მონანიება

woody180
სხვადასხვა
0
0

ბულგაკოვის რომანში "ოსტატი და მარგარიტა" სატანას მეჯლისზე დედოფლად მიწვეული მარგარიტა აღასრულებს ...

ავტორი: გიორგი დოლიძე

ბულგაკოვის რომანში "ოსტატი და მარგარიტა" სატანას მეჯლისზე დედოფლად მიწვეული მარგარიტა აღასრულებს ორ მნიშვნელოვან საქმეს. პირველი არის მისი უდიდესი ნატვრა - დაიბრუნოს ოსტატი. ხოლო მეორე საქმის აღსრულებისას თითქოს იძულებულია: მეჯლისზე მიწვეული ცოდვილი სულებიდან მხოლოდ ერთს - ქალს სახელად ფრიდას გამოარჩევს, რომელიც ისჯება საკუთარი შვილის მოკვლის გამო. ის სამსახურში უფროსმა შეაცდინა და ქალმა საკუთარი ბავშვი ცხვირსახოცით დაახრჩო, სასამართლოზე კი ამბობდა რომ ბავშვის გამოკვებას ვერ ახერხებდა. რამდენჯერაც დაიძინებს ფრიდა, გაღვიძებისას წინ უდევს ის ცხვირსახოცი. ასე ტანჯავენ დაუსრულებლად. და მარგარიტა სწორედ მის პატიებასა და გათავისუფლებას ისურვებს... თითქოს შემთხვევითია მათი გადაკვეთა სატანას მეჯლისზე. მარგარიტა, მიუხედავად იმისა რომ გაფრთხილებულია რომ არც ერთი სტუმარი არ უნდა გამოარჩიოს და ყველას თანაბრად მოექცეს, ფრიდას დააიმედებს. როცა სატანა მას ერთი სურვილის ასრულებას შესთავაზებს, ქალი იტანჯება ორ არჩევანს შორის: მთელი გულით სურს ოსტატის დაბრუნება, მაგრამ იმავე დროს მას ელოდება ფრიდა, მისი სჯერა დასჯილ სულს, რომელიც დედოფალმა დააიმედა. მარგარიტა საკუთარ თავზე წინ იმ უბედურ ქალს დააყენებს და ითხოვს აღარ მიაწოდონ ხოლმე ის ცხვირსახოცი, რომლითაც ბავშვი დაახრჩო.

margarita

ბულგაკოვმა ფრიდას ისტორია ნამდვილი ამბიდან შეთხზა, რომელიც მართლაც მომხდარა. ხოლო ბულგაკოვის მარგარიტას წინასახე არის მარგარიტა (გრეტხენი) გოეთეს "ფაუსტიდან", სადაც ქალი ფაუსტისგან აჩენს ბავშვს და გონებაარეული დედა კლავს საკუთარ ჩვილს. ბულგაკოვის მარგარიტა, რომელიც არის ფაუსტის ბავშვის მკვლელი მარგარიტას გაგრძელება, მეჯლისზე სწორედ შვილის მკვლელ დედას გამოარჩევს, საკმარისად მიიჩნევს მის ტანჯვას და მიუტევებს. მეჯლისის დედოფალი ინტუიციით საკუთარ თავს ხედავს ამ ცოდვილ სულში. მარგარიტა ამგვარად საკუთარ თავს მიუტევებს. მართალია სატანა მხოლოდ ერთი სურვილის შესრულებას პირდება ქალს, მაგრამ ვოლანდი ამას არ ასრულებს. "თქვენ თვითონ შეასრულეთ ეს!", ეუბნება მარგარიტას. ვოლანდი ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ კეთილია, არამედ მას მართლა არ შეუძლია ამ შემთხვევაში ფრიდას მიტევება. ეს მარგარიტას საქმეა, მან თავად უნდა გამოიძახოს ფრიდა, ანუ საკუთარი თავი. ვერც ღმერთი და ვერც სატანა ვერ გაათავისუფლებენ სულს სინდისის ქენჯნისაგან, თუ სულმა გამოსყიდვის, დამსახურებელი ტანჯვისა და ძიების შემდეგ თავად არ ისურვა ეს, თუ მან თავად არ მიუტევა საკუთარ თავს... მხოლოდ ამის შემდეგ აუსრულებენ მარგარიტას ნატვრას და დაუბრუნებენ მის საყვარელ ოსტატს. ვერ მიაღწევ შენს წადილს და ვერ აღადგენ წონასწორობას სხვებთან, სანამ არ დახურე შენი პირადი და ძველი ანგარიშები საკუთარ სულთან. ეს ნაკადები შენს ფსიქიკაში თუ არ მოაწესრიგე ახალი ცხოვრების დაწყების წინ, ისევ ამოხეთქავენ და გაგაწვალებენ.

მარგარიტა ჩვენი ის უიმედო მდგომარეობაა, რომლის სიღრმეში მაინც ღვივის იმედის ნაპერწკალი და ჩუმი ძახილი, რომელიც ითხოვს გათავისუფლებას. რაც უფრო დიდია ტკივილი, მით უფრო მძაფრად ამოხეთქავს სიბნელე და ნგრევის ინსტინქტი ჩვენში. იმიტომ გრძნობს მარგარიტა ენით გამოუთქმელ გათავისუფლებასა და სილაღეს, როცა ალქაჯად გადაიქცევა. მარგარიტასავით ჩვენც ვიწყებთ ჩვეული გარემოს ლეწვას რათა მოვიშოროთ ყველაფერი დრომოჭმული და ზედმეტი, რაც გვამძიმებს. მარგარიტასავით ვტოვებთ ადამიანებისთვის ერთადერთ სათქმელს, რაც ალქაჯად ქცეულმა ქალმა დაწერა სახლიდან გაფრენის წინ: "ტყუილად არ მეძებო. მე ალქაჯი გავხდი უბედურებისაგან." ჩვეული სამყარო კვდება და მასთან ერთად ვკვდებით ჩვენ, რათა ახალი ცხოვრება დავიწყოთ. და ამ დროს ფოკუსირებას ვაკეთებთ ორ ძირითად მოვლენაზე: რა მივუტევოთ საკუთარ თავს წარსულიდან და რომელი ნატვრისაკენ ვისწრაფოთ მთელი გულით, გავფილტროთ სურვილები... ასე ეძიებენ ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან და საყვარელი ადამიანის გამოსახსნელად მზად არიან ეშმაკსაც მიეყიდონ და აიტანონ უამრავი გარეწრისა და არამზადას თვალებში ჩახედვა, მათთვის პატივისცემით გაცინება. მარგარიტას მსგავსი მაძიებელი სულები მზად არიან ისეთ ნაბიჯზეც წავიდნენ, რომლის შედეგი შეიძლება არ იცოდნენ. შეიძლება გაუმართლოთ ან შეცდნენ, მაგრამ ერთ ადგილზე ვეღარ გაჩერდებიან, ის თავს წირავენ. იმედგაცრუებული ქალი ამიტომ არის მზად დატოვოს სატანა, მაგრამ როცა ის ყველაფერს გაიღებს, მხოლოდ შემდეგ აუსრულებს ვოლანდი ნატვრას. ქალის სიამაყე და ღირსება, რომელსაც ის ალქაჯის მდგომარეობაშიც კი არ კარგავს, თვით სატანასაც ათქმევინებს შემდეგს: "ჩვენ გცდიდით. არასოდეს და არაფერს ითხოვთ! არასოდეს და არაფერს, და განსაკუთრებით კი მათგან, ვინც თქვენზე ძლიერია. თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ! დაბრძანდით, ამაყო ქალო!"

და ჩვენ რას მივუტევებთ ხოლმე საკუთარ თავს, როცა ვინმე შემხვედრის მიმართ თანაგრძნობას და პატიებას ვიმეტებთ? ამ დროს ვასრულებთ ყველაზე გულწრფელად ფორმულას: "და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა." წრფელია პატიება მხოლოდ მაშინ, როცა მხოლოდ სიტყვით ან ქცევით სხვას კი არ დავანახეთ ამას, არამედ როცა იგივეს საკუთარ თავშიც განვუტევებთ. როგორც ჩვენ გავუშვებთ სხვას, სხვებიც ისევე სიმეტრიულად გაგვიშვებენ ჩვენ. მაგრამ უფრო ღრმად ვიაზრებთ კი, თუ რისგან გავათავისუფლეთ საკუთარი თავი, როცა სხვასაც ავხსენით ბორკილები?.. ვინ არის ჩვენთვის ის ადამიანი, რომელსაც რაღაც ვაპატიეთ, ეს არის საკითხავი...

მსგავსი სტატიები

რა ხდება ამერიკაში... რა ხდება მსოფლიოში... (ნაწილი პირველი)


ტექსტში მოყვანილი ყველა სიტყვა დადასტურებული იქნება დოკუმენტური მას...

MAGMA-ს საახალწლო მილოცვა


"ახალი წლის ეგრეგორი" ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ როგო...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (1)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ...

ჰოპონოპონო


ავტორი: Ihaleakala Hew Len მთარგმნელი: თამარ რეხვიაშვილი რა არი...

ოშო - ქორწინების და ბავშვების შესახებ


– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება? – არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვ...

ფოტო კონკურსი - "MAGMA - შენი ფავორიტი ვებ-გვერდი!"


ცხადდება კონკურსი საუკეთესო ფოტოზე! თემა: "MAGMA - შენი ფავორიტი...

ჩვენი აზრები - მენტალური ღრუბლები


ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff