თავი XVIII - სარკული სამყარო

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე 

V საფეხური - "ვაშლები ცაში ცვივა"
 
თავი XVIII - სარკული სამყარო

ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


დუალური სარკე
 
რეალობა ორი სახით: ხელშესახები ფიზიკური და აღქმის მიღმა მყოფიმეტაფიზიკურიფორმით ავლენს თავს. ორივე ფორმა ერთდროულად არსებობს, ორმხრივად განმსჭვალავს და ავსებს ერთმანეთს. დუალიზმი ჩვენი სამყაროს განუყოფელ ნიშან-თვისებად გვევლინება. თავის საპირისპირო მხარეს ბევრი რამ ფლობს.
 
წარმოიდგინეთ, რომ სარკის წინ დგახართ. თავად თქვენ რეალურად არსებული ფიზიკური ობიექტის როლში გამოდიხართ. თქვენი ანარეკლი კი, რომელსაც მატერიალური სუბსტანცია არ გააჩნია, არის წარმოსახვითი, მეტაფიზიკური, მაგრამ იმავე დროს ის ისეთივე რეალურია, როგორც თავად ფორმა.
 
მთელი სამყაროს წარმოდგენა შეიძლება გიგანტური დუალური სარკის სახით, რომლის ერთ მხარეს ფიზიკური სამყაროა გადაშლილი, მეორე მხარეს კი ვარიანტთა მეტაფიზიკური სივრცე გაწოლილა. ჩვეულებრივი სარკის სიტუაციისგან განსხვავებით მატერიალური სამყარო ანარეკლის სახით გვევლინება, რომლის სურათ-ხატსაც ღმერთის, და ასევე ყველა ცოცხალი არსების - მისი განხორციელების, განზრახვა და აზრები წარმოადგენს.
 
ვარიანტთა სივრცე თავისებურ მატრიცას, შაბლონს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ხდება „თარგზე გამოჭრა“, „შეკერვა“, ასევე „მოდელის დემონსტრაცია“ - მთელი მატერიის მოძრაობა. იქ ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს მატერიალურ სამყაროში. პოტენციური შესაძლებლობების რიცხვი უსასრულოა. ვარიანტი წარმოადგენს სივრცის სექტორს, რომელიც სცენარს და დეკორაციებს, ანუ მატერიის მოძრაობის ტრაექტორიას და ფორმასშეიცავს. სხვა სიტყვებით, სექტორი განსაზღვრავს, რა უნდა ხდებოდეს და როგორ გამოიყურებოდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.
 
ამგვარად, სარკე სამყაროს ორ - ნამდვილ და წარმოსახვით - ნაწილად ყოფს.ყველაფერი, რამაც მატერიალური ფორმა შეიძინა, რეალურ ნახევარში იმყოფება და საბუნებისმეტყველო კანონების შესაბამისად ვითარდება. მეცნიერებას, ასევე ჩვეულებრივ მსოფლმხედველობას საქმე აქვს იმასთან, რაც „სინამდვილეში“ ხდება. მიღებულია სინამდვილედ მოაზრებულ იქნას ყველაფერი, რაც დაკვირვებას და პირდაპირ ზემოქმედებას ექვემდებარება.
 
თუ რეალობის მეტაფიზიკურ მხარეს უარვყოფთ და მხედველობაში მხოლოდ მატერიალურ სამყაროს მივიღებთ, მაშინ ყველა ცოცხალი არსების აქტივობა, ადამიანის ჩათვლით, შინაგანი განზრახვის ჩარჩოში მოქცეულ პრიმიტიულ მოძრაობამდე დაიყვანება. შინაგანი განზრახვის დახმარებით, როგორც ცნობილია, მიზნის მიღწევა გარშემომყოფ სამყაროზე პირდაპირი ზემოქმედების გზით ხდება. რაიმეს მისაღწევად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხელის წაკვრა, იდაყვების გაქნევა, ანუ კონკრეტული სამუშაოს შესრულებაა აუცილებელი.
 
მატერიალური სინამდვილე რეალურად საგრძნობია - ის მყისიერად რეაგირებს პირდაპირ ზემოქმედებაზე, და ეს ქმნის ილუზიას, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გარკვეული შედეგების მიღწევა. მაგრამ მატერიალური სამყაროს ჩარჩოში რეალურად მიღწევადი მიზნების წრე ძალზე ვიწროვდება. აქ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რაც ხელთ გვაქვს. საქმე ეხება საშუალებებს, რომლებიც,როგორც წესი,არასაკმარისია, და შესაძლებლობებს, რომლებიც საკმაოდ შეზღუდულია.
 
ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი მეტოქეობის სულითაა გამსჭვალული. ძალზე ბევრს სურს ერთი და იგივეს მიღწევა. შინაგანი განზრახვის საზღვრებში კი ეს ყველას არ ეყოფა. თანაც, საიდან მოვა მიზნის მისაღწევად აუცილებელი პირობები და გარემოებები? სწორედ იქიდან მოვა - ვარიანტთა სივრციდან.
 
სარკის იქითა მხარეს ყველაფერი ჭარბადაა, თანაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. საქონელი ხელზე არაა, მაგრამ მთელი ეშხი იმაშია, რომ ნებისმიერის არჩევა შეიძლება, თან გადახდაც არაა აუცილებელი - საჭიროა მხოლოდ გარკვეული, არცთუ ძალიან დამამძიმებელი პირობების შესრულება, სულ ესაა. ეს განა ზღაპარი არაა?
 
არანაირად. ეს რეალურზე მეტია. აზრების ენერგია უკვალოდ არ ქრება - მას ვარიანტების სივრცის იმ სექტორის მატერიალიზაცია შეუძლია, რომელიც თავისი პარამეტრებით აზრობრივ გამოსხივებას შეესაბამება. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს სამყაროში ხდება, მატერიალური ობიექტების ურთიერთქმედების შედეგია. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს აქ პროცესები თამაშობს, რომლებიც ნატიფ დონეზე ხდება, როდესაც ვირტუალურად არსებული ვარიანტები სინამდვილეში ხორციელდება. ნატიფი პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ხშირად შესამჩნევი არაა, და მაინც, მთელი რეალობის ნახევარს ისინი აფორმირებენ.
ვარიანტთა სივრცის სექტორების მატერიალიზაცია, როგორც წესი, ნებისგან დამოუკიდებლად ხორციელდება, რადგან ადამიანი აზრების ენერგიას მიზანმიმართულად არ იყენებს, უფრო ნაკლებგანვითარებული არსებები ხომ საერთოდ. როგორც უკვე ითქვა ტრანსერფინგის პირველ წიგნში, აზრობრივი სურათ-ხატების ზემოქმედება სინამდვილეზე, ძირითადად, უარესი ვარიანტების რეალიზაციის ფორმით ვლინდება.
 
ადამიანი, რომელიც „ცხოვრების რეალიებშია“ დამიწებული, მაღაზიის ცარიელი დახლების გასწვრივ ბოდიალობს, და ცდილობს ხელი გაიწოდოს ისეთი საქონლისკენ, რომელსაც უკვე ადევს წარწერა „გაყიდულია“. თაროებზე მხოლოდ დაბალი ხარისხის საქონელია, მაგრამ ისინიც ძალზე ძვირი ღირს. და იმის მაგიერ, რომ უბრალოდ კატალოგს ჩახედოს და შეკვეთა მისცეს, ადამიანი ძებნას უსისტემო წრიალით, გრძელ რიგებში დგომით, მთელი ძალ-ღონით ბევრ ხალხში გაძრომის მცდელობით, გამყიდველებთან და მყიდველებთან კონფლიქტებით იწყებს. შედეგად სასურველს ვერ იღებს, პრობლემები კი სულ უფრო მატულობს.
 
ამ დროს კი ასეთი უსიხარულო რეალობა პირველ ყოვლისა ადამიანის გონებაში იბადება, საიდანაც, თანდათან განხორციელებით სინამდვილედ იქცევა. ყოველი ცოცხალი არსება თავისი უშუალო ქმედებებით ერთი მხრივ და აზრებით მეორე მხრივ საკუთარი სამყაროს ნიშას ქმნის. ყველა ეს ნიშა ერთი მეორეს ედება, და ამგვარად არსებას რეალობის ფორმირებაში თავისი წვლილი შეაქვს.
 
სამყაროს ნიშა პირობების და გარემოებების გარკვეული ნაკრებით ხასიათდება, რომელთაგანაც ცალკეული არსების ცხოვრების წესი ყალიბდება (შემდგომში მხოლოდ ადამიანზე იქნება საუბარი). არსებობის პირობები შესაძლოა სხვადასხვა იყოს: კარგი და ცუდი, კომფორტული და რთული, სასიკეთო და აგრესიული. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ადამიანი ევლინება ამ სამყაროში. მაგრამ შემდგომში ცხოვრება მეტწილად იმაზე დამოკიდებულებით ვითარდება, როგორ მიმართებაშია ადამიანი საკუთარ თავთან და გარშემომყოფ სინამდვილესთან. მისი სამყაროს აღქმა დიდწილად განსაზღვრავს ცხოვრების წესის შემდგომ ცვლილებებს. რეალობაში ვარიანტთა სივრცის ის სექტორი ხორციელდება, რომლის სცენარი და დეკორაციები ადამიანის აზრების მიმართულებას და ხასიათს შეესაბამება.
 
ამგვარად, ცალკეული ნიშის ფორმირებაში ორი ფაქტორი მონაწილეობს: სარკის ერთ მხარეს - შინაგანი განზრახვა, მეორეზე კი - გარეგანი განზრახვა. ადამიანი პირდაპირი ქმედებებით ზემოქმედებს მატერიალური სამყაროს ობიექტებზე, თავისი აზრებით კი ის სინამდვილედ აქცევს იმას, რაც იქ ჯერ არაა.
 
თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი საუკეთესო უკვე დარიგებულია, მაშინ მისთვის მართლაც მხოლოდ ცარიელი თაროები რჩება. თუ ის ფიქრობს, რომ კარგი საქონლის შესაძენად დიდ რიგში დგომა და ბევრის გადახდაა საჭირო, ასეც ხდება. თუ მოლოდინი პესიმისტური და ეჭვებითაა სავსე, ისინი აუცილებლად ახდება. და თუ ადამიანი მტრულ გარემოსთან შეხვედრას ელის, მისი წინათგრძნობა მართლდება. მაგრამ საკმარისია ადამიანი განიმსჭვალოს უწყინარი აზრით, რომ სამყარო მისთვის საუკეთესოს გაიმეტებს, რომ ესეც რატომღაც სრულდება.
 
ის უცნაური ადამიანი, ვინც არ იცის, რომ ყველაფერი რთულად მიიღწევა, ერთხელაც აუხსნელი სახით აღმოჩნდება დახლთან, სადაც სწორედ იმ წუთას მიიტანეს საქონელი, თითქოს სპეციალურად მისთვის. და თურმე, პირველი მყიდველი ყველაფერს უფასოდ მიიღებს. შემდეგ კი გრძელი რიგი დგება მათგან, ვინც დარწმუნებულია: ცხოვრების რეალიები გაცილებით მუქია, სულელებს კი უბრალოდ უმართლებთ.
 
ცხოვრება - თამაშია, რომელშიც სამყარო გამუდმებით ერთი და იგივე გამოცანას ეკითხება მის მცხოვრებლებს: „აბა, გამოიცანი, როგორი ვარ?“ და ყველა საკუთარი შეხედულებების შესაბამისად პასუხობს: „აგრესიული ხარ“ ან „მყუდრო ხარ“. ან „მხიარული, მოქუფრული, მეგობრული, მტრული, ბედნიერი, უბედური ხარ“.
 
მაგრამ, აი, რა არის საინტერესო: ამ ვიქტორინაში ყველა მოგებულია! სამყარო ეთანხმება და ყოველს ისეთი წარმოუდგება, როგორი შეკვეთაც მიიღო. და თუ იღბლიანი უცნაური ადამიანი ოდესმე „ცხოვრების რეალიებს“ შეხვდა და სამყაროსადმი თავისი დამოკიდებულება შეცვალა, რეალობა შესაბამისად შეიცვლება და „გამოღვიძებულს“ რიგის ბოლოსკენ მოისვრის.
 
აი ასე აფორმირებს ადამიანი თავისი აზრებით საკუთარი სამყაროს ნიშას. მოცემული პროცესის ახსნა რამდენიმე პრინციპით შეიძლება. ჩამოვაყალიბოთ პირველი სარკული პრინციპი: სამყარო, როგორც სარკე, ირეკლავს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას.
 
სამყარო ფაქტობრივად იმას ეთანხმება, რასაც მასზე ფიქრობთ. მაგრამ რატომ ხდება, რომ ცუდი მოლოდინები მართლდება, ხოლო იმედები და ოცნებები არ სრულდება? ამას  თავისი მიზეზები აქვს - მეორე სარკული პრინციპი: ანარეკლი ფორმირდება სულისა და გონების ერთიანობაში.
 
თუ გონება არ ეწინააღმდეგება გულის წადილს და, პირიქით, იბადება წარმოუდგენელი ძალა - გარეგანი განზრახვა, რომელიც ვარიანტთა სივრცის იმ სექტორის მატერიალიზაციას ახდენს, რომელიც აზრების სახეს შეესაბამება. სულის და გონების ერთიანობაში ეს სურათ-ხატი მკვეთრ კონტურებს იძენს, და ამიტომ დაუყოვნებლივ ხორციელდება სინამდვილეში.
 
მაგრამ ცხოვრებაში უფრო ხშირად ისე ხდება, რომ სული მიისწრაფის, ხოლო გონება ეჭვობს და არ უშვებს, ან პირიქით, გონებას დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავს, გული კი გულგრილი რჩება. როდესაც ერთიანობა დარღვეულია, სურათ-ხატი ბუნდოვანი გამოდის - ის თითქოს გაორებულია: სულს ერთი სურს, გონება კი სხვას ამტკიცებს. და მხოლოდ ერთში პოულობენ საერთოს უპირობოდ - არაკეთილგანწყობაში და მღელვარებაში.
 
ადამიანს მთელი სულით სძულს, და მთელი თავისი არსით ეშინია. მიუღებლობის ერთიანობაში იბადება მკვეთრი სურათი იმისა, რისი თავიდან აცილებისკენაც მიისწრაფი. სული და გონება როგორც რეალობის ორი - მატერიალურის და მეტაფიზიკურის - გამოვლინება ერთ წერტილში ერთიანდება და აზროფორმა სინამდვილეში ხორციელდება. შედეგად - რაც არ გსურს, იმას იღებ.
 
სურვილები, შიშებისგან განსხვავებით, ასე მარტივად არ სრულდება, რადგან ამ შემთხვევაში ერთიანობა იშვიათად მიიღწევა. სული გონებას ეწინააღმდეგება, რადგან ის, ქანქარების გავლენას დამორჩილებული, სხვისი მიზნებისკენ ისწრაფვის. გონება კი, თავის მხრივ, ან ვერ აცნობიერებს თავის ნამდვილ სურვილებს, ან არ იჯერებს მათი განხორციელების რეალობას.
 
არსებობს მოსაზრება, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მოთხოვნის მკაფიოდ ჩამოყალიბება, შემდეგ კი ამ აზროფორმის სივრცეში გაშვება და გარკვეული დროის განმავლობაში მისი დავიწყება, რათა სურვილის ასრულებას ხელი არ შეეშალოს. ყველაფერი ასე მარტივი რომ ყოფილიყო...
 
ასეთი ტექნიკა მხოლოდ მეორე სარკული პრინციპის შესრულების დროს მუშაობს. მაგრამ სულის და გონების ერთიანობა მხოლოდ იშვიათადაა შესაძლებელი, რადგან ეჭვებისგან გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორ მოვიქცეთ?
 
ამისთვის მესამე სარკული პრინციპი არსებობს: დუალური სარკე დაყოვნებით რეაგირებს. თუ მეორე პრინციპს ვერ ასრულებთ, ციხესიმაგრე ხანგრძლივი ალყით უნდა აიღოთ.
 
წარმოიდგინეთ შემდეგი უჩვეულო სიტუაცია. თქვენ სარკის წინ დგებით, იქ კი არაფერი ჩანს - სიცარიელეა. და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ფოტოგრაფიის მსგავსად, გამოსახულება თანდათან იწყებს გამომჟღავნებას. გარკვეულ მომენტში თქვენ იღიმით, მაგრამ გამოსახულებაზე ისევ სერიოზულ გამომეტყველებას ხედავთ. აი, ხელები ასწიეთ, სარკეში კი ყველაფერი ძველებურადაა. თქვენ მომენტალურად დასწიეთ ხელები, და არც სარკეში შეცვლილა რამე. იმისთვის, რომ სარკეში თქვენი თავი აწეული ხელებით დაინახოთ, თქვენ მოგიწევთ გარკვეული დროის განმავლობაში ხელებაწეული დაყოვნდეთ.
 
ზუსტად ასე მუშაობს დუალური სარკე. მხოლოდ დროის დაყოვნება იქ გაცილებით დიდია, ამიტომ ცვლილებები აღქმას არ ექვემდებარება. მატერიალური რეალიზაცია ინერტულია, როგორც ფისი. და მაინც, აზრობრივი სურათ-ხატი, ან, როგორც ამას ტრანსერფინგში ეწოდება, - სლაიდი - სრულიად შესაძლებელია მატერიალიზდეს. და ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი ელემენტარული პირობა: აზრებში სლაიდის სისტემატურად, საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალია აუცილებელი.
 
როგორც ხედავთ, საიდუმლო მარტივია, მაგრამ ეს მართლაც ყველაფერია, რაც გესაჭიროებათ. დაუჯერებელია, რომ ყველაფერი ასე ტრივიალურია. ჩვეულებრივი, რუტინული შრომა და არავითარი ჯადოქრობა. სამაგიეროდ ეს ნამდვილად მუშაობს. უბრალოდ ადამიანებს, როგორც წესი, მოთმინება არ ჰყოფნით. ისინი შთაგონებით ინთებიან რომელიმე იდეით, მაგრამ შემდეგ მალევე კარგავენ ინტერესს და ჩანაფიქრს სადღაც მოშორებით ინახავენ. აზროფორმის მატერიალიზაციისთვის კი სლაიდთან კონკრეტული სამუშაოს შესრულებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწაულის იმედი არ უნდა გქონდეთ.
 
სლაიდის რეალიზაციას კონკრეტულად რამდენი დრო დასჭირდება, დასახული მიზნის სირთულეზეა დამოკიდებული. მანამ, სანამ გონებას ეეჭვება ჩანაფიქრის განხორციელების რეალურობა, სურათ-ხატი ბუნდოვანია. მაგრამ ადრე თუ გვიან სარკეში გამოსახულება გამომჟღავნებას დაიწყებს. თქვენ ამას თავად დაინახავთ, როდესაც გარეგანი განზრახვა საჭირო კარს შეაღებს - მიზნის მიღწევის საშუალებებს. აი მაშინ გონება დრწმუნდება, რომ ტექნიკა ნაყოფიერია, და მიზანი, აღმოჩნდა, რომ რეალურად განხორციელებადია. თანდათან სული და გონება ერთიანობაში მოვლენ, აზრობრივი გამოსხივება კი ფოკუსირდება და მკაფიო სურათს შექმნის. შედეგად ჩამოყალიბდება გამოსახულება, და მოხდება ის, რასაც, როგორ წესი, სასწაულს უწოდებენ: ოცნება, რომელიც აუხდენელი ჩანდა, რეალობად იქცევა.

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.


რეალობის ამალგამა
 
ტრანსერფინგის პირველ წიგნში აღწერილი სლაიდების ტექნიკის მეშვეობით სურათის ფორმირებაა შესაძლებელი, რომელსაც სამყაროს სარკე სინამდვილეში განახორციელებს. მაგრამ, კონკრეტული სურათის გარდა, კარგი იქნებოდა საკუთარი სამყაროს ნიშაში გარკვეული უცვლელი ფონის შენარჩუნება, რომელიც მუდმივ კეთილსასურველ ატმოსფეროს ქმნის.
 
შესაძლოა, ყურადღება მიგიქცევიათ იმ ფაქტისთვის, რომ სხვადასხვა სარკეში თქვენი ანარეკლი განსხვავებულად გამოიყურება. სახე თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ ყოველი სარკე ცალკეულ ნიუანსებს ავლენს. გამოირჩევა სუსტი, მაგრამ სრულიად აღქმადი ტონები: ემოციური შეფერილობა, განწყობა და ფსიქოლოგიური ტიპიც კი. სხვადასხვა სარკეში გამოსახულება კეთილია ან ბოროტი, ჯანმრთელი ან ავადმყოფური, მიმზიდველი ან არც თუ ისე, თბილი ან ცივი.
თითქოსდა, რით უნდა იყოს ასეთი სხვაობა გამოწვეული, ამრეკლავმა ზედაპირმა ხომ ერთი და იგივე სურათის ზუსტი ასლი გულგრილად უნდა გადმოსცეს. თუმცა არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას ახდენს გამოსახულების გადაცემაზე. როგორც ფოტოგრაფიაში, აქაც ბევრი რამაა დამოკიდებული განათებაზე, ფერად ფონზე, ასევე თავად სარკეზე.
 
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეამჩნიეს ვენეციური სარკეების თავისებური მომხიბვლელობა. ვენეციური მინა განთქმული იყო მსოფლიოში თავისი გასაოცარი თვისებით. მაგრამ მინა არ ანიჭებდა სარკეს იმ განსაკუთრებულ თვისებას. ადამიანები ყურადღებას აქცევდნენ, რომ რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო ვენეციურ სარკეში ჩახედვა ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ჩვეულებრივში. გამოსახულების სახე შესამჩნევ მომხიბვლელობას იძენდა.
 
აღმოჩნდა, რომ ვენეციელ ოსტატებს საკუთარი განსაკუთრებული საიდუმლო ჰქონდათ. ამალგამაში - ამრეკლავი ზედაპირის შემადგენლობაში - ისინი ოქროს ამატებდნენ, რის ხარჯზეც ანარეკლის სპექტრში თბილი ტონების სიჭარბე ჩნდებოდა.
 
მსგავსი მეთოდით დუალური სარკის ნატეხის საკუთარი თავისთვის დახვეწაა შესაძლებელი. იმისთვის, რომ სასურველი საკუთარი სამყაროს ნიშა მოიწყოთ, აუცილებელია თქვენი განსაკუთებული ამალგამა შექმნათ. სამყაროს ნიშა ბევრი რეაქციით ყალიბდება - ადმიანის საკუთარ თავთან დამოკიდებულებით, ასევე გარშემომყოფი რეალობის ამა თუ იმ გამოვლინებით. ურთიერთობების ამ სპექტრიდან აუცილებელია გამოიყოს ერთი მთავარი ხაზი, რომელიც დომინანტ ფონს განსაზღვრავს.
 
დომინანტ ფორმულად შეიძლება შეირჩეს მაგალითად ეს: „ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს“. ადამიანი ენთუზიაზმით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას უკმაყოფილების სახით, როდესაც ამის მიზეზი აქვს, კარგს კი, როგორც კუთვნილს, გულგრილად იღებს. ის ამას არაცნობიერად აკეთებს, ლოკოკინას მსგავსად, ჩვეულების ძალით.
 
აი ახლა ადით ლოკოკინას საფეხურიდან მაღლა, გაიღვიძეთ და გამოიყენეთ თქვენი უპირატესობა, გამოხატოთ დამოკიდებულება ცნობიერად. მომართეთ თქვენი სამყაროს შეგრძნება მიზანმიმართულად, დომინანტური ფორმულის შესაბამისად, და მაშინ თქვენ სარკის რეაქციას დაინახავთ. ეს რეალობის მართვის გზაზე თქვენი პირველი ნაბიჯი იქნება.
 
გაიხსენეთ, ოდესღაც ბავშვობაში სამყარო მართლაც ზრუნავდა თქვენზე, თქვენ კი არ აფასებდით და კუთვნილად მიგაჩნდათ ეს. წარსულს ჩახედეთ. იქნებ, რაღაც მსგავსი იყო ბებიასთან სოფელში? აზრით გახედეთ იმ შორეულ დღეებს, როდესაც კომფორტულად და უდარდელად გრძნობდით თავს. მოგონებების ფრაგმენტები ხანდახან ძალზე მკაფიოდ ჩნდება. გეჩვენებათ, თითქოს სამზარეულოდან ღვთაებრივ არომატს გრძნობთ - ბებია ღვეზელებს აცხობს. ან შეიძლება, მდინარის ნაპირას ზიხართ ანკესით ან გორაკიდან ციგით ეშვებით... როგორ იყო? გაიხსენეთ უდარდელობის ის დამახასიათებელი გრძნობა?
 
ასე იყო იმიტომ, რომ სამყარო თქვენზე ზრუნავდა და თქვენ ბუნდოვნად ხვდებოდით, მაგრამ მნიშვნელობას არ ანიჭებდით ამას. თუმცა არც განსაკუთრებულ პრეტენზიებს გამოთქვამდით. თქვენ უბრალოდ კარგად გრძნობდით თავს, და მორჩა. ბავშვი, მაშინაც კი, როდესაც ჭირვეულობს, თავის უკმაყოფილებას სულით და გულით არ გადმოსცემს. ის ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, ხელებს იქნევს, მაგრამ სამყაროს მზრუნველობით და სათუთად მიჰყავს და თან ალერსით ეღუღუნება: „აბა, გოჭუნავ, დაისვარე? მოდი, დავიბანოთ!“
 
ადამიანი იზრდება, სამყარო კი მისთვის საუკეთესოს ინახავს, და უფრო და უფრო საოცარ საჩუქრებს ჩუქნის, და სიყვარულით ზრუნავს მასზე. სამყარო ზრუნავს თავის აღსაზრდელზე. სამყაროს რჩეული და ნებიერა! იღბლიანი ახალ-ახალ სიამეებს აღმოაჩენს, რადგან ყველაფერი პირველადაა და ახალია, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ამ დროს სიცოცხლით ტკბება. ის ამას მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ხვდება, რა კარგი იყო მაშინ იმასთან შედარებით, რაც ახლაა.
 
მაგრამ რატომ ხუნდება სიცოცხლის ფერები დროთა განმავლობაში და მსუბუქი უდარდელობა მშფოთვარე მღელვარებით რატომ იცვლება? იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად პრობლემების რაოდენობაც მატულობს? არა, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვის მიდრეკილებას იძენს. უკმაყოფილება - უფრო ძლიერი გრძნობაა, ვიდრე უბრალოდ სიმყუდროვისგან და სიმშვიდისგან განცდილი კმაყოფილება.
 
ადამიანს არ ესმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ამჟამად მაინც ბედნიერია, და სამყაროსგან უფრო და უფრო მეტს ითხოვს. აღსაზრდელის მოთხოვნილებები იზრდება, ის თანდათან მეტად განებივრებული და უმადური ხდება. სამყარო, რა თქმა უნდა, ვერ ასწრებს სწრაფად მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, და ნებიერა უკვე მთელი ძალით პრეტენზიების წაყენებას იწყებს. ის სამყაროსთან დამოკიდებულებას ცვლის: „ცუდი ხარ! ყველაფერს არ მაძლევ, რაც მსურს! არ ზრუნავ ჩემზე!“ და ამ ნეგატიურ დამოკიდებულებაში უკვე უკმაყოფილო სულის და კაპრიზული გონების ერთიანობის მთელი ძალა იდება.
 
მაგრამ სამყარო ხომ სარკეა, და მას არაფერი დარჩენია, თუ არა სევდიანად გაშალოს ხელები და უპასუხოს: „როგორც ინებებ, ძვირფასო. იყოს შენი ნებისამებრ“. შედეგად რეალობა, როგორც ადამიანის აზრების ანარეკლი, უარესობისკენ იცვლება. და რაკი ასეა, უკმაყოფილებისთვის მიზეზები იზრდება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აუარესებს ადამიანის სამყაროსთან დამოკიდებულებას. და აი, აქამდე საყვარელი და ნებიერა უბედურ ბუზღუნად იქცევა, რომელიც გამუდმებით წუწუნებს, რომ სამყარო მასთან, ასე ვთქვათ, ვალშია.
 
ნაღვლიანი სურათია. ადამიანს არ ესმის, რომ თავად გააფუჭა ყველაფერი. სარკეში გარკვეული უსიამოვნო შტრიხების დანახვისას ადამიანი მათზე ამახვილებს ყურადღებას და თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას, რეფლექსურად გამოხატავს  შედეგად კი ყველაფერი კიდევ უფრო უარესი ხდება, ვიდრე მანამდე იყო. რეალობა ანარეკლში სურათ-ხატის ფეხდაფეხ თანდათან ქრება. აი, ასე კარგავს ცალკეული ადამიანის სამყაროს ნიშა ფერთა ძველებურ სიკაშკაშეს და სულ უფრო მეტად ჩაბნელებული და შემაწუხებელი ხდება.
 
ამ დროს კი ყველაფრის უკან დაბრუნება შეიძლება! მშვიდი უდარდელობის გრძნობის, ბავშვობის დროინდელი ნაყინის გემოსი, სიახლის შეგრძნების, უკეთესი მომავლის იმედების, ცხოვრების სიხარულების. და ამის გაკეთება საკმაოდ იოლია. იმდენად იოლი, რომ რთული დასაჯერებელია. თქვენც ნუ დაიჯერებთ, უბრალოდ სცადეთ. არავის აზრად არ მოსდის, რომ სამყაროს ნიშის განახლება შეიძლება, თუ სინამდვილესთან დამოკიდებულებას საკუთარ ცნობიერ კონტროლქვეშ აიყვანთ. როგორსაც გახდით თქვენს მსოფლხედვას, ისეთად წარმოგიდგებათ გარშემომყოფი სამყარო. ეს არაა ცარიელი მოწოდება ცხოვრებას ოპტიმიზმით უყუროთ, არამედ საკუთარი რეალობის ფორმირების კონკრეტული სამუშაოა.
 
ამ მომენტიდან, რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენი დამოკიდებულების მუდამ გაკონტროლება გაიხადეთ ჩვევად. არაა მნიშვნელოვანი, რომ ამ მომენტში ისე კარგად არ ხართ, როგორც ისურვებდით. ნებისმიერ შემთხვევაში არც ისე ცუდადაა საქმე, და, უცილობლად, გაცილებით უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ციდან ხომ ქვები არ ცვივა, მიწა არ იწვის ჩვენს ფეხქვეშ და არც გარეული მხეცები დაგვდევენ.
 
დიახ, სამყარო ბევრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ მის მიმართ გაცივდით. გახსოვთ, როგორ გარწევდათ ხელებზე, ბებიას ღვეზელებით გიმასპინძლდებოდათ, ზღაპრებს გიყვებოდათ? მაგრამ თქვენ გაიზარდეთ, და თქვენსა და სამყაროს შორის გაუცხოების კედელი აღიმართა. თბილი უშუალობა გარიყულობაში გადაიზარდა, ნდობა ეჭვმა ჩაანაცვლა, მეგობრობა კი ანგარებად იქცა. და მაინც სამყარო არ გაბოროტდა და არ მიგატოვათ. ის უბრალოდ სევდიანად დადუმდა და ჩაფიქრებული გვერდით მოგყვებათ, როგორც ძველი მეგობარი, რომელიც ცივი შეხვედრით გაანაწყენეს.
 
ირგვლივ მიმოიხედეთ. თქვენი სამყარო ისევ ზრუნავს. ეს ხეები და ყვავილები თქვენთვის დარგო. ეს მზე, ცა, ღრუბლები - თქვენ მათ ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ წარმოიდგინეთ: ისინი რომ არ ყოფილიყო? და საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დასვენების და მყუდროებით და კომფორტით დატკბობის საშუალება გაქვთ, მაშინ, როდესაც გარეთ ცივი ქარი ქრის და წვიმს. სამყარო ძველებურად გაპურებთ და გასვენებთ. ის გიყურებთ და წარსულ ბედნიერ დროებაზე სევდიანად ოხრავს. თქვენ კი გულგრილად აქცევთ ზურგს და მტკიცე რწმენით იძინებთ, რომ სამყარო გაუარესდა და წარსულს ვერ დაიბრუნებთ.
 
მაგრამ სამყარო არ შეცვლილა, ისევე, როგორც სარკე ვერ შეიცვლება. შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება, მას კი შედეგად რეალობა მიყვა, როგორც თქვენი აზრების ანარეკლი.
 
აი ახლა გაიღვიძეთ, თვალები გაახილეთ, საწოლზე წამოჯექით და ირგვლივ მიმოიხედეთ: ეს ისაა - იგივე სამყარო, რომელიც თქვენზე ზრუნავდა და რომელთანაც ერთად ოდესღაც მშვენიერ დროს ატარებდით. წარმოგიდგენიათ, როგორ გაიხარებს, როდესაც თქვენ ბოლოს და ბოლოს ძილბურანიდან გამოერკვევით?
 
ახლა თქვენ ისევ ერთად ხართ, და ყველაფერი ძველებურად იქნება. ოღონდ მეტად ნუღარ გაანაწყენებთ ამ ძველ ერთგულ მსახურს თქვენი უმადური დამოკიდებულებით. და, რაც მთავარია, ნუ აჩქარებთ. მესამე სარკული პრინციპის თანახმად ხომ მას დრო სჭირდება, რომ ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. თავიდან თქვენ მოთმინება და თავშეკავება დაგჭირდებათ. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი რეალობის ფორმირების კონკრეტულ სამუშაოს ასრულებთ.
 
მუშაობა შემდეგში მდგომარეობს. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო გარემოებებთან შეხვედრისას, ამალგამას ფორმულას იმეორებთ - ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ხდებოდეს - ცუდი თუ კარგი. თუ გიმართლებთ - არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავს დაუდასტუროთ, რომ სამყარო ნამდვილად ზრუნავს თქვენზე. აღნიშნეთ ეს მტკიცება ყოველ წვრილმანში. როდესაც სამწუხარო გარემოებებს ხვდებით - მაინც ამტკიცეთ, რომ ყველაფერი ჯეროვნად მიდის, განზრახვის კოორდინაციის პრინციპის შესაბამისად.
 
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენი რეაქცია ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს - სამყარო ნებისმიერ შემთხვევაში თქვენზე ზრუნავს. თუ გაგიმართლათ, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, ხოლო თუ არ გაგიმართლათ - დაიცავით განზრახვის კოორდინაციის პრინციპი, და თქვენ ყოველთვის ცხოვრების წარმატებულ ხაზზე დარჩებით. თქვენ ხომ არ გჭირდებათ იმის ცოდნა, რა უსიამოვნებებისგან გიცავთ სამყარო და როგორ აკეთებს ის ამას. მიენდეთ მას.
 
მინდობა უნდა ისწავლოთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენისას, ადამიანს საკუთარი ძალების იმედი უფრო აქვს, ვიდრე მოვლენათა ხელსაყრელი დამთხვევისა. ზრდასრული ბავშვი ჯიუტად ამტკიცებს: „მე თვითონ!“ მაშინ სამყარო მას მიწაზე აყენებს და საშუალებას აძლევს, თავად გაუმკლავდეს: „კარგი, ჩემო კარგო. თავად მიხედე საქმეს“.
 
უნდობლობის ყინული გაალღვეთ. თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო პრობლემასთან შეჯახებისას საკუთარ თავს უთხარით: „მე ნებას ვრთავ სამყაროს იზრუნოს ჩემზე“. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფრის გაკეთება არაა საჭირო და გულხელი უნდა დაიკრიფოთ. საუბარია იმაზე, რომ საკუთარი თავი მიაჩვიოთ აზრს, რომ ყველაფერი თავისთავად უნდა ეწყობოდეს ხელსაყრელად. სარკე თქვენს წარმოდგენას შესაბამისად ასახავს: „იყოს ასე, რაკი თქვენ ასე თვლით“.
 
ჩვევად გაიხადეთ, სამყაროს თქვენზე ზრუნვის ნება დართოთ, წვრილმანებიდან დაწყებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებით დამთავრებული. აი, სახლიდან ქოლგის გარეშე გამოხვედით, გარეთ კი თითქოს გაწვიმებას აპირებს. ნუ დაბრუნდებით. უთხარით საკუთარ თავს: „ჩემს სამყაროსთან ერთად სასეირნოდ მივდივარ“. უთხარით თქვენს სამყაროს: „შენ ხომ იზრუნებ ჩემზე, ასე არაა?“ ის კი გიპასუხებთ: „რა თქმა უნდა, ჩემო კარგო“. შეგიძლიათ თამამად მიენდოთ მას. წვიმა არ იქნება, და თუ იქნება, სამყარო დროულად გამოგიჩენთ თავშესაფარს.
 
მაგრამ მარცხის შემთხვევაში ნუ განაწყენდებით, რომ სამყარომ არ იზრუნა თქვენზე, თუ ამ საკითხზე გეეჭვებოდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ სარკის წინ დგახართ - იქ უბრალოდ ზუსტად აისახება თქვენი მსოფლხედვა - არ მეტი და არც ნაკლები. ძალიან ნუ დაღონდებით, და მით უმეტეს ეჭვებს არ შეებრძოლოთ - აზრი არ აქვს. შეცდომისთვის და მარცხისთვისაც დატოვეთ ადგილი. მთავარია - ძირითადი კურსი შეინარჩუნოთ.
 
ზოგადად, სამყაროს ყველაფერში შეგიძლიათ ენდოთ, თუკი მას თქვენზე ზრუნვის ნებას დართავთ. ადამიანს არ ძალუძს, თავად გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. გადაეცით ისინი სამყაროს - მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე თქვენ. მაგალითად, ყველა საშიშროების თავიდან აცილებას თქვენი განზრახვის მეშვეობით ვერ შეძლებთ, რადგან თქვენი სამყაროს ნიშა მრავალ სხვა ნიშებთან იკვეთება. იმის მაგივრად, რომ განზრახვა საკუთარი უსაფრთხოებისკენ მიმართოთ, ის ისეთი სამყაროს ფორმირებისკენ მიმართეთ, რომელიც ზრუნავს და გიცავთ თქვენ. ასეთ შემთხვევაში თქვენი სამყაროს განზრახვა იმუშავებს.
 
იმისდა მიხედვით, რა უფრო გაწუხებთ, შეგიძლიათ თქვენთვის რომელიმე განსაკუთრებული ამალგამა აირჩიოთ. აი, მაგალითად, აქედან რომელიმე. „ჩემი სამყარო ჩემთვის ყველაფერ საუკეთესოს არჩევს. თუ ვარიანტთა დინების მიმართულებით ვმოძრაობ, სამყარო ჩემს შესახვედრად მოდის. მე თავად, ჩემი განზრახვით ჩემი სამყაროს ნიშას ვაფორმირებ. ჩემი სამყარო მიცავს მე. ჩემი სამყარო პრობლემებისგან მათავისუფლებს. ჩემი სამყარო ზრუნავს იმაზე, რომ იოლად და კომფორტულად ვცხოვრობდე. მე შეკვეთას ვაძლევ, ჩემი სამყარო კი ასრულებს მას. მე შეიძლება არ ვიცოდე, ჩემმა სამყარომ კი იცის, როგორ იზრუნოს ჩემზე. ჩემი განზრახვა რეალიზდება, ყველაფერი იქით მიდის, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა“.
 
ან შეგიძლიათ ახალი, საკუთარი ერთი ან რამდენიმე ამალგამა მოიფიქროთ. მთავარია, ვიმეორებ, მოთმინებით აღიჭურვოთ და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ამალგამის ფორმულა დაუღალავად იმეოროთ. დაჟინებულობა მხოლოდ პირველ ხანებში დაგჭირდებათ, სანამ ეს ჩვევად არ გექცევათ. შემდეგ ყველაფერი იოლად წავა.
 
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერი ძალაა ამ მარტივ ტექნიკაში. სამყაროსთან დამოკიდებულების მართვით, თქვენ რეალობას მართავთ. დუალური სარკე სინამდვილეში განახორციელებს ვარიანტთა სივრცის იმ უბნებს, სადაც სამყარო თავად ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე. დროთა განმავლობაში თქვენთვის ძალზე მყუდრო რეალობის ფორმირებას შეძლებთ.
 
მოემზადეთ, სასიამოვნო მოვლენების შესანიშნავი კასკადი გელით. ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ. თქვენი სამყაროს ნიშა ფაქტობრივად თქვენს თვალწინ ისე გარდაისახება, რომ თქვენ მხოლოდ გაოცებას მოახერხებთ. და ახლა, სწორედ ამ მომენტში, თქვენ უკვე გესმით, რომ უკვე აღარასოდეს ჩაიხედავთ სამყაროს სარკეში ისე, როგორც ადრე. სწორედ ახლა იგრძენით, როგორ დაუბერა ცვლილებათა სიომ. ის ყველაფერზე იზრუნებს - იცოდეთ ეს.

 


ანარეკლის დევნაში
 
ადამიანი სამყაროსადმი თავისი დამოკიდებულებით სამყაროს ინდივიდუალურ ნიშას  -ცალკეულ რეალობას - ქმნის. ეს რეალობა ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით ამა თუ იმ ელფერს იძენს. ხატოვნად რომ ვთქვათ, იქ გარკვეული „კლიმატური პირობები“ იქმნება: კრიალა ცა და კაშკაშა მზე ან ბურუსი და წვიმა, ხანდახან ქარიშხალი, ან საერთოდ ბუნებრივი კატასტროფა ხდება.
 
გარკვეულწილად, გარშემომყოფი რეალობა, როგორც მიიჩნევა, ადამიანის პირდაპირი მოქმედების შედეგად ფორმირდება. თუმცა აზროფორმები ნაკლებ ძალას არ ფლობენ, უბრალოდ მათი მუშაობა ასე მკაფიოდ არ ვლინდება. ყოველ შემთხვევაში, პრობლემათა უმეტესობას ნეგატიური დამოკიდებულება წარმოქმნის. შემდეგ კი მეტაფიზიკური მეთოდით მოთუხთუხებული ფაფის ჭამა ფიზიკურ დონეზე გვიწევს, რაც საქმეს მხოლოდ ართულებს.
 
მთლიანობაში ცალკეული რეალობის სურათი იმაზეა დამოკიდებული, როგორაა განწყობილი ადამიანი იმ ყველაფრის მიმართ, რაც გარს აკრავს. მაგრამ იმავდროულად მისი განწყობა იმითაა განპირობებული, რაც მის ირგვლივ ხდება. იქმნება ჩაკეტილი წრე უკუკავშირით: რეალობა ფორმირდება როგორც ადამიანის აზრების ფორმის ანარეკლი, ხოლო ფორმა, თავის მხრივ, ბევრად განისაზღვრება თავად ანარეკლით.
 
სარკის წინ მდგარ ადამიანს მთელი ყურადღება მისკენ აქვს მიპყრობილი და არ ცდილობს, საკუთარ თავს შიგნიდან შეხედოს. ჰოდა გამოდის, რომ უკუკავშირის მიზნის მთავარ როლს არა ფორმა, არამედ ანარეკლი თამაშობს. ადამიანი სარკის ზეგავლენის ქვეშაა, რადგან, მოჯადოებულივით უყურებს საკუთარ ასლს. მას თავში აზრადაც არ მოსდის, რომ თავად ორიგინალის შეცვლა შეიძლება. სწორედ ყურადღების ამ ჩაციკლვის ძალით ჩვენ ვიღებთ იმას, რაც აქტიურად არ გვსურს.
 
ჩვეულებრივ, ნეგატიური განცდები მთლიანად ფლობენ ადამიანის ყურადღებას. მას აწუხებს ის, რაც არ აწყობს. ფიქრობს იმაზე, რაც არ უნდა, და არ უნდა ის, რაზეც ფიქრობს. აი, ასეთი პარადოქსია. მაგრამ სარკე ხომ არ ითვალისწინებს ადამიანს რა სურს და რა არ სურს - ის უბრალოდ ზუსტად გადმოსცემს ფორმის შინაარსს - არც მეტი და არც ნაკლები.
სრულიად უაზრო სიტუაცია იქმნება. ადამიანი მუდამ იმას დაატარებს თან, რაც არ მოსწონს. არა „ენა ჩემი მტერია“, არამედ აზრებია ჩემი მტერი. მიუხედავად მთელი აბსურდისა, საქმე სწორედ ასეა.
 
რა ხდება, როდესაც ადამიანს რაიმე სძულს? ის ამ გრძნობაში სულის და გონების ერთობას აქსოვს. მკვეთრი ფორმა, რომელიც უზადოდ ირეკლება სარკეში, მთლიანად ავსებს სამყაროს ნიშას. რაც გძულს, იმას იღებ ცხოვრებაში ჭარბად. შედეგად ადამიანი კიდევ უფრო ღიზიანდება და ამით კიდევ უფრო ზრდის თავისი გრძნობის ძალას. აზრობრივად ის ყველას „ჯანდაბაში“ გზავნის: „დამეკარგეთ ყველანი!..“ სარკე კი ამ ბუმერანგს უკან უბრუნებს. შენ მოისროლე, და შენც მოგისროლეს იქითკენ. უსიამოვნებათა რიცხვი მატულობს? აბა რა! თუ სარკის წინ დადგები და იყვირებ: „გადაშენდი!“ - როგორი ანარეკლი გაჩნდება იქ? როგორ გადაშენდები შენს სამყაროსთან ერთად.
 
განსჯის საგანი „ბრალმდებლის“ ნიშაში მსგავსი სახით აღწევს. წარმოიდგინეთ ასეთი დამახასიათებელი მაგალითი: გაბრაზებული მოხუცი ქალი მთელ სამყაროს საყვედურით უყურებს. თავად ის - სასტიკი და უცდომელი მართლმსაჯულების ცოცხალი განსახიერებაა - „მართალია ადამიანთა და სინდისის წინაშე“. მთელი დანარჩენი სამყარო კი ვალდებულია პასუხი აგოს იმაზე, რომ მას ის თვალში არ მოუვიდა. სურათი საკმაოდ კონკრეტულად და ცხადად არის ფორმულირებული. სარკეში ასეთი გონორით ყურებისას, ის თავის გარშემო ტოლფას რეალობას ქმნის, ანუ სრულ უსამართლობას. აბა როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს სამყაროს? ის მას არ განსჯის, საკუთარ თავს კი არ იმართლებს. სამყარო მისი თვისებიდან გამომდინარე სწორედ ისეთი ხდება, როგორადაც წარმოიდგენენ.
 
იგივე ხდება რაიმეს მიუღებლობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ქალი მკვეთრად უარყოფითად ეკიდება ალკოჰოლის მოხმარებას, ის განწირულია ამ პრობლემას ყოველ ნაბიჯზე შეეჩეხოს. მას ლოთობის სხვადასხვა გამოვლინება გამუდმებით შეაწუხებს, იქამდე, რომ ალკოჰოლიკს გაყვება ცოლად. რაც უფრო მეტად ვერ იტანს ცოლი ალკოჰოლს, მით მეტს სვამს ქმარი. დრო და დრო ის შეიძლება ლოთობისთვის თავის დანებებას ცდილობდეს. მაგრამ ქალს იმდენად ძლიერად სძულს ლოთობა, რომ ფაქტობრივად საკუთარი აუტანლობით ტკბება და გააფთრებული ამტკიცებს თავისას „არასოდეს დაანებებ თავს სმას!“ და მართლაც, თუ ქმარს მყარი განზრახვა არ აქვს, თავის სიძულვილში „გაჯიქებულ“ ცოლს საკუთარი აზროფორმის მისი სამყაროს ნიშაში ჩანერგვა შეუძლია.
 
პესიმისტური მოლოდინებისკენ მიდრეკილება გვერდიდან საერთოდ ნაკლებმიმზიდველად გამოიყურება. ასეთი ტიპის განწყობა: „მაინც არაფერი გამოვა!“ - სადომაზოხიზმის მსგავსია. პესიმისტი გაუკუღმართებულ სიამოვნებას იღებს და საკუთარი მძიმე ხვედრით ტკბება: „სამყარო ისეთი საშინელია, უარესს ვერც წარმოიდგენ. ჰოდა ახია მასზე და ჩემზეც მასთან ერთად!“ ნეგატივში ტკბობის ასეთი პათოლოგიური ჩვევა წყენისადმი მიდრეკილებასთან ერთად ვითარდება. „მე ასეთი კარგი ვარ! თქვენ კი არ მაფასებთ! ეს ხომ უსამართლობის მწვერვალია! მორჩა, მეწყინა, და ნუ მარწმუნებთ თუ შეიძლება! აი მოვკვდები და მერე ნახავთ!“ და რა ხდება შედეგად? სარკეში არა უბრალოდ აირეკლება, არამედ საიმედოდ განმტკიცდება ფატალური გაჭირვების სურათი. ნაწყენი ადამიანი თავად უკვეთავს უიღბლო სცენარს და შემდეგ ზეიმობს: „აბა, რას ვამბობდი?“ სარკე კი მხოლოდ შეკვეთას ასრულებს: „როგორც გენებოთ!“
 
უიღბლო ადამიანი ასეთივე ფატალური განწირულობით აცხადებს თავის არასახარბიელო მდგომარეობას: „მთელი ცხოვრება - სრული სიბნელეა, და წინაც არავითარი სინათლე არ ჩანს“. მას მთელი ძალით არ სურს ასეთი ბედი და ამიტომ მთელ აზრობრივ ძალას ჩივილსა და წუწუნზე მიმართავს. მაგრამ რას აირეკლავს სარკე, თუ ფორმაში მხოლოდ უკმაყოფილებაა? როგორიც ფორმაა: „უკმაყოფილო ვარ! არ მსურს!“ - ისეთია ანარეკლიც: „დიახ, უკმაყოფილო ხარ და არ გსურს“. ისევ და ისევ თავად ფაქტი - არც მეტი და არც ნაკლები.
 
უკმაყოფილებას იგივე პარადოქსული ბუნება აქვს - ის საკუთარ თავს შობს. არსებობს ერთი „ოქროს“ წესი, რომელიც შეიძლება სრული იდიოტების სახელმძღვანელოში შევიდეს: „თუ საკუთარი თავი არ მომწონს, მაშინ საკუთარი თავი არ მომწონს“. და ამ ტავტოლოგიაშია პრინციპი, რომლითაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანთა უმრავლესობა ხელმძღვანელობს.
 
ავიღოთ, მაგალითად, გარეგნობა. ალბათ შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად ყველა პატარა ბავშვი სიმპათიურია. მაშ, საიდან ამდენი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ზრდასრული? ისევ იქიდან - სარკიდან, რომელიც უკან აბრუნებს ყველა პრეტენზიას. ლამაზები ისინი იზრდებიან, ვისაც საკუთარი თავით ტკბობის მიდრეკილება ჭარბად აქვს - აი, რაშია მათი საიდუმლო. ისინი ხელმძღვანელობენ წესით: „თუ საკუთარი თავი მომწონს, ე.ი. სულ უფრო მეტი საფუძველი მექნება ამისთვის“.
 
სულ სხვა საქმეა, როდესაც ფორმა თავის ანარეკლს ეუბნება: „წონაში მოვიმატე, უნდა გავხდე!“ რაზეც სარკე გულგრილად პასუხობს: „დიახ, მსუქანი ხარ, უნდა გახდე“. ან ასე: „დავსუსტდი, უნდა ვივარჯიშო!“ რასაც მოსდევს პასუხი: „ჰო, სუსტი ხარ, უნდა ივარჯიშო“. რეალობა ადამიანს ექოსავით ეპასუხება და გაგონილს უდასტურებს.
 
სწორედ ასე აღვივებს საკუთარ თავს არასრულფასოვნების კომპლექსი. დაბალ თვითშეფასებას შესაბამისი განაჩენი მოსდევს, რომელსაც სარკე სინამდვილედ გარდაქმნის. „განსაკუთრებული ტალანტები არ მაქვს, ხომ?“ – „დიახ, უნიჭო ხარ“. - მეტის ღირსი არ ვარ, ხომ?“ – „დიახ, არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს“.
 
ხოლო თუ ამ ყველაფერს დანაშაულის თანდაყოლილი გრძნობაც ერთვის, საერთოდ დაღუპულია ადამიანი. „დამნაშავე ვარ? ვალი უნდა გადავიხადო?“ – „დიახ, დასჯის ღირსი ხარ, და მიიღებ კიდეც ამას“. სხვაგვარად აბა როგორ? თუ ადამიანი, თუნდაც გაუცნობიერებლად, საკუთარ დანაშაულს გრძნობს, რა აისახება სარკეში? შურისძიება - აუცილებლად!
ნუთუ თქმა სჭირდება, რომ მღელვარება და შიშები ასევე დაუყოვნებლივ რეალიზდება? ადამიანს იმდენი რამის ეშინია, რომ უმეტესი მათგანი მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ეს დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვს. უბედურებები და კატასტროფები - ყოველთვის ანომალიებია, რომლებსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ვარიანტების დინება. მაგრამ თუ არასასურველი მოვლენა დინებისგან ახლომახლო მდებარეობს, ის აუცილებლად მოხდება, რადგან ადამიანი მას თავისი აზრებით იზიდავს.
 
ეჭვები კი პირიქით მოქმედებს. შიშისგან განსხვავებით, რომელიც ყურადღებას რომელიმე მოვლენის განხორციელების შესაძლებლობაზე აფიქსირებს, ეჭვი იმაზეა ფიქსირებული, რომ ეს არ მოხდება. და რა თქმა უნდა, ეჭვი ბევრ შემთხვევაში, თითქოს ჯიბრზე, მართლდება. მაგრამ რატომ ჯიბრზე? ადამიანს მხოლოდ ეჩვენება, რომ აქ „ბედის უკუღმართობის კანონი“ მოქმედებს. სინამდვილეში სარკე უბრალოდ ირეკლავს აზრების შინაარსს, და მეტი არაფერი.
ნებისმიერ შემთხვევაში რაიმეს თავიდან აცილებისკენ სწრაფვა შეჯახების შესაძლებლობას ძალზე ზრდის. ყველაფერი პირიქით ხდება, რის გამოც ხშირად ადამიანი ღიზიანდება, ან საერთოდ უმეტეს დროს ამ მდგომარეობაში ატარებს. გაღიზიანებული მდგომარეობა ასრულებს სამყაროს შეგრძნების ზოგად სურათს. შედეგად ინტეგრალური ფორმა მიიღება: „დისკომფორტს ვგრძნობ“. სწორედ ამის შესაბამისად ფორმირდება ინდივიდუალური რეალობა, რომელშიც ყველაფერი ამ დისკომფორტის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო გამწვავებისკენ მიდის.
 
ადამიანი თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით თავად ღებავს საკუთარი სამყაროს ნიშას შავ ტონებში. ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელშიც სულის მგზნებარე გრძნობას და გონების მტკიცე დარწმუნებულობას ეფუძნება, რეალობაში აისახება. ამასთან პირდაპირ, ერთი ერთზე, მიუხედავად იმისა, რის გამოხატვას ცდილობს ადამიანი: სწრაფვისა თუ მიუღებლობისა. აქ მუშაობს მეოთხე სარკული პრინციპი: სარკე უბრალოდ დამოკიდებულების შინაარსის კონსტატირებას ახდენს, ხოლო მის მიმართულებას აიგნორებს.
 
როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ ის რეალიზდება, რაც მას არ სურს? იმის მაგივრად, რომ ფორმას შეხედოს, მთელ თავის ყურადღებას ანარეკლისკენ მიმართავს და მის შეცვლას ცდილობს. ანარეკლი - ფიზიკური რეალობაა, და მოქმედება აქ მხოლოდ შინაგანი განზრახვის ჩარჩოში გვიწევს. ანუ, თუ სამყარო არ გვემორჩილება და სულ სხვა მხარეს მიდის, მას ყელში უნდა ვწვდეთ და მთელი ძალით იქით წავათრიოთ, საითაც ჩვენ გვსურს. ვერაფერს იტყვი, რთული ამოცანაა. უმრავლეს შემთხვევაში კი საერთოდ შეუძლებელია. და მხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაცია სრულიად უაზროა: სარკის წინ მდგომი ადამიანი ცდილობს საკუთარი ანარეკლი მოიხელთოს და მასზე ამა თუ იმ ფორმით იმოქმედოს.
 
შინაგანი განზრახვა პირდაპირი ზემოქმედებით უკვე აღსრულებული რეალობის შეცვლას ცდილობს. სახლი აშენებულია, მაგრამ ისე არა, როგორც გვსურდა. მისი დაშლა და გადაკეთება გვიწევს, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ ვიღებთ. ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს უმართავი ავტომობილის საჭესთან იჯდეს. მუხრუჭები არ მუშაობს, ძრავა ხან ქვრება, ხან მთელი ძალით ღმუის. მძღოლი რეალობასთან მორგებას ცდილობს, მაგრამ ავტომობილი სრულიად გაუთვლელად იქცევა.
 
ლოგიკურად, წინაღობების თავიდან ასაცილებლად, გვერდით უნდა გადავუხვიოთ, მაგრამ პირიქით ხდება: იმ მომენტიდან, როგორც კი საშიშმა წინაღობამ ყურადღება მიიპყრო, შეჯახება გარდაუვალი ხდება. საჭე ერთ მხარეს ტრიალდება, შენ კი მეორე მხარეს მიგაქანებს. და რაც უფრო მაგრად აწვები მუხრუჭებს, მით მეტია სიჩქარე.
 
გამოდის, რომ ადამიანი კი არ მართავს რეალობას, არამედ რეალობა მართავს ადამიანს. შეგრძნებაა, როგორც შორეულ ბავშვობაში: აი, მივრბივარ და მთელი ძალით ვტირი. სამყაროს არ სურს დამემორჩილოს - აი, როგორ მაწყენინა! არაფრის გაგონება და გაგება არ მსურს. უბრალოდ მივრბივარ და ვღრიალებ, და ჩემს ღრიალს მიწაზე ფეხების ბაკუნი ეხმიანება. გაგახსენდათ, როგორ იყო? და რატომ ვარ ასეთი შეუგნებელი! დიდები რაღაცის ახსნას ცდილობენ, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს ამაში გავერკვე. ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მე მსურს, და წერტილი!
 
გავიზარდე, მაგრამ არაფერი შეცვლილა - მაინც ვერაფერი გავიგე. მე ძველებურად ფეხებს ვაბაკუნებ და მოვითხოვ, რომ სამყარო დამემორჩილოს. მაგრამ ის ყველაფერს ჯიბრზე აკეთებს, და მე ისევ გავრბივარ და ვღრიალებ. რეალობისკენ მივრბივარ, შინაგანი განზრახვის ქარი კი სახეში მიბერავს. მაგრამ ყველაფერი ამაოა - რეალობა მე მმართავს, მაიძულებს, თითქოს მოლუსკი ვიყო, ნეგატიური რეაქცია მქონდეს, და ამით კი თავად კიდევ უფრო უარესდება.
 
როგორ ვმართოთ ეს შეშლილი ავტომობილი? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რა ეშლება? შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ის თვალმოუშორებლად უყურებს ანარეკლს. აქედან მოდის მისი ყველა პრობლემა. ამ დროს კი ასე მოქცევაა აუცილებელი.
 
პირველ რიგში ანარეკლის დევნა უნდა შეწყვიტო და გაჩერდე. ეს ნიშნავს, სარკეს თვალი მოსწყვიტო და უარი თქვა შინაგან განზრახვაზე, სამყაროს შენთვის სასურველი გეზი მისცე. ამ მომენტში შეშლილი ავტომობილი ადგილზე გაიყინება, რეალობაც შეჩერდება. შემდეგ კი დაუჯერებელი მოხდება: სამყარო თავად წამოვა შენკენ.

 


 სამყარო შენკენ მოდის
 
ჩვეულებრივი ადამიანური გონება სარკის ანარეკლზე ზემოქმედებას წარუმატებლად ცდილობს, მაშინ, როდესაც თავად ფორმის შეცვლაა საჭირო. ფორმას ადამიანის აზრების მიმართულება და ხასიათი წარმოადგენს. მთელი უბედურება იმაშია, რომ ადამიანები ჯერ სარკეში იხედებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას დანახულის მიმართ. ამით ისინი, ნებით თუ უნებლიეთ, აცხადებენ განზრახვას, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სინამდვილეს.
 
ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება სულ ახალ-ახალ ნეგატიურ შტრიხებს აჩენს სარკეში. სამყაროს ინდივიდუალური ნიშა მუქ ტონებში იღებება და მისი მფლობელისთვის ნაკლებსასიამოვნო მოვლენებით ივსება. როდესაც ადამიანს უიმედობა ეუფლება, სარკეში, შესაბამისად, ცა კიდევ უფრო იქუფრება. ხოლო თუ აგრესიულად განეწყობა, სამყარო საპასუხოდ მაშინვე იჯაგრება. და რაც უფრო ღიზიანდები, მით უფრო მეტად გეძალება ახალ-ახალი უბედურება - ირგვლივ ყველა და ყველაფერი რაღაცით გაღიზიანებს.
 
ადამიანი სარკესთან მნიშვნელოვნების ძაფებითაა მიბმული. ის ყველაფერი, რაც ხდება, ხომ ფაქტობრივად მისი ცხოვრებაა, და მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს ან მოსწონს ის, რასაც ხედავს, ან არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისი აზრები შინაარსობრივად ემთხვევა ანარეკლს და ამით კიდევ უფრო ამყარებს არსებულ მდგომარეობას. რამდენადაც ფორმა ანარეკლის ტყვეობაშია, ამიტომ ადამიანიც მისი გარშემომყოფი რეალობის სრულ დამოკიდებულებაში ექცევა.
 
რაც უფრო მგზნებარეა გრძნობა, მით უფრო ძლიერია სარკესთან მიჯაჭვულობა. რას ფიქრობ - არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია - რის შესახებ. მოგწონს თუ არა ანარეკლი - მაინც მასზე ფიქრობ. მნიშვნელობა მხოლოდ აზრების შინაარსს გააჩნია. მიუღებლობა ყოველთვის საპირისპირო მხარესაა მიმართული: „თავი დამანებეთ ბოლოს და ბოლოს!“ ან „როგორ მომწყინდა ეს ყველაფერი!“ მაგრამ მიმართულების მიუხედავად დამოკიდებულება უკმაყოფილების მიზეზს მოიცავს. ხოლო სულის და გონების ერთიანობაში შობილი მგზნებარე გრძნობა ფორმას მკაფიო კონტურებს აძლევს. შედეგად ანარეკლში ჭარბად ისახება ის, რაც ფორმის შინაარსს შეესაბამება.
 
ამიტომაც ღარიბები ღარიბდებიან, მდიდრები კი მდიდრდებიან - ყველანი სამყაროს სარკეში იხედებიან, და ყოველი თავისებურად აცხადებს მისი გარშემომყოფი რეალობის სახეს. ეს რეალობა ჭაობივით ისრუტავს ადამიანს. მოხუცი ქალი პენსიის რიგში. დაღლილი ქალი მძიმე ჩანთებით გაჭედილ ავტობუსში. ავადმყოფი, რომელიც ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში გადადის. მთელი თავიანთი აზრებით ისინი ამ შავბნელ რეალობაში არიან. ამ დროს კი ვიღაც ცხოვრებით ტკბება: ზღვა, იახტები, მოგზაურობა, ძვირფასი სასტუმროები, მდიდრული რესტორნები - ყველაფერი, რაც გულს სწადია. ყველა შემთხვევაში გარემოს ხასიათისგან დამოუკიდებლად ხდება ფაქტის კონსტატაცია: „აი ასე ვცხოვრობთ“. უფრო ზუსტად, ვცხოვრობთ, როგორც ვფიქრობთ ჩვენს ყოფაზე. სარკე ადასტურებს და სულ უფრო ამყარებს აზრების ფორმის შინაარსს.
 
და არ ღირს სტანდარტული პროტესტის გამოთქმა, რომ, ასე ვთქვათ, საწყისი პირობები ყველას განსხვავებული აქვს: ვიღაც სიღარიბეში დაიბადა, ვიღაცას კი მდიდარი მემკვიდრეობა ერგო. დიახ, საწყისი წერტილი ბევრად განაპირობებს, როგორ დაიწყება ცხოვრების წესის კონსტატაცია და როგორ განვითარდება მომავალში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „საწყისი კაპიტალი“ ყველაფერს წყვეტს. ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც ადამიანები ყველაზე დაბალი ფენიდან მაღალ საზოგადოებაში მოხვედრილან, და პირიქით. იქნებ, ეს იშვიათი გამონაკლისებია, რომლებიც წესს ადასტურებს? დიახ, მაგრამ თუ გამონაკლისი მაინც შესაძლებელია, ე.ი. ეს წესი არც თუ მთლად მტკიცეა. რაც არ უნდა ღრმა ორმოში იყოთ, იცოდეთ: ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თანაც რადიკალურად. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა , რომ წარმოდგენაც არ გაქვთ, ეს როგორ განახორციელოთ. თქვენ არ გჭირდებათ კონკრეტული გამოსავალის ცოდნა - ის თავად გამოჩნდება.
 
თქვენ გეჩვენებათ, რომ გარემოებების ტყვე ხართ, რომელთა შეცვლაც არ შეგიძლიათ. სინამდვილეში ეს ილუზიაა - ბუტაფორია, რომელსაც სურვილის შემთხვევაში იოლად დაამსხვრევთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველანი გაუცნობიერებლად ჩაკეტილ წრეზე დავდივართ: ვაკვირდებით რეალობას - გამოვხატავთ დამოკიდებულებას - სარკე ამყარებს დამოკიდებულების შინაარსს რეალობაში. იმისთვის, რომ რეალობა შევცვალოთ, უბრალოდ ამ წრიდან გამოსვლაა საჭირო.
 
აი, თქვენ გარშემომყოფ რეალობას აკვირდებით, და გეჩვენებათ, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია. და ეს მართლაც ასეა. შინაგანი განზრახვით თქვენ ანარეკლზე ზემოქმედებას ცდილობთ, მაგრამ მასზე სულ მცირე გავლენასაც კი ვერ ახდენთ. სარკის ამ მხარეს ძალზე ცოტა შესაძლებლობებია. სამაგიეროდ თქვენ შეგიძლიათ კონტროლქვეშ აიყვანოთ თქვენი დამოკიდებულება რეალობისადმი, და მაშინ სადავეს ხელში აიღებს გარეგანი განზრახვა, მისთვის კი შეუძლებელი არაფერია. სარკის მეორე მხარეს მოვლენათა განვითარების ისეთი ვარიანტები არსებობს, რომელთა შესახებ ადამიანის გონებას წარმოდგენაც კი არ აქვს.
 
ჰოდა ასე, გარეგანი განზრახვის მექანიზმის ასამუშავებლად მეხუთე სარკული პრინციპის შესრულებაა საჭირო: ანარეკლიდან ფორმაზე ყურადღების გადატანაა აუცილებელი. სხვა სიტყვებით, საკუთარი აზრების კონტროლქვეშ მოქცევაა აუცილებელი. უნდა იფიქრო არა იმის შესახებ, რაც არ გინდა და რასაც გაურბიხარ, არამედ იმაზე, რა გსურს და რის მიღწევასაც ცდილობ.
 
კიდევ ერთხელ შეხედეთ ჩაკეტილი წრის ფორმულას. ადამიანი პირდაპირი გაგებით ამ სარკულ წრეში ჩოჩორივით მოძრაობს. თავისი დამოკიდებულებით - სინამდვილეზე პრიმიტიული რეაქციით - სარკეს მიჯაჭვული, ის ასევე პრიმიტიულად ცდილობს ანარეკლს დაეწიოს მასში რაიმეს შეცვლის სურვილით. ახლა კი ვცადოთ სარკული წრე შევაბრუნოთ: გამოვხატავთ დამოკიდებულებას - სარკე ამყარებს დამოკიდებულების შინაარსს რეალობაში - ვაკვირდებით რეალობას. რა ხდება ამ დროს?
 
ანარეკლის პრიმიტიული და უსუსური კონსტატაცია წყდება, მის ადგილს კი ფორმის განზრახული და მიზანმიმართული კონსტატაცია იკავებს. სარკეში დანახულის გამო ჩვეულებრივ უკმაყოფილების გამოხატვის ნაცვლად, მე ზურგს ვაქცევ მას და ფიქრებში იმ ფორმის ფორმირებას ვიწყებ, რომლის დანახვაც მსურს. ესაა სარკული ლაბირინთიდან გამოსასვლელი. სამყარო შეჩერდა, შემდეგ კი ჩემ შესახვედრად გამოემართა. და აი, მე აღარ გავრბივარ, არამედ ერთ ადგილას ვდგავარ, და ახლა თავად რეალობა მოემართება ჩემკენ, და უკვე სხვა ქარი მიბერავს სახეში - გარეგანი განზრახვის ქარი.
 
მე ყველაფერი პირიქით გავაკეთე: შევწყვიტე ანარეკლის უსარგებლო დევნა, სამყარო გავათავისუფლე და ნება მივეცი თავად შემობრუნებულიყო ჩემი აზრების შესაბამისად. სარკული წრე ისევ ჩაკეტილი დარჩა, მაგრამ ახლა მე არ დავდივარ წრეზე - ის თავად ტრიალებს და მას გარეგანი განზრახვა ამოძრავებს. ჩემი შინაგანი განზრახვა გარეგანმა ჩაანაცვლა, რადგან მე უარი ვთქვი ანარეკლზე ზემოქმედების მცდელობაზე. მე მხოლოდ მიზანმიმართულად ვაფორმირებ აზრებში სასურველ ფორმას, ხოლო დუალური სარკე უკვე თავად ახორციელებს ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს სინამდვილეში.
 
ერთადერთი სიძნელე სიტუაციის უჩვეულობაში მდგომარეობს. უჩვეულოა ის, რომ ელემენტი „რეალობის დაკვირვება“ წრის სულ ბოლოშია დაყენებული. ადამიანი უფრო მიეჩვია იმოქმედოს წესით: „რასაც ვხედავ, ჯიუტად იმას ვამტკიცებ“. ის სამყაროს თავის შეხედულებებს უგზავნის, ის კი, როგორც ექო, უკან მხოლოდ გამოშიგნულ არსს უბრუნებს: „არ მსურს, წვიმა მოდიოდეს!“ – „წვიმა, წვიმა...“; „არ მსურს სწავლა!“ – „სწავლა, სწავლა...“; „არ მსურს მუშაობა!“ – „მუშაობა, მუშაობა...“ შედეგად სინამდვილეში ხორციელდება დამოკიდებულების რაფინირებული შინაარსი.
 
შეგვიძლია მთელი ამ გაუგებრობით დაღლილი სარკის მონოლოგი წარმოვიდგინოთ.
„ცუდად ხარ. კარგი, მაინც რა გსურს, კარგად რომ იყო?
 
არ გსურს. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ინებებ და ნათლად იტყვი, რა გნებავს?
 
შენ არ მოგწონს. ჰოდა მითხარი, პატივცემულო, რა გინდა?“
 
ყველაფერი ძალზე მარტივადაა. ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით უნდა შეიცვალოს. აზრების ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს და იქაურობა ყველა „არ“-ასგან გაიწმინდოს. უკმაყოფილება, უარყოფა, მიუღებლობა, არაღიარება, სიძულვილი, ის, რომ წარმატების არ გჯერავთ და ა.შ. - მთელი ეს ნაგავი ტომარაში უნდა მოაგროვოთ და ნაგავსაყრელზე მოისროლოთ. თქვენი აზრები მიმართული უნდა იყოს იმაზე, რაც მოგწონთ და გსურთ. აი მაშინ სარკეში მხოლოდ სასიამოვნო აღიბეჭდება.
 
უნდა გვესმოდეს, რომ სასიკეთო რეალობა უცებ არ ფორმირდება. მოთმინება და გაცნობიერებულობა დაგჭირდებათ. ახლა ყველაფერი ისე აღარაა, როგორც ადრე იყო: თქვენ გარშემომყოფ რეალობაზე კი არ რეაგირებთ, არამედ საკუთარ თავზე იღებთ ხელმძღვანელობას და ცნობიერად აგზავნით სამყაროში თქვენს აზროფორმებს. მიუხედავად ხილული ნეგატიური ანარეკლისა, პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავთ. დიახ, ეს, ასე ვთქვათ, უჩვეულოა, მაგრამ რა სჯობს: გარემოებების მონა იყოთ, როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი, თუ საკუთარ ბედს თქვენი შეხედულებისამებრ განაგებდეთ?
 
ადამიანებში განწყობა ფორმირება როგორც შექმნილ (იღბლიან თუ უიღბლო) გარემოებებზე რეაქცია. ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება, როგორც წესი, სულის განწყობას დაბალ დონეზე აჩერებს. ამ დროს კი პირიქით მოქმედებაა საჭირო - შეგნებულად უნდა შეიქმნათ განწყობა. უკვე მხოლოდ იმის ცოდნა, რომ რეალობის მართვა შემიძლია, მნიშვნელოვნად ამაღლებს განწყობას. ჩემი განზრახვით მე ვირჩევ ფერებს ჩემი რეალობისთვის. გარემოებების მიუხედავად საკუთარ თავს მაჟორულ განწყობაზე ვაყენებ. ამას ვაკეთებ შეგნებულად, და არ ვრეაგირებ პრიმიტიულად გარე გამღიზიანებელზე. აუცილებელია ამ ჩვევის გამომუშავება. განწყობის შექმნას სლაიდი დაეხმარება - მუსიკალური, ვიზუალური - რომელიც უფრო მოგწონთ. იდეალში ეს უნდა იყოს სურათი, რომელშიც თქვენი მიზანი მიღწეულია და თქვენ ბრწყინვალედ გრძნობთ თავს.
 
მეორე მხრივ, მზად იყავით იმისთვის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი სამყაროს ნიშაში არავითარი ცვლილება არ მოხდება. ან პირიქით, თითქოს ჯიბრზე, სხვადასხვა უსიამოვნებები მოგეძალებათ. მერე რა? ეს ყველაფერი დროებითი დისკომფორტია, რაც რეალობასთან დამოკიდებულების ახალ დონეზე „გადასვლასთანაა“ დაკავშირებული. თქვენ ხომ იცით, რომ სარკე დაყოვნებით მუშაობს. საკუთარი ხაზის გაყვანა უნდა გააგრძელოთ, მიუხედავად ყველაფრისა. მშვიდად უნდა შეყოვნდეთ, რომლის დროსაც არაფერი მოხდება. ზუსტად ისე, როგორც ერთ ზღაპარშია: „უკან მოიხედავ - და გაქვავდები!“ დაე, სარკეში ნებისმიერი რამ მოხდეს, მე ხომ ვიცი: ვერსად წამივა - ადრე თუ გვიან იქ ის ფორმა აისახება, რომელსაც ჩემს აზრებში ვქმნი. თუ ცდუნებას გავუძლებ, უკან არ მოვიხედავ და მტკიცედ ვიდგები ჩემს პოზიციაზე, სარკეში ჩემი რეალობა ფორმირდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს.
 
სამყაროს აღქმა ისეთი უნდა იყოს, თითქოს უკვე ფლობთ იმას, რაც გსურთ, ან სულ მალე მიიღებთ. გახსოვდეთ: სარკე იმას ახორციელებს, რაც თქვენს აზრებშია. მაგალითად, თუ თქვენი გარეგნობა არ გაკმაყოფილებთ, სარკეში სიამოვნების გარეშე იხედებით. მთელი თქვენი ყურადღება ნაკლოვან შტრიხებზეა მიმართული, რომლებიც არ მოგწონთ, და რის კონსტატაციასაც ახდენთ. უნდა გესმოდეთ, რომ სამყაროს სარკეში საკუთარ თავთან დამოკიდებულების შესაბამისად ირეკლებით.
 
ახალი წესი გაითავისეთ - კი არ ჩაიხედოთ, არამედ უთვალთვალეთ სამყაროს სარკეს. კარგი ეძებეთ, ცუდი კი დააიგნორეთ - ყველაფერი ამ ფილტრში გაატარეთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რისი მიღებაც გსურთ. ადრე რას აკეთებდით? ფაქტის კონსტატაციას ახდენდით: „მსუქანი და უშნო ვარ. ასეთი არ მომწონს საკუთარი თავი“. სარკე კი უფრო და უფრო ამყარებდა ამ ფაქტს: „დიახ, სწორედ ასეა“. ახლა კი სხვა ამოცანა გაქვთ - საკუთარ თავში მხოლოდ იმ თვისებების შემჩნევა, რომლებიც მოგწონთ, და იმავდროულად სასურველი ფორმის წარმოდგენა აზრებში. ამ მომენტიდან მხოლოდ იმას აკეთებთ, რომ ეძებთ და დადებითი ცვლილებების სულ ახალ-ახალ მტკიცებულებებს პოულობთ: დღითი დღე სულ უკეთესს და უკეთესს. თუ ამ ტექნიკას რეგულარულად გამოიყენებთ, მალე გაკვირვებისგან პირი ღია დაგრჩებათ.
 
ზოგადად, თავიდან დამოკიდებულება უნდა შექმნათ და მხოლოდ შემდეგ ჩაიხედოთ სარკეში, და არა პირიქით. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ამას მიეჩვიოთ. მაგრამ ცდად ღირს. ახლა თქვენ შეძლებთ რეალობის მართვას და არა ის თქვენსას. მატერიალური რეალიზაციის ინერტულობის გათვალისწინებით ანარეკლი ნელ-ნელა პოზიტიურად შეიცვლება. თქვენი სამყაროს ნიშაში იმდენი სასიამოვნო დაგროვდება, რომ აღარ დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ გამხიარულდეთ. სარკული წრე მსუბუქად და ძალდაუტანებლად დატრიალდება. მთავარია - ის ადგილიდან დაძრათ და თქვენი განზრახვით ააჩქაროთ, შემდეგ ყველაფერი იოლად გაგრძელდება.
 
„ნუთუ! დაუჯერებელია... - იტყვის მოწყენილი მკითხველი. - ასე იოლი რომ იყოს ყველაფერი...“ რას ვიზამთ, თუ არ გჯერათ, შეტრიალდით, და მშვიდობით გევლოთ სარკულ წრეზე - ანარეკლის კვალზე - იქნებ დაეწიოთ. თუ არ გჯერათ, მაგრამ გინდათ, მაშინ გეტყვით, რომ რწმენა აქ სულაც არ გჭირდებათ. რწმენის გარეშე შეასრულეთ შემოთავაზებული ტექნიკა, შემდეგ კი თავად დაინახავთ, რა მოხდება. ჩვეულებრივი გონებისთვის ასეთი საკითხები ყოველთვის მიუწვდომელი დარჩება, რადგან გარეგანი განზრახვის სამუშაო შეუმჩნეველია. გონება ვერასდროს გაიგებს, როგორ შეიძლება შესრულდეს მისი აზრით აუხდენელი ნატვრა. ის არასდროს ირწმუნებს, რომ ეს შესაძლებელია, სანამ უკვე მომხდარ ფაქტს პირისპირ არ შეეჯახება. ჰოდა თავი დაანებეთ - დაე გონებამ თავის ეჭვებში იფუთფუთოს, თქვენ კი ამ დროს ის გააკეთეთ, რაც საჭიროა.
 
„ვითომ? რაღაც არ გამოდის...“ - იტყვის ზარმაცი მკითხველი. მართლაც, სარკული ტექნიკა ძალზე მარტივია, მისი ნამდვილობის დაჯერება რომ შეძლოთ. ჩვენ ყველანი რთული პრობლემების რთულ გადაწყვეტას მივეჩვიეთ. ადამიანებს არ სჯერათ, რომ მათ აზრებს სინამდვილეში რეალობაზე ზემოქმედება შეუძლიათ, და ასეთ საკითხებს სერიოზულად არ აღიქვამენ, შედეგად კი, არც კი ცდილობენ ამის გაკეთებას. ეს ხილული შედეგების არარსებობის პირველი მიზეზია. მეორე მიზეზი კი მოქმედებებში ჩვეულებრივი არათანმიმდევრულობაა. ჩვეულებრივ ადამიანები ადვილად ინთებიან რომელიმე იდეით და შემდეგ ასევე სწრაფად ცივდებიან. მაგრამ სასწაულები ხომ არ არსებობს! გარკვეული სამუშაოს შესრულებაა საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში არა ხელებით, არამედ თავით. განა შეუძლია სარკეს, რომელიც დაყოვნებით რეაგირებს, თქვენი ანარეკლის შექმნა, თუ თქვენ მხოლოდ წამით დადგებით მის წინ და მაშინვე გაიქცევით?
 
ახლა, როდესაც ძირითად სარკულ პრინციპებს იცნობთ, მხოლოდ მისი პრაქტიკულად გამოყენება დაგრჩათ. ეს ნამდვილად მარტივია. იმისთვის, რომ აზროფორმა მატერიალურ სინამდვილეში დაფიქსირდეს, ის სისტემატურად უნდა იქმნებოდეს. სხვა სიტყვებით, აზრობრივად მიზნობრივი სლაიდის რეგულარული ტრიალია საჭირო. უსარგებლო ოცნებებისგან განსხვავებით, რომლებიც დრო და დრო ჩნდება, ეს კონკრეტული სამუშაოა.
ამგვარად, საკუთარი გრძნობების კონტროლქვეშ აყვანით, რომლებიც ანარეკლთან გაბამენ, თქვენ სარკისგან თავისუფლდებით. თუმცა ემოციების დათრგუნვა არ ღირს, ისინი მხოლოდ დამოკიდებულების შედეგია. თავად დამოკიდებულების - რეაგირების საკუთარი მეთოდის და სინამდვილის აღქმის  - შეცვლაა საჭირო. თავისუფლების მოპოვების შემდეგ თქვენ საჭირო ანარეკლის ფორმირების უნარს იძენთ. სხვა სიტყვებით, თქვენი აზრების მიმდინარეობის მართვით თქვენ რეალობას მართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობა თქვენ გმართავთ.
 
რეალობის მართვა შეიძლება სხვადასხვა ხარისხის სიმკვეთრით ხდებოდეს. ყველაზე მარტივი და მსუბუქი მეთოდი - ამალგამაა. ის კომფორტის და კეთილდღეობის ზოგადი ფონის შექმნის საშუალებას იძლევა, რაც უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმარისია. ოცნების განხორციელება მეტ მოთმინებას და მიზანსწრაფულობას მოითხოვს. სარკული ტექნიკის გამოყენება ყველას საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად შეუძლია.
 
ზოგადად, მტკიცება, რომ სამყარო ჩვენი აზრების ანარეკლს წარმოადგენს, ახალი არაა. ეს თითქოს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ იმავდროულად როგორღაც გაურკვევლად ჟღერს. ამიტომ ასეთი ცოდნისგან სარგებელიც ცოტაა. რა უნდა გაკეთდეს და როგორ? არავის სცალია სულიერი განათლებისთვის, ბუნების ძალების საიდუმლოთა წვდომისთვის და საკუთარი უნარების განვითარებისთვის.
 
მაგრამ ახლა თქვენ კონკრეტული ტექნიკა იცით. იცით, რატომ მუშაობს ეს და რა უნდა გააკეთოთ. უბრალოდ გააკეთეთ ეს. სარკულ წრეზე სირბილი შეწყვიტეთ, და დაინახავთ, როგორ წამოვა სამყარო თქვენკენ.


 განმგებლის განზრახვა
 
ამგვარად, სამყაროს სარკეში სასურველი სინამდვილის მისაღებად, ელემენტარული ქმედებების შესრულებაა აუცილებელი: განზრახვით ჩამოვაყალიბოთ აზრებში შესაბამისი სურათი, ისე რომ ანარეკლის დაგვიანებას ყურადღება არ მივაქციოთ, და მხოლოდ ვუთვალთვალოთ და ვეძებოთ ჩასახული რეალობის სულ ახალ-ახალი გამოვლინებები.
მაგრამ, დაგვიანების შესახებ ცოდნის პირობებშიც, ძალზე რთულია ამ უცნაურ სარკესთან მორგება. ადამიანის ცნობიერებაში ღრმადაა ჩაბეჭდილი მოსაზრება, რომ რეალობა ან მომენტალურად გვემორჩილება, როგორც ჯოხი ხელში, ან საერთოდ არ ექვემდებარება მართვას. თითქოს, თუ სურვილი მაშინვე არ სრულდება, ე.ი. ეს უბრალოდ შეუძლებელია: რაც არ შეიძლება, არ შეიძლება. და ადამიანს მხოლოდ ისღა დარჩენია იოცნებოს და მაგია მიღმიერად, მიუწვდომელად მიაჩნდეს.
 
ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ მაგია რეალობისგან განზე დგას. ფანტაზიის სამყარო სადღაც იქაა, წარმოსახვაში, რეალური ცხოვრება კი აქ მიედინება, მას ვერსად წავუვალთ და ვერც ვერაფერს შევცვლით. მაგები და ექსტრასენსებიც თავიანთ განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობენ, ჩვენ კი, ჩვეულებრივი ადამიანები ჩვეულებრივი პრობლემებით, აქ ვიტანჯებით, ამ ნაცრისფერ რეალობაში.
 
მაგრამ სინამდვილეში არავითარი მაგია არ არსებობს - არის მხოლოდ დუალური სარკის პრინციპების ცოდნა. ეს ცოდნა ზედაპირზე დევს. ის იმდენად უეშმაკო და ჩვეულებრივია, რომ არც ერთი კანონით „ჯადოსნური“ არაა. და მაინც, ალადინის ლამპარიც ჩვეულებრივი ძველი თუნუქის ქილასავით გამოიყურებოდა, და არც გრაალის თასი იყო ოქროსი. ყველაფერი დიადი წარმოუდგენლად უბრალოა - მას არც გაპრანჭვა სჭირდება და არც დამალვა. ცარიელი და უსარგებლო ყოველთვის მნიშვნელოვნების და იდუმალების საფარქვეშ იმალება.
 
ზღაპრულ ატრიბუტებს მოკლებული და ყოფით ცხოვრებაში ჩანერგილი მაგია მისტიკურ და იდუმალ სფეროს აღარ მიეკუთვნება. ჯადოქრობა თავის მომხიბლავ იდუმალებას კარგავს, რადგან მისი ადგილი აქ, ყოველდღიურობაში მოიძებნა. მაგრამ ამ ტრანსფორმაციის მთელი ხიბლი ისაა, რომ ყოველდღიური სინამდვილე, თავის მხრივ, ჩვეულებრივად აღარ გამოიყურება და უცნობ რეალობად იქცევა, რომლის ზეზეულად სიზმარხილვის მსგავსად მართვა შეიძლება. და ამისთვის მხოლოდ სარკული პრინციპების დაცვაა აუცილებელი.
 
დავუშვათ, ტრანსერფინგს უკვე იცნობთ და მიზნობრივ სლაიდთან მუშაობა იცით. მაგრამ, დრო გადის და არაფერი ხდება. ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს წერილი გააგზავნეთ, პასუხი კი არა და არ მოდის. გონება აღელვებულ ბორგვას იწყებს, მოუთმენლობა იპყრობს. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ? იქნებ ეს ყველაფერი სისულელეა?
 
სინამდვილეში სამყარო ერთ ადგილზე არ დგას - სარკის ანარეკლის მატერიალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. უბრალოდ ეს პროცესი შეუმჩნეველია, ამიტომაც გვეჩვენება, რომ არაფერი ხება. ასეთ მომენტში გონების სასწორის პინები ცოდნასა (რომ სარკე დაგვიანებით რეაგირებს) და ძველ ჩვევას (დავინახოთ უშუალო ზემოქმედებასა და მის შედეგს შორის თითქმის მყისიერი კორელაცია) შორის მერყეობს.
 
რაზე ფიქრობს გონება, თუ შედეგი არ ჩანს? იმის შესახებ, რომ მოქმედება არაეფექტური ან არასწორია. ასეთ შემთხვევაში რა აისახება სარკეში? სწორია. იგივე. ამრიგად, პროცესი ნელდება ან სხვა მხარეს მიდის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დაახლოებით ასეთი დიალოგი გონებასა და სამყაროს შორის.
 
-       სათამაშო მინდა!
-       რა თქმა უნდა, ძვირფასო, გინდა.
-       მაგრამ შენ ხომ დამპირდი!
-       დიახ. შენ მთხოვე, მე კი გითხარი, რომ სათამაშო გექნება. მგონი, სრულიად დაგაკმაყოფილა იმან, რომ ის გექნება.
-       შენ სწორად ვერ გაიგე! ახლავე მინდა სათამაშო, ამწუთას!
-       არა, მესმის ყველაფერი: ახლავე გინდა ის.
-       ჰოდა, სადაა სათამაშო?
-       მართლაც, სადაა?
-       მგონი, რომელიღაც ჩვენგანი იდიოტია.
-       დიახ, ასეა.
-       ჯანდაბა! სულ დამავიწყდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სულელი სარკე ხარ. როგორ უნდა მოგექცე? ჰო, გამახსენდა: სათამაშოს მაძლევ.
-       კარგი, ჩემო ძვირფასო.
-       ჰოდა, მის მოსატანად მივდივართ?
-       რა თქმა უნდა, საყვარელო, მოდი ხელში აგიყვანო.
 
და აი, ისინი სასურველი საჩუქრისთვის გაემართნენ. ახლა მხოლოდ მოთმინებით აღჭურვა და მთელი დროის მხიარული სამზადისისთვის დათმობა დარჩა. სული მღერის, გონება კი კმაყოფილი იფშვნეტს ხელებს. რატომ არ უნდა იყოს კმაყოფილი? ის ხომ სამყაროსთან ერთად სათამაშოსთვის მიდის! ტრანსერფერს უნდა ესმოდეს: მის მიერ გაკეთებული არჩევანი უცვლელ კანონად იქცევა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. და ამისთვის მხოლოდ საბოლოო მიზანზე ყურადღების ფიქსაციაა საჭირო. მაგრამ ადამიანისთვის ყოველთვის რაღაც ისე არაა.
 
-       მისმინე, სწორ მხარეს მივდივართ? რატომღაც სათამაშოების მაღაზია არ ჩანს.
-       ნუ ღელავ, ჩემო კარგო, მალე მივალთ.
-       როდის? არა, მგონი არასწორად მივდივართ.
-       ასე ფიქრობ?
-       დიახ, გზა აგვებნა!
-       როგორც იტყვი, საყვარელო, ხომ იცი, მე ყოველთვის გეთანხმები.
-       სულელი სარკე! ვიცოდი, რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა! სად წამიყვანე?
-       უბრალოდ მინდოდა გზად პარკში შეგვევლო, ატრაქციონზე გასართობად...
 
ადამიანი თავდაჯერებული არაა, თუ მას თვალახვეულს ატარებენ. მისი გონება ვერაფრით ეგუება იმას, რომ არაფერი ხდება ან მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ჩაფიქრებული იყო. გონება კიბერნეტული ავტომატის მსგავსადაა მოწყობილი: თუ მუშაობის ალგორითმი ირღვევა, წითელი ნათურა ინთება. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ გონება თავად ქმნის პროგრამა-სცენარს, გულუბრყვილოდ თვლის რა, რომ წინასწარ ყველა სვლის გათვლა შეუძლია. ე.წ. საღი გონების პრიმიტივიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ის არა მხოლოდ მოქმედებათა სტერეოტიპულ პროგრამას ადგენს, არამედ დაჟინებით ეჭიდება კიდეც მას.
 
იმ მომენტში, როდესაც არჩევანი კეთდება, ანუ საბოლოო მიზნის-სურათის დასახვა ხდება, სამყაროს სარკე შეკვეთას ღებულობს და გარკვეული გეგმით მის რეალიზაციას იწყებს. რა გზით მოხდება სურათის ანარეკლის ფორმირება, მხოლოდ სარკემ იცის - გონებისთვის ეს გზა შეუცნობელია. მაგრამ, როდესაც გონება ხედავს, რომ მოვლენები რაღაც უცნაური სცენარით ვითარდება, ის განგაშის ზარს შემოკრავს, და ადამიანი სამყაროს ყელში ეცემა. რაღაცის გაკეთებაა საჭირო! ის ფიქრობს, რომ არაფერი გამოდის, და ამით ამახინჯებს სამიზნე სურათს. დამატებით კი ისე იწყებს მოქმედებას, რომ საკუთარ სცენარს დაეხმაროს, და ისევ მხოლოდ სწორედ იმ მისთვის უცნობი გეგმის რეალიზაციას უშლის ხელს, რომელიც ნამდვილად მიიყვანს წარმატებამდე.
 
ამრიგად, საკუთარ სცენარს ჩაბღაუჭებული ადამიანი, რომელზეც, როგორც თავად ეჩვენება, მიზნისკენ მიმავალი გზა გადის, ამ მიზნის რეალიზაციას თავადვე უშლის ხელს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. თავისი დაუოკებელი სურვილით, მალე მიიღოს სათამაშო, ადამიანი ისეთ ჭარბ პოტენციალს ქმნის, რომ სარკე ფაქტობრივად მრუდდება. მრუდე სარკისგან კი რას შეიძლება ველოდოთ?
 
სურვილი, როგორც ასეთი, აუცილებელია, მის გარეშე ხომ მისწრაფება არ არსებობს. თუ ამას მოქმედების გადაწყვეტილებას დავუმატებთ, მიიღება საკუთარი მიზნის მიღწევის განზრახვა. მაგრამ თუ რეალობაში მისი მიღწევის ეჭვებს და წარუმატებლობის შიშს დავამატებთ, გამოვა ჟინი. აი, სწორედ ესაა ის მნიშვნელოვნება, რომელიც შეგნებულად უნდა დავწიოთ. თავისთავად სურვილი შესამჩნევ ჭარბ პოტენციალს არ ქმნის - ის წარმოიქმნება, როდესაც თქვენი ეჭვებით და შიშებით სამყაროს ყელში სწვდებით.
 
ადამიანი ჩვეულებრივ შემდეგნაირად მსჯელობს: მინდა, მაგრამ ვშიშობ, რომ არაფერი გამოვა, ან მეეჭვება, გამოვა თუ არა. საკუთარი თავის წინაშე მოგების ან წაგების პასუხისმგებლობის ტვირთის ქვეშ მყოფი, ის თავის თავს და სამყაროს მკაცრ პირობებს უყენებს. სამყაროსგან ელის, საკუთარი თავისგან მოითხოვს. შედეგად სარკის სამმაგი გამრუდება მიიღება: მინდა, მეშინია, არ ვუშვებ. მრუდე სამნაწილიანი სარკე.
 
თუ ფიქრობთ, რომ განზრახვა - მტკიცე გადაწყვეტილებაა სამყაროს მოსთხოვო ის, რაც თითქოს გეკუთვნით, არაფერს მიიღებთ. და თუ სამყაროს შეეხვეწებით იმას, რაც გსურთ, ისევ ცარიელ-ტარიელი დარჩებით. გაიგეთ, რომ ის, რაც გჭირდებათ, - შეკვეთის გაკეთება და შემდეგ სამყაროსთვის ნების დართვაა, შეასრულოს ის. თქვენ ხომ უბრალოდ საშუალებას არ აძლევთ, ეს გააკეთოს, რადგან მოითხოვთ, სთხოვთ, გეშინიათ და გეეჭვებათ. ასეთ შემთხვევაში სამყაროც რაღაცას მოითხოვს, ითხოვს, ეშინია და ეეჭვება, ანუ სრულიად უზადოდ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას. ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ სარკეა.
 
ეს უნდა შეიგრძნოთ. გაუშვათ სამყარო, მისცეთ მას ნება კომფორტული იყოს თქვენთვის უკვე ამ წამიდან. ეს არასტაბილური, წამიერი გრძნობაა, ის უცებ გაირბენს, მაგრამ თქვენ ის უნდა დაიჭიროთ. წამიერად წარმოუდგენელი წარმოიდგინეთ: მტრული, პრობლემური, რთული, მოუხერხებელი სამყარო თქვენთვის უცებ ხალისიანი და კომფორტული ხდება. თქვენ აძლევთ ამის ნებას. თქვენი გადასაწყვეტია.
 
საქმე იმაში კი არაა, ბედნიერი იყოთ განმარტების დონეზე, არამედ იმაში, რომ ბედნიერება საკუთარ ცხოვრებაში შეუშვათ. ჩვენ ბედნიერები ზუსტად იმდენად ვართ, რამდენადაც ჩვენთვის წარმოუდგენელი წარმატების შესაძლებლობას ვუშვებთ. ბედნიერება თავს კი არ უნდა ვაიძულოთ, არამედ საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების ნება დავრთოთ. უბრალოდ მიენდეთ სამყაროს - მან უკეთ იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, და თავადვე იზრუნებს ყველაფერზე. თქვენ ხომ არ გაწუხებთ ის ამბავი, რა გზით ახერხებს უბრალო სარკე ასე ზუსტად ანარეკლის ასახვას? მის წინ მდგომი, თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რის დანახვას ისურვებდით ანარეკლში. სამყაროს სარკეც ასე უზადოდ მუშაობს, მხოლოდ დაყოვნებით.
 
ხოლო იმ შემთხვევისას, როდესაც დარწმუნებულობით ვერ განიმსჭვალებით, რომ სამყაროს ნამდვილად შეიძლება ენდოთ, კიდევ ორი სარკული პრინციპი მოგვეპოვება. შესაძლოა, ინსტრუქციით მოქმედება ვინმესთვის უფრო ადვილიც აღმოჩნდეს. მაგრამ ვიდრე მეექვსე და მეშვიდე პრინციპებს გავეცნობოდეთ, მოდით, მეხუთე გავიხსენოთ.
 
დავუშვათ, თქვენი მიზანი განსაზღვრეთ და მიზნობრივ სლაიდთან სისტემატურ მუშაობას შეუდექით. თქვენ იცით, რომ შედეგები უცებ არ დადგება. და მაინც, გონება მოუსვენრად ცქმუტვას იწყებს: დრო გადის, და არაფერი ხდება ან ის არ ხდება, რასაც ელოდით. ასეთ წუთებში, როდესაც ეჭვები თითქმის დაიპყრობს აზრებს, გაააქტიურეთ თქვენი ცნობიერება. თქვენ ხომ დაგავიწყდათ წესი: „უკან მიიხედავ - გაქვავდები“.
 
ყურადღება საბოლოო მიზანზე უნდა იყოს დაფიქსირებული, თითქოს ის უკვე მიღწეულია. სამყარო თქვენსკენ მოდის მანამ, სანამ სურათ-ხატზე ხართ ფოკუსირებული. მაგრამ საკმარისია სარკეში ასახული ანარეკლისკენ შეტრიალდეთ, სადაც კაცმა არ იცის რა ხდება (ან საერთოდ არაფერი ხდება), რომ სამყარო მაშინვე ჩერდება, თქვენ კი კვლავ სარკულ წრეზე უნაყოფო რბოლას იწყებთ.
 
თქვენ მოგიწევთ გონებას გამუდმებით შეახსენოთ, რომ სარკე დაგვიანებით მუშაობს და მას ანარეკლის ფორმირებისთვის, ანუ სურათ-ხატის სინამდვილეში განხორციელებისთვის გარკვეული პაუზა ესაჭიროება. პაუზის დროს უდრეკად უნდა იდგეთ თქვენსაზე, გჯეროდეთ წარმატების იმ პირობებში, როდესაც გეჩვენებათ, რომ არაფერი გამოვა. რამდენადაც კადნიერება გეყოფათ არ დაყვეთ გულგატეხილობას, იმდენს მიიღებთ. სწორედ ესაა ჯადოსნურ ატრიბუტებს მოკლებული, მაგრამ რეალური ძალის მქონე ნამდვილი მაგია.
 
სარკისკენ თვალის გაპარება, ანუ მიმდინარე ამბებთან საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ დადებითი ძვრები შეამჩნიოთ და სასიამოვნო გაოცება იგრძნოთ. სხვა სიტყვებით, თქვენ ფართოდ გაღებული თვალებით უნდა უყურებდეთ ყველაფერს, რაც ადასტურებს სამყაროს მოძრაობას მიზნისკენ, და თვალდახუჭული თანმხლებ (და გარდაუვალ) ნეგატიურ გამოვლინებებს. თუ გამძლეობა გეყოფათ და „არ მიიხედავთ“, როგორც წესი, შედეგები ყოველგვარ მოლოდინს აღემატება. თქვენ არა მარტო მოგცემენ სათამაშოს, არამედ ატრაქციონზეც დაგსვამენ, და ნაყინითაც გაგიმასპინძლდებიან.
 
ძალზე ზოგადი აზრით სარკესთან ურთიერთობის წესი შეიძლება შემდეგი ფორმით ჩამოვაყალიბოთ. როდესაც სარკეში ვიხედებით, ანარეკლი კი არ უნდა ვამოძრაოთ, არამედ თავად სურათ-ხატი - ჩვენი დამოკიდებულება და აზრების მიმართულება. სხვა სიტყვებით, „საკუთარი თავი ავამოძრაოთ“, და არა ანარეკლის ხელში მოგდება ვეცადოთ, იმ კნუტის მსგავსად, რომელიც „ორეულს“ ეთამაშება, მაგრამ არ ესმის, რომ თავადაა. ცნობილი მუსიკოსის და ფილოსოფოსის ბორის გრებენშიკოვის სიმღერაში ასეთი სიტყვებია: „მას შეუძლია ამოძრავდეს... მთელი ტანით“.
 
საკუთარი ღერძის ირგვლივ დაბზრიალებისას დაინახავთ, როგორ დაიწყებს სამყარო ნელ-ნელა და დაგვიანებით თქვენს კვალზე შემობრუნებას. თქვენ არ ჩქარობთ ხელი სტაცოთ, რომ ბზრიალი აიძულოთ. ამაშია განსხვავება შინაგან და გარეგან განზრახვას შორის. შინაგანი განზრახვა გაიძულებთ ანარეკლზე ზემოქმედება სცადოთ. გარეგანი განზრახვით კი ანარეკლს აიგნორებთ და ყურადღების კონცენტრაციას თქვენი აზრების ფორმაზე მიმართავთ, ამით რეალურ ძალას იძენთ, რასაც სამყაროს ამოძრავება შეუძლია. „დედა, რას ვიზამთ, როდესაც ის ამოძრავდება!“
 
ძალის საიდუმლო მარწუხების მოშვებაში მდგომარეობს. ადამიანის გონება უმცირეს გაუთვალისწინებელ გარემოებას, ასევე საკუთარი სცენარიდან სულ უმნიშვნელო გადახრას წინააღმდეგობით ხვდება. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება ბუნებრივი და პრიმიტიული რეაქცია - მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა, ანუ შეწინააღმდეგება, უარის თქმა, გაჯიქება, შეკამათება, მკვეთრი მოძრაობები, გარკვეული აქტიური მოქმედებები და ა.შ. საერთო ჯამში, გონება ანარეკლს ებღაუჭება და საკუთარი ხაზის გატარებას ცდილობს.
 
რა თქმა უნდა, თუ ყურადღება სარკეზეა მიჯაჭვული, ჩნდება ილუზია, რომ მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, და რეალობა - ის ხომ აქაა, ცხვირწინ - მაშინვე დაგვემორჩილება. მაგრამ ეს ასე არაა. უჭკუო კნუტი ტყუვდება, როდესაც ჩვეულებრივ სარკეს ეთამაშება. მაგრამ ცნობიერებით ერთი საფეხურით მაღლა მდგომი ადამიანიც იგივე ხაფანგში ებმება. განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ დუალური სარკის ილუზია უფრო დახვეწილია, მეტი არაფერი.
 
ამრიგად, საჭიროა ხელები სარკეს მოვაცილოთ და სამყაროს ნება მივცეთ, იმოძრაოს. უმეტეს შემთხვევაში აქტიური მოქმედება საჭიროც კი არაა - სრულიად საკმარისია მიმდინარე მოვლენებს რბილად და მოქნილად მივყვეთ. როგორც ცნობილია წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობები“, ვარიანტთა დინება, თუ მას ხელს არ შევუშლით, მოვლენათა მიმდინარეობას მეტად ოპტიმალური არხით მიმართავს. პრიმიტიული გონება წყალში ხელებს ატყაპუნებს და დინების საწინააღმდეგოდ უსვამს ნიჩბებივით, საკუთარი წარმოდგენები რომ გაიტანოს. ახლა, ილუზიებისგან რომ გათავისუფლდეთ, საჭიროა გონების შეზღუდული განზრახვა შემოაბრუნოთ საპირისპირო მიმართულებით - დაე, დინამიურად დააკორექტიროს თავისი სცენარი, ყველა გაუთვალისწინებლობის ჩათვლით. ასეთი ამოცანა მისთვის უჩვეულოა, მაგრამ ეს ერთადერთი მოქმედი საშუალებაა, რომელიც კნუტის როლიდან გამოგიყვანთ.
 
ამრიგად, მეექვსე სარკული პრინციპია: მარწუხებს მოვუშვათ და სამყაროს ნება მივცეთ იმოძრაოს ვარიანთა დინების მიმართულებით. შინაგანი განზრახვა საპირისპიროდ იცვლის მიმართულებას, რაც პარადოქსს იწვევს: კონტროლზე უარის თქმით, თქვენ სიტუაციაზე რეალურ კონტროლს იღებთ.
 
ყველაფერს, რაც გარს გახვევიათ, დამკვირვებლის თვალებით შეხედეთ. თქვენ პიესის მონაწილე ხართ და იმავდროულად გვერდიდან აკვირდებით და გარშემო ნებისმიერ მოძრაობას ამჩნევთ. იღებთ რჩევას - შეეცადეთ დაუფიქრდეთ. სხვისი აზრი გესმით - ნუ იჩქარებთ დისკუსიაში ჩაბმას. გეჩვენებათ, რომ ვიღაც სწორად არ იქცევა - დაე ასე იყოს. გარემოებები შეიცვალა - განგაშის ზარს ნუ დაარისხებთ, შეეცადეთ ცვლილებები მიიღოთ. რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, ისე იმოქმედეთ, როგორც უფრო ადვილია. არჩევანის წინაშე დგახართ - ის აარჩიეთ, რომელიც უფრო ადვილი მოსაპოვებელია.
 
ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ტოტალურად უნდა დაეთანხმოთ. ერთია - თვალების დახუჭვა და დინების მინდობა, და სრულიად სხვაა - განზრახვით და ცნობიერებით მოძრაობა დინების მიმართულებით. თქვენ თავად მიხვდებით, სად მოქაჩოთ სადავე, და სად შეგნებულად მოუშვათ. ხელი უშვით სამყაროს და მის მოძრაობას დააკვირდით. დააკვირდით როგორც ბრძენი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს, მხოლოდ იშვიათად უბიძგებს საჭირო მიმართულებით. თქვენ დაინახავთ, როგორ დატრიალდება სამყარო თქვენს ირგვლივ.
 
და აი, ბოლო - ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ სარკულ პრინციპს მივადექით. სარკეს უზადო არეკლვის უნართან ერთად კიდევ ერთი ნიშან-თვისება გააჩნია: მასში მარჯვენა მარცხენა ხდება, ხოლო სივრცე, რომელიც გარბის, სინამდვილეში საპირისპირო მხარეს მოძრაობს. ადამიანები დიდი ხანია მიეჩვივნენ ამ თვისებას და გონებაში ილუზიის რეალობად გარდაქმნა ისწავლეს. მაგრამ დუალური სარკის ილუზიასთან გონება აქამდე ვერაფერს გახდა.
 
პრობლემა ადამიანის მიდრეკილებაშია კარგში ცუდი დაინახოს, პოზიტივი ნეგატივად აქციოს, ხოლო მისთვის სასიკეთო ბედის უკუღმართობად შერაცხოს. სინამდვილეში, სამყაროს კვანტის დადება არ ახასიათებს. უსიამოვნებები ნორმა არაა, რადგან მათზე ყოველთვის დიდი ენერგია იხარჯება. ბუნება კი ენერგიას უაზროდ არ ხარჯავს. ვარიანტთა დინება ყოველთვის უმცირესი წინააღმდეგობის გზით მიედინება. შეიძლება ითქვას, ის გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის გზას მიუყვება. პრობლემების ძირითად მასას თავად ადამიანი ქმნის, როდესაც წყალზე ხელებს ატყაპუნებს და თანაბარი დინების საწინააღმდეგოდ ნიჩბებივით იქნევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება შესაბამის სურათ-ხატს შობს, რომელსაც სარკე სინამდვილედ ახორციელებს.
 
გახსოვდეთ: სამყარო მხოლოდ და მხოლოდ უზადოდ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას რეალობისადმი. რაც არ უნდა პირქუში ჩანდეს ანარეკლი - ის კიდევ უფრო უარესი გახდება, თუ მას როგორც ნეგატიურს, ისე მიუდგებით. ზუსტად ანალოგიურად ნეგატივი პოზიტივად იქცევა, თუ მას თქვენი ნებით ასეთად გამოაცხადებთ. ნებისმიერი გარემოება ან მოვლენა ატარებს საკუთარ თავში თქვენთვის როგორც არასასურველ, ასევე სასარგებლო პოტენციალს. ამ განშტოებაზე თქვენი დამოკიდებულების გამოხატვით თქვენ მოვლენათა შემდგომ მსვლელობას განსაზღვრავთ - იღბლიან მხარეს წავა ის თუ არა.
 
ნებისმიერ, ყველაზე არახელსაყრელი გარემოებების შემთხვევაშიც კი თქვენ საბოლოო ჯამში მოგებული დარჩებით, თუ მეშვიდე სარკულ პრინციპს შეასრულებთ: ნებისმიერი ანარეკლი პოზიტიურად აღიქვით. რაც არ უნდა იყოს იქ, თქვენ ზუსტად არ იცით, ეს თქვენთვის სასიკეთოა თუ ბოროტებაა. თქვენთვის უკეთესი ამოირჩიეთ!
 
მეტიც, როდესაც ყველაფერი სასიკეთოდ ვითარდება, გულგრილად კი არ უნდა მიიღოთ, როგორც თავისთავად ნაგულისხმები, არამედ სიხარულით უნდა შეხვდეთ, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რა საუკეთესოდ მიდის საქმე. ეს სხვა არაფერია, თუ არა განზრახვის კოორდინაციის ცნობილი პრინციპი - მისი მოქმედება დაწვრილებითაა აღწერილი ტრანსერფინგის პირველ წიგნში.
 
მაგალითად, გარკვეულ პრობლემას შეეჯახეთ. განშტოებაზე მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია - რთულად შერაცხავთ თუ ადვილად. ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება და რთული ცხოვრებისგან გადაღლა გაიძულებთ პრობლემის სიმძიმის ქვეშ მოიხაროთ და პირქუშად დაასკვნათ: ოჰ, რა მძიმეა! ძალზე რთული საკითხია. სამყარო მაშინვე გეთანხმებათ: როგორც გენებოს, ძვირფასო.
ის ყოველთვის გეთანხმებათ. და რაკი ასეა, პირიქით გააკეთეთ, უთხარით საკუთარ თავს: ყველაფერი ძალზე მარტივად გადაწყდება. თუნდაც ძალდატანებით, ეს პრობლემა მარტივად მიიჩნიეთ. თუნდაც ეს მხოლოდ პოსტულატი იყოს. პრობლემას ხომ ძირითადად ერთი პატარა წვრილმანი - თანმხლები გარემოებები - ართულებს. ჰოდა, ამ წვრილმანს თქვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს. და სამყარო ისევ ყველაფერზე თანახმა იქნება. რაც არ უნდა ხდებოდეს. ყველაფერი ცუდადაა? არა, - ამბობთ თქვენ, - ყველაფერი მშვენივრადაა!
 
და სრული იდიოტის სახით, როგორც შეიძლება „საღად მოაზროვნე“ ადამიანს მოეჩვენოს, ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტთ („ასე, ძალიან კარგი!“) ან ტაშს შემოკრავთ, ან სიხარულით ხტუნავთ. და მაშინ ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ, მართლაც, გარემოება, რომელიც უიღბლოდ მიგაჩნდათ, სინამდვილეში თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს. სარკის ეს თვისება ყოველთვის იმდენად მოულოდნელად და გასაოცრად მოქმედებს, რომ ამასთან მიჩვევა შეუძლებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს თვალში მარცხი გამარჯვებად შემობრუნდება, ისეთ შეუდარებელ აღტაცებას იგრძნობთ, როდესაც გსურთ შესძახოთ: არა, ეს შეუძლებელია! ეს ნამდვილი მისტიკაა!
 
ადრე ხომ „საღი აზრის“ თვალთახედვით სულ სხვაგვარად მსჯელობდით, და ამიტომაც ცხოვრებაში სიმძიმეებს და გაჭირვებას სრული პროგრამით იღებდით. ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ნებისმიერ უსიამოვნებას და პრობლემას შეხვდებით, გაიხსენეთ, რომ სამყარო ყველა შემთხვევაში დაეთანხმება მომხდართან თქვენს დამოკიდებულებას: როგორც იტყვი, ჩემო კარგო.
 
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ფლობთ ამიერიდან? თქვენ აღარ გჭიდებათ იმედი იქონიოთ და ელოდოთ, როდის ინებებს ლურჯი ფრინველი თქვენს მონახულებას, ფორტუნის ბორბალი კი საჭირო მხარეს შებრუნებას. თქვენ ხართ თქვენი იღბლის მფლობელი. საკუთარი ნებით აცხადებთ ნებისმიერ მოვლენას ან გარემოებას სასიკეთოდ, თქვენთვის სახეიროდ.
 
ეს არაა სამყაროს კეთილ ნებაზე მინდობა, რომელიც ჩვენი სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე. სამყარო ხომ - გულგრილი სარკეა, და თუ ის ზრუნავს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე „იმზირებით“ მასში. ეს არც დარწმუნებულობაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გარემოებებმა შეარყიოს. არც წარმატების ბრმა რწმენაზე დაფუძნებული თავდაჯერებულობაა. და არც ოპტიმიზმი როგორც ხასიათის ნიშანი. ეს - განმგებლის განზრახვაა. თქვენ თავად ქმნით თქვენი სამყაროს ნიშას - საკუთარ რეალობას განაგებთ.
 
თქვენ - რეალობის განმგებელი ხართ, თუ „საკუთარი თავის ამოძრავება“, იმავდროულად კი სამყაროსთვის თავისუფლების მინიჭება შეგიძლიათ. ამოძრაო საკუთარი თავი - ნიშნავს, ბოლო სამი სარკული პრინციპის დაცვას. განმგებელი - ეს იმდენად აქტიური შემოქმედი არაა, რამდენადაც დამკვირვებელი. არა დამორჩილება, არამედ ნების მიცემა - აი, რითი განსხვავდება მისი ნება.
 
ახლა იცით, როგორ მოეპყროთ ამ საოცარ დუალურ სარკეს. უკვე აღარაფრის უნდა გეშინოდეთ სამყაროში, რომელსაც სხვები მტრულად, პრობლემურად და ორგულად მიიჩნევენ. ის - თქვენია! ხელი ჩასჭიდეთ მას და საკუთარ თავს უთხარით: „მე და ჩემი სამყარო სათამაშოსთვის ერთად მივდივართ!“


მესარკეთა ლიგა
 
თითქოსდა, ტრანსერფინგში ბედის საკითხი არ დგას - ვარიანტთა სივრცის არსებობის გამო ის შეიძლება თავისუფალი იყოს, და დუალური სარკის პრინციპებით ხელმძღვანელობისას მისი მართვა შეიძლება. და მაინც, ღირს ამ თემას კიდევ ცოტაოდენი ყურადღება დავუთმოთ.
აქ მოსაზრებები იყოფა. ერთნი თვლიან, რომ ბედი მის ფლობელს ხელთ უპყრია. სხვებს სჯერათ, რომ ის წინასწარგანსაზღვრულია. მესამენი კიდევ უფრო შორს მიდიან, ბედს ბედისწერად განიხილავენ, რომელიც ადამიანს ზემოდან ებოძა და მისი წინა ცხოვრებებში ნამოქმედარითაა განპირობებული. მაინც რომელი თვალსაზრისი დგას ყველაზე ახლოს ჭეშმარიტებასთან?
 
ყველა. ყველა ეს პოზიცია სწორია და თანაბარუფლებიანიც კი. განა შეიძლება სხვაგვარად იყოს სამყაროში, რომელიც სარკეს წარმოადგენს? ყოველი მის წინ მდგომი საკუთარი აზრების ფორმის დადასტურებას იღებს პასუხად. აზრი არ აქვს სარკეს ვკითხო, მიწერია თუ არა ანარეკლში ჩემ სახეს მხიარულს დავინახავ თუ მოწყენილს. ერთი მხრივ, იქ ის აისახება რაც არის, მეორე მხრივ კი როგორის დანახვასაც ვისურვებ, ისეთი ვიქნები. ამიტომ ბედის საკითხი - არჩევანის საკითხია: წინასწარგანსაზღვრულს ავირჩევ თუ თავისუფალს ვარჩევ. საქმე მხოლოდ თქვენს რწმენაშია - რასაც ირჩევთ, იმას იღებთ.
 
თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ბედი წინასწარაა განსაზღვრული და მას ვერ გაექცევი, ასეთ შემთხვევაში გარკვეული წინასწარგაწერილი სცენარი რეალიზდება. ვარიანტთა სივრცეში, ცხადია, არის ცალკე ნაკადი, რომელსაც გაყვება ცხოვრების გემი, თუ მას ტალღებს მივანდობთ. საკუთარ ინფანტილიზმში მოფართხალე „განწირული“ მოწიწებით აღაპყრობს თვალებს ზეცისკენ, საიდანაც გირჩებივით ცვივა „ბედის დარტყმები“: „ოჰ, განგების ძალავ! ოჰ, ბედისწერის მარჯვენავ!“ სინამდვილეში არაფერი არაა „შენი ხვედრი“, გარდა იმისა, რომ შუბლზე გაწერია ის, რომ შენ, ბრიყვი, არაცნობიერის და სულელური სიზმრის ტყვეობაში იმყოფები, რომლისთვისაც თავადვე გასწირე საკუთარი თავი.
 
მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ ხელში იღებს სადავეს, მისი ცხოვრება გარემოებებზე დამოკიდებული აღარ არის. გემი შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მიაბრუნო იმ „ბედისგან“, რომელიც თითქოსდა დაწერილია. ყველაფერი ძალზე მარტივადაა: ცხოვრება - მდინარესავითაა. თუ თავად უსვამთ ნიჩბებს, მიმართულების არჩევის შესაძლებლობა გაქვთ, თუ დინებას მიენდობით, მაშინ იმ დინებას მიყვებით იძულებით, რომელშიც აღმოჩნდით. გსურთ კარმა - გექნებათ კარმა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ხვედრი თქვენი წინა ცხოვრებების შეცდომებზე ან გარკვეულ მოუხელთებელ გარემოებებზეა დამოკიდებული, ამით შესაბამის ვარიანტს ახორციელებთ. თქვენი ნებაა, თქვენ ხომ - ღმერთის შვილი ხართ. მაგრამ თუ განმგებლობა გწადიათ, ესეც თქვენს ხელთაა. დუალური სარკე ყველაფერზე თანახმაა. საქმე მხოლოდ იმაშია, შეგიძლიათ თუ არა მასთან ურთიერთობა.
 
ტრანსერფინგის მოდელის ჩარჩოში ეს ყველაფერი სრულიად ცხადია. ერთადერთ წარმოუდგენელ გამოცანად ვარიანტთა სივრცე რჩება. ვინ „მოათავსა“ იქ ის ყველაფერი, რაც იქაა? საიდან? რატომ? და მანამდე რა იყო, სანამ ეს ყველაფერი იქ მოათავსეს?
 
გულწრფელად ვიტყვი: არ ვიცი. მხოლოდ ჰიპოთეზა შემიძლია შემოგთავაზოთ: ვარიანტთა სივრცე არავის არ „შეუქმნია“ - ის ყოველთვის არსებობდა. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ მას ეჩვენება, თითქოს ყველაფერი ამ სამყაროში ვინმეს ან რაიმეს მიერაა შექმნილი, ასევე საწყისი და დასასრული გააჩნია. როგორც ჩანს, ყველაფერს არა. ვშიშობ, ადამიანის ცნობიერების იმდენად ამაღლების შემთხვევაშიც კი, რამდენადაც ის მოლუსკის ცნობიერებას აღემატება, მსგავსი საკითხების გააზრებისთვის არც ეს იქნება საკმარისი. სამყაროში არის საკითხები, რომლებიც გონების შესაძლებლობის საზღვრებს შორს სცდება. გონება ხომ, თუმცა აბსტრაქტული აზროვნების უნარის მქონე, მაგრამ მაინც მხოლოდ ლოგიკური ავტომატია.
 
ამგვარად, ჩემი აბსტრაქტული აზროვნების დონე მხოლოდ პრიმიტიული მათემატიკური მოდელის აგების საშუალებას მაძლევს. თუ რომელიღაც ცნობიერების პირობით დონეს უსასრულობისკენ მივმართავთ, რომლის დროსაც ადამიანის ცნობიერება წერტილად იქცევა, მაშინ დასმული საკითხი შემდეგზე დაიყვანება: „რატომ მომეცა მე, წერტილს, ნება საკოორდინაციო სიბრტყეზე რაიმენაირი მდებარეობა მქონდეს? ვინ შექმნა საკოორდინაციო ბადე? ვის სჭირდება ეს? და რა იყო მანამდე, ვიდრე?... წარმოუდგენელია...“ და თუ ამ წერტილს ვეტყვით, რომ სიბრტყის გარდა კიდევ სამგანზომილებიანი და N-განზომილებიანი სივრცე არსებობს, ის საერთოდ „ჭკუიდან გადადგება“.
 
უფრო ადვილი დასაჯერებელია, რომ ბედი გარკვეული უმაღლესი ძალების მიერაა წინასწარ განსაზღვრული, აგრეთვე ის, რომ მისი „გამოთვლა“ და წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი, ვიდრე წარმოუდგენელი ვარიანტთა სივრცის არსებობა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებისთვის გაურკვევლობაში ცხოვრება არაკომფორტულია, ისინი მომავლის შესახებ თუნდაც მცირე მინიშნების მოპოვებას ცდილობენ,  სწორედ ამიტომ ასტოლოგებს, მკითხავებს, წინასწარმეტყველებს აკითხავენ. და კვლავ პრინციპული არჩევანის საკითხი დგას. როგორია ჩემი განზრახვა: გავიგო, რა მელის, თუ შევქმნა ის, რაც მსურს?
 
თუ პასიური პოზიციაა არჩეული, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთი რჩება - მას მივმართოთ, ვისაც სითამამე ჰყოფნის განაცხადოს, რომ ბედისწერის წიგნში ერკვევა. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ეს? შეუძლია თუ არა ვინმეს მომავალი იწინასწარმეტყველოს ან „გამოთვალოს“? რა თქმა უნდა. მეტიც, ეს შესაძლებელი სწორედ ვარიანტთა სივრცის არსებობის გამოა. წინააღმდეგ შემთხვევაში საიდან აიღებენ წინასწარმეტყველები წარსულის ან მომავლის ფრაგმენტებს?
 
უდავოდ, მოვლენები თავისუფალი სახით ვერ განვითარდება. ვარიანტთა სივრცის სექტორები მიზეზ-შედეგობრივი კავშირების - ცხოვრების ხაზების - ჯაჭვებადაა დაკავშირებული, რომლებიც გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილება. და როგორ შეიძლება მოცემულ კანონზომიერებებზე მსჯელობა? ცხადია, გარკვეული გარეგანი გამოვლინებების და ნიშნების მიხედვით, რაც შეიძლება იყოს ციურ სხეულთა განლაგება, სიზმრები, ბანქოს კომბინაციები და ყავის ნალექიც კი. შემთხვევითობები არ არსებობს. შემთხვევითობის გაგება - მხოლოდ და მხოლოდ აღქმის განსაკუთრებული ფორმაა მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციის არქონის შემთხვევაში.
 
მაგრამ ისევ და ისევ სწორედ ვარიანტთა სივრცის - წარსულის და მომავლის შესახებ კინოლენტების ამ საცავის - არსებობის გამო პროგნოზები ყოველთვის არ ამართლებს. ვარიანტების რაოდენობა უსასრულოა, ამიტომ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ „სწორედ ის კინოლენტია თაროდან ჩამოღებული“, რომელსაც „პროექტორში მოხვედრა“ უწერია. მხოლოდ ალბათობის ნაწილზე შეიძლება იყოს საუბარი.
 
ერთ-ერთი „ზუსტი“ წინასწარმეტყველი იყო ბულგარელი ვანგელია დიმიტროვა, საქვეყნოდ ცნობილი ვანგა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაბრმავებულმა, მან ვარიანტთა სივრცის „ხედვის“ უნარი შეიძინა. მაგრამ მისი უნიკალური ნიჭის პირობებშიც კი „მოხვედრის პროცენტი“, როგორც წარსულში, ასევე მომავალში, სამოცდაათსა და ოთხმოცს შორის მერყეობს.
 
წინასწარმეტყველებებს თავად მისანთა აღქმა, და მათი შემდგომი ახნაც ამახინჯებს. ნოსტრადამუსის „ცენტურიები“ დღემდე სხვადასხვაგვარი ვარიაციებით იხსნება. უფრო ხშირად პროგნოზებში იმის დანახვას ცდილობენ, რაც იქ არაა, და, პირიქით, ვერ ამჩნევენ ცხადს. როდესაც ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ „კურსკი წყალში ჩაიძირება“, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. კურსკი ხომ ზღვიდან ძალზე შორსაა. მაგრამ როდესაც ამ დასახელების წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, მაშინ, ალბათ, იმათ, ვინც იცოდა ამ წინასწარმეტყველების შესახებ, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულზე.
 
და მაინც, თუ მხოლოდ წინასწარმეტყველის მიერ ვარიანტთა სივრცის „სწორედ იმ“ სექტორის დანახვის ალბათობის შესახებ შეიძლება საუბარი, მაშინ რატომაა მოხვედრის სიზუსტე ასეთი მაღალი? იმიტომ, რომ წინასწარმეტყველება ადამიანის მეხსიერებაში იბეჭდება, და ნებით თუ უნებურად მის განზრახვად იქცევა.
 
ათასგვარი განმარტებების და ჰოროსკოპების მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია - ესაა რწმენასა და ურწმუნობას შორის ბალანსი. ერთი მხრივ, ადამიანი მთლიანად არ ენდობა ასეთ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი მისი ქვეცნობიერის სიღრმეში ეჭვი ბინადრობს: იქნებ და? განმარტებასთან მიმართებით მნიშვნელოვნება მინიმალურია: შეიძლება ახდეს, შეიძლება არა. ეს თავისებური, ერთდროულად სერიოზულიც და ვითომ თამაშია. შედეგად სულის და გონების გარკვეული შეუმჩნეველი ერთობა იბადება. ასეთ პირობებში იქმნება წამიერი, მაგრამ მკაფიო სურათ-ხატი, რომელსაც სამყაროს სარკე მონდომებით გარდაქმნის სინამდვილედ. ადამიანი თავად უნებურად ახორციელებს იმას, რაც მას უწინასწარმეტყველეს, - აი რატომაა ალბათობა საშუალოზე მაღალი.
 
თავად ვანგას ბიოგრაფიიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვური თამაშებისას თითქოს შეგნებულად აპროგრამებდა თავის მომავალ ბედს. მისი საყვარელი საქმიანობა იყო მეზობლის ბავშვების - „პაციენტების“ - „მკურნალობა“. ასევე სხვადასხვა გამოგონილ ისტორიებს ყვებოდა, რომელსაც ადამიანები მოჯადოებულებივით უსმენდნენ. ამას გარდა, ვანგა უცნაურად თამაშობდა: რაიმე ნივთს საგულდაგულოდ დამალავდა, შემდეგ კი მას ბრმად, ხელის ცეცებით ეძებდა. როგორც ჩანს, მის მიერ შექმნილი სურათ-ხატები იმდენად უზადო იყო, რომ სამყაროს სარკემ ზუსტად განახორციელა ისინი სინამდვილეში. ვანგა მკურნალი და წინასწარმეტყველი გახდა, მხედველობა კი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. თორმეტი წლის ასაკში ის ქარიშხალმა აიტაცა, რის შემდეგ ქვიშით დაფარული მინდორში იპოვეს.
 
უნდა აღინიშნოს, ვანგა დარწმუნებული იყო, რომ ბედს ვერავინ გაექცევა, ვერანაირი ძალისხმევა წინასწარ განსაზღვრულს ვერ შეცვლის. მომავალში მოსახდენ უბედურებებზე ხილვების მიღების შემდეგ ის ცდილობდა მათ თავიდან აცილებას, მაგრამ უშედეგოდ. იყო შემთხვევები, როდესაც ვანგა, იცოდა რა, რომ ადამიანს სიკვდილი ელოდა, ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის გამგზავრება ან სთხოვდა, დაეტოვებინა ესა თუ ის ადგილი. მაგრამ არც ეს შველოდა - მას არ უსმენდნენ. გამოდის, ტრანსერფინგთან დაკავშირებით რაღაც წინააღმდეგობა არსებობს და ბედი მაინც წინასწარაა განსაზღვრული?
 
სინამდვილეში არავითარი წინააღმდეგობა არაა. ერთ ადამიანს არ შეუძლია თავისი განზრახვით ძირეულად იმოქმედოს სხვა ადამიანის ცხოვრებაზე. ადამიანს მხოლოდ საკუთარი სამყაროს ნიშის ფორმირება ძალუძს. მაშინაც კი, როდესაც გვერდიდან ისე ჩანს, თითქოს გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე მთელი ერების ბედს განაგებს, სინამდვილეში ის მხოლოდ და მხოლოდ მისი მშობელი სტრუქტურის ნებას ასრულებს.
 
საკუთარი ბედის მართვა ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის მართვის საჭეს საკუთარ ხელში აიღებს. საქმე იმაშია, რა პოზიცია უკავია ადამიანს: აქტიური თუ პასიური. შეიძლება იცხოვრო ისე როგორც გეცხოვრება, იკითხო ჰოროსკოპები და ბედი ზემოდან მოცემულად მიიჩნიო. მეორე მხრივ კი, უგუნური გონების მთელი გულმოდგინებით თუ მიხედავ საქმეს, ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი ბედი შეიძლება გამოგივიდეს. ამიტომ აქტიურ პოზიციად განვიხილავთ არა წყალზე ხელების ტყაპუნის და დინების საწინააღმდეგოდ ნიჩბების მოსმის ცოდნას, არამედ საკუთარი აზრების მიმდინარეობის გააზრებულ მართვას სარკული პრინციპების შესაბამისად.
 
ასეთი პოზიცია ბედზე რეალურ ძალაუფლებას იძლევა. წინასწარმეტყველთა მომსახურება ამასთან ყოველგვარ აზრს კარგავს. მე სულაც არ ვამბობ, რომ მათი წინასწარმეტყველება ტყუილია. არა, ინდივიდუალური პროგნოზები ხშირად დასტურდება, მაგრამ ისინი აუცილებელია მხოლოდ იმათთვის, ვინც არჩევანი სიცოცხლეზე როგორც არაცნობიერ სიზმარხილვაზე გააკეთა - და ასეთი ადამიანები ყოველთვის დიდი უმრავლესობა იქნება. თუ თქვენ აპირებთ საკუთარი ცხოვრება გაცნობიერებულ სიზმარხილვად აქციოთ, რომლის მართვა შეიძლება, მესარკეთა მომსახურება თქვენთვის ნამდვილად აზრს მოკლებულია.
 
და ვინ არიან ასტროლოგები, განმმარტებლები, მკითხავები, თუ არა მესარკეები? ისინი ხომ უბრალოდ უწყინარ პროგნოზს კი არა, თქვენი ბედის სუროგატულ ნაწილს გთავაზობენ - სარკის ნატეხს, რომელშიც იძულებული ხართ ჩაიხედოთ. აბა სხვაგვარად როგორ? ამ პროგნოზს სერიოზულად აღიქვამთ თუ არა - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ის აიღეთ, ის ქვეცნობიერში დარჩება და თქვენს მომავალ ბედს დაარპოგრამებს. ფულზე რომც არ ვილაპარაკოთ, ნუთუ გგონიათ, რომ მომავლის ნატეხის მიღება ასე უბრალოდ შეგიძლიათ? ბედისწერის წიგნში შედეგების გარეშე ვერ ჩაიხედავთ. და ამ საქონლის საფასური ყოველთვის ერთია: თან უნდა წაიღოთ და საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქციოთ, გსურთ ეს თუ არა.
 
ასეთი საფასური საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. და დანაშაული, ან, ვთქვათ, პასუხისმგებლობა იმათ კი არ აწევთ, ვინც საქონელივით ბედს ჰყიდის, არამედ იმათ, ვინც ამ საქონელს ყიდულობს. ინტერესდებით რა პროგნოზით, თქვენ სარკეს ყიდულობთ და ეკითხებით მესარკეს, შეიძლება თუ არა დღეს სარკეში გაიღიმოთ. მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ უკვე სარკე - თქვენი სამყაროს ნიშა, სადაც ის შეგიძლიათ აკეთოთ, რაც გსურთ. ჩემი სარკით მე თავისუფალი ვარ: თუ მოვისურვებ, შემიძლია ჩემი განმგებლის ნებით ნებისმიერი დამარცხება გამარჯვებად ვაქციო - და ეს ასეც იქნება - და პროგნოზები არ მაინტერესებს.
 
მაგრამ თუ სურვილი არ გაქვთ თქვენი რეალობის განმგებელი იყოთ, მაშინ შეგიძლიათ მესარკეთა მომსახურებით წარმატებით ისარგებლოთ - ესეც არჩევანი და არსებობის გზაა. უფრო ზუსტად, ბედის დინებით უსაფრთხო მოძრაობის მეთოდია. პროგნოზებს აქ შეუძლიათ ნიშნების - როგორც შესაძლო უსიამოვნებებისგან თავიდან აცილების, ასევე წარმატების იმედის ჩასახვის - როლი შეასრულონ. ამ მიმართებით მესარკეები სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მაგრამ არა ყველა. მათგან ყველაზე ზიანის მომტანნი არიან ისინი, ვინც გლობალურ მოვლენებს წინასწარმეტყველებს. მომავალი კატასტროფების და „სამყაროს აღსასრულის“ წინასწარმეტყველებით, ისინი ადამიანთა დიდი ჯგუფების აზრებს დესტრუქციული მიმართულებით აწესრიგებენ ანუ, სხვა სიტყვებით, კოლექტიურ ცნობიერებას აპროგრამებენ. ეს ყველაფერი უკვალოდ არ იკარგება.
 
საინტერესოა, რომ მეცნიერებიც მესარკეთა ლიგას მიეკუთვნებიან, თუმცა ადამიანთა ბედზე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენენ. მთელი ისტორიის განმავლობაში ისინი მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ცდილობენ აგვიხსნან, როგორაა მოწყობილი სამყარო. ოდესღაც დედამიწა ბრტყელი იყო, სამ ვეშაპზე, სპილოზე, კუზე ან კიდევ რაღაცაზე იდგა. ციური პლანეტები ძველ დროში დედამიწის ირგვლივ ბრუნავდნენ. უკვე მრავალი ათასწლეული გავიდა, რაღაც გაირკვა, მაგრამ სულ ახალ-ახალი მოდელების მოზომება ძველებურად გრძელდება. კლასიკურ ფიზიკას კვანტური ცვლის. მიკროსამყაროს ობიექტები თავიდან ნაწილაკებად გამოცხადდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს უფრო ტალღებია, რომლებიც პერიოდულად ნაწილაკებად გვევლინებიან. შემდეგ მორიგი თეორია გამოჩნდა - ის გვამცნობს, რომ ეს მოუხელთებელი ობიექტები არც ტალღებია და არც ნაწილაკები, არამედ სიმები ათგანზომილებიან სივრცე-დროში. სამყარო კი ამ მოდელსაც ეთანხმება. მაგრამ მაინც რაღაც გაუგებარია, რაღაც ისე არაა. მეცნიერები იძულებულები არიან კიდევ დაამატონ ერთი, მეთერთმეტე განზომილება, რის შედეგადაც იბადება ზეახალი М-თეორია, რომელშიც სიმი მემბრანად იქცევა. ხომ საინტერესოა? შემდეგ რა იქნება?
 
როგორც ჩანს, ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. მორიგი მოდელის შემდეგ სულ ახალი და ახალი გაჩნდება. თუ თქვენ ერთი სარკის წინ დადგებთ და ხელში სხვას დაიჭერთ, მიხვდებით, რატომ აქვს სამყაროს უსასრულოდ ბევრი მოდელი. თქვენს წინ მდგარ სარკეში ხედავთ საკუთარ თავს სარკით, რომელშიც ირეკლებით თქვენ სარკეში სარკით, რომელშიც... გესმით ხომ?
 
სავარაუდოდ, კითხვაზე, როგორაა სამყარო მოწყობილი, პასუხი არ არსებობს. ადამიანის გონების გაგების ჩარჩოებში, განსაზღვრების ყველაზე აბსტრაქტულ მწვერვალზე თუ ავალთ, სამყარო არანაირად არ გამოიყურება. ის - უბრალოდ ჩვენი წარმოდგენების სარკეა. რასაც მასზე ვფიქრობთ, იმას ვიღებთ. ერთადერთი, რისი მტკიცებაც შეგვიძლია დარწმუნებით, ისაა, რომ რეალობა მრავალწახნაგაა, და დავადგინოთ მისი ზოგიერთი კანონზომიერება.
 
სამყაროს აგებულების კვლევის პროცესი კი ზემოთმოყვანილი მაგალითის მსგავსია. როდესაც საფუძვლად რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას აიღებენ, ცალკეულ ვერსიას მიიღებენ - სარკის ნატეხს. მასთან ერთად სამყაროს ძირითადი სარკის წინ დადგომისას ანარეკლში ახალ ასპექტს დავინახავთ. ამ ასპექტის ერთ-ერთი გამოვლინების აღებით, კვლავ რეალობის ცალკეულ ვერსიას მივიღებთ. და კვლავ მომდევნო სარკის ნატეხისგან წინამორბედში ასახული ახალი ვერსია გაჩნდება.
 
მაინც როგორია სამყარო სინამდვილეში? შეგიძლიათ შეეცადოთ და წარმოიდგინოთ (თუ მოახერხებთ) ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ორი ერთნაირი სარკის მაგალითზე. ერთიც და მეორეც მის წინ მდგარ მეზობელს აირეკლავს. ორივე სარკეში - არაფერია, უთვალავჯერ ერთმანეთისგან ასახული. სურათ-ხატთა შავი უსასრულობა, რომლებშიც არაფერი აირეკლება არაფრისგან. მიღებული სურათი ექვემდებარება თუ არა რაიმენაირ აღწერას იმ გაგებათა საზღვრებში, რომელსაც ჩვენი გონება ფლობს? არა მგონია. და ბოლოს, დავამატებ, რომ მესარკეთა ქანქარები ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს ბედზე არ ზრუნავენ და თავიანთ ინტერესებს იკმაყოფილებენ - მათ „კლიენტებისგან“ მუდმივი კვება სჭირდებათ. ადამიანებს ყოველ დღე სურთ იმის გაგება, ხვალ რა ელოდებათ, ამიტომ გაუთავებლად დადიან „მცოდნეებთან“, და თავიანთი ენერგიის სანაცვლოდ სუროგატს იღებენ - ბედის შეთითხნილ ნატეხს. თუ ადამიანის ყურადღება ქანქარის ყულფში მოხვდა, რომელიც ბედისწერით ვაჭრობს, ის თავს ვეღარ გრძნობს თავდაჯერებულად, ვიდრე მორიგ ჰოროსკოპს არ წაიკითხავს ან თავისი სიზმრის ახსნას არ გაიგებს. თავისებური ადდიქცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება იქმნება. დოზა გამუდმებითაა საჭირო ხვალინდელ დღეში ილუზორული დარწმუნებულობის შესანარჩუნებლად.
 
ტრანსერფინგი ასეთ შენარჩუნებას არ საჭიროებს: გაიგე პრინციპები და წადი შენს გზაზე. ცოდნა თავისთავად ქანქარა არაა - ის მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურის აღმოცენების შემთხვევაში ჩნდება. ტრანსერფინგი არ ხსნის სამყაროს აგებულებას, არამედ გვთავაზობს უტილიტარულ მოდელს, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, რატომაა რეალობის მართვა შესაძლებელი და როგორ გავაკეთოთ ეს. ზუსტად ანალოგიურად შეიძლება წარმატებით ვმართოთ ავტომობილი, ისე რომ წარმოდგენა არ გვქონდეს მის მოწყობილობაზე. ტრანსერფინგის მისია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს „მართვის მოწმობა“ მისცეს.
 
მესარკეები არწმუნებენ წერტილს, რომ მან ფუნქციის გრაფიკის მკაცრად განსაზღვრულ ხაზზე უნდა იმოძრაოს - სხვა მოცემული არაა. და ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად წერტილი ასეთ პირობებს მიიღებს. რეალობა თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს. მანამ, სანამ ამაზე თანახმა ხართ. თქვენ ვერ შეძლებთ მთელი სამყაროს შეცვლას, მაგრამ სამყაროს ცალკეული ნიშა - თქვენს განკარგულებაშია. და ამისთვის საკუთარი თავის შეცვლა საჭირო არაა - საკმარისია თქვენი განმგებლის ნება გამოიყენოთ.
 
ახლა თქვენ გაქვთ დუალური სარკე - ის ჯინის მსგავსია, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს. ეს უკვე ზღაპარი არაა, არამედ რეალობაა, რომელიც, შესაძლოა, აქამდე ყოველდღიურობის საფარქვეშ გემალებოდათ. ზღაპრულისგან განსხვავებით, სარკის ჯინს ვერ უბრძანებთ. არც თხოვნას აქვს აზრი, ვერც მის თანაგრძნობას მოიპოვებთ. მაგრამ საკმარისია თქვენი განზრახვა განაცხადოთ - და ჯადოსნური სარკე ხალისით დაგეთანხმებათ: „კარგი-კარგი, ჩემო ძვირფასო“. თქვენ - თქვენი ბედის ჭეშმარიტი განმგებელი ხართ, თუ განიზრახავთ იყოთ ის. ნუ დაუთმობთ თქვენს ბედს მესარკეებს.


რეზიუმე
 
სარკული პრინციპები:
 
1.     სამყარო, როგორც სარკე, ირეკლავს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას.
2.     ანარეკლი ფორმირდება სულის და გონების ერთიანობაში.
3.     დუალური სარკე დაგვიანებით რეაგირებს.
4.     სარკე დამოკიდებულების შინაარსს ასახავს, მის მიმართულებას კი აიგნორებს.
5.     საჭიროა ფიქრი იმაზე რისი მიღწევაც გსურს, და არა იმაზე, რაც არ გსურს.
6.     საჭიროა მარწუხების მოშვება და სამყაროსთვის ნების დართვა, იმოძრაოს ვარიანტთა დინების მიმართულებით.
7.     ნებისმიერი ანარეკლის პოზიტიურად აღქმა.
 
საკუთარი აზრების მართვით, თქვენ რეალობას მართავთ.
იმეორეთ ამალგამის ფორმულა ყოველ ხელსაყრელ მომენტში.
უნდა ამოძრაოთ არა ანარეკლი, არამედ თავად ფორმა - თქვენი დამოკიდებულება და აზრების მიმართულება.
 
ყურადღება საბოლოო მიზანზე უნდა იყოს დაფიქსირებული, თითქოს ის უკვე მიღწეულია.
სლაიდის მატერიალიზაციისთვის აზრებში მისი სისტემატურად და საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალია საჭირო.
 
ემოციების დათრგუნვა არ ღირს, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

 

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.


 

მსგავსი სტატიები

თავი IX. სული და გონება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XII. ფრეილინგი


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი:...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff