ბავშვობის 5 ტრავმის 5 ნიღაბი და ,,მე“-ს სცენარები

Admin
ფსიქოლოგია
4.5
1

ავტორი: ჟუჟუ იოსელიანი

/ ლიზ  ბურბოს  მიხედვით /

ბავშვობის ხუთი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი ხასიათის თავისებურებებს და თითოეულის შესაბამისი ხუთი  ნიღაბი, რომელიც ფარავს ჩვენს შინაგან ბუნებას,  ჩვენს ნამდვილ ,,მე’’-ს.

ფსიქოტრავმები და მისი შესაბამისი ნიღბები:

-  უარყოფის ტრავმა  -  გაქცეულის  ნიღაბი, პერსონაჟი -  გაქცეული

-  მიტოვების ტრავმა  -  დამოკიდებულის ნიღაბი, პერსონაჟი - დამოკიდებული

-  დამცირების ტრავმა   -  მაზოხისტის  ნიღაბი, პერსონაჟი - მაზოხისტი

-  ღალატის ტრავმა  -  მაკონტროლებლის  ნიღაბი, პერსონაჟი - მაკონტროლებელი

-  უსამართლობის ტრავმა - დამცველის/ხისტის ნიღაბი, პერსონაჟი - დამცველი/ხისტი

•           როგორია ტრავმისა და მისი ნიღბის  ძალაუფლება ჩვენს ქცევასა და ცხოვრებისეულ  სცენარებზე. 

•           როგორ ამოვიცნოთ ჩვენი ან სხვათა ბავშვობის ფსიქოტრავმები და ნიღბები, რომელია ჩვენი დომინანტი ტრავმა და მისი შესაბამისი ნიღაბი?

•           მოვლენათა ჩვენეულ ინტერპრეტირებას რამდენად განაპირობებს თითოეული ტრავმა და  ქცევის რა სტრატეგიებს განსაზღვრავს მისი შესაბამისი ნიღაბი, შინაგანი კონფლიქტები, კონფლიქტების გახსნა და ადაპტური ქცევის  სტრატეგიები.

•           როდის ვქმნით და ვირგებთ ნიღბებს, რომელიც თავდაცვაა ადრეულ ასაკში,  როგორ გავაცნობიეროთ, თავის დროზე საჭირო რწმენა-წარმოდგენები და კონცეპტები დღეს უსარგებლოა და  ვიპოვოთ ძალა მის მოსაცილებლად.

•           როგორ აღმოვაჩინოთ, გავიცნოთ და მივიღოთ ნიღბის ქვეშ დაფარული საკუთარი ინდივიდუალური უნიკალური ბუნება.

•           გონების რა ტიპის მახეებს გვთავაზობს საკუთარი ეგო და რატომ უყვარს ეგოს ,,სირაქლემას  პოზა?’’

•           რომელი ფსიქოლოგიური ტრავმა რომელ მშობელს უკავშირდება და როგორია გენეტიკური ტრავმის მექანიზმი, თაობიდან თაობაზე გადაცემული ისტორიები და  ფსიქო-ემოციური სისტემების  ურთიერთკავშირი.

. . .

თითოეული ტრავმა შეესაბამება ქცევის თავისებურ ფორმებსა და შინაგან დამოკიდებულებებს. როგორ  ფიქრობს, გრძნობს, ლაპარაკობს და მოქმედებს  ადამიანი, არის მისი რეაქციის მაჩვენებელი ყველაფერზე, რაც ხდება მის ცხოვრებაში.

როდესაც ადამიანი ირგებს რომელიმე კონკრეტულ ნიღაბს, ის გარკვეულ წილად თრგუნავს თავის შინაგან ხასიათს. ბავშვობაში ქცევის ეს მოდელი ავარჩიეთ, გარკვეული დამცავი ფუნქციით. ეს ნიღაბი/პერსონაჟი დაგვეხმარა გადარჩენასა და ადაპტირებაში იმ ოჯახურ გარემოში. 

რეალურად, ღრმა ბავშვობაში ეს ნიღბები/პერსონაჟები ეხმარება ბავშვს, თავისი სუსტი რესურსით გაუმკლავდეს ტრავმულ სიტუაციებს. რადგან მას ჯერ არ გააჩნია ისეთი რესურსი და ძალა, რომ ამ გამოწვევას დაუპირისპირდეს და ადაპტირებას ახერხებს ისე, როგორც შეუძლია. ცდილობს, როგორმე მიესადაგოს შექმნილ სიტუაციებს, რომ თავიდან აირიდოს მისთვის მტკივნეული გარემოებები. 

მაგრამ თავის დროზე შექმნილი და მორგებული ნიღბები/პერსონაჟები  რომელიც თავდაცვაა ადრეულ ასაკში, ზრდასრული ადამიანისთვის უკვე უსარგებლოა და უფრო მეტიც, ნეგატიური მუხრუჭია მისი ცხოვრების გზაზე, რადგან იკარგება ნიღბის ქვეშ დაფარული საკუთარი ინდივიდუალური უნიკალური ბუნება და სასურველი ცხოვრებისეული სცენარები.

პერსონაჟების სიღრმისეულმა შესწავლამ ცხადყო, რომ ადამიანების უმეტესობას რამდენიმე ტრავმა/ნიღაბი აქვს; თუმცა  ტკივილის დონე ყველასთან სხვადასხვა ხარისხითაა მოცემული.

რაც უფრო მეტი მახასიათებელი აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმაა მისი კონკრეტული ტრავმა და უფრო აქტიურია ნიღბის პერსონაჟი. რაც უფრო გამოკვეთილია პერსონაჟის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება, კონკრეტული ტრავმით. შესაბამისად, უფრო მეტად უგულვებელყოფილი და დაფარულია საკუთარი ნამდვილი შინაგანი ბუნება.

 

უარყოფის  ტრავმა   -   გაქცეულის ნიღაბი, პერსონაჟი - გაქცეული

ტრავმა იღვიძებს  ჩასახვის მომენტიდან ერთ წლამდე, იმავე სქესის მშობელთან. განცდა, რომ არსებობის უფლება არ აქვს.

ნიღაბი/პერსონაჟი - გაქცეული.

ლექსიკა: "არაფერი" • "არავინ" • "არ არსებობს" • "გაქრება" • "არ ვარ ".

ძირითადი შიში - უარყოფის შიშია და  ცნობიერ თუ გაუცნობიერებელ დონეზე ეჭვი/განცდა  არსებობის უფლებაში.

დამცავი ნიღაბი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის გაქცეულის პერსონაჟი.      

ხშირად ასეთი ბავშვები გაურბის რეალობას და თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. უფრო მეტიც, უპრობლემო ბავშვია, როგორც ხშირად ამბობენ, ხოლმე, ჭკვიანი, გონიერი, მშვიდი და არ ქმნის პრობლემებს და არაა შემაწუხებელი ბავშვი, იმიტომ რომ შეფარებულია საკუთარ ფანტაზიებს და მარტო ერთობა თავის წარმოსახვით სამყაროში.

მან შეიძლება, ისიც კი იფიქროს, რომ მისი მშობლები ნამდვილი არ არიან, რომ მათ ახალშობილები აურიეს საავადმყოფოში. ასეთი ბავშვები სახლიდან თავის დაღწევის მრავალ გზას აფარებენ თავს; ერთ-ერთი მათგანია სკოლაში სიარული. ამასთან, როდესაც ისინი სკოლაში მოდიან და იქაც თავს უარყოფილად, გარიყულად გრძნობენ და ისევ საკუთარ სამყაროს აფარებენ თავს. 

ერთი პაციენტი ქალი აღნიშნავდა, რომ სკოლაში თავს ტურისტად გრძნობდა.

რამდენადაც ასეთი ბავშვი არ არის დარწმუნებული არსებობის უფლებაში, ამიტომ გამძაფრებული სურვილი აქვს შეამჩნიონ, აღიარონ და მუდმივად ეძებს ასეთ მტკიცებულებებს.

ბავშვი უარყოფის ტრავმით ძალიან პატარაა ტანად, თითქოს საყვარელი პატარა თოჯინა. დედა/ოჯახი ზედმეტად სათუთად უვლიან, თითქოს ნებისმიერი საფრთხისგან იცავენ..,,ისეთი საყვარელი და უმწეოა, თითონ ვერა, თავად რას შეძლებს,,,ამისთვის პატარააა, ამისთვის სუსტია’’.. და ბავშვი ამას იჯერებს, ,,საყვარლობა’’ მისთვის ნიშნავს უკვე დამახრჩობელს, ზედმეტი ზრუნვით დათრგუნვას...და შემდეგ უკვე ზრდასრულობაში, როდესაც ვინმეს შეუყვარდება, მისი იმპულსი იქნება გაექცეს ამ სიყვარულს/ გაუცნობიერებელ დონეზე, დახრჩობას, ზრუნვით შეზღუდვას, რამდენადაც მასში ისევ იღვიძებს ძველი ტრავმის შიშის/ 

ზედმეტად დაცული ბავშვი გრძნობს, რომ მას არ იღებენ ისეთს, როგორიც არის, არ აღიარებენ მის შესაძლებლობას. ცდილობენ როგორმე აუნაზღაურონ მისი ,,სისუსტე’’ და ყველაფერი გააკეთონ მის მაგივრად. და მაშინაც კი, იმის ნაცვლად, რომ თავი საყვარლად იგრძნოს, ბავშვი  გრძნობს თავისი შესაძლებლობის უარყოფას.

ე.წ. გაქცეული არ ეჯაჭვება მატერიალურ ნივთებს, უძრავ ქონებას, ქვეცნობიერად ის გაურბის ამ პასუხიმგებლობას, რომ ნებისმიერ დროს თავისუფლად შეძლოს გაქცევა და რამემ არ შეუშალოს ხელი, თუნდაც საკუთარ ქონებაზე პასუხისმგებლობამ, იშვიათად იღებს მატერიალური ნივთებიდან სიამოვნებას, ფუფუნებას ზედაპირულად მიიჩნევს და უბრალოდ მისი ფუნქციური აუცილებლობით აფასებს. 

პაციენტი, ახალგაზრდა ქალი აღნიშნავდა, რომ მაღაზიებში სიარული არ უყვარს; ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს. მათი დამოკიდებულება არის ასეთი:  რომ მატერიალური უზრუნველყოფა აუცილებელია, მაგრამ სიხარული არ მოაქვს.

მათ თავისებური დამოკიდებულება აქვთ ინტიმურ საკითხებთან. ასეთ ადამიანებს აქვთ რწმუნებულება, რომ სექსუალურობა ეწინააღმდეგება სულიერებას. სამაგიეროდ, იზიდავს სულიერებასა და ინტელექტთან დაკავშირებული თემები. ხშირად უჩნდება კითხვა, რას აკეთებს ამ სამყაროში, რა მისია აქვს და ა.შ..

სიტყვა "ვერავინ"/არავინ/ არაფერი -  მის ლექსიკონში ფავორიტია, როგორც პირად, ისე ნებისმიერ ურთიერთობებში. სიტყვები „არ არსებობს“ და „არარსებული“ ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გაქცეულთა  ლექსიკონში.  

სინამდვილეში კი, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა, მისგან სიტყვა "არაფერი" შინაგანი ყვირილია სასურველის მოსახმობად..

რატომ ეძებს  გაქცეული  მუდმივად მარტოობას? რადგან ეშინია სხვისი ყურადღების, რომ მისი არსებობა ძალზე შესამჩნევია, ყველას თვალში ხვდება/ეზედმეტება და ამიტომ, ოჯახში თუ ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფში ის დათრგუნულია. სჯერა, რომ ბოლომდე უნდა გაუძლოს ყველაზე უსიამოვნო სიტუაციებს, თითქოს მას არ აქვს ბრძოლის უფლება; ნებისმიერ შემთხვევაში, ის ვერ ხედავს გამოსავალს და ოპტიმალურ ვარიანტებს. 

მაგალითად: გოგონა დედას სთხოვს, გაკვეთილის მომზადებისას დაეხმაროს და ისმენს, შესაძლოა უბრალო პასუხს: „წადი მამაშენთან. ვერ ხედავ, რომ მე დაკავებული ვარ და მას არაფერი აქვს გასაკეთებელი? მაგრამ "უარყოფილი’’ პერსონაჟისთვის ეს ძალიან მძიმედ ასაღქმელია. ბავშვის პირველი რეაქცია იქნება - ”დედამ უარი მითხრა დახმარებაზე, არ ვაინტერესებ, არც მამას და არც არავისთვის ვარ სასურველი..”, და ბავშვი გაერიდება ყველას, მოძებნის სადმე განმარტოების ადგილს, სადაც ყველას დაემალება.

გაქცეულს, როგორც წესი, ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს სკოლაში და მოგვიანებით სამსახურში. უარყოფის აუტანელი შეგრძნება, რასაც განიცდის მუდმივად აიძულებს მას, მოირგოს ,,გაქცეულის ნიღაბი’’. თუ ის თავის სამყაროში, თავის ფანტაზიაში იქნება, სხვები ვერ შეძლებენ მას უარყოფას. ობიექტურად შესაძლოა, რომ არც არავინ უარყოფდეს ასეთი ტრავმის მატარებელ ადამიანს, მაგრამ ის თავისი ნიღბის ჭრილიდან ასეთი სათვალით/ფილტრით ხედავს. ერთგვარად ცდილობს კიდეც, რომ დაასწროს სხვას და თვითონ უარყოს, სანამ მას უარყოფენ.  ეს იმდენად ხშირი ხდება, რომ, რომ  აღარც ამჩნევენ მას; უფრო და უფრო მარტოსული ხდება, რაც კიდევ უფრო მეტ საფუძველს აძლევს, გრძნობდეს უარყოფას...და ასე იკვრება ეს მოჯადოებული წრე.

გაქცეულის პერსონაჟი, როგორც წესი, ნაკლებად საუბრობს. მისი ბევრი საუბარი კი იმის მცდელობაა, რომ საკუთარი მნიშვნელობა დაადასტუროს და მაშინაც, გარშემომყოფები მის ამ ქცევას არაბუნებრივად, არაგულწრფელად და სიამაყედ აღიქვამენ. ბუნებრივი, უშუალო საუბარი მას ნაკლებად გამოსდის.

ასეთ ადამიანებს, როდესაც საუბარს აწყვეტინებენ, მისთვის ეს აღიქმება, რომ მოსმენას არ იმსახურებს, მყისიერად ჩერდება და შემდეგ ძალიან უჭირს, აზრის მოკრება და საუბრის გაგრძელება.  ჩათვლის, რომ არავის აინტერესებს მისი მოსმენა, უხერხულად მოამთავრებს და გაჩუმდება. მას ეჩვენება, რომ თანამოსაუბრეები ამას დაპირისპირებად მიიჩნევენ და უარყოფენ მას. მისი ეს სუსტი წერტილი ძალიან ხშირად შეიძლება, აღმოჩნდეს ოპონენტისთვის იარაღი და  ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლებათ მისი გაჩუმება.

ასეთ ადამიანს ძალიან უჭირს თხოვნა, რადგან თვლის, რომ არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სხვები შეაწუხოს.

ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანი უარყოფის ტრავმით, არ გრძნობს კეთილგანწყობას იმავე სქესის მშობლისგან. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მშობელი უარყოფს მას. ეს არის მისი, პირადი განცდა. თავისთავად ცხადია, რომ გაქცეული ადამიანი უარყოფას განიცდის უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვთქვათ, და-ძმა, რომელსაც არ აქვს ეს ტრავმა და იგივე გარემოში იზრდებიან.

ადამიანი, რომელიც განიცდის უარყოფის ტანჯვას, მუდმივად ეძებს იმავე სქესის მშობლის სიყვარულს; ამ დაუკმაყოფილებელ განცდას შესაძლოა, გაუცნობიერებლად  ეძებდეს ხოლმე იმავე სქესის სხვა პირებშიც.. ის თავს არასრულ არსებად მიიჩნევს, და ძალიან მგრძნობიარეა ამ მშობლის ოდნავ ცივი კომენტარის მიმართ; ყოველთვის მზად არის, ჩათვალოს, რომ მშობელს სათანადოდ არ უყვარს, არ აინტერესებს.. ეს ტკივილი და სიბრაზე თანდათანობით ვითარდება მასში, იმდენად დიდია მისი ტანჯვა, რომ ხანდახან სიძულვილადაც კი იქცევა. სიძულვილად, რომელიც იმედგაცრუებული სიყვარულია .

უარყოფილი ადამიანის ჭრილობა, შეიძლება ითქვას, ხუთი პერსონაჟიდან ყველაზე ღრმაა.  უარყოფის ტრავმა რაც უფრო ღრმაა, ის მით უფრო იზიდავს იმ გარემოებებს, რომელშიც უარყოფილია ან თავად უარყოფს.

რაც უფრო უარყოფს თავის თავს გაქცეული, მით უფრო ძლიერდება მისი უარყოფის შიში. ის მუდმივად ამცირებს და აუფასურებს საკუთარ თავს. ხშირად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, როგორღაც უფრო ძლიერებს და ამით უვითარდება საკუთარი არასრულფასოვნების რწმენა. ვერ ამჩნევს, რომ ზოგიერთ სფეროში შეიძლება, სხვა ადამიანებზე უკეთესი იყოს. არ სჯერა, რომ ვიღაცას გულწრფელად სურს, დაუმეგობრდეს მას, რომ ვინმე ხედავს მასში მეუღლეს, რომ ნამდვილად  უყვარს. 

ერთ-ერთ პაციენტს, სამი შვილის დედას  უჭირდა დარწმუნება, რომ შვილებს ნამდვილად უყვარდა.  შვილები ეუბნებიან, რომ უყვართ, მაგრამ მას არ ესმის, რატომ უყვართ.

გაქცეულის კიდევ ერთი განმასხვავებელი მახასიათებელია სრულყოფილების სურვილი ყველაფერში, რასაც აკეთებს: მას სჯერა, რომ თუ შეცდომა დაუშვა, მას დაგმობენ, ხოლო მისთვის დასჯა იგივე უარყოფაა. რადგან მას არ სწამს საკუთარი პერსონის სრულყოფის, ამის კომპენსაციას  ცდილობს  შესრულებული საქმის სრულყოფით. 

გაქცეულს არ სჯერა საკუთარი ღირსების, ის თვითონ არ აფასებს საკუთარ თავს. და ამ მიზეზით, რადგან ცდილობს კომპენსირებას, ის ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ გახდეს სრულყოფილი და მოიპოვოს მნიშვნელობა, როგორც საკუთარ, ისე სხვების თვალში. ამიტომ, ასეთი ადამიანები ძალიან ხშირად ხდებიან პერფექციონისტები..

რამდენადაც, გაქცეულისთვის ბავშვობიდანვე ძნელია, აღიაროს საკუთარი თავი სრულფასოვან ადამიანად, ამიტომ  ცდილობს დაემსგავსოს გმირს, რომელსაც იგი თაყვანს სცემს,  /მაგალითად, ახალგაზრდა გოგონას სურს იყოს მერლინ მონრო;/

ასეთ ადამიანებს აქვთ საჯარო გამოსვლის შიში, როგორც არ უნდა კარგად ფლობდეს შესაბამის უნარს, მას მაინც აქვს რწმუნებულება, რომ არ შეუძლია სათანადოდ წარსდგეს საზოგადოების წინაშე.

ტკბილეულობისადმი ლტოლვა გაქცეულთა სისუსტეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ძლიერი შიში შეიპყრობთ. ბუნებრივია ორგანიზმისთვის შაქრის მიშველიება, მათ შიშისგან წართმეულ ენერგიას უნაზღაურებს, მაგრამ სამწუხაროდ, არცთუ დიდხანს. ამიტომ ამ გზით დანაკარგის შევსება ძალიან ხშირად უწევთ, რაც შემდეგ ადვილად გადადის ტკბილის მუდმივ მოთხოვნილებაში უფრო და უფრო გაზრდილი დოზით.

გაქცეულის პერსონაჟის ყველა ეს პიროვნული მახასიათებელი და ქცევა ნაკარნახევია უარყოფილი ტანჯვის გამეორების შიშით. 

რაც უფრო მეტი მახასიათებელი აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმაა მისი უარყოფის ტრავმა და უფრო აქტიურია გაქცეულის ნიღბის პერსონაჟი. რაც უფრო გამოკვეთილია გაქცეულის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება, უარყოფილი ადამიანის ტრავმით. შესაბამისად, უფრო მეტად უგულვებელყოფილი და დაფარულია საკუთარი ნამდვილი შინაგანი ბუნება.

 

მიტოვების ტრავმა   -   დამოკიდებულის  ნიღაბი, პერსონაჟი - დამოკიდებული

ტრავმის გამოღვიძება ხდება ერთიდან სამ წლამდე, საპირისპირო სქესის მშობელთან. ემოციური ან გარკვეული ტიპის კვების ნაკლებობის, მათ შორის ფიზიკური შიმშილის გამოც.

ნიღაბი/ პერსონაჟი - დამოკიდებული.

ლექსიკა: ”არ არსებობს” •  • ”ვერ გავჩერდები” • ” • ”არ დატოვო, დამტოვო..”.

ძირითადი შიში - მიტოვების, მარტოდ დარჩენის შიში. დამოკიდებული მიდრეკილია, დაიჯეროს, რომ მას მიატოვებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები და უფრო მეტად ადანაშაულებს მათ, ვიდრე საკუთარ თავს. თუ იგი განიცდის მიტოვების გამოცდილებას იმავე სქესის ადამიანთან, მაშინ ის საკუთარ თავს ადანაშაულებს, რადგან თვლის, რომ თვითონ საკმარისი ყურადღება არ გამოიჩინა. 

დამცავი ნიღაბი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის დამოკიდებულის პერსონაჟი.      

დამოკიდებული პერსონაჟის ყველაზე დიდი შიში მარტოობაა. ის ამას ვერ ხედავს, რადგან ყოველთვის თავი ისე უჭირავს თავი, თითქოს რაიმე საზოგადოებაშია. ძალიან ხშირად, როდესაც როდესაც ასეთი ადამიანი ფიზიკური პარტნიორის გარეშეა, ვირტულური ურთიერთობით ანაცვლებს ან  ტელეფონი და ტელევიზორი ცვლის მის კომპანიას. 

ასეთი ადამიანები საკუთარ ტრავმას განიცდიან, პირველ რიგში, "აქვს" და "გააკეთეს" დონეზე და არა უარყოფისთვის დამახასიათებელი "იყოს" დონეზე. 

ბევრი ადამიანი, ვინც მიტოვების ტრავმას ატარებს, ადასტურებს, რომ ბავშვობაში საწინააღმდეგო სქესის მშობელთან კომუნიკაციის ნაკლებობის განცდა ჰქონდა. უმეტეს შემთხვევაში, ამ ბავშვებს სჯეროდათ, რომ საპირისპირო სქესის მშობელს არ აინტერესებდა ისინი.

ხშირად მიტოვებული ბავშვის ტრავმა შერწყმულია უარყოფილი ადამიანის ტრავმასთან. ბავშვი გრძნობს, რომ უარყოფილია იმავე სქესის მშობლის მიერ და ამავდროულად, მიტოვებულია საპირისპირო სქესის  მშობელისგან, რომლისგანაც ის ელოდებოდა მეტ დაცვას, თანაგრძნობას.

ვინც მიტოვებული ადამიანის ტრავმას ატარებს, მუდმივად განიცდის ემოციურ შიმშილს. ფიზიკურად საკვების ნაკლებობამ. შეიძლება იგივე ტრავმა გამოიწვიოს, როგორც წესი, ორ წლამდე. 

ხუთი სხვადასხვა სახის ტრავმიდან, მიტოვებული ყველაზე მეტად ხდება მსხვერპლი. ძალიან დიდი შანსია, რომ მისი ერთ-ერთი მშობელი - და შესაძლოა ორივე - ასევე იყო მსხვერპლი. 

 ასეთი ადამიანს შესაძლოა შესაძლოა ყოველთვის ქონდეს საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნის ტენდენცია, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებისაც,  საკუთარი თავის მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით.

ასეთი პიროვნება ყველაფერს ძალიან დრამატულად აღიქვამს მოვლენებს. უყვარს გაზვიადება და პატარა ინციდენტისგანაც კი შეუძლია ააგოს გიგანტური დრამა...წარმოიდგენს თავს მსხვერპლად და მიეცემა ტანჯვას.

მაგრამ  დამოკიდებული ამ პრობლემებში დიდ უბედურებას ვერ ხედავს: მისი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - სხვა ადამიანების ყურადღებაა. ამ გზით, ის ახერხებს თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. მისთვის მიტოვება უფრო მტკივნეულია, ვიდრე მუდმივ პრობლემებსა და ტანჯვაში ყოფნა. მხოლოდ სხვა დამოკიდებულ პერსონაჟს შეუძლია ამის გაგება. რაც უფრო გამოკვეთილია მსხვერპლის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება, მიტოვებული ადამიანის ტრავმით.

მსხვერპლი, ძალიან ხშირად, ნებით ასრულებს მხსნელის როლს. მაგალითად, ბავშვი, მიტოვებულის ტრავმით, ცდილობს, აიღოს დედის/მამის პასუხისმგებლობა და-ძმების წინაშე, ან პირიქით დედის/მამის წინაშე აიღოს პასუხისმგებლობა მათ დაფარვაზე, ან ეძებს შესაძლებლობას, ადამიანი გადაარჩინოს უსიამოვნებისგან. თუნდაც გაუცნობიერებლად, მუდმივად ილტვის, რომ მიიპყროს სხვა ადამიანების ყურადღება, როგორც წესი, კომპლიმენტებს ითვლის და  სურს, თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოს. 

ხშირად ახასიათებს გუნება-განწყობის მონაცვლეობა. ერთ წუთში თითქოს ბედნიერია,  შემდეგ კი მოულოდნელად მოწყენილი და უბედური. ერთი შეხედვით, ეს ცვლილებები თითქოს გაურკვეველი მიზეზების გამო ხდება, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, ეს ადამიანები პოულობენ მიზეზს - საკუთარ შიშს, მარტოობის შიშს.

სხვა ადამიანების მხარდაჭერა არის დახმარების ფორმა, რომელიც დამოკიდებულს ყველაზე მეტად სჭირდება. ამის გამო, შეიძლება ჩანდეს, რომ ამ ტიპის ადამიანებს უჭირთ რაიმე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ სინამდვილეში მათ ეჭვი ეპარებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულისთვის რეალური ფიზიკური დახმარება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც უბრალოდ მხარდაჭერა. ამას აღიქვამს როგორც მხარში დგომას და სიყვარულს.

ხშირად, დამოკიდებული შეიძლება, ჩანდეს ზარმაცი სწორედ იმის გამო, რომ მათ არ მოსწონთ დამოუკიდებლად აქტიურობა ან ფიზიკურად მარტო მუშაობა; და აუცილებლად სჭირდება ვინმე, თუნდაც მხოლოდ მორალური მხარდაჭერისთვის. 

დამოკიდებული ხშირად ითხოვს რჩევას, რადგან არ არის დარწმუნებული დავალების თვითნებურად შესრულების შესაძლებლობაში, მაგრამ იშვიათად უსმენს მიღებულ რჩევებს. ბოლოს კი, აკეთებს იმას, რაც სურდა, რადგან ფაქტობრივად, რჩევა კი არა, მხარდაჭერა სჭირდებოდა. 

მარტოობა მეტად აშინებს დამოკიდებულ პერსონაჟს. ის დარწმუნებულია, რომ მარტოობას ვერ გაუმკლავდება. საკუთარი ძალებით. ამიტომ, გაუთავებლად სხვა ადამიანებს ,,ერწყმის’’ და ყველაფერს აკეთებს, რომ მათი მუდმივი ყურადღების ქვეშ იყოს. ყველანაირ გზას იყენებს, დიდხანს და მოთმინებით იტანს ყველაზე მტანჯველ სიტუაციებსაც კი, ოღონდ არ დარჩეს მარტო. მის შიშს გამოხატავს ასეთი აზრები: ”მარტო რის გაკეთებას ვაპირებ? რა დამემართება? როგორ შეიძლება ვიყო? " 

დამოკიდებულ ადამიანს აქვს ყველაზე ძლიერი უნარი, ,,არ დაინახოს’’ პრობლემები პარტნიორში. მას ურჩევნია დაიჯეროს, რომ ყველაფერი რიგზეა, რადგან ეშინია მიტოვების. მაგ: ქალი, რომელიც იტანს მოძალადე მეუღლეს, ის ირჩევს, გაუძლოს ამ კოშმარს, ვიდრე მარტო დარჩეს. ურჩევნია, იცხოვროს ილუზიაში მოჩვენებითი იმედით, ვიდრე აღიაროს და პირისპირ შეხედოს საკუთარ ტრავმას. პიროვნული სიმტკიცის და ძლიერების გამოვლინება მათ უჭირთ.

ასეთ ადამიანს არ მოსწონს სიტყვა "დატოვე". მაგალითად, როდესაც შეხვედრის დასასრულს, შეიძლება უბრალოდ ვუთხრათ - ,,ახლა კი უნდა დაგტოვო...’’ ეს უბრალო სიტყვა ,,დატოვება“, თუნდაც ტელეფონით მოსმენილი, მასში ემოციების ქარიშხალს იწვევს. იმისათვის, რომ მან თავი მიტოვებულად არ იგრძნოს, უნდა ავუხსნათ წასვლის მიზეზი, სიტყვების ”დაგტოვებ” ან ”უნდა დაგტოვო”-ს გამოყენების გარეშე.

როდესაც დამოკიდებული თავს მიტოვებულად გრძნობს, თვლის, რომ ის არ არის სხვისი ყურადღების ღირსი. თუ მოსაუბრე საათს დახედავს დროის შესამოწმებლად ძალიან მტკივეულად აღიქვამს ამ მარტივ ჟესტს. დამოკიდებული ადამიანი ავტომატურად ასკვნის, რომ სხვისი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად.

ამ ტიპის ადამიანებს ეშინია ზოგადად ავტორიტეტული და ძლიერი პერსონის. იმპერიული ხმის ან იმპერიული მანერის მქონე ადამიანები მას ცივად და გულგრილად ეჩვენებიან.  

ძალიან კეთილი და მეგობრულია სხვების მიმართ, ზოგჯერ კი ზედმეტად და ძალდატანებით. იგი იმედოვნებს, რომ ასეთი საქციელი უფრო მეტად მეგობრულს და გულისხმიერს  გახდის, ამასთანავე, ყველასთვის სასურველი იქნება.

დამოკიდებული ხშირად იყენებს სიტყვებს "მარტო" და "არყოფნის". მაგალითად, ბავშვობაზე საუბრისას, ის ამბობს, რომ ხშირად მარტო რჩებოდა, რომ მამა და დედა არ იყვნენ. მან შეიძლება, აღიაროს, რომ განიცდის მარტოობას, განიცდის ძლიერ შფოთვას, მიტოვების შიშს. მას ეჩვენება, რომ ცხოვრება შეუდარებლად უკეთესი იქნებოდა, თუ ვინმე ახლოს იქნებოდა. 

ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა ცხოვრების რაღაც მომენტში, შეიძლება იგრძნოს თავი მარტოსულად, მაგრამ არ განიცადოს ისე, როგორც მიტოვებული პერსონაჟი განიცდის, ანუ მისი ტკივილის შინაარსი არ იყოს მიტოვების შიში. ტრავმის სიღრმეს   სწორედ შფოთის ხარისხი და შინაარსი ასახავს.

ამ ტიპის ადამიანები ადვილად ტირიან,  მათ ტირილში ისმის ბრალდებები სხვების მიმართ, რომლებმაც ისინი რთულ მომენტში მიატოვეს. მათ არ სურთ აღიარონ, რამდენად ხშირად ტოვებენ თვითონ სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ძნელად გადააქვს და მუდმივად ეშინია მიტოვების, თვითონ შეუძლია, მიატოვოს და ეს ქცევა უამრავი ლოგიკური მიზეზი გაამართლოს.

მათთვის ყურადღების მოზიდვის კიდევ ერთი გზაა პოზიციის მოპოვება, რომელიც ფართო აუდიტორიისკენ გაუხსნის კარს. ბევრი მომღერალი, მსახიობი, ცირკის შემსრულებელი, სცენისა და თეატრალური სამყაროს სხვა მუშაკები, რომლებიც დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდიან, დამოკიდებული ნიღბის პერსონაჟებია. ასეთი ადამიანისთვის მთავარია, იყოს ვარსკვლავი და მნიშვნელობა არ აქვს, რა როლში.

კერძო კონსულტაციების დროს, დამოკიდებული პერსონაჟი თერაპევტისგან ისეთ მხარდაჭერასა და სიმპათიას ეძებს, რასაც მშობლისგან ან მეუღლისგან ვერ იღებს. უყურადღებობით განაწყენებულმა შეიძლება, ეჭვიანობის სცენაც კი დადგან. 

დამოკიდებულის პერსონაჟი ადვილად აიგივებს თავს სხვა ადამიანებთან, "ერწყმის" სხვებს. უფრო მეტიც, ხშირად თვლის თავს პასუხისმგებლად სხვის ბედნიერებასა და უბედურებაზე, ისევე, როგორც თვლის მათ პასუხისმგებლობას თავის უბედურებებსა და სიხარულზე.

რამდენადაც ეს ტრავმა საწინააღმდეგო სქესის მშობელთან აქტიურდება, ხშირად ხდება ხოლმე, რომ საპირისპირო სქესის ყველა ადამიანთან ვლინდება ეს მატრამვირებელი ფაქტორი.

საგულისხმოა, რომ სანამ ჩვენ ვაგრძელებთ მშობელზე გაბრაზებას (თუნდაც გაუცნობიერებლად), მანამდე ჩვენი ურთიერთობა იმავე სქესის წარმომადგენლებთან იქნება პრობლემური.

ტრავმის არსებობა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს აკლდა საპირისპირო სქესის მშობლის ყურადღება. შესაძლოა ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, რომ ეს ყურადღება გადაჭარბებულიც კი იყო. 

დამოკიდებული პერსონაჟის დამახასიათებელი ქცევა ნაკარნახევია მიტოვებული ტრავმის ხელახალი განცდის შესაძლებლობის შიშით. 

რაც უფრო მეტი მახასიათებელი აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმაა მისი მიტოვების ტრავმა და უფრო აქტიურია დამოკიდებულის ნიღბის პერსონაჟი. რაც უფრო გამოკვეთილია დამოკიდებულის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება, მიტოვებული ადამიანის ტრავმით. შესაბამისად, უფრო მეტად უგულვებელყოფილი და დაფარულია საკუთარი ნამდვილი შინაგანი ბუნება.

 

დამცირების  ტრავმა    -    მაზოხისტის ნიღაბი, პერსონაჟი -  მაზოხისტი

ტრავმის გაღვიძება ხდება ერთიდან სამ წლამდე, მშობელთან, რომელიც მონაწილეობს ბავშვის (ჩვეულებრივ დედის) ფიზიკურ განვითარებაში. მაპროვოცირებელი გარემოებებია თავისუფლების ნაკლებობა, დამცირების გრძნობები ამ მშობლის კონტროლის გამო.

ნიღაბი/პერსონაჟი  - მაზოხისტი.

ლექსიკა: "ღირსი" • "უღირსი" • 

ძირითადი შიში- დამცირების ტრავმა ჩვეულებრივ ვლინდება დედასთან, განურჩევლად სქესისა. ანუ, მაზოხისტი მამაკაცი მიდრეკილია განიცადოს ქალებისგან დამცირება. როგორც წესი, ის მათ ადანაშაულებს. თუ იგი განიცდის დამცირების ტრავმას მამაკაცთან, ის ადანაშაულებს საკუთარ თავს და რცხვენია მისი საქციელის ან ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულების.

დამცირების ტრავმა მხოლოდ მაშინ მძაფრდება, როდესაც მშობლები არცხვენენ ბავშვს სხვების თანდასწრებით. ერთი მხრივ, აუტანელი ხდება საკუთარი საქციელისთვის დამცირება, სირცხვილი. მეორეს მხრივ, იშვიათი არ არის ის, რომ დამცირების ტრავმით დაავადებული ადამიანები საუბრობენ ყველა სახის აკრძალულ ქმედებებზე, რასაც ისინი ბავშვობაში ან მოზარდებში აკეთებდნენ; თითქოს, ისინი  პროვოცირებდნენ გარემოებებს, რომელშიც განიცდიდნენ დამცირებას.

დამცავი ნიღაბი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის მაზოხოტის პერსონაჟი.      

ბავშვი, რომელიც განიცდის დამცირების გამოცდილებას, თავად ქმნის ,,მაზოხისტის ნიღაბს’’, გამოიმუშავებს ისეთ ქცევას როდესაც ადამიანი ტანჯვისგან განიცდის კმაყოფილებას და სიამოვნებასაც კი. 

ხუთი პერსონაჟიდან დამცირებული ტრავმის მქონე ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან სირცხვილს, ვიდრე სხვები.

,,მაზოხისტის პერსონაჟს’’ ყველაზე მეტად ეშინია თავისუფლების. ერთი მხრივ, ის არ თვლის და არ გრძნობს თავს თავისუფლად მრავალი შეზღუდვისა და ვალდებულების გამო, რომელიც თავადვე დაუწესა საკუთარ თავს. მეორეს მხრივ, გარშემომყოფებისთვის სრულიად თავისუფალი ჩანს, რადგან ჩვეულებრივ პოულობს დროსა და საშუალებებს იმისთვის, რის გაკეთებაც გადაწყვეტს.

მაზოხისტისთვის უდიდესი შიშია თავისუფლება. ის დარწმუნებულია, რომ ვერ შეძლებს ,,თავისუფლად განკარგოს საკუთარი თავისუფლება’’. და არაცნობიერად ისე აწყობს ყველაფერს, რომ არ იყოს თავისუფალი; ის თითქმის ყოველთვის თავად იღებს გადაწყვეტილებას. ფიქრობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების მიღებით თავიდან აიცილებს სხვა ადამიანების კონტროლს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს ხშირად მიჰყავთ საპირისპირო შედეგამდე - კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს და ვალდებულებებს უწესებს თავს.

მაზოხისტი, როცა ცდილობს გათავისუფლდეს ერთ სფეროში, დაუყოვნებლივ იქცევა მონობაში სხვა ფორმით. მაზოხისტი მიილტვის ისეთ სიტუაციებისკენ, როდესაც მას უწევს ვინმესთან გამკლავება, ვიღაცის მოვლა, ვინმეს დახმარება. მას თანდათან ავიწყდება საკუთარი თავი. რაც უფრო მეტ ტვირთს იღებს მხრებზე, ფიქრობს, რომ უფრო მეტად ავსებს თავისი დროის რესურსს და ამით აკონტროლებს, რომ აღარ აქვს თავისუფალი დრო, ანუ გაუთვლელი უკონტროლო სიტუაცია, სადაც შეიძლება, განიცადოს დამცირების ტრავმა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დამცირებს ტრავმით, თავად იღებს პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტად დაიხარჯოს სხვისთვის, ამავე დროს,  ძალიან ხშირად, განიცდის დამცირებას იმის გამო, რომ ის გამოიყენეს. მას თითქმის ყოველთვის სჯერა, რომ მის მომსახურებებს არ აფასებენ, თუმცა არაფერს ცვლის, უფრო მეტიც, ვერ ხვდება, რომ თვითონ ქმნის ამ  მონობას. 

ამ ტიპის ადამიანი  თავგამოდებით ცდილობს, იყოს სულ სხვის მომსახურებაში და ამავე დროს, გულნაკლულია, თუ სათანადო აღიარებას არ გრძნობს.

მაზოხისტი არ აცნობიერებს, რომ სხვებისთვის ყველაფრის გაკეთებით, უხეშად იჭრება მათ საზღვრებში და ერთგვარად ამცირებს მათ; თითქოს ქმნის ისეთ მოცემულობას, რომ სხვებს  მის გარეშე არ შეუძლიათ.

ხშირად, მაზოხისტის ქცევის განმსაზღვრელია, სირცხვილის განცდის შიში. მაგალითად, მაზოხისტი დედა ცდილობს გააკონტროლოს ბავშვებისა და მეუღლის ტანსაცმელი, გარეგნობა, სისუფთავე. ასეთი დედა ყოველმხრივ აღწევს სისუფთავეს და სიზუსტეს ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებისგანაც კი. ძირითადადი მამოტივერებელი კი აქ ისაა, რომ დედის როლში საკუთარი თავის არ შერცხვეს. 

მაზოხისტისთვის ძალიან რთულია საკუთარი საჭიროებების და გრძნობების გამოხატვა. ამ ხუთი ტრავმის პერსონაჟის  ხასიათიდან გამომდინარე, მაზოხისტი ყველაზე ნაკლებად უსმენს საკუთარ მოთხოვნილებებს, თუმცა საკმაოდ ხშირად მან იცის რა სურს. საკუთარი თავის უგულებელყოფით, თავის ტანჯვით უზრუნველყოფს და, შესაბამისად, აგრძელებს დამცირების ტრავმისა და მაზოხისტის ნიღბის გაღვივებას. ამ ტიპის ადამიანი,  როგორც წესი, ზედმეტად მგრძნობიარეა, ოდნავ წვრილმანზეც კი ემოციურად რეაგირებს.

მაზოხისტის პერსონაჟი ყველაფერს აკეთებს, რომ კომფორტული იყოს გარშემომყოფთათვის. ეს მისი ტრავმის დამალვის გზაა და თავს იმშვიდებს, რომ  დამცირება არ აწუხებს. ამავე მიზეზით, მაზოხისტი ხშირად ხდება აღიარებული ხუმარა მეგობარი, რომელიც თითქოს ყოველთვის მზადაა, საკუთარი თავი დაცინვისვის ობიექტად წარმოაჩინოს. ეს ერთგვარი თავდაცვითი სტრატეგიაა სხვათა დაცინვის ასარიდებლად, ასწრებს სხვებს და თავად ხუმრობს საკუთარ თავზე.

მაზოხისტი საკუთარ თავს იმაზე ბევრად უფრო უმნიშვნელოდ და უსარგებლოდ მიიჩნევს, ვიდრე სინამდვილეშია. უჭირს, სერიოზულად დაიჯეროს, რომ სხვები მას დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან პიროვნებად თვლიან. 

დამცირების ტრავმის მატარებელი ადამიანი ხშირად მიდრეკილია, ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულოს და სხვა ადამიანების ბრალიც კი აიღოს. ხშირად ახასიათებთ კარგი გოგოს/კარგი ბიჭის სინდრომი.

საგულისხმოა, ვიცოდეთ, რომ სხვა ადამიანები ვერასდროს გვაგრძნობინებენ დანაშაულს, რადგან ეს გრძნობა მხოლოდ შიგნიდან მოდის.

მაზოხისტს უყვარს შუამავლის როლის ასრულება კონფლიქტურ მხარეებს შორის და ხშირად აღმოჩნდება ხოლმე განტევების ვაცი. ის ირჩევს პოზიციას, სადაც თავს ვალდებულად გრძნობს, ყველგან ჩაერიოს და ყველაფერი მოაგვაროს, რომ ყველა ბედნიერი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს ადანაშაულებს უმოქმედობაში; მას რცხვენია ამგვარი ,,უმოქმედობის’’, რადგან საკუთარ თავს პასუხისმგებლად თვლის, მუდმივად სხვისთვის ირჯებოდეს.

ზოგადად, ეს ადამიანები ნაკლებად აძლევენ თავს სიამოვნების უფლებას. მაგალითად, გარეგნობას, ჩაცმულობას მაზოხისტის პერსონაჟისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იშვიათად აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ საკუთარ თავს ეს სიამოვნება მიანიჭონ, და იშვიათად იმეტებენ საკუთარი თავისთვის კარგ ჩასაცმელს თუ რესურსს გარეგნობაზე ზრუნვისთვის. 

მაზოხისტს აქვს უნარი, ყოველთვის მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც მას დაამცირებენ. ის ხშირად იყენებს გამოთქმებს „იყავი ღირსი“ და „იყავი უღირსი“. და უმეტესად არ თვლის, რომ იმსახურებს სიხარულს, სიყვარულს, პატივისცემას - უფრო მეტიც, თვლის რომ ტანჯვის ღირსია. ეს ყველაფერი, როგორც წესი, გაუცნობიერებლად ხდება.

მაზოხისტი ადამიანი  ჩვეულებრივად არ ცხოვრობს სასურველი სექსუალური ცხოვრებით. ის ან ძალიან გაუბედავია ინტიმურ ურთიერთობებში, ან პირიქით, საპირისპირო უკიდურესობაში ვარდება და მეტისმეტად გამძაფრებული აქვს ლტოლვა.

მაზოხისტისთვის საკვები საკომპენსაციო საშუალებაა. ეს არის მისი გადარჩენის გზა, საკუთარი თავის დაჯილდოების მცდელობა. თუ იგი ამას სხვა გზით დაიწყებს, ამცირებს ტკივილის საკვებით დაკმაყოფილების საჭიროებას. თუმცა, მან არ უნდა დაადანაშაულოს საკუთარი თავი ზედმეტ ჭამაში, რადგან ტრავმის საწყის ეტაპზე  სწორედ ეს ,,ჯილდო’’ იყო, ის რაც მას გადარჩენაში დაეხმარა.

ტიპიური მაზოხისტური ქცევა ნაკარნახევია დამცირების ტრავმის ხელახალი განცდის შიშით.

რაც უფრო მეტი მახასიათებელი აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმაა მისი დამცირების ტრავმა და უფრო აქტიურია მაზოხისტის ნიღბის პერსონაჟი. რაც უფრო გამოკვეთილია მაზოხისტის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება, დამცირების ტრავმით. შესაბამისად, უფრო მეტად უგულვებელყოფილი და დაფარულია საკუთარი ნამდვილი შინაგანი ბუნება.

 

ღალატის ტრავმა   -   მაკონტროლებლის ნიღაბი, პერსონაჟი - მაკონტროლებელი

ტრავმის გამოღვიძება ხდება ორიდან ოთხ წლამდე, საპირისპირო სქესის მშობელთან. მაპროვოცირებელი გარემოებებია ნდობის ნგრევა ან შეუსრულებელი მოლოდინები, იმედგაცრუება, მანიპულირება.

ნიღაბი/პერსონაჟი   -   მაკონტროლებელი.

ლექსიკა: გასაგებია • "გესმის?" • ”მე შემიძლია” • ”მე თვითონ გავუმკლავდები ამას” • ”მე ეს ვიცოდი” • ”მერწმუნე” • ”მე მას არ ვენდობი”.

ძირითადი შიში -  მაკონტროლებელს სჯერა, რომ მას უღალატეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებმა და სურს დაადანაშაულოს ისინი საკუთარი ნეგატიური ემოციების გამო. თუ იგი განიცდის ღალატის ტრავმას თავისი სქესის ადამიანთან, მაშინ ის საკუთარ თავს  ადანაშაულებს, რომ ვერ შეძლო ამ გამოცდილების დროულად განჭვრეტა და პრევენცია. სავარაუდოა, რომ ის რასაც ღალატად თვლის, სინამდვილეში არის ის გამოცდილება, რამაც გააძლიერა მისი უსამართლობის ტრავმა.

ბავშვს აქვს განცდა, რომ საპირისპირო სქესის მშობელმა უღალატა, როდესაც ეს მშობელი არ ასრულებს დანაპირებს ან ბავშვის ნდობას არღვევს. მისთვის განსაკუთრებით ძნელია განიცადოს ღალატი, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან ან სექსუალურ ურთიერთობებთან. ბავშვი ასევე განიცდის სიტუაციას, როდესაც გრძნობს, რომ იმავე სქესის მშობელს ღალატობს მეორე მშობელი. ასეთ ღალატს  ბავშვი აღიქვამს, თითქოს თავად მას უღალატეს. 

დამცავი ნიღაბი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის მაკონტროლებლის პერსონაჟი.      

მაკონტროლებლის პერსონაჟს ყველაზე მეტად ეშინია განშორების და უარის თქმის. ის ვერ ამჩნევს, რამდენად ინტენსიურად ქმნის თვითონ პრობლემებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს, რითაც თავადვე ართულებს ურთიერთობებს. იზიდავს სიტუაციებს, რომელშიც ყოველ ჯერზე უარს ამბობს ვინმეზე, იგი ამავე დროს ვერ ამჩნევს, როგორ ეშინია ამ სიტუაციების. პირიქით, ფიქრობს, რომ ამ გზით თავს იცავს, რომ მოატყუონ ან გამოიყენონ. 

მისი კომუნიკაბელურობა და ახალი ნაცნობობისთვის მზადყოფნა ხელს უშლის მას გააცნობიეროს, რამდენი ადამიანი წაშალა თავისი ცხოვრებიდან. ბევრად უკეთესად ხედავენ ამ ყველაფერს გარშემომოყფონი.

ღალატის მქონე ადამიანის ტანჯვის მიზეზი ხდება, როდესაც ერთგულება ირღვევა, ობიექტურად ირღვევა ან თავად თვლის ასე.

მაკონტროლებლის მზერა გამჭოლია, ამ მზერით ის თითქოს თავს გრძნობს განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ადამიანად, ძალზე სწრაფად აცნობიერებს სიტუაციას. ასეთი მზერა საშუალებას აძლევს მას დაუყოვნებლივ დაინახოს ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. ღალატის ტრავმის მქონე ადამიანი ასეთი ნიღბით, მაკონტროლებელი პერსონაჟით, იცავს თავს, ნიღბის ქვეშ მალავს თავის შინაგან სისუსტეს, დაუცველობას, უმწეობას.

რაც შეეხება მაკონტროლებლის ქცევას, ძალა საერთო მახასიათებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ღალატის ტრავმას ატარებს. ვინაიდან მათთვის განსაკუთრებით რთულია ღალატის ნებისმიერი ფორმის მიღება, როგორც სხვისი, ასევე საკუთარი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ იყვნენ პასუხისმგებელი, ძლიერი, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ხალხი. ამ გზით მაკონტროლებელი აკმაყოფილებს თავის ეგოს, რომელსაც არ სურს, ნახოს  რამდენჯერ უღალატებს საკუთარ თავს ან სხვას. უმეტეს შემთხვევაში, იგი ამას ვერ აცნობიერებს, რადგან ღალატი მისთვის იმდენად მიუღებელია, რომ უბრალოდ არ აღიარებს აზრს, რომ თვითონაც შეუძლია ამის გაკეთება. თუკი მიხვდება, რომ ვინმეს უღალატა, მაგალითად, დაპირების შეუსრულებლობით, იპოვის იმდენ ლოგიკურ არგუმენტს, რამდენსაც მოისურვებს, ტყუილსაც კი მიმართავს, რომ მომხდარი არ გააცნობიეროს.

მაკონტროლებლის პერსონაჟი ძლიერი ოერსონის როლს თამაშობს. ის აქტიურად ამტკიცებს იმას, რისიც სწამს და ელის, რომ სხვებიც სრულად მიიღებენ მის რწმენას. ის სწრაფად აყალიბებს აზრს სხვა ადამიანის ან სიტუაციის შესახებ და მტკიცედ დარწმუნებულია საკუთარი სიმართლეში. კატეგორიულად გამოხატავს თავის აზრს და ნებისმიერ ფასად სურს სხვების დარწმუნება. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაკონტროლებელი ადამიანი თავს არიდებს კონფლიქტურ ან სადავო სიტუაციებს, მაშინვე, როდესაც უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს გადაეყრება. სხვა მაკონტროლებელ პერსონაჟს ის რთულად იტანს.

როდესაც მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც მოელოდა, ასეთი ადამიანი ადვილად ხდება აგრესიული, თუმცა თავს აგრესიულ პიროვნებად არ თვლის.  საკუთარ თავს უფრო ძლიერ, თვითდაჯერებულ პიროვნებად მიიჩნევს, რომელიც არავის მისცემს საფუძველს, სუსტად ჩათვალონ. 

ამ ხუთი პერსონაჟდან მაკონტროლებელი ყველაზე ხშირად ხასიათდება გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობით, ამასთანავე რთულად პროგნოზირებადია  გარშემომყოფებისათვის.

მაკონტროლებლის პერსონაჟი თითქმის არასდროს ცხოვრობს ,,აქ და ახლა“. მისი შინაგანი დამოკიდებულების მთვარი მოწყვლადობა არის ის, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც გაითვალისწინა. ნებისმიერი გაუთვლელი და მოულოდნელი სიტუაცია მისთვის ღალატის ტრავმის საშიშროებას წარმოადგენს და იმდენად არის გატაცებული მუდმივი დაგეგმვისა და განჭვრეტის მცდელობით, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობს აწმყოში. მუშაობის დროს შესაძლოა, შვებულებას დაგეგმვით იყოს დაკავებული, შვებულებისას სამუშაო გეგმებით და ა.შ.

ნაკლებად შეუძლია საქმის დელეგირება, თავს არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც სამუშაო სხვა პირს უნდა მიანდოს, ან ენდოს ამ ადამიანს; მუდმივად ამოწმებს, ხდება თუ არა ყველაფერი მისი მოლოდინის შესაბამისად. სხვების მიმართ უფრო მომთხოვნია და ნაკლებად მომთმენი, ვიდრე საკუთარი თავთან. ამასთანავე, უფრო მკაცრად აკონტროლებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. 

მაკონტროლებლის პერსონაჟი თავს შრომისმოყვარე და პასუხისმგებელ ადამიანად თვლის, ამიტომ ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ვისმეს უსაქმურობას. მისი აზრით, ადამიანს არ აქვს მოდუნების და დასვენების უფლება, სანამ არ დაასრულებს ყველა იმ საქმეს, რომელზეც პასუხისმგებელია. თავად უყვარს საკუთარი ქმედების აფიშირება, ყველამ უნდა იცოდეს და აღიაროს მისი შესაძლებლობა და უნარი. განიცდის როცა არ ენდობიან, თუმცა თვითონ ძალიან ძნელად ენდობა სხვებს. ასეთ ადამიანს უჭირს ვინმეს ნდობა, რადგან ეშინია, რომ მისი ინფორმაცია ერთ დღეს მის წინააღმდეგ გამოიყენება. ისინი, ასევე ძნელად იტანენ სხვების სისუსტეებს. ძალზე მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ, როდესაც საქმე ეხება მათი გამბედაობის და შესაძლებლობების დემონსტრირებას.

ბოლო სიტყვა ყოველთვის მისი უნდა იყოს,,მას უყვარს თავისი "მწიკვი მარილის" დამატება, რასაც სხვები აკეთებენ ან ამბობენ. მაგალითად, როდესაც დედა შვილს რაიმე რჩევა-დარიგებას აძლევს, ,,მაკონტროლებელი მამა’’, გვერდით რომ ჩაუვლის, დააყოლებს: "მიხვდი, რა გითხრა დედამ?" მუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მისი ეს ჩარევა, შესაძლოა, სრულიად უადგილო იყოს.

მაკონტროლებლის პერსონაჟი დარწმუნებულია, რომ უნდა დაეხმაროს სხვებს თავიანთი ცხოვრების მოწყობაში. იგი ვერ ხვდება, რომ მისი ქმედებების მაპროვოცირებელია კონტროლის სურვილი. სხვების დახმარებით და მათ ცხოვრებაში ჩარევით მას შეუძლია, გააკონტროლოს რას, როდის და როგორ გააკეთებენ ისინი.  ეს შენიღბული გზაა საკუთარი ძალის საჩვენებლად. ამავე, დროს არ უყვარს, როცა თავად აკონტროლებენ, განსაკუთრებით მეორე მაკონტროლებელის პერსონაჟი, თავისი ხასიათის ადამიანი მისთვის რთულად ასატანია.

შინაგანად ასეთი ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ეს მგრძნობელობა ყოველთვის არ შეიმჩნევა, რადგან მუდმივად დაკავებულია საკუთარი ძალის დემონსტრირებით.  

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანი მუდმივად ითხოვს სხვებისგან აღიარებას, თავად ნაკლებად შეუძლია სხვისი დაფასება და აღიარება. თუ ვინმე ცდილობს, მაკონტროლებელს წარმოუდგინოს რაიმე ახალი იდეა ან საქმე, მათი პირველი რეაქცია, ჩვეულებრივ, სკეპტიციზმია. 

არ უყვარს სიურპრიზები. მისი ტრავმის საფუძველში სწორედ ეს უსიამოვნო გამოცდილება დევს. ვერ გააკონტროლა სიტუაცია და მისი მოლოდინი არ გამართლდა, უფრო მეტიც ნეგატიური მოულოდნელობა მიიღო. ამდენად, ყოველთვის სდევს მოულოდნელობების შიში.

 ღრმა შინაგანი უნდობლობიდან გამომდინარე, ასეთი ადამიანი ძალიან ადვილად ადანაშაულებს სხვებს თვალთმაქცობაში. მეორეს მხრივ, მანიპულატორული ქცევის გამო, თავად ძალიან ხშირად გამოიყურება თვალთმაქცურად. 

მაკონტროლებელს სძულს ტყუილი. ”ჩემთვის ტყვიის დარტყმა უფრო ადვილია, ვიდრე ტყუილი”, - ამბობს ის. და, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად იტყუება, მისი აზრით, ეს ტყუილი არ არის. ის ადვილად პოულობს რეალობის დამახინჯების ,,კარგ’’ მიზეზებს.  მისი სიცრუე, ყველაზე ხშირად საკმაოდ დახვეწილი, მისთვის აუცილებელია, როგორც თვლის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს ან გაამართლოს საკუთარი თავი. 

მაკონტროლებლის პერსონაჟისთვის რეპუტაცია უპირველესად მნიშვნელოვანია. როდესაც ვინმე ამბობს ან აკეთებს ისეთ რამეს, რამაც შეიძლება შელახოს მისთვის ასე ღირებული და სანუკვარი რეპუტაცია, იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ამას განიცდის, როგორც მწვავე ღალატს. ურჩევნია ისაუბროს მხოლოდ იმაზე, რაც ადასტურებს მის მაღალ რეპუტაციას და საამისოდ შესაძლოა, სიცრუესაც არ მოერიდოს.

მაკონტროლებელი მშობელი მაგალითად, უფრო მეტად ზრუნავს რეპუტაციაზე, ვიდრე შვილების ბედნიერებაზე. ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ბავშვები, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ კეთდება, მაგრამ ბავშვებს ზოგადად უტყუარი ალღო აქვთ და კარგად გრძნობენ მშობლის ამ თუნდაც გაუცნობიერებულ მოტივაციას. თუმცა, ღიად წინააღმდეგობის გაწევაც ნაკლებად შეუძლიათ ასეთი მშობლისთვის.

მაკონტროლებელს არ მოსწონს, როდესაც კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. ამიტომ, როგორც წესი, მონდომებით სწავლობს, იჩენს ინტერესს მრავალი თემის მიმართ. კითხვის დასმისას, ის ცდილობს ნებისმიერ ფასად გასცეს პასუხი,  თქვას "არ ვიცი" მისთვის წარმოუდგენლად რთულია. 

ის აღშფოთებულია, როდესაც ვინმე არღვევს მის საზღვრებს. /წაიკითხავს ფოსტას, უპასუხებს მის ზარს, გადწყვეტს რამეს მის მაგივრად,/ ამავე დროს, თავად ხშირად იქცევა ასე, მაგრამ თავის ამგვარ საქციელს  არქმევს ზრუნვას.

მაკონტროლებლის პერსონაჟი რთულად იტანს განშორებას. ამ ტიპის პიროვნებისთვის ყველაზე რთულია ოჯახური განქორწინება. მისთვის ეს ძალიან სერიოზული მარცხია. თუ დაშორება მისგან მოდის, ის შეშინებულია საკუთარი ღალატით, თუ პარტნიორისგან ის მას ადანაშაულებს ღალატში. დაშორება მისთვის ნიშნავს, რომ დაკარგავს კონტროლს. თუმცა გაუცნობიერებლად თავადვე იწვევს განშორების პროვოცირებას, იმდენად ეშინია ვალდებულებების აღების. ვალდებულებების ვერშესრულება, საკუთარი თუ პარტნიორის მხრიდან, მისთვის ნიშნავს ღალატს. ეს ქვეცნობიერი შიში განაპირობებს სწორედ, რომ ის ირჩევს, პარტნიორს, რომელიც ვერ/არ იღებს ვალდებულებებს.

ღალატის ტრავმა ყოველთვის წარმოიშობა მიტოვებულის ტრავმის ბაზაზე. შეიძლება ადამიანი განიცდიდეს უარყოფის ტრავმას, მაგრამ სულაც არ ჰქონდეს ღალატის ტრავმა, მაგრამ თუ არსებობს ღალატის ტრავმა, მაშინ აუცილებლად მიტოვებულის პერსონაჟის ტრავმაა.

ხუთი ტრავმირებული პერსონაჟიდან, მაკონტროლებელს ყველაზე დიდი მოლოდინები აქვს, რადგან უყვარს წინასწარ განსაზღვრა და სიტუაციის ამით კონტროლი. რომ განვასხვავოთ, დამოკიდებულის პერსონაჟიც ძალიან ბევრს ელის სხვებისგან, მაგრამ მისი მოლოდინი დაკავშირებულია დახმარების საჭიროებასთან, მიტოვებულის ტრავმასთან, იგი იმედოვნებს, რომ ეს მას მნიშვნელოვნად აგრძნობინებს თავს. მაკონტროლებლის მოლოდინი კი სხვების მიმართ გამოწვეულია სურვილით, რომ შეამოწმოს, გააკონტროლოს. უნდა ითქვას, რომ, ამ ტიპის ადამიანი ძალიან ზუსტია სხვისი მოლოდინის გამოცნობაში.

მაკონტროლებელი ხასიათის კიდევ ერთი ტიპიური ნიშანია არჩევანის აშკარა სირთულე, როდესაც მას ეჩვენება, რომ არასწორი არჩევანის შედეგად, მან შეიძლება, დაკარგოს რაღაც, განსაკუთრებით სიტუაციის კონტროლი. ამიტომ ხშირად უჭირს გადაწყვეტილების მიღება.

მაკონტროლებლის პერსონაჟი, როგორც წესი, ლიდერია და უყვარს სხვა ადამიანების ხელმძღვანელობა. მას ეშინია კონტროლის შეწყვეტის, რადგან თვლის, რომ ამ შემთხვევაში ის ვეღარ იქნება ლიდერი.

როდესაც მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც მოელოდა, ის ადვილად ხდება აგრესიული, თუმცა თავს აგრესიულ პიროვნებად არ თვლის. ის საკუთარ თავს უფრო ძლიერ, თვითდაჯერებულ პიროვნებად მიიჩნევს, რომელიც საშუალებას არ მისცემს ვინმეს, ,,თავზე დააჯდეს“. 

მაკონტროლებელი ხასიათდება განწყობის მოულოდნელი და რადიკალური ცვალებადობით. გარშემომყოფებმა არასოდეს იციან, როგორც ამბობენ, ,,რომელი ფეხით დაიწყებს ცეკვას’’.

ასეთი ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ყველას აჩვენონ თავიანთი ძალა და განსაკუთრებით გამბედაობა. ისინი ძალზე მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ, როდესაც საქმე ეხება მათი შესაძლებლობების დემონსტრირებას. სძულთ სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება, მაგალითად გაუბედაობა, ამას ღალატად განიცდიან. ძნელად იტანენ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების სისუსტეებს.

მაკონტროლებელს უჭირს ვინმეს ნდობა, რადგან ეშინია, რომ მისი ინფორმაცია ერთ დღეს მის წინააღმდეგ გამოიყენება. მისთვის უსაფრთხოა/მისაღებია კონფიდენციალური ურთიერთობების დამყარება მხოლოდ ძალიან ახლო და სანდო ადამიანებთან. მეორეს მხრივ, ის ადვილად უყვება სხვებს იმას, რაც მას მიანდეს და, რა თქმა უნდა, ამის გასამართლებელ ძალიან კარგ მიზეზებს პოულობს.

მაკონტროლებელ ადამიანს არ უყვარს ურთიერთობის გარკვევა. თუ იგრძნობს, ღალატს, ურჩევნია დაამთავროს ის ურთიერთობა. არ მოსწონს, მეორე შანსის მიცემა ადამიანისთვის, ვინც დაკარგა ნდობა. არც კი მოუსმენს ვინმეს, ,,არაფრის მოსმენა არ მსურს’’ - გამოაცხადებს პირდაპირ და რჩება ბოლომდე შეუვალი, თუ მაგალითად,  მეორე მხარე რაიმეს ახსნა სურს. მას ძალიან ხისტად შეუძლია თავად გაწყვიტოს ურთიერთობა, მაშინ, როცა სხვისი მხრიდან განშორების მოლოდინი ძალიან აფრთხობს.

მაკონტროლებელი პერსონაჟი მაცდურია, პარტნიორულ ურთიერთობებში. მისთვის ვნება შეუცვლელი კომპონენტია. უყვარს დრამატული განვითარებები სასიყვარულო ურთიერთობებში, უყვარს ასევე, მის მიერ ინიცირებული დაძაბული სცენარები. საპირისპირო სქესთან მეგობრულ ურთიერთობებს უფრო ირჩევს, ვიდრე რომანტიულს. 

ამ ტიპის პერსონაჟები შეუდარებელი მანიპულატორები არიან. ოსტატურად ფლობენ სხვადასხვა მაცდუნებელ ტექნიკებს. თუმცა, თავად ძალიან ფრთხილია და უშეცდომოდ შეუძლია, გაიგოს და იგრძნოს სხვა ადამიანების მანიპულაციის მცდელობა.

ტიპიური მაკონტროლებლის ქცევა ნაკარნახევია ღალატის ტრავმის ხელახალი განცდის შიშით.

რაც უფრო მეტი მახასიათებელი აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმაა მისი ღალატის  ტრავმა და უფრო აქტიურია მაკონტროლებლის ნიღბის პერსონაჟი. რაც უფრო გამოკვეთილია მაკონტროლებლის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება, ღალატის ტრავმით.  შესაბამისად, უფრო მეტად უგულვებელყოფილი და დაფარულია საკუთარი ნამდვილი შინაგანი ბუნება.

 

უსამართლობის ტრავმა  -   დამცველის/ხისტის ნიღაბი, პერსონაჟი - დამცველი/ხისტი

ტრავმის გამოღვიძება ხდება  დაახლოებით სამიდან ხუთი-ექვსი წლის ასაკში, იმავე სქესის მშობელთან.  როდესაც  ბავშვი უკვე აღიქვამს საკუთარ თავს, შეიძლება ვთქვათ, საკუთარი მახასიათებლებით. მაპროვოცირებელი გარემოებებია სრულყოფილების მოთხოვნა,  შინაგანი ბუნების შეზღუდვა.

ნიღაბი/პერსონაჟი -  ხისტი.

ლექსიკა: ”პრობლემა არ არის”, ”ყოველთვის, არასოდეს”, ”ძალიან კარგი, ძალიან კეთილი”, ”ზუსტად”, ”რა თქმა უნდა”, ”თანახმა ხარ?”

ძირითადი შიში - ყველაზე მეტად ეშინია ემოციური სიცივის. რამდენადაც ზუსტად ამაზე ბაზირებს მისი ტრავმა..

მისთვის ძნელია მიიღოს სიცივე, რადგან ის საკუთარ თავს გულწრფელ, თბილ ადამიანად თვლის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის გარშემო ჰარმონია და სამართლიანობა სუფევს. როგორც წესი, ის ერთგულია მეგობრების მიმართ. მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამჩნევენ ემოციურ სიცივეს, არა იმდენად  თვალებში, რამდენადაც მშრალ, მკაცრ საქციელში.

დამცავი ნიღაბი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის დამცველის/ხისტის  პერსონაჟი.      

ასეთ ადამიანს აქვს უსამართლობის განცდა, როდესაც ვერ ხედავს მისი ღირსების აღიარებას, არ გრძნობს პატივისცემას საკუთარი პერსონის მიმართ, როდესაც ეჩვენება, რომ ის არ იღებს იმას, რასაც იმსახურებს. 

ბავშვი უსამართლობად მიიჩნევს, როდესაც არ შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილში არის, ვერ გამოხატავს საკუთარ თავს. ამ ტრავმას ძირითადად იმავე სქესის მშობელთან განიცდიან. ასეთი ბავშვი მძიმედ განიცდის მშობლის ემოციურ სიცივეს, როდესაც ღიად არ გამოხატავენ მის მიმართ სითბოს და სიყვარულს. ეს არ ნიშნავს, რომ უსამართლობის ტრავმის მატარებელი ყველა ბავშვის მშობელი აუცილებლად ცივია; საუბარია იმის შესახებ, რომ ბავშვები მათ ასეთებად აღიქვამენ. 

ასეთი ბავშვი განიცდის მშობლის ავტორიტარობას, მუდმივი შენიშვნების, კრიტიკის, შეუწყნარებლობის გამოჩენას მის მიმართ. უმეტეს შემთხვევაში, მშობელს თავად აქვს უსამართლობის იგივე ტრავმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრავმა მასთან შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ფორმით, ან სხვა გარემოებებითა და გამოცდილებით იყოს გამოხატული,  მაგრამ ბავშვი ამას შინაგანად მაინც გრძნობს და ძალიან მძაფრად განიცდის.

ამ ტიპის პერსონაჟებს კონსულტაციებზე ხშირად უთქვამთ, რომ რომ მოზარდობის ასაკში მათ ახლო და მეგობრული ურთიერთობაც კი ჰქონდათ იმავე სქესის მშობელთან. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ურთიერთობა აბსოლუტურად მოკლებული იყო ემოციურ სიღრმეს და მხოლოდ ზედაპირული, ხელოვნური სიახლოვით ხასიათდებოდა.

ასეთი ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან, მაგრამ მათ უვითარდებათ უნარი, არ გამოხატონ თავიანთი გრძნობები, ემოციები. ამიტომ, მიუხედავად შინაგანი მგრძნობელობისა, ისინი ცივად და უემოციოდ გამოიყურებიან.

მისთვის ძნელია მიიღოს როგორც თავისი, ასევე სხვისი ემოციური სიცივე, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სითბო არ გამოავლინოს. და მაინც თვლის  თავს თბილ, საყვარელ არსებად, ნამდვილად არ სჯერა, რომ ვინმეს შეუძლია მას უგრძნობი და ცივი დაუძახოს.

როდესაც ასეთი პერსონაჟი აღგზნებულია, ის ცდილობს დამალოს ეს ემოცია, მაგრამ ადვილია მისი მღელვარების გამოცნობა მშრალი და დაძაბული ხმის ტონით. ასეთ ადამიანს ახასიათებს ნერვული სიცილი, მგრძნობელობა და ემოციები რომ დაფაროს, ხშირად იშველიებს სიცილს და მარტივად იცინის სრულიად უადგილო სიტუაციებში.

ხისტი პერსონაჟი, ნებისმიერ ფასად, ეძებს სისწორესა და სამართლიანობას. ყველაფერში სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ამით ცდილობს, ყოველთვის სამართლიანი იყოს. 

მათ, ვინც უსამართლობას განიცდის, სხვებზე მეტად შურს მათ, ვინც, მათი აზრით, დაუმსახურებლად იღებს ,,ცხოვრების ჯილდოს’’. ის, როგორც წესი, დარწმუნებულია, რომ სხვები ეჭვიანობენ, როდესაც მას გაუმართლა. 

უკვე ბავშვობაში, დამცველის პერსონაჟი ამჩნევს, რომ მას უფრო აფასებენ იმის გამო, რასაც აკეთებს და არა იმის გამო, რაც არის თავად. მაშინაც კი, თუ ობიექტურად ასე არ ხდება, მისი სუბიექტური აღქმა მაინც საკუთარი საქმის აღიარებას უფრო ხედავს, ვიდრე თავისი პერსონის. ამიტომ, ხდება შრომისმოყვარე, ბეჯითი შემსრულებელი და ეჩვევა, ამ გზით მოძებნოს გარშემომყოფთა აღიარება.

ამ ნიღბის პერსონაჟი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველაფერი საკუთარი ძალებით დაძლიოს. დახმარებას ითხოვს მხოლოდ, როგორც უკიდურეს საშუალებას.

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ ის იმსახურებს მიღებულს. ,,დამსახურება’’, ,,დამსახურების მიხედვით’’, არის ხისტი პერსონაჟის ძირითადი ცნებები. ღირსი ნიშნავს სათანადო ჯილდოს მიღებას კარგი სამუშაოსთვის. თუკი ის იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე მისი აზრით, დაიმსახურა, მაშინ პოულობს გზას, როგორ აირიდოს ეს ,,დაუმსახურებელი სარგებელი’’. მას მიაჩნია, რომ ჯილდოს მიღება მხოლოდ სამუშაოს უზადო შესრულებით შეიძლება.

ასევე, ხისტის პერსინაჟს ეუხერხულება  საჩუქრის მიღება. საჩუქარი მას თითქოს გარკვეულ ვალდებულებას უჩენს და ურჩევნია, არაფერი მიიღოს და ხშირად ამბობს უარს საჩუქარზე.

არ მოსწონს, როდესაც ამბობენ, რომ გაუმართლა; მისი აზრით, გაუმართლა უსამართლობაა. მას სურს, დაიმსახუროს ყველაფერი, რასაც მიიღებს. თუ ვინმე იტყვის, რომ მას გაუმართლა, ის უპასუხებს: კი არ გამიმართლა, მიზანმიმართულად ვიშრომე და დავიმსახურე...გავთვალე ...და ა.შ.

ზოგადად ძალიან ოპტიმისტია, ხშირად ზედმეტადაც, ფიქრობს, რომ თუ მუდმივად გაიმეორებს: ”პრობლემა არ არის”, მაშინ რთულ სიტუაციებს უფრო სწრაფად გადალახავს. როდესაც გაუთვალისწინებელი მოვლენები და იმედგაცრუებები ხდება, მაინც რჩება პოზიციაზე - ”პრობლემა არ არის”. სირაქლემას პოზა მისთვის ხშირი მახასიათებელია.

დამცველის პერსონაჟი ისეა გატაცებული სრულყოფილებით, რომ ძირითადად საკუთარ თავს აკონტროლებს. მაქსიმალურად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებს, მით უფრო მეტს ითხოვენ სხვებიც მისგან.

            ხშირად ბავშვობაში ასეთი რწმუნებულება აქვთ ხოლმე ჩადებული: ”თქვენ არ გაქვთ უფლებები, მხოლოდ პასუხისმგებლობა”. ეს ფრაზა მას ბავშვობიდან აქვს ჩარჩენილი და ის ხვდება, რომ მისთვის ძალიან რთულია საკუთარი თავისუფლება. ის თავს არ აძლევს გაჩერების, მოდუნების, გართობის საშუალებას; ვალდებულებად მიიჩნევს, არასდროს შეწყვიტოს საქმიანობა. ხისტი ადამიანი უფრო ხშირად განიცდის პროფესიულ  გადაწვას,  ვიდრე სხვები.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უსამართლოა საკუთარ თავთან. ხშირად ადანაშაულებს საკუთარ თავს - მაგალითად, როდესაც რაღაცას ყიდულობს მან ეს უნდა გაამართლოს საკუთარ თვალში, დარწმუნდეს, რომ იმსახურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  თავს იდანაშაულებს უსამართლობაში. 

ხისტ პერსონაჟს არ ესმის, რომ ძალიან ბევრს მოითხოვს საკუთარი თავისგან. მას სურს დაუყოვნებლივ მოაგვაროს ყველაფერი. თავს არ აძლევს უფლებას ადამიანური სისუსტე და ნაკლოვანებები ჰქონდეს. ორიენტირებულია შედეგზე და რას განიცდის საქმის კეთების პროცესში, სრულად უგულვებელყოფს.

ასეთი ადამიანი უნდა მიეჩვიოს, რომ უბრალოდ მისცეს თავს საშუალება, იყოს ბედნიერი, და ამ ბედნიერებამ არ გაუჩინოს დანაშაულის გრძნობა.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ხისტ პერსონაჟს ძლიერი ნებისყოფა აქვს, თვითონაც ასე თვლის, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ნებისყოფის მქონე ადამიანმა იცის, რა უნდა და მზადაა მიაღწიოს მას. თანაბრად პატივს სცემს საკუთარ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. თუ რაიმე სიტუაცია ხელს უშლის დაგეგმილი აქტივობის შესრულებაში, ის საკმაოდ მოქნილად გადაალაგებს დღის წესრიგს, ისე რომ არ დააზიანოს არც საკუთარი თავი და არც საქმე.

ხისტის პერსონაჟი კი არ აძლევს თავს მოქნილობის უფლებას. ის არის მკაცრი შემსრულებელი, რაც დაგეგმა. ასე მისთვის სამართლიანია. ძალიან რთულია გაიგოს, აღიქვას განსხვავება სიმკაცრესა და დისციპლინას შორის. 

ხისტი ადამიანი ხშირად განიცდის სტრესს, რადგან ყველაფერში სრულყოფილებისკენ ილტვის. მის მიერ ყველაზე ხშირად განცდილი ემოცია არის სიბრაზე და განსაკუთრებით საკუთარ თავზე აღშფოთება. 

ხისტ პერსონაჟს ყოველთვის უჭირს სიყვარულის გამომჟღავნება. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად საკმაოდ მგრძნობიარეა, მაინც ცივი ადამიანის რეპუტაცია აქვს. მისი საქციელი უსამართლობაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ: ის ართმევს თავს იმის გამოხატვის შესაძლებლობას, რასაც სინამდვილეში განიცდის.

კიდევ ერთი მახასიათებელი უსამართლობის ტრავმის მატარებელი ადამიანისთვის, ესაა მუდმივი შედარება სხვასთან. ის ადარებს საკუთარ თავს მათ, ვისაც უფრო უკეთესად, უფრო სრულყოფილად თვლის. ასეთი გაუფასურებით ის სინამდვილეში უარყოფს საკუთარ თავს, საკუთარ არსს. მოზარდობაში ხისტი პერსონაჟი ძალიან ხშირად ადარებს თავს  და-ძმებს, ან სხვა თანატოლებს.

სექსუალურ ცხოვრებაში, ხისტი ჩვეულებრივ შესღუდულია. არ იცის როგორ უნდა მისცეს საკუთარ თავს სიამოვნების უფლება. მისთვის რთულია სინაზის გამოხატვა  და სექსუალური თვალსაზრისით ყველაზე მკაცრი ტიპია. 

უსამართლობის ტრვმის მატარებელი პიროვნება ბევრ სექსუალურ ტაბუს ამუშავებს, ვინაიდან მის ინტიმურ ცხოვრებაში წამყვან როლს თამაშობს ცნებები "კარგი" და "ცუდი". რაც უფრო მძიმე ტრავმაა, მით უფრო ხისტი ხდება ადამიანი და მით უფრო უჭირს ინტიმური ცხოვრებით სიამოვნების მიღება. სექსუალური დისფუნქციის ხარისხი უკავშირდება  ზოგადად  მათი ცხოვრებით ტკბობის შეუძლებლობას.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაკონტროლებლის ნიღაბი/ღალატის ტრავმა  მალავს მიტოვებული ადამიანის ტრავმას. ანალოგიურად, ხისტის ნიღაბი ემსახურება უარყოფილი ტრავმის დაფარვას. უარყოფილი ადამიანის ტრავმა ვითარდება სიცოცხლის პირველ თვეებში; უსამართლობის ტრავმა კი ჩნდება სამიდან ხუთ წლამდე. პატარა ბავშვი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით თავს უარყოფილად გრძნობს, ცდილობს საკითხის გამოსწორებას იმით, რომ რაც შეიძლება, სრულყოფილი გახდეს და ამ გზით - სასურველი. თუმცა, მიუხედავად სრულყოფილებისკენ მისწრაფებისა, ის ვერ იღებს სასურველ სიყვარულს; და ასკვნის, რომ ეს უსამართლოა. იღებს გადაწყვეტილებას, უფრო მკაცრად აკონტროლოს საკუთარი თავი და გახდეს ისეთი სრულყოფილი, რომ შეუძლებელი იყოს მისი უარყოფა - ასეთია უსამართლობის ტრავმის მატარებელი ხისტის პერსონაჟის ლოგიკა. 

უარყოფილი ადამიანის ტრავმას შეიძლება, არ ახლდეს უსამართლობის ტრავმა; მაგრამ ყველას, ვინც უსამართლობას განიცდის, უარყოფილი ადამიანის ტრავმაც აქვს. 

ტიპიური ხისტის პერსონაჟის ქცევა ნაკარნახევია უსამართლობის ტრავმის ხელახალი განცდის შიშით. 

რაც უფრო მეტი მახასიათებელი აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმაა მისი უსამართლობის ტრავმა და უფრო აქტიურია დამცველის/ხისტის ნიღბის პერსონაჟი.  რაც უფრო გამოკვეთილია დამცველის/ხისტის ფსიქოტიპი, მით უფრო მძიმეა მისი დაზიანება უსამართლობის ტრავმით. შესაბამისად, უფრო მეტად უგულვებელყოფილი და დაფარულია საკუთარი ნამდვილი შინაგანი ბუნება.

 

მსგავსი სტატიები

ჯორდან პიტერსონი: რატომ არიან ახალგაზრდები განაწყენებულები და ცინიკურები


ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან (ვიდეო იხ. ტექსტის ბოლო...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი I)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელები: ანნა აბრახამია და ქრისტი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff