გველეშაპის წიაღი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი მატერია შეიძლება დროის პროდუქცია არ იყოს, მაგრამ დროის არსებობის გარ...

gveleshapi
ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი

მატერია შეიძლება დროის პროდუქცია არ იყოს, მაგრამ დროის არსებობის გარეშე მისი პროდუქტიულობა მცირდება. ფიზიკური ტერმინებით, როცა სხეული ძალის მოქმედებით რაღაც გარკვეულ მანძილზე გადაადგილდება, ის მუშაობას ასრულებს, მუშაობა კი, როგორც ყველაფერი სხვა, დროში მიმდინარეობს. თუ არსებას პრეტენზია აქვს იმისი, რომ ცოცხალია, მაშინ თავისი ნებით უნდა ასრულებდეს მექანიკურ მუშაობას - ანუ, ძალის მოდებით უნდა გადაადგილდებოდეს კონკრეტულ მანძილზე, ოღონდ გადაადგილდებოდეს არა უბრალოდ, ყველაფრისგან დაცლილ მატერიაში, არამედ დროში.

შეიძლება ითქვას, დრო გველეშაპია: ჩვენ მის ბნელ ხახაში ვცვივდებით, მაგრამ მისი ორგანიზმი ჩვენს არსებობას არ იღებს, რთავს თავდაცვით რეფლექსს და მოუნელებლად ამოგვიღებს უკან. ხახაში ჩაცვენა დაბადებაა, გველეშაპის გულისრევა - სიკვდილი, ხოლო ამ დაბადებასა და სიკვდილს შორის გველეშაპის წიაღში მივიქცევით და მოვიქცევით, სადაც სულ ქაოსი და შიშია, მათ გვერდით კი - მექანიკური მუშაობა. ქაოსი და შიში შეიძლება მორჩეს, მაგრამ მექანიკური მუშაობა არასდროს სრულდება, რადგან რეალურად არც არასდროს დაწყებულა, ამის მიზეზი კი გადაადგილების მოდული გახლავთ. გადაადგილების არარსებობა - ანუ, როცა სხეული შეკრულ ტრაექტორიას ჰქმნის და არაფრით განასხვავებს თავის მოძრაობას უმოძრაობისგან - ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მუშაობა ნულის ტოლია. ჩვენ, შეიძლება, ძალა მოვდოთ სხეულს და ათ მეტრ სიმაღლეზე ავაგდოთ, საიდანაც იგი აუცილებლად უკან ჩამოვარდება და იმ ადგილამდე მივა, საიდანაც მოძრაობა დაიწყო, მაშასადამე, სიმძიმის ძალა მუშაობას არ შეასრულებს, რადგან იგი ძალისა და გადაადგილების ნამრავლია, ხოლო, რახან გადაადგილება ნულია, ძალა ნულზე გამრავლებით მუშაობის ნულოვან სახეს მოგვცემს.

მოკლედ, ჩვენ გველეშაპის ხახაში ვცვივდებით იმ იმედით, რომ მუშაობას შევასრულებთ, მაგრამ გველეშაპის ბუნება - მაშასადამე, დროის ბუნება - ადამიანის გემოს ვერ ჰგუობს, ამიტომ იგი უკან გვიღებს, საწყის წერტილზე გვაბრუნებს - იმ წერტილზე, საიდანაც მას ხახაში ჩავუცვივდით. რა გამოდის? გადაადგილება ვერ შესრულდა, რადგან ბოლოს მაინც საწყისს წერტილს დავუბრუნდით, აქედან გამომდინარე კი მუშაობა არ შესრულებულა.

ადამიანი ცდილობს, გველეშაპის წიაღში დიდხანს მიმოიქცეოდეს - ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვა, დიდხანს ცოცხლობდეს - მაგრამ რატომ? თუ დავუშვებთ, რომ მარადისობის თანდაყოლილი შეგრძნება გაგვაჩნია, რისი მეშვეობითაც სულისა და გონების უკვდავება რეალურია, მაშინ იმის ლოგიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს, რომ ადამიანი სიცოცხლისგან მალე გათავისუფლებას უნდა ესწრაფოდეს და არა მის გახანგრძლივებას? მაშასადამე, ადამიანში არის ლოგიკის საპირისპირო რაღაცა ძალა, რომელიც თვით ლოგიკას არათუ ტოლს არ უდებს, არამედ ზოგჯერ აღემატება კიდეც.

მაგრამ მაშინ ბუნებრივია, ვიკითხოთ: სად არის ეს ძალა? თუ ჩვენი არსების მატერიალურ ნაწილშია, რატომ ვერ გვიპოვნია და ვერ განგვიმარტავს ისე, როგორც, მაგალითად, ვიპოვნეთ და განვმარტეთ ლოგიკა? ხოლო, თუ ჩვენი არსების ზემოთხსენებულ მარადიულ ნაწილშია, რატომ ცდილობს, გვიან მივიდეს იქ, სადაც, წესით, უნდა მიიჩქაროდეს? გველეშაპის წიაღი - მაშასადამე, დრო, რომელიც ერთადერთი მახასიათებელია ჩვენი არსებობისა - არამდგრადი და არასტაბილურია, რადგან, სიკვდილის სახით, ყოველთვის იქ ვბრუნდებით, საიდანაც დავიწყეთ. არის კიდევ ერთი რაღაც: როცა სხვა კვდება, თამამად გამომაქვს დასკვნა, რომ იგი მოკვდა, მაგრამ, მე თვითონ რომ მოვკვდები, როგორ უნდა მივხვდე, რომ მოვკვდი? მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ მექანიკური მუშაობა შესრულებული არ არის და ჩემი გადაადგილება ნულის ტოლია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საწყისი და საბოლოო წერტილები ერთმანეთს ემთხვევა და მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის.

მსგავსი სტატიები

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ვერგაგებული(?) სიტყვების ლექსიკონი ...

ტოქსიური გარემო


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ ვხდებით ავად? მიზეზი ბევრია, საკმაოდ ...

გარემოცვა - როგორც ჩვენი დაავადების მთავარი მიზეზი


ავტორი: ლუკა შერმადინი როდესაც გამოვლინებას იწყებს რომელიმე დაავ...

დეფრაგ(მე)ნტაცია


ავტორი: ანა თოფურიძე მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რო...

ცოდნის გაზიარების შესახებ


  ავტორი: სერგო ღამბაშიძე ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდ...

გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა


ავტორი: აკაკი სხულუხია იმედგაცრუება, მშობელია ყოველივე სისაძაგლი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff