ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ავტორი: Admin
0
(0)

თავი მერვე
 
სიზმარხილვის სამყარო
 
სიზმარხილვის სამყაროს კვლევა საკმაოდ რთულ ფენომენს წარმოადგენს. როგორც წესი, სიზმარი გარკვეული გამოცდილების დაგროვების ერთი ტიპია, ხოლო ცნობიერი ყოველდღიურობა მეორე. ჩვენ ვიცით ჯანსაღი სიზმრის ინტერპრეტაციის თანმიმდევრობა: ვიმახსოვრებთ სიზმარს, ვახდენთ "სამგანზომილებიან" ინტერპრეტაციას, აღვიქვამთ სიზმრის მაკომპენსირებელ ელემენტებს და ვათავსებთ სიზმარს ჩვენი ყოველდღიურობის კონტექსტში. ხანდახან, სიზმარი თავად გვიჩვენებს კონკრეტულ "ჩარჩოს" მისი სწორად გააზრებისთვის. ამავდროულად, მსგავსმა შემთხვევებმა შესაძლოა უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა გაგვიჩინოს არაცნობიერის ფუნქციონირებასთან და მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ეს საინტერესო მოდულაცია ხდება ორ ძირითად შემთხვევაში:
 
1. ჩვენ ვხედავთ სიზმარს სიზმარში. 
 
2. „რეალური“ სიზმრები - სამყარო ისეთი, როგორიც არის. ამაში შედის გაცნობიერებული და ე.წ ლუციდური სიზმრები
 
კითხვები იბადება სიზმრებში დროსა და სივრცესთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევაშიც და კიდევ ერთი საინტერესო მოვლენის დროს, რომელსაც სინქრონულობის ფენომენი ეწოდება. 
  
სიზმარი სიზმარში
  
სიზმარი სიზმარში წარმოადგენს საკმაოდ იშვიათ ფენომენს, (გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა არც თუ ისე იშვიათს) როდესაც ადამიანს ესიზმრება, რომ სიზმარშია და გარკვეული ხნის შემდეგ იღვიძებს, მაგრამ გაღვიძების მომენტშიც სიზმარში იმყოფება, ანუ სიზმრიდან "გამოღვიძებაც" სიზმარში ხდება. ყველაზე ჩახლართული და კომპლექსური შემთხვევა, რაც კი მინახავს, იყო მომენტი, როდესაც სიზმრის-ეგომ "გამოიღვიძა" ჩვეულებრივ სამყაროში და საკუთარი თავი ისევ სიზმარში აღმოაჩინა, (სიზმრის-ეგო 2) გარკვეული ხნის შემდეგ ისევ გამოიღვიძა სხვა სიზმარში (სიზმრის-ეგო 3) და ბოლოს როგორც იქნა ნამდვილად გამოიღვიძა. 
  
სიზმარი სიზმარში, გვიჩვენებს ფსიქიკის "მდუმარე" ეგო-სტრუქტურის ცვლილებას, რომელიც ჩვეულებრივ, ძალიან კომპლექსურია. მძინარე ფაზაში გამოვლენილი "მღვიძარე-ეგო", რომელიც ერთი სიზმრიდან მეორეში იღვიძებს, გვიჩვენებს არაცნობიერში არსებული ფსიქიკის შემადგენელი ნაწილების ცნობიერებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. ასეთი სიზმრები, "მღვიძარე" და "მძინარე" ეგოს შორის დამაკავშირებელ მედიუმს ასახავს. წარმოიდგინეთ ნიღაბი, რომლის უკანაც კიდევ ერთი ნიღაბი იმალება. ნიღაბის ჩამოხსნით ჭეშმარიტი ეგო არ ჩნდება, არამედ მის მიღმა დამალული კიდევ ერთი ნიღაბი გამოდის სააშკარაოზე.  ასეთ სიზმრებში, დაახლოებით მსგავს ფენებთან გვაქვს შეხება. იუნგიანურ მიდგომაში არ არსებობს ერთგვარი "ფორმულა", რომელიც გვეტყვის როგორ უნდა მივუდგეთ სიზმრების მსგავს მოდელს, თუმცა ცხადია, რომ ასეთი "გადაადგილებები", ერთი სიზმრიდან მეორეში, ასახავს სხვადასხვა "ეგოორგანიზაციის" მოძრაობას, რომელიც საკუთარ სტატუსს ფხიზელ ცნობიერებაში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რთული სიზმრის სტრუქტურები, მხოლოდ ნაწილობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას ავლენენ. 
   
ზოგიერთ შემთხვევაში, სიზმარი სიზმარში ასახავს იდენტური სიზმრის მოტივის გართულებულ ფორმას, რომელიც სცენის და ვითარების ცვლილებაში ვლინდება. ყველაზე ხშირ შემთხვევაში, მასშტაბურობით და სიმბოლური დატვირთვით "მეორე სიზმარი" უფრო დიდია, რაც მიუთითებს, რომ პირველ სიზმარში ნანახი მოვლენები, მეორე სიზმრის სამყაროს ერთ-ერთ მცირე (მაგრამ მნიშვნელოვან) დეტალს წარმოადგენს. თუ თქვენს გამოცდილებაში მსგავსი სიზმრები აღინიშნება, დააკვირდით მათ და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ეს სიზმრის ჩვეულებრივი ფენომენია - პეიზაჟი იცვლება, მაგრამ მოვლენა იგივე "სცენაზე" ხდება.  
   
მსგავსი "ჩახლართული" სტრუქტურის მქონე სიზმარხილვის ინტერპრეტაცია საკმაოდ რთულია. მათ გასაგებად ფრთხილი მიდგომაა საჭირო, და იმის ცოდნა, რომ მსგავს შემთხვევებში არანაირი მკაფიოდ განსაზღვრული მიდგომა არ არსებობს და არცაა მიზანშეწონილი ასე განიხილებოდეს. ასეთი სიზმრები მიდრეკილნი არიან ცნობიერებას დაანახონ ჭეშმარიტება, რომელიც იშვიათად აღიქმება ცხადად: ინდივიდუაციის პროცესი ცნობიერებაში ქმნის "ახალ სამყაროს", და არა მხოლოდ "ეგოს" გადმოსახედიდან დანახულ ახალ სამყაროს... მეტიც, თავად ეგოს მოძრაობა და ცვლილება წარმოადგენს ახალი ხედვის, ახალი ინდივიდუალიზმის შექმნის დასაწყისს. ამ დონეზე არა მხოლოდ ეგო, არამედ აღქმადი "სამყაროს" მთელი სტრუქტურა იცვლება, საკუთარი და სხვა ადამიანების პიროვნული როლების მიღებისა და მოცილების ჩათვლით.  ფსიქოანალიზისადმი არაცნობიერი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უამრავ ადამიანს მსგავსი  ცვლილების ძალიან ეშინია და ამ პროცესს ამრეზით უყურებს. ესაა მიზეზი, თუ რატომ ჰგონია შეყვარებული წყვილიდან ერთ-ერთს საკუთარი პარტიონრის ანალიზში ჩართვა, ურთიერთობის დასრულების მაუწყებელი. სინამდვილეში მსგავსი ცვლილება წარსულთან დამოკიდებულების რელატივიზაციას და უამრავი კომპლექსის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
   
„რეალური“ სიზმრები - სამყარო ისეთი, როგორიც არის
 
სიზმარხილვის სამყარო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სიზმრადნახული სიტუაცია ერთი-ერთში ემთხვევა ცნობიერ დონეზე გამოცდილ ყოველდღიურ რეალობას. მსგავსი თანხვედრა კომპლექსურ დონეზე ასახავს კონკრეტული ტრავმატული ნიმუშის აქტიურობას, რომელიც სიფხიზლეში ცნობიერებაზე მწვავე გავლენას ახდენს. არსებობს სხვა სახის სიზმრებიც, რომლებიც ასევე რეალურია და არაფერი "ფანტასტიკური" მასში არ აღინიშნება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არ განიხილავს ტრავმატულ სიტუაციას. მოცემულ შემთხვევაში სიზმრის განხილვა განსხვავებულ სპექტრში ხდება. არსებობს შემთხვევებიც, როცა "სიზმარი" შეიძლება საერთოდ არ იყოს სიზმარი, რადგან, არსებობს ცნობიერების სხვადასხვა დონეები, რომელთა სიზმარხილვის დროს გააქტიურება იწვევს სიზმრის გაცნობიერების ფენომენს. ესაა რეალიზაცია, როდესაც სიზმარმხილველი აბსოლიტურად ცხადად აცნობიერებს, რომ სიზმარში იმყოფება. ამ დონეზე, სიზმრის უკლებლივ ყველა ელემენტი ცოცხლად და მკაფიოდ გამოიცდება. მსგავსი "ცნობიერების გამოღვიძების" ფენომენი, იხსნება სიზმრის-ეგოს მიერ ძილის სხვადასხვა ფაზაში გადასვლით. ამ შემთხვევაში, იგი სტანდარტული ძილის REM ფაზიდან, განსხვავებულ სიხშირეზე გადადის. ზოგიერთი ცნობა ადასტურებს ტვინის ფუნქციონირების სიხშირის "თეტა" ტალღაში გადასვლას, რაც ასევე აღინიშნება ღრმა მედიტაციის დროს. ქვეცნობიერში "თეტა" ტალღების აქტიურობა წარმოქმნის ე.წ "ლუციდურ სიზმრებს", სადაც აღქმის და გაცნობიერების ხარისხი ძალზედ მაღალია და სიზმარმხილველს შეუძლია სიზმრის შინაარსზე კონტროლის დამყარება, მისი სურვილისამებრ სიზმრის მოტივის შეცვლის ჩათვლით. 
    
როდესაც სიზმარი ფხიზელი სამყაროს იდენტურ რეპროდუქციას ასახავს, ჩვენ შეგვიძლია მისი შესაძლო მნიშვნელობის გაგება. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს არაცნობიერს სურს ფხიზელ ცნობიერებას გააგებინოს, რომ აღიქვას სიტუაცია ისე, თითქოს ეს სიზმარია. შეგიძლიათ კითხვის სახითაც ჩამოაყალიბოთ - ქვეცნობიერი კითხვას უსვამს ცნობიერს: როგორ მოიქცეოდი, თუ გეცოდონებოდა, რომ ეს უბრალოდ სიზმარია? ზუსტად ისეთი სიზმრის მსგავსი, როგორსაც ახლა ხედავ? ცნობიერებას შეუძლია, რომ ყოველდღიურობა უფრო სიმბოლური პერსპექტივიდან დაინახოს; ეს ნიშნავს მიმდინარე სიტუაციის უფრო ფართო კონტექსტში მოთავსებას, ვიდრე ამას ჩარჩოებში მოქცეული ცნობიერება აღიქვამს.
     
დროისა და სივრცის ცვლილებები
 
სიზმრისთვის უჩვეულოა, რომ მან აჩვენოს ინდიკატორი, თითქოს მოვლენას ადგილი ჰქონდა წარსულში, ან ექნება მომავალში. ძირითადად ნებისმიერი სიზმარი აწმყო მომენტიდან ხორციელდება, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სიზმარხილვისას წარსულში ვიმყოფებით თუ არა. სიზმარში წარსულიდან ნაცნობი ადგილის ან პიროვნების გამოჩენა ხშირად აღნიშნავს წარსული გამოცდილების გარკვეული სეგმენტის აწმყოში გამოკვლევის საჭიროებას; ხოლო მომავალთან დაკავშირებული მინიშნებები ხშირად აღიქმება სიზმარში უცხო სამყაროში, სხვა განზომილებაში ან ეგზოტიკურ ადგილში მოხვედრით. 
   
სიზმარში კოსმოსიდან მოსული, კულტურულად ან ტექნოლოგიურად განვითარებულ ადამიანებთან/არსებებთან შეხვედრის მოტივი ასოცირდება არაცნობიერის პოტენციურ შემადგენელ ნაწილებთან, (შინაგანი "კოსმიური" სივრცე), და მის სიმბოლურ, სამომავლო ინტეგრაციასთან, სიზმარმხილველის პერსონალურ ეგოში. (თავის სადოქტორი დისერტაციაში, იუნგი აღნიშნავს, რომ სიზმარში სხვადასხვა მედიუმისტური, არაადამიანური ფიგურების გამოჩენა შესაძლოა ასოცირდებოდეს პიროვნების სამომავლო, მედიუმური განვითარების პერსონფიკაციაზე). 
   
მაგალითისთვის, მამაკაცს ესიზმრა მისი აღქმისთვის რატომღაც ბუნებრივი ფენომენი, რომ ციდან ხმელეთზე კოსმოსური ხომალდი დაეშვა. სიზმრის-ეგო დელეგაციის ნაწილი გამოდგა, რომელიც ერთ კოსმონავტ ადამიანთან ერთად, კოსმოსურ ხომალდს მიუახლოვდა. მათ გაიარეს გრძელი კომპიუტერული გვირაბი, სადაც  სიზმრის-ეგომ მკაფიო რეალიზაციით გაიაზრა შემდგომი პოსტულატი: "მათი კომპიუტერი ჩვენს კომპიუტერს ესაუბრება". მთელი სიზმრის სიუჟეტი მეგობრულად და სასარგებლოდ გამოიყურებოდა. სიზმრის კონტექსტი ვარაუდობს, რომ ფსიქოლოგიური რეორგანიზაცია და მისი ფუნქციონირების პროგრესი, წარსულში მომხდარი მოვლენების ასიმილაციის მაგივრად, სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით მოხდება. 
   
რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა არამიწიერი ცივილიაზიის სიმბოლოები "გარე კოსმოსიდან", მავნე ან უფრო პრიმიტიულ დატვირთვას ატარებენ (გააჩნია სიზმრის კონტექსტს). ამ შემთხვევაში, გონივრულია ანალიტიკოსმა და პაციენტმა იცოდეს არქაული იმპულსების პოტენციური ამოფრქვევის შესახებ.
   
სინქრონულობის ფენომენი
  
სინქრონულობა არის იუნგის მიერ შემოტანილი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ორი იდენტური მოვლენის, "შინაგანისა" და "გარეგანის" დამთხვევის აღსაწერად. მაგალითისთვის მან მოგვცა ერთი მარტივი შემთხვევა: იუნგის ოთახში უზარმაზარი ხოჭო შეფრინდა ზუსტად იმ მომენტში, როცა პაციენტი თავის სიზმარს ჰყვებოდა, რომელშიც ხოჭო ესიზმრა. სინქრონულობის ფენომენი ხვდება პარაფსიქოლოგების მიერ შესასწავლი მოვლენების ისეთი კატეგორიის ნუსხაში, რომლებშიც შედის ტელეპათია, ნათელმხილველობა, ფსიქოკინეზი, ტელეკინეზი და ა.შ.
   
ლუიზ რაინმა, მის მიერ შეგროვებულ კოლექციაში, სპონტანურად დაფიქსირებულ პარაფსიქოლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებით აღმოაჩინა, რომ მსგავსი მოვლენები ყველაზე ხშირად დაფიქსირებული იყო სიზმრებში, რომლებიც მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. ამაში შედიოდა სიზმრები, სადაც არ გამოიცდებოდა ე.წ "სიზმრის-ეგო", ამ შემთხვევას ტელეპატიური სიზმრების სახელით იცნობენ. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, შეესაბამება პოპულარულად გავრცელებულ რწმენას, რომ სიზმარს შეუძლია მოგვცეს ინფორმაცია მომავლის შესახებ ან მოგვცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მღვიძარე-ეგოსთვის უცნობია. საუკეთესო ექსპერიმენტული მტკიცებულებები ტელეპათიური სიზმრების შესახებ, მოხსენებულია ულმანის, კრიპნერის და ვონის ლაბორატორიულ გამოკვლევაში, სახელით - "სიზმრების ტელეპათია".
   
როდესაც ანალიზის დროს სინქრონულობა სიზმრებში ან სიცხადეში შეინიშნება, ამ მოვლენასთან განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო, რადგან პაციენტს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს შეხედულება, რომ ამ ფენომენში მისი ანალოტიკოსია ჩართული. (ანალიტიკოსისადმი შამანისტური ჩრდილის პროექცია). ანალისტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად მაინც გაიაზროს სინქრონულობის ფენომენის შესაძლო მნიშვნელობები. ხშირ შემთხვევაში თერაპევტიც და პაციენტიც ერთნაირად აიგნორებს მსგავს მოვლენებს და მათ შემთხვევითობად აღიქვამს, როცა მათ შეუძლიათ დაიგნორების მაგივრად, ძალიან დამხმარე ინსტრუმენტის სახით გამოიყენონ სინქრონულობა, თუ დაინტერესდებიან მისით და სერიოზულად განიხილავენ მის შესაძლო მნიშვნელობას. 
  
თეორიულ დონეზე, სინქრონულობის ფენომენი არის მტკიცებულება, რომ ორი ადამიანის არაცნობიერი ღრმა ურთიერთკავშირში იმყოფება. მხოლოდ პერსონალურ დონეზე იგი არაცნობიერსა და ცნობიერს შორის ხილვად კავშირზე მიუთითებს. ეს ფენომენი შესაძლოა განსხვავებულადაც აიხსნას: რომ არაცნობიერი ნაკლებად შეზღუდულია დროსა და სივრცეში, ვიდრე ჩვეულებრივი ცნობიერება. სინქრონული სიზმრების შემთხვევები წარმოადგენენ პირდაპირი კომპენსაციის საშუალებას შეზღუდული ეგო-იდენტობის მიმართ. ამ შემთხვევაში  "სიზმრის-ეგო" ცნობიერებას შეზღუდულობისგან განთავისუფლებისა და გამოღვიძების იმპულსს უგზავნის. ეს ფორმალური კომპენსაციის მაგალითია, თუმცა ჩვეულებრივი შემთხვევისგან განსხვავებით, მასში "სინქრონულობა" არსებობს. კონკრეტული შინაარსის მქონე სიზმრებში მსგავსი ფენომენი არ შეინიშნება. 
   
ზოგიერთი ანალიტიკოსი ხშირად ხედავს სიზმრებს, რომლებიც ჭეშმარიტად სინქრონულები არიან. როცა მსგავსი შემთხვევები ხშირია, ანალიტიკოსები აგროვებენ ინფორმაციას ამ ფენომენის შესახებ. როცა სიზმრის თემატიკა სამომავლო პროგნოზირებას ეხება, ბევრი ანალიტიკოსი ერთ რამეში თანხმდება: მომავალი ფიქსირებული არ არის. სინქრონულმა ან წინასწამეტყველურმა სიზმრებმა შესაძლოა დაგვანახონ მომავალში მოსახდენი მოვლენების "ვარიანტული" მოდელები. 
   
ანალიტიკური თერაპიისას სინქრონული სიზმრები ასახავს მეტი ინტერესით ჩართულობის საჭიროებას ანალიტიკური პროცესის მიმართ. ფუნქციონირების მხრივ, სინქრონული სიზმრები ძალიან ჰგავს "გადაცემა/კონტრგადაცემის" სექსუალიზაციას, რომელიც წინა თავებში განვიხილეთ. ამ დროს ცნობიერების ფოკუსირება ხდება ურთიერთობის გაღრმავების მცდელობისკენ, რაც იშვიათია არაანალიტიკურ ურთიერთობებში.
   
ჩემი ფსიქიატრიული ტრენინგის დასაწყისში, როცა ფსიქოთერაპია ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი და საინტერესო თემა გახლდათ, ჩემს ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა რამდენიმე გასაოცარ სინქრონულ მოვლენას, რომელმაც უფრო გააძლიერა ჩემი ინტერესი და გადამაწყვეტინა მეტი სერიოზულობით მოვკიდებოდი ასეთ უნიკალურ შემთხვევებს. ერთ-ერთი შემთხვევისას, ჩემთან სეანსზე იმყოფებოდა ფსიქოლოგიის დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტი, რომელმაც ანალიზზე მოიტანა გრძელი და კომპლექსური სიზმარი. (ეს იყო მისი მესამე სესია). სიზმარი სრულდებოდა სცენით, სადაც პოლიციელი მისდევდა ქურდს, რომელსაც იარაღს ესროდა. ბოლო მომენტში მას ტყვიები დაუმთავრდა, შემდეგ მალევე დატენა და ისევ დაედევნა ქურდს. მომენტალურად, როცა ტყვიების დამთავრების ეპიზოდი ჩავიწერე, მელანი გამითავდა. ავდექი, ახალი სამელნე ავიღე და ისევ გავაგრძელე წერა. ბედის ირონიით, საერთოდ ვერ გავიაზრე ამ მოვლენის სიზმრის მომენტთან კავშირი, მაგრამ საბედნიეროდ, სტუდენტის ყურადღებას ეს დეტალი არ გამოჰპარვია! მისი ინტერესი ანალიტიკური პროცესის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ მოჰყოლია სხვა სინქრონული მოვლენები სეანსის პროცესში. 
   
სინქრონული სიზმრები და ცხოვრებისეული მოვლენები, თუკი ისინი საერთოდ შეიმჩნევა, იგივე საფუძველზე უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველა სხვა ფსიქოდინამიკური მასალა, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტირებით: რატომ გამოიყენა არაცნობიერმა სინქრონულობის ფენომენი? რა საკითხზე ისურვა მან ყურადღების გამახვილება? ადამიანი არ უნდა "დაედევნოს" სინქრონულობებს და არ უნდა სცადოს მისი ხელოვნურად გამოწვევა, რადგან ამან შეიძლება დაამახინჯოს ანალიზის სტრუქტურა.
      

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი ...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

რობერტო ასაჯოლი - ფსიქოსინთეზი

მთარგმნელი: მამუკა გურული (წარმოგიდგენთ წიგნის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმანს, რ...

დიმიტრი ტროცკი - სანამ

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის...