თავი I. ვარიანტთა მოდელი

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
5
2

  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი") მთარგმნე...

27072580_749396355254117_3059690590975641801_n.jpg

 

თავი I. ვარიანტთა მოდელი

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი")

მთარგმნელი: მამუკა გურული

 (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

პირველი თავის აუდიო ვერსიის youtube-ლინკი


 

დილის ვარსკვლავთა შრიალი

მეზობლის ძაღლის ყეფამ გამაღვიძა. საძაგელი არსება, ყოველთვის მაღვიძებს. როგორ ვერ ვიტან! რატომ უნდა გამაღვიძონ მაინცდამაინც იმ ხმებმა, რომლებსაც ეს საზიზღარი არსება გამოსცემს? წავალ, გავისეირნებ, დავმშვიდდები და როგორმე მოვიშორებ თავიდან მეზობლის სახლის გადაწვის ფიქრებს. რაც ძაღლია, ის პატრონები ყავს. სულ ასე შემოძვრებიან ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ნაძირლები. ნერვიულად ვიცვამ. ჩემი ფლოსტები კიდევ სადღაც დაიკარგნენ. სად ხართ, ცბიერო ნაბიჭვრებო? გიპოვით და მოგისვრით!

 გარეთ ბურუსი და ნესტია. მოლიპულ ბილიკზე მივაბიჯებდი, მოქუფრული ტყის გავლით. თითქმის ყველა ფოთოლი ჩამოცვენილიყო და გაეშიშვლებინა ნახევრადმკვდარი ხეების რუხი ღეროები. რატომ ვცხოვრობ ამ ბნელ ჭაობში? ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ. თითქოს არ მინდა მოწევა, მაგრამ ჩვევა მეუბნება, რომ საჭიროა. საჭიროა? როდიდან გახდა სიგარეტის მოწევა ჩემთვის მოვალეობა? კი, საკმაოდ საზიზღრობაა დილით, მშიერ კუჭზე მოწევა. ეს ადრე იყო, რომ მხიარულ კომპანიაში სიგარეტი სიამოვნებას მანიჭებდა, მოდის, თავისუფლების, სტილის ერთგვარი სიმბოლო იყო. მაგრამ დღესასწაულები სრულდება და იწყება წვიმიანი რუხი დღეები ყოველგვარი პრობლემების გუბეებით. და ყოველ პრობლემას რამდენჯერმე ყლაპავ სიგარეტით, თითქოს საკუთარ თავს ეუბნები: აი, ახლა მოვწევ, ამოვისუნთქებ და ისევ ჩავეშვები ამ მოსაწყენ რუტინაში.

 სიგარეტის კვამლი თვალებში მომხვდა, და წამით ხელები მივიფარე, ნაწყენი ბავშვივით. როგორ მომბეზრდა ყველაფერი. და აქ, თითქოს ჩემს აზრებს ადასტურებსო, სახეში მხვდება ვერაგულად დაგრეხილი არყის ტოტი. ნაბიჭვარი! გაცოფებულმა მოვტეხე და გვერდზე მოვისროლე. იგი ხეზე ჩამოეკიდა და ქანაობა დაიწყო კლოუნივით, თითქოს დემონსტრირებას უკეთებდა ჩემს უძლურებას - რაიმე შემეცვალა ამ სამყაროში. მე მოღუშულმა განვაგრძე გზა.

 ყოველ ჯერზე, როცა ამ სამყაროსთან ბრძოლას ვცდილობდი, ის თავიდან მომყვებოდა და თითქოს იმედს მაძლევდა, მაგრამ შემდეგ კარგ წკიპურტს მითავაზებდა ხოლმე ცხვირში. ეს მხოლოდ კინოშია, რომ გმირები თავის მიზნამდე მიდიან და რაც გზაზე ეღობებად ყველაფერს აღგვიან ხოლმე მიწის პირიდან. ცხოვრება რულეტკის თამაშს ჰგავს. ჯერ იგებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. თავს გამარჯვებულად წარმოიდგენ, გეჩვენება, რომ მთელი სამყარო ჯიბეში გიდევს. მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის წაგებული რჩები. შენ მხოლოდ ბატი ხარ სადღესასწაულოდ, რომელსაც ასუქებენ, რათა მერე შეწვან და მხიარული სიმღერების და სიცილის თანხლებით შეჭამონ. შენ შეცდი, ეს არაა შენი დღესასწაული. შენ შეცდი...

 ამ უჟმურ ფიქრებში ჩაძირული, ზღვასთან გავედი. პატარა ტალღები ბოროტად კბენდნენ ქვიშის ნაპირს. ზღვა მტრულად მიგზავნიდა ცივ სინესტეს. მსუქანი თოლიები ზარმაცად დადიოდნენ ნაპირზე და რაღაც ნარჩენებს კორტნიდნენ. მათ თვალებში არ იყო ემოციის ან გონების წვეთიც კი - მხოლოდ ცივი და შავი სიცარიელე. ამ თვალებში თითქოს მთელი სამყარო ირეკლებოდა - ზუსტად ასეთივე ცივი და მტრული.

 ვიღაც მაწანწალა სანაპიროზე ცარიელ ბოთლებს აგროვებდა. მოშორდი აქაურობას, ჭაობის „ჩმორო“. მარტო მინდა ყოფნა. არა, მგონი ჩემსკენ მოემართება. ალბათ მათხოვრობას დამიწყებს. ჯობია სახლში წავიდე. არსად არ მასვენებენ. როგორ დავიღალე. ეს დაღლილობა ყოველთვის ჩემთანაა, მაშინაც კი, როცა ვისვენებ. ისე ვცხოვრობ, თითქოს სასჯელის ვადას ვიხდი. მეჩვენება, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება, ახალი ცხოვრება დაიწყება, და მაშინ სხვა გავხდები, და ცხოვრებით გავიხარებ. მაგრამ ეს ყველაფერი მომავალშია. მანამდე კი ისევ ისეთი მოსაწყენი კატორღაა. ჯერ ისევ ველოდები, ეს მომავალი კი არადა არ მოდის. ახლა, ჩვეულებისამებრ, ჩემს უგემურ საუზმეს შევჭამ და ჩემს მოსაწყენ სამსახურში წავალ, სადაც კვლავ გამოვწურავ საკუთარ თავს შედეგებს, რომლებიც სჭირდება ვიღაცას, მაგრამ არა მე. უაზრო და მძიმე ცხოვრების კიდევ ერთი დღე...

* * *

დილის ვარსკვლავების შრიალმა გამაღვიძა. ეს რა საშინელი სიზმარი მესიზმრა? თითქოს ჩემი ძველი ცხოვრების რაღაც ნამსხვრევი დაბრუნდაო. რა კარგია, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. შვებით გავიზმორე, როგორც ამას ჩემი კატა აკეთებს. აი, ზარმაცი, გაშხლართულა და მხოლოდ ყურებით აჩვენებს, რომ ჩემი იქ ყოფნის კურსშია. ადექი, ულვაშებიანო სიფათო, წამომყვები სასეირნოდ? საკუთარ თავს მზიანი დღე შევუკვეთე და ზღვისკენ გავემართე.

 ბილიკი ტყეზე გადიოდა, და დილის ვარსკვლავების შრიალი თანდათანობით ერწყმოდა ჩიტების მრავალხმიან ქოროს. განსაკუთრებით ძლიერ ვიღაც იქეთ, ბუჩქებში ცდილობდა: „კორმ! კორმ!“ აი, ისიც, პატარა ღუნღულა გუნდა, როგორ ახერხებ ასე ხმამაღლა ჭიკჭიკს? საოცარია, ადრე არ მომსვლია თავში: ყველა ჩიტს ისეთი განსხვავებული ხმა აქვს, მაგრამ ერთიც კი არ შედის დისონანსში საერთო ქოროსთან, და ყოველთვის ისეთი ჰარმონიული სიმფონია გამოდის, რომელსაც ვერცერთი ორკესტრი ვერ გაიმეორებს.

 მზემ თავისი სხივები ხეებს შორის გამოიწვდინა. ამ ჯადოსნურმა განათებამ გააცოცხლა ფერების მოცულობითი სიღრმე და ტყე მშვენიერ ჰოლოგრამად აქცია. ბილიკმა მზრუნველად გამიყვანა ზღვასთან. ზურმუხტისფერი ტალღები ჩუმად ეჩურჩულებოდნენ თბილ ქარს. ნაპირი უსაზღვროდ და უდაბურად მეჩვენებოდა, მაგრამ მყუდროებას და სიმშვიდეს ვგრძნობდი, თითქოს ამ გადატვირთულ სამყაროში სპეციალურად გამოყვეს ჩემთვის წყნარი კუთხე. ვიღაც ფიქრობს, რომ გარესამყარო - ილუზიაა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. მაგრამ არა, მე არ მეყოფა თავხედობა განვაცხადო, რომ მთელი ეს სილამაზე მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია.

 ჯერ კიდევ სიზმრის დამთრგუნველი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ჩემი წარსული ცხოვრების გახსენება დავიწყე, რომელიც სწორედ ასეთი უღიმღამო და უიმედო იყო. ძალიან ხშირად, მეც, ისევე როგორც ბევრი სხვა, ვცდილობდი მომეთხოვა ამ სამყაროსგან ის, რაც ვითომ მეკუთვნოდა. საპასუხოდ სამყარო გულგრილად ზურგს მაქცევდა ხოლმე. სიბრძნით გაჟღენთილი მრჩეველები მეუბნებოდნენ, რომ სამყარო ასე ადვილად არ გემორჩილება, იგი ბრძოლით უნდა მოიპოვო. მაშინ ვცდილობდი მეომა ამ სამყაროსთან, მაგრამ ამით ვერაფერს მივაღწიე, და მხოლოდ ძალებისგან დავიცალე. მრჩეველებს ამ შემთხვევაშიც ჰქონდათ მზა პასუხი: შენ თვითონ ხარ ცუდი, ჯერ შენ თვითონ შეიცვალე და შემდეგ მოითხოვე რამე სამყაროსგან. მე ვცდილობდი საკუთარ თავთან ბრძოლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კიდევ უფრო რთულია.

 მაგრამ ერთხელაც, ვნახე სიზმარი, თითქოს ბუნებრივ ნაკრძალში მოვხვდი. ჩემს გარშემო აღუწერელი სილამაზე იყო. დავდიოდი და აღტაცებული ვიყავი მთელი ამ მშვენიერებით. ამ დროს გამოჩნდა გაბრაზებული მოხუცი ჭაღარა წვერით - როგორც მივხვდი, ნაკრძალის მეთვალყურე. იგი ჩუმად მაკვირდებოდა. მისკენ გავემართე და როგორც კი პირი გავაღე, მაშინვე გამაჩუმა. ცივი ტონით მითხრა, რომ არაფრის გაგონება არ სურს, რომ დაიღალა კაპრიზული და ხარბი მნახველებისგან, რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან, გამუდმებით რაღაცას მოითხოვენ, ხმაურობენ და თავის შემდეგ ნაგვის გორებს ტოვებენ. მე გაგებით დავუქნიე თავი და გზა განვაგრძე.

 ნაკრძალის უნიკალურმა ბუნებამ უბრალოდ გამაოგნა. აქამდე რატომ არ ვყოფილვარ აქ? მონუსხულივით დავდიოდი განსაზღვრული მიზნის გარეშე და გარშემო ვიყურებოდი. შეუძლებელი იყო გარშემო მყოფი ბუნების სრულყოფილების ადეკვატური აღწერა რაიმე აზრებით, და მითუმეტეს სიტყვებით. ამიტომ თავში რაღაც აღტაცების სიცარიელე მქონდა.

 მალე ჩემს წინ კვლავ გამოჩნდა მეთვალყურე. მკაცრი გამომეტყველება მის სახეზე ცოტათი დარბილებულიყო. მანიშნა, რომ უკან გავყოლოდი. მწვანე ბორცვის მწვერვალზე ავედით და წინ გადაგვეშალა ულამაზესი ხედი. იქ რაღაც დასახლება მოჩანდა. სათამაშო სახლები სიმწვანეში და ყვავილებში ჩაფლულიყვნენ, თითქოს ჯადოსნური ზღაპრის ილუსტრაციას აჩვენებდნენ. მთელი ამ სურათისთვის შეგვეძლო ღიმილით გვეყურებინა, ასე არარეალურად რომ არ მომჩვენებოდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მხოლოდ სიზმარში მენახა. კითხვით სავსე თვალებით შევხედე მეთვალყურეს, მაგრამ მას მხოლოდ ჩაეცინა წვერებში, თითქოს უნდოდა ეთქვა: „ჯერ სადა ხარ!“

 ჩვენ ფერდობზე ვეშვებოდით, და ამ დროს გავაცნობიერე, რომ არ მახსოვდა, როგორ მოვხვდი ნაკრძალში. მომინდა, რომ რაღაც ახსნა მაინც მიმეღო მოხუცისგან. როგორც ჩანს, უხერხულად შევნიშნე, რომ ალბათ თავს კარგად გრძნობენ ის იღბლიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, ამ სილამაზეში იცხოვრონ, რაზეც მან გაღიზიანებულმა მიპასუხა: „და ვინმე გიშლის, რომ მათ რიცხვში იყო?“

 მე ჩავრთე „გაჭედილი ფირფიტა“ იმაზე, რომ ყველა არ იბადება ფუფუნებაში და არავის შეუძლია საკუთარი ბედის არჩევა. მეთვალყურემ ისე შემომხედა, როგორც იდიოტს, და მითხრა: „საქმეც იმაშია, რომ ყოველი ადამიანი თავისუფალია აირჩიოს ნებისმიერი ბედი. ერთადერთი თავისუფლება, რომელსაც ვფლობთ - ეს არჩევანის თავისუფლებაა. ყველას შეუძლია აირჩიოს ის, რასაც მოისურვებს“.

 ასეთი მსჯელობა ვერანაირად ვერ ეწყობოდა ცხოვრების შესახებ ჩემს წარმოდგენას, და გაპროტესტება დავიწყე, მაგრამ მეთვალყურეს ამის გაგონებაც არ უნდოდა: „ბრიყვო! შენ გაგაჩნია არჩევანის უფლება, მაგრამ არ იყენებ მას. უბრალოდ არ გესმის, რას ნიშნავს - არჩევა“. რაღაც ბოდვაა, არ ვეპუებოდი მე. როგორ შემიძლია ავირჩიო რაც მინდა? თითქოს ამ სამყაროში ყველაფერი ნებადართული იყოს. და უცებ გავაცნობიერე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია. გაოგნებულმა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ასეთ უცნაურ სიტუაციაში.

 თუ მეხსიერება არ მღალატობს, მოხუცს მივანიშნე, რომ სიზმარში, ისევე როგორც ცხადში, მას შეუძლია ნებისმიერი სისულელე ილაპარაკოს, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი თავისუფლება. მაგრამ როგორც ჩანს ამ შენიშვნამ გავლენა ვერ მოახდინა მეთვალყურეზე, და პასუხად მხოლოდ გადაიხარხარა. გავაცნობიერე რა ამ სიტუაციის აბსურდულობა (რას ჩავერთე ამ დისკუსიაში საკუთარივე სიზმრის პერსონაჟთან?), უკვე ფიქრი დავიწყე, ხომ არ ჯობდა გამეღვიძა. მოხუცმა თითქოს გამოიცნო ჩემი აზრები. „საკმარისია, ცოტა დრო გვაქვს“, - თქვა მან. „არ ველოდი, რომ შენისთანა კრეტინს გამომიგზავნიდნენ. და მაინც, მომიწევს, რომ ჩემი მისია შევასრულო“.

 გამოკითხვა დავუწყე: რა მისია იყო ეს? და ვინ არიან „ისინი“? ჩემს კითხვებს იგნორირება გაუკეთა და დამისვა, როგორც მაშინ მომეჩვენა, სულელური გამოცანა: „ყოველ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს თავისუფლება - აირჩიოს ის, რაც სურს. აი, შენ გამოცანა: როგორ უნდა მიიღო ეს თავისუფლება? თუ გამოიცნობ, ვაშლები ცაში დაიწყებენ ცვენას (яблоки упадут в небо)“.

 რა ვაშლები? უკვე მოთმინებას ვკარგავდი და ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი არაფრის გამოცნობას - მხოლოდ სიზმარში და ზღაპრებშია შესაძლებელი ყოველგვარი სასწაული, რეალობაში კი ვაშლები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მიწაზე ცვივიან. რაზეც მან მიპასუხა: „საკმარისია! წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო“.

 როცა გავიღვიძე, მწუხარებით გავაცნობიერე, რომ სიზმრის გაგრძელება აღარ მახსოვდა. მაგრამ მკაფიო შეგრძნება დამრჩა, რომ მეთვალყურემ ჩემში რაღაც ინფორმაცია ჩადო, რომლის სიტყვებით გამოხატვაც არ შემეძლო. მეხსიერებაში მხოლოდ ერთი გაუგებარი სიტყვა ამომიტივტივდა - ტრანსსერფინგი. ერთადერთი აზრი, რომელიც თავში მიტრიალებდა ის იყო, რომ არ არის აუცილებელი თავად მოვაწყო ჩემი სამყარო - ყველაფერი უკვე შექმნილია ჩემი მონაწილეობის გარეშე და ჩემივე კეთილდღეობისთვის. ასევე არაა საჭირო სამყაროსთან ბრძოლა მზის ქვეშ ადგილისთვის - ეს ყველაზე ნაკლებ-ეფექტური საშუალებაა. აღმოჩნდა, რომ არავინ მიშლის, უბრალოდ ავირჩიო ჩემთვის ის სამყარო, რომელშიც მსურს ცხოვრება.

 თავიდან ეს იდეა აბსურდულად მეჩვენებოდა, და სავარაუდოდ მალე დავივიწყებდი ამ სიზმარს. მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მალე აღმოვაჩინე, რომ მეხსიერებაში გამოკვეთა დაიწყო სრულიად მკაფიო სურათმა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მეთვალყურე სიტყვაში - „არჩევა“, და როგორ უნდა გამეკეთებინა ეს. მეთვალყურის გამოცანის ამოხსნა თავისთავად მოვიდა, როგორც ცოდნა არსაიდან. ყოველდღე რაღაც ახალი მეხსნებოდა, და ყოველ ჯერზე გრანდიოზულ გაოცებას განვიცდიდი, რომელიც შიშთან ახლოს იყო. მე არ შემიძლია რაციონალურად ავხსნა, საიდან მოვიდა მთელი ეს ცოდნა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა სრული დარწმუნებულობით: ჩემს თავში ვერაფერი მსგავსი ვერ დაიბადებოდა.

 მას შემდეგ, რაც ტრანსსერფინგი აღმოვაჩინე (უფრო ზუსტად, ამის ნება მომცეს), ჩემი ცხოვრება ახალი სასიხარულო საზრისით აღივსო. ყველა, ვინც ერთხელ მაინც დაკავებულა რაიმე სახის შემოქმედებით, იცის, როგორი სიამოვნება და სიხარული მოაქვს საკუთარი ხელით შექმნილ ნაწარმოებს. მაგრამ ეს არაფერია საკუთარი ბედის შექმნასთან შედარებით. თუმცა ტერმინი - „ბედის შექმნა“ აქ არც თუ ისე შესაფერისია. ტრანსსერფინგი - ესაა საკუთარი ბედის არჩევის საშუალება - პირდაპირ, როგორც საქონელის სუპერმარკეტში. სწორედ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, მინდა დავწერო ამ წიგნში. თქვენ გაიგებთ, რატომ შეუძლიათ ვაშლებს „ცაში ცვენა“, რას ნიშნავს „დილის ვარსკვლავების შრიალი“, და ასევე მრავალ სხვა ძალზე საინტერესო საკითხზე.


 

მეთვალყურის გამოცანა

 არსებობს ბედის ინტერპრეტაციის სხვადასხვა მიდგომა. ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ბედი - წინასწარ განსაზღვრული და გარდუვალია. როგორც არ უნდა ეცადო, ბედს ვერ გაექცევი. ერთი მხრივ, ბედის ასეთი კონცეფცია დამთრგუნველია თავისი გამოუვალობით. გამოდის, რომ თუ ადამიანს არც ისე მაღალი სორტის ბედი შეხვდა, ამის გამოსწორების არანაირი იმედი არ მოჩანს. მაგრამ მეორე მხრივ, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი ვითარება აწყობთ. ეს ხომ მოსახერხებელი და საიმედოა, როცა მომავალი მეტად თუ ნაკლებად წინასწარგანსაზღვრულია და არ აშინებს თავისი ამოუცნობობით.

 და მაინც, ასეთი გაგების ბედის ფატალური გარდუვალობა, შეუძლებელია არ იწვევდეს შინაგან პროტესტს. წარუმატებელი ადამიანი თავის ბედზე წუწუნებს: რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო? ერთს ყველაფერი უხვად აქვს, მეორე გამუდმებით განიცდის საჭიროებას. ერთს ყველაფერი იოლად ეძლევა, მეორე კი ბზრიალებს, როგორც ციყვი ბორბალში, და ყველაფერი უშედეგოდ. ერთს ბუნება სილამაზეს, გონებას და ძალას დაჰმადლის, მეორე კი, უცნობია რა ცოდვების გამო, მთელი ცხოვრება მეორე სორტის იარლიყს ატარებს. საიდან ასეთი უსამართლობა? რატომაა, რომ ცხოვრება, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები თავის მრავალფეროვნებაში, რაღაც შეზღუდვებს ანიჭებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს? რა დააშავეს მათ, ნაკლებად ღირსეულებმა?

 ადამიანი, რომელსაც რაღაც დააკლდა, წყენას და აღშფოთებას გრძნობს და ცდილობს იპოვოს რაიმე ახსნა თავისი გაჭირვებული მდგომარეობისთვის. და მაშინ ჩნდება ყველა შესაძლო სწავლებები, მსგავსად კარმისა - წინა ცხოვრებების ცოდვების გამო. შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს ღმერთს მეტი საქმე არა აქვს, გარდა თავისი ჭირვეული ბავშვების აღზრდისა, მაგრამ მთელი თავისი ძალაუფლებითაც კი სირთულეებს განიცდის ამ აღზრდის პროცესში. იმის ნაცვლად, რომ ცოდვების გამო სიცოცხლეშივე დასაჯოს, ღმერთი რატომღაც შურისძიებას შემდეგისთვის ინახავს, არადა რა აზრი აქვს ადამიანის დასჯას იმისთვის, რაც არ ახსოვს.

 არსებობს უთანაბრობის სხვა ვერსიაც, რომელიც იმით გვაიმედებს, რომ გაჭირვებული და ტანჯული უხვ ჯილდოს მიიღებს, მაგრამ კვლავაც, ან სადღაც ზეცაში, ან რომელიმე შემდეგ ცხოვრებაში. რაც არ უნდა იყოს, მსგავსი ახსნები ბოლომდე ვერ დაგვაკმაყოფილებს. არსებობს წინა და მომავალი ცხოვრებები, თუ არ არსებობს, ამას პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ადამიანს ახსოვს და აცნობიერებს მხოლოდ ერთ, აი, ამ ცხოვრებას, და ამ თვალსაზრისით იგი მისთვის ერთადერთია.

 თუ ბედის წინასწარგანსაზღვრულობას დავიჯერებთ, მაშინ მოწყენილობისგან საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება შეგუება იქნება. და კვლავაც, მოიძებნება ახალი ახსნები, მაგალითად - „გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“ იყავი ოპტიმისტი და დაკმაყოფილდი იმით, რაც გაგაჩნია. ადამიანს ეუბნებიან, რომ იგი უბედურია იმიტომ, რომ მუდამ უკმაყოფილოა და მეტისმეტად ბევრი უნდა. და კმაყოფილად ყოფნა სავალდებულოა. უნდა გიხაროდეს ცხოვრება. ადამიანი თითქოს თანხმდება ამაზე, მაგრამ ამავდროულად ეუხერხულება რომ სიხარულით შეხვდეს რეალობას. ნუთუ არ აქვს უფლება, რომ რაღაც უფრო მეტი სურდეს? რატომ უნდა აიძულოს საკუთარ თავს, რომ უხაროდეს? ეს ხომ იგივეა, რომ აიძულო საკუთარი თავი - გიყვარდეს.

 გარშემო მუდამ ფუსფუსებენ ვიღაც „გასხივოსნებული“ პიროვნებები, რომლებიც მოგვიწოდებენ საყოველთაო სიყვარულისკენ და პატიებისკენ. ადამიანს შეუძლია მოირგოს ეს ილუზია, როგორც გადასაფარებელი თავზე, რათა პირდაპირ არ შეეჩეხოს სასტიკ რეალობას, და იგი მართლაც უკეთ გრძნობს თავს. მაგრამ გულის სიღრმეში ადამიანი მაინც ვერ წვდება, რატომ უნდა აიძულოს საკუთარ თავს - აპატიოს მათ, ვინც სძულს, და უყვარდეს ისინი, ვის მიმართაც გულგრილია. რა ხეირი ექნება ამისგან? რაღაცნაირი ბედნიერება გამოდის - ნატანჯი და არაბუნებრივი. თითქოს სიხარული თავისით კი არ მოდის, უნდა გამოწურო საკუთარი თავიდან, როგორც პასტა ტიუბიკიდან.

 რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ცხოვრება იმდენად მოწყენილი და პრიმიტიულია, რომ ერთ წინასწარგანსაზღვრულ ბედამდე დაიყვანება. მათ არ სურთ დაკმაყოფილდნენ იმით, რაც გააჩნიათ, და ამჯობინებენ უხაროდეთ მიღწევებით, და არა მოცემულობით. ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ბედის სხვაგვარი კონცეფცია: „ადამიანი თავადაა საკუთარი ბედნიერების მჭედელი“. და ამ ბედნიერებისთვის, როგორც ცნობილია, ბრძოლაა საჭირო. მაშ, როგორ სხვანაირად? „მცოდნე“ ადამიანები იტყვიან, რომ ასე მარტივად არაფერი გვეძლევა. თითქოს ფაქტი უდავოა: თუ არ გსურს მიიღო ბედნიერება ისეთად, როგორიც მოგეცა, მაშინ იდაყვებით უნდა იმუშაო და შენსას მიაღწიო.

 აღმზრდელობითი ისტორიები მოწმობენ იმაზე, თუ როგორ მამაცურად იბრძოდნენ და დღე და ღამე თავგანწირულად შრომობდნენ გმირები, თუ როგორ გადალახავდნენ საოცარ წინააღმდეგობებს. მხოლოდ ყველა სირთულისა და გაჭირვების გავლის შემდეგ მოიპოვებს გმირი თავის ადგილს მზის ქვეშეთში. მაგრამ აქაც ვერაა ყველაფერი რიგზე. იბრძვიან და შრომობენ მილიონები, ნამდვილ წარმატებას კი მხოლოდ ერთეულები აღწევენ. შეიძლება მთელი ცხოვრება დაკარგო სასოწარკვეთილ ბრძოლაში მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიო. რატომაა ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი და ულმობელი?

 რა მძიმე ვალდებულებაა - ებრძოლო ქვეყანას და მიაღწიო შენსას. და თუ ქვეყანა არ გნებდება, ე.ი. აუცილებელია საკუთარ თავს ებრძოლო. თუ ასეთი ღარიბი, ავადმყოფი, ულამაზო და უბედური ხარ - ე.ი. თავად ხარ დამნაშავე. შენ თავად ხარ არასრულყოფილი, ამიტომაც ვალდებული ხარ შეიცვალო. ადამიანი დგება ფაქტის წინაშე, რომ იგი პირველსაწყისად წარმოადგენს ნაკლოვანებების და მანკიერებების გროვას, რომელზეც გაძლიერებულად უნდა იმუშაოს. სევდიანი სურათია, ასე არაა? გამოდის, თუ ადამიანს თავიდანვე არ გაუმართლა, და თუ მდიდრად და ბედნიერად არ დაიბადა, მაშინ მისი ხვედრია - ან მორჩილად ატაროს თავისი ჯვარი, ან მთელი ცხოვრება მიუძღვნას ბრძოლას. რაღაცნაირად ვერ მოდიხარ განწყობაზე, რომ ასეთი ცხოვრება გიხაროდეს. ნუთუ მთელ ამ გამოუვალობაში არ არსებობს არანაირი გამოსავალი?

 და მაინც, გამოსავალი არსებობს. გამოსავალი იმდენად მარტივია, რამდენადაც სასიამოვნო, განსხვავებით ყველა ზემოთჩამოთვლილთაგან, რადგანაც იგი სრულიად სხვა სიბრტყეში დევს. ბედის კონცეფცია ტრანსსერფინგში ეფუძნება სამყაროს პრინციპულად სრულიად განსხვავებულ მოდელს. არ იჩქაროთ - იმედგაცრუებულმა ასავსავოთ ხელები და იყვიროთ, რომ რაღაც მორიგ ქიმერას გტენიან. დამეთანხმებით, რომ ბედის ცნობილ კონცეფციათაგან ყოველი ეყრდნობა გარკვეულ მსოფლმხედველობას, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება გარკვეულ ვერ-დამტკიცებად ამოსავალ წერტილებს.

 მაგალითად, მატერიალიზმი ეფუძნება მტკიცებას, რომ მატერია პირველადია, ცნობიერება კი - მეორადი. იდეალიზმი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ვერც ერთ და ვერც მეორე მტკიცებას რეალურად ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ საფუძველზე აწყობილია სამყაროს მოდელები, რომელთაგან ყოველი ძალიან დამაჯერებელია და თავის ერთგულ დამცველებს პოულობს. ყოველი მიმათულება ფილოსოფიაშ, მეცნიერებასა და რელიგიაში ამ სამყაროს თავისებურად ხსნის და ყოველი მიმართულება თავისებურად სწორია და არასწორია. ჩვენ ვერასოდეს ავღწერთ აბსოლუტურად ზუსტ ჭეშმარიტებას, რადგანაც ცნებები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, თავისთავად ფარდობითია. ცნობილ იგავში სამი ბრმის შესახებ, მოთხრობილია, როგორ ეხებოდა ერთი მათგანი სპილოს ხორთუმს, მეორე ფეხს, მესამე კი ყურს, შემდეგ კი ყოველ მათგანს გამოჰქონდა თავისი დასკვნა იმაზე, თუ რას წარმოადგენს სპილო. ამიტომ ვამტკიცოთ, რომ ერთი აღწერა ერთადერთი ჭეშმარიტებაა, მეორე კი არა - სრული უაზრობაა. მთავარია, რომ ამ აღწერამ იმუშაოს.

 თქვენთვის ალბათ ცნობილია იდეა იმაზე, რომ რეალობა ილუზიაა, რომელსაც თავად ვქმნით. თუმცა არასოდეს არავის გასაგებად არ აუხსნია, საიდან მოდის ეს ილუზია და როგორ ხდება ეს ყველაფერი. გამოდის, რომ ყველანი „კინოს“ ვუყურებთ? ეს რა თქმა უნდა ფრიად საეჭვოა, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით არის ამაში სიმართლის წილი. არსებობს სხვა შეხედულებაც, რომ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა - მატერიალური სამყარო მხოლოდ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც მკაცრი კანონებით მოქმედებს, და ჩვენს ცნობიერებას აქ არაფრის განსაზღვრა არ ძალუძს. და ამაშიც არსებობს ჭეშმარიტების უდავო წილი.

 მაგრამ ადამიანური გონება ისეა მოწყობილი, რომ ისწრაფვის - ფეხქვეშ მყარი, არაერთმნიშვნელოვანობას მოკლებული ნიადაგი ჰქონდეს. სულ გინდება, რომ ნაცარტუტად აქციო ერთი თეორია და კვარცხლბეკზე აიყვანო მეორე, რასაც აკეთებენ კიდეც მეცნიერები ათასწლეულების განმავლობაში. ჭეშმარიტებისთვის ყოველი შერკინების შემდეგ, ბრძოლის ველზე დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი ფაქტი რჩება: ნებისმიერი თეორია წარმოადგენს მრავალწახნაგოვანი რეალობის გამოვლინების მხოლოდ ცალკეულ ასპექტს.

 ყოველი თეორია მუშაობს, ამიტომაც არსებობის უფლება აქვს. ბედის ნებისმიერი კონცეფცია ასევე მუშაობს. თუ თქვენთვის გადაწყვიტეთ, რომ ბედი - ეს რაღაც წინასწარგანსაზღვრულია, რომლის შეცვლაც არ ძალგიძთ, მაშასადამე ასეც იქნება. ამ შემთხვევაში თქვენ ნებაყოფლობით აბარებთ საკუთარ ბედს სხვის ხელებში, მნიშვნელობა არ აქვს ვისაში, და ხდებით პატარა გემი, რომელიც ტალღების ნებას მიუყვება. ხოლო თუკი თვლით, რომ თავადვე ქმნით საკუთარ ბედს, მაშინ ცნობიერად იღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, საკუთარ თავზე. თქვენ ებრძვით ტალღებს და ცდილობთ, რომ მართოთ საკუთარი გემი. მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება: თქვენი არჩევანი ყოველთვის რეალიზდება. რასაც ირჩევთ, იმასვე იღებთ. რა მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოთ, სიმართლე თქვენს მხარეს იქნება. სხვები კი შეგეკამათებიან სწორედ იმიტომ, რომ ისინიც მართლები არიან.

 თუკი რეალობის გამოვლინების რაიმე ფენომენს ათვლის წერტილის დასაწყისად ავიღებთ, ანუ ამოსავალ წერტილად ჩავთვლით მას, მაშინ მისგან შესაძლებელი იქნება ცოდნის მთელი განხრის გამოყვანა. ეს ცოდნა შინაგანად არაწინააღმდეგობრივი იქნება, და წარმატებით ასახავს რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას. მთელი ცოდნის გასაცნობიერებლად საკმარისია ავიღოთ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ბოლომდე გასაგები არაა, მაგრამ მაინც აქვთ ადგილი.

 მაგალითად, კვანტური ფიზიკა ეფუძნება რამდენიმე დაუმტკიცებელ ჭეშმარიტებას - პოსტულატს. ისინი დაუმტკიცებელნი არიან იმიტომ, რომ თავად წარმოადგენენ ცოდნის საწყის, ამოსავალ წერტილს. მიკროსამყაროს ობიექტი კვანტურ ფიზიკაში რიგ შემთხვევებში ნაწილაკივით იქცევა, რიგ შემთხვევებში კი ტალღასავით. მეცნიერებმა ვერ შეძლეს ცალსახად მოეხდინათ ასეთი დუალიზმის ინტერპრეტაცია, ამიტომ უბრალოდ მიიღეს ეს, მოცემულობად, ანუ პოსტულატის სახით. კვანტური ფიზიკის პოსტულატები ფორმათა გამოვლინების მრავალფეროვნებას ისე არიგებენ, თითქოს ბრმები შეთანხმებულიყვნენ, რომ სპილო ერთ შემთხვევაში ძელივით იქცევა, მეორე შემთხვევაში კი გველივით.

 თუ მიკროსამყაროს ობიექტის აღწერისას მის ნაწილაკურ თვისებას ძირითად თვისებად ავიღებთ, მაშინ მივიღებთ ატომის მოდელს, რომელიც ცნობილმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა წარმოადგინა. ამ მოდელში ელექტრონები ბირთვის გარშემო ტრიალებენ, მსგავსად პლანეტებისა მზის სისტემაში. ხოლო თუკი ძირითად თვისებად მის ტალღურ თვისებას ავირებთ, მაშინ ატომი ტალღების სუპერპოზიციად იქცევა. როგორც ერთი, ისევე მეორე მოდელი - მუშაობს, ასახავს რა რეალობის გამოვლინების ცალკეულ ფორმებს. კვლავაც გამოდის, რომ ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვირჩევთ.

 საერთოდ, ნებისმიერი გამოვლინება შეიძლება გამოდგეს პოსტულატად, იმ ცოდნის განხრის ამოსავალ წერტილად, რომელიც უპირობოდ იმუშავებს და არსებობის უფლება ექნება. ჭეშმარიტების დევნაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გაეგოთ სამყაროს ბუნება, იკვლევდნენ რა მის ცალკეულ ასპექტებს. იქმნებოდა მეცნიერული ცოდნის მთელი მასივები ამა თუ იმ ბუნების მოვლენების აღსაწერად და ასახსნელად. ასე გაჩნდა ცოდნის სხვადასხვა განხრები, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან.

 სამყაროს ბუნება ერთიანია, მაგრამ გამუდმებით ადემონსტრირებს სხვადასხვა სახეებს. ვერ ასწრებენ ადამიანები რიგიანად შეათვალიერონ და ახსნან ერთი სახე, რომ მაშინვე ჩნდება მეორე, რომელიც არანაირად არ შეესატყვისება წინას. მეცნიერები ცდილობენ, რომ გააერთიანონ რეალობის სხვადასხვა გამოვლინებები, რათა შეუსაბამობა აღმოფხვრან, მაგრამ ეს ძნელად გამოსდით. არსებობს მხოლოდ ერთი და უდავო ფაქტი, რომელიც აერთიანებს და ათანხმებს ცოდნის ყველა განხრას - რეალობის გამოვლინების ფორმათა მრავალფეროვნება და მრავალწახნაგობა. ჩვენი სამყაროს მრავალვარიანტობა მის პირველად ფუნდამენტურ თვისებას წარმოადგენს.

 არიან რა გატაცებულნი სხვადასხვა გამოვლინებების აღწერით, ცოდნის სხვადასხვა განხრების მიმდევრები რატომღაც გვერდს უვლიან სწორედ მოცემულ ფაქტს. მართლაც, თითქოს რა დასკვნა შეგვიძლია აქედან გამოვიტანოთ? მრავალვარიანტობა წარმოადგენს ათვლის დასაწყისს, მსგაავსად ნულისა, კოორდინატთა ბადეში. ცოდნის სხვადასხვა განხრათა ნებისმიერი ამოსავალი წერტილები მასთან მიმართებაში მეორადნი არიან. მაგრამ თავად საწყის წერტილს ყურადღებას არ აქცევენ, თითქოს იგი არანაირ ინფორმაციას არ ატარებდეს. და მაინც, ინფორმაცია არის, და თანაც ფრიად საოცარი.

 მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად საწყის წერტილაად სწორედ მრავალვარიანტობის თვისებას ავიღებთ. სხვა სიტყვებით, პოსტულატის სახით ავიღებთ იმ ფაქტს, რომ რეალობას გამოვლინების ფორმათა უსასრულო მრავალფეროვნება გააჩნია. მიუხედავად ჩვენი პოსტულატის ზოგადი ხასიათისა, თქვენ გაოცდებით, რა საინტერესო და მოულოდნელ ცოდნას ხსნის იგი.

 დავიწყოთ იმით, რომ რეალობის გამოვლინების ფორმებს უნდა გააჩნდეთ წყარო, საიდანაც მოდის მთელი ეს მრავალფეროვნება. სადაა „ჩაწერილი“ ჩვენი სამყაროს ყველა კანონი? ჩვენი სამყარო თავს ავლენს, როგორც მაატერიის მოძრაობა სივრცესა და დროში. ეს მოძრაობა გარკვეულ კანონებს ემორჩილება. როგორც იცით, ფუნქციის გრაფიკზე წერტილები განლაგებულია გარკვეული მათემატიკური ფორმულის შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ წერტილის გრაფიკზე მოძრაობის კანონს ფუნქციის ფორმულა წარმოადგენს. მაგრამ ფორმულები, ისევე, როგორც კანონები - ესაა ადამიანური გონის აბსტრაქტული გამოგონებები, შექმნილნი იმისთვის, რომ მოსახერხებელნი იყვნენ გასაგებად. ძალიან ნაკლებადსავარაუდოა, რომ ბუნება ამ ფორმულებს სადღაც ინახავს.

 სხვა რა სახით შეიძლება გრაფიკზე განლაგებული წერტილების შენახვა? რა თქმა უნდა, ყველა წერტილის კოორდინატთა უსასრულოდ დიდი მასივის სახით. ადამიანის მეხსიერების მოცულობა შეზღუდულია და ვერ გაუმკლავდება უსასრულობას. მაგრამ ბუნებისთვის, უსასრულობა - პრობლემა არაა. მას არ სჭირდება, რომ განაზოგადოს გრაფიკზე წერტილების განლაგება და მოძრაობა ფორმულის სახით. თუკი ფუნქციის ხაზს უსასრულოდ პატარა წერტილებად, მაშინ ყოველი წერტილი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მიზეზი, ხოლო მისი მომდევნო - როგორც შედეგი. შედეგად, მატერიალური წერტილის ნებისმიერი მოძრაობა სივრცესა და დროში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უსასრულოდ გრძელი უწყვეტი ჯაჭვით, რომელიც შედგენილია უსასრულოდ მცირე მიზეზებისგან და შედეგებისგან.

 ჩვენს გაგებაში მატერიის მოძრაობა კანონის სახით წარმოგვიდგენია, ბუნებაში კი ეს მოძრაობა ჩადებულია ნატურალურ ფორმაში - როგორც მიზეზთა და შედეგთა უსასრულო მრავალრიცხოვნება. უხეშად რომ ვთქვათ, მონაცემები მატერიის ყველა შესაძლო წერტილის მოძრაობის შესახებ შენახულია ერთგვარ ინფორმაციულ ველში, რომელსაც ჩვენ ვარიანტთა სივრცეს დავარქმევთ. იგი შეიცავს ინფორმაციას ყველაფერზე, რაც იყო, არის და იქნება.

 ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს სრულიად მატერიალურ ინფორმაციულ სტრუქტურას. ესაა ინფორმაციის უსასრულო ველი, რომელიც ნებისმიერი მოვლენის ყველა შესაძლო ვარიანტს შეიცავს - რაც კი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ვარიანტთა სივრცეში - ყველაფერია. ჩვენ არ დავიწყებთ მკითხაობას, როგორ ინახება ეს ინფორმაცია - ჩვენი მიზნებისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს შაბლონს, კოორდინატთა ქსელს დროსა და სივრცეში მატერიის ნებისმიერი მოძრაობისთვის.

 სივრცის ყოველ წერტილში იმყოფება ამა თუ იმ მოვლენის საკუთარი ვარიანტი. უფრო მარტივი გაგებისთვის ჩავთვალოთ, რომ ვარიანტი შედგება სცენარისგან და დეკორაციისგან. დეკორაცია - ესაა გარეგნული სახე, ანუ გამოვლინების ფორმა, ხოლო სცენარი - ესაა გზა, რომლითაც მატერია მოძრაობს. უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგვიძლია ვარიანტთა სივრცე სექტორებად დავყოთ. ყოველ სექტორს თავისი სცენარი და დეკორაციები აქვს. რაც უფრო მეტია დაშორება სექტორებს შორის, მით უფრო მეტია სხვაობა სცენარებსა და დეკორაციებს შორის.

 ადამიანის ბედიც ასევე მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. თეორიულად არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ადამიანის ბედის სცენარებსა და დეკორაციებზე, რამეთუ ვარიანტთა სივრცე უსასრულოა. ნებისმიერმა ნაკლებადმნიშვნელოვანმა მოვლენამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს ბედი. ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც მატერიის ნებისმიერი სახის ცვლილება, წარმოადგენს მიზეზთა და შედეგთა ჯაჭვს. შედეგი ვარიანტთა სივრცეში ყოველთვის ახლოსაა განლაგებული თავის მიზეზთან. ერთს მეორე მოსდევს, ამიტომ ბედის სექტორები ცხოვრების ხაზებად ლაგდება. სექტორების სცენარები და დეკორაციები ცხოვრების ერთ ხაზზე ასე თუ ისე ერთგვაროვანია. ადამიანის ცხოვრება თანაბარზომიერად მიედინება ერთი ხაზით მანამ, სანამ არ მოხდება მოვლენა, რომელიც სცენარებსა და დეკორაციებს შეცვლის. მაშინ ბედი მკვეთრ მოხვევას აკეთებს და ცხოვრების სხვა ხაზზე გადადის.

 წარმოიდგინეთ, რომ სპექტაკლი ნახეთ. მეორე დღეს ისევ მიხვედით თეატრში იგივე სპექტაკლზე, მაგრამ იგი უკვე სხვა დეკორაციებით ტარდებოდა. ესაა ცხოვრების ახლო-ახლოს განლაგებული ხაზები. შემდეგ თეატრალურ სეზონზე სპექტაკლი იგივე მსახიობებით ნახეთ, მაგრამ ამჯერად სცენარში მნიშვნელოვანი ცვლილებებით. ცხოვრების ეს გზა უკვე უფრო შორსაა განლაგებული. და ბოლოს, როდესაც იგივე დადგმა სხვა თეატრში ნახეთ, აქ პიესის სრულიად სხვა ინტერპრეტაცია იხილეთ. ცხოვრების ეს ხაზი უკვე ძალიან შორსაა პირველისგან.

 რეალობა თავის თავს მთელი მრავალფეროვნებით სწორედ იმიტომ ავლენს, რომ ვარიანტთა რაოდენობა უსასრულოა. ნებისმიერი ამოსავალი წერტილი იღვრება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვად. თუ აიღებთ ათვლის წერტილს, თქვენ მიიღებთ რეალობის გამოვლინების ამა თუ იმ ფორმას. შეიძლება ითქვას, რომ რეალობა ცხოვრების ხაზზე იმის მიხედვით ვითარდება, თუ რომელი ათვლის წერტილია არჩეული. თქვენ ღებთ იმას, რასაც ირჩევთ. თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ სწორედ იმიტომ, რომ ვარიანტთა უსასრულობა უკვე არსებობს. არავინ გიშლით, რომ თქვენი გულისთვის სასურველი ბედი აიჩიოთ. ბედის მთელი მართვა დაიყვანება მხოლოდ ერთ მარტივ რამემდე - არჩევანის გაკეთებამდე. ტრანსსერფინგი პასუხობს კითხვას - როგორ გააკეთოთ ეს.

 ამრიგად, არსებობს ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც შეიცავს პოტენციური შესაძლებლობების უსასრულო რაოდენობას - ვარიანტებს, თავისი სცენარებითა და დეკორაციებით. მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა მიმდინარეობს იმის შესაბამისად, თუ რა არის ჩადებული ამ სტრუქტურაში. მატერიის მოძრაობის დემონსტრირება ვარიანტთა სივრცეში შეგვიძლია მოვახდინოთ შემდეგი აზრობრივი ექსპერიმენტით.

 წარმოიდგინეთ წყლით სავსე მილი. მილის გასწვრივ გადაადგილდება გამყინავი რგოლი ისე, რომ წყალი სწრაფად იყინება მხოლოდ ამ რგოლის შიგნით. გამოდის, რომ ყინულის კრისტალი წყლიან მილში გადაადგილდება. წყლის მოლეკულები დაახლოებით იგივე ადგილზე რჩებიან - შედარებით თავისუფალ მდგომარეობაში. რგოლის გავლის მომენტში მოლეკულები მის შიგნით ფიქსირდებიან გარკვეული სტრუქტურის გაყინულ კრისტალად, შემდეგ კი წყალი ამ ადგილას კვლავ ლღვება და მოლეკულები თავისუფლდებიან. თავად კრისტალი არ მოძრაობს. სხვა სიტყვებით, ყინული წყალში არ ცურავს. წყლიან მილში გადაადგილდება არა თავად ყინულის კრისტალი, არამედ სტრუქტურა, ანუ გაყინული მდგომარეობა.

 ანალოგიის მიხედვით, წყალი მილში - ესაა ვარიანტთა სივრცე, ხოლო ყინულის კრისტალი - ვარიანტთა მატერიალური რეალიზაცია. მოლეკულები - ესაა ადამიანები, ხოლო მათი მდგომარეობა კრისტალის სტრუქტურაში რეალიზდება, როგორც ბედის ვარიანტი. არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, თუ რის ანალოგს წარმოადგენს გამყინავი რგოლი. სხვა სიტყვებით, რა სახით და რატომ იქცევა ინფორმაციული სტრუქტურა მატერიად? მიკროსამყაროში მატერიას შეუძლია თავი გამოავლინოს ენერგიის გროვად. ცნობილია, რომ ვაკუუმში გამუდმებით ხდება მიკრონაწილაკების დაბადება და ანიჰილაცია. მატერია თითქოს არსებობს, მაგრამ ამავდროულად მას არ გააჩნია საკუთარი მატერიალური სუბსტანცია. ცხადია მხოლოდ ერთი: მას, რასაც შეგვიძლია შევეხოთ, ხელშეუხებელი ენერგეტიკული საფუძველი გააჩნია.

 იმედი მაქვს, ძალიან არ დაგღალეთ ფიზიკით. ჯერ ტრანსსერფინგის მხოლოდ საწყის წერტილში ვიმყოფებით. მაგრამ იმან, რასაც ამ წიგნიდან გაიგებთ, შესაძლოა თქვენში გარკვეულწილად შოკი გამოიწვიოს. ამიტომ უცილობლად მიწევს, რომ რაღაც თეორიული საფუძველი მაინც მოვიყვანო, რათა გონებას ფეხქვეშ ნიადაგი არ გამოეცალოს. ამიტომ გთხოვთ, რომ ცოტაც მოითმინოთ.

 ზღვის ტალღა შეიძლება კიდევ ერთ ანალოგიად გამოგვადგეს, რომელიც ახდენს ვარიანტთა სივრცეში რეალიზაციის ილუსტრაციას. დავუშვათ, მიწისძვრის შედეგად ზღვაში ტალღა წარმოიშვა. იგი ზღვის ზედაპირზე კუზის სახით გადაადგილდება, მაგრამ თავად წყალი ამ დროს ადგილზე რჩება. მოძრაობს არა წყლის მასა, არამედ ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია. წყალი მხოლოდ ნაპირთან იღვრება ხმელეთზე. ასევე იქცევა ნებისმიერი სხვა ტალღაც. მოცემულ ანალოგიაში ზღვა - ესაა ვარიანტთა სივრცე, ხოლო ტალღა - მატერიალური რეალიზაცია.

 რა გამოდის, რომ ერთი მხრივ, მატერიალური რეალიზაცია დროსა და სივრცეში მოძრაობს, მეორე მხრივ კი ვარიანტები ადგილზე რჩებიან და მუდმივად არსებობენ? გამოდის, რომ ყველაფერი იყო, არის და იქნება? და რატომაც არა? სინამდვილეში დრო ისეთივე სტატიურია, როგორც სივრცე. დროის დინება მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როცა კინო-ფირი მოძრაობს და კადრები ერთიმეორეს მიჰყვებიან. აიღეთ კინო-ფირი და დააკვირდით ყველა კადრს ერთად. სად წავიდა დრო? ყველა კადრი ერთდროულად არსებობს. დრო სტატიკურია მანამ, სანამ თანმიმდევრულად კადრიდან კადრზე არ გადავდივართ. ცხოვრებაში ზუსტად ასე ხდება, ამიტომ ჩვენს ცნობიერებაში ღრმად გაიდგა ფესვები იდეამ, რომ ყველაფერი მოდის და მიდის.

 სინამდვილეში ყველაფერი, რაც ინფორმაციის ველშია ჩაწერილი, იქ ყოველთვის იყო, და ყოველთვის დარჩება. ცხოვრების ხაზები არსებობენ, როგორც კინო-ფირები. ის რაც წავიდა, არ გამქრალა, არამედ დარჩა. ის, რაც მალე იქნება, უკვე ახლაცაა. ცხოვრების მიმდინარე მონაკვეთი - ესაა ვარიანტთა სივრცის მატერიალური რეალიზაცია ცხოვრების ხაზის მოცემულ მონაკვეთზე.

 ბევრი აღშფოთებას გამოთქვამს კითხვებით: „როგორაა შესაძლებელი, რომ ჩემი ბედის ვარიანტთა ურიცხვი რაოდენობა სტაციონარულად არსებობს? ვის და რაში სჭირდება ეს? ღმერთს? ბუნების ძალებს? რატომ?“ მაშინ სცადეთ, რომ წარმოიდგინოთ წერტილი კოორდინატთა სიბრტყეზე. ჯერ კიდევ სკოლაში შემოგვთავაზეს ასეთი მოდელი: წერტილს სიბრტყეზე შეუძლია ჰქონდეს იქსის და იგრეკის ნებისმიერი კოორდინატი. ნებისმიერი - მინუსიდან პლუს უსასრულობამდე. და რატომ არავის მოსდის აზრად, რომ დასვას კითხვა: რატომ შეუძლია წერტილს ჰქონდეს ნებისმიერი კოორდინატები? ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ როგორ მიდის წერტილი ფუნქციის ხაზზე და გაკვირვებული ამბობს: „როგორ შეიძლება, რომ ჩემს მიერ განვლილი გზა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს? და როგორ შეიძლება, რომ გზა, რომელიც უნდა გავიარო, უკვე განსაზღვრული იყო?“ მაგრამ თქვენ ხომ ზემოდან უყურებთ წერტილის გზას, ამიტომ თქვენთვის აქ არაფერია გასაკვირი.

 ვარიანტთა სივრცე შაბლონს წარმოადგენს. იგი განსაზღვრავს, თუ რა სახით უნდა გამოავლინოს თავი მატერიალურმა რეალიზაციამ. წარმოიდგინეთ ბნელი ტყე და ადამიანი ფანრით. ადამიანი ტყეში მიდის და თავის გარშემო მცირე ადგილს ანათებს. რეალიზაცია ვლინდება, როგორც სინათლის ლაქა. მთელი ბნელი ტყე - ესაა ვარიანტთა სივრცე, ხოლო განათებული ნაწილი - ვარიანტის რეალიზაცია მოცემულ ადგილას. რა წარმოადგენს „გამნათებელს“? სხვა სიტყვებით, ვინ „ანთებს“, ანუ ვინ უკეთებს მატერიალიზებას შაბლონის ვარიანტს?

 ამ კითხვაზე პასუხისთვის მოგვიწევს, რომ კიდევ ერთი ამოსავალი წერტილი ავირჩიოთ. ჩვენს დროში უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ აზრები მატერიალურია. რეალობა ორი ფორმით გვივლენს თავს: ერთი მხრივ ყოფიერებას ცნობიერება განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი არსებობს საწინააღმდეგოს უდავო მტკიცებულებებიც. აზრები წარმოადგენენ არა მხოლოდ მოტივებს ადამიანის ქმედებებისთვის, არამედ პირდაპირ გავლენასაც ახდენენ გარშემომყოფ რეალობაზე. მაგალითად, ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინები, როგორც წესი სრულდება ხოლმე. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიკამათოთ, რომ აქ ადგილი აქვს არა აზრების მატერიალიზაციას, არამედ მომავალი უსიამოვნებების წინათგრძნობას. მართლაც, პარანორმალურ მოვლენებში ბევრი რამაა არამკაფიო და არაერთმნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალობის გამოვლინების მოცემული ფორმა უნდა დავაიგნოროთ. არსებობს უამრავი ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ აზრები უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას გარშემომყოფ რეალობაზე.

 ასეა თუ ისე, ადამიანის ცნობიერება მის ბედს აფორმირებს. მთელ წიგნში საუბარი მიდის სწორედ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს. ამოსავალ წერტილად ჩვენ ავიღებთ შემდეგ თეზას: აზრობრივი ენერგიის გამოსხივება ახდენს ვარიანტის მატერიალური რეალიზაციის ინდუცირებას. ჩვენ ამის გაკეთების სრული უფლება გვაქვს, რადგანაც რეალობა ისეთ ფორმაშიც ავლენს თავს, რომელშიც ცნობიერება რეალობას განსაზღვრავს. ამის მტკიცებულებად არა მხოლოდ ყოფითი ცხოვრების ფაქტები გამოდგება, არამედ კვანტური ფიზიკის ცდებიც. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს აზრობრივი გამოსხივების ვარიანტთა სივრცესთან ურთიერთქმედების თავად მექანიზმს. დღემდე ბუნდოვანია, რა სახით ხდება ინფორმაციის გადაცემის პროცესი: ენერგეტიკულ, თუ რაიმე სხვა საფუძველზე. მოხერხებულობისთვის ჩვენ უბრალოდ ჩავთვლით, რომ აზრობრივი ენერგიის გამოსხივება „ანათებს“ ვარიანტთა სივრცის გარკვეულ სექტორს, რის შედეგადაც ვარიანტი მატერიალურად განხორციელდება. გამოსხივებას, ისევე, როგორც სექტორს, გარკვეული პარამეტრები გააჩნია. აზრობრივი გამოსხივება თავის სექტორს პოულობს, ვარიანტი რეალიზდება, და ამგვარად გამოდის, რომ ცნობიერება რეალობას განსაზღვრავს.

 მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეალობის გამოვლინების მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა. შეუძლებელია უბრალოდ იჯდე და მხოლოდ ჭვრეტით მოახდინო საკუთარი რეალობის ფორმირება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი გაგებით შეუძლიათ ჰაერიდან ნივთების მატერიალიზაცია. მაგრამ ასეთები ერთეულებია, და ისინი არ ახდენენ თავიანთი უნარების აფიშირებას. და მაინც, აზრები ისეთივე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე, როგორც მისი კონკრეტული ქმედებები. ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ქმედებები ხილულ და ადვილად ახსნად შედეგებს იწვევენ. აზრების ზეგავლენა შეუმჩნეველად ვლინდება, ამიტომაც აუხსნელი და წინასწარგანუსაზღვრელია. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ხილული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა აზრებსა და მის შედეგად განვითარებულ მოვლენებს შორის საკმაოდ რთულია. მაგრამ მალე თქვენ დარწმუნდებით, რომ ადამიანის აზრები სრულიად უშუალო სახით აყალიბებენ რეალობას. ადამიანი იღებს იმას, რასაც თავად ირჩევს.

 ვიღაცამ შეიძლება შემეწინააღმდეგოს: „გამოდის, რომ ეს ზღვები, მთები, პლანეტები, გალაქტიკები - ყველაფერი ეს ჩემი აზრობრივი გამოსხივების პროდუქტია?“ ზოგჯერ ადამიანისთვის დამახასიათებელია, რომ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად ჩათვალოს. სინამდვილეში მას მხოლოდ პაწაწინა ნიშა უკავია ამ სამყაროში. ჩვენი სამყარო დასახლებულია უამრავი ცოცხალი ორგანიზმით, და ყოველ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს რეალობის ჩამოყალიბებაში. ყოველ არსებას აზრობრივი გამოსხივების თავისი პარამეტრები გააჩნია. თუკი თქვენთვის მოუხერხებელია, რომ მცენარის გამოსხივებას აზრობრივი უწოდოთ, დაარქვით მას სხვა რამე, არსი მაინც არ იცვლება. დარწმუნებით იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ არაცოცხალ საგნებს არ გააჩნიათ ცოცხალი ორგანიზმების მსგავსი გამოსხივება. რომ აღარაფერი ვთქვათ ერთიან სულზე, რომელიც მთელს ყოფიერს განმსჭვალავს, და რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ. ყოველ არსებას თავისი ცნობიერება გააჩნია და თავისი სამყაროს შრეს აყალიბებს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ღმერთის ნაწილაკს ატარებს, და იგი ამგვარად მართავს მთელ სამყაროს.

 ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების ხაზით მიდის. და ამავდროულად ყველა ერთი და იგივე სამყაროში ცხოვრობს. მატერიალური სამყარო ყველასთვის ერთია, მაგრამ კონკრეტული რეალიზაცია ყოველი ადამიანისთვის თავისია. დავუშვათ, თქვენ ხართ ტურისტი და ლამაზ ქალაქში მიაბიჯებთ. ტკბებით ღირსშესანიშნაობებით, ლამაზი არქიტექტურით, შადრევნებით, სკვერებით, წარმატებული ქალაქელების მომღიმარი სახეებით. იმ ადგილას, სადაც თქვენ გაიარეთ, ურნის გვერდით უსახლკარო გაჩერდა. ის თქვენსავით იგივე სამყაროში იმყოფება, და არა სხვა განზომილებაში. და მაინც, ის სრულიად არ ხედავს იმას, რასაც თქვენ. იგი ხედავს ცარიელ ბოთლს ურნაში; ჭუჭყიან კედელს; თავის კონკურენტს, რომელმაც უფრო ადრე ვერ დაასწრო ბოთლის აღება და ახლა ფიქრობს, ხომ არ წაართვას; ხედავს პოლიციელს, რომელიც ეჭვიანი მზერით უყურებს. თქვენ ცხოვრების ერთ ხაზზე ცხოვრობთ, ის კი - მეორეზე. თქვენი ცხოვრების ხაზები ვარიანტთა სივრცის წერტილზე გადაიკვეთნენ, ამიტომ ეს სამყარო, როგორც მატერიალური რეალიზაცია, ერთია თქვენთვის ორივესთვის.

 მატერიალური ბუნების ყველა გამოვლინებას ენერგეტიკული საფუძველი გააჩნია. ენერგიის ველი პირველადია, ყველა დანარჩენი ფიზიკური გამოვლინება - მეორადი. მეცნიერები ცდილობენ გააერთიანონ ენერგიის სხვადასხვა გამოვლინებები ველის ერთიან თეორიად, და მალე გამოუვათ კიდეც რამე. მაგრამ შემდეგ კვლავ იქნება რაღაცეების გაერთიანების საჭიროება, რადგანაც რეალობის გამოვლინებათა ფორმების რიცხვი უსასრულოა. ყველა დეტალს არ ჩავუღრმავდებით, და განვიხილავთ ენერგიას, როგორც ერთგვარ აბსტრაქტულ ძალას, რომელიც უჩინარია, მაგრამ მიუხედავად ამისა ობიექტურად არსებობს. ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისია იმ ფაქტის მიღება, რომ ადამიანების აზრების ენერგია სრულიად მატერიალურია. აზრების ენერგია არ ტრიალებს ადამიანის თავში ჩაკეტილად, არამედ სივრცეში ვრცელდება და გარშემომყოფ ენერგეტიკულ ველთან ურთიერთქმედებს. ამ ფაქტზე ახლა ცოტა ვინმე თუ შეგვედავება.

 მოხერხებულობისთვის, აზრობრივი გამოსხივების პარამეტრის სახით შეგვიძლია მივიღოთ მისი სიხშირე, რადიოტალღების სიხშირის მსგავსად. როდესაც რაიმეზე ფიქრობთ, თქვენი აზრების ენერგიათა სიხშირე რეზონანსშია გარკვეულ სფეროსთან ვარიანტთა სივრცეში. როცა ენერგია ვარიანტთა სივრცის სექტორში ხვდება, ჩნდება მოცემული ვარიანტის მატერიალური რეალიზაცია. ენერგიას რთული სტრუქტურა გააჩნია და ყველაფერს გამსჭვალავს, რაც კი ამ სამყაროში არსებობს. გაივლის რა ადამიანის სხეულს, ენერგია მოდულირებული ხდება აზრების მიერ, და გამოსვლისას ისეთ პარამეტრებს იძენს, რომლებიც ამ აზრებს შეესაბამებიან. ასეთივე პრინციპით მუშაობს რადიო-გადამცემი. ენერგიის პარამეტრები საკუთარ თავში იღებენ აზრის მახასიათებლებს.

 ამგვარად, გამოსვლისას ვიღებთ აზრობრივ გამოსხივებას, რომელიც გარდაქმნის ვარიანტთა სივრცის სექტორს მატერიალურ რეალიზაციად. როდესაც კარგზე ან ცუდზე ფიქრობთ, ამ დროს აზრთა ენერგიას გამოასხივებთ ვარიანტთა სივრცეში. მოდულირებული ენერგია ეფინება (ზედ ედება) გარკვეულ სექტორს, და ეს შესაბამის ცვლილებებს იწვევს ჩვენს ცხოვრებაში. ცხოვრებისეული ვითარებები ფორმირდება არა მხოლოდ კონკრეტული ქმედებებით, არამედ ადამიანის აზრთა ხასიათითაც. თუკი მტრულად ხართ განწყობილი სამყაროსთან მიმართებაში, ისიც ამითვე გიპასუხებთ. თუკი გამუდმებით გამოთქვამთ უკმაყოფილებას, მიზეზი ამისთვის კიდევ უფრო მეტი გექნებათ. თუკი თქვენს მიერ რეალობისადმი დამოკიდებულებაში ნეგატივიზმი ჭარბობს, მაშინ სამყარო თავისი ყველაზე უარესი მხრით შემოგიბრუნდებათ. და პირიქით, პოზიტიური დამოკიდებულება ყველაზე ბუნებრივად შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. ადამიანი იღებს იმას, რასაც ირჩევს. ასეთია რეალობა, მიუხედავად იმისა, მოგწონთ ეს, თუ არ მოგწონთ.

 სანამ თქვენი აზრები მიმართულებით მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია, თქვენ იმყოფებით ცხოვრების ერთი და იმავე ხაზზე. როგორც კი დამოკიდებულება რეალობისადმი იცვლება ამა თუ იმ მიმართულებით, აზრობრივი გამოსხივების პარამეტრები ახალ მახასიათებლებს იღებენ, და თქვენი სამყაროს შრის მატერიალური რეალიზაცია სხვა ხაზზე გადადის. იქ მოვლენები უკვე სხვა სცენარით ვითარდება, თქვენი გამოსხივების პარამეტრების შესაბამისად. თუ სცენარი არ გაწყობთ, ბრძოლას დაიწყებთ და შეეცდებით, რომ შეცვალოთ სიტუაცია. ხვდებით რა წინააღმდეგობებს, თქვენ რეაგირებთ ნეგატიურად, გამოხატავთ უკმაყოფილებას ან ვარდებით სასოწარკვეთილებაში. თქვენი აზრობრივი გამოსხივება იმ ხაზზე გადაეწყობა, სადაც დაბრკოლებები კიდევ უფრო მეტია. შედეგად გამოდის, რომ ცხოვრება სადღაც დაღმართისკენ მიექანება.

 მოცემული პროცესი უმართავად გეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ თქვენ, საკუთარი აზრებით, მიმართავთ თქვენს რეალიზაციას ვარიანტთა სივრცის პრობლემურ სფეროებში. თქვენ თვლით, რომ თქვენი ქმედებებით გადალახავთ დაბრკოლებებს. რეალურად კი გამოდის, რომ იმას იღებთ, რასაც ირჩევთ. თქვენ აირჩიეთ დაბრკოლებებთან ბრძოლა, ამიტომ უხვად იღებთ მათ. ჩაფლული ხართ აზრებში პრობლემების შესახებ, ამიტომ ისინი ყოველთვის არსებობენ თქვენს ცხოვრებაში. თქვენი ქმედებები მიმართულია ცხოვრების მიმდინარე ხაზზე სიტუაციის შეცვლისკენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სცენარი ვარიანტთა სივრცეში. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ სხვა სცენარის არჩევა. ცდილობთ რა შეცვალოთ ის, რაც სცენარში არ გაწყობთ, სწორედ იმაზე ფიქრობთ, რაც არ მოგწონთ. შედეგად თქვენი არჩევანი წარმატებით რეალიზდება, და იღებთ იმას, რაც არ გინდათ.

 მიმდინარე ცხოვრების ხაზზე თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. სწორედ ასევე, იმყოფებით რა მუზეუმში, თქვენ არ შეგიძლიათ, რომ მოაშოროთ, ან შეცვალოთ ექსპოზიცია, რომელიც არ მოგწონთ. თქვენ აქ არ ხართ პატრონი. მაგრამ არავინ გიკრძალავთ, რომ შებრუნდეთ და სხვა დარბაზში გადახვიდეთ, რათა უყუროთ იმას, რაც მეტად მოგწონთ. რა თქმა უნდა, ცხოვრების იმ ხაზზე გადასვლა, სადაც ის გაქვთ, რაც გსურთ, უბრალოდ სურვილით არ ხდება. ყველა აზრი არ ექვემდებარება რეალიზაციას, და არც ყველა სურვილი სრულდება. და საქმე აქ აზრების შინაარსში კი არა, მათ ხარისხშია. უბრალოდ ოცნება ან სურვილი - ეს არაა არჩევანი. ოცნებები არ სრულდება. აუცილებელია შევასრულოთ გარკვეული პირობები, რომლებსაც ამ წიგნიდან შეიტყობთ.

 ვარიანტთა სივრცეში არსებობს ბედის ხაზთა უსასრულო რაოდენობა ყოველი ადამიანისთვის. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ გავნაწყენდეთ საკუთარ ბედზე, რადგანაც ჩვენ მოგვეცა არჩევანის უფლება. ჩვენი პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ამის გაკეთება არ ვიცით. სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით ავლენს თავს, თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ ნებისმიერის გემოვნება დააკმაყოფილოს. ყველას შეუძლია იპოვნოს ამ სამყაროში ყველაფერი, რაც გულს გაუხარდება. ცოდნის სხვადასხვა მიმართულებებშიც კი, სამყარო იმ მხარით ბრუნდება ჩვენსკენ, რომლის დანახვაც გვსურს. მაგალითად, იდეალიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო - ეს ილუზიაა, და სამყაროც თანხმდება ამაზე. მატერიალიზმი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, და სამყაროს არაფერი აქვს საწინააღმდეგო. ადამიანები კამათობენ ერთმანეთს შორის და თავს ახვევენ ერთმანეთს სამყაროსადმი თავიანთ დამოკიდებულებას (პარადიგმას), სამყარო კი აჩვენებს, რომ ყველანი ისინი მართლები არიან. ნუთუ ეს მშვენიერი არაა?!

 ვარიანტთა სივრცე - ესაა ეგრეთ წოდებული ილუზიები, ხოლო მატერიალური რეალიზაცია - ესაა ის, რაც იგულისხმება მატერიალური სამყაროს ქვეშ. ჩვენ ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვირჩევთ.

 მათ, ვინც იცნობენ ისლამური რელიგიის პრინციპებს, იციან, რას ნიშნავს სიტყვები - „ადამიანის ბედი წიგნშია დაბეჭდილი“. იგულისხმება, რომ ბედი წინასწარ დაწერილია და მას ვერ გაექცევი. მსგავსი განცხადებები სხვა რელიგიებშიც გვხვდება. მართლაც, ადამიანის ბედი წინასწარაა დაწერილი. რელიგიის შეცდომა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბედის ვარიანტი ერთი კი არა, უსასრულოდ მრავალრიცხოვანია. ბედს ვერ გაექცევი, და ეს რაღაც დონით სიმართლეა, რადგანაც შეუძლებელია ვარიანტის სცენარის შეცვლა. იბრძოლო გარესამყაროსთან იმისთვის, რომ საკუთარი ბედი შეცვალო - ძალიან რთული და არამადლიანი საქმეა. ბრძოლა არაა საჭირო - შესაძლებელია უბრალოდ ავირჩიოთ ის ვარიანტი, რაც გულს გაუხარდება.

 რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფრიად უჩვეულოა და საფუძვლიან ეჭვებს ჰბადებს. მაგრამ მე არც მქონია იმედი, რომ თქვენ მზად იქნებოდით მიგეღოთ ვარიანტთა მოდელი. მე ხომ თავად არ მჯეროდა, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ტრანსსერფინგი მუშაობს, ამასთან უნაკლოდ. აზრი არა აქვს რომელიმე მოდელისთვის უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ იმისთვის, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მივაღწიოთ. მნიშვნელობა აქვს არა თავად მოდელს, არამედ პრაქტიკულ შედეგს, რომელსაც იგი გვაძლევს. სხვადასხვა მათემატიკურ მოდელებს შეუძლიათ ერთი და იგივე ფიზიკური მოვლენა სხვადასხვაგვარად წარმოადგინონ. სასაცილო იქნებოდა, ანალიტიკური გეომეტრიის სპეციალისტები უეცრად აჯანყებულიყვნენ მათემატიკური ანალიზის წინააღმდეგ და ემტკიცებინათ, რომ გეომეტრია ერთადერთი სწორი მათემატიკური დისციპლინაა. მათემატიკოსებმა შეძლეს ერთმანეთს შორის მოლაპარაკება, მაგრამ ფილოსოფოსებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა - ვერა.

 სადაა ეს ვარიანტთა სივრცე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმის თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ყველგანაა, და არსად. წარმოიდგინეთ უსასრულო სიბრტყე, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, რომელშიც ორგანზომილებიანი კაცუნები ცხოვრობენ. ისინი არც კი ეჭვობენ, რომ არსებობს მესამე განზომილება. ეჩვენებათ, რომ სიბრტყე - ეს ერთადერთი სამყაროა და არ ესმით, როგორ შეიძლება არსებობდეს რაღაც მის მიღმა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუკი დავამატებთ ამ მოდელში მესამე განზომილებას, შეგვეძლება, რომ ასეთი სიბრტყეების უსასრულო რაოდენობა შევქმნათ. ასე რომ, დაე, არ შეგაშფოთოთ იმ ფაქტმა, რომ ჩვენ არ ძალგვიძს თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენს სამყაროსთან ერთად შესაძლებელია არსებობდეს პარალელური სამყაროების უსასრულო რაოდენობა.

 ძნელია დავიჯეროთ პარალელური სამყაროების რეალობა. მაგრამ მეორე მხრივ, ადვილია თქვენთვის ფარდობითობის თეორიის დაჯერება, რომლის თანახმადაც სხეულის სიჩქარის ზრდასთან ერთად მისი მასა იზრდება, მოცულობა მცირდება, დრო კი ნელდება? პირადი გამოცდილებით ამის შემოწმება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მნიშვნელოვანი ის კი არაა, გვესმის თუ არა ეს, არამედ ის, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეგვიძლია აქედან მივიღოთ.

 უსასრულობის წინ ამა თუ იმ მოდელის უპირატესობის შესახებ საუბარი უბრალოდ უაზრობა და მეწვრილმანეობაა. წარმოიდგინეთ უსასრულობა მანძილის ზრდის მიმართულებით. იქ, შორს, სასრული არ არის. უსასრულობას მანძილის კლების მიმართულებით, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ასევე არა აქვს ბოლო. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ხილული სამყაროს მხოლოდ შეზღუდულ ნაწილს. როგორც ტელესკოპს, ასევე მიკროსკოპს, თავისი საზღვრები გააჩნია. უსასრულობა მიკროსამყაროს მიმართულებით არაფრით არ განსხვავდება მაკროსამყაროს უსასრულობისგან.

 არსებობს ჰიპოთეზა, რომ ჩვენს მიერ ხილული სამყარო „დიდი აფეთქების“ შედეგად წარმოიშვა. მას შემდეგ იგი თითქოს უწყვეტად ფართოვდება. სხეულები კოსმოსში უზარმაზარი სიჩქარით მოძრაობენ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ასევე უზარმაზარ მანძილებს, გვეჩვენება, რომ სამყაროს გაფართოება ძალიან ხანგრძლივად და ნელა მიმდინარეობს.

 ცნობილია ასევე, რომ ვაკუუმში დროის ყოველ მომენტში არსაიდან იბადებიან და მაშინვე ქრებიან ელემენტარული ნაწილაკები. თუკი გავითვალისწინებთ დროისა და სივრცის ფარდობითობას, ხელს არაფერი გვიშლის, რომ განვიხილოთ ყოველი ასეთი ნაწილაკი, როგორც ცალკეული სამყარო - მსგავსად ჩვენი სამყაროსი. ჩვენ ხომ არ ვიცით ელემენტარული ნაწილაკების აგებულება. ფიზიკოსებისთვის ისინი ხან ტალღებად ვლინდებიან, ხან ნაწილაკებად. ვაღწევთ რა უფრო შორს მიკროსამყაროში, შეფარდებითი მანძილები ასეთივე უზარმაზარი ხდება, და დრო შინაგანი დამკვირვებლისთვის კვლავ ნელდება. გარე დამკვირვებლისთვის ჩვენი სამყარო მხოლოდ ერთი გაელვებაა, როგორც სიცარიელეში დაბადებული და გამქრალი ნაწილაკი, ჩვენთვის კი, როგორც შინაგანი დამკვირვებლებისთვის, სამყარო მილიარდობით წელი ცოცხლობს.

 როდესაც ყავას მოყლუპავთ, დაფიქრდით: რამდენი სამყარო გადაყლაპეთ? უსასრულოდ მრავალრიცხოვანი, რადგანაც უსასრულობა ნაწილებად არ იყოფა. მიკროსამყაროს შიგნით „ფრენა“ ისეთივე შორეული და ხანგრძლივია, როგორც გარე კოსმოსის უსაზღვრო სივრცეებში. დრო, სივრცის მსგავსად, უსასრულოა, როგორც წინ, ასევე უკან. დროის მონაკვეთები შესაძლოა იყოს როგორც უსასრულოდ მცირე, ასევე უსასრულოდ დიდი. ნებისმიერი წერტილი დროის მონაკვეთში შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ათვლის წერტილი, რომლის ორივე მხარეზეც დროის უსასრულობა იშლება. ათვლის წერტილის გადანაცვლება დროის მონაკვეთში არაფერს არ ცვლის არც წინ და არც უკან.

 ერთმანეთში ჩალაგებული სამყაროების მთელი ეს უსასრულობა ერთდროულად არსებობს. სამყაროს ცენტრი იმყოფება ერთდროულად ყოველ წერტილში, რადგანაც ნებისმიერ წერტილს ნებისმიერი მხრიდან გარს ახვევია იგივე უსასრულობა. და ყველა მოვლენა ერთდროულად არსებობს იმავე მიზეზით, რითაც სამყაროს ცენტრი ერთდროულად იმყოფება ყოველ წერტილში. ამის წარმოდგენა რთულია. მაგრამ უსასრულობის მზერით მოცვაც ხომ ასევე შეუძლებელია. როგორც არ უნდა იმოძრაოთ აზრობრივად სამყაროში, იმის იქით იგივე უსასრულობა იშლება. არსებობს კიდევ უფრო ჩახლართული თეორიებიც, რომელთა თანახმადაც ჩვენი ხილული სამყარო სასრულ სფეროდ იქცევა - ოთხგანზომილებიან სივრცეში. მაგრამ ეს საქმეს არ გვიადვილებს, რადგან თეორიულად, განზომილებები, ისევ ვიმეორებ, შესაძლოა უსასრულოდ ბევრი იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის წარმოდგენა და იძულებულნი ვართ დავკმაყოფილდეთ ჩვენი ვიწრო თვალსაწიერით და თავი მოვაჩვენოთ, რომ რაღაც გვესმის.

 თანამედროვე მეცნიერებაში ბევრი რამაა გაუგებარი და აუხსნელი, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, რომ მისი ნაყოფები გამოვიყენოთ. თუკი ტრანსსერფინგის პრინციპებს გამოიყენებთ, თქვენ საოცარ შედეგებს მიიღებთ. მაგრამ მოდით, ახლავე შევთანხმდეთ, რომ არ დავტანჯოთ საკუთარი თავი კითხვებით, რატომ და როგორ ხდება ეს. იგივე წარმატებით ბავშვს შეუძლია ჰკითხოს ფიზიკოსს: „რატომ იზიდავენ სხეულები ერთმანეთს?“ მეცნიერი უპასუხებს: „იმიტომ, რომ გრავიტაციის კანონი მოქმედებს“. ამას მოჰყვება ახალი კითხვა: „და რატომ მოქმედებს გრავიტაციის კანონი? მაინც, რატომ იზიდავენ სხეულები ერთმანეთს?“ პასუხი არ არის. ჰოდა დავტოვოთ რაღაცის ახსნის მცდელობის ეს არამადლიერი საქმე და უბრალოდ გამოვიყენოთ ვარიანტთა მოდელის შედეგები. შეუძლებელია ყველაფერი ვიცოდეთ და ყველაფერი გვესმოდეს.

 ვარიანტთა მოდელიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი თავად ქმნის თავის ბედს. და მაინც, ბედის კონცეფცია ტრანსსერფინგში განსხვავდება ფართოდ გავრცელებული კონცეფციებისგან. რაშია განსხვავება? იმაში, რომ საკუთარი ბედნიერება უნდა ავირჩიოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიბრძოლოთ მისთვის. ნუ იჩქარებთ ვარიანტთა მოდელის მაშინვე მიღებას ან მის უარყოფას. უბრალოდ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ბევრს მიაღწიეთ სამყაროსთან თქვენი ბედნიერების მოსაპოვებლად ბრძოლაში? ყველა თავისთვის ირჩევს, იგივე სტილში განაგრძოს ბრძოლა, თუ სხვა მეთოდი სცადოს. რადგანაც ბრძოლაში შეიძლება მთელი ცხოვრება დახარჯო, და მაინც ვერაფერს მიაღწიო. უფრო ადვილი არაა, გააკეთო ისე, რომ სამყარო თავად წამოვიდეს თქვენსკენ შესახვედრად? ის ხომ სხვას არაფერს აკეთებს, გარდა თქვენი არჩევანის რეალიზაციისა.

 არჩეული შეკვეთა ყოველთვის და უაპელაციოდ სრულდება. მაგრამ არჩევანი -ეს არაა სურვილი, არამედ რაღაც სხვაა, რაზეც ამ წიგნში გაიგებთ. სურვილები მხოლოდ ზღაპრებში სრულდება. ტყუილად არაა ხალხში გამჯდარი რწმენა, რომ სურვილების ასრულება ან ძალიან ძნელია, ან შეუძლებელი. ჩვენ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით მეთვალყურის გამოცანის ამოხსნისკენ. მალე თქვენ გაიგებთ, რატომ არ ხორციელდება სურვილები და არ სრულდება ოცნებები.

 


 

რეზიუმე

 რეალობას გააჩნია გამოვლინების ფორმათა უსასრულო მრავალფეროვნება.

 სამყაროს მრავალვარიანტობა მისი პირველი ფუნდამენტალური თვისებაა.

 ნებისმიერი მოდელი წარმოადგენს რეალობის გამოვლინების მხოლოდ ცალკეულ ასპექტს.

 ცოდნის ნებისმიერი განხრა რეალობის გამოვლინების არჩეულ ასპექტს ეფუძნება.

 თქვენი არჩევანი ყოველთვის რეალიზდება. რასაც ირჩევთ, იმას იღებთ.

 ვარიანტთა სივრცე - ესაა ინფორმაციის ველი იმის შესახებ, თუ რა იყო, რა არის და რა იქნება.

 ინფორმაციის ველი შეიცავს ნებისმიერი მოვლენის პოტენციურ ვარიანტებს.

 ვარიანტი შედგება სცენარისგან და დეკორაციისგან.

 სივრცე შეგვიძლია დავყოთ სექტორებად, რომელთაგან ყოველში თავისი ვარიანტია.

 რაც უფრო მეტია დაშორება სექტორებს შორის, მით უფრო მეტია სხვაობა ვარიანტებს შორის.

 სექტორები მიახლოებით ერთნაირი პარამეტრებით - ცხოვრების ხაზებად ლაგდებიან.

 მატერიალური რეალიზაცია სივრცეში მოძრაობს, როგორც ენერგეტიკული პოტენციალი.

 აზრობრივი ენერგიის გამოსხივება ახდენს ვარიანტის მატერიალური რეალიზაციის ინდუცირებას.

 ყოველ ორგანიზმს შეაქვს თავისი წვლილი მატერიალური რეალიზაციის ფორმირებაში.

 როცა გამოსხივების პარამეტრები იცვლება, ხდება გადასვლა სხვა ხაზზე.

 თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სცენარი, მაგრამ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა.

 არაა აუცილებელი ბედნიერებისთვის ბრძოლა - შესაძლებელია უბრალოდ ავირჩიოთ ის ვარიანტი, რაც გულს გაუხარდება.

 

შემდეგი თავი

მსგავსი სტატიები

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი XV - წერილები წარსულიდან


ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნე...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი IV. წონასწორობა


 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff