მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი
კომპლექსი სურია ნამასკარი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც “მზის მისალმება”, ძალიან პოპულარულია იოგას მიმდევრებში. ამ კომპლექსის რეგულარული შესრულება ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აღავსებს ძალებით, ჩუქნის მზიურ, აქტიურ ენერგიას. მისი მოქმედება ამით არ შემოიფარგლება. ითვლება, რომ სავარჯიშოთა კომპლექსი სურია ნამასკარი ადამიანს ამზადებს სულიერი გამოღვიძებისთვის, რამდენადაც ის მოიცავს იოგას პრაქტიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ელემენტს, ასანებს, პრანაიამებს, მანტრაიანებს და მედიტაციის ტექნიკას.
სურია ნამასკარი _ შორეული წინაპრების სალამი შთამომავლობას
სიტყვა “სურია” ნიშნავს მზეს, ხოლო “ნამასკარი” _ მისალმებას, თავის დაკვრას. ძველ დროში მზე ითვლებოდა სულიერი სიმწიფის ძლიერ სიმბოლოდ და წარმოადგენდა თაყვანისცემის ობიექტს. მნიშვნლოვანია ვიცოდეთ, რომ იოგას კომპლექსი “მზის მისალმება” არის არა მხოლოდ ფიზიკური სავარჯიშოების ეფექტური სერია, რომელიც ხელს უწყობს გაწელვას, მოქნილობის განვითარებას, დამასაჟებას, კუნთებისა და შინაგანი ორგანოების ტონუსში მოყვანას გაზნექვისა და მოხრის მონაცვლეობის მეშვეობით, ის ასევე შორეულ ვედურ დროში ბრძენი ადამიანების მიერ ხალხისათვის გადაცემული ღრმა სულიერი პრაქტიკაა.
სურია ნამასკარის ასანები
კომპლექსი სურია ნამასკარი შედგება სხეულის 12 ერთმანეთის მონაცვლე მდგომარეობისგან, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ერთიან ფიზიკურ მატრიცას. იგი ღრმად მოქმედებს ადამიანის სხეულის არა მხოლოდ ცალკეულ ორგანოებზე და სისტემებზე, არამედ შინაგან ენერგეტიკულ პოტენციალზე და შესაბამისად გონებრივ მდგომარეობაზეც.
- ითვლება, რომ სურია ნამასკარის სავარჯიშოების თანმიმდევრული შესრულება ადამიანის სხეულში წარმოშობს ნატიფ ენერგიას, რის წყალობითაც პრაქტიკანტი გრძნობს ძალების მოზღვავებას.
- სურია ნამასკარის პრაქტიკის მეშვეობით საგრძნობლად იწელება და საფუძვლიანად მუშავდება მთელი სხეული. არც თუ ბევრია მსგავსი კომპლექსი, რომელიც მას ამაში შეედრება.
მოცემულ კომპლექსში 12 ასანა ნახევარი წრეა. ისინი სრულდება როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ამგვარად, 24 ასანა ქმნის სრულ წრეს. დამწყებთათვის საკმარისია 3-6-12-24 წრის გაკეთება. უფრო წარმატებულები და გამოცდილი პრაქტიკოსები ადიან სურია ნამასკარის 108 წრემდე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სურია ნამასკარის საწყისი ასანები სრულდება ნელა, ტემპი იზრდება თანდათან, რაც საშუალებას იძლევა დამუშავდეს სხეულის მეტად ტლანქი სტრუქტურები.
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სურია ნამასკარის 108 წრის შესრულების უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ პრაქტიკაში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებმა.
პრანაიამები
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ახლა ეცნობა კომპლექსს „მზის მისალმება“, არ ღირს მოვლენების დაჩქარება. იდეალურ შემთხვევაში დასაწყისისთვის აუცილებელია სურია ნამასკარის თითოეული სავარჯიშოს ცალ-ცალკე შესწავლა. შემდეგ უნდა შესრულდეს გადაბმულად, სტატიკურ მდგომარეობაში სუნთქვის რამდენიმე ციკლზე შეკავებით და თანდათანობით უნდა დაიყვანოთ ასანაში ერთ სუნთქვამდე. მოცემულ პრაქტიკაში რეკომენდებულია განსაზღვრული სახით სუნთქვა : აუცილებელია ჩასუნთქვა გაკეთდეს უკან გადაზნექვის დროს, ხოლო ამოსუნთქვა შესრულდეს წინ დახრისას. მოძრაობების სუნთქვასთან შეწყობა სურია ნამასკარის „მზის მისალმების“ კომპლექსის ათვისების შემდეგი საფეხურია.
სურია ნამასკარის მანტრები
წინა ეტაპის ათვისების შემდეგ პრაქტიკაში ერთვება სურია ნამასკარის მანტრები _ ბიჯა მანტრები ( „ბიჯა“ – მარცვალი), რომლებიც მზის 12 გამოვლინების სადიდებელია. ამ ბგერებს შეუძლია ძალიან მძლავრი ენერგეტიკული ვიბრაციების გამოწვევა, თუმცა მათ არ გააჩნიათ რაიმე განსაზღვრული და პირდაპირი მნიშვნელობა. სურია ნამასკარის მანტრების წარმოთქმა შეიძლება როგორც ხმამაღლა (ან ჩურჩულით), ასევე გონებაში, კომპლექსის ასანებთან თანმიმდევრულად შეწყობით. წარმოიდგინეთ, რამხელა ეფექტი ექნება სურია ნამასკარის 108 წრის პრაქტიკას მანტრებთან ერთად ! მთლად უკეთესი იქნება, თუ ვეცდებით თანდათანობით მივაღწიოთ ამ დონეს და საკუთარ თავზე გამოვცდით მის მოქმედებას.
სურია ნამასკარის პრაქტიკაში შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც მოკლე, ასევე სრული ბიჯა მანტრები. მოკლე მანტრებს იმეორებენ ერთ სრულ წრეზე ოთხჯერ:
1. ომ ჰრამ
2. ომ ჰრიმ
3. ომ ჰრუმ
4. ომ ჰრაიმ
5. ომ ჰრაუმ
6. ომ ჰრაჰა
სურია ნამასკარის სრულ მანტრებს წარმოთქვამენ ცალკეულ მოძრაობაზე თითოს (აქვე მოყვანილია თარგმანი, რომელიც პრაქტიკის დროს არ წარმოითქმება):
1. ომ ჰრამ მიტრაია ნამაჰა _ მოგესალმები, ყოველივე არსებულის მეგობარო!
2. ომ ჰრიმ რავაიე ნამაჰა _ მოგესალმები, სინათლის მომმადლებელო!
3. ომ ჰრუმ სურიაია ნამაჰა _ მოგესალმები, საქმისაკენ მომწოდებელო!
4. ომ ჰრაიმ ბჰანავე ნამაჰა _ მოგესალმები, შუქის მომფენო!
5. ომ ჰრაუმ კჰაგაია ნამაჰა _ მოგესალმები, ზეცაში მოლივლივევ!
6. ომ ჰრაჰა პუშნე ნამაჰა _ მოგესალმები, საკვებისა და ძალის მომცემელო!
7. ომ ჰრამ ჰირანიაგარბჰაია ნამაჰა _ მოგესალმები, კოსმიურო ოქროს არსო!
8. ომ ჰრიმ მარიჩაია ნამაჰა _ მოგესალმები, მზის სხივებო!
9. ომ ჰრუმ ადიტიაია ნამაჰა _ მოგესალმები, ადიტის შვილო!
10. ომ ჰრაიმ სავიტრი ნამაჰა _ მოგესალმები, მზის მაცოცხლებელო ძალავ!
11. ომ ჰრაუმ არკაია ნამაჰა _ მოგესალმები, დიდების ღირსო!
12. ომ ჰრაჰა ბჰასკარაია ნამაჰა _ მოგესალმები, გამსხივოსნებელო!
კომპლექსი „მზის მისალმება“ _ ახალი დღის დაწყების საუკეთესო საშუალება!
ამ პრაქტიკის დიდი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ერთნაირად შესანიშნავად ერგება მომზადების სხვადასხვა დონის მქონე ადამიანებს. კომპლექსით „მზის მისალმება“ შეიძლება დაკავდნენ დამწყებებიც და ისინიც, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს იოგაში. ის ერთობ ხელმისაწვდომია და ადვილად შეიძლება დამკვიდრდეს ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თუკი დაინტერესებული ხართ იოგით დამწყებთათვის, მაშინ თქვენ სწორედ “მზის მისალმება” გჭირდებათ! საკმარისია მას დაუთმოთ დღეში 5-დან 15 წუთამდე, რომ სწრაფად მიაღწევთ საგრძნობ შედეგს. ეს შესანიშნავი საშუალებაა სხეულის კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისათვის, სასიცოცხლო ძალითა და ენერგიით ავსებისათვის იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ აქვს დრო დაკავდეს ხანგრძლივი ვარჯიშით.
შესრულების ტექნიკა
დაწვრილებით განვიხილოთ სურია ნამასკარის შესრულების ტექნიკა. ის შედგება სხეულის ერთმანეთთან დაკავშირებული 12 პოზიციისგან, რომელიც წარმოადგენს კომპლექსის წრის ნახევარს. “მზის მისალმების” სრული წრის შესასრულებლად სავარჯიშოები კეთდება საპირისპირო მხარესაც.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, სურია ნამასკარის შესასწავლად მაგალითისათვის გთავაზობთ კომპლექსის შემდეგი პოზების (ასანების) ფოტოსურათებს.
მდგომარეობა 1
პრანამასანა _ “ლოცვის პოზა”
დადექით სწორად (ზურგი და ფეხები გამართულია), მუხლები და ტერფები მიადგით ერთმანეთს (უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ ტერფები ოდნავ განზე გადგათ). აუცილებლია ხელის გულები შევაერთოთ მკერდის წინ ნამასკარ მუდრის სახით (თითების წვერები ნიკაპის ოდნავ ქვევითაა).
ყურადღების კონცენტრაცია მიმართეთ მუდრაზე, ეცადეთ შეიგრძნოთ ხელისგულებს შორის წნევა. გააკეთეთ ჩასუნთქვა.
მდგომარეობა 2
ჰასტა უტანასანა _ “გაჭიმვა აწეული ხელებით”
ჩასუნთქვისას აწიეთ ხელები რაც შეიძლება მაღლა. ხელისგულები მიმართულია ზევით. გადაიზნიქეთ წელის არეში, ეცადეთ გაჭიმოთ მთელი ტანი.
მდგომარეობა 3
პადაჰასტასანა _ “ტანის მოდრეკა(თავი ფეხებთან)”
ამოსუნთქვის დროს ნელა გადაიხარეთ წინ, ფეხებთან. ხელისგულები დააწყეთ ტერფების გვერდით, ეცადეთ შუბლი შეახოთ მუხლებს. ფეხები შეძლებისდაგვარად გასწორებულია. მოცემულ ეტაპზე თუ არ გაქვთ შესაბამისი მოქნილობა, შეგიძლიათ ოდნავ მოიხაროთ მუხლებში და ამ მდგომარეობაში შეახოთ ხელისგულები ნოხს.
მდგომარეობა 4
აშვასანჩალასანა _ “მხედარი”
ხელისგულები დააწყეთ იატაკზე ტერფების გვერდით. მარჯვენა ფეხით გადადგით დიდი ნაბიჯი უკან, მუხლი დაუშვით იატაკზე, ტერფი ეყრდნობა თითის წვერებს. მარცხენა ფეხი მოხრილია მუხლის სახსარში. მენჯ-ბარძაყის არე გადაწიეთ წინ, ამასთან ერთად ხერხემალი იზნიქება უკან. მიმართეთ მზერა ცისკენ და ჩაისუნთქეთ.
მდგომარეობა 5
პარვატასანა _ “მთა”
ამოსუნთქვის დროს მარცხენა ფეხი გაუსწორეთ მარჯვენას ისე, რომ ორივე იყოს ერთ ხაზზე მხრების სიგანეზე. ამავდროულად კუდუსუნი მიმართეთ ზევით, აწიეთ მენჯი, თავი კი თავისუფლად დაუშვით ხელებს შორის, მოადუნეთ კისერი და ქუსლებით გაიჭიმეთ იატაკისკენ.
მდგომარეობა 6
აშთანგა ნამასკარა _ “მისალმება სხეულის რვა ნაწილით”
ეს ასანა სრულდება წინა ამოსუნთქვის შემდგომ, სუნთქვის შეკავებით. ტერფები რჩება თითებზე დაყრდნობილი, პირველად მუხლები დაუშვით იატაკზე, შემდეგ მკერდი (ხელისგულები მკერდის გასწვრივაა). შეეხეთ იატაკს ნიკაპით. ამგვარად, იქმნება 8 საყრდენი წერტილი: ნიკაპი, ხელის მტევნები, გულმკერდის არე, მუხლები და ფეხის თითები, ხოლო ხერხემალი ძლიერ შეზნექილია.
მდგომარეობა 7
ბჰუდჯანგასანა _ “კობრა”
მკერდი წინ წაწიეთ, მენჯი დაუშვით ძირს და იატაკზე დაყრდნობილი ხელები გაჭიმეთ ისე, რომ მოხდეს ძლიერი ჩაზნექვა. მზერა მიმართეთ ზევით, თხემი გადაწიეთ უკან.
მდგომარეობა 8
პარვატასანა _ “მთა” - იხ. მდგომარეობა 5
მდგომარეობა 9
აშვასანჩალასანა _ “მხედარი” - იხ. მდგომარეობა 4
მდგომარეობა 10
პადაჰასტასანა _ “ტანის მოდრეკა (თავი ფეხებთან)” - იხ. მდგომარეობა 3
მდგომარეობა 11
ჰასტა უტანასანა _ “გაჭიმვა აწეული ხელებით” - იხ. მდგომარეობა 2
მდგომარეობა 12
პრანამასანა _ “ლოცვის პოზა” - იხ. მდგომარეობა 1
დამამთავრებელი ასანა - შავასანა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “მზის მისალმების” კომპლექსის შესრულება დამწყებთათვის არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს. არ არის საჭირო თავიდანვე მრავალი წრის გამეორება. პრაქტიკის დასრულების შემდეგ აღადგინეთ სუნთქვა და შეასრულეთ შავასანა, რაც ითარგმნება, როგორც “მკვდარი კაცის პოზა”.
- ეს არის იოგას მომადუნებელი პოზა, რა დროსაც არაა რეკომენდებული ძილს მიეცეთ, არამედ გაცნობიერებულად დააკვირდით სუნთქვას და სხეულებრივ შეგრძნებებს.
- სურია ნამასკარის კომპლექს „მზის მისალმების“ შესრულების შემდეგ ეს ასანა დიდ როლს თამაშობს, რამდენადაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემაში წარმოქმნილი სხვადასხვა სახის ტოქსინებისგან განთავისუფლებას, ასევე სხეული მოყავს წონასწორულ მდგომარეობაში და აღადგენს ძალებს.
- „მზის მისალმების“ პრაქტიკით დაკავების დროს აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის აქტიურ მდგომარეობაზე. ამავდროულად შავასანა სიმპათიკურ ნერვულ სისტემას „გადართავს“ პარასიმპათიკურზე, გვიბრუნებს სიმშვიდეს და წონასწორობას.
რჩევები ახალბედებს
პრაქტიკა სურია ნამასკარი, მას შემდეგ რაც სხეული აითვისებს ყველა ასანას და ჩაჯდება რითმში – მოძრაობას პლუს სუნთქვა - შეიძლება თქვენთვის დინამიური მედიტაცია გახდეს.
1. თუ თქვენ მისდევთ იოგას დამწყებთათვის, მაშინ „მზის მისალმება“ გადატვირთვის გარეშე შეასრულეთ.
2. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მდგომარეობაში შეხვიდეთ მოდუნებულები.
3. სურია ნამასკარის ტექნიკის შესრულების დროს ასანებში ეცადეთ დაძაბოთ მხოლოდ ის კუნთები, რომლებიც სხეულის კონკრეტულ მდგომარეობაში შეკავებას უწყობს ხელს. ეს დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვაში.
4. ყური უგდეთ საკუთარ სხეულს და თუ შეამჩნევთ, რომ სუნთქვა აგერიათ და გაგიჭირდათ, გააკეთეთ პაუზა, დაუბრუნდით სუნთქვის მშვიდ რითმს.
5. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგიძლიათ პაუზები გააკეთოთ სურია ნამასკარის როგორც სრული წრის (24 ასანა), ასევე ნახევარი წრის (12 ასანა) შემდეგ ან ასანებს შორის.
6. ასევე საჭიროა სხეული მიაჩვიოთ თითოეულ პოზიციაში მოდუნებას, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს კუნთების უკეთ გაწელვას და კომპლექსის შესრულებას მეტად ეფექტურს და სასიამოვნოს გახდის.
7. არ დაგავიწყდეთ კისრის შესახებ. ხერხემლის ეს ნაწილი უნდა გაჭიმოთ წინ ან უკან სხეულის მდგომარეობისდა მიხედვით.
როდის და როგორ ვივარჯიშოთ?
- სურია ნამასკარის შესრულება უკეთესია დილაობით.
- რეკომენდებულია ადრიანად ადგომა და ვარჯიშით დაკავება მზის ამოსვლამდე, ან გარიჟრაჟის დროს სახით აღმოსავლეთისკენ.
- ამგვარად, დილის კომპლექსი “მზის მისალმება” დაგეხმარებათ გამოღვიძებასა და დღის მანძილზე ენერგიით დამუხტვაში.
თუ რაიმე მიზეზით დილით ვარჯიში არ ხერხდება, შეგიძლიათ პრაქტიკით დაკავდეთ დღის თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ამასთან, ეცადეთ დაიცვათ მნიშვნელოვანი წესი _ იოგას ნებისმიერი პრაქტიკა, იქნება ეს იოგა დამწყებთათვის, “მზის მისალმება” თუ მაღალი დონის პრაქტიკა, ყოველთვის უნდა შესრულდეს ცარიელი კუჭით. იდეალურ შემთხვევაში ბოლო კვებიდან ვარჯიშამდე გასული უნდა იყოს მინიმუმ 3-4 საათი. ითვლება რომ, სავარჯიშოთა კომპლექსი “მზის მისალმება” კარგად ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ამიტომ საღამოს, ვახშმის წინ, ასევე კარგი დროა მის შესასრულებლად.
თერაპიული მოქმედება
“მზის მისალმება” იოგათერაპიაში წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს, რომელსაც აქვს კომპლექსური მოქმედება და არ საჭიროებს დიდ დროს, რაც კარგი სტიმულია სულსწრაფი ადამიანებისთვის.
კომპლექსი “მზის მისალმება” სურია ნამასკარი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ის სასიკეთო გავლენას ახდენს სასუნთქ, სისხლძარღვთა, ლიმფურ, საჭმლის მომნელებელ, საშარდე, ნერვულ, ენდოკრინულ სისტემებზე. ასევე დადებითად მოქმედებს კანზე, ჰიპოფიზზე, ფარისებრ და პარაფარისებრ ჯირკვლებზე, თიმუსზე, თირკმელზედა ჯირკვლებზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, სასქესო ჯირკვლებზე და მთელ ხერხემალზე.
ტექნიკა სურია ნამასკარი ეფექტურად ებრძვის ფსიქიკურ აშლილობებსაც, ზოგიერთ სიტუაციაში მედიტაციაზე უკეთ ახდენს გამრუდებული ენერგიის რეორგანიზებას, რაც იწვევს კიდეც სხვადასხვა ფსიქიკურ და მენტალურ აშლილობებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს გადახრა ენერგეტიკულ არხებში, მოცემული პრაქტიკა დაეხმარება სხეულსა და გონებაში ენერგიის ბალანსის დაბრუნებაში. ეს დამოკიდებულია შესრულების ვარიაციაზე.
ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკის ჩართვამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს თავად ცხოვრებაზეც. საკუთარ თავზე პრაქტიკის შედეგებზე დაკვირვებით ადამიანი იწყებს ცხოვრების წესში ცვლილებების შემჩნევას, ხალხთან ურთიერთობაში უფრო პოზიტიური და შემოქმედებითი მხარის დანახვას.
კომპლექსი სურია ნამასკარი უნიკალურია! და თუ თქვენ უკვე გაეცანით ინფორმაციას მის შესახებ, ნიშნავს, რომ მზად ხართ პრაქტიკის დასაწყებად, მზად ხართ, რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დარწმუნდეთ მის სასიკეთო გავლენაში, როგორც სხეულზე, ასევე გონებასა და ენერგიაზე.
ვიდეო თვალსაჩინოებისთვის:
თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ სხვებსაც...