ავტორი: გიორგი დოლიძე

 მარიამ მაგდალელს დასავლეთის ეკლესია მეძავად თვლიდა, თუმცა აღმოსავლეთში ასეთად არ იცნობდნენ. მაგრამ ნახსენებია, რომ ქრისტემ იგი "შვიდი დემონისაგან" განკურნა, რაც სიმბოლურია და ეჭვგარეშე უნდა ნიშნავდეს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას, არა მხოლოდ სიძვას, არამედ ანგარებას, შურს, მრისხანებას, ამპარტავნებას და ა.შ. მხოლოდ სიძვა აქ რა მოსატანია, თუ წარმოვიდგენთ რამხელა სპექტრის გახრწნილებით იქნებოდა იგი მოცული. ქრისტემ მისი პიროვნება გაამთელა, რის გამოც მადლიერი ქალი მას ყველგან დაყვებოდა, როცა ყველა გაიქცა ის იდგა ჯვართან და მან ახარა აღდგომის სიხარული მოციქულებს... სახარების ტექსტმა მისი სიმბოლური დაცემითა და განკურნებით დადო პიროვნების პროექტი, როცა ადამიანი სრულად დაშლილი და ხრწნილებაშია ჩაძირული, და რაც უფრო ჩაძირულია, ამომგდები ძალა მით უფრო მაღლა აიტაცებს მას როგორც კი გაიღვიძებს მისი ნება და გარედანაც ხელს შეაშველებენ. გადარჩენის და სიმშვიდის მოპოვების მთავარი პირობა კი ამ დროს არის ის იმედის სულ მცირე ნაპერწკალი მაინც, რომ ყველაფერი არ არის განწირული ასეთი ადამიანებისთვის...

maria

 მარიამ მაგდალელის ტიპაჟი მხატვრულად გადმოსცა დოსტოევსკიმ თავის რომანში "იდიოტი", ნასტასიას სახით. ეს ლამაზი, ვნებიანი და იმავე დროს წინააღმდეგობებით სავსე, რთული ადამიანი მსხვერპლია, რომელიც ადრეულ ასაკში გარყვნეს და შედეგად მას უვითარდება დანაშაულის გრძნობა, მუდმივი მიდრეკილება თვითგანადგურებისაკენ. მაშინაც კი, როცა თავის მდგომარეობაში სიყვარულის იმედი აღარ აქვს, მას არ ტოვებს შინაგანი სიწმინდე. და სწორედ იმის გამო, რომ უზომოდ სტკივა საკუთარი დამცირება საზოგადოების თვალში და მაინც რჩება მაღალი ზნეობის ადამიანად, ის იწყებს მისი გარშემომყოფი ფარისეველი საზოგადოების დაცინვას საკუთარი თავის მათ წინაშე დამცირებით. ის სურთ ან ხორციელი სილამაზის ან მისი მზითევის გამო, სინამდვილეში კი არავის უყვარს, ნასტასია კი აძლევს საშუალებას მათ, რომ მისით ივაჭრონ ფულითაც კი, საკუთარ თავს ამცირებს და ამაში პოულობს მცირე შვებას, და დასცინის უგულო და ხარბ საზოგადოებას. და ამ ჯოჯოხეთში გამოჩნდება მთავარი პერსონაჟი - თავადი მიშკინი, რომელიც მწერლის მიერ ჩაფიქრებულია როგორც ქრისტეს სახე, მან უნდა იხსნას და აღადგინოს "მარიამ მაგდალელი" - ნასტასია.

 ერთადერთი ის გამოუტყდება ქალს წმინდა სიყვარულში, რადგან "ის საშინლად დაიტანჯა". მხოლოდ მიშკინი ამოიცნობს ამ საყოველთაოდ დამცირებულ ქალში წმინდანს, როცა ეუბნება "თქვენში ყველაფერი სრულყოფილია". ის ყველას გასაგონად ამბობს, რომ მიუხედავად დაცემისა, ეს ქალი პატიოსანია. თავადი მზადყოფნას გამოთქვამს ნასტასიას ცოლად მოსაყვანად, ოღონდ გადაარჩინოს დამცირებასა და საბოლოო განადგურებას. მიშკინი არის ერთადერთი, ვინც მიხვდება, რომ ნასტასიას ექსცენტრიული გამოხტომები, უზნეო ქალის როლის თამაში მხოლოდ ნიღაბია და გამოხატულება გაუნელებელი ტკივილის, რაც ვერ გადალახა ამ ადამიანმა და ამიტომ ეუბნება მას: "განა ასეთი ხართ, როგორიც წარმოაჩინეთ თქვენი თავი? შესაძლებელია კი ეს?", რაზეც გაოგნებულ ქალს წამოცდება ყველას თვალწინ: "მე მართლა არ ვარ ასეთი. მან გამოიცნო". ყველა შინაგანად სუფთა ადამიანი, რომელიც ვერ ინელებს ტკივილს, დაცემას, გზა აებნა და იმავე დროს ძალიან ამაყია იმისთვის, რომ მოწყალებას ითხოვდეს მისივე დამამცირებელი მასისგან, ყველა ასეთი ადამიანი ელოდება მშველელს, რომელიც თუნდაც სიტყვით დაუამებს ჭრილობას და ეტყვის, რომ ის სუფთაა. თავადი მიშკინის გამოჩენა ნასტასიაში იმედს აჩენს, რომ გადარჩენა შესაძლებელია, როცა აღიარებს: "მე მისი ვიწამე როგორც მართლაც ერთგული ადამიანის. მან ერთი ნახვით დამიჯერა, და მეც მჯერა მისი". სწორედ ეს არის ის უპირობო მინდობა, რომელიც შეიძლება შენ გამოიწვიო ჩაგრულ, უარყოფილ, მაგრამ იმავე დროს მაძიებელი სულის ადამიანში, რომელსაც გულის სიღრმეში სწამს, რომ გამოსწორება შესაძლებელია, მხოლოდ დახმარების ხელი სჭირდება...

 "ვოცნებობდი და სულ შენნაირს წარმოვიდგენდი. კეთილს, პატიოსანს და ასეთ სულელს, რომელიც მოვიდოდა და მეტყოდა: თქვენ არ ხართ დამნაშავე, მე კი გაღმერთებთ. ზოგჯერ ისე ვოცნებობდი რომ ჭკუიდან ვიშლებოდი..." - ეს არის ყველა სულით დაცემული და უარყოფილი, მარგინალი ადამიანის გულის ძახილი, რომლებიც მაშინაც კი როცა უიმედობისგან საზოგადოების თვალში ეწევიან თვითგანადგურებას, გულის სიღრმეში მაინც სწამთ და ელოდებიან ადამიანს, რომელიც მათ ნამდვილი სიყვარულის და ადამიანური რწმენის ძალით ამოიყვანს ფსკერიდან. ის, რაც სახარებაში მარიამ მაგდალელის მიერ არ გამოითქვა, ის გამოხატა ნასტასიას სიტყვებით მწერალმა. მაგრამ რომანის დასასრული მძიმეა: ნასტასია საბოლოოდ მიდის სიკვდილზე, ხოლო თავადი მიშკინის ფსიქიკური ჯანმრთელობა ამის შემდეგ საბოლოოდ ინგრევა - ის ხდება იდიოტი...

 ეს არის ვერდიქტი ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს გადადებენ სხვისთვის, ოღონდ განწირული, გზააბნეული და საზოგადოებისაგან მოკვეთილი ადამიანის დახმარება სცადონ - ისინი ცხადდებიან "იდიოტებად". ქრისტეც ასეთი "იდიოტი" იყო, როდესაც ადამიანების მკვდარი გულები ამოიღო მიზანში და მათი გაღვიძება სცადა, რათა შეეხსენებინა მათთვის რომ დაცემულებსაც კი შერჩენიათ გადარჩენის სურვილი და ჩუმად ელოდებიან თუ ვინ დაინახავს მათში ამ სურვილს... ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაფიქრდება საკუთარ ფარულ ტკივილზე, რომელიც ვერავინ დაინახა, მიხვდება, თუ როგორი მალამოსავით არის მათი ჭრილობისთვის, როცა ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, ვინც სხვა თუ არაფერი დაინახავს, შეიგრძნობს და გაიზიარებს ამ ტკივილს...

 გარშემო რომ მიმოვიხედოთ და დავინახოთ ასეთი არეული ადამიანები, რომლებიც წყალწაღებულები ჩანან, ასევე უნდა გვასწავლიდეს რომ გამოვიცნოთ მათში ის სუფთა და შეურყვნელი, რომელიც გადარჩენას ითხოვს და უნდა მივუხვდეთ ფსკერზე ჩასულ ადამიანსაც კი რომ ის მაძიებელია და ასეთ მდგომარეობაშიც კი ეჭიდება თავის ზნეობრივ სახეს... მხოლოდ შეკითხვა ჩნდება: შესწევს ჩვენს შორის ვინმეს ისეთი გამბედავობა ჯერ ასეთ ადამიანს მიუახლოვდეს და გახდეს "მეძავთა და მებაჟეთა (ანუ უარყოფილთა) მეგობარი" ანუ დაძლიოს სხვების გაკიცხვა, დაინახოს სხვაში ნათელი წერტილი, ხელი გაუწოდოს, შემდეგ კი მოთმინებით ხელახლა აღზარდოს და მოაპოვებინოს ადამიანს საშუალება, რომ ახალ პიროვნებად ჩამოყალიბებდეს? ასეთი "უარყოფილები" ბევრია გარშემო, ვინც გულის სიღრმეში ელის ამ გამოწვდილ ხელს, მაგრამ არის კი ნამდვილი და საკმარისი ძალის მქონე ხელის გამწოდებელი? ეს არის მარიამ მაგდალელის პრობლემა ყოველდღიურობაში... და ეს არის ის პრობლემა, საიდანაც უნდა დაიწყოს არა მხოლოდ გამოსახსნელი ადამიანების ძიება, არამედ თავად სულიერების მაძიებელი ადამიანი პირველ რიგში ასეთი უარყოფილთა, გარიყულთა და მარგინალთა კასტიდან უნდა იწყებდეს მუშაობას.

 ადვილია სულიერ ლიდერებთან, საყოველთაოდ პატივცემულ ავტორიტეტებთან, "კარგი რეპუტაციის" ადამიანებთან საკუთარი სულიერების დემონსტრირება და ამის შეფუთვა ლამაზ რიტუალებში, სანახაობებში. მომენტი როცა ამით სულიერი კმაყოფილების მიღებას ცდილობენ... მაგრამ ამ დროს რთულია შეამჩნიო ადამიანი, რომელიც მარიამ მაგდალელივით ფსკერზეა დასული და არავინ იკადრებს მასში წმინდანის დანახვას. და ამ დროს იქნებ ყველაზე მეტად გულით ასეთი უმეგობრო და უარყოფილი ხალხი ელოდება არა ცხვირაწეულ სულიერ მოძღვარს ან მკაცრ დამრიგებელს, არამედ მეგობარს, რომელიც მეგობრობის ძალით მათ გამოიყვანს სასოწარკვეთილებიდან. იოანეს სახარებაში იესო მოწაფეებთან გამომშვიდობების ღამეს ამბობს: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ... უკვე აღარ გიწოდებთ მონებს..." მაძიებელი და შეჭირვებული ადამიანის გათავისუფლება დანაშაულის შეგრძნებისაგან და თვითგანადგურებისაგან შეიძლება არა მაშინ, როდესაც მას ზემოდან შეხედავ, არამედ როცა შენივე სიმაღლეზე ამოიყვან და მეგობრის მზერით ჩახედავ მას თვალებში. თუ ასეთებს ვერ დაინახავ შენს გარშემო და არ გაუწვდი ხელს, სხვა მხრივ ყოველგვარი სულიერი, ეზოტერული თუ სხვა ზნეობრივი მიმდინარეობები ფუჭია და ერთი დიდი სიყალბე...