ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ზოგიერთი პარანორმალური მოვლენის და სივრცისა და დროის უცნაური ფენომენების ახსნა ვარიანტების მოდელის საფუძველზე ხდება.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


უცნაური რეალობა
 
დასასრულს მსურს, რომ გონების ფეხქვეშ საყრდენი ცოტათი კიდევ გავამყარო. დიახ, ტრანსერფინგში დაუჯერებელი იმდენად ბევრია, რომ გონებისთვის გამუდმებით ახსნაა საჭირო, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი რეალურია.
 
რა მოდელიც არ უნდა ედოს ტრანსერფინგს საფუძვლად, მისი პრინციპები ძალაში რჩება. სხვა სიტყვებით, ყველა ეს პრინციპი მოდელთან მიმართებით ინვარიანტულია. და მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი აზრების გამოსხივება არა მხოლოდ ირიბად, არამედ პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენს გარშემომყოფ სინამდვილეზე. ოფიციალური მეცნიერება ამ ფაქტს აქამდე არ აღიარებს, რადგან ექსპერიმენტული შემოწმების შედეგები არაერთმნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ პრობლემების გადაჭრა ახლა გვჭირდება, ვერ დაველოდებით, მეცნიერები როდის იტყვიან თავიანთ წონიან სიტყვას.
 
ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი სამყარო მიზეზობრიობის კანონს ემორჩილება, როდესაც ნებისმიერ შედეგს თავისი საფუძველი გააჩნია. მიზეზად, როგორც წესი, გარკვეული მოქმედება მიიჩნევა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად ადამიანის აზრები განიხილება მხოლოდ როგორც მათი მომდევნო მოქმედებების სახელმძღვანელო, და არა როგორც მატერიალური გამოსხივება, რომელსაც გარშემომყოფ სამყაროზე ზემოქმედება შეუძლია. და, მიუხედავად ამისა, ფაქტები - ჯიუტია.
 
გარეგანი განზრახვის მუშაობის აუხსნელი გამოვლინებები მეცნიერების მიერ ბოლომდე იგნორირებული ვერ დარჩებოდა. ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი კარლ იუნგი აზრისა და მატერიალური რეალობის ურთიერთმოქმედებასთან დაკავშირებულ მოვლენებსიკვლევდა. მან ასობით უცნაური შემთხვევა გააანალიზა, რომლებიც წარმოუდგენელი დამთხვევების სახით გამოვლინდა, რაც ხილული მიზეზებით არ იყო გამოწვეული. იუნგმა ასეთი დამთხვევები ტერმინითსინქრონისტულობაგანსაზღვრა. ლექციაში „სინქრონისტულობის შესახებ“ მას თავისი პრაქტიკიდან ერთი კლასიკური მაგალითი მოჰყავს.
 
„1949 წლის პირველი აპრილი, დილით ჩემს ბლოკნოტში ჩანაწერი გავაკეთე, რომელიც ნახევრადთევზის-ნახევრადადამიანის გამოსახულებას შეიცავდა. საუზმეზე თევზი მომართვეს. საუბარში რომელიღაცამ „აპრილის თევზის“ (საპირველაპრილო ხუმრობა, - მთარგმნელის შენიშვნა) ჩვეულება ახსენა. დღისით ჩემმა ერთმა ყოფილმა პაციენტმა ქალმა, რომელსაც თვეების განმავლობაში არ შევხვედრივარ, თევზების გამოსახულებით რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი მაჩვენა. საღამოს ზღვის ურჩხულებითა და თევზებით მოხატული გობელენის ნაჭერი წარმომიდგინეს. მომდევნო დილას ჩემი ყოფილი პაციენტი ქალი შემხვდა, რომელიც ჩემთან ბოლო სეანსზე ათი წლის წინ იყო ნამყოფი. ამ ღამეს მას თევზი დაესიზმრა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ეს შემთხვევა ერთ-ერთ ჩემს ნაშრომში შევიტანე და მისი აღწერა დავასრულე, სახლიდან გამოვედი და ტბისკენ გავემართე, იმ ადგილისკენ, სადაც ამ დილას რამდენჯერმე უკვე ვიყავი. ამჯერად ტალღისმჭრელზე ოცდაათსანტიმეტრიანი თევზი აღმოვაჩინე. რადგანაც ახლომახლო არავინ იყო, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მოხვდა ის აქ“.
 
მსურს, იუნგის ლექციიდან კიდევ ერთი ნაწყვეტი წარმოგიდგინოთ, ამ სურვილის მიზეზს კი მოგვიანებით გაიგებთ. ის წერს: „უამრავი ისეთი ისტორიის მოყოლა შემიძლია, რომლებიც, პრინციპში, ნაკლებ გასაოცარი ან დაუჯერებელი არაა, ვიდრე რეინის მიერ მიღებული უტყუარი შედეგები (იუნგს მხედველობაში აქვს ექსტრასენსორულ აღქმასთან დაკავშირებული ცდები, მაგალითად, კარტების გამოცნობა. - ავტორის შენიშვნა), და თქვენ მალე მიხვდებით, რომ თითქმის ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურ ახსნას მოითხოვს. მაგრამ მიზეზობრივი ახსნა, ერთადერთი შესაძლო ახსნა საბუნებისმეტყველო მეცნიერების თვალთახედვით, უსაფუძვლო აღმოჩნდა სივრცის და დროის ფსიქიკური ფარდობითობის გამო, რაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
 
ამ ისტორიის გმირი ახალგაზრდა პაციენტი ქალია, რომელიც, მიუხედავად ორმხრივი ძალისხმევისა, ფსიქოლოგიურად დახშული აღმოჩნდა. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ის საკუთარ თავს ნებისმიერ საკითხში მცოდნედ მიიჩნევდა. მისმა ბრწყინვალე განათლებამ მას ამ მიზნისთვის იდეალურად შესაფერისი „იარაღი“ შესძინა, კერძოდ კი ოდნავ გაკეთილშობილებული კარტეზიანული რაციონალიზმი, რეალობის მისი უზადო „გეომეტრიული“ იდეით. მისი რაციონალიზმის რამდენადმე უფრო ადამიანური აზროვნებით „განზავების“ რამდენიმე უნაყოფო ცდის შემდეგ იძულებული გავხდი რომელიმე მოულოდნელი და ირაციონალური მოვლენის იმედად დავრჩენილიყავი, ისეთი შემთხვევის, რომელიც მისი ინტელექტუალური რეტორტის, რომელშიც თავად გამოიკეტა, დამსხვრევას შეძლებდა.
 
და აი, ერთხელ, მის წინ ვიჯექი, ზურგით ფანჯრისკენ, და მისი რიტორიკის ნიაღვარს ვისმენდი. იმ ღამით მას შთამბეჭდავი სიზმარი ეზმანა, რომელშიც ვიღაცამ იუველირული ხელოვნების ღირებული ნიმუში - ოქროს ხოჭო-ფუნაგორია მისცა. ის ჯერ კიდევ სიზმარს ყვებოდა, როდესაც ფანჯრიდან ჩუმი კაკუნი შემომესმა. მე შევბრუნდი და საკმაოდ მოზრდილი მწერი დავინახე, რომელიც მინას ასკდებოდა და ქუჩიდან თბილ ოთახში შემოღწევას ლამობდა. ეს ყველაფერი ძალზე უცნაურად მომეჩვენა. უმალ ფანჯარა გავხსენი და მწერი დავიჭირე, როგორც კი ის ოთახში შემოფრინდა. ეს იყო ფუნაგორიას მაგვარი, ანუ ჩვეულებრივი ხოჭო (Amphimallon solstitiale), რომლის ყვითელ-მწვანე შეფერილობა ძალზე წააგავდა ოქროს ფუნაგორიას ფერს. მე პაციენტს ხოჭო შემდეგი სიტყვებით გავუწოდე: „აი თქვენი ფუნაგორია“. ამ მოვლენამ სასურველი ნაპრალი გააჩინა მის რაციონალიზმში და მისი ინტელექტუალური წინააღმდეგობის ყინული ჩატეხა. ახლა მკურნალობას სასურველი დამაკმაყოფილებელი შედეგების მოტანა უკვე შეეძლო“.
 
და აი, ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ, მომეყვანა თუ არა იუნგის ხოჭო მაგალითად, ფანჯარაში საკმაოდ შთამბეჭდავი ხოჭო შემოფრინდა, რომელიც ძალიან ჰგავდა იუნგის მიერ აღწერილ ხოჭოს. გნებავთ - დაიჯერეთ, გნებავთ - არა. უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვიზიტები ძალზე იშვიათად ხდება, სულაც არ გამკვირვებია. მაგრამ არა იმიტომ, რომ სინქრონისტული მოვლენების მშვიდად მიღებას ვარ ჩვეული. პირიქით, საკუთარ ფიქრებში ჩაფლულმა, ამ მოვლენას საერთოდ არ მივანიჭე მნიშვნელობა. ხოჭო მექანიკურად გავუშვი სარკმელიდან, გასასვლელის ძებნა რომ არ დაეწყო. და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შევცბუნდი: ღმერთო, რა იდიოტი ვარ! რამდენჯერ განუცხადებია გარეგან განზრახვას მისი თანდასწრება, რამდენჯერ გამფართოვებია თვალები გაკვირვებისგან. მე ხომ ზეზეულად ღრმა ძილით მეძინა, როდესაც მთელი ძალით მანჯღრევდნენ, ნიშანი რომ დამენახა. მე რომ ცრუმორწმუნე ვყოფილიყავი, ამას ზეგარდმო ნიშნად მივიჩნევდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ადამიანებს გამუდმებით როგორ სძინავთ ზეზეულად და გარეგანი განზრახვის ცხად გამოვლინებებს ვერ ამჩნევენ.
 
უამრავი მსგავსი მაგალითი არსებობს. ტრანსერფინგის თვალთახედვით აქ სიტუაცია სრულიად გასაგებია: ცალკეულ შემთხვევებში ვიზუალიზაცია გარეგანი განზრახვის მძლავრ მობერვას იწვევს. მაგრამ იუნგი არ ჩქარობდა საბოლოო დასკვნის გამოტანას იმის შესახებ, თუ რა გახდა დამთხვევათა მიზეზი: თავად აზრებმა ჩამოაყალიბა მოვლენა თუ აზრები წარმოიშვა მოვლენათა გაუცნობიერებელი წინათგრძნობის შედეგად. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ „შემთხვევითი მოვლენების სერიის საფუძველი აზრებმა შექმნა“, მეორე მხრივ კი - „ხანდახან რთულია გარკვეული მოვლენების სერიის დადგომის წინათგრძნობის განცდას გაექცე“.
 
თავის ნაშრომში „სინქრონულობა: აკაუზალური გამაერთიანებელი პრინციპი“ (1960 წ.) იუნგმა სინქრონულობა განსაზღვრა როგორც „გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობის და გარეგანი სამყაროს ერთი ან რამდენიმე მოვლენის ერთდროული დადგომა, რომელთაც სუბიექტურ მდგომარეობასთან მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანი პარალელები გააჩნია“. იუნგი თავისი ნაშრომის გამოქვეყნებას კარგა ხანს ვერ წყვეტდა, რადგან სინქრონისტულობის მოვლენა ტრადიციული სამეცნიერო აზროვნების ჩარჩოებში არ ჯდებოდა.
 
იუნგმა განუსაზღვრელი, მაგრამ ტრადიციული მეცნიერების საზომით საკმაოდ თამამი დასკვნა გააკეთა. „სინქრონისტული ფენომენები არაერთგვაროვანი, მიზეზობრივად კავშირში არ მყოფი პროცესების ერთდროული აზრობრივი ექვივალენტობის შესაძლებლობას ამტკიცებს; სხვა სიტყვებით, ეს ამტკიცებს, რომ დამკვირვებლის მიერ აღქმული შინაარსი შეიძლება იმავე დროს წარმოდგენილი იყოს რომელიღაც გარე მოვლენით, თანაც მიზეზობრივი კავშირის გარეშე. აქედან გამომდინარეობს, რომ ან ფსიქე სივრცის გარეთ იმყოფება, ან სივრცე ფსიქეს ენათესავება (დაკავშირებულია მასთან)“.
 
ცხადია, მიზეზობრიობის კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს. მიზეზი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ აზრების და გარემოს ურთიერთქმედების მექანიზმი ბუნდოვნად და ჯერჯერობით გაურკვეველი სახით ვლინდება. მაინც რა წარმოადგენს სინქრონისტული დამთხვევების მიზეზს: მოვლენებს აზრები აყალიბებს თუ აზრები მოვლენების წინათგრძნობის სახით ჩნდება? ტრანსერფინგის თვალთახედვით ორივე არსებობს. სულს საინფორმაციო ველის მონაცემებთან წვდომა ეძლევა, რაც შემდეგ გონების მიერ ინტერპრეტირდება. გონება, თავის მხრივ, აზრებს აფორმირებს, რომლებმაც სულის და გონების ერთიანობის შემთხვევაში შეიძლება მატერიალური რეალიზაცია განიცადოს. სწორედ ეს დებულებები უდევს საფუძვლად ტრანსერფინგის მოდელს. მაგრამ, კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ ვარიანტების მოდელს სამყაროს ზუსტი აღწერის პრეტენზია არ აქვს, არამედ მხოლოდ საწყის ბაზას, პრინციპების გაგების საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ ჯერ კიდევ ძალზე ცოტა ვიცით ამ სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, გამოვიყენოთ ტრანსერფინგის პრინციპები. მათ მუშაობაში კი თავად დარწმუნდებით.
 
აზრობრივი ენერგიის გარშემომყოფ სამყაროზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა კვანტური ფიზიკიდან ჯონ ბელის ცნობილი თეორემით შეიძლება დავასაბუთოთ, რომელიც ასე ჟღერს: „იზოლირებული სისტემები არ არსებობს; სამყაროს ყოველი ნაწილაკი ყველა დანარჩენ ნაწილაკთან  „მყისიერ“ (რაც სინათლის სიჩქარეს აჭარბებს) კავშირში იმყოფება. მთელი სისტემა, მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილები უზარმაზარი მანძილითაა ერთმანეთს დაშორებული, ფუნქციონირებს როგორც ერთიანი სისტემა“. მოცემული თეორემა თეორიულად დამტკიცებულია და უკვე პრაქტიკულადაც დადასტურდა. მართალია, „მყისიერი კავშირი“ წინააღმდეგობაში მოდის ფარდობითობის სპეციალურ თეორიასთან, რომელიც ამტკიცებს, რომ ენერგიას სინათლეზე სწრაფად გავრცელება არ შეუძლია. ამის მიუხედავად, თეორემას არსებობის უფლება აქვს.
 
გამოდის, გარეგანი განზრახვა ფარდობითობის თეორიას არ ემორჩილება. საერთოდ, კვანტური ფიზიკა დაუმტკიცებელ პოსტულატებს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ისიც გარკვეულ მოდელს წარმოადგენს. და გაუგებარი წინააღმდეგობებიც იქ არა ერთი, არამედ უამრავია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოდელს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. და უნდა აღინიშნოს, იუნგის იდეებმა თანამედროვე ფიზიკის დამაარსებლების - ვოლფგანგ პაულის და ალბერტ აინშტაინის მხარდაჭერა მოიპოვა. სხვათა შორის, სრულიად შესაძლებელია, რომ ინფორმაციის გადაცემის პროცესს ენერგიასთან კავშირი საერთოდ არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია სინათლის სიჩქარეზე ჩქარაც ხდებოდეს.
 
ვარიანტების მოდელში ასევე შეიძლება წინააღმდეგობების პოვნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ბევრ რამეს ხსნის. ვარიანტების მოდელი თუ არ აღმოფხვრის, სულ მცირე, სივრცის და დროის ზოგიერთ ცნობილ პარადოქსს „არბილებს“. აქამდე ჩვენ ცხოვრების სხვა ხაზებზე გადაადგილებას დროსთან სინქრონიზაციით განვიხილავდით. ცხოვრების ხაზები ყოველთვის დროის ღერძის პარალელური იყო. სხვა სიტყვებით, გადასვლა ყოველთვის დროის ერთი წერტილიდან იმავე წერტილში ხორციელდება.
 
ახლა წარმოიდგინეთ ცხოვრების ორი ხაზი, რომლებიც დროის ღერძის პარალელური არ არის. ამ ხაზების ერთი და იგივე წერტილების პროექცია დროის ღერძზე სხვადასხვა ადგილას იქნება. მათ შორის გადასვლა დროში გადაადგილებას ნიშნავს წარსულში ან მომავალში დახრილობის მიმართულების მიხედვით. დახრილობის შეფარდებითი სიმკვეთრე დროში გადაადგილების სიშორეს ნიშნავს.
 
ანალოგიურად, თუ ცხოვრების ორი ხაზი არაა პარალელური სივრცის არჩეული ღერძის მიმართ, მათ შორის გადასვლა სივრცეში მყისიერი (ან არარეალურად ჩქარი) გადაადგილება იქნება. ხაზების დახრილობის სიმკვეთრე და მიმართულება გადაადგილების სიშორეს და მიმართულებას განაპირობებს. ეს საკმაოდ უხეში ახსნაა, მაგრამ ჩვენ რომ გავიგოთ, ამისთვის სრულიად მისაღებია.
 
კირკიტა მკითხველი შეიძლება შემედავოს: მაგრამ რა ვუყოთ დროში მოგზაურობისას მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დარღვევის პარადოქსს? დავუშვათ, მე გადავაადგილდები წარსულში ჩემს დაბადებამდე და იქ... სასტიკად ვკლავ ჩემს მშობლებს. როგორღა გავჩნდი ამქვეყნად? მოცემული პარადოქსი ვარიანტების მოდელის ჩარჩოში მხოლოდ მოჩვენებითია. ცხოვრების იმ ხაზზე მე ნამდვილად ვერ დავიბადები. მერე რა? სხვა ხაზზე დავიბადე. შეგახსენებთ, ცხოვრების ხაზების უსასრულო რაოდენობა არსებობს - ვარიანტების, სადაც ვარ და სადაც არ ვარ. პარადოქსების ყველაზე სისხლმოწყურებული მოყვარული კი ბავშვობაში გადასვლას, იქ საკუთარ თავთან შეხვედრას და უცოდველი არსების მოკვლას შეძლებს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ის არა საკუთარ თავს, არამედ თავისი დაშორებული ვარიანტის რეალიზაციას შეხვდება, რომელიც ყველა შესაძლო დანარჩენთან ერთად არსებობს.
 
წარსულის შეცვლა მართლა არ შეიძლება, ის უკვე მოხდა. მაგრამ ის მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრების ხაზის განვლილი მონაკვეთის რეალიზაცია განხორციელდა, არამედ იმიტომ, რომ ჩავლილი მოვლენების ვარიანტები უკვე ისედაც არსებობდა. მომავალზეც ამ აზრით ასევე შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე მოხდა. ამიტომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ცხოვრების ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლისას არ ირღვევა. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ კინოლენტა და ერთი კადრი გადახაზოთ, მაგრამ ამის გამო შემდგომი კადრები არ დაზიანდება. დრო სტატიკურია. დინამიურად მხოლოდ ხაზზე ვარიანტების რეალიზაცია იცვლება. ზუსტად ასე გადაადგილდება ფანრის სინათლის ლაქა ბნელ ტყეში.
 
რაც ნამდვილად შეუძლებელია, ესაა წარსულში ან მომავალში გადაადგილება ცხოვრების ერთსა და იმავე ხაზზე. პარადოქსები მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება. ამიტომ ხომ არაა ნათელმხილველების წინასწარმეტყველებები ძალზე მიახლოებითი, ხშირად კი მცდარიც? ნათელმხილველები როგორღაც მომავლის ნაწყვეტების სკანირებას ახერხებენ. თუ სკანირებული მონაკვეთები ცხოვრების სხვა ხაზებზე მდებარეობს, მაშინ წინასწარმეტყველების შეცდომები ადვილად ასახსნელია. ვარიანტების მოდელის თანახმად, რაც უფრო მეტად არის დაცილებული ერთი ხაზი მეორესგან, მით უფრო ძლიერად განსხვავდება სცენარები ერთმანეთისგან.
 
მეცნიერებს აკვირვებთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მოძრაობის მანერა: მყისიერი აჩქარება, გაჩერება, მიმართულების უეცარი შეცვლა მართი კუთხით. ინერტულობის გათვალისწინებით ასეთი მოძრაობა შეუძლებელია, ამასთან ამ აპარატების მგზავრებს უზარმაზარი ზედატვირთვა უნდა განეცადათ. ტრანსერფინგის მოდელის თვალთახედვით აქ არაფერია ზებუნებრივი. უცხოპლანეტელები სულაც არ განიცდიან ზედატვირთვას, რადგან ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ჩვენი თვითმფრინავებივით და რაკეტებივით არ დაფრინავენ. სავარაუდოდ, ჩვენ არა თავად ობიექტის მოძრაობას, არამედ ვარიანტთა სივრცეში მის რეალიზაციას ვაკვირდებით.
 
საკითხებში, რომლებიც სულსა და გონებას ეხება, ასევე ბევრი ბუნდოვანებაა. მატერიალისტური მეცნიერება სამყაროს მექანისტურ სისტემად წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, მატერია პირველადია და ცნობიერებას განსაზღვრავს. იმავე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების შუქზე მოცემული მოდელი სულ უფრო მეტად კარგავს თავის პოზიციებს. თუმცა, მოდელების ცვლა კიდევ და კიდევ განმეორდება, თუ ადამიანი მცდარად მიიჩნევს, რომ შეუძლია ბუნების ფუნდამენტური კანონების არსს ჩაწვდეს. იგივე წარმატებით ქათამი ქათმების ფერმის დაფუძნების, აგებულების და განვითარების საკუთარ კონცეფციას ჩამოაყალიბებს. ადამიანი ინტელექტუალური განვითარებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას, მაგრამ სამყაროს უსასრულო სირთულე ამის გამო უფრო გასაგები არ ხდება. ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი იცოდეს და ესმოდეს.
 
მეცნიერების და რელიგიის ქანქარებმა, რომლებსაც ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციაზე აქვთ პრეტენზია, ძალაუფლება და ბატონობა არა იმდენად ჭეშმარიტების სწორი განმარტების შედეგად, არამედ ყველა სხვაგვარად მოაზროვნის დევნით მოიპოვეს. არა მხოლოდ მეცნიერების და რელიგიის ქანქარები, არამედ თავად ამ ქანქარების შიგნით სხვადასხვა განშტოებები მუდმივად მტრობენ ერთმანეთს. ბრძოლა არ წყდება. მაგრამ ბრძოლობენ არა ჭეშმარიტებისთვის, არამედ მიმდევრებისთვის.
 
მთელი ინფორმაციის შენახვის ტვინის უუნარობას დასასაბუთებლად ინფორმაციის კომპიუტერული ბიტების სახით წარმოდგენის მოდელი გამოვიყენე. მაგრამ ეს მოდელი შეიძლება გამოუსადეგარი იყოს ტვინის ნეირონებთან მიმართებით. ვინ იცის, სინამდვილეში როგორ ინახება ეს ინფორმაცია? წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიკვლევდა იმ ეპოქის მეცნიერი ტელევიზორს, როდესაც ტელევიზია და რადიო საერთოდ არ არსებობდა? ის ღილაკებს მოსინჯავდა, სხვადასხვა დეტალს ამოაცლიდა და დააკვირდებოდა, რა ცვლილება მოხდებოდა ეკრანზე. ტელევიზორის მუშაობის პრინციპის არცოდნის და საკუთარი „სამეცნიერო“ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით, ასეთი მეცნიერი სხვადასხვა დასკვნამდე მივიდოდა, რომლებსაც საფუძვლად ერთი, თითქოსდა, ეჭვშეუვალი ფაქტი ექნებოდა: ტელევიზორი თავად აგენერირებს ყველა ამ ტელეგადაცემას. ისინი იქ იბადება, ამ ტრანზისტორებში და მიკროსქემებში.
 
დაახლოებით ამგვარად იკვლევენ მექანისტური მოდელის მიმდევრები ადამიანის ტვინს. მართლაც, თავის ტვინის ცალკეული უბნების დაზიანება პროგნოზირებადად აისახება აღქმასა და ფსიქიკაზე. ადამიანური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ძველებურად ამოუხსნელია. მიუხედავად ამისა, მიმდევრები ასკვნიან, რომ სწორედ მატერია განსაზღვრავს ცნობიერებას, და არავითარ შემთხვევაში პირიქით. მექანისტური მოდელის კონსერვატორი მიმდევრები, რომლებიც საკუთარ თავს მეცნიერებად ამაყად მოიხსენიებენ, ქედმაღლურად აცხადებენ: ისინი ნამდვილი მეცნიერებით არიან დაკავებული, რომელიც ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა, და არა დილეტანტების ვარაუდებს. ის, რაც თეორიის ჩარჩოებში არ ეტევა, ანტიმეცნიერულად ცხადდება და არა მხოლოდ უარიყოფა, არამედ დევნის საგანი ხდება. საბედნიეროდ, ასეთების რაოდენობა თანდათან მცირდება.
 
თქვენ შეგიძლიათ ამას დაეთანხმოთ ან იკამათოთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ეს მხოლოდ მოდელია. როგორ ხდება ეს ყველაფერი სინამდვილეში, არავინ იცის. გონებას ახასიათებს უარყოს ის, რაც გონიერი ახსნის ჩარჩოებში არ თავსდება. მანამ, სანამ გონება არ დარწმუნდება ცოდნის რაციონალობაში, ის მას მსოფლმხედველობის საკუთარ შაბლონში არ შეუშვებს. ტრანსერფინგი, ცხადია, მუშაობს, მაგრამ იმისთვის, რომ ის გამოიყენოს, გონებისთვის გარკვეული ახსნა-განმარტებაა საჭირო.
 
ვარიანტების მოდელი საშუალებას გვაძლევს ფეხქვეშ საყრდენი ვიგრძნოთ. მაგრამ არა უმეტეს. ის მხოლოდ და მხოლოდ სქემად რჩება. ის შეიძლება სხვა, უფრო დახვეწილ მოდელად ტრანსფორმირდეს. მაგალითად, შეიძლება გამოვაკლოთ დაშვება, რომ არსებობს ე.წ. ცხოვრების ხაზები, ეს გააადვილებდა გაგებას წიგნის დასაწყისში. მაშინ ვარიანტების სივრცე დისკრეტულიდან უწყვეტად იქცევა. ტყეში ბილიკები აღარაა, არის უბრალოდ ტყე. თუმცა ტრანსერფინგის არსი ამის გამო არ იცვლება. როგორიც არ უნდა იყოს მოდელი, ის მხოლოდ მეტად ან ნაკლებად ადექვატურად ასახავს რეალობას. რეალობის შემეცნების გზა უსასრულოა, ისევე როგორც რეალობის გამოვლინების ფორმებია უსასრულო.
 
შესაძლოა, თქვენთვის აღნიშნოთ, რომ ტრანსერფინგის პრინციპები სხვა მსგავსი სწავლებების პრინციპებს ეხმიანება. ამაში გასაკვირი არაფერია. ნებისმიერი სწავლება შედარებით ჩაკეტილია საკუთარ თავში და თვითკმარ მოდელს წარმოადგენს. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ყველანი დაახლოებით ერთნაირი ხარისხის მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები ვართ, ამდენად მოდელებსაც შეიძლება მსგავსი არეალები გააჩნდეს. ფუჭია კითხვა, რომელიმათგანი აღწერს სამყაროს უფრო ადექვატურად. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რა პრაქტიკული შედეგები შეიძლება მივიღოთ ამა თუ იმ ნიმუშიდან.
 
ავიღოთ, მაგალითად მათემატიკა. მათემატიკის სხვადასხვა სფეროები მატერიალური რეალიზაციის აღწერის ცალკეულ მოდელებს წარმოადგენს. ერთი და იგივე ფიზიკური ამოცანა სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება ამოიხსნას, განსხვავებული მათემატიკური აპარატის გამოყენებით. უაზრობაა იმაზე კამათი, რომ უკეთესია - ანალიტიკური გეომეტრია ან დიფერენციალური გამოთვლა. მხოლოდ ამორჩევა შეიძლება, ვის რა ურჩევნია. თქვენც გააკეთეთ თქვენი არჩევანი.


ძველი მაგების განზრახვა
 
შეჯამებისას, ვისურვებდი ძველი მაგების განზრახვას შევუერთდე. მხედველობაში მყავს ცოდნის მცველები, რომლებიც ჩვენს რეალობაში ბოლო ცივილიზაციის დაშლამდე ცხოვრობდნენ. ამ ცოდნის ნამსხვრევებმა ჩვენამდე გაფანტული ეზოთერული სწავლების და პრაქტიკების სახით მოაღწია.
 
არსებობს ცნობები, რაც, მართალია, შემოწმებას არ ექვემდებარება, რომ ძველი მაგების ნაწილი სხვა რეალობაში გადავიდა და ახლა ტრანსცედენტური გზით კაცობრიობისთვის საკუთარი ცოდნის გადაცემას ცდილობს.
 
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მე თავად მსგავს განაცხადს, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად მოვეკიდებოდი. მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში გახშირდა შემთხვევები, როდესაც პლანეტის სხვადასხვა კიდეზე, სხვადასხვა ადამიანები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთი და იგივე ცოდნას მსგავსად ინტერპრეტირებენ. ახლა კი მე თავად მომიწია ამ ცოდნასთან ახლო კონტაქტი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ვერანაირად ვერ დაიბადებოდა ჩემს გონებაში.
დარწმუნებით მტკიცება არ შემიძლია, რომ მეთვალყურე, რომელთან შეხვედრაც წიგნის პირველ თავში აღვწერე, სულ მცირე, ჩვენს რეალობაში არსებობს. მაგრამ საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ის მაინც არსებობს, საკმარისად მომეპოვება.
 
ჩემს სიზმრებში ბევრი სხვადასხვა პერსონაჟი შემხვედრია, მაგრამ მათ ჩემს საკმაოდ კონსერვატიულ მსოფლმხედველობაზე აბსოლუტურად არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. მეთვალყურესთან შეხვედრამ კი არა მარტო ჩემი შეხედულებები სამყაროზე, არამედ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
 
უცებ, სრულიად უმიზეზოდ, ყოფილმა ფიზიკოსმა, განსაკუთრებული მიდრეკილებების გარეშე, წიგნების წერა დავიწყე. ძალზე დაუჯერებელი და ექსტრავაგანტურია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ ყველაფრის ბიძგი რიგითი სიზმარი გახდა.
 
იმ პირველი შეხვედრის შემდეგ მეთვალყურე მეტად აღარ გამოჩენილა. მაგრამ ხანდახან მეჩვენება, რომ მის უხილავ ყოფნას ვგრძნობ. ასეა თუ ისე, არასდროს ვთვლიდი და არ ვთვლი ტრანსერფინგს ჩემსცოდნად.
 
მე მხოლოდ და მხოლოდ რეტრანსლატორი ვარ, რომელიც ვარიანტების სივრცეში შესაბამის უბანზეა მომართული. და საკუთარ დამსახურებას ვერ ვგრძნობ, თუმცა, უნდა ვაღიარო, დიდი გაჭირვებით მოვახერხე ტრანსერფინგის ცოდნის ფორმულირება და სისტემად ჩამოყალიბება. ერთი საქმეა - გაიგო, მაგრამ სულ სხვაა - მოახერხო მისი გადმოცემა.
 
თქვენ კი არა მხოლოდ უნდა გაიგოთ, არამედ შეიგრძნოთ მთელი ეს ცოდნა. წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ ცოდნას კი არ შეიძენთ, არამედ ინფორმირებულობას. ეს სხვადასხვა რამაა!
 
ტრანსერფინგი ოცნების რეალობად ქცევის საკმაოდ კონკრეტულ მეთოდებს გთავაზობთ. მაგრამ ვიღაცას ესეც ცოტა მოეჩვენება. თუ ჰალსტუხის შეკვრის მსგავს მეთოდებს დაუწყებთ ძებნას, შეიძლება ფუჭად დაკარგოთ მთელი ცხოვრება, რადგან ბედის მართვა მარტივი არაა.
ტრანსერფინგის დაყვანა გარკვეული ილეთების შესრულების ტექნიკამდე არ შეიძლება.საქმე ტექნიკაში კი არა, არამედ შინაგანი თავისუფლების გაცნობიერებაში და თავის საკუთარი სამყაროს ნიშის ბატონ-პატრონად შეგრძნებაშია. როდესაც ეს შეგრძნება დაგეუფლებათ, ყველაფერი თავისით წავა, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე.
 
მაგრამ ამ გაცნობიერების მისაღწევად, ტრანსერფინგი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. სხვა გზა არ არსებობს. და ეს სულაც არ არის დამამძიმებელი, უფრო მეტად სახალისოა, როგორც სარკეში თამაში.
 
სამყარო - თქვენი მისდამი დამოკიდებულების სარკეა, მხოლოდ შენელებული რეაქციით. თქვენი დამოკიდებულების სარკის საპასუხო რეაქციასთან შედარებით, გონებას ერთ მარტივ, მაგრამ ძნელად გასაცნობიერებელ ჭეშმარიტებას აჩვევთ: თქვენი განზრახვით საკუთარი სამყაროს ნიშას აყალიბებთ.
 
ასევე უნდა შეეგუოთ ასეთივე უბრალო, მაგრამ უჩვეულო ჭეშმარიტებას, რომ მიზნის მიღწევის საშუალებები და გზები არ უნდა გაღელვებდეთ. მოცემულ დებულებას საფუძვლად უდევს ერთი ფუნდამენტური პრინციპი: განზრახვის მიმართულება ვარიანტების დინების ვექტორს განსაზღვრავს.
 
მხოლოდ ამ მიმართულების შენარჩუნება და ვარიანტების დინებისთვის ხელის არშეშლაა საჭირო. მიზნის მიღწევის საშუალებები თავად გამოჩნდება, თქვენ ვერ გეცოდინებათ და არც უნდა იცოდეთ, რა გზით განხორციელდება ის. რაც არ უნდა ხდებოდეს, თუ გონებაში მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ და კოორდინაციის პრინციპს იცავთ, ვარიანტების დინებას მიზნისკენ მიყავხართ. ასეთია კანონი.
 
ტრანსერფინგის პრინციპების გაცნობიერება მომენტალურად არ მოხდება წიგნის წაკითხვის შემდეგ. ინფორმირებულობა გაცნობიერებად მხოლოდ პრაქტიკის შედეგად გადაიქცევა. მყისიერ შედეგებს ნუ ელით. თუ თქვენ განიზრახეთ, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა.
შესაძლოა, ამ წიგნში ძველი მაგების განზრახვის საკმარისი ხარისხით შესრულება და თქვენთვის ტრანსერფინგის ცოდნის მთელი სისავსით გადმოცემა ვერ შევძელი. მაგრამ ამ საქმის გაგრძელებას ვაპირებ, და მალე შემდეგი წიგნი იქნება მზად - „ვაშლები ცაში ცვივა“.
 
ამ წიგნში ახალ წახნაგებს დაინახავთ, რომლითაც ჩვენი საოცარი და მშვენიერი სარკული სამყარო ბრწყინავს.
 
აი, ჩვენი ჯადოსნური ექსკურსია ტრანსერფინგის სამყაროში დასასრულს მიუახლოვდა. თუ თქვენ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეთ, ტრანსერფინგი თქვენთვის უბრალო ექსკურსიად დარჩება, და აქ დაბრუნებას აღარ უნდა ელოდოთ. მაგრამ თუ მაინც რაიმემ ამ წიგნიდან თქვენი სულის მგრძნობიარე სიმები შეარხია, მაშინ ჯადოსნური მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება.
 
ჩემთვის სულერთია, დაიჯერეთ თქვენ ეს ყველაფერი თუ არა. მე ხომ თავად არ დავიჯერე, როდესაც ზმანებათა სივრცეში მეთვალყურეს შევხვდი. ქანქარათა მსგავსად, ჩემს ირგვლივ მიმდევართა კოჰორტის შემოკრებას და ყველასთვის რაღაცის მტკიცებას არ ვაპირებ.
 
ტრანსერფინგის პრინციპების პრაქტიკულად გამოყენებით, თქვენ არა მარტო თავად დარწმუნდებით იმაში, რომ ისინი მუშაობს, არამედ ბევრ ახალ საოცარ აღმოჩენას გააკეთებთ, რომელთა შესახებ წარმოდგენა არავის ჰქონდა. მაშინ, შესაძლოა მომწეროთ, და ჩვენ ერთად გავიხარებთ და გავოცდებით.
 
ჩვენ ყველანი, არსობრივად, ვარიანტთა უსაზღვრო სივრცეში მარტოხელა მოხეტიალეები ვართ. ტრანსერფინგი იმედის ნაპერწკალს აჩენს დაღლილი მოხეტიალესთვის, რომელიც ცრუ შეზღუდვების და სტერეოტიპების უკუნეთში დაბორიალობს. გამოიყენეთ არჩევანის თავისუფლების თქვენი უფლება, და მაშინ გაიგონებთ დილის ვარსკვლავთა შრიალს, თქვენი ვაშლები კი ცისკენ გაცვივდება. წარმატებას გისურვებთ, მარტოხელა მოხეტიალევ!


ქანქარას წესი
 
ჩვენს სამყაროში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვეჯახებით პირდაპირ ან ირიბ ინფორმაციას, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებს ეხება. ტრანსერფინგის მოდელში მოცემული თემა, როგორც ბევრი სხვა, უჩვეულო რაკურსით წარმოჩნდება. სურთ თუ არა ამის აღიარება, სექსი ადამიანთა პირად ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უფრო ზუსტად, არა თავად სექსი, არამედ მისდამი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, ეწევა თუ არა ადამიანი სქესობრივ ცხოვრებას, პერიოდულად სექსისადმი დამოკიდებულებაზე ფიქრობს.
 
სრულიად ნეიტრალური პოზიცია აქ ვერ იარსებებს - ბუნებრივი არსი, ასე თუ ისე, თავს ამჟღავნებს. ზოგის დამოკიდებულება მიუღებლობის, გაღიზიანების, დაცინვის, უარყოფის სახით ვლინდება. სხვებთან ის განზრახვად იქცევა. და თუ განზრახვა არ, ან წარუმატებლად რეალიზდება, მაშინ ფსიქიკაში ყოველგვარი კომპლექსები, ან ტრანსერფინგის ტერმინებით თუ ვიტყვით, ნეგატიური სლაიდები ჩნდება.
 
შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სექსის საკითხები ამა თუ იმ ხარისხით ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მაინც აღელვებს. და ძალზე ბევრს ამ ნიადაგზე ესა თუ ის კომპლექსი აქვს. დიდ როლს აქ ქანქარები თამაშობენ - ისინი ყველანაირად ცდილობენ, ჩაგაგონოთ, რომ არასრულყოფილები ხართ და პრობლემები გაქვთ. და თქვენც ნამდვილად გჯერათ, რომ პრობლემები გაქვთ. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რომ მარტო არ ხართ ამ რწმენაში.
 
ძალიან ცდებით, როდესაც ფიქრობთ, რომ ინტიმურ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ გაქვთ მაშინ, როდესაც სხვებთან სრული წესრიგია. ეს ქანქარების მიერ მასმედიის დახმარებით ოსტატურად შექმნილი ილუზიაა. ყურადღება მიაქციეთ, ყველგან, სადაც სექსის თემას ეხებიან, გაჩვენებენ ადამიანებს, რომელთაც თითქოს ყველაფერი ნორმალურად აქვთ.
 
ჰოდა, თუ ავიღებთ გადაჭედილ სტადიონს და იქიდან მოვაცილებთ ყველას, ვისაც „რაღაც არ აქვს წესრიგში“, იქ მხოლოდ თითებზე დასათვლელი ადამიანი თუ დარჩება. შეეცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი უზარმაზარი სავსე სტადიონის ცენტრში, რომელიც უცებ დაცარიელდა, და თქვენ ირგვლივ იხედებით დარჩენილი „ნორმალურების“ ძიებაში. აი, ასეთი მასშტაბებია.
 
თუ თქვენი მეგობრები, რომლებიც თავიანთი წარმატებებით ტრაბახობენ, არ აჭარბებენ, მაინც დარწმუნებული იყავით, რომ მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, რომელთაც არა მარტო გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც საგულდაგულოდ უმალავენ.
 
ნუ გავიხსენებთ ფროიდს. მას ნამდვილად არ შეეძლო წარმოედგინა, რა ზომებს მიაღწევდა „სექსო-მანია“ ჩვენს დროში. უბრალოდ გთავაზობთ, დასვათ კითხვა: ბუნების მიერ სრულყოფილად ჩადებული ასეთი მარტივი ფუნქციის ირგვლივ რატომ იქმნება ამდენი პრობლემა?
 
ამ კითხვაზე პასუხი სრულიად მოულოდნელ სიბრტყეზე დევს, გარკვეული სახით ისეთ მოვლენასთან დაკავშირებული, როგორიცაა ფლეშ-მობი. თუ არ იცით, ეს რა არის, აგიხსნით.
 
წარმოიდგინეთ ხალხმრავალი ქუჩა ან მოედანი მზიან დღეს. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, როგორც ყოველთვის. და უცებ, მოულოდნელად, რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი ქოლგებს იღებს, შლის და ქცევით აჩვენებს, რომ თითქოს წვიმს. „ნორმალური“ გამვლელები პირდაღებულები დგანან, „წვიმის ადამიანები“ კი მთელი გულით მხიარულობენ.
 
ასეთი გრანდიოზული ხუმრობა ძალიან ადვილად ორგანიზდება. ადამიანთა ჯგუფი, თუნდაც ერთმანეთისთვის უცნობები, ინტერნეტით მოილაპარაკებენ, რომ კონკრეტულ დროს და ადგილას ნიშანზე რაიმე უცნაურ მოქმედებას შეასრულებენ.
 
რა ხდება ამ აქციის დროს? როგორც თქვენთვის ცნობილია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთი მიმართულებით ფიქრს იწყებს, იქმნება ქანქარა. ფლეშ-ჯგუფი ფიქრობს: „შეხედეთ, როგორები ვართ - ქოლგებით!“ დანარჩენი გამვლელები, გაოცებულები, ფიქრობენ: „რა ხდება?“ ადამიანთა ჯგუფის ერთგვაროვანი აზრობრივი გამოსხივება რეზონანსს ქმნის, რომლის ენერგიასაც შთანთქავს ქანქარა.
 
ფლეშ-ქანქარა ყველაზე ხანმოკლეა - ის აენთო და ჩაქრა, ამიტომ ზიანი არავის მიაყენა. ეს უწყინარი მაგალითი გვიჩვენებს, როგორ იბადება და მოქმედებს უფრო ხანგრძლივი და დესტრუქციული ქანქარები.
 
რა არის საჭირო ადამიანების იძულებისთვის, ენერგია ერთი მიმართულებით გამოასხივონ? აუცილებელია ქცევის და აზროვნების შაბლონის განსაზღვრა - წესის დადგენა. რა თქმა უნდა, წესებს არა ქანქარები, არამედ თავად ადამიანები ქმნიან. ქანქარებს გაცნობიერებული განზრახვების რეალიზება არ ძალუძთ. ისინი სპონტანურად იქმნებიან. მაგრამ მათ შექმნილი წესი აჩენს. ქანქარის წესი ყველაზე საშიში და ზიანის მომტანია იმ წესებს შორის, რაც კაცობრიობას მოუგონია. ის კი ასე ჟღერს: „გააკეთე ჩემსავით!“
 
ქცევის და აზროვნების ნებისმიერი შაბლონი ზოგადად ქანქარის წესზე დაიყვანება. დააკვირდით, და შეამჩნევთ, რომ ეს წესი მოქმედებს ყველგან და ყოველთვის. რა თქმა უნდა, ზიანი ყოველთვის არ მოაქვს. მაგალითად, გულშემატკივართა ტალღა სტადიონზე ფლეშ-ქანქარას აჩენს, და ის რეზონანსის ენერგიით იკვებება, თუმცა ამისგან ცუდად არავინ ხდება.
 
საკონცერტო დარბაზში ქანქარა მთლიანად შთანთქავს მაყურებელთა ენერგიას. არც ამით ადგება ვინმეს ზიანი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, როგორ იქცევიან ხშირად მსახიობები. ისინი მაყურებლების აყოლიებას ქანქარის წესით მთელი ძალით ცდილობენ: „მაღლა! ხელები მაღლა! ახლა კი, ყველა ერთად!“ მაყურებლები მორჩილად უკრავენ ტაშს, და ეს ენერგია, ერთი ადამიანისთვის მიზერული, რეზონანსში იღვრება, რაც დარბაზის თავზე უხილავ მონსტრს ქმნის.
ქანქარა რომ ამ ენერგიას არ შთანთქავდეს, მსახიობი პირდაპირი გაგებით ჰაერში აფრინდებოდა. მაგრამ მსახიობს მხოლოდ საცოდავი ნამცეცები ხვდება, დანარჩენს ქანქარა ეპატრონება. მონსტრი მანამ ცოცხლობს, სანამ ადამიანები მის წესს: „გააკეთე ჩემსავით!“ ასრულებენ.
 
მერედა რა? ცუდი ხომ არაფერი მომხდარა? ნამდვილად, ფლეშ-ქანქარები უწყინარია. და რა კავშირი აქვს ამას სექსთან? ვერაფრით გამოიცნობთ.
 
სექსის თემაზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ფლეშ-მობზე გადავერთეთ. რა საერთოა მათ შორის? თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ ეს საერთო რაიმე სახით ენერგიასთანაა დაკავშირებული. მართლაც, სექსის დროს ფლეშ-ქანქარა წარმოიქმნება, რომელიც რეზონანსის ენერგიას შთანთქავს. ადამიანები ჯერ კიდევ ძველი დროიდან ეჭვობდნენ, ან იცოდნენ კიდეც რაღაც არსების არსებობის შესახებ, რომელიც „მოქმედების სცენას“ დაფარფატებს თავზე.
 
ეს არსება, რომელსაც ტრანსერფინგის მოდელის ჩარჩოებში ფლეშ-ქანქარას ვუწოდებთ, სხვადასხვა ხალხებთან ჩვეულებრივ ასოცირდებოდა ემოციურად შეფერადებულ სახეებთან. მაგალითად, „სატანა ერთობა“. ოკულტური პრაქტიკების ზოგიერთ მიმდევარს კი მტკიცედ სჯერავს, რომ სქესობრივი აქტის დროს გამოსხივდება ენერგია, რომელიც ბნელეთის სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენელს იზიდავს, და რომლებიც უმალ მოდიან და თავიანთ ეშმაკეულ ორგიას აწყობენ.
 
რაც არ უნდა თქვან, ამან არ უნდა აგაღელვოთ, რადგან ფლეშ-ქანქარას ზიანის მოყენება არ შეუძლია. ის უბრალოდ ენერგიით იკვებება, რომელსაც ისედაც ხარჯავთ, სულ ესაა. მაგრამ საქმის არსი ეს არაა. მთავარი, რაც სექსს მისი თანამედროვე სახით ქანქარასთან აერთიანებს, ქანქარის წესია: „გააკეთე ჩემსავით!“.
 
მასმედიის ტექნიკური საშუალებების განვითარებასთან ერთად ქანქარის წესმა უსაზღვრო ძალაუფლება მოიპოვა. ადამიანის ფსიქიკა ყოველ ნაბიჯზე ექვემდებარება შეუმჩნეველ, მაგრამ საკმაოდ ეფექტიან დამუშავებას ქცევის და აზროვნების შაბლონების ჩანერგვით. აქ ვეცდები სიფრთხილით გამოვიყენო სიტყვა „ზომბირება“, მაგრამ, არსობრივად, ყველაფერი აქეთ მიდის.
ინფორმაციის და გართობის თანამედროვე ინდუსტრია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება: შეხედე, როგორ აკეთებენ ამას წარმატებული ადამიანები, და მიყევი მათ, მაგალითი აიღე მათგან. თქვენთვის სწორედ წარმატების ეტალონის დემონსტრირება სურთ. თქვენ თავადაც კარგად გესმით ყველაფერი, მაგრამ, შესაძლოა, არ დაფიქრებულხართ, რა დიდია ამ, ხანდახან ხილული, მაგრამ უფრო ხშირად უჩინრად, შემპარავად მოქმედი პროპაგანდის გავლენა.
 
ეს ყველაფერი განსაკუთრებით ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ თემებს ეხება. სწორედ აქ ძალზე მყარად დამკვიდრდა სტერეოტიპები, თუ რა და როგორ უნდა იყოს. მთელი ბეჭდური და ვიდეოპროდუქცია ამ თემაზე წარმოგვიდგენს დამოკიდებულებებს, რომლებიც, როგორც უნდა გავიგოთ, სტანდარტებს აკმაყოფილებს.
 
არ იფიქროთ, რომ რაღაც შეთქმულებაზე ან გამიზნულ პროპაგანდაზე ვსაუბრობ. სინამდვილეში არავინ ისახავს მიზნად რაღაც შაბლონების დანერგვას. ყველაფერი თავისთავად გამოდის. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ყოველთვის ეჭვობს: სწორად ვიქცევი? ყოველთვისაა შედარების აუცილებლობა, რადგან წარმატება - ფარდობითი რამაა. ამიტომ როდესაც ადამიანი სხვის წარმატებას ხედავს, ის ბუნებრივად იხრება იქითკენ, რომ ეს ეტალონად აღიქვას.
 
ინტიმური ურთიერთობები და განსაკუთრებით სექსი, ძირითადად ვიწრო და ჩაკეტილ წრეში ხორციელდება, შედეგად, დადასტურების მოთხოვნილება, რომ „ყველაფერი რიგზე გვაქვს“, იზრდება. ხოლო თუ ადამიანს არ ყავს, და მით უმეტეს არ ჰყოლია პარტნიორი, მაშინ ის გამწარებით იწყებს ეტალონის ძებნას. და რა თქმა უნდა, მასმედია ადამიანთა ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, და ეტალონთა დიდ არჩევანს სთავაზობს.
 
ამგვარად ფორმირდება საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორი იმიჯი უნდა გვქონდეს და ა.შ. მაგალითად, კაცი - „მაგარი მაჩოა“, ქალი - „მხურვალე სექ-სი“. უყურებთ მათ და მათსავით იქცევით. ხოლო თუ ამ სტანდარტებში ვერ ეწერებით, ე.ი. თქვენ რაღაც ვერ გაქვთ წესრიგში.
 
ამ წესის მთელი დესტრუქციულობა რთული წარმოსადგენია. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ მე გაუმართლებლად ვამაღლებ პრობლემის მნიშვნელობას, როდესაც ვამბობ, რომ კაცობრიობის მიერ გამოგონებულთა შორის ქანქარის წესი ყველაზე საშიში და საზიანოა. არანაირად. აზრს საკმაოდ თავშეკავებულად გამოვხატავ.
 
დაცილებული წყვილების რიცხვი ძალზე დიდია. არშემდგარი ბედნიერი ოჯახების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი. უთანხმოების მთავარი მიზეზი საბოლოო ჯამში სექსში დაუკმაყოფილებლობაა. სხვა ყველაფერი - ან ამ დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული შედეგებია, ან ადამიანების მიერ თავის მოტყუება, რომელთაც არ სურთ ერთმანეთს ჭეშმარიტ მიზეზში გამოუტყდნენ.
 
დაუკმაყოფილებლობა წარმოიშვება იმის შედეგად, რომ ორივე ქანქარის წესს მიყვება. მათ იციან, რომ სტანდარტების შესაბამისად ეს ასე და ამგვარად უნდა გააკეთონ. ქანქარის წესი ამბობს: „გააკეთე ჩემსავით!“ - ეს კი ნიშნავს, შეცვალე შენი თავი, უღალატე შენს თავს. და ადამიანი ცდილობს საკუთარი თავი სტანდარტებს მოარგოს, შედეგად კი სულიერ დისკომფორტს და დაუკმაყოფილებლობას იღებს.
 
ადამიანის შეცდომა, რომელსაც სექსთან მიმართებით ესა თუ ის პრობლემა აქვს, იმაში მდგომარეობს, რომ ის როლს თამაშობს. ყველაფერი მარტივადაა. ადამიანი ეტალონების სიმრავლიდან ერთს თავისთვის ირჩევს, რომელიც ყველაზე მეტად ერგება, და მეორეს - პარტნიორისთვის. შემდეგ იღებს ამ როლს და თამაშს იწყებს, პარტნიორს კი საკუთარი მოლოდინების შესაბამის პროექციას ახვევს. ამასთან, რაც გასაოცარია, ამ როლს სწორედ ტრანსერფინგის პრინციპით თამაშობს - გვერდიდან, როგორც მოთამაშე მაყურებელი, რადგან საკუთარ თავს და პარტნიორს გამუდმებით ეტალონს ადარებს: სწორად გამოსდით თუ არა.
 
შედეგად არაფერიც არ გამოდის, რადგან სექსის ბუნება ისეთია, რომ მოდუნებას, თავისუფლებას და საკუთარი თავის გაღებას მოითხოვს. სექსი არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თამაშში ყოველგვარი როლების გარეშე, თავით უნდა გადაეშვათ. ნორმალური და ბუნებრივი სექსი - თქვენს მიერ დაწესებული წესების მიხედვით თამაშია, და სრული იგნორირებით, როგორ აკეთებენ ამას სხვები ან როგორც ვითომდა მიღებულია.
 
დამატებით, ძალზე დამაბნეველია სხვადასხვა ცნებების: სიყვარულის და სექსის აღრევა. ხანდახან უბრალოდ გულისამრევია, როდესაც ეს თვალთმაქცური „სიყვარულით დავკავდეთ“ გვესმის. განა უფრო ადვილი არაა, ყველაფერს საკუთარი სახელი უწოდო? სექსი - სიყვარული არაა, სიყვარული კი - სექსი არაა. და განა ისინი შეუთავსებელია? შეთავსებადია, მაგრამ კიდევ ერთხელ: სიყვარული - სექსი არაა, სექსი კი - სიყვარული არაა.
 
მათი შეთავსებაც შეიძლება და გაყოფაც. მაგრამ ქანქარის წესი ამის ბუნებრივად გაკეთებას ხელს უშლის. არ შევცდები, თუკი ვიტყვი, რომ სექსუალურ კონტაქტში ნებისმიერი წარუმატებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანები, რომლებიც ქანქარის წესს ემორჩილებიან, სიყვარულის და სექსის ხელოვნურად აღრევას ცდილობენ. შედეგად აბსურდული ჰიბრიდი მიიღება.
 
სინამდვილეში, თუ წესებს და სტანდარტებს დავივიწყებთ, ყველაფერი ძალზე მარტივადაა. წარმოიდგინეთ სკალა შუაში ნულოვანი წერტილით, სადაც მარცხნივ მიდის ალერსის დანაყოფები, მარჯვნივ კი აგრესიის დანაყოფები. ჰოდა, როდესაც ისარი მარცხნივ გადაიხრება, ეს სიყვარულია, თუ მარჯვნივ, სექსი. მოგწონთ თუ არა ეს აზრი, მაგრამ სექსი დიდწილად აგრესიაა, ვიდრე ალერსი.
 
მაგრამ ბევრ ადამიანს რცხვენია ან ეშინია, როდესაც მათ ეს „ეშმაკეული“ ინსტინქტები ეღვიძებათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არაბუნებრივია. სინამდვილეში: ერთმანეთს ხვდება ორი ნორმალური ადამიანი და თავიდან სრულიად ბუნებრივად იქცევიან, მაგრამ შემდეგ მათ თვალებში მტაცებლური ელვა გაკრთება, და ისინი ისეთ ქმედებებს იწყებენ, რაც არანაირად არ ჯდება ჩარჩოში... რის ჩარჩოში?
 
სწორედ აქ ერთვება ქანქარის წესი. ერთი მხრივ, არსებობს საყოველთაოდ მიღებული წესიერების ჩარჩო, რომლის დარღვება ყოველთვის კომფორტული არაა. მეორე მხრივ, ამ ჩარჩოში ყოფნისას, სექსისგან სიამოვნების მიღება შეუძლებელია. ამ დროს კი ერთიც გვინდა და მეორეც.
 
და აი, იმისთვის, რომ სტანდარტებს მოერგონ, ადამიანები თავისი როლის თამაშს იწყებენ. ცხოველური ინსტინქტების გაღვიძების შიშით, ისინი სექსს დადგენილი, და როგორც მათ ეჩვენებათ, აუცილებელი რიტუალებით ანზავებენ. ეს, თავის მხრივ, გარკვეულ უხერხულობას ქმნის. სადავის მიშვებაა საჭირო, ქანქარის წესი კი ნებას არ იძლევა. და პირიქით, თუ ისარი აგრესიის მხარეს ძლიერად გადაიხრება, იქვე ჩნდება დადასტურების აუცილებლობა: „გიყვარვარ?“
 
ამგვარად, სცენაზე გამუდმებით იმყოფება ორი მოთამაშე მაყურებელი. ისინი, როგორც მარიონეტები, კონტროლის ძაფზე არიან ჩამოკიდებულები, რომელსაც თავად გამოებნენ. რას აკეთებენ ისინი? ისინი მთელი ძალით ცდილობენ ისარი ხან ერთ მხარეს გადახარონ, ხან მეორე მხარეს. ამ დროს კი მხოლოდ ქანქარის წესის იგნორირება და ისრის თავისუფლად მიშვებაასაჭირო, დაე, მან სულის გრძნობებთან კორელაციაში, და არა გონების იდეებით იმოძრაოს.
 
შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ ასე ცხოველურ დონეზე დავა ადამიანი. და აქაც ისევ ქანქარის წესი მუშაობს. ვინ დაადგინა ზღვარი, სად მთავრდება ადამიანობა და ცხოველური დონე იწყება? და არც საზღვრებშია საქმე, არამედ იმაში, რომ თავად უნდა დაადგინოთ წესები და არა სხვებისას მისდიოთ. თქვენ ადამიანი ხართ, ამიტომ უფლება გაქვთ ადამიანობის და წესიერების თქვენი კრიტერიუმები გქონდეთ.
 
იმედი მაქვს, გესმით, რომ ამ ყველაფერს ვწერ ადმიანებისთვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ სექსთან, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ერთმანეთი უყვარს. პრობლემის აღმოსაფხვრელად მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ისარი გააზრებულად თავისუფლად მიუშვათ ისევე, როგორც გააზრებულად ქანქარის წესის დაცვას აკონტროლებდით.
 
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სექსში არავითარ გართულებას არ განიცდის. მართლაც, ბევრი პრობლემა მოიხსნება, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ცნებებს არ ავურევთ, გააზრებული გვექნება, რის მიღება გვსურს, და მთავარია, გულწრფელად ვუთხრათ ამის შესახებ პარტნიორს. ცხოვრება უცებ მარტივდება, როდესაც ადამიანი გახსნილია. 
 
დარწმუნებული იყავით, თქვენს პარტნიორსაც საკმარისად აქვს ფარული სურვილები. ამასთან იქმნება სიტუაციები, როდესაც ერთისთვის სასურველი, მეორესთვის მიუღებელია. ასეთ სიტუაციებში როგორ უნდა მოვიქცეთ?
 
პირველი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ფრეილინგის პირველი პრინციპი: უარი თქვით მიღების განზრახვაზე, შეცვალეთ ის გაცემის განზრახვით, და მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით. ეს შესანიშნავი პრინციპი უზადოდ მუშაობს, ამასთან ყოველთვის ვერც მიხვდებით, მაინც როგორ მუშაობს ის.
 
მეორე, აუცილებლად სრულად უნდა თქვათ უარი ქანქარას წესსზე და ის ტრანსერფინგის წესით შეცვალოთ. ეს წესი კი ამბობს: საკუთარ თავს და სხვას ნება მიეცით იყოს ის, ვინც არის.
 
როგორც გესმით, სექსუალური ურთიერთობისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, ამისთვის საჭიროა თავს თავისუფლად, ლაღად გრძნობდეთ. ადამიანს არ შეუძლია თავი თავისუფლად იგრძნოს, თუ ჭარბი პოტენციალები აქვს კომპლექსების, მაგალითად, არასრულფასოვნების სახით. რამდენადაც არ უნდა ეცადოს მოდუნებას, წინასწორული ძალები ამის საშუალებას არ მისცემს.
მაგრამ დაძაბულობის ლომის წილი წარმოიქმნება როგორც ასეთი არა ჭარბი პოტენციალების გამო, არამედ დამოკიდებულების ურთიერთობების შედეგად. ადამიანთა შინაგანი განზრახვა უფრო ხშირად მიღებაზეა მიმართული, და არა გაცემაზე. ამასთან პარტნიორს პროექციას ახვევენ თავს როლური მოლოდინით. არაფრით არ სურთ, სხვას ნება მისცენ, იყოს ის ვინც არის.
დამოკიდებულების ურთიერთობები, როგორც იცით, პოლარიზაციას ბადებს, რაც თავის მხრივ წონასწორული ძალების ქროლვას იწვევს, რაც საბოლოოდ ყველაფერს აფუჭებს. ტრანსერფინგის წესი მომენტალურად ხსნის დამოკიდებულების ურთიერთობებით შექმნილ პოლარიზაციას. ამიტომ, კომპლექსებისგან თუ ვერ თავისუფლდებით, საკმარისია ტრანსერფინგის წესის დაცვა, და დაძაბულობა მაშინვე შესამჩნევად განიმუხტება.
 
საკუთარ თავს ნება მისცე იყო ის, ვინც ხარ - ნიშნავს საკუთარი თავის მიღებას მთელი მისი არასრულყოფილებით. სხვას მისცე ნება იყოს ის, ვინც არის- ნიშნავს მას საკუთარი მოლოდინების პროექცია ჩამოხსნა. შედეგად სიტუაცია, როდესაც ერთს უნდა ის, რაც მეორესთვის მიუღებელია, წარმოუდგენელი სახით თავისთავად გადაწყდება.
 
ვიმეორებ, საჭიროა მხოლოდ ქანქარის წესზე უარის თქმა, მისი ტრანსერფინგის წესით ჩანაცვლება და განზრახვის ფრეილინგის პირველი პრინციპის შესაბამისად მიმართვა. თუ ამას ორივე გააკეთებთ, პრობლემები აღარ გექნებათ. ამ თემაზე დაწვრილებით მსჯელობა, რატომ მუშაობს ეს, ფსიქოლოგებს დავუტოვოთ. მუშაობს, და ეს საკმარისია.
 
მაგრამ, რაში სჭირდება ქანქარას წესი? ფლეშ-ქანქარების შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - ისინი რეზონანსის ენერგიით იკვებებიან, ამიტომ მათ მოქმედებათა სინქრონულობა სჭირდებათ. მაგრამ რას ეყრდნობა ყველა დანარჩენი, ხანგრძლივი ქანქარები, რომელთათვისაც აუცილებელი არაა, რომ მათი მიმდევრები ერთნაირად იქცეოდნენ?
 
პირველ ყოვლისა, ქანქარის წესი ქცევის და აზროვნების ნორმას, ანუ „ნორმალურობის“ სტანდარტებს ადგენს. ადამიანს არ ესმის, რომ მას წარმატების შემცვლელს, სუროგატს სთავაზობენ. სხვისი წარმატება მისაბაძი მაგალითი ვერ იქნება. ჭეშმარიტ წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც წესის დარღვევას გაბედავს და საკუთარი გზით წავა.
 
სხვის ნაკვალევზე სიარულისას, ადამიანი სამუდამოდ ჩამავალი მზის დევნისთვისაა განწირული. წარმატების სტანდარტები - მირაჟია, მაგრამ ადამიანმა არ იცის ან არ სურს იცოდეს, რომ ქანქარის წესს ის ილუზიის აბლაბუდაში ყავს გახვეული. ილუზია უმეტესად გაუგებარ სინამდვილეზე მეტად ტკბილი, მოსახერხებელი და გასაგებია.
 
როდესაც ადამიანი პირისპირ ხვდება ფაქტს, რომ დადგენილ სტანდარტებში ვერ თავსდება, ის სულიერ დისკომფორტს გრძნობს. მას დამარცხების შიში ტანჯავს, საკუთარ არასრულფასოვნებას გრძნობს, მარტოსულად აღიქვამს თავს ამ მტრულ სამყაროში.
 
რა უნდა გააკეთოს მან? ერთ-ერთი ვარიანტია - მოცილება. ადამიანს შეუძლია მიუღწეველი ეტალონების მიუღებლობის კედლით შემოიზღუდოს. ან გააგრძელოს ეტალონისკენ სწრაფვა. ქანქარის წესის მიყოლისას, ადამიანი საკუთარი თავის შეცვლას ცდილობს და საკუთარ სულს განპირობებულობის ფუტლიარში ამწყვდევს. ამას არაფერი მოაქვს, დაუკმაყოფილებლობის გარდა, რის შედეგადაც ისევ თავის შეცვლა უწევს.
 
ამგვარად, როდესაც ადამიანი ეტალონის დევნას იწყებს, ის დაუკმაყოფილებლობის და იმედგაცრუების ენერგიას ასხივებს. სხვაგვარად ვერც იქნება. ზუსტად ასე დადის ვირი წრეზე მის წინ ჩამოკიდებული სტაფილოს კვალზე. სწორედ ამ ენერგიით იკვებება დესტრუქციული ქანქარები, ეტალონად სხვათა წარმატების შეთავაზების შედეგად.
 
მოცილების კედელი, თავის მხრივ, არანაკლებ ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. სულაც არაა ადვილი ირგვლივ დამცავი კედლის შენარჩუნება, როდესაც ყველგან და ყოველ ნაბიჯზე გინერგავენ წესებს, რომლის დაცვაც არ ძალგიძს.
 
მაგრამ ამ ლაბირინთიდან მაინც არის გამოსასვლელი. ის შემდეგში მდგომარეობს: ქანქარის წესის უარყოფა და საკუთარი გზით წასვლა. ვინც ასე მოიქცევა, საოცარ თვისებას - შინაგან თავისუფლებას შეიძენს, რომლის შეგრძნებისგან პირდაპირი მნიშვნელობით სული გეკვრით. და ასეთი ადამიანები არსებობენ. აი, მაგალითად, მკითხველის წერილი, რომელსაც ამ თავისუფლებისგან სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს.
 
„30 წლის ვარ, და მამაკაცი არასდროს მყოლია. სექსოპათოლოგები ამბობენ, რომ ეს სერიოზული არანორმალური მდომარეობაა. მე კი ვერ ვიგებ, რატომ. ყოველთვის მჯეროდა, რომ არასად წერია, რომ ოცდახუთ წლამდე სასწრაფოდ ვინმესთან უნდა გქონდეს სექსი და რომ ქალწულობა - მორალური სასჯელის საბაბია. მიმზიდველი ვარ, და ინტიმური ურთიერთობის შესაძლებლობებიც ბევრი მქონია. მაგრამ - მე არ მსურს. არა ფიზიოლოგიურად - ამ მხრივ ყველაფერი რიგზე მაქვს, უბრალოდ ჯერ არ შემხვედრია მამაკაცი, რომელთან სექსიც მენდომებოდა. და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმ შეგრძნებაზე, რომ ეს მამძიმებს. რადგან ყველა სხეულებრივ სიყვარულს ეძლევა, მე კი არა. ასეა მიღებული - მე კი ამ წესს არ ვიცავ... არასდროს ვყოფილვარ საზოგადო სტერეოტიპების მონა, მაგრამ სწორედ მათი ეს ნაწილი, როგორც ჩანს, უკვე მაღიაზიანებს. ხანდახან საკუთარ თავს მორალურად მახინჯად აღვიქვამ. თუმცა თავად ჩემი მარტოობის ფაქტი ჩემს თვითშეფასებაზე არ მოქმედებს - გააზრებულად არ მსურს ინტიმური ურთიერთობები ადამიანთან მიზიდულობის გარეშე. არის თუ არა ჩემი შემთხვევა გადახრა, პათოლოგია?“
 
მე ვთქვი „სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს“, რადგან შიში იმისა, იყო ყველასგან განსხვავებული, მაინც არსებობს. და მაინც, შინაგანი ძალა და დამოუკიდებლობა სახეზეა, ეს კი ცოტა არაა. და რა თქმა უნდა, არავითარ გადახრას ადგილი არ აქვს. უბრალოდ არ უნდა გეშინოდეთ იმის, რომ ისეთი არ ხართ, როგორც ყველა, და ეს უნდა გიხაროდეთ. და ამასთან, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, მოთხოვნათა სამანი დაგეწიათ და უფრო გახსნილი იყოთ.
 
ყოველი მხრიდან მომდინარე ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველანი მხოლოდ სექსით არიან დაკავებულები. სინამდვილეში ეს ილუზიაა. ამ მიმართებით ბევრი არ ეწევა „აქტიურ ცხოვრებას“, მრავალს კი პარტნიორი საერთოდ არ ჰყავს. მაგრამ მარტოობის და ყველასგან განსხვავებულად ყოფნის შიში ადამიანს ილუზიის დაჯერებას აიძულებს.
 
ავიღოთ, მაგალითად, პარიზი, მისი თავისუფლების სულით და ძალდაუტანლობით. მას „ეული გულების ქალაქის“ რეპუტაცია აქვს. ყოველდღიურად დილიდანვე ადამიანები ქუჩებში გამოდიან დ კაფეებისკენ მიიჩქარიან. რატომ აკეთებენ ამას, ყავის დალევა ხომ სახლშიც შეუძლიათ? იმიტომ, რომ სახლიდან მათ მარტოობა აგდებს.
 
ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ქანქარები გამიზნულად იმონებენ კაცობრიობას თავისი წესით. დიახ, იმონებენ, მაგრამ ქანქარები არ ადგენენ ამ წესს. ისინი მისი წყალობით არსებობენ! წესი შობს ქანქარას. შემდეგ კი ეს ქანქარა აკეთებს თავის შავ საქმეს. მთავარი, რაშიც ქანქარის დესტრუქციულობა მდგომარეობს ისაა, რომ ის ადამიანს იმ გზას აშორებს, რომელზეც მას ჭეშმარიტი ბედნიერების პოვნა შეეძლო.
 
წარმოიდგინეთ ხალხმრავალი ქუჩა, სადაც ყველა თავის საქმეზე მიიჩქარის. უცებ ჩნდებიან შავებში ჩაცმული ადამიანები, ყველას მწკრივში აყენებენ და მარშირებას აიძულებენ. ვიღაც გამოსვლას ცდილობს, მაგრამ მას უმალ უხეშად უკან, მწკრივში აბრუნებენ: „სდექ! საით გაგიწევია! მწკრივში ჩადექი!“
 
ისეთი ფილმი, როგორიც „მატრიცაა“, შემთხვევით არ გაჩენილა. ფანტასტიკას აქვს ტენდენცია დროთა განმავლობაში სინამდვილედ იქცეს. და ეს ტენდენცია ჩქარდება. თუ ყურადღებას მიაქცევთ, ფანტასტიკას და რეალურ განხორციელებას შორის უფსკრული სულ უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, ადამიანები კოლბებში არ სხედან სხეულზე მიმაგრებული გამომწოვი საცეცებით, მაგრამ ანალოგია ძალზე ახლოსაა.
 
ყველას ეჩვენება, რომ მწკრივი - ასეთი რეალობაა. სინამდვილეში, მწკრივში დგომის აუცილებლობა - ილუზიაა. ნამდვილი რეალობა ისაა, რომ მწკრივიდან გამოსვლა და საკუთარი გზით წასვლა შეიძლება. მაგრამ ამის გაცნობიერება არც თუ ისე ადვილია. ადამიანი იმდენად მიეჩვია ილუზიებით ცხოვრებას, რომ მისი კარგად შენჯღრევაა საჭირო, როგორც კარლოს კასტანედასთანაა, „შეკრების წერტილის წანაცვლება“, რათა ის მიხვდეს, სადაა რეალობა, და სად ილუზია.
 
ინვალიდები, მაგალითად, არიან იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომელთაც არჩევანი არ აქვთ. ისინი იძულებული არიან ან მთელი ცხოვრება იტანჯონ საკუთარი არასრულფასოვნების გამო, ან ქანქარის წესი უარყონ. თუ ადამიანს ესმის, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს, ის უარს ამბობს ეტალონის დევნაზე და საკუთარი სიამოვნებისთვის იწყებს ცხოვრებას.
 
კალათბურთის მოთამაშე ეტლებში მჯდომი ინვალიდები გაცილებით უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ჯანმრთელი მოზარდები, რომლებიც მაიკლ ჯორდანს ბაძავენ. ეს უკანასკნელნი ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურებიან, ვიდრე ინვალიდები, რადგან მწკრივში მიაბიჯებენ. და არცერთი მათგანი ახალ მაიკლ ჯორდანად არ მოგვევლინება, ვიდრე არ მოისაზრებს, რომ მწკრივიდან გამოსვლაა საჭირო.
 
ისინი, ვინც წესს არღვევს, ან ლიდერები ხდებიან, ან ამბოხებულები. ერთნი ვარსკვლავებად იქცევიან, სხვები გაირიყებიან. მათ შორის ის სხვაობაა, რომ პირველები დარწმუნებული არიან, რომ ქანქარის წესის დარღვევის სრული უფლება აქვთ, მეორეთ კი ამაში ეჭვი ეპარებათ.
 
ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან, მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. მწკრივიდან გამოსულები ახალ ეტალონებს ქმნიან. ქანქარები ინდივიდუალობას ვერ იტანენ, ისინი ამომავალ ვარსკვლავს ხედავენ, და მათ სხვა არაფერი რჩებათ, რომ ის თავის ფავორიტად აქციონ. მაშინ ახალი კანონი წესდება, მწკრივი შებრუნდება და ახალ ვარსკვლავს გაყვება უკან. ხვდებით ხომ, რა ხდება?
 
მაგრამ იმისთვის, რომ მწკრივიდან გამოხვიდეთ, უნდა იცოდეთ, ეს როგორ კეთდება. თუ შავებში ჩაცმულ ადამიანებს შეებრძოლებით, აუცილებლად დამარცხდებით. ქანქარებთან ბრძოლაში ყოველთვის დამარცხდებით.
 
მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მწკრივიდან ბრძოლის გარეშე უნდა გამოხვიდეთ. შეიძლება უბრალოდ გამოხვიდეთ და, წყნარი ღიმილით შავებში გამოწყობილ ადამიანებს დამშვიდობებისას ხელი დაუქნიოთ. შემდეგ კი თქვენს გზას დაადგეთ. ისინი ყოველნაირად ეცდებიან თქვენს მწკრივში დაბრუნებას, მაგრამ ვერაფერს გახდებიან, თუ მათთან ბრძოლაზე უარს იტყვით.
 
მაგრამ, ამ უბრალო ჭეშმარიტების გასაგებად, საფუძვლიანად უნდა გადახედოთ თქვენს მსოფლმხედველობას. ჩვენს სამყაროში ბევრი რამ ყირამალა დგას. ტრანსერფინგი ამ აზრით ყველაფერს თავის ადგილას აყენებს და ქანქარის წესზე უარის თქმაში გვეხმარება.
 
მართალია, ბევრს შეიძლება არ მოეწონოს თავად იდეაც კი იმის შესახებ, რომ ისინი მატრიცაში არიან მოქცეულები. მათ, ვისაც გაღვიძება არ სურთ, ტრანსერფინგი არ სჭირდებათ. ჩვენ ყველანი იმას ვიღებთ, რასაც ვირჩევთ. ილუზიაც არჩევანია, და ყოველს, თუ მას ასე უფრო მოსწონს, ამის უფლება აქვს.
 
მე ხომ არავის არაფერს არ ვახვევ თავზე და არც ჩემი იდეების მტკიცებას ვაპირებ. თავადვე შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოთ. მე მხოლოდ გვერდით ჩაგივლით და ვიტყვი: - იცით, რეალობის ტრანსერფინგი არსებობს! - მართლა?! - დიახ! მე იქით მაქვს გეზი აღებული, თქვენ კი, როგორც გენებოთ. სულ ესაა.


სტრუქტურის სტაბილიზაცია
 
საკუთარი კანონის შესაბამისად ქანქარა ყველაფერს აკეთებს წარმოქმნილი კონფლიქტის ენერგიის გასაზრდელად. ბრძოლები, საიდანაც ქანქარები ენერგიას ისრუტავენ, განუწყვეტლივ მიმდინარეობს. მაგრამ ეს კონფლიქტები წარმოიქმნება, როგორც წესი, ორ ან რამდენიმე დაპირისპირებულ სტრუქტურას შორის. ბევრი მაგალითი არსებობს - ომები, რევოლუციები, კონკურენცია და ბრძოლების სხვა სახეები.
 
თუმცა მოწინააღმდეგეების მიმართ აგრესიასთან ერთად ნებისმიერი ქანქარის  განმასხვავებელ თავისებურებას სტრუქტურის შენარჩუნებისა და გამაგრებისკენ სწრაფვა წარმოადგენს, რომლის წყალობითაც ის არსებობს.
 
ენერგოინფორმაციული არსება მოწესრიგებული სტრუქტურის გაჩენასთან ერთად ჩნდება და ვითარდება, რომელსაც ცოცხალი ბუნების წარმომადგენლები ქმნიან. ქანქარის არსებობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სტაბილურია წარმოქმნილი სტრუქტურა. ამიტომ ის საკუთარი სტრუქტურის სტაბილიზაციისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ქანქარის მეორე კანონია.
 
ილუსტრაციისთვის უმარტვესი მაგალითი განვიხილოთ - ლიფსიტების გუნდი. გუნდი ერთიანი ორგანიზმივით იქცევა. თუ ერთი მხრიდან შეაშინებთ, ყველა ლიფსიტა სინქრონულად შეტრიალდება და სხვა მხარეს გაცურავს. საიდან მოდის სინქრონულობა?
 
თუ ვივარაუდებთ, რომ ყოველი ლიფსიტა მეზობლის მოძრაობაზე რეაგირებს, მაშინ მოზრაობა ჯაჭვურად უნდა გავრცელდეს. თუმცა, რა სიჩქარითაც არ უნდა გადაეცემოდეს სიგნალი, შეყოვნების დრო უნდა არსებობდეს. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ შეყოვნებას ადგილი არ აქვს. გუნდი შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არ ცვლის - სინქრონულობა ძველებურად ადგილზეა.
 
ანალოგიურად იქცევიან ფრინველები. თუ დაგინახავთ მომცრო და სწრაფი ჩიტების დიდი გუნდი, შეამჩნევდით, რომ მათი ერთი მხრიდან მეორისკენ მოძრაობა საოცარი შეთანხმებულობით გამოირჩევა.
 
შესაძლოა აქ სხვა მექანიზმი მოქმედებს, მაგალითად, ტელეპატიური კონტაქტი? მაგრამ ესეც ნაკლებსავარაუდოა. თუ წყალსატევში, სადაც არანაირი გუნდი არაა, ერთ თევზს შევაშინებთ, მეორე, მისგან ერთი მეტრით დაშორებული, მშვიდად განაგრძობს ცურვას. გამოდის, არავითარი ტელეპატიური კავშირი არაა. სიგნალი მხოლოდ გუნდში გადაეცემა, რომელიც, არსობრივად, უმარტივესი სტრუქტურაა. ან იქნებ, არავითარი სიგნალი არ გადაეცემა?
 
ავიღოთ, მაგალითად, უფრო მაღალი დონის სტრუქტურა - ჭიანჭველების ბუდე. მეცნიერებას არ აქვს გარკვეული პასუხი, რა სახით იმართება კოლონია. გასაოცარია, რომ ჭიანჭველების ბუდეში მოვალეობების მკაფიო განაწილებაა, მაგრამ იერარქია არაა. რატომ მოქმედებენ მწერები შეთანხმებულად, როგორც ორგანიზაციაში ცენტრალიზებული მმართველობით?
 
ჭიანჭველები ერთმანეთთან სუნიანი ნივთიერების - ფერომონების გამოყოფით ურთიერთობენ. სუნის ბილიკები საშუალებას აძლევს მათ სახლისკენ და საკვებისკენ გზა იპოვონ. მაგრამ როგორ გადაეცემა ინფორმაცია ერთდროულად კოლონიის ყველა წევრს? ჭიანჭველებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის არანაირ უმაღლეს ფორმებზე საუბარიც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ გამოიყენებდნენ ისეთ პრიმიტიულ მონაცემთა ნაკრებს, როგორიც სუნებია?
ამგვარად, რა აერთიანებს ცალკეულ წევრებს ორგანიზებულ კოლონიაში? ქანქარა. სტრუქტურის წარმოქმნასა და განვითარებასთან ერთად ენერგოინფორმაციული არსება ფორმირდება, რომელიც ამ სტრუქტურის მართვისა და სტაბილიზაციის ფუნქციას თავის თავზე იღებს. ქანქარასა და სტრუქტურის ელემენტებს შორის პირდაპირი და ირიბი კავშირები არსებობს. ქანქარა თავისი მიმდევრების ენერგიის ხარჯზე არსებობს და მათი ქმედებების სინქრონიზაციით ორგანიზებულ საზოგადოებად აერთიანებს.
 
გვერდიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სტრუქტურა როგორღაც თვითორგანიზდება, მაგრამ ასე არაა. თვითორგანიზაციაზე მხოლოდ არაცოცხალ ბუნებაში შეიძლება იყოს საუბარი, სადაც მმართველ ელემენტად ფიზიკის კანონები გვევლინება. მაგალითად, სითხის მოლეკულები კრისტალიზაციის პროცესში კუთხური ფორმით მწკრივდებიან, რომლის აგებულებასაც მოლეკულების ფორმა და ურთიერთქმედების ძალები განსაზღვრავს.
 
ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურაში გაერთიანებას გარეგანი დამაორგანიზებელი ფაქტორის არსებობა სჭირდება. სწორედ ამ ფაქტორად გვევლინება ქანქარა. როგორ ახერხებს ამას, ჯერ უცნობია. როგორც ჩანს, ამ არსებასა და ცოცხალ ორგანიზმს შორის გარკვეული ენერგოინფორმაციული მიმოცვლა არსებობს.
 
ქანქარა, როგორც მმართველი ზედნაშენი, ცოცხალი ორგანიზმების გამაერთიანებელ ყველა სტრუქტურას გააჩნია. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ ის მას გააზრებულად მართავს, რადგან გაცნობიერებულ განზრახვას არ ფლობს. ენერგოინფორმაციული არსების ცნობიერება ალგორითმის მსგავსია. ქანქარა არ ახორციელებს ჩანაფიქრს, გონიერი არსების მსგავსად, - ის სტრუქტურას დაახლოებით ისევე ხელმძღვანელობს, როგორც ავტომატური ხელსაწყოს მუშაობას მართავს პროგრამა.
 
ის, თუ რამდენად „ავტომატურად“ მოქმედებენ სტრუქტურის ელემენტები, მათი გაცნობიერებულობის ხარისხზეა დამოკიდებული. რაც უფრო პრიმიტიულია ცოცხალი ორგანიზმი, მით ნაკლები წარმოდგენა აქვს საკუთარი მოტივების და ქმედებების შესახებ. თუ არსება განყენებულად ცხოვრობს, მისი ქმედებები შინაგანი პროგრამით - ინსტინქტების ნაკრებით - განისაზღვრება. მაგრამ როდესაც არსებები ჯგუფებში ერთიანდებიან, უმალვე ერთვება გარე პროგრამა - ქანქარა, რომელიც საზოგადოების ქცევის მართვას იწყებს.
 
სამყაროს აგრესიულობა, სადაც ყველა ერთმანეთს ჭამს, ქანქარის პირველი კანონის შედეგის სახით განვითარდა. ქანქარის მიერ შექმნილი აგრესია სულაც არაა ცოცხალი ბუნების აუცილებელი თვისება, და ეს პლანეტის ცალკეულ კუთხეებში მტკიცდება. მაგალითად, ახალ ზელანდიაში ფაქტობრივად მტაცებლები არ არიან.
 
პლანეტის ძალზე ბევრ მცხოვრებს უწევს ჯგუფებში გაერთიანება, რათა საშიშ გარემოში გადარჩეს. ქანქარები ცოცხალ არსებებს აიძულებენ გახდნენ სტრუქტურის ელემენტები პრინციპით: „აბა, ძვირფასო, სიცოცხლე გინდა? მაშინ გააკეთე ჩემსავით“.
 
ადამიანებიც მიდრეკილნი არიან ინტერესების მიხედვით ჯგუფებად გაერთიანდნენ. ეს იმით აიხსნება, რომ ასეთ ჯგუფებში ურთიერთობა უფრო მარტივია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ ძალზე ბევრი ადამიანი ურთიერთობისას სირთულეებს განიცდის. მიუხედავად პიროვნებებს შორის ურთიერთობების გარეგნული ძალდაუტანლობისა, ისინი მთელი რიგი გარეგანი და შინაგანი მიზეზების გამო, ერთობ დაძაბულია. უფრო ახლო კონტაქტის დასამყარებლად ადამიანები ინსტინქტურად მიისწრაფიან რაიმე საერთო იპოვონ, რაც ასე თუ ისე მათ გაერთიანებას შეძლებდა. სწორედ აქ ვლინდება ქანქარების დამასტაბილურებელი ფუნქცია. როდესაც თანამოსაუბრეები ერთი და იგივე ქანქარაზე ქანაობენ, ისინი „ერთ ტალღაზე არიან მომართულები“ და მარტივად პოულობენ საერთო ენას. აი რატომ იძენს სიმსუბუქეს ურთიერთობები, როდესაც ერთად გაბოლება, დალევა, სადღესასწაულო სუფრასთან ჯდომა, ლაშქრობაზე წასვლა, თამაში და ა.შ. არის შესაძლებელი.
 
თუმცა, უნდა ითქვას, ქანქარის მეორე კანონის ყველაზე შთამბეჭდავ ილუსტრაციას ცივილიზაციის დაბადება წარმოადგენს. არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ გაჩნდა ქალაქები? რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ასეულ ათასობით წელი სოფლებში და ბანაკებში, შემდეგ კი უცებ დიდი ცივილიზებული დასახლებების შენება დაიწყეს? რა გახდა მიზეზი: ხელობა, ვაჭრობა ან, იქნებ, ომი?
 
უძველესი ქალაქები - პირამიდების თანატოლები არიან. ერთ-ერთი მათგან - კარალი - სულ ახლახანს აღმოაჩინეს პერუში. ეს დაკარგული ქალაქი თითქმის ხუთი ათასი წელი შეუმჩნეველი დარჩა. ის აღმოაჩინეს, როდესაც გაირკვა, რომ უდაბნოს ცენტრში აღმართული გორაკები ოდესღაც პირამიდები იყო, ერთი მათგანი კი თავისი ზომებით ეგვიპტურზე ნაკლები არაა. არქეოლოგები გააოცა იმ ფაქტმა, რომ გათხრების შედეგად ვერც თიხის ნაკეთობები აღმოაჩინეს და ვერც იარაღი. ადამიანები ქვისგან, ძვლებისგან და ხისგან დამზადებულ პრიმიტიულ ხელსაწყოებს იყენებდნენ.
 
დადგინდა, რომ ქალაქელებს ბამბის მცენარე მოყავდათ, სათევზაო ბადეებს წნავდნენ და სანაპიროს მცხოვრებლებს თევზზე უცვლიდნენ. თუმცა იგივე წარმატებით სოფლის მცხოვრებლებიც იშრომებდნენ. კარალის ირგვლივ მცველი ნაგებობები არ იყო, ე.ი. საბრძოლო წინაისტორიაც გამოირიცხება. მაშ, რა გახდა ქალაქის გაჩენის მიზეზი?
 
უძველეს დროში ადამიანები სოფლებში ცხოვრობდნენ, პრიმიტიულ ხელობებს მისდევდნენ, მეზობლებთან კიდეც ვაჭრობდნენ და კიდეც ომობდნენ. და ამისთვის სულაც არ სჭირდებოდათ ქვის ქალაქების შენება და პირამიდების წამოჭიმვა. როგორც ჩანს, მაორგანიზებელ ფაქტორად ქანქარები, უფრო ზუსტად, მათი დამასტაბილურებელი ფუნქცია მოგვევლინა.
 
ზუსტად ახსნა შეუძლებელია, ეს როგორ ხდება. ჭეშმარიტება ყოველთვის სადღაც ახლოსაა. ალბათ, გარკვეულ მომენტში ქანქარათა ასეთი სტრუქტურა სპონტანურად წარმოიქმნება, რომელშიც შემდგომი განვითარების უნარია ჩადებული. ქალაქი ხომ - არსობრივად წარმოების, მოხმარების და მიმოცვლის ქანქარათა რთული იერარქიაა. და თუ თავისი აგებულებით ეს თვითორგანიზებადი სისტემა თავიდანვე მდგრადი აღმოჩნდება, შემდეგ ის იზრდება და ძლიერდება. სტრუქტურის ევოლუცია შეიძლება რთული ცივილიზაციის ფორმირებაში გადაიზარდოს. და მოცემული პროცესი მანამ გაგრძელდება, ვიდრე არქიტექტურის რაიმე დეფექტი არ ჩამოანგრევს გიგანტურ ნაგებობას. რა თქმა უნდა, ჩვენ აქედან ძალზე შორს ვართ. თუმცა, როგორ ვთქვათ...
 
მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას. ცოცხალი ბუნების დანარჩენი წარმომადგენლებისგან განსხვავებით ადამიანი „უფრო გამოღვიებულია“. მაგრამ განა ის ყოველთვის აცნობიერებს საკუთარ მოქმედებებს? ადამიანის გონებას რთული ხელსაწყოების და მექანიზმების შექმნა, ქალაქების შენება, გარშემომყოფი სამყაროს კვლევა შეუძლია. და მაინც გაცნობიერებულობის აზრით ადამიანი ცხოველურ სამყაროს დიდად არ გასცილებია.
 
მთელი ადამიანთა საზოგადოება რთულ სტრუქტურადაა ორგანიზებული, რომელიც ცალკეული წარმონაქმნებისგან შედგება: ოჯახიდან დაწყებული დიდი კორპორაციებით და სახელმწიფოთი დამთავრებული. როგორც ბუნებაში, თუ ადამიანი განმარტოებით ცხოვრობს, ის ძირითადად თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე. გასხივოსნებას, როგორც ცნობილია, ისინი აღწევდნენ, ვინც საზოგადოებას განერიდებოდა. მაგრამ როდესაც ადამიანი სტრუქტურის ნაწილი ხდება, მას დიდწილად ზეზეულად სძინავს, რაც სულაც არ უშლის ხელს მის გონებას, მაღალტექნოლოგიური წარმოებით დაკავდეს.
 
თანამედროვე ქარხანა ჭიანჭველების ბუდეზე ბევრად რთულია. თუმცა, არსობრივად, ერთიც და მეორეც - ქანქარების მართული სტრუქტურებია. და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები, თუ მათ კომპლექსურად განვიხილავთ, სტრუქტურების, და არა ცალკეული პიროვნებების პროდუქტებს წარმოადგენს. ტელევიზორი შეიძლება ერთმა ადამიანმა გამოიგონოს, ტელევიზია კი ქანქარების მიერ მართული მთელი სისტემის ნაყოფია.
 
როდესაც ადამიანი სტრუქტურის ელემენტი ხდება, ის ქანქარის წესს უნდა დაემორჩილოს. ამის შედეგად წარმოიქმნება გარდაუვალი წინააღმდეგობა პირად ინტერესებსა და იმ პირობებს შორის, რომელსაც სტრუქტურა ახვევს თავს. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი ამ ფაქტს ვერ აცნობიერებს და მორჩილად და მუხლჩაუხრელად შრომობს სისტემისთვის, ისე რომ თავის წამოწევასაც ვერ ახერხებს, რათა მიმოიხედოს და გააცნობიეროს საკუთარი მოქმედებები.
 
თქვენ შეიძლება შემეკამათოთ: „რა სისულელეა! ვითომ რატომ ვერ ვაცნობიერებ? პირიქით, ყველაფერს მშვენივრად ვიაზრებ, რას, რატომ და რისთვის ვაკეთებ“. არც ასეა საქმე.
 
ნათელი მაგალითია ბავშვთა საზაფხულო ბანაკები. მეცადინეობისგან შედარებით თავისუფალი ბავშვების ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა ქანქარების წარმოსაქმნელად კარგ ნიადაგს ქმნის. ქანქარები თავიანთი აგრესიული არსის შესაბამისად ქმნიან გარემოს, რომელშიც მეტოქეობის სული იფურჩქნება. ამ გარემოში, თუ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა, ანუ არ შეესაბამები წარმოქმნილი სტრუქტურის პარამეტრებს, შეიძლება დაგცინონ, „გაგრიყონ“, ან უბრალოდ გცემონ.
 
მსგავს პირობებში აღმოჩენისას, მოზარდი ზეზეურად ღრმა ძილში ეფლობა. ის თითქოს სიზმარში ცხოვრობს, საკუთარ ქმედებებს ვერ აცნობიერებს, იქნება ეს ბევრ ხალხში თუ მის მიმართ დაპირისპირებისას. ძილისმომგვრელ საშუალებებად გვევლინება მეტოქეობის ურთიერთობების მიერ გამოწვეული დამთრგუნველი შეგრძნებები და საკუთარ სრულფასოვნებაში და „სტანდარტებთან“ შესაბამისობაში ძლიერი დაეჭვება. დაჩაგრულობის და დაეჭვების ეს გრძნობა ერთი წამითაც კი არ ტოვებს მას, თუნდაც მოზარდი გარეგნულად მხნედ და მშვიდად გამოიყურებოდეს.
 
ზუსტად ასეთივე გამოუვალობასთან მოსაზღვრე დაჩაგრულობას გრძნობს ადამიანი არაცნობიერ სიზმარში, როდესაც მთლიანად ზმანების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ცხოვრება აგრესიულ გარემოში „ხდება“, ზმანების მსგავსად. გარემოებათა ქარიშხალი ადამიანს „მიაქანებს“, და მთელი მისი გაცნობიერებულობა იმაზეა ორიენტირებული, რომ არ ჩაიძიროს, და შეშინებული ირგვლივ იყურება.
 
თუ მოზარდს შინაგანი ღერძი, თავდაჯერებულობა არ გააჩნია, ის ინსტინქტურად (ჩათვალეთ გაუცნობიერებლად) საყრდენი წერტილის ძებნას იწყებს, რომელიც მას მისი მდგომარეობის გამყარების საშუალებას მისცემდა. და ამ საყრდენს ქანქარა სთავაზობს, მაგრამ არა უფასოდ, არამედ სტრუქტურის წესების მორჩილების სანაცვლოდ.
 
შეიძლება დავაკვირდეთ, რომ საზაფხულო ბანაკების მსგავს გარემოში, გამოჩნდებიან ხოლმე ყოჩაღი პიროვნებები, რომლებიც, თითქოსდა, სრულებით დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და თავს გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. მთელი მათი გაბერილი თავდაჯერებულობა საყრდენ წერტილზე დგას, რომელიც ქანქარამ მიაწოდა.
 
წარმოიდგინეთ საყრდენის ორი ასეთი მფლობელი - ერთი „ყოყოჩი“, მეორე „ცინიკოსი“: „ეი შენ! შემომხედე! ჩემსავით გააკეთე! ჩემსავით გააკეთე!“; „ეი შენ! რას უდგახარ! ნუ იწირპლები, გასწორდი!“
 
ირგვლივ ვერავინ ხვდება, რომ ეს ორი ქანქარის ანკესზე მარიონეტებივით ქანაობს. ილუზიას ქმნის თუმცა ეფემერული, მაგრამ საყრდენი წერტილი. სხვები, რომლებიც მარიონეტების ამ მოჩვენებით თავდაჯერებულობას უყურებენ, მსგავსად იქცევიან - საყრდენ წერტილს ისინიც იძენენ წესის: „გააკეთე ჩემსავით!“ შესრულების სანაცვლოდ. და ყველა როგორც ერთი ქანაობს, „ყოყოჩებიც“ და „ცინიკოსებიც“. ასე ფორმირდება სტრუქტურა.
 
მთავარი ისაა, რომ ქანქარის მიმდევრები მის წესს აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ემორჩილებიან. მათ სრული ილუზია ეუფლებათ, რომ სწორედ ასეა საჭირო. წესის დაცვით მიმდევრებს ყველაფრის ჩადენა შეუძლიათ, ამასთან ამას ერთნაირად აკეთებენ. მაგალითად, უშვერად აღარ იგინებიან, ამ „ენაზე“ ლაპარაკობენ. აზრადაც არავის მოსდის, რომ ეს ვულგარულია. ვულგარულობა კი - პირველ რიგში ცუდი გემოვნებაა. დაბალი კლასია. ეს იგივეა, არ დაიბანოთ და ბინძური ტანსაცმლით იაროთ. არ დადიან, მაგრამ ასე იქნება, როგორც კი შესაბამისი წესი გაჩნდება.
 
მაგალითად, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო მეოთხის კარზე დაბანა მიღებული არ იყო, რადგან თავად მეფეს ჰიგიენა, რომლის მიმართაც პათოლოგიურ ზიზღს გრძნობდა, ხელების კონიაკით დაბანამდე ჰქონდა დაყვანილი. კარის დიდებულები იძულებული იყვნენ მისთვის მიებაძათ და, მათი სხეულებიდან მომდინარე ცუდი სუნის დასაფარად, სუნამოებს უხვად ისხურებდნენ, რის გამოც სასახლე საშინლად ყარდა. და კიდევ, რადგან ამასთანავე დატილიანებულები იყვნენ, მათ „დახვეწილი“ ჩვევა დასჩემდათ: ქალბატონები და ბატონები გამუდმებით ატარებდნენ ჯოხებს, რომლითაც „ლამაზად“ იქექებოდნენ.
 
როგორც ჩანს, წესს აბსოლუტურად ნებისმიერი ბოდვის რეაბილიტაცია შეუძლია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ წესის მიმდევრები, ცხვრის ფარასავით, ყველანი ერთნაირად, ერთგვაროვნად მოქმედებენ. მაგალითად, მან, ვინც პირველად თქვა სიტყვა „მაგარია“, თავი შეუძლია მწყემსად მიიჩნიოს. მაგრამ ყველა დანარჩენი, თუთიყუშებივით, ერთად იმეორებენ რა ამ და მსგავს სიტყვებს, რა თქმა უნდა ცხვრებივით იქცევიან.
 
აი, ახლა გაიხსენეთ ლიფსიტების გუნდი. დიდად გადაუსწრო მათ ადამიანმა თავისი გაცნობიერებულობით?
 
ქანქარათა ზეგავლენას არა მარტო მოზარდები, არამედ ზრდასრულებიც ემორჩილებიან, განსაკუთრებით ბრბოში. მაგალითად, შეკრებაზე, სადაც ვინმეს ან რაიმეს  ერთად განიკითხავენ, ადამიანი შეიძლება ადგეს, და საკუთარი თავისგან სრულიად რომ არ მოელის, მგზნებარედ ლაპარაკი დაიწყოს. შემდეგ გაკვირვებული დარჩება, ეს როგორ დაემართა, და საკუთარი თავის დარწმუნებას დაიწყებს, რომ ყველაფერი სწორად თქვა. ბრბო საკუთარ წევრებს გარკვეულად და ხშირად მათთვის არადამახასიათებელი სახით ქცევას აიძულებს. აი ასე მოქმედებს ქანქარა მათზე, ვინც საყრდენ წერტილს ეძებს.
 
აი, თითქოს, ადამიანმა იპოვა საყრდენი სტრუქტურაში, და რა სხვაობაა? დიახ, ესეც გამოსავალია. მაგრამ მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ თუ სტრუქტურის წესებს ემორჩილებით, თქვენი ინდივიდუალობა უნდა დაივიწყოთ. იქნები „როგორც ყველა“ - მიიღებ სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. მაგრამ ამასთან დაკარგავ სულის უნიკალურობის ღვთიურ ძღვენს, რომლის წყალობითაც აღსრულდება ყველაფერი გენიალური.
 
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სულისა და გონების ერთობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. მთლიანად სტრუქტურის მორჩილებაში მყოფი ადამიანი ფაქტობრივად ცნობიერების გარეშეა და სულის ხმა არ ესმის. ეს კი ნიშნავს, რომ ის ვერასოდეს იპოვის საკუთარ გზას და მთელი ცხოვრება სტრუქტურის სასიკეთოდ მუხლჩაუხრელად იშრომებს.
 
მაგრამ სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ადამიანის გზა ზოგადად სტრუქტურების მიღმა იმყოფება. შეიძლება მთებში გახიზვნა და ქანქარათა სამყაროსგან განრიდება. მაგრამ თუ იქაც ცხოვრება არაცნობიერ ზეზეულ ზმანებად გაგრძელდება, მაშინ საერთოდ არაფერი შეიცვლება.
 
საუბარია იმაზე, რომ სტრუქტურაში დარჩეთ და ამასთან საკუთარ ბედს თავად დაეპატრონოთ. შეიძლება თუ არა, მაგალითად, საზაფხულო ბანაკში სასურველი თავდაჯერებულობის მოპოვება, ისე რომ ქანქარის წესს არ დაემორჩილოთ და იმავე დროს სხვებმა არ გაგრყონ? მარტივად. ამისთვის მხოლოდ უნდა გამოიღვიძოთ და სცენაზე მდგომმა ამ თამაშს მაყურებლის თვალით შეხედოთ. მაშინვე დაინახავთ ფავორიტ ქანქარებსაც, „ყოყოჩებსაც“, „ცინიკოსებსაც“, და წესების მიმდევრებსაც.
 
მაგრამ მათი განკითხვა, და მითუმეტეს ამისთვის მათი შეზიზღება არ შეიძლება. თუ საქმის ვითარების გაცნობიერების შედეგად ადამიანი საკუთარ თავს „მძინარეებს“ დაუპირისპირებს, წარმოიქმნება დამოკიდებულების ურთიერთობა, ნეგატიური პოლარიზაცია, და „გამოღვიძებული“ აუცილებლად გაირიყება. ძალზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ქანქარის წესზე უარის თქმა არაა საკმარისი - ის აუცილებლად ტრანსერფინგის წესით უნდა ჩაანაცვლოთ: „საკუთარ თავს და სხვას ნება მიეცით, იყოს ის, ვინც არის“.
 
აი მაშინ საყრდენი წერტილის საკუთარ თავში პოვნას შეძლებთ. გესმოდეს, რა ხდება ირგვლივ, - უკვე საქმის ნახევარია. მხოლოდ ამ ცოდნას მოაქვს საკუთარი თავის საიმედო და მშვიდი რწმენა, იმიტომ რომ თავდაუჯერებლობა გაურკვევლობის წინაშე შიშისგან მომდინარეობს. როდესაც ადამიანი თამაშის წესებს არ იცნობს, გარშემომყოფი სამყარო საშიშად და მტრულად ეჩვენება. და მაშინ მარტოობის და ჩაგრულობის გრძნობა ადამიანს დაძინებას და ქანქარის წესის მორჩილებას აიძულებს.
 
ჰოდა, როდესაც ეს ყველაფერი უკვე იცით, ახლა თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება გაცნობიერებულ ზეზეულ ზმანებად აქციოთ, ანუ სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოთ. ან მწყემსი გახდეთ, ან, მინიმუმ, აღარ იყოთ ცხვარი.
 
ხოლო როგორ გაიმყაროთ თქვენი მდგომარეობა, ტრანსერფინგის საფუძვლებში უკვე იყო დაწვრილებით საუბარი. პირველი, დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება, რისთვისაც აუცილებელია შეწყვიტოთ თავის მართლება და საკუთარ ქმედებებზე ანგარიშის ჩაბარება მათთვის, ვინც თავხედობს და თქვენ განგსჯით. მეორე, შეწყვიტეთ საკუთარი მნიშვნელოვნების დაცვა და დამტკიცება. თუ ამავე დროს ტრანსერფინგის წესს მისდევთ, ეს ორი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ თავში საყრდენი წერტილი იპოვოთ, ანუ დაიწყოთ ცხოვრება საკუთარი კრედოს შესაბამისად.
 
მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება დაუფიქრებლად სტრუქტურას დაუპირისპირდეთ და მთელი ძალებით მისი გავლენისგან გათავისუფლება სცადოთ. ვიმეორებ, საუბარია არა იმაზე, რომ ქანქარისგან მთლიანად გათავისუფლდეთ, არამედ იმაზე, რომ არ იყოთ მისი მარიონეტი.
 
გამოღვიძებული, თქვენ შეიგრძნობთ და მიხვდებით, რა სახით გაწვებათ სტრუქტურა (ცხოვრება გინდა?), სურს რა თავზე მოგახვიოთ საკუთარი წესები. მაშინ შეძლებთ გადაწყვიტოთ, უარი თქვათ ამ წესებზე თუ მიჰყვეთ მათ. მთავარია - ეს გააზრებულად გააკეთოთ, მაშინ, როდესაც სხვებს თქვენს ირგვლივ სძინავთ - აი ესაა სიტუაციის ბატონის სტრატეგია. მაგალითისთვის ერთ დამახასიათებელ წერილს მოვიყვან:
 
„რატომ ხდება ხანდახან ისე, რომ როდესაც შენს საქმეს კარგად ასრულებ, მეტიც, იმაზე უკეთ, ვიდრე საჭიროა, ახალ იდეებს სთავაზობ, და ისინი ამართლებს, არავინ ამას არ ამჩნევს და ამ იდეებისთვის მადლობას სხვას უხდიან. თუ დაწინაურებაზეა საუბარი, მე მივიწყებენ, თურმე გეგმებში არ ვარ, ხოლო თუ ოდნავ მაღალ თანამდებობას მთავაზობენ, გაფორმებამდე სხვა ადამიანი იკავებს იმ თანამდებობას ან პროცესი საერთოდ ჩერდება. გამოდის, რომ მე ადამიანი-უჩინმაჩინი ვარ. რატომ ხდება ასე?“
 
როგორც ჩანს, მკითხველი, რომელმაც კითხვა დასვა, რომელიღაც ადმინისტრაციულ სისტემაში მუშაობს. ნებისმიერი სისტემა ქანქარას წარმოადგენს. თავიდან ენერგოინფორმაციული სტრუქტურა იდეების და პრინციპების სახით წარმოიქმნება, შემდეგ კი მისი მატერიალური რეალიზაცია, ანუ სისტემა. სისტემა დამოუკიდებლად ვითარდება, და მიმდევრებს საკუთარ კანონებს უმორჩილებს.
 
ქანქარები თავიანთ მიმდევრებს წამყვან თანამდებობეზე ნიშნავენ არა მაღალი დამსახურებების გამო, არამედ სისტემის მეტი შესაბამისობისთვის. გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ კარიერულ კიბეზე, და განსაკუთრებით ძალაუფლების იერარქიაში, ადამიანები თავიანთი საუკეთესო თვისებების და მიღწევების მიხედვით მწკრივდებიან. გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ საუკეთესო თვისებები და მიღწევები - მთავარი არაა. მთავარი კრიტერიუმი იმაში კი არ მდგომარეობს, რამდენად კარგად ასრულებს ადამიანი თავის საქმეს, არამედ იმაში, რამდენად სწორად აკეთებს ამას სისტემის თვალთახედვით. ქანქარა პირველ რიგში სტაბილურობაზე ზრუნავს. ამიტომ თქვენც თქვენი მოქმედებები პირველ რიგში სისტემის სტაბილურობის მხარდასაჭერად უნდა მიმართოთ.
 
თუ კარიერულ კიბეზე ასვლა გსურთ, უნდა გესმოდეთ განსხვავება „კარგად“ და „სწორად“ შორის. აქ ყველაფერი კონკრეტულ კოლექტივზეა დამოკიდებული. ქანქარებიც სხვადასხვაგვარი არსებობს.
 
პატარა კოლექტივებში შეიძლება ესალმებიან შემოქმედებას, დამოუკიდებლობას, ენთუზიაზმს, ინიციატივას. მაგრამ თუ ეს არის მმართველი აპარატი ან მსხვილი დაწესებულება, აქ სულ სხვა კანონები მოქმედებს და სრულიად განსხვავებული ეთიკაა - კორპორაციული.
 
კორპორაციული ეთიკა უფრო ხისტ რეგლამენტაციას, დისციპლინას და შემსრულებლობას გულისხმობს. ინიციატივა ხშირად დასჯადია, დამოუკიდებლობას ეჭვით უყურებენ, შემოქმედება გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. ასეთ სისტემაში აუცილებლად უნდა იმოქმედოთ არა „უკეთესად“, არამედ „უფრო სწორად“.
 
ამრიგად, გააზრებული და მოქნილი მოქმედება, საკუთარი ნაბიჯების ქანქარების სამყაროს რეალიებთან შეთანხმებაა საჭირო. მაგრამ ეს ყველაფერი არც თუ ისე რთულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. მთავარია - დროულად გამოიღვიძოთ.

 


ინდიგო-ადამიანები
 
ახალი რეალობის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო გამოვლინებას „ინდიგო ბავშვების“ ფენომენი წარმოადგენს, რაც ლი კეროლის და ჯენ ტოუბერის ამავე დასახელების წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი. ეს ტერმინი მისანმა ნენსი ენ ტეპმა შემოიტანა. ის ადამიანის ხასიათსა და მისი აურის ფერს შორის დამოკიდებულებას იკვლევდა.
 
მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ნენსი ტეპი უჩვეულო მოვლენას შეეჯახა: ახალი ტიპის ბავშვები იბადებოდნენ ინდიგო (მოლურჯო-მეწამული) აურის ფერით, რაც ადრე არ ფიქსირდებოდა.
 
ინდიგო ბავშვები ხასიათითაც გამოირჩეოდნენ ადამიანთა დანარჩენი მასისგან. მათი ძირითადი თავისებურება - ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი იყო. ისინი ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, თუ საქმე მათ პირად ინტერესს არ წარმოადგენს. თუმცა არაა აუცილებელი ყველა ბავშვი ამ თვისებით - ინდიგო იყოს, და პირიქით. ისინი განსხვავებულები არიან.
 
მათ ღირსების თანდაყოლილი გრძნობა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა აერთიანებთ. ინდიგოებმა საკუთარი თავის ფასი იციან და თითქოს დარწმუნებული არიან იმაში, რომ დაიმსახურეს აქ, ამ ცხოვრებაში ყოფნა. აი, როგორები არიან!
 
ეს ბავშვები ზრდასრულ ადამიანებს თავიანთი გონიერებით აოცებენ. მათ ასაკის შეუსაბამოდ განვითარებული გაცნობიერებულობა და სამყაროს სწორი ხედვა აქვთ. მათ საზოგადოდ აღიარებული ავტორიტეტების წინაშე ქედის მოხრა არ ახასიათებთ.
 
ინდიგოებისთვის კონსერვატიზმი მიუღებელია. მათთვის აშკარაა, რომ ზოგიერთი რამ სრულიად სხვაგვარად უნდა გაკეთდეს, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები ჩვეულებრივ საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს და წესებს იცავენ.
 
ისინი დამყოლ ბავშვებად არ ითვლებიან. აღზრდის კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ურჩები არიან. თავის ჭკუაზე დადიან. გარკვეულწილად ეს ყოველ ახალ თაობას ახასიათებს. თუმცა ინდიგო თაობა თავისი განსაკუთრებული სიახლით გამოირჩევა.
 
ათასწლეულების განმავლობაში თაობათა ცვლა თანაბარზომიერად და მშვიდადაც კი მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლო დროს თაობათა განახლების დაჩქარებულ პროცესს ვაკვირდებით - ყოველი მომდევნო წინასგან უფრო რადიკალურად განსხვავდება.ინდიგოებს უკვე საკუთარი შვილები შეეძინათ, რომლებმაც დამახასიათებელი თვისებებით უკვე თავად მშობლებს აჯობეს.
 
მაინც რა ხდება? ადამიანის ცნობიერების რევოლუციური განახლების პროცესი არ შეიძლება თავისთავად, განსაკუთრებული მიზეზებს გარეშე მიმდინარეობდეს. როგორც ცნობილია, ბუნებაში და საზოგადოებაში ყველაფერი წონასწორობისკენ მიისწრაფის. ეს ნიშნავს, რომ ცნობიერების განახლება რომელიღაც სხვა პროცესის საპირწონედ მიმდინარეობს.
 
რთული გასაგები არაა, რა პროცესზეა საუბარი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინფორმაციის და ტელეკომუნიკაციის სტრუქტურის განვითარებასთან ერთად ქანქარათა მძლავრი ქსელი ჩამოყალიბდა, რომელიც მჭიდროდ აბლაბუდასავით შემოექსოვა დედამიწას.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ზოგადად არც თუ ისე საშიშია, როგორც მისი ინფორმაციული ნაწილი, რომელიც ქანქარათა გაჩენის და არსებობის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის. რაც უფრო დიდია მიმდევართა ჯგუფი, რომლებიც ერთი მიმართულებით აზროვნებენ, მით უფრო ძლიერია ქანქარა, შედეგად კი, მისი ძალაუფლება ადამიანებზე.
 
დიდი რაოდენობის ადამიანთა ცნობიერებაზე კონტროლის მოსაპოვებლად ცნობილი ფილმის „მატრიცას“ მსგავსად მათი გამოსატუმბებიან კოლბებში მოთავსება სულაც არაა საჭირო, ყოვლისმომცველი ინფორმაციული ბადის მოქსოვა სრულიად საკმარისია, და მაშინ ადამიანები მის უჯრედებში ავტომატურად თავად დაიკავებენ ადგილებს. 
 
და რას წარმოადგენს ადამიანი ინფორმაციულ უჯრედში? ესაა ე.წ. სოციალური ელემენტი, რომლის ცნობიერება ძირითადად სტრუქტურაში მისი მდგომარეობითაა განპირობებული, რომელიც მართლაც მატრიცას მოგვაგონებს.
 
სტრუქტურა ყოველ წევრს აზროვნების და ქცევის სტერეოტიპების გარკვეული ნაკრებით შეუმჩნევლად, მაგრამ მჭიდროდ ბოჭავს. ადამიანს ეჩვენება, რომ ის საკუთარი ნებით, თავისუფლად მოქმედებს. სინამდვილეში კი მას წარმოდგენაც არ აქვს თავისუფლებაზე, რადგან მისი ნების „კონფიგურაცია“ სტრუქტურის მიერაა ჩამოყალიბებული. ადამიანი მისთვის განკუთვნილი ნებით თავსმოხვეულ თამაშში მონაწილეობს.
 
თითქოს, ყველას აქვს უფლება ის აკეთოს, რაც სურს. ასეთია დეკლარირებული თავისუფლება. მაგრამ სურვილი კი ყოველს სტრუქტურის ინტერესების შესაბამისი უნდა ჰქონდეს. სტრუქტურა ასწავლის ყველას, სურდეს ის, რაც საჭიროა.
 
სწორედ ამ ნების (განზრახვის) დამონების პროცესზეა საუბარი. ეს პროცესი თავისი ბუნებით სინერგიულია, ანუ თვითორგანიზებადი, რადგან თავად ქანქარებს გაცნობიერებული განზრახვა არ გააჩნიათ. ყველაფერი თავისთავად ხდება, როგორც გაყინვის პროცესში ყინულის კრისტალების წარმოქმნისას.
 
ქანქარათა ბადე, პარაზიტული მცენარეების კოლონიის მსგავსად, დედამიწის მთელ ბიოსფეროს ფარავს.
 
საშიშია? თუ სასაცილოა? ვის როგორ მოსწონს. ყველას შეუძლია ეს მსჯელობა უდარდელად ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნოს. და მაინც, როდესაც ყოველდღიური რეალობა უცნობი სახით წარმოდგება, მისი მკაცრი რეალიზმი ყველაზე თამამ ფანტაზიას აჭარბებს.
 
მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ბავშვებს. ნების დამონების ტენდენცია საპასუხო რეაქციას ბადებს - ჩნდებიან ბავშვები დამოუკიდებლობისკენ თანდაყოლილი სწრაფვით. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. ასე ჩნდება წონასწორული ძალების მოქმედება ქანქარათა ქსელის განვითარების საპასუხოდ.
 
ერთი მხრივ, ქანქარები ადამიანების მატრიცის მსგავს სტრუქტურაში მოთავსებით სამყაროს მოწესრიგებას ცდილობენ. მეორე მხრივ - ინდიგოები ქანქარების ძალადობას აწონასწორებენ, თითქოს ამგვარად დაკისრებულ მისიას ასრულებენ. ბავშვების ქცევა მოწესრიგებულობის განადგურებისკენაა მიმართული. სტერეოტიპებისა და განპირობებულობის ჩარჩოებში მოქცეულები, ისინი გათავისუფლებისკენ ისწრაფვიან.
 
ყველა ბავშვი, ინდიგო კი განსაკუთრებით, ძალზე მგრძნობიარეა ჭარბი პოტენციალების მიმართ. მაგალითად, ნებისმიერ სიყალბეს მაშინვე ცნობენ. როდესაც ეპირფერებიან, ისინი აპროტესტებენ. თუ ზედმეტად აქებენ, ისინი ჭირვეულობენ.
 
ნებისმიერი მოწესრიგებულობა პოლარიზაციას შობს, რის განადგურებასაც ბავშვები დაუყოვნებლივ ცდილობენ. „არ დავიძინებ! არ მინდა ფაფა! მე თვითონ!“ სიჯიუტისა და სიცელქისკენ მიდრეკილებას ბავშვები არა მავნებლობის გამო, არამედ გარეგანი მართვისგან გათავისუფლების ბუნებრივი სურვილის გამო ავლენენ.
 
ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბავშვები ზოგჯერ სპეციალურად იქცევიან ცუდად. ასეთ შემთხვევებში ისინი გაუაზრებლად, წინასწარი განზრახვის გარეშე იქცევიან. ისინი არ გეგმავენ და არ განიზრახავენ თავიანთ გამომწვევ საქციელს. ეს ბუნებრივად, თავისთავად ხდება. ასე ვლინდება წონასწორული ძალების მოქმედება წესრიგზე საპასუხოდ, რომელსაც მოზრდილები ბავშვებს თავს ახვევენ.
 
ინდიგოების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რელიგიასთან მიმართებაზეც აისახება. „ახალი ბავშვები ძნელად იღებენ თანამედროვე ეკლესიას“, - წერენ თავიანთ წიგნში ლი კეროლი და ჯენ ტოუბერი. „ინდიგოები ამქვეყნად თვითპატივისცემის განსაკუთრებული გრძნობით და ურყევი რწმენით მოდიან, რომ ისინი ღმერთის შვილები არიან“. ასეთ შემთხვევაში სჭირდებათ კი მათ ღმერთთან შუამავლები? რა თქმა უნდა, არა.
 
ინდიგო ბავშვები გულის ხმას უფრო მიყვებიან, ვიდრე გონებას. მოზრდილებს მიაჩნიათ, რომ კარგს აკეთებენ, თუ სწორად იქცევიან. ბავშვები კი თვლიან, რომ მთავარია - ყველაფერი გულიანად, სიყვარულით გაკეთდეს, და არა ისე, რაც სწორადაა მიჩნეული.
 
და თუ თქვენი შვილები ოდესღაც, წინა ცხოვრებებში, თქვენი მშობლები იყვნენ? ახლა კი ადგილები გაცვალეთ. და ეს ძველი სულები ბრძნული გაკვეთილებით კვლავ გასწავლიან.
 
ინდიგო ბავშვების გონიერება მათი უფრო მაღალი გაცნობიერებულობის შედეგია. ისინი აცნობიერებენ, რა ხდება ირგვლივ, და ვინ ვინ არის. გაცნობიერებულობა მძაფრდება, როდესაც ყურადღების ფოკუსი საკუთარ თავშია მიქცეული, და არა გარე სამყაროსკენ. რადგან თუ ადამიანი გარედან თავსმოხვეული საზრუნავითაა მთლიანად შთანთქმული, ის ბოლომდე არაცნობიერ თამაშშია ჩაფლული. ინდიგოს გაცნობიერებულობა ქანქარათა ქსელებში ადამიანთა „ცნობიერების მიძინების“ ტენდენციას ეწინააღმდეგება.
 
ყველა ბავშვი დაბადებიდან მკვეთრი ინდივიდუალობით გამოირჩევა. ადრეულ ბავშვობაში ძალზე ლამაზები და მომხიბვლელები არიან. ბავშვების მიმზიდველობის საიდუმლო სულის და გონების ჰარმონიულ ერთობაში მდგომარეობს. ისინი საკუთარ თავს ისეთს იღებენ, როგორებიც არიან, და ამიტომ თავდაპირველ სულიერ სილამაზეს გონების ყალბი ნიღბები არ ამახინჯებს.
 
მაშ რატომ ავლენენ ეს მშვენიერი ქმნილებები ზრდასთან ერთად გარკვეულ უსიამოვნო თვისებებს და სუსტ მხარეებს? ისინი ხომ ღმრთის შვილები არიან, და ამიტომ, ადრეული ასაკის უმწეობის მიუხედავად, თავად ღმერთივით ლამაზები და ძლიერები არიან. ისინი თავიდანვე ფლობენ შემოქმედის ძალას, რომელსაც ახალი რეალობის შექმნა ხელეწიფება. მაგრამ ღმრთის შვილების უნარები გახსნას და რეალიზებას ვერ ასწრებს, იმიტომ, რომ ქანქარები მათ ღვთაებრივ ძალას - სულის და გონების ერთობას აკარგვინებს.
 
ბავშვები მოდიან ამ სამყაროში და ნდობით უყურებენ მას თავისი ფართოდ გაღებული თვალებით. ცხოვრება მათ პერსპექტიულად და იმედებით აღსავსე ესახებათ. მაგრამ სამყარო ქანქარების მიერ იმართება პრინციპით: „დაყავი და იბატონე“.
 
ქანქარები ადამიანთა ჩანაფიქრებს და მისწრაფებებს აერთიანებს და ამ დროს პიროვნების უნიკალობას და მთლიანობას არღვევს. გონების სულისგან გამოყოფას და გაუცხოებას ღვთაებრივი სილამაზის და ძალის დაკარგვა სდევს თან.
 
დროთა განმავლობაში პატარა და დიდი იმედები იმსხვრევა. ზოგთან ეს პროცესი აუჩქარებლად და უმტკივნეულოდ, სხვებთან კი, ვისაც ნაკლებად გაუმართლა, სწრაფად და უხეშად მიმდინარეობს. თუ ბავშვთა სახლების ბინადარ ბავშვებს ჩავხედავთ თვალებში, იქ ერთდროულად ორ, თითქოსდა შეუთავსებელ გრძნობას დავინახავთ - იმედს და სასოწარკვეთილებას. ამ თვალებში თითქოს კითხვა გაყინულა: „ნუთუ მართლა?...“
 
ქანქარათა სამყარო ბავშვებს გამუდმებით მათ დაუცველობასა და არასრულყოფილებაზე მიუთითებს. თავდაპირველად მათ ცნობიერებაში უნდობლობა ჩნდება, შემდეგ შიშიც ემატება, რომელიც იმდენად იდგამს ფესვს, რომ ჩვეული ხდება. მაგრამ უბრალოდ შეშინება და გაქცევა არ შეიძლება - როგორღაც თავი უნდა გადაირჩინოს ამ აგრესიულ გარემოში. სტრუქტურის მძლავრი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ღმრთის შვილები იძულებული არიან მისი ელემენტები გახდნენ.
 
ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს შიში იპყრობს, რომ ისეთები არ არიან, როგორც სხვა ყველა, რადგან მათ, ვინც „ისეთია როგორც ყველა, მათი დაჩაგვრა შეუძლიათ“, რაც ხშირად ხდება კიდეც. ხოლო თუ შენ ბრბოს გარეთ დგახარ, შეიძლება გაირიყო. აი, ასე თანდათან კარგავენ ბავშვები ძღვენს, რომელიც მათ დაბადებიდან მიეცათ, - დამოუკიდებლობას, გაცნობიერებულობას, ინტუიციას, ინდივიდუალობას.
 
ყველა ეს თვისება დიდწილად ინდიგო ბავშვებს ახასიათებს. მაგრამ სტრუქტურისთვის ეს სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ ნების დამონების პროცესი მომავალშიც მზარდად გაგრძელდება. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, უცნობია.
 
ჩვენთვის ერთია მნიშვნელოვანი: ვიდრე საბოლოო გამარჯვება სტრუქტურას არ მოუპოვებია, აუცილებელია ახლა, ამ ცხოვრებაში, ღმერთის მიერ ბოძებული ძალის თუნდაც ნაწილი დავიბრუნოთ. და ტრანსერფინგი ჩვენ ამაში დაგვეხმარება.
 
თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, შემთხვევით ინდიგო ხომ არ ხართ? თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი, ჩვენი არსით, ერთნაირები ვართ - ან ზრდასრული ბავშვები, ან დიდი-ბავშვები.
 


ენერგიათა მბრძანებლები
 
რა უცნაურია... ჩვეულებრივია, და იმავდროულად უცნაურია. კულტურული მცენარეები და შინაური ცხოველები ოდესღაც გარეულები იყვნენ და ცხოვრობდნენ თავისთვის, დამოუკიდებლად და ბუნებრივად. მაგრამ, აი, ადამიანმა „გამოიღვიძა“ და გააცნობიერა, რომ მათი საკუთარ კონტროლს დამორჩილება შეუძლია. სწორედ გაცნობიერებულობამ შეაძლებინა ადამიანს ცხოველებზე და მცენარეებზე ამაღლებულიყო და, მაშინ, როდესაც ისინი არაცნობიერ სიზმარში ცხოვრობენ, თავისი საჭიროებისთვის გამოეყენებინა. ამისთვის საჭირო გახდა სტრუქტურების შექმნა, რომლებიც განსაზღვრავდნენ, სად და როგორ ეცხოვრათ დამონებულებს.
 
როგორიც არ უნდა ყოფილიყო ცხოველების და მცენარეების მიზნები - ასეთები კი, უეჭველად, არსებობს, - მოწესრიგებულმა სტრუქტურამ ისინი გაანულა. ადამიანის თვალთახედვით, მისი უმცროსი ძმების ცხოვრების მიზანი კვების და გამრავლების პრიმიტიულ მოთხოვნილებამდე დაიყვანება. თუმცა, თუ მოცემული „მაღალი“ არსება ნამდვილად ასე თვლის, ეს სწორედ მისი, თითქოსდა სრულყოფილი, გონების პრიმიტიულ დონეზე უფრო მეტყველებს.
 
სინამდვილეში, თავისი მიზანი ყოველ ცოცხალ არსებას გააჩნია. რატომაა ასე? რისთვის? იმიტომ, რომ ევოლუციის ძრავას მიზნის მიღწევის პროცესი წარმოადგენს.
 
ამ საკითხს მომავალში კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი ჯერ ფაქტს ვაფიქსირებთ: ცოცხალი არსების ჭეშმარიტი მიზნის მიღწევა, როგორიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ მის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოშია შესაძლებელი. ნებისმიერი სტრუქტურა კი თავისი ელემენტის მიზანს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს უმორჩილებს. მოშინაურებული ან „მოწესრიგებული“ ცხოველების და მცენარეების განვითარება ადამიანის მიერ განსაზღვრული მიმართულებით ხდება. შედეგად სტრუქტურის ელემენტები კიდევ უფრო ღრმად იძინებენ და თავიანთ ჭეშმარიტ მიზნებზე წარმოდგენას საბოლოოდ კარგავენ.
 
ველური ცხოველების და მცენარეების ცხოვრება ბევრად უფრო მდიდარი და გააზრებულია. ავიღოთ, მაგალითად, გარეული ირმების ჯოგი. მათ ბევრი საქმე აქვთ: მტაცებლებისგან დაცვა, შთამომავლობის აღზრდა, საკვების ძიება, ოჯახური ურთიერთობები, იერარქია, მათ შორის თამაშიც, და უბრალოდ სიცოცხლით ტკბობა.
 
ძროხების ნახირის ცხოვრება ფერმის სტრუქტურაში გაცილებით ღარიბია. ადამიანმა ბინის და საკვების მიცემით ცხოველებს გარკვეული პრობლემები მოუხსნა. მაგრამ სამაგიეროდ მათ პატრონისთვის თავიანთი მიზნების მიცემა მოუწიათ - ახლა ის განსაზღვრავს, როგორ, რისთვის და რამდენ ხანს იცხოვრონ მათ. მართლა ხომ ჰგავს ადამიანის მიერ „ეშმაკისთვის სულის მიყიდვას“?
 
თავად ადამიანი კი? რეალობა ისეთია, რომ, სტრუქტურების შექმნით, ის თავად ხდება მათი მონა. ადამიანი საკუთარ თავს კარგავს და ვეღარ გებულობს, ვინ არის და რა სურს. მთელი მისი საქმიანობა საბოლოო ჯამში სხვადასხვა საქონლის წარმოებაზე, გაყიდვასა და ყიდვაზე დაიყვანება. ნებისმიერი სტრუქტურის სათავეში ქანქარა დგას, ზედნაშენის მსგავსად. თავად საქონელი ქანქარებს არ აინტერესებთ, მაგრამ სტრუქტურები ძალზე აქტიურად ვითარდება. რატომ?
 
საქმე იმაშია, რომ ძირითად საქონელს ენერგია წარმოადგენს. ადამიანი ნივთებს საკუთარი სიამოვნებისთვის და კომფორტისთვის ყიდულობს, ასე არაა? სასიამოვნო ნივთებთან ერთად არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებიც სხვებისთვის უსიამოვნების მისაყენებლადაა განკუთვნილი. ორივე შემთხვევაში ენერგია გამოიყოფა - პოზიტიური და ნეგატიური. სწორედ ეს სჭირდება ქანქარებს.
 
როგორც ხედავთ, თავად მატერიალური ობიექტების წარმოება და საქონელბრუნვა - ყველაფერი არაა. პირველ რიგში ენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხდება. და მთელი ეს ენერგეტიკული ბაზარი ქანქარების მიერ კონტროლდება. მცირე ნაწილი ადამიანს ხვდება, დიდი ნაწილი კი - ამ მაგნატებს. ვის ქატო - ვის ფქვილი.
 
ენერგიის ბაზარზე ფინანსურის მსგავსი ოპერაციებიც კი ხორციელდება. მაგალითად, ალკოჰოლი - ენერგიაა წმინდა სახით. მისი მიღებით თქვენ ენერგიას კრედიტით იღებთ. ალკოჰოლური ეიფორია - სესხის აღებაა, ნაბახუსევის სინდრომი კი - სესხის პროცენტებით დაბრუნებაა. დაბრუნება ყოველთვის მეტის გვიწევს, ქანქარები ენერგიას უსასყიდლოდ არასდროს იძლევიან.
 
სუსტი ალკოჰოლური სასმელები ადამიანს ადუნებს. ქანქარა ნელ-ნელა იწოვს ენერგიას. მაგარი სასმელები, პირიქით, ენერგიის მოზღვავებას იწვევს. მაგრამ ქანქარა ამ ენერგიას დიდ პროცენტს ადებს. მალე პროცესი მეორე მხარეს იხრება: დიდ ეიფორიას დაცემა მოსდევს. რაც უფრო ძლიერია აგზნება, მით უფრო საგრძნობია მომდევნო დეპრესია.
 
ნაბახუსევი ძირითადად არა ორგანოებზე ფიზიოლოგიური დარტყმის ხარჯზე, არამედ იმის გამო ვითარდება, რომ ამ დროს ქანქარა გაძლიერებულად ქაჩავს ადამიანის თავისუფალ ენერგიას. ადამიანი ან უნდა დაიტანჯოს, ან ისევ დალიოს. ქანქარას ისევ შეუძლია ენერგია ასესხოს, მას არსად ეჩქარება. ადრე თუ გვიან ადამიანს გადახდა მაინც მოუწევს. ბარმენს შეიძლება გადაუხდელად გაექცე. ქანქარას ვერ დაუძვრები. და რაც მეტი „დავალიანება“ დაუგროვდა ადამიანს, მით უფრო სასტიკი გადასახადი ელის მას.
 
ასეთ მდგომარეობაში მოვალის თავისუფალი ენერგია მთლიანად ქანქარის განკარგულებაშია. ადამიანი სრულიად პირდაპირი გაგებით გრძნობს, თითქოს ვიღაც მარწუხებითაა ჩაფრენილი მის ენერგეტიკულ სხეულს გულის მიდამოში. ქანქარა პირობას აყენებს: ან კიდევ დალევა, ან წამების გაგრძელება. რადგან ადამიანის ნება - მისი თავისუფალი ენერგიაა, ამიტომ ხდება ის ასეთი სუსტი და უნებისყოფო. სწორედ ესაა ალკოჰოლიზმის მთავარი მიზეზი.თუ ადამიანი კიდევ დალევს, მას კვლავ ასესხებენ ენერგიის ნაწილს, მაგრამ შემდგომ გადასახადი კიდევ უფრო დამძიმდება. შეიძლება გული გაჩერდეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ქანქარა მხოლოდ მაშინ შეეშვება ადამიანს, როდესაც მისგან ხეირს ვეღარ ნახავს, და თუ ის სიკვდილს გადაურჩა - ეს ნიშნავს, რომ ძალიან გაუმართლა.
 
პირველი კრედიტი - პრეზენტაციასავით ყოველთვის ყველაზე უხვი და საზეიმოა. როგორც ცნობილია, ცხოვრებაში პირველი ჭიქა ღვინო ძალზე შთამბეჭდავად მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ყოველ მომდევნო ჯერზე შეგრძნებები თითქოს კი არ ბლაგვდება, არამედ სულ უფრო ნაკლებად სასიამოვნო ხდება. ქანქარები მხოლოდ იმიტომ „იხარჯებიან“, რათა ადამიანი ბადეში გააბან. გადახდას კი ყოველთვის ხისტად და პატიების გარეშე მოითხოვენ. ამიტომ, თუ მსგავს კრედიტს იღებ, გაცნობიერებულობა აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა შეინარჩუნო და საკუთარი „გადახდისუნარიანობა“ შეაფასო.
 
გალოთებული მაწანწალები - სულაც არ არიან დაცემული ადამიანები, როგორებადაც მათ მიიჩნევენ. ამ უბედურებმა უბრალოდ ვერ გათვალეს თავიანთი ძალები და კრედიტი დროულად ვერ გაისტუმრეს, ამიტომ დღესაც ვალებში არიან ჩაფლულები. კრედიტს ისევ და ისევ იღებენ, და ყოველ ჯერზე გადასახადი მძიმდება. ყველაფერი კი ისე მხიარულად დაიწყო, სადღესასწაულო მაგიდასთან! დაცემის პროცესი შეუმჩნევლად, მაგრამ შეუბრუნებლად ვითარდება, და შემდეგ ზვავივით წამოვა. ინდუცირებული გადასვლის ბუნება ძალზე მზაკვრულია, და მის მორევში შეიძლება ნებისმიერი მოხვდეს.
 
საერთოდ კი, რაც ინტენსიურ, ანუ ენერგოდატვირთულ, განცდებთანაა დაკავშირებული, მავნე ჩვევებს განეკუთვნება, და ეს ყველაფერი - ქანქარების კრედიტიებია. რატომ მავნე? იმიტომ რომ ქანქარების ბუნება აგრესიულია და კონფლიქტის ენერგიის გაზრდისკენ მიისწრაფის. ის ყველაფერი, რაც მომხიბვლელია, მაგრამ მავნეა, ადამიანისთვის ადრე თუ გვიან ცუდად მთავრდება. რაც მეტია ზიანი, მით მეტი ნეგატიური ენერგია გამოიყოფა. პოზიტიური ენერგია ასეთი დიდი რაოდენობით არასდროს გამოიყოფა.
 
ენერგიის ყველაზე დიდი „ნადავლი“ ნარკომანებისგან მიიღება. ხანმოკლე ეიფორია არაფერია შემდგომ დეპრესიასთან შედარებით. ხოლო თუ შემდგომი დოზა დროულად ვერ მიიღო, ნარკომანს საშინელი აბსტინენციის სინდრომი უვითარდება, რომელიც მას ენერგიას ბოლო წვეთამდე აცლის.
 
სხვა სახის, უფრო დაბალპროცენტიანი კრედიტებიც არსებობს. პირველ ყოვლისა, ეს არის თუთუნი, ყავა, ჩაი, უალკოჰოლო სასმელები, კევი. შეიძლება ვინმე აფეთქდეს: „მომიტევეთ, და აქ კევი რა შუაშია?“
 
როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერი მატერიალური, ასევე სულიერი საჭიროების დაკმაყოფილებისას ენერგია გამოიყოფა. კმაყოფილების, კომფორტის ან კიდევ სხვა სახის ენერგია, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში: გსურს - აგროვებ ენერგიას, სასურველს იღებ - ასხივებ მას. ღეჭვის პროცესში ადამიანი კომფორტის გარკვეულ შეგრძნებას იღებს, რომელსაც, სხვათა შორის, უძველესი ფესვები აქვს. ამ კომფორტის ბუნება სრულიად ცხადია: როდესაც ჭამ - ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ შენ გჭამენ - ცუდადაა საქმე.
 
საბოლოო ჯამში ნებისმიერი ჩვევისთვის - თუ ადამიანი „მუდმივი კლიენტი“ ხდება, ის „ფარაში“ ხვდება. ფარეხი საჭირო არაა. კლიენტი ისედაც ვერსად წავა, სანამ მისი ყურადღება ქანქარის ყულფშია მოხელთებული.როდესაც ადამიანი თავისი მიჯაჭვულობის ობიექტზე ფიქრობს, ის ქანქარის რეზონანსულ სიხშირეზე ასხივებს ენერგიას. დავალიანებული „დებიტორების“ ყველა აზრი, მაგალითად, მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის შემდეგი პორციის - კრედიტის - მიღებისკენაა მიმართული. მათ სხვა არაფერზე ფიქრი არ ძალუძთ, რადგან ქანქარას მათი ყურადღება დაპყრობილი აქვს.
 
ასეთი ჩაჭერა ადამიანური ფსიქიკის გარკვეული თვისების დახმარებითაა შესაძლებელი. ყურადღება შეიძლება რაღაც ერთზე ჩაიციკლოს - ის ფლუგერის ისარს წააგავს, თუ ქანქარა ერთი და იგივე მხარეს უბერავს. ყურადღების ისრის ჩაჭერას შეიძლება ერთ მარტივ მაგალითზე დავაკვირდეთ, როდესაც აზრებში აკვიატებულ მელოდიას ვერ ვიცილებთ.
 
არ უნდა გვეგონოს, რომ დამოკიდებულება მხოლოდ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო ვითარდება, არც უამისობაა, მაგრამ მთავარ როლს ნამდვილად არ თამაშობს. მაგალითად, როდესაც მწეველებს წყალქვეშა ნავით უწევთ სარგებლობა, იქ მოწევის შესაძლებლობის არარსებობა სულაც არ აწუხებთ. როგორც კი ნავი წყალქვეშ ჩაეშვება, მოწევაზე ფიქრები დილის ნამივით ქრება, რადგან ობიექტურად მოწევის შესაძლებლობა არ არსებობს. მწეველი ამ ობიექტურ აუცილებლობას შეეგუა და უბრალოდ აღარ ფიქრობს ამაზე. მისი ყურადღების ფლუგერი მეორე მხარეს შებრუნდა. სად გაქრა ფიზიოლოგიური დამოკიდებულება? მაგრამ როგორც კი ნავი მოგზაურობიდან დაბრუნდება და, თუ მწეველს თავის დანებება არ ჰქონდა განზრახული, მას ახსენდება, რომ გაბოლება ცუდი არ იქნებოდა, და აბეზარი კრედიტორი მის ყურადღებას ისევ თავის ყულფში აქცევს.
 
 
ყურადღების ისრის ჩაჭერა კიდევ ისეთი მოვლენით დასტურდება, როგორიცაა თამაშის ან ინტერნეტ-ადდიქცია (ავადმყოფური ლტოლვა, დამოკიდებულება). ადამიანთა დიდი ჯგუფი არსებობს, რომლებმაც უკვე ისე შორს შეტოპეს, რომ კარგად მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის წინ გრძნობენ თავს. ასეთ დამოკიდებულებაში მყოფი რამდენიმე საათით თუ მოსცილდება ეკრანს, მას აბსტინენციის სინდრომი განუვითარდება. ეწყება თავის, კუნთების ტკივილები და დისკომფორტის აუტანელი გრძნობა. მაგრამ როგორც კი კლიენტი ეკრანს დაუბრუნდება, ყველა სიმპტომი უკვალოდ ქრება. ცხადია, არავითარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აქ არ არსებობს.
 
ყველა შემთხვევაში დამოკიდებულება უმთავრესად იმის გამო ჩნდება, რომ ყურადღების ისარი ქანქარის ყულფში ექცევა. დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად ყურადღების გადატანა, მისი სხვა მიზანზე გადართვაა საჭირო.
 
ქანქარის ყულფიდან გათავისუფლება ნებისყოფის ძალით შეუძლებელია. ზუსტად ასევე აკვიატებული მელოდიის მოცილება მხოლოდ სხვა მელოდიაზე გადართვით შეიძლება. მავნე ჩვევას, როგორც წესი, გარკვეული სცენარი და დეკორაციათა ნაკრები ახლავს თან. ეს ყველაფერი დამახასიათებელ გარემოს ქმნის, როგორც, მაგალითად, მუშაობისას შესვენება, რაც ყურადღების მოხელთებას უწყობს ხელს. ყველა ვალის გასწორება დ ამ მანკიერი ბანკისგან თავის დაღწევა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: დეკორაციების და სცენარის შეცვლით. ეს რთული გასაკეთებელი არაა, მხოლოდ სურვილი და ცოტა ფანტაზიაა საჭირო.
 
ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც „საკრედიტო დავალიანების“ არარსებობის შემთხვევაში, მაგრამ ცივილიზაციის პროდუქტების გამოყენებისას, ადამიანი საკუთარი ნების წინააღმდეგ ენერგიის ნაწილს ქანქარებს აძლევს. ადამიანებს პირდაპირი გაგებით „მწყემსავენ“, საერთოდ თუ არ ვიტყვით, რომ „მცენარეებივით მოყავთ“. ცივილიზებული საზოგადოების მთელი ცხოვრება ენერგიის გამოყენების და გაცემის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. და მთელი ეს ენერგიის ცვლა ქანქარების მიერ კონტროლდება.
 
თუმცა ადამიანებისგან ენერგიის ამოღება თავისთავად ძალზე საშიში არაა. სტრუქტურის მთავარი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისი ელემენტების ინდივიდუალურ გზებს ანადგურებს. სტრუქტურის წევრი თავად საკუთარი გზის გაგებასაც კი კარგავს. ადამიანი არა მარტო იმის შესრულებას იწყებს, რასაც სტრუქტურა უბრძანებს, არამედ სწორედ ის სურს, რაც მისთვისაა ხელსაყრელი. და თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ ადამიანი - გონიერი არსებაა, და ამიტომ საკუთარ დამონებას არ დაუშვებს.
 
როგორც უკვე ითქვა, ადამიანის გაცნობიერებულობის ხარისხი ისედაც დაბალ დონეზეა, სტრუქტურა კი მის ნარჩენებს ნელა, მაგრამ დანამდვილებით კიდევ უფრო აქვეითებს. საბოლოო გამარჯვებისთვის სტრუქტურას ყველა ელემენტის ერთიან საინფორმაციო სივრცეში მოქცევა ესაჭიროება, რაც ახლა გამალებით და წარმატებით მიმდინარეობს. შესაძლოა, ადამიანს საკუთარი თავის ამოსაქოლად სულ ცოტა აგურიღა დარჩა.
 
რა ვქნათ? გამოდის, თუ ცივილიზაციის პროდუქტებს იყენებ, ე.ი. შენ გმწყემსავენ (უკვე ბრჭყალების გარეშეც შეიძლება დავწეროთ). იყო შემთხვევები, ადამიანები ცივილიზაციისგან გაქცევას ცდილობდნენ და ბუნებაში დასახლებებს ქმნიდნენ. არ შევაფასებ, რამდენად წარმატებული იყო ეს მცდელობები. თანამედროვე ადამიანს ცივილიზაციაზე მთლიანად უარის თქმა მაინც არ შეუძლია - ასეთ პირობებს მორგებული არაა. თუმცა აზრსმოკლებული არაა მავნე პროდუქტების მინიმუმამდე დაყვანა და მათი ბუნების ძღვენით ჩანაცვლება.
 
მაგალითად, საგვარეულო მამულის დაფუძნება თავისი ბაღითა და ბოსტნით. ცივილიზაციის უდაბნოში ცოცხალი ბუნების ამ ოაზისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ნორმებს და სტანდარტებს იქ პატრონი აწესებს, და არა სტრუქტურა. და სულაც არაა აუცილებელი მიწაზე იმუშაოს იმან, ვისაც ეს არ მოსწონს. საკუთარი ცხოვრებისთვის ყველას თავისი კანონების თავად დაწესების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს: მინდა - ყველაფერს ასფალტით დავფარავ, მინდა - ველურ ბუნებას მივუშვებ.
 
ქალაქელისთვის ალტერნატიული გზა შეიძლება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით კვებაზე გადასვლა იყოს. მაგრამ ამისთვისაც ჯერ გამოღვიძება და გაცნობიერებაა საჭირო, რომ სტრუქტურაში გაზრდილი და სუპერმარკეტში ნაყიდი ლამაზი ვაშლი, თავისი თვისებებით მხოლოდ ამ სტრუქტურის „სრულფასოვანი“ ელემენტისთვისაა გამოსადეგი, დაავადებათა მთელი ნაკრებით, რაც ასეთი კვების შედეგია. ზოგადად, გზები მრავალია და ყველა თავად ირჩევს თავისას. ჩემთვის მაგალითს ერთი გაველურებული კატა წარმოადგენს, რომლის „გაცნობის პატივიც წილად მხვდა“.
 
ცივილიზაციის სიკეთეებისგან დასასვენებლად, მეგობრებს ერთად ტყეში გასვლა გვიყვარდა. ერთხელ ჩვენს ბანაკს მოზრდილი კატა ესტუმრა. სავარაუდოდ, ერთ დროს სახლის კატა, რაღაც მიზეზით ტყეში აღმოჩნდა და გაველურდა. ზომებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ფუმფულა არსება საკმაოდ წარმატებულად შეძლებდა თაგვების და ჩიტების მონადირებას, და შესაძლოა კურდღელსაც მორეოდა. გამასპინძლებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ზედმეტი ცერემონიის გარეშე - პირი დასტაცა და გაიქცა.
 
მას შემდეგ კატა კიდევ ბევრჯერ შეგვხვდა ტყეში. ულვაშას გამასპინძლება მოსწონდა, მაგრამ ფამილარობის უფლებას არ გვაძლევდა. კატა ჭეშმარიტად ნამდვილი ტრანსერფერი იყო. მან რეალურ თავისუფლებას გაუგო გემო, და თუმცა ხანდახან ცივილიზაციასთან შეხებაზე უარს არ ამბობდა, საკუთარ თავისუფლებას უკვე აღარაფერზე გაცვლიდა.
 
ცივილიზაციის სიკეთეებით სარგებლობა შეიძლება, უბრალოდ დამოკიდებულება არ უნდა განვითარდეს. თავისუფალ პიროვნებას ფარადან გაცნობიერებულობა გამოყოფს. უბრალოდ გაღვიძებაა საჭირო და გააზრება, რა ხდება ირგვლივ. აი, მეც იმიტომ შევძელი ამის გაგება და შემდეგ თქვენთვის მოყოლა, რომ... თუმცა, ეს საიდუმლოა. მაგრამ თქვენ, ძვირფასო მკითხველო, გეტყვით - მე გავველურდი. მე ფერმიდან გავიქეცი.


 განზრახვის დეკლარაცია
 
აქამდე მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, როგორ გავთავისუფლდეთ ქანქარისგან და მის ზეგავლენას არ დავემორჩილოთ. მაგრამ არსებობს თუ არა მისგან რაიმე სარგებლის მიღების საშუალება? ზოგადად, ნებისმიერი ოცნება საბოლოო ჯამში ქანქარების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენ ყველანი ხომ ამა თუ იმ სტრუქტურაში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სტრუქტურამ ოცნება კი არ წაგვართვას, არამედ მის რეალიზებაში დაგვეხმაროს.
 
მაგრამ არსებობს თუ არა ქანქარაზე პირდაპირი ზემოქმედების რაიმე მეთოდი? სავარაუდოდ, არა. მისი მოშინაურება შეუძლებელია, არც მისი მართვა გამოგვივა. თუმცა საკუთარი ინტერესებისთვის ქანქარის თვისებების გამოყენება მაინც შესაძლებელია.
 
არ დაფიქრებულხართ, რატომ ამბობენ სუფრის გარშემო შეკრებილი ადამიანები სადღეგრძელოებს? ამას რაიმე პრაქტიკული აზრი აქვს თუ მხოლოდ სიმბოლური რიტუალია? აღმოჩნდა, რომ მიზეზი მართლაც არსებობს. ხალხური სიბრძნე ხანდახან უაზრო ცრურწმენების მაგვარ ჩვეულებებს აჩენს. მაგრამ ადამიანები გაუცნობიერებლად მისდევენ გამჯდარ წესებს და არც კი ეჭვობენ, რომ ეს წესები რეალობის მართვის თავისებურ მეთოდს წარმოადგენს.
 
საქმე იმაშია, რომ ალკოჰოლური სასმელები, როგორც უკვე ითქვა, ენერგეტიკულ კრედიტს წარმოადგენს. თავისუფალი ენერგია დამატებით კვებას იღებს და საფეხურით მაღლა იწევს. და რადგან ეს სხვა არაფერია, თუ არა ნების ენერგია, იმისდა მიხედვით, საითაა მიმართული ეს ნება, შედეგიც შესაბამისი მიიღება.
 
მაგალითად, თუ სიმწრისგან სვამთ, რეალობა კიდევ უფრო ბნელ ორმოში ჩავარდება. ხოლო როდესაც სიხარულით სვამენ, მხიარულების მიზეზებიც მატულობს. თუ სასმელი აღელვების და შიშის გრძნობებს შეერევა, ცხოვრება ისე შებრუნდება, რომ მართლაც გაჩნდება შიშის საბაბი. სხვა შემთხვევებშიც ანალოგიურად განვითარდება მოვლენები.
 
ენერგიის აფეთქებით გაძლიერებული აზრობრივი გამოსხივება ადამიანს შესაბამისი თვისებების მქონე ცხოვრების ხაზზე გადაიყვანს. კრედიტის გამცემი ქანქარა განზრახვის ენერგიის გამაძლიერებლის როლს თამაშობს. თავად ქანქარა, რამდენიც არ უნდა ირხეოდეს, გარეგან განზრახვასთან შეხება არ აქვს, ამიტომ არ შეუძლია ვარიანტების სივრცის სექტორის მატერიალიზება. რეალობა მხოლოდ ცოცხალ არსებებს ექვემდებარება. ჰოდა, როდესაც ადამიანი სადღეგრძელოს ამბობს, ის თავისი განზრახვის მიმართულებას აფიქსირებს. გესმით, რა ხდება?
 
ქანქარა-კრედიტორის ენერგია, როგორც წესი, ნეგატიური თვისებების მატარებელია. მაგრამ ადამიანი მის პოლარობას ცვლის, როდესაც მას კეთილ ნებას ანიჭებს. ამიტომ სადღეგრძელოები - არა ცარიელი რიტუალი, არამედ განზრახვის დეკლარაციაა.
 
თუმცა, მიუხედავად სადღეგრძელოების დადებითად მოქმედებისა, მათ ყველას თანსდევს ერთი და იგივე სამწუხარო შეცდომა: სურვილები როგორც წესი სამომავლოდ გამოითქმება. ქანქარის მიერ მოცემული ენერგია მხოლოდ პოზიტიურად გარდაიქმნება, მაგრამ რეალობაზე გავლენას არ ახდენს. სასურველი ისევ იქ სადღაც, მიუწვდომელ პერსპექტივაში რჩება. და ეს სრულიად კანონზომიერია. სარკეს ხომ მომავლის შექმნა არ შეუძლია - ის ყოველთვის მხოლოდ აწმყოს ასახავს.
 
და რა გამომდინარეობს აქედან? ის, რომ ყველა ეს სადღეგრძელო აწმყო დროში უნდა წარმოითქვას. ეს ძალზე უცნაური სადღეგრძელოები იქნება, მაგრამ ეს იმუშავებს. მაგალითად, არა „ვიდღეგრძელოთ!“, არამედ „ვდღეგრძელობთ!“ ან ასე: „მშვენივრად ჯანმრთელები ვართ!“, „გავიმარჯვეთ!“, „ვინც ჩვენთან არ არიან, - ყოველთვის ჩვენთან არიან!“, „ვინც ზღვაშია, - უმართლებთ!“, „ჩვენი სურვილები სრულდება!“, „წარმატება მუდამ ჩვენთანაა!“ და ა.შ.
 
განზრახვის ამგვარი დეკლარაცია სასურველს უკვე დღევანდელ რეალობაში მოიზიდავს, და გამუდმებით ჯერ არდამდგარ ხვალეში არ გადადებს.
 
თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ სპირტიანი სასმელების დახმარებით სასურველის რეალობად ქცევა ადვილადაა შესაძლებელი. როგორც ხვდებით, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. რაც მეტია კრედიტი, მით მეტია პროცენტებიც. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ „საკრედიტო დავალიანების“ გაზრდით ადამიანის ცნობიერება, და ე.ი. განზრახვაც ვარიანტთა სივრცის რეალობის არაადექვატურ ნაწილში წანაცვლდება. ნარკოტიკებთან მსგავსი მანიპულაციების ჩატარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ქანქარის ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად გარდასახვა არც ყოველთვის და არც ყოველს ხელეწიფება.
 
იგივე პრინციპს ეფუძნება შავი მაგიის მოქმედება. ბოროტი ჯადოქარი ბნელ ძალებს მიმართავს, რათა მათი ენერგია თავისი მტრული განზრახვის გასაძლიერებლად გამოიყენოს.
 
მაგრამ ზოგადად, ქანქარისგან კრედიტის აღება ყოველმხრივ წამგებიანია. მაგრამ, თუ მაინც აკეთებთ ამას, უნდა მიჰყვეთ წესს: როდესაც „ქანქარის ანკესზე ხარ წამოგებული“ - მხოლოდ კარგზე იფიქრე.
 
ავიღოთ თუნდაც ტრანსერფინგის ქანქარა. ვნებას ის ნამდვილად არ მოგაყენებთ, სამაგიეროდ განზრახვის დეკლარაციას შეუძლია მისი ეფექტიანობა შესამჩნევად გაზარდოს. ყოველთვის, როდესაც ტრანსერფინგის შესახებ ინფორმაციას ხვდებით, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ის მიზნების მიღწევაში გეხმარებათ. განზრახვის ასეთი ფიქსაცია ვარიანტთა დინების ვექტორს მკვეთრად მიმართავს იქით, საითაც საჭიროა.
 
ნებისმიერ სხვა ქანქარასთან, თუნდაც თქვენს ცხოვრებასთან საერთო არაფერი ჰქონდეს, იგივენაირად უნდა მოიქცეთ. მაგალითად, სატელევიზიო შოუს ან სერიალის ყურებისას თქვენ, ასე თუ ისე, ქანქარას ენერგიას უცვლით. როდესაც მოქმედებას აკვირდებით, მიზნობრივი სლაიდი მზად გქონდეთ, ანუ სურათი იმისა, რის მიღებაც გსურთ. ინფორმაციის ნაკადში ყოველთვის შეიძლება იპოვოთ ხელჩასაჭიდი, რასაც ოდნავ მაინც აქვს შეხება თქვენს მიზანთან. მაგალითად, თუ სერიალის გმირები ძვირფას მანქანაში დაინახეთ, მაშინვე იფიქრეთ, რომ რაღაც მსგავსის ყიდვას აპირებთ.
 
კრედიტის მიღების მომენტში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცუდზე ფიქრი. მშფოთვარე ფიქრები, დამთრგუნველი პრობლემები, წუხილი, შიში - ეს ყველაფერი გაძლიერდება დამატებითი ენერგიით. ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება.
 
შესვენების დროს იფიქრეთ მოსალოდნელ წარმატებაზე, თითქოს ის უკვე ხელში გაქვთ. ან, დავუშვათ, რეკლამა მოგიწოდებთ დატკბეთ არომატული ყავით. უმჯობესია ამ დროს დატკბეთ თქვენი წარმატებით, რომელიც ყოველთვის თქვენთანაა, რაც არ უნდა ხდებოდეს. თქვენ ხომ გახსოვთ განზრახვის კოორდინაციის პრინციპი! მაგალითად, მომენტებში, როდესაც ეწევით ან ყავას სვამთ, იმის მაგივრად, რომ ფიქრები უაზრო თვითდინებით მიუშვათ, განზრახვის დეკრარირებას შეუდექით: „ყველა საქმე გადასარევად მიდის, რადგან მე ჩემი განზრახვით ჩემს რეალობას ვძერწავ. და მე ვიცი, ეს როგორ გავაკეთო“.
 
სწორედ ამ პრინციპით ტარდება ჩაის ცერემონიები. ჭამის წინ ლოცვა და ღმერთისთვის საკვების შეწირვა ასევე შევიდა ბევრი ერის ტრადიციაში. თუმცა, ღმერთისთვის პატივის მიგების შემდეგ, არც საკუთარი თავი უნდა დავივიწყოთ.
 
თუ საკუთარ თავს სიყვარულით და ზრუნვით „გამოკვებავთ“, თან ასე დაუყვავებთ: „ჭამე, ჭამე, ჩემო კარგო, გამოკეთდი!“ - სრულიად წარმოუდგენელი და მოულოდნელი ეფექტის მიღება შეიძლება. სრულიად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი დაავადება გაქრეს. ორგანიზმი ჯერ გაოცდება, შემდეგ გაუხარდება და იმ ყვავილივით აყვავდება, რომელსაც ნაზად და მზრუნველობით უვლიან. მთავარია, საკუთარ თავს გულწრფელი თანაგრძნობით, სიყვარულით და შემდეგი სიტყვებით მოვემსახუროთ: „თუ თავად არ დაპურდები - არავინ დაგაპურებს“.
 
ასეთ დეკლარაციას უდიდესი ძალა აქვს. თუ ადრე თქვენ საკუთარ თავს გულგრილად ან არაკეთილგანწყობილად ეპყრობოდით, მაშინ მსგავსი რიტუალი გასაოცარ შედეგებს გამოიწვევს. თუ არ გჯერავთ - შეამოწმეთ.
 
ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ განზრახვის დეკლარაციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ საშიშ ქანქარებთან თამაშისას, როგორიცაა ბირჟა, კაზინო, ტოტალიზატორი. პრინციპში, რატომაც არა. წარმატების ალბათობა მოიმატებს, თუ ფულის ჩადების მომენტში, ასევე თამაშის მიმდინარეობისას უპირობო მოგების სლაიდს ატრიალებთ. ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. როგორც წესი, მოთამაშის ყველა აზრი შემდეგ ფორმულირებაზე დაიყვანება: „ნეტა მოვიგებდე!“, „თუ წავაგებ?“, „არა, უნდა მოვიგო!“, „ამჯერად გამიმართლებს!“
 
ჰოდა, ეს არ გამოდგება. აქ სურვილიცაა, განსჯაც, თუ როგორ მოვიგოთ, წარუმატებლობის შიშიც, და წარმატების იმედიც. ნებისმიერი მსჯელობა, ემოციები და მათ შორის წარმატების იმედიც უნდა მოიცილოთ. მხოლოდ მოგების  უპირობო და აუღელვებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს. „მე - გამარჯვებული ვარ“ - აი, როგორი უნდა იყოს დეკლარაცია, ამასთან, ყოველგვარი მიზეზების, პირობების და ძახილის ნიშნების გარეშე. თუ შეძლებთ და ამ აუღელვებელ და უპირობო ფლობის ნებას მიაღწევთ, წარმატების შანსები მკვეთრად მოიმატებს.
 
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ერთი და იგივე თამაშის სესიაში წარმატების მიღწევა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეიძლება. მაგრამ მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი ადამიანად რჩება, და გამუდმებით მნიშვნელოვნების დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. ნებისმიერი აზარტული თამაში - ენერგეტიკული კრედიტია, რომელიც შეიძლება შეუმჩნევლად ინდუცირებად გადასვლად გადაიქცეს სამწუხარო ფინალით. თუმცა, მოცემული საკითხები დაწვრილებითაა განხილული ტრანსერფინგის პირველ წიგნში, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდებით.
 
შეიძლება ითქვას, კრედიტის პროცენტების გადახდის თავიდან აცილების ერთადერთი ხერხი - თამაშიდან დროული გასვლაა. და არა უბრალოდ გასვლა, არამედ ქანქარასთან უმცირესი კავშირისგან გათავისუფლება, მის სიხშირეზე აზრების გამოსხივების ჩაქრობა. სხვა სიტყვებით, გარკვეული დროით ყურადღება რაღაც სხვაზე უნდა გადაერთოს, თამაშის შესახებ არც კი უნდა გაიხსენოს. მხოლოდ ასე, ქანქარასთან ერთად რხევის შეწყვეტით შეიძლება გადაურჩეთ ინდუცირებული გადასვლის მორევს. მას შემდეგ, რაც კავშირი სრულიად გაწყდება, თამაშის ახალი სესიის დაწყება შეიძლება.
 
მაგრამ ზოგადად, ქანქარასთან ბრძოლა ძალზე საშიში და არაპროგნოზირებადია, რადგან არცერთ ადამიანს ამისთვის აუცილებელი აუღელვებელი ფლობის ნება არ გააჩნია. არსობრივად, ეს თამაშიც არაა, ეს ჩრდილთან ცეკვაა.
 
ქანქარა  - უხილავი, ცივი და შეუბრალებელი ჩრდილია. მას არც ცნობიერება აქვს და არც განზრახვას ფლობს. მას არ აქვს სული და გონება, რომელთა ურთიერთდაპირისპირება გრძნობებს, სწრაფვებს, სისუსტეებს ბადებს. თქვენ ვერასდროს აჯობებთ მას, ისევე როგორც ვერასდროს გაუსწრებთ საკუთარ ჩრდილს. ის აუღელვებლად ადევნებს თვალს თქვენს ფორიაქს და იცის, რომ ვერსად წაუხვალთ. ამ ჩრდილის ბრძოლით დამარცხება შეუძლებელია, ხოლო მასთან თამაშს აზრი არ აქვს. როგორ მოვიქცეთ? ან უარი უნდა ვთქვათ საშიშ თამაშზე, ან საკუთარი ჩავიფიქროთ, რათა ქანქარის ფავორიტი გავხდეთ - აი, რას აქვს აზრი.
 
ქანქარასთან გამარჯვების მცდელობით, ადამიანი ჩრდილს დასდევს. მოგებისკენ ყველა სწრაფვა და თანმხლები განცდები შინაგან განზრახვას ემორჩილება, რომელიც ყოველთვის ბრმად იქითკენ მიუძღვება, რაც პირდაპირ ცხვირწინაა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ამ უსარგებლო რბოლის შეწყვეტის მიზნით უნდა გაჩერდეთ, მიმოიხედოთ და დამოუკიდებლად მოძრაობა დაიწყოთ. ამ შემთხვევაში როლები შეიცვლება: ადამიანი კი არ გაეკიდება ქანქარას, არამედ ქანქარა გამოუდგება ადამიანს. ის, ვინც შეზღუდულ შინაგან განზრახვაზე უარს იტყვის, თამაშს დაეპატრონება - ჩრდილებთან ცეკვისას წამყვანი ის გახდება.
 
საკუთარი თამაშის ინიცირებისთვის, თავს ნება უნდა მისცეთ იყოს ის, ვინც არის. თქვენი თამაში - საკუთარი შეხედულებისამებრ რეალობის ფორმირებაა. თქვენ ეს შეგიძლიათ. მხოლოდ ისაა საჭირო, ეს პრივილეგია აიღოთ. საკუთარ პრივილეგიებს არიგებთ ან ართმევთ მხოლოდ თავად თქვენ. ეს უნდა გაიგოთ.
 
მაგრამ მისცე თავს ნება, იყო წამყვანი - ყველაფერი არაა. ვარსკვლავები თავად იბადებიან, მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოთ და სრულიად წარმოუდგენელი შედევრი შექმნათ, ვერავინ გაიგებს მის შესახებ, თუ თქვენ რომელიმე ძლიერმა ქანქარამ არ აგიყვანათ. როგორი დიდებულიც არ უნდა იყოს ქმნილება, მხოლოდ ამ მიზეზით ის პოპულარული არ გახდება. კულტურაში, მეცნიერებაში და ხელოვნებაში ღირსშესანიშნავი ქმნილებები ფართო პუბლიკის ინტერესის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ახალი ქანქარა ჩნდება ან ეს ძველისთვისაა ხელსაყრელი.
 
იმისთვის, რომ თქვენს საქმიანობაში ვარსკვლავი გახდეთ, ქანქარის თვისებების გამოყენება უნდა შეგეძლოთ. არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ვერ შეინარჩუნეს პოპულარობა ახლა იმ ქმნილებებმა, რომლებიც ძალზე პოპულარული იყო წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ღირსშესანიშნავი თვისებები არ დაუკარგავთ?
 
ბევრი კულტურული მიღწევაა, რომელთა დიდებული თვისებები ნებისმიერ თანამედროვე მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. მაგრამ ჩვენს დროში ეს მიღწევები დიდი მოთხოვნით არ ხასიათდება, რადგან წარსულში ბრწყინვალე მათი ქანქარები თითქმის ან სრულად ჩაქრა. პოპულარობა და მოდა სწორედ ქანქარების მიერ იქმნება. აბა რატომ მოსწონს ადამიანთა დიდ მასას უცებ ერთდროულად ერთი და იგივე რამ?
 
მოდის ფენომენი ორი ისეთი გრანდიოზული ჯგუფის მაგალითზე განვიხილოთ, როგორიცაა „ბითლზი“ და „აბბა“. ორივემ უზარმაზარ აღიარებას მიაღწია არა იმიტომ, რომ რაღაც პრინციპულად ახალი და განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი რამ შექმნეს. რასაც ისინი აკეთებდნენ ახალი არ იყო. პირიქით, დისკოს და როკის სტილის პირველაღმომჩენები სხვები იყვნენ, ბევრად ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები. მაგრამ მაშინ როგორ ავხსნათ ამ ორი ჯგუფის ფენომენალური წარმატება?
 
„ბითლზის“ კარიერის დასაწყისი - ხეტიალის და მარცხის მონაცვლეობაა. თავიდან კვარტეტი იმ დროს გავრცელებული მრავალთაგან ერთ-ერთი სრულიად ჩვეულებრივი ჯგუფი იყო. მათ ნორმალურად დაკვრაც არ იცოდნენ. მთელი მათი პროფესიონალიზმი რიგითი რესტორნის დონეს არ აჭარბებდა, სადაც გამოდიოდნენ კიდეც. დიახ, „ბითლზი“ ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ შოუბიზნესში ეს სულაც არაა საკმარისი. ძველი ქანქარები ყოველთვის ყოველგვარი მეთოდებით ახალბედების სადღაც უკან მიჩქმალვას ცდილობენ.
 
1962 წლისთვის ჯგუფს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა და სიმღერები შექმნეს, რომლებზეც მალე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მაგრამ ეს შემდეგ იყო, ჯერ კი „ბითლზს“ არავინ აქცევდა ყურადღებას. და მაინც, მათ საკუთარი მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთგული თაყვანისმცემლები ყავდათ. იმ წელს კვარტეტი უშედეგოდ ატალახებდა ჩამწერი ფირმების ზღურბლებს და ყოველთვის უცვლელ უარს იღებდა. თითქოს, ასეთ ჯგუფს არანაირი შანსი არ ჰქონდა კლუბის დონეზე მაღლა ასულიყო.
 
ჰანტერ დეივისი „ბითლზის“ ავტორიზებულ ბიოგრაფიაში წერს: „და მაინც, ჩვენ ისევ ძველებურად გვჯეროდა, რომ პირველები გავხდებოდით, - ყვება ჯორჯი. - როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდად იყო და ჰორიზონტზე არაფერი ჩანდა, განსაკუთრებულ რიტუალს ვასრულებდით. ჯონი ყვიროდა: „ბიჭებო, საით მივდივართ?“ ჩვენ პასუხად ვღრიალებდით: „მაღლა, ჯონი, სულ მაღლა!“ – „რის სულ მაღლა?“ – „სულ სულ ყველაფრის მაღლა, ჯონი!“
 
მაგრამ ამ მიზანდასახულობას არ მიუყვანია ისინი წარმატებასთან. 1963 წელს მათ მოახერხეს თავიანთი პირველი პატარა ფირფიტის - სინგლი - გამოშვება. მან მოულოდნელად ჰიტ-პარადში პირველი ადგილი დაიკავა. ეს იყო პირველი შესამჩნევი მიღწევა, მაგრამ ამაში დიდი მოვლენა ვერავინ დაინახა. პრესამ სინგლის წარმატება ვარსკვლავის ხანმოკლე აფეთქებად მიიჩნია და სენსაცია ხელიდან გაუშვა. ამ ფირფიტის შემდეგ კვლავ დავიწყების მდუმარება ჩამოწვა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სიჩუმე ქარიშხლის წინ.
 
ნახევარი წლის შემდეგ ბიტლომანიამ ჯერ ინგლისი, შემდეგ კი თითქმის მთელი მსოფლიო წალეკა. „ყოველი ქვეყანა, - წერს ჰანტერ დეივისი, - მასობრივი ფსიქოზის მომსწრე ხდებოდა, რაც სულ ახლახანს წარმოუდგენელი იყო და რომელიც საეჭვოა, კიდევ განმეორდეს. დღეს ამის აღარავის სჯერავს, გუშინ კი ეს სიმართლე იყო“.
 
რაღაც მსგავსი განმეორდა „აბბას“ ისტორიაში. 1972 წელს ეს ბრწყინვალე კვარტეტი ევროვიზიის კონკურსის შესარჩევ ტურშიც ვერ გავიდა. ბოლოს და ბოლოს, 1974 წელს ისინი ამ კონკურსზე მოხვდნენ და ყველასთვის მოულოდნელად ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, ყველა დანარჩენი მონაწილე უკან მოიტოვეს. თუმცა მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არავინ მიანიჭა. ითვლებოდა, რომ „ევროვიზიის“ იარლიყის მქონე ჯგუფებს, როგორც ერთდღიან პეპლებს, ერთი ჰიტის მეტი ვერ ექნებოდათ. „ბითლზის“ მსგავსად, აქაც, დროებით სიჩუმე ჩამოწვა. მაგრამ წელიც არ გასულა, რომ მთელი მსოფლიო ახალმა, ახლა უკვე „აბამანიის“ მძლავრმა ტალღამ წალეკა.
 
ორივე ისტორიაში ორი მკაფიო კანონზომიერება შეინიშნება. პირველი, პოპულარობა ტალღისებური ტრაექტორიით ვითარდება. ჯერ საკმაოდ ხანგრძლივი დავიწყების პერიოდია, როდესაც თაყვანისმცემელთა მცირერიცხოვანი, მაგრამ სტაბილური ჯგუფი ყალიბდება. შემდეგ მოდის მოულოდნელი აღმავლობა, რომლის შემდეგ სიმშვიდის პერიოდი დგება, თითქოს ტალღა ძალის მოსაკრებად ნაპირიდან უკან გაბრუნდა. და ბოლოს, იმ პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც არაფერი ხდებოდა, მოულოდნელად მგრგვინავი წარმატების მძლავრი ტალღა მოდის. პოპულარობა შეიძლება გარკვეული ხნით მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, მაგრამ შემდეგ ტალღა აუცილებლად ჩაქრება, რადგან ახალი ქანქარები გაჩნდებიან, რომლებიც ძველებს უკანა პლანზე გადაიყვანს.
 
ყველაზე საინტერესო კანონზომიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ ქმნილებები, რომლებიც შემდგომში ბრწყინვალე ჰიტები ხდება, დავიწყების პირველ პერიოდში საერთოდ არ აღიქმებიან. მათ უსმენენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ. და აი, შემდეგ უცებ დგება მომენტი, როდესაც იგივე ქმნილებები უკვე სულ სხვა, რაღაც განსაკუთრებული სიახლის, განუმეორებლობის უჩვეულო შთაბეჭდილებას ახდენს. ჟღერადობა რაღაც ძალზე მოდურის ელფერს იძენს. და ყველა ერთდროულად წარმოუდგენელი სახით ასკვნის, რომ ეს უბრალოდ გენიალურია.
 
მაგრამ საიდან მოდის სიახლის და მოდურობის ეს საყოველთაო განცდა? „ბითლზს“ ხომ 1962 წელს უკვე ბითლური ჟღერადობა ჰქონდა, რატომ არავინ მიაქცია ყურადღება? და რატომ არავინ აქცევდა ყურადღებას „აბბას“ 1972 წელს? მათი სიმღერები ხომ იგივე იყო, 1975 წელს რატომ აღაფრთოვანა ყველა?
 
ეს იმით აიხსნება, რომ ყოველ ეპოქას თავისი დამახასიათებელი თვისება, ჟღერადობა, ელფერი ან სხვა სიტყვებით - ქარიზმა აქვს. თუმცა ახალი ეპოქა თავისთავად არ დგება - ის ადამიანთა განზრახვით მოიზიდება, როგორც ღრუბელი ვარიანტთა სივრციდან.
 
თავიდან თაყვანისმცემელთა პატარა ჯგუფი ყალიბდება. ყოველი მათგანი ასხივებს აზრს სიხშირეზე „მე ეს მომწონს“. იბადება ქანქარა, რომელიც თაყვანისმცემელთა აზრებს ერთი მიმართულებით აერთებს და მათ სინქრონიზაციას იწვევს - „ჩვენ ეს მოგვწონს“. თაყვანისმცემელთა  პირველი ჯგუფის კოლექტიური განზრახვა მატერიალური რეალიზაციის მოქმედებას ამ მხარეს მიმართავს. შედეგად რამდენიმე ხნის შემდეგ რეალობა ახალი ეპოქის ელფერს იძენს. თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, და ქანქარაც ძლიერდება. და ბოლოს, კოლექტიური განზრახვა აჭარბებს კრიტიკულ მასას, და ახალი ეპოქის ქარიზმის ღრუბელი მთელ მატერიალურ რეალობას მოიცავს. აი ეს ღრუბელი, რომელიც ქანქარის მიმდევრების გაერთიანებულმა განზრახვამ მოიზიდა, ქმნის სწორედ ახალი დროის განსაკუთრებულ ქარიზმას.
 
ახლა, როდესაც ახალი სიოს წარმოქმნის მექანიზმი იცით, შეგიძლიათ თამამად, უკანმოუხედავად გამოიყენოთ თქვენი კანონიერი პრივილეგია - იყოთ ის, ვინც ხართ. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი შანსის რეალიზება, გამოუცხადოთ მსოფლიოს საკუთარი განუმეორებელი ინდივიდუალობის შესახებ. ქანქარები ვერ იტანენ უნიკალურ პიროვნებებს - ისინი თქვენ ვარსკვლავად გაქცევენ. ნუღარ მისდევთ ჩრდილს, დამოუკიდებლად იმოძრავეთ, და ქანქარასაც აღარაფერი დარჩება და უკან გამოგყვებათ. თქვენ თავად შეგიძლიათ მოდა დააწესოთ, რადგან თქვენი სულის თვისებები უნიკალურია, ხოლო ვარიანტთა სივრცეში უკვე მზადაა ლუქსის კლასის ინდივიდუალური ღრუბელი - ის თქვენ გიცდით. ჰოდა, განაცხადეთ თქვენი განზრახვის დეკლარაცია!


 

რეზიუმე
 
ნებისმიერი არსების ცხოვრების მიზანი და აზრი რეალობის მართვაში მდგომარეობს.
 
მოწყენილობა, როგორც ასეთი, არ არსებობს - მხოლოდ რეალობის მართვის გამუდმებული და დაუოკებელი წყურვილი არსებობს.
 
შედარებაზე დაფუძნებული შეფასებები პოლარიზაციას ბადებს.
 
წონასწორული ძალები პოლარიზაციას საპირისპიროთა შეჯახების გზით ანეიტრალებს.
 
საგანი ან თვისება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, საპირისპირო თვისებების ობიექტებს იზიდავს.
 
ქანქარის წესია: „გააკეთე ჩემსავით!“
 
ტრანსერფინგის წესია: ნება მიეცი საკუთარ თავს და სხვებს, იყოს ის, ვინც არის.
 
პოლარიზაციას ტრანსერფინგის წესი ანეიტრალებს.
 
გაცნობიერებულობა: მოცემულ მომენტში არ მძინავს და ნათლად ვაცნობიერებ, ზუსტად ასე რას, რატომ და რისთვის ვაკეთებ.
 
ქანქარის პირველი კანონი: ის კონფლიქტის ენერგიის გაზრდისკენ ისწრაფვის.
 
ქანქარის მეორე კანონი: ის თავისი სტრუქტურის სტაბილიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
 
ქანქარები ორგანიზებული სტრუქტურების არსებობას კოორდინაციას უწევენ.
 
ნების (განზრახვის) დამონება: სტრუქტურა განსაზღვრავს ადამიანს უნდოდეს ის, რაც საჭიროა.
 
სტრუქტურის დამაზომბირებელი გავლენისგან გასათავისუფლებლად მოთამაშე მაყურებლის როლი უნდა მოვირგოთ.
 
მიზნის მიღწევის პროცესი ევოლუციის ძრავას წარმოადგენს.
 
ადამიანი სტრუქტურაში თავს კარგავს და აღარ ესმის, ვინ არის და რა სურს.
 
დამოკიდებულება წარმოიქმნება იმის გამო, რომ ყურადღების ისარი ქანქარის ყულფში ექცევა.
 
დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად ყურადღების გადატანა, მისი სხვა მიზანზე გადართვა, სცენარის და დეკორაციის შეცვლაა საჭირო.
 
ეპოქის ქარიზმა ადამიანთა ჯგუფის განზრახვით მოიზიდება, როგორც ღრუბელი ვარინტთა სივრციდან.
 
ნებისმიერი ენერგეტიკული კრედიტის მიღებისას, განზრახვის დეკლარაცია განაცხადეთ.
 
ქანქარასთან გამარჯვება შეუძლებელია - ან საშიშ თამაშზე უარი უნდა თქვათ, ან საკუთარი ჩაიფიქროთ, რათა ქანქარის ფავორიტი გახდეთ.
 
საკუთარი თამაში რომ ჩაიფიქროთ, საკუთარ თავს ნება უნდა დართოთ, იყოს ის, ვინც არის.

მსგავსი სტატიები

თავი XII. ფრეილინგი


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი:...

თავი XV - წერილები წარსულიდან


ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნე...

თავი VIII. სლაიდები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი III. წარმატების ტალღა


თავი III. წარმატების ტალღა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი IV. წონასწორობა


 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff