"The Revenant" - შურისძიება, როგორც თვითგამორკვევა

Admin
ხელოვნება
0
0

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი „The Revenant” ვრცელ პასუხს სცემს კითხვას, თუ რა არის ეგზისტენციალიზმი. როგორც ჟან-პოლ სარტრი ამბობს: „არსებობა წინ უსწრებს არსებას“ - ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარი ნაბიჯების სისწორესა და სისწრაფეზე, ანუ, იმ კონკრეტულ „პიროვნებაზე“, რომელსაც საბოლოოდ შექმნის საკუთარი თავისგან.

ჰიუ გლასი (Leonardo DiCaprio), ფილმის მთავარი გმირი, შურისძიების გრძნობითაა შეპყრობილი. მასში იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული ეს გრძნობა, რომ იგი იძულებულია, უარი თქვას არა მხოლოდ საკუთარ თავზე როგორც გმირზე, არამედ გმირის მაძიებელზე საკუთარ თავში.

რეჟისორმა გენიალურ ოპერატორთან, ემანუელ ლუბეცკისთან ერთად მოახერხა, რომ ფილმს მაქსიმალური რეალიზმით აღეწერა ერთი ადამიანის განადგურება. ფილმის გადაღება გაუსაძლის ყინვაში, ნატურალური განათებით მიმდინარეობდა (ნატურალური გზით მიღებულ სინათლეს დაახლოებით „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი საფინალო სერიის, „გრძელი ღამის“ ბრძოლის სცენის მსგავსი სიმბოლური დატვირთვა აქვს).

ფილმი ბევრ გლობალურ პრობლემას ეხება, თუმცა, მთავარი აქცენტი მაინც ერთი მსახიობის თეატრის პრინციპით გადმოცემულ ისტორიაზე კეთდება. ჰიუ გლასის გულს მზის სხივი ვერ ხედავს. ის გარემოებამ აქცია იმ ყინულად, რომელიც ნელ-ნელა მყინვარად გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, ის რაღაც გაურკვეველ მეტასამყაროში აგებულ ყინულის სასახლეში გამომწყვდეული, მხეცად ქცეული განდეგილია.

სიმბოლური დატვირთვა აქვს დათვთან შიშველი ხელებით ბრძოლას. ის სრული სასოწარკვეთითა და მღელვარებით ამარცხებს დათვს, როგორც თავის ახალ „მე“-ში დაბუდებულ მხეცს და მისი დამარცხებით ასრულებს ერთგვარ წარმოსახვით თვითმკვლელობას (აქვე გავიხსენოთ ფილმის „შემოდგომის ლეგენდები“ ცნობილი ციტატა: „I think it was the bear, growling inside him. Making him do bad things. Nothing that Tristan did was truly his own fault. It was the bear“ - „ვფიქრობ, ეს დათვი იყო, რომელიც მძვინვარებდა მასში და აიძულებდა ცუდად მოქცევას. რაც ტრისტანმა ჩაიდინა, არაფერი იყო რეალურად მისი ბრალი. ეს დათვი იყო“).

ჰიუ გლასი არა დამარცხებული, არამედ შეწირული გმირია, რომელიც რეალურ ძალას ტანჯვაში ხედავს. ეს კონკრეტული გზა კათარსისისკენ ნათლად ჩანს ფილმის ეპიზოდებში. მას არაფერი აქვს დასაკარგი და მზადაა სიკვდილისთვის. თუმცა, არ ეძლევა ამის საშუალება, რადგან მასში არსებული შურისძიების ნაკვერჩხალი მუდამ მზადაა გასაღვივებლად. ეს ის ტვირთია, რომელსაც თავად სიკვდილსაც ვერ გაუზიარებს.

საზოგადოების უმრავლესობისთვის ფილმი „The Revenant” არ აღმოჩნდა „დამაკმაყოფილებელი“. ასევე, აღნიშნავენ ფაქტს, რომ ეს არ არის Leonardo DiCaprio-ს მიერ საუკეთესოდ შესრულებული როლი. ვფიქრობ, ამ კომენტარებში ცუდი არაფერია, რადგან, ეს ნამდვილად არაა ფილმი, რომელიც ყველას უნდა მოეწონოს. ზუსტად ამაში მდგომარეობს ფილმის გენიალურობა. ინიარიტუს ჩანაფიქრი არაა ის, რომ მაყურებელი კომფორტულად მოკალათდეს მისი ნამუშევრის საყურებლად. ის აიძულებს ფილმის „წამკითხავს“, რომ მაქსიმალურად შეიგრძნოს ჰიუ გლასის სასოწარკვეთის თითოეული ეტაპი.

ფილმი ეგზისტენციალურია, ამიტომ, შესაძლოა, ზნეობრივად დაცემულ ადამიანსაც მოვუძებნოთ დანიშნულება. რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ჯონ ფიცჯერალდი (Tom Hardy), გმირი, რომელიც ჰიუ გლასის დაუძინებელი მტერია, ამავე დროს, დიდ როლს ასრულებს მის „ადამიანად“ ჩამოყალიბებაში. მას მოაქვს გრძნობა - შურისძიება, როგორც ანთროპომორფული არსება, პრომეთე, რომელმაც ცეცხლი მოიტანა - ცეცხლი, რომელიც გიზგიზებს ჰიუ გლასის გულში.

ეს ორთაბრძოლა თითქოს საკრალური ველია, სადაც ადამიანი არა მეორე ადამიანზე, არამედ საკუთარ თავზე იმარჯვებს. საბოლოოდ, ის ჯობნის შურისძიების წყურვილს და ერთადერთ მტერს თავადვე ათავისუფლებს.

ინიარიტუს სჯერა ზეადამიანის არსის, უბრალოდ, მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანისთვის მიწიერი სამყარო საგრძნობლად პატარაა. საკუთარ თავზე გამარჯვებულმა ჰიუ გლასმა არ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება და ზუსტად ამ კითხვის გამომხატველია ბოლო კადრი, სადაც ის დაბნეული და ამაღელვებელი მზერით პირდაპირ კამერას, შესაბამისად, ჩვენ, საზოგადოებას გვიყურებს და გვეკითხება - რა აზრი აქვს ცხოვრების გაგრძელებას?

მსგავსი სტატიები

გულწრფელობის ხელოვნება კინოში


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდ...

არიადნეს მისტერია


არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანა...

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff