ნიგლის ფოთოლი

Admin
ხელოვნება
0
0

c442fc84-db9f-47b8-9881-33bb804bd54a

ავტორი: მეკო გელაშვილი

ტოლკინის ერთ ნაკლებად ცნობილ პატარა მოთხრობაზე მინდა დავწერო. მოთხრობის სახელია „ნიგლის ფოთოლი“. ვფიქრობ, ხელოვან ადამიანებს, განსაკუთრებით მხატვრებს და მწერლებს ძალიან დააინტერესებთ. ისე კი, ეს პატარა მოთხრობა ყველასთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. წაკითხვას სულ რაღაც ოცი წუთი სჭირდება.

ეს ერთი შეხედვით ძალიან პატარა მოთხრობა, შეიძლება ითქვას, ავტობიოგრაფიაა და ჯონ ტოლკინმა ამით თავი გაგვაცნო. ძალიან მოკლედ ტოლკინის ბავშვობაზე დავწერ. ბრიტანელ მშობლებს სამსახურის გამო სამხრეთ აფრიკაში მოუწიათ წასვლა და სწორედ იქ დაიბადა ჯონი, შემდეგ კი მისი პატარა ძმა. როცა ჯონი სამი წლის გახდა, დედამ ძმასთან ერთად ინგლისში წაიყვანა. მალევე მოუწიათ სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება, რადგან ჯონის მამა რევმატული ანთებით გარდაიცვალა. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ოჯახმა მოახერხა, ისევ ინგლისში დაბრუნებულიყო და ერთ-ერთ სოფელში პატარა სახლი ექირავა. ზუსტად ეს სახლი გახდა ჰობიტების პაწაწინა ქოხების ინსპირაცია. თავის წერილებში ჯონი დედას გმირად მოიხსენიებს და მადლობას უხდის იმის გამო, რომ მძიმე ცხოვრებას არ შეუშინდა, ბევრი იშრომა და შვილებს განათლება მისცა. მისი დამსახურებაა ჯონის ენებით, მითოლოგიით, ისტორიით, ლიტერატურით და, ზოგადად, შემოქმედებითი სამყაროთი გატაცება. სამწუხაროდ, დედის ასეთ შრომას სევდის გარეშე არ ჩაუვლია, ის მწვავე დიაბეტით დაავადდა და გარდაიცვალა მაშინ, როცა ჯონი თორმეტი წლის იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დედამ ბიჭებზე მეურვეობა ბირმინგემის ეკლესიის მოძღვარს გადასცა. ტოლკინი ამბობს, რომ ცხოვრების მსგავსი გზით გაგრძელება აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ მისი შემდგომი ნამუშევრები ქრისტიანული გავლენას ატარებდნენ და მისთვის საოცრად საინტერესო იყო ქრისტე, როგორც გმირი, რომელმაც კაცობრიობის ტვირთი დაიტია მხრებზე. ტოლკინს ძალიან ახალგაზრდა მშობლებთან მოუწია დამშვიდობება და მუდმივად თან სდევდა წუხილი იმისა, თუ რამდენად უძლურია ადამიანი ამა თუ იმ დაავადების წინაშე. ზუსტად ამან იქონია გავლენა, რომ მის მიერ შექმნილი სამყაროს ელფებს მარადიული სიცოცხლე აქვთ. ისინი არასოდეს ავადდებიან და მათი მოკვლა მხოლოდ უბედურ შემთხვევას, მახვილს, ფიზიკურ დაზიანებას შეუძლია. ელფურ სამყაროში შვილები და მშობლები მუდმივად ჯანმრთელები და თანაბრად სიცოცხლისუნარიანები არიან. ამის შემდეგ იყო უსაზღვრო განათლების მიღება, ინკლინგთა გაერთიანება, პირველ მსოფლიო ომში ბრძოლა, საყვარელი ქალის გაცნობა (რომელიც შემდგომ ელფი ლუთიენის ინსპირაცია გახდა) და სხვა.

 „ნიგლის ფოთოლი“ 1938 წელს დაწერა და მისი პირადი შემოქმედებითი გამოცდილების ერთგვარ ალეგორიად ითვლება. ქარიანი ამინდის გამო ჰაერში გამოკიდებული პაწაწინა ფოთოლი, რომელმაც ახალი ცხოვრება დაიწყო, ხელახალი სული ჩაუდგა თავის არსებობას და გახდა დიდი სამყაროს ნაწილი. ისევე, როგორც ბავშვობაში დაობლებულმა ტოლკინმა დააყენა საკუთარი თავი ფეხზე და გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფილოლოგი, მწერალი და შემქმნელი ისეთი შედევრისა, როგორიცაა „ბეჭდების მბრძანებელი“ და მის ირგვლივ არსებული უდიდესი სამყარო.

მოთხრობის მთავარი გმირი მოხუცი მხატვარია, სახელად ნიგლი, რომელიც ცხოვრობს საზოგადოებაში, სადაც ხელოვნება დიდად არავის აინტერესებს. ის გულკეთილი ადამიანია და ვერასდროს ახერხებს, ვინმეს თხოვნაზე თქვას „არა“. ამიტომ, მას ხატვისთვის ცოტა დრო რჩება. ასევე, მან იცის, რომ „რაღაც მოგზაურობისთვის“ უნდა მოემზადოს, თუმცა, ამაზე ფიქრს თავს არიდებს და სიამოვნებს კიდეც, რომ დრო არ რჩება. უამრავი ნახატი დაუგროვდა, თუმცა, საკუთარი შემოქმედების მწვერვალი ერთ-ერთ უზარმაზარ ტილოზე შესრულებული ნახატი იყო. ამ ნახატისთვის ცალკე ფარდული ააშენა ადგილზე, სადაც ოდესღაც პომიდვრებს ზრდიდა. ნახატზე ულამაზესი ბუნებაა გამოკვეთილი, ტყის შუაგულში კი ულამაზესი ფოთლებით დახუნძლული უზარმაზარი ხე დგას. ამ ნახატის ისტორია თავად მხატვრისთვისაც უცნაურია. მან უზარმაზარ ტილოზე, დიდ სივრცეზე პაწაწინა ფოთოლი დახატა. თითქოს, მხოლოდ ამ ერთ ფოთოლში ჩააქსოვა მთელი თავისი წარმოსახვა, ცხოვრება. თითქოს, ამ ერთ ფოთოლს დაახარჯა დარჩენილი ენერგია. ერთ ფოთოლს მოჰყვა მეორე ფოთოლი, შემდეგ მესამე. ყველა ფოთოლს განსაკუთრებული დაკვირვებით, დეტალური სიღრმეებით აფორმებდა. შემდეგ, ეს უამრავი ფოთოლი დიდი ხე გახდა. ამ დიდი ხის უკან მთები გაჩნდა, ხის ირგვლივ კი ჩიტებმა დაიწყეს ფრენა. ნახატი ნელ-ნელა იზრდებოდა და კედელსაც ნელ-ნელა ასხვაფერებდა ეს სამყარო. ნიგლი რამდენჯერმე დადგა მოპირდაპირე კედელთან, რათა ნახატისთვის სრულად შეეხედა და ყველა ჯერზე ფიქრობდა, რომ რაღაც აკლდა. ერთი შეხედვით, ფოთოლიც, ხეც და ბუნებაც საკმარისად ლამაზ მთლიანობას ქმნიდნენ, თუმცა, სრული ნახატი არ იყო საკმარისად კარგი, საკმარისად სავსე. მან რამდენჯერმე სცადა, დაფიქრებულიყო, აღმოეჩინა, რა აკლდა ნახატს, თუმცა, ამაში ხელს ბევრი რამ უშლიდა. ერთ-ერთი ხელისშემშლელი კარის მეზობელი აღმოჩნდა.

ნიგლის მეზობელ მებაღეს, სახელად პარიშს ფეხი სტკიოდა და კოჭლობდა. მას ჰყავდა ცოლი, რომელიც მუდმივად ავადმყოფობდა. ერთ დღესაც, პარიშმა ნიგლის კარზე დააკაკუნა და შეშფოთებული სახით სთხოვა დახმარება. მან თქვა, რომ სახლს სახურავი დაუზიანდა, ყველგან წყალი ჩამოვიდა, ცოლს სიცხე აქვს, თავად კი სახურავის შესაკეთებლად კიბეზე ვერ ადის, რადგან, კოჭლობს და არ შეუძლია. ნიგლი დაიბნა, უცებ, ვერ მიხვდა რა ეპასუხა. პარიშმა ნიგლის კედლის იმ დიდ ნახატს შეხედა და თქვა: „ვფიქრობ, ექიმი უნდა მოვიყვანო. მშენებლებიც მოსასვლელები არიან, მაგრამ მოსვლას ძალიან აგვიანებენ. ვფიქრობდი, ხომ არ მოგეძებნებოდა ზედმეტი ხე, ტილო და წყალგაუმტარი საღებავი, რომ ხვრელები სულ რამდენიმე დღით ამოვავსო.“ დაბნეულმა მხატვარმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ ექიმის და ხელოსნის მოსაყვანად თავად წავიდოდა. მალევე წავიდა ამ ორი ადამიანის მოსაძებნად და მოსაყვანად. ორივეს გადასცა პარიშის გასაჭირი, თუმცა, სახლში დაბრუნებული მალევე ცუდად გახდა. გზაში დასველდა, გაცივდა და სიცხემაც აუწია. გადაუღებელი წვიმის გამო, მისი სახლის სახურავიც დაზიანდა და წყალმა დაიწყო ჩამოსვლა. მიუხედავად ავადმყოფობისა, თავისი უზარმაზარი ნახატის დასრულების მიზნით, კიბეზე მაინც ადიოდა და აგრძელებდა ხატვას. ხატავდა ისე, თითქოს, თავის გარშემო არსებული მოღრუბლული სამყაროს მზით გადაფარვას ცდილობსო. მალევე მოვიდა ექიმი, რომელმაც პარიშის ცოლს უმკურნალა და, ასევე, დაეხმარა ნიგლისაც.

მალევე გამოჩნდა ინსპექტორი, რომელიც დაუკითხავად შევიდა ნიგლის სახლში და უთხრა, რომ ის ვალდებული იყო, გაჭირვებულ მეზობელს დახმარებოდა. წყლის ჩამოსვლა იყო წვრილმანი, რომლის გამოსასწორებლადაც ქალაქის ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯებოდა. ამიტომ, ნიგლის თავისი ნახატებით, მოლბერტებითა და წყალგაუმტარი საღებავებით უნდა შეეკეთებინა სახლი. სახურავის შესაკეთებლად კი ყველაზე კარგი ვარიანტი მისი ის მნიშვნელოვანი ნახატი იყო, რომელსაც, ფაქტობრივად, მთელი ენერგია შესწირა და რომელიც ჯერ არც კი დაუსრულებია. ნიგლი ძალიან განერვიულდა, კიბიდან ძლივს ჩამოვიდა, ხმა უკანკალებდა და ვერაფერი თქვა. აქ თხრობის სტილი იცვლება და კარზე აკაკუნებს სრულიად უცხო გმირი, მძღოლი, რომელიც ნიგლის უბრძანებს, არ აიღოს არც ბარგი, არც არაფერი და დაუყოვნებლივ გაჰყვეს მას. როგორც ჩანს, ის დრო დადგა, ნიგლის რომ ძალიან აშინებდა.

ნიგლი ჩასვეს მატარებელში, რომელმაც „გამოსასწორებელ ოთახში“ მიიყვანა. მას დაავალეს სადურგლო სამუშაოები, ცარიელი დაფების შეღებვა და სხვა. პარალელურად, რამდენიმე საათით ბნელ ოთახში კეტავდნენ და განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრების საშუალებას აძლევდნენ. სათვალავი აერია, ასე ეგონა, უკვე ასი წელი გასულიყო. მას ორი უცნაური და უცხო ადამიანი აკვირდებოდა და ისინი ერთმანეთში ხან ჩუმად, ხან კი ხმამაღლა საუბრობდნენ. ერთი ამტკიცებდა, რომ ნიგლის ცხოვრება ფუჭი იყო, ის ამ ოთახში უნდა დაეტოვებინათ. მეორე კი მისთვის შანსის მიცემას ითხოვდა. ნიგლის ახლა ყველაფერზე დაფიქრების დრო ჰქონდა. ის განიცდიდა და ნანობდა იმას, რომ ნახატზე უფრო მეტი დეტალის დატანა, უფრო ნათელი ფერების გამოყენება, ფოთლებზე უფრო მეტი წყლის წვეთის აღბეჭდვა და უფრო კაშკაშა მზის დახატვა შეეძლო, მაგრამ, ეს არ გაუკეთებია. ასევე, ფიქრობდა, უმჯობესი ხომ არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებს ხშირად ეხმარებოდა, კიდევ უფრო მეტად გულკეთილი ყოფილიყო და სახლიდან ხშირად გასულიყო. ხომ არ აჯობებდა, მებაღე პარიშისთვის თავისი ბაღის მოვლის უფლება მიეცა, ზოგი ნახატი მართლა ეჩუქებინა და მათი სახლი შეეკეთებინა? იქნებ, პარიშის ცოლიც აღარ გაციებულიყო?

როგორც იქნა, ორმა უცნაურმა ადამიანმა მისი მონახულება გადაწყვიტა. საუბარი ნიგლიმ დაიწყო: „პარიშის ამბავი მაინტერესებს, მინდა, ვნახო. როგორ არის? ავად იყო. მისი ფეხის განკურნება ხომ არ შეგიძლიათ?“

ნიგლის უფლება მისცეს, ოთახი დაეტოვებინა და ის „მეორე ეტაპზე“ გადაიყვანეს. მატარებელმა ამჯერად ის წარმოუდგენლად ლამაზ სამყაროში მიიყვანა. ირგვლივ სიმწვანე, ულამაზესი ბაღები, ხეები და სიცოცხლით სავსე გარემო იყო. ნიგლი მალევე მიხვდა, რომ ის თავის იმ მნიშვნელოვან, უზარმაზარ და ლამაზ ნახატში იმყოფებოდა. გარშემო ყველაფერი იცნო, ყველაფერს შეეხო და მოეფერა. იქ არამხოლოდ მისი დახატული სამყარო, არამედ, ის დეტალებიც იყო, რაზეც ოდესმე უფიქრია, მაგრამ, არ დაუხატავს, ვერ მოუსწრია. უცებ, წყლის დალევა მოუნდა, თუმცა, გაახსენდა, რომ ნახატზე ჯერ კიდევ დასახატი ჰქონდა პატარა მდინარე. ცოტა რომ გაიარა, აღმოაჩინა, რომ ის მდინარეც იქვე იყო. არ დაუხატავს, მაგრამ, ხომ წარმოიდგინა? ხომ ფიქრობდა ამაზე? ერთ-ერთ ბაღში რომ შევიდა, მეზობელი პარიში დაინახა, რამაც ძალიან გაახარა. ეს ხომ მისი წარმოდგენილი სამყარო იყო. პარიში ბაღში ყვავილებს უვლიდა და ბედნიერი იყო, თითქოს, აღარც კოჭლობდა. ერთად უვლიდნენ ტყეს, ბაღებს, მცენარეებს, ხეებს და დროც გადიოდა. პარიშმა ნიგლის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „იმ ორ ადამიანთან“ მისი სახელი ახსენა. რომ არა ეს შემთხვევა, არავინ იცის, სად იქნებოდა ახლა პარიში.

ერთხელაც, გზად შეხვდნენ მწყემსს, რომელიც ნიგლის დახატულ უზარმაზარ მთაზე ასასვლელად ემზადებოდა. მწყემსმა ნიგლის და პარიშს მეგზურობა შესთავაზა. პარიშმა უთხრა, რომ ჯერ იქ დაიცდიდა, რადგან, ცოლს ელოდებოდა. ნიგლიმ პარიშს თავი დაუკრა და მწყემსთან ერთად წავიდა ახალი თავგადასავლისკენ.

ბოლოს, თხრობა გრძელდება რეალურ სამყაროში, ნიგლის დანატოვარ სახლში, სადაც ვინმე ტომპკინსი და ატკინსი საუბრობენ:

-       ვფიქრობ, სულელი კაცუნა იყო;

-       კი და თან დიდად ნიჭიერი მხატვარიც არ ყოფილა;

-       მიუხედავად ამისა, ნახატებმა მაინც შეასრულეს თავისი როლი.

მისი „ის ცნობილი ნახატი“ დაანაწევრეს და მასალით ნიგლისა და პარიშის სახლი შეაკეთეს. სხვა ნახატებიც მსგავსი სამუშაოებისთვის გამოიყენეს. გამაყრუებელ სიჩუმეში დარჩენილი ოთახის იატაკზე კი ეგდო უზარმაზარი ნახატის პატარა ნაგლეჯი, ის ერთი პაწაწინა ფოთოლი, რომელსაც, ერთ დროს, ჯერ თავისივე მსგავსი პატარა ფოთლები, შემდეგ ხე, შემდეგ კი მთელი სამყარო ჩაეჭიდა და დაუკავშირდა. ახლა კი ეს ფოთოლი ისევ მარტო დარჩა. ერთ-ერთმა მეზობელმა ფოთოლი ჩარჩოში ჩასვა და რომელიღაც მივიწყებულ მუზეუმს მიაბარა. მუზეუმი მალევე დაიწვა და ნიგლიც და „ნიგლის ფოთოლიც“ დავიწყებას მიეცა.

ტოლკინის მკითხველები ამ პატარა მოთხრობას ასე განიხილავენ:

-       ნიგლი გახლავთ თავად ტოლკინი.

-       ფოთოლი მისი წიგნია - „ჰობიტი“.

-       უზარმაზარი ხე არის წიგნი „ბეჭდების მბრძანებელი“.

-       სამყარო, რომელიც ამ ნახატში იშლება გახლავთ შუახმელეთი.

-       პატარ-პატარა ნახატები, რომლებიც იმ დიდი ნახატის კიდეებს ავსებს ტოლკინის პოემები და ნაწარმოებებია.

-       პომიდვრები, რომლებიც მხატვრობას შეეწირა შუა საუკუნეების კვლევითი სტატიებია „ბეჭდების მბრძანებლისთვის“.

ტოლკინს ყოველთვის ჰქონდა შიში, რომ თავისი ნამუშევრების სრულად თავმოყრას ვერ მოასწრებდა და მათ სრული სახით ვერ მიაწვდიდა საზოგადოებას. უდიდესი ნაწილის მიწოდება მოახერხა, თუმცა, ბევრი დაუმუშავებელი ნაწილი დარჩა. სწორედ აქ შეიტანა უდიდესი წვლილი მისმა შვილმა, ქრისტოფერ ტოლკინმა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მამის ნამუშევრების თავმოყრას და მკითხველისთვის გაზიარებას მოანდომა.

შრომა არასდროსაა ფუჭი. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი შემოქმედებითი ნაწილი გააძლიერებს, გამბედაობას მისცემს და შთააგონებს.

მსგავსი სტატიები

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

სტუმარ-მასპინძელი


ვაჟას "სტუმარ-მასპინძელში" როცა ზვიადაური უნდა მოკვდეს, პოეტი გადმო...

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

მარიამ მაგდალელის სახე ლიტერატურასა და ყოველდღიურობაში


 მარიამ მაგდალელს დასავლეთის ეკლესია მეძავად თვლიდა, თუმცა აღმოსავლ...

არიადნეს მისტერია


არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანა...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff