აღმოაჩინე ის, რაც არის

ავტორი: ხატია თორაძე

დილის მზის სხივმა „დაჩრჩილურ“ ფარდიდან ადვილად შემოაღწია ჩემს ოთხაში, ალბათ გარეთ კარგი ამინდია, თუმაცა მე არაფერი მახარებს,
ნეტა ყველამ იცოდეს ამ მოდური სიტყვის „ბულინგის“ მიღმა რას გრძნობს სინამდვილეში ადამიანი, ეს ენით აღუწერელი საკუთარი თავის მიუღებლობაა, სადაც შიში მართავს, სიძულვილი მეფობს, გაუცხოვება გაქვს ყველასი, პირველ რიგში საკუთარი თავის. მსხვერპლი ხარ! მკვდარი ლეშივით საზიზღარი მსხვერპლი! გარშემო მხოლოდ აუტანლი ჯოჯოხეთია, შინაგანად კი უარესი, სახელს ვერ ვუძებნი ამ მდგომარეობას. დილით გაღვიძება და სკოლაში წასვლა ამ მაზოხისტური ცხოვრების საწყისია. ბევრჯერ ვცადე სკოლისთვის თავის დანებება, მაგრამ ამაოდ, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მე განათლებას მაძლევს, სინამდვილეში კი სულში მხოლოდ შავბნელ აზრებს მიღძრავს, შურისძიების გეგმებს მაწყობინებს და რადგანაც გამბედაობა არ მაქვს ჩემს ფიქრებს ხორცი შევასხა, ეს ბოღმა ისევ ჩემთან რჩება და მე თვითონ მკლავს.
- სკოლაში გაგვიანდება ადექი. - ოთხაში ნაადრევად დაბერებული ჩემი დედობილის სახე დავლანდე, რომელიც უცბადვე გაუჩინარდა. ზიზღი ვიგრძენი სამყაროსი, დილის, დედობილის, საკუთარი არსების,საწოლიდან ავდექი, ზანტად, მძიმე ნაბიჯებით მივედი სარკესთან, დროისაგან სულმთლად დაღლილ იატაკმაც ჭრაჭუნითვე ამოიგმინა ტკივილი, გარეთ თბილოდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ მე კი მარტო იატაკის ამაზრზენი ჭრაჭუნი გავიგე. ჩემს თავს ვუყურებდი სარკეში და მეცოდებოდა იქ მომზირალი სხეული, რომელსაც ბედნიერება სურდა თუმცა გაუკუღმართებული ცხოვრება მიიღო, ლოთი მამობილი, სადგურზე ბანანებით მოვაჭრე დედობილი და ბილოლოგიური მშობლებისგან უარყოფილი წარსული. ჩემი ძონძებით შევიმოსე და ჩემი სულის სასაკლაოსკენ, სკოლისკენ გავეშურე.
- ხალხით გადავსებულ ქუჩებში მივაბიჯებდი და მარტოობა მამძიმებდა, ალბათ აქ მყოფნი ყველა გარს, რომ შემომხვეოდნენ და დამლაპარაკებოდნენ ამ ტვირთს მაინც ვერ მომხსნიდნენ. ვიცი მარტოობის გრძნობა ჩვენი ილუზიაა, რომელიც ჩვენმა გონებამ მიიღო, დაიჯერა, შეეჩვია და დაუმეგობრდა ისევე, როგორც ცოდვას უმეგობრდება ადამიანი, მიუხედავად ცოდვის სიმძიმისა მას ჩვენში გაჩერების უფლებას ვაძლევთ, არ ვუშვებთ, ჩვენ ტანჯვის საწყისები ჩვენივე უგუნურებით ვხდებით., ერთხელ სადღაც ამოვიკითხე „ ცოდვიან ადამიანს კი არა მასში მყოფ ცოდვებს ებრძოლეთ, არ მისცეთ საშუალება გამრავლდეს, მისგან გათავისუფლებულ კაცში ღმერთს დაინახავთ“ ასევეა მარტოობაც, შევეჩვიე, მივენდე, არც ვებრძვი, აღარც ვსაყვედურობ, მას ჩემში ადგილი დავუთმე, რითაც საკუთრი პიროვნების არასრულფასოვნების შეგრძნება გავიღვივე.
სკოლის შენობაში ქურდივით შევიპარე, ყველანაირად ვცდილობდი შეუმჩნევლად გამევლო ეს საშინელი დერეფანი, რომელიც ხახა გაღებული ჩემს შეჭმას სულმოუთმენელი ელოდა, ახლაც გულს მიგმირავს ის საშინელი კდლების სიჩუმე, რომელიც ჩემში მხეცივით შემოდიოდა, კიბეც ავლილი მქონდა ლამის როდესაც უკნიდან ნაცნობი შეძახილი გავიგე
- ე აყვანილო, იცი შენს მამიკოს გუშინ ჩვენს სადარბაზოში ტკბილად ეძინა, სანამ ჩვენმა ეზოს მაწანწალა ძაღლმა თავსზე არ დააფსა. - ბავშვების სიცილმა შეაწყვეტინა სიტყვა რატის, შემდეგ კი ისევ განაგრძო- ეძინოსთქო გამოიფხიზლებს და თვითონვე წავა არყის დასალევადთქო.
სწრაფი ნაბიჯით გავეშურე საკლასო ოთახისკენ, მათი ხარხარი შორიდან ყრუთღა მესმოდა, ჩემი გონება მიჩვეული იყო შეურაცხყოფის მოსმენას, თუმცა გული ვერადავერ შევაგუე ამ ფაქტს, ყოველ ჯერზე შინაგანი ტკივილი უფროდაუფრო მიმძაფრდებოდა, ოთახში ფეხაკრეფით შევედი, თითქოს ვცდილობდი მორიგი შეურაცხყოფისთვის ჩემი შეუმჩნევლობით თავი ამერიდებინა. ჩემთვის განკუთვნილ ცალკე მდგომ მერხს მივუჯექი და ყელში გაჩხერილ ცხოვრებას ჩემს გონებაში ლანძღვა დავუწყე , ყველაფერს და ყველას ვადანაშაულებდი, მამობილს რომლის უსაქმურობამ და ლოთობამ სკოლის და უბნის დასაცინი გამხადა, დედობილს, რომელიც თავს სულ არ უვლიდა და სადგურის მოედანზე ბანანებს დაატარებდა, ხშირად ბავშვები „ლოთ ბანანსაც“ კი მეძახდნენ, დავიღალე, მინდა შორს გადავიკარგო და ვიყვირო, რომ დავიღალე, ხშირად მიტრიელებს თავში თვითმკვლელობის ნაირნაირი სცენები, თუმცა ამასაც ვერ ვახერხებ. მთელი ჩემი არსებობა ერთი დიდი“ გამბედაობის შიშია“ ვატყობ უნდა ვიტირო, ძლივს ვიკავებ დარდს, ცრემლებსაც ვერ ვასწავლე მშვიდად შეხვდნენ დამცირებას, მაინც მეპარებიან თვალებიდან, ათასჯერ ვიხედები მაღლა როგორმე შევაკაო, თუმცა ამაოდ ერთ თვალის დახამხამება და უკვე ლოყებზე ვგრძნობ სისველეს.
- ბავშვებო ყურადღებით, სასწრაფოდ დასხედით, სამინისტროდან სტუმრები გყვავს, ახლა თქვენს კლასში შემოვლენ და გაგესაუბრებიან. - ჩვენმა კლასის დამრიგებელმა სწრაფად გაგვაცნო ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და თავის მაგიდის მილაგება დაიწყო.
ამასობაში საკლასო ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა, ერთი ვიცანი, ღრმად პატივცემული განათლების მინისტრის მოადგილე იყო, მეორე ასე დაახლოებით 23 წლის ბიჭი, დიდხანს არ გაჩერებულან, თავიაანთი წინასწარ დაწერილი სათქმელი თქვეს და გავიდნენ, ჩემს ფიქრებით დაკავებულმა ძირითადი აზრი მაინც ვერ გამოვიტანე და სიმართლე, რომ გითხრათ დიდად არც მაინტერესებდა. ამასობაში ზარიც დაირეკა, საპირფარეშოსკენ წავედი, გარშემო იმდენად არაფერი მაინტერესებდა ვერც კი შევამჩნიე ჩემი კლასელის წამოდებული ფეხი, მხოლოდ იატაკზე ზღლართანის შემდეგ გავაცნობიერე რაც გამიკეთეს, თავის ძლიერმა ტკივილმა გამაბრუა, პირში მლაშე გემო ვიგრძენი, ტუჩიდან სისხლი მომდიოდა, არც ეს სიტუაცია იყო ჩემთვის უცხო, თანაგრძნობით გამოწვდილ ხელს არც ველოდი, სწრაფად წამოვხტი და იქაურობას სირბილით გავეცალე, ვტიროდი მთელი ხმით ვტიროდი, ახლა აღარ ვუკრძალავდი ცრემლებს დამალვას, კიბეები სლუკუნ სლუკუნით ჩამოვირბინე, გარშემო ვერაფერს ვხედავდი, ან რატომ უნდა მეყურებინა იქ სადაც არასდროს არავინ მეკითხებოდა რა მჭირდა, უფროსები ხომ თავიანთ პრობლემებით დახუნძლულ დიდ ჩემოდანს აგრესიულები დაატარებენ და გვერდზე არც იყურბიან,ხოლო ჩემი თანატოლები კი ამ ჩემოდანს გულმოდგინედ ავსებენ. სხვის საშველაად არასდროს არვის სცალია. ასე უიმედო ჩამოვრბოდი კიბეზე, სანამ მორიგი შეჯახებ არ ვიგრძენი, გაბრაზებულმა ავხედე ჩემს წინ მდგომს, რომლის სახეზეც ნაცნობ დამცინავ ღიმილს ველოდებოდი, მაგრამ ჩემ წინ დაბნეული, ჩემი მდგომარეობით შეშფოთებული სახე დავლანდე. ზუსტად ის დამსწრე ბიჭი იდგა ჩემს წინ რომელმაც ორიოდე წუთის წინ წინასწარ დაწერილი ტექსტი წაგვიკითხა. მისი დაბნეული სახის გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ შემთხვევით დამეჯახა, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის ამას, მის ბოდიშებს არც კი დავუგდე ყური ისე წავედი ეზოსკენ, უკან გამომყვა, მთხოვდა, რომ უფლება მიმეცა დამხმარებოდა, ნატკენ ტუჩზე მანიშნებდა, მე კი მარტო დარჩენა მინდოდა, უკან არც ვიყურებოდი, როდესაც მკლავში ხელი ჩამავლო და ძალით ჩამსვა თავის მანქანაში.
- ყველაფერი დავინახე, ახლავე ექიმთან მივდივართ თავი დაარტყი შეიძლება ტვინის შერყევაც მიიღე.
არაფერი მითქვამს, არც არაფერი მქონდა სათქმელი და არსებითად არც არაფერს ქონდა მნიშვნელობა იმ დროს ჩემთვის. ახლო მდებარე კლინიკაში მივედით, ექიმმა გამსინჯა, თავზე გადამიღეს და მართლაც შერყევა მქონდა ტვინზე მიღებული, წამლები გამომიწერა და 2კვირა წოლითი რეჟიმი დამინიშნა. სახლში ისე მოვეედით ხმა არ გამიცია, არც თვითონ გამოუჩენია დიდად ინიციატივა საუბრის, მანქანიდან გადმოსვლამდე მადლობა გადავუხადე და უკანმოუხედავად შევედი სახლში.
ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია, ხელში ცნობა მეჭირა, რომელიც ორი კვირა მათავისუფლებდა სკოლისგან, ამ ფაქტის გაცნობიერებით ბედნიერი ვიყავი, პირდაპირი გაგებით სამოთხეში გავატარებდი ამ 2 კვირას, სრულიად მარტო, ზედმეტი დამცირების გარეშე,ჩვენ ხომ სულ გვგონია, რომ სხვა გვამცირებს, სხვა გვტანჯავს, სხვა გვაუბედურებს, სხვა, სხვა მხოლოდ ის სხვაა დმნაშავე, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია, სინამდვილეში ყველაზე დიდი მტერი საკუთარ შინაგან მესთან დაუმთავრებელი დიალოგებია, რომელიც გვღლის და მის უსასრულობაში გვკარგავს, რაც უფრო ეფლობი სიმარტოვის დროს, მით უფრო გტანჯავს მტანჯველი ფიქრები, მეც ზუსტად ასე დამემართა, სახლში ყოფნის მესამე დღეს საკუთარ გონებაში წარმოსახვითმა ჩხუბებმა სულმთლად გადამრია, გაუთავებლად კინოს კადრებივით გადიოდა ჩემს ტვინში სხვადასვა ჩხუბის სცენები, ვიტანჯებოდი უაზრო დიალოგებით ჩემს წარმოსახვით თანაკლასელებთან, მითუმეტეს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვუმტკიცებდი.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, დავხედე ეკრანს უცხო ნომერი იყო, გავუთიშე და ისევ ტუმბოზე მივაგდე მობილური, დაახლოებით ათ წუთში ისევ ის ნომერი მირეკავს, ვუპასუხე.
- გამარჯობა.
- რომელი ხარ?
- გიორგი ვარ, როგორ ხარ? - ცოტახნით პაუზა გააკეთა მიხვდა, რომ ვერ მივხვდი ვინ იყო და გააგრძელა - სკოლაში გავიგე შენი ნომერი.
მივხვდი ვინც იყო, ის დამსწრე ბიჭი, რომელმაც ჩემი ტვინის შერყევა აღმომაჩენინა, თორემ ჩემი ფეხით ექიმთან არასდროს მივიდოდი.
- ააა გამახსენდი, მადლობა კარგად ვარ.
- იცი ახლა შენს სახლთან ვდგავარ იმედია შემიპატიჟებ.
დავიბენი ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე და ტელეფონი გავუთიშე, საწოლიდან სწრაფად წამოვხტი და ფანჯრიდან გადავიხედე, მანქანა ვიცანი, გული ამიჩქარდა, ვერ ვხვდებოდი ასეთ სიტუაციაში რა გამეკეთებინა, ჩემს სახლში შემოპატიჟებას მთხოვდა ძალიან სიმპატიური, განათლებული და კარგად აღზრდილი ბიჭი, იმდენად დაუჯერებელი იყო ეს ჩემთვის, რომ გული დამიმძიმდა და ბედნიერების განცდა ჩემმა შინაგანმა ეჭვებმა უცბადვე შთანთქა. სავარძელზე ჩამოვჯექი, კარზე კაკუნის ხმა გავიგე, ჩემი თავის შემრცხვა, იმ დროს საკუთარი თავის იმ დონეზე მიუღებობა დამეუფლა, რომ შემეშინდა მისთვის კარი გამეღო. პრობლემა კარს იქეთ მდგომ ადამიანში ნამდვილად არ იყო, პრობლემა ჩემში იყო, მე მეშინოდა საკუთარი თავის, მომავალში მყოფი ყველა წუთის , ყველა მოვლენის, მორიგი სიძულვილის, რომელსაც ჩემი ფიქრებით გამოვკვებავდი.
ძალა მოვიკრიბე და კარი გავუღე, ჩემს წინ ლამაზი ვარდების თაიგულით მდგომი მომღიმარი გიორგი დავინახე,მოვიკითხეთ ერთმანეთი, შემოვიპატიჟე თუმცა უარი მითხრა, მას უკვე დაგეგმილი ჰონდა ყველაფრი.
ერთ ულამაზეს ადგილას მიმიყვანა, მთებით შემორაზულ პატარა ვაკეს ლაღი, თავნება მინდვრის ყვავილები სიცოცხლით ავსებდა, ამ პატარა ადგილის მისტიკურმა ენერგიამ ჩემს უიმედო, მარტოდ დარჩენილ გულშიც კი პეპლები ააფარფატა, სილაღე და სიმშვიდე შემოიტანა, თითოეული ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ვგრძნობდი ფილტვებში, საოცარია ამ პაწაწინა უსულო ყვავილს, რომელიც ადამიანის ფეხისგან ერთი დადგმით ისრისება რამხელა ძალა და ენერგიის შემოტანა შეუძლია.
- მაღლა მთას ხედავ? - ხელი მთისკენ გაიშვირა, - იქ პატარა ტაძარია, ამბობენ სასწაულ მოქმედია, გინდა ავიდეთ?
- მე ვერ ამოვალ! არ მინდა და არც შემიძლია ფეხით ამხელა გზა გავიარო.
- კარგი, მე ავალ შენ კი აქ დამელოდე, მაგრამ შემპირდი კარგად, რომ გახდები ერთად აუცილბლად ავალთ.
არაფერი მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე, რომელიც გაურკვეველ „კის“ ნიშნავდა.
დანამულ ბალახზე დავჯექი, ზურგით იქვე მიგდებულ ლოდს ვეყრდნობოდი და ასე სიჩუმის სიმშვიდეში გატურნული, ცაზე რძისფერ ღრუბლების თამაშს ვაკვირდებოდი. ქათქათა დათვის ფიგურა ჯერ დრაკონად გადაიქცა, შემდეგ ჩემთვის გაურკვველი სახე მიიღო, ბოლოს კი დიდი არწივის მაგვარ ფრინველის უზარმაზარი ფრთების ფორმამ, ლამის მთელი ჰორიზონტი დაიკავა, შინაგანად არაადამიანური ენერგია ვიგრძენი, წარმოვიდგინე თვალის მომჭრელ თეთრ ფაფუკ ფრთებზე მარტოდ მყოფი, მთელ დედამიწას ზეციდან როგორ დავაკვირდებოდი,ყველაფერი რეალობისგან განსხვავბით, ალბათ პატარა მომეჩვენებოდა, მათ შორის ჩემი კოშმარული პრობლემებიც.
ღრუბლების რეირკარნაციის ყურებაში ვერც შევამჩნიე გვერდით ისე მომიჯდა ერთი მოხუცი ბერი, ჩემი დაკვირვბით ასე 80 წლის, შავ ლამაზ სუფთა ანაფორაში გამოწყობილი, თეთრი წვერით დაფარული ღიმილით, ღრმა თვალებით მანათებდა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო!- თავზე ხელი დამადო. დავიბენი არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა, მისმა ენერგიამ ჩემს სულში ისე დაიღრიალა, გული შემეკუმშა. -ვერაფერი ვუთხარი.
- არ აპირებ ასვლას ტაძარში? - მკითხა თან მთებისკენ შორს იყურებოდა,, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს პასუხი უკვე იცოდა და არც ყურს მიგდებდა.
- არ შემიძლია! ვუთხარი მორიდებით.
- -მართალი ხარ!
- -ცუდად ვარ!
- -მართალი ხარ!
- -ყველაფერი გაუფერულდა!
- -მართალი ხარ და იცი ჩემო გოგო რასაც მეტყვი ყველაფერში მართალი ხარ!- ვხვდებოდი რაღაც იმალებოდა მისი სიტყვების მიღმა - იცი შენ თუ გჯერა, რომ ვერაფერს გააკეთებ აბსოლიტურად მართალი იქნები, მაგრამ თუ შენ აი იმ მთების ჩამოშლას-ხელი მთებისკებ გაიშვირა- დაიჯერებ, ამ აზრს რწმენით თუ გაამტკიცებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. გაიხსენე სახარებაში წერია, როდესაც ქრისტემ ლეღვის ხეს მიხედა და გაახმო, გაკვირვებულ მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ იმ მთასაც, რომ უთხრათ აიწიე და ზღვაში ჩავარდიო,ასე მოხდება.ყველაფერი რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ მიიღებთ“ ეს ქრისტემ შეძლო თავისი რწმენით და შენ მის ხატად შექმნილს, როგორ გგონია არ ძალგიძს მსგავსის გაკეთება?
- სადაა ღმერთი? ქარის დაჭერის მსგავსია მისი ძებნა.
- მართალიხარ!- ისევ დინჯად მომიგო. -მაგრამ მართალიხარ იმ შემთხვევაში თუ ღმერთს ზეცაში, სამოთხეში, ჯოჯოხეთში, დედამიწაზე, კოსმოსში ეძებ. რომელიც სამეფო ტახტზე წამომჯდარი ჩვენს ცოდვებს განიხილავს- გაეცინა- ასე ეძებ უფალს?
არ ვიცოდი რა მეპასუხა, თითქოს ჩემს წარმოსახვაში ღმერთი მართლა ზეცაში მყოფი მამრობითი სქესის ადამიანი იყო, რომელმაც ჩემს პრობლემებზე ყველაფერი იცოდა და ვალდებული იყო დამხმარებოდა, დაახლოებით ასე.
- უფალი შენშია,-შესამჩნევად მაღალი ტონით მითხრა,- სულის ყველაზე ახლო მდებარე კარში იმედით აღსავსე დგას და მის გაღებას სულმოუთმენლად ელოდება. შენ თუ ამ კარის გასაღებს გარეთ არ დაუწყებ ძებნას და შენსავე სულში იპოვი, გაიმარჯვებ. დიდად მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ ამ აღმოჩენას, თუ გინდა ენერგია,შინაგანი ხმა, თუნდაც შენი მეორე მე დაარქვი, მაგრამ მთავარია აღმოაჩინო იმ შემოქმედის საწყისი, რომელიც ბედნიერების ნაყოფს იძლევა, თუ გაიზრებ, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია შენი შინაგანი მდგომარეობით გადალახო ყველა პრობლემა, უბრალოდ მოვლენაზე დამოკიდებულების შეცვლით, ეს შენი ყვლაზე დიდი იარაღი იქნება გარე სამყაროში. რომელიც ყოველთვის სულის სიმშვიდეს მოგიტანს. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილეზე უფალს საკუთარი სხეულით დაატარებენ და ამას ვერც კი ამჩნვენ. იცი რატომ ჩემო გოგო? მათ ყველაზე დიდი, თვით სამყაროს მამაოძრავებელი სიყვარულის გრძნობა დაკარგეს. უფალს კიდევ ყავს თავის შემოქმედი და ეს არის სიყვარული ყველასი და ყველაფრის განურჩევლად. უპირობო სიყვარული, როდესაც გასცემ, მხოლოდ გასცემ და მიღებას არ ელოდები, მხოლოდ სიყვარულის გაცემით ბედნიერდები, სამყაროში არსებობს დრო და ეს დროის ისარი შენს ცხოვრებასთან ზუსტად მაშინ გაჩერდება როდესაც ყველაზე მეტად დაგჭირდება, შენგან გაცემულმა სიყვარულმა მთელი მსოფლიო, ზეცა, ქვესკნელი, ყველა მიუვალი ადგილი, რომ მოიაროს მაინც შენ დაგიბრუნდება, სიყვარულის კანონი მათემატიკაა. საკუთარი თავის შეცნობა სწორედ სიყვარულით იწყება. იქნებ ეს გრძნობა შენ უკვე აღმოაჩინე კიდეც, უბრალოდ მინელდა და შენგან სულის ჩაბერვას ელოდება, რათა გაღვივდეს!- შემომხედა მის ბევრის მთქმელ თვალებში ჩემი ანარეკლი დავინახე, მაგრამ არ ვიყავი ამჟამინდელი მე, დაახლოებით 10 წლის გოგო ვიყავი, რომელიც საანაპიროზე თავის ოჯახის წევრებთან ერთდ დასეირნობდა, გონებაში თითოეული წამი გამახსენდა, რაც უხილავი ძაფით დაკავშირებულ გულს მიბედნიერებდა, მახარებდა, მთელს სხეულში სიმსუბუქე ვიგრძენი.
- მე შენს თვალებში ღმერთს ვხედავ ამ წუთას! - მითხრა მოულოდნელად, - საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ, გარე სამყაროში სიყვარულის გრძნობის გარეშე არ გამოხვიდე. სიყვარული შენი რელიგიაა.
- ძნელია ყველაფრის მიღება და შეყვარება, შეუძლებელიც კი. - თავი ჩავღუნე სისუსტე ვიგრძენი, ბევრი ტკივილი, წყენა გამახსენდა, რომელიც საშუალებას არ მომცემდა აქედან წასულს რეალურ ცხოვრებაში გადმომეტანა მისი სიტყვები.
- მართალი ხარ! თასი კამკამა წყლით მხოლოდ მაშინ შეივსება თუ ძველ ბინძურ წყალს გადაღვრი, მარტო სიყვარულის აღმოჩენა საკმარისი არ არის შენი სულის განწმენდისთვის, აუცილებელია აპატიო, წყენა დაივიწყო, რომელიც მხოლოდ შენ გჭამს, აზრადაც არ გაივლო მსგავსი სისულელე, რომ შენში დაბუდებული წყენა სხვას ზიანს მოუტანს, უბრალოდ ბუნებაში მსგავსი კანონი არ არსებობს, რაც ამ აზრს გაამყარებს, შენი წყენა სულში იმდენ ბინძურ ნალექს გააჩენს, რომ შენს სხეულში გადმოვა, შენს სისხლს შეუერთდება და დაგაავადებს, ყველა ფიზიკური სნეულების საწყისი გაუთავებელი ფიქრია არასასურველზე!
- ძლიერი უნდა იყო ეს ყველაფერი რომ შეძლო! - წარმოვთქვი ჩემთვის.
- არ ვიცი ჩემო გოგოვ შენ სიძლიერეს რას ეძახი, მაგრამ მე ერთ რჩევას მოგცემ, შეიყვარე საკუთარი თავი, აპატიე და გაუშვი ცუდი, დაივიწყე წარსული, რომელიც ტკივილს გაყნებს, იცხოვრე აწმყოთი, ნუ შექმნი ილუზიებს კოშმარული მომავლის, შიშს არ მისცე უფლება შენში გენიოსი გააჩუმოს, ყოველთვის ეძებე განვითარების გზები და რაც ყველაზე მთვარია ირწმუნე, რომ ყველაფერს შეძლებ. რწმენა არის უდიდიდესი ძალა. - გამიღიმა საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული მზერა მომაპყრო. თავზე ხელი გადამისვა და მთებს შორის გაუჩინარდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს არარეალურ იყო, უფრო სწორად არაამქვეყნიური, სველ ბალახს ხელი გადავუსვი ცივმა წვეთებმა მაგრძნობინეს, რომ სიზმარი არ იყო და აწმყოში ხდებოდა ყველაფერი, ცას ავხედე აქეთ-იქით მიმოფანტულ ღრულებში არწივის ფრთები ვეღარ ვიპოვე. გარინდებული გავყურებდი მთებს, ფიქრები მოსვნებას არ მაძლევდნენ.
არ ვიცი ვინ იყო ეს ბრძენი მოხუცი, რომელმაც ღრმა კოშმარული ძილიდან გამომაფხიზლა, რომლის ლანდი ჩემს გონებაში დღემდე მკვეთრ ფერებში იხატება. ვგრძნობდი, რომ ეს წუთები ჩემი მომავალი ცხოვრების გადამწყვეტი იყო. აქედან წასული მიღებულ ცოდნას ან გამოვიყნებდი და ადამიანად ვიქცეოდი ან გავაგრძელებდი ისევ იმ აუტანელ ცხოვრებას, სადაც მე ყოველთვის მსხვერპლი ვიქნებოდი.
ამასობაში გიორგიც გამოჩნდა, შორიდანვე დავინახე მისი ბედნიერი სახე, მომიახლოვდა ჩემს გვერდით დაჯდა ბალახზე, რამდენიმე წუთი გარინდებულები, სამყაროსაგან დაბნეულები უხმოდ მივშტერებოდით ერთმანეთს, ბოლოს ისევ გიორგომ დაიწყო საუბარი.
- იცი თაია მე ყველაფერი დავინახე, როგორ დაგცინოდნენ შენი კლასელები, ვიცი ეს ბულინგია, ვიცი წესით მე უნდა ჩავრეულყავი და ვალდებულიც ვიყავი, რომ ჩავრეულიყავი, როგორც გნათლების სამინისტროს წარმომადგენელს შეეფერება, მაგრამ ეგ არ გავაკეთე, არც არსად განვაცხადე ამ ფქტის შესახებ. იცი რატომ?
- არ ვიცი, მე ადამიანების არ მესმის.
- მე მინდა შენს ნამდვილ რეალურ პრობლემას შენშივე დაუწყო ძებნა, ერთჯერადი ჩარევა რაიმე კონფლიქტში მიზეზს არ მოსპობს, შენ ებრძვი საკუთარ თავს, შენი კლასელები კი მხოლოდ შენს შინაგანს განასახიერებენ გარე სამყაროში, რა დროიდანაც დაიწყებ შენი თავის შეცვლას, იმ დღიდან დალაგდება ყველა შენი პრობლემა.
ხმას ვერ ვიღებდი, უჩვეულო დღე იყო, ასე მეგონა სამყაროს ჩემთვისაც გამოენახა დრო და დახმარების ხელს მიწვდიდა, მაგრამ სიღრმისეულად მაინც ვერ ვხვდებოდი რა შუაში ვიყავი მე, ცნობიერ დონეზე არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა ვიყოთ მსხვერპლი.
- თათია, ვიცი რომ დაბნეული ხარ და მეტსაც გეტყვი შენ თავთან დაპირისპირება, რომ შენ შეიცვლები ყველაზე რთული ბრძოლაა, თუ გინდა ახლავე წავიდეთ სამინისტორში და განვაცხადოთ მომხდარი ფაქტი, მე მოწმედ დაგიდგები, ხელში გვაქვს სამედიცინო ცნობა, მაგრამ მერწმუნე ამით პრობლემა არ მოგვარდება.
- ამას არც გთხოვ და სერთოდ ადამიანებისგან აღარაფერს ვითხოვ.
წამოვდექი და მანქანისკენ ნელი ნაბიჯით წავედი, ვხვდებოდი, რომ შინაგანად ჩემდა უნებურად რაღაც შემეცვალა, გული გამალებით მიცემდა, მაგრამ გიორგისთვის არ მინდოდა ამის დანახება. მანქანაში ხმის ამოუღებლად ჩავჯექი, მთელი გზა ჩუმად ვისხედით, გონებში ათასი აზრი მიტრიალებდა, გარე სამყაროს მოწყვეტილი, ჩემს გულში დავსეირნობდი, მომწონდა ეს გრძნობა, იქ დედოფალი ვიყავი, თითქოს ჩემი შინაგანი სამყარო დიდი ხანია მელოდა, როდის დავუბრუნდებოდი გაქცეული საკუთარ თავს და ახლა კი იმ დედას გავდა, რომლსაც ეს ეს არის ომში წასული შვილი მშვიდობით დაუბრუნდა სახლში.
- მივხვდი! - დავიყვირე, მანქანაში ავფორიაქდი, ადგილს ვერ ვპოულობდი, გიორგი გაკვირვებული მიყურებდა - გიორგი მადლობა მადლობა, სასწრაფოდ სახლში მიმიყვანე,
- თათია ხომ მშვიდობაა?
- კიი, მშიდობაა, უბრალოდ ყველაფერს მივხვდი, მე ჩემს გამზრდელ მშობლებს, რომელთა წყალობითაც ცოცხალი ვარ ზუსტად ისე ვამცირებდი, როგორც მე მექცევიან სკოლის ბავშვები, მე მათ გულს ვტკენდი მხოლოდ იმიტომ, რომ ღარიბები იყვნენ, მართალი ხარ, სამყარო ჩვენი ანარეკლია.
ვტიროდი, ბედნიერებისგან , წარსულის , აღმოჩენის გამო, წინ რთული გზა მქონდა გასავლელი თუმცა პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის შეცნობისკენ უკვე გადადგმული მქონდა.
მანქანა სახლის კარებთან გააჩერა გიორგიმ, შესასვლელში უბნის კაცები და ქალები იდგნენ და დანანაებით თავს აქეთ იქეთ იქნევდნენ, შიშმა შემიპყრო, არ ვიცოდი მათ სევდიან გამომეტყველებაზე რა მეფიქრა, ფეხებში სიმძიმე ვიგრძენი, როდესაც მანქანიდან გადმოვედი.
- საწყალი, ალბათ ეგ ეწერა მაგ უბედურს, რომ მეზობლის კარებთან მარტოს დაელია სული, საწყალი ავთო ბიძია - ხმა ჩემგან ზურგით მდგომ ქალისაგან მოდიოდა, ხელით ძლიერად შემოვაბრუნე, მკლავებში ჩავავლე და ხმამაღლა ვუყვირე.
- მამაჩემს რა დაემართა?
პასუხი არავინ დამიბრუნა, ყველა განზე მიმოიწია, ოთახში შევვარდი, ხის ძველებურ ტახტზე ჩემი მამობილის დასვენებული სხეული დვინახე, მწარე რიალობის პირისპირ უძლური, ტახტთან მუხლებზე დავეცი, ავტირდი და ჩემთვის ჩუმად ერთსა და იმავეს ვიმეორებდი „რატომ ? მე ხომ პატიება უნდა მეთხოვა და მეთქვა რომ მიყვარხარ“
კარებისკენ გავიხედე,გიორგის ცრემლიანი თვალები ბუნდოვნად დავლანდე, ის ტიროდა რადგან ყველაზე კარგად მან იცოდა რომ დამაგვიანდა!
მე დამაგვიანდა, ასეც ხდება ხოლმე ზოგჯერ გვავგვიანდება პატიებისთვის, სიყვარულისთვის, შენდობისთვის, მადლიერებისთვის, ურთიერთობისთვის, მე ჩემს მამობილთან ყველაფრისთვის დამაგვიანდა, მაგრამ ღმერთმა მაჩუქა სიცოცხლე, სადაც შანსი მეძლევა, რომ აღარ დამაგვიანდეს.