რობერტო ასაჯოლი - ფსიქოსინთეზი

რობერტო ასაჯოლი
3.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული (წარმოგიდგენთ წიგნის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმანს, რომელიც ყველა მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ფსიქოლოგებისთვის განკუთვნილი ნაწილი შეგიძლიათ მოიძიოთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე...

შესავალი

Psychosynthesis egg diagramმთარგმნელი: მამუკა გურული

(წარმოგიდგენთ წიგნის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმანს, რომელიც ყველა მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ფსიქოლოგებისთვის განკუთვნილი ნაწილი შეგიძლიათ მოიძიოთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე. მ.გ.). 

სიტყვა „ფსიქოსინთეზი“ და სხვა გამოთქმები, როგორიცაა „მენტალური სინთეზი“ და ა.შ, მანამდეც იყო გამოყენებული ზოგიერთი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ (Janet, Bezzola, Neutra, Bjerre, De Jonge, Trub). მაგალითად, ფროიდიც საუბრობს ეგოს მასინთეზირებელ ფუნქციაზე. მაგრამ ისინი ამ სიტყვას იყენებენ მხოლოდ „ფუნქციონალური დისოციაციის განკურნების“, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენის მნიშვნელობით, რომელიც ადამიანს ცნობიერებაში „გახლეჩამდე“, ანუ დისოციაციამდე ჰქონდა, და რომლებიც ტრავმატულ ფაქტორებამდე ან სტრესებამდე იყო.

სხვებმა, როგორებიც იყვნენ იუნგი (რომელიც სინთეზს „ტრანსცენდენტული ფუნქციის სახით მოიხსენიებს“, და სხვები (Maeder, Caruso, Stocker, W. Kretschmer, Jr), გამოიყენეს სიტყვები - „სინთეზი“, „ფსიქოსინთეზი“, „ექზისტენციის სინთეზი“, „სინთეზური ფსიქოთერაპია“ და ა.შ. უფრო ფართო და ღრმა მნიშვნელობით - როგორც ერთიანი და ჰარმონიული პიროვნების განვითარება, მისი როგორც ცნობიერი, ასევე არაცნობიერი ნაწილების ჩათვლით.

ფსიქოსინთეზის ის კონცეფცია, რომელსაც მე ვანვითარებ, წარმოადგენს უფრო გასაგებს და ამავდროულად უფრო განსაზღვრულს და ტექნიკურს, რადგანაც წინამორბედ მასალასაც მოიცავს.

თუკი თანამედროვე ცივილიზაციის უფრო მეტად შესამჩნევ შტრიხებს განვიხილავთ, პირველ რიგში გვაოცებს მისი თავშეუკავებელი ექსტრავერსია, მისი სურვილი - შეიცნოს და დაიმორჩილოს ბუნების ძალები თავისი მზარდი მოთხოვნილებების შესაბამისად. ეს ჩვენი ასწლეულის ჭეშმარიტად დომინირებადი ტენდენციაა, თუმცაღა სულაც არაა ერთადერთი, როგორც უფრო დაკვირვებული კვლევები ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში მკვლევართა რიგი დაკავებულია ადამიანური ფსიქიკის ფენომენებისა და საიდუმლოებების შესწავლით. თავიდან ასეთი მკვლევარი ცოტა იყო, მაგრამ თანდათანობით მათი რიცხვი იზრდება. უფრო მნიშვნელოვანი შედეგები მიღებულ იქნა არა აკადემიური, არამედ დამოუკიდებელი ფსიქოლოგების მიერ. თითქმის ყველანი ისინი იყვნენ კლინიცისტები, რომლებიც თავიანთი პაციენტების დახმარების მიზნით მოქმედებდნენ. მათ ძალიან ეხმარებოდა ის, რომ მრავალი ფსიქოლოგიური ფენომენი განსაკუთრებით მკაფიოდ ავადმყოფობის მდგომარეობაში ვლინდება.

პირველი მეცნიერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სფეროში, გახლდათ პიერ ჟანე. დაიწყო რა „ფსიქოლოგიური ავტომატიზმის“ ფენომენით, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ მრავალი პროცესი ფსიქიკაში ხდება პაციენტის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად და რომ არსებობენ ნამდვილი „მეორადი პიროვნებები“, რომლებიც თითქოს ჩვეულებრივი „ფხიზელი“ პიროვნების მიღმა „დამალულნი“ ცხოვრობენ, ან გამუდმებით უცვლიან მას ადგილს.

მალევე ჟანეს შემდეგ, ავსტრიელმა ექიმმა ზიგმუნდ ფროიდმა არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების შესწავლა დაიწყო. მისთვის ამოსავალი წერტილი გახდა კათარზისის მეთოდი, რომელიც შემუშავებულ იქნა ბოიერის (Breuer) მიერ, და რომელიც მდგომარეობდა პაციენტის ცნობიერებაში იმ დავიწყებული ტრავმატული გამოცდილების გახსენებაში, რომელმაც სიმპტომები გამოიწვია, და მასთან დაკავშირებული ძლიერი ემოციების გამონთავისუფლებაში. ბროიერი ამ მიზნებისთვის ჰიპნოზს იყენებდა, მაგრამ ფროიდმა მალე აღმოაჩინა, რომ ასეთივე შედეგი შეიძლება მიღწეულ იქნეს თავისუფალი ასოციაციების და სიზმრების ახსნის მეთოდებით. ეს ორი მეთოდი ძირითადი გახდა ფსიქოანალიზში.

ფროიდმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომები და ფსიქიკური დარღვევები აიხსნება იმ ინსტინქტებით, მისწრაფებებით და ფანტაზიებით, რომლებიც არაცნობიერში დევს, და რომლებიც იქ წინააღმდეგობისა და სხვადასხვა დამცავი მექანიზმის მეშვეობით ნარჩუნდება. მან ასევე აღმოაჩინა, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მრავალი მოვლენა, ისეთები, როგორებიცაა სიზმრები, ფანტაზიები, ილუზიები, შეცდომები და ხარვეზები ქცევაში, და ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის გარკვეული ნაწარმოებები, განპირობებულნი არიან იმავე ფსიქოლოგიური მექანიზმებით, რაც ავადმყოფური სიმპტომების შემთხვევაში. მაგალითად, კარგად ცნობილი სიტყვების ან საგნების დავიწყება, ფროიდის მიხედვით, აიხსნება ერთგვარი კავშირით, რომელიც დავიწყებულ სიტყვას ან ფაქტსა და რაიმე ავადმყოფურ მოვლენას შორისაა. ილუსტრაციის სახით მას მოჰყავს სასაცილო შემთხვევა: ერთხელ მან ვერ შეძლო ცნობილი კურორტის სახელის გახსენება იტალიურ რივერაზე - კერძოს „ნერვის“. „სინამდვილეში, - წერს იგი, - ნერვები (იტალიურად - Nervi) ბევრ უსიამოვნებას მიქმნიან“.

ამის საფუძველზე ფროიდმა ააგო გენეტიკური პროცესების და ადამიანის პიროვნების სტრუქტურის მრავალი კონცეფცია - რომელთა მოკლედ გადმოცემაც შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს ფროიდის შემდეგ. ფროიდს მრავალი მოსწავლე და მიმდევარი ჰყავდა; ზოგიერთმა მათგანმა სხვადასხვა ცვლილება შეიტანა მის თეორიაში, და ამასთან ფსიქოანალიტიკური მიმართულების ფარგლებში დარჩა. მათ განეკუთვნებიან: კარლ აბრაჰამი, სანდორ ფერენჩი, ვილჰელმ შტეკელი, მელანი კლაინი და სხვები. თუმცაღა ფროიდის მოსწავლეთა და თანამშრომელთაგან ზოგიერთმა დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა და საკუთარი კონცეფცია, მეთოდი და სკოლაც კი შექმნა. უფრო მნიშვნელოვან ფიგურებს მათ შორის წარმოადგენენ: ალფრედ ადლერი, რომელიც თავის „ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში“ ხაზს უსვამდა პიროვნული თვითდამკვიდრებისკენ, „ანუ ძალაუფლებისადმი მისწრაფებისკენ“ მიდრეკილებას; კ.გ. იუნგი, რომელიც შეისწავლიდა არაცნობიერის ღრმა შრეებს, სადაც მან აღმოაჩინა კოლექტიური ხასიათის ხატ-სახეები და სიმბოლოები, და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიური ტიპების კლასიფიცირებაში და აღწერაში; ოტო რანკი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გამთლიანების პრობლემას, და ასევე ნების ფუნქციას. კარენ ჰორნიმ მიუთითა რეალური კონფლიქტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნილების მნიშვნელობაზე, ხოლო ერიხ ფრომმა ხაზი გაუსვა ინდივიდზე სოციალური ზეწოლის როლს.

სხვადასხვა დამატებები იქნა შეტანილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსების: ალენდის, ჰესნარდის და ბოდენის მიერ. აუცილებელია ასევე ვახსენოთ „ექსისტენციალური ანალიზი, რომელიც შემუშავებული და გამოყენებული იქნა ბინსვანგერის და ფრანკლის მიერ. თუკი იმ უფრო ფართო სფეროებს გადავხედავთ, რომლებიც მედიცინისა და ფსიქოლოგიის სპეციალურ მიმდინარეობებს აერთიანებენ, ასევე დამოუკიდებელ კულტურულ მიმდინარეობებს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ყოველმა მათგანმა მნიშვნელოვანი და ფასეული წვლილი შეიტანა ადამიანის ბუნების შეცნობასა და განვითარებაში. მათ რიცხვში შედიან:

1. ფსიქოსომატური მედიცინა, რომელიც უკანასკნელ წლებში ინტენსიურად ვითარდებოდა და საშუალება მოგვცა დაგვემტკიცებინა ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა მრავალი სხვადასხვა სახის, მათ შორის ორგანული ხასიათის დაავადებებზე.

2. რელიგიების ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის რელიგიური ცნობიერების და მისტიური მდგომარეობების სხვადასხვა გამოვლინებებს. ამ სფეროში მრავალი მკვლევარი მუშაობს; ერთ-ერთი პირველია უილიამ ჯეიმსი მისი კლასიკური წიგნით „რელიგიური გამოცდილებების მრავალფეროვნება“, ასევე ანდერჰილი („მისტიციზმი“), ჰეილერი, ვინსლოუ ჰოლი და სხვანი. ბოლო დროს გამოჩნდა მრავალი წიგნი, რომელიც განიხილავს კავშირს ფსიქოლოგიასა და რელიგიას შორის.

3. ზეცნობიერის შესწავლა (და მისი ისეთი გამოვლინებების, როგორიცაა ინტუიცია და „გამონათება“ (озарение); გენიალურობის, შემოქმედებითი საქმიანობის; ნიჭიერი ბავშვების შესწავლა. შეგვიძლია ვახსენოთ ბაკის - „კოსმიური ცნობიერება“, უსპენსკის, ჰოლის, ურბანის, მასლოუს, ტერმანის და სხვათა ნაშრომები. მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ნიჭიერი ბავშვების შემსწავლელთა ასოციაცია.

4. პარაფსიქოლოგია, - მიმდინარეობა, რომელიც თავის საფუძველს იღებს მაიერსის „ქვეზღურბლოვანი „მე“-სგან“. ამ მიმართულებას ავითარებდნენ ისეთი სერიოზული მეცნიერები, როგორებიცაა ჯეიმსი, ლოჯი, რიშე, გილი, ოსტი, რაინი და სხვები. მათ დაამტკიცეს პარანორმალური ფსიქო-ფიზიკური უნარების არსებობა: ზე-მგრძნობიარე აღქმა, ტელეკინეზი (მექანიკური ზემოქმედება გარკვეულ მანძილზე), ტელეპატია და ნათელმხილველობა. ასევე შეგროვებულ იქნა ბევრი მასალა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის პრობლემაზე.

5. აღმოსავლური ფსიქოლოგია (განსაკუთრებით ინდური), როგორც ძველი, ასევე თანამედროვე. მისი ფასეული მიღწევები დასავლური ფსიქოლოგიის მიღწევებთან იწყებენ გაერთიანებას.

6. „შემოქმედებითი გაცნობიერება“ - მიმართულება, რომელიც ხაზს უსვამს სულიერი გაცნობიერებულობის შემოქმედებით ძალას. მისი მთავარი მიმდევარია ჰერმან კაიზერლინგი (Hermann Keysergling) , რომელმაც ეს მიდგომა მრავალ წიგნში გადმოსცა და შექმნა „სიბრძნის სკოლა“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა დარმშტადში (გერმანია).

7. ქოლისტური (ერთიანი) მიდგომა და პიროვნების ფსიქოლოგია. პირველად ეს იდეა წარმოდგენილ იქნა შმუცის (Smuts) მიერ მის წიგნში „ქოლიზმი და ევოლუცია“, შემდეგ კი მუშავდებოდა მრავალი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ, როგორებიც იყვნენ ოლპორტი, ენგლიანი, გოლდშტეინი, მასლოუ, მერფი, პერლზი, ჰეფერლაინი და გუდმენი, და პროგოფი.

8. ტრანსპერსონალური და სოციალური ფსიქოლოგია და ფსიქიატრია, ასევე ადამიანის ანთროპოლოგიური კვლევა. ეს ფართო მიმართულება მოიცავს სხვადასხვა დამოუკიდებელ მიმართულებებს. აქ შეგვიძლია დავასახელოთ სალივანი, ლევინი, სოროკინის სამუშაოები ალტრუისტული სიყვარულის შესახებ და ა.შ. ევროპაში ბარუკი და ჰაუსერი აქცენტს აკეთებენ ფსიქიატრიის სოციალურ და მორალურ ასპექტზე. ანთროპოლოგიურ მიდგომას გვთავაზობს სხვებთან ერთად მარგარეტ მიდი (Margaret Mead).

9. “აქტიური მეთოდები“ პიროვნების მკურნალობისა და განვითარებისთვის. აქ ყველაზე ადრე გაჩნდა ჰიპნოტიზმი, შთაგონება და თვითშთაგონება, რომლებიც აღწერილი და გამოყენებული იქნა ორ „ნანსის სკოლაში“ - ლიებოს, ბერნჰეიმის, კუეს მიერ, და უფრო მეტად გამოხატული მკაცრი მეცნიერული მიდგომით - ბოდუენის მიერ. შემდეგ მოდის შულცის ავტოგენური ტრენინგი, დეზუალის “Reve eveille” (საღათას ძილი), ელისის და ჰარპერის რაციონალური მიდგომა, მორენოს ფსიქოდრამა და ჯგუფური ფსიქოთერაპიის სხვა მეთოდები, მაგალითად, ბახის და ბერნეს მეთოდები. გარდა ამისა, არსებობს ცალკეული ფსიქიკური ფუნქციების - მეხსიერების, აზროვნების, წარმოსახვის, ნების - განვითარების სხვადასხვა მეთოდები.

კვლევების ასეთი დიდი რაოდენობა საკმარის მასალას გვაძლევს იმისთვის, რომ მათი კოორდინაცია და სინთეზი ვცადოთ. თუკი შევკრებთ სარწმუნო ფაქტებს, სტატიებს და ინტერპრეტაციებს, და არ მივაქცევთ ყურადღებას გაზვიადებულ და ზედმეტ თეორიტიზებას, რომლებისკენაც მიდრეკილია ზოგიერთი სკოლა, მაშინ შევძლებთ, რომ ადამიანის პიროვნების მრავალგანზომილებიან კონცეფციამდე მივიდეთ, რომელიც თუმც კი არ აცხადებს პრეტენზიას სრულყოფილებაზე ან დასრულებულობაზე, მაგრამ მაინც, როგორც ვთვლით, უფრო სრულია და ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე წინა კონცეფციები.

ილუსტრაციის სახით შემდეგ დიაგრამას გამოვიყენებთ. ეს, რა თქმა უნდა მხოლოდ სქემატური, უკიდურესად გამარტივებული გრაფიკული „ხატ-სახეა“, რომელმაც შეიძლება მოგვცეს მხოლოდ სტრუქტურული, სტატიური წარმოდგენა ჩვენი შინაგანი სამყაროს მოწყობაზე, მაშინ, როცა უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მის სწორედ დინამიურ ასპექტს. მაგრამ აქ, ისევე, როგორც ნებისმიერ მეცნიერებაში, ნაბიჯები თანმიმდევრული უნდა იყოს, დაზუსტებები კი - ეტაპობრივი. როდესაც საქმე ისეთ პლასტიკურ და მოუხელთებელ რეალობასთან გვაქვს, როგორიც ჩვენი ფსიქიკური ცხოვრებაა, მთავარია ხელიდან არ გავუშვათ მისი მთავარი მიმართულებები და მათ შორის ფუნდამენტური სხვაობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალრიცხოვანი დეტალები მთლიან სურათს დაფარავენ ჩვენგან და ხელს შეგვიშლიან მისი ცალკეული ნაწილების მნიშვნელობის, დანიშნულების და ფასეულობის დანახვაში.

ყველა ამ შეზღუდვისა და განსაზღვრების გათვალისწინებით სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:

asajoli scheme 1

1. დაბალი არაცნობიერი. 2. შუა არაცნობიერი. 3. მაღალი არაცნობიერი, ანუ ზეცნობიერი. 4. ცნობიერების ველი. 5. ცნობიერი „მე“, ანუ ეგო. 6. უმაღლესი „მე“. 7. კოლექტიური არაცნობიერი.

1. დაბალი არაცნობიერი

მასში შედიან:

ა) ფსიქიკური საქმიანობის უმარტივესი ფორმები, რომლებიც სხეულის ცხოველ-ქმედებას მართავენ; სხეულებრივი ფუნქციების გონივრული კოორდინაცია;
ბ) საბაზისო ლტოლვები და პრიმიტიული მოთხოვნილებები;
გ) ძლიერ ემოციებთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი კომპლექსები;
დ) კოშმარული სიზმრები და ფანტაზიები;
ე) დაბალი, არაკონტროლირებადი პარაფსიქოლოგიური პროცესები;
ვ) სხვადასხვა პათოლოგიური გამოვლინებები, როგორებიცაა - ფობიები, აკვიატებული იდეები, მანიები.

2. შუა არაცნობიერი

იგი შედგება ფსიქიკური ელემენტებისგან, რომლებიც ჩვენს მღვიძარე ცნობიერების შემადგენელს ჰგვანან და მისთვის ადვილად მისაწვდომნი არიან. ამ შინაგან სფეროში გროვდება ჩვენი გამოცდილება, აქ იბადება და მიმდინარეობს ჩვენი გონებისა და წარმოსახვის განვითარება და ფსიქიკური მომწიფება, სანამ იგი „დღის სინათლეზე“, „ცნობიერი“ სახით გამოვლინება.

3. მაღალი არაცნობიერი, ანუ ზეცნობიერი

ამ სფროდან ჩვენთან მოდიან ინტუიტიური გამონათებები და შთაგონებები - მხატვრული, ფილოსოფიური ან მეცნიერული, - ეთიკური „იმპერატივები“, მისწრაფებები ადამიანური და გმირული ქმედებებისკენ. ესაა უმაღლესი გრძნობების წყარო, როგორებიცაა ალტრუისტული სიყვარული; გენიალურობის, გამჭრიახობის, გასხივოსნების, ექსტაზის წყარო. ესაა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციებისა და სულიერი ენერგიის სამეფო.

4. ცნობიერების ველი

ეს ტერმინი ყოველთვის ზუსტი არაა, მაგრამ გასაგებია და პრაქტიკული გამოყენებისთვის კარგია. იგი გამოიყენება ჩვენი პიროვნების იმ ნაწილის აღსანიშნად, რომელსაც ჩვენ უშუალოდ ვაცნობიერებთ, ანუ გრძნობების, ხატ-სახეების, აზრების, შეგრძნებების, სურვილებისა და იმპულსების ის უწყვეტი ნაკადი, რომელიც შეგვიძლია დავაფიქსიროთ, გავაანალიზოთ და შევაფასოთ.

5. ცნობიერი „მე“

„მე“, რომელიც წარმოადგენს სუფთა თვითცნობიერების წერტილს. მას ხშირად ურევენ ჩვენი პიროვნების ზემოთაღწერილ ცნობიერ ნაწილთან; სინამდვილეში ისინი სრულიად განსხვავებულნი არიან. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ, თუკი ყურადღებით დავაკვირდებით. ჩვენი ცნობიერების ცვალებადი შემადგენელი (შეგრძნებები, აზრები, გრძნობები და ა.შ.) - ეს ერთია, მაშინ როცა „მე“, ჩვენი ცნობიერების ცენტრი, - ეს სხვაა. რაღაც თვალსაზრისით, მათ შორის სხვაობა წააგავს სხვაობას ეკრანის განათებულ ნაწილსა და მასზე პროეცირებულ გამოსახულებას შორის.

მაგრამ არცც „ადამიანი ქუჩიდან“ და არც მაღალგანათლებული ადამიანები არ უწევენ ანგარიშს ამ სხვაობას; ისინი პასიურად ცურავენ ცნობიერების ნაკადში და თავს მის ცვალებად შემადგენელებთან აიგივებენ.

6. უმაღლესი „მე“

ცნობიერი „მე“, ყოველთვის არაა ჩაძირული ცნობიერების ფსიქიკურ შემადგენელში; იგი, როგორც ჩანს, საერთოდ ქრება, როდესაც ვიძინებთ, გული მიგვდის, ანესთეზიის, ნარკოტიკების ან ჰიპნოზის ქვეშ ვართ. ხოლო როცა კვლავ ვიღვიძებთ, რაღაც იდუმალი სახით „მე“ კვლავ ჩნდება, უცნობია, როგორ და საიდან, - ესაა ფაქტი, რომელიც უშუალო განხილვით შეუცნობელია და გვაბნევს. ეს გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ცნობიერი „მე“-ს, ანუ ეგოს განმეორებადი „დაბრუნება“ იმიტომ ხდება, რომ ამ „მე“-ს საზღვრებს მიღმა, ანუ მათ „ზემოთ“ არსებობს ერთგვარი მუდმივი ცენტრი - „ჭეშმარიტი მე“ (უმაღლესი „მე“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ფროიდის „სუპერ-ეგოსთან“, რომელიც წარმოადგენს არა რეალურ „მე“-ს, არამედ ხელოვნურ პროდუქტს. „უმაღლესი მე“ ასევე განსხვავდება „მე“-ს, ანუ ეგოს ნებისმიერი „ფენომენოლოგიური კონცეფციისგან).

„მე“-ს რეალობაში დარწმუნება სხვადასხვა გზებით შეიძლება. ბევრი ადამიანი, რომელიც „მე“-ს რეალობას მეტ-ნაკლებად დიდხანს აცნობიერებდა, ამ განცდას - აღქმის რეალობის დონის მიხედვით - ადარებდა იმ მკვლევარის განცდებს, რომელმაც მანამდე უცნობ სფეროში შეაბიჯა. ასეთი განცხადებები შეგვიძლია ვიპოვოთ ბაკის „კოსმიურ ცნობიერებაში“, უსპენსკის „Tertium Organum”-ში და სხვა წიგნებში. „მე“-ს გაცნობიერება შეიძლება ასევე გარკვეული ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით, მაგალითად, იუნგის „ინდივიდუაციის პროცესით“, დეზუალის „ფხიზელი ძილით“, რაჯა-იოგას ტექნიკებით და ა.შ.

გარდა ამისა, ჩვენ მხარდაჭერას ვპოულობთ კანტის და ჰერბარტის ფილოსოფიაში, რომლებმაც მკაფიო ზღვარი გაავლეს ემპირიულ ეგოსა და ნოუმენალურ, რეალურ „მე“-ს შორის. ეს „მე“ აზრების ნაკადის ზემოთ იმყოფება და არ ექვემდებარება არც მის გავლენას, და არც ფიზიკური პირობების გავლენას; ხოლო პირადი, ცნობიერი „მე“ უნდა განვიხილოთ უფრო, როგორც მისი ანარეკლი, „პროექცია“ პიროვნების ველზე. უმაღლესი „მე“-ს ფსიქოლოგიური კვლევის მოცემულ ეტაპზე მასზე ვერაფერ განსაზღვრულს ვერ ვამბობთ, თუმცაღა ამ გამაერთიანებელი „ცენტრის“ მნიშვნელობა საკმარისი საფუძველია მისი შემდგომი კვლევისთვის.

7. კოლექტიური არაცნობიერი

ადამიანური არსებები არ არიან ერთმანეთისგან მოწყვეტილნი. ისინი არ არიან „მონადები ფანჯრების გარეშე“, როგორც ლეიბნიცი თვლიდა. ზოგჯერ მათ შესაძლოა განიცადონ იზოლირებულობის, მარტოობის სუბიექტური გრძნობა, მაგრამ ექსისტენციალური კონცეფციები, რომლებიც ამ ფაქტის აბსოლუტიზაციას ახდენენ, ვერ იქნებიან გამართლებულნი ვერც ფსიქოლოგიური და ვერც სულიერი კუთხით.

სქემაზე ოვალის გარეთა ხაზი უნდა გავიგოთ არა როგორც „დამყოფი“, არამედ როგორც „დამსაზღვრავი“. ესაა მემბრანის ანალოგი, რომელიც უჯრედს საზღვრავს და უზრუნველყოფს ნივთიერებათა გამუდმებულ აქტიურ ცვლას უჯრედსა და იმ ორგანიზმს შორის, რომლის ნაწილსაც იგი წარმოდგენს. „ფსიქიკური ოსმოსის“ პროცესები ინდივიდსა და გარშემომყოფებ ადამიანებს შორის, ასევე ინდივიდსა და საერთო ფსიქიკურ გარემოს შორის გამუდმებით და უწყვეტად მიმდინარეობს. ჩვენს გარემომცველ ფსიქიკურ გარემოს იუნგმა „კოლექტიური არაცნობიერი“ უწოდა, მაგრამ მკაფიო განსაზღვრება ამ ტერმინისთვის არ მიუცია. ამ ცნებაში მან ჩართო სხვადასხვა და თავისი ბუნებით ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები, კერძოდ: პრიმიტიული არქაული სტრუქტურები და ზეცნობიერი ხასიათის პროგრესულად მიმართული საქმიანობა. (იხ. კ.გ. იუნგის „ორი ესე ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში“).

სქემა დაგვეხმარება, რომ შევათანხმოთ შემდეგი ფაქტები, რომლებიც ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ურთიერთ-გამომრიცხავს წააგავს:

1. მოჩვენებითი დუალობა, ჩვენში ორი „მე“-ს ცალკე არსებობა. სინამდვილეში გვეჩვენება, რომ ისინი მართლაც ორია, რადგანაც პირადი „მე“ ჩვეულებრივ ვერ აცნობიერებს სხვა „მე“-ს, და უარყოფს კიდეც მას. ჭეშმარიტი „მე“ კი დაფარულია და ვერ ხედავს საკუთარ თავს ჩვენს ცნობიერებაში.

2. რეალური ერთიანობა და „მე“-ს უნიკალურობა. სინამდვილეში არ არსებობს ორი „მე“, ორი დამოუკიდებელი არსება. „მე“ ერთია და იგი გაცნობიერებულობის და თვითშემეცნების სხვადასხვა დონეზე ვლინდება. გვეჩვენება, რომ რეფლექსია დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ სინამდვილეში მას არ გააჩნია საკუთარი სუბსტანციურობა. სხვა სიტყვებით, ეს არაა ახალი სინათლე, არამედ სინათლის წყაროს პროექციაა.

ჩვენი შინაგანი სამყაროს სტრუქტურის ასეთი კონცეფცია თავის თავში შეიცავს და ათანხმებს იმ მონაცემებს, რომლებიც სხვადასხვა დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების მსვლელობისას იქნა მიღებული. იგი საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო ფართოდ და სრულად გავიგოთ ადამიანის შინაგანი დრამა, კონფლიქტები და პრობლემები, რომლებსაც ყოველი ჩვენგანი ეჯახება. ასევე გვაჩვენებს მათი გადაწყვეტის მეთოდებს და გზას განთავისუფლებისკენ.

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი სხვადასხვა მოვლენა გვზღუდავს და გვბოჭავს, და მათ ხშირად ჩვენ თვითონ წარმოვშობთ. ჩვენ ვხდებით ილუზიების და ფანტომების მსხვერპლნი, გაუცნობიერებელი კომპლექსების მონები, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ვედებით გარე გავლენების ზეგავლენის შედეგად, ჩვენ გვაბრმავებს და გვაჰიპნოზებს საგანთა მოჩვენებითი გარეგნობა. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმ ფაქტში, რომ ადამიანი, იმყოფება რა ასეთ მდგომარეობაში, ხშირად განიცდის დაუკმაყოფილებლობის, თავდაუჯერებლობის გრძნობას, რომ მისი განწყობები, აზრები და ქმედებები მერყევია. როცა ინტუიტიურად „ერთ მთლიანად“ გრძნობს თავს, და ამასობაში საკუთარ თავში შინაგან „გახლეჩილობას“ პოულობს, იგი იბნევა და არ ესმის არც საკუთარი თავის და არც სხვების. გასაკვირი არაა, რომ როცა არ იცნობს საკუთარ თავს, ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის მართვა და გამუდმებით მოძრაობს საკუთარი შეცდომებისა და სისუსტეების წრეზე; ამიტომაც ვერ შედგა ამდენი ადამიანის ცხოვრება, ან დამძიმებულ იქნა სხეულებრივი ან სულიერი ავადმყოფობებით, მოწამლულ იქნა ეჭვებით, იმედგაცრუებებით და სასოწარკვეთილებებით. გასაკვირი არაა, რომ ადამიანი თავისუფლებისა და კმაყოფილების თავის ბრმა და ვნებიან ძიებაში ზოგჯერ მრისხანედ ამხედრდება ხოლმე არსებული გარემოებების წინააღმდეგ, ზოგჯერ კი ცდილობს ჩაახშოს შინაგანი ტკივილი და თავით გადაეშვას ცხოვრებაში, რომელიც სავსეა ციებ-ცხელებით სავსე აქტიურობით, გამუდმებული მღელვარებით, მჩქეფარე ემოციებით და უთავბოლო თავგადასავლებით.

ახლა, მოდით, განვიხილოთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანის ცხოვრების ამ ცენტრალური პრობლემის გადაჭრა და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, - როგორ განვკურნოთ კაცობრიობა მისი ძირითადი ავადმყოფობისგან; როგორ განვთავისუფლდეთ ამ მონობისგან და მივაღწიოთ შინაგან ჰარმონიას, ჭეშმარიტ თვითრეალიზაციას და სხვა ადამიანებთან სწორ ურთიერთობებს.

ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, ადვილი არაა, მაგრამ მათი წარმატებები, რომლებმაც ამ მიზნის მისაღწევად საჭირო და ადეკვატური საშუალებები იპოვნეს, ამ ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობაში გვარწმუნებენ.

მოცემული მიზნის მიღწევის გზაზე შეგვიძლია შემდეგი სტადიები გამოვყოთ:

1. საკუთარი პიროვნების ღრმა წვდომა.
2. კონტროლი მის სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებზე.
3. ჭეშმარიტი „მე“-ს რეალიზაცია - „გამაერთიანებელი „ცენტრის“ „გახსნა“ ანუ შექმნა.
4. ფსიქოსინთეზი: ამ ახალი „ცენტრის“ გარშემო პიროვნების ფორმირება ანუ რეკონსტრუქცია.

მოდით, გავაანალიზოთ თვითოეული ეს სტადია.

1. საკუთარი პიროვნების ღრმა წვდომა

იმისთვის, რომ ნამდვილად ღრმად შევიდეთ ჩვენ საკუთარ არსში, საკმარისი არაა იმ ელემენტების ჩამონათვალის შედგენა, რომლებიც ჩვენს ცნობიერის ფორმირებას ახდენენ. საჭიროა ასევე ყურადღებით გამოვიკვლიოთ ფართო არაცნობიერი სფეროებიც. თავიდან უშიშრად უნდა ჩავეშვათ ჩვენი უმდაბლესი არაცნობიერის ქვესკნელში, რათა გავხსნათ გავხსნათ იმ ბნელი ძალების ბუნება, რომლებიც ხაფანგებს გვიგებენ და საფრთხეს გვიქმნიან, - ამ „ფანტაზიების“, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, ან ბავშვური წარმოდგენების და ხატ-სახეების, რომლენიც თან დაგვყვებიან ან ფარული მმართველობა აქვთ ჩვენზე, იმ შემბოჭველი შიშების, კონფლიქტების, რომლებიც ჩვენს ენერგიას შთანთქავენ. ამის გაკეთება ფსიქოანალიზის მეთოდების გამოყენებით შეიძლება.

მსგავსი კვლევა შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს დამოუკიდებლად, მაგრამ ამოცანას გაიადვილებს, თუკი სხვა დაეხმარება ინდივიდს. ნებისმიერ შემთხვევაში, კვლევა მკაცრად მეცნიერულად უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება ობიექტურად და ცივი გონებით, მიკერძოებული თეორეტიზირების გარეშე, და საშუალება არ უნდა მივცეთ ჩვენს შიშებს, სურვილებს და ემოციურ მისწრაფებებს - რომლებიც შეიძლება „შეეწინააღმდეგონ“ ამას დაფარული ან მჩქეფარე „ფორმით“ - შეგვაჩერონ, ან მთავარი მიმართულებიდან გადაგვახვევინონ.

როგორც წესი, აქ მთავრდება კიდეც ფსიქოანალიზი, თუმცაღა ასეთი შეზღუდვა ნაკლებად გამართლებულია. ანალოგურად უნდა იქნეს გამოკვლეული შუა და უმაღლესი არაცნობიერის სფეროები. მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ საკუთარ თავში მანამდე უცნობ უნარებს, გავიგებთ ჩვენს ჭეშმარიტ მოწოდებას, ჩვენს უმაღლეს პოტენციურ შესაძლებლობებს, რომლებიც თვითგამოხატვას ეძებენ, და რომლებსაც ხშირად ვთრგუნავთ იმის გამო, რომ არ გვესმის ისინი, წინასწარგანწყობებისა და შიშების გამო. ჩვენ ასევე გავხსნით ჩვენთვის მუდმივი ფსიქიკური ენერგიის უზარმაზარ წყაროს, რომელიც ყოველ ჩვენგანშია დაფარული, - არაცნობიერის მოქნილ ნაწილს, რომელიც ჩვენს განკარგულებაში იმყოფება და გვაჯილდოვებს სწავლისა და შემოქმედების უსაზღვრო შესაძლებლობებით.

2. კონტროლი პიროვნების სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებზე

როდესაც „ცხადვყოფთ“ პიროვნების ყველა შემადგენელ ელემენტს, ჩვენ მათზე კონტროლი უნდა დავამყაროთ. ყველაზე ეფექტურ მეთოდს ამისთვის წარმოადგენს გაიგივების მოხსნა (დეიდენთიფიკაცია). იგი ეფუძნება ფუნდამენტალურ ფსიქოლოგიურ პრინციპს, რომლის ფორმულირებაც ამ სახით შეგვიძლია:

ჩვენზე ძალაუფლება აქვს ყველაფერს, რასთანაც ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის ყველაფერი, რასთანაც თავს არ ვაიგივებთ.

ამ პრინციპში ჩვენი დამონების ან ჩვენი თავისუფლების საიდუმლო. ყოველ ჯერზე, როდესაც თავს ვაიგივებთ სისუსტესთან, დანაშაულთან, შიშთან, ნებისმიერ სხვა ემოციასთან ან მისწრაფებასთან, ამით ვზღუდავთ და ჩარჩოებში ვსვამთ საკუთარ თავს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვაღიარებთ ჩვენს სასოწარკვთილებას ან გაღიზიანებას, დეპრესია ან რისხვა კიდევ უფრო მეტი ძალით გვეუფლება. ჩვენ ვაღიარეთ ეს შეზღუდვები და თავად მოვიმწყვდიეთ თავი ჯაჭვებში. თუკი ანალოგიურ სიტუაციაში ვიტყვით: „ჩემს გადაფარვას სასოწარკვეთილების ტალღა ცდილობს“, ან „ჩემს დაუფლებას რისხვის აფეთქება ცდილობს“, მაშინ მდგომარეობა შეიცვლება. ამჯერად არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა: ერთი მხრივ - ფხიზელი „მე“, ხოლო მეორე მხრივ - სასოწარკვეთილება ან რისხვა. და ფხიზელი მე არ დაუშვებს შემოჭრას. მას შეუძლია ობიექტურად ან კრიტიკულად „განიხილოს“ რისხვის ან სასოწარკვეთილების იმპულსები, შეაღწიოს მათ წარმომავლობაში, მოახდინოს მათი არასასურველი შედეგის პროგნოზირება და „მიხვდეს“ მათ უსაფუძვლობას. ხშირად ეს საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მსგავს ძალებს შევეწინააღმდეგოთ და ბრძოლა მოვიგოთ.

მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს ძალები რაღაც დროით უფრო ძლიერები აღმოჩნდებიან, თუ ცნობიერი პიროვნება თავიდან დათრგუნული იქნება მათი ზეწოლისგან, საბოლოოდ გამარჯვება ფხიზელ „მე“-ზე შეუძლებელია. მან შეიძლება უკან „დაიხიოს“ „შინაგან ციხესიმაგრეში“ და სასიკეთო მომენტის მოლოდინში „მოემზადოს“ იქ კონტრშეტევისთვის. მას შეუძლია რამდენიმე ბრძოლა წააგოს, მაგრამ სანამ არ „დანებდება“ და ფარ-ხმალს არ დაყრის, შედეგი ეჭვს არ იწვევს: ბოლოს და ბოლოს, იგი გამარჯვებას მოიპოვებს.

შემდეგ - იმის ნაცვლად, რომ კვლავ და კვლავ „აისხლიტოთ“ არაცნობიერიდან წამოსული შემოტევები, - ჩვენ შეგვიძლია უფრო საფუძვლიანი და გადამწყვეტი ზომები შემოგთავაზოთ: გაიგოთ ამ პრობლემების ღრმა მიზეზები და ფესვებშივე გადაჭრათ ისინი. ეს პროცედურა შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ:

ა) მავნე წარმოდგენებისა და კომპლექსების შემადგენელ ელემენტებად დაყოფა;
ბ) გამონთავისუფლებული ენერგიის მართვა და გამოყენება.

ფსიქოანალიზმა აჩვენა, რომ კომპლექსებისა და ფანტაზიების ძალაუფლება ჩვენს მიერ მათ გაუცნობიერებლობას ეფუძნება. ხშირად, მას შემდეგ, რაც გამოვლინდებიან, გაცნობიერდებიან და ელემენტებად „დაიშლებიან“, ისინი უკვე აღარ გვდევნიან; ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ უკვე შეგვიძლია უკეთ დავიცვათ თავი მათგან. იმისთვის, რომ ელემენტებად დავშალოთ ისინი, საჭიროა გამოვიყენოთ საგნად ქცევის, კრიტიკული ანალიზისა და ამოცნობის მეთოდები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მათ ცივად და მიუკერძოებლად, თითქოს ეს უბრალოდ გარეგანი ბუნებრივი მოვლენები იყოს. მათსა და ჩვენს შორის „ფსიქოლოგიური დისტანცია“ უნდა შევქმნათ, და ამ ხატ-სახეებისა და კომპლექსების, ასე ვთქვათ, გაწვდილი ხელის მანძილზე შენარჩუნებით, უნდა გავაანალიზოთ მათი წარმოშობა, მათი ბუნება და - მათი სისულელე. ეს არ ნიშნავს, რომ ენერგია, რომელიც მათი გამოვლენითაა განპირობებული, უნდა დავთრგუნოთ; საჭიროა მხოლოდ, რომ ვმართოთ იგი და კონსტრუქციულ კალაპოტში გადავამისამართოთ.

როგორც ცნობილია, ზედმეტად კრიტიკულმა ან ანალიტიკურმა დამოკიდებულებამ საკუთარ გრძნობებთან და ემოციებთან შესაძოა შებოჭოს ან მოკლას კიდეც ისინი. კრიტიკის უნარი, რომელსაც ხშირად განურჩევლად მივმართავთ ჩვენი მაღალი გრძნობებისკენ და შემოქმედებითი უნარებისკენ, იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ თავი გავინთავისუფლოთ არასასურველი იმპულსებისგან და ტენდენციებისგან. თუმცაღა ასეთი კრიტიკული ანალიზი ზოგჯერ არასაკმარისია. ზოგიერთი მდგრადი ტენდენცია და ჩვენი არსების ვიტალური ელემენტი განაგრძობს არსებობას, რამდენიც არ უნდა ვაძაგოთ და განვიკითხოთ ისინი. ეს განსაკუთრებით ეხება სექსუალურ და აგრესიულ ინსტინქტებს. განთავისუფლდებიან რა კომპლექსებისგან და გამოვლენ რა თავიანთი ყოფილი კალაპოტიდან, მათ მღელვარებისა და შფოთვის მდგომარეობამდე მივყავართ და შეუძლიათ საკუთარი თავისთვის ახალი, ასევე არასასურველი გამოსავალი იპოვნონ.

ამიტომ ნება არ უნდა მივცეთ ამ ძალებს, რომ თვითნებურად იმოქმედონ, ისინი უნდა წარვმართოთ რაიმე უვნებელ, ან უკეთესია, კონსტუქციულ მიზნებზე: სხვადასხვა შემოქმედებით საქმიანობაზე, პიროვნების გადაწყობაზე, ფსიქოსინთეზზე. მაგრამ ეს რომ შესაძლებელი გახდეს, „ცენტრიდან“ უნდა დავიწყოთ: ჩვენ უნდა გავამყაროთ და ეფექტური გავხადოთ ჩვენი ცხოვრების გამაერთიანებელი და ხელმძღვანელი პრინციპი.

3. ჭეშმარიტი „მე“-ს რეალიზაცია - „გამაერთიანებელი „ცენტრის“ „გახსნა“ ანუ შექმნა.

იმაზე დაფუძნებით, რაც „მე“-ს ენერგიის ბუნებაზე ვთქვით, რთული არაა თეორიულად ვაჩვენოთ, თუ როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს. ამისთვის საჭიროა გავაფართოვოთ პირადი ცნობიერება და ვაქციოთ იგი „მე“-ს ცნობიერებად; უნდა მივაღწიოთ ვარსკვლავს, მისი სხივის მიყოლით (იხ. სქემა); უნდა გავაერთიანოთ დაბალი „მე“ უმაღლეს „მე“-სთან. მაგრამ ის, რაც ასეთი მარტივი გვეჩვენება სიტყვებით, სინამდვილეში ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ეს დიადი, მაგრამ ხანგრძლივი და ძნელი საქმეა, და ყველა არაა ამისთვის მზად. თუმცაღა ჩვენი ყოველდღიური ცნობიერების დაბლობის გზის დასაწყისსა და თვითრეალიზაციის მბრწინავ მწვერვალს შორის არსებობენ შუალედური დონეები - სხვადასხვა სიმაღლის პლატოები, რომლებზეც ადამიანს შეუძლია დაისვენოს და დასახლდეს კიდეც, თუკი ძალები არ ჰყოფნის ან მისი ნება შემდგომ „აღმასვლას“ ეწინააღმდეგება.

კეთილსასურველი გარემოებების შემთხვევაში „აღმასვლა“ სტიქიურად ხდება - როგორც ბუნებრივი შინაგანი ზრდის პროცესი, რომელიც მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილებითაა გამაგრებული. ხშირად პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში იგი შეგვიძლია მნიშვნელოვნად ავაჩქაროთ მიზანმიმართული, ცნობიერი მოქმედებისა და შესაბამისი აქტიური მეთოდების გამოყენებით.

გარდამავალი სტადიები გულისხმობენ ახალ იდენტიფიკაციებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი ჭეშმარიტი „მე“-ს მიღწევა მის სუფთა არსში, შეუძლიათ შექმნან სრულყოფილი პიროვნების იდეალური სახე, რომელიც მათ მოთხოვნილებებს, განვითარების დონეს და ფსიქოლოგიურ ტიპს შეესაბამება, და ცხოვრებაში განახორციელონ იგი.

ზოგიერთისთვის ეს იქნება სახე მხატვრისა, რომელიც მშვენიერებას ქმნის, და ხელოვნებას ყველაფერზე მაღლა აყენებს ცხოვრებაში. სხვებისთვის ასეთი იდეალი შეიძლება გახდეს ჭეშმარიტების მაძიებელი, ფილოსოფოსი, მეცნიერი. ხოლო ვიღაცისთვის ეს იქნება უფრო პირადული და დამიწებული სახე, მაგალითად კარგი დედის ან მამის.

ცხადია, რომ ეს „იდეალური მოდელები“ გულისხმობენ ცხოვრებისეულ კავშირს გარე სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან, ანუ ექსტრავერსიის გარკვეულ დონეს. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმდენად ექსტრავერტულია, რომ თავისი პიროვნების ცხოვრებისეული ცენტრის პროექციას გარეთ ახდენენ. ასეთი პროექტიის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს მგზნებარე პატრიოტი, რომელიც ბოლომდე უძღვნის საკიუთარ თავს საყვარელ ქვეყანას. ეს ქვეყანა მისი ცხოვრებისა და ინტერესების ცენტრი ხდება და თითქმის ანაცვლებს მის „მე“-ს. ყველა მისი აზრი და გრძნობა მისკენაა მიმართული, მზადაა მისთვის სიცოცხლეც კი გაწიროს.

არსებობს სხვა მაგალითიც, რომელიც განსაკუთრებულად ხშირად წარსულში გვხვდებოდა, - ქალი, რომელმაც საყვარელ მამაკაცთან გააიგივა თავი, მისთვის ცხოვრობს და მთლიანად მისითაა შთანთქმული. ძველ ინდოეთში ცოლი ქმარს არა მხოლოდ ბატონად თვლიდა, არამედ ეთაყვანებოდა მას, როგორც სულიერ მოძღვარს, თავის გურუს, თითქმის ღმერთს.

საკუთარი „ცენტრის“ ასეთი გარე პროექცია, ასეთი „ექსცენტრულობა“ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. იგი თუმცა არ წარმოადგენს პირდაპირ გზას, ან უმაღლეს მიღწევას, მიუხედავად იმისა იგი შეიძლება გახდეს ირიბი თვითრეალიზაციის დამაკმაყოფილებელი ფორმა. სასიკეთო შემთხვევებში ინდივიდი არ „იკარგება“ გარე ობიექტში, არამედ ასეთი სახით თავისუფლდება ეგოისტური ინტერესებისგან და პიროვნული შეზღუდვებისგან; იგი თავს გარე იდეალის მეშვეობით შეიცნობს. ეს უკანასკნელი ხდება არაპირდაპირი, მაგრამ საიმედო კავშირი, შეხების წერტილი პიროვნებასა და უმაღლეს „მე“-ს შორის, რომელიც აისახება და სიმბოლიზდება ამ ობიექტით.

asajoli scheme 2

1. ცნობიერი „მე“. 2. გარეგანი გამაერთიანებელი „ცენტრი“. 3. უმაღლესი „მე“.

4. ფსიქოსინთეზი: ამ ახალი „ცენტრის“ გარშემო პიროვნების ფორმირება ანუ რეკონსტრუქცია

მას შემდეგ, რაც გამაერთიანებელი ცენტრი ნაპოვნია ან „აღმართულია“, ჩვენ მზად ვარ, რომ მის გარშემო ახალი პიროვნება ავაწყოთ - შინაგანად შეთანხმებული, ორგანიზებული და მთლიანი.

სწორედ აქ იწყება ფსიქოსინთეზი, რომელიც ასევე მოიცავს რამდენიმე სტადიას. პირველი, რაც აუცილებელია გავაკეთოთ, - ესაა მოქმედებების გეგმის შედგენა, „შინაგანი პროგრამის“ ფორმულირება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, - ანუ ახალი პიროვნება - და მკაფიოდ გავაცნობიეროთ ამოცანები, რომელთა გადაჭრასაც იგი გულისხმობს.

ზოგიერთი ადამიანი დასაწყისიდანვე მკაფიოდ ხედავს თავის მიზანს. მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ შეუძლიათ, - ან განზრახული აქვთ, - რომ გახდნენ. ეს წარმოდგენა რეალისტური და „აუთენტური“ უნდა იყოს - ანუ მოცემულ ინდივიდის ბუნებრივი განვითარებას უნდა შეესაბამებოდეს, ამიტომ ნაწილობრივ განხორციელებადი მაინც უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს ნევროზული, არარეალისტური „იდეალიზირებული სახე“ იმ გაგებით, რომელსაც კარენ ჰორნი გულისხმობს. ჭეშმარიტი „იდეალური მოდელი“ დინამიურ შემოქმედებით ძალას ფლობს; იგი აადვილებს მიზნის მიღწევას და გვაშორებს უზუსტობებსა და შეცდომებს. იგი ახდენს ადამიანის ენერგიის კონცენტრირებას და ხატ-სახეთა უზარმაზარ შემოქმედებით ძალას იყენებს.

სხვა ინდივიდები, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან უფრო პლასტიური ფსიქიკით, სპონტანურად ცხოვრობენ და უფრო ნიშნებსა და წინათგრძნობებს მიჰყვებიან, ვიდრე განსაზღვრულ გეგმებს, სირთულეებს აწყდებიან, როცა ასეთი პროგრამის ფორმულირებას და შემდეგ მოხაზული სქემის მიხედვით ახალი პიროვნების აწყობას ცდილობენ; მათ შესაძლოა საერთოდ არ მოეწონოთ ასეთი მეთოდი. ისინი ამჯობინებენ, რომ თავი შინაგან სულს, ან ღმერთის ნებას მიანდონ, რათა მან გადაწყვიტოს, თუ ვინ გახდებიან ისინი. ისინი გრძნობენ, რომ შეძლებენ უფრო სწრაფად მიაღწიონ მიზანს, თუკი მათ პიროვნებაში დაფარულ რაც შეიძლება მეტ ხარვეზს და დამცავ მექანიზმს მოიშორებენ, და უმაღლეს „მე“-სთან კომუნიკაციის არხს გააფართოებენ, მიუძღვნიან რა მას თავს და მოქმედების საშუალებას მისცემენ სულის შემოქმედებით ძალას, - მათ მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ მიენდონ და დაემორჩილონ.

ზოგიერთი მსგავს პოზიციებს იკავებს, მაგრამ სხვანაირად გამოხატავს მათ. ისინი საუბრობენ კოსმიურ წესრიგთან, სამყაროს ჰარმონიასთან თანხმობაზე, და იმაზე, რომ საშუალება მისცენ სიცოცხლეს - იმოქმედოს მათში და მათი გავლით („უ-ვეი“ დაოსებში).

ყოველი მიდგომა თავისებურად ეფექტურია და პიროვნების განსაზღვრულ ტიპს შეესაბამება. მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მიდგომა ვიცოდეთ და ორივე გამოვიყენოთ - მათი ზოგიერთი თავისებურების გათვალისწინებით - იმისთვის, რომ ყოველ მათგანთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და უკიდურესობებს თავი ავარიდოთ,გამოვასწოროთ ისინი და ერთმანეთით გავამდიდროთ.

ამგვარად, მათ, ვინც პირველ გზას მიჰყვებიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ თავისი „იდეალური წარმოდგენა“ მეტისმეტად რიგიდული არ გახადონ; ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ შეცვალონ და გააფართოვონ იგი, ან ბოლომდე შეცვალონ, თუ ამას შემდგომი გამოცდილება მოითხოვს - მოვლენების უფრო „საღი“ ხედვა და ახალი „გამონათებები“.

მეორე მხრივ, ისინი, ვინც მეორე მეთოდს იყენებენ, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ გახდნენ ზედმეტად პასიურები და უპასუხისმგებლოები, და არ მიიღონ ინტუიტიურ წინათრგძნობად და ზემოდან ბრძანებად ის, რაც სინამდვილეში არაცნობიერი ძალებისგან შობილი სურვილები და მისწრაფებებია. უფრო მეტიც, მათ უნდა ისწავლონ, რომ მედგრად გადაიტანონ შინაგანი „უნაყოფობის“ და სიბნელის გარდუვალი პერიოდები, როცა სულიერ ცენტრთან ცნობიერი კავშირი შეწყვეტილია და პიროვნება თავს მიტოვებულად გრძნობს.

„იდეალური მოდელი“ შეიძლება ბევრი შეიქმნას, მაგრამ ყველანი ისინი შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად. პირველში შედიან ხატ-სახეები, რომლებიც განასახიერებენ ჰარმონიულ განვითარებას, ყოველმხრივ პიროვნულ და სულიერ სრულყოფას. ასეთი იდეალისკენ, როგორც წესი, ინტროვერტები ისწრაფვიან. მეორე ჯგუფს წარმოადგენენ ხატ-სახეები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სრულყოფილებასთან საქმიანობის გარკვეულ სფეროში. ამ შემთხვევაში მიზანია - უკიდურეს ზღვრამდე განავითარონ ის უნარები ან თვისებები, რომლებიც ინდივიდის მიერ არჩეულ თვითგამოხატვის გარკვეულ ხაზს ან სოციალურ როლს შეესაბამებიან. ესაა მხატვრის, მასწავლებლის, მეცნიერის და ა.შ. იდეალი. ასეთ მოდელებს, როგორც წესი, ექსტრავერტები ამჯობინებენ.

მას შემდეგ, რაც იდეალური ფორმის არჩევა დასრულებულია, იწყება პრაქტიკული ფსიქოანალიზი, რომელიც აგებულია ახალი პიროვნების შენებაზე. ეს სამუშაო შეგვიძლია სამ ძირითად ნაწილად დავყოთ.

1. ყველანაირი ხელთ არსებული ენერგიის გამოყენება. ესაა: ა) ძალები, რომლებიც ანალიზისა და არაცნობიერი კომპლექსების დეზინტეგრაციის შედეგად გამონთავისუფლდნენ; ბ) დაფარული და ცოტა ხნით ადრე უარყოფილი მისწრაფებები, რომლებიც სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დონეზე არსებობენ. იმისთვის, რომ ეს არაცნობიერი ძალები გამოვიყენოთ, საჭიროა ისინი გარდავქმნათ. მათთვის დამახასიათებელი პლასტიკურობა ამის საშუალებას იძლევა. ფაქტიურად, გარდაქმნის ასეთი პროცესი ჩვენში გამუდმებით ხდება. მსგავსად იმისა, როგორც სითბური ენერგია გარდაიქმნება მოძრაობის ენერგიად და ელექტრო-ენერგიად ან პირიქით, სწორედ ასევე ჩვენი ემოციები და იმპულსები გადადიან ფიზიკურ ქმედებებში ან გონებრივ საქმიანობასა და წარმოსახვებში. და პირიქით, იდეები წარმოშობენ ემოციებს ან გარდაიქმნებიან გეგმებად, შემდეგ კი ქმედებებად.

ასეთი გარდაქმნების მაგალითები მრავალი ადამიანის მიერ იქნა დაკვირვებული და აღნიშნული. როდესაც რომაელი პოეტი ამბობს: „Facit indignatio versus” (ჩემს პოემებს აღშფოთება შობს), იგი გულისხმობს იმის გაცნობიერებას, თუ როგორ შეიძლება აღშფოთების ემოციური ტალღა, რომელიც ბუნებრივ გამოსავალს ვერ პოულობს, იქცეს პოეტურ საქმიანობად. კვლავაც, როცა ჰაინე წერს: „Aus meinen grossen Schmerzen mach’ ich die kleinen Lieder” (ჩემი დიდი ტკივილებიდან პატარა სიმღერები იბადებიან), იგი გულისხმობს, რომ მისი ტანჯვა პოეზიად, სილამაზედ სუბლიმირდა.

მნიშვნელოვანი მდგომარეობები და მაგალითები, რომლებიც შინაგანი ენერგიის გარდაქმნის თეორიასა და პრაქტიკას ეხება, შეგვიძლია ვიპოვნოთ ინდურ იოგაში, ქრისტიანულ მისტიციზმსა და ასკეტიზმში, და სულიერი ალქიმიის შრომებში. დიდი წვლილი იქნა შეტანილი ასევე ფსიქოანალიტიკოსი მკვლევარების მიერ. ამგვარად, ჩვენ საკმარის ცოდნას ვფლობთ იმისთვის, რომ შევქმნათ მეცნიერება ფსიქიკური ენერგიის შესახებ (ფსიქოდინამიკა), ასევე საიმედო მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც თავად შეგვიძლია შინაგანად შევიცვალოთ საჭირო მიმართულებით და ანალოგიური სახით სხვა ადამიანებიც შევცვალოთ.

2. პიროვნების იმ ასპექტების განვითარება, რომლებიც გვაკლია სასურველი მიზნის მისაღწევად. ეს განვითარება შესაძლოა ორი მიმართულებით წავიდეს: თვითშთაგონების მეშვეობით ან არასაკმარისად განვითარებული ფუნქციების (როგორებცაა, მეხსიერება, წარმოსახვა, ნება) სისტემატიური ვარჯიშებით - იმ ვარჯიშებით, რომლებიც მსგავსია მაგალითად ფიზკულტურაში ან მუსიკალური ან ვოკალური ოსტატობის დახვეწისთვის გამოყენებული ვარჯიშებისა.

3. სხვადასხვა სახის ფსიქიკური ენერგიისა და ფსიქიკური ფუნქციების კოორდინაცია და „სუბორდინაცია“, პიროვნების მკაცრად ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბება. ასეთი სტრუქტურა წარმოადგენს საინტერესო და დამაფიქრებელ ანალოგიას თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომელთა მოქალაქეებიც სხვადასხვა გაერთიანებებში, სოციალურ კლასებში, პროფესიულ ჯგუფებში და ა.შ. შედიან, და რომელშიც სხვადასხვა დონის მმართველი ორგანოები არსებობს - ქალაქური, რეგიონული და სახელმწიფო.

ზოგადი მონახაზით ასე გამოიყურება ფსიქოსინთეზის პროცესი. მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ყველა ზემოთხსენებული სტადია და მეთოდი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და არ არსებობს არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ პერიოდების და ფაზების ზუსტი თანმიმდევრობა დაიცვათ. ცოცხალი ადამიანი - ეს არაა შენობა, რომლისთვისაც ჯერ ფუნდამენტი იყრება, შემდეგ კი კედლები შენდება, და რომელიც ბოლოს სახურავით იხურება. ფსიქოსინთეზის „შინაგანი“ პროგრამის შესრულება შესაძლებელია სხვადასხვა წერტილიდან დაიწყოს, ხოლო სხვადასხვა მეთოდები და მოქმედებები შეგვიძლია გავიმეოროთ მეტ-ნაკლებად დიდი პერიოდების განმავლობაში, სუბიექტის შინაგანი მდგომარეობის და გარემოებების გათვალისწინებით.

თავდაპირველად ეს ყველაფერი შესაძლოა მეტისმეტად რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის გამო იმედი არ დაკარგოთ. კომპეტენტური ფსიქოთერაპევტის ან მასწავლებლის დახმარება, უდავოა, გაცილებით გააადვილებს ამოცანას, თუმცაღა შესაძლებელია დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა გარე დახმარების გარეშეც, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევებით - მცდელობების და შეცდომების გზით. მას შემდეგ, რაც გათავისებულია წინასწარი ცნობები ფსიქოლოგიური პრინციპებისა და ფსიქოსინთეზის კანონების შესახებ, და შესწავლილია ფსიქოსინთეზის სხვადასხვა მეთოდები, ყველაფერი დანარჩენი - პრაქტიკის, გამოცდილების, ინტელექტის და ინტუიციის საქმეა. ასე ფორმირდება ახალი ადამიანი და იწყება ახალი, უმაღლესი ცხოვრება, ჭეშმარიტი ცხოვრება, რომელთან შედარებითაც უწინდელი მხოლოდ მცდელობას ჰგავდა - განვითარების თითქმის საშვილოსნოს შიგა პერიოდს.

თუკი ეცდებით, რომ მთლიანობაში გაიაზროთ ფსიქოსინთეზი, გასაგები ხდება, რომ არაა საჭირო მისი, არც როგორც კერძო ფსიქოლოგიური დოქტრინის, და არც როგორც კონკრეტული ვიწრო სპეციალიზაციის მეთოდის განხილვა. ესაა პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების დინამიური, დრამატული კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც იგი წარმოგვიდგება, როგორც მუდმივი ურთიერთქმედება და კონფლიქტი სხვადასხვა ურთიერთ-დაპირისპირებულ ძალებს შორის, მათი გამაერთიანებელი „ცენტრით“, რომელიც ყოველთვის ისწრაფვის, რომ აკონტროლოს, შეათანხმოს და გამოიყენოს ისინი.

გარდა ამისა, ფსიქოსინთეზში გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნიკა, რომლებიც მიმართულნი არიან პირველ რიგში პიროვნების განვითარებასა და სრულყოფაზე, ასევე მის მიერ ჰარმონიული მდგომარეობის მიღწევაზე და უმაღლეს „მე“-სთან უფრო მეტად გაერთიანებაზე. ამ ფაზებს შეიძლება დაერქვას შესაბამისად „პიროვნული“ და „სულიერი“ ფსიქოსინთეზი. საქმიანობის იმ სფეროს მიხედვით, რომელშიც იგი გამოიყენება, და იმ ამოცანების მიხედვით, რომლებიც მას ეკისრება, ფსიქოსინთეზი უკვე წარმოადგენს ან შეიძლება გახდეს:

1. ფსიქოლოგიური განვითარებისა და თვითრეალიზაციის მეთოდი მათთვის, ვინც უარს ამბობს იყოს საკუთარი მისწრაფებებისა და გარე ზეგავლენების მონა, ვისაც არ სურს უფრო პასიურად მიეცეს ფსიქიკური ძალების თამაშებს და სურს, რომ თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცეს.

2. ფსიქიკური და ფსიქოსომატური დარღვევების მკურნალობის მეთოდი იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიზეზს წარმოადგენს რთული კონფლიქტი ცნობიერი და არაცნობიერი ძალების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ან ის მტანჯველი ღრმა კრიზისი (რომელიც თავად პაციენტის მიერ ხშირად სწორად ვერ ფასდება), რომელიც ხშირად წინ უძღვის თვითრეალიზაციის ფაზას.

3. კომპლექსური აღზრდის მეთოდი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ბავშვის ან მოზარდის სხვადასხვა უნარების განვითარებაზე, არამედ ასევე ეხმარება მას თავისი ჭეშმარიტიო სულიერი ბუნების გახსნასა და გაცნობიერებაში და მისი მეშვეობით საკუთარ თავში ჰარმონიული, კაშკაშა პიროვნების ფორმირებაში.

ამგვარად, ფსიქოსინთეზი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კერძო შემთხვევა უფრო ფართო პრინციპის, პიროვნებათ-შორისი და კოსმიური სინთეზისა. სინამდვილეში ინდივიდი არ არსებობს თავისივე მსგავსებისგან იზოლირებულად: ნებისმიერი პიროვნება მჭიდრო ურთიერთობებში იმყოფება სხვა ინდივიდებთან, რაც ყველა ადამიანს ურთიერთ-დაკავშირებულს ხდის. უფრო მეტიც, ყველა და ყოველი ჩართულია ზე-ინდივიდუალურ სულიერ რეალობაში.

ყოველი ადამიანი, არის რა თავად მრავალი მეტად თუ ნაკლებად შეთანხმებული შემადგენელი „ელემენტების“ კომბინაცია, თავის მხრივ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ადამიანური „ჯგუფის“ ელემენტი ან „იჯრედი“. ეს „ჯგუფი“ კავშირებს წარმოქნის უფრო ფართე და რთულ გაერთიანებებთან - ოჯახურიდან დაწყებული - ქალაქის და რეგიონული გაერთიანებებით, სოციალური კლასებით, პროფ-კავშირებით, ნაციონალური ჯგუფებით, და ბოლოს, ეს საწყისი ჯგუფი დაკავშირებულია მთელ კაცობრიობასთან.

ინდივიდსა და ჯგუფებს შორის ჩნდება პრობლემები და კონფლიქტები, რომლებიც საოცრად ჰგავს იმათ, რომლებიც ყოველი ინდივიდის შიგნით აღმოვაჩინეთ. მათი გადაწყვეტა დაფუძნებულია პიროვნებათ-შორის ფსიქოსინთეზზე, და მათი გადაწყვეტა შესაძლებელია, თუკი იგივე გზას მივყვებით და იგივე მეთოდებს გამოვიყენებთ, რასაც ინდივიდუალური ფსიქოსინთეზის დროს. ამ „პარალელური“ ფენომენის დაწვრილებითი შესწავლა შესაძლოა ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს და დაგვეხმაროს ორგანიზებული სტრუქტურების სინთეზისა და შექმნის მნიშვნელობისა და ჭეშმარიტი ფასეულობის გამოვლენაში როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სფეროებში, რომლებსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ სხვადასხვა ნაციონალური, სოციალური, ეკონომიკური, მეცნიერული და რელიგიური ჯგუფები.

კიდევ უფრო ფართო და ამომწურავი თვალსაზრისით მთელი სამყაროს სიცოცხლე წარმოგვიდგება, როგორც ბრძოლა მრავალრიცხოვანობასა და ერთიანობას შორის, როგორც ძალისხმევა და მისწრაფება გაერთიანებისკენ. ჩვენ გვიჩნდება გრძნობა, რომ სულს - ის უმაღლეს საწყისისს, რომელიც სამყაროში მოქმედებს - წარმოგვიდგება იგი ღვთაებრივ არსებად თუ კოსმიურ ენერგიად, - ამ სამყაროში შემოაქვს წესრიგი, ჰარმონია და სილამაზე, აკავშირებს რა ყველას სიყვარულის ძაფებით, და ამგვარად, ნელა და მდუმარედ, მაგრამ ამასთან ერთად მძლავრად და შეუქცევადად - გვეხმარება ჩვენ ყველას, რომ უმაღლესი სინთეზის მდგომარეობას მივაღწიოთ.

გაუზიარეთ სხვებსაც...

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff