სტანისლავ გროფი - "ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება"

სტანისლავ გროფი
0
0

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძვ...

შესავალი

ავტორი: სტანისლავ გროფი

მთარგმნელები: გოგი გეგუჩაძე და ნესტან არქანია

წინასიტყვაობა

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა, გამოაქვეყნა მისი გამორჩეული წიგნი «სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა». მეცნიერების ისტორიის 15-წლიანი შესწავლის საფუძველზე, მან შეძლო ეჩვენებინა, რომ სამყაროზე ცოდნის განვითარება სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში სრულიადაც არ წარმოადგენს მონაცემთა თანთადანობით დაგროვებასა და უფრო და უფრო ზუსტი თეორიების ჩამოყალიბების პროცესს, როგორც ეს ჩვეულებრივ ითვლებოდა. პირიქით, იგი შედგება გარკვეული ეტაპებისაგან შედგება და მისთვის დამახასიათებელია გარკვეული დინამიკა, რაც აშკარა ციკლურობაზე მიუთითებს. შესაძლებელია ამ ეტაპების გაგება და წინასწარმეტყველებაც კი. კუნის თეორიის თანახმად, აღნიშნული შესაძლებლობის მომცემ ცენტრალურ იდეას წარმოადგენს პარადიგმის ცნება.

პარადიგმა შეიძლება განსაზღვრულ იქნას, როგორც შეხედულებათა, ღირებულებათა და მეთოდების ნაკრები, რომელსაც იზიარებენ საზოგადოების წარმომადგენლები ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში. პარადიგმა აპირობებს მეცნიერთა აზროვნებასა და კვლევით საქმიანობას იმ მომენტამდე, სანამ ახალი დაკვირვებები სერიოზულ ეჭვის ქვეშ დააყენებენ აღნიშნული პარადიგმის ძირითად დაშვებებს. ეს იწვევს შედეგად კრიზისს და ფენომენების რადიკალურად ახლებური განხილვისა და ინტერპრეტაციის გზების წარმოჩენას, რომლებსაც ვერ ხსნის ძველი პარადგიმა. საბოლოოდ, ერთ-ერთი ამ ალტერნატივათაგანი აკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს, რათა იქცეს ახალ პარადიგმად, რომელიც შემდგომში გაბატონდება სამეცნიერო აზროვნებაში მეცნიერების ისტორიის შემდეგი პერიოდის განმავლობაში.

პარადიგმების ცვლილებათა ყველაზე ცნობილ მაგალითებს წარმოადგენენ პტოლემეუსის გეოცენტრული სისტემის ჩანაცვლება კოპერნიკის, გალილეისა და კეპლერის ჰელიოცენტრული სისტემით, ბეხერის ფლოგისტონის თეორიის უარყოფა ქიმიაში ლავუაზიესა და დალტონის მიერ და ფიზიკაში კონცეპტუალური გადატრიალება XX საუკუნის პირველ სამ ათწლეულში, რომელმაც აღმოფხვრა ნიუტონის ფიზიკის ჰეგემონია და წარმოშვა ფარდობითობის თეორია და კვანტური ფიზიკა. პარადიგმების ცვლილება, როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე სრულიად მოულოდნელი სამეცნიერო საზოგადოების უმრავლესობისათვის, რადგან მის წევრებს აქვთ მიდრეკილება შეცდომით მიიღონ გაბატონებული პარადგიმა სინამდვილის ზუსტ და სრულ აღწერად. ასე მაგალითად, 1900 წელს, კვანტურ-რელატივისტური ფიზიკის შექმნამდე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე, ლორდი კელვინი აცხადებდა: «ახლა ფიზიკაში აღმოსაჩენი აღარაფერი დარჩა. რჩება მხოლოდ უფრო და უფრო ზუსტი გაზომვების გზების აღმოჩენა».

ბოლო ხუთ ათწლეულში ცნობიერების თანამედროვე კვლევების სხვადასხვა მიმართულებამ გამოამზეურა «ანომალური» მოვლენების - განცდებისა და დაკვირვებების ფართო სპექტრი, რომელმაც ეჭქვეშ დააყენა თანამედროვე ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის რამდენიმე საყოველთაოდ მიღებული დებულება, რომელიც ეხება ადამიანის ფსიქიკის ბუნებისა და კანონზომიერებებს, ემოციური და ფსიქოსომატური აშლილობებისა და ეფექტური თერაპიული მექანიზმების წარმოშობას. მრავალი ამ დაკვირვებათაგანი იმდენად რადიკალურია, რომ ეჭვქვეშ აყენებენ მატერიალისტური მეცნიერების ძირითად მეტაფიზიკურ დაშვებებს ადამიანებთან, როგორც არსებებსა და ბუნების რეალობასთან დაკავშირებით, ასევე ცნობიერებასა და მატერიას შორის ურთიერთკავშირს.

აღნიშნული რევოლუციური დაკვირვებების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც ძირს უთხრის არსებულ პარადიგმას, წარმოადგენდნენ, ფსიქოდელიური გამოკვლევები, ფსიქოთერაპიის ახალი ემპირიული მეთოდები, საველე ანთროპოლოგია, თანატოლოგია და ცნობიერების ცვლილების სხვა ექსპერიმენტული მეთოდები, როგორებიცაა სენსორული დეპრივაციისა და ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდები. ჩემი საკუთარი ცოდნა აღნიშნული «ანომალური მოვლენების შესახებ» და მისადმი ღრმა ინტერესი მომდინარეობს ცნობიერების არაორდინარული მდგომარეობების ინტენსიური და მრავალმხრივი შესწავლისგან, რაც საუკუნის ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ჩემ პროფესიას, მოწოდებასა და გატაცებას წარმოადგენდა.

ამ დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მე ვიყავი დაკავებული ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენებით მიმდინარე თერაპიით, ჯერ ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის ფსიქიატრიული კვლევის ინსტიტუტში, შემდეგ აშშ-ში,ქ.ბალტიმორში მერილენდის ფსიქიატრიულ კვლევით ცენტრში, სადაც ვმონაწილეობდი ფსიქოდელიური კვლევების ბოლო ამერიკულ პროგრამაში. დაწყებული 1975 წლიდან, მე და ჩემი ცოლი ქრისტინა ვმუშაობდით ჰოლოტროპულ სუნთქვაზე - თერაპიისა და თვითკვლევის მძლავრ მეთოდზე, რომელიც ესალენის ინსტიტუტში ერთობლივად შევიმუშავეთ. გარდა ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერდით მრავალ ადამიანს, რომელიც სპონტანურად განიცდიდა ცნობიერების არაორდინარულ მდგომარეობებს– ფსიქოსულიერ კრიზისებს ან «სულიერ ექსტრემალურ სიტუაციებს», როგორც მათ მე და ქრისტინა ვუწოდებთ.

აღნიშნული სამი მდგომარეობის საერთო თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ისინი დაკავშირებულები არიან ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობებთან ანუ, უფრო ზუსტად, მათ მნიშვნელოვან სახესხვაობასთან, რომელსაც ჰოლოტროპულს უწოდებენ. აღნიშნული შედგენილი სიტყვა ბუკვალურად ნიშნავს «მთლიანობაზე ორიენტირებული» ან «გამთლიანებისკენ მოძრავი» (ბერძნული. holos – მთლიანი, ხოლო trepein – მოძრავი რაღაცისკენ ან რაღაცის მიმართულებით). ეს ტერმინი გულისხმობს, რომ ცნობიერების ჩვენეულ ყოველდღიურ მდგომარეობაში ჩვენ ვიგივდებით მხოლოდ მცირე ნაწილთან იმისა, რანიც ვართ სინამდვილეში. «ჰოლოტროპულის» მნიშვნელობის ახსნის საუკეთესო გზად შესაძლოა გამოდგეს მითითება ინდუიზმში გატარებულ განსხვავებაზე ნამარუპას (სახელსა და ფორმას, რომელთანაც ჩვენი გაიგივება ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში) და ატმან-ბრაჰმანს (ჩვენი უღრმესი იდენტობას, რომელიც თანაზომადია კოსმიურ შემოქმედებით საწყისთან) შორის. ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებში ჩვენ ვცდებით სხეულებრივი ეგოს ვიწრო საზღვრებს და ვიბრუნებთ ჩვენ სრულ იდენტობას.

ჰოლოტროპული განცდები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინიციაციების შამანურ კრიზისებში, განკურნების ცერემონიებსა და აბორიგენულ კულტურებში არსებულ გარდაქმნის რიტუალებში და სისტემატური სულიერი პრაქტიკის სხვადასხვა სახეობაში - იოგა, ბუდის ან დაოსურ მედიტაციაში, სუფიზმისა და კაბალის ტექნიკებში, იესოს ქრისტიანულ ლოცვაში (ისიხაზმში). ამასთანავე, მათ აღწერდნენ ლიტერატურაში, რომელიც ეხება ანტიკურ სიკვდილისა და აღდგომის მისტერიებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ღმერთის პატივსაცემად ხმელთაშუა ზღვისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰოლოტროპული განცდებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი სიკვდილ მოახლოებისას ან სპონტანურად, ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე. მათი გამოწვევა ასევე შეუძლიათ ფსიქოდელიურ ნივთიერებებსა და ემპირიული თერაპიის მძლავრ ფორმებს, რომლებიც შემუშავდა XX საუკუნის მეორე ნახევარში.

ფსიქოდელიურ თერაპიაში ჰოლოტროპული მდგომარეობები გამოიწვევა ორგანიზმში ელ-ეს-დე-ს (LSD), ფსილოციბინის, მესკალინის და მსგავსი ფსიქოტროპული ნივთიერებების და ტრიპტამინის ან ამფეტამინისგან წარმოებული ნაერთების შეყვანით. ჰოლოტროპული სუნთქვის ტექნიკაში ცნობიერების მდგომარეობების ცვლილება ხდება უფრო სწრაფი სუნთქვის, განსაკუთრებული მუსიკის და ენერგიის გამოყოფით სხეულთან მუშაობის მეშვეობით. სულიერი კრიზისების დროს ჰოლოტროპული მდგომარეობები დგება სპონტანურად, ყოველდღიური ცხოვრების შუაგულში, და მათი მიზეზი ხშირად უცნობია. სწორი გაგებისა და მხარდაჭერის პირობებში ჰოლოტროპულ მდგომარეობებს აქვთ უჩვეულო ევრისტიული, სამკურნალო, გარდამქმნელი და ევოლუციური პოტენციალიც კი.

გარდა საკუთარ გამოკვლევებისა, დამატებით შედარებით ზედაპირულად შევეხე მრავალ დისციპლინას, რომელსაც აქვთ მეტ-ნაკლებად უშუალო მიმართება ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებთან. დავუთმე დიდი დრო ანთროპოლოგებთან ინფორმაციის გაცვლას და მივიღე მონაწილეობა აბორიგენების კულტურათა წმინდა რიტუალებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ფსიქოდელიური მცენარეების, როგორებიცაა პეიოტლია, აიაჰუასკა, მაგიური სოკოები და კავა-კავა. გარდა ამისა, მჭიდროდ ვიურთიერთე სხვადასხვა სულიერი დისციპლინის წარმომადგენელთან, მათ შორის ვიპასანუსთან, ვაჯრაიანის ძენთან და ბუდიზმთან, სიდჰა-იოგუსთან, ტანტრასთან, ასევე ბენედიქტიანელების ქრისტიანული ორდენის წარმომადგენლებთან.

კიდევ ერთი სფერო, რომელსაც დავუთმე დიდი ყურადღება, იყო თანატოლოგია - ახალგაზრდა დისციპლინა, რომელიც სიკვდილთან მოახლოების განცდებს, ასევე სიკვდილისა და მოკვდინების ფსიქოლოგიურ და სულიერ ასპექტებს სწავლობს. 1960-იანი წლების ბოლოს - 1970-იანი წლების დასაწყისში ვიღებდი მონაწილეობას მსხვილ კვლევით პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქოდელიური თერაპიის მოქმედებას ადამიანებზე, რომლებიც სიმსივნისგან კვდებოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წილად მხვდა ბედნიერება პირადი ნაცნობობა დამემყარებინა და ურთიერთობა მქონოდა ჩვენი დროის რამდენიმე დიდ ფიზიკოსთან და პარაფსიქოლოგთან, ცნობიერების ექსპერიმენტული კვლევის პიონერებთან, და თერაპევტებთან, რომლებმაც შეიმუშავეს და იყენებდნენ ემპირიული თერაპიის მძლავრ ფორმებს, რომლებიც იწვევდნენ ცნობიერების ჰოლოტროპულ მდგომარეობებს.
ჩემს მიერ ჰოლოტროპული განცდების კვლევამ გამოავლინა «ანომალური მდგომარეობების» ფართო სპექტრი, რომელიც გამოვლინდა ჩემ კლიენტებში, პრაქტიკული სემინარების მონაწილეებში, პრაქტიკანტებში და ჩემში, რამაც დამარწმუნა, რომ ისინი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენენს დასავლური მონისტური მატერიალისტური მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებული მსოფლხედველობისათვის. მჯერა, რომ ამ მონაცემების სერიოზული და მიუკერძოებელი შესწავლა მოიტანს რევოლუციას მრავალ სამეცნიერო დისციპლინაში, რომლებიც თავისი ხასიათითა და მასშტაბით შესაძლოა შედარებულ იქნას კონცეპტუალურ გადატრიალებასთან, რომელიც გამოწვეულ იქნა სამეცნიერო აზროვნებაში კვანტურ-რელატივისტური ფიზიკით და გარკვეულწილად მისი ლოგიკური დასასრული იქნებოდა.

როგორც ამას ადგილი ჰქონდა «ანომალური მეცნიერების» ყველა წინა პერიოდის განმავლობაში, როგორც თომას კუნი უწოდებდა კონცეპტუალურ კრიზისებს, რომლებიც თან ახლდა სამეცნიერო რევოლუციებს, ცნობიერების თანამედროვე კვლევები შეეჯახა ორთოდოქსალური სამეცნიერო წრეების მკვეთრ წინააღმდგეობას, წარმოშვა უამრავი კამათი და მოახდინა სამეცნიერო საზოგადოების პოლარიზაცია. ამავდროულად მაშინ, როდესაც სამეცნიერო წრეების უფრო გამბედავი და სიახლისადმი ღია წარმომადგენლები ავლენდნენ უდიდეს ინტერესს კვლევების ახალი მიმართულებებისადმი - ხშირად კერძო წესით ან პრაქტიკულ სემინარებზე და სხვა ნახევრადპროფესიულ კონტექსტებში - განათლებისა და მედიცინის სფეროს ორთოდოქსული ხელმძღვანელობა მონისტურ მატერიალისტურ მსოფლმხედველობას კვლავაც მიიჩნევს რეალობის საბოლოო აღწერად.

ამ სიტუაციის გათვალისწინებით, დიდ მოულოდნელობად აღვიქვი ჩეხოსლოვაკიის და შემდგომში ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველისგან 2007 წელს წერილის მიღება, რომელშიც იყო ნათქვამი, რომ მომენიჭა ვაცლავისა და დაგმარ ჰაველის პრესტიჟული პრემია «პერსპექტივა 97» პრაღაში. ჩემს მიმართ გამოჩენილი მაღალი პატივი ძალიან შემეხო არამხოლოდ პროფესიული, არამედ პირადი მიზეზიდან გამომდინარე. მრავალი წლის განმავლობაში, აღტაცებული ვიყავი პრეზიდენტ ჰაველით, როგორც ფილოსოფოსით, მხატვრით, თავისუფლებისათვის მებრძოლით, სახელმწიფო მოღვაწით,ამასთანავე შთამაგონებელი სულიერი წინათგრნობითა და არაჩვეულებრივი მორალური თვისებებითა და გამბედაობით დაჯილდოდებული ადამიანით.

ჩვეულებრივი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ვაცლავ ჰაველი არ ისახავდა მიზნად მიეღწია პოლიტიკური ძალაუფლებისათვის და არ ესწრაფვოდა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტობას. მან დაიკავა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა ჩეხი ხალხის მოთხოვნით, რომელსაც იგი უყვარდა და იყო აღტაცებული მისით, როგორც ჩაგვრისა და ტირანიისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოთი. პრაღის სასახლეში მის ინაუგურაციას ასეულ ათასობით ადამიანი ესწრებოდა. შემდეგ ხუთ-ექვს წელიწადში პრეზიდენტი ჰაველი მოქალაქეთა 80 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობდა. იგი მხარს უჭერდა სოციალურ რეფორმებსა და შერიგებას საზოგადოების შიგნით, გააუქმა სიკვდილით დასჯა, გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი და დახურა სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც იარაღს აწარმოებდნენ. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან მიიწვია მისი უწმინდესობა დალაი-ლამა ჩეხოსლოვაკიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით, რითიც გახდა ქვეყნის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც გაუგზავნა მსგავსი მოწვევა ტიბეტის ხალხის დევნილობაში მყოფ ლიდერს. საკუთარი პრეზიდენტობის წლებში ვაცლავ ჰაველი უზიარებდა მსოფლიოს საკუთარ სულიერ ხედვას, გამოდიოდა რა ლექციებით სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციაში და მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ ფორუმებზე.

პროგრამის შესაბამისად, ვაცლავ ჰაველის მიერ მეუღლე დაგმართან ერთად დაფუძნებული ფონდი «პერსპექტივა 97», მიმართულია «პროექტების მხარდაჭერისკენ, რომლებიც ატარებენ ნოვატორულ ან ფანტასტიკურ ხასიათსაც კი, შეიცავენ პრინციპულად ახალ მიდგომებს, ანგრევენ პირობითობებს და ამყარებენ მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებს, რომელთა მიმართ ამჟამად ხალხის უმეტესობისგან არ არსებობს მხარდაჭერა და მიმღებლობა, მაგრამ შეუძლიათ საკუთარი შედეგებით მომავალზე შთამაგონებელი ან სხვა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ».

წელიწადში ერთხელ, ვაცლავ ჰაველის დაბადების დღეს (5 ოქტომბერს), ფონდი სპეციალურ პრემიას ანიჭებს ხალხს, ვისი მუშაობა - მისი საბჭოს წევრების აზრით - აკმაყოფილებს ზემოხსენებულ კრიტერიუმებს. წარსულში ლაურეატებს შორის იყო ტვინის მკვლევარი კარლ პრიბრამი, ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო, აშშ-ს შრომის ყოფილი მინისტრი რობერტ რაიჰი, მეცნიერი და ფილოსოფოსი ზდენეკ ნოიბაუერი, სოციოლოგი ზიგმუნტ ბაუმანი, ფსიქოლოგი ჯ. ზიმბარდო და მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერების სპეციალისტს ჯოზეფ ვეიცენბაუმი. ბუნებრივია, რომ ჩემთვის იყო უკიდურესად დიდი პატივი ასეთი შესანიშნავი ხალხის რიგში აღმოვჩენილიყავი და მიმეღო ჩემი შრომის აღიარება პრემიის სახით.

მე და ქრისტინა გავემგზავრეთ პრაღაში ჩვენი ვაჟისა და რძლის თანხლებით დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და დავბრუნდით კალიფორნიაში საოცარი შთაბეჭდილებებით. ცერემონია ჩატარდა ჰაველების მიერ ბრწყინვალედ განახლებულ წმ.ლავრენტის ყოფილ ეკლესიაში, რომელსაც ამჟამად სულიერი ცენტრი «გზაჯვარედინი ეწოდება». პრემია «პერსპექტივა 97» შედგებოდა მდიდრულად გაფორმებული დიპლომისა და შთამბეჭდავი ხელოვნების ნიმუშისგან - მოწამეობრივად მოკვდინებული X საუკუნის პრაღის ეპისკოპოსისა და ბოჰემიის წმინდა მფარველის წმ. ადალბერტის ნატურალური ზომის კვერთხის ასლისგან. ვიზიტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ჰაველებთან პრივატული ურთიერთობისათვის განკუთვნილი გარკვეული დრო.

პრემია «პერსპექტივა 97»-ის ყველა ლაურეატს დაჯილდოებასთან დაკავშირებით სთავაზობენ პუბლიკაციის მომზადებას, რომელიც საუკეთესოდ ასახავს მათ ნამუშევარს. მოცემული წიგნი – «ჩვენი ყველაზე მძიმე ჭრილობების განკურნება. პარადიგმის ჰოლოტროპული ცვლილება» – დაიწერა სწორედ ამ მოვლენისათვის და პირველად გამოიცა პრაღაში ჩეხურ ენაზე ჰაველების ფონდის მიერ. სტატიები, რომლებისგანაც ის შედგება, შეირჩა იმგვარად, რომ აესახა ჩემი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროები და ამ სფეროებში მიღწეული შედეგები ჩემი პროფესიული კარიერის სხვადასხვა პერიოდებში - ფსიქოდელიური კვლევები, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, ფსიქოზების მიმართ ალტერნატიული მიდგომები, მეცნიერებაში ახალი პარადიგმის სხვადასხვა მიმართულებები და ცნობიერების კვლევების პოლიტიკური მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი - მოცული საკითხების ფართო სპექტრიდან გამომდინარე - იქნება სასარგებლო გზამკვლევი სპეციალისტებისა და არაპროფესიონალებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ ცნობიერების კვლევა, თვითკვლევა, სულიერი ძიება და დასავლურ მეცნიერებაში ამჟამად მიმდინარე პარადიგმის ცვლილება ფსიქიკის გაგების, ადამიანის ბუნებისა და რეალობის ბუნებასთან მიმართებაში. ამასთანავე, წინამდებარე წიგნმა შესაძლოა მიუთითოს მათ, ვისაც ჯერ არ იცნობს ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას, მდიდარ ლიტერატურაზე, რომელიც მოიცავს სამეცნიერო, ფილოსოფიური და სულიერი ცოდნის ძიების ამ ამაღელვებელი ეტაპის სხვადასხვა მიმართლებებს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გავიცანი მრავალი ადამიანი, რომელთათვისაც ზეპიროვნული პერსპექტივის აღმოჩენამ შედეგად მოიტანა ყურადღების მიმართვა შინაგან სამყაროზე, ღრმა პიროვნული გარდაქმნა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და სიცოცხლის ახალი საზრისის წარმოჩენა.

სტანისლავ გროფი, მილ ველი,

კალიფორნია, 2009 წლის იანვარი

მომდევნო ქვეთავის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

ილუსტრაციების და ნახატების სანახავად გადმოწერეთ წიგნის რუსული ვერსია (ბოლოშია ნახატები).

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff