მიდის ბრძოლა გონებაში
უსმინოს მუსიკას თუ უსმინოს
სიჩუმეს,

ვერ გამიგია რატომ უნდა ავირჩიო წვიმა იქ სადაც არსებობს სეტყვა და რატომ უნდა გავათბო ოდნავ როცა შემიძლია იყოს მდუღარე,
ჩემი მწველი გრძნობები მოგიცავენ ამ ღამითაც რადგან ჩვენ მორიგი რეკორდი დავამყარეთ ვარსკვლავებზე შემომსხდრებმა,
მე და შენ მივიკვლევთ გზას ეკლიანსა და საზარელს ერთმანეთის პატარა სისხლიანი გულებით ხელში და გვიხარია რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევხედოთ მთვარეს,

ცუდი დღის გამო ცხოვრება თავად გვეჩვენება ცუდი და ამ შეცდომაში ვკარგავთ სიმართლეს,
თუმცა საბოლოოდ დაკარგულები ვეფლობით მაინც ტყუილებში და უკვე აღარ აქვს აზრი ახსნას და ანალიზს.

ხელში ბნელი რაინდის განმგირავი ხმალი მაინც არ გვეჭიროს,
დავიჯერებდი, რომ ჯოჯოხეთიდან ვეღარ ამოვიდოდით,
თუმცა რა ვქნა, რომ მთელი
არსებით ვგრძნობ ჩვენს მაღლა სამყაროს ნეტარების განცდის მოახლოებას და დასვენებას ჩვენი მშფოთვარე სულების,

მე იმ ღამით საშინელება ვიხილე საკუთარი თავის სახით და
მერამდენედ შესულმა შეცდომაში საზიზღრობები გავაშიშვლე ჩემი პერსონით სხვებზე.
მოტივების ხილვა თავდაპირველად ზიზღს გიჩენს, უფრო ღრმად ჩასვლით კი სიყვარული იზრდება შენში საუკუნო ყვავილად.

ვცდილობთ ვიტანჯოთ,
რომ ვიყოთ აღმატებულნი.

ვცდილობთ გვეტკინოს, რომ ვიგრძნოთ,
რადგან არასდროს გვიხილავს ნეტარებათა პალიტრა.


მე ბევრს ვიბრძოდი სინათლისა და სიბნელის გასაყარზე და მთელი ცხოვრება მიჭირდა არჩევა,
ვგრძნობდი, რომ არ იყო რაღაც ისე მარტივად და გასაგებად როგორც ჩანდა,
თუმცა საბოლოოდ იქამდე მივდივარ, რომ
სიბნელე და სინათლე მუდამ გადახლართული იყო დასაბამიდან ჩემში და მათი შერწყმით ვსუნთქავდი მეც.
მე ვიბადები მათი შეერთებით და ცაზე ვაზურმუხტებ ჩემსავე ცხელ-ცივ განცდებს.
მე ვერ ვირჩევდი ბალანსს, როცა იქვე იყო რადიკალიზმი.

მე ვერ ვირჩევდი სიგრილეს, სადაც იყო ყინვა.
ვერ ვთანხმდებოდი საღამოს, სადაც შემეძლო მეხილა უკუნითი ღამე,
არ შემეძლო ვყოფილიყავი მშვიდი, სადაც საკუთარი სიგიჟე შემეძლო მეღრიალებინა აქტიური ხელებით.

მე რომ ნელ-თბილს ვერ დავჯერდი სწორედ ამიტომ აგირჩიე.

ციდან მიღებული შეტყობინებით გაშიფრული ჩემი ხასიათი ყოველდღე იმსხვრევა ახალი პერსონით, თუმცა საკუთარ ხმას ისე არასდროს ვუსმენდი ალბათ, როგორც ახლა.

ცხოვრება.
უსასრულო ალტერნატივები.
დამწვარი ბალახი.
გარდაცვლილო სხეული იქითა ოთახში.
ჩემს გვერდით კუბო.
მთვარე-ნამგალა.
დრო -9:09
სურვილი - აღმართი.

წითელ შუქში დაკარგული სისხლი უკვე შენ გეხება და ცრემლები თითქოს უკან ბრუნდება.


შეშლილი,
აგიზგიზებული სამყარო ჩემ წინ მოკიაფე ცეცხლის სახით.
ნაპერწკლების ცეკვაში იკარგება ჩემი არსი, როგორც უწინ დაიკარგა წვიმის წვეთებში და შენც აქ გაჩნდი.

მე მუდამ მწამდა, რომ მეორე ადამიანიღაც შემეძლო მეხილა ღვთიური და ამ ჩემს სანუკვარ ნატვრას ჩავჭიდებივარ დღემდე.

ნუ მეტყვი, რომ გიყვარვარ,
არც მოკვდე ჩემთვის,

მითხარი რომ ჩემთვის შეგიძლია იცოცხლო, ჩემთვის შეგიძლია გაბედო და ისუნთქო,
გაბედო და იტირო,
გაბედო და ირბინო,
მითხარი, რომ ჩემთვის შეგიძლია საბოლოოდ შეძლო ცხოვრება.
ნამდვილი და ღვთაებრივ-დემონური.

დიახ. ჩვენ ჯოჯოხეთში ჩავედით იმ ღამით და თანდათან სათითაოდ ვიხილავთ ყველა საზარელ დემონს, რომელიც აქამდე მხოლოდ ფარდების უკან იცდიდნენ ხელში იარაღმომარჯვებულნი.
ჩემი სული ამ სხეულში მოვლენილი ელოდებოდა ალბათ ამ ღვთოურ წამებს,
როდესაც ჩვენი გაწამებული სამშვინველი განიცდიდა ამ ძლიერ ტანჯვას,
მოგვასკდებოდა სისხლი და დავშორდებოდით საკუთარ არსებას თითქმის ბოლო წერტილამდე.

ჩვენ ვამბობდით:
ახლა გამოცდაა. ან ჯოჯოხეთს გავივლით, ამოვაღწევთ და ჩვენ აღარასდროს შეგვეშინდება სიბნელის,
ან იქ დავრჩებით.
საშიშია?
და თუ დარჩი, ნუთუ შენი ადგილი იქ არ ყოფილა?

ჩვენ ძლიერი შიშითა და აკანკალებული ფეხებით ცეცხლს ვუკიდებდით ჩვენს კავშირს იმის იმედით, რომ ცეცხლგამძლე იქნებოდა და გავიმარჯვეთ.

მე ღამით სწორედ იმიტომ ვიძინებდი გვამებთან, რომ შემეგრძნო რას ნიშნავდა ყველა მხარეს გამოვლენილი სიკვდილის ყოფნა.

წყალს მოეკიდა ცეცხლი და მე დავიწყე თრობა
ისევ ამ გვიან ღამით, ისევ გიჟივით ვბოდავ,
ისევ დამეწყო ცვენა, სიტყვების, ცეცხლის ენით,
შენ აწმყოს რომ რწყავ ჩემთვის, ახლა ისევ შენ დნები.

ვჭამ ჩემსავე ფიქრებს
თან ვაყოლებ სიტყვებს
სუნთქვა მიჭირს, ვითმენ,
შიგნით პირჯვარს ვიწერ,

სევდას ვეღარ ვიკლებ,

თან წერილს ვწერ მიმღებს,

ვცდილობ ვიყო ვინმე
როცა უნდა ვცლიდე
ყალბ პერსონებს ისევ
გაეზარდათ სისქე
მე საკუთარ ტიპებს
მხოლოდ დაწვით ვირჩევ
გულისრევის სისქეს
ტანჯვის რწმენით ვიღებ
აღარ მინდა ვიწვე
და ველოდო სიზმრებს...

დიახ ვიბრძვი ისევ,
დიახ მტკივა ისევ,
დიახ მიყვარს, ვითმენ,
ვეღარ ვითმენ, ვიღებ

დანით, დაჭრით, სისხლებს
ვუსვამ ფანჯრის კიდეს
მინას ვხვრეტ და ვისმენ
უსასრულო სიზმრებს,

სიზმრებია ცხოვრებაც,
ყველა საკუთარი ფიქრების სცენარებში ჩაფლობილნი აღვიქვამთ რეალობას და ვბრაზდებით, როდესაც სხვისი სიზმარი უფრო მეტად აბსტრაქტულია.

ჩემს სიზმარში მე მიყვარს და მწამს.
ჩემს სიზმარში ფარული ლტოლვაა იმისკენ, რომ მხოლოდ სიზმარი არ იყოს ეს ყოველივე,
და რომ ეს სიყვარული და რწმენა
სათავეს არამხოლოდ ძილიდან,
არამედ იმ ჩვენი თბილი სახლიდან იღებდეს...