კურტ ვონეგუტის 1973 წელს დაწერილი წერილი კაცს, რომელმაც მისი წიგნები დაწვა

Admin
ხელოვნება
0
0

წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (აუდიო-ვერსია იხ. ტექსტის ბოლოს) შოუნ აშერი კარგად აღწერს კონ...

kurt

წყარო

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

(აუდიო-ვერსია იხ. ტექსტის ბოლოს)

შოუნ აშერი კარგად აღწერს კონტექსტს:

„კურტ ვონეგუტის 1967 წელს გამოცემული, „სასაკლაო ნომერი 5“, რომელიც ნახევრადავტობიოგრაფიული, ანტისაომარი, დროში მოგზაური წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე რომანად ითვლება, ისევ იბლოკება კლასებსა და ბიბლიოთეკებში მსოფლიოს მასშტაბით. ეს იმითაა განპირობებული, რომ ცენზორები მას ხშირად ახასიათებენ როგორც „ბილწს“. ჩრდილოეთ დაკოტაში, დრეიკის საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს, 26 წლის ბრიუს სევერის, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. 1973 წელს მან გადაწყვიტა, რომ რომანი კლასში სასწავლო მასალად გამოეყენებინა, რათა თავისი მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩენილიყვნენ. სხვა აზრზე იყო სკოლის საბჭოს თავი, ჩარლზ მაკარტი. მან მოითხოვა, რომ წიგნის 32-ივე ასლი სკოლის ღუმელში დაეწვათ. ბევრმა მოსწავლემ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა, ზოგმა წიგნების დაბრუნებაზეც კი თქვა უარი. სკოლის დირექციამ მათი დიდებული პოზიცია დააიგნორა. 1973 წლის 16 ნოემბერს, იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა ვონეგუტმა, მაკარტის წერილი მისწერა, რომ მისი გრძნობები გამოაშკარავებული ყოფილიყო. მის ძლიერ წერილს პასუხი არ მოჰყოლია“.

წერილი:

„1973 წლის 16 ნოემბერი

ძვირფასო მისტერ მაკარტ:

გწერთ, როგორც დრეიკის საშუალო სკოლის საბჭოს თავმჯდომარეს. მე ერთ-ერთი ვარ იმ ამერიკელ მწერალთაგან, რომლის წიგნიც თქვენი სკოლის უკვე პოპულარულ ღუმელში განადგურდა.

თქვენი თემის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ჩემი ნამუშევარი ეშმაკისეულია. მე ეს უჩვეულოდ მწყინს და შეურაცხმყოფს. დრეიკის სკოლიდან წამოსული სიახლეები მიდასტურებს იმ აზრს, რომ თქვენთვის, წიგნები და მწერლები, არარეალურები არიან. ამ წერილს გწერთ იმისთვის, რომ გაჩვენოთ, თუ რამდენად რეალური ვარ.

მინდა ესეც იცოდეთ - მე და ჩემს გამომცემელს აბსოლუტურად არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ დრეიკის სკოლიდან წამოსული სიახლეები ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ერთმანეთს ტაშს არ ვუკრავთ, ბედნიერებისგან არ ვკივით იმის გამო, რომ ამ ამბების შემდეგ ბევრ წიგნს გავყიდით. ტელევიზიაში წასვლაზე უარი განვაცხადეთ, არც ფიცხი წერილები დაგვიწერია გაზეთებისთვის, არცერთ გრძელ ინტერვიუს დავთანხმებივართ. ვართ ცუდად, გაბრაზებულები და დამწუხრებულები. და ამ წერილის არცერთი ასლი სხვა არავისთან არ გაგზავნილა. ახლა ხელში მისი ერთადერთი ასლი გიჭირავთ. ეს არის მკაცრად პრივატული წერილი დრეიკის სკოლის საზოგადოების მიმართ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემი რეპუტაცია მათი ბავშვებისა და მსოფლიოს თვალში გაენადგურებინათ. გაგაჩნიათ თუ არა, სიმამაცე და ელემენტარული პატიოსნება, რომ ეს წერილი ხალხს აჩვენოთ, თუ ესეც თქვენი ღუმელის ცეცხლს იქნება გადაცემული?

გაზეთებში წაკითხული ინფორმაციიდან და ტელევიზიიდან ვასკვნი, რომ თქვენ, მე და სხვა მწერლებსაც, წარმოგვიდგენთ როგორც ვირთხისმაგვარ ხალხს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის გონების მოწამვლით ერთობიან. მე, სინამდვილეში, კეთილშობილი, ძლიერი ადამიანი ვარ, 51 წლის, რომელიც მოზარდობისას ფერმაში მუშაობდა; რომელიც ხელსაწყოებში კარგად ერკვევა. ექვსი შვილი გავზარდე, სამი ჩემი, ხოლო სამი კი, აყვანილი. ყველანი კარგები გაიზარდნენ. მათგან ორი ფერმერია. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვარ და „იასამნისფერი გულიც“ მივიღე. ყველაფერი, რაც გამაჩნია, საკუთარი შრომით მოვიპოვე. არასოდეს ვყოფილვარ დაპატიმრებული, არასოდეს აღუძვრიათ სარჩელი ჩემს წინააღმდეგ. ახალგაზრდები ძალიან მენდობიან. ის ახალგაზრდები, რომლებსაც აიოვას და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, ასევე ნიუ-იორკ სითის კოლეჯში ვასწავლიდი. ყოველ წელს მინიმუმ ათ მოსაწვევს ვიღებ კოლეჯებისგან და საშუალო სკოლებისგან, რომ მათი სპიკერი ვიყო. ჩემი წიგნები, სავაურაუდოდ, ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სკოლებში, ვიდრე სხვა ნებისმიერი ცოცხალი ამერიკელი ფიქციის მწერლებისა.

ჩემი წიგნების კითხვით თავი რომ შეგეწუხებინათ, როგორც ამას განათლებული ადამიანი გააკეთებდა, მიხვდებოდით, რომ ისინი სექსუალური არ არის, გთხოვთ, ამაზე არ ვიდავოთ. ისინი, ხალხს თხოვენ, რომ იყვნენ უფრო კეთილები და პასუხისმგებლიანები, ვიდრე ჩვეულებრივ არიან ხოლმე. მართალია, რომ ზოგიერთი პერსონაჟი უხეშად ლაპარაკობს. ეს იმიტომ არის, რომ ხალხი რეალურ ცხოვრებაში საუბრობს უხეშად. განსაკუთრებით, ჯარისკაცები და მძიმე სამუშაოს მქონე კაცები ლაპარაკობენ უხეშად, და ჩვენმა ყველაზე დაცულმა ბავშვებმაც კი იციან ეს. და ჩვენც ვიცით, რომ ეს სიტყვები ბავშვებს დიდად არ აზარალებს. ისინი არ გვაზიანებდნენ ჩვენ, როცა ახალგაზრდები ვიყავით. ბოროტი საქციელები და ტყუილი გვტკენდა.

ამის თქმის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ისევ მზად ხართ საპასუხოდ: „დიახ, დიახ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენი უფლება და პასუხისმგებლობაა ის, რომ გადავწყვიტოთ, თუ რა წიგნებს წაიკითხავენ ჩვენს სკოლაში ბავშვები“. ნამდვილად ასეა. მაგრამ თუ ამ უფლებას და პასუხისმგებლობას უცოდინრული, უხეში, არაამერიკული მანერით გამოიყენებთ, მაშინ ხალხს უფლება აქვს, რომ თქვენ ცუდი მოქალაქეები და სულელები გიწოდოთ. თქვენს საკუთარ შვილებსაც კი აქვთ ამის უფლება.

გაზეთში წავიკითხე, რომ თქვენი სკოლის საზოგადოების მიმართ აღშფოთების ზღვაა წამოსული ადამიანებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმის გამო, რაც ჩაიდინეთ. აღმოაჩინეთ, რომ დრეიკის სკოლა ამერიკული ცივილიზაციის ნაწილია, და თანამოქალაქე ამერიკელებს არ შეუძლიათ თქვენი ასეთი არაცივილიზებული საქციელის ატანა. ალბათ, ამ მოვლენებისგან ისწავლით, რომ წიგნი თავისუფალი ადამიანისთვის წმინდა რამეა, კარგი მიზეზების გამო, და რომ ომები დაწყებულა იმ ერების წინააღმდეგ, რომელთაც წიგნები სძულთ და მათ წვავენ. თუ თქვენ ამერიკელები ხართ, მაშინ, უნდა მისცეთ ყველანაირ იდეას საშუალება, თავისუფლად იმოძრაონ თქვენს საზოგადოებაში, არა მხოლოდ თქვენს საკუთარში.
თუ თქვენ და თქვენს საბჭოს გსურთ დაამტკიცოთ, რომ სინამდვილეში გაგაჩნიათ სიბრძნე და სიმწიფე ახალგაზრდების აღზრდისას საკუთარი ძალაუფლების გამოყენებისთვის, მაშინ უნდა გაიაზროთ, რომ ეს იყო უზნეო გაკვეთილი, რაც მათ ასწავლეთ, თავისუფალ საზოგადოებაში წიგნების გაკიცხვითა და დაწვით, - იმ წიგნების, რომლებიც არც კი წაგიკითხავთ. ასევე, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვენი შვილები ყველა სახის შეხედულებასა და ინფორმაციას აზიაროთ, რათა უფრო უკეთ იყვნენ მზად გადაწყვეტილებების მისაღებად და გადასარჩენად.

კვლავ: თქვენ მაწყენინეთ, და მე კარგი მოქალაქე ვარ, და მე ძალიან რეალური ვარ.

კურტ ვონეგუტი“.

მსგავსი სტატიები

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

ფლორენ სტეტჰეიმერი


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი ფლორენ სტეტჰეიმერი (19 აგვისტო, 1871-11 მ...

რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტა...

ქართველი მასპინძელი


ტექსტის და ნახატის ავტორი: ქრისტინე ბებია ღარიბ ქართველს ეწვია ს...

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff