ნორადრენალინი, ასევე ცნობილი როგორც ნორეპინეფრინი, არის მნიშვნელოვანი ნეირომედიატორი და ჰორმონი, რომელიც გავლენას ახდენს განწყობაზე, კონცენტრაციასა და სტრესზე რეაქციაზე, და წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკვანძო ფაქტორს.
ნორადრენალინი არის ნეირომედიატორი და ჰორმონი, რომელიც მოქმედებს როგორც ტვინისა და სხეულის ბუნებრივი სტიმულატორი. როდესაც სტრესულ სიტუაციას ვუპირისპირდებით, ნორადრენალინის დონე იმატებს, რაც ორგანიზმს რეაგირებისთვის ამზადებს — ამაღლებს ფხიზლად ყოფნის დონეს (სიფხიზლეს) და აძლიერებს კონცენტრაციას. ეს რეაქცია — „იბრძოლე ან გაიქეცი“ — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის, მაგრამ თუ იგი ზედმეტად აქტიურდება, შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვითი აშლილობებისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების განვითარებას. ნორადრენალინის დაბალანსებული დონის შენარჩუნება აუცილებელია სტაბილური განწყობისთვის, კარგი კონცენტრაციისა და სტრესის სწორი მართვისთვის.
ეს არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ნადირობას, მოლოდინს, ობიექტზე ფოკუსირებულობას; ახორციელებს პროგრამას მაღალ რანგიანიდან დაბალ რანგიანისკენ, მართლის მიერ მტყუანის დასჯას, და პასუხისმგებელია იმის მთლიანობის საზღვრების აღდგენაზე, რაც ინტეგრირებულია შენში (ტერიტორია, ოჯახი, ხროვა, ქონება, საკუთარი სხეულის საზღვრები). ახორციელებს პროგრამას „იბრძოლე“, საპასუხო იერიშს საფრთხესა და გამოწვევაზე.
ფიზიკური გამოვლინებები
სისხლძარღვების გაფართოება. სუნთქვის გაღრმავება. თავდაჯერებულობა საკუთარ თავსა და თავის ქმედებებში. ფიქრები ხდება ძალიან მწყობრი და დაცლილია ზედმეტი მოძრაობებისგან. ადამიანი იწყებს მოქმედებას ყველაზე მეტად ენერგოეფექტური ტრაექტორიებით.
როგორ ვლინდება მაღალი მაჩვენებლების დროს?
ღრმა სიმშვიდე, რელაქსაცია. სრული ფოკუსირება. ნაკადის მდგომარეობა. ადამიანი ადვილად ერთვება სამუშაოში, ახალ პროექტებში, იოლად მუშაობს ძველებზე, განიცდის შემართებას და აზარტს. მინიმალური მღელვარების (სიმხდალის) სრული არარსებობა.
როგორ ვლინდება დაბალი მაჩვენებლების დროს?
ყურადღების დეფიციტი. შეუძლებელია რაიმეზე ფოკუსირება, ყურადღება ჰყოფნის მხოლოდ რამდენიმე წუთს. არაფერია საინტერესო, გარდა რაღაც იოლი, ნახტომისებური გზებისა საკუთარი ტონუსის ასამაღლებლად, როგორიცაა კაზინო, სმარტფონები, ინტერნეტში სერფინგი, ახალი ამბები და სხვა.
როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?
ფიზიკის მეშვეობით
ფიზიკური აქტივობა: რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ზრდის ნორადრენალინის დონეს, აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს.
კვება: ტიროზინით (ამინომჟავა, რომელიც ნორადრენალინის წინამორბედია) მდიდარი პროდუქტები: რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, თევზი, თხილეული. ისინი მხარს უჭერენ ნეირომედიატორების მუშაობასა და ტვინის ჯანმრთელობას.
ვიღებთ დანამატ L-თიროზინს, რადგან მისი ნაკლებობა ძალიან ხშირად ვლინდება. ეს არის დანამატი, რომლისგანაც სინთეზირდება დოფამინი, ხოლო შემდეგ, ჯაჭვური პრინციპით — ნორადრენალინი.
ხარისხიანი ძილი: კარგი ძილი აუცილებელია ნეირომედიატორების ბალანსისა და ნორადრენალინის სტაბილური დონის შესანარჩუნებლად.
სტრესის მართვა: რელაქსაციის ტექნიკები — ღრმა სუნთქვა, იოგა, მაინდფულნესი (ცნობიერი ყურადღება) — ამცირებს ქრონიკულ სტრესს და ხელს უშლის ნორადრენალინის ჭარბ გამოფრქვევას.
ვხსნით ნორადრენალინის არაადეკვატურ აფეთქებებს ჩაის, ყავის და ხმამაღალი მუსიკის მოხმარების შემცირების გზით, რადგან ნორადრენალინზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის გარეგანი გამაღიზიანებლები.
ფსიქიკის მეშვეობით
კონტროლის ქვეშ ავიყვანოთ საკუთარი ადრენალინი. თუ ჩვენ მას დაბალ დონეზე შევინარჩუნებთ, მაშინ სტრესული სიტუაციის საპასუხოდ ჩვენში ნორადრენალინი იმძლავრებს. ადრენალინი, თავისი არსით, წარმოადგენს უფრო პირველად რეაქციას სტრესსა და საფრთხეზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამყარო მრავალფეროვანია და ჩვენ თავს სუსტად და დაუცველად ვგრძნობთ. ხოლო ცხოვრების რაღაც მომენტში ყველაფერი პირიქით გახდება, ანუ საფრთხეზე იქნება მხოლოდ ნორადრენალინური რეაქცია. მაგრამ მოცემულ ცხოვრებისეულ ეტაპზე, სანამ შენ არ შეგისწავლია სამყარო და არ უზრუნველგიყვია საკუთარი თავისთვის უსაფრთხოების შეგრძნება —ადრენალინი უფრო ჭარბობს.
ნებისმიერი ქმედება და ვარჯიში, რომელიც მიმართულია ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივ შენარჩუნებასა და ყურადღების არგაფანტვაზე — გაავარჯიშებს ჩვენს უნარს ნორადრენალინის გამომუშავებასა და რეცეპტორების მგრძნობელობაზე. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, თუ ჩვენ ვისწავლით ერთი საათის განმავლობაში კედელზე არსებულ წერტილს ვუყუროთ, ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი კონტროლი საკუთარ ნორადრენალინზე და შევძლებთ მის მიმართვას ნებისმიერ ჩვენთვის საჭირო კალაპოტში, და არა იმ ინექციების ჭკუაზე სიარულს, რომლებსაც სამყარო გვთავაზობს.
სოციუმის მეშვეობით
საჭიროა უკანვე წამოვიღოთ საკუთარი თავის, საკუთარი საზღვრების დაცვის, საკუთარი სიცოცხლისა და საკუთარი ცხოვრებისეული სივრცისთვის ბრძოლის უფლება, და არ ველოდოთ, სანამ ვინმე მოგცემს ამ უფლებას. სწორედ აქ ერთიანდება 5 მტკიცებულება:
— მე შემიძლია;
— მე ვიმსახურებ;
— მე მინდა;
— მე ვიღებ;
— მე ვაკეთებ.
როგორ მოქმედებს ნორადრენალინი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ნორადრენალინი კომპლექსურ და მრავალმხრივ როლს ასრულებს ტვინის ფუნქციონირებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. იგი დაკავშირებულია ბევრ გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობასთან:
1. განწყობის რეგულაცია და დეპრესია
ნორადრენალინის დაბალი დონე ხშირად ასოცირდება დეპრესიის სიმპტომებთან — დაღლილობასთან, ენერგიის ნაკლებობასთან, მოტივაციის არარსებობასთან.
SNRI ჯგუფის ანტიდეპრესანტები (სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) ზრდიან ნორადრენალინის დონეს, რაც აუმჯობესებს განწყობასა და ენერგიას.
SNRI-ები უზრუნველყოფენ უფრო ფართო ეფექტს, ვინაიდან ერთდროულად მოქმედებენ სეროტონინზეც და ნორადრენალინზეც.
2. შფოთვა და სტრესზე რეაქცია
ნორადრენალინის მაღალი დონე ხშირად დაკავშირებულია შფოთვასთან.
ვინაიდან ნორადრენალინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზმის სტრესულ რეაქციასთან, მისმა ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გააძლიეროს შფოთვის სიმპტომები: გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, მომატებული სიფხიზლე.
ბეტა-ბლოკატორები ბლოკავენ ნორადრენალინის რეცეპტორებს, რაც ამცირებს შფოთვის ფიზიკურ გამოვლინებებს.
3. ყურადღება და კონცენტრაცია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დროს
ნორადრენალინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყურადღების კონცენტრაციაში.
ADHD-ის დროს აღინიშნება ნორადრენალინის დაბალი დონე პრეფრონტალურ ქერქში — ტვინის იმ უბანში, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღებასა და იმპულსების კონტროლზე.
მასტიმულირებელი პრეპარატები ამაღლებენ ნორადრენალინისა და დოფამინის დონეს, რაც აუმჯობესებს ყურადღებას და ამცირებს იმპულსურობას.
4. ენერგია და მოტივაცია
ნორადრენალინი გავლენას ახდენს ენერგიისა და მოტივაციის დონეზე, რომლებიც ქვეითდება დეპრესიის დროს. ნორადრენალინის დონის ამაღლებით შესაძლებელია გაუმჯობესდეს:
ინიციატივა;
ინტერესი აქტივობების მიმართ;
ყოველდღიური ამოცანების შესრულების უნარი.
ეს ნორადრენალინზე მიმართულ თერაპიას ეფექტურს ხდის იმ მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს დაღლილობა და მოტივაციის დაცემა.
ნორადრენალინი ფსიქიატრიულ მკურნალობაში
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნორადრენალინის მნიშვნელოვანი გავლენის გამო, მკურნალობის მრავალი მეთოდი მიმართულია მისი დონის რეგულირებაზე. ძირითადი მიდგომებია:
ანტიდეპრესანტები (SNRI): ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ვენლაფაქსინი (ეფექსორი) და დულოქსეტინი (სიმბალტა), ზრდიან ნორადრენალინისა და სეროტონინის დონეს, რაც ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს.
სტიმულატორები და არამასტიმულირებელი პრეპარატები ADHD-ის დროს: მედიკამენტები, როგორიცაა მეთილფენიდატი ან ატომოქსეტინი, ზრდიან ნორადრენალინის რაოდენობას, რაც აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამცირებს იმპულსურობას.
ბეტა-ბლოკატორები: ბლოკავენ ნორადრენალინის რეცეპტორებს და ამცირებენ შფოთვის ფიზიკურ სიმპტომებს (კანკალი, ტაქიკარდია). ხშირად გამოიყენება საჯარო გამოსვლებთან ან სტრესულ მოვლენებთან დაკავშირებული შფოთვის დროს.
სტრესის მართვის მეთოდები: კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT), მედიტაცია, სუნთქვითი პრაქტიკები — ეს მიდგომები ეხმარება ორგანიზმს ბუნებრივად დაარეგულიროს ნორადრენალინის დონე.
მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით
ავტორი: მამუკა გურული