katastrofe

კატასტროფა

მრავალი ადამიანი, ასე თუ ისე, უშვებს კატასტროფაში მოხვედრის თეორიულ შესაძლებლობას. მაგრამ ყველა არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას საკუთარი სამყაროს შრეში. არიან ადამიანები, რომლებიც არ უყურებენ სერიალებს, არ ინტერესდებიან ახალი ამბებით, მათ არ ეხება მოვლენები, რომლებიც სადღაც და ვიღაცას ემართება. ისინი თავის შრეებში ცხოვრობენ და სხვა ქანქარების მიმდევრები არიან. არ აღელვებთ, რომ სადღაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ისინი უსმენენ მსგავს ამბებს და თან გულგრილად ღეჭავენ თავიანთ ვახშამს. საკუთარი საზრუნავებიც ჰყოფნით.

ინდუცირებული გადასვლისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ისინი, ვინც ინტერესდება, ღელავს იმ კატასტროფების თაობაზე, რომლებიც სადღაც სხვა ადამიანებს ემართებათ. თუ ადამიანის ცხოვრება არც ისე დატვირთულია საზრუნავებით და განცდებით, იგი ცდილობს, რომ აღივსოს ეს დეფიციტი და გადაიტანოს ყურადღება უცხო შრეების მოვლენებზე. ასეთი ადამიანი რეგულარულად კითხულობს ყვითელ პრესას, უყურებს სერიალებს, ან ელოდება ახალ ამბებს კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ. ბულვარული ქრონიკა და სერიალები წვრილმანი და არააგრესიული ქანქარების აქტივობას წარმოადგენენ. მათი მიყოლა მხოლოდ ინფორმაციის, ემოციისა და განცდების დეფიციტს ავსებს. აი, ინტერესის გამოვლენა კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების დესტრუქციული ქანქარებისადმი კი საკუთარ თავში რეალურ საფრთხეს ატარებს. ასეთი ქანქარები ძლიერი და ძალიან აგრესიულია.

იმ ადამიანის აზრობრივი გამოსხივების სიხშირე, რომელიც მსგავს მოვლენებს აქცევს ყურადღებას, ისევე ხდება მიტაცებული, როგორც სერიალების შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც ნეგატიური ინფორმაციით ინტერესდება, ყოველთვის უხვად მიიღებს მას. თავიდან იგი გარე დამკვირვებლის უმანკო როლს იღებს. იგი თითქოს ტრიბუნაზე ზის და საფეხბურთო მატჩს უყურებს. თამაში უფრო და უფრო იტაცებს, და იგი აქტიური გულშემატკივარი ხდება. შემდეგ იგი მოედანზე ჩადის და სირბილს იწყებს, ისე, რომ ჯერ ბურთს არ ღებულობს. თანდათანობით და შეუმჩნევლად იგი უფრო და უფრო მეტად ერთვება თამაშში, და ბოლოს ბურთსაც ღებულობს. დამკვირვებელი მოთამაშედ იქცა, ანუ კატასტროფის მსხვერპლად.

სხვანაირად როგორ იქნება? კატასტროფები ხომ ნაწილი გახდა ამ ადამიანის ცხოვრებისა. მან თავად შეუშვა ისინი თავისი ცხოვრების შრეში, უნებურად მიიღო მსხვერპლის როლი და მოახდინა უბედური შემთხვევის ვარიანტის მატერიალიზაცია. რა თქმა უნდა, ადამიანს არ სურდა მსხვერპლის როლის მიღება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როლებს ქანქარა ანაწილებს, თუკი ადამიანმა მისი თამაში მიიღო. ამიტომ, თუკი მრავალი ადამიანისთვის მოცემული უბედურება მხოლოდ საბედისწერო მოვლენაა, ჩვენი მსხვერპლისთვის ეს კანონზომიერი ლოგიკური დასასრულია. ალბათობა ჩვენი გმირისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს, უკვე საშუალოზე მაღალია.

თუკი იგნორირებას გაუკეთებთ დესტრუქციული ქანქარების ბიძგებს, კატასტროფაში არასოდეს მოხვდებით. ასე ვთქვათ, ამის ალბათობა ნულთან ახლოს იქნება. შესაძლოა შემეკამათოთ: და როგორ კვდება ათასობით ადამიანი კატასტროფების და სტიქიური უბედურებების დროს, ისინი რა, ყველანი ერთად ფიქრობენ კატასტროფებზე? საქმე იმაშია, რომ თქვენ მარტონი არ ცხოვრობთ ამ სამყაროში. თქვენს გარშემო ადამიანთა მასაა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დესტრუქციულ ქანქარებზე და ენერგიას ამ ქანქარების სპექტრზე ასხივებენ. თქვენ ვერ შეძლებთ ამ გამოსხივებისგან იდეალურად იზოლირებას. გამოსხივების ველი თქვენც გიტაცებთ და ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებთ, იგივე ქანქარებზე იწყებთ თქვენი ენერგიის გამოსხივებას. ასეთი ქცევების ფესვები საუკუნეთა სიღრმეებიდან მოდის, როცა ჯოგური ინსტინქტი საფრთხეებისგან თავის დაცვაში გვეხმარებოდა. სწორედ ამიტომ ჰგავს ინდუცირებული გადასვლის ენერგეტიკული ველი ძაბრს - იგი მეწყერისმაგვარად იზრდება.

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რაც შეიძლება შორს ვიყოთ ძაბრის ცენტრისგან. ეს ნიშნავს - არ შეუშვათ თქვენში ინფორმაცია კატასტროფებისა და უბედურებების შესახებ, არ დაინტერესდეთ ამით, არ განიცადოთ, არ განიხილოთ, მოკლედ ყურებს მიღმა გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ: კი არ უნდა გაექცეთ ინფორმაციას, თქვენში არ უნდა შეუშვათ იგი. როგორც წინა თავებიდან გახდა თქვენთვის ცნობილი, ქანქარასთან შეხვედრისგან თავის არიდება - იგივეა, რაც მასთან შეხვედრის ძებნა. როცა რაიმეს ეწინააღმდეგებით, არ გსურთ ეს, ან ზიზღს გამოხატავთ, ამით აქტიურად გამოასხივებთ ენერგიას იმის სიხშირეზე, რისგან თავის არიდებაც გსურთ. არ შეუშვათ თქვენში ნიშნავს - იგნორირება გაუკეთოთ, არანაირი რეაგირება არ მოახდინოთ. განზრახ მიაფურთხოთ ნეგატიურ ინფორმაციას და გადართოთ ყურადღება არასაზიანო ტელე-პროგრამებზე და წიგნებზე.

თუკი არ გამოგდით, რომ რეაგირება არ მოახდინოთ, მაშინ მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ მფარველი ანგელოზის იმედად დარჩეთ. მაგალითად, თუ თვითმფრინავით ფრენის გეშინიათ, ნუ იფრენთ. თუ არის შიში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გამოსხივების სპექტრში არის სიხშირე, რომელიც ცხოვრების იმ ხაზთან რეზონირებს, სადაც თქვენ გელით კატასტროფა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უცილობლად მოხვდებით ამ ხაზზე, მაგრამ მაინც, ალბათობა არსებობს. თუ უბრალოდ არ ფიქრობთ საფრთხეზე თვითმფრინავში, მაშინ საშიში არაფერია. და პირიქით, თუ თქვენთვის უჩვეულო ფორიაქს გრძნობთ გაფრენის წინ, გონივრული იქნება, თუ გამოტოვებთ ამ რეისს. თუ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ იფრინოთ, მაშინ დილის ვარსკვლავების შრიალს უნდა უსმინოთ. რა არის ეს და როგორ კეთდება, ამას გაიგებთ.