ინდუქცია და დედუქცია სისტემის შემეცნებისას

Admin
მეცნიერება
0
0

ავტორი: იოანე შენგელია ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მოსწავლემ. მოსწავლეში აქ იგულის...

05 17 Lyn Turkstra Social Cognition 700x290

ავტორი: იოანე შენგელია

ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მოსწავლემ. მოსწავლეში აქ იგულისხმება არა მარტო სკოლის მოსწავლე, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე სისტემის შესწავლა სურს. შეიძლება, ამ სტატიაში არაფერი ახალი არ წაიკითხოთ, რადგან აქ დაწერილი ისედაც ძალიან ცნობილი და ტრივიალური ფაქტია, თუმცა ბევრი ადამიანი არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში იყენებს, ხშირად გაუცნობიერებლადაც.

საუბარია სისტემის შემეცნების ორ მიმართულებაზე - „ნაწილიდან მთელისკენ“ და „მთელიდან ნაწილისკენ“, რასაც ინდუქციურ - დედუქციურ მეთოდსაც უწოდებენ. რატომ მაინცა და მაინც ეს ორი გზა?

ნებისმიერი სისტემა წარმოადგენს გარკვეული ობიექტების ერთობლიობას, რომელსაც გააჩნია გარკვეული წესრიგი, სტრუქტურირების კანონები. უნდა აღინიშნოს, რომ სისტემის რამდენიმე განმარტება არსებობს, თუმცა, ისინი არსებითად ექვივალენტურნი არიან. ეს არის სისტემის უნივერსალური მოდელი - გარკვეული ობიექტების ერთობლიობა გარკვეული წესრიგით. კონკრეტულად რა ობიექტებს და რა წესრიგს ეხება საქმე, ეს უკვე დეტალებია.

ამრიგად, ნებისმიერი სისტემის, ასე ვთქვათ, სათავეში დგას ამ სისტემის პირველმიზეზი (გნებავთ წყარო, ან სისტემის არსი), რომლის შედეგსაც წარმოადგენს ყველა ეს სისტემის შიგნითა კანონზომიერებები და წესრიგები. როდესაც ჩვენ გადავაწყდებით ხოლმე ახალ სისტემას, ის ჩვენთვის ქაოსურია და წესრიგს მასში ვერ ვამჩნევთ, რადგან საწყის ეტაპზე მთელს სურათს ვერ ვხედავთ.

თანდათან ვიჭერთ კავშირებს სხვადასხვა ობიექტებს შორის, ვხედავთ კანონზომიერებებს, და ასე, ნაბიჯ - ნაბიჯ, მივდივართ სისტემის მთელს სურათამდე და მთელს ხედვამდე. სისტემის შემეცნების ამ მეთოდს ინდუქციური ეწოდება, ანუ „ნაწილიდან მთელისკენ“. მე კი ასეც ვიტყოდი - ქაოსში წესრიგის აღმოჩენა.

არსებობს მეორე გზაც - თავდაპირველად გაიგებ სისტემის საფუძველს, არსს, და შემდეგ ამ არსიდან დედუქციურად (ლოგიკურად) გამოგყავს შედეგები, ანუ ყველა ის კანონი, რითაც ეს სისტემა ფუნქციონირებს. ეს გზა არის „მთელიდან ნაწილისკენ“, ანუ დედუქციური.

გამოდის, რომ ინდუქციური გზა წარმოადგენს რაიმე დეტალიდან მთლიანის აგებას, პირველმიზეზთან მიახლოებას, პირველწყაროსთან მისვლას. ხოლო, დედუქციური გზა კი წარმოადგენს პირველმიზეზიდან შედეგების ლოგიკურ გამოყვანას. უხეშად რომ ვთქვათ - ინდუქცია არის შედეგიდან მიზეზის ძიება, ხოლო დედუქცია არის მიზეზიდან შედეგის გამოყვანა.

39553ac8a6797a3ed85d12e67c9bb714

ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ამ ორი გზიდან უკეთესია. მეცნიერულ ლიტერატურაში ვხვდებით ორივე ტიპის სახელმძღვანელოებს. ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანს სურს ახალი სისტემის შემეცნება და არ აქვს ნორმალური სახელმძღვანელო, ის მისდევს ინდუქციურ გზას (ქაოსიდან წესრიგის აღმოჩენამდე). ჯერ მიედ - მოედება სხვადასხვა ინფორმაციებს, და რაღაც ეტაპზე დაიწყებს კავშირების აღმოჩენას და მთელი სურათის აგებას.

კარგი ინდუქციური სახელმძღვანელო არის ისეთი, რომელიც ამ ქაოსური გზებიდან ირჩევს ყველაზე მოწესრიგებულს, და რომელშიც „ყოველ ფეხის ნაბიჯზე“ ხდება ახალი კავშირების აღმოჩენა და შესაბამისად - პირველმიზეზთან მიახლოება. რაც შეეხება დედუქციურ სახელმძღვანელოებს, აქ საქმე გაცილებით უფრო იოლადაა, რადგან პირველმიზეზი თავის თავში უკვე ლოგიკურად მოიცავს ყველა შედეგს, და მოსწავლის (ანუ ჩვენი) ამოცანაა მხოლოდ ამ შედეგების ლოგიკური გამოყვანა.

მართალია, დედუქციური სახელმძღვანელო, ერთი შეხედვით, უკეთესია სისტემის შეცნობის მხრივ, რადგან სისტემის არსს თავიდანვე გიხსნის. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“ - რაც არ უნდა გაიგო სისტემის პირველმიზეზი, ანუ აქსიომა, სისტემას მაინც ვერ შეიცნობ, თუ ინდუქციური გზა არ გაქვს გავლილი. ეს მეტად საინტერესო ფაქტია - სწორედ ინდუქციური გზის გავლის შემდეგ ამბობს ადამიანი, რომ სისტემა მთლიანად გაშიფრა, და მერეღა ესმის მისი პირველმიზეზი და შეუძლია დედუქციური გზის აგება. მას აღარ სჭირდება დედუქციური გზის დეტალები, რადგან სისტემის არსი ისედაც ესმის. ხოლო ადამიანი, რომელიც თავიდანვე დედუქციურ სახელმძღვანელოს აიღებს ხელში იმ მიზნით, რომ სისტემის არსი გაიგოს, მისთვის ის თავდაპირველი აქსიომა მაინც გაუგებარი იქნება, სანამ არ შეამოწმებს მას სისტემის ყველა გამოვლინებაში.

სწორედ ამიტომ, თავდაპირველად მიზანშეწონილია სწორედ ინდუქციური გზა (კარგი სახელმძღვანელოთი), რომელიც ადამიანს თავად მიიყვანს სისტემის პირველმიზეზამდე, და მისთვის დედუქციური გზა ავტომატურად გასაგები გახდება. მაგრამ, მაინც გემოვნებაზე და განწყობაზეა დამოკიდებული რომელ გზას აირჩევთ. ერთი რამ კი უდავოა - რომც დედუქციური გზა აირჩიოთ და პირდაპირ სისტემის პირველმიზეზი შეიმეცნოთ, მისი არსი მაინც გაუგებარი იქნება მთლიანობაში, თუ ერთ-ერთ ამ გზას თავიდან ბოლომდე არ გაივლით.

შენიშნეთ, რომ ეს მოდელი სამართლიანია, ფაქტობრივად, ნებისმიერი მეცნიერული სისტემისთვის, მეცნიერების შესასწავლი ობიექტებისთვის, აბსტრაქტული თუ ფიზიკური სისტემებისთვის, გრამატიკული თუ პროგრამული სისტემებისთვის. ნებისმიერი სისტემა, თავისი მოდელიდან გამომდინარე, ითხოვს შემეცნების ამ ორ გზას. თუმცა, ეს მოდელი ვერ გამოდგება, მაგალითად, ფილოლოგიის შესასწავლად.

სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის რთულია საფუძვლიანი საუბარი ისეთ კატეგორიებზე, როგორიც ინდუქცია და დედუქციაა. საფუძვლიანი საუბარი არც არის საჭირო, მაგრამ სასურველია ელემენტარულ დონეზე აიხსნას მათთვის ეს მოდელები და სისტემის ზოგადი განმარტება. სკოლაში, ჩვეულებრივ, ინდუქციური განათლების სისტემაა, და ეს ნორმალურია. თუმცა, რაღაც ეტაპზე საჭიროა დედუქციური მეთოდების შემოტანაც და ამოცანების ამოხსნაც ამ მეთოდით. დედუქცია ხომ ნებისმიერ მეცნიერებაში გამოიყენება, განსაკუთრებით ინტენსიურად კი - მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში.

საბოლოოდ დედუქციამდე მივდივართ, რადგან, საბოლოოდ მთელი სურათი უნდა დავინახოთ. თუმცა, ეს საბოლოო ნაბიჯია და არა თავდაპირველი. ადამიანის ევოლუცია ისეთნაირად არის მოწყობილი, რომ ჯერ „ნაწილიდან მთელისკენ“, და მხოლოდ შემდეგღა „მთელიდან ნაწილისკენ“ შეუძლია შეცნობა. ინდუქციური და დედუქციური მეთოდები ყოველ ჯერზე ცვლიან ერთმანეთს, როდესაც რაიმე სისტემის შეცნობის პროცესში ვართ. ყოველი ახალი აღმოჩენა კეთდება ინდუქციით, და შემდგომ დედუქციით მოწმდება, ან პირიქით.

როდესაც საუბარია ისეთ აბსტრაქტულ სისტემებზე, როგორიც მაგალითად მათემატიკური დარგებია, მაშინ, ცხადია, მათი შემეცნება ხდება დედუქციურად. დღევანდელი მათემატიკა მთლიანად დედუქცირებულია (გარდა სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელოებისა, რადგან, სკოლის პერიოდში ჯერ კიდევ ინდუქციური მეთოდებით ვითარდება მოსწავლე). მაგრამ, როდესაც საუბარია ფიზიკურ სისტემებზე, აქ ცხადია მხოლოდ „ღმერთი“ თუ შეძლებს დედუქციურ მსჯელობას, თორე ადამიანები მთელს სამყაროს ვერასოდეს დაინახავენ.

ამიტომ, მეცნიერება ვითარდება ინდუქციურად. ტარდება ექსპერიმენტები, გროვდება უამრავი ინფორმაცია და მუშავდება. მხოლოდ შემდეგ, როდესაც რაიმე ფიზიკური მოვლენის მთელი სურათი გასაგები გახდება, მხოლოდ შემდეგღა ყალიბდება თეორია, რომელიც უკვე დედუქციურია, ანუ „გარედან“ უყურებს კანონზომიერებებს და რომელმაც უნდა ახსნას ლოგიკურად თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა.

ამ მიზეზის გამო, ფიზიკაში ჯერ ტარდება ექსპერიმენტები და შესწავლა მიმდინარეობს ინდუქციურად (ამ მიმართულებას ზოგად ფიზიკასაც უწოდებენ), და მხოლოდ შემდეგ ვითარდება დედუქცია (თეორიული ფიზიკა), რომელსაც უკვე რაღაც საწყისი პრინციპებიდან ლოგიკურად გამოჰყავს ფიზიკის კანონები და კანონზომიერებები, რომლებიც ექსპერიმენტებზე იქნა აღმოჩენილი. ამრიგად - ზოგადი ფიზიკა ინდუქციურია, ხოლო თეორიული ფიზიკა - დედუქციური.

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი იყენებს ორივე ამ მეთოდს რაიმე სისტემის შემეცნებისას, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ კი გაუცნობიერებლად. ახლა კი, როდესაც ამ მეთოდების შესახებ ზუსტად ვიცით, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ქაოსური შემეცნება და მოვითხოვოთ დალაგებული სახელმძღვანელო, როდესაც რაიმეს შესწავლა გვსურს. ასევე, თუ ჩვენ ვაპირებთ რაიმე ცოდნის სხვათათვის გადაცემას, გვეცოდინება ამ მეთოდების შესახებ და პრაქტიკულად გამოვიყენებთ.

გააზიარეთ, თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

ძილის პარალიზი და ფეთქებადი თავის სინდრომი


ზოგი პარანორმალური მოვლენა შეიძლება აიხსნას ძილის პარალიზით და ფე...

წარმოადგენენ თუ არა აუცრელი ბავშვები საფრთხეს?


ავტორი: ტატიანა ობუხანიჩი მთარგმნელი: მამუკა გურული ინგლისურენო...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

ფიზიკაში შემჩნეული საერთო ტენდენციები


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკის სწავლისას აღმოვაჩინე ერთი ლამაზი ...

ასტრონომებმა მეორედ დააფიქსირეს იდუმალი, განმეორებითი სიგნალები კოსმოსიდან


მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო უკვე მეორედ, ასტრონომებმა იდუმ...

რატომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო?


 მთარგმნელი: სალომე ჭიტაძე წყარო არსებობს თუ არა სხვა სამყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff