ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ავტორი: Admin
0
(0)

თავი მეათე
 
სიზმრები და ინდივიდუაცია
 
ნევროზის ბუნება
 
ნევროზის ყველაზე მარტივი განმარტება შემდეგნაირად ყალიბდება: ფსიქიკა ებრძვის საკუთარ თავს, მსგავსად სამოქალაქო ომისა. იბრძვის იმის ნაცვლად, რომ კონფლიქტის გარეშე იფუნქციონიროს. გარკვეულწილად, ჩვენ, ყველას ნევროზი გვაქვს. აქ იგულისხმება, რომ ჩვენ იშვიათად ვართ "ერთიანი" საკუთარ თავში. ფსიქიკაში ისეთი განცალკევებული ნაწილების არსებობა, როგორიცაა ეგო და ჩრდილი, თავისთავად ნიშნავს, რომ ფსიქიკა საერთო ჯამში უნისონში არ ფუნქციონირებს. ამ განცალკევებული ნაწილების ერთმანეთთან ზედმეტი შეუთავსებლობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დომინანტურ ეგო-იდენტობასა და არა ინტეგრირებულ ფსიქიკურ ასპექტებს შორის მიმდინარეობს, წარმოშობს ქრონიკულ ნევროზს, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ადამიანურ პრობლემას კაცობრიობაში, რადგან ქრონიკული ნევროზისგან ეფექტურად განთავისუფლება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. 
  
სიზმრები წარმოადგენენ მაკომპენსირებელ ელემენტებს ფსიქოლოგიური ფუნქციონირების ყველა ასპექტში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, (ინდივიდუაციის პროცესის კომპენსაცია), ფსიქოზში (სტაბილური ეგოს ფუნქციონირების კომპენსაცია), და ნევროზში, სადაც ეგო ცდილობს ცნობიერების ჩარჩოებიდან ინდივიდუაციის მეინსტრიმზე გადასვლას. ინდივიდუაცია ფსიქიკის ნებისმიერ შრეში მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ცნობიერია თუ არაცნობიერი, მაგრამ ინდივიდუაციის პროცესი ბევრად უფრო მარტივდება, როდესაც პიროვნება ცნობიერად განიზრახავს ფსიქიკაში მიმდინარე პროცესებისთვის თვალყურის მიდევნებას და ფსიქიკის მთლიანი ფუნქციონირების მიმართ პასუხისმგებლობას ღებულობს. 
   
ინდივიდუაციისგან გაქცევა, მისგან თავის არიდება შეუძლებელია. ნევროზული სიმპტომები ხშირად იბლოკება და რთულად გამოიხატება პიროვნების მიერ, მისი განცდისადმი ემოციური შიშის გამო. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ შიშია გავრცელებული ნევროზული მდგომარეობების აბსოლიტური უმრავლესობის მიზეზი. აგრეთვე, ჩვეულებრივი, ნორმალური თავდაჯერებულობის ნაკლებობა დიდი ალბათობით პიროვნებაში ქრონიკულ შფოთვას და სხვადასხვა ნევროზულ სიმპტომებს გამოიწვევს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ფსიქიკისთვის არც ერთი გარეგანი მოვლენა შიშის ფაქტორს არ წარმოქმნის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენს ფსიქიკას არასდროს არაფრის არ ეშინია. შიშის წარმომქმნელ მექანიზმს წარმოადგენს ეგო-იდენტობის გონება, რომელიც გამუდმებით ცდილობს წინასწარ განსაზღვროს ამა თუ იმ სიტუაციის სამომავლო შედეგი და მისი გავლენა საკუთარ თავზე. მსგავსი გონებრივი დაძაბულობა, ფსიქიკის სიმშვიდის დარღვევას იწვევს, რაც თითქმის ყოველთვის, გარეგანი მოვლენების პარალელურად იმართება. დამეთანხმებით, საკმაოდ სამწუხარო ფაქტია, რომ ფსიქიკურად "მყიფე" ადამიანის სიმშვიდეც და შიშიც, გარე მოვლენებზეა დამოკიდებული. ინტროვერსიის საჭიროების შემთხვევაში, როდესაც პიროვნება მსგავს "თვითჩაღრმავებას" თავს არიდებს, ფსიქოსომატურმა სიმპტომებმა შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობით "აიძულოს" ადამიანი  ინტროსპექციის დაწყებისკენ. ფსიქიკის  ეს მოძრაობები დახვეწილია, მაგრამ არამც და არამც სუსტი. 
  
ნევროზული მახასიათებლების გარედან შემჩნევა არც თუ ისე მარტივია. პიროვნება შესაძლოა ყველანაირ ყოველდღიურ საქმიანობას ჩვეულებრივ ასრულებდეს და ნევროზული სტრესი არ ეტყობოდეს. თუმცა, შინაგანად, ყოველი ქმედება სტრესის და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ერთის მხრივ, გონება მოითხოვს განვითარებულ ფსიქიკურ სტრუქტურას, რათა ნევროზული გახდეს. აქ იგულისხმება განცდის სახით დაფიქსირებული რეალიზაცია, რომ ფსიქიკაში ყველაფერი რიგზე არაა. ნევროზულ ადამიანს შეუძლია კონფლიქტის ინტერნალიზება, კომპლექსების ინტრაფსიქიკური სტრუქტურის შესწავლა და მისი გადაწყვეტა. ამის შედეგად, ეგო თავისუფლდება თავდაპირველი კონფლიქტისგან, მაგრამ ამავდროულად წარმოიქმნება შემცვლელი, მისი ჩამნაცვლებელი კომპლექსი, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანი და ასევე ნაკლებად შესამჩნევია. ხშირად ახლადწარმოქმნილ კონფლიქტზე ცნობიერად დაკვირვება, ახალი ანალიტიკური კვლევის დაწყებამდე ვერ ხერხდება.
  
მთელი ცხოვრების განმავლობაში, თვითობა მუდმივ ზეწოლას ანხორციელებს ეგოს მიმართ, ყოველდღიურობის პროცესში. ის ამგვარ ზეწოლას ეგოს ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშეც განაგრძობს და დაუყოვნებლივ იძლევა მაკომპენსირებელ რეაქციებს (კოშმარები, უბედური შემთხვევები, ფსიქიკური სიმპტომები), ეგო-იდენტობის ფუნქციონირების შესაბამისად. ეგომ ყველაფერს უნდა ეცადოს, რათა გაცნობიერებულად მიიღოს მონაწილეობა ინდივიდუაციის პროცესში. 
  
როგორ გვეხმარება სიზმრები ასეთ დროს?
  
ჩვენი სიზმრების გაგება გვეხმარება გამოვავლინოთ ეგოს მიერ განმეორებადი შაბლონი, რომლებშიც ხშირად ვლინდება სხვადასხვა გზით ჩადენილი ერთი და იგივე შეცდომა. როდესაც მსგავსი კონფლიქტები მკაფიოდ ხილვადი ხდება, არსებობს შესაძლებლობა გადაიდგას უფრო პირდაპირი ნაბიჯები, შაბლონური კომპლექსებისგან განთავისუფლებისკენ. სიზმრები ექვემდებარება ერთიანი ფსიქიკის ფუნქციონირებას და წინააღმდეგობაში მოდის მხოლოდ ეგოსთან მიმართებაში, ამ უკანასკნელის მიერ გამოხატული ნებისმიერი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო. იმის დანახვით, თუ რის მიღწევას ცდილობენ სიზმრები, სიზმარმხილველს შეუძლია შეაფასოს საკუთარი პოზიცია და თუ მოინდომებს, განიხილოს იგი უფრო ღრმა პროცესებში. ეს არ ნიშნავს, რომ სიზმარმხილველი ისე უნდა მოიქცეს, როგორც სიზმრები მიუთითებენ. (ეს საყოველთაოდ გავრცელებული გაუგებრობაა სიზმრებთან დაკავშირებით). პირიქით, აუცილებელიცაა, რომ ეგო-იდენტობამ კარგად იცოდეს საკუთარი პოზიცია და უნდა ეცადოს საკუთარი ხედვის მტკიცებას არაცნობიერის მიმართ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ სიზმრებს ჭეშმარიტად მაკომპენსირებელი ფუნქცია ჯანსაღ ფსიქიკაში.
   
სიზმრები, რომლებიც აჩვენებენ სცენებს, სადაც სიზმრის-ეგო იძულებულია საშინელ სიტუაციებს გაუმკლავდეს, განსაკუთებით მიუთითებენ დაგვიანებულ, ნევროზულ რეაქციებზე. საშიში ფიგურები, რომლებიც სიზმარში სიზმარმხილველს უახლოვდებიან, ასახავს არაინტეგრირებულ ფსიქიკურ ნაწილთან პირისპირ შეხვედრის მიმართ გადაჭარბებულ შიშს. ეგოს ზრდის საკმაოდ მომწიფებულ სტადიაზე, წინა პლანზე გამოდის არქეტიპული ხატ-სახეები და ერთგვარი გმირული გამოსახულებები, სადაც სხვადასხვა მოწოდება და არქეტიპული დავალება ვლინდება. ეგო იშვიათად აღწევს განვითარების მაღალ საფეხურს პოტენციურად საშიში და შოკისმომგვრელი სიტუაციების გავლის გარეშე. მოვლენების მსგავს განვითარებასთან დაკავშირებით მითოლოგიაში და ფოლკლორში უამრავი პარალელი არსებობს. ხალხური ზღაპრები ამ მხრივ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან პალიტრას გვთავაზობენ, მათში მკაფიოდაა ასახული ეგოს განვითარების მრავალი სტადია და სიზმრების ინტერპრეტაციაში ძალიან ღირებულ სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. ეგოს განვითარების სხვადასხვა სტადია (როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში) ზღაპრებში იმდენად მრავალფეროვანია, რომ შესაძლოა ყველა ჩვენგანმა იპოვის მათში ინდივიდუალურად ჩვენს ფსიქიკაში "გათამაშებული" სიტუაცია. როგორც წესი, არსებობს შიშის და რეგრესიული ფაზის დაძლევის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, (მაგ. დრაკონის დამარცხება), ან მტრულად განწყობილი მშობლის იმიჯის გადალახვა. (მოხუცი მეფე, ბოროტი დედინაცვალი, "ბაბა-იაგა" და ა.შ). გარდა ამისა, არსებობენ დამხმარეებიც. ისინი ხშირ შემთხვევაში პერსონიფიცირდებიან მოლაპარაკე ცხოველების სახით, რომლებიც ფლობენ ბევრად მეტ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, ვიდრე დამკვირვებელმა ეგო-იდენტობამ იცის. სიზმრები დამხმარე ან მოლაპარაკე ცხოველების შესახებ მიუთითებს, რომ არაცნობიერი მზადაა დაეხმაროს ეგოს კონკრეტული ამოცანისთვის თავის გართმევაში. ასეთი სიზმრები განსაკუთრებით პოზიტიური პროგნოზული მინიშნებებით გამოირჩევა.
   
ზღაპრული მოტივების მრავალფეროვნება მიუთითებს, რომ არსებობს ბევრი განსხვავებული გზა, არაცნობიერი ეგოს განვითარებისთვის. ყველა ზღაპარი არ მიუთითებს მაინც და მაინც გმირული ორთაბრძოლების აუცილებლობას. არსებობს ზღაპრის ისეთი მოტივებიც, სადაც ნაჩვენებია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ეგოს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და იგი უნდა დაელოდოს "დახმარებას" გარედან. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ანალიტიკურ ჯგუფში ან თერაპიულ სეანსზე გაწევრიანებასთან.
   
ეგოს რელატივიზაცია
 
ნევროზული ნიმუშების ფსიქიკაში მოძრაობა, საკუთარ თავში მოიცავს ძლიერი ეგოს რელატივიზაციას. განვითარებული ეგოსგან მოითხოვება კვლავ დაუპირისპირდეს არაცნობიერ მატრიცას, საიდანაც ინდივიდუაციის პროცესი იმართება. თეორიული თვალსაზრისით, ინდივიდუაციის პროცესის უმთავრესი მიზანია, არაცნობიერის ცნობიერად გადაქცევა და მისი არსებობის მკაფიო რეალიზაცია ცნობიერ ფსიქიკაში. ბოლოს და ბოლოს, ეგო არაცნობიერის გაგრძელებას წარმოადგენს. ყოველი ადამიანის ეგო ერთმანეთისგან განსხვავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ არაცნობიერში იდენტური სახის ინფორმაციული შაბლონები არ არსებობს. ეგოს რეალიზაციის მაღალ საფეხურებზე არქეტიპული პარალელები მკაფიოდ გვხვდება უფრო რელიგიურ ლიტერატურაში, ვიდრე ხალხურ ზღაპრებში, მაგრამ, ამ მხრივაც არსებობს გამონაკლისები, სწორედ იმის გამო, რომ ეგოს განვითარების პროცესის უნიკალურობა, კონკრეტული "წესის" არარსებობაში ვლინდება. მეტიც, როცა ვსაუბრიბთ ინდივიდუაციის პროცესზე, ამ ტერმინის ქვეშ უამრავ განზოგადებას ვიყენებთ, რადგან ნამდვილი ინდივიდუაცია ბევრად უფრო უნიკალური და პრობლემურია, ვიდრე ნებისმიერ ტექსტშია აღწერილი. 
   
თვითობის გავრცელებულ სიმბოლოს წარმოადგენს მანდალა, უცნაური პროპორციების მქონე უზარმაზარი ქალაქი ან შენობა, მოლაპარაკე ან მრავალთავიანი ცხოველი, ჰაერში მფრინავი არსება და ა.შ. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ხატ-სახეების ზომა გასაოცარია, მაგრამ მათი ბუნება ნაზია და საფრთხეს არ შეიცავს. 
   
ეგოს რელატივიზაცია ხშირად აისახება სიზმრებში, სადაც სიზმრის-ეგო სიზმრადნახულში უშუალო მონაწილეობას არ ღებულობს. ინიციაციის და რიტუალური დატვირთვის სიზმრები მიუთითებს, რომ ეგო განვითარების ახალ სტადიაში შევიდა. რაღაცის გაშვების ან განთავისუფლების მოტივი მიუთითებს ცვლილებებისთვის, ინდივიდუაციის კონკრეტულ სტადიაზე ყოფნის საჭიროებას.
   
ეგოს ინდივიდუაცია
 
იუნგიანური ფსიქოლოგია, არაჩვეულებრივი სიცხადით წარმოგვიდგენს ეგოს ბუნებას. სხვა ფსიქოთერაპიული სისტემების უმეტესობაში, ძლიერი და დამოუკიდებელი ეგოს განვითარებისთვის უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს დაბალანსებული სასიყვარულო ურთიერთობების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. უამრავ ფსიქოლოგიურ სკოლაში ეს თემა ხაზგასმით აღინიშნება. იუნგიანური ფსიქოლოგია, რა საკვირველია აფასებს მსგავს მიზნებს, მაგრამ პირველ რიგში ინდივიდუაციის პროცესზე ყურადღების გამახვილებისას, არც ერთ ცხოვრებისეულ პროცესს არ ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა. ნებისმიერი ეგო-იდენტობის მდგომარეობა აღიქმება, როგორც ინდივიდუაციის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ყოველთვის მხოლოდ პირადად ჩვენთვის გამორჩეული უნიკალურობით ხასიათდება. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად წარმატებით ადაპტირდება ადამიანი უახლოეს გარემოცვასთან. 
  
ეგოს ბუნებრივ მიდრეკილებას წარმოადგენს საკუთარი თავის, როგორც ფსიქიკის ცენტრად დანახვა. სინამდვილეში ჩვენთვის ნაცნობი ეგო, მხოლოდ ვირტუალური ცნობიერების ცენტრია, რომელიც უამრავი არქეტიპული თემატიკის აღრევის შედეგად ყალიბდება. ეგო ჰგავს სახელმწიფოს მემკვიდრეობით არჩეულ მონარქს, რომელიც მოცემულ ეტაპზე ერთადერთი ხელმისაწვდომი მმართველია, მაგრამ მად წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მისი სასახლის კედლების გარეთ. ამავდროულად, იგი ხშირად იმასაც ვერ აკონტროლებს, რაც მისი სასახლის კედლებში ხდება ან რაც შეიძლება მოხდეს. 
   
იუნგიანური ანალიზის მიზანს მხოლოდ ადეკვატური ეგოს გამოძერწვა არ წარმოადგენს. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსიც და პაციენტიც, მაშინვე ასრულებს ამ უაღრესად ღრმა და მნიშვნელოვან პროცესს, როდესაც შემაწუხებელი ნევროზული მდგომარეობებისგან თავისუფლდებიან.   უამრავ ადამიანს ჰგონია, რომ ამით, მათი ანალიზზე ვიზიტის მიზანი შესრულებულია. მაგრამ, თუ არაცნობიერთან მუშაობა და თანამშრომლობა ავადმყოფური ნევროზული სიმპტომების მიღმა გრძელდება, პროცესი შეუმჩნევლად იწვევს ფილოსოფიური, რელიგიური და ეთიკური საკითხების წამოჭრას, რომელიც უკვე კოლექტიურად ფართომასშტაბიან ჭრილში განიხილება. საკითხები, რომლებიც ეგოსთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტია, ინდივიდუაციისთვის შესაძლოა სერიოზული ეთიკური შეშფოთების საგანი გახდეს. არცერთი დიდი თუ მცირე მოვლენა არ არსებობს ინდივიდუაციის პროცესის გარეთ. სასარგებლოა დავიმახსოვროთ, რომ არჩევანის გაკეთებისას, გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი კონკრეტული "მე", ნაცვლად სხვა "მეებისა", რომლებიც უამრავია და ამათგან ყველა აქტუალიზებულია ჩვენს ფსიქიკაში.
   
ორ სხვადასხვა სამსახურს შორის არჩევანის გაკეთება, შესაძლოა სხვადასხვა "მეებს" შორის უპირატესობის საკითხს წარმოადგენდეს. ამავდროულად, ინდივიდუაციის პროცესში ჩართული ეგო უფრო მნიშვნელოვან და უფრო ცნობიერ გადაწყვეტილებებს ღებულობს. სიზმრები მსგავს დეტალებს მკაფიოდ აჩვენებენ. მაგალითად, განმეორებადი სიზმრები კარზე მუდმივი კაკუნის შესახებ შეიძლება სიმბოლურად გამოხატავდეს მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც სიზმარმხილველი აიგნორებს და არაცნობიერი დაჟინებით მოითხოვს, რომ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების გამახვილება მღვიძარე ცნობიერებამ "ყურში შეუშვას". 
    
ეგოს ფორმირების პროცესისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაგრამ მკაფიო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მღვიძარე და მძინარე ეგოს ურთიერთქმედების დაკვირვება იძლევა. ეგის არქეტიპული საფუძველი - თვითობა, წარმოადგენს ცენტრირებისა და ბალანსის სიმბოლოს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მას შეუძლია საფუძვლიანად მოარყიოს და დაანგრიოს ფსიქიკის სხვადასხვა ფორმაციები, უფრო სტაბილური და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ეს არქეტიპული ფონი საფუძვლად უდევს სუბიექტური ცნობიერების ფიგურას, რომელსაც "მეს" ვეძახით. ფსიქიკაში არსებული კომპლექსები ხშირად მოქმედებენ, როგორც ცალკეული პიროვნებები, ფსიქოლოგთა აზრით, სიზმრებში სხვადასხვა პიროვნებების პერსონიფიკაციაც სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება. ამ "პიროვნებებს", ეგოსგან დამოუკიდებელი, საკუთარი სურვილები და მისწრაფებები გააჩნიათ. სანამ ეგო ცნიბიერად არ გამოცდის მსგავსი კომპლექსური პერსონიფიკაციების შემადგენელ ნაწილებს, კომპლექსური შაბლონები გააგრძელებენ "მესგან" განცალკევებით არსებობას. ეს დებულება ყველაზე ნათლად ჩანს ეგოსა და ჩრდილის იდენტობის სტრუქტურებს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაში. ამასთან ერთად, პერსონაც, სანამ ეგოსთან ინტეგრირდება, აღიქმება პიროვნულ როლად, რომელიც ჩვენი სურვილისამებრ შეგვიძლია ვითამაშოთ ან არ ვითამაშოთ. გარკვეული პერსონალური როლები დროთა განმავლობაში შესაძლოა ეგოს სტრუქტურის განუყოფელ ნაწილებად იქცნენ. ანალოგიურად, ჩრდილის პროექცია ხდება არაღიარებული პიროვნული ნაწილისთვის ყურადღების გამახვილებით. მოგვიანებით, ჩრდილის ასპექტები მტკივნეულ გამოცდილებასთან ერთად უნდა შეერწყას ფსიქიკის ცნობიერ ნაწილს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიცადოს როგორც "მეს" განუყოფელი შემადგენელი. 
   
სიზმრები გვთავაზობენ ყველაზე "მიკროსკოპულ" სტრუქტურას, მრავალფეროვანი კომპლექსების გამოკვლევაში. სიზმარი ჰგავს ძალიან ბრძენ, მაგრამ ამავე დროს მიკერძოებულ მეგობარს, რომელმაც ყველა ჩვენი სისუსტე, ძლიერება, სირცხვილი, სიხარული, ტკივილი და შინაგანი არსის საიდუმლოებები იცის, და რომელიც ფრთხილად მიგვითითებს იმ ნაცნობი ფსიქიკური საიდუმლოებებისაკენ, რომლებიც ცნობიერებისთვის ბოლომდე გასაგები არ არის.

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტ...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

დიმიტრი ტროცკი - სანამ

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის...

იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონ...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

კარლოს კასტანედა -

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა ...

ჯორდან პიტერსონი -

ავტორი: ჯორდან პიტერსონი თარგმნა ჯგუფმა MAGMA დიდი დრო დამჭირდა სათაურის და...