ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ავტორი: Admin
0
(0)

თავი მეოთხე
 
სიზმრები, როგორც დიაგნოსტირების საშუალება
 
სიზმრების ანალიზის დასაწყისი
 
სიზმრებთან პერსპექტიულ თანამშრომლობას, ანალიზის სახით შეუძლია მოგვცეს ინფორმაცია როგორც დიაგნოზის, ასევე პროგნოზის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სიზმარი ვერასოდეს ჩაანაცვლებს საფუძვლიან ფსიქოლოგიურ ანალიზს, იგი შეიძლება იქცეს უდიდეს დამხმარე საშუალებად თუ საკმარისად ინტეგრირებულია საერთო ჯამში კლინიკურ სამუშაოსთან.
 
სიზმრების ინტერპრეტაცია პირდაპირ კავშირშია ინტელექტუალური დაკვირვების ფუნქციასთან: საყურადღებოა აზრთა ნაკადი, აბსტრაქციის უნარი, ორიენტაცია დროზე, ადგილზე და სიტუაციაზე. ახალბედა პაციენტები ხშირად ინტერესდებიან სიზმრებთან დაკავშირებული თემით და ზოგადად ინტერესს იჩენენ თავიანთი სიზმრების გამოკვლევის მიმართ; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიზმრის ინტერპრეტაცია ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის ბუნებრივ შემადგენელ ნაწილად ითვლება. (ფსიქოანალიზი ზოგადი გაგებით და არა ფროიდისტული გაგებით). არამარტო პაციენტები ინტერესდებიან სიზმრებით, არამედ, საზოგადოების დიდი ნაწილს ძალიან აინტერესებს სიზმრების საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი სიღრმის ფსიქოლოგი არ არის მომზადებული მსგავს კითხებზე პასუხების გასაცემად.  
    
პირველ რიგში, სიზმრები ავლენენ პაციენტის არაცნობიერის ფუნქციონირების ასპექტებს; განსაკუთრებით, უშუალოდ ანალიზის შემდეგ სიზმრად ნახული სიტუაციები. სიზმრები, რომლებიც დაფიქსირებულია ადრეულ ანალიზში, ზოგჯერ მიუთითებს კონკრეტული პრობლემის შორეულ შედეგზე. მამაკაცს ესიზმრა, რომ მას ქალის ტანსაცმელი ეცვა და სასტუმროს პარკინგთან დასეირნობდა, რა დროსაც ქალის ტანსაცმელი ნელ-ნელა უცურდებოდა სხეულიდან და მამაკაცი ნერვიულობას არ გრძნობდა (სიზმარში არ იყო ჰომოსექსუალური ელემენტები).  ეს სიზმარი წინასწარმეტყველებდა ტრანსვესტიზმისგან (განსხვავებული სქესის ტანსაცმლის ჩაცმის ფობია) წარმატებით განთავისუფლებას, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში (თუმცა, რა თქმა უნდა, იყო კრიზისული და რთული პერიოდები მკურნალობის დროს). 
 
კიდევ ერთი მამაკაცის ორი ადრეული სიზმარი, რომელსაც სექსუალური იდენტობის პრობლემები ჰქონდა, მკაფიოდ მიუთითებს ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარებაზე. ის ერთდროულად მოქმედებდა როგორც ჰომოსექსუალი და ბისექსუალი, თუმცა თავს წარმოაჩენდა როგორც ჰეტეროსექსუალი. მისი ჰომოსექსუალური ფუნქციონირება, ისევე როგორც მისი შფოთვა და დაბალი თვითშეფასება, დაკავშირებული იყო ოიდიპოსის პრობლემასთან; უფრო ფსიქოდინამიკური თვალსაზროსით, იგი ეძებდა მამრობითი ურთიერთობის კომპენსირებას, როცა მან იგრძნო რომ მამასთან ემოციური თანხვედრა არ გააჩნდა. მის მიერ ხილულ ორ ადრეულ სიზმარში გამოჩნდა, რომ არაცნობიერი მზად იყო პრობლემის წარმატებულად გადასაწყვეტად:
 
პირველი სიზმარი:
 
„მე ვიყავი "სექს ბინაში", ან გამოქვაბულში, სნეული და უსიამოვნო. ვსვამ ვიღაც სხვის სასმელს, რიტუალური დატვირთვით. სცენა იცვლება, ვზივარ მაღალ ხეზე, უამრავ ტოტსა და ფოთოლს შორის. ქვემოთ ჩამოსვლა არ შემიძლია. ირგვლივ ბევრი ხალხია და რადიო ურკავს. ბოლოს და ბოლოს, ვხვდები რომ ჩემს ჩამოყვანას არავინ აპირებს, უნდა გადავხტე. თუმცა, საშველად ვყვირი. ჩემს დასახმარებლად ორი კაცი მოდის, კიბე მოადგეს იქ, სადაც მე ვიყავი.“
 
მეორე სიზმარი: (ორი ღამის შემდეგ)
 
„მე ვიყავი ვიღაც კაცთან ჰოლოლულუს შენობაში. შევედოთ აბაზანაში და დავდიოდით სხვადასხვა აუზში. შემდეგ დავჯექით სკამებზე, რომელსაც დამცავი ღვედები ჰქონდა, როგორც დისნეილენდშია. ამ კაცმა იცოდა როგორ უნდა დაემაგრებინა ღვედი, მე კი ინსტრუქციები წაკითხული არ მქონდა. მიუხედავად ამისა, გზის ბოლომდე უვნებლად მივაღწიე. მგზავრობის დროს სკამები წყალში შედიოდა და გამოდიოდა.“
    
ორივე ადრეულ სიზმარში ვხედავთ მიწაზე უსაფრთხოდ დახტომისა (სიზმარი 1) და მგზავრობის მშვიდობიანად დასრულების (სიზმარი 2) მოტივებს, რომელთაც გარკვეული დაძაბულობა და შფოთვა ახლავს. პირველ სიზმარში, დახმარება მატერიალიზდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიზმარმხილველმა პასუხისმგებლობა და ხიდან ჩამოხტომის აუცილებლობა საკუთარ თავზე აიღო. მეორე სიზმარში იგი არ არის იმდენად გამოცდილი, რამდენადაც მისი მეგობარი, მაგრამ მგზავრობას უხიფათოდ ასრულებს. ორივე სიზმარი ვარაუდობდა "კარგ" შედეგს, მამაკაცის მასკულინური იდენტობის კონსოლიდაციაში. რამდენიმე კვირაში მან დაიწყო დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა ქალთან, და მისი ჰომოსექსუალური კონტაქტები და აზრები შემცირდა. მან შეძლო გამოეხატა უფრო დამოუკიდებელი პოზიცია მის მშობლებთან მიმართებაში. 
    
ეს ორი სიზმარი, მხოლოდ მისი "პროგნოზირებადი" ასპექტის გამო გამოვიყენე, თუმცა აქ აშკარად არსებობს ბევრი საჭირო ინფორმაცია, მაგალითისთვის: "ხეზე ყოფნა", როგორც რთული სიტუაციის ილუსტრირება, რომელიც ასევე ეხმაურება შამანისტური ინიციაციის რიტუალებს, რომლებიც ხშირად "ხეზე" ხდებოდა (მასზე დაკიდება, ფუღუროში ყოფნა და ა.შ). სიზმარში არქეტიპულ დონეზეც შეგვიძლია მინიშნებების ამოტანა: "სამყაროს ხე" ან ე.წ axis mundi - ინდივიდუალური ფსიქიკის ცენტრირების პროცესის სიმბოლო.
 
სიზმრების სერიებში ერთმანეთთან დაკავშირებული გამოსახულებები
 
კონკრეტული ნევროზული პატერნის დაშლის პროგრესს შესაძლოა მოჰყვეს სიზმრების ციკლი, რომელიც შეიძლება თვეების და წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. ერთი ქალბატონის ადრეულ ოჯახურ ცხოვრებაში მომხდარმა დარღვევებმა ასეთი ცვლილებები აჩვენა. იგი ბავშვობაში  წარმოადგენდა ემოციური მხარდაჭერის მთავარ წყაროს, ალკოჰოლიკი მამის მიმართ. თუ გოგონა არ ცდილობდა მამამისის დახმარებას, თავს დამნაშავედ გრძნობდა. დედამისი საკმაოდ განვითარებული ქალბატონი იყო, რომელიც შვილს "მაღალ" სტანდარტებს უწესებდა, მაგრამ ამავდროულად, მცირე ემოციურ თანადგომას აძლევდა. როდესაც ჩვენი პაციენტი ფსიქოთერაპიაზე მივიდა, რათა მისი ქორწინების პრობლემები გაერკვია, მან განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ საკუთარ თერაპევტთან სექსუალურ ურთიერთობაში აღმოჩნდა, შემდგომში კი მასზე დაქორწინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ განეცადა სექსუალური უპასუხისმგებლობის განმეორება, რომელიც იგრძნობოდა წინა ქორწინებაში. სქესობრივი კავშირის მცდელობები ხშირად ტოვებდა მას აღშფოთებულს. მოგვიანებით იგი იუნგიანურ მკურნალობას შეუდგა. როგორც ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში, ასევე ინდივიდუალურ ანალიზში, პაციენტი იყო დამხმარე და ინტელექტუალურად გამჭრიახი ადამიანი, თუმცა ფიქსირებული ფსიქოსომატური პრობლემები (რომლებიც ყოველთვის დაკავშირებული იყო ემოციურ ფაქტორებთან) მოითხოვდა რამდენიმე ჰოსპიტალიზაციას. 
    
ჯგუფური თერაპიის ადრეულ სესიაზე მოხდა ბევრის ამხსნელი ინციდენტი: ქალბატონი ჩვეული სახით ცდილობდა გამოევლინა დახმარებისა და გამჭრიახობის სურვილი (საკუთარ მამასთან დამოკიდებულების იდენტური), მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მამაკაცმა მის დახმარებაზე უარი განაცხადა, ქალი უეცრად აფეთქდა და პირველად გამოავლინა მისი ძირეული ბრაზი (დაკავშირებული მის დეპრესიასთან). დაახლოებით ამ დროს მას ესიზმრა:
 
"დედა-ძაღლი ქუჩაში მიათრევს ორ მოზრდილ ლეკვს, რომლებიც დედა-ძაღლის ძუძუებზე პირებით არიან ჩამოკონწიალებულნი. ერთ-ერთი ლეკვი ვარდება და მანქანა ეტაკება. დატაკებისას ლეკვი ბომბივით სკდება."
   
ფეთქებადი ლეკვის ეს გასაოცარი სურათი წარმოადგენს მისი დამოკიდებულების პრობლემისა და მასთან დაკავშირებული არაცნობიერი ბრაზის სიმბოლოს. ცნობიერ ცხოვრებაში, უამრავი სიტუაცია შეიძლება დაკავშირებულ იქნას მის არაცნობიერ იდენტიფიკაციასთან, ან ადამიანთან, რომელიც დაღლილი იყო სხვაზე ზრუნვით, (მაგ. თავგანწირული დედა), ან დაგროვილ რისხვასთან (გამსკდსრი ლეკვი) და ა.შ - ეს ორი კარგი მაგალითია, ნებისმიერი სახის დამოკიდებულების მოთხოვნილება არასდროს გვანიჭებს ნამდვილ კმაყოფილებას, რადგან დამოკიდებულება ხელს გვიშლის მომწიფებასა და დამოუკიდებლობაში. 
   
მეორე განქორწინების შემდეგ, მან განაგრძო ანალიზი, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში თავს არიდებდა მამაკაცთან ყოველგვარ პირად ურთიერთობას. ამ პერიოდში მას ესიზმრა:
  
"მე ვარ ეგვიპტურ ოთახში, დაახლოებით ისეთში, როგორიც პირამიდებშია. ამაღლებულ ადგილზე, ეგვიპტის პრინცესა მშობიარობს. ის-ისაა ბავშვი უნდა დაბადოს. ასეთსავე ამაღლებულ ადგილას, მე მაუპატიურებს მამაკაცი, რომელმაც დამიჭირა, როდესაც გაქცევას ვცდილობდი (მამის ფიგურა). ვიმედოვნებ, რომ პრინცესამ ბავშვი გააჩინა, იმედი მაქვს მისი ქმარი მოვა, ნახავს ჩემს გაუპატიურებას და გადამარჩენს". 
   
ამ სიზმრიდან ცხადია, რომ მამის კომპლექსი ბევრად უფრო აქტიური იყო მის ფსიქიკაში, ვიდრე მისი კონფლიქტური ურთიერთობა დედასთან. სიზმარმა აჩვენა ახალი ცხოვრების დასაწყისის შესაძლებლობაც (ბავშვის გაჩენა), სიზმარი მიუთითებს, რომ მსგავსი ცვლილება არ იქნება ინიცირებული ეგოს მიერ, არამედ იგი თავისთავად მოხდება, როდესაც არაცნობიერის მიერ გამოვლენილი კომპლექსი წარმატებით გადაილახება (სიმბოლირებულია მამასთან ინცესტით). 
    
აღსანიშნავია, რომ ზემოთმოყვანილი სიზმრის ხილვიდან მალევე, ქალი აღმოჩნდა სექსუალურ ურთიერთობაში მამაკაცთან, რომლის ცოლიც პერსონიფიცირებული იყო, როგორც ეგვიპტის პრინცესა. - ესაა სიზმარმხილველის შინაგანი მაშველის აშკარა პროექცია რეალურ ადამიანზე. ბედნიერების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ მათი ურთიერთობა დასრულდა, რამაც მასში ძლიერი დეპრესია გამოიწვია. ქალმა არ იცოდა, რომ იგი სასიყვარულო სამკუთხედში იყო მოქცეული. გარკვეული ხნის შემდეგ მას ესიზმრა:
  
"დედაჩემს საჩუქარს ვჩუქნი. მას ისეთი რეაქცია აქვს, როგორიც ყოველთვის ჰქონდა რეალობაში: დედაჩემს არასოდეს მოსწონდა ის, რასაც ვაძლევდი. მე ვერასდროს შემეძლო მისი სიამოვნება. შემდეგ ვხვდები, თუ რატომ არ სიამოვნებს მას ჩემი საჩუქარი - ის მკვდარია. სიზმარში იყო ექიმი საპნის ოპერიდან, რომელსაც ჩემი პირველი ქორწინების დროს ვუყურებდი, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ. მახსოვს, კარგი და დამხმარე ექიმი იყო". 
  
ეს სიზმარი მიუთითებს ცნობიერების ამაღლებაზე, რაც დაკავშირებულია დედის კომპლექსის "სიკვდილთან", სიზმრის შემდეგ სახეზე იყო დაუყოვნებლივი, მაგრამ პატარა ცვლილება მის კლინიკურ დეპრესიაში. მას გაუჭირდა სხვა ქალაქში გადასვლა, რათა განთავისუფლებულიყო მამაკაცისგან, რომელიც აზრებიდან არ შორდებოდა. ამ დროს მან ნახა სიზმარი, რომელიც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მის ნევროზულ მდგომარეობაში. იგი ძალიან მძიმე დეპრესიაში იმყოფებოდა სიზმრამდე ერთი დღით ადრე და აწუხებდა ფსიქოსომატური პრობლემები. გაღვიძებისას მან აღწერა, რომ თავს გრძნობდა "ძალიან ბედნიერად" და (რაც ყველაზე მთავარია) ფსიქოსომატური დისკომფორტის გარეშე, რომელიც მას ჩვეულებრივ აწუხებდა ხოლმე. ესეც სიზმარი:
   
"მე ვზივარ ოთახში დედაჩემთან ერთად, (რომელიც მკვდარია წინა სიზმარში და რეალურ ცხოვრებაში). მე ვეხვეწები ვიღაც მამაკაცს, რომ ჩემთან ურთიერთობა დაამყაროს. მას ძალიან არ უნდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მთანხმდება, რადგან, როგორც ის ამბობს: "ეს უკანასკნელი ჯერია". სცენა იცვლება, ვხედავ სისხლის გუბეს, მასში მკვდარი ბავშვი ან მკვდარი ძაღლი გდია. ეს საშინელი სანახავია, მაგრამ, თითქოს ყველაფერი კარგადაა, რადგან ის ყველა ვარიანტში მოკვდებოდა". 
   
მისი თხოვნა მამაკაცისადმი, მასთან სექსი ჰქონოდა, აჩვენებს ადრე არაღიარებულ სურვილს, რომელიც მანამდე მხოლოდ გაუპატიურებად აღიქმებოდა. ასოციაცია "მკვდარი ბავშვი ან მკვდარი ძაღლი", კავშირშია ადრე დასიზმრებულ, აფეთქებულ ლეკვთან. ფაქტი, რომ მამის კომპლექსი  იშლებოდა (და რომელიც მის ნევროზულ პრობლემებს ემყარებოდა) ვლინდება მამაკაცის სიტყვებში: "ეს უკანასკნელი ჯერია". მისი რთული ფსიქოსომატური სიმპტომების უეცარმა გაქრობამ გააძლიერა სიზმრის ინტერპრეტაცია, რომელიც ნამდვილ ცვლილებაზე მიანიშნებდა. ობიექტური კავშირების ნიმუშის მიხედვით ჩანს, რომ მისი ორი ძირითადი ნევროზული იდენტობის სქემას წარმოადგენდა როგორც: 1. მზრუნველობა ან 2. სხვაზე დამოკიდებულება. სიზმარში დედის თანმყოფობა მიგვითითებს დედის კომპლექსის ჩართულობაზეც, მაგრამ ეს პრობლემა არ არის სიზმრის აქტიური ფოკუსირების საგანი, ისევე როგორც ეგვიპტის პრინცესა, ზემოთაღწერილ სიზმარში. არსებობს აზრი, რომ "მკვდარი ბავშვი ან ძაღლი" და "ეს უკანასკნელი ჯერია", ერთმანეთთან კავშირშია. თუ გუბეში ძაღლია, მაშინ იგი ასოცირებულია "აფეთქებული ძაღლის" სიზმარში არსებულ დამოკიდებულების პრობლემასთან.
    
გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ბავშვი. (რაც შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის რეალური შესაძლებლობების სიკვდილზე), ძაღლის სიკვდილი შესაძლოა მიუთითებდეს ცხოველური ინსტიქტის მსხვერპლად შეწირვას, რომელიც დიდი ალბათობით ადამიანურ ფორმაში გამოჩნდება მომდევნო სიზმრებში. 
    
სიზმრის ეს სერიები ასახავს კლინიკური ინტერპრეტაციის მნიშვნელოვან პუნქტებს. პირველ რიგში, ერთმანეთთან დაკავშირებული სიზმრების გამოსახულებების თანმიმდევრულობა აუმჯობესებს სიზმრის პროგნოზულ ინტერპრეტაციას. მეორე, სიზმრების სერიის გამოსახულებები, ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. დაიმახსოვრეთ, რომ სხვადასხვა გამოსახულებებმა შეიძლება წარმოადგინონ იგივე, ძირითადი კომპლექსი. მესამე, სიზმრების ბუნებისა და ტონალის ცვლილება ემთხვევა სიზმრების გაზრდილ აქტივობას. როგორც ჩანს, სიზმრის სტრუქტურის ცვლილება (მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიზმრის ინტერპრეტაციის "წესი" არ არსებობს), იწვევს სიზმრის-ეგოს ქმედებების ცვლილებასაც, თუნდაც დამოკიდებულების ცვლილებას. მეოთხე, სიზმრების სერიებში შესაძლებელია დანახვა, როგორ ხდება სიზმრის-ეგო უფრო აქტიურად ჩართული სიზმრის მოტივებში, კომპლექსების სტრუქტურის განვითარებასთან ერთად: "ფეთქებადი ლეკვის" სიზმარში სიზმრის-ეგო პასიური დამკვირვებელია.  ეგვიპტის პრინცესას სიზმარში, სიზმრის-ეგოს მოქმედების სურვილი აქვს, მაგრამ არ შეუძლია. სიზმარში, სადაც ქალი მამაკაცს სქესობრივ ურთუერთობას სთხოვს, სიზმრის-ეგო საბოლოოდ აქტიურია. 
   
ამ ქალბატონის სიზმრის სერიები (რომლებიც ინტუიციურად შეირჩა სწორედ ამ წიგნისთვის), საუკეთესო მაგალითია იმის დასადგენად, თუ როგორი სტრუქტურა შეიძლება გააჩნდეს სექსუალურად დომინანტური ფორმის კომპლექსებს. საინტერესოა, რომ როდესაც პაციენტი კლინიკური გაუმჯობესებისკენ მიდიოდა, ფსიქიკის მეშვეობით გამოვლენილმა სიზმრებმა, მისი კომპლექსების დასასრული არა რაიმე სხვა მეთოდით, არამედ თავად სიკვდილის შაბლონით დაასრულეს, რაც თავისთავად მიუთითებს ფსიქოლოგიურად დაქვემდებარებული კომპლექსების დეპოტენციაზე (გავლენის დაკარგვაზე).
     
დიფერენციალური დიაგნოსტიკა
 
სიზმრები შესაძლოა დაგვეხმაროს სხვადასხვა დიაგნოზის დიფერენცირებაში, როგორიცაა შფოთვითი ნევროზი ან დეპრესიული ნევროზი. სიზმრები ასევე სასარგებლოა სხვადასხვა დარღვევებს შორის  განსხვავებების გასაკეთებლად, როგოროცაა ნევროზი, ფსიქოზი და სხვადასხვა პიროვნული ან ორგანული პრობლემები; ყველაფერი რაც კი შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომატოლოგიაში. 
 
დეპრესია
 
მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, დაწყებული წმინდა ფსიქოგენურიდან - ორგანულამდე, ზოგადად მართებულია, რომ ფსიქოგენური დეპრესია დაკავშირებულია ბრაზთან, რომელიც არ არის საკმარისად ცნობიერად გამოხატული. ბრაზი, როგორც წესი წარმოიქმნება კონკრეტული ადამიანის მიმართ (წარსულიდან ან აწმყოდან), რომელიც არ ერგება "ეგოს" პიროვნულ ხატ-სახეს, რაც დეპრესიას იწვევს. ეს კლასიკური ფსიქოლოგიური დინამიკა  ხშირად შეიძლება არაჩვეულებრივი სიცხადით დავინახოთ სიზმარში და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დიაგნოსტიკური ინდიკატორი. 
     
"მღვიძარე ეგოს" მიერ განცდილი დეპრესია სიზმარში აისახება როგორც "მძინარე ეგოს" აგრესიული დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ. წინა ქვეთავში განხილულ ქალის სიზმრებში დეპრესია გამოვლინდა "მკვდარი ბავშვის ან ძაღლის" სიზმარში, სადაც "სიზმრის ეგო" სექსუალურ აგრესორად გვევლინება, მაგრამ "ეგვიპტის პრინცესას" სიზმარში (როდესაც იგი ღრმა დეპრესიაში იყო), ქალი ძლიერად იყო შეპყრობილი არასასურველი, სექსუალურად აგრესორი მამის ფიგურით. 
    
კიდევ ერთ ქალს, რომელმაც შეგნებულად განიცადა სიბრაზისა და დეპრესიის ნარევი, (გამოწვეული მისი ქმრის ღალატით), ესიზმრებოდა, რომ თავს ესხმოდნენ უცნაური მწერები და ქვეწარმავლები, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი უფრო მყარად დაუხვდა გარეგან სიტუაციას, მისმა დეპრესიამ განქარვება დაიწყო. ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს სიზმრების ცვლილება - და პირიქით. ადრეულ სიზმარში მას ესიზმრა რომ უდაბნოში მარტოდმარტო იმყოფებოდა, თანაც შუა ღამე იყო, კაქტუსებითა და მორიელებით გარშემორტყმული; განძრევისაც ეშინოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, იგი სიზმარში კოლეჯისპირა ტროტუარზე დადიოდა, (რამეა სასწავლი?), გარშემო უამრავი შხამიანი გველი იყო, მაგრამ არა ტროტუარზე. ირგვლივ ხალხი ირეოდა, სიზმარში დღე იყო. ადრინდელ სიზმრებში გამოჩენილი აგრესიული, არაადამიანური ელემენტები შესაძლოა დავინახოთ, როგორც მის მიერ გამოუხატავი აგრესია, რომელიც მიუთითებს საჭიროებას, რომ სიზმარმხილველმა დააფიქსიროს მისი ნამდვილი გრძნობები. როგორც კი სიზმარმხილველი ასე მოიქცა, მისი სიზმრის ელემენტები ნაკლებად საშიშნი გახდნენ.
   
შფოთვა
 
კლასიკური შფოთვის სიზმრები უამრავ პაციენტთან გვხვდება. არსებობს სამი ძირითადი ტიპი, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს. 
 
1. სიზმრები მზად არ არის გამოკვლევისთვის.
 
2. სიზმრები, სადაც სიზმარმხილველი იდევნება საშიში ადამიანის ან რაიმე არსების მიერ. 
 
3. სიზმრები,  რომლებიც მიანიშნებენ ფიზიკურ საფრთხეს "სიზმრის-ეგოს" მიმართ, როგორიცაა სიზმრები დაცემის შესახებ, ან სტიქიური მოვლენების სიზმრები: ტალღების, მიწისძვრის, ხანძარის და ა.შ შესახებ. სადაც არ არის კონკრეტული მუქარის მოტივი "სიზმრის-ეგოს" მიმართ. 
 
რა თქმა უნდა  შფოთვამ სიზმარში შეიძლება ბევრი სხვა ფორმაც მიიღოს, მაგრამ ეს სამი ნიმუში განსაკუთრებით განმეორებადია.
   
საგამოცდო სიზმრებს თავიანთი ტიპიური ფორმა გააჩნიათ. "სიზმრის ეგო" აცნობიერებს, რომ გამოცდა დაგეგმილია. ჩვეულებრივ, ესაა კოლეჯის ან სკოლის დამამთავრებელი გამოცდა, მაგრამ რატომღაც, სიზმარმხილველი მზად არ არის, მას ან საგამოცდო მასალის სწავლა დაავიწყდა ან ადგილს ვერ მიაგნო ან გამოცდაზე აგვიანდება. ასეთი სიზმრები უფრო სტრუქტურულები არიან  (და უფრო ხშირებიც, ჩემი გამოცდილებით). ვინაიდან გამოცდები კოლექტიური სტანდარტების მიხედვით შეფასებას ასახავს, მსგავსი სიზმარი მიუთითებს პიროვნების შემდეგნაირ შფოთვაზე - როგორ გამოიყურება ეს ადამიანი სხვების თვალში. შესაძლოა მსგავსი სიზმრები გარკვეული სახის შიშსაც ასახავდეს - სოციალური როლის არასწორად მორგების შიშს. 
    
სიზმრები დევნის შესახებ გვაჩვენებს შფოთვის უფრო პრიმიტიულ ბუნებას, მაგრამ, ისინი არ არიან იმდენად არასტრუქტურულნი, როგორებიც არიან სიზმრები დაცემის, ბუნებრივი კატასტროფების ან სამყაროს აღსასრულის შესახებ. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ/ვიცოდეთ რა დევნის "სიზმრის ეგოს". ეს ადამიანია? (კაცი თუ ქალი?), ცხოველია? მონსტრია? თუ რამე სხვა? ერთი "რაღაც" მოგვდევს თუ მთელი კოლექტიური მასა, მაგალითად, ბრბო? 
    
ხანდახან ვლინდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სიზმარმხილველში, ან იმაში, ვინც მას მისდევს. თავდაპირველად მდევნელი შეიძლება საშინლად შემზარავი გამოჩნდეს, მაგრამ როგორც კი მოახლოვდება შესაძლოა აგრესია აღარ გამოავლინოს, რადგან ეს ცნობიერების შიშით იხსნება. მაგალითის სახით, გთავაზობთ სიზმარს ჩემი პირადი სიზმრის დღიურიდან:
    
"ერთ ქალს ვეჩხუბები, ბილწსიტყვაობს და არ მომწონს, ვეუბნები რომ უზრდელია. ვიღაც ქალი მეხმარება, თითქოს გამომესარჩლა, მაგრამ ქალსაც ყავს დამცველი: კაცია. თუ დამიჭერს ვიცი, შუაზე გამგლეჯს. ირგვლივ თეთრი სახლებია, გაურემონტებელი, თითქოს რესტავრაცია მიტოვებულია. დერეფანში გავრბივარ, კაცი უკან მომდევს. ორ შესახვევს წარმატებით გავდივარ, მესამე შესახვევში მდევნელს ფეხი უცურდება და ეცემა, მაგრამ ჩემს წინ გასასვლელი კარები ჩაკეტილია. ის-ისაა, მდევნელი უნდა მომვარდეს, რომ მისკენ ვტრიალდები და უჩვეულოდ მშვიდი ხმით ვეუბნები: "მოიცა, მე ხომ შენ გიცნობ?" (წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, მაგრამ როგორც ჩანს "სიზმრის ეგომ" ეს "კაცი" იცნო), კაცი არაფერს ამბობს მაგრამ არც აგრესიას ავლენს. შემდეგ ის ქალი მოდის ვისაც ვეჩხუბებოდი და ჩემდა გასაოცრად მასაც ვცნობ, თითქოს გაახალგაზრდავებულია".
   
სხვა მამაკაცს ესიზმრა, რომ სიბნელიდან უზარმაზარი მონსტრი უახლოვდებოდა, თავად კი ერთადერთი საგზაო ნათურის ქვეშ იდგა, მაგრამ როგორც კი "მონსტრი" შუქზე გამოვიდა, პატარა წრუწუნა აღმოჩნდა. დიახ, იგი შესაძლოა სიბნელეში მონსტრი იყო, მაგრამ მაშინვე შეიცვალა, როგორც კი მსუბუქი ცნობიერების სინათლეს მიუახლოვდა (და რომელიც "სიზმრის-ეგოს" ერტყა გარს).  
    
ქალს ესიზმრა, რომ როდესაც აბაზანაში ონკანს მოუშვა, იქიდან გაცოფებული ალიგატორი გამოიჭრა და ქალს მთელს სახლში დასდევდა. მაგრამ, როგორც კი სიზმარმხილველმა სახლიდან გასასვლელი კარის გახსნა მოახერხა და ალიგატორი გარეთ გავიდა, მზის შუქზე (ცნობიერება) იგი მძვინვარე მონსტრიდსნ მეგობრულ ლეკვად გადაიქცა. 
   
კიდევ ერთ ქალს ესიზმრებოდა, რომ ფანჯრის გასაღებად ფარდა გადასწია და დაინახა შავი ობობა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ მთელს ფანჯარას ფარავდა. (დიდი შავი ობობა - "სიზმრის ეგოს" კოშმარული ტერორის სიმბოლო). მას შემდეგ რაც ობობა ეზოში ნელი მოძრაობით ჩახოხდა (ცნობიერების კიდევ ერთი სიმბოლო), იგი მეგობრულ და მხიარულ ლეკვად გადაიქცა. 
    
სიზმრად ნახული საშინელი გამოსახულებების ტრანსფორმაცია მსგავსია იმისა, რაც უამრავ ზღაპარში გვხვდება: ბაყაყი ხდება პრინცესა, ურჩხული ახალგაზრდა პრინცი  და ა.შ. 
   
ასეთი გარდაქმნები, განსაკუთრებით ისეთები, სადაც ცხოველი ან საგანი  გადაიქცევა ადამიანად, როგორც ჩანს, ასახავს არაცნობიერი შინაარის "სურვილს", გახდეს ცნობიერი მღვიძარე ეგოსთვის. სიზმარში მსგავსი თემატიკა აისახება პრიმიტიული ბუნებიდან ადამიანურ სფეროში გადასვლაზე. 
   
შემაშინებელი უცხო არსება, რომელიც სიზმარში ხშირად აშინებს სიზმარმხილველს, საფრთხეს უქმნის "მძინარე ეგოს", მაგრამ არანაირად არ ემუქრება ინდივიდუაციის პროცესს, რომელშიც "სიზმრის ეგოა" ჩანერგილი. დააკვირდით, თქვენს სიზმარში ხომ არ არის ვინმე ან რაიმე ისეთი, რაც თქვენს უსაფრთხოებას ემუქრება? ეს შესაძლოა უბრალოდ განასახიერებდეს სიზმარმხილველის არაცნობიერის ასპექტს, რომელიც ცდილობს ეგოსთან კონტაქტის დამყარებას და შეიძლება გახდეს უფრო და უფრო აგრესიული, თუ ეგო მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. დაიმახსოვრეთ, ჩრდილის შინაარსი ან ხარისხი სიზმრებში თითქმის ყოველთვის ჩნდება როგორც რაღაც მძიმე საფრთხის შემცველი, თუმცა იგი პოტენციურად ეგოს შემადგენელი ნაწილია ინდივიდუაციის გზაზე. 
   
მაგალითად: ქალს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მძიმედ ნეგატიურ დედის კომპლექსთან, ესიზმრა:
   
"მე მეძინა ჩემს საწოლში, მაგრამ სახლი უფრო ძველად გამოიყურებოდა. 1920-30-იან წლებში აშენებულს ჰგავდა. მოულოდნელად სახლში შემოსასვლელ კარებზე ძლიერი კაკუნის ხმა გავიგე. შემეშინდა, რადგან ჩემი ქმარი ქალაქგარეთ იყო წასული, სახლში კი ბავშვებთან ერთად მარტო ვიყავი. მივხვდი, რომ უნდა ავმდგარიყავი და მენახა, ვინ იყო კარებთან. უკანა ვერანდაზე ფანარს მოვკარი თვალი, რამაც ძალიან შემაშინა. მაღვიძარაზე დამაგრებულ "პანიკის ღილაკს" ხელი დავაჭირე მარგამ სიგნალიზაცია არ ჩართულა. გავიფიქრე, ალბათ ხაზი გადაჭრილია მეთქი. ხმამაღალი კაკუნი ისევ გაისმა და ვიცოდი, აუცილებლად უნდა მენახა, ვინ იყო კარებთან. ძალიან მეშინოდა, შემოსასვლელთან მივედი და კარებთან პოლიცია აღმოჩნდა. ისინი იმის სათქმელად მოვიდნენ, რომ თვითმფრიმავი, რომელშიც ჩემი ქმარი იჯდა, ჩამოვარდა და აფეთქდა. მათ თქვეს, რომ სრულიად შესაძლებელი იყო მგზავრთაგან ცოცხლად არავინ დარჩენილიყო. მე გავაცნობიერე როგორ ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი და როგორ ვღელავდი მის უსაფრთხოებაზე". 
    
სახლში "შემოსვლის" მცდელობა ქალისთვის ძალიან შემაშინებელი იყო, იგი გრძნობდა, რომ ვიღაც მის ტკენას შეეცდებოდა. ამის ნაცვლად, როდესაც სიზმარმხილველი საფრთხის მიმართ პირისპირ აღმოჩნდა, მის გონებაში გაჩნდა სიყვარულისა და შეშფოთების საკომპენსაციო კომბინაცია ქმრის მიმართ - არაცნობიერი მინიშნება, რომ ქალბატონი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული თავის გრძნობებში. გაღვიძებისას მან გააცნობიერა, რომ ქმრის გვერდით იწვა, მაგრამ სიზმრის ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე წუთის მანძილზე ყოყმანობდა, შეხებოდა მას იმის შიშით, რომ შესაძლოა მისი ქმარი იქ არ იყო. სიზმარმა ღრმა ცვლილება გამოიწვია მეუღლის მიმართ სიყვარულის გამოხატვაში.
   
სიზმარში ფიზიკური საფრთხე ხიფათს არ წარმოადგენს. შფოთვითი სიზმრების ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს სიზმრები დაცემის შესახებ. მსგავსი სიზმრები ყველაზე ახლოსაა ფიზიკური საფრთხის თემასთან. უძველეს ფოლკლორულ რწმენაში მიაჩნდათ, რომ თუ ასეთ სიზმარში ადამიანი დაცემამდე ვერ გამოიღვიძებდა, იგი რეალურ ცხოვრებაშიც მოკვდებოდა. იშვიათად, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა სიზმარში მართლაც აღნიშნულია მაღალი ადგილიდან დაცემა, მომენტალური გამოღვიძების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გაღვიძება მაშინვე არ აღინიშნება და სიზმარი გრძელდება, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენს სხეულს არაფერი სჭირს, ან მოვკვდეთ სიზმარში და ჩვენს სხეულს გვერდიდან ვუყუროთ და ა.შ. 
   
მსგავსი სიზმრების ყველაზე გავრცელებული დასასრულს წარმოადგენს მაშინვე გამოღვიძება. მსგავსი გამოღვიძებები (რაც აშკარად ნაადრევია სიზმრის მოქმედების თვალსაზრისით) ითვლება როგორც შფოთვისგან თავის დაღწევის მცდელობა, მაგრამ ზოგჯერ ისინი განსხვავებულ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებენ: "გამოიღვიძე ამ შფოთვისგან!". "გაღვიძების" ეს გრძნობა როგორც ჩანს არის სიზმრის მიზანის ნაწილი: იმის მსგავსი, რომელშიც ქალს პოლიციამ უთხრა, რომ მისი ქმარი შეიძლება მკვდარი იყო და გაღვიძებისას გაეზარდა მისდამი პოზიტიური, თბილი დამოკიდებულება. 
   
სიზმარში ე.წ "თავდამსხმელი" ფიგურა შეიძლება განვიხილოთ, როგორც არაცნობიერის მიერ "სიზმრის ეგოს" უფრო აგრესიული პასუხის სურვილი. კიდევ ერთი ფაქტიც უნდა ვიცოდეთ: სიზმარში, "სიზმრის ეგოს" მიმართ გამოვლენილ აგრესიას ღრმა მიზანი გააჩნია - ესაა ინდივიდუაციის პროცესი, რომელიც მოცემულ მომენტში აღშფოთებულია პერსონალური განვითარების კურსით და შესაბამისი სახით ურთიერთქმედებს სიზმარმხილველთან. 
   
სიზმრები სხვადასხვა სტიქიურ კატასტროფებზე, აჩვენებს "ეგოს" მდგომარეობის ფონურ ცვლილებას და არა თავად მის წინააღმდეგ მიმართულ ძალას. თეორიულად შესაძლებელია, რომ ასეთი სიზმრები ობიექტურ დონეზე ასახავდნენ გარდაუვალ ცვლილებებს კოლექტიურ სიტუაციაში. (მაგალითად, იუნგმა აღმოაჩინა სიზმრები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომს მის დაწყებამდე წინასწარმეტყველებდნენ). თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, როგორც იუნგმა ჯონ ფრიმანთან BBC-ს ინტერვიუში აღნიშნა, დღეს-დღეისობით ყველა საკმაოდ შეგნებულად აცნობიერებს თუ რა კატასტროფების და უბედურებების წინაშე დგას მსოფლიო, ბუნებრივი ან ხელოვნური გზით. 
   
კატასტროფების სიზმრები მიგვანიშნებს პოტენციურად უეცარ და შესაძლო ძალადობრივ ცვლილებებზე იმ მდუმარე ფონში, რომელიც ცნობიერებაზეა გაბატონებული. ისინი ეგო-იმიჯის სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ცვლილების პოტენციალს განასახიერებენ. ასეთი ცვლილებები, თუ თერაპიულად ჯანსაღად მიღებულია, შეიძლება ძალზედ ტრანსფორმაციული იყოს. ხოლო თუ ფსიქიკაში მსგავსი ცვლილება შეუკავებლად და მოუმზადებლად მიმდინარეობს, იგი იწვევს უმძიმეს კლინიკურ დეპრესიას, შფოთვის სხვადასხვა ფორმას და თავად ფსიქოზს.
  
ფსიქოზი
 
როდესაც განიხილება შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზური პროცესის დიაგნოსტიკა, სიზმრები ძალიან დასაფასებელი დამხმარეები არიან, როგორც დიაგნოზში, ასევე მკურნალობის კურსის განსაზღვრაში. თუმცა, მსგავსი კუთხით სიზმრების ფორმულირება მარტივი საქმე არ არის, რადგან სიზმარში არ ჩანს მსგავსი ინდიკატორის ნათელი მაჩვენებელი. მსგავსი მინიშნებები სიზმრებში, უმეტესწილად კონტექსტუალურია. მაგალითად: მოსიარულე ცხოველი კანის გარეშე, ან შეშლილი ადამიანი, რომელიც სამყაროს აფეთქებით ემუქრება, შესაძლოა აჩვენებდეს კლინიკური მდგომარეობის პოტენციურ გაუარესებას. ასეთი გამოსახულებები ყოველთვის უნდა დაბალანსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან გამკლავების ძალა "ეგოს" შესაძლებლობებს აღემატება. ფსიქოზი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც არაცნობიერის ზეწოლა "ეგოს" სძლევს.  მსგავსი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს "ეგოს" ჩვეულებრივი ძლიერების შემცირებამ, გადაჭარბებულმა სტრესმა, ფიზიკურმა ფაქტორმა ან ფსიქოდელიური ნარკოტიკის ეფექტმა.
   
სიზმრები სიკვდილის შესახებ
 
სიზმარში სიკვდილის მოტივი არც თუ ისე იშვიათია. სიზმარმხილველმა ასეთი სიზმარი შეიძლება შფოთვითი განცდით დაიმახსოვროს, ან იმის შიშით, რომ სიზმარი მოახლოებულ სიკვდილს განასახიერებს. მაგრამ სინამდვილეში, სიზმარში სიკვდილის თემა "ეგო-იმიჯის" ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. ვინაიდან, ცნობიერი ეგო თავს აიგივებს კონკტერულ "ეგო იმიჯთან", ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი ცვლილება ან გამძლეობის გამოცდა სიზმრებში აღიქმება, როგორც სიკვდილი. (ეგო მჭიდროდ იგივდება სხეულთანაც, ხოლო სიზმრების ხშირი მოტივი, სადაც ადამიანი თავის სხეულს გვერდიდან (ან ზემოდან) უყურებს, მსგავსი დისოცირების საჭიროებას აჩვენებს). 
    
სიზმარში სიკვდილი ძალიან განსხვავდება მისი მნიშვნელობისგან ფხიზელი ცხოვრების კონტექსტში. სიზმრების გამოსახულებები განასახიერებენ კომპლექსებს ან არქეტიპებს. ნებისმიერი რაოდენობის ხატ-სახე შეიძლება დაკავშირდეს კონკრეტულ კომპლექსთან ან არქეტიპთან. ასეთი გამოსახულებები არ "კვდებიან". ერთი გამოსახულება ტრანსფორმირდება მეორე გამოდახულებად და მსგავსი ტრანსფორმაცია შეიძლება აღინიშნოს სიზმრების სერიებში.
    
ადამიანები, რომლებიც რეალურად უახლოვდებიან ორგანულ სიკვდილს, ხედავენ სიზმრებს რომლებიც დიდად არ განსხვავდება სხვა სიზმრებისგან თავისი განსაკუთრებულობით. მაგალითად: სიზმრები მოგზაურობის ან ქორწინების შესახებ. ასეთი სიზმრები ერთგვარ "წახალისებას" ახდენენ ეგოს მიმართ, რათა მან ფოკუსირება მოახდინოს ცნობიერ საზრუნავებზე და პასუხისმგებლობებზე, და არა ფიზიკური სხეულის სიკვდილზე. მსგავსი ფაქტები ადასტურებენ, რომ სიზმრები ნაკლებად ღელავენ ფიზიკურ სიკვდილზე, ვიდრე ინდივიდუაციის პროცესზე. გარკვეულწილად, სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, სიზმრები ისე აღიქვამენ როგორც სხვა ძირითად ცვლილებებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ნუთუ ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პიროვნება სიკვდილის შემდეგაც არსებობს? ნუთუ ეს გვეუბნება, რომ "თვითობას" სიკვდილზე მეტად, სიცოცხლის ხანგრძლივობის ფარგლებში მომხდარი ცვლილებები აინტერესებს? ესენი წარმოადგენენ სერიოზულ კითხვებს  მეცნიერებისთვის, პარაფსიქოლოგიისთვის და სიღრმის ფსიქოლოგიისთვის. 
 
დასამახსოვრებელი პრინციპები
 
1. ერთი და იგივე კომპლექსი შეიძლება პერსონიფიცირებულ იქნეს სხვადასხვა გამოსახულებად. 
 
2. სიზმრების სერიების თვალყურის მიდევნებით და მათ შიგნით სტრუქტურის შეცვლით შესაძლებელია:
 
   ა) კომპლექსების ნიუანსების შეცვლა სხვა კომპლექსებთან მიმართებაში, იმავე იდენტობის ნიმუშში.  
 
   ბ) იდენტობის ნიმუშის პროგნოზული გაუმჯობესება (ან გაუარესება).
 
3. სიზმრების ადრეული ანალიზი შეიძლება მიუთითებდეს როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე პროგნოზულ ელემენტებს, რომელიც გასათვალისწინებელია პირველადი კლინიკური შეფასებისას.

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ ლევი -

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცე...

სტანისლავ გროფი -

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა...

ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა

ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: მზია ქურცაძე წიგნი გამოიცა ნიდერლანდები...

ტარო და გმირის მოგზაურობა

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა...

ვერტიკალური ნება

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურ...

კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი:...