ტერმინების ლექსიკონი

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ტერმინების სანახავად აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


მნიშვნელოვნება
 
მნიშვნელოვნება იქ აღმოცენდება, სადაც რაღაცას ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ჭარბი პოტენციალია სუფთა სახით, რომლის აღმოფხვრისას წონასწორული ძალები ამ პოტენციალის შემქმნელს პრობლემებს უქმნის. მნიშვნელოვნება ორგვარია: შინაგანი და გარეგანი.
 
შინაგანი, ანუ საკუთარი მნიშვნელოვნება, საკუთარი ღირსებების ან ნაკლის გადაჭარბებული შეფასების სახით ვლინდება. შინაგანი მნიშვნელოვნების ფორმულა ასე ჟღერს: „მე მნიშვნელოვანი პერსონა ვარ“, ან „მე მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებ“. როდესაც მნიშვნელოვნების ისარი ზედმეტად იხრება, წონასწორული ძალები აქტიურდება - და „მნიშვნელოვანი პერსონა“ ცხვირში წკიპურტს იღებს. იმას, ვინც „მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს“, იმედგაცრუება ელის: ან ეს სამუშაო არავის დასჭირდება, ან ძალიან ცუდად შესრულდება. მეორე მხარეც არსებობს, კერძოდ კი, საკუთარი ღირსებების, საკუთარი თავის დამცირება. ჭარბი პოტენციალის სიდიდე ორივე შემთხვევაში ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ ნიშნებშია.
 
გარეგანი მნიშვნელოვნება ასევე ხელოვნურად იქმნება ადამიანის მიერ, როდესაც ის ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარე სამყაროს ობიექტს ან მოვლენას. გარეგანი მნიშვნელოვნების ფორმულაა: „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ამას“, ან „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის და ამის გაკეთება“. ამასთან იქმნება ჭარბი პოტენციალი, და ყველაფერი ფუჭდება. წარმოიდგინეთ, რომ მორზე უნდა გაიაროთ, რომელიც მიწაზე დევს. არაფერია უფრო მარტივი. ახლა კი უკვე ორ მაღალსართულიანი სახლის კიდეებზე გადებულ იგივე მორზე უნდა გაიაროთ. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და თავს საწინააღმდეგოში ვერ დაარწმუნებთ.
 


წარმატების ტალღა
 
წარმატების ტალღა თქვენთვის სასიკეთო ცხოვრების ხაზების გროვის სახით წარმოიქმნება. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და მათ შორის ასეთი ოქროს საბადოები. თუ ასეთი არაერთგვაროვნების განაპირა ხაზზე მოხვდით და წარმატება დაიჭირეთ, შეგიძლიათ ინერციით ისრიალოთ გროვის სხვა ხაზებზე, რასაც ახალი ბედნიერი გარემოებები მოჰყვება. მაგრამ თუ პირველ წარმატებას ისევ შავი ზოლი მოჰყვა, ე.ი. თქვენ დესტრუქციულმა ქანქარამ ჩაგიჭირათ და წარმატების ტალღას აგაცილათ.
 


არჩევანი
 
ტრანსერფინგი მიზნის მიღწევის პრინციპულად განსხვავებულ მიდგომას გთავაზობთ. ადამიანი ირჩევს, როგორც რესტორანში შეკვეთას, ისე რომ მიღწევის საშუალებებზე არ ზრუნავს. შედეგად მიზანი უმეტესწილად თავად რეალიზდება, შემკვეთის პირდაპირი მოქმედებებისგან დამოუკიდებლად. თქვენი სურვილები არ შესრულდება. ოცნებები არ აგიხდებათ. მაგრამ თქვენი არჩევანი  - უცვლელი კანონია, და ის აუცილებლად ასრულდება. არჩევანის არსის ორი სიტყვით ახსნა შეუძლებელია. მთელი ტრანსერფინგი იმის შესახებაა, რა არის არჩევანი და როგორ გავაკეთოთ ის.
 


სულის და გონების ერთიანობა
 
გონებას აქვს ნება, მაგრამ გარეგანი განზრახვის მართვა არ შეუძლია. სულს შეუძლია შეიგრძნოს თავისი იგივეობა გარეგან განზრახვასთან, მაგრამ არა აქვს ნება. ის ვარიანტთა სივრცეში უმართავი ფრანივით დაფრინავს. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ნებას დაუმორჩილოთ, სულის და გონების ერთობას უნდა მიაღწიოთ. ამ მდგომარეობაში სულის გრძნობები და გონების აზრები ერთიანდება. მაგალითად, ბედნიერების განცდის მომენტში ადამიანის სული „მღერის“, ხოლო გონება „სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს“. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია შექმნას. მაგრამ ისეც ხდება, რომ სული და გონება აღელვებისას, შიშისას და უსიამოვნებისას ერთიანდება. მაშინ სრულდება უარესი მოლოდინები. და ბოლოს, როდესაც საღი აზრი ერთს ამტკიცებს, ხოლო გული წინააღმდეგია, ეს ნიშნავს, რომ სულსა და გონებას შორის უთანხმოებაა.


მეთვალყურის გამოცანა
 
„ყოველ ადამიანს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. როგორ უნდა მოიპოვოთ ეს თავისუფლება?“ ადამიანმა არ იცის იმის შესახებ, რომ სასურველის მოპოვება კი არა, არამედ მისი უბრალოდ მიღება შეიძლება. სრულიად წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ნამდვილად ასეა. ამ გამოცანაზე პასუხს გაიგებთ, როდესაც წიგს „რეალობის ტრანსერფინგი“ თავიდან ბოლომდე წაიკითხავთ. ნუ შეეცდებით უცებ ბოლო თავში ჩაიხედოთ, რადგან პასუხი თქვენთვის გაუგებარი იქნება.
 


ნიშნები
 
გზამკვლევი ნიშნები ვარიანტთა დინების მომავალ შებრუნებაზე მიგვითითებს. როდესაც ისეთი რამ ახლოვდება, რასაც მოვლენათა მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, მიმანიშნებელი ნიშანი ჩნდება. როდესაც ვარიანტთა დინება უხვევს, თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე გადადიხართ. ყოველი ხაზი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია თავისი თვისებებით. ვარიანტთა დინებაში ნაკადმა შეიძლება სხვადასხვა ხაზები გადაკვეთოს. ცხოვრების ხაზებს ერთმანეთისგან მათი პარამეტრები განასხვავებს. ცვლილებები შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ განსხვავება მაინც შეიგრძნობა. სწორედ ამ თვისობრივ განსხვავებას ამჩნევთ ცნობიერად ან არაცნობიერად: თითქოს რაღაც ისე არაა.
 
გზამკვლევი ნიშნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც ცხოვრების სხვა ხაზზე გადასვლა იწყება. ცალკეული მოვლენები შეიძლება ვერც შეამჩნიოთ. მაგალითად ყვავმა დაიჩხავლა, თქვენ კი ყურადღება არ მიაქციეთ. თქვენ ვერ შეამჩნიეთ თვისობრივი განსხვავება, ე.ი. ჯერ კიდევ ძველ ხაზზე იმყოფებით. მაგრამ თუ მოვლენაში რაღაცამ შეგაშფოთათ, ე.ი. ეს ნიშანია. ნიშანი ჩვეულებრივი მოვლენისგან იმით განსხვავდება, რომ ის ყოველთვის ცხოვრების თვისობრივად განსხვავებულ ხაზზე დაწყებულ გადასვლას იუწყება.
 


ჭარბი პოტენციალი
 
ჭარბი პოტენციალი - დაძაბულობაა, თანაბარზომიერ ენერგეტიკულ ველში ლოკალური გადახრაა. ასეთი არაერთგვაროვნება აზრობრივი ენერგიით იქმნება, როდესაც რომელიმე ობიექტს გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, სურვილი - ჭარბი პოტენციალია, რადგან ის მიისწრაფის სასურველი საგანი იქ მიიზიდოს, სადაც ის არ არის. მტანჯველი სურვილი გქონდეთ ის, რაც არ გაქვთ, ქმნის ენერგეტიკულ „წნევის ვარდნას“, რომელიც წონასწორული ძალების ქარს იწვევს. ჭარბი პოტენციალების სხვა მაგალითებია: უკმაყოფილება, განკითხვა, აღფრთოვანება, თაყვანისცემა, გაიდეალება, გადაფასება, სიძულვილი, ამპარტავნება; უპირატესობის, დანაშაულის, არასრულყოფილების გრძნობა.


 

ინდუცირებული გადასვლა
 
კატასტროფები, სტიქიური უბედურებები, შეიარაღებული კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისები სპირალურად ვითარდება. ჩასახვა, დაქოქვა, მზარდი დაძაბულობა, შემდეგ კულმინაცია, ემოციების დუღილი, და ბოლოს გადაწყვეტა - მთელი ენერგია სივრცეში იფრქვევა, და დროებითი სიმშვიდე ისადგურებს. დაახლოებით ასე მუშაობს მორევიც.
 
ადამიანთა ჯგუფების ყურადღება ქანქარის მარყუჟში ექცევა, რომელიც სულ უფრო ძლიერად ტრიალებს და ადამიანებს ცხოვრების უბედურების ხაზებზე ითრევს. ადამიანი ქანქარის პირველ ბიძგზე რეაგირებს - მაგალითად, ნეგატიურ მოვლენაზე, მონაწილეობს განვითარებაში და სპირალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდება, რომელიც ვითარდება და მორევის მსგავსად ჩაითრევს მას.
 
მორევში ჩათრევის მოვლენა ისეთ ცხოვრების ხაზზე ინდუცირებულ გადასვლად განისაზღვრება, სადაც ადამიანი მსხვერპლი ხდება. ქანქარის ბიძგზე მისი გამოპასუხება და შემდგომი რხევების ენერგიით ორმხრივი მომარაგება ცხოვრების ისეთ ხაზზე გადასვლის ინდუცირებას იწვევს, რომელიც ქანქარის რხევების სიხშირის მსგავსია. შედეგად მოცემული ადამიანის სამყაროს ნიშაში ნეგატიური მოვლენა ირთვება.
 


მნიშვნელოვნების კოორდინაცია
 
ნურაფერს მიანიჭებთ ზედმეტ მნიშვნელობას. თქვენი მნიშვნელობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. ქანქარები ადამიანებს მნიშვნელოვნების ძაფებით მარიონეტებივით მართავენ. ადამიანს მნიშვნელოვნების ძაფების ხელიდან გაშვების ეშინია, რადგან დამოკიდებულების ტყვეობაშია, რომელიც საყრდენის და თავდაჯერების ილუზიას ქმნის.
 
თავდაჯერება ისევ ის თავდაუჯერებლობის ჭარბი პოტენციალია, ოღონდ საპირისპირო ნიშნით. გაცნობიერებულობა და განზრახვა ქანქარების თამაშის იგნორირების და სასურველის უბრძოლველად მიღწევის საშუალებას იძლევა. ხოლო როდესაც თავისუფლება არსებობს ბრძოლის გარეშე, მაშინ თავდაჯერება საჭირო არაა. თუ მნიშვნელოვნებისგან თავისუფალი ვარ, არაფერი მაქვს დასაცავი და მოსაპოვებელი - უბრალოდ წყნარად მივდივარ და ჩემსას ვირჩევ.
 
ქანქარებისგან გასათავისუფლებლად შინაგან და გარეგან მნიშვნელოვნებაზე უარის თქმაა საჭირო. პრობლემები და წინაღობები მიზნისკენ გზაზე ასევე მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალების შედეგის სახით ჩნდება. წინაღობები მნიშვნელოვნების ფუნდამენტზე დგას. თუ მნიშვნელოვნებას გააზრებულად მოვიცილებთ, წინაღობები თავად გაცამტვერდება.
 


განზრახვის კოორდინაცია
 
ნეგატივისკენ მიდრეკილ ადამიანებში უარესი მოლოდინების რეალიზაცია ადასტურებს, რომ ადამიანს მოვლენათა მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვს. ვარიანტთა სივრცეში ყოველ მოვლენას ცხოვრების ხაზზე ორი განშტოება აქვს - ხელსაყრელი და არახელსაყრელი მიმართულებით. ყოველ ჯერზე, ამა თუ იმ მოვლენასთან შეჯახებისას, თქვენ არჩევანს აკეთებთ, როგორი დამოკიდებულება გქონდეთ მასთან. თუ მოვლენას პოზიტიურად აფასებთ, ცხოვრების ხელსაყრელ ხაზზე ხვდებით. მაგრამ ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება უკმაყოფილების გამოხატვას და არახელსაყრელი განშტოების არჩევას გაიძულებთ.
 
როგორც კი რაღაცამ გაგაღიზიანათ, მას სხვა უსიამოვნება მოყვება კვალად. ასე გამოდის, რომ „უბედურება მარტო არასდროს მოდის“. მაგრამ უსიამოვნებათა რიგი არა თავად უბედურებას, არამედ მისდამი თქვენს დამოკიდებულებას მოჰყვება. კანონზომიერება თქვენი არჩევანით ფორმირდება, რომელსაც გზაჯვარედინზე აკეთებთ. ნეგატივიზმისკენ თქვენი მიდრეკილების ხარისხის გააანალიზებით შეგიძლიათ წარმოდგენა შეიქმნათ, საით მიჰყავხართ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნეგატიური განშტოებების ასეთ ჯაჭვს.
 
განზრახვის კოორდინაციის პრინციპი ასე ჟღერს. თუ სცენარში თქვენს მიერ ნეგატიურად დანახულ ცვლილებას პოზიტიურად შეცვლით, მაშინ ყველაფერი სწორედ ასე იქნება. ამ პრინციპით ხელმძღვანელობით ისეთივე წარმატებას მიაღწევთ პოზიტიურში, როგორსაც ნეგატივისტები აღწევენ თავიანთ უარეს მოლოდინებში.
 


ცხოვრების ხაზი
 
ადამიანის ცხოვრება, როგორც მატერიის სხვა ნებისმიერი მოძრაობა, მიზეზების და შედეგების ჯაჭვს წარმოადგენს. ვარიანტთა სივრცეში შედეგი ყოველთვის მისი გამომწვევი მიზეზის ახლოს მდებარეობს. როგორც ერთი გამომდინარეობს მეორედან, ასევე სივრცის ახლომდებარე სექტორები ცხოვრების ხაზებად ლაგდება. სცენარები და დეკორაციები ცხოვრების ერთ ხაზზე მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია თავისი თვისებებით. ადამიანის ცხოვრება თანაბარზომიერად მიედინება თავის ხაზზე მანამ, სანამ არ მოხდება მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის სცენარს და დეკორაციებს. მაშინ ბედი გეზს იცვლის და ცხოვრების სხვა ხაზზე გადადის. თქვენ ყოველთვის იმ ხაზებზე იმყოფებით, რომელთა პარამეტრებსაც თქვენი აზრობრივი გამოსხივება აკმაყოფილებს. სამყაროსადმი თქვენი დამოკიდებულების, ანუ საკუთარი აზროფორმის ცვლილებით თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე გადადიხართ, მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტებით.
 


მატერიალური რეალიზაცია
 
ვარიანტთა სივრცის ინფორმაციული სტრუქტურა გარკვეულ პირობებში შეიძლება მატერიალიზდეს. ყოველ აზრს, ისევე როგორც სივრცის სექტორს, გარკვეული პარამეტრები აქვს. შესაბამის სექტორზე „მინათებული“ აზრობრივი გამოსხივება შესატყვის ვარიანტს ახორციელებს.
 
ამგვარად აზრები უშუალოდ ზემოქმედებენ მოვლენათა მიმდინარეობაზე.
 
ვარიანტთა სივრცე შაბლონს წარმოადგენს, ის მატერიის მოძრაობის ფორმას და ტრაექტორიას განსაზღვრავს. მატერიალური რეალიზაცია მოძრაობს სივრცესა და დროში, მაგრამ ვარიანტები ადგილზე რჩებიან და მარად არსებობენ. ყოველი ცოცხალი არსება თავისი აზრობრივი გამოსხივებით საკუთარი სამყაროს ნიშას ქმნის. ჩვენს სამყაროში მრავალი ცოცხალი ორგანიზმია, და ყოველ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს რეალობის ფორმირებაში.
 


ქანქარები
 
აზრობრივი ენერგია მატერიალურია, და ის უკვალოდ არ ქრება. როდესაც ადამიანთა ჯგუფები ერთი მიმართულებით ფიქრს იწყებენ, მათი „აზრობრივი ტალღები“ ერთმანეთს ედება, და ენერგიის ოკეანეში იქმნება უხილავი, მაგრამ რეალური ენერგოინფორმაციული სტრუქტურები - ქანქარები. ეს სტრუქტურები დამოუკიდებლად განვითარებას იწყებენ და ადამიანებს თავიანთ კანონებს უმორჩილებენ. დესტრუქციული ქანქარის ტყვეობაში მოხვედრილი ადამიანი თავისუფლებას კარგავს - ის დიდ მექანიზმში ჭანჭიკად იქცევა.
 
ქანქარა მით უფრო ძლიერად „ბრუნავს“, რაც მეტი ადამიანი - მიმდევარი - კვებავს მას თავისი ენერგიით. ყოველ ქანქარას თავისი დამახასიათებელი რხევათა სიხშირე აქვს. მაგალითად, საქანელას გაქანავება მხოლოდ გარკვეული სიხშირის ძალისხმევით შეიძლება. ამ სიხშირეს რეზონანსული ეწოდება. თუ ქანქარის მიმდევართა რაოდენობა მცირდება, მისი რხევები ქრება. როდესაც მიმდევრები აღარ რჩება, ქანქარა ჩერდება და როგორც არსება კვდება.
 
ადამიანისგან ენერგიის გამოსაქაჩად ქანქარები მის გრძნობებს და რეაქციებს ეჭიდებიან: ბრაზს, უკმაყოფილებას, სიძულვილს, გაღიზიანებას, შფოთვას, პანიკას, შიშს, აღელვებას, დათრგუნულობას, სიბრალულს, მიჯაჭვულობას, აღფრთოვანებას, სინაზეს, გაიდეალებას, აღტაცებას, იმედგაცრუებას, სიამაყეს, ამპარტავნებას, ზიზღს, ვალდებულების გრძნობას, დანაშაულის გრძნობას და ა.შ
 
დესტრუქციული ქანქარის გავლენას დამორჩილებული ადამიანისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ქანქარას თავისი მსხვერპლი იმ ცხოვრების ხაზებიდან შორს მიჰყავს, რომელზეც ადამიანს საკუთარი ბედნიერების პოვნა შეუძლია. თავსმოხვეული მიზნებისგან გათავისუფლებაა საჭირო, რომლებისთვის ბრძოლისას ადამიანი სულ უფრო მეტად შორდება საკუთარ გზას.
 
ქანქარა, თავისი არსით, ეგრეგორს წარმოადგენს, მაგრამ ამით ყველაფერი არაა ნათქვამი. ცნება „ეგრეგორი“ არ ასახავს ადამიანის ენერგოინფორმაციულ არსებებთან ურთიერთქმედებების ნიუანსების მთელ კომპლექსს.
 


განზრახვა
 
განზრახვის მიახლოებით შეიძლება განისაზღვროს როგორც ფლობის გადაწყვეტილება და მოქმედება. რეალიზდება არა სურვილი, არამედ განზრახვა. ისურვეთ ხელის აწევა. სურვილი აზრებშია გაფორმებული: თქვენ იცნობიერებთ, რომ ხელის აწევა გსურთ. სურვილი სწევს ხელს? არა, თავისთავად სურვილი არავითარ მოქმედებას არ იწვევს. ხელი მხოლოდ მას შემდეგ აიწევა, როდესაც სურვილის შესახებ აზრები გადამუშავდა და მხოლოდ მოქმედების გადაწყვეტილება დარჩა. იქნებ მოქმედების გადაწყვეტილება სწევს ხელს? არც ეს. თქვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ხელს ასწევთ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იძვრის ადგილიდან. რა სწევს ხელს? როგორ განვსაზღვროთ ის, რაც გადაწყვეტილებას მოსდევს?
 
აი აქ ვლინდება გონების უსუსურობა გასაგებად ახსნას, რას წარმოადგენს განზრახვა. განზრახვის ჩვენი განსაზღვრება როგორც ფლობის გადაწყვეტილება და მოქმედება წარმოადგენს მხოლოდ ძალის პრელუდიას, რომელიც, თავისთავად, ახორციელებს კიდეც მოქმედებას. მხოლოდ ფაქტის კონსტატირებაღა რჩება, რომ ხელს სწევს არა სურვილი და გადაწყვეტილება, არამედ განზრახვა.
 
განზრახვა იყოფა შინაგან და გარეგან განზრახვად. შინაგანი განზრახვა გულისხმობს გარე სამყაროზე აქტიურ ზემოქმედებას - ესაა მოქმედების გადაწყვეტილება. გარეგანი განზრახვა - ესაა ფლობის გადაწყვეტილება, როდესაც სამყარო თავად ემორჩილება ადამიანის ნებას. შინაგანი განზრახვა - ესაა მიზნისკენ საკუთარი მოძრაობის პროცესზე ყურადღების კონცენტრაცია. გარეგანი - ყურადღების კონცენტრირება იმაზე, როგორ რეალიზდება მიზანი თავად. შინაგანი განზრახვით მიზანი მიიღწევა, გარეგანით - აირჩევა. ყველაფერი, რაც მაგიასთან და პარანორმალურ მოვლენებთანაა დაკავშირებული, გარეგანი განზრახვის სფეროს ეკუთვნის. ყველაფერი, რისი მიღწევაც ჩვეულებრივი მსოფლმხედველობის საზღვრებში შეიძლება, შინაგანი განზრახვის ძალით მიიღწევა.
 


დამოკიდებულების ურთიერთობები
 
დამოკიდებულების ურთიერთობები განისაზღვრება პირობის დაყენებით, მაგალითად „თუ შენ ასე იქცევი, მე ასე მოვიქცევი“. „თუ გიყვარვარ, ე.ი. ყველაფერს დაყრი და ჩემთან ერთად წამოხვალ ქვეყნიერების კიდეზე. თუ ცოლად არ მითხოვ (ცოლად არ გამომყვები), ე.ი. არ გიყვარვარ. თუ შემაქებ, შენთან ვიმეგობრებ. თუ შენს ნიჩაბს არ მომცემ, მოედნიდან გაგაგდებ“.
 
როდესაც სიყვარული დამოკიდებულების ურთიერთობებში გადადის, აუცილებლად წარმოიქმნება პოლარიზაცია და წონასწორობა ირღვევა. უპირობო სიყვარული - ესაა სიყვარული ფლობის უფლების გარეშე, აღფრთოვანება თაყვანისცემის გარეშე. სხვა სიტყვებით, ასეთი გრძნობა არ ქმნის დამოკიდებულ ურთიერთობებს მათ შორის, ვისაც უყვარს, და მისი სიყვარულის საგანს შორის.
 
წონასწორობა იმ შემთხვევაშიც ირღვევა, თუ ერთს მეორეს ადარებენ ან უპირისპირებენ: „ჩვენ ასეთები ვართ, ისინი კი სხვანაირები!“ მაგალითად, ნაციონალური სიამაყე: რომელ ერებთან მიმართებაში? არასრულფასოვნების გრძნობა: ვისთან შედარებით? ან საკუთარი თავით სიამაყე: ვისთან შედარებით?
 
სადაც დაპირისპირებაა, იქ აუცილებლად ერთვება საქმეში წონასწორული ძალები. მათი მოქმედება მიმართულია ან იქით, რომ დაპირისპირების სუბიექტები ერთმანეთს მოწყვიტოს, ან შეაერთოს - ორმხრივი თანხმობისთვის, ან შეჯახებისთვის. თუ პოლარიზაცია თქვენი შექმნილია, ძალის მოქმედება პირველ რიგში თქვენს საწინააღმდეგოდ იქნება მომართული.
 


პოლარიზაცია
 
ჭარბი პოტენციალები წარმოიქმნება, როდესაც რომელიღაც თვისებებს გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. დამოკიდებულების ურთიერთობები კი ადამიანებს შორის მაშინ იბადება, თუ ისინი ერთმანეთს ედრებიან, უპირისპირდებიან და პირობებს უყენებენ ერთიმეორეს: „თუ შენ ასე იქცევი, მაშინ მე ასე მოვიქცევი“. თავისთავად ჭარბი პოტენციალი საშიში არაა მანამ, სანამ დამახინჯებული შეფასება მიმართების გარეშე, თავისთვის არსებობს. მაგრამ როგორც კი ერთი ობიექტის ხელოვნურად ამაღლებული შეფასება შედარებით ურთიერთობაში დგება მეორესთან მიმართებით, იქმნება პოლარიზაცია, იბადება წონასწორული ძალების ქარი. წონასწორული ძალები წარმოქმნილი პოლარიზაციის გაქარწყლებისკენ ისწრაფვიან, და მათი მოქმედება უმეტესწილად მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, ვინც ეს პოლარიზაცია შექმნა.
 


ვარიანტთა სივრცე
 
ვარიანტთა სივრცე ინფორმაციულ სტრუქტურას წარმოადგენს. ესაა ინფორმაციის უსასრულო ველი, რომელიც ყველა მოვლენის ნებისმიერ ვარიანტს შეიცავს, რომელიც შეიძლება მოხდეს. შეიძლება ითქვას, ვარიანტთა სივრცეში არის ყველაფერი, რაც იყო, არის და იქნება. ვარიანტთა სივრცე შაბლონს, საკოორდინაციო ბადეს წარმოადგენს მატერიის მოძრაობისთვის დროსა და სივრცეში. როგორც წარსული, ასევე მომავალი იქ სტაციონარულად ინახება, როგორც კინოლენტაზე, ხოლო დროის ეფექტი მხოლოდ ცალკეული კადრის გადაადგილების შედეგად ვლინდება, რომელშიც აწმყო მჟღავნდება.
 
სამყარო ერთდროულად ორი ფორმით არსებობს: ფიზიკური რეალობის, რომლის ხელით შეხება შეიძლება, და ვარიანტთა მეტაფიზიკური სივრცის სახით, რომელიც აღქმის მიღმა მდებარეობს, მაგრამ ნაკლებად ობიექტური არაა. მაგრამ ამ საინფორმაციო ველის წვდომა პრინციპში შესაძლებელია.
 
სწორედ იქიდან მოდის ინტუიციური ცოდნა და ნათელხილვა. გონებას არ ძალუძს რაიმე პრინციპულად ახლის შექმნა. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის აწყობა შეუძლია ძველი კუბებით. ტვინი თავად ინფორმაციას კი არ ინახავს, არამედ ასე ვთქვათ ინფორმაციის მისამართს ვარიანტთა სივრცეში. ყველა სამეცნიერო აღმოჩენას და ხელოვნების შედევრებს გონება იღებს ვარიანტთა სივრციდან სულის მეშვეობით.
 
სიზმრები არ წარმოადგენს ილუზიას ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. გონება ვერ წარმოიდგენს საკუთარ სიზმრებს - ის მათ სინამდვილეში ხედავს. ის, რასაც ჩვენ რეალობაში ვაკვირდებით, - რეალიზებული ვარიანტებია. სიზმარში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის, რაც არ რეალიზებულა, ანუ პიესები ვირტუალური სცენარებითა და დეკორაციებით. სიზმრები გვიჩვენებენ იმას, რაც შეიძლება მომხდარიყო წარსულში ან მომავალში. სიზმარხილვა - ვარიანტთა სივრცეში სულის მოგზაურობაა.


 

წონასწორული ძალები
 
ყველგან, სადაც ჭარბი პოტენციალია, წონასწორული ძალები იქმნება, რომელიც მის გაქარწყლებაზეა მიმართული. პოტენციალს ადამიანის აზრობრივი ენერგია ქმნის, როდესაც რომელიმე ობიექტს ის გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 
მაგალითად, შევადაროთ ორი სიტუაცია: თქვენ დგახართ საკუთარ სახლში იატაკზე, და დგახართ უფსკრულის კიდესთან. პირველ შემთხვევაში თქვენ ეს საერთოდ არ გაღელვებთ. მეორე შემთხვევაში - სიტუაციას თქვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს: ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, და გამოუსწორებელი მოხდება. ენერგეტიკულ დონეზე იმ ფაქტს, რომ თქვენ უბრალოდ დგახართ, ერთნაირი მნიშვნელობა აქვს როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში. მაგრამ, უფსკრულის პირას მდგომი, თქვენ თქვენი შიშით დაძაბულობას ამწვავებთ, ენერგეტიკულ ველში არაერთგვაროვნებას ქმნით. შედეგად იქმნება წონასწორული ძალები, რომლებიც ამ არაერთგვაროვნების მოცილებაზეა მიმართული. თქვენ რეალურადაც კი შეგიძლიათ მათი მოქმედების შეგრძნება: ერთი მხრივ, აუხსნელი ძალა ქვევით გექაჩებათ, მეორე მხრივ კი - კიდესგან მოშორებით ნაბიჯის გადადგმას გაიძულებთ. თქვენი შიშის ჭარბი პოტენციალის გასაქარწყლებლად ხომ წონასწორულ ძალებს თქვენი ან კიდისგან მოშორება ან ძირს ჩაგდება სჭირდება. სწორედ ამ მოქმედებას გრძნობთ თქვენ.
 
წონასწორული ძალების მოქმედება ჭარბი პოტენციალების გასაქარწყლებლად პრობლემების უდიდეს წილს შობს. მათი მზაკვრულობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უფრო ხშირად იღებს განზრახვის საპირისპირო შედეგს. ამასთან სრულიად გაუგებარია, მაინც რა ხდება. აქედან იბადება შეგრძნება, რომ მოქმედებს რაღაც აუხსნელი, ბოროტი ძალა, თავისებური „მუხანათური კანონი“.
 


ვარიანტთა სივრცის სექტორი
 
სივრცის ყოველ წერტილში არსებობს ამა თუ იმ მოვლენის საკუთარი ვარიანტი. გაგების გამარტივებისთვის ჩავთვალოთ, რომ ვარიანტი შედგება სცენარისგან და დეკორაციებისგან. დეკორაციები - ესაა გამოვლინების გარეგნული სახე ანუ ფორმა, სცენარი კი - გზა, რომლითაც მატერია მოძრაობს. მოსახერხებელი რომ იყოს, შეგვიძლია ვარიანტთა სივრცე სექტორებად დავყოთ. ყოველ სექტორს თავისი სცენარი და დეკორაციები აქვს. რაც უფრო დაშორებულია სექტორები, მით მეტი განსხვავებაა სცენარებსა და დეკორაციებს შორის. ადამიანის ბედიც მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. თეორიულად არ არსებობს არავითარი შეზღუდვა ადამიანის ბედის შესაძლებელ შეტრიალებაში, რადგან ვარიანტთა სივრცე უსასრულოა.
 


სლაიდი
 
ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და გარე სამყაროზე უფრო ხშირად ჭეშმარიტებისგან საკმაოდ შორსაა. დამახინჯებას ჩვენი სლაიდები იწვევს. მაგალითად, თქვენ საკუთარი ნაკლი გაწუხებთ და ამის გამო არასრულფასოვნების გრძნობა გაქვთ, რადგან გეჩვენებათ, რომ ეს არც სხვებს მოსწონთ და ისინი ამის გამო არ მიგიღებენ. მაშინ, ადამიანებთან ურთიერთობისას, თქვენს „პროექტორში“ დებთ არასრულფასოვნების კომპლექსის სლაიდს და ყველაფერს დამახინჯებულად ხედავთ.
 
სლაიდი  - რეალობის დამახინჯებული სურათია თქვენს გონებაში. ნეგატიური სლაიდი, როგორც წესი, სულის და გონების ერთობას ბადებს, და ამიტომ სინამდვილეში ხორციელდება. ჩვენი უარესი მოლოდინები მართლდება. ნეგატიური სლაიდები შეიძლება პოზიტიურად გარდავქმნათ და ჩვენზე მუშაობა ვაიძულოთ. თუ თქვენ გააზრებულად ქმნით პოზიტიურ სლაიდს, მას გასაოცარი სახით შეუძლია თქვენი სამყაროს ნიშას ტრანსფორმირება. მიზნობრივი სლაიდი - წარმოსახვითი სურათია იმის შესახებ, თითქოს მიზანი უკვე მიღწეულია. სლაიდის სისტემატური ვიზუალიზაცია ვარიანტთა სივრცის შესაბამისი სექტორის მატერიალიზაციას იწვევს.


 

სამყაროს ნიშა
 
ყოველი ცოცხალი ორგანიზმი აზრების ენერგიით ვარიანტთა სივრცის გარკვეული სექტორის მატერიალიზაციას ახდენს და საკუთარი სამყაროს ნიშას ქმნის. ყველა ამ ნიშას ერთმანეთზე ზედდება ხდება, და ამიტომ ყველა არსებას თავისი წვლილი შეაქვს რეალობის ფორმირებაში.
ადამიანი თავისი მსოფლშეგრძნებით ინდივიდუალურ სამყაროს ნიშას - ცალკეულ რეალობას ქმნის. ეს რეალობა, ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით, ამა თუ იმ ელფერს იძენს. ხატოვნად თუ ვიტყვით, იქ გარკვეული ამინდის პირობები ისადგურებს: მზით განათებული სისხამი დილა თუ მოღრუბლული და თავსხმა წვიმა, ან ქარიშხალი ღმუის, ან საერთოდ ბუნებრივი კატასტროფა ხდება.
 
ინდივიდუალური რეალობა ორი გზით ფორმირდება: ფიზიკურით და მეტაფიზიკურით. სხვა სიტყვებით, საკუთარ სამყაროს ადამიანი თავისი მოქმედებითა და აზრებით აშენებს. აზროფორმები აქ მთავარ როლს თამაშობს, რადგან მატერიალური პრობლემების მნიშვნელოვან წილს ქმნის, რომლებთან ბრძოლაც უწევს ადამიანს დროის უდიდეს ნაწილში. ტრანსერფინგს საქმე აქვს მხოლოდ მეტაფიზიკურ ასპექტთან.
 


ვარიანტთა დინება
 
ინფორმაცია ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად, მატრიცის სახით დევს. ინფორმაციის სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული ჯაჭვებითაა ორგანიზებული. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვარიანტთა დინებას აჩენს.
 
მშფოთვარე გონება გამუდმებით განიცდის ქანქარების ბიძგებს და სიტუაციის გაკონტროლების მცდელობით ყველა პრობლემის გადაჭრას ლამობს. გონების გადაწყვეტილებები - ძირითად შემთხვევაში წყალზე ხელების უაზრო ტყაპუნია. პრობლემათა, განსაკუთრებით მცირე პრობლემების უმეტესობა თავისთავად გვარდება, თუ ვარიანტთა დინებას ხელს არ შევუშლით.
მთავარი მიზეზი, რომლის გამოც არ ღირს დინების აქტიური შეწინააღმდეგება, იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს უსარგებლოდ ან საზიანოდ იხარჯება ბევრი ენერგია. დინება უმცირესი წინააღმდეგობის გზით მიდის, ამიტომ პრობლემის ყველაზე ეფექტიან და რაციონალურ გადაჭრას შეიცავს. დინების შეწინააღმდეგება, პირიქით, მრავალ ახალ პრობლემას აჩენს.
 
გონების მძლავრი ინტელექტი საჭირო არაა, თუ პასუხი უკვე არსებობს ვარიანტთა სივრცეში. სიღრმეში თუ არ შევტოპავთ და ვარიანტთა დინებას ხელს არ შევუშლით, პასუხი, ამასთან ყველაზე ოპტიმალური, თავად მოვა. ოპტიმალურობა უკვე ჩადებულია საინფომაციო ველის სტრუქტურაში. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით მცირე ენერგომოცულობის ვარიანტები ხორციელდება. ბუნება ენერგიას ტყუილად არ ხარჯავს.
 


ტრანსერფინგი
 
სიტყვა „ტრანსერფინგი“ მე არ გამომიგონებია, ის იქიდან დამეცა თავზე, საიდანაც სხვა დანარჩენი ტერმინი და საერთოდ წიგნის მთელი შინაარსი მოვიდა. მისი მნიშვნელობა მეც კი არ მესმოდა გარკვეულ დრომდე. აქ ასოციაციები როგორ მივუსადაგოთ, ისიც კი გაუგებარია. ამ სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება განიმარტოს როგორც „ვარიანტთა სივრცეში სრიალი“, ან „რეალობაში პოტენციურად შესაძლებელი ვარიანტის ტრანსფორმაცია“, ან „ცხოვრების ხაზებზე გადასვლა“. მაგრამ ზოგადი გაგებით, თუ თქვენ ტრანსერფინგით ხართ დაკავებული, ე.ი. წარმატების ტალღაზე ბალანსირებთ.
 


ფრეილინგი
 
ფრეილინგი - ესაა ადამიანური ურთიერთობების ეფექტიანი ტექნოლოგია, რომელიც ტრანსერფინგის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ფრეილინგის მთავარი პრინციპის ფორმულირება ასე შეიძლება: უარი თქვით მიღების განზრახვაზე, შეცვალეთ ის გაცემის განზრახვით, და მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.
 
ამ პრინციპის მოქმედება ეფუძნება იმას, რომ თქვენი გარეგანი განზრახვა იყენებს პარტნიორის შინაგან განზრახვას ისე, რომ მის ინტერესებს არ აზიანებს. შედეგად თქვენ ადამიანისგან იმას იღებთ, რასაც შინაგანი განზრახვის ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მიაღწიეთ. ამ პრინციპით ხელმძღვანელობით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევთ პირად და საქმიან ურთიერთობებში.
 


მიზნები და კარები
 
ყოველ ადამიანს თავისი უნიკალური გზა აქვს, რომელზეც ის ამ ცხოვრებაში ჭეშმარიტ ბედნიერებას მოიპოვებს. ქანქარები ადამიანს თავს ახვევენ მისთვის უცხო მიზნებს, რომლებიც მას თავიანთი პრესტიჟულობით და მიუწვდომლობით იზიდავენ. ცრუ მიზნების დევნით ან ვერაფერს მიაღწევთ, ან, თუ მიაღწევთ, მიხვდებით, რომ ეს არაფერში გჭირდებათ.
 
თქვენი მიზანი თქვენს ცხოვრებას დღესასწაულად აქცევს. თქვენი მიზნის მიღწევა სხვა დანარჩენი სურვილების შესრულებას მოიზიდავს, ამასთან შედეგები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. თქვენი კარი ის გზაა, რომელიც თქვენს მიზანთან მიგიყვანთ.
 
თუ თქვენი მიზნისკენ მიდიხართ თქვენი კარის გავლით, ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს, რადგან თქვენი სულის გასაღები იდეალურად ერგება თქვენი გზის საკეტს. თქვენსას ვერავინ წაგართმევთ. ასე რომ თქვენი მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ თქვენი მიზანი და თქვენი კარი უნდა იპოვოთ. ტრანსერფინგი გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს.

მსგავსი სტატიები

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff