცილებით ნაკლები გექნებათ. ახლა, ყოველ შემთხვევაში, იცით თამაშის წესები, ეს კი თავისთავად უკვე ცოტა არაა. ქანქარების სამყაროში ადამიანი მათთან ისე თამაშობს, რომ წესები არ იცის, ამიტომ მაშნვე აგებს ხოლმე. მეთოდები, რომლებსაც გაეცანით, უზარმაზარ უპირატესობას გაძლევთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. შემდეგ თავებში ტრანსერფინგის „მძიმე არტილერიას“ გაეცნობით.

თუკი გარეგან განზრახვას ხელს არ შეუშლით მოქმედებებით, რომლებიც მნიშვნელოვანობის აწეულ დონეს ეფუძნება, მაშინ იგი უცილობლად მიგიყვანთ მიზნამდე. იმოძრავეთ ვარიანტთა დინებით და ნუ ეცდებით მასთან ბრძოლას. დინებასთან ბრძოლისკენ გონება მოგიწოდებთ, რომელიც მიჩვეულია, რომ ყველაფერი აკონტროლოს. მაგრამ დამეთანხმეთ, თქვენ ხომ არ გჭირდებათ წინასწარ ყველა სვლის გაამოცნობა. თუ მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაციას აკეთებთ, გარეგან განზრახვას მიყავხართ. ის კი ჩვეული სცენარების ფარგლებს მიღმა მოქმედებს, ამიტომ მოულოდნელ ცვლილებებს გთავაზობთ.

გონება, რომელიც ამ ცვლილებებს არასასიკეთოდ აღიქვამს, წყალზე ხელების დგაფუნს იწყებს და ყველაფერს აფუჭებს. ეს რომ არ მოხდეს, საშუალება მიეცით სცენარს, რომ დინამიურად შეიცვალოს. მოადუნეთ კონტროლის მოჭიდება. თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმეთ, არ იჩქაროთ სიტუაციის შეცვლა, არამედ ეცადეთ პოზიტიურად და თქვენს სასარგებლოდ აღიქვათ წინასწარგანუსაზღვრელი მოვლენა. თავიდან ეს ყოველთვის ცხადი არაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში აწორედ ასეა. ადამიანი ტყუილად ბრაზდება, სინამდვილეში კი ყველაფერი არც ისე ცუდადაა ხოლმე.

მე არ მოგიწოდებთ, რომ ბრმად დაუჯეროთ გამოთქმას: „რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენაა“. ამ გამოთქმაში სიმართლის ორი წილია: პატარა და დიდი. პატარა წილი ჩვეულ სტერეოტიპებს განეკუთვნება, და გულისხმობს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა ზოგადად. მართლაც, ვარიანტთა დინება ყოველთვის უმცირესი ენერგოდანახარჯის გზით მიდის. უსიამოვნებები - ეს ყოველთვის ენერგიის დიდი დანაკარგებია, და გამოწვეულია ადამიანის სწორედ დინებასთან ბრძოლით. დინების მიმართულებაში ცვლილებებს იგი უსიამოვნებად სწორედ იმიტომ განიხილავს, რომ ეს მის გეგმებს არ შეესაბამება.

მაგრამ ზემოხსენებულ გამოთქმაში სიმართლის კიდევ ერთი წილია. საქმე იმაშია, რომ თუკი განიზრახავთ, რომ ერთი შეხედვით „არაკეთილსასურველი“ ცვლილებების პოზიტიურად დანახვას, მაშინ ეს ყველაფერი სწორედ ასეც იქნება. ეს გაცხადება შეიძლება მოგეჩვენოთ როგორც უწყინარი, ასევე საეჭვო. და მაინც, აქ უზარმაზარი ძალაა დაფარული. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ თავში მოვყვებით.

ვარიანტთა დინების მიმართულებით მოძრაობით თქვენ შეგიძლიათ „ნიჩბის“ მეშვეობით დააჩქაროთ თქვენი სვლა. „ნიჩბის“ როლს ტრანსფერული ჯაჭვის რგოლის ვიზუალიზაცია ასრულებს. სლაიდისგან განსხვავებით ვიზუალიზაცია მიზნისკენ მოძრაობის სცენარს შეიცავს. მაგრამ როგორც იცით, მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაცია თავის თავში მოიცავს არა მთელ სცენარს, არამედ მხოლოდ მის მცირე ფრაგმენტს, რომელიც აწმყო მომენტს შეეხება. თქვენ ნაბიჯებს დგამთ და მიმდინარე განზრახვით ხელმძღვანელობთ. როცა ნაბიჯს დგამთ, ამავდროულად მომდევნო ნაბიჯს განიზრახავთ.

გაიხსენეთ, როგორ აკვირდება დედა, თუ როგორ იზრდება მისი ბავშვი. ის ყოველ წამს ახდენს ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაციას. ეს ჯაჭვი მას უმცირეს რგოლებად აქვს დაყოფილი. დედას უხარია, რომ დღეს ბავშვმა ფეხებზე დადგა, და წარმოიდგენს, რომ ხვალ შესაძლოა პირველი ნაბიჯი გადადგას. დედა არ ცდილობს იმის წარმოდგენას, თუ როგორ იზრდება ბავშვი და დაუყოვნებლივ ზრდასრულად იქცევა. მას აწმყო მომენტი უხარია და დარწმუნებულია იმაში, რომ ხვალ ახალი წარმატებები მოვა.

ასეთივე პრინციპით უნდა მოვახდინოთ მიზნისკენ მოძრაობის მიმდინარე ეტაპის ვიზუალიზაცია. დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ, ხვალ კი უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს. აზრი არ აქვს ვარიანტთა დინების ყოველი სასურველი ცვლილების წინასწარ მოლოდინს. ჯობია მიმდინარე მომენტით დატკბეთ და უზადოდ გადადგად ნაბიჯები. დავუშვათ, აუზში გსურთ ბანაობა. ამისთვის აუცილებელია, რომ იქამდე ასი მეტრი გაირბინოთ, გადახტეთ და გასცუროთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ მიწაზე ცურავთ და ხელებს იქნევთ ისე, რომ აუზამდე ჯერ არ მიგიღწევიათ. სისულელეა ხომ? ასეთივე სისულელეა ჯაჭვის შემდეგი რგოლების ვიზუალიზაცია და მიზნის მისაღწევ საშუალებებზე ფიქრი.

მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაციისს დროს ხდება მიმდინარე მომენტში მოვლენათა წარმატებული სვლის კონსტატაცია. ყველაფერი კარგად მიდის. ამ ფუნდამენტზე შენდება შემდეგი საფეხური: ხვალ კიდევ უკეთ იქნება. თქვენ აზრობრივად განიზრახავთ, რომ მიმდინარის შემდეგ საფეხურზე გადადგათ ნაბიჯი. ამ დროს იქმნება უკუკავშირი. მიზნისკენ მოძრაობა უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კიბის საფეხურებზე ასვლა. მომავალი წარმატება უნდა წარმოიდგინოთ არა როგორც ღრუბელი, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, არამედ როგორც კიბე, სადაც ყოველი საფეხური მასზე მაღლა მდგომისთვის საყრდენს წარმოადგენს. წარმატების დონე მზარდია, ისევე, როგორც კიბეზე ასვლა. ყოველი დღე მომავალი წარმატების ნაწილს მოიცავს. არ იღელვოთ მომავალზე, იცხოვრეთ აწმყოთი.

მიზნისკენ მიმავალ გზაზე ქანქარები ყველანაირად ეცდებიან თქვენი კურსისგან გადაცდენას. მიიღეთ ნებისმიერი წარუმატებლობა, როგორც საჭირო. ყველაფერი აბსულუტურად იდეალურად ვერ იქნება. როცა წარუმატებლობის გამო ბრაზდებით, თქვენი მიმდინარე საფეხური ვარდება, და კიბის უფრო დაბალ საფეხურებზე ვარდებით. უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით, რადგან თქვენი გონების გეგმა ჩაიშალა. ჰოდა სწორედ ამ დროს წამოეგეთ ქანქარას სატყუარაზე. თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, ვერასოდეს გადახვალთ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ბედნიერება და წარმატება გელოდებათ. როცა წარმატება და კეთილდღეობა დაგყვებათ თან, მაშინ ხომ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი? როგორ მოხვდებით ამ ხაზებზე, თუ თქვენი გამოსხივების პარამეტრები საკუთარი თავით უკმაყოფილებაზეა გადაწყობილი?

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი გონება მოულოდნელ ცვლილებებს წარუმატებლობად მხოლოდ იმიტომ აღიქვამს, რომ ეს მის სცენარში არ შედის. მაშ, რატომ არ უნდა მიიღოთ ეს ცვლილება, როგორც საჭირო და რატომ არ უნდა განიხილოთ თქვენი წარუმატებლობა წარმატებად? ითამაშეთ შემდეგი თამაში: შეხვდით იმას, რაც წარუმატებლობად გეჩვენებათ არა მწუხარებით, არამედ სიხარულით სავსე აღფრთოვანებით. ეს ხომ გარეგანი განზრახვა მუშაობს, მას თქვენთვის უჩინარი გზით მიჰყავხართ მიოზნამდე. და საიდან უნდა იცოდეს თქვენმა გონებამ, რომელი გზა წაგიყვანთ მიზნისკენ? გონება სწორედ იმიტომ თვლის მიზანს ძნელად მისაღწევად, რომ ვერ ხედავს გათელილ ბილიკებნს შორის ერთ ბილიკს, რომელიც მიზნამდე მიიყვანს. რა თქმა უნდა, ვერაფერს მიაღწევთ, თუ ვარიანტთა დინებას არ დაემორჩილებით და იმ ბილიკზე არ გახვალთ, საითკენაც გარეგანი განზრახვა გიბიძგებთ.

საჭირო არაა უყუროთ იმას, თუ როგორ მიდიან წარმატებისკენ სხვები, და ეცადოთ, რომ არ ჩამორჩეთ მათ. ნუ დაემორჩილებით ჯოგურ ინსტინქტს, თქვენ თქვენი დანიშნულება გაქვთ. უმეტესობა გათელილი გზებით დადის, მაგრამ ნამდვილ წარმატებას მხოლოდ ერთეულები აღწევენ - ისინი, ვინც არ დაემორჩილა წესს: „გააკეთე ისე, როგორც მე“ და დამოუკიდებლად, თავისი ბილიკით წავიდა.

და ბოლო გაფრთხილება. თუ თქვენს ოცნებას თქვენი ახლობლების დახმარებასთან აკავშირებთ, შესაძლოა არაფერი გამოგივიდეთ. მაგალითად, ფიქრობთ, რომ თუ თქვენი მიზანი განხორციელდება, ამით ახლობლების დახმარებას შეძლებთ. სული თავისი ბუნებით ეგოისტურია. იგი ისედაც სასურველის უმცირეს ნაწილს იღებს ცხოვრებისგან. და ამ დროს კიდევ სხვის ბედნიერებაზე ფიქრი საერთოდ წარმოუდგენელია. სულს საქმე არ აქვს სხვებთან, როგორი ახლობლები და ძვირფასებიც არ უნდა იყვნენ ისინი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მისი სიცოცხლე ამ სამყაროში - ესაა იშვიათი და უნიკალური შანსი. ალტრუიზმის ნებისმიერი გამოვლინება, განსხვავებით საყოველთაოდ მიღებული აზრისა, სულისგან კი არა, გონებისგან მოდის. სული ყველაფერს გააკეთებს თავისი მიზნის მისაღწევად, მაგრამ თუ მიზანი მას კი არა, ვიღაც სხვას ემსახურება, სული ყოველგვარ ინტერესს კარგავს და გონებას თავისუფალ არჩევანს აძლევს - დაიცალოს ძალებისგან მის მიერ არჩეული მიზნისთვის ბრძოლაში.

ცნობილ ზღაპარში ბურატინომ მიზნად დაისახა გამდიდრება, რათა თავის მამას დახმარებოდა. იგი ასე მსჯელობდა: აი, დავთესავ ოქროს მონეტებს საოცრებათა ველზე, გაიზრდება ოქროს ხე, და მაშინ მამა კარლოს თეატრს ვუყიდი. ბუნებრივია, ეს მიზანი არ რეალიზდება, და პირიქით, ხის ბიჭუნას ბევრ უსიამოვნებაში გახვევს. თავისი მიზნის განსაზღვრისას მან ორი უხეში შეცდომა დაუშვა.

პირველი შეცდომა: მიზანი თავად მას კი არა, სხვას ემსახურება. ბურატინოს სული თავისაზე ოცნებობს, გონება კი მამა კარლოს კეთილდღეობაზე ფიქრობს. ალტრუიზმი - ეს ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ თუკი გადაწყვიტეთ, რომ სხვების მსახურებას მიუძღვნათ თავი, თქვენ თვითონ ვერასოდეს იქნებით ბედნიერები. საკუთარი ბედნიერების რაღაცის ან ვიღაცის მსახურებაში, სუსტებისა და დაუცველების დახმარებაში დანახვა, საკუთარი თავის მთლიანად სხვისი საქმისთვის ან იდეისთვის გაწირვა - სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თავის მოტყუება. ეს ის შემთხვევაა, როცა გონება იმდენადაა შეპყრობილი ქანქარებით, რომ თავის ბედნიერებას მხოლოდ ამ ქანქარას მსახურებაში ხედავს. როგორც არ უნდა დაარწმუნოს გონებამ საკუთარი თავი, რომ ბედნიერება სხვა ადამიანების ან რაიმე მაღალი იდეის მსახურებაში იპოვა, ასეთი ადამიანის სული უბედურია, და იმდენადაა შეყუჟული ფუტლიარში, რომ თავისი ბედნიერების უფლების მოთხოვნის ძალაც კი არ გააჩნია. გონების მიერ იმის მტკიცება, რომ სხვისი იდეა - მისი იდეაა, სხვისი ბედნიერება კი - მისი ბედნიერება, წარმოადგენს იმ ადამიანის ილუზიას, რომელმაც ვერაფრით ვერ მოახერხა თავისი მიზნის პოვნა, და შესაძლოა არც კი უძებნია.

ბურატინოს მეორე შეცდომა: ფულს იგი მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილავს. როგორც გახსოვთ, ფული ვერ გამოგადგებათ ვერც მიზნად და ვერც საშუალებად. იგი მხოლოდ თანმხლები ატრიბუტია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყურადღების ფულზე გამახვილებას არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ფულზე ფიქრი, როგორც წესი, მხოლოდ ჭარბ და მავნე პოტენციალებს წარმოშობს. თუ არჩეული მიზანი თქვენია, ფული თავისით მოვა, მასზე საერთოდ არ დაგჭირდებათ ნერვიულობა. ბურატინოს ამბავი ამის მშვენიერი ილუსტრაციაა.

ზღაპარში მტკიცდება, რომ თუ თქვენს საკუთარ ბედნიერებას იპოვნით, ამით სხვებსაც მიანიჭებთ სიხარულს. რადგან თუ თქვენს მიზანს აღწევთ, ფულიც მოდის, კეთილდღეობაც, და ბუნებრივია, ახლობლების დახმარებასაც შეძლებთ. მაგრამ, ახლა, როცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხართ, მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა იზრუნოთ. შედეგად თქვენს სულსაც არ დააფრთხობთ მიზნით. დაე, მიზნისკენ გზაზე სულმა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს. მიზნის მიღწევის შემდეგ მისცემთ თქვენს ალტრუისტულ გონებას თავისუფლებას, რათა რამდენიც გაუხარდება იმდენი იზრუნოს ახლობლებზე, ბუნებაზე, უსახლკარო ცხოველებზე, მოშიმშილე ბავშვებზე, და ა.შ.


 

muzza1

შთაგონება

თქვენი მიზნისკენ გზაზე, თქვენი კარის გავლით, წარმატების ტალღა გაგაქროლებთ. მოპოვებული სულის კომფორტი საშუალებას მოგცემთ, რომ ჰარმონიული გამოსხივების ტრანსლირება მოახდინოთ. წარმატების ტალღის შესახებ თავში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ასეთ ტრანსლაციაზე. თუმცაღა, საკუთარ თავში პოზიტიური აღმაფრენის განწყობის განზრახ გამოწვევა, შემდეგ კი მისი მუდმივად შენარჩუნება, საკმაოდ რთულია. მაგრამ ახლა თქვენ სიხარულს და სიმშვიდეს მოიპოვებთ, როგორც სულისა და გონების ერთობის შედეგს, ამიტომ ტრანსლაცია თავისით მოგვარდება. ყველა საქმე გაუმჯობესდება, ბევრი პრობლემა თავისით მოგვარდება. ხშირად გეწვევათ შთაგონება, თუკი არ ეცდებით, რომ განზრახ გამოიწვიოთ იგი.

შთაგონება, ზოგადად, შესანიშნავი რამეა, ოღონდ იდუმალებისა და მიუწვდომლობის ორეოლითაა გარშემორტყმული. ითვლება, რომ შთაგონების გამოწვევა ძალიან ძნელია, იგი სპონტანურად და ყოველთვის მოულოდნელად ჩნდება, როგორც ერთგვარი მუზა, შემთხვევით სინათლეზე შემოფრენილი. შემდეგ ამ მუზას შეუძლია ასევე უეცრად გაფრინდეს და დიდხანს აღარ გამოჩნდეს. შეიძლება სულმოუთქმელი ელით ამ ქალბატონის დაბრუნებას, მაგრამ მის მოზიდვას ვეღარ ახერხებთ, და საერთოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივია. შთაგონება - ესაა სულისა და გონების ერთობის მდგომარეობა მნიშვნელოვნების პოტენციალის არარსებობასთან ერთად. განსაზღვრების პირველი ნაწილი თქვენთვის უკვე გასაგებია. შთაგონება - ესაა სულიერი აღმაფრენის მდგომარეობა, რომლის დროსაც შემოქმედებითი პროცესი იოლად, მარტივად და რაც მთავარია, ბრწყინვალედ მიდის. სრულიად ცხადია, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ სულისა და გონების ერთობის შემთხვევაში. ვერასოდეს განიცდით შთაგონებას იმ სამუშაოს შესრულებით, რომელიც გულზე არ გეხატებათ.

თქვენი მიზნის რეალიზაციისას, რა თქმა უნდა მიაღწევთ სულისა და გონების ერთობასაც, რაც პირველი აუცილებელი პირობა გახდება შთაგონებისთვის. მაგრამ ეს პირობა არაა საკმარისი. რატომაა, რომ შთაგონება უეცრად ჩნდება, შემდეგ კი სადღაც ქრება? იქნებ ეს დაღლილობას უკავშირდება? მაგრამ შთაგონების პირობებში ხომ მრავალი საათი შეიძლება მუშაობა ყოველგვარი დაღლილობის გარეშე.

იმის გაგებაში, თუ საიდან მოდის შთაგონება და სად ქრება, განსაზღვრების მეორე ნაწილი დაგეხმარებათ. ალბათ უკვე ხვდებით, რაზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ შთაგონება არ ჩნდება, ხდება მისი უბრალოდ გამონთავისუფლება, როცა მნიშვნელოვანების პოტენციალი კლებულობს. რაში მდგომარეობს ეს პოტენციალი? პირველ რიგში ვნებიან სურვილში - მიაღწიოთ მიზანს, და მეორე, დაჟინებულ მისწრაფებაში - მიიღოთ შთაგონება.

მიზნის მიღწევის სურვილით თქვენ მას ვერ მიაღწევთ, ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე. მიზნის მიღწევის მღელვარე სურვილი გარეგანი განზრახვის ქარის ნაცვლად წონასწორული ძალების ქარბორბალას იწვევს, რომელიც მალე დააფრთხობს ყველა თქვენს კეთილ ფერიას და მუზას. შთაგონების გამოწვევის სურვილსაც იგივე ბუნება გააჩნია. ნებისმიერი მზადება შთაგონებისთვის და მისი შემდგომი ლოდინი მნიშვნელოვანობის ჭარბ პოტენციალს ქმნის.

აი, გულმოდგინედ მოამზადეთ თქვენი სამუშაო ადგილი, გაიაზრეთ და მოაწესრიგეთ ყველა დეტალი, კარგად დაისვენეთ, მოემზადეთ, და ყველა პირობა შექმენით მუზასთან შესახვედრად. საგულდაგულო მზადებით თქვენ უკვე შექმენით მნიშვნელოვანების პოტენციალი, და წონასწორული ძალების ქარი ფანჯრებს მიღმა მღელვარედ იწყებს სტვენას. ახლა თქვენ უკვე მაგიდა გაშალეთ, სანთლები აანთეთ და იდუმალი ქალბატონის მოლოდინში დაჯექით. ის კი მაინც არ ჩანს. და დარწმუნებული იყავით, არც გამოჩნდება, რადგან უმოქმედო მოლოდინი - ესაა სურვილი კვადრატში. ფანჯრებს მიღმა უკვე გრგვინავს წონასწორული ძალების ქარიშხალი, ამიტომ ვერცერთი ფრთოსანი ქალბატონი ვერც კი მოეკარება თქვენს სახლს.

ხოლო თუ ისეთ მოუთმენლობას გამოავლენთ, რომელიც სასოწარკვეთილებას ესაზღვრება, მაშინ ქარი დალეწავს თქვენს ფანჯრებს და თქვენი სახლის ენერგეტიკულ მდგომარეობას ქაოსად აქცევს. შეძრწუნება კედლად აღიმართება თქვენს სულსა და გონებას შორის, და დიდი დრო იქნება საჭირო ყოფილი ერთობის აღსადგენად. ხედავთ, რა მოაქვს შთაგონების სურვილს, მზადებას და მოლოდინს?

ამგვარად, შთაგონება არ მოვა მანამ, სანამ მისი მოლოდინის სასიკვდილო მოჭიდებას არ მოადუნებთ. შთაგონება არ მოდის. იგი მხოლოდ თავისუფლდება იმ მომენტში, როცა მნიშვნელოვანების პოტენციალი მიდის. და პირიქით, შთაგონება იყუჟება, როცა მოუთმენელი გონება სულს მოლოდინის ფუტლიარში ტენის. გონების მავნე ჩვევა - ყველაფერი თავისი ნების კონტროლს დაუქვემდებაროს - ყველაფერს აფუჭებს.

და მაინც, მიუხედავად შთაგონების მოჩვენებითი უმართავობისა და წინასწარგანუსაზღვრელობისა, გონებას გააჩნია მისი დამორჩილების სრულიად განსაზღვრული მეთოდი. მაგრამ ამ კონტროლის მიმართვა სრულიად სხვა მიმართულებითაა საჭირო. როგორც წესი გონება თავისი შინაგანი განზრახვით დახურულ ფანჯრებს ეხეთქება, მაშინ, როცა გჰვერდით ღია სარკმელია. სინამდვილეში, საჭიროა სრულიად საპირისპიროდ მოქმედება.

პირველ რიგში, უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. იგი ისედაც არსად გაგექცევათ, თუკი ეს თქვენი მიზანია. ადრე თუ გვიან, იგი მიღწეულ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი გადაწყვეტილება იმისა, რომ ფლობდეთ (გქონდეთ), თქვენი მხრიდან წნეხის და დაჟინების გარეშე. მშვიდად უნდა აიღოთ თქვენი, როგორც წერილი საფოსტო ყუთიდან. შინაგანმა განზრახვამ მხოლოდ ნაბიჯები უნდა გადაგადგმევინოთ, სანამ ამ ყუთთან მიდიხართ.

მეორე, უარი თქვით „საიდუმლოებისთვის“ ყოველგვარ მზადებაზე. ყოველი მზადება შთაგონებისთვის, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს იგი, ჭარბ პოტენციალებს გამოიწვევს. თქვენ ემზადებით, ეს ნიშნავს, რომ იმის მოზიდვას ცდილობთ, რაც არ გაქვთ. რაც უფრო გულმოდგინედ ასრულებთ მოსამზადებელ რიტუალს, მით უარესი იქნება შედეგი. გაიხსენეთ, თქვენ ხომ გქონდათ სიტუაციები, როცა ძალზე გულმოდგინედ ემზადებოდით რაღაც ქმედებისთვის, მოვლენისთვის, შეხვედრისთვის. შედეგად არაფერი გამოგდიოდათ, გეგმა იშლებოდა, შეხვედრა უქმდებოდა. თუ წონასწორულ ძალებს შეუძლიათ, რომ მატერიალური ობიექტების ურთიერთქმედება არიონ, ძლივს მოსახელთებელ შთაგონებას რას უზამენ ხომ წარმოგიდგენიათ?

მესამე, უარი თქვით შთაგონების მოლოდინზე. შთაგონების თვისება იმაში მდგომარეობს, რომ იგი მაშინ ჩნდება, როცა არ ელოდები, ასე არაა? მაშინ რატომ უნდა ელოდოთ, და ამით გაანადგუროთ თავად მისი გამოჩენის პირობა?

ამრიგად, დავუშვათ, ყველა ეს სამი პირობა შეასრულეთ. რა რჩება შედეგად თქვენი შინაგანი განზრახვისგან? მხოლოდ ნაბიჯების გადადგმის, ანუ მოქმედების გადაწყვეტილება. უბრალოდ, დაიწყეთ თქვენ საქმის კეთება. ამასთან, შთაგონების გარეშე. აი, სწორედ ასე მოვა იგი. შთაგონება მუშაობის პროცესში თავისუფლდება. თქვენ არ შეგიძლიათ ბოლომდე გაფანტოთ სურვილის და მოლოდინის პოტენციალი მანამ, სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ, მნიშვნელობა არ აქვს როგორ - კარგად თუ ცუდად. როგორც იცით, განზრახვა მოქმედებაში ჭარბ პოტენციალს ფანტავს.

შედეგად შემდეგ სურათს მიიღებთ: თქვენ სუფრას თქვენთვის აწყობთ, სანთლებს თქვენთვის ანთებთ, მოხერხებულად ჯდებით და იწყებთ ჩაის სმას თქვენი სიამოვნებისთვის, ვინმეს მოლოდინის გარეშე. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, კაპრიზული მუზასთვის გამოწვევა იქნება ასეთი გულგრილობა. ეს როგორ გაბედეთ და დაივიწყეთ იგი? ამიტომ მაშინვე გამოცხადდება და მოგეტმასნებათ. აი, მთელი საიდუმლო.


 

easy way1

მიზნის რეანიმაცია

რა უნდა ქნათ, როცა სხვისი მიზნისკენ მიდიოდით, მაგრამ არ გსურთ მასზე უარის თქმა? შესაძლებელია თუ არა სხვისი მიზნის მიღწევა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ ტრანსერფინგის ტექნიკას გამოიყენებთ, უზარმაზარ უპირატესობას მიიღებთ მათთან შედარებით, ვინც ქანქარების სამყაროში თამაშის წესები არ იცის. თუმცაღა სხვისი მიზნის მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ, და ეს უნდა გაითვალისწინოთ.

სხვისი მიზნისკენ გზაზე იგივე პრინციპებია გასათვალისწინებელი, რაც საკუთარი მიზნისკენ მოძრაობისას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ყველა ამ პრინციპის უზადოდ დაცვა იქნება საჭირო. სულ ესაა, რაც შეიძლება ითქვას სხვისი მიზნის მიღწევაზე.

დავუშვათ, გააცნობიერეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული მიზანი სხვისია. გინდათ, რომ მოგცეთ რჩევა: თქვათ თუ არა მასზე უარი? თუ ასეა, ე.ი. ბოლომდე ვერ განიმსჭვალეთ ტრანსერფინგის პრინციპებით. ამ წიგნში მხოლოდ ადგილმდებარეობის რუკას გაძლევთ, და თამაშის წესებს გიხსნით. მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ. თუ არ ხართ მზად, რომ საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა აიღოთ, ტრანსერფინგი ვერ დაგეხმარებათ. ტრანსერფინგის მეთოდები მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობენ, თუ ხელში განზრახვის საჭე აიღეთ. როგორ მოეპყროთ ამ საჭეს, ახლა უკვე იცით, მაგრამ საით იმოძრაოთ - ეს თქვენი გადასაწყვეტია. მზა გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქანქარები გაწვდიან. თუ სხვების გადაწყვეტილებებით ისარგებლებთ, ამით თქვენს ბედს სხვებს ჩააბარებთ.

თუ სხვის მიზანზე უარის თქმა უკვე გვიანია, თქვენ სრულიად შეგიძლიათ მისი მიღწევა. ამისთვის საჭიროა, რომ მაქსიმალურად გაინთავისუფლოთ თავი სურვილისგან და მნიშვნელოვნებისგან. სხვისი მიზნისკენ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ, მაგრამ მათ უმეტესობას თავად გონება წარმოშობს, როცა ვარიანტთა დინებას ებრძვის და მნიშვნელოვნების დონეს მაღლა წევს. გააქირავეთ საკუთარი თავი. იმოქმედეთ განჯაჭვულად და ამავდროულად გაცნობიერებულად. არ ებრძოლოღ პრობლემებს და წინააღმდეგობებს. დააგდეთ მნიშვნელოვანობა და ისინი თავისით გადაიჭრებიან.

დავუშვათ, თქვენი მიზნისკენ მოძრაობთ, მაგრამ გზაზე რთულად გადასალახი დაბრკოლებები შემოგხვდათ. რამ გამოიწვია ისინი? ახლა ამის განსაზღვრა ადვილად შეგიძლიათ. გააანალიზეთ, რაში გადააჭარბეთ მნიშვნელოვანობის დონეს, რას ანიჭებდით ზედმეტად დიდ მნიშვნელობას, სად ცდილობდით ვარიანტთა დინებასთან ბრძოლას. დააგდეთ მნიშვნელოვანობა, გააქირავეთ თავი, მიენდეთ ვარიანტთა დინებას, და ყველაფერი დალაგდება.

მიზანს შესაძლოა ვერ აღწევდეთ ასევე იმიტომ, რომ სხვისი კარით მიდიხართ მისკენ. იქნებ ღირს, რომ მიმოიხედოთ და სხვა კარი აირჩიოთ? მაგრამ სანამ კარს შეცვლით, აუცილებლად დააგდეთ მნიშვნელოვანობა და შეხედეთ, რა მოხდება. შესაძლოა, თქვენი კარიც კი ჩაიკეტოს, თუ რაღაცაში ძალიან გადააჭარბეთ მნიშვნელოვანობის დონეს. მაგალითად, ყველაფერი ერთ კარტზე დადეთ. ასეთ შემთხვევაში მიზნის მიღწევას თქვენთვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა ექნება. კარი კვლავ გაიღება, თუ მნიშვნელოვანობას დააგდებთ და თავს სათადარიგო გზებით დაიზღვევთ.

სხვისი კარი, რომელიც აქამდე ასეთი თავისუფალი და ღია ჩანდა, როგორც წესი უეცრად იკეტება. მიზეზი ამისთვის სრულიად რაციონალური გამოინახება, ასე რომ გონებას მხოლოდ ისღა რჩება, რომ ქუდი მოიხადოს და ხელები გაასავსავოს: „საიდან უნდა მცოდნოდა?“ აქ სიტუაცია იმის საპირისპიროა, როცა გონება რეალიზაციის საშუალებებზე ფიქრობს და მიზნის მიღწევის რეალურ გზებს, ანუ თავის კარებს ვერ ხედავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ მიზანი თქვენია, და ფლობის (ქონის) უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, თქვენი კარები ისევე მოულოდნელად იხსნებიან, როგორც იკეტებიან სხვების კარები. თუ ფლობის უფლებას მისცემთ თავს, სხვების კარებიც კი გაგეხსნებათ.

ყოველ შემთხვევაში, როგორც თქვენი მიზანი, ასევე თქვენი კარი - ერთადერთები არ არიან, ისინი შეიძლება რამდენიმე იყოს. ამიტომ არასოდესაა გვიანი ახალი მიზნის ძიება, მაშინაც კი, თუ თქვენი უწინდელი. მიზნებიდან ზოგიერთი უკვე ობიექტურად მიუწვდომელია. შეგიძლიათ სხვისი მიზნისკენ იაროთ, სხვისი კარით, და ამავდროულად საკუთარი ეძებოთ. აუცილებელი არაა მაშინვე მიატოვოთ დაწყებული. მიზნობრივ ხაზზე გადასვლა რბილადაც შეიძლება. შეგიძლიათ სხვის მიზანზე იმუშაოთ, და ამასთან თავში საკუთარი მიზნის სლაიდი ატრიალოთ. მაშინ გარეგანი განზრახვა დროთა განმავლობაში გაგიხსნით უჩინარ კარებს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ უმტკივნეულოდ შეიცვალოთ საქმიანობა.

საეჭვოა, რომ ბოლომდე შეძლოთ იმ ქანქარებისგან განთავისუფლება, რომლებიც თქვენთვის სხვების კარების თავზე მოხვევას ცდილობენ. სავარაუდოდ ადრეც ცდილობდით სხვების კარების შემტვრევას. მაგრამ ახლაც კი, როცა ცოდნა გაქვთ, დაზღვეული არ ხართ შეცდომებისგან. შეცდომებს აუცილებლად დაუშვებთ, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა გაუწყრეთ ამის გამო. ბოლოსდაბოლოს იპოვით თქვენს კარს. შეცდომებს ის არ უშვებს, ვინც არ მოქმედებს. თქვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებიც „უბრალოდ ისე“ ცხოვრობენ. ისინი არ ისახავენ მიზნებს და არ კითხულობენ ასეთ წიგნებს. მათ უფრო მეტი სურთ, ვიდრე აქვთ, მაგრამ მოქმედების განზრახვა არ გააჩნიათ. მსგავსი ადამიანების უპირატესობა ისაა, რომ ისინი შეცდომებს არ უშვებენ. მაგრამ თქვენ აუცილებლად დაუშვებთ შეცდომებს, ასე რომ, უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება. ნამდვილი წარმატება თქვენი წარუმატებლობების ნანგრევებზე ამოიზრდება.

როცა სხვისი კარის შემტვრევას ცდილობთ, აუცილებლად ეჯახებით სირთულეებს. გარედან ყველა დაინახავს, რომ დაბრკოლებებს და პრობლემებს ებრძვით. ეს ზედაპირზე. მაგრამ ვერავინ, და მათ შორის ვერც თქვენ ვერ დაინახავთ, რომ თქვენი სული ყველანაირად ეწინააღმდეგება სხვისი კარით სიარულს. გონება თავისი ნებით აწვება, ამბობს, რომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მაგრამ მტკიცე ნების ადამიანების სულიც კი დიდხანს ვერ უძლებს ასეთ ზეწოლას. შეიძლება მოხდეს გადაცდომა, და ეს გადაცდომა დაუშვებელი შეცდომის სახით გამოვლინდება. როცა ადამიანს მსგავსი გადაცდომა ემართება, იგი ელემენტარულ შეცდომებს უშვებს. ამის მტკიცებულებაა ყველა, მათ შორის „ძლიერნი ამა ქვეყნისა“.

მახსენდება ერთი ისტორია, როცა ძალიან მაღალი რანგის მინისტრი ერთხელ თვითმფრინავში ბორტ-გამცილებელმა არ შეუშვა, რადგან ჩათვალა, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გადმოსცეს ეს ინციდენტი საინფორმაციო საშუალებებმა? ეს იყო სკანდალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როცა მინისტრი ურთულეს პრობლემებს წყვეტს, ამ ყველაფერს თავისთავადად იღებენ. მაგრამ როგორც კი მცირე შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ჩნდება ძაღლების ხროვა, რომელიც მზადაა მის გასაგლეჯად. ცნობილი პიროვნებები, რომლებიც საჯარო სახეები არიან, კარგად აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს შეცდომის დაშვება.

სხვისი კარისკენ გზაზე თქვენ გადაცდომები გელოდებათ, და შეცდომებს დაუშვებთ. მაგრამ ნუ დაუშვებთ საბედისწერო შეცდომებს. გააქირავეთ თავი და იმოქმედეთ უზადოდ. პარადოქსი იმაშია, რომ დიდი შეცდომა შეიძლება გაპატიონ. მცირე გადაცდომას კი არავინ გაპატიებთ. თქვენს ახლობლებშიც კი ვერ იპოვნით თანაგრძნობას. ხოლო თუ ეს ახლობლები ცოტათი მაინც არიან თქვენზე დამოკიდებულნი, მატერიალურად ან სოციალურად, მაშინ მით უარესი - თქვენ ხომ მათი იმედები არ გაამართლეთ.

ბრალმდებლები და მანიპულატორები თავისთვის მაღალ მიზნებს არ ისახავენ, ამიტომ შეცდომებსაც არ უშვებენ. ნუ მისცემთ მათ საბაბს, რომ უპატიებელ წვრილმან შეცდომებში დაგადანაშაულონ. იმოქმედეთ წვრილმანებში უზადოდ. მაშინ გადაცდომა სხვისი მიზნისკენ გზაზე ისეთი მტკივნეული აღარ იქნება.

განსაკუთრებით საკუთარ ახლობლებს უნდა უფრთხოდეთ. ისინი ხომ „მთელი ძალით გისურვებენ სიკეთეს“. (ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, თუ როგორ განუსაზღვრეს საბოლოოდ გულ-მხურვალე მშობლებმა უკვე ადრეული ასაკიდან გარკვეული მიზანი). თუკი ჯიუტად მიდიხართ თქვენი გზით, შემდეგ კი დამარცხდებით, მათგან შებრალებას არ ელოდოთ: „ხო გეუბნებოდით! შენ კი არასოდეს გვისმენდი!“ ასეთ მომენტებში ფრიად სუსტი პოზიცია გაქვთ, გულგატეხილი ხართ წარუმატებლობით, გარშემომყოფი მანიპულატორები კი იყენებენ თქვენს სისუსტეს და ცდილობენ, რომ ხელში ჩაგიგდონ. მათთვის ასე უფრო მოსახერხებელია. ამგვარად თავის სიმართლეში რწმუნდებიან, და თქვენც მათ ხელში ხართ - შეგუებული და მორჩილი.

ადამიანს, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ყოველთვის გარს ახვევიან მრჩეველები და მანიპულატორები. ისინი ყველანი მხოლოდ თავიანთ მიზანს მიყვებიან: ან გაიზარდონ საკუთარ თვალში, თქვენთვის ჭკუის სწავლებით, ან თქვენით მანიპულირების საშუალება გამოიყენონ, ან უბრალოდ ადგილი მოგიჩინონ. მათი ნებისმიერი სიტყვა, „გულწრფელი თანაგრძნობით“ შეფუთული, ასე ითარგმნება: „სად მიძვრები? შენ რა, ჩვენზე უკეთესი ხარ? იჯექი ჩვენთან ერთად და ნუ წრიალებ. იცხოვრე ჩვენსავით. ჩვენ უკეთ ვიცით ცხოვრება“. სისუსტის მომენტში ეჭვი გვეპარება: „იქნებ ისინი სწორს ამბობენ, და მე არაფერი მესმის?“

ჩნდება კითხვა: „ღირს თუ არა მანიპულატორების და მრჩეველების მოსმენა? რაში არიან ისინი მართლები? მხოლოდ იმაში, რომ შეცდომა დაუშვით. რაღაცის მიღწევის მცდელობისას თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებთ შეცდომებს, მაშინაც კი, თუ „ჭკვიანი ხალხის“ რჩევებით იხელმძღვანელებთ. მაგრამ საკუთარი მიზნის პოვნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თქვენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. ისინიც კი, ვინც გულწრფელად გისურვებთ სიკეთეს, ვერ შეძლებენ თქვენ სულში ჩახედვას. თავადაც ხომ გესმით საკუთარი სულის ხმა, როგორც დილის ვარსკვლავთა შრიალი, ანუ პრაქტიკულად არ გესმით. ნუ დაექვემდებარებით სხვის გავლენას. გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენი მიზნის ძიებაში არავის უსმინოთ, გარდა საკუთარი გულისა. ამ საკითხში მედგარი და ქედმოუხრელი უნდა იყოთ ქანქარებთან დამოკიდებულებაში და ძალიან ყურადღებიანი - საკუთარ სულთან მიმართებაში.

როგორც ხედავთ, ერთადერთი „მაგრამ“ ბედის ძიების პროცესში ის ფაქტია, რომ ვარიანტთა სივრცეში ყველა მიზანი და კარი თქვენი არაა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი არჩევა არ შეგიძლიათ. ამას არავინ გიშლით, მაგრამ ამ შემთხვევებში პრობლემები გელოდებათ. ნუთუ ეს გჭირდებათ? სხვების მიზნებისა და კარების არჩევით მეტი წინააღმდეგობის გზით მიდიხართ. არჩევანის თავისუფლების მთელი სილამაზე იმაშია, რომ თქვენი მიზნები და კარები თქვენთვის ყველაზე უკეთესია, სხვებთან შედარებით. მაგრამ იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება მოიპოვოთ, აუცილებელია ქანქარების გავლენისგან განთავისუფლება, რომლებიც სხვების მიზნებს და კარებს გახვევენ თავს.


 

რეზიუმე

ყველა ფლობს ძვირფას განძს - საკუთარი სულის უნიკალურობას.

წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ განთავისუფლდეთ ქანქარებისგან და იპოვოთ საკუთარი გზა.

წინ არანაირი ბედნიერება არაა. იგი ან აქ და ახლაა, ან საერთოდ არ არსებობს.

ბედნიერება მოდის საკუთარი მიზნისკენ საკუთარი კარით სიარულის დროს.

სხვისი მიზნისკენ სიარული ზეიმს ყოველთვის ილუზორულ მომავალში ტოვებს.

თქვენი მიზანი - ესაა ის, რაც სიცოცხლის სიხარულის შეგრძნებას გაძლევთ.

თქვენი კარი - ესაა შთაგონება თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

სხვისი მიზანი - ყოველთვის ნიშნავს საკუთარ თავზე ძალადობას, იძულებას, მოვალეობას.

სხვისი მიზანი მოდის და პრესტიჟის ნიღაბს ირგებს.

სხვისი მიზანი თავისი მიუწვდომლობით გიზიდავთ.

სხვისი მიზანი გაიძულებთ, რომ საკუთარ თავს და სხვებს რაღაც დაუმტკიცოთ.

სხვის მიზანს სხვები გახვევენ თავს.

სხვისი მიზანი სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

სხვისი მიზანი სულიერ დისკომფორტს იწვევს.

გონება ფუტლიარში ამწყვდევს სულს და ამით შინაგან სიცარიელეს იღებს.

გონება ცდილობს, რომ შინაგანი სიცარიელე სხვისი მიზნების მსახურებით ამოავსოს.

თუ სხვებზე ზრუნვა გარედანაა თავსმოხვეული, გამოდის, რომ ეს სხვისი მიზანია.

გონება, როცა მიღწევის რეალურობაში ეჭვი ეპარება, უარს ამბობს მიზანზე.

როდესაც მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრობს, გონება წარუმატებლობის ხაზზე გადაეწყობა ხოლმე.

სტერეოტიპებს ქანქარები აყალიბებენ. სტერეოტიპების მსხვრევით თქვენ კარებს აღებთ.

თქვენი მიზნის მიღწევა ყველა დანარჩენი სურვილის ასრულებასაც გამოიწვევს.

რა მოსწონს თქვენს სულს? რა გახდის თქვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით სავსეს?

მართლა მთელი გულით გსურთ, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ?

თუ გიწევთ, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ, ეს ნიშნავს, რომ მიზანი სხვისია.

თუ მიზანი თქვენია, საკუთარი თავის დარწმუნება არ დაგჭირდებათ.

არ იფიქროთ საშუალებებზე მანამ, სანამ თქვენს მიზანს არ განსაზღვრავთ.

გადაწყვეტილების მიღებისას დააკვიურდით სულიერ კომფორტს.

სულიერი დისკომფორტი - ესაა ერთადერთი საიმედო კრიტერიუმი.

სულიერ შებოჭილობას სლაიდებით მოიშორებთ, დისკომფორტს - ვერანაირად.

სულმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა არ სურს.

გონების ამოცანა მიზნის ძიების პროცესში იმაში არ მდგომარეობს, რომ ეძებოს.

გონების ამოცანაა - გაატაროს თავის თავში მთელი გარე ინფორმაცია, და ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

თქვენი კარი იმ გზას წარმოადგენს, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ.

თუ გზა უცნობია, ატრიალეთ გონებაში მიზნობრივი სლაიდი.

გარეგანი განზრახვა გაგიხსნით თქვენს კარს ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე.

მიზნისა და კარის განსაზღვრაზე შეიძლება თვეები დაიხარჯოს.

განსაზღვრის დროს მიჰყევით ტრანსერფინგის ძირითად პრინციპებს.

ჩაიდეთ გონებაში თქვენი მიზნისა და თქვენი კარის ძიების სლაიდი.

ყურადღება მიაქციეთ სულის დამოკიდებულებას იმ ინფორმაციისადმი, რომელიც სლაიდში გადის.

ყურადღება მიაქციეთ არა იმას, თუ რას ფიქრობთ, არამედ იმას, თუ რა გთრგუნავთ ან გაფრთიანებთ ამ დროს.

საკუთარი თავის დარწმუნება და მიუწვდომლობის სტერეოტიპთან ბრძოლა უსარგებლოა.

იგი თავად ჩამოინგრევა, როცა გარეგანი განზრახვა ახალ შესაძლებლობებს გიჩვენებთ.

არ შეწყვიტოთ გონებაში თქვენი მიზნის სლაიდის ტრიალი.

თუკი თქვენი მიზნისკენ გზაზე შთაგონებას განიცდით, ე.ი. ეს თქვენი კარია.

ყველაფერს, რისი კეთებაც ძალდაუტანებლად და სიამოვნებით შეგიძლიათ, დიდი ღირებულება აქვს.

გაანთავისუფლეთ შინაგანი განზრახვა მნიშვნელოვნებისგან და სურვილისგან.

უბრალოდ გადადგით ნაბიჯები მიზნისკენ გზაზე, სურვილისა და დაჟინების გარეშე.

მოადუნეთ მოჭიდება, და არ ებრძოლოთ ვარიანტთა დინებას.

თქვენი მიზნისკენ ისე უნდა წახვიდეთ, როგორც წერილისკენ საფოსტო ყუთში.

თუკი დაიჟინებთ, ამით ხელს უშლით გარეგან განზრახვას ვარიანტთა დინების რეალიზებაში.

თუ დამთრგუნველი შეგრძნება გიჩნდებათ, განსაზღვრეთ, სად გადააჭარბეთ მნიშვნელოვნებას.

ნებისმიერი ეჭვი თავისით გაქრება, თუკი კომფორტის ზონას გააფართოვებთ.

არ ჩართოთ მიზნობრივ სლაიდში არანაირი სცენარი. თქვენ ეს უკვე გაქვთ.

დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ, ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს.

შეცვალეთ სასოწარკვეთილება და უკმაყოფილება სასიხარულო გაკვირვებით.

არ დადოთ თქვენი მიზანი და კარი ერთ კარტზე. იპოვეთ დაზღვევა.

არ მოიჯახუნოთ უკანა კარები და არ დაწვათ ხიდები.

შთაგონება - ესაა სულისა და გონების ერთობა მნიშვნელოვნების პოტენციალის არარსებობისას.

შთაგონება არ ჩნდება, იგი თავისუფლდება, როცა მნიშვნელოვნების პოტენციალი დაბლა ეცემა.

უარი თქვით შთაგონების მოლოდინზე და მისთვის მზადებაზე.

შთაგონება მუშაობის პროცესში გამოთავისუფლდება.

ჩაკეტილი კარი კვლავ გაიღება, თუ მნიშვნელოვნებას დააგდებთ.

არასოდესაა გვიანი ახალი მიზნის ძიება, მაშინაც კი, თუკი ძველები უკვე მიუწვდომელია.

სხვისი მიზნისკენ გზაზე დააგდეთ მნიშვნელოვნება და გააქირავეთ თავი.

საკუთარი თავის გაქირავებისას იმოქმედეთ უზადოდ.

არ დაექვემდებაროთ სხვის გავლენას. გჯეროდეთ საკუთარი თავის.

 

მსგავსი სტატიები

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი IX. სული და გონება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი IV. წონასწორობა


 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff