თავი მეშვიდე - აღმოვფხვრით უფსკრულს

ერთხელ, მოცალეობისას, ჩავფიქრდი, რას ნიშნავს, იყო ბედნიერი. ჩემს შემაძრწუნებლად უსიხარულო ცხოვრებაზე ფიქრისას, უმალვე წარმოვიდგინე, როგორ მამშვიდებენ და მამხნევებენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. მათი ხმა პირდაპირ ყურში ჩამესმოდა: „შენ ხომ ასეთი იღბლიანი ხარ! მშვენიერი ოჯახი გაქვს, შესანიშნავი შვილები გყავს. წარმატებული ქიროპრაკტიკოსი ხარ. ათასობით ადამიანი შენს ლექციებს უსმენს, მთელ მსოფლიოში მოგზაურობ და ეგზოტიკურ ადგილებში ყოფილხარ. ფილმშიც „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ“ გადაგიღეს და ბევრს ძალიან მოსწონს შენი იდეები. წიგნი დაწერე და ის მშვენივრად იყიდება“. ეს სიტყვები ემოციურ და გონიერ სიმებს ნამდვილად შეარხევდნენ. და მაინც, მეჩვენებოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

იმხანად ყოველ შაბათ-კვირას ლექციებს ვატარებდი; ხანდახან სამი დღის განმავლობაში ორ ქალაქს ვიცვლიდი. ანაზდად გავიაზრე, რომ გადატვირთული გრაფიკი დროს არ მიტოვებდა თავად გამომეყენებინა პრაქტიკაში ის, რასაც სხვებს ვასწავლიდი.

და ერთ არც თუ ისე მშვენიერ მომენტში გავაცნობიერე, რომ მთელი ჩემი ბედნიერება გარეთ მიედინება, და იმ სიხარულს, რასაც მოგზაურობით და ლექციებით ვიღებ, ჭეშმარიტ სიხარულთან არაფერი აქვს საერთო. ჩემთვის ნათელი გახდა, იმისთვის, რომ თავს კარგად ვგრძნობდე, გარესამყაროს ყველა ელემენტი - ადამიანებიც, ნივთებიც და ადგილებიც - მესაჭიროება. ჩემს მიერ სამყაროში პროეცირებული გამოსახულება მთლიანად გარე ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. და თუ ლექციებს არ ვკითხულობდი, ინტერვიუს არ ვაძლევდი და პაციენტებთან არ ვმუშაობდი, სახლში ყოფნისას სიცარიელეს ვგრძნობდი.

სწორად გამიგეთ; ყველა ეს გარე ფაქტორი გარკვეულად მომხიბლავი იყო. ყველა, ვისაც უნახავს, როგორ ვკითხულობ ლექციას, როგორ ვზივარ თვითმფრინავის სავარძელში და პრეზენტაციისთვის ვემზადები, როგორ ვპასუხობ ათობით წერილს აეროპორტის ან სასტუმროს მოსაცდელში, გეტყვით, რომ სრულიად ბედნიერად გამოვიყურები.

დიახ, ჩემთვის რომ ეკითხათ ერთერთ ასეთ მომენტში, იგივეს ვუპასუხებდი:

- დიახ, ცხოვრება შედგა. ყველაფერი მშვენივრადაა. იღბლიანი ვარ.

მაგრამ სიმშვიდის პერიოდში, როდესაც ურიცხვი გარე სტიმულების კასკადი წყდება, იგივე კითხვაზე სრულიად სხვა პასუხს გავცემდი:

- რაღაც წესრიგში არ არის. დიკომფორტს ვგრძნობ. ირგვლივ სულ ერთი და იგივეა. რაღაც არ მყოფნის.

იმ დღეს, როდესაც ჩემი უბედურების ძირითად მიზეზს ჩავწვდი, კიდევ ერთი რამ გავიგე: აღმოჩნდა, ჩემთვის აუცილებელია, რომ გარე სამყარომ გამუდმებით შემახსენოს, რომ მე - ნამდვილად მე ვარ. ჩემი იდენტობის განმსაზღვრელი გახდა ადამიანები, რომელთანაც ვურთიერთობ, ქალაქები, რომლებშიც ჩავდივარ, მოგზაურობისას ჩემი საქმიანობა და სხვადასხვა შეგრძნებები. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომაა საჭირო, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, მე - სწორედ მე ვარ, ადამიანი სახელად ჯო დისპენზა. ხოლო თუკი ჩემი პიროვნების ამ პროექციას ირგვლივ არავინ და არაფერი მახსენებდა, უბრალოდ ვეღარ ვიგებდი, ვინ ვარ მე. ახლა კი დავინახე: რასაც ყოველთვის მივიჩნევდი ბედნიერებად, სინამდვილეში მხოლოდ გარე გამღიზიანებლებზე რეაქცია იყო, რომლებიც ჩემში ამა თუ იმ ემოციას იწვევდნენ. შემდეგ გავაცნობიერე, რომ გარემოზე ძლიერ ვარ დამოკიდებული და გარე ზემოქმედების გარეშე ვერ ვძლებ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ამ დამოკიდებულებას. ეს აღმოჩენა იყო ჩემთვის. ათასჯერ გამიგია, რომ ბედნიერება შიგნიდან მოედინება, მაგრამ არასდროს შემიგრძნია ეს ასე ცხადად.

და უცებ გონებაში სურათმა გამიელვა. წარმოვიდგინე ჩემი ხელისგულები, ერთი მეორის ზემოთ მოთავსებული, მაგრამ ისე, რომ მათ შორის თავისუფალი სივრცე რჩებოდა.

ზედა ხელისგული გარე სამყაროსთვის ჩემი გამოხატულების სიმბოლოს წარმოადგენდა, ქვედა კი - შინაგან არსს. და აი, საკუთარ თავში გარკვევისას, მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ჩვენ ყველანი ორ განზომილებაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ჰიპოსტასით ვარსებობთ: „როგორები ვჩანვართ“ და „ვინ ვართ სინამდვილეში“.

უფსკრული არსსა და ხილულს შორის

az1

ნახ. 7A. უფსკრული არსსა (ვინ ვართ) და ხილვადს (როგორები ვჩანვართ) შორის.

როგორებიც ვჩანვართ - ჩვენს მიერ გარე სამყაროში პროეცირებული გამოსახულებაა, გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის და უკვე ჩამოყალიბებული შეხედულების შენარჩუნების ჩვენი მისწრაფების ნაყოფია. ესაა ნიღაბი, რომელსაც სხვებისთვის ვირგებთ.
ჭეშმარიტი არსი (ნახატზე - ქვედა ხელისგული) კი - ესაა, როგორ შევიგრძნობთ საკუთარ თავს სინამდვილეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარე სტიმულები არ გვიფანტავს ყურადღებას. ესაა ჩვეული ემოციები, რომლებიც განგვსაზღვრავენ, როდესაც „ცხოვრებისეული ღელვა“ ცხრება. უცხო თვალისგან სწორედ მათ დამალვას ვცდილობთ.

როდესაც დასწავლილ ემოციურ მდგომარეობებზე (როგორიცაა დანაშაული, მრისხანება, განგაში, განკითხვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, სიძულვილი) დამოკიდებულები ვხდებით, ჩვენში როგორები ვჩანვართ (ხილვადი) -ს და როგორები ვართ (არსი) -ს შორის უფსკრული ჩნდება. ხილვადი - ესაა, სხვების თვალში როგორ გვინდა გამოვიყურებოდეთ. ხოლო არსი - ესაა ყოფიერების მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით იმ მომენტში, როდესაც დროისა და სივრცის სხვადასხვა წერტილებში ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა არ გვაქვს. უსაქმოდ ცოტა მეტ ხანს დარჩენილებს გაურკვეველი გრძნობა გვეუფლება. სწორედ მასში მდგომარეობს ჩვენი ჭეშმარიტი არსი.

სწორედ ემოციების დაშრევება განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. რომ არ დაგვავიწყდეს, ჩვენი აზრით, რას წარმოვადგენთ, იძულებულნი ვართ საკუთარი იდენტობა მისი შესაბამისი ემოციების გამოწვევით კვლავ და კვლავ ვამტკიცოთ. ჩვენ მჭიდროდ ვართ გარე სამყაროსთან მიჯაჭვულები, რადგან გამუდმებით ვუკავშირებთ თავს სხვადასხვა ადამიანებს და საგნებს, რომ, ღმერთმა დაგვიფაროს, არ დაგვავიწყდეს, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ გარშემომყოფთა თვალში.

ჩვენს ნიღაბს გარე სამყაროს მხრიდან შეხსენების გარეშე საკუთარი თავის აღქმა არ შეუძლია. ის ბოლომდე გადაჯაჭვულია გარემოსთან და ყველაფერს აკეთებს, რომ ჭეშმარიტი გრძნობები დამალოს და სიცარიელის განცდა მოიცილოს: „მე ასეთი მანქანები მაქვს, ასეთ ადამიანებს ვიცნობ, ასეთ ადგილებში ვარ ნამყოფი, ეს და ეს შემიძლია გავაკეთო, ამდენი რამ გადავიტანე, ასეთ კომპანიაში ვმუშაობ, და საერთოდ, ძალიან წარმატებული ვარ...“ აი, საკუთარ თავზე გარე სამყაროს მიხედვით განსაზღვრული ჩვენი წარმოდგენა.

უფსკრულის გამომწვევი დასწავლილი ემოციების დაშრევება 

az2

ნახ. 7B. უფსკრულის მასშტაბები ინდივიდუალურია. ჩვენი არსი გადატანილი მოვლენების შედეგად წარმოქმნილი რიგი დასწავლილი გრძნობებითაა ხილვადისგან გაყოფილი. რაც უფრო დიდია უფსკრული, მით უფრო ძლიერია დასწავლილ ემოციებზე დამოკიდებულება.

თუმცა, ასეთები არ ვართ, როდესაც გარე სამყაროდან სტიმულაციას არ ვიღებთ, და სრულიად განსხვავებული გრძნობები გვეუფლება. სირცხვილი და სიბრაზე წარუმატებელი ქორწინების გამო; სიკვდილის შიში და ეჭვები, რაც საყვარელი ადამიანის ან თუნდაც ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ მდგომარეობაში გველოდება; საკუთარი არაადექვატურობის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია მშობლების დაჟინებით ან პერფექციონიზმით - ნებისმიერ ფასად წარმატებას მივაღწიოთ; შეგრძნება, რომ სულ რაღაცას გვაკლებენ, რისი ფესვებიც ნახევრადმშიერ ბავშვობაშია; წუხილი, რომ ჩვენი სხეული სტანდარტებს არ შეესაბამება და ისე არ გამოვიყურებით, როგორც „საჭიროა“, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ გრძნობებისა, რომლის დაფარვასაც ვარჩევთ.

ამ დროს კი ესაა ჩვენი ჭეშმარიტი არსი, რომელსაც გარედან ნიღბით ვფარავთ.

ჩვენ სამყაროსთვის ჩვენი ჭეშმარიტი სახის ჩვენებას ვერ ვბედავთ და ამიტომ თავს სხვა პიროვნებად ვაჩვენებთ. თავადვე ვქმნით და დავისწავლით ავტომატურ პროგრამებს, რომელთა დანიშნულებას ჩვენი სისუსტეების დაცვა წარმოადგენს. არსობრივად, ჩვენ სამყაროში საკუთარ თავზე ტყუილს ვასხივებთ, რადგან ვიცით, რომ სოციუმი მოიკვეთს ჩვენს ჭეშმარიტ მე-ს, ამ არარაობას, რომელსაც არავინ არასდროს შეიყვარებს და მიიღებს.

მასკარადისკენ მიდრეკილება ახალგაზრდობაში უფრო ძლიერია, როდესაც პიროვნება ჯერ კიდევ ფორმირდება. მოზარდები ტანსაცმელივით, გამუდმებით სხვადასხვა ნიღაბს ირგებენ. და, სიმართლე რომ გითხრათ, ის, რასაც ირჩევენ, გამოხატავს არა იმდენად ჭეშმარიტ არსს, რამდენადაც სასურველ ხატებას. ნებისმიერი ფსიქოლოგი იტყვის, რომ მოზარდის თვითშეგრძნება ერთადერთი სიტყვით გამოიხატება: დაურწმუნებლობა. შედეგად კი, მოზარდებს ესაჭიროებათ იყვნენ „როგორც ყველა“ და თავს კომპანიის ნაწილად გრძნობდნენ.
რატომ უნდა ვაჩვენოთ სამყაროს ჩვენი ჭეშმარიტი სახე, თუკი შეიძლება მას მოერგო (ხომ ყველამ იცის, რა მოსდით მათ, ვინც სხვებს არ ჰგავს)? სამყარო ძალზე რთული და საშიშია, მაგრამ მისი გამარტივება და ნაკლებად საშიშად ქცევაა შესაძლებელი. ამისთვის ადამიანთა დაჯგუფებაც საკმარისია. აირჩიე შენი ფარა! აირჩიე შენი საწამლავი!

და დროთა განმავლობაში ნიღაბი შეგვეზრდება. ახლა ის ზუსტად გვერგება. ან, საკუთარ თავს ვუმტკიცებთ ამას. დაურწმუნებლობის პარალელურად, საკუთარ თავსაც ჩავკირკიტებთ: „ნუთუ ეს მართლა მე ვარ? განა ასეთი მინდა რომ ვიყო?“ მაგრამ ამ კითხვებისგან თავის არიდება უფრო ადვილია, ვიდრე მათზე პასუხის გაცემა.

არასასურველი ემოციების მოსათოკად მუდამ დაკავებულები უნდა ვიყოთ

ბავშვობისდროინდელი ნაწიბურები ყველას აქვს. ცხოვრების გარიჟრაჟზე გადატანილი მოვლენები ჩვენზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. მათ მიერ გამოწვეული ემოციები ჩვენს იდენტობას ფენა-ფენად აგებენ. შევხედოთ სიმართლეს თვალებში: მწვავე ემოციური მოვლენები ჩვენში წარუშლელ კვალს ტოვებს. მათი გამუდმებით გონებაში ტრიალით სხეულს ვაიძულებთ, ყოველ ჯერზე ხელახლა განიცადოს ერთი და იგივე ეპიზოდები. შედეგად, მოსვენების პერიოდი იმდენად ჭიანურდება, რომ ემოცია ჯერ გუნება-განწყობილებაში, შემდეგ ტემპერამენტში და ბოლოს ხასიათის ნიშანში გადაიზრდება.

ახალგაზრდობაში საქმეს ან გასართობს ადვილად ვპოულობთ, და ეს ძველი, ღრმა ემოციების დროებით მიძინებას იწვევს, რაც მათი იგნორირების საშუალებას გვაძლევს. ახალ მეგობრებს ვიჩენთ, ვმოგზაურობთ, ბევრს ვმუშაობთ, კარიერას ვიწყობთ, ახალ უნარჩვევებს ვიძენთ ან სპორტის ახალ სახეობას ვითვისებთ. და არც კი გვეეჭვება, რომ ამ ქმედებათაგან უმეტესობა ბავშვობიდან წამოყოლილი ემოციური ტვირთითაა გამოწვეული.

საქმე ყოველთვის მოიძებნება. დავდივართ სკოლაში, შემდეგ უმაღლესში, შემდეგ მანქანას ვყიდულობთ, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავდივართ, კარიერულ კიბეზე ავდივართ, ვქორწინდებით, ბინას ვყიდულობთ, შვილებს ვაჩენთ, შინაურ ცხოველებს ვიჩენთ, ოჯახი გვენგრევა, სპორტს მივდევთ და ა.შ. და ა.შ. ჩვენს პიროვნებას გარე სამყაროს ელემენტების ერთობლიობის გზით განვსაზღვრავთ, რომელიც იმავდროულად ჩვენი ჭეშმარიტი გრძნობების ჩახშობაში გვეხმარება. და რადგანაც ყველა მოვლენა უთვალავ ემოციას იწვევს, ვამჩნევთ, რომ ისინი წარმატებით გადაფარავენ იმ გრძნობებს, რომელთა დამალვაც გვსურს. და გარკვეული ვადით ეს მუშაობს.

სწორად გამიგეთ. გაცნობიერებული მცდელობები, რომელსაც მივმართავთ პიროვნების ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე, სიმაღლეების დაპყრობაში გვეხმარება. ცხოვრებისეული საკითხების წარმატებით გადასაწყვეტად საკუთარი თავის კომფორტის ზონიდან გამოყვანა და ჩვეული გრძნობების დათმობა გვიწევს, რომლებიც ოდესღაც ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავდნენ. ასეთია ცხოვრების მდინარება, და მეც მშვენივრად მესმის ეს.

მაგრამ თუ წარსულის სიმძიმე მუდამ აკიდებული გვექნება და საკუთარ შეზღუდულობებს არ დავამუშავებთ, ისინი აუცილებლად დაგვჯაბნიან. როგორც წესი, თვითშეგრძნების კრიზისი 30 წლის შემდეგ დგება (თუმცა ეს ძალზე ინდივიდუალურია).

ცხოვრების შუაგულის კრიზისი: დათრგუნულ გრძნობებს ამოხეთქვის საშუალება არ მივცეთ!

30-40 წლისთვის, როდესაც პიროვნების ფორმირება სრულდება, სოლიდური ცხოვრებისეული გამოცდილება გვიგროვდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი სიტუაციის გამოსავლის პროგნოზირება შეგვიძლია; მათ დადგომამდე უკვე ვიცით, რა გრძნობებს გამოიწვევს ჩვენში. ჩვენთვის ნაცნობია წარმატების სიტკბო და მარცხის სიმწარე, ჩვენი გემოვნება ჩამოყალიბებულია. რადგან წინასწარ ვიცით, რა ემოციას გამოიწვევს ესა თუ ის მოვლენა, თავად ვწყვიტავთ, გვსურს თუ არა მომდევნო „ნაცნობი“ სიტუაციის განცხოვრება - ჯერ კიდევ მის რეალობად ქცევამდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ცნობიერების მიღმა ხდება.

ამგვარად, ყოველდღიურობის მორევი გვითრევს. ყოველ დილას ერთი და იგივე გრძნობით ვიღვიძებთ. როგორც ყოველთვის, თავგანწირული ვებღაუჭებით გარე სამყაროს, რომელიც ტკივილის, ტანჯვის და დანაშაულის განცდის აცილებაში ყოველთვის გვშველოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გვიღალატა. კი მაგრამ, რატომ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც გარედან მიღებული ემოციები სიმწვავეს დაკარგავენ, საკუთარ თავთან კვლავ მარტონი აღმოვჩნდებით.
ესაა შუახნის ასაკის კრიზისი, რომელსაც უმეტესობა განიცდის. ვიღაც ცდილობს ისევ დათრგუნოს არასასურველი გრძნობები და უფრო აქტიურად იძირება გარე სამყაროში. ვიღაც ახალ მანქანას (ნივთი) ყიდულობს, სხვა - კატერს (კიდევ ერთი ნივთი), მესამე კლუბში წევრიანდება ახალი მეგობრები (ადამიანები) რომ გაიჩინოს. ვიღაც პლასტიკურ ქირურგიაში (სხეული) ეძებს ხსნას. სხვები რემონტს იწყებენ ან საცხოვრებელს ცვლიან (ახალ ნივთებს იძენენ და გარემოს აახლებენ).

მარტივად, თვითშეგრძნების შეცვლას ახალი საქმიანობების და შთაბეჭდილებების დახმარებით ვცდილობთ. მაგრამ როგორც კი სიახლე ფერმკრთალდება, ჯიუტად კვლავ ჩვეულ ემოციურ მდგომარეობას ვუბრუნდებით. ჩვენ საკუთარ არსს (ქვედა ხელისგული) ვუბრუნდებით. სწორედ ის რეალობა ჩაგვითრევს, რომელსაც მთელი ეს წლები ვებღაუჭებოდით, - მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაგვვიწყებოდა, ვინ ვართ. მაგრამ ჭეშმარიტება იმაშია, რომ რაც უფრო აქტიურად ვცდილობთ საკუთარ თავს გავექცეთ, უფრო მეტი შევიძინოთ და ვშთანთქათ, მით მეტად გვამძიმებს ჩვენი არსი.

რატომ ვცდილობთ სიცარიელის განცდის მოცილებას ან მტკივნეული ემოციებისგან გაქცევას? იმიტომ, რომ პირდაპირი დაპირისპირება ძალზე სერიოზულ დისკომფორტს გამოიწვევდა. და აი, როგორც კი უსიამოვნო გრძნობა კონტროლიდან გასვლით გვემუქრება, უმეტესობა რთავს ტელევიზორს, ინტერნეტში იძირება, ვინმეს ურეკავს ან წერილს სწერს. მსგავს გარე გამღიზიანებლებს მარტივად გადააქვთ ჩვენი ყურადღება არასასიამოვნო გრძნობებიდან. რამოდენიმე წუთში ჩვენი ემოციები რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს.

ტექნოლოგიები - მშვენიერი მეთოდია გულის გადასაყოლებლად და... ასევე ძლიერი ნარკოტიკია. დაფიქრდით: გარე სამყაროს რომელიმე პარამეტრის შეცვლით, ჩვენი ქიმიური ფონის მომენტალურად შესწორება და არასასურველი გრძნობის განდევნა შეგვიძლია. რომელმა გარე ფაქტორმაც არ უნდა გააუმჯობესოს თქვენი შეგრძნებები, თქვენ კვლავ და კვლავ მოგიწევთ მისი გამოყენება. და არა აუცილებლად ტექნოლოგიების; ყველაფერი გამოდგება, რასაც ინტერესის მომენტალური აფეთქება შეუძლია.

ახლა კი გამოიცანით, რა მოხდება, თუ ყურადღების გადასატან ჩვენს აღმოჩენილ მეთოდს ჩავებღაუჭებით? გარე ფაქტორებზე კიდევ უფრო მეტ დამოკიდებულებაში აღმოვჩნდებით, რომლებიც შინაგანი ცვლილებების მოდელირებას ახორციელებენ. ზოგიერთები, ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ, სხვადასხვა საქმიანობას ეპოტინებიან და ცდილობენ იმ შეგრძნების გამოწვევას, რომლითაც ოდესღაც პირველად შეძლეს ყურადღების გადატანა, და შედეგად სულ უფრო ღრმად ეშვებიან უფსკრულში. ისინი სტიმულებით იმუხტებიან, ოღონდ საკუთარ არსთან პირისპირ არ დარჩნენ. მაგრამ ადრე თუ გვიან ხვდებით, რომ თვითგრძნობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი შთაბეჭდილებათა დოზა ყოველ ჯერზე იზრდება. ცხოვრება სიამოვნებათა ყოვლისმომცველ დევნად და ყველა მეთოდით ტკივილის თავიდან აცილებისკენ სწრაფვად იქცევა. ეს ჰედონური სცენარია, რომელიც იმავე არასასურველი გრძნობების ზემოქმედებით ვითარდება.

ცხოვრების ალტერნატიული შუაგული: უხერხული გრძნობების დამუშავების და ილუზიებისგან განთავისუფლების ჟამი

ცხოვრების შუაში ყველა არ ცდილობს გრძნობების დათრგუნვას. ისეთებიც არიან, რომლებიც სერიოზულ კითხვებს სვამენ: „ვინ ვარ? რატომ ვცხოვრობ? საით მივდივარ? ვისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს? რა არის ღმერთი? სიკვდილის შემდეგ სად მოვხვდები? არის ცხოვრებაში რაიმე „წარმატებულობაზე“ მნიშვნელოვანი? რა არის ბედნიერება? რისთვისაა ეს ყველაფერი? რა არის სიყვარული? მიყვარს კი საკუთარი თავი? მიყვარს კი ვინმე სხვა?“ სული ნელნელა იღვიძებს...

აი, როგორი კითხვებით ინტერესდება გონება, როდესაც ილუზიები იფანტება და ვარაუდი გვიჩნდება, რომ ბედნიერება პრინციპში გარედან ვერ მოვა. ბოლოს და ბოლოს ვხვდებით, რომ არანაირ გარე ფაქტორს შინაგანი კონფლიქტის მოგვარება არ შეუძლია. ასევე, რა კოლოსალური რაოდენობის ენერგია იხარჯება გარე ნიღბის შესანარჩუნებლად და როგორ გვფიტავს რაიმეთი სხეულის და გონების დაკავების აუცილებლობა! თანდათან ცხადი ხდება, რომ გარშემომყოფთა წინაშე სახის შენარჩუნების მცდელობები სინამდვილეში იქითკენაა მიმართული, რომ ჩვენს თანმდევ გრძნობებს გავექცეთ. ჩვენ თითქოს მრავალი ბურთით ვჟონგლიორობთ, და კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენ ხანს გავძლებთ ყველა ბურთის მიწაზე დაცემამდე.

ამ ადამიანებმა იციან, რომ მათ არც შემდეგი ტელევიზორი, არც ბოლო თაობის სმარტფონი არ უშველის - ისინი „უხერხულ“ კითხვებს პირისპირ ხვდებიან და დაკვირვებით აანალიზებენ. ეს გაღვიძების დასაწყისია. თვითანალიზი საკუთარი არსის შეცნობის, ჩამალული გრძნობების აღმოჩენის და დესტრუქციული პროგრამების გამოვლინების საშუალებას იძლევა. საკმარისია მასკარადი, კმარა თამაში და ილუზიები! ამ ადამიანებს აღარაფრის ეშინიათ და არც არაფერი აქვთ დასაკარგი. ისინი ხომ ილუზორული გარეგანი გამოსახულების შესანარჩუნებლად ენერგიის ხარჯვას წყვეტენ.

ისინი საკუთარ გრძნობებთან კონტაქტს იწყებენ, შემდეგ კი გარშემომყოფებს ამ სიტყვებით მიმართავენ: „იცით რა? ჩემთვის სულერთია, მოგეწონებით თუ არა. აღარ მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები და ჩემზე სხვები რას იფიქრებენ. სხვებისთვის ცხოვრებას აღარ ვაპირებ“.

გაღვიძებული სული ადამიანს სამყაროსთვის სიმართლის სათქმელად უბიძგებს. ტყუილი აღარ იქნება.

როდესაც ცვლილებები ურთიერთობებს შეეხება: ბორკილებისგან გათავისუფლება

ჩვეულებრივ, ადამიანთა შორის ურთიერთობები გარკვეულ თანაზიარობას ეფუძნება. დაფიქრდით: საკმარისია ვიღაც გავიცნოთ, რომ უმალ გადატანილი ისტორიების მოყოლას ვიწყებთ, თითქოს გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნეირონული ქსელები და ემოციური ისტორიები ერთი მიმართულებითაა ორიენტირებული. დავუშვათ, თქვენ ამბობთ:

- მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, წარმოშობით აქედან ვარ და ცხოვრების ეს პერიოდები აქა და აქ ვცხოვრობდი. ვსწავლობდი აქ და სპეციალიზაციაც ამ სფეროში გავიარე. ვფლობ ამ საქმეს და ამას ვაკეთებ. ყველაზე მთავარი კი, ასეთი შემთხვევები მაქვს გადატანილი.

თანამოსაუბრე გპასუხობთ:

- მეც ვიცნობ ამ ხალხს, ამავე ადგილას ვცხოვრობდი იმავე დროს, იგივე საქმით ვარ დაკავებული და ძალიან მსგავსი რამ მეც შემემთხვა.

სწორედ ამ დროს თქვენს შორის იწყება ურთიერთობა, რომელიც ყოფიერების ნეიროქიმიური მდგომარეობის მსგავსებას ეფუძნება. რადგან, თუ თქვენ ანალოგიური ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, ე.ი. ანალოგიურ ემოციებს განიცდით.

შეგახსენებთ, რომ ემოცია „მოძრავი ენერგიაა“. ერთნაირი ემოციები ერთნაირი ენერგიების მტკიცებულებაა. ჰაერის მოლეკულის წარმოსაქმნელად, ჟანგბადის ატომები წყვილდებიან და ერთმანეთს უკავშირდებიან უხილავ ენერგეტიკულ ველში დროისა და სივრცის მიღმა. ზუსტად ანალოგიურად უხილავ ენერგეტიკულ კავშირებს ვქმნით ადამიანებთან, საგნებთან და ადგილებთან გარე სამყაროში. თუმცა, ყველაზე მტკიცე პიროვნებებს შორის კავშირებია, რადგან ემოციებს უფრო მძლავრი ენერგია გააჩნიათ. ვიდრე ორივე მხარე ურთიერთობებში სტატუს-კვოს ინარჩუნებს, საქმე კარგად მიდის.

ემოციური კავშირები

az3

ნახ. 7C. ორი ადამიანი, რომლებიც ანალოგიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იზიარებენ, მსგავს ენერგიას ფლობენ და ერთნაირი ემოციებისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ. ისინი ერთმანეთს უხილავ ენერგეტიკულ ველში დროისა და სივრცის მიღმა ემოციურად უკავშირდებიან, როგორც ჟანგბადის ორი ატომი, რომლებიც ჰაერის მოლეკულას ქმნიან და რომლითაც ვსუნთქავთ.

მაგრამ თუ ერთერთი მხარე გადაწყვეტს საკუთარი ჭეშმარიტი არსის ჩვენებას, ყველაფერი უცებ რთულდება. ვნახოთ, რა ემართება ადამიანს, რომელმაც ჭეშმარიტების მომენტი განიცადა. თუ მას მეგობრებთან ცხოვრებაზე ჩივილის ჩვევა აერთიანებდა, ე.ი. ენერგეტიკული კავშირები ვიქტიმური (ლათ. Victima - მსხვერპლი) ემოციის ირგვლივ ჩამოყალიბდა. როდესაც „გამოღვიძების“ შემდეგ ადამიანი ძველი მე-სგან გადაჩვევის გადაწყვეტილებას იღებს, მას ყველასთვის ნაცნობი ძველი როლის თამაში აღარ შეუძლია. გარშემომყოფები ხომ მას იმისთვის იყენებდნენ, რომ საკუთარ ემოციურ იდენტობაში დარწმუნებულიყვნენ. ნათესავების და მეგობრების რეაქციაც არ აყოვნებს:

- რა გჭირს? გინდა მაწყენინო?!

რომ გადავთარგმნოთ, აი რას მივიღებთ:

- მე კი მეგონა, ჩვენს შორის ყველაფერი კარგად იყო! შენ ხომ ყოველთვის კვებავდი ჩემს ემოციურ დამოკიდებულებას, რომ არ დამვიწყებოდა, ვინ ვარ. ასეთი კი საერთოდ არ მომწონხარ.

როდესაც ცვლილებებამდე მიდის საქმე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ენერგეტიკულ დონეზე გარე სამყაროს ყველა ობიექტთან ვართ დაკავშირებული, რომლებთანაც ასე თუ ისე შეხება გვქონია. დასწავლილ ემოციებზე დამოკიდებულება რომ დავძლიოთ ან ჩვენი ჭეშმარიტი გრძნობები რომ გავხსნათ, ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს. არც ჟანდბადის მოლეკულის ატომებს შორის კავშირები, არც პიროვნებებს შორის კავშირები თავისთავად არ იშლება - ამისთვის ენერგიაა საჭირო.

და აი, ჩვენს გმირთან ემოციურ დონეზე დაკავშირებული ყველა ადამიანი, ერთად იკრიბება და ჭორაობას იწყებს:

- ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. იქნებ გაგიჟდა? ექიმთანაა მისასვლელი!

გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებთან მას მსგავსი ცხოვრებისეული გამოცდილება, და ე.ი. მსგავსი ემოციები აკავშირებდა. ახლა კი ის გარე სამყაროს ყველა ჩვეულ ელემენტთან - ადამიანებთან, საგნებთან და ადგილებთანაც კი - ენერგეტიკულ ბორკილებს ამსხვრევს. ეს საგანგაშო მოვლენაა ყველასთვის, ვისთანაც ერთად წლების განმავლობაში ერთ გუნდში თამაშობდა. ის მათ გამოეთიშა!

მას ფსიქიატრთან დაათრევენ, რომელიც რაიმე ანტიდეპრესანტს უნიშნავს, და მალე ყველაფერი ჩვეულ წრეზე ბრუნდება. და, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, ყველას ძველ ნიღაბს უჩვენებს და ხელს ართმევს ჩვეულებებით გამობმულ ნაცნობებს. ის კვლავ იღიმის და ნამდვილ გრძნობებსაც გულდასმით ახშობს. ცხოვრებამ ამჯერადაც ვერაფერი ასწავლა.

დიახ, ეს ადამიანი ნამდვილად „უცნაური“ გახდა, რადგან ყველასთვის ნაცნობი ნიღაბი ჩამოიხსნა („ზედა ხელისგული“) და სამყაროს დიდი ხნის განმავლობაში დათრგუნული ტკივილით სავსე ჭეშმარიტი არსი („ქვედა ხელისგული“) წარუდგინა. ან განა მისი ახლობლების დადანაშაულება შეიძლება იმაში, რომ მისი ჩვეულ, ყველასთვის ხელსაყრელი პიროვნების, თავისნაირთა შორის ცხოვრებას შეგუებულ მდგომარეობაში დაბრუნება სურდათ? მისი ახალი მე ხომ ასე არაპროგნოზირებადი და რადიკალურად განწყობილი იყო! ვის ექნება ასეთთან ურთიერთობის სურვილი? ვის უნდა სიმართლის მოსმენა?

რას აქვს სინამდვილეში მნიშვნელობა

თუ საკუთარ თავს მარტოოდენ გარე სამყაროს გზით აღვიქვამთ, რა დაგვემართება, როდესაც მოვკვდებით და გარე სამყარო გაქრება? იცით, ვინ გაქრება მასთან ერთად? სწორედ ის ხელოვნურად შექმნილი პიროვნება, ის გამოსახულება („ზედა ხელისგული“), რომელიც საკუთარ თავს გარე სამყაროს ცნობილი და პროგნოზირებადი ელემენტების საშუალებით განსაზღვრავდა და მასზე იყო დამოკიდებული. თუნდაც სამჯერ უფრო წარმატებულები, პოპულარულები და მშვენიერები ვიყოთ, თუნდ სამყაროს მთელ სიმდიდრეს ვფლობდეთ, სიკვდილის შემდეგ ეს გარე ატრიბუტები გამოგვეცლება, და ვერაფერთან გაგვაიგივებენ. ყველაფერი გაქრება.

მხოლოდ ჭეშმარიტი არსი („ქვედა ხელისგული“) დარჩება - ის, ვისაც სინამდვილეში წარმოვადგენთ. სიკვდილის შემდეგ, როდესაც გარე სამყაროს მეშვეობით საკუთარი თავის განსაზღვრას უკვე ვეღარ შევძლებთ, სწორედ იმ დაუმუშავებელ გრძნობასთან დავრჩებით პირისპირ. ეს კი ნიშნავს, რომ მოცემული მიწიერი არსებობისას სულს ევოლუცია არ განუცდია.
მაგალითად, თუ 50 წლის წინ რომელიმე მოვლენამ თავი სუსტად და დაურწმუნებლად გვაგრძნობინა, და ეს გრძნობები მას შემდეგ ჩვენთანაა, ეს ნიშნავს, რომ უკვე 50 წელია ემოციურად არ ვვითარდებით. სულის მისია - ცხოვრებისეული მოვლენებიდან გაკვეთილის სწავლა და გამოცდილების შეძენაა. მაგრამ თუ ერთადერთ გრძნობაზე ვიჭედებით, ე.ი. ვერაფერს ვსწავლობთ; ემოცია ცოდნად არ გარდაიქმნება. ვიდრე გაცვეთილი გრძნობა ჩვენს გონებას და სხეულს წარსულში აკავებს, მომავლის არჩევა არ ძალგვიძს. როგორც კი ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, ის მომენტალურად იწვევს უცვლელ ემოციურ პასუხს, და ჩვენ ისევ ისე ვიქცევით, როგორც 50 წლის წინ.

ამიტომ, ყური დაუგდეთ სულის ხმას. აი, რის თქმას ცდილობს თქვენთვის: „მომისმინე! ვცდილობ გაგაგებინო, რომ უსიხარულოდ ცხოვრობ. რას აღარ ვაკეთებ, რომ ამოძრავდე. მაგრამ, თუ კვლავ იგივეს გააგრძელებ, შევწყვეტ ჩემს მცდელობას, და კვლავ ძილბურანში ჩაიძირები. ჩვენ მაინც შევხვდებით, მაგრამ უკვე მხოლოდ შენი სიკვდილის შემდეგ...“

დოზა გარდაუვლად იზრდება

ბევრმა არ იცის, როგორ შეცვალოს ცხოვრება, და ყოველნაირად ცდილობს შემაწუხებელი გრძნობის ჩახშობას, მათ შორის სულ ახალახალი ნივთების შეძენით. მაგრამ, როდესაც ახალი ნივთის ფლობით გამოწვეული გრძნობის სიმძაფრე განელდება? ისინი უფრო „სერიოზულ“ მეთოდებს მიმართავენ, და შედეგად, გაქცევის სტრატეგიები თანდათან დამოკიდებულებაში გადაიზრდება. „დოზას თუ მივიღებ ან დავლევ, გამივლის. ეს ნივთიერება ჩემს ქიმიურ ფონს შეცვლის და კარგად გავხდები“, „ბევრ ნივთს ვიყიდი, მიუხედავად იმისა, რომ ფული არ მაქვს. მაგრამ, ახალი ნივთის შეძენისას, სიცარიელე ჩემში თითქოს ივსება“, „მოდი, პორნოს ვუყურებ... ან კომპიუტერულ თამაშს ვითამაშებ...“, „კაზინოში წავალ...“, „ავდგები და ჭამით გავსკდები...“

ნებისმიერი დამოკიდებულების პირველმიზეზი - ჩვენი რწმენაა - რომ რაიმე გარე ფაქტორი შინაგანი შეგრძნებისგან გვიხსნის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ შინაგანი ქიმიური ცვლილების გარეგან სტიმულთან დაკავშირება გვახასიათებს, რაც უსიამოვნო გრძნობას დროებით ახშობს. და, რა თქმა უნდა, ძალიანაც მოგვწონს ეს სტიმული - ის ხომ კარგად გვაგრძნობინებს თავს! ჩვენ მტკივნეულ, უსიამოვნო ემოციებს გავურბივართ და სიამოვნებისკენ მივილტვით.

დამოკიდებულების აგენტისგან მიღებული ემოციური აგზნება ტვინის სიამოვნების ცენტრებს ასტიმულირებს, რომლებიც ორგანიზმში გარკვეულ ნივთიერებებს გადმოისვრიან. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მოთამაშესაც, მსმელსაც, კომპიუტერულ თამაშებთან გვიანობამდე მჯდომსაც, ყოველ ჯერზე „დოზის“ მომატება ესაჭიროება. რატომ? იმიტომ, რომ მიღებული შეგრძნებების ზეგავლენით გამომუშავებული ნივთიერებები უჯრედის გარე ზედაპირზე არსებულს რეცეპტორებს ააქტიურებენ, ხოლო რეცეპტორები თავად უჯრედებს „რთავენ“. მაგრამ, თუ რეცეპტორების სტიმულაცია საკმაოდ ხშირად ხდება, ისინი მგრძნობელობას კარგავენ და „ითიშებიან“. ახლა მათ გასააქტიურებლად უფრო ძლიერი სტიმულია საჭირო, ანუ ჩვეული ეფექტის მისაღწევად სულ უფრო მეტ ნივთიერებას ვსაჭიროებთ.

ცხოვრების შუაგულის კრიზისი: ახალი პიროვნების შექმნას გარედან ვცდილობთ გვ. 137

az4

ნახ. 7D. როდესაც ჩვეული ნივთები და ადამიანები ჩვენში შინაგანი დისკომფორტის ჩახშობის უნარის მქონე ემოციებს აღარ იწვევს, ჩვენ ახალ ადამიანებს ვეცნობით, ახალ ნივთებს ვიძენთ და ახალი შეგრძნებების საძებნელად უცხო ადგილებში მივემგზავრებით. თუ ეს ყველაფერი არ გვშველის, შემდეგ საფეხურზე გადავდივართ და სხვადასხვა დამოკიდებულებაში ვექცევით.

და თქვენ უკვე ფსონს არა 10000$, არამედ 25000$ დებთ - სხვაგვარად აღარ მოქმედებს. სავაჭრო ცენტრში დატოვებული 5000$ გეცოტავებათ... და ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გრძნობები განდევნოთ. რომელი მეთოდიც არ უნდა აარჩიოთ სანუკვარი ნეტარების მისაღწევად, დოზის მომატება მაინც მოგიწევთ. მეტი ნარკოტიკი, მეტი დასალევი, მეტი სექსი, მეტი ფსონები, მეტი შენაძენი, მეტი ტელევიზორი... მოკლედ, თქვენ გამიგეთ.

დროთა განმავლობაში, ჩვენ ყველაფრის დამოკიდებულებაში ვექცევით, რასაც ჩვენი ტკივილისგან, სევდისგან და დეპრესიისგან განთავისუფლება შეუძლია, რომლებიც ჩვენს მეორე ბუნებად იქცა. განა ეს დასაძრახია? ზოგადად, არა. ადამიანები ასე მხოლოდ იმიტომ იქცევიან, რომ უბრალოდ არ იციან, როგორ შეიცვალონ. ისინი ბუნებრივ მოთხოვნილებას - დაემალონ მტკივნეულ გრძნობებს - მიყვებიან და ქვეცნობიერად ხსნას გარედან ელიან. მათ არავინ აუხსნა, რომ შინაგანი მდგომარეობის გარე ფაქტორების გამოყენებით შეცვლის მცდელობა სიტუაციას მხოლოდ ამძიმებს და უფსკრულს აღრმავებს.

დავუშვათ, ჩვენი მიზანია - წარმატებას მივაღწიოთ და მეტი მატერიალური სიკეთე დავაგროვოთ. ამ გზით სვლისას, გამუდმებით ისე ვასაზრდოვებთ საკუთარ იდენტობას, რომ შინაგანი შეგრძნებების მიყურადებას არც კი ვცდილობთ. ამ სიტუაციას ამგვარად აღვწერ: ნივთებს ჩვენ კი არ ვფლობთ, არამედ ისინი გვფლობენ ჩვენ. ჩვენ მატერიალური ობიექტების მონებად ვიქცევით, და ისინი ჩვენს ეგოს ასაზრდოვებენ, რომელსაც საკუთარი თავი მხოლოდ გარე სამყაროს მეშვეობით ახსოვს.

თუ ველით, როდის გაგვაბედნიერებს რომელიმე გარე ფაქტორი, ე.ი. ჩვენი ცხოვრება კვანტური კანონის საპირისპიროდ მიდის. გარეგანზე დაყრდნობით შინაგანის შეცვლა გვსურს. თუ ვფიქრობთ, რომ ცხოვრებისგან სიხარულს მივიღებთ, როდესაც ბევრი ფული გვექნება და მეტ ნივთებს შევიძენთ, ვცდებით. სინამდვილეში, თავდაპირველად ბედნიერება უნდა ვიგრძნოთ - და ბარაქა გაჩნდება.

ხოლო თუ რაიმეზე დამოკიდებულ ადამიანს დოზის მომატების საშუალება არ აქვს? ის კიდევ უფრო ავდება, უფრო მეტ სიმწარეს და იმედგაცრუებას, მეტ სიცარიელეს გრძნობს. აფორიაქებული ალტერნატიულ მეთოდებს ეძებს: ალკოჰოლურ დამოკიდებულებას თამაში ემატება, ტელევიზორს და კინოს - აგრესიული შოპინგი. მაგრამ მას უკვე აღარასოდეს და არაფერი ეყოფა. სიამოვნების ცენტრებმა ისეთ მდგომარეობას მიაღწია, რომ გარე ზემოქმედების გარეშე, რაც შინაგან ქიმიურ ფონს ცვლის, ადამიანს აღარ შეუძლია უბრალო ცხოვრებისეული სიმოვნებებით სიხარულის განცდა.

არსი იმაშია, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას არაფერი აქვს საერთო სიამოვნებასთან, იმიტომ რომ ინტენსიური გარე სტიმულაციით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებებზე დამოკიდებულება მხოლოდ გვყოფს ჭეშმარიტი სიხარულისგან.

უფსკრულის გაღრმავება: ემოციური დამოკიდებულება

არ ვაპირებ დამოკიდებულებების საშიშროების შემცირებას, რომელთაც შემაჯამებლად „მატერიალურებს“ ვუწოდებ. ნარკოტიკული, თამაშის, სექსუალური, შოპინგის და ა.შ. დამოკიდებულებებს კოლოსალური ზიანი მოაქვთ ადამიანებისთვის - როგორც თავად დამოკიდებულთათვის, ასევე მათი გარშემომყოფებისთვისაც. ამ წიგნში გადმოცემული ტექნიკა ამ და სხვა პრობლემების (რადგან ყველა ისინი დიდი სამეულის ნაწილს წარმოადგენენ) მოგვარებაში დაგეხმარებათ, მაგრამ დამოკიდებულ მდგომარეობებთან მიზანმიმართული მუშაობა ჩემს ამოცანებში არ შედის. და მაინც, უნდა გესმოდეთ, რომ ყოველი დამოკიდებულების უკან ესა თუ ის დასწავლილი ემოცია იმალება, რომელიც სწორედ ქცევის სპეციფიურ მოდელს იწვევს.

მე მსურს საკუთარი თავისგან გადაჩვევაში დაგეხმაროთ - სწორედ იმ მე-სგან, რომელიც, შესაძლოა, ალკოჰოლიზმით, სექსუალური დამოკიდებულებით, აზარტული თამაშებისადმი ან შოპინგისადმი არაჯანსაღი ლტოლვით, ან თუნდაც დეპრესიით, მარტოობით, მრისხანებით, ტკივილით ან ფიზიკური სენით იტანჯება.

უფსკრულზე ფიქრისას, შეგვიძლია საკუთარ თავს ვუთხრათ: „დიახაც, მერყეობას, შიშებს, პიროვნების სუსტ წერტილებს და ბნელ მხარეებს გარშემომყოფებს ვუმალავთ. ამ გრძნობებს გასაქანი რომ მივცეთ, არავინ შეგვიყვარებდა, საკუთარი თავიც არ გვეყვარებოდა ასეთი“. გარკვეული აზრით ეს სიმართლეა. მაგრამ, თუ თვითდამოკიდებულებისგან განთავისუფლება გვსურს, ჩვენს ჭეშმარიტ არსში ჩახედვა და პიროვნების ჩრდილოვანი მხარის სინათლეზე გამოტანა მოგვიწევს.

ჩემი ტექნიკა საშუალებას იძლევა საკუთარ ყველაზე ბნელ თვისებებს შევეხოთ, იმგვარად, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გავხადოთ. თქვენ არ მოგიწევთ ვინმეს მსგავსი ტექსტით მიმართოთ: „მისმინეთ ყველამ! მე ცუდი ვარ, იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში მშობლებზე ვიბოღმებოდი, იმიტომ რომ ისინი ჩემს უმცროს ძმას გაცილებით დიდ დროს უთმობდნენ, ჩემს მოთხოვნილებებს კი აიგნორებდნენ. ამიტომ ახლა მე გამოუსწორებელი ეგოისტი ვარ, მუდამ ყურადღება და ჩემი ახირებების მომენტალური დაკმაყოფილება მესაჭიროება, - სხვა შემთხვევაში მეგონება, რომ არასრულფასოვანი ვარ და არავის ვუყვარვარ“.

ჩემი სავარჯიშოები სრულ მარტოობაში სრულდება. მხოლოდ საკუთარი ტვინის გამოყენებით, ნეგატიურ პროგრამებს მოიცილებთ (ან მინიმუმ მნიშვნელოვნად შეამცირებთ მათ ზემოქმედებას თქვენს ცხოვრებაზე) და მათ უფრო პოზიტიურით და პროდუქტიულით შეცვლით.

მსურს, რომ დაივიწყოთ ემოციების გამომწვევი წარსული მოვლენები, რომლებიც შემდგომში იმდენად კარგად დაისწავლეთ, რომ ისინი თქვენი პიროვნების ნაწილი გახდა. რამდენიც არ უნდა გააანალიზოთ თქვენი პრობლემები, ვერ გადაწყვეტთ მათ, თუ წარსული ემოციების ხაფანგში დარჩებით.

ტრავმული მოვლენისთვის მორიგი თვალის შევლება ანუ მისი განმეორებით განცდა მხოლოდ გამოაცოცხლებს ძველ გრძნობებს და კიდევ ერთი მიზეზი გახდება მათი შემდგომი განცდისთვის. თუ თქვენს ცხოვრებას სწორედ იმ ცნობიერების პოზიციიდან აანალიზებთ, რომელმაც ის შექმნა, ანალიზი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს და ყველაფრის უცვლელად დატოვების სულ ახალახლი მიზეზები შემოგთავაზოთ.

მე გთავაზოთ, გადაეჩვიოთ თვითშემზღუდავ ემოციებს. ემოციებისგან თავისუფალი მოგონება - სიბრძნეა. სიტუაციები წარსულიდან და მათში ჩვენი როლი შეიძლება ობიექტურად აღვიქვათ, და არა წინანდელი გრძნობების ჭრილში. შეეცადეთ და განთავისუფლდით ნეგატიური ემოციური მდგომარეობისგან (ან მინიმუმამდე დაიყვანეთ) - და ჯილდოდ თავისუფალ აზროვნებას, მოქმედებას და დასწავლილი გრძნობების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე ცხოვრებას მიიღებთ.

დავუშვათ, ადამიანი უბედურების განცდისგან განთავისუფლდა და სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყო - ახალი ურთიერთობა დაიწყო, სამსახური იპოვა, სხვა ქალაქში გადავიდა და ახალი მეგობრები გაიჩინა. წარსულის გახსენებით მისთვის გასაგები ხდება, რომ უბედურება განსაცდელად მოევლინა, რომელიც საკუთარი თავის დაძლევაში და სხვა პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ახლა ის სამყაროს ახლებურად აღიქვამს - თუნდაც იმიტომ, რომ მან ნამდვილად შეძლო პრობლემის გადაწყვეტა.

ხილვადსა და არსს შორის არსებული უფსკრულის შემცირება ან მისი მთლიანად აღმოფხვრა - სავარაუდოდ, ყველაზე რთული ამოცანაა, რომელსაც შეიძლება ადამიანი შეხვდეს. მისი ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეიძლება: ავთენტური გავხდეთ; საკუთარი თავი დავძლიოთ, სხვებს გავაგებინოთ, რომ მათ ისეთი უნდა აღგვიქვან, როგორებიც ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანი ამისკენ მივილტვით. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ცვლილება (ანუ უფსკრულის აღმოფხვრა) შიგნიდან უნდა მოდიოდეს.

სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ადამიანები მხოლოდ სერიოზული კრიზისის, ფსიქოლოგიური ტრავმის ან სამწუხარო დიაგნოზის ზემოქმედებით იცვლებიან. კრიზისი, როგორც წესი პრობლემის სახეს იღებს: ფიზიკური (უბედური შემთხვევა ან დაავადება), ემოციური (ახლობლის დაკარგვა), სულიერი (გარემოებათა ერთობა, რომელიც საკუთარ ღირებულებაში და სამყაროს სამართლიანობაში დაეჭვებას გვაიძულებს) ან ფინანსური (სამსახურის დაკარგვა). შეამჩნევდით, რომ ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საუბარი დანაკარგზეა.

მაგრამ რატომ უნდა ველოდოთ, სანამ ტრავმა ან დანაკარგი ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს და ამით ეგოს ჩვეულ წონასწორობას დაარღვევს? გასაგებია: თუ უბედურება დაგვატყდება თავს, ნებით თუ უნებლიეთ გვიწევს რაღაც მოვიმოქმედოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა, როდესაც ბედი ფაქტობრივად მიწასთან გვასწორებს.

ასეთ მომენტებში ვაცნობიერებთ, რამდენად მოგვწყინდა გარემოებათა მსხვერპლად ყოფნა. და მაშინ საკუთარ თავს ვეუბნებით: „კმარა. ცვლილებების დროა. აღარ აქვს მნიშვნელობა, ამისთვის რა დამჭირდება და თავს როგორ ვიგრძნობ (სხეული). მნიშვნელობა არ აქვს, როდის დადგება შედეგი (დრო). მაინც შევიცვლები, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში (გარე სამყარო). სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს“.

მაგრამ პიროვნული ზრდის და ცვლილების აუცილებელ პირობას ტკივილი და ტანჯვა არ წარმოადგენს. საკუთარ თავზე მუშაობა სიხარულისა და შთაგონების მდგომარეობაშიც შეგვიძლია. მაშ, რატომ დაველოდოთ, როდის ვიგრძნობთ თავს იმდენად ცუდად, რომ მიჩვეული ჭაობიდან საკუთარი თავის თმებით ამოთრევა დაგვჭირდეს?

უფსკრული აღმოფხვრის გვერდითი მოვლენები

ერთერთი საკვანძო უნარჩვევა, რომელსაც უნდა დავეუფლოთ, - თვითდაკვირვებაა (თვითშემეცნება). ეს მოკლე ფორმულირება ყველაფერს იტევს, რის შესახებაც მომდევნო თავში ვისაუბრებ, რომელიც მედიტაციის პროცესს ეძღვნება. მედიტაციის მიმდინარეობისას თქვენ უნდა გააანალიზოთ ნეგატიური ემოციური მდგომარეობა, რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე ეგზომ დამანგრევლად იმოქმედა. თქვენი ფიქრებისა და ქცევების განმსაზღვრელი, პიროვნების სიღრმისეული მდგომარეობის გაცნობიერება და მისი უმცირეს ნიუანსებში შესწავლა მოგიწევთ. დროთა განმავლობაში დაკვირვების ხელოვნება ნეგატიური ემოციური მდგომარეობისგან გადაჩვევაში დაგეხმარებათ. არასასურველ ემოციას უმაღლეს გონს მიანდობთ და ამით თქვენს ჭეშმარიტ არსსა და ძველ ნიღაბს შორის უფსკრულს აღმოფხვრით.

წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ხელებით ოთახის კედლების გაწევას შეეცდებით. რამდენ ენერგიას დახარჯავთ კედლებთან დაპირისპირებაში? ამ დროს კი ბევრად მარტივია თავი დაანებოთ მათ, გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი (ბოლოს და ბოლოს, უფსკრული რაღაცით კარის მსგავსია, არა?), გამოხვიდეთ ოთახიდან და სულ სხვა გარემოში აღმოჩნდეთ. იმ ოთახს რაღა დაემართა, უკან რომ დარჩა? მისი კედლები გადაადგილდნენ და კარის ღიობიც ჩაყლაპეს, და თქვენ იქ დაბრუნება აღარ შეგიძლიათ. უფსკრული აღმოფხვრილია, თქვენი პიროვნების დაყოფილი ჰიპოსტასები ერთ მთლიანობად გაერთიანდნენ. მაგრამ ის ენერგია სად წავა, რომელიც კედლებთან ბრძოლაში დახარჯეთ? ფიზიკის ერთერთი საბაზისო კანონია ენერგის შენახვის კანონი: ენერგიის შექმნა ან განადგურება შეუძლებელია - მხოლოდ მისი ტრანსფორმირება ან სხვა მიმართულების მიცემაა შესაძლებელი. სწორედ ეს გელით, როდესაც დაკვირვების ხელოვნებას იმდენად დაეუეფლებით, რომ თქვენს გონებას არც ერთი აზრი, არც ერთი ემოცია და არც ერთი ქცევის მოდელი არ გამოეპარება.

სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ: თქვენ მოგიწევთ ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში შესვლა და იქ შენახული მონაცემების და ბრძანებების გადატანა ცნობიერის სფეროში, რათა გაიგოთ, სად არის განლაგებული ის სწრაფვები და მიდრეკილებები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაზე კონტროლი მოიპოვეს. ამრიგად, პიროვნების იმ ასპექტებს გააცნობიერებთ, რომლებიც ადრე არასოდეს გაგიცნობიერებიათ.

თვითშემზღუდველი მდგომარეობების ბორკილების გაწყვეტით, სხეულს ვათავისუფლებთ. ის აღარ თამაშობს ავტომატური გონების როლს, რომლისთვისაც ყველა დღე ტყუპისცალივით ერთმანეთს გავს. სხეული ემოციურად თავისუფლდება, ჩვენ უფსკრულს აღმოვფხვრით. უფსკრულის აღმოფხვრით, ვანთავისუფლებთ ენერგიას, რომელიც ადრე მის შენარჩუნებაზე იხარჯებოდა. ახლა კი ის ახალი ცხოვრების შექმნისკენ მიიმართება.

უფსკრულის აღმოფხვრა გვ. 142

az5

ნახ. 7E. დასწავლილი ემოციებისგან გადაჩვევით, რომლებიც ჩვენი პიროვნების ნაწილად იქცნენ, ხილვადსა და არსს შორის უფსკრულს აღმოვფხვრით. ამ პროცესის გვერდითი ეფექტი - ენერგიის გამოთავისუფლებაა, რომელიც სხეულში ემოციის სახით ინახებოდა. როგორც კი სხეულიდან ამ ემოციის მახსოვრობას ვშლით, ენერგია პირდაპირ კვანტურ ველში მიემართება, სადაც მისი დახმარებით შეგვიძლია ახალი ბედის შექმნა დავიწყოთ.

ემოციური დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას სხვა გვერდითი ეფექტებიც ახასიათებს: ენერგიის გადმოსროლა ჩვენზე ჯადოსნური ელექსირის ყლუპივით მოქმედებს. ჩვენ არა მარტო ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ, არამედ დიდი ხნის მივიწყებული სიხარულის განცდა გვეუფლება. ემოციური ბორკილებისგან სხეულის განთავისუფლებით მძლავრ სულიერ აღმაფრენას ვიგრძნობთ. თუ ავტომობილით დიდი მანძილი დაგიფარიათ, თქვენთვის ეს გრძნობა ნაცნობი იქნება: როგორც იქნა მანქანიდან გადმოდიხართ, შეშუპებულ კიდურებს გაშლით, სუფთა ჰაერს შეისუნთქავთ... გარკვეული დროით სიჩუმე ისადგურებს - არც ბორბლების ასფალტზე ხახუნი, არც ძრავის ხმა... აბა წარმოიდგინეთ, როგორ გამძაფრდება გრძნობები, თუ მანქანიდან - რკინის კოლოფიდან - გადმოსვლამდე გაუჩერებლად ორი ათასი კილომეტრი გაიარეთ? და ბევრი ჩვენგანი წლობით სწორედ ასეთ პირობებში ცხოვრობდა!

გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულ გრძნობებზე, აზრებზე და ქმედებებზე მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არაა.

მედიტაცია აქტიური მუშაობაა, ის საკუთარი თავის შეცნობას ემსახურება. მზად იყავით, უკიდურესად გულწრფელი იყოთ და დღის სინათლეზე გამოიტანოთ ყველაფერი, რაც უფსკრულის წყვდიადში იყო დაფლული.

როდესაც ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, საკუთარ თავს როგორ ექცეოდით, შეძლებთ თქვათ: „ეს არაფერში მარგია. ესეც ზედმეტია ჩემთვის. ეს კი დიდი ხანია მხოლოდ ზიანს მაყენებს“. შემდეგ კი საკუთარი ნებით განთავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ხელს გიშლით.

ვიქტიმურობიდან მოულოდნელ სიმდიდრემდე: ერთი ქალის ისტორია, რომელმაც უფსკრული აღმოფხვრა

წარმოგიდგენთ ქალის ისტორიას, რომელმაც საკუთარი ცხოვრების კვანტური დამკვირვებლის გაბედული თვალით გადახედვა შეძლო და ამისთვის დაჯილდოვდა.

ჩემი სემინარების ერთერთი მონაწილე, პამელა, ფულის კატასტროფულ უკმარისობას განიცდიდა: მისი ყოფილი ქმარი, უმუშევარი, ბოლო ორი წელი ალიმენტს აღარ იხდიდა. პამელა საკუთარი უძლურებით იტანჯებოდა, თავს მოტყუებულად გრძნობდა და მთელ სამყაროზე იყო განრისხებული.

იმდღევანდელი მედიტაცია შესაძლებლობას იძლეოდა, ადამიანს გაეცნობიერებინა, რომ ემოციები ცხოვრებისეულ მოვლენებზე რეაქციას წარმოადგენენ. რამდენადაც მოვლენათა უმეტესობა ასე თუ ისე ჩვენი მეგობრების და ნათესავების ჩართულობით ხდება, ჩვენ მათ მიღებულ ემოციებს ვუზიარებთ. როგორც წესი, ეს კარგია: საერთო მოგონებები ქმედებებზე, ნივთებზე, რომელთაც ერთად იყენებდით, პიროვნებათა შორის კავშირებს ამყარებს. მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: ჩვენ არა მხოლოდ დადებით, არამედ უარყოფით ემოციებსაც ვუზიარებთ მათ.

ენერგეტიკული კავშირები დროისა და სივრცის მიღმა წარმოიქმნება. კვანტური ველის ყველა ელემენტი გადახლართულია, ხოლო რადგან პიროვნებებს შორის კავშირები თვითგადარჩენისკენ მიმართული ემოციების საფუძველზე ფორმირდება, ვიდრე ჩვენ ადამიანებთან ნეგატიურ ემოციურ კავშირებს არ გავწყვეტთ, ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელია.

პამელას ყოფიერების მდგომარეობაში მისი ყოფილი ქმრის (განგაში, დანაშაული, არასრულფასოვნების შეგრძნება შვილების უყურადღებოდ მიტოვების გამო) და მისი საკუთარი (იმედგაცრუება, ბრაზი, გაჭირვება) ნეგატიური ემოციები გადაიხლართა. და უმცირესი შესაძლებლობისას მასში მცხოვრები „ვიკტიმური ურჩხული“ მახინჯ თავს წამოსწევდა და ნებისმიერ სიტუაციას აფუჭებდა. დესტრუქციული ემოციების ზემოქმედებით პამელა თავის ყოფიერების მდგომარეობაში უძრავად გაქვავდა. ქმართან სიტუაციის შეცვლის მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად რჩებოდა, რადგან ისინი გადატანილი ნეგატიური ემოციებით და უარყოფითი ენერგეტიკით ერთმანეთზე იყვნენ მიჯაჭვულები.

სემინარზე პამელამ გააცნობიერა, რომ პირველ რიგში ამ ჯაჭვების გაწყვეტა და იმ ემოციებისგან განთავისუფლებაა საჭირო, რომლებიც მას უცვლელ რეალობაში აკავებს. მან გაიგო, რომ განმეორებადი აზრები, გრძნობები და მოქმედებები ორგანიზმში მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს, რომელთაც საბოლოოდ პათოლოგიური გენების გააქტიურება და დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ - ეს კი მას არაფერში სჭირდება. და პამელა მიხვდა, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მოგვიანებით პამელა მომიყვა, რომ მედიტაციის პროცესში აღმოაჩინა მავნებელი პროგრამები, რომელთა პროვოცირებას მსხვერპლის ყოფიერების მდგომარეობა იწვევდა - შვილების მიმართ გაღიზიანება, საყვედურები და დადანაშაულება, სასოწარკვეთა და გაჭირვება. მან ეგოცენტრული მდგომარეობიდან გამოსვლა, წარსულთან დაკავშირებული ემოციების გაშვება და მათი უმაღლესი გონისთვის მინდობა შეძლო.

ამგვარად პამელამ კვანტურ ველში შეგუბებული ენერგია გამოანთავისუფლა და არსსა და ხილვადს შორის უფსკრული აღმოფხვრა. შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: პამელამ სიხარულის და მადლიერების ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ სხვებისთვისაც იგივე სიუხვე ისურვა, რაც საკუთარი თავისთვის. ეგოისტური ემოციები გულისხმიერებით შეცვალა და სხვა ადამიანად იქცა.

გამონთავისუფლებულმა ენერგიამ კვანტურ ველს ანიშნა, განეხორციელებინა ის რეალობა, რომელიც პამელას ახალ პიროვნებას შეესაბამებოდა. ძალიან მალე მან ორი მტკიცებულება მიიღო.

პირველი პროფესიული სფეროდან (პამელას მცირე ინტერნეტ-ბიზნესი ჰქონდა) მოვიდა. ერთხელ მან თავის საიტზე პრომოაქცია ჩაუშვა. ის ძალიან ნერვიულობდა და გამუდმებით ამოწმებდა საიტს, მაგრამ შედეგი სანუგეშო არ იყო. მეორე პრომოაქცია მან სემინარის დაწყებამდე, დილით ჩაუშვა. პამელა მთელი დღის განმავლობაში იმდენად დაკავებული იყო, რომ შედეგზე ფიქრისთვის არ ეცალა, საღამოს კი საკუთარი გადაწყვეტილების - განთავისუფლებულიყო ძველი გრძნობებისგან - ნაყოფით ტკბებოდა. და როდესაც პამელამ აღმოაჩინა, რომ მისმა პრომოაქციამ თითქმის 10000$ გამოიმუშავა, - მხოლოდ ერთ დღეში! - მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

სამი დღის შემდეგ კი მეორე მტკიცებულებაც გამოჩნდა. პამელას სოციალურმა მუშაკმა დაურეკა და აცნობა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მას 12000$ ჩეკი - გადაუხდელობის შედეგად დაგროვებული მთელი თანხა გამოუგზავნა. პამელა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ფრინავდა - ხუმრობა ხომ არაა, მედიტაციის შემდეგ 22000$ მიღება! ამასთან, ფიზიკურად არაფერი გაუკეთებია და არც წარმოდგენა შეეძლო, როგორ იპოვიდა ფული მას, და რაოდენ მადლობელი დარჩა, რომ ეს მაინც მოხდა!

პამელას ისტორია ამტკიცებს, რა ძალას გვანიჭებს ნეგატივისგან განთავისუფლება. ვიდრე ჩვეული აზრობრივი განწყობების, აღქმების და ქცევის მოდელების აყროლებულ ჭაობში ვფართხალებთ, ძველი პრობლემების გადაწყვეტა არ ძალგვიძს. ეს პრობლემები (არსით - განცდები) კი კოლოსალურ ემოციურ მუხტს ფლობენ. მათზე უარის თქმით უზარმაზარ ენერგიას ვათავისუფლებთ, და შედეგად სინამდვილე ჯადოსნურად იცვლება.

წარსულიდან გამოსვლით, გზას მომავლისკენ ვიკვალავთ

დაფიქრდით, რამდენი ენერგია თვლემს თქვენში წარსულის ადამიანებთან და მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის, კრიტიკულობის, შიშის ან სევდის სახით. წარმოიდგინეთ, დესტრუქციული ენერგიის პროდუქტიულად გარდაქმნით რამდენი სიკეთის გაკეთებას შევძლებდით, და თვითგადარჩენაზე (ეგოისტური ემოციები) უარის თქმით და პოზიტიური განზრახვების (გულისხმიერება) რეალიზაციაზე გადასვლით რა სიმაღლეებს მივაღწევდით!

საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ნუთუ თავად ვაჩერებ ჩემში ნეგატიურ ენერგიას, რომელიც ჩემს ძველ იდენტობას ინარჩუნებს და გარემოებებთან ემოციურად მაკავშირებს? ნუთუ შემიძლია თვითშემზღუდველი ემოციების ამაღლებულ ემოციებად ტრანსფორმირება და ამ ენერგიის ახალი რეალობის შექმნისკენ მიმართვა?“

მედიტაცია ფენაფენად დალექილი ნეგატიური ემოციებისგან გაწმენდაში და ჩვეული ნიღბების ჩამოხსნაში დაგეხმარებათ - სწორედ ეს არ აძლევდა უნივერსალურ ენერგიას თქვენს სხეულში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. გარეგანი დანაშრევებისგან განთავისუფლების შემდეგ გამჭვირვალობას მიაღწევთ. გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ სამყაროს თქვენს ჭეშმარიტ არსს წარუდგენთ. ასეთ მდგომარეობაში სიხარულით და მადლიერებით აღივსებით - ჩემი აზრით, სწორედ ესაა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ დროს დაიწყებთ წარსულიდან გამოსვლას და მომავლისკენ ბილიკის გაკვალვას.

უნივერსალური ენერგიის ნაკადისთვის გზის მიცემით თავად ემსგავსებით ამ სუბსტანციას. თქვენ ნებისყოფა გივითარდებათ, მოსიყვარულე და გამგები ხდებით, მეტის გასაცემად ხართ მზად, - ახლა ხომ თქვენში სამყაროს გონი ლაპარაკობს. უფსკრული აღმოფხვრილია.

ამ ეტაპზე თქვენ მთლიანობას და ბედნიერებას გრძნობთ. საკუთარ თავს გარე სამყაროს მეშვეობით აღარ განსაზღვრავთ. არც ერთ მოვლენას და არც ერთ ადამიანს ასეთი შეგრძნების ჩუქება არ შეუძლია. სიხარული და შთაგონება ხომ შიგნიდან მოედინება - თქვენი ჭეშმარიტი თვითშეგრძნებიდან.

გაჭირვებული და დაუკმაყოფილებელი მდგომარეობა წარსულში დარჩა. და იცით, ყველაზე სასაცილო რა არის? სწორედ ახლა, როდესაც აღარაფერი გჭირდებათ და ყველაფრით კმაყოფილი ხართ, თქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სიკეთეები იწყებს ხორცშესხმას. ბევრი ადამიანის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ისინი გაჭირვების, მარტოობის და საკუთარი არარაობის თვითშემზღუდველ მდგომარეობაში ცდილობენ იყვნენ შემოქმედნი, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი შემოქმედება მხოლოდ მადლიერების, მთლიანობის და შთაგონებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი. სწორედ ასეთ დროს პასუხობს კვანტური ველი თქვენს ძალისხმევას კეთილგანწყობით.

უფსკრულის აღმოფხვრისკენ პირველი ნაბიჯი კი - მისი გაცნობიერებაა. ჩვენ ნეგატიურ ემოციებს უნდა დავაკვირდეთ, რომლებმაც უფსკრული შექმნეს და ჩვენს პიროვნებას დაეპატრონენ. წარსულის ჭაობიდან რომ ამოვიდეთ, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და პატიოსნად შევაფასოთ (ამასთან ერთად, თვითგვემას არ მივეცეთ). იმოქმედეთ ფორმულით „დავინახე - გავიაზრე - გავუშვი“. სხეულის ჩვევებისგან განთავისუფლებით და მათი კვანტური ველისთვის გადაბარებით საკუთარ თავს შემოქმედებისთვის აუცილებელი ენერგიით მოამარაგებთ.

რეკლამის გავლენა

სარეკლამო სააგენტოებმა და მათმა კლიენტებმა - მსხვილმა კორპორაციებმა - მშვენივრად იციან, რა როლს თამაშობს ჩვენს ქცევაში შინაგანი დაუკმაყოფილებლობა. ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათი დახმარებით ჩვენს შინაგან სიცარიელეს შევავსებთ. ამისთვის მხოლოდ მათი საქონელის ყიდვაა საკმარისი.

რეკლამის გამავრცელებლები შემთხვევით არ ქირაობენ ცნობილ სახეებს. ეს ეშმაკური სვლა იქითკენაა მიმართული, რომ მომხმარებელმა ქვეცნობიერად მიიღოს „ვარსკვლავი“ თავის ახალ იდეალურ პიროვნებად. არ გიყვარს საკუთარი თავი? იყიდე ეს! ვერ ჯდები სოციუმში? იყიდე ის! მარტო ხარ? რამე არ გყოფნის? სევდამ შეგიპყრო? ჩვენი მიკროტალღური ღუმელი (ტელევიზორი, ავტომობილი, მობილური ტელეფონი... და რაც გნებავთ!) - სწორედ ისაა, რაც შენ ახლა გჭირდება. შენი თვითშეფასება უმალ ამაღლდება, ნებისმიერ კომპანიაში მიგიღებენ, ხოლო კარიესის წარმოქმნის რისკი 40%-ით შემცირდება! ჩვენ ყველანი მგრძნობიარეები ვართ დაუკმაყოფილებლობის გრძნობით მანიპულირებისას.

ჩემი ტრანსფორმაციის ისტორია, რომელიც შესაძლოა თქვენთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდეს

ეს თავი დაიწყო ისტორიით, ერთ მშვენიერ დილას დივანზე მჯდომმა როგორ გავაცნობიერე, რომ ჩემს ჭეშმარიტ არსსა და იმ გამოსახულებას შორის, რომელსაც სამყაროში ვაპროეცირებდი, მოზრდილი უფსკრული არსებობდა. ახლა კი ამ ისტორიის დასასრულს გაიგებთ.

იმხანად კარიერის მწვერვალზე ვიყავი. ქვეყნის მასშტაბით ვმოგზაურობდი, ლექციებით გამოვდიოდი ადამიანების წინაშე, რომელთა უმეტესობას ნანახი ვყავდი ფილმში „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ“. გამოსვლისას ვგრძნობდი, რომ სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ და გარშემომყოფები ბედნიერ ადამიანად მთვლიან. მაგრამ უეცრად თითქოს მეხი დამეცა. უცებ გავაცნობიერე, რომ მათი მოლოდინის შესატყვისი უნდა ვყოფილიყავი, ანუ ისეთი, როგორადაც აღმიქვეს ფილმის ნახვის შემდეგ. მე აღარ მესმოდა, ვინ ვარ, მუდმივად გარე სამყაროდან შეხსენებას ვსაჭიროებდი. ფაქტობრივად ორმაგ ცხოვრებას ვეწეოდი, და ამ ხაფანგიდან თავის დახსნა მოვისურვე.

ვიჯექი მარტო, საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი, და უცებ დავფიქრდი იმ ძალაზე, რომელიც გულს ძგერას აიძულებს. იმ მომენტში მივხვდი, რამდენად დავშორდი თავდაპირველ გონს. თვალები დავხუჭე და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე. ვაცნობიერებდი, ვინ ვარ და რას ვუმალავ საკუთარ თავს. ჩემი უკეთური მდგომარეობის მთელი სიღრმე გავიაზრე. და ჩემი პიროვნების ზოგიერთი ნაწილის უმაღლესი გონისთვის გადაბარება დავიწყე.

შემდეგ საკუთარ თავს შევახსენე, როგორი არ მინდა ვიყო. გადავწყვიტე, რომ აღარ ჩავებღაუჭები ჩვეულ ნიღაბს. შემდეგ ჩემი ძველი იდენტობის განმამტკიცებელი ქვეცნობიერი ქცევითი პროგრამები, აზრები და ემოციები გავაანალიზე. იქამდე ვაკვირდებოდი, ვიდრე უმცირეს დეტალებში არ შევისწავლე ისინი.

შემდეგ ჩავფიქრდი, მაინც როგორი მინდა, რომ ვიყო... და ვფიქრობდი, ვიდრე სინამდვილეში ისეთი არ გავხდი. უეცრად სიხარულის მოზღვავება ვიგრძენი, ყოველგვარი გარეგანი მიზეზის გარეშე! არა, სიხარულის განცდა ჩემს შიგნით ბუდობდა და გარე სამყაროზე არ იყო დამოკიდებული. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს მივაგენი.

მედიტაციამ მყისიერი ეფექტი გამოიღო: დივანიდან უკვე სხვა ადამიანი ავდექი. ჩემი ცნობიერება უაღრესად გაიზარდა, თავს ჭეშმარიტად ცოცხლად აღვიქვამდი. ბევრი აქამდე ჩემთვის უცნობი ნიუანსი შევნიშნე. ერთი ნიღაბი მოვიცილე, და ახლა მსურდა ერთმანეთის მიყოლებით ყველა ჩამომეგლიჯა.

გადავწყვიტე, ნახევარი წლით საქმეებს ჩამოვცილებოდი. რამდენიმე კლიენტი დავიტოვე, მაგრამ ლექციებზე მთლიანად უარი ვთქვი. მეგობრებმა იფიქრეს, რომ გავგიჟდი (ასეც იყო) - იმხანად ფილმი „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ“ პოპულარობის პიკზე იყო, და ისინი გაუთავებლად მიმეორებდნენ, რომ დიდ ფულს ვკარგავდი. მე კი მტკიცედ განვაცხადე, რომ მანამ არ ავალ ტრიბუნაზე, სანამ სამყაროს მიერ თავსმოხვეული იდეალისკენ სწრაფვას არ შევეშვები და საკუთარი გაგებით იდეალური არ გავხდები. ვიდრე თავად არ გავხდები ცოცხალი მაგალითი იმისა, რასაც ვამბობ - არავითარი ლექციები! მე მედიტაციებისთვის და თვითშეცვლის სერიოზული მუშაობისთვის უნდა მიმეძღვნა დრო. მსურდა სიხარულის წყარო გარე სამყაროდან საკუთარ თავში დამებრუნებინა. მსურდა, ეს შინაგანი სიხარული ჩემს ლექციებზე გამომესხივებინა.

ტრანსფორმაცია ერთ საათში არ მოხდა. მედიტაციებს ყოველდღიურად ვასრულებდი, არასასურველ ემოციებს ვაანალიზებდი და რიგრიგობით ვთავისუფლდებოდი მათგან. ძველი პროგრამებისგან გადასაჩვევად და მათი ახლებით შესაცვლელად რამდენიმე თვე დამჭირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში შეგნებულად ვანგრევდი ჩემს ძველ პიროვნებას და საკუთარი თავისგან გადაჩვევას ვესწრაფვოდი.

სწორედ მაშინ ვისწავლე ყოველგვარი ხილული მიზეზების გარეშე სიხარულის განცდა. ჩემი ბედნიერება სულ უფრო სრული ხდებოდა, და ამ შემთხვევაში მას არაფერი ჰქონდა საერთო გარე სამყაროსთან. მას შემდეგ ყოველ დილას დროს ვუთმობ მედიტაციას, რადგან მსურს ყოფიერების ამ მდგომარეობის გაღრმავება და გაფართოვება.

* * *

რა მიზეზითაც არ უნდა მიგემართათ ამ წიგნისთვის, იმისთვის, რომ სინამდვილეში რაღაც შეცვალოთ, ცნობიერების ახალ საფეხურზე უნდა გადახვიდეთ. დაწვრილებით უნდა შეისწავლოთ თქვენი პიროვნება: ჩვეული ქცევები, აზრები და გრძნობები, ცხოვრების წესი და ყოფიერების მდგომარეობა. დააკვირდით თქვენს თავს, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ მეტად აღარ გსურთ ამ პიროვნებასთან რამე საერთო გქონდეთ... და, მეტიც, სინამდვილეში არც გაქვთ. ამ შეგრძნებამ თხემით ტერფამდე უნდა მოგიცვათ.

ახლა მედიტაციის ტექნიკას გაგიზიარებთ, რომელმაც ოდესღაც თავად მე შემცვალა. განსაკუთრებულად ძნელს ნურაფერს ელით - თითქმის დარწმუნებული ვარ, რაღაც მსგავსი უკვე გაკეთებული გექნებათ. მე მხოლოდ მედიტაციის თეორიის საფუძველს გაგაცნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ თვითშეცვლის პროცესი უნარის დონემდე მიიყვანოთ. ამრიგად...