ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ავტორი: Admin
0
(0)

თავი მეთერთმეტე
 
შეჯამება
 
სიზმრების ორი სახის ინტერპრეტაცია
 
სიზმრების ინტერპრეტაციის წარმატებულად გამოყენებაში მუდმივად არსებობს ორი განსხვავებული სახის ინტერპრეტაცია. პირველი ტიპის ინტერპრეტაცია ორ განხრად იყოფა და მას ეწოდება ობიექტური და სუბიექტური ინტერპრეტაცია. ხოლო მეორე ტიპი დამახასიათებელია არა მხოლოდ სიზმრის ინტერპრეტაციისთვის, არამედ მთელი ანალიტიკური პროცესისასთვის. ესენია პერსონალური და არქეტიპული მნიშვნელობები. 
   
ობიექტური და სუბიექტური
   
ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ სიზმრად ნანახი გამოსახულებები და მოტივები შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც ობიექტურად, (იგულისხმება პარალელები სიზმარმხილველის მღვიძარე ცხოვრებაში) ასევე სუბიექტურად. (როგორც სიზმარმხილველის ფსიქიკის შემადგენელი ასპექტი). იუნგმა ამ პრაქტიკულ ინტერპრეტაციებს შორის განსხვავებები ჯერ კიდევ ანტიკური ხანის სიზმრებში აღმოაჩინა. ფროიდმა საგრძნობლად შეამცირა ეს განსხვავება იმ პოსტულატის წინ წამოწევის გამო, რომ, სიზმრები ეგოსთვის მიუღებელ აზრებს და სურვილებს განასახიერებდნენ.
   
ობიექტურ და სუბიექტურ ინტერპრეტაციებს შორის განსხვავება შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს, თუ მივიჩნევთ, რომ სიზმარმხილველი სიზმარში მხოლოდ საკუთარი ფსიქიკის მიერ პერსონიფიცირებულ მოტივებს აღიქვამს. უმეტეს შემთხვევაში ასეცაა. თუმცა, ზოგიერთ სუბიექტურ სიზმარხილვას, გააჩნია ობიექტური მნიშვნელობები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ფარგლებში მანიფესტირდებიან. ამ შემთხვევაში, სიზმრები ცვლის მოვლენების მიმართ შინაგან წარმოდგენას, რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს გარეგან გამოცდილებაზე, რადგან, მანიფესტირებული სიზმრის მეშვეობით, ეგო გაძლიერებული ორიენტაციით აკვირდება მოვლენებს. 
   
თუმცა, ობიექტურ და სუბიექტურ მნიშვნელობებს შორის განსხვავება უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითისთვის, არაფსიქოზურ მდგომარეობაში სხვადასხვა ტიპის (თუნდაც ობიექტური) სიზმრების ნახვა, "დაწყობილი" ეგოსთვის აშკარად საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მხოლოდ სუბიექტური მნიშვნელობების არსებობა და მათი შეზღუდულობა იცავს ადამიანს იმ დაძაბულობისგან, რომელიც ფსიქოლოგიურად ნაყოფიერ, რეალურ ფაქტს წარმოადგენს.
   
მღვიძარე და მძინარე გამოცდილებები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არ მოდიან. არ არსებობს იდუმალი სიზმარხილვის სამყარო, რომელიც კონტრასტში არ მოვა აბსოლიტურად ობიექტურ რეალურ სამყაროსთან. მღვიძარე ცნობიერების და მძინარე ცნობიერების გამოცდილებაც განასახიერებს თანაბარუფლებიანი პოტენციური ერთიანობის აღდგენის იდუმალ პროცესს, ანუ ინდივიდუაციის პროცესს. სიზმრები მალევე იცვლებიან და გვავიწყდებიან, მაგრამ ცნობიერი ეგოც (თუმცა უფრო ნელა) იცვლის "მტკიცე" რეალობების გამოცდილებებს დროთა განმავლობაში. ამ დაუსრულებელი ცვლილებების ნაკადის ფონზე, ვლინდება ძალიან იდუმალი და რთულად შესამჩნევი პროცესი, რომელსაც იუნგი ინდივიდუაციის პროცესს უწოდებს და რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის უნიკალური პოტენციალების აქტუალიზაციას, რისი გამოვლენაც შესაძლებელია ცხოვრების პერიპეტიების გათვალისწინებით. 
   
ყოველდღიური გამოცდილების სამყაროში, ინდივიდუაციის გზაზე მოძრაობა და მასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილებები ხშირად არ არის ის, რასაც ჩვენ "ლოგიკურს" ვუწოდებთ. ამ მხრივ დააკვირდით ხალხური ზღაპრების მოტივებს და მათი ცენტრალური პრობლემების გადაწყვეტის მრავალფეროვნებას. სიზმრების ნებისმიერ სერიაში, სიზმრადნახული შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს რეალობასთან, ან მისგან ძალიან შორს იმყოფებოდეს. არ არსებობს დადგენილი წესი. ინდივიდუაციის პროცესისთვის ხელშეწყობის გამო, სიზმრებმა შეიძლება აიძულოს და მოუწოდოს ეგოს, ჩვეულებრივ კულტურულ იდენტობებში საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ. სხვა დროს შეიძლება სიზმრებმა გამოიყვანონ ეგო წარმატებით მორგებული პიროვნული ადაპტაციებისგან და დააყენონ უფრო დახვეწილი დავალებების წინაშე.
   
ობიექტურ და სუბიექტურ მნიშვნელობებს შორის არსებული დაძაბულობის საბოლოო გადაწყვეტა არის შეგრძნება, რასაც იუნგი აღწერდა როგორც, იდუმალი ცენტრის შემოხვევას; ფსიქიკურ ენერგიას, რომელიც შეგიძლია შეიგრძნო, მაგრამ იგი არასოდეს განისაზღვრება ცნობიერების ბადეებში. ამ მისტიურ ფსიქოლოგიურ პროცესში, რომელიც ალქიმიური ძიების ანალოგიურია, ეგო რელატივიზებულია, მაგრამ არამც და არამც რბილი და ადვილად მოწყვლადი,  ცხოვრებისეული მოვლენები რეალურია, მაგრამ არა დამაჯერებელი, სიზმრად ნახული სცენები მეგზურობას გვიწევენ, მაგრამ ჩვენი მბრძანებლები არ არიან.
  
პერსონალური და არქეტიპული
 
ფსიქიკაში არსებული კიდევ ერთი ურთიერთ დაძაბულობის მკაფიო მაგალითია პერსონალური და არქეტიპული სტრუქტურები. როდესაც ადამიანი ღრმადაა ჩაძირული ყოველდღიური, კოლექტიური ცხოვრების რიტმში, მის სიზმრებში შესაძლოა გამოჩნდნენ უნივერსალური, არქეტიპული ხატ-სახეები. მაგრამ, თუ პიროვნება განვითარების კონკრეტულ სტადიაზე ფსიქიკურად სუსტია ან კოლექტიურად ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სხვა ადამიანებზე, მისი არქეტიპული სიზმრები შიზოფრენიული და მკვეთრად დაბნეული განცდის ელემენტებით იქნება სავსე. სტაბილური ეგო-გადმოსახედის, ანუ საკუთარ თავში ცენტრირების მიღწევა განცდის სახით აღიქმება, როგორც სიტყვა "განთავისუფლების" ტოტალური რეალიზაცია. 
   
სოციალური "რეალობების" მრავალფეროვნების დანახვა, სხვადასხვა ნევროზული კომპლექსის დაგროვება და მათი აქტიურობა არის სტრუქტურა, რომელსაც პერსონალური სფეროს სახელით ვიცნობთ. ფსიქოლოგიური გაგებით, პერსონალური ისტორია ნიშნავს საკუთარი დამოკიდებულებების, მნიშვნელობებისა და კომპლექსების უფრო ღრმა გააზრებას, და არა თარიღებისა და მოვლენების ქრონიკას. გარეგანმა ცხოვრებამ შეიძლება ჩაიაროს უამრავი, უმნიშვნელოვანესი ცვლილების ფონზე, და ამავდროულად, საკუთარი სუბიექტური აღქმის ოდნავი ცვლილების გარეშე. მაგრამ, ყველა ანალიტიკოსმა იცის საპირისპირო სიტუაციის შესახებ, როცა გარეგანი ცხოვრება მონოტონურად და უცვლელად მიმდინარეობს, ხოლო შინაგანი სუბიექტური მდგომარეობები მთლიანად გაირდაიქმნება, რაც არსებიდად ახალ მნიშვნელობას ანიჭებს გარე სამყაროს. 
   
მღვიძარე-ეგო, ანუ სიფხიზლის არეალი, არსებობს ორ თანაბრად საშიშ არქეტიპულ თანავარსკვლავედს შორის.  ჩვენ შეჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ, იუნგის კოლექტიური არაცნობიერი, იგივე ობიექტური ფსიქიკა, თითქოს მღვიძარე-ეგოს ხისტი კონსტრუქციების კონტრპუნქტია. ჩვენ ნაკლებად ვართ შეჩვეულები, ვიფიქროთ კოლექტიურად ცნობიერი სამყაროს კოლექტიურად არაცნობიერ საწყისებზე. და სწორედ ამიტომ, ორივე სამყარო, რომელიც ეგოს გარს აკრავს, შინაგანიც და გარეგანი სამყაროც, ერთმნიშვნელოვნად არქეტიპულია.
   
კოლექტიური ცნობიერების სამყარო, (ისტორია, რომლის წაკითხვაც შეგვიძლია), სხვადასხვა დროის განმავლობაში ბადებს კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ამჟღავნებენ არქეტიპულ შინაარსს, რომელიც კოლექტიური არაცნობიერიდან წარმოიქმნება. უამრავმა ინდივიდუალმა ეს სხვადასხვა კულტურული ზემოქმედებების გამო ვერ მოახდინა, მაგრამ სხვები მსგავს ზეწოლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. არქეტიპული ფორმები, რომლებიც კულტურულ საზოგადოებებში დამოწმებულია, დროთა განმავლობაში კოლექტიური ცნობიერების გონებისთვის, მდუმარე ავეჯად იქცევა. იმ მომენტიდანვე, როდესაც არქეტიპული ფორმა კულტურულ ინსტიტუციაში ჩაინერგება, თავად ეს ინსტიტუცია ეწინააღმდეგება იმ არქეტიპს, რომელმაც არსებობა მისცა. სწორედ ამიტომ, არც ერთ კონკრეტულ ფორმას არ შეუძლია არქეტიპული მნიშვნელობის გამოხატვა.
   
ის, რაც ჭეშმარიტია საზოგადოებრივ დონეზე, ჭეშმარიტია ინდივიდუალური ფსიქიკისთვისაც. არც ერთ პერსონალურ დედას არ შეუძლია განასახიეროს იმ შესაძლებლობათა მთლიანი დიაპაზონი, რასაც დიადი დედის არქეტიპი განასახიერებს. ამავდროულად, დედის ხატ-სახე, ატარებს კიდეც დიადი დედის არქეტიპს და ერთდროულად იზღუდება კიდეც მის მიერ.
   
ინდივიდუალურმა ეგომ შესაძლოა დაკარგოს გზა, კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპულ გამოსახულებებში. პრობლემა ის არის, რომ თითოეულმა პიროვნებამ უნდა იპოვოს მისი პირადი თვალსაზრისი, რომელიც შეძლებს არქეტიპული სფეროების რელატივიზაციას, - არ უნდა მოხდეს მათი დაპირისპირება, არ უნდა აღიქვათ ერთი, როგორც ჭეშმარიტი, ხოლო მეორე როგორც სიცურე, და რაც მთავარია, არ უნდა დაკარგოთ პირადი, პერსონალური სფერო, ერთადერთი სივრცე, სადაც შესაძლოა მოხდეს ღრმად მატრანსფორმირებელი პროცესები. 
   
არაფერი, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი არ ხდება პერსონალური სფეროს მიღმა. შესაძლოა გარესამყაროში მიმდინარეობდეს მრისხანე ძვრები და უდიდესი იატორიული ცვლილებები, მაგრამ ინდივიდუალური ფსიქიკა ის ერთადერთია, რომელსაც არქეტიპულ ფორმებთან მიმართებაში სტაბილური ბალანსის მიღწევა შეუძლია. აქედან გამომდინარე, პერსონალური სფეროს გაფრთხილება და დაცვა, უპირველესი მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს, როგორც ანალიტიკური პროცესისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
   
პერსონალური სფეროს რღვევა ხდება მაშინ, როდესაც არქეტიპული მნიშვნელობა ზედმეტად ხაზგასმით აღინიშნება ფსიქიკაში და პერსონალური ფსიქიკის ენერგია მასზე ათასჯერ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიას ვეღარ უძლებს. ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სახის პროექციაც, და პაციენტმა ანალიტიკოსი  აღიქვას როგორც ღმერთის ან ეშმაკის მსგავსი ქმნილება. უამრავი ადამიანი, პერსონალური სფეროს გადარჩენის მიზნით, თავდაუზოგავად ეძებს კულტურაში ჩანერგილ არქეტიპულ ფორმებს თავშესაფარისთვის, როგორიცაა პოლიტიკური პარტია ან ორგანიზებული რელიგია. იუნგიანური თვალთახედვით, ინდივიდის განვითარებისთვის, მსგავსი თავშესაფრები ძალზედ ტრაგიკულ განვითარების ეტაპებს იწვევს. ზემოთ აღწერილი მეთოდი ყველაზე მეტად ტრაგიკულია ტრანსფორმაციული ცვლილებებსითვის, რომელთაც ფსიქიკაში უნდა ჰქონდეთ ადგილი. თუმცა, არსებობს შთხვევები, როცა გადარჩენისთვის ერთადერთ იმედად რჩება პერსონალურო სფეროს კონკრეტულ კულტურულ ჩარჩოში მოქცევა. 
   
საკუთარ თავზე მზრუნველობისა და სხვადასხვა თერაპიული უნარებით სარგებლობისას, სიზმრები ყველაზე შესაფერისი და საიმედო გზამკვლევია პერსონალური სფეროს შენარჩუნებისთვის და არქეტიპული ფორმების ფეტიშიზმისგან თავის აცილებისთვის.
   
მძინარე-ეგო და მღვიძარე-ეგო
 
სიზმრის-ეგოსა და ფხიზელ-ეგოს შორის სტრუქტურული ურთიერთობა შეიძლება გამოვსახოთ, როგორც სახელმწიფო მთავრობის მოდელი. ეგო ერთადერთი შესაძლებელი მმართველია, მაგრამ შეიძლება ძირფესვიანად გაცამტვერდეს სხვა, უფრო ძლევამოსილი ძალების ჩარევის გამო. მათ შეიძლება გაძარცვონ, მიწასთან გაასწორონ ეგოს მმართველობის სტრუქტურა. უფრო რბილად რომ ვთქვათ, ეგოს სამფლობელოს საზღვრებს გარეთ მომხდარი მოვლენები, ყოველთვის მოახდენს ეგოზე მეტნაკლებად პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას. მღვიძარე-ეგო არის პასუხისმგებლობის წარმომადგენელი ყველაფრის მიმართ, რაც ინდივიდუალური ფსიქიკის სახელით კეთდება. მისი საზღვრები ფსიქიკაში ლეგალურად არის დაცული. მაგრამ, ძილის დროს, მღვიძარე-ეგო არც ისეთი ძლიერია, როგორიც რეალობაში. მიუხედავად ამისა, მძინარე-ეგო  საკუთარ თავზე იგივე პასუხისმგებლობას გრძნობს, რასაც მღვიძარე-ეგო სიფხიზლეში, თუმცა რეალობისგან განსხვავებით, მძინარე-ეგო მისთვის სასურველ სამყაროს ვერ ირჩევს. (აქ არ იგულისხმება ე.წ. ლუციდური სიზმრები). 
   
მძინარე-ეგოს სტრუქტურა მღვიძარე-ეგოს სტრუქტურის იდენტურია. მღვიძარე-ეგო არის პრეზიდენტი ან მეფე, ხოლო მძინარე-ეგო პარლამენტის თავმჯდომარე ან მეფის მარჯვენა, რომელიც საერთო ჯამში მღვიძარე-ეგოს მიერ სამართავ სახელმწიფოში უდიდეს მონაწილეობას ღებულობს. თითოეული სიზმარი, არის კოლოსალური ფსიქიკური ველის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი. მღვიძარე და მძინარე ეგოს შორის არსებული ამ მკაფიო კავშირის გამო, სიზმარში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მღვიძარე პიროვნებაზე აისახება, ხოლო სიფხიზლეში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, სიზმარში აისახება.  მსგავსი ქმედებები იწვევენ ორმხრივ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც შედეგის სახით იძლევიან სხვადასხვა კლინიკურ პროგრესს ან რეგრესს, მაგალითად: დეპრესიის შემსუბუქება, შიშისგან განთავისუფლება, შფოთვის გაძლიერება, პანიკა, "სწორი გადაწყვეტილების" განცდა პრობლემურ სიტუაციაში და ა.შ.
  
მიმდინარე დიალოგი მღვიძარე და მძინარე ეგოს შორის, წარმოადგენს ერთ-ერთ ასპექტს უფრო დიდ დიალოგს შორის, რომელიც ეგოსა და თვითობას შორის მიმდინარეობს. თვითობის დაფიქსირება სიზმრებში არც ისე ხშირია. უფრო ხშირად შესაძლებელია, რომ სიზმარმხილველმა სიზმარში თვითობა ვერ ამოიცნოს. აშკარაა, რომ სიზმრების უხილავი კონსტრუქტორი, თვითობა, არამარტო წარმოქნის სიზმარში მოქმედების სცენებს, არამედ მძინარე-ეგოს მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მისიას ანიჭებს. ეს არ ნიშნავს, რომ სიზმრები წინასწარ განსსაზღვრული და ჩამოყალიბებულია, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტული სიზმრის და ზოგადად სიზმრების სერიების გაგრძელების მოტივი მძინარე-ეგოს მიერ ჩადენილ ქმედებებზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. (განმეორებადი სიზმრები დამახასიათებელია ტრავმული ნევროზისთვის, თერაპიული ინტერპრეტაციით, სიზმრის-ეგო ასეთ სიზმრებში წარუმატებლად ცდილობს, დაიწყოს ცვლილება). 
    
ინდივიდუალური ეგო განუწყვეტლივ აცნობიერებს, რომ არც მღვიძარე და არც მძინარე ეგო, რეალურ ეგოს არ წარმოადგენს. მათ შორის, არც ცენტრირების გამომხატველი სიტყვა, "მე", არ არის ის, რაც მისი წარმოთქმისას იგულისხმება. ის უბრალოდ მიმდინარე, სუბიექტური მითითების წერტილია ინდივიდუაციაში, რომელიც გუნება-განწყობილების შესაბამისად იცვლება. 
   
სიზმრებთან მუშაობა მღვიძარე-ეგოს აძლევს საშუალებას, დაინახოს მისი ფარდობითობა მძინარე-ეგოსთან მიმართებაში. სიზმრები ჩრდილოვანი გამოცდილებით (პოზიტიურით ან ნეგატიურით), ეგოს აძლევს დაუცველობის რეალიზაციას იქამდე, სანამ ჩრდილოვანი ნაწილი მასთან არ ინტეგრირდება. ამ ცნობიერებით შეიარაღებული, გამოღვიძებულ ადამიანს ადვილად შეუძლია ამოიცნოს ფსიქიკური ინფლაცია, აირიდოს ფსიქიკის სხვადასხვა ნაწილებთან თვითიდენთიფიკაციის საშიშროება, და შეამციროს პროექციის ნეგატიური შედეგები, ძლიერ ნეგატიური ემოციური რეაქციების შესწავლით საკუთარ ჩრდილთან ან ანიმა/ანიმუსთან დაკავშირებით.
   
მოკლე შეჯამება
  
სიზმრები წარმოადგენენ ფსიქიკის ბუნებრივ შემადგენელ ნაწილს. ისინი ემსახურებიან ინდივიდუაციის პროცესს, უმეტესად რეალობის დამახინჯებული აღქმის კომპენსაციის მეშვეობით. 
  
სიზმრები უნდა ჩაიწეროს მაქსიმალურად ზუსტად და გულწრფელად. მღვიძარე-ეგოს შეუძლია იკამათოს და შეეწინააღმდეგოს სიზმრად ნახულ მოტივებს. რეალობასთან იდენტურ სიზმრებსაც ხშირად გააჩნიათ განსაკუთრებული სიმბოლური ნიუანსები. 
   
სიზმრები უნდა განიხილებოდეს პერსონალურ, კულტურულ და არქეტიპულ ჭრილში. არსებობს სიზმრები, რომელთა ინტერპრეტაციაც შესაძლებელია მხოლოდ ტრანსპერსონალური მასალის ფონზე. ინტერპრეტირებული სიზმარი უნდა მოთავსდეს სიზმარმხილველის ცხოვრების კონტექსტში.
   
სიზმრები დამხმარე საშუალებებს წარმოადგენენ სხვადასხვა დიაგნოზის დასმაში, განსაკუთრებით დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში. სიზმრების მეშვეობით შესაძლებელია გაგება, საჭიროებს თუ არა პაციენტი მედიკამენტებს, რამდენ საათიანი ანალიზის საჭიროება არსებობს, არის თუ არა რეკომენდირებული ჰოსპიტალიზაცია. სიზმრები წარმოადგენენ გზამკვლევებს, თუ როდის უნდა გამახვილდეს რედუქციულ და პროსპექტიულ ანალიზზე ყურადღება. 
   
სიზმრების სერიები გთავაზობთ კონკრეტული სიზმრის არასწორად ინტერპრეტაციის შესწორების საშუალებას. სიზმარში იდენტური მოტივები იშვიათად მეორდება; უფრო ხშირად ვლინდება სხვადასხვა გამოსახულებები, რომლებიც ერთსა და იმავე კომპლექსს ავლენენ. სიზმრებს შეიძლება გააჩნდეს ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში პროგნოზული ელემენტები, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება უახლოეს მომავალში ფსიქიკის მდგომარეობა. ასევე, შესაძლოა აღინიშნოს ტელეპათიური, წინასწარმეტყველური და სინქრონული სიზმრები, რომლებიც მღვიძარე ფაზის დროს მანიფესტირდებიან. 
   
სიზმრები განსაკუთრებით სასარგებლოა ნევროზის მკურნალობაში. ნევროზის დროს, სიზმრები დაუღალავად ცდილობენ დაძლიონ ნევროზული განხეთქილება და მუდმივად ამხნევებენ ეგოს, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ ცხოვრებისეულ პროცესებს. როცა სიზმრები არ არის, თვითდაკვირვება და ინტროსპექცია ჩვეუკებრივ გრძელდება. ასევე, ჩვეულებრივ გრძელდება ანალიტიკური პროცესიც.  
  
სიზმრები ემსახურება ინდივიდუაციის პროცესს, მაგრამ თავად არ არის ინდივიდუაციის პროცესი. 
   
* * *
  
სიზმარი არის რეალობის ერთ-ერთი ასპექტი, რომლის წარმოშობაც პერსონალურია, მაგრამ ბუნდოვანი, რომლის მნიშვნელობა თითქმის გასაგებია, მაგრამ ბოლომდე გაუგებარი,  და რომლის ბედიც, მღვიძარების სამყაროში დევს. ჩვენი სიზმრების ბედი ჩვენს ხელშია. თუ მას სათანადო პატივისცემითა და ყურადღებით მოვეპყრობით, ისინი მრავალმხირვ დაგვეხმარებიან. თუ ჩვენ უგულებელვყოფთ სიზარმაცეს და სათანადო ყურადღებას დავუთმობთ, ნებისმიერი მიმართულებით ვიმოძრავებთ, ჩვენში დაიძვრება ალქიმიური, ტრანსოფრმაციული პროცესი, ჩავალთ ფსიქიკის სიღრმეებში, და გვექნება ერთობლივი მიზანი, ინდივიდუაციის პროცესი. (თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს გვინდა თუ არა, მაინც გვექნება). 
   
სიზმრები იდუმალი ქმნილებები არიან. ისინი არიან შეტყობინენები უცნობი მეგობრისაგან, რომელიც ძალიან მზრუნველია და ამავე დროს ძალიან ობიექტური. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი ჩვენი სიზმრების  საბოლოო კეთილდღეობისკენ სწრაფვის სურვილში. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი ინდივიდუაციის მიზნის, საბოლოო კეთილდღეობისკენ სწრაფვის სურვილში, რომელიც შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს იმ კეთილდღეობისგან, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია. 
  
თავმდაბლობა აუცილებელია. იუნგი ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას. ვერ ერთ სიზმარს, ბოლომდე ვერასოდეს ამოვხსნით. მომავალმა სიზმრებმა ან მომავალმა მოვლენებმა, შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს ის, რაც ჩვენ წარმატებული ინტერპრეტაცია გვეგონა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ სიზმრების იდუმალ ბუნებას, რომელიც ჩვენი ტვინისა და აზროვნების საზღვებთან მდებარეობს, იგი არსებობს ცნობიერშიც და არაცნობიერშიც, პერსონალურ და ტრანსპერსონალურ ცხოვრებაშიც.

 

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტ...

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

  კარლოს კასტანედა მოგზაურობა იქსტლანში მთარგმნელი: მამუკა გურული ან...

ტარო და გმირის მოგზაურობა

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა...

სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ...

სტანისლავ გროფი -

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა...