ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

თავი 28

დაო უკვე ხდება

პირველი კითხვა:

დიახ! დიახ! გამაღვიძე! შენმა ლექციებმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვეს ამ სულელ, უკიდურესად შიზოფრენიულ თავის ქალაზე, რომელიც დახვრეტილ თიხის ქოთანს ჰგავს. ერთი რამ მანაღვლებს - ის, რომ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად გაუხეშებულად ვგრძნობ თავს. ოშო, მე მინდა, რომ ჩემი ლოტოსები გაიფურჩქნონ. მინდა, რომ ვიგრძნო დაო, ვიყო დაოს ღირსი, ვიყო დაო. მინდა, რომ შემიყვარდეს! მოხდება თუ არა ეს? შესაძლებელია თუ არა ეს? შეძლებს თუ არა ეს მშვენიერი ნამდვილი სული გაფურჩქვნას?

მე შემთხვევით არ მომიცია შენთვის სახელი დაო. ამ სახელში შენთვის გზავნილია. დაო ნიშნავს სპონტანურობას, ბუნებრიობას. დაო - ეს არაა ძალისხმევა, არაა სულიერი პრაქტიკა, არაა ხასიათის ხელოვნური განვითარება. ეს მოთმინებაა, მინდობაა, მოვლენებისთვის მოხდენის უფლების მიცემაა, ლოდინის უნარია, მაშინაც კი, თუ მთელი მარადისობა გიწევს ლოდინი.

დაო არ საჭიროებს ძალისხმევებს შენი მხრიდან. რაც არ უნდა გააკეთო, საწინააღმდეგო ეფექტი ექნება, რადგანაც იმ მომენტში, როდესაც მკეთებელი ჩნდება, ბუნებრიობა ქრება. იმ მომენტში, როდესაც მკეთებელი გეუფლება, ეგო გიპყრობს. მაშინ ჩნდება კედელი შენსა და დაოს შორის, - ან თუ გინდა ყოფიერება უწოდე მას.

მკეთებელი უნდა გაქრეს, თუმცა ვერაფრის გაკეთებას შეძლებ იმისთვის, რომ იგი გაქრეს. ნუთუ შეიძება რაიმე გააკეთო იმისთვის, რომ მკეთებელი გაქრეს? ნებისმიერი კეთება კიდევ უფრო გამოკვებავს მას. საკმარისია ერთი მარტივი რაღაცის გაცნობიერება: ყოფიერება ყველაფერზე ზრუნავს... ხეები იზრდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არანაირ ძალისხმევას არ საჭიროებენ. ჩიტები გალობენ, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სკოლებში არ დადიან. მდინარეები მიედინებიან, მიუხედავად იმისა, რომ არავის უსწავლებია მათთვის, როგორ მიაღწიონ ოკეანეს. ისინი არ იყენებენ რუკებს, არ მიჰყვებიან არანაირ გზას, არ იცნობენ წმინდა წერილებს, და, მაინც, ყოველი მდინარე აღწევს ოკეანეს.

მიმოიხედეთ ირგვლივ! ეს უსაზღვრო სამყარო იმდენად სრულყოფილადაა მოწყობილი, რომ მასზე რაიმეს დამატება შეუძლებელია. იგი არ საჭიროებს გაუმჯობესებას. ამის გაგების შედეგად ღრმად დუნდები. თუკი ვარსკვლავები განაგრძობენ ციმციმს, ყვავილები გაფურჩქვნას, ხოლო ჩიტები გალობას, ნუთუ შეიძება, რომ არაფერი არ დაგემართოს? შენც ასევე ამ სამყაროს ეკუთვნი. მის ნაწილს წარმოადგენ. სინამდვილეში, შენ მისი ყველაზე ღირებული ნაწილი ხარ; შენ უდიდესი ყვავილობა უნდა დაგემართოს - ცნობიერების ყვავილობა, ოქროს ყვავილის ყვავილობა. ყოფიერება არ უგულვებელგყოფს, იგი ზრუნავს შენზე.

გაიგო ცხოვრება - ნიშნავს მოდუნდე.

არაა საჭირო სულიერი პრაქტიკები, არაა საჭირო ხასიათის განვითარება, - აუცილებელია მხოლოდ გაგება. არაა საჭირო გახდე სათნო, რელიგიური. ადამიანები, რომლებიც ცდილობდენ გახდნენ სათნოები და რელიგიურები, უბრალოდ ეგოისტები ხდებიან, და მეტი არაფერი.

გადააგდე ეს მისწრაფება, რომ იყო ვიღაც სხვა, დაო. სწორედ ახლაა შესაფერისი მომენტი! იყავი მასში! იგრძენი ერთიანობა მთელ ყოფიერთან. არაა საჭირო ამის სულიერ პრაქტიკად ქცევა, რადგანაც ეს უკვე ხდება! საჭიროა მხოლოდ მცირე გაგება, ხედვა, და ყველაფერი თავისით მოხდება.

სწორედ ამიტომ მოგეცი სახელი დაო. მოგეცი იმიტომ, რომ შენ არ უნდა შექმნა რაიმე ხასიათი, არ უნდა განავითარო შენში გარკვეული პიროვნება, არ უნდა იფიქრო მომავალზე, ნირვანაზე, გასხივოსნებაზე, ღმერთზე. ღმერთი არც მომავალშია და არც წარსულში. ღმერთი აქ-და-ახლა იმყოფება, ყოველთვის მხოლოდ აქ-და-ახლა. ღმერთი - ისაა, რაც ზუსტად ახლა ხდება.

ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ ღმერთზე, როგორც პირველწყაროზე, პირველმიზეზზე. მაგრამ ხელიდან უშვებენ მას, რადგანაც ღმერთი - არაა პირველწყარო, რომელიც სადღაც, შორეულ წარსულშია. ღმერთი - არაა პირველმიზეზი. ან ადამიანები, რომლენიც ფიქრობენ ღმერთზე, როგორც უმაღლეს მიზანზე, მაგრამ კვლავაც, ძალზე შორეულზე, რომელიც სადღაც მომავალში იმყოფება. ის ან წარსულშია, ან მომავალში - მაშინ ის გამუდმებით იკარგება. ღმერთმა მხოლოდ ერთი დრო იცის, და ეს დრო - აწმყოა. „ახლა“ - ღმერთის ერთ-ერთი სახელია. ღმერთი - ეს ისაა, რაც ზუსტად ახლა ხდება! ღმერთი ამ მომენტში არსებობს - შიგნით და გარეთ.

ღმერთი - არაა რაღაც სულიერი, ღვთაებრივი, სადღაც შორს, ცაში მყოფი. ღმერთი - ეს ყველა მდგომარეობაა, და როცა ვამბობ ყველას, ვგულისხმობ ყველას. ესაა ღვთაებრივიც და მიწიერიც, სხეულიც და სულიც, მატერიაც და ცნობიერებაც. ღმერთი - უმდაბლესია დაბალს შორის და უმაღლსია მაღალს შორის, და ამ ორ ცნებას შრის არანაირი სხვაობა არაა. იუდა - იმდენადვეა ღმერთი, რამდენადაც იესო, რადგანაც არაფერი, გარდა ღმერთისა, არ არსებობს. იუდა და იესო - ეს უბრალოდ როლებია, რომლებიც სცენაზე სრულდება, როლები, რომლებიც პიესაშ თამაშდება.

ამის გაგება - ნიშნავს მოდუნებას. მაშნ წასასვლელი უკვე აღარსადაა, მაშინ გასაკეთებელი აღარაფერია. მაშნ, ყველაფერი, რაც დაგვრჩენია - ზეიმია. მაშინ გვრჩება მხოლოდ სიხარულშ ცხოვრება, ყოველი მომენტით ტკბობა, ყველანაირი დაყოფის გარეშე. არაა საჭირო თქმა: „მე ტაძარში მივდივარ“, არაა საჭირო თქმა, რომ ეს რაღაც ღვთაებრივია, სულიერია. ჩაის დალევა ისევე ღვთაებრივია, როგორც იოგათი დაკავება. ძილში ჩაძირვა, მოდუნება, ისევე ღვთაებრივია, როგორც ლოცვაში ჩაღრმავება. ხეზე დაკვირვებით ტკბობა, მეგობართან საუბარი, დილით ადრე სეირნობა, ქარხანაში ან ოფისში მუშაობა - ისევე ღვთაებრივია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. სწორედ ეს გაგებაა აუცილებელი იმისთვის, რომ დაო მოხდეს.

დაო უკვე ხდება, უბრალოდ შენ შენი წარმოდგენები გაქვს... დაო უკვე იღვრება შენზე - მზის სხივების ნაკადში, ახალგაზრდა ფოთლების ნათებაში. მაგრამ შენ ფიქრობ: „ეს უბრალოდ მზეა, ეს უბრალოდ ხეა - ღმერთი სადღაა? ეს უბრალოდ ადამიანები არიან - ღმერთი სადღაა?“ შენ გინდა, რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული იყოს, ამიტომაც ხელიდან უშვებ მას. ღმერთი არაა რაღაც განსაკუთრებული, არაა რაღაც ექსტრაორდინალური. ღმერთი - ეს მთელი გამოვლინებაა. ღმერთი - ეს მთელი ტოტალურობაა. ესა წამი, როდესაც მე თქვენ გელაპარაკებით, თქვენ კი მისმენთ, ეს ერთიანობა, ეს სიჩუმე, ეს გაერთიანება - დიახ, სწორედ ესაა ღმერთი, ესაა დაო. დაივიწყე, რომ რაღაცის მიღწევაა საჭირო, ნუ გახდები მიზნით შეპყრობილი.

ჩემმა სანიასებმა ნებისმიერი ამბიცია უნდა გადააგდონ - მატერიალური, მიწიერი, სულიერი - ნებისმიერი. იყო ამბიციური - ნიშნავს იყო სულელი. სწორედ ამიტომ ვუწოდებ პოლიტიკოსებს ბრიყვებს - ისინი ყველაზე ამბიციური ადამიანები არიან დედამიწაზე. რაც უფრო ამბიციური ხართ, მით უფრო ბრიყვი ხართ.

ამბიციები სულელად გაქცევენ. რატომ? - იმიტომ, რომ გონიერება მხოლოდ აქ-და-ახლაა შესაძლებელი, ხოლო ამბიციურობას ყოველთვის მომავალშ მიჰყავხართ; გონიერება ამ მომენტშ იფურჩქნება, ხოლო ამბიციურობა ყოველთვის რაღაც შორეულზე ფიქრობს. ამბიციურობას ყოველთვის მომავალშ მიჰყავხართ, ამიტომაც ხელიდან უშვებთ გონიერებას, რომელიც თქვენზე იღვრება, რომელიც თქვენს შიგნით სწორედ ახლა ფეთქდება.

მე მსმენია...

ერთხელ მაიმუნი და პოლიტიკოსი მთვარეზე გაგზავნეს. ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც დაშვების შემდეგ უნდა ემოქმედათ, მათი სკაფანდრების ჯიბეებში იყო ჩაბეჭდილი. როგორც კი მთვარის ზედაპირზე შედგეს ფეხი, მაიმუნმა თავისი ინსტრუქციები ამოიღო. იქ ეწერა:

„შეამოწმე საწვავის მარაგი.

შეამოწმე კომპიუტერი და ნებისმიერ შემთხვევაშ გადატვირთე.

აიღე მინერალების, ქვიშის და ჰაერის სინჯები.

განსაზღვრე ჟანგბადის კონცენტრაცია ატმოსფეროში.

შეამოწმე, ხომ არ არის რაიმე შესაკეთებელი კოსმოსურ ხომალდზე.

შეამოწმე სტაბილიზატორები და ანტიგრავიტაციული მოწყობილობა.

გაგზავნე დედამიწაზე რადიოგრამა შესრულებული სამუშაოს შესახებ მოხსენებით“.

შემდეგ თავისი ინსტრუქციები პოლიტიკოსმაც გახსნა. იქ დიდი ასოებით ეწერა: „აჭამე მაიმუნს!!!“

ამბიციურობა ადამიანს ნამდვილ სულელად აქცევს. მაიმუნიც კი მასზე უფრო გონიერი აღმოჩნდება. ნუ იქნები ამბიციური! გახსოვდეს, გონება ძალიან ეშმაკია: შენ იშორებ ერთ ამბიციას, გონება კი რომელიღაც სხვას ქმნის. ადრე ფული გწყუროდა, ახლა გესმის, რომ ეს სისულელეა, - რომც მოიპოვო ფული, მას სიკვდილი წაგართმევს. შენ იშორებ ამ ამბიციას. მაგრამ შემდეგ ფიქრობ: „როგორ მოვიპოვო მეტი მადლი?“ ეს იგივე თამაშია. ადრე ფიქრობდი: „როგორ მოვიპოვო მეტი ფული? - ახლა ფიქრობ: „როგორ მოვიპოვო მეტი მადლი? მეტი პუნია?“

იცი, რომ ამ ქალაქის - პუნას - სახელწოდება სანსკრიტული სიტყვა „პუნია“-დან მოდის? პუნია ნიშნავს „მადლს“. გინახავს ერთი მადლიანი ადამიანი მაინც პუნაში?

სინამდვილეშ, მადლიანი და სათნო ადამიანი ვერ იქნება რელიგიური, რადგანაც მან უფლება მისცა ამბიციას, რომ უკანა კარიდან შემოსულიყო. მან კვლავ დაიწყო მოპოვება, დაგროვება. მაგალითად, ვიღაცას ძალაუფლება სწყუროდა, შემდეგ, ერთხელ, გააცნობიერა ამ მისწრაფების უაზრობა... და ერთხელ ყველა აცნობიერებს მისწრაფების უაზრობას, სულელი გონებაც კი აცნობიერებს ამის უაზრობას. ეს ისეთი უაზროა! თუ წარუმატებლობას განიცდით, წარუმატებლობას განიცდით; თუ წარმატებას აღწევთ, მაინც წარუმატებლობას განიცდით - და ეს ისეთი უაზრობაა!

თუ წარუმატებლობას განიცდით, ბუნებრივია, იმედგაცრუებული ხართ. თუ წარმატებას აღწევთ, შიგნით სიღრმეში მაინც იმედგაცრუებას განიცდით, რადგანაც ხედავთ, რომ წარმატებას მიაღწიეთ, მაგრამ არაფერი მოხდა. იგივე დარჩით, ცარიელი, უსახური ღატაკი, - არაფერი არ მოხდა. ყველა შესაძო ფული დააგროვეთ, პრეზიდენტის სავარძელში ზიხართ, მაგრამ შიგნით სიღრმეში - იგივე ღატაკი, იგივე ურჩხული, იგივე უსახური სახე, იგივე კოშმარული გონება. უაზრობა იმაშ მდგომარეობს, რომ როდესაც წარუმატებლობას განიცდით, წარუმატებლობას განიცდით; როცა წარმატებას აღწევთ, მაინც წარუმატებლობას განიცდით.

მაშინ გონება მიმართული ხდება იმაზე, რომ სამოთხეშ მოიპოვოს რამე. მაგრამ ეს იგივე თამაშია, გონების იგივე პროექციები, მხოლოდ ახლა სხვა სახელს უწოდებთ ამას და სხვა სფეროებში, სხვა სივრცეებში გადაგყავთ.

ჩემი სწავლება ასეთია: იცხოვრეთ აქ-და-ახლა! გადააგდეთ ნებისმიერი ამბიცია. სწორედ ესაა სანიასა. მოიშორეთ ნებისმიერი ამბიცია, და თქვენ დაინახავთ, რომ სასწაული ხდება: როგორც კი ყველა ამბიციას აგდებთ, იმდენი ენერგია თავისუფლდება, რომ სხვა აღარაფერი გრჩებათ, გარდა ზეიმისა. თქვენთან უზარმაზარი ენერგია მოდის: რადგანაც ყველა ამბიცია მოშორებულია, თავისუფლდება მთელი ის ენერგია, რაც მათზე იხარჯებოდა, და ეს ენერგია ოკეანურ განცდად იქცევა თქვენს სულში. სწორედ ესაა სამოთხე, სწორედ ესაა ღმერთი. ღმერთი - ეს არაა მიზანი; ეს განცდაა, რომელიც მაშნ ხდება, როდესაც გონება ამიციებისგან თავისუფალია.

არაა საჭირო დაოს მიღწევისკენ სწრაფვა! ის ვინც ესწრაფვის მას, კარგავს დაოს. ის, ვინც უარი თქვა მისწრაფებებზე, უეცრად აცნობიერებს, რომ ყოველთვის სამოთხეშ ცხოვრობდა, მაგრამ არ შეეძლო ამის დანახვა საკუტარი ამბიციების გამო.

ამიტომ, დაო, ეცადე გაიგო, რასაც გიზიარებ. მე ამ წამს, ამ მდგომარეობას გიზიარებ. მე არ გთავაზობ რაღაც მიზნისკენ სწრაფვას. მე არ გთავაზობ გაგიჟებას რაღაც მომავალი მიღწევის დევნაში. მე არ გთავაზობ ჩრდილების დევნას. უბრალოდ გიზიარებ იმას, რაც მე გადამხდა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარო: მე მივაღწიე, როცა ყველა ამბიცია გადავაგდე.

გადააგდე ყველა ამბიცია და უბრალოდ იყავი. დაინახე ყოფიერების სილამაზე და წყალობა. იგი არაჩვეულებრივია, იგი საოცარია! შენ არც კი დაგსიზმრებია, რა მშვენიერია იგი. შენ ვერც დაგესიზმრებოდა, რადგანაც ეს შენი წარმოსახვის ყველა შესაძებლობას აღემატება. ყოფიერების სილამაზე არაჩვეულებრივია, ხოლო წყალობა, რომელიც შენზე იღვრება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე იღვრება. იგი სრულიად უმიზეზოა! ღმერთი გაძლევს არა იმიტომ, რომ ამას იმსახურებ. ღმერთი გაძლევს იმიტომ, რომ მას იმდენად ბევრი აქვს, რომ არ შეუძლია შეინარჩუნოს!

ეცადეთ, გაიგოთ ჩემი ხედვა. იგი სრულიად განსხვავდება თქვენი ეგრეთ წოდებულკი რელიგიებისგან.

თქვენი ეგრეთ წოდებული რელიგიები ძალზე ხარბები არიან, ისინი ეკონომიკის ცნებებით მსჯელობენ. თქვენს ეგრეთწოდებულ რელიგიებს ეკონომიკის კანონების სწამთ: გააკეთეთ რაღაც, და ღმერთი გადაგიხდით. იყავით სათნო, და ის ბედნიერს გაგხდით; ჩაიდინეთ ცოდვა, და ის ჯოჯოხეთში გაგიშვებთ, - ძალიან მარტივი მათემატიკაა, თითქოს ღმერთი - მოსამართლე იყოს, რომელიც გამუდმებით კოდექსში იყურება და ადამიანებს ან ჯოჯოხეთშ აგზავნის, ან სამოთხეში.

ღმერთს არ სჯერა თქვენი ეკონომიკის. ღმერთს სიყვარულის სჯერა. ღმერთი - სიყვარულია, და არა ეკონომიკა. იგი გაძევთ არა იმიტომ, რომ იმსახურებთ; იგი გაძევთ იმიტომ, რომ ბევრი აქვს! გახსოვთ, იესოს ცნობილი იგავი? იესო ყველაზე კარგ იგავებს ჰყვებოდა. ვერავინ აჯობა ამაში.

იგავი ასეთია...

ერთ ადამიანს, ძალიან მდიდარ ადამიანს, ვენახი ჰქონდა. როცა ყურძენი დამწიფდა, მან თავისი მოჯამაგირე ბაზარში გაგზავნა, რომ რამდენიმე მუშა დაექირავებინა. საჭირო იყო სასწრაფოდ დაეკრიფათ ყურძენი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოცვივდებოდა და დალპებოდა. მოჯამაგირემ რამდენიმე მუშა დაიქირავა, და ისინი ყურძნის კრეფას შეუდგნენ. შუადღისთვის ბატონი მიხვდა, რომ ეს მუშები არ იყო საკმარისი, ამიტომ სხვებიც დაიქირავა. მზის ჩასვლის წინ მიხვდა, რომ ხალხი მაინც არ ჰყოფნიდა, და კიდევ ახალი მუშები მოიწვიეს. როცა მზე ჩავიდა და მწუხრი დადგა, მუშები ერთად შეგროვდნენ... და მევენახემ ერთნაირი ჯამაგირი გადაუხადა ყველას - მათაც, ვინც დილით მოვიდა, მათაც, ვინც შუადღეს მოვიდა, და მათაც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა და ნახევარ საათზე მეტი არ უმუშავია.

ბუნებრივია, მუშები, რომლებიც დილითმოვიდნენ, გაბრაზდნენ, გაღიზიანდნენ და დაღონდნენ. მათ განაცხადეს:

- ასე როგორ შეიძლება? ეს უსამართლობაა! ჩვენ მთელი დღე ვიმუშავეთ და იგივე ჯამაგირი მივიღეთ, რაც სხვებმა. მუშებს, რომლებიც ახლა მოვიდნენ, თითქმის არ უმუშავიათ, - და იგივე ფული მიიღეს? ეს უსამართლობაა!

ბატონს გაეცინა:

- დაფიქრდით, ნუთუ ის, რაც მიიღეთ, საკმარისი არაა თქვენი შრომისთვის?

მათ უპასუხეს:

- საკმარისია. სინამდვილეშ, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ გვიხდიან სხვები.

- მაშ, რატომ ღელავთ დანარჩენ მუშებზე? ეს ჩემი ფულია. თქვენ ორჯერ მეტი აიღეთ, ვიდრე სადმე სხვაგან აიღებდით. მაგრამ უკმაყოფილონი ხართ, იმის გამო იტანჯებით, რომ ამდენივე მივეცი სხვებსაც. ეს ჩემი ფულია, და რამდენსაც მინდა იმდენს გავცემ, ჩემი საგანძური გადავსებულია, მამძიმებს ეს ფული. მე ვაძევ ამ მუშებს არა იმიტომ, რომ იმუშავეს, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ფული მაქვს, და არ ვიცი, რა მოვუხერხო! რატომ ბრაზობთ?

ამ იგავს იესო ღმერთზე ჰყვებოდა. იგი ამბობს: როცა ღმერთს მიმართავთ, იგი გაძლევთ არა იმიტომ, რომ ესა თუ ის საქციელი ჩაიდინეთ, არა იმიტომ, რომ იმსახურებთ ამას, - არამედ იმიტომ, რომ მას ძალზე ბევრი აქვს, იმიტომ, რომ იგი გადავსებულია. გადავსებულია ისევე, როგორც ღრუბელი ტენით: იგი წვიმად უნდა გადმოიღვაროს, - მაგრამ არა იმიტომ, რომ დედამიწა ამას იმსახურებს. ნუთუ არ შეგიმჩნევიათ? - ღრუბლები წვიმად ნებისმიერ მიწაზე იღვრებიან. ისინი ქვებზეც იღვრებიან, კლდეებზეც, ნაყოფიერ მიწაზეც და უდაბნოზეც, სადაც არაფერი იზრდება და არც გაიზრდება.

სწორედ ასევე, როდესაც ყვავილი იფურჩქნება, იგი ყველა მიმართულებით ავრცელებს არომატს. იგი ყველასთვის მისაწვდომია, ვინც გვერდზე ჩაუვლის. იგი არ ანსხვავებს ღირსეულებს და უღირსებს. სწორედ ამის თქმა მინდა...

კიდევ ვიღაცამ დამისვა ასეთი კითხვა: „ოშო, მე უკვე მთელი ერთი თვეა გისმენ. შენ ერთხელაც არ გიხსენებია კარმის კანონები“.

მე არ შემიძლია ვახსენო ისინი, რადგანაც ეს ეკონომიკის ნაწილია. ეს ადამიანური ეშმაკობის და გათვლის ნაწილია. მას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ რელიგიასთან.

კარმის კანონი ამბობს, რომ თქვენ მხოლოდ იმას იღებთ, რასაც იმსახურებთ. მე გეუბნებით: თქვენ იღებთ არა იმას, რასაც იმსახურებთ, არამედ იმას, რასაც ღმერთი სიუხვის გამო გაძლევთ. იგი ყველას აძლევს - წმინდანებსაც და ცოდვილებსაც, ცუდებსაც და კარგებსაც, - ყველას. ერთადერთი, რაც უნდა გაიგოთ, - ხართ თუ არა მზად მისაღებად? მე არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რას იმსახურებთ. მე უბრალოდ ვამბობ:  ხართ თუ არა გახსნილი იმისთვის, რომ მიიღოთ? ხართ თუ არა მისაწვდომი? ხართ თუ არა მიმღები? ხართ თუ არა მზად, რომ შეიწოვოთ, როცა იგი თქვენზე იღვრება?

ვინ აღმოჩნდება მისაწვდომი? - ის, ვინც აწმყოთი ცხოვრობს, მომენტიდან მომენტამდე, ღმერთისთვის ღია. და ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა. მე არ ვფილოსოფოსობ, მე ვამტკიცებ იმას, რაც თავად განვიცადე. ღმერთი სიჭარბის გამო გაძლევთ. მაგრამ თქვენ მიუწვდომელი ხართ. თქვენ ან წარსულში იმყოფებით, ან მომავალში. მომავალი ჯერ არ დამდგარა, წარსული უკვე აღარაა, - თქვენ ჩრდილებს შორის ცხოვრობთ.

დაუბრუნდით სინამდვილეს! სინამდვილე კი ყოველთვის აქ-და-ახლა იმყოფება. ღმერთმა მხოლოდ ერთი დრო იცის, და ეს დროა - ახლა. ღმერთმა მხოლოდ ერთი ადგილი იცის, და ეს ადგილია - აქ.

მეორე კითხვა:

შენ ამბობდი, რომ მედიტაცია - ეს „უმოქმედობაა“. მაგრამ ნუთუ იმისთვის, რომ მთლიანად ჩავიძიროთ მოქმედებაში, აუცილებელი არაა კონცენტრაცია, არჩევანის გაკეთება, ნების ძალის გამოვლინება?

თუ შენ კონცენტრირდები, მაშინ არსებობ. თუკი ირჩევ, მაშინ არსებობს ის, ვინც ირჩევს. თუკი ნების ძალას ავლენ, შენი ეგო არ ქრება. თუ მართლა გინდა, რომ მთლიანად მიეცე რაღაც ქმედებას, მოგიწევს, რომ არაამომრჩეველი გახდე, მოგიწევს, რომ უარი თქვა საკუთარ ნებაზე.

საკუთარი ნების გამოვლენა ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ენდობი ღმერთის ნებას. საკუთარი ნების გამოვლენა ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ებრძვი ღმერთს. საკუტარი ნების გამოვლენა ნიშნავს, რომ ცდილობ ფორსირება გაუკეთო მდინარეს, მზად არ ხარ დინებას გაჰყვე. საკუთარი ნების გამოვლენა ნიშნავს, რომ რაღაცის დაპყრობას ცდილობ, მოძალადე ხარ, აგრესიული ხარ.

იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაიძრო რაღაც საქმიანობაში - ეს სეიძლება იყოს დალაგება, ცეკვა, ხატვა ან სექსი, რაც გინდა, - იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაიძირო ამაში, აუცილებელია, რომ უარი თქვა საკუთარ ნებაზე. საჭიროა, რომ უბრალოდ ხმელ ფოთლად იქცე, რომელიც იქით, მიფრინავს, საითაც ქარი მიაქანებს: თუ ქარს სამხრეთისკენ მიაქანებს, ის ამბობს „კი“-ს, თუ ქარი ჩრდილოეთისკენ მიაქანებს, ის ამბობს“კი“-ს, თუ ქარი მიწაზე უშვებს, ის ამბობს „კი“-ს. მან იცის მხოლოდ სიტყვა „კი“, მან არ იცის სიტყვა „არა“, იგი ყოველთვის მზადაა, რომ თქვას „კი“, და ამაშია მისი წყალობა, ნეტარება. მაშინ იმედგაცრუება არ გეწვევა, რადგანაც არავინაა, ვინც იმედგაცრუებული დარჩება. იმედგაცრუება მოლოდინისგან მოდის. მარცხი საკუთარი ნების გამოვლინებიდან იწყება.

შეხედე ადამიანთა სახეებს: ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს დამარცხდნენ. ვერავის იპოვნი სახის სხვა გამომეტყველებით, გარდა ბავშვებისა. პატარა ბავშვები ჯერ კიდევ იცინიან და იღიმებიან, რადგანაც არ იციან, რა ელით. მალე მათი სიცილი ჩაწყნარდება, ღიმილი გაქრება, და ისეთივე უსიხარულონი და მოწყენილნი გახდებიან, როგორც სხვა დანარჩენები. შეხედე მოხუცებს, მათ გამომეტყველებას: მათ ყველა ილუზია დაკარგეს. ისეთი მშვენიერი ოცნებები ჰქონდათ, და ყველა ეს ოცნება დაინგრა, ყველა მათი ღმერთი დაეცა. მათი ყველა ილუზია გაქრა, აბსოლუტურად ყველა. ახლა ისინი მხოლოდ ერთ მდგომარეობაში იმყოფებიან - იმედგაცრუებულ მდგომარეობაში.

სწორედ ამიტომ არიან მოხუცი ადამიანები ქრონიკულად გაღიზიანებულნი - ცხოვრებამ ისინი მოატყუა. რა ლამაზი ფანტაზიებით იწყებდნენ ამ მოგზაურობას, რა შესანისნავი ოცნებებით! - მაგრამ თანდათანობით ყველა ოცნება ფერფლად იქცა, ამიტომაც იმედგაცრუების სიმწარე - ერთადერთია, რასაც გრძნობენ. მეტს არაფერს. როგორ შეიძება, რომ გაღიზიანებულნი არ იყვნენ? ისინი ბრაზობენ - არა ვინმეზე კონკრეტულად, ისინი უბრალოდ განრისხებულნი არიან! მათ ტყუილად იცხოვრეს! მათ სამოცდაათი ან ოთხმოცი წელი იცოცხლეს, გაიარეს ყველა შესაძლო ცხოვრებისეული მღელვარება, გადაიტანეს ამდენი ტკივილი, ამდენი კოშმარი, და რისთვის? - ნუთუ ეს უბრალოდ „ზღაპარია, იდიოტის მიერ მოყოლილი, ხმაურითა და რისხვით სავსე და ყოველგვარ აზრს მოკლებული“?

როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ მთელი მისი ცხოვრება იდიოტიზმი იყო, იგი უზარმაზარ იმედგაცრუებას გრძნობს: „რა სულელური ხუმრობაა ეს?“ ღმერთი, როგორც ჩანს, არც ისე კეთილგანწყობილია; როგორც ჩანს, ის სადისტია, რომელიც ადამიანებს აწვალებს: თავდაპირველად შესანიშნავ იდეებს აწვდის, შემდეგ კი იმედებს უცრუებს. რაც უფრო იზრდებით ასაკით, მით უფრო ღრმა ხდება თქვენი იმედგაცრუება. ბოლოს და ბოლოს თქვენი ცხოვრება უბრალოდ ტრაგედიად იქცევა.

ეს თქვენი ოცნებების, მოლოდინების, ამბიციების, თვითნებობის გამო ხდება. გინდოდათ რაიმესთვის მიგეღწიათ, მაგრამ ვერ შეძელით, აქედანაა უძლურობის შეგრძნება.

ჩემი სწავლება ასეთია: გთხოვთ, ნუ ეცდებით რაიმეს მიღწევას, ნება მიეცით მოვლენებს, რომ მოხდნენ, და არასოდეს დარჩებით იმედგაცრუებულნი, თქვენი ცხოვრება ყოველთვის საღი იქნება - საღი, როგორც არასდროს, და შეძებთ რომ ბოლო წამამდე გაღიმებული იყოთ. სახეზე ღიმილით მოკვდებით. გამარჯვებული გახდებით ისე, რომ არანაირ ძალისხმევას არ გაიღებთ გამარჯვებისთვის, რადგან ნებისმიერ ძალისხმევას გამარჯვების მოსაპოვებლად, მარცხისკენ მიჰყავხართ. ნამდვილი გამარჯვებულები - ისინი არიან, ვინც არასოდეს ცდილობს გამარჯვებას. აუცილებელია ჩაწვდეთ ამ პარადოქსს: მხოლოდ ისინი აღწევენ, ვისაც არც კი უფიქრია, რომ რაიმესთვის მიეღწია, ვინც უბრალოდ მომენტიდან მომენტამდე ცხოვრობდა, დილის, დღის და საღამოს საათებით ტკბებოდა.

ერთხელ დიად ძენის ოსტატს ჯოშუს კითხვა დაუსვეს:

- რაშა თქვენი სწავლების არსი?

- როცა ცხელა, ცხელა, როცა ცივა, ცივა, - უპასუხა ოსტატმა.

კითხვა ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა დასვა. მან თქვა:

- თქვენ რა, დამცინით? და ესაა თქვენი ფილოსოფია? – „როცა ცხელა, ცხელა, როცა ცივა, ცივა“? - რა ფილოსოფიაა ეს?

ჯოშუმ უპასუხა:

- მე ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ იმას ვასწავლი, რომ მომენტით იცხოვრონ, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს. თუ ცხელა, ესე იგი ცხელა, - ნუ ისურვებთ საპირისპიროს.

სწორედ ესაა თვითნებობა: როცა ცხელა, თქვენ გინდათ, რომ ციოდეს, ხოლო როცა ცივა, გინდათ, რომ ცხელოდეს. სწორედ ესაა საკუთარი ნების გამოვლინება. თვითნებობა ნიშნავს, რომ ის გსურთ, რაც არაა. თვითნებობა - ესაა სურვილი, რომელიც რეალობას ეწინააღმდეგება. როცა ახალგაზდრა ხართ, იყავით ახალგაზრდა; როცა მოხუცი ხართ, იყავით მოხუცი.

სხვა ძენის ოსტატს ჰკითხეს:

- როგორ ცხოვრობ? რაშია შენი გამუდმებული სიხარულის საიდუმლო?

მან უპასუხა:

- საიდუმლო ძალიან მარტივია: როცა მშია, ვჭამ; როცა დაღლილი ვარ, ვიძნებ.

სწორედ ესაა თვითნებობის არარსებობა: როცა გშიათ, ჭამთ; როცა დაღლილი ხართ, დასაძინებლად წვებით. მაშნ მომენტიდან მომენტამდე ცხოვრობთ - რაიმე გეგმის გარეშე, რაიმე პროგრამის, სურვილის გარეშე, რომელსაც ყოფიერებას მოახვევდით თავს. თავად მცდელობა, რომ საკუთარი ნება მოახვიოთ თავს ყოფიერებას, ძალადობრივია. ნამდვილად არამოძალადე ადამიანი - ესაა ადამიანი, რომელიც ყოფიერებას თავს არ ახვევს საკუთარ ნებას. იგი ღებულობს იმას, რაც მასთან მოდის, და ყოველთვის გაოცებულია იმით, რომ ყველაფერშ, რაც არ უნდა მოვიდეს მასთან, განძია.

მაგრამ თქვენ გამუდმებით გინდათ რაღაც სხვა, ამიტომაც რაც მოდის, არ გაკმაყოფილებთ. ხოლო ის, რაც გსურთ, არ მოვა, რადგანაც ეს არსებობა, ეს უზარმაზარი ყოფიერება არაა ვალდებული, რომ თქვენი სურვილები შეასრულოს. თქვენ შეგიძლიათ ან მიიღოთ ეს, ან ამის წინააღმდეგი იყოთ. თუ ამის წინააღმდეგი ხართ, ჯოჯოხეთში იცხოვრებთ; თუ იღებთ ამას, სამოთხეში იცხოვრებთ. ჯოჯოხეთისა და სამოთხის ჩემი განსაზღვრება ასეთია: იყო ყოფიერებასთან - ეს სამოთხეა, იყო ყოფიერების წინააღმდეგ - ეს ჯოჯოხეთია.

შენ მეკითხები: „შე ამბობდი, რომ მედიტაცია - ეს „უმოქმედობაა“.

დიახ. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ მედიტატორი ადამიანი პასიური და ზარმაცი გახდება. არა! იგი ათასობით საქმით დაკავდება, მაგრამ არასოდეს იქნება მკეთებელი. ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეს.

ერთი ძენის ოსტატი შეშას ჩეხავდა. მასთან მივიდა ადამიანი, რომელსაც კითხვის დასმა უნდოდა. ამ ოსტატის შესახებ გაეგო და ძალიან დიდი მანძილი გადმოლახა, რათა მოსულიყო მთებში, სადაც ოსტატი თავის მოსწავლეებთან ერთად ცხოვრობდა. მან ჰკითხა შეშის მჭრელს - ბუნებრივია, ვერც კი მოუვიდოდა თავში, რომ ოსტატს შეუძლია შეშა დაჩეხოს, - მან ჰკითხა:

- მე მსმენია დიად გასხივოსნებულ ძენის ოსტატზე. სადაა იგი?

ოსტატმა უპასუხა:

- შემომხედე! ეს მე ვარ!

მაძიებელი ფიქრობდა, რომ ეს ადამიანი ჭკუიდან შეიშალა. მაგრამ გადაწყვიტა ზრდილობიანი ყოფილიყო მასთან - გიჟებთან ჯობია ფრთხილად მოიქცე... თანაც ხელში დიდი ნაჯახი ეჭირა... ვინ იცის? ისე მრისხანედ გამოიყურება...

შეშის მჭრელმა განაგრძო:

- მე ვარ. რა გინდა?

მაძებელმა ჰკითხა:

- ანუ ეს თქვენ ხართ დიადი ოსტატი! რას აკეთებდით გასხივოსნებამდე?

ოსტატმა უპასუხა:

- შეშას ვჩეხავდი და ჭიდან წყალი მომქონდა.

- და ახლა რას აკეთებთ?

ოსტატმა უპასუხა:

- შეშას ვჩეხავ და ჭიდან წყალი მომაქვს.

მაძებელმა ჰკითხა:

- და რაშია განსხვავება? რაშია გასხივოსნების აზრი,თუკი უწინდებურად შეშას ჩეხავთ და წყალი დაგაქვთ ჭიდან?

ოსტატს გაეცინა... ალბათ მთებს და ხეებსაც მასთან ერთად გაეცინათ. ამბობენ, რომ ზოგჯერ, უკვე ათასი წლის შემდეგ, ამ მონასტრის გარშემო ჯერ კიდევ ისმის მისი სიცილის ხმა. მას გაეცინა და თქვა:

- სულელო! გასხივოსნებამდე მე ვჩეხავდი შეშას და მომქონდა წყალი. ახლა წყალი მოდის და შეშა იჩეხება. განსხვავება იმაშია, რომ მე აღარ ვარ მკეთებელი.

მე არ ვამბობ, რომ მედიტატორი ადამიანი ზარმაცი უნდა გახდეს. მე არ ვამბობ, რომ მედიტატორი ადამიანი მოწყენილი, უსიცოცხლო უნდა გახდეს. სინამდვილეშ, მედიტატორ ადამიანს გაცილებით მეტი ენერგია ექნება, ვიდრე არამედიტატორს, და ეს ენერგია თავისით იმოძრავებს: იგი დაჩეხავს შეშას, იგი მოიტანს წყალს ჭიდან.

მედიტატორი ადამიანი აუცილებლად გახდება შემოქმედი. მხოლოდ მედიტატორს შეუძლია იყოს შემოქმედი, რადგანაც მთელი მისი ენერგია ერთად იკვრება ერთ მომენტში. მას იმდენი ენერგია აქვს, რომ გადავსებულია. მისი ჭურჭელი მცირეა, ენერგია კი უზარმაზარი, ამიტომაც იგი იღვრება. მაგრამ იგი არ არის მკეთებელი, მის მოქმედებებში არაა თვითნებობა. იგი ცეკვავს, რადგანაც აღმოაჩენს, რომ ცეკვა ხდება; მას უყვარს, რადგანაც აღმოაჩენს, რომ სიყვარული ხდება.

დააკვირდით: ნუთუ შეგვიძლია სიყვარული ნების ძალით? თუ გიბრძანებენ: „გიყვარდეს ეს ქალი!“ ან „გიყვარდეს ეს მამაკაცი!“ - ნუთუ შეძებთ ძალით სიყვარულს? მხოლოდ იმას შეძებთ, რომ სიყვარულის ცარიელი ჟესტები განასახიეროთ. ჩაეხუტებით ქალს, აკოცებთ ქალს, მაგრამ როგორ შეძლებთ მის სიყვარულს? ნების ძალით სიყვარული შეუძლებელია. არ არსებობს მსგავსი მეთოდი! თქვენ შეიძლება გაიძულონ, თქვენ შეიძლება გიბრძანონ: „დაინახე ვარდის სილამაზე!“ - და თუკი ვინმე იდგება თქვენს ზურგსუკან პისტოლეტით და გეტყვით: „დაინახე ყვავილის სილამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდები“, - თქვენ შეხედავთ და იტყვით: „დიახ, ძალიან ლამაზია, საოცრად ლამაზია“.

არსებობს ერთი ძველი სუფიური ისტორია...

თემურლენგმა დაიპყრო ქალაქი, რომელშიც მოლა ნასრედინი ცხოვრობდა. სტრატეგს სმენოდა მოლას შესახებ, მას უყვებოდნენ მრავალ იდუმალ ამბავს მისი ოკულტური უნარების, ეზოთერული ძალის და სხვა რამეების შესახებ.

პირველი, რაც მან გააკეთა ის იყო, რომ სასახლეშ დაიბარა მოლა. მან უთხრა:

- მე ბევრი მსმენია შენი ოკულტური უნარებისა და ეზოთერული ცდების შესახებ. მართალია ეს ყველაფერი? არც კი იფიქრო ჩემი მოტყუება. სენ იცი, რომ საშიშ ადამიანი ვარ. თუ იცრუებ, მაშინვე მოგძვრება თავი.

და ქარქაშიდან ხმალი დააძრო. მოლამ დაინახა თემურლენგის ხელში გაშიშვლებული ხმალი, რომელიც ისე კლავდა ადამიანებს, თითქოს მათში სიცოცხლე არ იყო, თითქოს საკუტარი სისასტიკით ტკბებოდა.

მოლამ თვალები დახარა და თქვა:

- იქ, ქვემოთ, ღრმა მიწისქვეშეთში ჯოჯოხეთს ვხედავ. ვხედავ, როგორ ალდება ჯოჯოხეთური ცეცხლი, ეშმაკები კი ადამიანებს აწამაბენ. - შემდეგ ცაში აიხედა და თქვა: - ახლა სამოთხეს ვხედავ, ღმერთს ვხედავ, რომელიც მშვენიერ ოქროს ტახტზე ზის, და მოცეკვავე ანგელოზებს, რომლებიც მას უგალობენ.

თემურლენგმა ჰკითხა:

- როგორ გამოგდის ეს სასწაულები? როგორ ხედავ ამ ყველაფერს? მე ვერაფერს ვხედავ! რაშია საიდუმლო?

მოლამ უპასუხა:

- არავითარი საიდუმლო არ არსებობს. მეც ვერაფერს ვხედავ! ეს უბრალოდ შიშია. ჩაარგე შენი ხმალი უკან ქარქაშში, და ყველა ეს ჩვენება მაშინვე გაქრება. ეს უბრალოდ შიშია, და მეტი არაფერი.

თქვენ გამუდმებით შიშით, ამბიციებით, სიხარბით, სურვილებით ცხოვრობთ. შიშის გამო ქმნით ჯოჯოხეთს და სამოთხეს, სიხარბის გამო ქმნით ჯოჯოხეთს და სამოთხეს, ამბიციების გამო ქმნით ჯოჯოხეათს და სამოთხეს - ეს ყველაფერი თქვენი ქმნილებებია. თქვენ ქმნით დიად ფილოსოფიებს საკუთარი სიხარბისგან. თქვენი ღმერთი - ეს სხვა არაფერია, თუ არა თქვენი შიშის განსხეულება. თქვენი ლოცვები - სხვა არაფერია, თუ არა შეშინებული ადამიანის კანკალი.

მე გეუბნებით, რომ ასეთი ლოცვა არაა საჭირო, არაა საჭირო არც ჯოჯოხეთი, არც სამოთხე - ყველაფერი სწორედ ახლაა მისაწვდომი, სწორედ ამ მომენტში. უბრალოდ გადააგდეთ ეს სულელური თვითნებობა. ნება მიეცით ღმერთს, რომ თავისი ნება გამოავლინოს თქვენით, ნება მიეცით ღმერთს, რომ იცხოვროს თქვენით. თქვენ არ გახდებით ზარმაცები. თქვენ ძალიან შემოქმედებითნი გახდებით: თქვენშ დიდი პოეზია დაიბადება, თქვენს არსში მშვენიერი მუსიკა დაიბადება. ერთის თქმა ზუსტად შეიძება - რომ თქვენ არ აღიქვამთ ამას, როგორც თქვენს ქმნილებას, თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს ღმერთის ქმნილებაა, რომ მან თქვა თქვენით, რომ მან დახატა თქვენით, რომ მან გამოავლინა სიყვარული თქვენით.

შეუძლებელია ძალით სიყვარული. შეუძლიათ დაგაძალონ სიყვარული. სწორედ ეს ხდება მთელ მსოფლიოში. მილიონობით წყვილს აიძულეს სიყვარული: „ის შენი ცოლია - გიყვარდეს იგი“, ან: „ის შენი ქმარია - გიყვარდეს იგი“. რა უნდა ქნათ? თვალყურს გადევნებთ პოლიცია, სასამართლო და სახელმწიფო. თუკი არ გეყვარებათ, პრობლემები შეგექმნებათ. შიშის გამო ცდილობთ რაიმე იღონოთ და თვალთმაქცობთ. ბუნებრივია, თვალთმაქცობა ვერ გაგხდით ბედნიერს.

სწორედ ასევე დადიხართ და ლოცულობთ ეკლესიაში, ტაძარში ან მეჩეთში - დადიხართ, რადგანაც გაიძულებენ. თუ არ ილოცებთ, ჯოჯოხეთშ მოხვდებით. ვის უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა? ნუთუ ისედაც არ გყოფნით ტანჯვა ამ ცხოვრებაში? ვის უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა? საკმარისია! თქვენ გინდათ, რომ ჯოჯოხეთი აიცილოთ, ამიტომ დადიხართ და ლოცულობთ. მაგრამ ამას შიშის გამო აკეთებთ, და ყველაფერი, რაც შიშს გამო კეთდება, ცრუა. შეუძლებელია ძალისხმევით ლოცვა, შეუძლებელია ძალისხმევით სიყვარული, შეუძლებელია ძალისხმევით სილამაზის აღქმა. ეს შეუძლებელია. ვერცერთი განცდა, რომელიც რაღაც ღირებულებას ატარებს, ვერ მოხდება ნების ძალის გამოვლინებით. ყველაფერი მშვენიერი და მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც თქვენი ნება უკან იხევს.

კონცენტრაცია არაა აჭირო, რადგანაც კონცენტრაცია დაძაბულობას გულისხმობს. აუცილებელია რომ მოიშოროთ ყველანაირი კონცენტრაცია. და მაშინ შეძლებთ, რომ ყველა მხრიდან გახსნილი და მისაწვდომი იყოთ მთელი ყოფიერებისთვის. ამ მდგომარეობებს შორის უზარმაზარი სხვაობაა: როდესაც კონცენტრირდებით, ყურადღებას ამახვილებთ რაღაც ერთზე და იკეტებით ყველაფერი დანარჩენისთვის.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ორი მეთოდით მისმინოთ. ერთი მეთოდი - ესაა კონცენტრაცია, რომელსაც სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში გასწავლიდნენ. თუ ჩემზე მოახდენთ კონცენტრაციას, მაშინ ძალიან დაძაბულები იქნებით და დაღლილობას იგრძნობთ. მაშნ ვეღარ შეამჩნევთ თვითმფრინავის ხმას, ჩიტების ჭიკჭიკს ან ქარის ქროლვას. ყველაფერი ეს გამოირიცხება თქვენი ცნობიერებიდან, ხოლო ცნობიერების შევიწროვება ძალზე დამღლელია, იგი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

არსებობს ჩემი მოსმენის მეორე მეთოდიც, ჩემი მეთოდი. თქვენ ბოლომდე გახსნილი ხართ, მისაწვდომი ხართ. მე ვლაპარაკობ, თვითმფრინავის ხმა მოდის და გესმით იგი; ჩიტები ჭიკჭიკებენ და გესმით მათი ხმა.

თქვენ ეს არ გაცდენთ. სინამდვილეში, რასაც მე ვლაპარაკობ, კიდევ უფრო მშვენიერი ხდება იმის გამო, რომ სხვა მრავალი მოვლენის ნაწილს წარმოადგენს. მოგალობე ჩიტები რაღაცას ამატებენ ჩემს ნათქვამს. ჩემი სიტყვები უფრო ყოვლისმომცველი ხდება, იგი არაა სიცოცხლისგან მოწყვეტილი. მაშინ იგი მთელი ყოფიერების გამოხატულება ხდება. მაშინ  მისი ნაწილი ხდებიან ხეები, ქარი, წვიმა, მზე - მაშინ ყველაფერი მისი ნაწილი ხდება. მაშინ ერთი საათიც რომ მისმინოთ, არ იღლებით; პირიქით, საღად და მოდუნებულად გრძნობთ თავს. სრულიად შესაძლებელია, რომ ზუსტად ვერ გაიხსენოთ, რა ვთქვი, მაგრამ ამაში არავითარი აუცილებლობა არაა. თქვენ ამას შეიწოვთ, თქვენ ამას გადახარშავთ, და ეს სამუდამოდ თქვენი ნაწილი გახდება, დიდ გავლენას მოახდენს თქვენს არსზე.

რაიმეს დამახსოვრება მაშინაა საჭირო, როდესაც ამას ვერ გებულობთ. თუ გებულობთ, ეს საკმარისია; მაშინ აღარ გჭირდებათ, რომ მეხსიერებაში ატაროთ. თქვენ ცდილობთ დაიმახსოვროთ რაიმე, რადგანაც ვერ გებულობთ; ცდილობთ დაიმახსოვროთ შიშის გამო, რომ ოდესღაც მომავალში ეს დაგჭირდებათ, ამიტომაც გონება დამახსოვრებაზე უნდა განაწყოთ. მაგრამ ეს ძალზე დამღლელი პროცესია. ყურადღების გამახვილება ნიშნავს კონცენტრაციას, კონცენტრაცია კი დამღლელია.

მე მედიტაციას გასწავლით და არა კონცენტრაციას. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ მედიტაციაში თქვენი არსი ბოლომდე გახსნილია, მოდუნებულია, მისაწვდომია - ყველაფრისთვის, რაც ხდება. მაშინ უეცრად სიჩუმე დგება, და მიღმიერი თქვენშ აღწევს, ზეცა მიწაზე ეშვება. მაშინ ღმერთი ძალიან ახლოს აღმოჩნდება: მას თვქენი ხელი უკავია, თქვენ სუნთქავთ მისით.

მე მინდა, რომ ღმერთი აქ, ჩემთან განიცადოთ. არ მინდა, რომ ღმერთის განცდა მომავალში აპრაქტიკოთ. ეს სისულელეა! თუკი არ შეგიძლიათ მისი განცდა აქ, ჩემთან, სხვაგან სად აპირებთ ამის გაკეთებას? თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი ლოტოსის პოზაშ იჯდებით, სულელივით, საკუთარ ოთახში, ღმერთს განიცდით? პირდაპირ ახლა განიცადეთ ღმერთი! სწორედ ესაა უმოქმედობის მდგომარეობა. მე არანაირ მოქმედებას არ ვასრულებ. თქვენთან საუბრისას, მე არ ვასრულებ მოქმედებას, მე უბრალოდ გეხმაურებით. ეს ბუნებრივი გამოხმაურებაა. მას თქვენი აქ ყოფნა უკეთებს პროვოცირებას. მე არ ვასრულებ მას ნების ძალით, - იგი თავისთავად ხდება. არაა აუცილებელი ძალისხმევა იმისთვის, რომ მისმინოთ, - უბრალოდ ნება მიეცით ამას, რომ მოხდეს. მაშინ მოხდება შეხვედრა, გაერთიანება.

არაა საჭირო ყურადღების გამახვილება, არაა საჭირო არჩევა, არაა საჭირო ნების ძალის გამოყენება. ეს ყველაფერი ეგოს გამოვლინებებია, ეგო კი უნდა გადააგდოთ. როცა ეგოს გარეშე იცხოვრებთ, თქვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. სწორედ ესაა დაოს გზა.

მესამე კითხვა:

ოშო, ყოველთვის რატომ მეძინება დისკურსების დროს?

ეს ძალიან ძველი სულიერი პრაქტიკაა. ამაში არაფერია ახალი. ამაში არაფერია უჩვეულო. რელიგიური ადამიანები ყოველთვის აკეთებდნენ ამას. ამიტომ მიიღე ეს, როგორც კარგი ნიშანი! როგორც ჩანს, რელიგიური ხდები.

მე მსმენია...

მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ პასტორს ჰკითხეს, რამდენ ადამიანს შეუძლია დაიძინოს ეკლესიაში დაბომბვის შემთხვევაში.

„არ ვიცი, უპასუხა პასტორმა, - ყოველ კვირა დღეს აქ ოთხას ადამიანს სძინავს“.

ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. დატკბი ძილით! ნუ გაქვს ამის გამო დანაშაულის გრძნობა. ძილი იმდენადვე სულიერია, რამდენადაც ყველაფერი დანარჩენი. ნება მიეცი ამას, რომ მოხდეს. ნუ განიცდი ამის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას დაიწყებ მასთან. რის გაკეთება შეგიძლია? - გეყვინთება, მაგრამ საკუთარ თავს დაძინების უფლებას არ აძლევ?

მე არ გაძლევთ არანაირ მცნებებს. მე არ გაძლევთ არანაირ მითითებებს. მე არ გეუბნებით: „ნუ გძინავთ. ეს არაა ლამაზი, ეს ცოდვაა“. არა! რა შეგიძია, რომ გააკეთო? თუ ძილი მოდის, ის მოდის. ნება მიეცით მას, რომ მოვიდეს. ჩაიძირე მასში მსუბუქად და ტოტალურად, და გაოცდები, - მალე იგი გაქრება. ან მოხდება სხვა მოვლენა: შენ შეძლებ, რომ გეძინოს და ამავდროულად ჩემით გაიჟღინთო.

ინდოეთშ ამისთვის სპეციალური დასახელება გვაქვს. არცერთ სხვა ენაში არაა ასეთი ტერმინი, რადგანაც სხვაგან არსად არ შესულან ასე ღრმად ადამიანები მსგავს მდგომარეობაში. ჩვენ სპეციალური ტერმინი გვაქვს - იოგა ნიდრა, მედიტატიური ძილი. თუ ტოტალურად მომისმენ, მოდუნებას შეძლებ. და ეს მოდუნება დაგეხმარება ჩაიძირო ისეთ ძილში, რომელიც არ ჰგავს ჩვეულებრივ ძილს. შენ ვერ გაიგებ, რას ვამბობ კონკრეტულად, მაგრამ ამავდროულად შეირძნობ, რომ შენს თავს რაღაც ხდება. ამიტომ აქ არაფერის სანერვიულო.

შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზი, თუ რატომ გემართება ეს. შესაძლოა, არც ისე კარგად გძინავს ღამით. გახსოვდეს, მე სულაც არ ვარ ძილის წინააღმდეგი. მე არ ვარ რაიმეს წინააღმდეგი. თუ კარგად არ გძინავს ღამით, მაშინ დილით, როცა დისკურსს უსმენ და ჩემდამი სიყვარულს გრძნობ, ჩემდამი სითბოს გრძნობ, ჩემს გვერდით იმყოფები, შეგრძნება გაქვს, თითქოს ნაზად გიმღერიან იავნანას, და იძინებ. ეს სრულიად ნორმალურია. ეს ჯანმრთელი მოვლენაა. თუკი შეძლებ, რომ ღრმად გეძინოს აქ, მაშნ შეძებ, რომ ღამეც ღრმად დაიძინო. მაშინ ძილი გაქრება. თუ ეს ჩვეულებრივი ძილია, მაშნ იგი გაქრება, თუ ეს მედიტატიური ძილია, იოგა ნიდრა, მაშინ იგი უფრო და უფრო ღრმა გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში შენ არაფერს არ კარგავ.

ნუ შეგიპყრობს დანაშაულის გრძნობა; ვიმეორებ, ეს ძალიან ძველი რელიგიური ტრადიციაა. ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც უძილობისგან იტანჯებიან, ექიმები რელიგიურ ლექციებზე გზავნიან.

ამაზე გამახსენდა ერთი ათეისტი, რომელიც ხშირად ეკამათებოდა მღვდელს. ერთი ასეთი კამათის შემდეგ ათეისტი, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა დასწრებოდა საეკლესიო მსახურებას უახლოეს კვირა დღეს. მღვდელმა გულდასმით მოამზადა თავისი გამოსასვლელი სიტყვა, რათა მის მეგობარ ათეისტს სათანადოდ შეეფასებინა მისი ლოგიკის უზადოება.

მეორე დღეს, როცა მღვდელს შეხვდა, ათეისტმა თქვა:

- საკვირაო ქადაგების შემდეგ მთელი ღამე არ მეძინა.

მღვდელს სახე გაუბრწყინდა:

- მოხარული ვარ, რომ შევძელი თქვენი რწმენის შერყევა.

- საქმე ამაში არაა, - უპასუხა მეგობარმა, - იცით, როცა დღისით მძინავს, ღამით ვეღარ ვიძინებ.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჩემთან ყველაფრის უფლება გაქვთ. ნურასოდეს შეგიპყრობს დანაშაულის გრძნობა. თუ მე მინდა, რომ რაიმესგან განთავისუფლდეთ, ეს სწორედ დანაშაულის გრძნობაა; წინააღმდეგ შემთხვევაში, წვრილმანებიც კი ჭრილობებად იქცევა თქვენს შიგნით. შენ დამნაშავედ გრძნობ თავს: „რას იფიქრებენ სხვები? მე კვლავ ჩამეძინა!“ ეს სხვას არავის ეხება. იძნე! როცა ფხიზლად ხარ, მაინც არ ხარ დიდად გამოღვიძებული, ამიტომ არა მგონია, რომ რამე დაკარგო ამით. რა არის შენი სიფხიზლე? ამ დროს უბრალოდ თვალები გაქვს გახელილი - სულ ესაა. მშვენივრად შეიძლება ძილი გახელილი თვალებითაც - საჭიროა მხოლოდ მცირე ვარჯიში.

ასე ხდება მრავალ საავტომობილო ავარიაში. ავარიები ხშირად ხდება სადღაც ღამის ორიდან ოთხ საათამდე, და ხდება იმიტომ, რომ მძღოლი ძალისხმევას არ იშლრებს იმისთვის, რომ თვალები გახელილი ჰქონდეს, და მიუხედავად ამისა, მაინც ეძინება. თვალები გახელილი აქვს და გახელილი თვალებით იძნებს. მეცნიერება ადასტურებს ამ მოვლენას. პრობლემა სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ მძღოლი ფიქრობს, რომ არ ძინავს, თუკი მისი თვალები ღია იქნება, და მანქანის მართვას განაგრძობს. მაგრამ ძილი ეუფლება, და ამას ვერც ამჩნევს.

როდესაც ფხიზლად ხარ, არც ისე გამოღვიძებული ხარ, გამოღვიძებულია მხოლოდ შენი მცირე ნაწილი. ასე რომ, ნუ იდარდებ, არაფერს კარგავ. როცა სანიასები მოდიან და მეკითხებიან, რა უნდა აკეთონ, მე ვეუბნები: ნუ ებრძვით საკუთარ თავს, წინააღმდეგ შემტხვევაში მეც დამკარგავთ და საკუთარ ძილსაც. ეს არასაჭირო პრობლემებს ქმნის. თუ საკუთარ ძილს შეებრძლები, ვერ გაიგებ, რას ვამბობ, და ვერც დაიძინებ. ძილს მაინც ნუ გაუშებ ხელიდან. თუ ეს უბრალოდ ფიზიკური ძილია, მაშინ იგი დაგეხმარება, მაშინ მალე შეძლებ, რომ ღამითაც ღრმად გეძინოს, რადგანაც ძილის ხელოვნებას ისწავლი. თუკი ახერხებ, რომ გეძინოს იქ, სადაც გიყვირი, ვინღა შეძებს შენს გაღვიძებას ღამით? ხოლო თუკი ეს იოგა ნიდრაა, მაშინ ეს საოცრად მშვენიერი სივრცეა.

აქ არიან ადამიანები, რომლებიც იოგა ნიდრაში იძრებიან. შესანიშნავია! მათ ისეთი ღრმა სიჩუმე იპყრობს, რომ ეს ძილს ემგვანება. ისინი გრძNობენ, თითქოს ძინავთ, მაგრამ ამავდროულად მათში აღწევს რღაც. იოგა ნიდრა უფრო მეტად ჰიპნოზურ ძილს ჰგავს.

დაელაპარაკე ჩვენს ჰიპნოტიზიორს, - ის ამაზე უფრო მეტს მოგიყვება. ჰიპნოზურ ძილში ძალზე ლამაზი რაღაცეები ხდება. რა ხდება ჰიპნოზურ ძილში? ადამიანი იძნებს მთელი სამყაროსთვის, გარდა ჰიპნოტიზიორის ხმისა. იგი აგრძელებს მის მოსმენას, ერთი სარკმელი ღია რჩება. სწრედ ამიტომ შეუძლია ჰიპნოტიზიორს ბრძანებების გაცემა. მას შეუძლია უთხრას დაჰიპნოზებულ ადამიანს: „ადექი!“ - და ის მყისვე ადგება. თუ ბრძანებას ვიღაც სხვა გასცემს, იგი ამას ვერ გაიგებს, იგი ძილშ იქნება ჩაძირული. აი, რა ხდება იოგა ნიდრაში.

ოსტატის გვერდით ყოფნისას, შენ ისე ღრმად დუნდები, - სხვაგან სად შეგიძლია ასე მოდუნება? სხვაგან სად მიგიღებენ, სად შეგიყვარებენ, სად მოგივლიან და სად დაგელოდებიან? შენ ძილისმაგვარ მდგომარეობაშ გადადიხარ.

სინამდვილში, სიტყვა „ჰიპნოზი“ ძილს ნიშნავს. სიტყვა ჰიპნოზის ზუსტი მნიშვნელობა - ეს ძილია. შენ იძირები მოდუნებულ მდგომარეობაში, ღრმა მოდუნებაში, მაგრამ განაგრძობ ჩემი ხმის მოსმენას. შესაძლოა შენ ინტელექტს არ ესმის, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ გული განაგრძობს ამის შეწოვას. მაშნ თქმული შენში ძალიან ღრმად აღწევს, ხანდახან უფრო ღრმად, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში.

მე მსმენია...

ერთხელ ჰერბა მაკგლინჩი, ფილადელფიის გუბერნატორი, დევნიდა ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა დაეწერა სტატია იმაზე, თუ როგორ ატარებს დაკავებული პოლიტიკოსი თავის დღეს. მისტერ მაკგლინჩის საოცარი ლეგენდები დალევის კუთხით ლეგენდად იქცა. დღის ბოლოს მაკგლინჩი მაინც მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა, მაგრამ რეპორტიორი, რომელიც ყველა ორმოცდაორ ბარში დაჰყვებოდა, გათიშულიყო და მის ერთ-ერთ მაგიდაზე ჩაეთვლიმა, ხელებში თავ-ჩარგულს.

მაკგლინჩი გვერდით მიუჯდა და ყურში ჩასჩურჩულა:

- მაკგლინჩი ყველაზე დიადია, მაკგლინჩი შესანიშნავია.

- რას აკეთებთ, ჰერბ? - ჰკითხა ოფიციანტმა.

- მოკეტე! - მიაძახა მაკგლინჩიმ. - მე მის ქვეცნობიერს ველაპარაკები. ეს ადამიანი ჩვენი კაცი გახდება!

როდესაც იოგა ნიდრაშ იძირები, შენი ცნობიერი გონება იძინებს, არაცნობიერი კი ფხიზლად ყოფნას და შეწოვას განაგრძობს. მაშნ ის, რასაც მე ვამბობ, ძალიან ღრმად აღწევს, შიგ შუაგულამდე.

ამიტომ ნუ იდარდებ. თუ იძინებ, დაიძინე. თუ გშია, ჭამე; თუ დაიღალე, დაიძინე. როცა ცხელა, მაშინ ცხელა, ხოლო როცა ცივა, მაშინ ცივა. სწორედ ასეთი მიღებაა მინდობა.

მეოთხე კითხვა:

ოშო, როგორ გრძნობ თავს, როცა ვიღაც სანიასადან მიდის?

მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს! - რადგანაც თქვენ არ შეგიძლიათ სანიასადან წასვლა, სანამ მე არ წავალ თქვენგან. როცა ვხედავ, რომ თქვენთან მუშაობა თითქმის შეუძებელია, როცა ვხედავ, რომ გახსნილი არ ხართ ჩემდამი, - ყოველ შემთხვევაშ ამ ცხოვრებაში მაინც, - მე ვიწყებ საკუთარი ტავის აღებას თქვენგან. თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ, რადგანაც იმასაც კი ვერ აცნობიერებთ, რომ ოდესღაც თქვენთან კავშირი დავამყარე. თქვენ რომ ჩემს თქვენდამი კავშირს აცნობიერებდეთ, მაშინ არც დამჭირდებოდა თქვენი დატოვება. მე ვიწყებ ჩემი თავის აღებას თქვენგან, რადგანაც იგივე ენერგია, იგივე დრო სხვას შეუძია, რომ გამოიყენოს, ვინც უფრო მეტ პოტენციალს, უფრო მეტ მიმღებლობას ფლობს.

მაშინ სხვა ბუდა დაგჭირდებათ, რომელიმე სხვა დროს, რომელიმე სხვა ცხოვრებაში. ჯერ კიდევ არ არის თქვენთვის იმის დრო, რომ ჩემთან იყოთ ამ ცხოვრებაში. მაგრამ რადგანაც ვერაფერს ვერ აცნობიერებთ, ერთხელაც გადაწყვეტთ, რომ ეს თქვენ მიდიხართ სანიასადან. სინამდვილეშ ამ მომენტისთვის მე უკვე დაგტოვეთ, და დაგტოვეთ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თქვენ დატოვეთ სანიასა. ხანდახან ხდება, რომ მე ადამიანს ორი წლით უფრო ადრე ვტოვებ, ვიდრე ის მიიღებს სანიასას დატოვების გადაწყვეტილებას. მას ამისთვის ორი წელი სჭირდება, რადგანაც იგი განაგრძობს გადადებას. იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს, ვქმნი შთაბეჭდილებას, თითქოს ის ტოვებს სანიასას. მე არავის ვრიცხავ სანიასადან, ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ. მე ყოველთვის ვქმნი შთაბეჭდილებას, რომ თქვენ თვითონ მიდიხართ. ყოველ შემთხვევაშ თქვენ კარგად ხართ იმით, რომ თავად მიიღეთ გადაწყვეტილება.

მე ყოველთვის შესანიშნავად ვგრძნობ თავს, რადგანაც ტვირთისგან ვთავისუფლდები. თუ ადამიანი შეუღწევადია, მაშინ მისი ტარება - ტვირთია. თუ იგი მზად არაა ურთიერთქმედებისთვის, მაშნ მასზე მუშაობის გაგრძელება უაზრობაა. არსებობს გარკვეული შეზღუდვა დროში. მე ვმუშაობ ადამიანზე, მე ვაკეთებ ყველაფერს, რის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ თუკი ვხედავ, რომ შემთხვევა უიმედოა, - ასეთები კი არსებობს, - მაშინ მიწევს, რომ დავტოვო იგი ვიღაც სხვისთვის, რომელიმე სხვა ცხოვრებაში.

ბუნებრივია, მომავალშ კიდევ მრავალი ბუდა მოვა, და მათ დასჭირდებათ მოსწავლეები, ამიტომ მე არ შემიძლია ყველას წაყვანა! გაუტამა ბუდამ იზრუნა ჩემზე, მეც ასევე უნა ვიზრუნო ბუდებზე, რომლებიც კიდევ მოვლენ.

გამახსენდა შემთხვევა, რომელიც ერთ პრესვიტერიანელ მღვდელს შეემთხვა.

ერთხელ ბაპტისტებმა და მეთოდისტებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ ღია სააგიტაციო აქცია პროტესტანტიზმის იდეის გასავრცელებლად. პრესვიტარიანელები არც თუ ხალისით დათანხმდნენ მონაწილეობაზე. აქციის ბოლოს მქადაგებლები ერთად შეიკრიბნენ, რათა შედეგები განეხილათ.

მეთოდისტმა თქვა:

- ჩვენ ოთხი ახალი წევრის მოზიდვა შევძელით.

ბაპტისტმა თქვა:

- ჩვენ უკეთ ვიმუშავეთ. ექვსი ადამიანი მოექცა ბაპტისტურ რწმენაზე.

შემდეგ მათ შეხედეს მღვდელ-პრესვიტარიანელს და ჰკითხეს, თუ მასთან როგორ იყო საქმეები. მან უპასუხა:

- ჩვენთან საქმე ყველაზე კარგადაა. ჩვენ ექვსი ადამიანისგან განვთავისუფლდით.

ჩემი სამუშაო ორ ამოცანას მოიცავს: მე ვხედავ ადამიანთა შესაძლებლობებს და პოტენციალს, მათი იმედი მაქვს და ვეხმარები, რომ სანიასები გახდნენ; როდსაც ვხედავ, რომ შემთხვევა უიმედოა, რომ რაც უფრო მეტს ვიძლევი, მით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს, რაც მეტს ვიძლევი, მით უფრო იკეტება იგი, თითქოს აქეთ მეხმარებოდეს, - როცა ჩემი ეს შეგრძნება მყარი ხდება... არა ის, რომ ნაჩქარევად ვიღებდე გადაწყვეტილებას. მე ამ ადამიანს ყველა შანსს ვაძევ, ყველა შესაძლებლობას, მაგრამ თუ იგი უიმედოა, მაშინ იგი უიმედოა, - და მაშინ მე გამოვდივარ მისი არსებიდან. ახლა, როდესაც მე გამოვედი, ადრე თუ გვიან მოუწევს სანიასას დატოვება.

ეს ორი მიმართულებით მოქმედებს. როდესაც სანიასას იღებთ, ფიქრობთ, რომ ეს თქვენ იღებთ სანიასას.  უმეტეს შემთხვევაშ მე გირჩევთ თქვენ, და სწორედ ამიტომაც ღებულობთ სანიასას. წინააღმდეგ შემთხვევაშ ვერ წახვიდოდით ასეთ რისკზე. ეს ასევე მუშაობს საპირისპირო მიმართულებითაც: როდესაც თქვენ ტოვებთ სანიასას, მე გირჩევთ თქვენ და გეხმარებით მის დატოვებაში, რადგანაც თუკი მარტო იქნებით საკუთარ თავთან, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაშ გადადოთ ეს. როდესაც სანიასას ღებულობთ, დიდ ხანს უნდებით გადაწყვეტილების მიღებას. როცა ტოვებთ სანიასას, ასევე დიდი ხნით დებთ გადაწყვეტილების მიღებას. თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ მაშინვე. თქვენ არ შეგიძლიათ წამით ცხოვრება მთელი მისი ტოტალურობით.

მეც ასევე მაქვს შეგრძნება, რომ როდესაც სანიასას ტოვებთ, შესაძლოა დაბრუნება მოგინდეთ, - რადგანაც მე დაგაკლდებით, და მიხვდებით,თუ რა იღვრებოდა ადრე თქვენზე. თქვენ დაგაკლდებათ ეს ნაკადი, რომელიც გკვებავდათ, თქვენ დაგაკლდებათ ეს კონტაქტი. როდესაც იღებთ ამას, ისე იღებთ, როგორც თავისთავად მისაღებს. ხანდახან საჭიროა, რომ წაგართვათ ეს, რატა გაჩნდეს ნამდვილი წყურვილი, ნამდვილი შიმშილი, და რაღაცას მაინც მიხვდეთ.

მაგრამ თუ მოინდომებთ, რომ მეორედ მიიღოთ სანიასა, ეს უკვე არც ისე ადვილი იქნება. აღარ მოგცემთ ინიციაციას ასე ადვილად, ამჯერად უნდა დაიმსახუროთ ეს. თუკი უარს იტყვით სანიასაზე, უკან დაბრუნება რთული იქნება. მე ყველა შესაძლო დაბრკოლებას შეგიქმნით, და სანამ მათ არ გადალახავთ, არ მიგიღებთ.

ესეც იმისთვისაა აუცილებელი, რომ დაგეხმაროთ, რადგანაც არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ტკბებიან რაღაცით, თუკი წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. თუ ყველაფერი იოლი და მარტივია, ისინი ვერ იღებენ სიამოვნებას. მათ სჭირდებათ, რომ დიდხანს და მძიმედ იარონ ამისკენ.

სანიასა - ეს უბრალო მოვლენაა, რადგანაც მისი აზრი იმაშია, რომ მოდუნდეთ, მოდუნებაში, დაოში იცხოვროთ, დაეხმაროთ ღმერთს, რომ იზრუნოს თქვენზე. ეს მარტივია - ეს ვერ იქნება რაღაც რთული - მაგრამ თქვენი გონებისთვის რთული საგნების გაგება უფრო იოლია. თქვენ მოგწონთ, როდესაც გიწვევენ, თქვენ მოგწონთ, როდესაც წინააღმდეგობების გადალახვა გიწევთ.

იცით, რა თქვა ჰილარიმ, როდესაც ევერესტის მწვერვალზე ავიდა? მას ჰკითხეს:

- რისთვის გჭირდებათ ეს? რატომ წახვედით ასეთ რისკზე? იქ ხომ არაფერია. თქვენ მწვერვალზე ახვედით და უკან დაბრუნდით, არაფერი შეგიძენიათ ამით! რატომ წახვედით ასეთ რისკზე? ადამიანები სამოცდაათი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ევერესტის დაპყრობას, და მრავალი მათგანი დაიღუპა.

იცით რა თქვა ჰილარიმ? მან თქვა:

- ეს ისეთი დიდი გამოწვევა იყო! თავად დაუპყრობელი ევერესტის არსებობა იყო უზარმაზარი გამოწვევა. საჭირო იყო მისი დაპყრობა! მე ვიცი, რომ იქ არაფერია, მაგრამ აზრი ამაში არაა. როგორ შეუძლია ევერესტს ასეთი ამაყი, ასეთი მიუწვდომელი იყოს? ადამიანს უნდა დაეპყრო იგი.

სწორედ ასე მუშაობს ადამიანის გონება. ასე რომ, შემდეგში, როდესაც ვინმე დაბრუნდება, - არადა ბერვი დაბრუნდება, - მათთვის ეს აც ისე ადვილი იქნება. მაშინ ყველა შესაძლო სირთულეს შევუქმნი, და ეს მათთვისვე იქნება. ეს აუცილებელია, რომ დავეხმარო.

ბოლო კითხვა:

ოშო, რატომ არ მირტყამ თავში ისევე, როგორც სხვებს?

მე მოგიყვები მცირე ისტორიას.

შენმა კითხვამ იაპონელი სამურაები გამახსენა, რომლებსაც შეუძლიათ ბუზი შუაზე გააპონ ჰაერში. ერთმა ამერიკელმა ტურისტმა გაიგო მეომართა არაჩვეულებრივი ოსტატობის შესახებ, რომლებიც კვლავაც ასრულებდნენ ამ ძველ ჩვეულებას. ტოკიოშ ჩავიდა და გაარკვია, თუ ვინ იყო ყველაზე მეტად დაოსტატებული ამ საქმეში. თუმცა ყველაზე პირველი დაკავებული იყო, ისევე როგორც მეორე, მაგრამ ამერიკელმა მოახერხა, რომ სამურაის ოსტატობაში რიგით მესამეს ოსტატობით დამტკბარიყო. მეომარმა ბოთლიდან ბუზი გამოუშვა, და როდესაც იგი ჰაერში აფრინდა, მან ხმალი გაიქნია - ბაც! - და ბუზი ორ ნაწილად ჩამოვარდა.

ამან ძალიან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკელზე. ვერ შეეძლო წარმოედგინა, რით შეიძლებოდა ამ სამურაისთვის ეჯობნა ვინმეს. თუმცაღა ცოტა მოგვიანებით მოახერხა, რომ ოსტატობის დონით მეორე სამურაისგან მიეღო მოწვევა. ბუზი კვლავაც გამოშვებულ იქნა ბოთლიდან, და იაპონელმა ორჯერ მოიქნია ხმალი. ამერიკელის გასაკვირად, ბუზი ოთხ ნაწილად გაიპო.

ახლა მას ვერ წარმოედგინა, თუ რით ჯობდა ამ სამურაის მთავარი ოსტატი. როგორც იქნა ამერიკელის სახელი პირველი აღმოჩნდა მოლოდინის რიგში, და იგი მიიწვიეს, რომ საუკეთესო იაპონელი სამურაის ოსტატობა ეხილა. ჩვეულებისამებრ, რიტუალი იმით დაიწყო, რომ სამურაიმ ბოთლი გახსნა და ბუზი გამოუშვა. როდესაც ბუზმა ჰაერშ გაიბზუილა, იაპონელმა ერთხელ ლამაზად მოიქნია ხმალი. ამერიკელის გასაკვირად, ბუზი ფრენას განაგრძობდა. მან თქვა:

- არ მესმის, რატომ გთვლიან ჩემპიონად. რიგით მესამე ოსტატმა ბუზი ორ ნაწილად გააპო, ხოლო მეორე ოსტატმა ორი მოქნევით ოთხ ნაწილად გაჭრა. თქვნ კი საერთოდ ააცილეთ.

- ამბობ, რომ ავაცილე? - თქვა ჩემპიონმა. - დარწმუნებული იყავი, ახლა ეს ბუზი ვეღარასოდეს გამრავლდება.

დღეისათვის საკმარისია.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

  კარლოს კასტანედა მოგზაურობა იქსტლანში მთარგმნელი: მამუკა გურული ან...

ვლადიმერ ლევი -

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცე...

გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

ავტორი: რადჰანათჰ სვამი მთარგმნელი: მამუკა გურული პროლოგი ძლივ-ძლივობით გა...

სერგეი ლაზარევი -

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტ...

სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ა...

ვერტიკალური ნება

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურ...