gvelismwameli

ავტორი: გიორგი დოლიძე

ფენტეზის ჟანრის ერთი ფილმიდან ხშირად მახსენდება ჩემთვის ძვირფასი სიტყვები: "ადამიანებს ახასიათებთ შეცდომები. შენ კი ნახევრად ადამიანი ხარ. ეს შენი საუკეთესო მხარეა."

ამაზე ხშირად მახსენდება ადამიანები, რომლებიც რეალურად არსებობდნენ ან ლეგენდარულები არიან და მათ რეალობის მიღმა არსებული გმირის, ნახევრადღმერთის თვისებებს მივაწერთ. რაც უფრო უპირობო გამარჯვებულები გამოდიან ისინი ბრძოლებიდან თავიანთი უჩვეულო უნარების წყალობით, იმდენად ეცლებათ მათ ადამიანური ბუნება და უფრო ბუნდოვან, ჩვენგან მოწყვეტილ არსებებად აღვიქვამთ. ასეთი ბედი ეწია ქრისტიანი წმინდანების აღქმასაც მათი აღმსარებლების თვალში, როცა წმინდანი მაქსიმალურად იცლება ადამიანური ვნებებისა და განცდებისაგან და კონკრეტულ, გაშეშებულ ხატად იქცევა. მაგრამ ასეთი არ არის ქართულ სივრცეში გველისმჭამელი მინდიას ხატი. მიუხედავად იმისა, რომ ის აღიქმება როგორც ნახევრად ღმერთი და ნახევრად გმირი, ის ძალიან ადამიანურია. ის ღმერთისთვის მეტისმეტად ტრაგიკულია და სწორედ თავისი ტრაგიზმით იმსახურებს სიყვარულს მათში, ვინც განიცდის თქმულებას გველისმჭამელის შესახებ, თანაც სხვადასხვა ვერსიებს, მაგრამ ყველა ერთისკენ მიდის: კაცი, რომელმაც შეიცნო ბუნების ენა და იდუმალი ძირები, ასე ვთქვათ განიღმრთო, მაგრამ შემდეგ კარგავს ამას, ვეღარ ახერხებს "სოფლის თმობას" და ეცემა. სწორად აღნიშნავენ მკვლევარები, რომ მინდიას ტრაგედია იწყება არა მაშინ, როცა ის თავის უნარებს კარგავს, არამედ უკვე მაშინ როცა მას შეიძენს და ამ სოფელთან გაუცხოვება ეწყება. და ამ დროს ვხვდებით, რომ გმირს პირველ რიგში ვაფასებთ არა იმით, თუ რა შედეგი დადო, არამედ იმით რომ ის უკვე გმირია, რადგან მას უკვე მიეცა ბევრი და მოეთხოვება ბევრი, ამ თავისი ძალით გვიზიდავს იგი რაც ჩვენში ჯერ ვერ აღმოგვიჩენია, და ის ამავე დროს ძალიან ადამიანურია. მიუხედავად თავისი შემეცნებისა და უნარებისა მაინც ადამიანია, ის ტრაგიზმით სავსეა, შესაბამისად ძალიან ცოცხალია და არა სხვა წმინდანებივით ან გმირებივით მოწყვეტილი ვნებებს. ჩვენ ის უკვე გვიყვარს, რადგან ასე ევნება, მიუხედავად შემდგომი შედეგებისა... და ასეთი გმირები ჩვენს შორის არიან, რომელთაც დანახვა სჭირდებათ. და როცა ყოველდღიურ რუტინაში მათ შევამჩნევთ, იქნებ ის ძალა გვაპოვნინონ ჩვენს თავშიც, რაც აქამდე არ დაგვინახავს...

მეც ვიპოვე ერთხელ ასეთი მინდია, როდესაც ხევსურეთში ვიყავი, ფეხით მივდიოდით ერთად და ჯგუფს ჩამოვრჩით მე და ერთი ბიჭი, რომელიც ჯერ ოცი წლისაც არ იყო, წარმოშობით ხევსური, სახელად მინდია. ჩამოვრჩით, რადგან ნელი სიარულის დროს საუბარში ბევრ თემას და ძალიან ღრმად შევყევით. ადამიანს კარგად ეცნობი ერთად მგზავრობის დროს. მაკვირვებდა ამ ყმაწვილს საიდან ჰქონდა როგორც ბუნების ისე ადამიანების ასეთი ღრმა აღქმა, როცა გარშემო ბუნებაზე ან ხევსურულ ფოლკლორზე ვსაუბრობდით, ან როცა საკუთარ თავზე მიყვებოდა, და ვაცნობიერებდი როგორც მის განათლებულ პიროვნებას ისე უთქმელადაც დავიჭირე ის კრიზისი რაც შეპარვოდა თავის აზრებში და ასეთი კრიზისი მაძიებელ ადამიანებს ეპარებათ. საიდანღაც მეცნო ის თვინიერი ბუნება, რომელიც მას ეტყობოდა ერთი შეხედვით მკაცრი ქცევების მიღმა, როცა შეხაროდა გზაზე შეხვედრილ ყვავილებს... "ნეტა ვის მაგონებს ეს ბიჭი?", ჩემს თავს ვკითხე. და პასუხიც თავისით მოვიდა გონებაში, რაც დამცდა კიდეც. ცოტა ხნით საუბარში რომ გავჩუმდით და უცებ ჩავილაპარაკე: "შენ თავად ხარ გველისმჭამელი მინდია". რაზეც არაფერი მიპასუხა, მხოლოდ დუმდა... მასში დავინახე არა უბრალოდ ამ სახელის მატარებელი, არამედ პიროვნებამ უკვე თავად გამოხატა ის სახელი, რომელიც ერქვა, ასეთ სახელებს ხომ იმ იმედით გვარქმევენ, რომ რაღაცით მივემსგავსოთ, ამ ადამიანის სახელი კი მისივე ქცევებში და სიტყვებში დავიჭირე. ქალაქის ყოველდღიური და უფერული რუტინის შემდეგ ხევსურეთის მდუმარე ბუნებაში ასეთი ადამიანის საუბრებმა იმდენად ახალი განცდა მოიტანა როგორც მისი პიროვნების, ისე ჩემს შთაბეჭდილებების, რომ ასეთი ღრმა პიროვნება სურვილსაც კი აჩენდა ლოცვის. ოღონდ ლოცვის არა რომელიმე ღმერთის, არამედ თავად ამ ადამიანის მიმართ, რომელიც ბუნებამ გამოძერწა და ჩამოქნა ისეთი, როგორიც არის. მხოლოდ გულში გავივლე იმ წუთში: "სამადლობელი ლოცვა მინდა. არა რომელიღაც ბუნდოვანი, გაქვავებული ან მკვდარი ღმერთების მიმართ, არამედ შენს როგორც ცოცხალი ადამიანის მიმართ. არაფრის ასრულება შენ არ შეგიძლია ჩემთვის, მაგრამ შენ უკვე აასრულე, როცა გავიაზრე, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ ასეთი ღრმა განცდებით და ისინი არ ყოფილან მხოლოდ წიგნებში, რომელიც წაკითხული მაქვს და რომელთა ხორცშესხმის ნახვას ვნატრობდი ჩუმად: ადამიანი ამაღლებული და იმავე დროს წინააღმდეგობრივი, შესაბამისად ცოცხალი და ნამდვილი. ეს სამადლობელი ლოცვაა ბუნების მიმართ, რომელიც ასეთ სულებს გვიცხადებს. და ის რაც უთქმელად დავიჭირე შენში, ის ტკივილი ან წინააღმდეგობის განცდა რაც ახალგაზრდა სულშია, უკვე სურვილს აჩენს გეთაყვანოს ადამიანი, მიუხედავად იმისა გადალახავ მაგ წინააღმდეგობებს თუ არა. შენ ხარ ის გველისმჭამელი მინდიას განცდები, რომელიც წიგნებში მქონდა ამოკითხული. ესე იგი არსებობ და ჩუმად უთქმელად გთხოვ, რომ შენი ძალა მეც გადმომეცეს..." არ ვუთხარი ეს ყველაფერი, რადგან არის რაღაც, რაც ადამიანებს შორის არ ითქმის... სანამ დავიშლებოდით, საკმარისი იყო ასეთი ადამიანის გაცნობა, რათა გამეაზრებინა, რომ ის განცდები, რომელიც ჩემს საყვარელ წიგნებში ამოვიკითხე, განხორციელებულია ჩემს გვერდითაც...

როცა სულიერებისა და თვითშემეცნების სურვილით ვკითხულობთ ძველი ლეგენდების გმირებზე ან ღმერთებზე, ყურადღებით უნდა გამოვწუროთ მათგან ის ნაწილი, რომელიც გვაფიქრებინებს რომ ისინი ჩვენგან მოშორებულები, ან რამეთი ჩვენგან განსხვავებულები და მიღმა მყოფი არსებები არიან... დავაკვირდეთ მათში ყველა ადამიანისათვის გასაგებ ვნებებს, რომელიც ამ პერსონაჟებს ამოძრავებთ. და მივხვებით, რომ ეს ღმერთებიც, ნახევრად ღმერთებიც, გმირებიც ჩვენს გარშემო მცხოვრები ადამიანები არიან მთელი მათი ადამიანური განცდებით, გმირობებითა თუ შეცდომებით, უბრალოდ მათ დანახვა სჭირდება. განსაკუთრებით შეცდომებით და დაცემით გამორჩეული გმირები გვაფიქრებს და გვაფორიაქებს ხოლმე, რადგან მათ ტრაგიზმში ჩვენს საყოველთაო ადამიანურ ტრაგიზმს ვგრძნობთ. და იქნებ მათში ჩვენი საკუთარი სარკეც დავინახოთ, რომლითაც ჩვენშიც დამალულ რომელიმე გმირსაც აღმოვაჩენთ, რომელიც გვხიბლავდა და მოსვენებას გვიკარგავდა ამა თუ იმ წიგნის წაკითხვისას, მაგრამ გვეგონა რომ მათ ხორცშესხმას ვერასოდეს ვიხილავდით...