ინტერვიუ გია დვალთან

Admin
მეცნიერება
0
0

 ავტორი: ზურა ჯიშკარიანი  ფოტო: სერგი ბარისაშვილი, მარიამ ჯანაშია  წყარო: საქ....

dvali7

 ავტორი: ზურა ჯიშკარიანი

 ფოტო: სერგი ბარისაშვილი, მარიამ ჯანაშია

 წყარო: საქ. პატენტის ჟურნალი

 შეიძლება თანმიმდევრობა ოდნავ ამერიოს, მაგრამ სამყაროში, სადაც გაცილებით საინტერესო რაღაცეები ხდება, ამას არა უშავს. პირველად, მგონი, გია დვალს “ქუჩის აკადემიაში” მოვუსმინე, ღია ცის ქვეშ. ძველი ქარხნის წინ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და გია დვალი დაღამებამდე საუბრობდა “ჩვილ სამყაროებზე”, ცარცით ხაზავდა კონცეფციებს ქარხნის დაჟანგული რკინის კარებზე. ეს ნახაზები ლექციის მერე კიდე რამდენიმე თვე დარჩა, როგორც უჩვეულო ურბანული გრაფიტი, რომელიც სამყაროს საიდუმლოებებზე ცდილობს ესაუბროს გამვლელს. მერე მოვიდა წვიმა და წაშალა ნახატი.

 შემდეგ იყო შეხვედრა გუდაურში. მე და ჩემი მეგობარი, ალექს ჩიღვინაძე, საქართველოში დროებით ჩამოსულს ვესტუმრეთ. ჯერ დიდი ხანი ვიხეტიალეთ დათოვლილ გორაკებზე, ვსაუბრობდით უამრავ თემაზე, კოსმოლოგიის გარდა: სამყაროს სიმულაციაზე კვანტური კომპიუტერებით, გუდაურში სრიალის სიამოვნებაზე, ცნობილ მეცნიერებზე.. ბოლოს კი თითო ჭიქა წითელი ღვინით დავასრულეთ “სამყაროს სადღეგრძელო” მის სახლში. მესამე შეხვედრა ისევ ლექციაზე იყო. თუ არ ვცდები, შობა დღეს მოვიწვიეთ. სივრცეში, სადაც ლექცია უნდა ჩატარებულიყო, პარალელურად გამოფენა იყო. ასე რომ, აქაც საკმაოდ სიურეალისტური სურათი გაიშალა, რამდენადაც გია დვალის უკან, როცა ის “ალისას კოსმოსურ სიმებზე” საუბრობდა, უცნაური სკულპტურა იდგა – ცოტა ანგელოზის, ცოტა კიბერ ელფის ნაზავი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აღქმით.

აი, მოცემული ინტერვიუს ჩაწერა კი რატომღაც გართულდა. ჯერ მე ვერ დავლაგდი, შემდეგ გიას არ ეცალა, რამდენიმე თვე მხოლოდ მეილზე მიმოწერებით ვგეგმავდით ინტერვიუს და ბოლოს, როგორც იქნა, შევხვდით. ჩემთვის ყველა ეს შეხვედრა რაღაც ახალ მიკრორევოლუციებს ახდენდა აღქმაში. ერთია, როცა ასეთ თემებზე ფიქრობ, მეორეა, როცა ხვდები ადამიანს, ვინც უშუალოდ იკვლევს სამყაროს და გიყვება ამას. ჩვენთან, გეტოებში, არ საუბრობდნენ სამყაროს დაბადებაზე ან დასასრულზე.

გრილ ვერანდაზე, ურბანულ ედემის ბაღში, უამრავი მცენარით გარშემორტყმულები, მაგიდასთან დავსხედით.

ჩემს გვერდით თინა ზის, ისმის ფოტოგრაფის ჩხაკუნი,შორიდან კი მანქანების ხმა მოაქვს ექოს. გია დვალი კი ცდილობს ამიხსნას, რა კავშირშია შავი ხვრელები კვანტურ კომპიუტერებთან, ან პირიქით.

dvali3

კვანტური კომპიუტერი

- ანუ ეხლა თქვენი პროფესიის გარდა კიდევ რაიმეთი ხართ დაკავებული?

- მმ.. არა, უბრალოდ, ჩემი პროფესია გაფართოვდა.. – სიცილით ამბობს გია დვალი.

 - გაფართოვდა? და რაები მოიცვა? ნუუ, ნახევრად ვხუმრობ, რა თქმა უნდა… მაგრამ ინტერდისციპლინური გახდა… ჩვენ ახლა ფუნდამენტურ მეცნიერებაში ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო დროს, რაღაც სხვა ახალი საინტერესო მიმართულებები გამოიკვეთა, რომელთაც შეიძლება ინტერდისციპლინური მნიშვნელობა ქონდეთ, მაგალითად, კვანტური კომპიუტერებისთვის. და ეგ საკითხი ძაან გვაინტერესებს…

 კვანტური კომპიუტერი ძაან მაგარი რაღაცაა. ეს არის.. საერთოდ, ჩვეულებრივი კომპიუტერი რა პრინციპით მუშაობს? კომპიუტერი ინახავს ინფორმაციას და აკეთებს პროცესირებას. ინფორმაციის შენახვა ხდება ბიტებში. ბიტი არის რაღაც სისტემა, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ორ მდგომარეობაში: აი, მაგალითად, შუქი შეიძლება იყოს ანთებული ან ჩამქრალი. ბიტებს ორი პასუხი აქვთ: კი ან არა. ნებისმიერ სისტემას, რომელსაც შეუძლია იყოს მარტო ორ მდგომარეობაში, ბიტის ფუნქცია შეუძლია შეასრულოს. ჩვენ რასაც ვიყენებთ, ეგ კომპიუტერები ამ პრინციპზეა დაფუძნებული, ნებისმიერ მესიჯს, ინფორმაციას ციფრული კომპიუტერი ინახავს, როგორც ნულებისა და ერთების წყებას. ამას ქვია ე.წ. კლასიკური კომპიუტერი.

dvali1

ახლა რა ხდება კვანტურ კომპიუტერში? კვანტურმა მექანიკამ მოიტანა ისეთი კონცეპტები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ადამიანის კომფორტული აზროვნების სფეროდან გადის; იმიტომ, რომ ჩვენ მარტივად აზროვნებას ვართ მიჩვეული, ჩვენი კომფორტის სფერო გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც ვაზროვნებთ. მაგალითად, ჩვენთვის ცხადია, რომ გასაღები, რომელიც ხელში მიჭირავს, შეიძლება იდოს ყუთში, ან არ იდოს ყუთში. გახსოვთ შროდინგერის კატა? შროდინგერის ექსპერიმენტში, შავ ყუთში მოთავსებული კატა შეიძლება იყოს ცოცხალი, ან შეიძლება იყოს მკვდარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის პასუხი გარკვეულია, ჩვენ ვიცით: ან არის ან არა. კი, მე შემიძლია, ახლა გასაღები სხვა ოთახში გავიტანო და დავტოვო იქ, ან არ დავტოვო და თქვენ არ გეცოდინებათ, ეს გასაღები იმ ოთახშია თუ არა, მაგრამ ყველა ვარიანტში, ბოლოსდაბოლოს იტყვით, რომ – ან არის ან არა. აი, კვანტურმა მექანიკამ კი მოიტანა სრულიად ახალი ხედვა სამყაროსი და ეს ხედვა გვეუბნება, რომ ასე მარტივად არ არის ყველაფერი და სისტემა შეიძლება იყოს ე.წ. სუპერპოზიციაში.

 სუპერპოზიცია ახალი კონცეპტია, რომელსაც ანალოგი ამ ჩვენი კომფორტული აზროვნების სფეროსთან არ აქვს, ანუ ჩვეულ ენაზე ვერ განმარტავ და ეს გულისხმობს იმას, რომ სისტემა შეიძლება იყოს ერთდროულად ორ მდგომარეობაში. სიტყვებით ამაზე უკეთესად განმარტება ძნელია, მათემატიკურად შედარებით ადვილია ამის აღწერა და სიადვილის გარდა, ძალიან ლამაზიცაა. კლასიკური აზროვნებისგან განსხვავებით, კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ სინამდვილეში არსებობს მდგომარეობა, რომელიც ამ ნულის და ერთის სუპერპოზიციაა. სუპერპოზიცია ავტომატურად მოიცავს იმას, რომ რაღაც ალბათობით, ნულია და რაღაც ალბათობით – ერთია, მაგრამ ამავდროულად, ამაზე მეტია.

 - ანუ თან არის და თან არ არის?

თან არის და თან არ არის. ანუ არის მდგომარეობა, რომელიც ამ ორ მდგომარეობას მოიცავს ერთდროულად. აქედან შეგვიძლია გადავიდეთ კვანტური კომპიუტერის ახსნაზე. თუ ჩვეულებრივ კომპიუტერებს გააჩნიათ ბიტი ანუ მხოლოდ ორი მდგომარეობა, კვანტურ კომპიუტერს გააჩნია კუბიტი, ანუ კვანტური ბიტი. ამ შემთხვევაში,კვანტურ ბიტს ის უპირატესობა აქვს, რომ ის შეიძლება ნულიც იყოს, ერთიც იყოს და სუპერპოზიციაც იყოს; ანუ პირდაპირი გაგებით, კვანტური კომპიუტერი არის გაცილებით უფრო მძლავრი, ვიდრე კლასიკური კომპიუტერი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე მძლავრ კომპიუტერზე უფრო მძლავრია.

 პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ კვანტური კომპიუტერი ჯერ არ აგვიშენებია კაცობრიობას. რა თქმა უნდა, პროგრესი უკვე მიდის ამ მიმართულებით და რაღაც დეტალები უკვე იქმნება. და საბოლოო ჯამში, თუ რა თქმა უნდა გაკეთდება კვანტური კომპიუტერი, ის გაცილებით მძლავრი იქნება და მას ვერ შეადარებ დღევანდელ კომპიუტერებს.

 - და რა გადაკვეთა აქვს ამას კოსმოლოგიასთან და თქვენს კვლევებთან?

- ახლა რა კავშირშია ეს ჩვენს კვლევებთან.. ჩვენ გვაინტერესებს და ვმუშაობთ შავი ხვრელების თემაზე. საერთოდ, შავ ხვრელს ინფორმაციის შენახვის და პროცესირების ძალიან საინტერესო თვისებები აქვს. ფაქტობრივად, ინფორმაციის შენახვის თვალსაზრისით, შავი ხვრელი ყველაზე უმძლავრესი კვანტური კომპიუტერია. ეს ფაქტი აქამდეც იყო ცნობილი. არსებობს ე.წ. ბეკენშტეინის ინფორმაციული ზღვარი.. სამწუხაროდ, ეს მეცნიერი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

 - და რას ნიშნავს ეს ზღვარი?

- ნიშნავს შემდეგს: მაგალითად, რაღაც ყუთი მაქვს და თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ, რა არის მაქსიმალური ინფორმაცია, რომელიც ამ ყუთის მოცულობაში შეგიძლიათ შეინახოთ. და მაქსიმალური ინფორმაციის ზღვარი დგება იმ მომენტში, როცა ეს ყუთი შავი ხვრელი გახდება. იმის მეტს, უბრალოდ, ვერ შეინახავთ. თუ შეეცდებით, რომ კიდევ დაამატოთ ინფორმაცია, ის გაიზრდება და უფრო დიდი შავი ხვრელი იქნება; ანუ შავი ხვრელი არის ინფორმაციის ყველაზე კომპაქტური შემნახავი. ეს ფაქტი ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ ხდება ამ ინფორმაციის შენახვა. ჩვენი ჯგუფი სწორედ ამ თემაზე მუშაობს და გვგონია, რომ მივხვდით ანუ გავშიფრეთ, როგორ ხდება ინფორმაციის შენახვა შავ ხვრელში.

 ასე რომ, ახლა ჩვენი ფუნდამენტური კვლევის მიზანია, ლაბორატორიის პირობებში, იმიტაცია გავუკეთოთ

ისეთივე ტიპის კვანტური ინფორმაციის პროცესირებას, როგორსაც შავი ხვრელი აკეთებს. ეს იდეა ჩვენმა ჯგუფმა შემოიტანა და ახლა მაგაზე ვმუშაობთ.

 სთორითელინგის ტრადიციას უძველესი დროიდან მეცნიერებამდე ჯერ კიდევ შამანები და ძველი ფილოსოფოსები იყენებდნენ. როგორ გინდა აუხსნა თანატომელს, რა დაინახე, როცა წინაპრებს შეხვდი? რა თქმა უნდა, ანალოგიით, რომელიც ურთულეს გამოცდილებებს თუ იდეებს ყველაზე მარტივი ენით გიხსნის. ამბობენ, რომ საუკეთესო მეცნიერები, ასევე კარგი სთორითელერე-ბი არიან. სწორედ ასე, ნახევრადხუმრობით, გია დვალი მიხსნის შავ ხვრელს, როგორც კრიზისში მყოფ სახელმწიფოს:

 კოლექტიური ეფექტები

- ინფორმაციის შენახვა შავ ხვრელში ყოველთვის ქუბიტებში ხდება. ეს ქუბიტები შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც კოლექტიური მდგომარეობები. შავი ხვრელი ასე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ – ეს არის ძალიან კომპაქტურად
ჩალაგებული ბევრი ნაწილაკის, უფრო სწორად, ჩვენი თეორიის მიხედვით – გრავიტონების ერთობლიობა. აი, დავუბრუნდეთ ყუთის მაგალითს. ავიღოთ, ვთქვათ, ეს ყუთი და ავავსოთ ის გრავიტონებით.. სანამ გავაგრძელებთ, გავიხსენოთ კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ანალოგიისთვის გამოგვადგება: როგორც იცით, ბუნებაში არსებობს ე.წ. კოლექტიური ეფექტები. ეგეთ ეფექტებს სოციუმშიც აქვს ადგილი. მაგალითად, როდესაც ერთად შეკრებილი ადამიანების რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ხალხს ახალი თვისებები უჩნდება, რომლებიც ცალკე აღებულ თითოეულ ამ ადამიანს არ გააჩნია და ასე წარმოიქმნება კოლექტიური ფენომენი. კოლექტიურმა ფენომენმა შეიძლება უეცარი რევოლუცია გამოიწვიოს ან საერთოდ დაანგრიოს ქვეყანა. კოლექტიური ფენომენი შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანებში. ჩვენ, სხვათა შორის, ბევრჯერ მოვესწარით ეგეთ რამეებს ჩვენს ქვეყანაში. ჰოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილაკებსაც ზუსტად ეგრე მოსდით. თუ ნაწილაკების რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მაშინ კოლექტიური ეფექტები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

 - ანუ რას ნიშნავს: კოლექტიური ეფექტები ხდება მნიშვნელოვანი?

- მოდი ასე შევადარებ: არ ვიცი, რამდენად ისეთი შედარებაა ან რამდენად გამომყვება თქვენი მკითხველი, მაგრამ
მე მიყვარს ასეთი შედარება:

მოკლედ, შავი ხვრელი შეესაბამება ნაწილაკების ჩაწყობის ისეთ ზღვარს, როდესაც სისტემა კვანტუმკრიტიკული,
არასტაბილური ხდება..

აი, წარმოვიდგინოთ დიდი ქვეყანა, ბევრი ადამიანის ერთობლიობა, სოციუმი, რომელსაც აქვს სტაბილური ეკონომიკა, დემოკრატია და ა.შ. აქ გარკვეული გადახრები თუ ფლუქტუაციები არ იწვევს არასტაბილურობას. ეგეთ ქვეყანაში შეიძლება გყავდეს ვინმე ულტრანაციონალისტი, ან საერთოდ ფაშისტი გიჟი, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანა სტაბილურია და მათი რიცხვი დიდი არაა – ეს პატარა ფლუქტუაციები დიდ ცვლილებებს არ იწვევს და უმნიშვნელოა. ქვეყანა ისევ სტაბილურად აგრძელებს განვითარებას. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ სხვა ქვეყანა, რომელიც აფეთქების ზღვარზეა: აი, ასეთ ქვეყანაში პატარა ფლუქტუაციებმა შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს. აი, ასეთი ტიპის სისტემაა კრიტიკული სისტემა, ანუ ასეთი სისტემა უმცირესი შეშფოთებების მიმართაც კი ძალიან სენსიტიურია.

ასეთი სისტემები ძალიან მგრძნობიარეები არიან კორელაციების მიმართ. როგორ ინახავს ეგეთი სისტემა ინფორმაციას? უხეშად რომ ვთქვათ, შეადარეთ როგორ სწრაფად ვრცელდება, მაგალითად, ჭორები. როდესაც ასეთ კრიტიკულ სისტემაში რაღაც ინფორმაცია, ცვლილება შედის, სისტემა ამას სადღაც ლოკალურად კი არა, გლობალურად ინახავს. ის მას მთლიანად ეხება და მოედება; ანუ ინფორმაციის პროცესირება და შენახვა ძალიან სწრაფად და ეფექტურად ხდება. აი, შავი ხვრელი ამის მსგავსი სისტემაა. ეს არის სისტემა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია და ამიტომ ძალიან ეფექტურად ახდენს ინფორმაციის შენახვას და პროცესირებას.

 - ანუ თუ დავადგენთ, როგორ ინახავს ინფორმაციას შავი ხვრელი, შემდეგ კვანტური კომპიუტერებისთვის ამის გამოყენებას შევძლებთ?

- კი, ოღონდ ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაინტერესებს კვანტური კომპიუტერების კომერციული პოტენციალი.
ჩვენთვის, პირველ რიგში, ფუნდამენტური კვლევაა საინტერესო. დანარჩენი უკვე სხვა ეტაპია, თუ ვინ როგორ გამოიყენებს კვლევის შედეგებს.

 - და რას მოგვიტანს პერსპექტივაში კვანტური კომპიუტერი?

- კვანტური კომპიუტერი კაცობრიობისთვის დიდი ნახტომი იქნება. თუნდაც ის ფაქტი, რომ კვანტური კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრე რამდენადმე აღემატება თანამედროვე კომპიუტერებს, ყველაფერს შეცვლის. ცვლილებები ექსპონენციალური სისწრაფით განვითარდება.

 სიტყვა “ექსპონენციალურზე” მახსენდება გამომგონებელი და მილიონერი რეი კურცვეილი, მომავალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინასწარმეტყველი და ადვოკატი, რომელიც მის ერთ-ერთ ბოლო წიგნში კვანტურ კომპიუტერებს ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან აკავშირებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევქმნით ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანური ისტორია დასრულდება და დადგება ე.წ. ტექნოლოგიური სინგულარობა – მოვლენა, რომლის შემდეგ ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ ტექნოლოგიების განვი- თარებისა თუ კაცობრიობის ბედს.

ხელოვნურ ინტელექტზე დღეს უამრავი ადამიანი მუშაობს. მაგრამ აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ: პირველ რიგში, საერთოდ, ხელოვნური ინტელექტი რას ნიშნავს? ამის განმარტება მარტივი არ არის. ანუ, სად უნდა დავადგინოთ ზღვარი, რა მომენტიდან ჩათვლით, რომ კომპიუტერი გახდა, ასე ვთქვათ, ინტელექტუალი? რა მომენტიდან უნდა ჩავთალოთ, რომ მან ცნობიერება შეიძინა და აზროვნებს? არ არის მარტივი ამის დადგენა.

ეს, საერთოდ, მომავლისთვის უამრავ ახალ კითხვას აჩენს, რომელიც უამრავ სფეროს მოიცავს: ეთიკას, ფილოსოფიას და ა.შ. იმიტომ, რომ თუ ჩავთვლით, რომ კომპიუტერი გახდა ცნობიერი, მაშინ გამოდის, მას უფლებებიც უნდა მიანიჭო. ხომ არ შეიძლება გყავდეს ცნობიერი არსება, რომელსაც უფლებები არ ექნება და მონასავით გეყოლება? არ შეიძლება, ხო? ესე იგი, რაღაც მომენტში უფლებების თემაც შემოდის; ანუ თუ წარმატებულად მივაღწიეთ ხელოვნური ინტელექტის განხორციელებას, ის საბოლოოდ კვლევითი სფეროდან
უკვე სხვა სფეროებშიც გადაინაცვლებს და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება..

 ახლა ჩვენი კვლევა, რომელზეც გესაუბრეთ, არ არის მიმართული ამ იდეებისკენ. ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის კვანტური მომიტინგის(გამოთვლების) ახალი იდეა, რომელიც ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია. ჩვენ გავიგეთ, თუ როგორ მუშაობს ბუნებაში რაღაც ობიექტი, ამ შემთხვევაში შავი ხვრელი. ახლა გვინდა ეს განვაზოგადოთ, ანუ ეს ცოდნა პრაქტიკულად გამოვიყენოთ. ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელოვნური ინტელექტის თემისგან და არავინ იცის, საერთოდ გადაიკვეთება თუ არა მასთან – სავსებით შესაძლებელია, მომავალში თქვენ გქონდეთ უმძლავრესი კვანტური კომპიუტერი, რომელიც ურთულეს ოპერაციებს აკეთებს, მაგრამ საერთოდ არ არის ცნობიერი. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ამ ეტაპზე, მე და ჩემს გუნდს გვაინტერესებს ფუნდამენტური ფიზიკის გაგება, გვაინტერესებს როგორ მუშაობს რაღაცეები და შემდეგ ამის იმიტაცია ლაბორატორიაში. და მერე უკვე გამოჩნდება, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. ეს, რაზეც ვლაპარაკობთ, ჯერ კიდევ შორეული თეორიული პერსპექტივებია.

 სადღაც ერთი ჩემი საყვარელი მწერალი წერდა, რომ კვანტური ფიზიკა გაცილებით რადიკალურად ცვლის და აფართოებს ადამიანის ცნობიერებას, აზროვნების პარადიგმებს, ვიდრე ჯადოსნური შრუმები, ლიტერატურა და მუსიკა ერთად აღებული.

 კვანტური მექანიკა როგორც აზროვნების ახალი წესი

 - კლასიკური მეცნიერება გაცილებით ადვილად შესაცნობ და ასახსნელ სამყაროს სურათს ხატავდა, თანამედროვე თეორიები ხშირად, ბევრი ადამიანისთვის, მაგალითად ჩემთვის, რომელსაც არ მაქვს სპეციალური განათლება მიღებული ფიზიკაში ან კოსმოლოგიაში, ცოტა ეგზოტიკური სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს. ადვილია დაიბნე. მაგალითად, როცა მეუბნებით, რომ ეს გასაღები თან აქ დევს და თან არ არის – ლოგიკური აზროვნებისთვის რთული აღსაქმელია. რა ენით უნდა ელაპარაკოს მეცნიერი ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით მათემატიკის ან კვანტური მექანიკის ენა, როგორ ხდება ამ ფუნდამენტური ენებიდან ამ ახალი კონცეპტების “გადმოთარგმნა” ჩვენს ენებზე, რომლებიც ღრმა წარსულში შეიქმნა და ჩამოყალიბდა და სადაც ასეთი კონცეპტებისთვის სიტყვებიც კი არ არსებობს?

- ძალიან საინტერესო კითხვაა. რამდენიმე საკითხია ერთდროულად. ერთი საკითხია ეგზოტიკური თეორიები, რომლებიც ინტერნეტის ეპოქაში, სადაც უამრავი თავისუფალი სივრცე არსებობს, უხვად იდება სხვადასხვა საიტზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაც მოიგონოს და დადოს. მაგრამ ნებისმიერი ადამიანის მიერ მოგონილი მოძღვრება არ არის მეცნიერული თეორია. ამიტომ ასეთი სტატიების თუ მოძღვრებების 99.9%-ს არანაირი მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. ვიღაც ხალხი ცდილობს, რაღაც თავისი იდეები გაავრცელოს. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, მათი იდეები მეცნიერულ თეორიებში არ უნდა ავურიოთ.

რაც შეეხება მეცნიერების ისეთ ახალ კონცეპტებს, რომლებიც ადამიანის ჩვეული აზროვნების კომფორტის ზონიდან გადიან – თქვენ იკითხეთ, თუ როგორ უნდა განვმარტოთ ისინი “ჩვეულებრივ” ენაზე.. ეს ცოტა რთული საკითხია. მეცნიერების შიგნითაც არ არსებობს ერთი უნივერსალური კომფორტის ზონა, ან საერთო შეთანხმება. მეცნიერებაშიც არის დღეს უამრავი ხალხი, საკმაოდ ჭკვიანი ხალხი და საკმაოდ კარგი მეცნიერები, ვისაც კვანტური მექანიკა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და ვისაც აზროვნების ასეთ სისტემასთან შეგუება უჭირს. კვანტური მეცნიერების შექმნის დღიდან უამრავი კარგი მეცნიერი წავიდა ამქვეყნიდან ისე, რომ კვანტური მექანიკა არ მიიღო, არ აღიარა. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია აინშტაინის მაგალითი ავიღოთ. აინშტაინი, რომელმაც კვანტური მექანიკის განვითარებას თვითონ მისცა ძალიან დიდი ბიძგი, ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ კვანტური მექანიკა, ფაქტობრივად, არ მიიღო, ხო? ამიტომ ეს თვითონ მეცნიერების შიგნითაც არაერთგვაროვანი თემაა. ზოგს უფრო კომფორტულად ეჩვენება, ზოგს უჭირს ამ კატეგორიებით აზროვნება. ხშირად, როცა კვანტურ მექანიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან ადვილია სიტყვებმა გიღალატონ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ თუ თეორია მეცნიერულად ღირებულია, მისი სიტყვებით სწორად გადმოცემა მაინც შესაძლებელია. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ზოგჯერ რთული იყოს, მე არ მჯერა და მითი მგონია ის აზრი, თითქოს რომელიმე კონცეპტის ადამიანებისთვის ნორმალურად გადმოცემა შეუძლებელი იყოს. მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა რაღაცაზეა. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ მეცნიერები და რა გვიქმნის კომფორტს და რა – დისკომფორტს. მაგალითად, ჩემთვის კვანტური მექანიკა უაღრესად კომფორტულია. მე არ მიჭირს მისი მიღება და გაგება ისეთის, როგორიც ის არის. მაგრამ უამრავი ადამიანი ცდილობს გაიმარტივოს აღქმა: მაგალითად, როცა კვანტური მექანიკა შეიქმნა, უამრავი ახალი მიმართულება გამოჩნდა. ხალხი ცდილობდა, კვანტური მექანიკის ინტერპრეტაციები გაეკეთებინა. რას ვგულისხმობ ინტერპრეტაციებში? ან რატომ ცდილობდა ბევრი მეცნიერი ინტერპრეტაციების შექმნას? აქ ასეთი ისტორიაა: მაგალითად, თქვენ გაქვთ რაღაც მტკიცებულება, რომელიც თქვენი ჩვეული აზროვნების კომფორტის ზონიდან გადის, ამ საზღვრებს გარეთაა. ჩვენი ტვინი მიჩვეულია კლასიკურად აზროვნებას და გვგონია, რომ აი, ეს გასაღები ან აქ უნდა იდოს, ან არ უნდა იდოს. ახლა მოდის კვანტური მექანიკა და გვეუბნება, რომ შეიძლება სისტემა ჩვენთვის ნაცნობი მდგომარეობების გარდა, იყოს სუპერპოზიციაში. ამ დროს, კლასიკურ აზროვნებას მიჩვეული ადამიანი ცდილობს ეს ახალი კონცეფცია ისევ თავის კომფორტულ ენაზე გაიაზროს, თავისი კომფორტის ზონაში მოათავსოს, იმის ნაცვლად, რომ ამ ზონიდან გამოვიდეს და სხვანაირად აზროვნება დაიწყოს. ამიტომ ცდილობს, ამ ახალ ინფორმაციას გარკვეული ინტერპრეტაცია მისცეს. 

dvali2

 მაგალითად, არსებობს კვანტური მექანიკის ე.წ. “მრავალსამყაროიანი ინტერპრეტაცია” . ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, ყოველ მომენტში, სამყარო უსასრულო ვარიანტებად იხლიჩება და ჩვენ ახლა მის ერთ-ერთ ვარიანტში ვართ; ანუ იმის ნაცვლად, რომ მე გავზომო და ვთქვა, შროდინგერის კატა ცოცხალია თუ არა, ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, ვიტყოდი, რომ სინამდვილეში არის ორი სამყარო: არის სამყარო, სადაც ერთი ვარიანტი განხორციელდა და კატა ცოცხალია; და ასევე, არის სამყარო, სადაც კატა დაიღუპა და ჩვენ ამ სამყაროებში, ამ ვარიანტებში რაღაცნაირად ვმოძრაობთ.ეს არის “მრავალსამყაროიანი ინტერპრეტაციის” მოკლე აზრი, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია, რაღაც გაგებით, სინამდვილეში ისევ კომფორტისთვის არის შექმნილი. კვანტურ მექანიკას არ ჭირდება არავითარი ინტერპრეტაცია – ის არის, რაც არის, რაოდენ არაკომფორტულიც არ უნდა იყოს ის ჩვენი ჩვეული აზროვნებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენ ისტორიულად ასე ჩამოვყალიბდით, არ ნიშნავს, რომ ფუნდამენტური ცნებები კომფორტულ ენაზე ძალით ვთარგმნოთ. პირიქით მგონია, უნდა შევეცადოთ და ახალ ხედვაზე უნდა გადავეწყოთ.

 - რამდენად წარმოგიდგენიათ თბილისი, რომელიც “კვანტურად აზროვნებს”? შესაძლებელია ასეთი რამე? – ვეკითხები და პოპულარული თოქშოუების წამყვანებს სუპერპოზიციაში წარმოვიდგენ.

- ნუ, ახლა, მთელი თბილისი არ ვიცი, მაგრამ ადამიანებს შეგვიძლია ბევრნაირად ვიაზროვნოთ. უბრალოდ, აქამდე უნდა მივიდეთ, ამისთვის ცოტა გრძელი გზაა გასავლელი. აი, განვიხილოთ მეცნიერები როგორ მივდივართ აქამდე: ჯერ, პირველ რიგში, ამისთვის ადეკვატური ენა გვაქვს: მათემატიკური ენა. მათემატიკა, საბოლოო ჯამში, მორიგი ენაა, ძალიან კომპაქტური და ადეკვატური ენა. შემდეგ გვაქვს უამრავი ამოცანა, უამრავი საკითხი და უამრავ სიტუაციაში ხდება ამის გადააზრება. ესე იგი, როცა სტუდენტის ტვინი კვანტურ მექანიკაზე მუშაობას, მათემატიკური ენით აზროვნებას იწყებს, შემდეგ უამრავ სიტუაციაში იყენებს ამ ენას, უამრავ კონცეპტს იაზრებს ამ მისთვის ახალი ენით. და მერე მისი ტვინი თითქოს თვისობრივად ახალ მდგომარეობაში გადადის. თითქოს მის აზროვნებაში რაღაც გარღვევა ხდება, იცვლება აღქმა და შემდეგ მისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი სააზროვნო ენა ხდება. და პრინციპში, აქამდე ყველას შეუძლია მივიდეს, უბრალოდ, გრძელი გზა არის გასავლელი. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველამ ამ მათემატიკურ ენაზე იაზროვნოს, იმიტომ, რომ სამყაროს აღქმის ყველა ენა ადამიანისთვის ერთნაირად ლეგიტიმურია.

 - რა შეიძლება მეცნიერებამ გააკეთოს ამ შემთხვევაში? ასეთი შედარება მომყავს ხოლმე ხშირად: მაგალითად, რთულ მწვერვალზე ასვლა ბევრ ადამიანს არ შეუძლია, ხო? იქ ალპინიზმში უნდა ერკვეოდე და ათასი სხვა დეტალია საჭირო. მაგრამ ყველას შეუძლია მწვერვალიდან რომ გადმოიხედო და პეიზაჟით დატკბეს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, მეცნიერებს, შეგვიძლია სამყაროში გიდის როლი გავუწიოთ დაინტერესებულ ადამიანებს, დავანახოთ პეიზაჟი, დავანახოთ სამყარო. არ არის აუცილებელი, რომ ყველამ იცოდეს მათემატიკური აპარატი და თვითონ გაიაროს ეს სირთულეები, მაგრამ საბოლოო შედეგი, შენით მიხვალ აქამდე თუ სხვა დაგანახებს – აბსოლუტურ გააზრებას ექვემდებარება. მთავარია, სწორად იყოს მიწოდებული და არა რაღაცა მონაჩმახების დონეზე.

 რა გზებით შეიძლება ამის მიწოდება? ერთ-ერთი გზა,მაგალითად, საჯარო ლექციებია. საჯარო ლექციები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. აქ, უბრალოდ, ერთი “საფრთხე” ისაა, რომ საჯარო ლექციის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი პროცესია და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ხშირად ხდება, რომ ადამიანს გონია რომ რაღაც გაიგო და იწყებს სხვების დამოძღვრას იმ დროს, როცა შეიძლება საერთოდ ვერ გაიგო, რაზეც საუბრობს. ამიტომ ყველაზე კარგი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის და საჯარო ლექციებისთვის არის ის ხალხი, ვინც უშუალოდ თვითონ არის ჩართული კვლევებში. არა ვინმე მესამე პირი, ვინც კვლევის შედეგი წაიკითხა და მერე სხვას მოუყვა, არამედ თვითონ ის პირი, ვინც თავად არის მკვლევარი – ის უფრო კარგად მოახერხებს მეცნიერების პოპულარიზაციას.

 - მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, მოდით, საქართველოს შევეხოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რა გზებით უნდა მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაცია ჩვენთან?

ყველაზე მარტივი გზა ისევ საჯარო ლექციებია. მაგრამ თუ სახელმწიფო დონეზე ვისაუბრებთ, აქ მთელი პროგრამები უნდა შემუშავდეს, სკოლაში მეცნიერების პოპულარიზაციით დაწყებული, სკოლებში მეცნიერული კომპონენტის გაძლიერებით დამთავრებული. აქ თან არ არის აუცილებელი, აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ყველა მეცნიერი გამოვიდეს. მაგალითად, წლების განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს არამეცნიერებისთვის. კურსს ქვია “აინშტაინის სამყარო”. ამ კურსს ესწრებიან არამეცნიერები: მუსიკოსები, რე- ჟისორები, მომავალი ბიზნესმენები და ა.შ. დაახლოებით 180 სტუდენტი იყო კურსზე ჩაწერილი. აი, ასეთი ტიპის კურსები ბევრგან იკითხება, ასე ვთქვათ, “არამეცნიერულ” წრეებში, რაც, თავის მხრივ, მეცნიერების პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს და, ზოგადად, ძალიან სასარგებლო რამეა. ამას გარდა, ეს სტუდენტები უამრავ ინსპირაციას იღებდნენ ფიზიკის სწავლისგან – ზოგმა რაღაც დახატა, ზოგმა დაწერა. ერთმა ჩემმა სტუდენტმა ისეთი ინსპირაცია მიიღო, რომ, მაგალითად, სიმფონია დაწერა. იყვნენ დამწყები რეჟისორები და სცენარისტებიც, რომლებიც თავიანთი სცენარებისთვის კონსულტაციაზე მოდიოდნენ, რჩევებს მეკითხებოდნენ.

აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ უამრავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობდა ამ კურსზე, იღებდა ცოდნას და ინსპირაციას და შემდეგ თავიანთ სფეროებში იყენებდა; ანუ მეცნიერება ბევრ სფეროში უნდა შევიდეს. მნიშვნელოვანი უნდა გახდეს სკოლებშიც, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის სამეცნიერო დონე საერთაშორისო თუ არ გახდა, მარტო სკოლა ვერაფერს შეცვლის. პირიქითაც არის, ანუ უნივერსიტეტი უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ უნივერსიტეტი ამზადებს იმ პედაგოგებს, რომლებიც მერე ასწავლიან. ამიტომ ყველაზე პრიორიტეტული უნივერსიტეტში სამეცნიერო დონის ამაღლებაა.

 და კიდევ: მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას რამე მსოფლიო დონის კვლევითი ოპერაცია, ჩამოყალიბდეს კვლევითი მიმართულება, რომელიც მსოფლიო სტანდარტის კვლევას აკეთებს. ეს შეიძლება არ იყოს ყოვლისმომცველი, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიო დონის. სხვანაირად ქვეყანაში არაფერი გამოვა.

ჯერ ერთი, საქართველოს ყავს ეგეთი დონის მეცნიერები, რომ მაგის კონცენტრაცია მოახდინოს. მაგრამ რომც არ გვყავდეს ასეთი კადრები, მაშინ სახელმწიფომ გარედან უნდა მოიზიდოს ასეთი ადამიანები. ყველაზე დამღუპველი მიდგომა მეცნიერებისთვის არის ის მიდგომა, რომ თუ ის თვლის, რომ არ ყავს მსოფლიო დონის კადრები და ამბობს: მოდი, ახლა შევქმნი რაღაც პრივილეგირებულ ჯგუფს, რომელიც, შესაძლოა,

მსოფლიო დონის არ იყოს, მაგრამ აქ, ჩემთან, რეგიონში კარგები არიან. მაგალითისთვის, წარმოიდგინე, რომ მყავდეს ხალხი, რომელმაც საერთოდ არ იცის წერა-კითხვა და უცებ ვიპოვო ადამიანი, რომელმაც იცის წერა-კითხვა და ავიყვანო ეს ადამიანი და მას დავარქვა მეცნიერების ლიდერი. რა მოხდება? ასეთ ქვეყანაში მეცნიერება დასამარდება; იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ შედიხარ, როგორც ვიღაც ტიპი, რომელიც სხვაზე ოდნავ უკეთესია.

არსებობს რაღაც აბსოლუტური ზღურბლი, რომლის იქით შეგიძლია გერქვას მეცნიერი. ამის ქვევით, ვიღაცა ვიღაცაზე ოდნავ უკეთესია თუ უარესი – უმნიშვნელო აბსურდია. და თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ასე მეცნიერება ვერ განვითარდება. უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რომ ხარისხზე კომპრომისი არ შეიძლება! არანაირი პრივილეგირებული ორგანიზაცია არ უნდა შექმნა, უნდა შეაგროვო უმაღლესი დონის კადრები და თუ არ გყავს, უცხოეთიდან უნდა მოიწვიო და ჩამოიყვანო. ჩვენ კი ის პლიუსი გვაქვს, რომ საქართველოში ასე მწვავედ არ დგას კადრების პრობლემა, არის უამრავი მაღალი დონის მეცნიერი და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. 

dvali4

“ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრონული ცხვრები?”

- რომ დავუბრუნდეთ მეცნიერული კონცეპტების “გადმოთარგმნას” და პოპულარიზაციას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად შეუძლია, მაგალითად, არტისტს, მუსიკოსს, მწერალს და ა.შ. დაეხმაროს მეცნიერს ახალი კონცეპტების პოპ-კულტურაში გადატანაში?

- არტისტები ძალიან ეხმარებიან მეცნიერებს. დავიწყოთ იქიდან, რომ მეცნიერები თავად ვიღებთ არტისტებისგან ინსპირაციებს. მაგალითად, საჯარო ლექციებსა და საუბრებში, პოპულარულ სტატიებში შავ ხვრელზე საუბრისას ხშირად მომყავს ხოლმე მალევიჩის “შავი კვადრატის” მაგალითი. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ანალოგიაა. სანამ შავ ხვრელს კვანტურ მექანიკას მიუყენებდნენ, ეგონათ, ის არანაირ ინფორმაციას არ ატარებდა, არ გააჩნდა მახასიათებლები, კლასიკური შავი ხვრელი ამ გაგებით ძალიან გავს “შავ კვადრატს”.
არტისტებს ძალიან კარგად შეუძლიათ მეცნიერული კონცეფციების გატანა პოპ კულტურაში. ამასთანავე, მათი, ასე ვთქვათ, “ფუნქცია” შთაგონების მინიჭებაა. ეს ორმხრივი პროცესია: ისინი ჩვენ გვაძლევენ ინსპირაციას, ჩვენ – მათ.

- რა მუსიკას უსმენთ ან რა ტიპის ლიტერატურას კითხულობთ?

- მთელი სპექტრია. ბევრნაირ მუსიკას ვუსმენ და ბევრ მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ. ბოლოს ფილიპ დიკის წიგნს ვკითხულობდი, თანამშრომელმა მაჩუქა, გრძელი სათაური აქვს: “ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრონული ცხვრები?” რატომღაც ისე დაემთხვა, რომ ამ წიგნს მხოლოდ თბილისში ჩამოფრენისას ვკითხულობდი. და აი, ბოლო ჩამოფრენაზე, ახლა დავასრულე.. მუსიკას რაც შეეხება, თითქმის ყველაფერს ვუსმენ: როკს, კლასიკას, რეპსაც კი. სტუდენტობის დროს, მაგალითად, Led Zeppelin-ზე ვგიჟდებოდი. Pink Floyd გვიყვარდა ძალიან. ბევრნაირი მუსიკა მომწონს, იმდენი შედევრი და გენიოსია..

საერთოდ, მუსიკა რომ არ იყოს, ფასი აღარ ექნებოდა სამყაროს ყურებას. სამყაროსაც აქვს თავისი მუსიკა, საწყისი მუსიკა – დიდი აფეთქებიდან დარჩენილი ხმაური, რომლის მოსმენა დღესაც შეგვიძლია ადამიანებს. მთელი ჩვენი სამყარო სავსეა მილიმეტრული ტალღის სიგრძის გამოსხივებით. შესაბამისად, ნებისმიერი ხელსაწყო, რომელიც ასეთი რადიოტალღების მიმართ სენსიტიურია (მაგალითად, რადიო) – სამყაროს ამ საწყის ხმაურს, ადრეულ მუსიკას იჭერს. ამ ტალღებში ჩაბეჭდილია სამყაროს დასაბამის ინფორმაცია.

მახსენდება ჯენეზის პი ორიჯის “სატელევიზიო მაგია”; კიდევ მახსენდება, როგორ ვუსმენდით ხოლმე მე და ჩემი და რადიოს შიშინს AM სიხშირეებზე. მოგვიანებით, როცა წამოვიზარდე, სადღაც წავიკითხე პოპულარული სტატია, რომ თითქოს რადიოს შიშინი “სამყაროს დაბადების” ხმას “ტრანსლირებს” და რადიოს მოსმენა საღამოობით პატარა რიტუალად გადავაქციე. თითქოს ეს ემბიენთი, რომელიც ზღვის მოქცევას გავს, უფრო მაახლოებს უცხო გალაქტიკებთან. ჩემმა გემრიელმა ვალიუმმაც დაიწყო თავისი მოქმედება და ახლა უკვე დვალის ხმა ზღვის მოქცევასავით მესმის.

დიდი აფეთქების თეორია უაღრესად წარმატებული თეორია იყო. თითქმის ეჭვი არ არსებობს უკვე მეცნიერებაში, რომ ეს მოხდა. ეს თეორია ზედმიწევნით კარგად აღწერს უამრავ ფაქტს სამყაროს ისტორიაში. მაგალითად, როგორ წარმოიშვა ელემენტები, როგორ მოხდა ნუკლეოსინთეზი სამყაროში.. და ეს შეუძლებელია, რომ დამთხვევა იყოს, იმიტომ, რომ იმდენ რაღაცაზე გვაძლევს პასუხს ეგ თეორია, რომ ეჭვი არავის ეპარება მის სისწორეში. ანუ ბიგ ბენგ ნუკლეოსინთეზის აღწერა კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ტრიუმფია. ამ თეორიაზე დაფუძნებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა, უფრო ადრეული სამყარო გვენახა და შეგვესწავლა. ახლა ტერმინი მოდური გახდა და ბევრი ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობით ხმარობს. ასე რომ, ადვილია დაიბნე მნიშვნელობებში. მარტივად რომ ვთქვათ, ბიგ ბენგი, ანუ დიდი აფეთქება რაღაც საწყის მომენტს გულისხმობს, საიდანაც ათვლას ვიწყებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდ აფეთქებამდე
არაფერი არ იყო. არავინ იცის, წარსულში სამყაროს ასაკი სასრულია თუ არა. “ასაკი” ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ, რომ დიდ აფეთქებამდე სამყაროში იყო მდგომარეობა, რომლის გასაგებადაც თანამედროვე ფიზიკის კანონები უძლურია. თუ კიდევ უკან გადავახვევთ და დიდ აფეთქებამდე მოგვინდება ჩავიხედოთ, შესაძლოა დროის კონცეფცია საერთოდ შეგვეცვალოს. მგონი, წმინდა ავგუსტინესთან არის ასეთი დიალოგი: რა იყო მანამდე? და პასუხია: “მანამდე დროც არ იყო; ანუ თუ არ არსებობდა დრო, უკვე ვეღარ დასვამ კითხვას “მანამდე”, რომელიც, თავის მხრივ, დროის არსებობას გულისხმობს. აქ დროის კონცეფციაც იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს “პრე-ისტორია” არ არსებობს. “პრეისტორია”, ალბათ, არსებობს და შეიძლება უსასრულოდ გრძელდება. 

- “გაჩნდა” სამყარო და გავჩნდით ჩვენ, მაგრამ მარტო ვართ ამხელა სამყაროში? 

- ნუ ეხლა,მარტო რომ ვიყოთ, ამის ალბათობა ძალიან მცირეა. იმდენად დიდია სამყაროს ხილული უბანი და იმდენად ბევრი კანდიდატი არსებობს, რომ ჩვენნაირი ან ჩვენგან განსხვავებული სიცოცხლის ფორმები არსებობდეს, რომ ძალიან მცირეა ალბათობა იმის, რომ სამყაროში მარტო ვართ.

- რამდენად დიდი ცვლილებები შეიძლება შემოიტანოს ჩვენს ისტორიაში უცხო სიცოცხლის ფორმების აღმოჩენამ? შეიძლება თუ არა უკანა პლანზე გადაწიოს ნაციონალიზმი, სეპარატიზმი.. იმიტომ, რომ ახლა, როცა თქვენ ლაბორატორიაში მუშაობთ ასეთ თემებზე, რამდენიმე ქვეყნის იქით ომია და ვიღაც ადამიანები მე-7 საუკუნის წესებით ცხოვრებას ითხოვენ…

- რაღა დროს ნაციონალიზმია თუ უცხო გონიერი არსებები ვიპოვეთ.. მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, ეს ყოველთვის ხდებოდა, ადამიანის ისტორიას ესეთი რაღაცეები ყოველთვის გასდევდა პარალელურად. გალილეო ცაში იყურებოდა და თან, ათასი უბედურება ხდებოდა იქვე მის გარშემო, მთელი ეს ინკვიზიცია და საშინელებები.. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა აბსოლუტურად უცხო ექსტრა-ელემენტი, უცხო ცივილიზაცია ან გონებრივი ფორმა ჩნდება.. ეს კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპი უნდა იყოს… მაგრამ ხომ გესმით, როგორი მომენტი შეიძლება იყოს? ამ მოვლენას უამრავი მხარე ექნება: ჯერ ერთი, შეიძლება გამოიწვიოს შიში. ამას ემატება პოლიტიკური მომენტი.. კაცობრიობას გააჩნია უზარმაზარი ინერტული მასა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიახლის მიმართ აქვს თავდაცვითი შიში.. ამიტომ სხვა ცხოვრების ფორმასთან კონტაქტს რა შეიძლება მოყვეს, ამის წარმოდგენა ძნელია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენს ცივილიზაციას არსებობა თუ უწერია, თუ ჩვენი თავი არ მოვსპეთ მანამდე – ეს გარდაუვალია. აქ უნდა დავამატოთ, რომ მოსპობა მაინცდამაინც ფიზიკურ განადგურებას არ გულისხმობს. სცენარი შეიძლება განვითარდეს ისე რომ ჩვენ უბრალოდ დეგრადაციისკენ წავიდეთ. გაიხსენეთ შუა საუკუნეები. ძალიან მარტივად შეიძლება ჩვენი თავი რაღაც მენტალურ ჩიხში შევიყვანოთ და რაღაც საშინელ, მოწყენილ, სტაგნაციურ პლანეტად ჩამოვყალიბდეთ და აღარ განვვითარდეთ. ძალიან თავისუფლად შეიძლება ესეც მოხდეს, რომ ცივილიზაციამ განვითარება შეწყვიტოს, მაშინაც კი, თუ ტექნოლოგიებს განავითარებს; ანუ შეიძლება გარკვეული ტექნოლოგიები, მაგალითად, სამხედრო განავითარო, მაგრამ განვითარების სხვა ეტაპზე არ გადახვიდე.

თუ ასე მოხდა და ესეთ სტაგნაციურ მდგომარეობაში დიდი ხანი ვიარსებებთ, მაშინ მოხდება კატასტროფა. როგორც ჩვენს მსოფლიოშია შეუძლებელი, რომ ქვეყანამ იზოლაციონიზმით გასტანოს უსასრულო დრო – ასევე პლანეტა ვერ გასტანს იზოლაციონიზმით. თუ ამ სცენარს წარმოვიდგენთ, კაცობრიობა, საბოლოო ჯამში, სხვა ცივილიზაციის “მონა” გახდება, ან ბუნებრივი კატაკლიზმით დაიღუპება.
ამიტომ, საბოლოო ჯამში, აუცილებელია კოსმოსის კოლონიზაცია. ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ჯერ პლანეტაზე არის რესურსი, რომლის გამოყენება კიდევ შეიძლება. ამას გარდა, თვისობრივად ახალი რაღაცეებიც ჩნდება, რისი მოგონებაც შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ სიცოცხლე გვინდა, კოსმოსის კოლონიზაცია გარდაუვალია. გასაგებია და ლოგიკურია, რომ კაცობრიობა უნდა გაიფანტოს სამყაროში.
თუმცა ეს ისეთი რაღაცაა, რომ ვერ იწინასწარმეტყველებ: შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძალიან სწრაფად გჭირდება
ამ ნაბიჯების გადადგმა და შეიძლება დაგაგვიანდეს კიდეც, შეიძლება ჯერ კიდევ გაქვს უამრავი დრო.

dvali5

მცირეხნიანი პაუზა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ დროს გია დვალი, მაგრამ ჩემს თავში საუკეთესო ჰოლივუდური ტრადიციებით გადაღებული კადრები ტრიალებს, მომაკვდავი სტაგნაციაში გადასული პლანეტის ქალაქებიდან.

თუ ცივილიზაციას განვითარება უწერია, ადამიანი შეეცდება შეცვალოს და გააუმჯობესოს საკუთარი თავი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი შეიცვლება და შეიძლება საერთოდ არ დარჩეს ისეთი, როგორიც ახლაა. ძალიან საინტერესო საკითხია. ნახე, ჩვენ ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ მივხვდით, ადამიანის უნივერსალური სტანდარტი არ არსებობს. არავის არ აქვს უფლება თქვას, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ზოგი ამას ნელა იაზრებს, ზოგი კარგა ხანია მიხვდა. მორჩა: შენ როგორც კი მიხვედი იქამდე, რომ ადამიანის გაგება არის ზოგადად ფართო, ამის მერე უამრავნაირად შეიძლება განვითარდე. მომავლის სცენარები ბევრ ვარიანტს გვთავაზობენ. მაგალითად, შეიძლება ორ ადამიანს უნდა რომ ერთ ადამიანად შეერწყას და მომავალში შეიძლება ტექნოლოგიამ ამის საშუალება მოგვცეს. რა თქმა უნდა, იქნება იქ დებატები, საუბრები დარეგულირებაზე და ა.შ. მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. ალბათ ამას, ერთი მხრივ, მეცნიერული კომპონენტი ექნება და ეს სიახლეები რეგულაციებს დაექვემდებარება, იმიტომ, რომ შეუძლებელია, სახელმწიფოები არ ჩაერიონ ასეთ რაღაცეებში. როგორც ყოველთვის, სახელმწიფოები თვლიან, რომ ასეთ რაღაცეებში უნდა ჩაერიონ და ასწავლონ ადამიანს, როგორი უნდა იყოს. ამას გარდა, ალბათ, შავი ბაზარიც იქნება, თუ ახლანდელ ლოგიკას გავყვებით და ა.შ. ადამიანის ცვლილება – პროცესია, რომელიც გარდაუვალია – ესე მგონია.

თემები, რომლებსაც ბოლო წინადადებაში გია დვალი შეეხო, ცნობილია “მორფოლოგიური და კოგნიტიური თავისუფლების” სახელით. მორფოლოგიური თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი სხეული საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალოს; კოგნიტიური თავისუფლება კი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებებს ამატებს კიდევ ერთს – საკუთარი ცნობიერების შეცვლისა და გაფართოების თავისუფლებას. საკუთარი სხეული და გონება შენ გეკუთვნის და სახელმწიფოს საზღვრები მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი კანი. ეს, რა თქმა უნდა, ჩემეული განზოგადებაა გია დვალის ამ მოსაზრების, მაგრამ მგონია, რომ ბევრ რამეში იკვეთება მასთან. როგორც ზემოთ ვახსენე, საუკეთესო მეცნიერები კარგი სთორითელერებიც არიან, მაგრამ თან, საუკეთესო მეცნიერები, როგორც ამბობენ, მეომრებივით გამბედავებიც არიან. სხვანაირად, თავისუფალი გახსნილი ფანტაზიის და გამბედაობის გარკვეული დოზების არქონით, ალბათ, შეუძლებელია სამყაროს “თვალი გაუსწორო”. ჩემი ბოლო კითხვა, როცა აღმოვაჩნე, რომ უკვე მზე ჩადის და ქალაქი იწყებს ციმციმს, უფრო დამიწებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის (და ალბათ კიდევ ბევრი ადამიანისთვის).

მაგას რად უნდა კითხვა. ცხადია, რომ საჭიროა დეკრიმინალიზაცია. საერთოდ, არ მინდა თავს მოგახვიოთ ჩემი შეხედულებები, ვიცი, რომ ბევრ ადამიანს ეს სჭირდება, ბევრი შეიძლება ინსპირაციასაც იღებს.. მე პირადად არ ვარ მომხრე გარედან დამატებითი ნივთიერებების, ხელოვნური სტიმულირებების მიღების; მგონია, ადამიანის ორგანიზმს ისედაც გააჩნია ამოუწურავი რესურსი, რომ კარგად იგრძნოს თავი და კარგად აგრძნობინოს თავი გარშემომყოფებს, მაგრამ ეს ახლა არანაირად არ ეხება ამ თემას: დეკრიმინალიზაცია რომ აუცილებელი და საჭიროა, ორი აზრი არ არსებობს.

ინტერვიუს დასასრულს, საერთო ფოტოს ვიღებთ დიდი, წითელი მთვარით ფონად. გია ლიფტამდე გვაცილებს, ერთმანეთს ვემშვიდობებით და ვიშლებით – ის ღამე მიფრინავს და უბრუნდება საკუთარ ლაბორატორიას, მე – საკუთარ გეტოს, სადღაც შორს შავი ხვრელები ჭამენ კოსმოსს, როგორც ბაქტერიები ძველ წიგნებს.

მსგავსი სტატიები

რატომ არ შეუძლიათ ზღვის ბინადრებს, შეწყვიტონ პლასტმასით კვება


პლასტმასი არა მარტო გამოიყურება როგორც საკვები, არამედ ის გამოჰყოფს...

სისტემები და აზროვნების კატეგორიები


ავტორი: იოანე შენგელია პირველ სურათზე ხედავთ წირს, რომელსაც აქვს...

მედიტაცია მეცნიერებაში


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო: clevermind.ru დღეს ჩვენ მედიტაც...

საკვებად გამოსადეგი 7 მცენარე ველურ ბუნებაში


მთარგმნელი: ეთერ ჭოხონელიძე წყარო მორიგი გასეირნების თუ ლაშქრობის...

ძილის დამბლა: მიზეზები, სიმპტომები და როგორ შევაჩეროთ ისინი


მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე წყარო რა არის ძილის დამბლა? ძილის დამ...

ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია სტატიაში ინდუქცია და დედუქცია განხილულია სი...

ძილის TOP 11 საშინელი აშლილობა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ძილი, წესით, სიმშვიდისა და რელაქ...

ინდუქცია და დედუქცია სისტემის შემეცნებისას


ავტორი: იოანე შენგელია ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff