ბუნება ლოგიკურია

Admin
მეცნიერება
0
0

68

ავტორი: იოანე შენგელია

წარმოიდგინეთ სამი ფენომენი:

პირველი: ფუნდამენტალური პრინციპი

მეორე: ფიზიკის კანონები

მესამე: ფიზიკური მოვლენები

კავშირი მეორე და მესამე ფენომენებს შორის არის შემდეგი: მესამე მოვლენები ხორციელდება მეორეზე დაყრდნობით, თანაც მათ განსახორციელებლად არ არის საჭირო გარე ჩარევა (თუნდაც ე.წ. ღმერთისგან). მაგალითად, თუ თქვენ კალამს ხელს გაუშვებთ, ის დაიწყებს ძირს ვარდნას. ეს არის ფიზიკური მოვლენა (მესამე ფენომენი). მაგრამ, მის განსახორციელებლად საჭიროა ფიზიკის კანონი, მაგალითად - გრავიტაცია (მეორე ფენომენი). თავის მხრივ, კალმის ვარდნა არ საჭიროებს გარე ჩარევას, რადგან სიმძიმის ძალა (რაც მეორე ფენომენია) უკვე თავისით ახორციელებს ამ პროცესს (მესამე ფენომენს).

რაც შეეხება კავშირს მეორე და პირველ ფენომენებს შორის, მათ შორის არსებობს ცალსახად ლოგიკური (არამატერიალური, არამედ გონებრივი) კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოფიქრებულ იქნას რაიმე ფუნდამენტალური პრინციპი (პირველი ფენომენი), რომლიდანაც ლოგიკურად (ანუ ლოგიკის კანონების გამოყენებით) გამომდინარეობენ ფიზიკის კანონები (მეორე ფენომენი). ამასთან, ამის განსახორციელებლად საჭიროა გონიერი არსების ჩარევა, ანუ ისეთი არსების, რომელსაც ესმის ლოგიკა.

ამრიგად, იმისათვის, რომ ფიზიკის კანონებიდან გამომდინარეობდეს ფიზიკური მოვლენები, არ არის საჭირო არავითარი გარე ჩარევა. ეს არის ცალსახად მატერიალური და მექანიკური პროცესი. მაგრამ, იმისათვის, რომ ფუნდამენტალური პრინციპებიდან გამომდინარეობდეს ფიზიკის კანონები, ამისთვის უკვე საჭიროა გონიერი ჩარევა. ეს არ არის მატერიალური და მექანიკური პროცესი, არამედ ეკუთვნის გონიერების (ლოგიკის) სფეროს. ამიტომ, მეცნიერების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ არსებობს გონი, რომელიც სამყაროს მართავს.

აუცილებელია, რომ ერთმანეთში არ აგვერიოს ეს ზემოთ ჩამოთვლილი სამი ფენომენი. პირველი ფენომენი არის იდეა (პრინციპი). მისიდან გამომდინარეობს მეორე ფენომენი - ფიზიკის კანონები. მაგრამ როგორ გამომდინარეობენ? - როგორ და - ლოგიკურად, ანუ ყოველგვარი მატერიალური ჩარევის გარეშე, მხოლოდ მსჯელობით. აი რაც შეეხება შემდეგ ეტაპს - ფიზიკის კანონებიდან კონკრეტული მატერიალურ-ფიზიკური მოვლენების მიღება - ეს უკვე მექანიკური პროცესია, რომელშიც გონი აღარ ჩაერევა. გონმა დაწერა მხოლოდ პროგრამა - ფუნდამენტალური პრინციპიდან გამოიყვანა კანონები. შემდეგ კი ამ კანონების მატერიალური კომბინაციებით მივიღეთ ფიზიკური მოვლენები, რომლებიც გონს აღარ საჭიროებენ.

ჩვენთვის უფრო მეტად საინტერესოა კავშირი პირველ და მეორე ფენომენს შორის. რამეთუ, კავშირი მეორე და მესამე ფენომენს შორის ძალიან ადვილი დასანახია და ამის მაგალითი ზემოთ უკვე ვახსენეთ (კალამზე ხელის გაშვება და მისი ვარდნა). თეორეტიკოს ფიზიკოსები იკვლევენ კავშირს პირველ და მეორე ფენომენს შორის, ესეიგი, ეძებენ იმ ფუნდამენტალურ პრინციპებს, რომლებზე დაყრდნობითაც დაამტკიცებენ (ანუ ლოგიკურად გამოიყვანენ) ფიზიკის კანონებს, რომელთა კომბინაციები უკვე იძლევიან ფიზიკურ მოვლენებს (ანუ მესამე ფენომენებს).

თუ გავითვალისწინებთ იმას, თეორიულ ფიზიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს ტენდენცია - გარკვეულ ფუნდამენტალურ პრინციპზე დაყრდნობით ლოგიკურად მიიღონ კანონები, მაშინ შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ სამყაროს მართლაც გონი მართავს? იქნებ ეს კავშირი პირველ და მეორე ფენომენს შორის ჩვენ მოვიფიქრეთ ადამიანებმა და სამყაროს შემოქმედი (თუ ის არსებობს) საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, რომ რაიმე ლოგიკა გამოეყენებინა კანონების მისაღებად? - ამ შეკითხვას პასუხს ვერ გავცემთ. სამაგიეროდ, შეგვიძლია ვისაუბროთ ლოგიკურ კავშირზე ფუნდამენტალურ პრინციპს და ფიზიკის კანონებს შორის.

აქ აუცილებელია გაკეთდეს ერთი შენიშვნა: არც მთლად ასე იდეალურად არ არის ყველაფერი. ანუ, ნუ იფიქრებთ, რომ არსებობს რაღაც ერთადერთი ფუნდამენტალური პრინციპი, რომელიც ახსნის იმას, თუ რატომ მოძრაობენ სხეულები? ან რატომ არსებობენ ელექტრომაგნიტური ძალები? ან რატომ არსებობს გრავიტაცია? და ა.შ. და ა.შ. არა! პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ არსებობს ესა თუ ის ფიზიკური კანონი, ვერ გავცემთ (ჯერჯერობით მაინც). მაგრამ, პასუხი იმ შეკითხვაზე, თუ როგორი სახე აქვთ ამ კანონებს, არსებობს და ეს პასუხი გამომდინარეობს სწორედ ამ ფუნდამენტალური პრინციპიდან, რომელზეც მალევე მოგიყვებით.

ამრიგად, ჩვენ ვერ ავხსნით, თუ რატომ მოძრაობენ სხეულები, მაგრამ ამ ფუნდამენტალურ პრინციპზე დაყრდნობით შეგვიძლია ავხსნათ, თუ რატომ აქვს მოძრაობის კანონს სწორედ ისეთი სახე, როგორიც აქვს. მსგავსად ამისა, ჩვენ ვერ ავხსნით, თუ რატომ არსებობენ ელექტრული და მაგნიტური ველები, მაგრამ მოცემულ ფუნდამენტალურ პრინციპზე დაყრდნობით შეგვიძლია პასუხი გავცეთ იმას, თუ რატომ აქვთ მათ ისეთი სახე, როგორიც აქვთ. მარტივად რომ ვთქვათ: ფიზიკური კანონების არსებობის შეკითხვას პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ იმას კი გავცემთ პასუხს, თუ რატომ აქვთ მათ სწორედ ისეთი სახე, როგორიც აქვთ და რატომ სხვანაირი არ აქვთ. სულ არაფერს ესეც სჯობს..

მაშასადამე, ჩვენ არ ვიცით სამყაროს შემოქმედი ერკვეოდა თუ არა ლოგიკაში, მაგრამ, ჩვენ ვერკვევით და გვსურს მოვიფიქროთ ფუნდამენტალური პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც დავამტკიცებთ ფიზიკური კანონების არა არსებობას, მაგრამ მათ გეომეტრიულ-ფიზიკურ თავისებურებებს მაინც. ბოლო-ბოლო, რა არის ის ფუნდამენტალური პრინციპი, რომელზეც ამდენს ვსაუბრობთ? - ეს არის ბუნების ერთიანობისა და თვითშეთანხმებულობის პრინციპი.

მრავალ ფილოსოფიურ თუ ეზოთერულ მოძღვრებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სამყარო ერთიანია, მიუხედავად თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებებისა და ფორმებისა, ის მაინც ერთიანია. შესაძლოა, ამ მოსაზრებას გააჩნია ფიზიკური საფუძველი. ან, შესაძლოა, ამ მოსაზრებას გააჩნია გარკვეული ფსიქოლოგიური საფუძველიც (ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის თავისებურება). ასეა თუ ისეა, მოცემული მსჯელობა, რომელსაც ამ სტატიაში წარმოვადგენ, ემყარება იმ იდეას, რომ ბუნება ერთიანია. ყოველ შემთხვევაში, ერთიანია მისი არაცოცხალი ნაწილი მაინც, ანუ ფიზიკური სისტემები, რომელთაც არ აქვთ სიცოცხლის ჩანასახიც კი. მე არ ვსაუბრობ ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე, რომლებიც შეისწავლიან ცოცხალ სისტემებს. მე ვსაუბრობ არაცოცხალ ბუნებაზე.

რას ნიშნავს ბუნების ერთიანობა და მისი ნაირსახოვანი გამოვლინებები ფიზიკის სხვადასხვა კანონებში? - ყველაფერი ძალიან მარტივია. სანამ უშუალოდ მაგალითებს მოვიშველიებთ ფიზიკიდან, მანამ მსურს ვისაუბროთ ზოგადად, ესეიგი - აბსტრაქტულად. ვინაიდან, თუ ჩვენ აბსტრაქტულ დონეზე გავერკვევით ამ პრინციპებში, მაშინ კონკრეტული მაგალითების გაგება (და ჩამოყალიბება) არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ, ჯერ ვისაუბროთ ზოგადად. მაშ ასე - ბუნება ერთიანია. სხვათაშორის, თეორიულ ფიზიკაში გავრცელებულია ტენდენცია, რომ ფიზიკის კანონები ლოგიკურად მივიღოთ ე.წ. „უმცირესი ქმედების პრინციპიდან“. თქვენ ახლა დაინახავთ, რომ ერთიანობის პრინციპიდან ლოგიკურად გამომდინარეობს ეს ე.წ. „უმ.ქმ.პრ.“, რომლის ნაირსახეობებსაც წარმოადგენენ ფიზიკის სხვადასხვა კანონები.

ცხადია, რომ სამყაროში მიმდინარე პროცესები ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და ამიტომ ნებისმიერი A პროცესის შესასწავლად საჭიროა ის გამოვყოთ დანარჩენი პროცესებისგან და დავაკვირდეთ, თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი A პროცესზე. როდესაც საუბარია ფიზიკის კონკრეტულ დარგზე, ესეიგი, კონკრეტული მოვლენის შესწავლაზე, ამ დროს ხდება ამ მოვლენის „გამოყოფა“ მისი გარემოსგან და იმის შესწავლა, თუ რა გავლენას ახდენს მოცემული გარემო მოცემულ მოვლენაზე. ესეიგი, თუ ჩვენ გვსურს შევისწავლოთ მაგალითად ბუნების რაიმე A ფენომენი, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთიანობაშია დანარჩენ ბუნებასთან, ის მაინც უნდა გამოვყოთ მისგან და შევისწავლოთ, თუ რა გავლენას ახდენს (ანუ როგორ ურთიერთქმედებს) გარემო კონკრეტულად A სისტემაზე. ეს არის მეცნიერების სტანდარტული მეთოდი.

A სისტემას (რომელიც ერთიანი ბუნების ქვესისტემაა), ისევე როგორც მის გარემოს (ანუ დანარჩენ ბუნებას) გააჩნია თავისი გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრები, რომლითაც ხასიათდება. თუ ჩვენ გვსურს შევისწავლოთ გარემოს გავლენა რაიმე ნებისმიერ A ქვესისტემაზე, მაშინ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ის, თუ რა გავლენას ახდენს გარემოს გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრები მისი ქვესისტემის, ანუ A-ს გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებზე. სხვაგვარად ვერ აღვწერთ ურთიერთქმედებას და გავლენას, თუ არ ვისაუბრებთ კონკრეტულ გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებზე, რომლითაც ხასიათდება როგორც A ქვესისტემა, ასევე, მისი გარემო. თავის მხრივ, ე.წ. „გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში“ შეიძლება მრავალი რამ იგულისხმებოდეს.

ახლა კი ვაყალიბებთ ფიზიკის უნივერსალურ კანონს იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ბუნება ერთიანია: გამომდინარე იქიდან, რომ ბუნება ერთიანია, ნებისმიერი A ქვესისტემის გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების თანაფარდობა და A-ს გარემოს (ანუ დანარჩენი ბუნების) გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების თანაფარდობა ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, ესეიგი, ერთმანეთის ანასახი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ A და მისი გარემო ერთიანი არ არის. ბუნების ერთანობის იდეა იმას გულისხმობს, რომ გარემოს და მისი A ქვესისტემის სტრუქტურა ერთმანეთის ანარეკლია, ესეიგი - თვითშეთანხმებულია.

როგორ მარტივადაა არა ყველაფერი? - ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მე შემიძლია წინასწარვე გითხრათ, რომ ზემო აბზაცში ჩამოყალიბებული პრინციპიდან გამომდინარეობს ისეთი ფიზიკური ფენომენები, როგორიცაა ინერცია, მექანიკურობა, მოძრაობის კანონები, სიმეტრიები და შენახვის კანონები, ელექტრული და მაგნიტური ველების ფორმები, და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, ამ მაგალითებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ახლა კი განვაგრძოთ მსჯელობა. ამრიგად, გარემოს და მისი ქვესისტემის გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების თანაფარდობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ თუ მაგალითად გარემოში რომელიმე პარამეტრის გასწვრივ არსებობს არაერთგვაროვნება, მაშინ მის ქვესისტემაშიც შესაბამისი პარამეტრის გასწვრივ იარსებებს არაერთგვაროვნება. ხოლო, თუ გარემოში რომელიმე პარამეტრის გასწვრივ არსებობს ერთგვაროვნება, მაშინ მის ქვესისტემაშც შესაბამისი პარამეტრის გასწვრივ იარსებებს ერთგვაროვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემულ A ქვესისტემაში რომელიმე პარამეტრის არაერთგვაროვნება ექვივალენტურია მასზე გარემოსგან მოქმედი ძალებისა (გავლენისა). ეს ფორმალურადაც ჩაიწერება:

D(P)=F

სადაც P არის მოცემული ქვესისტემის რაიმე მახასიათებელი პარამეტრი (მაგალითად იმპულსი), D(P) არის ამ პამატერის ცვლილების ოპერაცია, ესეიგი, მისი არაერთგვაროვნების მახასიათებელი, რომელიც უდრის F-ს, ანუ გარემოში არსებულ ძალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ (ანუ მოქმედებენ) მოცემულ პარამეტრზე. ეს ლათინური ასოები შემთხვევით სულაც არ ამირჩევია. P-თი აღნიშნავენ ხოლმე იმპულსს, F-ით ძალას, ხოლო D ერთის მხრივ ცვლილებას გულისხმობს (difference), მეორეს მხრივ ამავე ასოთი აღინიშნება ე.წ. წარმოებულის ოპერაცია (derivative), რომელიც ასევე ცვლილებას აღნიშნავს. მოცემული ფორმულა სხვადასხვა ფიზიკური პროცესებითვის სხვადასხვა ინტერპრეტაციას შეიძენს. ესეიგი, თითოეულ ამ სიმბოლოს (P-ს, D-ს და F-ს) მიეცემა კონკრეტული ფიზიკური და გეომეტრიული დატვირთვა.

კიდევ ერთხელ, რას გვეუბნება ეს კანონი? - იმას, რომ თუ გარემო ერთგვაროვანია რაიმე გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში, მაშინ მოცემული ქვესისტემაც ერთგვაროვანია შესაბამის გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში. ხოლო, თუ გარემო არაერთგვაროვანია რაიმე პარამეტრებში, მაშინ ქვესისტემაც არაერთგვაროვანია შესაბამის პარამეტრებში (ანუ გარემოში არსებობს ძალა, რომელიც მოქმედებს მოცემული სისტემის მოცემულ პარამეტრზე და ცვლის მას, არაერთგვაროვანს ხდის), მაგრამ, ის მაინც ერთგვაროვანია გარემოს მოცემული არაერთგვაროვნების გათვალისწინებით, რამეთუ, მისი არაერთგვაროვნება გამოწვეულია ცალსახად გარემოს გავლენისგან და არა „თავისით“ (ამას ვგულისხმობ ერთიანობაში).

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ფიზიკურ ქვესისტემას თავისით არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ამიტომ ის ყოველთვის მიისწრაფვის მაქსიმალური სიმეტრიისკენ. ან ირღვევა სიმეტრია და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის გარემოში დაირღვა სიმეტრია (ანუ გაჩნდა ძალა), სხვა შემთხვევაში, ის ინარჩუნებს ერთგვაროვნებას. ამიტომ, არაერთგვაროვან გარემოში ქვესისტემაც არაერთგვაროვანია, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავისით შექმნა რაიმე ფორმები, არამედ იმიტომ, რომ გარემოს არაერთგვაროვნება „აისახა“.

ჩავატაროთ აზრობრივი ექსპერიმენტი: მოვათავსოთ ქვა და ადამიანი იზოლირებულ გარემოში. თუ ამ გარემოში არავითარი ძალები არ მოქმედებენ, მაშინ ქვა „გაიყინება“, ესეიგი გაშეშდება იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად დავდებთ. რატომ? იმიტომ, რომ მას თავისით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის მექანიკურია, ინერტულია და სანამ მასზე რაიმე ძალა გარედან არ იმოქმედებს, მანამ ის შეინარჩუნებს თავის უმოქმედობას (ერთგვაროვან მდგომარეობას). ადამიანი კი არ შეინარჩუნებს მდგომარეობას, რამეთუ მასზე მოქმედებენ ძალები, მხოლოდ - არა გარემოდან, არამედ მის შიგნიდან (აზრები, ემოციები, შინაგანი იმპულსები და ა.შ.). ქვის შიგნით კი არ არსებობს არავითარი ძალის წყარო, ამიტომ ის ინარჩუნებს იმ ერთგვაროვნებას, რაც თავდაპირველად მიანიჭეთ.

როგორც უკვე ვახსენე, მე მსურს ლოგიკურად გამოვიყვანო ე.წ. „უმცირესი ქმედების პრიცნიპი“. ეს ძალზედ ადვილია. ის ფაქტი, რომ ქვესისტემას თავისით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ანუ ის, რომ ერთგვაროვან გარემოში ქვესისტემაც ერთგვაროვანია, ხოლო არაერთგვაროვანში კი ქვესისტემაც არაერთგვაროვანია, უკვე გულისხმობს იმას, რომ ბუნება მოქმედებს უმცირესი ქმედების პრინციპით. მართლაც, ერთგვაროვნება იგივე უმცირესი ქმედებაა. ერთგვაროვანი და სიმეტრიული სტრუქტურა - ეს არის მინიმალური სტრუქტურა, რაც შეიძლება სისტემას ჰქონდეს. ნებისმიერი ფორმა არღვევს სიმეტრიას და ერთგვაროვნებას. თუ ჩვენ ვუშვებთ, რომ ფიზიკური ქვესისტემები გარემოს შესაბამისად ერთგვაროვანნი არიან და „თავისით“ არაფერს ამატებენ (არავითარ სიმეტრიის დამრღვევ ფორმას არ ქმნიან), ეს იმას გულისხმობს, რომ მათ გააჩნიათ მინიმალური ქმედება, მინიმალური სტრუქტურა.

ამრიგად, მოდი ჩამოვაყალიბოთ ფიზიკის უნივერსალური კანონი სამი წინადადებით:

1: ფიზიკურ ქვესისტემას, ისევე როგორც მის გარემოს, გააჩნია თავისი გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრები.

2: რომელი პარამეტრის მიმართაც გარემოში არსებობს ერთგვაროვნება, შესაბამისი პარამეტრის მიმართ ქვესისტემაშიც არსებობს ერთგვაროვნება (ანუ არსებობს შესაბამისი შენახვადი ფიზიკური სიდიდე)

3: რომელი პარამეტრის მიმართაც გარემოში არსებობს არაერთგვაროვნება (ანუ ის, რასაც ჩვეულებრივ ძალას ვუწოდებთ), შესაბამისი პარამეტრის მიმართ ქვესისტემაშიც არსებობს არაერთგვაროვნება (ანუ შესაბამისი ფიზიკური სიდიდე არ ინახება), მაგრამ ეს მაინც ერთგვაროვნებაა გარემოს მოცემული არაერთგვაროვნების გათვალისწინებით.

ეს სამი წინადადება ერთ ფორმულაშიც ჩაიწერება, რომელიც უკვე ვიცით: D(P)=F. მართლაც, თუ გარემო ერთგვაროვანია, ესეიგი F=0, მაშინ P-ს ცვლილება არ არსებობს, ანუ ის მუდმივია (ანუ ქვესისტემა ერთგვაროვანია ამ პარამეტრის მიმართ). ხოლო თუ გარემო არაერთგვაროვანია, ანუ F არსებობს, მაშინ შესაბამისი P პარამეტრიც იცვლება და ქვესისტემა აღარ არის სიმეტრიული მის მიმართ. ამ ფაქტს ზოგჯერ ინერციას უწოდებენ, ზოგჯერ მექანიკურობას, ზოგჯერ შენახვის კანონს, ზოგჯერ რას, ზოგჯერ რას. მთავარი აქ ის არის, რომ მოცემული კანონი არის, მეტ-ნაკლებად, უნივერსალური ხასიათის და გააჩნია მრავალფეროვანი გამოვლინება-ინტერპრეტაციები.

როგორც უკვე ვთქვი, მე არ შემიძლია პასუხი გავცე შეკითხვას, თუ რატომ მოძრაობენ სხეულები, მაგრამ ამ კანონზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, თუ როგორია მოძრაობის კანონზომიერება. ასევე, მე არ შემიძლია პასუხი გავცე შეკითხვას, თუ რატომ არსებობს ბუნებაში მუხტი და ელექტრომაგნიტური ძალები, მაგრამ ამ კანონზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, თუ როგორი უნდა იყოს მათი გეომეტრიული თავისებურებები. და ა.შ. ამრიგად, მე პასუხს ვერ გავცემ ფიზიკის კანონების არსებობის შეკითხვას (ანუ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არსებობენ ისინი), მაგრამ შემიძლია ვთქვა, თუ როგორი უნდა იყოს ეს კანონები კონკრეტულ შემთხვევებში. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

მაგალითი: კლასიკური მექანიკა. ამ შემთხვევაში P-ს ადგილას დგას იმპულსი. ამიტომ, მოძრაობის კანონი ჟღერს შემდეგნაირად: თუ გარემოში ძალები არ მოქმედებენ, მაშინ სხეული მოძრაობს მუდმივი იმპულსით (ესეიგი, წრფივად და თანაბრად), ხოლო თუ გარემოში ძალები არსებობენ, მაშინ შესაბამისი მიმართულებით იმპულსი (ანუ სიჩქარე) იცვლება.

მაგალითი: კვანტური მექანიკა. ამ შემთხვევაში P-ს ადგილას დგას ნაწილაკის აღმოჩენის ალბათობა. ამიტომ, კანონი ჟღერს შემდეგნაირად: თუ გარემო ძალები არ მოქმედებენ, მაშინ ალბათობის განაწილება სივრცე-დროში არის ერთგვაროვანი. ხოლო, თუ გარემოში ძალები არსებობენ, მაშინ რომელი მიმართულებითაც არსებობს ძალა, იმ მიმართულებით ალბათობის განაწილება აღარ არის ერთგვაროვანი.

მაგალითი: ელექტრული ველი. ამ შემთხვევაში P-ს ადგილას დგას ელექტრული ველი. მას წარმოქმნის წერტილოვანი მუხტი, ამიტომ მას აქვს სფერული სიმეტრია. მაგრამ, თუ გარემოში არსებობს მაგნიტური ველი, რომელიც მასზე გავლენას ახდენს, მაშინ ელექტრული ველი კარგავს სფერულ სიმეტრიას.

მაგალითი: მაგნიტური ველი. ამ შემთხვევაში P-ს ადგილას დგას მაგნიტური ველი. მას წარმოქმნის მოძრავი წერტილოვანი მუხტი, ამიტომ მას აქვს წრიული სიმეტრია. მაგრამ, თუ გარემოში არსებობს ელექტრული ველი, რომელიც მასზე გავლენას ახდენს, მაშინ მაგნიტური ველი კარგავს წრიულ სიმეტრიას.

მაგალითი: გრავიტაცია. ამ შემთხვევაში P-ს ადგილას დგას სივრცის მეტრიკა. ამიტომ, კანონი ჟღერს შემდეგნაირად: თუ გარემო ერთგვაროვანია (ანუ მასში არ არსებობს მასიური სხეული), მაშინ სივრცის მეტრიკა არის ერთგვაროვანი (ანუ ბრტყელი, როგორც იტყვიან). ხოლო, თუ გარემოში არსებობს მასა (რომელიც გავლენას ახდენს სივრცის სიმრუდეზე), მაშინ სივრცის მეტრიკა აღარ არის ერთგვაროვანი.

მაგალითი: სტატისტიკურ ფიზიკა. ამ შემთხვევაში P-ს ადგილას დგას ნაწილაკების განაწილება. ამიტომ, განაწილების კანონი ჟღერს შემდეგნაირად: თუ გარემოში ძალები არ მოქმედებენ, მაშინ განაწილება მიისწრაფვის ერთგვაროვანი განაწილებისკენ (ენტროპიის კანონი). ხოლო, თუ გარემოში არსებობს ძალა რაიმე მიმართულებით, მაშინ განაწილება მოცემული მიმართულებით აღარ არის ერთგვაროვანი.

ეს არის მცირედი ჩამონათვალი ფიზიკის ფუნდამენტალური დარგებისა, რომლებშიც რეალიზდება ეს უნივერსალური პრინციპი, ეს საერთო ტენდენცია. არსებობს ალბათ სხვა მაგალითებიც, რომლებიც მე ჯერ არ შემხვედრია, ჩემი მწირი ცოდნის გამო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიკის სხვა დარგებშიც მუშაობს ეს უნივერსალური კანონი.

ხედავთ რაოდენ მრავალფეროვანი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს ამ უნივერსალურ კანონს. ერთმანეთთან კავშირში რომ არ არიან ისეთ ფიზიკურ მოვლენებს შეიძლება ახასიათებდეთ ეს საერთო ტენდენცია. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი კანონი ეკუთვნის კონკრეტულ ფიზიკურ დარგს, რომელზეც საათობით შეიძლება საუბარი და რაც მთავარია, ამ კანონის უფრო დეტალურად ჩამოყალიბება (გეომეტრიისა და ალგებრის გამოყენებით) და მისი სამართლიანობის დამტკიცება, რასაც ამ სტატიაში არ გავაკეთებთ, რამეთუ ეს მოითხოვს მათემატიკის ღრმა ცოდნას.

გააზიარეთ თუ მოგწონთ.

 

მსგავსი სტატიები

სიმართლე მარიხუანას შესახებ (Clevermind)


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: მამუკა გურული დიდი ხანია მთხოვ...

სიმების თეორია მარტივად


მთარგმნელი: იოანე შენგელია   - გენიალური იდეა მომივიდა: შეიძ...

5 საუკეთესო პროდუქტი ტვინისათვის


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე მე შემიძლია გითხრ...

რომელია ბუნების ოთხი ფუნდამენტალური ძალა


მთარგმნელი: იოანე შენგელია (მთარგ.შენიშ: უკვე დიდი ხანია ცნობილია,...

ფსიქოდელიურ ნარკოტიკებს ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ


წყარო ავტორი: Yasemin Saplakoglu მთარგმნელი: დავით ტურაშვილი უ...

რატომ არ შეუძლიათ ზღვის ბინადრებს, შეწყვიტონ პლასტმასით კვება


პლასტმასი არა მარტო გამოიყურება როგორც საკვები, არამედ ის გამოჰყოფს...

ძილის პარალიზი და ფეთქებადი თავის სინდრომი


ზოგი პარანორმალური მოვლენა შეიძლება აიხსნას ძილის პარალიზით და ფე...

რატომ აქვს ჩვენს ტვინს ნაოჭები?


ავტორი: Aylin Woodward წყარო მთარგმნელი: დავით ტურაშვილი ადმია...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff