ავტორი: გიორგი დოლიძე

 ვაჟას "სტუმარ-მასპინძელში" როცა ზვიადაური უნდა მოკვდეს, პოეტი გადმოსცემს აღაზას ბრაზს: "ნეტავი მომცა ცულიო, ნეტავი ნებას მაძლევდეს დედაკაცობის რჯულიო, რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას გავაფრთხობინო სულიო." და იქვე ქალი წარმოიდგენს მისთვის უცხო ზვიადაურის ცხოვრების უინტიმურეს დეტალს: "ნეტავი იმას, ვინაცა მაგის მკლავზედა წვებოდა, ვისიცა მკერდი, აწ კრული, მაგის გულ-მკერდს სწვდებოდა! ნეტავი იმას ოდესმე ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!"

guest

 სისასტიკესა და საშინელებაში ეს გათხოვილი ქალი მთელი არსებით განიცდის იმას თუ რას გრძნობს სხვა უცნობი ქალი, რომელიც ეყოლებოდა ზვიადაურს. აღაზა ბოლომდე შევიდა სხვა ქალის მდგომარეობაში. ის ეჭვგარეშე თავისი ქმრის ჯოყოლას ერთგული ცოლია, მაგრამ მის თვალწინ კვდება ვაჟკაცი და ქალის თანაგანცდა იმდენად დიდია, რომ მან განწირული კაცის გულშიც უნდა შეაღწიოს და ამოიცნოს ის ყველაზე სანუკვარი და ძვირფასი, რაც უნდა დარჩენოდა მას ამ ცხოვრებაში. და იმავე დროს აღაზა ბოლომდე გაითავისებს იმ ქალის განცდებს "ვისიცა მკერდი, აწ კრული, მაგის გულ-მკერდს სწვდებოდა", რაღაც მნიშვნელობით იმ ქალადაც უნდა გადაიქცეს აღაზა, რათა ეს წარმოიდგინოს და განიცადოს.

 ეს არა მხოლოდ უბრალო სიტყვიერი თანაგრძნობაა ერთი გათხოვილი ქალისა მეორე გათხოვილი ქალის მიმართ, არამედ არის საკუთარი სქესის უღრმესი და უმძაფრესი წვდომაც, რასაც აღაზა აღწევს. მან ქალური ფენომენის ყველა ასპექტით განიცადა სიკვდილის კარს დამდგარი ზვიადაური, თუ ერთი ქალი ღამით დგას ქისტის სოფლად და გაქვავებული უყურებს სასაფლაოზე ზვარაკად გაწირულ კაცს, იმავე კაცს უნდა განიცდიდეს სხვა ქალიც, რომელიც იმ ღამეს ხევსურთ სოფელში წევს და ძილში გაუაზრებლად უნდა წუხდეს... ორივე ქალი ამ დროს ერთია, მთელი დედაკაცური ბუნება ვერ ისვენებს ზვიადაურის ბედით. თუ ზვიადაურის პიროვნება ხევსურეთში უნდა უკარგავდეს მოსვენებას მის საყვარელ ქალს, ქისტეთში მყოფი აღაზა ამ კაცის ვაჟკაცური სიკვდილის შემყურე განიცდის ფერისცვალებას და დაიტირებს კიდეც მას, მარტოობაში და უცხოობაში დაღუპულს. თუ ზვიადაურის ცხედარი ვერ ნახავს თავისი ცოლის ცრემლს, ამას აღაზა მიაგებს როგორც მისი ცოლის მაგიერი. ეს აღარც აღაზაა და აღარც ხევსურის ქალი, ეს აღაზას სხეულში გაღვიძებული დედაკაცური ბუნებაა, რომელმაც ასე განიცადოს უცხო მამაკაცი. როდესაც შინ დაბრუნებული აღაზა გამოუტყდება ქმარს, რომ მან ზვიადაური დაიტირა, ზუსტად ამ ადგილას ვაჟამ წერისას საკმაოდ დიდი ხანი დააყოვნა, ფიქრობდა თუ რა უნდა ეპასუხა ჯოყოლას ცოლისთვის. მაგრამ თუ აღაზა ვაჟას სულიდან წამოსული პერსონაჟია, ჯოყოლაც იგივე სულიდან მოდის და მას აუცილებლად უნდა გაეგო ცოლის განცდები, რაზეც იტყვის: " მაგისთვის როგორ შეგრისხავ? ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო. იტირე?! მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა? დიაცს მუდამაც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა."

 აღაზა საკუთარი სქესის იმდენად ღრმა განცდამდე ჩადის, რომ ის ტირის იმ სხვა ქალის მაგივრადაც, იმისი ცხოვრება აღაზას ფიქრებშიც უნდა გაცხადდეს მათ შორის ყველაზე მძაფრ და ინტიმურ სურათ-ხატებში... საკუთარი სქესის ასეთი შეგრძნება სხვებში არის ის ერთ-ერთი ჰუმანისტური იდეალი, რომელიც ადამიანს აქცევს მართლაც ადამიანად.
იმიტომ არ გვასვენებს "სტუმარ-მასპინძლის" ეს ეპიზოდი და შეიძლება წლიდან წლამდე მივუბრუნდეთ მას და ახლებურად განვიცადოთ აღაზას ფიქრები...

(შემომეწერა ეს ყველაფერი როცა ვუყურებდი ერთი ქართველი სამხედროს სურათებს, სადაც ის ცოლთან ერთად არის, და ფოტოებზე ეტყობათ თუ როგორ უყვართ ცოლ-ქმარს ერთმანეთი. ამაზე მეფიქრებოდა, რადგან ვიცი იმ ოფიცრის ადამიანობა და მაღალი ღირსება, და წარმოვიდგინე როგორც ცოლის ფიქრები როცა მისი ქმარი სამხედრო მოქმედებებში იყო თავის დროზე, ასევე თავად ქმრის ფიქრები, რომლის უკანაც მისი ოჯახი დგას...)