ქაოსის იდილია

ავტორი: გოგა ჯოლოხავა

სანაგვე, ზიზღნარევი შხამი შენს ჩანაცისფრებულ თვალებში. ამაოების უფსკრულები, უკან დაბრუნება და ნგრევის იდეალები, რომლებიც ყოველდღე გაარსებებს, როგორც შიშმონატრებულ ღმერთს. გაქცევა, გაუთავებელი რბოლა საკუთარ თავთან, ენერგიების აფეთქება, დაცემა და ძილი შორეული პლანეტებისკენ. გალაქტიკიდან მოწყვეტილი გამელოტებული დედამიწა დემოტივაციის პირველყოფილი საძირკველია სიკვდილისკენ ერთპიროვნულად მიმართული. დუმილის გაუთავებელი საფეხურები ერწყმის დამსხვრეულ იმედებს აწყობის იმედით და ჩნდება ქაოსი, მოძრაობა რომლის გარეშეც უბრალოდ ვერასდროს დაისერავდი სულს, რომ გეგრძნო ტკივილის მთელი სიამოვნება. შემდეგ მოსაწყენი ხდება მთელი მანიპულაციის უნიჭოდ შესრულებული სპექტაკლი, გბეზრდება სხვადასხვა სახეზე მორგებული ერთი გაცრეცილი ნიღაბი და კვლავინდებურად იწყებ ძიების ხელოვნებას. უკვე ყველაზე რთულად საპოვნელი სარკეა, რომელშიც შენს გაოცებულ სახეს დაინახავ. ფართო, მოჩუქურთმებული დარბაზის ბოლოში ღია სარკმლიდან გასცქერი დაისს. ღვთიურ სამოსელს ამაყად ირგებ, დგახარ თავმომწონედ და გამოხატავ ამაოებას შენი გამშრალი ბაგეების ღიმილის კუთხეში გაშეშებით.

ამაოა თბილი ნიავი, რომელიც სულში შენს ტირიფს მოძრაობისკენ უბიძგებს, ამაოა ფანჯრისკენ მომართული ნარინჯისფერი სხივები და დამწვარი ფოთლების სუნი ზაფხულის თვეებად რომ დაუვლის ხოლმე მთელს არსებობას. ამ წამს შენ შენი სიმშვიდით ებრძვი დროის ტალღებს, არ გინდა დაგეტყოს შეშფოთება, რადგან უკვე დიდი ხანია შეეჩვიე ნგრევას. მოგწონს ყოველი საგნისა თუ არსების პოტენციური დასასრულის წარმოდგენა, ტკბები როგორ უმოძრაოდ, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე იშლება ყველაფერი, ღრმად სუნთქავ, გინდა შეისუნთქო მთელი უიმედობა, სიცარიელე, თითოეული არსების საცოდაობა. მძიმე ქუთუთოები შენს დაუსრულებელ სიმკაცრესა და სევდას ვეღარ იტევს, მინდა გელაპარაკო, მაგრამ ვიცი ისევ შენს განმეორებად სიზმრებს მომიყვები, რომელსაც სიტყვებით თვითონაც ვერ ხსნი. ხშირად მაწყვეტინებ საუბარს და მეუბნები, რომ დეჟავუ გაქვს, უფრო მძაფრად ვიდრე რამდენიმე საათის წინ, გწამს ყველაფრის დასასრული დასაწყისის სევდიანი გამეორებაა მძაფრი მელოდიით, რომლისაც არ უნდა შეგვეშინდეს. მიყვარს, როცა იცინი, თითქოს ყველაფერს იმედის ფერი ეძლევა, მგონია, რომ დროებითი გამოგონილი სამყაროს გმირები ვართ, მაგრამ ვერ ვიტან, როდესაც სიცილის შემდეგ წამით შენს საცოდაობაზევე ჩაფიქრდები და თან ცდილობ ვერ შევამჩნიო.

შენ შენივე აგებული სამყაროს ნანგრევების ბუღში იპოვე სიმშვიდე და ძალა მომენტალური გაჩერების. ორივეს ერთი საერთო გვაქვს, ვერ ვიტანთ იდეალებს და ყველაზე კარგი ის არის, რომ შენ ჩემი იდეალი ხარ. ისევ მიღიმი, მე კი უმოძრაოდ ვდგავარ და ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე ვუყურებ როგორ იშლები შენ, ჩემი სამყაროს უმაღლესი წერტილი. ისევ ხანგრძლივი და მძაფრი დეჟავუ მაქვს, თითქოს მთელს ატმოსფეროს სევდიანი მელოდია მოედო. შენგან რამდენიმე წუთში მხოლოდ მტვრის ნაწილაკები დარჩა და მელოდიაც დასრულდა. ახლა კი მოჩუქურთმებული დარბაზის ბოლოში ღია სარკმლიდან გავცქერი დაისს. ჩემს განმეორებად სიზმრებს გიყვები და მგონია, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უკვე მოხდა. მეცინება, მეცინება და გავრბივარ, რადგან ყველაფერს ვხვდები, ვიცი მერამდენედ დავბრუნდი და დავანგრიე ჩემი თავი, რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო. გავრბივარ და პარალელურად ახალი სამყარო იბადება, შემდეგ მომენტალურ დაღლილობას ვგრძნობ, ენრეგიების აფეთქება, დაცემა და ძილი შორეული პლანეტებისკენ...