ავტორი: მამუკა გურული
ამ სტატიაში ვეცდები ძალიან არსობრივად და მოკლედ წარმოგიდგინოთ ზოგადად მაგიის და განსაკუთრებით შავი მაგიის მოქმედების და ზეგავლენის პრინციპები.
თუ გვინდა, რომ ამ თემას არსობრივად ჩავწვდეთ, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს ეგრეგორების თემა, და ადამიანს უნდა ვხედავდეთ არა ცალკე, განყენებულ ერთეულად, არამედ, როგორც რაღაც უზარმაზარი სისტემის და შემდეგ ქვესისტემების შემადგენელ ნაწილს. ასევე უნდა მოვაშოროთ ყოველგვარი მისტიფიკაცია და მოვლენებს შევხედოთ მაქსიმალურად ობიექტურად. ერთია, რომ ყველაფერს ვერ ავხსნით, და მითუმეტეს მეცნიერებას ჯერ არ გააჩნია ამის ინსტრუმენტები, მაგრამ არსებობს ლოგიკა, რაციონალიზმი, დედუქცია და სხვა მეთოდები, რითაც შეიძლება მაქსიმალურად მივუახლოვდეთ რეალობას. ასევე არსებობს უშუალო ხედვა, რომლის უნარიც ჩვეულებრივ მოკვდავებს ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია (არ ვგულისხმობ ჩვეულ ადამიანურ შეგრძნებებს, წარმოსახვებს, ჰალუცინაციებს ან რეალობის ძალიან მცირე-ნაწილობრივ აღქმას, რომელზეც დარჩენილ ნაწილს ილუზიებით ავსებენ ხოლმე).
ნებისმიერი მაგია, და მათ შორის შავი მაგია მოქმედებს 3 ძირითადი გზით:
1. პლაცებო მაგია - როცა გაჯერებენ, ან თავს აჯერებ, რომ ვიღაცამ რაღაც პოზიტიური ან ნეგატიური გაგიკეთა და ამან იმოქმედა. ელემენტარული ფსიქოლოგია და NLPვისაც ესმის, ადვილად მიხვდება თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. აქ გამოსავალია - უბრალოდ გაგეცინოთ, ან გაატაროთ მსგავსი ინფორმაცია. ხშირად რაიმე რიტუალური ნივთიც კი (მაგალითად ნაპოვნი კვერცხი და ათასი „ოხრობა“) რეალურ ძალას არ ატარებს, მაგრამ თუ დაინახეთ და შეგეშინდათ, მერე კი ნამდვილად იწყებს მოქმედებას შიშის გამო. მოკლედ, რაც უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ ასეთ „ნამჩხიბავებს“, მით უფრო რეაურად მოქმედებს იგი თქვენზე.
[კვადრატულ ფრჩხილებში მოვნიშნავ ხოლმე ტექსტს მათთვის, ვისაც ვექტორული ფსიქოლოგია ესმის: ასეთ შემთხვევებში მსხვერპლნი როგორც წესი ვიზუალები არიან ხოლმე. ვიზუალებს ყველაზე მეტად ეშინიათ და ყველაზე მეტად სჯერათ მსგავსი თემების. ხშირად „ვითომ-მჩხიბავებიც“ სწორედ ვიზუალები არიან, მაგრამ რეალურად მათ რიტუალებს ძალა თითქმის არ აქვს, თუ უშუალოდ არ შეაშინეს მსხვერპლი. ისინი ძირითადად ემოციებით საზრდოობენ და შესაბამისად ზემოქმედებაც უფრო მეტად ემოციებზე შეუძლიათ]
2. ეგრეგორული მაგია- მაგიის ამ ტიპს უამრავი მიმართულება აქვს. მათ შორისაა საეკლესიო მაგია, სასაფლაო მაგია, სისხლის მაგია, რუნული მაგია, ვუდუ და ა.შ. ამ მაგიას, უკვე რეალური ზემოქმედება გააჩნია და ძალთა თანაფარდობის პრინციპით მოქმედებს. ვეცდები ეს პრინციპი უფრო დაწვრილებით ავხსნა, და გამოვიყენებ ჩემს საყვარელ სიტყვას - „მადლ-ფოინთი“ (point - ერთეული).
მაგს ან მჩხიბავს, რომელსაც შეუძლია რომელიმე ეგრეგორის კარგი გამტარი იყოს, შესაბამისად ამ ეგრეგორისგან (ან ეგრეგორებისგან) დაგროვილი აქვს მადლ-ფოინთები. ის ერთგვარ ქურუმს წარმოადგენს და საკმაო ენერგიის კონცენტრირება, მობილიზება და მისით მანიპულირება შეუძლია. ასეთი მჩხიბავები პირველ რიგში ცდილობენ შესაბამისი ეგრეგორის ფართოდ რეკლამირება მოახდინონ (მადლ-ფოინთების დასაგროვებლად), და მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა ჰყავდეთ, რათა გარკვეული ცოდნის გადაცემის სანაცვლოდ მათგან რწმენის ენერგია (რწმენ-ფოინთები) და მადლიერება მიიღონ (ასევე მადლ-ფოინთების დასაგროვებლად). 3 რწმენ-ფოინთი უდრის 1 მადლ-ფოინთს (ეს ხუმრობით).
რა თქმა უნდა, ყველანი ისინი ცდილობენ დაგარწმუნონ იმ ეგრეგორის ძლევამოსილებაში, რომლის გამტარებიც არიან, ასევე იმაში, რომ სიკეთეს ემსახურებიან (პირდაპირ ხმამაღლა რომ ამბობენ ბოროტს ვემსახურებითო, ასეთ იდიოტებს ჩვენს დროში ნაკლები ძალა და მადლ-ფოინთი აქვთ). გარკვეული ცნობიერი ან არაცნობიერი საჯარო ემოციური [ვიზუალებზე გათვლილი] გამოსვლის ან დაშინების შემდეგ ისინი პოულობენ იმათ, ვისაც „მათ იქით გზა აღარ აქვთ“, და უტარებენ რიტუალს - აქ იგულისხმება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მაგია [კლიენტთა დიდი ნაწილი ამ შემთხვევაშიც ვიზუალები არიან]. რიტუალი როგორც წესი რაღაც დონეზე მაინც მუშაობს, რადგან აქ რეალურად ქურუმის (და რიგ შემთხვევებში კლიენტის) მადლ-ფოინტები იხარჯება. და რაც უეჭველად იხარჯება - ეს კლიენტის ფულია.
აღსანიშნავია, რომ თუ ასეთი ქურუმი პარაზიტული (დესტრუქციული) ეგრეგორის გამტარია, მაშინ ის ყველა შემთხვევაში ვალში რჩება ეგრეგორთან (ან წინა ცხოვრებიდან უკვე ვალშია, და იმიტომაც აქვს ძლიერი კავშირი) და ამ ვალს თავისი მიმდევრების ან კლიენტების ენერგიით (მადლ-ფოინთებით) იხდის. სანაცვლოდ იღებს აღიარებას ან ფულს (ან ორივეს ერთად). მაგრამ თუ ჯანსაღ და სისტემურ ეგრეგორებთან არ დაალაგებს კავშირს, ოდესღაც, როცა მისი პარაზიტული ეგრეგორი დასუსტდება, მასაც მოეკითხება (შესაძლოა რომელიმე მომდევნო ცხოვრებაში). სრული ბლეფი და ილუზიაა, თითქოს ამ ქურუმს ეგრეგორზე, ბუნების სტიქიებზე, ძალის ნივთებზე ან თუნდაც კლიენტზე გადააქვს პასუხისმგებლობა ან/და ნეგატივი. ეს მხოლოდ ზედაპირული და დროებითი ეფექტია, სიღრმეში კი პრინციპები ძალიან ხისტი და არალავირებადია. სამყაროს კანონია, რომ მეტისმეტად დესტრუქციული ან უბრალოდ დრომოჭმული ეგრეგორები ადრე თუ გვიან კვდებიან.
მოკლედ გავიმეორებ პრინციპს: რეალურად მუშაობს არა თვითონ რიტუალი ან მეთოდი, არამედ ქურუმის (ან რიგ შემთხვევებში კლიენტის) განზრახვა და ამ განზრახვის შესაბამისი ვალუტა (მადლ-ფოინთები). რიტუალი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ქურუმმა ეგრეგორს ხარკი გადაუხადოს, ან უბრალოდ ფიქსაციის წერტილი გადაანაცვლოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მის განზრახვას მეტი ძალა (თუნდაც მეტი ემოციის ხარჯზე) ექნება. რიტუალების უმეტესობას როგორც წესი სწორედ ემოციური ჩართულობის ფუნქცია აქვთ.
ახლა განვიხილოთ, თუ როგორ მოქმედებს ქურუმების მჩხიბაობა რეციპიენტზე (მიმღებზე). თუ მიმღები წარმოადგენს ადამიანს, რომელსაც ქურუმზე გაცილებით ნაკლები მადლ-ფოინთი აქვს (მადლ-ფოინთების დაგროვების მეთოდებზე ბოლოს ვისაუბრებ), მაშინ მისი რიტუალი (სინამდვილეში კი განზრახვა) რეალურ ზემოქმედებას მოახდენს მასზე. რაც უფრო დიდია სხვაობა მადლ-ფოინთებს შორის, მით უფრო მეტი პროცენტით იქნება რეალიზებული ეს ზემოქმედება (ისევ ვიმეორებ, რომ აქ მარტო შავი მაგია ან სასიყვარულო მაგია არ იგულისხმება, მაგრამ ნებისმიერი თუნდაც პოზიტივი, რეციპიენტის ნების გარეშე გარედან თავსმოხვეული, საბოლოო ჯამში შავ მაგიამდე დაიყვანება). შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეგრეგორის კარგი გამტარია და ბევრი მადლ-ფოინთი აქვს მხოლოდ იმის გამო, რომ მაგალითად, ქრისტიანული ეგრეგორის მრევლობის შემთხვევაში პირ-ჯვარს იწერს ან კვირაში ერთხელ ეკლესიაში დადის. ასეთი მრევლი უბრალოდ საკვებია ეგრეგორისთვის და ეს ეგრეგორი მხოლოდ მცირე დოზით თუ დაიცავს მას. რასაც ვერ ვიტყვით ისეთ მრევლზე ან სასულიერო პირებზე (ანუ თავად ქურუმებზე), რომლებიც აქტიურად ქადაგებენ, დიდი ჩართულობა აქვთ რიტუალებში და ეგრეგორის ძლიერი გამტარნი არიან (აქ ეგრეგორში ვგულისხმობ ქრისტიანული ეგრეგორის ზედაპირულ და ხელოვნურ მხარეს, რომელიც ქრისტეს იმპულსს რეალურად დაშორდა).
ვფიქრობ ძალთა თანაფარდობის პრინციპი გასაგებია. რაც უფრო მეტი მადლ-ფოინთი გაქვს, მით უფრო დაცული ხარ. ამ მხრივ ყველაზე სახიფათოა ჯგუფური რიტუალური მაგია, როდესაც თავიანთი განზრახვით რამდენიმე ქურუმი ერთიანდება და ერთად აკეთებს თავდასხმას (ან თუნდაც პოზიტივის გაგზავნას). ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი მადლ-ფოინთი გჭირდება იმისთვის, რომ გადარჩე. თუმცა ისეთი თავდასხმი შემთხვევებიც, როდესაც რეალურად ძლიერ ქურუმთა ჯგუფი ერთიანდება, ასევე უკიდურესად იშვიათია.
[გარდა მადლ-ფოინთებისა, მნიშვნელობა აქვს ადამიანის ვექტორულ წყობას, განვითარებას, ტემპერამენტს, მოქმედების მასშტაბებს, თუმცა საბოლოო ჯამში არსობრივად ეს ყველაფერიც მადლ-ფოინთების შედეგია (წინა ცხოვრებებიდან). თავად ქურუმი კი, როგორც წესი სმენის ან უფრო ხშირად ყნოსვის ვექტორის მატარებელია (როგორც წესი, ვიზუალთან ერთად). ყველაზე ძლიერი ქურუმები ისინი არიან, ვისაც ოთხივე ზედა ვექტორი აქვთ - ორალური, ვიზუალური, ყნოსვის და სმენის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი მაგიისკენ უფრო ხშირად სცენარით ყნოსვები მიდიან, თეთრი მაგიისკენ კი - სცენარით სმენები და ვიზუალები].
3. მენტალური მაგია- ესაა მაგიის სახე, როდესაც კონკრეტული რიტუალებისა და ეგრეგორებთან დაკავშირებული მეთოდების გარეშე, ზემოქმედება ისევ და ისევ განზრახვის ძალით ხდება. მაგალითად ვინმეზე ძალიან გაბრაზდით. თუ ეს აგრესია „სამართლიანია“, მაშინ თქვენი ცნობიერი ან არაცნობიერი განზრახვით ამ ადამიანს დააზიანებთ (ეს იგივეა დაახლოებით, რაც დაწყევლა), ან როგორც მინიმუმ მადლ-ფოინთებს ჩამოაკლებთ მას (ეს ნახევრად-ხუმრობით).
რა თქმა უნდა ძალთა თანაფარდობის პრინციპი აქაც იგივენაირად მუშაობს. თუ თქვენზე მენტალურად და ენერგეტიკულად ძლიერ ადამიანს გააბრაზებთ, და თუ ამ დროს მადლ-ფოინთებიც მასზე გაცილებით ნაკლები გაქვთ, მაშინ დროა დაცვისთვის ზემოთ ნახსენებ ქურუმებს მიმართოთ (ესეც ნახევრად-ხუმრობით).
აქედან გამომდინარეობს დასკვნა: ეცადეთ იშვიათად გაბრაზდეთ ვინმეზე, შეინარჩუნოთ წონასწორობა და ასე დესტრუქციულად და უაზროდ არ დახარჯოთ სიმწრით მოპოვებული მადლ-ფოინთები...
და ბოლოს, როგორც შეგპირდით, მადლ-ფოინთების დაგროვების მეთოდებზეც გეტყვით ორ სიტყვას:
მადლ-ფოინთების დაგროვების ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა - ემსახუროთ მთლიანს, ემსახუროთ სოციუმს, ემსახუროთ საკუთარ უმაღლეს მეს... ემსახუროთ იმ საქმით, რაც თქვენ თვითონ განიჭებთ სიამოვნებას, არ აკეთოთ ის საქმე, რაც სიამოვნებას არ განიჭებთ (ამ შემთხვევაში ფულის გარდა ვერაფერს დააგროვებთ), და ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს თქვენი მადლიერი.
მადლ-ფოინთების დაგროვება ნებისმიერი ეგრეგორის გამტარობით ან მისი მსახურებითაც შეგიძლიათ, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, პარაზიტულ ეგრეგორებთან საბოლოო ჯამში ვალში რჩებით, ამიტომ ემსახურეთ შედარებით ჯანსაღ და სისტემურ ეგრეგორებს. როგორც ქრისტე ამბობს: „გამომყევი, და ყველა ცოდვა მოგეტევება“.
პირველი ყველაზე ახლო ეგრეგორი, რომელსაც უნდა ვემსახუროთ - კაცობრიობაა. თუ ერთ მთლიანს (სამყაროს) შენი რეალური ფუნქციის შესაბამისად ემსახურები, სამყარო თავისთავად დაგიცავს და არცერთი ქურუმის, მაგის თუ მჩხიბავის დაცვა აღარ დაგჭირდება.
ამ თემებზე უამრავი ტომების დაწერა შეიძლება, მაგრამ ვეცადე ძალიან არსობრივად და მოკლედ გადმომეცა მტავარი აზრი. დააგროვეთ მადლ-ფოინთები და იყავით ბედნიერი!
მანამდე კი დაიწყეთ იმით, რა რჩევითაც ეს სტატია დავიწყე. კარგად გაერკვიეთ ეგრეგორების რაობაში. ეგრეგორების შესახებ ჩემი ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.