(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ. სხვა, გაცილებით ეფექტიანი ალტერნატივა არსებობს. კოორდინაცია - ესაა მარტივი მეთოდი იაზროვნოთ და იმოქმედოთ ისე, რომ იღბალი ყოველთვის თქვენს მხარეზე იყოს. ეს იგივეა, ველოსიპედის ტარება ისწავლოთ. როგორც კი გამოგივათ, ცხოვრება დიდ სიამოვნებად გექცევათ.
მე არ მსურს და არ ვიმედოვნებ - მე ვაპირებ.
ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)
თავდაუჯერებლობის ლაბირინთი
საჭირო კარის გავლით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი თავის გარდა ხელს ვერავინ შეგიშლით. უფრო ზუსტად კი, დაბრკოლება მხოლოდ რწმენის არქონას და თავდაუჯერებლობას შეუძლია. ზოგადად, რწმენის არქონა და თავდაუჯერებლობა - ერთი და იგივეა. ერთიც და მეორეც შინაგან განზრახვას უეფექტოს, გარეგან განზრახვას კი - პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
მდგომარეობაში, როდესაც საკუთარი თავის არ გჯერათ, ყველაფერს აუცილებლად ცუდად გააკეთებთ. რაც უფრო მაღალია კარგად მოქმედების სურვილის დაძაბულობა, მით უარესია შედეგი. საკუთარი შესაძლებლობების რწმენის არქონა გარეგანი პრობლემების სირთულის გადამეტებულ შეფასებასთან ერთად შებოჭილობის ან გახევების მდგომარეობას იწვევს. გახევების ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ შებოჭილობა საკუთარ თავს უჭერს. მიზნის გარეგანი მნიშვნელოვნება მისი მიღწევის მტანჯველ სურვილს ბადებს. შინაგანი მნიშვნელოვნება საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებას შობს. ეს ყველაფერი კი თავდაუჯერებლობაში ერთიანდება.
თავდაუჯერებლობა მთელი ძალით მარწუხივით უჭერს შინაგანი განზრახვის მიზანსწრაფვას. წონასწორული ძალების მოქმედებაც კი რომ არ გავითვალისწინოთ, ასეთი მოჭერის ეფექტი განზრახვის საპირისპირო იქნება. ენერგია ერთდროულად რამდენიმე ჭარბი პოტენციალის შენარჩუნებაზე იხარჯება. შეხედეთ, რამდენია: შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნება, მტანჯველი სურვილი, საკუთარი თავის ფლობისა და სიტუაციის გაკონტროლებისკენ სწრაფვა. თავისუფალი ენერგია ამ ყველაფერს უბრალოდ არ ჰყოფნის. ადამიანი შებოჭილად, შეკრულად გრძნობს თავს და მცდარად და მოუქნელად მოქმედებს. შედეგად კონტროლის მარწუხი კიდევ უფრო იკუმშება.
ამგვარად კი გახევებამდე შეიძლება მისვლა, როდესაც ადამიანს აღარც მოძრაობა, და აღარც გასაგებად საუბარი შეუძლია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მისი განზრახვა მარწუხებშია მოქცეული. მაგრამ სინამდვილეში განზრახვა საერთოდ არაა. მთელი განზრახვის ენერგია ჭარბი პოტენციალის შენარჩუნებაზე დაიხარჯა. შფოთვის და მღელვარების ფორმით გამოხატული თავდაუჯერებლობა პირდაპირ ქანქარების საკვებს წარმოადგენს. შფოთვა იბადება მაგალითად შემდეგი პროგნოზით: „რა იქნება, თუკი...“ თავდაუჯერებლობის მდგომარეობაში, როგორც წესი, პროგნოზი პესიმისტურია. ენერგია მომენტალურად ნეგატიური სცენარებისა და ამ თემაზე განცდების გენერირებისკენ მიემართება. აქვე იხარჯება განზრახვის ენერგია. მღელვარება, შფოთვა და შიში - ცუდი მოლოდინების მძლავრი გენერატორებია, რომლებიც, როგორც იცით, სრულდება.
თავდაუჯერებლობის კიდევ ერთი უხვი წყარო - დანაშაულის გრძნობაა, რომელიც არასრულფასოვნების, ნაკლოვანების, უღირსობის თაიგულად იფურჩქნება. რომელ თავდაჯერებულობაზეა საუბარი! დანაშაულის გრძნობა და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, ენერგეტიკული არხების შევიწროვებას იწვევს. განზრახვის ენერგია ამ დროს მხოლოდ დუნედ, მერყევად და უნიჭოდ მოქმედებას ჰყოფნის. ამასთან, თუ დანაშაულის გრძნობისკენ ხართ მიდრეკილი, თქვენს ირგვლივ მუდამ მანიპულატორები იტრიალებენ, როგორც სინათლის წყაროსთან მოფარფატე პეპლები. გრძნობენ რა სისუსტეს, ისინი თქვენს ხარჯზე იმკვიდრებენ თავს და სიამოვნებით შთანთქავენ დაუცველ ენერგიას. ისინი მუდამ თქვენს დანაშაულის განცდაზე თამაშობენ, თქვენ კი გაუთავებლად ახსნა-განმარტებას მიმართავთ და თავს იმართლებთ მათ წინაშე, რითიც კიდევ უფრო აძლიერებთ თქვენს თავდაუჯერებლობას.
თავდაუჯერებლობა ჩაკეტილ წრეს ქმნის. რაც უფრო ძლიერია მნიშვნელოვნება და სურვილი, მით უფრო დიდია თავდაუჯერებლობა. რაც უფრო მეტად ებღაუჭებით საკუთარი თავის და სიტუაციის კონტროლს, მით უფრო ძლიერია შებოჭილობა. რაც მეტია შფოთვა და მღელვარება, მით უფრო მალე ხდება მათი გამართლება. დანაშაულის გრძნობა კი ფაქტობრივად ცხოვრებას ხელმოცარული ადამიანის გასაცოდავებულ უაზრო ყოფად აქცევს.
ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევის მცდელობისას, ადამიანი თავდაჯერებულობის ნებისმიერი გზით მოპოვებისკენ მიისწრაფის. ერთ-ერთი მეთოდი - გარშემომყოფ სამყაროზე დაუყოვნებლივ თავდასხმაა. თავდასხმისას, ადამიანი გამაფრთხილებელი მოძრაობით ძალის დემონსტრირებას და თავდაუჯერებლობის დამალვას ცდილობს. სამყაროზე ზეწოლით და სიმტკიცით ზემოქმედებით, ადამიანს საკუთარი თავდაჯერებულობის კედლის აღმართვა სურს. ასეთი გზა დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვს, მაგრამ თავდაჯერებულობის კედელი მაინც ინგრევა. ძალისმიერი ზემოქმედების ენერგია ჭარბი პოტენციალების შექმნას და ვარიანტების ნაკადის წინააღმდეგობას ხმარდება. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ადრე თუ გვიან მარცხდება, და მას ბრძოლა და თავდაჯერებულობის კედლის აღმართვა თავიდან უწევს.
თავდაჯერებულობის მოპოვების სხვა მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფუნდამენტი საერთოდ არ აშენდეს, და ადამიანი ვა-ბანკზე წავიდეს. თავდაჯერებულობა - იგივე გაუბედაობაა, ოღონდ უკუღმა ამოტრიალებული. ესაა, როდესაც ცარიელ ადგილას ის გეჩვენებათ, რაც იქ არ უნდა იყოს. თუ თავდაჯერებულობა არაფერს ეფუძნება, ჭარბი პოტენციალი ამ დროსაც აღმოცენდება. თუმცა აქ საქმე მარტო პოტენციალში არაა, არამედ იმაში, რომ თავდაჯერებულად მოქმედებისას, თქვენ სხვის ინტერესებს ეხებით. წარმოიდგინეთ: ადამიანი დგას უდაბნოს ცენტრში და ყვირის: „მთელი სამყარო ჩემს ფერხთითაა“. ინებეთ - ეს არავის უშლის ხელს, ამიტომ წონასწორულ ძალებს მასთან არაფერი ესაქმებათ. მაგრამ თუ უსაფუძვლო თავაჯერებულობას სხვების შესაძლებლობებს ადარებენ, დამოკიდებულებითი ურთიერთობები ჩნდება. თავდაჯერებულობა, რომელიც საკუთარი თავის სხვებთან შედარებაზეა დაფუძნებული, - წმინდა ჭარბი პოტენციალია. განსაკუთრებით, თუ თავდაჯერებულობა სხვა ადამიანებისადმი დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ეფუძნება. ასეთი ცრუ თავდაჯერებულობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ცხვირში წკიპურტით ან, მაპატიეთ, პანღურით დაისჯება.
კიდევ არსებობს ეგზალტირებული თავდაჯერებულობა, რომელიც აღმოცენდება როგორც მორცხვი ადამიანის აგზნებული მდგომარეობა, რომელიც უცებ იგრძნობს თავდაჯერებულობის გემოს. ესეც ძალზე ხანმოკლე, დროებით ემოციურ აღმასვლაზე დაფუძნებული ცრუ თავდაჯერებულობაა.
როგორ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა? თავად ხვდებით, თავდაუჯერებლობასთან ბრძოლა უაზრობაა. მისი ცრუ გამბედაობით გადაფარვა შეუძლებელია. დამალვა მაინც არ გამოვა, მის შექმნაზე დახარჯული ენერგია კი ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდება. საკუთარი თავისთვის თავდაჯერებულობის იძულება ასევე უსარგებლოა. სავსებით აზრს მოკლებულია აიძულოთ საკუთარი თავი იყოთ მამაცი და გაბედული, როდესაც სინამდვილეში ასე არაა. საკუთარი თავის ხელში აყვანის იძულებაც შეუძლებელია. როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, განზრახვის ენერგია არ ინახება, ის უბრალოდ მკაცრი კონტროლის შენარჩუნებაზე იხარჯება, ამიტომ მოქმედებისთვის სამყოფი აღარაა.
უსარგებლოა ასევე თავდაჯერებულობის ნებისმიერი სხვა გზით განვითარება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის გამბედავი მოქმედებებით გამომუშავდება. სინამდვილეში, როდესაც ადამიანი ბრძოლას წყვეტს და მოქმედებას იწყებს, განზრახვის ენერგია მარწუხებს ხსნის და ჭარბი პოტენციალებიდან მოქმედების რეალიზაციაზე გადადის. ჰოდა გამოდის, რომ „თვალს ეშინია, ხელი კი აკეთებს“, და ყველაფერი გამოდის. მაგრამ თავდაჯერებულობა არ ვითარდება მოქმედებით - ეს განზრახვის ენერგია თავისუფლდება. თავდაჯერებულობის განვითარება შეუძლებელია, ის ისეთივეა, როგორც ენერგია, - ის ან არის, ან არ არის.
თავდაჯერებულობა, ისევე როგორც რწმენა, თვითშთაგონებით არ მიიღწევა. თქვენ შეგიძლიათ გონების დაკარგვამდე იმეოროთ აფირმაციები იმის შესახებ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. სრულიად გულუბრყვილო და უსარგებლო საქმიანობაა. ეს იგივეა, რომ ებრძოლოთ დაავადების შედეგებს, მიზეზებს კი არა. რაც არ უნდა გაუკეთოთ თქვენს თავდაუჯერებლობას, ის არსად გაქრება. რაც არ უნდა ეცადოთ თავდაჯერებულობის მოპოვებას, ვერ მიიღებთ მას. ვერც შესაბამისი აზრების ტრანსლაციას შეინარჩუნებთ, რათა გამუდმებით თავდაჯერებულობის ტალღაზე დარჩეთ. შეგიძლიათ საკუთარ თავს დილით უთხრათ: „მორჩა, მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ვერაფერი შეარყევს ჩემს თავდაჯერებულობას. კლდესავით მტკიცე ვარ“. სცადეთ და ამგვარად მოიქეცით, ნახავთ, რაც მოხდება. გარკვეული ხნით ნამდვილად თავდაჯერებული იქნებით, და ეს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებას და სიხარულს მოგიტანთ. მაგრამ ძალიან მალე რომელიმე ქანქარა ბოროტ პროვოკაციას მოგიწყობთ, და თავადაც ვერ შეამჩნევთ, თავდაჯერებულობის ტალღიდან როგორ ჩამოსრიალდებით. და აი, თქვენ ისევ გაღიზიანებული ან დათრგუნული ხართ, კვლავ რაღაც უსიამოვნება გაჩნდა, რაღაც გამძიმებთ, და კვლავ გეშინიათ ან გძულთ. მოგეჩვენათ, რომ წინ სინათლემ გაიელვა, მაგრამ ისევ ჩიხში მოექეცით.
როგორ უნდა გამოაღწიოთ ამ ჩახლართული ლაბირინთიდან? ვერანაირად ვერ გამოხვალთ იქიდან. იქიდან გამოსასვლელი არაა. ამ ლაბირინთის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მისი კედლები ჩამოინგრევა, როგორც კი გამოსასვლელის ძებნას შეეშვებით და მნიშვნელოვნებაზე უარს იტყვით. თავდაუჯერებლობას მიზეზთა ორი ჯგუფი იწვევს. პირველი ჯგუფი - შინაგანი მიზეზებია. მათ მიეკუთვნება საკუთარი თვისებებით ზედმეტი შეშფოთება. აქედან ისეთი გრძნობები იბადება, როგორიცაა საკუთარი თავით უკმაყოფილება ნაკლის არსებობის და ღირსებების არქონის გამო, სხვებთან შედარებით არასრულყოფილების გრძნობა, მორცხვობა, დამარცხების შიში, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენის შიში და ა.შ. მეორე ჯგუფი - გარეგანი ფაქტორების არაადექვატურად გადამეტებულ შეფასებასთან დაკავშირებული გარეგანი მიზეზებია. შედეგად, საკუთარი შინაგანი დაბალი მონაცემებისა და მაღალი გარეგანი მოთხოვნების გამო დაუსაბუთებელი შფოთვა, გარეგანის წინაშე მოწიწება, დიდ ქალაქში საკუთარი თავის პატარა ადამიანად აღქმა, და ბოლოს, უბრალოდ გარემო სინამდვილისადმი შიში წარმოიქმნება.
პარადოქსი შემდეგში მდგომარეობს: თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად, მასზე უარი უნდა ვთქვათ. ლაბირინთის კედლები მნიშვნელოვნებისგან შედგება. თქვენ ლაბირინთში დადიხართ და თავდაუჯერებლობისგან თავის დახსნას და თავდაჯერებულობის მოპოვებას ცდილობთ. ჰოდა, თავდაჯერებულობა - ქიმერაა. ეს ქანქარების კიდევ ერთი გამოგონებაა - ცრუ მირაჟი, ხაფანგი მნიშვნელოვნებისთვის. თავდაჯერებულობა - ქანქარების თამაშია, რომელსაც ყოველთვის იგებენ. სადაც რწმენაა, იქვეა ეჭვიც. ზუსტად ასევე, სადაც თავდაჯერებულობაა, იქ მერყეობისთვის და ყოყმანისთვისაც მოიძებნება ადგილი. თავდაჯერებულობა - წარმატების რწმენის ერთგვარი სახეობაა. ნებისმიერ სცენარში შეიძლება ნეგატიური შესწორების შეტანა. თავდაჯერებულობის კედლის დასანგრევად კი ერთი პატარა შესწორებაც საკმარისია.
თავდაჯერებულობის ცნება ჭარბ პოტენციალებზე და დამოკიდებულების ურთიერთობებზეა აშენებული. თავდაჯერებულობის თემაზე ნებისმიერი ვარიაცია დაახლოებით ამგვარად გამოიყურება: „გადაწყვეტილება მიღებულია. კლდესავით მტკიცე და ურყევი ვარ. მე სხვებზე უკეთ გამომდის. ვერაფერი შემაჩერებს. ყველა წინააღმდეგობას გადავლახავ. სხვებზე ძლიერი და მამაცი ვარ“. და ა.შ.
თავდაჯერებულობა - მხოლოდ დროებითი ჭარბი პოტენციალია, მეტი არაფერი. როგორც არ უნდა შეფუთოთ, ის მხოლოდ ჭარბ პოტენციალად დარჩება. თავშეკავებაც კი მეტი არაფერია, თუ არა დროებითი ნეგატიური დაძაბულობა. თავდაჯერებულობა ხომ - თავდაუჯერებლობაა შებრუნებული ნიშნით. ორივე პოტენციალი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. და პირველ პოტენციალს წონასწორული ძალები გარდაუვლად გაანადგურებს. ამიტომ თავდაჯერებულობისკენ სწრაფვა - ისეთივე უნაყოფოა, როგორც მოჩვენებითი ბედნიერების დევნა, რომელიც სადღაც მომავალში კრთის.
ამგვარად, ახლა ჩვენ ერთად კიდევ ერთი ცრუ სტერეოტიპი დავანგრიეთ. მაგრამ როგორ ვიცხოვროთ თავდაჯერებულობის გარეშე? ტრან-სერფინგი სხვა ალტერნატივას გთავაზობთ - კოორდინაციას. რას წარმოადგენს კოორდინაცია, ქვემოთ გაეცნობით.
მნიშვნელოვნების კოორდინაცია
საერთოდ რა საჭიროა თავდაჯერებულობა? იმისთვის, რომ მზისქვეშეთში ჩვენი ადგილი თამამად და გადამწყვეტად მოვიპოვოთ. ქანქარებმა ერთი ურყევი პოსტულატი მოგვახვიეს თავს: ადამიანს არაფერი ეძლევა მარტივად, მიზნის მისაღწევად ბრძოლა, დაძალება, მოთხოვნა, კონკურენტების ჩამოცილება, მუშტების ქნევაა საჭირო. გაბედული და გადამწყვეტი მოქმედებისთვის კი თავდაჯერებულობაა საჭირო.
როგორც იცით, ბრძოლისა და მეტოქეობის გზა ერთადერთი შესაძლებელი გზა არაა. თუ ქანქარების სცენარზე უარს ვიტყვით, კუთვნილის აღებას მშვიდად და დაძალების გარეშე შევძლებთ, და ამისთვის ბრძოლა სულაც არაა საჭირო, ფლობის გადაწყვეტილების მოპოვებაც საკმარისია. ქანქარებისთვის არჩევანის თავისუფლება დამღუპველია. თუ ყოველი ადამიანი კუთვნილს ბრძოლის გარეშე აიღებს, ისე რომ წინააღმდეგობების შექმნაზე და შემდეგ მათ დაძლევაზე ენერგიას არ დახარჯავს, ეს ქანქარებს ხელცარიელს დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ქანქარების გარეშე ჩვენი სამყაროს წარმოდგენა ძნელია, მათ მიერ დადგენილი ცრუ სტერეოტიპები არც ისეთი მტკიცეა, როგორც, მაგალითად, მექანიკის კანონები. გაცნობიერებულობა და განზრახვა საშუალებას გვაძლევს ქანქარების თამაში ყურადღების მიღმა დავტოვოთ და სასურველს ბრძოლის გარეშე მივაღწიოთ. ხოლო ბრძოლის გარეშე თავისუფლების არსებობისას, თავდაჯერებულობა საჭირო არაა.
თავდაუჯერებლობას ერთი წარმომავლობა აქვს - მნიშვნელოვნება. თავდაჯერებულობა იგივე თავდაუჯერებლობის პოტენციალს წარმოადგენს, მხოლოდ შებრუნებული ნიშნით. ერთსაც და მეორესაც საერთო ფესვები აქვს - გარე ფაქტორებზე და გარემოებებზე დამოკიდებულება. ასეთი სურათი მიიღება. ქანქარას ადამიანი თავისი გზით მიჰყავს და მარიონეტივით ძაფებით მართავს. ადამიანს ეჩვენება, რომ მას არა მარტო გზის ამორჩევა, დამოუკიდებლად მოძრაობაც კი არ ძალუძს. თუ ძაფები მყარადაა, ადამიანი თავდაჯერებით მიაბიჯებს, როგორც დედის ხელს ჩაჭიდებული პატარა ბავშვი. როგორც კი ძაფები მოდუნდება და შეშფოთებით შეირხევა, ადამიანი თავდაუჯერებლობას გრძნობს და ამ ძაფების დაჭიმვას ცდილობს.
ქანქარას კი არ უჭირავს - ადამიანი თავად არ უშვებს ხელს მნიშვნელოვნების ძაფებს. მას მათი ხელიდან გაშვება აშინებს, რადგან დამოკიდებულების ტყვეა, რომელიც საყრდენის და თავდაჯერებულობის ილუზიას უქმნის. პატარა ბავშვი ბოლოს და ბოლოს დედის ხელს გაუშვებს და დამოუკიდებლად გაივლის - დედა თავად უბიძგებს ამისკენ. ქანქარები პირიქით, ადამიანის ყოველნაირად დარწმუნებას ეცდება, რომ ის გზის ამორჩევას და ძაფების დახმარების გარეშე სიარულს ვერ შეძლებს. თუ ადამიანი ამ ცდუნებას სძლევს და მნიშვნელოვნების ძაფებს ხელს გაუშვებს, ის სურვილისამებრ თავისუფლად გადაადგილებას და მიზნისთვის არა ბრძოლას, არამედ მის უბრალოდ ამორჩევას შეძლებს.
ადამიანი, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა, თავდაჯერებულობას არ საჭიროებს, რომელიც საყრდენის ილუზიას ქმნის. მას მხოლოდ კოორდინაცია ესაჭიროება, რომ არ დაეცეს. ქანქარის ძალაუფლების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მნიშვნელოვნების ძაფს ჩაჭიდებული, სიმყარის და საყრდენის პოვნას მიეჩვია. მაგრამ ამით ის გამუდმებით არღვევს წონასწორობას და უმწეოდ ქანაობს ამ ფსევდოდამზღვევებზე, და ენერგიას ქანქარას აძლევს. თუ ადამიანი მათ ხელს გაუშვებს, წონასწორობის შესანარჩუნებლად მას მხოლოდ ის დასჭირდება, რომ არ შექმნას ახალი ჭარბი პოტენციალები მნიშვნელოვნების ნიადაგზე.
თავდაჯერებულობა როგორც საყრდენი უკვე აღარაა საჭირო, რადგან, თუ მე მნიშვნელოვნება არ მაქვს, დასაცავი და ბრძოლით მოსაპოვებელიც არაფერია. აღარაფრის მეშინია და არაფერზე ვნერვიულობ. თუ არაფერს აქვს ჩემთვის გადაჭარბებული მნიშვნელობა, ჩემი სამყაროს ნიშა ჭარბი პოტენციალებით გამრუდებული არაა. ბრძოლაზე უარს ვამბობ და დინებას მივყვები. ცარიელი ვარ, ამიტომ ანკესს ვერ მომდებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაკუუმში ვარ ჩამოკიდებული. სწორედ ახლა, თუ მოვისურვებ, არჩევანის თავისუფლებას ვიღებ. ბრძოლას არ ვსაჭიროებ. უბრალოდ მშვიდად მივდივარ და საკუთარს ვიღებ. ეს აღარ არის მერყევი თავდაჯერებულობა, არამედ მშვიდი და გაცნობიერებული კოორდინაციაა.
საიდან მოდის სიმშვიდე? თუ არ არის შინაგანი მნიშვნელოვნება, არავისთან არაფრის დამტკიცება არ გვჭირდება. აქედან მოდის სიმშვიდეც. როდესაც თავს მნიშვნელოვან პერსონად აღიქვამთ, ყველასთვის ამის ჩვენების სურვილი და ჭარბი პოტენციალი ჩნდება. მაშინ წონასწორული ძალები თქვენი მნიშვნელოვნების შესახებ მითის გასაქარწყლებლად ყველაფერს მოიმოქმედებს. გამუდმებით შეიქმნება პირობები, როდესაც თავდაჯერებულობა სიმტკიცეზე გამოიცდება.
არასრულფასოვნების უმცირესი გრძნობაც კი ადამიანს საკუთარი მნიშვნელოვნების გაზრდისა და დამკვიდრებისთვის ბრძოლისკენ უბიძგებს. სხვებისა და საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცების აუცილებლობაზე უარი თქვით და ეს აქსიომად მიიღეთ. საკუთარი მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლის არჩევის შემთხვევაში, მასზე მთელ ცხოვრებას დახარჯავთ. ამ ბრძოლაზე უარის თქმით კი მნიშვნელობას უმალშეიძენთ.
თავდაუჯერებლობა - პირველ რიგში დაბალი თვითშეფასებაა. როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება? ფიქრობთ, რომ ახლა მოგიწოდებთ, დაიჯეროთ, რომ მართლაც გაცილებით უკეთესი ხართ, ვიდრე მიგაჩნიათ? მრავალი ფსიქოლოგი, ბევრი ფიქრის გარეშე, სწორედ ასე იქცევა. მართლაც, გარშემომყოფთა შეფასება პირდაპირპროპორციულია თქვენი საკუთარი შეფასებისა, თუ ის პატივმოყვარეობას არ ესაზღვრება. როგორც კი თქვენ თავად, თავის მოტყუების გარეშე, აღიარებთ საკუთარ მაღალ მნიშვნელობას, სხვები მყისვე დაგეთანხმებიან. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ საკუთარი თავის დარწმუნება არც თუ მთლად იოლია. შეგიძლიათ შეამოწმოთ: თუ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, საწინააღმდეგოში დარწმუნება არ გამოგდით. რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ თავს, ბოლომდე არასოდეს დაიჯერებთ, რომ ნამდვილად ძვირად ფასობთ. მაინც სადაა ეს ღირსებები? ნაკლი - აგერაა, სახეზეა. მაშ ასე, მე არ მოგიწოდებთ, დაიჯეროთ საკუთარი ღირსებები და აამაღლოთ თვითშეფასება. შედეგად ან თავდაჯერებულობას მიიღებთ, ან უფრო მეტ გულგატეხილობას. მე გთავაზობთ, უარი თქვათ მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლაზე. არც თავის დაჯერება და არც დაყოლიებაა საჭირო. თქვენ უბრალოდ უარი თქვით ბრძოლაზე და ნახეთ, რა მოხდება. მოხდება კი აი რა. გარშემომყოფები მეტი პატივისცემით მოგეპყრობიან, თითქოს თქვენი მნიშვნელობა მათ თვალში გაიზარდა. როგორც კი ამ ფაქტის წინაშე დადგებით, საკუთარი თავის დარწმუნების და დაჯერების აუცილებლობა გაქრება. თქვენ უბრალოდ გეცოდინებათ.
ეს პარადოქსი უზადოდ მუშაობს. მნიშვნელობისთვის ბრძოლას თავისუფალი ენერგია ეწირება და ის ვარიანტთა დინებასთან საბრძოლველად და ჭარბი პოტენციალების შესაქმნელად მიემართება, რაც წონასწორული ძალების ქარს წარმოშობს. ეს ყველაფერი ყველა შესაძლო მავნე შედეგებთან ერთად პრობლემების ძალზე აბურდულ გორგალს ხლართავს. მის გახსნას ვერ შეძლებთ. უბრალოდ უარი თქვით საკუთარი მნიშვნელობისთვის ბრძოლაზე, და მხოლოდ შედეგებით გაოცება და სიხარული მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი მნიშვნელოვნება თქვენს თვალში თავისით გაიზრდება. თვითშეფასება ამაღლდება, გარშემომყოფები კი, შესაბამისად, თქვენს კვალდაკვალ, მას დაეთანხმებიან.
როგორც თვითშეფასების ხელოვნური ამაღლებაა უშედეგო, ისევე ამაოა დანაშაულის გრძნობის განდევნის მცდელობაც. თუ დანაშაულის გრძნობისადმი წინასწარგანწყობა არსებობს, ვერასოდეს შეძლებთ ვერც ამ გრძნობის ჩახშობას, ვერც მის მოცილებას. როგორ მოვიქცეთ? ზუსტად ისევე, როგორც დაბალი თვითშეფასებისას. შეწყვიტეთ გარშემომყოფების წინაშე თავის მართლება. თავი იმართლეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ნამდვილად აუცილებელია საკუთარი საქციელის ახსნა. გახსოვდეთ, არავის აქვს რაიმე საქციელისთვის თქვენი განსჯის უფლება, თუ ზიანს არ აყენებთ ვინმეს. ნუ დაიდანაშაულებთ თავს საზოგადოებაში და ნუ იცავთ თავს. დაე, მანიპულატორები სიცარიელეში დაინთქან. კარის გაჯახუნების გარეშე, ჩუმად დატოვეთ სასამართლოს დარბაზი, სადაც ისინი შეკრებილან, ვინც სხვისი დანაშაულით ხეირობს. ხელცარიელი დატოვეთ ისინი. თუ დანაშაულის საკმაოდ ძლიერი კომპლექსი გაქვთ, მაშინ პირველ ხანებში სინდისის ოდნავ მიძინებაც არ იქნებოდა ურიგო. სხვის სამსჯავროზე საკუთარ მნიშვნელოვნებას შეფასებას ნუ მისცემთ. მხოლოდ ასეთი მოქმედებებით, და არა შინაგანი ბრძოლით, შეიძლება დანაშაულისგან გათავისუფლება. თავად დაინახავთ, როგორ აორთქლდება ის.
ამგვარად, საკუთარი მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლაზე უარის თქმით და თავის მართლების შეწყვეტით, თქვენ შინაგანი მნიშვნელოვნების მნიშვნელოვან ნაწილს გაუსწორდებით. დანაშაულის გრძნობა და საკუთარ მნიშვნელობაზე ნერვიულობა - შინაგანი მნიშვნელოვნების ძირითადი გამოვლინებებია. ყველა დანარჩენი ჭარბი პოტენციალი ამ ორის მიერაა წარმოებული. თქვენ აღარ დაგჭირდებათ დაცვა, რადგან დასაცავიც აღარაფერია. აღარც სხვებზე თავდასხმაა საჭირო, მათი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კარგი ანდაზაა: „ნურავის შეაშინებ, და არც თავად შეგეშინდება“.
ზუსტად ასევე, თუ გარე ობიექტების მნიშვნელოვნებას შეამცირებთ, მათი მნიშვნელობა აღარ დაგთრგუნავთ. გარეგანი მნიშვნელოვნების ორი განსაკუთრებით დამთრგუნველი ნაირსახეობა არსებობს: პრობლემების სირთულე და უცნობლობა. ერთიც და მეორეც შფოთვის და მღელვარების დამთრგუნველ პოტენციალს შობს. ნებისმიერ ადამიანს ყოველ წუთს რაღაც აღელვებს. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები პრობლემებით დამძიმებულები მის ტარებას ამჯობინებენ. ძლიერი პიროვნებები თავიანთი სიმტკიცით და ზეწოლით სირთულეების დაძლევისკენ მიისწრაფიან. ისინი ამ ციხესიმაგრეს შტურმით იღებენ და მის კედლებს საკუთარი თავდაჯერებულობის ჭარბი პოტენციალით ანგრევენ.
როგორც თავდაუჯერებლობა, ასევე თავდაჯერებულობა ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. პირველ შემთხვევაში ენერგია ძირითადად შფოთვასა და მღელვარებაზე, მეორეში კი წინააღმდეგობათა ძალისმიერ გადალახვაზე იხარჯება. ეს გარე სამყაროსთან ძალზე ექსტენსიური ურთიერთობებია. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია. საკმარისია შინაგანი მნიშვნელოვნება გაცნობიერებულად მოიცილოთ და ვარიანტთა დინებასთან ბრძოლა შეწყვიტოთ, და წინააღმდეგობები თავისთავად გაქრება. განა ამ შემთხვევაში თავდაჯერებულობა დაგჭირდებათ? არა, ახლა მხოლოდ კოორდინაციაა საჭირო, რათა დინების მიმართულებით იმოძრაოთ და გაცნობიერებულად აკონტროლოთ არა სცენარი, არამედ მნიშვნელოვნების დონე. ენერგია, რომელიც ადრე ყოველნაირი ჭარბი პოტენციალის კვებაზე იხარჯებოდა, ახლა მხოლოდ წონასწორობის შენარჩუნებას და დაწმენდილი განზრახვით, როგორც ნიჩბით, დინების ოდნავ შეშველებას ხმარდება.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნებაზე ასე უბრალოდ საბოლოოდ უარის თქმა არ გამოვა, როგორც არ უნდა ეცადოთ. არ არის საჭირო მნიშვნელოვნებასთან ბრძოლა. უბრალოდ ნუ ებღაუჭებით და განცდების ენერგია მოქმედების ენერგიად გადააქციეთ. დაიწყეთ დაუძაბავად და დაძალების გარეშე მოქმედება. ჭარბი პოტენციალების ენერგია მოქმედებაში გაიხსნება, განზრახვის ენერგია გათავისუფლდება, და რთული პრობლემები მარტივ გამოსავალში ტრანსფორმირდება.
რაც შეეხება უცნობლობის წინაშე შიშს, თვითშთაგონებით, ბრმა რწმენითა თუ ცრუ თავდაჯერებით ვერც მას გაუმკლავდებით. თუ გახსოვთ, დაჟინებით გირჩევდით არ გეფიქრათ მიზნის მიღწევის საშუალებებზე. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ საკუთარი თავის იძულებას, ძნელადმისაღწევი მიზნის რეალურობა და ასპროცენტიანი წარმატება ირწმუნოს. თავი დაანებეთ ამ უაზრო მცდელობებს, მაინც ვერაფერს მოუხერხებთ თქვენს რწმენას, დროებით მოპოვებული თავდაჯერებულობა კი უცებ ჩაინავლება.
თქვენ არა რწმენა და თავდაჯერება, არამედ კოორდინაციაგჭირდებათ. კოორდინაცია ნიშნავს: ისიამოვნოთ მიზანზე ფიქრებით, თითქოს ის უკვე მიღწეულია, გათავისუფლდეთ სცენარის მკაცრი კონტროლისგან და ვარიანტების დინების მიმართულებით წმინდა განზრახვის, თითქოსდა ნიჩბის, დახმარებით იმოძრაოთ.ასეთ მოქმედებას წარმატების ბრმა რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. სადაც რწმენაა, მათ შორის ბრმაც, იქ დაეჭვებისთვისაც აუცილებლად მოიძებნება ადგილი. აბრმავებს თავდაჯერებულობის ჭარბად დამუხტული პოტენციალი. როდესაც გაცნობიერებულად მოძრაობთ დინების მიმართულებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ყველაფერი თავის ადგილას დგება.
თუ კოორდინაციის შესაბამისად იმოქმედებთ, მალე დინების შებრუნების გამო დაინახავათ იმას, რის დაჯერებასაც ადრე უშედეგოდ ცდილობდით და რაც უცნობლობით გაშინებდათ. ეჭვები გაქრება, როგორც კი გონება ფაქტის წინაშე დადგება. მაშინ რწმენა ცოდნად, უცნობლობის წინაშე შიში კი საკუთარი ძალის შეგრძნების სიხარულად იქცევა. მთავარია, მნიშვნელოვნება მოიცილოთ და სცენარის კონტროლს შეეშვათ. მნიშვნელოვანია გაიცნობიეროთ, რომ თქვენი გადასაწყვეტია, პრობლემას სირთულის რომელი საფეხური მიუსადაგოთ. სცენარში ცვლილებები კი თქვენს სასარგებლოდ ითამაშებს, თუ თავად დართავთ ნებას.
და ბოლოს, სრული კოორდინაცია სულის და გონების თანხმობისას მიიღწევა. თუ ცნობიერ დონეზე გეჩვენებათ, რომ გსურთ და დარწმუნებული ხართ, ქვეცნობიერში კი ეჭვის ან დათრგუნვის ჭია გღრღნით, კოორდინაცია იკარგება. სულისა და გონების თანხმობის მისაღწევად საკმარისია გულის სურვილებს მოუსმინოთ და საკუთარი კრედოს შესაბამისად იცხოვროთ. იმის შესახებ, როგორ და რატომ უნდა უსმინოთ საკუთარი სულის ხმას, უკვე ბევრი ითქვა. საკუთარი კრედოს შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს, რომ მიყვარს საკუთარი თავი, ვიღებ თავს ისეთს, როგორიც ვარ, სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობა არ მტანჯავს, გონებისა და გულის კარნახით ყოყმანის გარეშე ვმოქმედებ.
კრედო იშლება, როდესაც თვითშეფასება ქვეითდება, სულსა და გონებას შორის კი უთანხმოება ჩნდება. საკუთარი კრედოს შესაბამისად ცხოვრება უბრალოდ შესანიშნავია, და ეს თქვენ იცით. მაგრამ კიდევ უფრო შესანიშნავი არის ის, რომ მას არც შექმნა, არც შეცვლა, არც მასთან ბრძოლა სჭირდება. თუმცა ბევრი სწორედ ამას - საკუთარი კრედოს, როგორც მარმარილოდან ძეგლის, გამოქანდაკებას ცდილობს. ეს უნაყოფო თვითჩაღრმავების, სულიერი ტანჯვის და შფოთვის მეტს არაფერს მოიტანს. კრედო არ ფორმირდება და არ გაჩნდება ბრძოლის ან ძალისხმევის შედეგად. კრედო უკვე გაქვთ, უბრალოდ ის, ისევე როგორც სული, მნიშვნელოვნების ნაჭუჭშია დატყვევებული. როგორც კი მოიცილებთ გარეგან და შინაგან მნიშვნელოვნებას, ის გათავისუფლდება, და ამას უმალ იგრძნობთ. როდესაც მნიშვნელოვნება ნულზეა, არც დასაცავი გაქვთ რამე და არც ბრძოლით მოსაპოვებელი. უბრალოდ თქვენი კრედოს შესაბამისად ცხოვრობთ და კუთვნილს მშვიდად და დაძალების გარეშე იღებთ.
ამრიგად, საკუთარი მნიშვნელოვნებისთვის ბრძოლაზე უარის თქმით, მისი სხვის სამსჯავროზე გადაცემის შეწყვეტით და გარეგანი მნიშვნელოვნების მოცილებით, თქვენ მოიპოვებთ იმას, რაც ჭეშმარიტ თავდაჯერებულობად მიიჩნევა. ეს იქნება არა ის არამდგრადი თავდაჯერებულობა, რომელიც ჭარბ პოტენციალებზეა აგებული, არამედ მშვიდი შინაგანი ძალა - კოორდინაცია.
ჭეშმარიტი მშვიდი კოორდინაცია გარეგანს არაფერს შეესაბამება, ამიტომ არც დადასტურებას და არც დასაბუთებას არ საჭიროებს. თქვენ ალბათ შეხვედრიხართ ან კინოში გინახავთ ადამიანები, რომელთა თავდაჯერებულობა ეჭვს არ იწვევს. ჭეშმარიტი მშვიდი თავდაჯერებულობა მხოლოდ შინაგან თვითკმარობას და სისავსეს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ თავს არავის ადარებთ, უბრალოდ სრული სულიერი წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფებით. ასეთი წონასწორობა სულის და გონების ერთობაში მიიღწევა, როდესაც დანაშაულს, დამოკიდებულებას, უპირატესობას, ვალდებულებას, შიშს და მღელვარებას არ გრძნობთ. სხვა სიტყვებით, თქვენ არ არღვევთ წონასწორობას არც გარემომცველ სამყაროსთან, არც საკუთარ თავთან. თქვენი კრედოს შესაბამისად, გარემომცველ სამყაროსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობთ.რა თქმა უნდა, ეს იდეალია, მაგრამ მისკენ სწრაფვაა საჭირო, ჭეშმარიტი თავდაჯერებულობის, ანუ კოორდინაციის მოპოვების ერთადერთი გზაა. ყალბი იქნება ნებისმიერი სხვა გზით მიღწეული თავდაჯერებულობა.
კოორდინაცია ქანქარებისგან თავისუფლებას მოგანიჭებთ და საშუალებას მოგცემთ, საითაც გინდათ, იქით წახვიდეთ დამოუკიდებლად, და მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ. თუ ახლა დამამძიმებელი მოვალეობების შესრულება გიწევთ, საკუთარი თავი დაიქირავეთ, წარმოიდგინეთ, რომ კინოში გიღებენ. მოითმინეთ, თქვენი როლის შესრულება მოგიწევთ, თუნდაც მოცემული სერიის ბოლომდე, ვიდრე თქვენს კარში არ შეხვალთ. შეასრულეთ მიზნის სლაიდის ვიზუალიზაცია, ისე, რომ არ იფიქროთ საშუალებებზე, და დაელოდეთ, როდის გააღებს გარეგანი განზრახვა თქვენს კარს.
თიხის ტიკინასთან შერკინება
ბოლოს და ბოლოს, ჭარბი პოტენციალების უსარგებლო ტვირთისგან გავთავისუფლდი. ჩემთვის არც შინაგანი და არც გარეგანი მნიშვნელოვნებააღარ არსებობს. არც საკუთარი უპირატესობის დამტკიცების ან არასრულყოფილების დაფარვის აუცილებლობაა. არც აწმყო და მომავალი მაშინებს. არაფერი მაქვს დასაცავი და ბრძოლით მოსაპოვებელი. და ბოლოს, ქანქარების გავლენისგან თავისუფალი ვარ და შემიძლია საკუთარ თავს მივხედო. მართლაც ასე რომ ყოფილიყო...
ქანქარების ძალაუფლება ძალზე დიდია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადამიანები ამას არც კი ეჭვობენ. მათზე,როგორც უცხოპლანეტელთა საიდუმლო საზოგადოებაზე, რომლებიც ადამიანთა წინააღმდეგ შეთქმულების ბადეს ხლართავენ, საუბარი არ შეიძლება. ქანქარები - ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მათ მიერ ადამიანებზე განხორციელებული გავლენა ენერგოინფორმაციული ზემოქმედების მეშვეობით იმართება. ეს ზემოქმედება სამ - მენტალურ, ემოციურ და ენერგეტიკულ დონეზე ხორციელდება. მნიშვნელოვნების ძაფების გამოყენებით, ქანქარები ადამიანებს თავისუფალ ენერგიას ართმევს. მუდამ ასე იყო. მაგრამ ბოლო დროს წმინდა ინფორმაციულმა ზემოქმედებამ უსწრაფესი ტემპით დაიწყო ზრდა.
ცივილიზაციის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის. თუმცა, ფაქტობრივად ბოლო ათწლეულებში ინფორმაციის სფეროში უახლესი მიღწევების წყალობით სურათი მკვეთრად შეიცვალა. ყველა შესაძლო ინფორმაციის მატარებელზე დაგროვებული მონაცემების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თუმცა საშიშროება არა თავად ინფორმაციისგან, არამედ მისი გავრცელების მეთოდებისა და საშუალებებისგან მომდინარეობს. ადამიანი ყოველი მხრიდან ტელეკომუნიკაციურ აბლაბუდაშია მოქცეული, რომელიც დღითი დღე სულ უფრო საშიში ხდება. ეს საშიშროება არ აღიქმება, რადგან ინფორმაციული ინდუსტრიის განვითარება ახალ-ახალი გასართობების და სასიამოვნო კომფორტის გამამხიარულებელი ნარკოზის თანხლებით მიმდინარეობს.
სრულიად ცხადია, რომ ქანქარების მიზანს არა მიმდევრების გართობა, არამედ მათი საკუთარი ნებისადმი დამორჩილება წარმოადგენს. ინფორმაციული ქსელის გაფართოება და დახვეწილი სრულყოფა იწვევს იმას, რომ ქანქარა ერთდროულად წარმოუდგენელი რაოდენობის მიმდევარს იპყრობს. მაგალითად, რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს ერთსა და იმავე ტელეგადაცემას, მით მეტ ენერგიას აგროვებს ქანქარა. და რაც უფრო ძლიერია ის, მით მეტია მისი ზეგავლენა და მიმდევრები მით უფრო ადვილად ემორჩილებიან წესს „გააკეთე ჩემსავით“.
ქანქარის წესი წარმატებით მუშაობს და ადამიანებს მათი ჭეშმარიტი მიზნებისგან აშორებს. მაგრამ ახლა ეს პროცესი მის დამასრულებელ სტადიაში გადადის, როდესაც ადამიანი საბოლოოდ კარგავს არჩევანის თავისუფლებას. ოდესმე ადამიანი აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც ის - საზარელი ენერგოინფორმაციული მატრიცისელემენტი იქნება. ადამიანი განპირობებულობის ჯავშანში დატყვევებული აღმოჩნდება და მექანიზმის დეტალად გადაიქცევა. მატრიცის უჯრედი განსაზღვრავს, რა სურდეს და როგორ უნდა იმოქმედოს მისმა ელემენტმა. როგორც იცით, ფანტასტიკას ახასიათებს ტენდენცია, თავის დროზე რეალობად განხორციელდეს.
ეს პროცესი შეუმჩნევლად და განუხრელად უკვე მიმდინარეობს. და მასთან ვერაფერს გავხდებით. დასამორჩილებლად სულაც არაა სავალდებულო ფიზიკური ძალადობის გამოყენება.საკმარისია ადამიანის მსოფლმხედველობის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდეს საკუთარ თავისუფლებაზე. აი, სწორედ ეს ხდება ამჟამად. თავისუფლების შენარჩუნება ამ პირობებში საკმაოდ რთულია. ამიტომ, ქანქარებისგან თავის დაცვის ზოგიერთ ასპექტს კიდევ ერთხელ განვიხილავთ.
როგორც იცით, ერთადერთი, რაზეც ქანქარას ადამიანის წამოგება შეუძლია - მნიშვნელოვნებაა. საბოლოო ჯამში, მისთვის ისიც ხელმოსაჭიდია, რომ თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თავად აუცილებლობას, მნიშვნელოვნების დონე ნულზე შეინარჩუნოთ. ყველაფერი, რაც ქანქარების შესახებ ითქვა - ძალზე სერიოზულია. მაგრამ, აი როგორი პარადოქსია: თუ ახლა თქვენ მათ მთელი სერიოზულობით შეერკინებით, წინასწარ იქნებით დამარცხებისთვის განწირული.ქანქარასთან ბრძოლის მთავარი პრინციპი მასთან შერკინებაზე უარის თქმაში მდგომარეობს.
უნდა გესმოდეთ, რომ ეს არა ხელშესახებ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, არამედ თიხის ტიკინასთან შერკინებაა - თამაშია. უფრო ზუსტად, თქვენი გადასაწყვეტია, რა იქნება. თუ მას ბრძოლად აღიქვამთ, ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხება გემუქრებათ. ქანქარის ბრძოლით დამარცხება შეუძლებელია. დავუშვათ, ტიკინა გამოიწვიეთ: „ახლა უკვე ვიცი, რომ ეს მხოლოდ თიხის ტიკინაა, სეირს ვაჩვენებ მას!“ დამთავრდა, ჩათვალეთ, რომ უკვე დამარცხდით. მაგრამ, თუ თამაშად აღიქვამთ ამას, უარეს შემთხვევაში თამაშის პარტიის, და არა ბრძოლის, წაგება გემუქრებათ.
ქანქარა თიხის ტიკინაა მანამ, სანამ მისი თამაშის არსს აცნობიერებთ და მის წესებს არ ემორჩილებით. ქანქარები მსხვერპლის მოლოდინში ჩასაფრებული იქნება ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ თავდაჯერებულობას იგრძნობთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ქანქარები ნებისმიერი მეთოდით თქვენს წონასწორობიდან გამოყვანას ეცდება - სწორედ ამაში მდგომარეობს თამაშის არსი. თქვენ ანკესზე წამოეგებით, წონასწორობას კარგავთ, წყობილებიდან გამოდიხართ და ენერგიას ქანქარას აძლევთ.
აი, მშვიდად ხართ, ხალისიანი, გაწონასწორებული, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ქანქარა პროვოკაციას აწყობს. მაგალითად, არასასურველ სიტუაციაში მოხვდებით ან ცუდ ამბავს შეიტყობთ. მისი სცენარის მიხედვით თქვენ უნდა ანერვიულდეთ, შეგეშინდეთ, დაძაბუნდეთ, სულით დაეცეთ, გამოთქვათ უკმაყოფილება, გაღიზიანება. ის, რაც გესაჭიროებათ - დროულად გამოიღვიძოთ და გაიხსენოთ, როგორი თამაში მიმდინარეობს, შემდეგ კი უმალ მოიცილოთ მნიშვნელოვნება. თუ ამას გაცნობიერებულად გააკეთებთ, ქანქარა გაუჩინარდება.
თქვენ შეგიძლიათ თამაშის წესების დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეზეულად არ გძინავთ. გაუცნობიერებელ სიზმარში ადამიანი ყოველთვის გარემოებათა მსხვერპლია. ძილი გარდაუვალია, და თქვენ ამასთან ვერაფერს გააწყობთ. ადამიანები უკვე დიდი ხანია ცხადშიც ასევე სტანდარტულად ავტომატურ რეაგირებას მიეჩვივნენ ნეგატიურ ზემოქმედებაზე. ამას რა მოჰყვება, ახსნას არ საჭიროებს. მაგრამ თქვენ ხომ ხამანწკა არ ხართ! და შეგიძლიათ არაადექვატურადუპასუხოთ. გააკეთეთ ეს შეგნებულად, და ქანქარის გეგმები დაირღვევა. მხოლოდ დროულად გონზე მოსვლადა თამაშის წესების დარღვევაა საჭირო.
დარწმუნდებით, რამდენად სასიამოვნო იქნება ცოდნა, რომ აცნობიერებთ, როგორ ცდილობს ქანქარა მთელი ძალებით თქვენს პროვოცირებას, თქვენ კი არ წამოეგებით. სასიამოვნო განცდა მხოლოდ საკუთარი თავის - ძლიერის - სიამაყის გამო არ გექნებათ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ქანქარას ენერგიას აძლევთ, სუსტდებით. როდესაც ქანქარა პროვოცირებას ახდენს, და თქვენ არ წამოეგებით, ქანქარას ენერგია, რომელიც პროვოკაციაზე დაიხარჯა, თქვენთან გადმოდის, გაძლიერებთ. სწორედ ეს დამატებითი ძალა გამოვლინდება სასიამოვნო შეგრძნების სახით. ახლა შეძლებთ წარმოიდგინოთ, როგორ ნეტარებას განიცდის ქანქარა თქვენი ენერგიის მიღებისას. ნუ მისცემთ მას ასეთ შესაძლებლობას. ის მოსვენებას არ მოგცემთ, თქვენ კი არ წამოეგოთ. დაე, თავად ხარჯოს თქვენზე ენერგია.
წესების დარღვევით თამაშისას, თავად თამაშზე გაბრაზების ცდუნებას არ აყვეთ. ვიდრე ცნობიერად, მაგრამ მხიარულად და უდარდელად თამაშობთ, თქვენ შაქრის ხმლიან თიხის ტიკინას ერკინებით. ის ვერაფერს დაგიშავებთ. თუ თამაშის წესებს დაარღვევთ და წონასწორობას შეინარჩუნებთ, თიხის ტიკინა დაიმტვრევა. მაგრამ როგორც კი მოთმინებას დაკარგავთ, ქანქარის შაქრის ხმალი საშიშ მახვილად გადაიქცევა. ასეთი თამაში შესაძლოა ბრძოლად იქცეს და თქვენთვის ინდუცირებული გადასვლით დასრულდეს.
არ ებრძოლოთ პროვოკაციაზე თქვენს რეაქციას. მას სხვაგვარად შეხედეთ. ემოციები - შედეგებია, რომლის მიზეზსაც დამოკიდებულება წარმოადგენს. თქვენ შეგნებულად უნდა შეცვალოთ ნეგატიურ ფაქტორზე თქვენი რეაქცია. არაადექვატური დამოკიდებულების გამოვლენა ძნელი არაა, რადგან თავად აცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ თამაშია. დაე, ჯამბაზმა იხტუნოს. თქვენ თითქოს უხილავ მეტოქეს ერკინებით ოთახში, სადაც მხოლოდ სარკეებია. გეჩვენებათ, რომ ქანქარა აი აქაა, გვერდით. სინამდვილეში კი ვერც მას, და მის ანარეკლსაც კი ვერ ხედავთ. სარკეში თქვენი მნიშვნელოვნება ირეკლება. ვიდრე რაიმეს აქვს ჭარბი მნიშვნელობა, თქვენ მეტოქე გყავთ, და ის გამუდმებით კრთის სარკეებში. ხოლო თუ მნიშვნელოვნება ნულზეა, საშიში არაფერია, არც დასაცავია რაიმე და არც ვინმესთან ბრძოლაა საჭირო. მნიშვნელოვნების სარკეები დაიმსხვრევა, და დაინახავთ, რომ თიხის ტიკინა დაიფშვნა.
ქანქარასთან შერკინებისას სიმტკიცე არ გჭირდებათ. სიცარიელე ბევრად ეფექტიანია. „უტეხი, რკინის ნერვები, რკინის ნებისყოფა, სიმტკიცე, მოთმინება, თავშეკავება“ და მსგავსი ტერმინები დაცვას, დაძაბულობას, წინააღმდეგობისთვის მზადყოფნას გულისხმობს. ასეთი დამცავი ველის შესანარჩუნებლად ბევრი ენერგიაა საჭირო. როგორც ხვდებით, მთელი ეს ენერგია ქანქარების საკვებს წარმოადგენს. მაგრამ თუ ცარიელი ვარ, დამცავ ველს არ ვსაჭიროებ. ენერგია არ იხარჯება, თიხის ტიკინა იფშვნება და უჩინარდება. საჭიროა მხოლოდ თამაშის წესები გახსოვდეთ და მნიშვნელოვნება ნულზე ცნობიერად შეინარჩუნოთ.
მნიშვნელოვნების ნულზე შენარჩუნების აუცილებლობა თავდასხმის მოგერიების გამუდმებულ საბრძოლო მზადყოფნაში არ უნდა გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში ჭარბ მნიშვნელობას თავად თამაშს ანიჭებთ. მოეშვით და ხანდახან თავს დამარცხების უფლება მიეცით. გამარჯვების მოპოვებას ნებისმიერ ფასად ნუ ეცდებით. ვიდრე მარწუხებს უჭერთ, ქანქარას თქვენით მანიპულირება შეუძლია. ის ისევე დაგატრიალებთ, როგორც ჯოხზე კბილებით ჩაფრენილ ძაღლს. თუ თამაში არ გამხიარულებთ, მაშინ მაქსიმუმ ინდიფერენტულობა გამოავლინეთ და გულგრილად წააგეთ.
თუ ამჯერად ქანქარამ გაიმარჯვა, არ გაჯიქდეთ და დაეთანხმეთ, რომ ეს პარტია წააგეთ. თქვენ წონასწორობა დაკარგეთ და აღელდით, და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ამის გამო საკუთარი თავის დასჯა საჭირო არაა, შემდეგი პარტია თქვენი იქნება. მაგრამ არ ღირს საკუთარ თავს უთხრათ, რომ ეს ბოლოჯერ მოხდა, ულტიმატუმის წაყენება და ჩასაფრება. თქვენ ულტიმატუმს საკუთარ თავს კი არ უყენებთ, არამედ ქანქარას. ის სწორედ ამას ელის. ასეთი ულტიმატუმი სხვა არაფერია, თუ არა დაცვის მძლავრი კედელი. დაცვის დაყენებით, თქვენ თამაშს ბრძოლად აქცევთ, რომელშიც აუცილებლად დამარცხდებით. მზად იყავით იმისთვის, რომ ქანქარას დაყვავებით და შეპარვით პროვოცირება შეუძლია. პრობლემებით დამძიმებული ბევრი ადამიანი საყრდენს სიგარეტებში, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში პოულობს. თუ მორიგ ჯერზე ამბობთ უარს მავნე ჩვევაზე და საკუთარ თავს ეუბნებით: „მორჩა, ეს ბოლოა“, ამას თქვენ სულაც არ ამბობთ. ქანქარამ იმდენად დაიპყრო თქვენი აზრობრივი გამოსხივება, რომ ფაქტობრივად აზრების თავს მოხვევა შეუძლია. ყოველ ჯერზე, როდესაც თავს ეფიცებით, რომ „კიდევ ერთხელ ბოლოჯერ, და მორჩა“, გამოიღვიძეთ და ილუზია გაფანტეთ. ეს ქანქარა ლაპარაკობს. ამ ფაქტის გაცნობიერება დაგეხმარებათ, გულგრილად „გადააგდოთ“ მავნე ჩვევა. არა გადამწყვეტად, არამედ სწორედ გულგრილად.
ქანქარები მიმდევართა მოსაპოვებლად არაფერზე ამბობენ უარს. მათ ყველაფერი წმინდა, ეთიკური პრინციპებიდან დაწყებული და რელიგიით დამთავრებული, მთლიანად შეისრუტეს. სამყარო ერთიანი სულის გამოვლინებაა, ერთიანობის გაცხადება მრავლობითობაში. ღვთაებრივი არსი ყოველ ცოცხალსა და არაცოცხალს განმსჭვალავს. ღმერთი ყველა ჩვენგანშია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ, როდესაც ადამიანის სული ოკეანეში წვეთს შევადარეთ. როგორც კი ღმერთმა მანიფესტაციით ადამიანებს თავი განუცხადა, ქანქარებმა მაშინვე კონტროლქვეშ მოაქციეს რელიგია. ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ საწყის ათ მცნებას მიმართავთ.
პირველი მცნება: „მევარუფალიღმერთიშენი, დაარაიყვნენშენდაღმერთნიუცხონი, ჩემსაგარეშე“. ეს დებულება ადამიანისგან მოითხოვს ერთი ღმერთის რწმენას, რომელიც მთელ სამყაროს მართავს. ადამიანებმა უმალვე დაარღვიეს ეს მცნება და მრავალი რელიგია - ქანქარები - შექმნეს. უფრო ზუსტად, რელიგიების ქანქარებს მათი დამორჩილების ნება მისცეს. რელიგიების ქანქარები უფლის სახელს ეფარებიან. თავად რელიგიების სასულიერო მსახურები გულწრფელად ესწრაფვიან უფლის სიტყვის და საქმის ქადაგებას. მაგრამ, მიმდევრებივით, ისინიც ქანქარების ხელში არიან, ამიტომ მათზე ცოტაა დამოკიდებული. განა რელიგიურ ნიადაგზე ომები და დაპირისპირება ღმერთის ნებაა?
მეორე მცნება: „არაჰქმნეთავისაშენისაკერპნი, არცაყოვლადვემსგავსნი, რაოდენიარსცათაშინაზე, დარაოდენიარსქუეყანასაზედაქუე, დარაოდენიარსწყალთაშინაქუეშექუეყანისა: არათაყუანი-სცემათ, არცამსახურებდემათ“. ესეც ქანქარებს ეხება. ქანქარა საკუთარ ნებას მიმდევრებს უქვემდებარებს და მათ ნებისმიერ შემთხვევაში მის სასარგებლოდ მოქმედებას აიძულებს იმისდა მიუხედავად, როგორი კეთილი განზრახვითაც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი შენიღბული.
თუმცა ყველა მცნების ორამდე დაყვანა შეიძლება. მოწაფის შეკითხვაზე: „მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?“ იესომ ასე უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“ (მათე 22.36-40). გიყვარდეთ ღმერთი საკუთარ თავში და სხვებში, ნუ დაემონებით ქანქარებს, - სულ ესაა, რისკენაც მცნებები მოგვიწოდებს.
რაც შეეხება ფსიქიკაზე საინფორმაციო საშუალებების ზემოქმედების საკითხს, აქ პირველ ყოვლისა გაცნობიერებულობაააუცილებელი. ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია ერთ ყურში შეუშვით და მეორედან გამოუშვით. ყოველი მხრიდან თქვენს დაინტერესებას, ხელში ჩაგდებას, რაღაცის თავზე მოხვევას ცდილობენ. ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფის უკან ქანქარა დგას. მისი ნების შემსრულებელი მიმდევრები ქანქარის ჭეშმარიტ მიზნებს უმეტესად ვერ აცნობიერებენ. გამუდმებით დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვის და რატომ სჭირდება ეს? თქვენ გჭირდებათ? იმავე დროს აქტიურად ეძებეთ და საკუთარ თავში შეუშვით მთელი ინფორმაცია, რაც თქვენს მიზანს ეხება. „ჰო, კარგი, - მოუთმენლად აწრიალდება თქვენი გონება, - ეს თავადაც ვიცი“. და მერე რა, რომ იცის? მან ყველაფერი იცის, მაგრამ უზრუნველად იძინებს ყოველ ჯერზე, როგორც კი ქანქარა თამაშს იწყებს. ნუ მისცემთ ქანქარას უფლებას, ხელი ჩაგჭიდოთ და გაგიყოლოთ.
მთლიანობაში მთქვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერად დაარღვიოთ თამაშის წესები. ეს ორი გზით შეიძლება გაკეთდეს. ან მნიშვნელოვნება უნდა მოიცილოთ და ქანქარა საკუთარი გულგრილობის სიცარიელეში ჩაკარგოთ, ან ის არაადექვატური რეაგირებით ჩააქროთ. თუ მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით ცუდად გამოგდით, მაშინ მეორე მეთოდს მიეცით უპირატესობა. ნებისმიერი არაადექვატური რეაქცია პროვოკაციაზე თამაშის წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ბრძოლის შეწყვეტა
არჩევანის თავისუფლება ერთ წარმოუდგენლად უბრალო ფაქტში მდგომარეობს. მიზნის მისაღწევად ბრძოლა აუცილებელი არაა.ის, რაც გესაჭიროებათ - არის ფლობის გადაწყვეტილება. როგორც კი თავს ფლობის ნებას მისცემთ, შეგიძლიათ მიზნისკენ ნაბიჯები მშვიდად გადადგათ. ქანქარები სრულიად სხვა სცენარს გახვევთ თავს. ისინი მიზნის მისაღწევად ბრძოლას გაიძულებთ. მისთვის თქვენ საკუთარ თავსაც და სამყაროსაც ომი უნდა გამოუცხადოთ. ქანქარები საკუთარი თავისგან დაწყებას გთავაზობთ. ქანქარა ჩაგაგონებთ, რომ არასრულფასოვანი ხართ, ამიტომ მანამ ვერ მიაღწევთ მიზანს, სანამ არ შეიცვლებით. როდესაც შეიცვლებით, მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლაში უნდა ჩაებათ. მთელი ეს სცენარი მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - მსხვერპლს ენერგია წაართვას. საკუთარ თავთან ბრძოლით, ენერგიას ქანქარას აძლევთ. სამყაროსთან შერკინებისას იგივეს აკეთებთ.
ბრძოლა გამუდმებულ დაძაბულობას, ჭიდილს, დისციპლინას გულისხმობს. ბრძოლისთვის მუდამ მზად უნდა იყოთ. სწორედ ასე იქცევიან მეომრები, რომლებიც ბუნდოვნად ხვდებიან, რომ ამ სამყაროში სადღაც არის თავისუფლება. მაგრამ ისინი ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ თავისუფლებას დაპყრობასჭირდება. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში საომარ მდგომარეობაში არიან, მაგრამ თავიანთი მთავარი ბრძოლა ყოველთვის სამომავლოდ აქვთ გადადებული. მეომრებს ეჩვენებათ: აი ასე, ადგე და აიღო თავისუფლება, შეუძლებელია. ისინი საკუთარ თავსაც და სხვებსაც არწმუნებენ იმაში, რომ ეს უკიდურესად რთული გასაკეთებელია და ამისთვის მრავალწლიანი შეუპოვარი შრომა და ბრძოლაა საჭირო.
ტრანსერფინგის მოგზაური არ მონაწილეობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან იცის, რომ ის მას უკვე აქვს. არავის შეუძლია მას ბრძოლა აიძულოს. მაგრამ თქვენ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, თუ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნებით ხართ სავსე. ტრანსერფინგში ბრძოლიდან მხოლოდ უზადოდ მოქმედების განზრახვა რჩება. მაგრამ ამისთვის არა საომარი მზადყოფნა და დისციპლინა, არამედ გაცნობიერებულობაა საჭირო.
თუ საკუთარი თავისთვის ფლობის ნების დართვა არ გამოგდით, შეგიძლიათ შემდეგისთვის გადადოთ. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? გადადების ორჭოფობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. შემდეგი ჯერისთვის გადადებას მივყავართ იქითკენ, რომ ცხოვრება ყოველ მიმდინარე მომენტში განიხილება როგორც უკეთესი მომავლისთვის მზადება. ადამიანი არასდროს არაა აწმყოთი კმაყოფილი და თავს ახლო მომავალში გაუმჯობესების იმედით იმშვიდებს. ასეთი დამოკიდებულებით მომავალი არასდროსდგება და ყოველთვისსადღაც წინ კრთის. ეს იგივეა, ჩამავალი მზის დაწევა ვცადოთ.
დაჯერება იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი დროა, მხოლოდ ილუზიას წარმოადგენს. უკეთესი მომავლის მოლოდინში მთელი ცხოვრება გადის. აქედანაა გამონათქვამიც: „დროებითზე უფრო მუდმივი არაფერია“. სინამდვილეში მოლოდინის დრო არ არის. ამიტომ მომავალს კი არ უნდა ელოდოთ, არამედ მისი ნაწილი მიმდინარე მომენტში უნდა ჩართოთ. მიეცით საკუთარ თავს ნება გქონდეთ აქ და ახლა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მიზანი უმალ რეალიზდება. საუბარია გადაწყვეტილებაზე, ანუ ფლობის განზრახვაზე, რომელიც საკუთარ თავთან პერმანენტული ბრძოლის პროცესის საპირისპიროა. ფლობის გადაწყვეტილება შეუდარებლად დიდი ძალის მატარებელია, ვიდრე მოქმედების გადაწყვეტილება.
თქვენ მთელი ცხოვრება თავის დამკვიდრებისთვის იბრძვით. ბევრს მიაღწიეთ ამ ბრძოლაში? აი ახლა იძულებული ხართ საძულველ სამსახურში ან კოლეჯში, როგორც კატორღაში, უხალისოდ წახვიდეთ. ამ დროს კი ვიღაც სათხილამურო კურორტზე ისვენებს ან ლივლივა ზღვასთან მზეზე ირუჯება. იქნებ მათ თავიანთი ბრძოლა მოიგეს და ახლა ცხოვრებით ამიტომ ტკბებიან?
ბრძოლაში მონაწილეთა უმრავლესობას, დიდი გულმოდგინების მიუხედავად, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკმარისი ფულის მოგროვება არ შეუძლია, რათა სათხილამურო კურორტზე წავიდეს. თუ პირადად თქვენ წლის განმავლობაში რამდენიმედღიანი სიამოვნებისთვის ფულის მოგროვებას ახერხებთ, ეს უკვე კარგია. მაგრამ ჩახვალთ იქ, და ცუდი ამინდი დაგხვდებათ, ან საბაგირო გზა გაფუჭდება, ან რაიმე სხვა უსიამოვნება შეგემთხვევათ. ყველაფერი კარგად როცაა, მაშინაც თავში ათასი ფიქრი ირევა, რომ ბევრის უფლებას თავს ვერ აძლევთ, ეკონომია გიწევთ, იხსენებთ, როგორი შრომით მოიპოვეთ დღესასწაულის ეს რამდენიმე დღე, და რა უცებ მიილია ეს დღეები. თქვენ, ძირითადად, კმაყოფილი ხართ, მაგრამ იძულებული ხართ ნაცრისფერ ყოფას და შრომას დაუბრუნდეთ.
თქვენ მოიგეთ ბრძოლა, დაიმსახურეთ დღესასწაული, და მაინც თქვენს აზრებს დრო და დრო უხალისობის ჩრდილი ეფინება. და იცით რატომ? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ვალდებული იყავით დიდხანს და ბეჯითად გეშრომათ, რათა ხანმოკლე სიამოვნება მიგეღოთ. თქვენ არ ხართ მზად სრულად მისცეთ თავს ფლობის ნება.
ისინი კი, ვინც თავს ფლობის ნება მისცა, ბრძოლაში არ მონაწილეობენ. მათ ამისთვის არ სცალიათ. მაგალითად, ბედნიერი წყვილი წინა კვირაში შვეიცარიის სათხილამურო ბაზაში ისვენებდა. ეს იყო დღესასწაული. ყველა დღესასწაული მთავრდება, მაგრამ ყველასთვის განსხვავებულად. ახლა წყვილი იმაზე ჩხუბობს, აქედან სად წავიდნენ. მამაკაცს ავსტრიის, ქალს კი საფრანგეთის ალპებში უნდა წასვლა. ამან თქვენ შეიძლება კაპრიზული საპნის ოპერა მოგაგონოთ, მათთვის კი ყველაფერი სერიოზულია. უბრალოდ ფლობის მზაობის დონეებიასხვადასხვა. თქვენ კიდევ ერთი წელი იშრომებთ თქვენი დღესასწაულისთვის, მათ კი ახალი დღესასწაული ერთ კვირაში დაეწყებათ.
რაციონალური აზროვნება აღშფოთებულია: „როგორ, ისინი ხომ თავიანთი მილიონებით დაიბადნენ, მე კი უნდა გამოვიმუშავო! საიდან მოვიტანო ფული?“ მერამდენედ ვიმეორებ, ნუ ფიქრობთ ფულზე. თუ ბრძოლას შეწყვეტთ და თავს ფლობის ნებას მისცემთ, გარეგანი განზრახვა იპოვის მეთოდს, სასურველი მოგცეთ. ამას ახლავე ვერ დაგიმტკიცებთ. თავად შეამოწმეთ. კი არ მოსინჯოთ, გააკეთეთ. ხვალ კი არა, ახლავე. ამ მომენტიდან მიეცით თავს ფლობისნება - უპირობოდ და უყოყმანოდ. არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად. თუ თქვენ მყისიერ შედეგებს არ დაელოდებით, არამედ საკუთარი თავისთვის ფლობის ნების დართვას გააგრძელებთ, ერთ მშვენიერ დღეს აღსრულდება ის, რასაც სხვები სასწაულად შერაცხავენ.
მათ, ვინც მილიონებით დაიბადა, ფლობის მზაობა უკვე აქვთ. მათ ამაზე ფიქრი არ სჭირდებათ. თქვენ კი სლაიდით მუშაობა მოგიწევთ. გონება რეალობის და მიზნის მიღწევის გზებზე ინერვიულებს. მაგრამ ეს ბრძოლის გზაა და ის არსაით მიდის. ამ გზაზე თქვენ ვერ შეძლებთ საკმარისი ფულის გამომუშავებას, და ყოველთვის მისი ნაკლებობა გექნებათ. გამოიმუშავეთ არა ფული, არამედ ფლობის გადაწყვეტილება.
თუ მიზანზე კონცენტრირდებით, თითქოს ის უკვე მიღწეულია, თქვენი კარები გაიხსნება, და საშუალებები თავისთავად გამოჩნდება. სწორედ ესაა თავისუფლება, რომლისგანაც ფაქტობრივად თავბრუ გვესხმის. თუ ამ თავისუფლებას არ იღებთ, თქვენ ისევ და ისევ თქვენს არჩევანს აკეთებთ. არაფერია უფრო მარტივი, ვიდრე თქვათ, რომ ეს ყველაფერი ბოდვაა, და თქვენი ჭაპანი მთელი ცხოვრება ათრიოთ. ყოველი ადამიანი თავის არჩევანს აკეთებს და მხოლოდ იმას იღებს, რისი ფლობისთვისაც მზადაა. თქვენი არჩევანი - ურყევი კანონია. საკუთარ რეალობას თქვენ თავად ძერწავთ.
ვარიანტთა სივრცეში არჩევანი დაახლოებით ამგვარად ხდება. ადამიანები მიდიან სუპერმარკეტში, მათ იქ ეკითხებიან: „რას ინებებთ?“ ერთი მყიდველი ამბობს: „მსურს ესტრადის ვარსკვლავი გავხდე“. გამყიდველი პასუხობს: „უპრობლემოდ. აი, ძალზე კარგი ეგზემპლარი, სპეციალურად თქვენთვის. საქვეყნო აღიარება, სიმდიდრე, ბრწყინვალება! იღებთ?“ მყიდველი გაოცებულია: „როგორ გითხრათ... ეს ხომ ასე უბრალოდ არ ხდება. მხოლოდ ერთეულები აღწევენ წარმატებას. ეს რჩეულები განსაკუთრებულ თვისებებს ფლობენ, მე კი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“. გამყიდველი მხრებს იჩეჩავს: „რა შუაშია თქვენი უნარები? აი საქონელი - აიღეთ, თქვენია!“ მყიდველი: „ზოგადად შოუ-ბიზნესში წინსვლა ძნელია. ეს ხომ ჯუნგლია. იქ ისეთი საქმოსნები არიან...“ გამყიდველი: „კარგი, აი საქმოსანსაც დაგიმატებთ, რომელიც გზას გაგიკაფავთ. აიღეთ, არ ინანებთ!“ ადამიანი: „ამ ვარსკვლავებს ისეთი მდიდრული სახლები აქვთ, ისეთი ძვირიანი ავტომობილები, მაღალი საზოგადოება... ნუთუ შესაძლებელია ეს ყველაფერი მეც მქონდეს? რაღაც არ მჯერა...“ გამყიდველი პასუხობს: „კარგი, სამწუხაროა. ასეთ შემთხვევაში ვერაფრით დაგეხმარებით“, - და საქონელს ისევ დახლზე აბრუნებს.
ზუსტად ასევე ერთმა ადამიანმა შეიძლება შიშით ჰკითხოს მეორეს: „სამგზავრო თვითმფრინავით ფრენა იცი?“ „უპრობლემოდ, - პასუხობს ის, - უბრალოდ ვჯდები სავარძელში, ვიკრავ ქამარს, და თვითმფრინავი ცაში აფრინდება“. როგორც კი დაუშვებთ, რომ მიზნის მიღწევა - მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია, მაშინვე იგრძნობთ, რამდენად აბსურდულია მყიდველის შიში ვარიანტთა სივრცის მაღაზიაში. საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფლობის მზაობაშია, სულ ესაა.
თქვენ შეიძლება ფლობის გადაწყვეტილებისთვის საკუთარ თავთან ბრძოლის ცდუნებას აყვეთ. საკუთარ თავს ფლობის ნების დართვა არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ. მიზნობრივი სლაიდი ძალით არ ატრიალოთ. ნუ ცდილობთ. ნუ აკეთებთ ამას ძალდატანებით და ზეწოლით. ეს ხომ ისევ ბრძოლაა! უბრალოდ საკუთარ თავს სადღესასწაულო აზრებით სიამოვნება მიანიჭეთ. მნიშვნელოვნებაზე უარი თქვით და ბრძოლა შეწყვიტეთ. ბრძოლით ვერაფერს მოიპოვებთ. თქვენ მხოლოდ იმიტომ აგრძელებთ ბრძოლას, რომ ირგვლივ ყველაფერს მომატებული მნიშვნელოვნება აქვს. თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარ თავს ფლობის ნება მისცეთ იმ დროს, როდესაც მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად მძვინვარედ იბრძვით.
დავუშვათ, თქვენ მტკიცე და დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარს მიიღებთ, ენერგიულად და დაჟინებით უმტკიცებთ თავს, რომ არჩევანი თქვენზეა. დაჟინებით მოქმედება - ჭარბი პოტენციალის შექმნას ნიშნავს. სიმტკიცე კი არაა საჭირო, არამედ ყოველდღიური, უდარდელი გადაწყვეტილება. მოეშვით, ნუ უჭერთ მარწუხებს და უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენსას მიიღებთ. კიოსკიდან გაზეთის ამოტანას სიმტკიცე და დაჟინება არ სჭირდება. თუ გაზეთი არ დაგხვდათ, ეს არ დაგაღონებთ, უბრალოდ სხვა კიოსკში წახვალთ. მოუშვით მარწუხები.
მარწუხების მოშვების მცდელობისას, კიდევ უფრო მაგრად მოუჭერთ. მცდელობა და ძალისხმევა კიდევ უფრო აძლიერებს ჭარბ პოტენციალს. ძალისხმევის და მარწუხების ჩაჭერის მიზეზს მნიშვნელოვნება წარმოადგენს. თქვენ ვერ შეძლებთ მარწუხების მოშვებას, თუ მასთან ბრძოლას დაიწყებთ. უარი თქვით მნიშვნელოვნებაზე, და მარწუხები თავისთავად მოეშვება.
მნიშვნელოვნების დაქვეითებას განზრახვის მიმართულების ისარი შინაგანი სფეროდან გარეგან სფეროში გადაყავს. ნებისმიერ ზეწოლას მნიშვნელოვნება წარმოქმნის. დაჟინებით მოქმედებისას, თქვენ შინაგანი განზრახვით მუშაობთ. ნებისყოფის ძალა აუცილებელია, როდესაც წინაღობების დაძლევაა აუცილებელი. მაგრამ, როგორც ცნობილია, წინაღობები მნიშვნელოვნების ფუნდამენტზე წარმოიქმნება. როგორც კი მნიშვნელოვნებას დაწევთ, წინაღობები იფანტება, და ნებისყოფის ძალა მათ დასაძლევად აღარ გესაჭიროებათ. როდესაც მნიშვნელოვნება ქრება,მოპოვებისგადაწყვეტილება ფლობისგადაწყვეტილებაში გადადის, და მაშინ გარეგანი განზრახვა იწყებს მოქმედებას.
თქვენ უკვე გაქვთ არჩევანის უფლება. და არაა საჭირო ეს უფლება მოიპოვოთ. თუ თქვენი არჩევანის უფლების მოპოვება მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, იმედგაცრუებისთვის მოემზადეთ. თქვენ მტკიცედ გადაწყვიტეთ, ეს კი სიმტკიცეა. კვლავ მარწუხებს უჭერთ. წონასწორული ძალები უცებ დააცხრობს მგზნებარებას. ქანქარა კი, როგორც კი თქვენს მნიშვნელოვნებას იგრძნობს, უმალ პროვოკაციებს მოგიწყობთ. თავად დარწმუნდებით, რომ სწორედ ასე მოხდება.
ფლობის უშფოთველი გადაწყვეტილების მოპოვების უშედეგო მცდელობები ნუ შეგაწუხებთ და გულს ნუ დაგწყვეტთ. ადამიანები ენერგიის არა იმდენად თავად მიზნისკენ, არამედ ქანქარების საკვებად მიმართვას მიეჩვივნენ. საბოლოოდ სიმტკიცის გადაწყვეტილებისგან გარჩევას ისწავლით. უბრალოდ ფლობის გადაწყვეტილება - ესაა უშფოთველი და ყოველდღიური განზრახვა მიიღოთ ის, რაც თქვენ, უპირობოდ, გეკუთვნით.განა სასაცილოდ არ ჟღერს ფრაზა: „გადავწყვიტე საფოსტო ყუთიდან წერილები ავიღო“? სწორედ ასე მშვიდად და დაჟინების გარეშე უნდა ისარგებლოთ თქვენი არჩევანის უფლებით.
ადამიანებს ცხოვრებაში მუდმივად გამოცდების, კონკურსების, ტესტების და ვარგისიანობაზე ყოველგვარი შემოწმების ჩაბარება უწევთ. მაგრამ ფლობის გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ თავად ხართ გამომცდელის როლში. ყველა ნიშანი დაიყვანება იმაზე, რომ ადამიანი ან საკუთარ თავს თვლის უუნაროდ და უღირსად, ან მიზანს განსაზღვრავს როგორც ძნელად მისაღწევს. ეს ინერციით ხდება, რადგან ამას მიეჩვივნენ. საჭირო კი მხოლოდ ისაა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, თავს ფლობის ნება მისცეთ. უჩვეულოა, დიახ. აბა მაინც გაბედეთ და თავს ფლობის ნება მიეცით. დაე ნიუტონის და სხვა ადამიანების ვაშლები მიწაზე ცვიოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს ვაშლებს ცაში ცვენის ნება დართეთ.
თქვენ უსაზღვროდ გსურთ ფლობის გადაწყვეტილების მიღება? უარი თქვით სურვილზე. საკმარისია სურვება, ისედაც მიიღებთ აუცილებელს. უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ კუთვნილს იღებთ. იღებთ მშვიდად, მოთხოვნისა და დაჟინების გარეშე. მე ხომ ეს მსურს,მაშ რაშია საქმე? ის მე მექნება.
გათავისუფლება
ფლობის გადაწყვეტილება განზრახვის თავისუფალი ენერგიით ფორმირდება. საკუთარი თავისთვის ფლობის ნების მიცემაში ორი რამ გიშლით ხელს. პირველი - ესაა უთანხმოება სულსა და გონებას შორის. მეორე - ესაა შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალები, რომლებიც თავისუფალ ენერგიას იყენებენ. შეცდომა იქნებოდა დაგვეშვა, რომ ფლობის გადაწყვეტილება - უბრალოდ ჩვეულებრივი ფიქრებია, როგორიცაა მაგალითად „მსურს და ავიღებ“. სინამდვილეში ასეთი ფიქრები განზრახვის ენერგიით უნდა იყოს დამუხტული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი გონების ბუტბუტი იქნება და მეტი არაფერი. თავისთავად, აზრები სულის და გონების ერთიანობიდან უნდა მოედინებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში განზრახვის ენერგიის მოდულაცია სუფთა არ იქნება. თუ თავისუფალი ენერგისს მნიშვნელოვანი ნაწილი ჭარბი პოტენციალების მიერაა დაკავებული, განზრახვას ძალა არ ექნება.
ფლობის გადაწყვეტილების მოპოვებასთან დაკავშირებული სიძნელეები იმ ყოყმანის მსგავსია, რომელსაც ადამიანი ორთვლიან ველოსიპედზე პირველად დაჯდომისას განიცდის. ადამიანმა იცის, რომ ეს პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ასევე იცის, რომ უცებ არ გამოუვა. მას ეჭვი ეპარება საკუთარ უნარებში და იმავე დროს სწავლის სურვილითაა აღსავსე. ადამიანის გონება მიისწრაფის შესწავლა კონტროლქვეშ მოაქციოს, მაგრამ არ ესმის, როგორ უნდა იმოქმედოს. ერთდროულად სამი ჭარბი პოტენციალი იქმნება - ეჭვი, სურვილი და კონტროლი, რომლებიც განზრახვის ენერგიას შთანთქავენ.
გონება წონასწორობის დაცვას ყველანაირად ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. არც სულის და გონების ერთიანობაა და არც თავისუფალი ენერგია. მაგრამ რომელიღაც მომენტში გონების კონტროლი სუსტდება, და ამ დროს სულის და გონების ერთიანობა იბადება იმ საკითხში, რომ წონასწორობის დაცვაა საჭირო. შედეგად ყველაფერი გამოდის. გონება მაინც ვერ მიხვდა როგორ კეთდება ეს. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე! გონება ყოველთვის საშუალებებზე ფიქრობს, ანუ როგორ უნდა იმოქმედოს. ის კონტროლს ამყარებს და სხვადასხვა ვარიანტებს სცდის. სული არ ფიქრობს - ის უბრალოდ უპირობოდ მზადაა ჰქონდეს. გონებაც მზადაა ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ამ პირობით: ეს გასაგებია და რაციონალურია. სულსა და გონებას შორის უთანხმოება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გონებას ეჭვი ეპარება მიზნის მიღწევის რეალურობაში. როგორც კი კონტროლის მარწუხი მოეშვება, გონების შემზღუდავი პირობები ქრება, და სწორედ მაშინ იბადება სულის და გონების ერთიანობა.
გონება გაოცებით აფიქსირებს ფაქტს, რომ მისი კონტროლი საჭირო არაა. ყველაფერი თავისთავად გამოდის. თუმცა, მისთვის თავად ფაქტის არსებობაც საკმარისია, თუნდაც წესიერად არ ესმოდეს, რაშია საქმე. წონასწორობა უბრალოდ ნარჩუნდება, და მორჩა, ამიტომ გონებას ამასთან შეგუება უწევს. ის კონტროლს ხსნის, რადგან დარწმუნდა, რომ მისი საჭიროება აღარაა. მცირე პრაქტიკის შემდეგ დანარჩენი ჭარბი პოტენციალებიც ქრება, განზრახვის ენერგია თავისუფლდება, და ველოსიპედის ტარება პრობლემიდან სიამოვნებად იქცევა.
ამგვარად, ფლობის გადაწყვეტილების მოსაპოვებლად, სულის და გონების ერთიანობის მიღწევა და ჭარბი პოტენციალებისგან განზრახვის ენერგიის გათავისუფლებაა საჭირო. სულის და გონების ერთიანობა თქვენი მიზნის გზაზე საჭირო კარის გავლით მიიღწევა. მხოლოდ საკუთარი ჭეშმარიტი მისწრაფებების გამოვლენა და ამ ამ გზაზე შედგომა რჩება. მხრებიდან შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების უსარგებლო ტვირთის ჩამოგდებით, თქვენ განზრახვის ენერგიას - ვარიანტთა სივრცეში მამოძრავებელ ძალას - ათავისუფლებთ. ხოლო შინაგანი და გარეგანი მნიშვნელობის შენარჩუნებით, ენერგიის ოთხოცდაცხრამეტ პროცენტს ჭარბი პოტენციალების შენარჩუნებაზე ხარჯავთ. საიდან მოვა თავისუფალი ენერგია, თუ მთლიანად ჭარბ პოტენციალებზე იხარჯება?
მნიშვნელოვნების მოსაცილებლად, ცნობიერად უნდა იმოქმედოთ და გაიაზროთ, რას ანიჭებთ გადამეტებულ მნიშვნელობას და რა მოსდევს ამას. სამწუხაროდ, მნიშვნელოვნებაზე ცნობიერად უარის თქმა მენტალურ დონეზე ყოველთვის არ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში ერთი გზა რჩება - მოქმედება. ჭარბი პოტენციალის ენერგია მოქმედებისას იფანტება. ფიქრებში მიზნობრივი სლაიდი ატრიალეთ, პროცესის ვიზუალიზაცია შეასრულეთ და მშვიდად გადადგით ნაბიჯები მიზნის მიმართულებით - სწორედ ეს იქნება თქვენი მოქმედება.
როგორ არ უნდა გეშინოდეთ?- უნდა იპოვოთ დაზღვევა. ყველაზე ძნელად დასაძლევი ჭარბი პოტენციალი - შიშია. თქვენ საკუთარი თავის იძულებას, არ ეშინოდეს, ვერ შეძლებთ. თუკი რაიმეს თქვენთვის გადამეტებული მნიშვნელობა აქვს, რაზეც უარის თქმა არ შეგიძლიათ, მაგალითად სიცოცხლე, კარიერა, სახლი, და თუ მოცემული ღირებულებები საშიშროების ქვეშ დგას, ასეთ შემთხვევაში პოტენციალის დაგდების ერთადერთი გზა - საფარის, სათადარიგო ვარიანტის, შემოვლითი გზის პოვნაა.
როგორ არ უნდა ვღელავდეთ და ვშფოთავდეთ? - ვიმოქმედოთ. შფოთვის და მღელვარების პოტენციალები მოქმედებისას იფანტება. უმოქმედო მღელვარება იქამდე იარსებებს, ვიდრე აქტიურ ქმედებას არ დაიწყებთ. მოქმედების სახეობას მღელვარების მიზეზთან შეიძლება არაფერი აკავშირებდეს. საკმარისია რაიმეთი დაკავდეთ, და უმალ იგრძნობთ, რომ მღელვარებამ შემცირება დაიწყო.
როგორ არ გვსურდეს? - შევეგუოთ შესაძლო დამარცხებას და ვიმოქმედოთ. მოცემული პოტენციალის მოსპობა ასევე ძნელია, რადგან მიზნის მიღწევის სურვილზე მთლიანად უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, თუ წინასწარ შევეგუებით დამარცხებას და სათადარიგო გზას ვიპოვით, მაშინ სურვილის პოტენციალი წონასწორდება. ნებისმიერ შემთხვევაში სურვილის მოქმედებაში ტრანსფორმირებაა შესაძლებელი. როგორც იცით, სურვილი - განზრახვის წინამორბედია. როდესაც სურვილი მოქმედების განზრახვაში გადადის, პოტენციალის ენერგია იფანტება. სურვილის ენერგია განზრახვის ფორმირებას ხმარდება.
როგორ არ უნდა ველოდოთ? - ვიმოქმედოთ. ეს პოტენციალი, განსაზღვრებიდან გამომდინარე, მოქმედებაში ქარწყლდება. განაქარწყლეთ სურვილები და მოლოდინები ქმედებით.
როგორ ვთქვათ უარი საკუთარ მნიშვნელობაზე? თუ ყველაფერი სწორად გაიგეთ, მოცემულმა კითხვამ უნდა დაგაბნიოთ. რა თქმა უნდა, ტრანსერფინგი გთავაზობთ არ შეეგუოთ საკუთარ უმნიშვნელობას, და საკუთარი მნიშვნელობა აქსიომად მიიღოთ. სირთულე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი გონება თავის მნიშვნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობს, თუ გარშემომყოფებთა მხრიდან შესაბამისი დამოკიდებულება იქნება. ამის გათვალისწინებით საკუთარი მნიშვნელობის ამაღლების საიდუმლო იმდენად მარტივია, რამდენადაც მოქმედი. მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის გაზრდისკენ მიმართულ მოქმედებებზე უარის თქმაა საჭირო.
დააკვირდით საკუთარ თავს: რას აკეთებთ, როდის იცავთ საკუთარ მნიშვნელობას? მოითხოვთ ყურადღებას, პატივისცემას, ამტკიცებთ საკუთარ სიმართლეს, გწყინთ, თავს იცავთ, თავს იმართლებთ, კონფლიქტში ერთვებით, ქედმაღლობას, უპატივცემულობას ამჟღავნებთ, პირველობას მიელტვით, სხვა ადამიანის ღირსებას ამცირებთ, სხვის ნაკლს ხაზს უსვამთ, საკუთარ ღირსებებს წარმოაჩენთ და ა.შ. თუ თანდათანობით აღმოფხვრით საკუთარი მნიშვნელობის ამაღლების ამ მცდელობებს, გარშემომყოფები ამას გაუცნობიერებლად იგრძნობენ. რამდენადაც თქვენს მნიშვნელობას არ იცავთ, ე.ი. ის ისედაც მაღალ დონეზეა. ადამიანები სხვაგვარად მოგეპყრობიან. როგორც კი მეტი პატივისცემით მოპყრობას იგრძნობთ, თქვენი გონება თავად აღიარებს საკუთარ მნიშვნელობას.თუ თავად აღიარებთ საკუთარ მაღალ მნიშვნელობას, გარშემომყოფები უმალ დაგეთანხმებიან - ეს აბსოლუტურად ზუსტია. ამგვარად, მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.
როგორ არ გავღიზიანდეთ? - ეთამაშეთ ქანქარას, დაარღვიეთ მისი თამაშის წესები. უსიამოვნო ამბებზე ნეგატიურად რეაგირების ჩვევის აღმოფხვრა მხოლოდ ამ მეთოდით შეიძლება. როგორ უნდა გააკეთოთ ეს, უკვე იცით. მხოლოდ დროზე უნდა გაიხსენოთ, რომ ეს თამაშია, და მხიარულად დაარღვიოთ მისი წესები, ანუ არაადექვატური რეაქციით უპასუხოთ. სასიამოვნო სიახლეზე ან გარემოებაზე რეაქცია არა ზარმაცად, არამედ სიხარულით, ხაზგასმული ენთუზიაზმით უნდა გამოხატოთ. ამ შემთხვევაში თქვენი გამოსხივება წარმატების ტალღაზე ტრანსლირდება. ქანქარები უსიამოვნებებს გიწყობენ, რათა წონასწორობიდან გამოგიყვანონ და ნეგატიური ენერგია მიიღონ. არაადექვატურად რეაგირებით, ქანქარას რიტმს ურევთ, და ის ხელცარიელი რჩება. ითამაშეთ ეს თამაში, ეს ძალზე საინტერესოა.
როგორ მოვიცილოთ დანაშაულის გრძნობა? - შევეშვათ თავის მართლებას. როგორც უკვე ვთქვი, სამსჯავროზე საკუთარ თავს თავად აჩერებთ. თავად ხართ ბრალმდებელი, ადვოკატი და განსასჯელი, მანიპულატორები კი ამით სარგებლობენ. დატოვეთ სასამართლოს შენობა, ვერავინ შეგაჩერებთ. პროცესის მოსასმენად ჩვეულებისამებრ იქ შეკრებილები ცოტა ხანს მოიცდიან და დაიშლებიან, რადგან განსასჯელი არ არის. აი ამგვარად თქვენი „საქმე“ თანდათან დაიხურება. ვერანაირი სხვა მეთოდით დანაშაულის გრძნობისგან ვერ გათავისუფლდებით.
როგორ გავუმკლავდეთ წყენას და აღშფოთებას?ისინი აღარ გექნებათ, თუ დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდებით და თქვენს მნიშვნელობას მიიღებთ. შეწყვიტეთ თქვენი ბრძოლა და იმოძრავეთ დინების მიმართულებით. მაგრამ შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც თქვენ მოძრაობთ დინების მიმართულებით, მაგრამ ვიღაც ხელს გტაცებთ და უკან გექაჩებათ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
მაგალითად, თუ რაიმეს კეთება იცით, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოსავალი იპოვოთ. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პრობლემების პოვნა ეხერხებათ. ისინი პრობლემებს გამოჩხრეკენ და მოზეიმე იერით საკუთარ მიღწევად წარმოაჩენენ. ასეთი ადამიანები გულწრფელად დარწმუნებულები არიან, რომ სხვები უბრალოდ ვალდებული არიან, მათ საპასუხოდ გამოსავალი შესთავაზონ. ჰოდა, თუ თქვენ გამოსავალის ძებნას იწყებთ, თქვენს გარშემო უსაქმურთა ლაშქარი შეიკრიბება. ერთნი გაკრიტიკებენ, მეორენი ახალ პრობლემებს ეძებენ, მესამენი რჩევებს გაძლევენ, მეოთხენი კი მბრძანებლობენ და მოითხოვენ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ დინების მიმართულებით მოძრაობას, ყოველნაირად გიშლიან ხელს. ბუნებრივია, ეს წყენას და აღშფოთებას იწვევს.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ წყენას და აღშფოთებას ვერ უმკლავდებით? - უბრალოდ საკუთარ თავს ამ სისუსტის ნება უნდა დართოთ. უარესი იქნება, თუ გადამეტებულ მნიშვნელობას მიანიჭებთ მნიშვნელოვნების ნულამდე დაყვანის აუცილებლობას. ვისთვის მუშაობთ? „ბიძისთვის“? ასეთ შემთხვევაში უცილობლად და გამუდმებით წყენის და აღშფოთების განცდა მოგიწევთ. გამოდით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მაშინ დროთა განმავლობაში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავებთ. მანამდე კი თავს ხანდახან ჩავარდნის და ჭარბი პოტენციალების შექმნის ნება მიეცით. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ყოველთვის გაიმარჯვოს.
ამრიგად, საკუთარ ჭარბ პოტენციალებთან ბრძოლის მაგივრად, დაწმენდილი განზრახვის ჩარჩოებში მოქმედებაა აუცილებელი.განზრახვა კი მოძრაობის პროცესში იწმინდება. როგორც ხედავთ, ფლობის გადაწყვეტილება მიიღწევა არა უბრალო თეორიული სავარჯიშოებით, არამედ კონკრეტული მოქმედებებით. როგორმე მიზნის მიმართულებით ფეხის გადადგმა დაიწყეთ. თქვენი მოქმედებები ეფექტიანობას მოძრაობის პროცესში შეიძენს.
ფლობის გადაწყვეტილება სამ სტადიას გადის. პირველი სტადია - უჩვეულო სიტუაციით გამოწვეული შებოჭილობაა: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“ როდესაც გონებაში მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ, ბოლომდე ვერ ეგუებით აზრს, რომ ეს შესაძლებელია. მეორე სტადია - აღფრთოვანებაა, რაც უწონობის შეგრძნებას წააგავს. რომელიღაც მომენტში იგრძნობთ, როგორ გაქრა შებოჭილობა, მიზანი თქვენი კომფორტის ზონაში მიიღეთ და აღფრთოვანდით, რადგან მიზანი უეცრად სრულიად რეალურად მოგეჩვენათ. უწონობის შეგრძნებას ასევე სრულიად რეალური საფუძველი გააჩნია. ეს განზრახვის ენერგია თავისუფლდება ჭარბი პოტენციალებისგან. თქვენ სწორედ მას გრძნობთ.
და ბოლოს, დროთა განმავლობაში ფლობის გადაწყვეტილება მესამე სტადიაში - ყოველდღიურობაში - გადადის. თქვენ გამუდმებით ატრიალებთ გონებაში მიზნობრივ სლაიდს, მას ერგებით, და თანდათან ყველაფერი, რაც სლაიდზე გაქვთ, თქვენთვის ჩვეულებრივი ხდება. სლაიდი მნიშვნელოვნების ფირზეა აღბეჭდილი. მანამ, სანამ თქვენ გსურთ, ეჭვობთ და საშუალებებზე ფიქრობთ, ფლობის გადაწყვეტილება არამყარ საფუძველზე დგას. როგორც კი მნიშვნელოვნება ქრება, ფლობის გადაწყვეტილება ძალას იკრებს. ამასთან მთავარია მოქმედების გადაწყვეტილება, ანუ მიზნის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის განზრახვა არ გაგეფანტოთ. თუ სამივე სტადია გაიარეთ, ე.ი. სწორ გზაზე დგახართ.
და ბოლოს, როგორ არ დაგვამძიმოს პრობლემებმა?
ნებისმიერ შემთხვევაში ამა თუ იმ ხარისხით გამუდმებით რაღაც გვრთგუნავს. ძალზე ძნელია, აი ასე, ავიღოთ და უარი ვთქვათ ნებისმიერ მნიშვნელოვნებაზე. ასეთი შემთხვევისთვის ტრანსერფინგში ერთი საინტერესო და ძალზე ძლიერი მეთოდი არსებობს - განზრახვის კოორდინაცია.
განზრახვის კოორდინაცია
ადამიანი თავს გარემოებათა ტყვედ აღიქვამს, მას ეჩვენება, რომ მასზე ცოტა რამაა დამოკიდებული. ხანდახან გაუმართლებს, და გარკვეული დროით წარმატების ტალღაზე დაფრინავს. ხანდახან ისიც ეჩვენება, რომ იღბალი მის ხელთაა, გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, და ის აქტიურად ბრძოლას იწყებს. მაგრამ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, გამარჯვებას ხშირად დაუნდობლად მოსდევს მარცხი.
თითქოს ადამიანები მიუყვებიან გზას, რომლის ნაპირებზეც მაღალი გორაკები და ღრმა ორმოებია ჩამწკრივებული. მტკიცე და თავდაჯერებული ადამიანები გამუდმებით გადადიან სწორი გზიდან და რატომღაც გორაკებზე აძრომას იწყებენ. იქ მაცდუნებლად ბრწყინავს ქანქარების მიერ დატოვებული ნაირ-ნაირი ჯილდო. წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად ხანდახან ჯილდოს მოპოვება შესაძლებელი ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ეს მარცხით მთავრდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გორაკზე აღმოჩენისას, წონასწორული ძალების ქარით მოცელილი ადამიანი ქვასავით მოგორავს ქვევით. და ადამიანი კვლავ უმწეოდ გრძნობს თავს, მას კვლავ ეჩვენება, რომ მასზე ბევრი არაა დამოკიდებული.
მეორე ტიპის, ნეგატივისტი ადამიანები თვლიან, რომ მათზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული, და ამჯობინებენ უნებისყოფოდ იფართხალონ ყველაზე უარესი მოლოდინების ორმოში. ყველაზე უარესი მოლოდინები დაუყოვნებლივ რეალიზდება. ნეგატივისტები საკუთარი უსუსრობისგან უბრალოდ კი არ იტანჯებიან, ისინი თავიანთ ბედს ინფანტილურად სხვას გადასცემენ. ასე ვთქვათ, ყველაფერი ღვთის ნებაა. ისინი არც ვარიანტთა დინების მიმართულებით მოძრაობენ, არც ეწინააღმდეგებიან, არამედ უბრალოდ ფართხალებენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ და მათ ირგვლივ ენერგეტიკულ ატმოსფეროს წამლავენ. ერთადერთი, რაც მათ კარგად გამოსდით, - ესაა ყველაზე უარესი მოლოდინების რეალიზაცია. ამიტომ ნეგატივისტები მხოლოდ აქ პოულობენ შვებას: რაღაცაში ხომ მაინც არიან მართლები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც უზადოდ ისწავლეს, - თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულების დადასტურების ძებნა და პოვნაა.
ასეთი ადამიანები ნეგატივში სადომაზოხისტურ სიამოვნებას პოულობენ. მათ ნებისმიერი წვრილმანის ტრაგედიად ქცევა შეუძლიათ. მათი კრედოა: „ცხოვრება საზიზღრობაა, და დღითიდღე უარესი ხდება“. ეს მათი არჩევანია, და ნეგატივისტები ყველაფერში ამ აზრის დადასტურებას ეძებენ და პოულობენ. აი, ამგვარი ტანჯულები არიან, და მაინც მათ განსჯიან და სჯიან, ასეთი მძიმე ხვედრი ერგოთ ამ წამებულებს. ისინი ფაქტობრივად ნეგატივში ბანაობენ და ამაში სიამოვნებას პოულობენ. და იცით, რატომ? იმიტომ რომ ნეგატივი - ერთადერთია, რასაც გარე სამყარო ეთანხმება და მის შემხვედრად მოემართება. ისინი თავდაჯერების საყრდენს პოულობენ იმაში, რომ მათი ყველაზე უარესი მოლოდინები მართლდება.
ზოგჯერ ნეგატივისტი შემთხვევით აღმოჩნდება წარმატების ტალღაზე. გარკვეული დროის განმავლობაში ის კმაყოფილია და ხარობს. მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, რადგან ის ჩვეული შავი ზოლის მოსაძებნად თავის ტრიალს და აქეთ-იქით ყურებას მალევე იწყებს. როგორ, ყველაფერი კარგი ხომ უცებ მთავრდება, იღბალი ხომ - არანორმალურია, არაბუნებრივია! ნეგატივისტი გაძლიერებულად იწყებს ძებნას, რომ როგორმე ისევ შავ ზოლს ჩაეჭიდოს, რათა კვლავ მისთვის ჩვეულ თხრილში აღმოჩნდეს, სადაც ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ წინასწარგანჭვრეტადია. ის ფიქრობს, საით მიმართოს თავისი უკმაყოფილება, უარყოფით ამბებს უსმენს, პრეტენზიებს, ბრალდებებს, მოთხოვნებს გამოთქვამს. ხოლო თუ მოთხოვნის საშუალება არ აქვს, მაშინ მსხვერპლის როლს ირგებს, რომელიც ყველამ უნდა დაამშვიდოს და ანუგეშოს.
თვითგვემით ტკბობის ჩვევისგან ნეგატივისტის გადაჩვევა ძალზე რთულია. ეს მძიმე შემთხვევაა. მთელი უბედურება იმაშია, რომ ის მარტო საკუთარ თავს არ უწამლავს ცხოვრებას. საკუთარი სამყაროს ნიშის ტრანსფორმაციით, ნეგატივისტი თავის საცოდავ ჯოჯოხეთში ახლობლებსაც ექაჩება, რომელთა ნიშების მის ნიშაზე ზედდება ხდება. მაგრამ აი, როგორი პარადოქსია. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატივისტი უსუსური ჩანს, მას დიდი ძალა აქვს და ამ ძალას სრულად იყენებს. მისი ძალა იმ მყარ შეხედულებას ეფუძნება, რომ ცხოვრება საზიზღრობაა და დღითიდღე უარესდება. მყარი შეხედულება სხვა არაფერია, თუ არა ფლობის გადაწყვეტილება, ამიტომ ნეგატივისტის არჩევანი წარმატებით რეალიზდება. ნეგატივისტი ნამდვილად აკეთებს არჩევანს, და სამყაროც ნამდვილად მიდის მის შესახვედრად.
გამოდის, რომ ადამიანი არაა უსუსური და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ყველაზე უარესი მოლოდინების რეალიზაცია ადასტურებს, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია მოვლენათა მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა. სცენარის განსაზღვრა მხოლოდ სიზმარში კი არა, ცხადშიც შეუძლია. იქნებ, ამისთვის ნეგატიური ორიენტაციის პოზიტიურით შეცვლაც საკმარისია? „ცხოვრება მშვენიერია, და დღითიდღე უკეთესდება“. მაგრამ, ამ ლოზუნგის ატაცებით, ადამიანი ღრუბლებში იწყებს ფრენას. საკმარისია წამით მაინც დაეჭვდეს და ფეხქვეშ შიშით დაიხედოს, რომ უმალ ჩამოვარდება.
ნეგატიური განწყობა ასე გამძლე იმიტომაა, რომ ადამიანი დაბადებიდანვე რწმუნდება: სამყარო მის მიმართ არამეგობრულადაა განწყობილი. პატარა ადამიანი დაბადებისთანავე უზარმაზარი ძალის აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. ის თავისთვის იჯდა მუცელში, იყო იქ წყნარად, თბილად და მშვიდად. მაგრამ აი, საწყალ ადამიანს იმ კომფორტიდან უხეშად აგდებენ. მას დედის ყვირილი ესმის და , შესაძლოა, აცნობიერებს, რომ თავადაა მისი ტანჯვის მიზეზი. და აი, დანაშაულის კომპლექსის საფუძველი ჩაყრილია. კაშკაშა სინათლე თვალს ჭრის. სურს, თვალები დახუჭოს და არაფერი დაინახოს. ნოტიო სითბოს გამჭოლი მშრალი სიცივე ცვლის. უნდა, რომ მოიგორგლოს და მთელ ამ საშინელებას დაემალოს. მაგრამ აი, დაყოვნების გარეშე გადაჭრეს ჭიპლარი და ამგვარად უხეშად გაწყვიტეს სიცოცხლის წყაროსთან ერთადერთი კავშირი. ადამიანი უკვე სასიკვდილო შოკშია. ის იხრჩობა, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ უნდა ისუნთქოს. მას ზურგზე ურტყამენ და უკვე სიცოცხლეში აყენებენ ტრავმას. მის ფილტვებში მჭრელი სამართებელივით შეიჭრება ჰაერი. სუნთქვა მტკივნეულია, მაგრამ სხვა გზა არაა.
მკაცრი პირობებია წამოყენებული: ან სიცოცხლისთვის იბრძოლე, ან მოკვდი. უცოდველი და სუფთა გონება პირველ გაკვეთილს ითვისებს: არსებობისთვის ბრძოლა ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ადამიანს სტკივა და ძალიან ეშინია, მაგრამ აი, ბოლოს, ამ ყველაფერთან ერთად, მას დედას აცილებენ და მაგარ ყუთში ათავსებენ. ძალაგამოცლილი, ის ცდილობს, ამ სამყაროს სიზმრებში დაემალოს.
ასე ხდება ამ სამყაროსთან პირველი შეხვედრა. შიში, მარტოობა, სასოწარკვეთილება, წყენა, სიბრაზე და სრული უსუსურობა. ეს პირველი გაკვეთილებია, რომლებიც გონების სუფთა ფურცელზე სასტიკად და ულმობლად აღიბეჭდება. ქანქარებისთვის აუცილებელი პროგრამა ფორმირებულია. გასაკვირი არ არის, რომ დაბადების ასეთი შოკური პრაქტიკა დღეისთვის ფართოდ არის გავრცელებული და სრულიად ცივილიზებულად ითვლება. იშვიათად თუ მოუვა ადამიანს გონებაში, რომ მსგავსი დაბადება სრულიად კოშმარულ შოკს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ღრმა სამუდამო იარას ტოვებს. არცერთი არსება ცხოველთა სამყაროში მსგავსს არაფერს განიცდის დაბადებისას. მხოლოდ ერთეულ და ძვირადღირებულ კლინიკებში შეიძლება „ადამიანურად“ დაბადება.
ადამიანები ქანქარათა სამყაროს პირველ სასტიკ გაკვეთილებს ძალზე კარგად ითვისებენ, შემდგომი ცხოვრების განმავლობაში კი მათი სულ უფრო მეტად განმტკიცება ხდება. ერთხელაც პატარა დედას ხელს გაუშვებს და სიხარულით და მიმნდობი გამბედაობით ცხოვრებასთან შესახვედრად გარბის. მაგრამ ქანქარათა სამყარო აჩვენებს, რომ ის სულაც არაა უსაფრთხო, და აი, ბახ - პატარა დავარდა. დედა კი უკვე ნერვიულობს, მისი შვილი მანქანას არ შეუვარდეს ბორბლებში. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ გიჩვენოთ, რამდენად მტკიცედაა ადამიანში ფესვგადგმული ნეგატივისადმი წინასწარგანწყობა. პოზიტივიზმის კეთილ განზრახვებს კი ხშირად მოყვება ის, რომ ადამიანი ან ღრუბლებში აფრინდება და ოცნების კოშკებს აშენებს, ან მთელ ძალებს იკრებს მიწიერი ბარიერების დასალაშქრად.
რა უნდა გააკეთოთ, რათა კოორდინაცია დაიცვათ და სწორი გზით იაროთ, ისე რომ არც ორმოებში იბორძიკოთ და არც წინაღობებზე იძრომიალოთ? იქნებ მნიშვნელოვნების მოცილება და ვარიანტთა დინების მიმართულებით ცნობიერი მოძრაობაა საჭირო? დიახ, სწორედ ესაა საჭირო. მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ ძნელია, რადგან მნიშვნელოვნებისგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია, ხოლო დინების მიმართულებით სვლას აფორიაქებული გონება უშლის ხელს, რომელიც დინების გაკონტროლებას ცდილობს, და იმავე დროს ზეზეულად სძინავს.
და მაინც, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თანაც მარტივი, როგორც ყველაფერი გენიალური. გონების ყველაფრის გაკონტროლების ჩვევა უნდა გამოიყენოთ და მას ახალი თამაში შესთავაზოთ. ამ თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი არასასიამოვნო გარემოებისას გაიღვიძოთ, ცნობიერად შეაფასოთ მნიშვნელოვნება და შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება. თქვენ თავად დარწმუნდებით, ასეთი თამაში თქვენს გონებას მოეწონება. თამაშის პრინციპები უკვე განვიხილეთ - თიხის ტიკინასთან სახალისო შერკინება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ახლა თქვენ კოორდინაციის მთავარ პრინციპს გაიგებთ. ამ პრინციპით ხელმძღვანელობით ისეთივე წარმატების მიღწევას შეძლებთ პოზიტიურში, რასაც ნეგატივისტები აღწევენ თავის ყველაზე უარეს მოლოდინებში. ის კი ამგვარად ჟღერს. თუ თქვენ განიზრახავთ, სცენარში ერთი შეხედვით ნეგატიური ცვლილება განიხილოთ როგორც პოზიტიური, მაშინ ყველაფერი სწორედ ასე იქნება.
აბსურდულად თუ არა, ძალზე დამაჯერებლადაც არ ჟღერს, ხომ მართალია? რა შეიძლება იყოს პოზიტიური აშკარა დამარცხებაში და რა არის კარგი უბედურებაში? და მაინც, ეს პრინციპი მუშაობს სრულიად უზადოდ. არც ახლა მოგიწოდებთ, რომ დაიჯეროთ. უბრალოდ ადექით და შეამოწმეთ. თუმცა, გონებისთვის ახსნაც მოიპოვება.
როგორც იცით, მთელი სამყარო დუალიზმის პრინციპზეა აგებული: ყველაფერს აქვს საპირისპირო მხარე. არის სინათლე და არის სიბნელე, არის შავი და არის თეთრი, დადებითი და უარყოფითი, სავსე და ცარიელი და ა.შ. ნებისმიერი წონასწორობა ბუნებაში შეიძლება ან ერთ, ან მეორე მხარეს გადაიხაროს. როდესაც მორზე მიდიხართ და გადაიხრებით, მეორე მხარეს ხელს მაღლა სწევთ, რომ გადახრა დააკომპენსიროთ. ცხოვრების ხაზზე ყოველ მოვლენას ასევე ორი განშტოება აქვს - სასარგებლო და საზიანო მხარე. ყოველთვის, ამა თუ იმ მოვლენასთან შეხვედრისას, ირჩევთ, რა დამოკიდებულება გქონდეთ მის მიმართ. თუ მოვლენას განიხილავთ როგორც პოზიტიურს, ცხოვრების ხაზის სასარგებლო განშტოებაზე ხვდებით. თუმცა ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება აიძულებს ადამიანს გამოხატოს უკმაყოფილება და საზიანო განშტოება აირჩიოს.
ადამიანი დილიდანვე უმცირესი მიზეზით ღიზიანდება, შემდეგ კიდევ, და ამგვარად მთელი დღე უსიმოვნებათა უწყვეტ ჯაჭვად იქცევა. თავადაც მშვენივრად იცით, რომ წვრილმანებშიც კი, საკმარისია წონასწორობა დაკარგოთ, რასაც უმალ ნეგატიური სცენარის დრამატული განვითარება მოჰყვება. როგორც კი რაიმე მიზეზით გაღიზიანდებით, მას კვალად ახალი უსიამოვნება მოსდევს. ჰოდა, გამოდის, რომ „ერთ უბედურებას ყოველთვის მეორე მოსდევს“. მაგრამ უსიამოვნებათა რიგი არა თავად უბედურებას მოსდევს, არამედ მასთან თქვენს დამოკიდებულებას. კანონზომიერება ფორმირდება არჩევანით, რომელსაც თქვენ გზაჯვარედინზე აკეთებთ. თქვენ რომელიღაც წვრილმანმა გაგაღიზიანათ, და უკვე საზიანო განშტოების სიხშირეზე ასხივებთ. ამასთან ნეგატიური დამოკიდებულება დაძაბულობის პოტენციალს ქმნის, რომელიც შთანთქავს თქვენი განზრახვის ენერგიის ნაწილს, თქვენ ეფექტიანად უკვე ვეღარ მოქმედებთ და აი, ახალ, უფრო დიდ უსიამოვნებას ხვდებით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ცხოვრების განმავლობაში საით მიყავხართ ნეგატიური განშტოებების აი ამგვარ რიგს! ამიტომაც ხდება თაობათა ცვლა.
ახლა კი სხვა სცენარი წარმოიდგინეთ. რაღაც უსიამოვნო გარემოებას შეეჯახეთ. შეაყოვნეთ თქვენი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირება და ხამანწკივით პრიმიტიული რეაგირება. უთხარით საკუთარ თავს: „სდექ! ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ თიხის ტიკინასთან თამაშია! ჰოდა მოდი, ტიკინავ, ვითამაშოთ“. მიუხედავად ყველაფრისა, პოზიტიურად განეწყვეთ და თავი ისე მოაჩვენეთ, თითქოს ეს მოვლენა გახარებთ. უმიზეზოდ ხომ არ გაჩნდებოდა გამოთქმა „ზოგი ჭირი მარგებელიაო“.
შეეცადეთ, უსიამოვნო მოვლენაში პოზიტიური მარცვალი მოძებნოთ. თუ ვერაფერს იპოვით, მაინც გაიხარეთ. „იდიოტურ“ ჩვევად გაიხადეთ მარცხით სიხარული. ეს გაცილებით მხიარული იქნება, ვიდრე ნებისმიერი მიზეზით გაღიზიანება და წუწუნი. თქვენ დარწმუნდებით, რომ უმრავლეს შემთხვევებში თქვენი საფიქრალი ნამდვილად გეხმარებათ. ასეც რომ არ იყოს, შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: თქვენი პოზიტიური დამოკიდებულების წყალობით, სასარგებლო განშტოებაზე აღმოჩნდით და სხვა უსიამოვნებები თავიდან აიცილეთ.
საერთოდ, უსიამოვნებები - ყოველთვის ნორმის დარღვევაა. ისინი მხოლოდ თქვენ არ გაწყობთ, რადგან ძლიერი გადახრაა წონასწორობიდან და ენერგიის დამატებით ხარჯს მოითხოვს. ამ ენერგიას ისევ თქვენ ხარჯავთ, როდესაც საკუთარ თავს წინაღობას უქმნით, შემდეგ კი გადალახავთ მათ. პირიქით, წარმატება, როდესაც კმაყოფილი ხართ, ნორმას წარმოადგენს. უკმაყოფილო კი ჩვეულებრივ მაშინ ხართ, როდესაც თქვენი სცენარიდან გადახრას ხვდებით. როგორც კი გონება მის მიერ მიღებული სცენარის დარღვევას შეამჩნევს, ამ ცვლილებას უმალ ნეგატიური კუთხით განიხილავს, ამიტომ შესაბამის დამოკიდებულებას ამჟღავნებს და საკუთარი გაგებით სიტუაციის გაკონტროლებისკენ მიისწრაფის.
ასე რომ, თქვენს გონებას ახალი თამაშის წესები აუხსენით. უთხარით მას: ის ძველებურად გააკონტროლებს, უბრალოდ ახლა ამ კონტროლის ფუნქცია ნებისმიერი მოვლენის პოზიტიურად აღქმაში მდგომარეობს. გაააქტიურეთ მეთვალყურე პიესის დასაწყისშივე, მაგალითად, დღის დასაწყისში. ჩვეულებრივ, თქვენ დაახლოებით წარმოდგენილი გაქვთ, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. იმ მომენტში, როდესაც სცენარი თქვენს თვალწინ იცვლება, აუცილებელია ცვლილებების მიღება, მათზე დათანხმება. თქვენ ხომ მოვლენას ნეგატიურად მხოლოდ იმიტომ აღიქვამთ, რომ ის თქვენს სცენარში არ ჯდება. თავი მოიკატუნეთ, თითქოს სწორედ ეს გჭირდებოდათ.
ამგვარად, სცენარში ცვლილებების შეტანის მოსრიალე და დინამიური კონტროლიიქმნება. თქვენ არ ჩქარობთ უკმაყოფილების გამოხატვას და სიტუაციასთან ბრძოლას, რადგან პიესის მიმდინარეობისას მიიღეთ სცენარში ცვლილება. სცენარის გაკონტროლებაზე უარის თქმით, თქვენ მას მიიღებთ. კონტროლი არა ვარიანტთა დინებასთან ბრძოლისკენ, არამედ მისი მიყოლისკენ იქნება მიმართული.
კოორდინაციის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად მარწუხებსაც მოვუშვათ და სიტუაციის სადავეები ხელში ავიღოთ. როდესაც გონება მარწუხებს უჭერს, ის სიტუაციას ვარიანტთა დინების მიმართულებით განვითარების ნებას არ აძლევს. სცენარში ნებისმიერი ცვლილების აუცილებლობად მიღების შემთხვევაში, თქვენი კონტროლის განხორციელებაზე უარს ამბობთ. ეს კონტროლზე უარის თქმას, და იმავდროულად საკუთარი დამოკიდებულების, და შესაბამისად სიტუაციის კონტროლქვეშ ქონას ნიშნავს.
საბოლოო ჯამში თქვენ მხოლოდ პრობლემებისგან თავის დაღწევა და ისე ცხოვრება გნებავთ, რომ ყველაფერი იღბლიანად აეწყოს. ასეც იქნება, თუ კოორდინაციის პრინციპის გამოყენებას დაიწყებთ. ეს უფრო ეფექტიანიცაა, ვიდრე მოვლენებზე თქვენი გარეგანი განზრახვით ზემოქმედებას ეცადოთ. საქმე იმაშია, რომ გონებას, როგორც უკვე ითქვა, ყველა ნაბიჯის წინასწარ იდეალურად გამოთვლა არ ძალუძს. თქვენ ხომ მარტო არ ცხოვრობთ ამ სამყაროში. თქვენი სამყაროს ნიშა ბევრი სხვა ადამიანი ნიშასთან იკვეთება, და ისინიც გამუდმებით რაღაცას ცდილობენ. მაგრამ გონებას მოვლენების წინასწარ განჭვრეტა არც ესაჭიროება. საჭიროა მხოლოდ მიზნობრივი სლაიდის ტრიალი და კოორდინაციის პრინციპების მიყოლა. ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა წარმატებით მიგიყვანთ მიზანთან.
უნდა აღინიშნოს, რომ კოორდინაცია პრაქტიკით გამომუშავდება. თუ თქვენ უბრალოდ თეორიულად გაიგეთ კორდინაციის პრინციპი, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი. ამ უნარის გამუდმებით განვითარება და დახვეწაა საჭირო. თქვენმა მეთვალყურემ გამუდმებით უნდა იმუშაოს. ნუ გამოგეპარებათ მომენტი, როდესაც თქვენთვის შეუმჩნევლად ჩაგითრევენ ნეგატიურ თამაშსი.
კოორდინაცია - ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ვარიანტთა სივრცეში სამოძრაოდ. თქვენ ყოველ მოვლენას პოზიტიურად აღიქვამთ და ამგვარად ყოველთვის სასარგებლო განშტოებაზე გადიხართ, უფრო ხშირად ხვდებით წარმატების ტალღას. მაგრამ ნუ იფრენთ ღრუბლებში, რადგან განზრახვით და ცნობიერად მოქმედებთ. ამგვარად, თქვენ ბალანსს ინარჩუნებთ წარმატების ტალღაზე. ამაში მდგომარეობს ტრანსერფინგის ძირითადი არსი.
ვაშლები ცაში ცვივა
როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“ (მათე 9.29). და ეს მართლაც ასეა. თქვენ ყოველთვის მხოლოდ იმას იღებთ, რისი ფლობისთვისაც მზად ხართ. გარეგანი განზრახვა უზადოდ ასრულებს თქვენს შეკვეთას. გაქვთ ის, რაც გაქვთ, თქვენი მსოფლმხედველობის და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის შაბლონის შესაბამისად. ახლა თქვენთვის ტრანსერფინგის ყველა ძირითადი პრინციპი ცნობილია, ასე რომ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ბედი საკუთარი არჩევანისშესაბამისად. თქვენი ბედის ფორმირება პირადი არჩევანის და რწმენის შესაბამისად მოხდება.
როგორ უნდა აირჩიოთ, უკვე იცით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაღა რჩება: როგორ დავიჯეროთ ეს ყველაფერი? უკვე გითხარით, რომ გონების დარწმუნებას მანამ ვერ შეძლებთ, ვიდრე ის ფაქტის წინაშე არ დადგება. გონებამ შეიძლება თავი მოიკატუნოს. მას ასევე შეუძლია ბრმად და ფანატიკურად ირწმუნოს, მაგრამ ეს ძალზე ძლიერ ჭარბ პოტენციალზე დაფუძნებული ყალბი რწმენაა. ესაა, როდესაც თავად დარწმუნებულობას ენიჭება გადამეტებული მნიშვნელობა. გონება იმდენად დაბინდულია ფანატიზმით, რომ ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის. მან სულიც და საკუთარი თავიც ნაჭუჭში ჩაკეტა, ამიტომ ასეთი რწმენა ბრმაა.
ყალბი რწმენის აფრა შინაგანი განზრახვის ქარით არასდროს გაიბერება. ყალბი რწმენა - ქანქარის ხაფანგია თავდაუჯერებლობის ლაბირინთში. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ლაბირინთს თავი დააღწიეთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა. სულის სიღრმეში მაინც ეჭვი შეგეპარებათ, ისე რომ ამას ვერც კი შეამჩნევთ, რადგან ეჭვებისგან დასაცავად რწმენის ზღუდე აღმართეთ.
როგორ გავარჩიოთ ყალბი რწმენა ჭეშმარიტისგან? ჭეშმარიტი რწმენა - ეს უკვე არა რწმენა, არამედ ცოდნაა. თუ საკუთარ თავს აჯერებთ, უმტკიცებთ - არ აქვს მნიშვნელობა, როგორ, ენთუზიაზმით თუ იძულებით - ეს ნიშნავს, რომ რწმენა ყალბია. ცოდნა დაჯერებით კი არ ფორმირდება, არამედ ფაქტებით. როდესაც თქვენი გონება ფაქტის წინაშე დგება, თქვენ უკვე უბრალოდ იცით. ყალბი რწმენა გონების კონტროლზე დგას. ლაბირინთის ილუზორულ ოთახში მყოფი გონება აკონტროლებს, რომ იქ დაეჭვების ნასახიც არ გაჭაჭანდეს. თუ გონებას სურს იმედოვნებდეს, მას არაფრის გაგონება არ უნდა.
არასდროს დაარწმუნოთ საკუთარი თავი და ნუ ცდილობთ გწამდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყალბ რწმენას ვერ აცდებით, რომელიც ჭეშმარიტად გეჩვენებათ. ილუზია გამოვლინდება მაშინ, როდესაც დილის ვარსკვლავთა შრიალის მოსმენას იწყებთ. გონების კონტროლი შეწყვიტეთ და ის სულიერი დისკომფორტის უმცირესი ნიშნების გაცნობიერებაზე გადართეთ. თუ დისკომფორტს აღმოაჩენთ, მეტად ნუღარ ეცდებით საკუთარი თავის დარწმუნებას და დაყოლიებას. როდესაც სულის და გონების ერთიანობა შედგება, საკუთარი თავის დაყოლიება აღარ დაგჭირდებათ.
აფირმაციებით თავის მოჯადოება უსარგებლოა. იმის გამო, რომ თავს უმტკიცებთ „ჩემსას მივაღწევ“, ეჭვი არ გაქრება, პირიქით, ზრდისთვის ნოყიერ ნიადაგზე მოხვდება. სული არ იჯერებს, ვიდრე თქვენ მის დაყოლიებას ცდილობთ. სულს გონების არც ლოგიკა ესმის და არც ენა. ის არც ნახევარტონებს უშვებს. სულს რომ ვკითხოთ: „მივაღწევ მიზანს?“ ის გვიპასუხებს ან „დიახ“ ან „არა“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „სავარაუდოდ კი“ ან „შესაძლებელია“. უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი პასუხი იქნება „არა“.
ამრიგად, თუ სულს ეჭვი ეპარება, მისი დარწმუნება ან დაყოლიება შეუძლებელია. რა უნდა გავაკეთოთ? პასუხი მტკიცებულებაშია, რომელიც ზემოთაა მოყვანილი: სული ნახევარტონებს არ აღიარებს. ეჭვი - ესაა როდესაც გვჯერავს გარკვეული ხარისხით, მაგრამ ბოლომდე არა. სული ამ „ბოლომდე არა“-ს გადააქცევს „საერთოდ არა“-დ. მას არ სწამს და არ ეჭვობს - მან უბრალოდ იცის, რა იქნება: დიახ ან არა.
ამიტომ ერთი კარდინალური ნაბიჯია გადასადგმელი: სტანდარტული აზროვნებიდან სიტყვა „რწმენა“ უნდა ამოაგდოთ და სიტყვით „ცოდნა“ შეცვალოთ. თუ გონებამ უბრალოდ იცის, რომ მოხდება ესა და ეს, სული მას ყოველგვარი დაყოლიების გარეშე დაეთანხმება. თქვენ გჯერათ, რომ ეს წიგნი გიჭირავთ ხელში? არა, ამის შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია, უბრალოდიცითეს - ესაა და ეს. ხოლო სადაც რწმენაა, იქ ეჭვისთვისაც მოიძებნება ადგილი.
ახლა კი რწმენის ცნება მოიცილეთ და საკუთარ თავს ცოდნისნება დართეთ, რომ თქვენი სურვილი შესრულდება. თქვენ ეს იცით, იმიტომ რომ ასეთია კანონი: მიზანს მიაღწევთ, თუ ფლობის გადაწყვეტილება გაქვთ და თქვენი კარის გავლით მოქმედების გადაწყვეტილების რეალიზებას შეძლებთ. არჩევანი თქვენზეა. თქვენ ხართ ბატონი, ამიტომ თუ თავად აარჩიეთ, ნებისმიერი მსჯელობა თემაზე „თუ არ გამომივა“ უბრალოდ გამოირიცხება.
დავუშვათ, მოვლენის განვითარების ორი ვარიანტი არსებობს: გამოვა ან არ გამოვა. საკუთარი თავის დარწმუნება, დაყოლიება, რომ გამოგივათ, ამაოა. მაგრამ ახლა არის ცოდნა: თავად ირჩევთ თქვენს ვარიანტს. ცოდნა არის ის საფუძველი, რომელზეც თავდაჯერებულობის აშენება შეიძლება.
სულ ცოტა დარჩა - მოიპოვოთ ეს ცოდნა. ამისთვის მისი მიღება, უბრალოდ მასთან შეგუებაა საჭირო. ადამიანები დროთა განმავლობაში ნებისმიერ წარმოუდგენელ საგანს ეგუება, მაგალითად ტელეფონს, ტელევიზორს, თვითმფრინავს... განა აქამდე ცოტა „სრულიად წარმოუდგენელი“ ყოფილა? გამოიყენეთ სლაიდების ტექნიკა. აუცილებელია, ცოდნა ჩვენს გონებაში დავაბინაოთ და მანამ მოვუაროთ, სანამ გარეგანი განზრახვა მას ფაქტად არ აქცევს.
მაგრამ თქვენს ამოცანას წარმოადგენს არა საკუთარი თავის დაყოლიება, არამედ დროდადრო საკუთარი თავისთვის შეხსენება, რომ იცით, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
როდესაც საკუთარ მიზანზე იფიქრებთ, საკუთარი თავი გამოიჭირეთ იმაზე, რომ უნებურად ჩვევისამებრ ეჭვობთ, კვლავ საშუალებებზე ფიქრობთ. ეჭვები, რა თქმა უნდა, გექნებათ, მაგრამ მათი დაჭერა და უმალ ადგილის მიჩენაა საჭირო: „ვიცი, რომ წარმატება ჩემს არჩევანზეა დამოკიდებული. მე ავირჩიე. ამიტომ საჭოჭმანო რა მაქვს?“ ეჭვები თანდათან გაქრება. იქ, სადაც არა რწმენა, არამედ უბრალოდ ცოდნაა, ეჭვების არსებობა შეუძლებელია. თუმცა მათი თავიდან მოცილება ზედმეტად არ უნდა ეცადოთ და მით უმეტეს მათ არსებობას არ უნდა ებრძოლოთ. საბოლოო ჯამში თავი შეგიძლიათ იმით დაიწყნაროთ, რომ ეჭვები - ჯერ კიდევ არაა მარცხის გარანტია. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გზაზე გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდებათ.
კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, მთავარია - გახსოვდეთ, რომ თავად წყვეტთ, მიაღწევთ მიზანს თუ არა, ამიტომ სანერვიულოც არაფერი გაქვთ. ყოველთვის, როგორც კი დაეჭვდებით, საკუთარ თავს ეს შეახსენეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ დავიწყების და ნახევრად არაცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის ცუდ ჩვევას. ახალი ცოდნა ადვილად გავიწყდებათ, ძველი ჩვევები კი მყარად გაქვთ ჩაბეჭდილი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ - საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი ხართ.
არა მგონია, ქრისტე აღფრთოვანებულიყო წყალზე სიარულით. მისთვის ეს ისევე ბუნებრივი იყო, როგორც ჩვენთვის - მიწაზე სიარული. ადამიანებიც გაივლიდნენ წყალზე, ამ საკითხზე ყველა ეჭვის, მღელვარების, ემოციის მოცილებას თუ შეძლებდნენ. წარმოუდგენელია? მაგრამ კაცობრიობის მთელი ისტორია ხომ სრულიად წარმოუდგენელ მოვლენებზე გაოცებათა უწყვეტი ჯაჭვია. მაგალითად: „რკინის ხომალდებს წყალში ცურვა არ ძალუძთ, ფრენა - მით უმეტეს“. როგორც კი ადამიანები დარწმუნდნენ, რომ რკინის ხომალდებით წყალში ცურვა და მძიმე თვითმფრინავებით ჰაერში ფრენა შესაძლებელია, ამ ფაქტის შესაძლებლობისა და რეალურობის თაობაზე აღარავინ მსჯელობს.
ეჭვებით დამძიმებული, თქვენ წარმატების საკუთარ შანსებს მკვეთრად ამცირებთ. ვარიანტთა სივრცეში სიცოცხლის ორი ხაზია: ერთზე მიზანი მიღწეულია, მეორეზე კი მარცხი განიცადეთ. როდესაც საკუთარ ეჭვებში ფართხალებთ, ენერგიას მარცხის ხაზის სიხშირეზე ასხივებთ. ასეთ შემთხვევაში წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. მარცხი იმ გარემოებებით იქნება განპირობებული, რომლებიც თქვენი აზრების გამოსხივების შედეგად წარმოიქმნება.
კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას: არა „გამოვა თუ არა?“, არამედ „რას ვირჩევ, წარმატებას თუ მარცხს?“. კითხვის ამგვარად ფორმულირებასთან შეგუება ძნელია. თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში რწმუნდებით, რომ ვაშლები მიწაზე ცვივა, და ცისკენ არ მიფრინავს. მაგრამ თუ საკუთარ თავს დაეჭვებისას გამუდმებით გამოიჭერთ და შეახსენებთ, რომ წარმატება - მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია, ამას მიეჩვევით. წარმოიდგინეთ, რომ დღეიდან ვაშლები რატომღაც ცაში ცვივა. თავიდან ეს ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეეგუებით და მიეჩვევით. რას ვიზამთ, ვაშლებს ასეთი თვისება ახასიათებს. ცისკენ გაფრენილი საჰაერო ბურთები ხომ არ გვაკვირვებს?
ახლა კი გაიღვიძეთ და შეეცადეთ გააცნობიეროთ: რას გიმტკიცებდით ახლახანს? ხომ არ მოგეჩვენათ, რომ რწმენის ძიებაში ლაბირინთში დამყავხართ? თუ „დაიჯერეთ“, ე.ი. ხაფანგში გაებით. ნუ მიწყენთ, ძვირფასო მკითხველო, მხოლოდ დემონსტრირება მსურდა, როგორ დაეხეტება გონება ამ უიმედო ლაბირინთში. ჩვენი ხეტიალი ამ სიტყვებით დაიწყო: „ამიტომ, ერთი კარდინალური ნაბიჯის გადადგმაა საჭირო...“ შემდეგ იყო რწმენის ჯერ არმიღებული ცოდნით ჩანაცვლების მცდელობები. თუმცა ამის გამო მისი არსი არ იცვლება. ზუსტად ამგვარია ქანქარების მოქმედება, როდესაც თქვენი რწმენის მოპოვებას ლამობს.
შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ტრანსერფინგი - გონებისთვის ხაფანგი არაა, და ის, რის შესახებაც ამ წიგნში ვწერ, თეორიული ვარჯიშის შედეგს არ წარმოადგენს. და ეს ჩვენი მცირე ხეტიალიც აღარ იქნება ხაფანგი, თუ წაკითხულს აღიქვამთ არა როგორც რწმენისკენ მოწოდებას, არამედ როგორც თავისუფლების მოპოვების იმედს. სხვისი რწმენა მხოლოდ ქანქარებს სჭირდება, ტრანსერფინგისთვის ის უსარგებლოა.
მე ხომ თქვენს დარწმუნებას არ ვცდილობ, სულ სხვა მიზანი - ჩვეული მსოფლმხედველობის სტერეოტიპების დანგრევა - მამოძრავებს, რათა განპირობებულობის ნაჭუჭს თავი დააღწიოთ და სიზმარში რეალურად გაიღვიძოთ. გამოღვიძებულები, თქვენ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ძილის მართვა შეგიძლიათ. ამისთვის რწმენა საჭირო არაა. იმოქმედეთ, შემდეგ ნახავთ, რაც მოხდება. კი არ ირწმუნოთ, შეამოწმეთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ ტრანსერფინგი ნამდვილად მუშაობს, სწორედ მაშინ გეცოდინებათ.
ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, როგორ ამტკიცებენ, რომ საკუთარი ძალების, გამარჯვების ურყევი რწმენის შემთხვევაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ადვილი სათქმელია - „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“. მაგრამ საიდან მოვიტანოთ ასეთი რწმენა? როგორ დავაღწიოთ თავი ეჭვებს? მათ თავს ვერაფრით დააღწევთ. რწმენის მოპოვებისკენ მისწრაფება - ფუჭი შრომაა. თუ თქვენს სულში ეჭვმა გაიელვა, იქიდან მის გამოდევნას ვერანაირი დარწმუნებით ვერ შეძლებთ. მხოლოდ გონების მოტყუება შეგიძლიათ. ის თავს მოიკატუნებს, რომ არაფერი ეეჭვება, ეჭვი კი ძველებურად სულში გააგრძელებს არსებობას.
მოეშვით უპირობო რწმენის მოპოვების უნაყოფო ძალისხმევას. სხვა, უფრო რეალური გზა არსებობს. არ იფიქროთ მიღწევის გზებზე, არამედ გონებაში მიზნობრივი სლაიდი ატრიალოთ და ნაბიჯები მიზნის მიმართულებით გადადგათ. ეს არაა ცარიელი ოცნებები, არამედ საკუთარი გამოსხივების კონფიგურაციის შეცვლის კონკრეტული სამუშაოა. თქვენი ყველაზე უარესი მოლოდინები ხომ რეალიზდება? მაშ, შეასრულეთ კონკრეტული სამუშაო: თქვენი გამოსხივება საუკეთესო მოლოდინების რეალიზაციაზე ცნობიერად და მიზანმიმართულად მომართეთ.
თუ მიზანი გაქვთ, მაგრამ ეჭვებიც გღრღნით - გამოგივათ თუ არა, ასეთ შემთხვევაში ეჭვები ხელს შეგიშლით. მაგრამ მათ მოცილებას ვერ შეძლებთ. არც არის საჭირო. რწმენა გონებას იმისთვის სჭირდება, რომ მიზნის მიღწევის რეალურობა დაასაბუთოს. ეს საკითხი გვერდით გადადეთ და არ იფიქროთ საშუალებებზე, არამედ შეესისხლხორცეთ სლაიდს, რომელზეც მიზანი უკვე მიღწეულია. სწორედ ესაა კონკრეტული სამუშაო რწმენის გარეშე. მიანიჭეთ საკუთარ თავს ასეთი სიამოვნება. მაშინ გარეგანი განზრახვა საკუთარ საქმეს გააკეთებს, და ვაშლები თავად გაცვივდება ცისკენ.
ვაშლები მაშინ ცვივა ცაში, როდესაც გონება ფაქტის წინაშე დგება. მაშინ ის გაკონტროლებას წყვეტს და უბრალოდ ნებას აძლევს ფაქტს, აღსრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ სიტუაცია გაუგებარია, მთავარია, რომ ის რეალურია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები ველოსიპედით დადიან. ადამიანი რომ ისეთ სამყაროში მოხვედრილიყო, სადაც ყველა დაფრინავს, თავადაც გაფრინდებოდა.
უკვე გითხარით, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ გამოსხივებას მიზნობრივ ხაზზე მიმართავს, ის გარეგანი განზრახვის მექანიზმს ააქტიურებს. თქვენ გონებაში მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ და პროცესის ვიზუალიზაციას აკეთებთ. ამ დროს კი გარეგანი განზრახვის ქარი თქვენი სამყაროს მატერიალური რეალიზაციის ფრეგატებს ვარიანტთა სივრცეში ნელ-ნელა და თანდათანობით გადააადგილებს. თანდათან ისეთი შესაძლებლობები იხსნება, რომლებზე წარმოდგენაც არ გქონდათ. მეტიც, გარეგანი განზრახვა იმგვარად წარმართავს მოქმედებებს, რომ მიზანს მიგაახლოვოთ.
მიაქციეთ ყურადღება: ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ გარემოებები ძალზე უჩვეულოდ ეწყობა. მაგრამ საიდან იცით, მაინცრომელიგზა მიდის თქვენს მიზნამდე? თქვენ ხომ არ ასწავლით რესტორანში მზარეულს, როგორ მოამზადოს კერძი? ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გონებას არ ძალუძს წინასწარ ყველა ნაბიჯის გათვლა, და მან არ იცის, როგორ განახორციელოს მიზანი. ჩვეულებრივი გზებით ხომ არ გამოდის? მაშ, რატომღა ცდილობთ კვლავ ჩვეული სტერეოტიპების პროკრუსტეს სარეცელზე ასვლას? მიღწევის მეთოდებსა და გზებზე ზრუნვა გარეგან განზრახვას გადააბარეთ. ვარიანტთა დინებას მიენდეთ. თქვენი ნების წინააღმდეგაც კი ისე იმოქმედებთ, რომ მიზანთან მიხვიდეთ.
აი, ასე მუშაობს გარეგანი განზრახვა. თუ ახლა ტალახში, წვიმაში და სიცივეში საძულველ სამსახურში მიდიხართ, მაგრამ სული სიხარულით გიმღერთ, მალე ყველა ეს დისკომფორტი გაქრება. თავად ნახავთ, სად. უბრალოდ, თქვენ მთელ ამ სიტუაციას თქვენი პარამეტრებით აღარ დააკმაყოფილებთ.
ახლაც ვცდილობ, კი არ დაგარწმუნოთ, იმედიჩაგისახოთ. რწმენის ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არსებობს. მაგრამ იმედი უნდა გქონდეთ, რომ ლაბირინთის კედლები დაინგრევა, როდესაც გარეგანი განზრახვა წარმოგიდგენთ, როგორ ცვივა ვაშლები ცაში. თუ ასეთი იმედი არ გაქვთ, ტრანსერფინგის განხორციელება შეუძლებელია, და არც კი სცდიდით მას. იმედის ჩასახვით გონება ფეხქვეშ ნიადაგს შეიძენს, სული კი გამოცოცხლდება.
დიდ უსიამოვნებასთან ან რთულ პრობლემასთან შეჯახებისას, ადამიანები ენერგიას ქანქარას აძლევენ და აღელვებას, ძალების გამოლევას, სიტუაციის ზეწოლას გრძნობენ. ადამიანი ან საბრძოლო მზადყოფნაშია, ან ხელჩაქნეულია. ორივე მდგომარეობა არანორმალურია და სტრესს და დეპრესიას იწვევს. სიმშვიდე ქრება, ფეხქვეშ საყრდენი იკარგება, თავდაჯერებულობის შინაგანი ღერძი ტყდება. საყრდენის მოსაპოვებლად, ადამიანები შველას სიგარეტში, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში და სხვა მსგავს მეთოდებში ეძებენ. მაგრამ შედეგად ახალი ქანქარების მონობაში ხვდებიან.
საყრდენის პოვნა ყოველთვის შეიძლება საკუთარ თავში, თუკი გამოიღვიძებთ და გააცნობიერებთ, როგორაა შექმნილი პრობლემური სიტუაცია. პრობლემა ქანქარის მიერაა შექმნილი. ამაში საშიში არაფერია. საშიშროება არა თავად პრობლემიდან, არამედ თქვენი მასთან მიმართებიდან მომდინარეობს. თუ პრობლემის მნიშვნელოვნება მიიღეთ, ე.ი. ენერგიას ქანქარას აძლევთ. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ქანქარა ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციაში თქვენგან მოითხოვს ან ძალების დაძაბვას და ბრძოლას, ან ხელების ჩამოშვებას და უიმედობას. არ უნდა გააკეთოთ არც ერთი და არც მეორე. მაგრამ საყრდენი არ გაქვთ, თავდაჯერებულობის ღერძი დაკარგულია, როგორ უნდა მოიქცეთ? საყრდენს იპოვით, როდესაც გააცნობიერებთ, რომ გესმით, როგორ ცდილობს ქანქარა თქვენს დამორჩილებას და ენერგიის ამოქაჩვას.
თითქოსდა, როგორ შეუძლია უბრალო ცოდნას დახმარება და გამხნევება? მართლაც შეუძლია. იმედი - ესეც ცოდნაა იმის შესახებ, რომ ყველაფერი დაკარგული არაა და გამოსავალი არსებობს. პრობლემური სიტუაციის მექანიზმის გაგებას ისეთივე წონა აქვს, როგორიც იმედს. თქვენ უკვე აღარ ხართ არც მარიონეტი და არც ქაღალდის გემი. თავადაც შეგიძლიათ გაგება, რა ხდება, და შეგიძლიათ ცნობიერად ჩაიცინოთ და თქვათ: „არა, ქანქარავ, არ მოგცემ ენერგიას. მშვენივრად მესმის, რა გნებავს და როგორ ცდილობ ჩემს ანკესზე წამოგებას. არაფერი გამოგივა! ვერ მომახვევ თავზე პრობლემის მნიშვნელოვნებას. მე არჩევანის უფლება მაქვს, და შენგან თავისუფლებას ვირჩევ“.
ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანი ბევრ შეცდომას უშვებს, რის გამოც მოგვიანებით სინანულს განვიცდით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან დასცილდით პირვანდელ მიზანს. ყველაფერი დაკარგული არაა, ტრანსერფინგი სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირვანდელი მიზანი ობიექტურად დაიხურა, ახლის პოვნა შეგიძლიათ. თქვენი მიზანი ერთადერთი არაა, ამიტომ ნებისმიერ ასაკში არსებობს შანსი, და ის უნდა გამოიყენოთ.
შეცდომები, რომლებიც დაუშვით, თქვენს კაპიტალს წარმოადგენს. თუ ამ პოზიციას გაიზიარებთ, ბრწყინვალე წარმატება გელით. ყველამ, ვინც წარმატებას მიაღწია, მარცხის მთელი ტყე გაიარა. ტყუილად არ ამბობენ, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. ყველა გამოჩენილმა, წარმატებულმა პიროვნებამ მძიმე განსაცდელი გაიარა. უბრალოდ, მათი ცხოვრების ეს მხარე ნაკლებად აფიშირდება. ასე რომ, თუ დიდი შეცდომა დაუშვით და მარცხი განიცადეთ, - გიხაროდეთ: თქვენ წარმატების გზაზე დგახართ. მაგრამ თუ თვითგვემას, წუწუნს და ცხოვრებაზე ჩივილს მიჰყოფთ ხელს, მარცხი კვლავ და კვლავ განმეორდება. თქვენი თვალთახედვით მთელი არასაჭირო გამოცდილება აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრების სამიზნე ხაზზე.
აპათია ქრება, როდესაც ახალი იმედი იბადება. უდაბნოში მოხეტიალე უკვე ძალაგამოცლილ ცხოველებს ან ადამიანებს დაღლილობა უმალ ავიწყდებათ, როგორც კი ჰორიზონტზე ოაზისს დალანდავენ. წარმოიდგინეთ ბუზი, რომელიც მინას ასკდება მაშინ, როდესაც გვერდით სარკმელი ღიაა. მთელი ცხოვრება ბუზს თავში უტენიდნენ, რომ თუ მიზანს ხედავს, პირდაპირ მისკენ უნდა გაფრინდეს. ის მიზანს ხედავს და მინას ასკდება, შედეგი კი ნულოვანია. იგივე გემართებათ თქვენ, როდესაც არ გესმით, როგორ მიაღწიოთ მიზანს, არ გაქვთ არჩევანის საშუალება და იძულებული ხართ იმით დაკმაყოფილდეთ, რაც გაქვთ. მაგრამ ახლა, როდესაც იცით, რომ სარკმელი მაინც არსებობს, გვერდითაა, თუნდაც არ ჩანდეს, თქვენ იმედიგიჩნდებათ. ხოლო როდესაც იმედი გაქვთ, განზრახვის ენერგია თავისუფლდება.
იმედი მოქმედების დასაწყებადაა საჭირო. მოქმედებას დაიწყებთ, და დაინახავთ, როგორ გაცვივდება ვაშლები ცაში. როდესაც იმედი თავის საქმეს შეასრულებს, თქვენ არჩევანის თავისუფლებას გააცნობიერებთ. სწორედ მაშინ საკუთარ თავს ეტყვით: მე არ მსურს და არ ვიმედოვნებ - მე ვაპირებ.
რეზიუმე
თავდაჯერებულობა - იგივე გაუბედაობაა, ოღონდ უკუღმა ამოტრიალებული.
თავდაუჯერებლობის ლაბირინთის კედლები ჩამოინგრევა, როდესაც მნიშვნელოვნებაზე უარს იტყვით.
როდესაც თავისუფლება ბრძოლის გარეშე არსებობს, თავდაჯერებულობა საჭირო არაა.
თუ მნიშვნელოვნება არ მაქვს, დასაცავი და ბრძოლით მოსაპოვებელიც არაფერია.
ნუ ებრძვით პროვოკაციაზე თქვენს რეაქციას. დამოკიდებულება შეცვალეთ.
გულგრილად უნდა წააგოთ და საკუთარ თავს ულტიმატუმები არ წაუყენოთ.
ნებისმიერ ინფორმაციას ცნობიერად მიუდექით.
თქვენ არჩევანის თავისუფლება გაქვთ. ის, რაც გჭირდებათ - ფლობის გადაწყვეტილებაა.
გამოიმუშავეთ არა ფული, არამედ ფლობის გადაწყვეტილება.
კონცენტრირდით მიზანზე, თითქოს ის უკვე მიღწეულია.
თქვენი არჩევანი - ურყევი კანონია. საკუთარ რეალობას თქვენ თავად ძერწავთ.
როგორ არ უნდა გეშინოდეთ?- უნდა იპოვოთ დაზღვევა, სათადარიგო ვარიანტი, შემოვლითი გზა.
როგორ არ უნდა ვღელავდეთ და ვშფოთავდეთ? - ვიმოქმედოთ.
როგორ არ გვსურდეს? - შევეგუოთ დამარცხებას და ვიმოქმედოთ.
როგორ არ უნდა ველოდოთ? - ვიმოქმედოთ.
როგორ ავამაღლოთ ჩვენი მნიშვნელობა? - უარი ვთქვათ მისთვის ბრძოლაზე.
როგორ არ გავღიზიანდეთ? - ეთამაშეთ ქანქარას, დაარღვიეთ მისი თამაშის წესები.
როგორ გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან? - შევეშვათ თავის მართლებას.
როგორ გავუმკლავდეთ აღშფოთებას? - შევწყვიტოთ ბრძოლა და ვიმოძრაოთ დინების მიმართულებით.
თუ აღშფოთებას ვერ უმკლავდებით, საკუთარ თავს ამ სისუსტის ნება დართეთ.
ცხოვრების ხაზი პოზიტიურ და ნეგატიურ განშტოებებად იყოფა.
გზის გასაყარზე მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულების გამოხატვით თქვენს არჩევანს აკეთებთ.
თუ სცენარში ცვლილების, რომელიც ნეგატიურად გამოიყურება, პოზიტიურად განხილვას განიზრახავთ, მაშინ თქვენ სასარგებლო განშტოებაზე მოხვდებით.
„იდიოტურ“ ჩვევად გაიხადეთ მარცხით სიხარული.
კონტროლი არა ვარიანტთა დინებასთან ბრძოლისკენ, არამედ მისი მიყოლისკენ გადაამისამართეთ.
არ იფიქროთ მიღწევის გზებზე, არამედ გონებაში ატრიალეთ მიზნობრივი სლაიდი და ნაბიჯები მიზნის მიმართულებით გადადგით. შეესისხლხორცეთ სლაიდს, რომელზეც მიზანი უკვე მიღწეულია. მაშინ გარეგანი განზრახვა თავის საქმეს გააკეთებს, და ვაშლები თავად აცვივდება ცაში.