გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

პროლოგი

ავტორი: რადჰანათჰ სვამი

მთარგმნელი: მამუკა გურული

პროლოგი

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს, ჩემმა მზერამ ფერფლის ორი გროვა დააფიქსირა: ერთი – საკრემაციო ორმოსგან, მეორე კი სამსხვერპლო კოცონისგან დარჩენილი. მხოლოდ ქვედა ტანზე მოსახვევი მქონდა შემოხვეული, და ცივი ქარი ძვლებამდე ატანდა. მძიმე სევდამ შემიპყრო. რას ვაკეთებდი აქ – მარტოსული, სიცივისგან აკანკალებული, გამოფიტული, მშიერი – სახლისგან ასე მოშორებით? ნუთუ ყველა ჩემი ძიება ამაო აღმოჩნდა? მე შევცქეროდი ვარსკვლავებს, რომლებიც ბებერი ბანიანის ხის მიღმა მოჩანდნენ. ღამის ფრინველები სევდიანად ებაასებოდნენ ერთმანეთს. ნაპირის გასწვრივ სამსხვერპლო კოცონები ანათებდნენ, და მათ ცეცხლში წმინდა ადამიანები გრძელი, მუხლებამდე თმით, ძღვნად მთის ბალახებს სწირავდნენ. როცა კოცონი ჩაიწვებოდა, ფერფლს იღებდნენ და მთელს სხეულზე ისვამდნენ. რიტუალის დამთავრების შემდეგ, ისინი წმინდა ადგილისკენ მიემართებოდნენ – ტაძრისკენ, სადაც მოხვედრაზე ვოცნებობდი.

ეს ხდებოდა 1971 წლის გაზაფხუზე, პაშუპატინათჰში, ნეპალში. ამ ღამეს აქ უამრავი მწირი შეიკრიბა. მე თითქმის ოცი წელი მისრულდებოდა, და იმისათვის, რომ ამ წმინდა ადგილზე მოვხვედრილიყავი, ნახევარი მსოფლიო გავიარე, და ბოლოს და ბოლოს ჩემი მშობლიური სახლიდან, რომელიც ჩიკაგოს შემოგარენშია, აქ ჩამოვაღწიე. ამ წმინდა ადგილას, სიმშვიდის ატმოსფეროში, მინდოდა ღმერთისთვის შემეთხოვა, რომ გზა ეჩვენებინა ჩემთვის. ერთი საათით ადრე გულისფანცქვალით მიუახლოვდი უძველესი ტაძრის მაღალ, ქვიან ჭიშკარს, რომელიც მითიური ლომების, გველების, ღმერთებისა და ქალღმერთების გამოსახულებებით იყო მორთული. მაგრამ როგორც კი ქვის საფეხურებზე შევდგი ფეხი, მცველმა ხელკეტი გამომიქანა და მკერდში მდრუზა. მე მუხლებზე დავეცი, ჰაერი ძლივს შევისუნთქე, ხოლო მცველმა, რომლის ორივე მხარესაც პოლიციელები იდგნენ, მიყვირა: “შენ უცხოელი ხარ! მოშორდი აქედან!” მათი მეთაური, სამხედრო ფორმით, წინ გამოვარდა და გაცეცხლებული მზერით მიმითითა აბრაზე: “უცხოელებისთვის შესვლა აკრძალულია”.

“მოშორდი! – იყვირა მან, - კიდევ ერთხელ შემოყოფ ცხვირს – ცოცხალი ადგილი არ დაგრჩება. ციხეში ჩაგაგდებენ, და არც კი ვიცი რას გიზამენ იქაური ტუსაღები”. მან განკარგულება გასცა, რომ მისი ხელქვეითები უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ. სულით დაცემული, მდინარის ნაპირს გავუყევი. ცხოვრების აზრის ძიებამ დედამიწის ამ მოშორებულ ნაწილში მომიყვანა. უკან დასახევი გზა აღარ იყო.

როცა ვუყურებდი, თუ რას აკეთებდნენ წმინდა ადამიანები, უცებ ელდა მეცა. მუხლებზე დავიჩოქე სამსხვერპლო კოცონთან და ხელები თბილ ფერფლში ჩავყავი. ამ ფერფლით სხეულის ღია ნაწილები დავიზილე, დახლართული თმებიდან მაზოლებიან, გაუხეშებულ ფეხის ტერფებამდე. ფერფლის მძაფრი მტვერი ნესტოებს მიწვავდა, ყელში ხვდებოდა და პირს მიშრობდა. შემდეგ ძველი ქსოვილის ორი ნაჭერი შემოვიხვიე, რომელიც მდინარეში მრავალჯერ განბანვის შედეგად გაუფერულებულიყო და ისევ ჭიშკრისკენ გავეშურე. გული გიჟურად მიცემდა.

გუშაგებად ისევ იგივე მცველები იდგნენ ხელკეტებით, მაგრამ მე ვერ მიცნეს და შესვლის უფლება მომცეს. როგორც კი ფართო, შიდა ეზოში მოვხვდი, ვიფიქრე: “თუ აქ შემიპყრობენ, მომკლავენ.” რამდენიმე ათასი მწირი სტიქიური, ქაოტური ბრბოსგან შემდგარ რიგში ირეოდა და საკურთხეველის დანახვას ცდილობდა. უშვებდნენ მხოლოდ სათითაოდ. მოთმინებით დავიკავე რიგი ყველაზე ბოლოში და ნელ-ნელა წინ მივიწევდი. უეცრად გვერდით სწორედ იმ პოლიციელმა მეთაურმა ჩამიარა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აბრაზე მიმითითა. შიშისგან სუნთქვა შემეკრა და ვცდილობდი სხვა მხარეს მეყურებინა. მაგრამ ის შემობრუნდა და პირდაპირ შემსკენ გამოემართა, ყურადღებით აკვირდებოდა რა ჩემს ფერფლში ამოგანგლულ სახეს, შემდეგ კი რაღაც მკითხა ადგილობრივ დიალექტზე. მე, რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე. ერთი სიტყვაც რომ მეთქვა ინგლისურად, ყველაფერი დამთავრდებოდა. ისე, რომ პასუხსაც არ დალოდებია, დაჟინებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, შემდეგ კი, ამჯერად გაცილებით უფრო ხმამაღლა კითხვების მთელი გროვა მომაყარა. ჭკუაში გამიარა ფიქრებმა ნეპალის საშინელ ციხეში, ან კიდევ უარეს ადგილას დაკარგული წლების შესახებ. მე უძრავად ვიდექი მტკიცე სახით, რადგან მესმოდა, რომ იგი განსწავლული იქნებოდა ადამიანის ქცევაში საეჭვო დეტალების შემჩნევაში. მიცნო თუ არა? ვერ გავრკვეულიყავი სიტუაციაში.

უცებ თავში მხსნელი აზრი დამებადა. ხელისგული პირთან მივიტანე და მეორე ხელი აქეთ-იქეთ გავიქნიე. ჩვეულებრივ ასეთი ჟესტით მაუნა-ბაბები, - ისინი, ვინც მდუმარების აღქმას ინახავენ, - სხვებს აგებინებენ თავიანთი აღქმის შესახებ.

მეთაურმა მაგრად მომკიდა მხარში ხელი და ბრბოდან გამომათრია. სად მივყავარ? მაპატიმრებენ? რაღაც იყვირა ხმამაღლა. მაშინვე ორმა პოლიციელმა მოირბინა. ბრბოს რიგის გავლით მიმათრევდნენ, სანამ ხალხის მაქსიმალური თავშეყრის ადგილს არ მივაღწიეთ. ბრბოს თავზე ხელკეტების აწევით, პოლიციელები მრისხანედ ყვიროდნენ. იქნებ საჩვენებელი დასჯა უნდა მოეწყოთ ჩემთვის? ან განრისხებული ბრბოსთვის უნდა მივეცი ჩასაქოლად, მათი სიწმინდეების შეურაცხყოფის გამო? პოლიციელები უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და ხალხს აქეთ-იქით ფანტავდნენ. მე შიშით შეპყრობილი ველოდი, თუ რა მოხდებოდა. უცებ საკურთხევლის წინ აღმოვჩნდი – ნათელი, ფერადი ხედის წინ, სადაც სანდალის ხის კეთილსურნელოვანი არომატიც იფრქვეოდა. საკურთხევლის წინ მასიური ქვის ხარი აღმართულიყო. თავად საკურთხეველზე შივას ქვის სიმბოლო იყო, მორთული ლამაზად მოქსოვილი აბრეშუმებით და მბრწყინავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მეთაურმა ხელკეტი ასწია და მხარზე ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. ნუთუ გადაწყვიტა ღმერთის გამოსახულების წინ დამსაჯოს?

თავისი ლეიტენენტებით გარშემორტყმულმა, განკარგულებით მიმართა მღვდელმსახურს, რომელიც მაშინვე საკურთხევლისკენგაემართა. მე მოლოდინით ვკანკალებდი. ტაძრის შიგნითა შენობიდან წითელი აბრეშუმით შემოსილი მაღალი ქურუმი გამოჩნდა. შუბლზე მკაფიო წითელი წრე ჰქონდა დახატული, ხოლო ყელზე ოქროს ყელსაბამი და რუდრაკშას გამხმარი ნაყოფის მძივი ეკეთა. ღრმა და ჰიპნოტური ხმით წარმოთქვა: “ომ ნამაჰ შივაია”.

მიუხედავად ცივი ქარისა, ჩემი დამატყვევებელ პოლიციელ მეთაურს სხეულიდან ოფლი წურწურით მოსდიოდა; ქურუმს ყვირილით უთხრა რაღაც, რაც ვერ გავიგე. ქურუმმა ყურადღებით მოუსმინა, თავი დაუკრა, თვალები დახუჭა და მცირე ხნით გაჩუმდა. მოუთმენელი ბრბო მოთხოვნის ნიშნად ახმაურდა. მაშინ მღვდელმსახური წელში გაიმართა, ღრმად ჩაისუნთქა და მაგიური შელოცვების კითხვა დაიწყო უძველესი სანსკრიტული წერილებიდან. უცებ, ჩემდა გასაკვირად, თავზე აბრეშუმის თავსაბურავი გამიკეთა. შემდეგ ბეჭებზე აბრეშუმის მოსასხამი მომახვია, ყელზე ჟასმინის და “ღამის დედოფლის” ყვავილებით დაწნული გირლიანდა ჩამომკიდა, შუბლზე სანდალის პასტა წამაცხო და ზაფრანიანი წყალი დამალევინა. გაოგნებისგან გაშეშებულმა თანდათან გავაცნობიერე, რომ პოლიცია მოწოლილ ბრბოს იმისთვის აკავებდა, რომ ჩემთვის ღვთაებისადმი თაყვანისცემის და წმინდა ადგილას ლოცვების აღვლენის შესაძლებლობა მოეცათ. პოლიციელთა მეთაურმა მორჩილად დაიჩოქა ჩემს წინაშე, ერთმანეთზე მიდებული ხელისგულებით კურთხევა მთხოვა, შემდეგ კი გვერდზე გაიწია.

ნუთუ მართლა ვერ მიცნო ვინ ვიყავი? თუ მიცნო და უბრალოდ აღტაცებული იყო ჩემი სიმტკიცით? ამას უკვე ვეღარასოდეს გავიგებ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი, საკუთარ თავს დაუმსახურებლად აღმაღლებულად ვთვლიდი. მე ადამიანური კანონი დავარღვიე და სასჯელს ვიმსახურებდი, მაგრამ ღმერთი მოწყალე აღმოჩნდა. ვიდექი რა საკურთხევლის წინ, ფერფლით შეღებილი ხელებით და ფეხებით, მწირის ღატაკურ სამოსში, დახლართული გრძელი თმით, რომელზეც სასაცილოდ გამოიყურებოდა აბრეშუმი და ყვავილები, მაგრად დავხუჭე ცრემლებით სავსე თვალები, ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ლოცვა აღვავლინე ღმერთისადმი, რომ ეჩვენებინა ჩემი გზა, რომ მყოფნოდა ძალები მოგზაურობის გასაგრძელებლად...

მდინარის ნაპირას დავბრუნდი და ცივ მიწაზე ჩამოვჯექი. უმთვარო ღამე იდგა. შავ ცაზე ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. მსუბუქ ქარს ტყიდან ჟასმინის არომატი მოჰქონდა და მხოლოდ ჭოტის ხმა არღვევდა მდუმარებას. თვალებით მდინარის მიმავალ ნაკადს ვაცილებდი და ვკითხულობდი, ამჯერად საით გამომრიყავს ჩემი ბედის მდინარე? და საერთოდ როგორ მოვხვდი ამ ახალ ცხოვრებაში – ასეთ უცხოში ყველაფრის მიმართ, რასაც აქამდე მასწავლიდნენ, და ასე ახლობელში ჩემი სულისათვის?

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff