ORPHEUS

ავტორი: გიორგი დოლიძე

ძველ ბერძნულ სამყაროში ორფიზმი როგორც ფილოსოფია და რელიგიური მიმდინარეობა წარმოიშვა ლეგენდარული ორფევსის სახელიდან, რომელიც ხელოვნების იმპულსს განასახიერებს და ითვლება პოეტების, მუსიკოსების მამამთავრად. ის ჩავიდა ქვესკნელში საყვარელი ევრიდიკეს გამოსახსნელად, აღთქმა დადო, რომ სანამ არ გამოიყვანდა გზაში არ შეხედავდა, მაგრამ ორფევსმა ვეღარ მოითმინა, შეხედა და სამუდამოდ დაკარგა ევრიდიკე... ამ მითს იყენებს ჟან კოკტო თავის ფილმში "ორფევსი", სადაც მთავარ როლს ჟან მარე ასრულებს.

მოქმედება ხდება მეოცე საუკუნეში. პოეტი სახელად ორფევსი ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ევრიდიკესთან ერთად. ორფევსზე შეყვარებულია თავად სიკვდილის პრინცესა მიღმა სამყაროდან, ხოლო ევრიდიკე უყვარს სიკვდილის მძღოლს - ერტებიზს. ფილმში ხაზია გასმული თუ როგორ ეტრფის მიღმა სამყარო მიწიერ ადამიანებს. როცა ორფევსს სძინავს ღამით, სარკიდან გადმოდის სიკვდილი მის სანახავად. სარკე ერთგვარი პორტალია, რომლითაც სიკვდილის საუფლოში ხდება შესვლა და გამოსვლა - სარკე ხომ ის ნივთია, რომელში ჩახედვის დროსაც გვახსენდება, რომ ვბერდებით. სიკვდილის პრინცესა ბრძანებს, რომ მასთან მოიყვანონ ორფევსი, მაგრამ მისი ხელქვეითები შეცდომით ევრიდიკეს კლავენ. ხოლო ორფევსი სარკის გავლით საიქიოში გადადის, და გამოიხსნის ევრიდიკეს, მაგრამ ერთი პირობით: მან არასოდეს უნდა შეხედოს მეუღლეს. ასეთი თანაცხოვრება აუტანელი ხდება და ერთხელაც მანქანის სარკეში ცოლისა და ქმრის მზერა ერთმანეთს შეხვდება... ფილმი სრულდება ოპტიმისტურად: ორფევსი და ევრიდიკე იღვიძებენ და ხვდებიან, რომ სიზმარი ნახეს, ევრიდიკე კი ორსულად არის და ბავშვს ელოდება...

ჟან კოკტოსთვის, როგორც ხელოვნების დიდი ქურუმისთვის, ორფევსის მითი არის გასაღები არა მხოლოდ ხელოვნების არსის გასაგებად, არამედ საკუთარი ადამიანური ბუნების წვდომისათვის. კოკტო შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც ახალი დროების დიდი ორფიკოსი, რომელმაც ხელოვნებაში აღადგინა ძველი ორფიკული მისტერიები. ორფიზმი, ისევე როგორც პითაგორას სწავლება ან ელევსინის მისტერიები, აქცენტს აკეთებს ადამიანის მიერ საკუთარი არსის გახსენებაზე. ეს აისახება პლატონის ფილოსოფიაშიც, როცა ის აცხადებს, რომ ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის გახსენება. ზოგადად ბერძნული კულტურისა და ფილოსოფიის მიზანი იყო მთელი ძველი მემკვიდრეობის ხელახალი გააზრება, ცნობიერ დონეზე აყვანა იმისი, რის განცდასაც მისტერიებში ცდილობდნენ ძველად... ჟან კოკტოც ამ სულიერი ნაკადის წარმომადგენელია, ოღონდ ის ამ ნაკადს სრულად წარმოაჩენს სწორედ ხელოვნებაში. მისი გმირები - ცოლ-ქმარი ჩაძირულები არიან სიზმარში, ანუ ძილის მდგომარეობაში, იგივე სიკვდილის მაგვარ მდგომარეობაში. ისინი სიზმართხილვაში გადიან იმ ხელდასხმას, რომელსაც გადიოდნენ ორფიკოსები საუკუნეების წინ. მაგრამ ფილმის პერსონაჟები არ გადიან სიკვდილს იმისთვის, რომ რამე გაიხსენონ და ჩაწვდნენ საკუთარ არსს. ისინი ამ ცხოვრებაშივე გადიან იმას, რისი იმედითაც ორფიკოსები ჩადიოდნენ საფლავებში. ანტიკურ სამარხებში ხშირად აღმოუჩენიათ ბერძნულენოვანი წარწერები ოქროს ფირფიტებზე, რომლებსაც თან ატანდნენ მიცვალებულებს. მაგალითად ასეთი ტექსტები: "მე მიწისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ძე ვარ. მე წყურვილით მომაკვდავი ვარ. გთხოვ, მასვი ცივი წყალი მეხსიერების წყაროდან." ან ასეთი ტექსტი: "ახლა შენ მიიცვალე და მოხვედი ყოფიერებაში იმავე დღეს, ო სამგზის ნეტარო. უთხარი პერსეფონეს, რომ თვით ბახუსმა გამოგიხსნა შენ." ამ ტექსტებს ატანდნენ მიცვალებულებს, რათა ქვესკნელის დედოფლის პერსეფონეს წინაშე წარდგენისას მათ დაელიათ წყალი არა ლეთეს (დავიწყების) მდინარიდან, არამედ პირიქით, ისინი შესვამდნენ მნემოსინეს (მეხსიერების) წყაროდან და გაიხსენებდნენ თავიანთ ჭეშმარიტ, ღვთაებრივ არსს. ორფიკულ ჰიმნებში მეხსიერების ქალღმერთს მნემოსინეს ტყუილად არ შესთხოვდნენ: "უბიწო ქალწულო, ჩემი მეხსიერება აღადგინე! დავიწყების წყლები - ლეთე განმაშორე!.."

მაგრამ ჟან კოკტო არ ელოდება სიკვდილს იმისათვის, რათა იყოს გახსენების მოლოდინში. ის საკუთარი არსის გახსენებას ასწავლის ადამიანს სამყაროს პოეტური შეგრძნებით. ადამიანში ორფევსის იმპულსის გაღვიძება, ანუ ორფევსად გადაქცევა იგივეა რაც აქტივაცია გაუკეთო შენს შემოქმედებით შესაძლებლობებს, რომლებიც გიხსნიან აქამდე აუთვისებელ უნარებს, შემეცნების ახალ ჰორიზონტებს. რეჟისორს აქვს ნათქვამი: "ისტორია არის სიმართლე, რომელიც ტყუილად გადაიქცევა. მითოსი არის ტყუილი, რომელიც სიმართლედ გადაიქცევა." ჰერაკლიტეს მსგავსი პარადოქსული მსჯელობაა. ის მოგვიწოდებს, შევიხედოთ ოფიციალური სწავლებებისა და ისტორიების მიღმა, ჩვენ თვითონ ვეძიოთ ჭეშმარიტება, გამოვიმუშავოთ სამყაროს ცოცხალი შეგრძნება, მივწვდეთ იმ შემოქმედებით იმპულსს, რომელიც ჩვენში შემოქმედებით პიროვნებას აღვიძებს. ამისთვის ტყუილად უნდა იქცეს ყველაფერი რაც აქამდე გვასწავლეს, ხოლო რაც ტყუილად ითვლებოდა როგორც მითოსი (ანუ სიცრუე), ჩვენში აღდგეს ცოცხალ და ნამდვილ არქეტიპებად. ამ დროს ვიაზრებთ რა არის "სიბრძნე სიცრუისა".

ფილმში ორფევსის შესახებ თქმულების დასრულებისას, როდესაც ქმრისა და ცოლის მზერა ერთმანეთს შეხვდება, ხდება დიდი განმუხტვა, ანუ გამოღვიძება. საკუთარ სულებში აღმოჩენები აქ და ახლა, ამ ცხოვრებაშივე იწყება და ამის პირობაა ადამიანში შემოქმედებითი საწყისის გაღვივება, ადამიანის ქცევა ორფევსად. ყოველი ადამიანი, რომელიც ორფევსად გადაიქცევა და თავს მიუძღვნის შემოქმედებით წვას, ღრმა ძილიდან გამოიღვიძებს თავის ევრიდიკესთან ერთად და გაახსენდებათ, რომ მათ მალე შვილი ეყოლებათ, ანუ მათ აქვთ მომავალი... კოკტოს ფილმი ამ გაგებით არის ახალი დროების ცოცხალი მისტერია, რომელიც თავის მიზანს აღწევს ადამიანში, რომელიც მას გულისყურით უყურებს...