სილვია პლათი

ალქიმიკოსი
ხელოვნება პერსონა
0
0

სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება უმთავრესად კონფენსიონალური პოე...

sylvia

ავტორი: გურამ თხის რქა ღვარძლიანი

სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება უმთავრესად კონფენსიონალური პოეზიით შემოიფარგლება, თუმცა, მხოლოდ პოეტის სტატუსს როდი იმსახურებს: თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე მისი ერთადერთი პრაზაული ნაწარმოები, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი,  "ზარხუფი", გამოიცა. 

1963 წელს ლიტერატურათმცოდნეები ვიქტორია ლუკასის ავტორობით დაბეჭდილ "ზარხუფს" კრიტიკის ცეცხლში ატარებდნენ, როდესაც სილვია პლათმა შვილებისთვის საუზმე მოამზადა, მათი საძინებელი საიმედოდ ამოქოლა და თავი გაზით მოიწამლა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამომშვიდებოდა სიცოცხლეს, რომლის ზარხუფისეული უჰაერობა სასტიკად სტაჯავდა და ატანაც უკვე აღარ შეეძლო.  

როდესაც ვსაუბრობთ მის შემოქმედებაზე, აუცილებლად თვალი უნდა გავადევნოთ მის ბიოგრაფიასაც, რადგან ეს ორი, სილვია პლათის შემთხვევაში, ერთმანეთზე ძლიერ გადაჯაჭვულია და, თუკი რომელიმე მათგანი არასრულ ინფორმაციას იძლევა ჩვენთვის საინტერესო თემაზე, მაშინ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მეორე ამოავსებს ამ ინფორმაციულ ნაპრალს. ამიტომ "ზარხუფში" დატოვებული ინტრიგის ახსნას მისი პოეზიის, დღიურებისა და ბიოგრაფიული ცნობების საშუალებით შევეცდები.  

"ზარხუფის" ინტრიგა კი ის არის, რომ მკითხველი ვერ იგებს, დაამარცხა თუ არა დეპრესია რომანის მთავარმა გმირმა, სახელად ესთერმა, რომელიც ახალგაზრდა გოგონაა - წარმატებული და წარჩინებული; ის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვებს და ნიუ იორკში გაემგზავრება, სადაც მარმარილოთი მოპირკეთებული მდიდრული სასტუმროს ნომერში ცხოვრების, კარგად კვების, უამრავი მდიდრული ტანსაცმლის ყიდვის, წვლეულებზე სიარულისა და მისი ინტერესის სფეროში მოღვაწე ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრის და ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობებითაა უზრუნველყოფილი. მაგრამ ყველაფერი ერთ თვეში მთავრდება. ესთერი სახლში ბრუნდება და იქ საშინელი სიურპრიზი ხვდება. კოლეჯიდან, სადაც სწავლის გაგრძელბას გეგმავდა, უარი მოსდის. ამის შემდეგ იწყება შიმშილობა, უძილობა... ამ დროს პირველად ჩამოემხობა მის თავს ზარხუფი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი, რომლის შიგნით დეპრესიული, სიკვდილამდე გამგუდავი უჰაერობაა. დედამისი გადაწყვეტს, რომ შვილს ფსიქიატრიულ კლინიკაში უმკურნალოს, სადაც ზარხუფის ქვეშ მოქცეულ, თვითმკვლელობაზე აკვიატებული აზრებით შეპყრობილ, ცხოვრებისგან იმედგაცრუებულ ესთერს ელექტროშოკური თერაპია უტარდება. ყველაფერი ლაგდება, თითქოს ესთერი კარგადაა, მაგრამ სულ ბოლოს მაინც ეჭვები სტანჯავს: "საიდან ვიცოდი, რომ ერთ დღესაც – კოლეჯში, ევროპაში, სადმე, ნებისმიერ ადგილას – იგივე ზარხუფი – თავისი უჰაერო, გამანადგურებელი სიმძიმით, კვლავაც არ ჩამოეშვებოდა" (ზარხუფი, 294, დიოგენე 2014).  

 

როგორც მთარგმნელი, ლელა სამნიაშვილი, წერს წინასიატყვაობაში, "ზარხუფი ბოლომდე გააზრებული, საშინელებამდე გულწრფელი, მაგრამ მწყობრი, რეტროსპექტიული ნაწერია. შეიძლება წარსულში ასეთი თანმიმდევრული, მიზანმიმართული ჩაბრუნებაც კი გახდა ავტორის "ზარხუფის ქვეშ" ხელახლა მოხვედრის მიზეზი. ამჯერად – მთელი სასუნთქი ჰაერის დახარჯვით, სასიკვდილოდ". გულწრფელი თხრობის სტილი უკვე გათავისებული ჰქოდა სილვია პლათს. მისი ლექსები აღმსარებლური პოეზიაა, სადაც პირველი ნიშნები, უფრო სწორად კი, სიმბოლოები ჩნდება იმისა, თუ როგორ შეერწყა ერთმანეთს მისი შემოქმედება და ცხოვრება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი პოსტმოდერნისტული ეპოქის ნაწილია, რომლის პირობებში კულტურა ელიტარიზმს გაემიჯნა და კომერციულ გათვლებზე ორიენტირების საფუძველზე ადამიანის ყოფითი სფეროც მოიცვა. შესაბამისად, სილვია პლათი პირველი არ ყოფილა, ვინც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება შემოქმედების ცენტრარულ ღერძად აქცია.  

რომანში აღწერილია იმდროინდელი ამერიკა - ქვეყანა, სადაც წარუმატებლობა ყველაზე დიდი სირცხვილია. ალბათ, ამიტომაც ვარდება ესთერი სასოწარკვეთილებაში, როცა წარმატების ბეჯითი და გრძელი გზიდან ფეხი გადაუცდება და პირველად მოუწევს მარცხთან შეჯახება, რომელსაც მაინც არ ნებდება და საბოლოოდ, თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ ტრიუმფს აღწევს, ზარხუფის პირველი ტყვეობისგან თავისუფლდება. თუ კარგად დავაკვირდებით, მისი დეპრესიის მიზეზი მხოლოდ წარუმატებლობა არ არის და არც შეიძლება, რომ ეს უკანასკნელი თამაშობდეს დიდწილად მნიშვნელოვან როლს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის ცხოვრობს ეპოქაში, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე მიმართულება, მიზანი მისცა და ახლა მათ შორის იხლიჩება. მისი ფსიქიკა ამ პოსტმოდერნისტულ პოლივარიანტულობას ვერ უძლებს და მიდრეკილია, რომ მრავალი ვარიანტიდან ერთადერთი - ყველაზე ღირებული - აარჩიოს. ეს მდგომარეობა "ზარხუფში" შემდეგნაირადაა აღწერილი: ”ჩემი ცხოვრება დავინახე, ჩემს წინ დატოტილი, როგორც მწვანე ლეღვის ხე... ყოველი რტოდან მშვენიერი მომავალი  - მწიფე, იისფერი ლეღვის მსგავსად თვალს მიკრავდა და მეძახდა. ერთი ლეღვი ქმარი იყო და ბედნიერი სახლი და ბავშვები; და მეორე ლეღვი იყო ბრწყინვალე პროფესორი; და სხვა ლეღვი იყო - შესანიშნავი რედაქტორი; და სხვა ლეღვი იყო - ევროპა და აფრიკა და სამხრეთ ამერიკა; და სხვა ლეღვი იყო კონსტანტინე და სოკრატე და ატილა და წყება სხვა საყვარლებისა - უცნაური სახელებითა და პროფესიებით; და კიდევ სხვა ლეღვი იყო - ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ნიჩბოსნობაში; და ამ ლეღვების გარდა და ამ ლეღვების მიღმა იყო კიდევ უამრავი ლეღვი, რომლებიც ეხლა თვალში არ მხვდებოდა. ჩემს თავს ვხედავდი. ვიჯექი ამ ხესთან და შიმშილისგან სული მძვრებოდა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რომელი ლეღვი მომეწყვიტა. იმათგან სათითაოდ ყველა მინდოდა, მაგრამ ერთის არჩევა სხვების დაკარგვას ნიშნავდა; და ვიდრე ასე ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა, ლეღვები ჭკნებოდნენ და შავდებოდნენ და ტერფებთან ცვიოდნენ” (ზარხუფი, დიოგნე 2014). 

ესთერის პერსონაჟი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ იგი მთელი ნაწარმოების განმავლობაში, მუდმივად აპროტესტებს მამაკაცების დომინირებასა და ქალთა შეზღუდულ თავისუფლებას. უკვირს, რატომ უნდა შემოიფარგლებოდეს ქალი, მხოლოდ ერთი, უბიწო ცხოვრებით და ამის პარალელურად მამაკაცს მრავალფეროვანი სექსუალური თავგადასავლები ჰქონდეს. არ სურს, რომ მშვილდი იყოს, საიდანაც ისარი გაიტყორცნება და თვითონ მშვილდი კი ყოველთვის ერთსა და იგივე ადგილას რჩება. "სულ არაფრად მეპიტნავებოდა, ვყოფილიყავი მშვილდი, რომელიც ისარს გატყორცნის, თავად კი ადგილზე რჩება. ცვლილება და მღელვარება მინდოდა, რომ ყველა მიმართულებით თვითონ მექროლა, როგორც ფეიერვერკის ფერად ისრებს" (ზარხუფი, დიოგენე 2014).

რომანის ფემისიტური ხაზი მთავარ მოთამაშედ გადაიქცა წიგნისთვის პოპულალურობისა და აღიარების მოპოვებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ავტორის სუიციდის ხმაურიანი და შოკისმომგვრელი, ეპატაჟური ფონი არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. სილვია პლათი ერთგვარ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალის სახით. ამის საფუძველზე შეიყვარეს და აიტაცეს ფემინისტებმა იგი;  "ზარხუფის" ფრაზებს, როგორც სატელევიზიო რეკლამას, ისე ატრიალებდენ შეუჩერებლად, დაუსრულებლად. წიგნი რეკლამად იქცა, უფროსწორად, უზარმაზარ ბანერზე გაკრული პლაკატის გრძელ და ვრცელ სლოგანად. სხვათაშორის, "ზარხუფში" აღწერილ ქუჩებშიც ვხვდებით ასეთ რეკლამებს - თანაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყველა კუთხე-კუნჭულში: "ერთხელ არაყის რეკლამა ვნახე. ლურჯ სინათლეზე, თოვლის ფონზე არაყით სავსე ჭიქა იდგა და სითხე ისეთი კამკამა ჩანდა, დავასკვენი, რომ სუფთა არაყი კარგი რამე უნდა ყოფილიყო. საერთოდ კი ჩემი ოცნება იყო, ოდესმე შემეკვეთა სასმელი და აღმომეჩინა, რომ მართლაც მშვენიერი გემო აქვს. არასოდეს მიმართლებდა" (ზარხუფი, დიოგენე 2014). მოგვიანებით კი ვკითხულობთ: "ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, რომ არაყი საჩემო სასმელი იყო. რამე განსაკუთრებული გემო არ ჰქონდა მაგრამ დაშნასავით ჩამისრიალდა კუჭში და უცებ თავი ყოვლისშემძლედ და ღვთაებრივად მაგრძნობინა" (ზარხუფი, დიოგენე 2014). როგორც ვნახეთ, ესთერი მიზანმიმართული გოგონაა, რომელიც ყველა ჩანაფიქრს ისრულებს, თუნდაც არყის დაგემოვნებას ეხებოდეს მისი მიზნები. თითქოს ასეთი ადამიანი ძლიერი უნდა იყოს და ყველაფრის ატანა შეეძლოს, სულ ცოტა იქამდე მაინც, ვიდრე დაბრკოლებას არ გადალახავს და სატანჯველს თავს არ დააღწევს. წესით ასეთივე უნდა ყოფილიყო სილვია პლათიც, მაგრამ ის ხელმეორედ მოექცა ზარხუფის ქვეშ და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. წიგნში ვერ ვიპოვით ამის მიზეზებს, რადგან ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება გაგრძელდა - თანაც საკმაოდ აქტიურად. რომანი კი სილვია პლათის ცხოვრების ამ გაგრძელებას აღარ აჩვენებს. 

2003 წელს რეჟისორმა კრისტინ ჯეფსმა მის შესახებ ფილმი გადაიღო, სადაც სილვია პლათი თავს იმის გამო იკლავს, რომ ქმარმა სხვა ქალთან უღალატა და ამის ფონზე გაშორების მძიმე და აუტანელ ტვირთსაც ვეღარ გაუძლო. ეს რეალობაა, ნამდვილად გაიჩინა მისმა ქმარმა საყვარელი, მაგრამ რამდენად გახდა ეს შემთხვევა მისი თვითვმკვლელობის საბაბი, საკითხავია და გადაჭრით ვერ ვიტყვით.

"ზარხუფის" სილვია, რომლის პროტოტიპს ესთერი წარმოადგენს, თითქმის არ ჰგავს ფილმის სილვიას. შესამჩნევია მხოლოდ ის, რომ ორივე მათგანი თამამი და გახსნილია საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, ორივეს ჭირვეული ხასიათი აქვს და ორივე ბევრს შრომობს წარმატებისთვის. 

ფილმის დასაწყისში თვალებდახუჭული, ბალიშზე თავმისვენებული სილვიას პერსონაჟი ჩანს და ისმის ამონარიდი მისი ერთ-ერთი ლექსიდან: "სიკვდილი არის ხელოვნება, როგორც სხვა დანარჩენი და მე ამის კეთება ყველაზე უკეთ გამომდის ყოველ ათწელიწადში" (სილვია პლათი, "ტიტები"). შემდეგ სილვია თვალს ახელს, მერე კადრი შავდება. ოცი წლის ასაკში პირველად სცადა თვითმკვლელობა და სწორედ ამაზე დაიწერა "ზარხუფი", მაგრამ 30 წლის ასაკში  ხელოვნების ქვიშის საათში უკანასკნელი მარცვალი ჩამოვარდა, მარცვალი ათწლიანი ინტერვალისა. ფილმი ამ შემთხვევას ეხმაურება. 

როდესაც წვეულებაზე პირველად ნახავენ ის და ტედ ჰიუზი ერთმანეთს, მას წითელი კაბა აცვია, რაც მაშინვე თვალში მოხვდება მაყურებელს, რადგან გარშემომყოფები მონოტონურ ყავისფერ ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი. შემთხვევითი არაა რეჟისორის ეს გადაწყვეტილება, რადგან სილვია პლათის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ გამოქვეყნებულ ლექსების კრებულში, "დაბადების დღის წერილები", რომელიც ტედ ჰიუზმა ტრაგიკულ მეუღლეს მიუძღვნა, შესულია ლექსი, სახელად "წითელი".

"წითელი იყო შენი ფერი.

წითელი თუ არა, თეთრი. თუმცა, წითელი გარს შემოიხვიე.

სისხლისფერი წითელი. იქნებ სისხლი?

წითელი ოხრა ხომ არა, მკვდრებს რომ ათბობს?.."

ფილმში ისიც ჩანს, როგორ მუშაობს სილვია პლათი "ზარხუფზე". ვხედავთ, როგორ მოირგო მასწავლებლის, დედის, ცოლის როლი და როგორ ცდილობს ყველაფერი კარგად გამოუვიდეს. მაგრამ ვერ ახერხებს იყოს იდეალური დედა და ცოლი და ამავდროულად კარიერულ წარმატებას აღწევდეს. ფაქტობრივად, მისი ყველა ოცნება ნგრევას იწყებს. თუკი "ზარხუფის" ასაკში ბევრს ფიქრობდა იმაზე, რომ კარგი მეუღლე ეყოლებოდა, შვილები შეეძინებოდა და მისი შემოქმედება უსაზღვროდ პოპულალური გახდებოდა, ახლა უწევს შეეგუოს, რომ არაფერი მისი სურვილების მიხედვით არ იქნება. მიზნების განუხორციელებლობის გისოსებში ექცევა და ეს მდგომარეობა კიდევ მისაღები და ასატანია მისთვის, ვიდრე ზარხუფი კვლავ არ ჩამოემხობა თავზე. "მკვდარი ბავშვივით გაყუჩებული და ცარიელი ზარხუფის ქვეშ მოქცეული ადამიანისთვის, თვითონ სამყაროა ცუდი სიზმარი" - სულ რამდენიმე დღის წინ აქვს დაწერილი ეს წინადადება, სულ ცოტახნისწინ დაასრულა "ზარხუფზე" მუშაობა და აი,  ცხოვრება ისევ კოშმარად გადაექცა და თავი უნდა მოიკლას. 

1963 წლის 11 თებერვალს ქვიშის საათში უკანასკნელი მარცვალი ვარდება, სილვია პლათი თავს იკლავს და ეს არ არის ჩვეულებრივი სუიციდი, რადგან სასჯელივით ევლინება ასია ვევილს, მისი ქმრის საყვარელს. 6 წლის შემდეგ ასია ვევილმა ჯერ ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი თავად მოიკლა თავი.

რთულია სილვია პლათის შემოქმედება სხვისას შეადარო. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი ლექსები, თვითონ "ზარხუფიც" და სხვა პატარ-პატარა მოთხრობები მისსავე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასახვს და, თუკი ვთანხმდებით, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური და განსხვავებულია, მაშინ სილვია პლათის შემოქმედების უნიკალურობაც უნდა ვაღიაროთ! 

1952 წელს, სუიციდის პირველ მცდლობამდე 1 თვით ადრე, სილვია პლათმა მცირე ზომის მოთხრობა, "მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო" დაწერა, რომლის გამოქვეყნება ჟურნალ "მადემუაზელში" სურდა, მაგრამ ვერც ეს წადილი აიხდინა. 

ეს არის ამბავი მერი ვენტურასი, რომელიც "გაყინული ნების სამეფოსკენ" მოძრავი მატარებლით მგზავრობს. უამრავი უცნაური რამ ხდება მის გარშემო: იდუმალი, ლურჯთვალება ქალი მისი თანამგზავრია; სხვა მგზავრები აჩრდილებივით გულგრილნი არიან და არ ადარდებთ ვაგონში რა ხდება, არავის აქვს მცირე რეაქციაც კი ბავშვის ტირილზე; თითქოს მგზავრობისთვის სასიამოვნო გარემოა შექმილი, მაგრამ ყველაფერი რკინიგზის კომპანიის მეპატრონეთა მატერიალურ ინტერესებს ემსახურება; ყველაფერი შეგიძლია მიირთვა და დააგემოვნო, ოღოდ საფასურს ბოლოს გადაიხდი; საფასურს ყველა იხდის...

მატარებლის ფანჯრებს მიღმა არსებული ბუნების პეიზაჟებიც ძალზედ უცნაურია. უღიმღამო დღეეები, უჩვეულო კვამლი, მონარინჯისფრო მზე, ყინულის ლოლოებიანი ცივი გვირაბი. მერის ლურჯთვალება თანამგზავრი წრეებს ახსენებს, რაც დანტეს "ჯოჯოხეთზე" მიგვანიშნებს. სულ ცხრა სადგურია მატარებლის იმ ხაზზე, რომელზეც მერი ვენტურა მგზავრობს, ზუსტად ისევე, როგორც დანტეს "ჯოჯოხეთს" აქვს ცხრა წრე. იდუმალი ქალის პერსონაჟიც ძლიერ წააგავს ვერგილიუსს. თუკი დანტე მარადიული ყინულის გზას მიიკვლევს, მერიც თანდათან მიიწევს ცივი ადგილებისკენ. პირველ სადგურზე მზე სუსტად ანათებს, შემდეგ სიცივისგან აჟრჟოლებს მერის, შემდეგ ფანჯრებიდან გვირაბში ჩამოღვენთილი წყლის გაყინული ლოლოები მოჩანს, ბოლოს კი მატარებელი მეცხრე სამეფოში უნდა გაჩერდეს - გაყინული ნების სამეფოში, იგივე ჯოჯოხეთის მეცხრე წრეზე. 

ამ მოთხრობაში მთავარი სხვა რამ არის და მთავარი მოქმედებაც სხვა კუთხიდან უნდა შევაფასოთ. მერი ვენტურა "გაყინული ნების სამეფოში" თავისუფალ ნებას გამოავლენს და მატარებელს საავარიო მუხრუჭით შეაჩერებს, შემდეგ უკანმოუხედავად გაიქცევა. მატარებლიდან მგზავრების ჩასვლა აკრძალულია - უკლებლივ ყველა უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას, ბოლო სადგურზე. სულ ბოლოს მერი ვენტურა ისეთივე ლაღ, ბედნიერ, გაზაფხულის სასიცოცხლო ძალებით აღსავსე და ბავშვების სიცილით გაჯერებულ ადგილას ამოყოფს თავს, როგორიც სამოთხე შეიძლება, რომ იყოს და დაინახავს ლურჯთვალება, ალერსიანი მზერის მქონე ქალს, რომელიც ეუბნება, რომ ელოდებოდა. 

ეს მოთხრობა რომ სხვა მწერალს დაეწერა, ეჭვიც არ შეგვეპარებოდა მის ბედნიერ დასასრულში, მაგრამ ფაქტია, სილვია პლათმა დაწერა და ეს ბედნიერებაც მოჩვენებითია. ავტორი ზუსტად ერთ თვეში შეეცადა თვითმკვლელობას. 

მერი ვენტურას მატარებლიდან გაქცევა სილვია პლათის ცხოვრებიდან გაქცევის გეგმების პროექციაა. მატარებლის ყველა მგზავრს გაყინული აქვს ნება და ყველა ვალდებულია, რომ ბოლომდე გაყვეს მის მოჩაქჩაქე რიტმებს. სწორედ ასეთები არიან ადამიანებიც. ისინი ცხვრების მძიმე ტვირთის მონურად ტარების ვალდებულებას გრძნობენ და არ უყვართ, როდესაც ვინმე "თავისუფალ ნებას" გამოავლენს და ამ ვალდებულებისგან გაიქცევა. არც მატარებლის გამყოლები იყვნენ კმაყოფილნი იმით, რომ მერი ვენტურა გაიქცა. სილვია პლათისთვის დიადი მიზანი გახდა სიკვდილი, ყოველთვის ამაზე ფიქრობდა.  გარბის კიდეც ცხოვრებისგან, მაგრამ იჭერენ. მიზანს ვერ აღწევს. 

მოთხრობაში "ზარხუფთან" მსგავსებასაც ვპოულობთ, თუმცა ეს მსგავსება მაინც ძალიან ბუნდოვანია. მატარებლის ფანჯრიდან მოჩანს სიმინდის ყანა, რომლის შუაში ნაჭერშემოფხრეწილი შარვლით შემოსილი საფრთხობელა დგას. სიმინდის ფოჩები ძირს ყრია და ლპება, ხოლო დაბნეულ სიმინდის მარცვლებს ყვავები კენკავენ. "ზარხუფში" კი დაახლოებით იგივეს ვხედავთ, როდესაც ესთერი ლეღვის ხეს ადარებს თავის მდგომარეობას.

სილვია პლათმა საკუთარი ყოფის სიმულაკრა შექმნა. ალბათ, ამიტომაც გახდა სუიციდისადმი მძაფრად მიდრეკილი და ამიტომაც გამოაცხადა ხელოვნებად თვითონ სიკვდილი. მისი დღიურები, ლექსები, მოთხრობები პიროვნების მუდმივი თვითგამორკვევაა. ის ღრმად ჩაკირკიტებს წარსულს და იქიდან უამრავი მოგონება (რეალობის სიმულაკრა) უტივტივდება გონების ზედაპირზე და შემდგომ ამ ყველაფერს ხელოვნების ჩარჩოებში აქცევს, ათასგვარ ფორმებსა და შინაარს უხამებს. ეს ყველაფერი კი ინერტულად ექაჩება მთელი მისი პიროვნებისა და ცხოვრების სიმულაკრად ქცევისკენ. და რადგან სიმულაკრა უფრო რეალურია ადამიანისთვის, ვიდრე არსებული რეალობა, მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომ მიილტვის სილვია პლათი ასე ძალიან სიკვდილისკენ და უფრო მეტიც - გასაგები ხდება, თუ რა მიზეზით დააწვა ზარხუფის მძიმე და უჰაერო სიმძიმე ხელმეორედ. 

ანდრეი ტარკოვსკის "სოლარისში" კელვინი ოკეანეს შესთხოვს, რომ ცოლი გაუცოცხლოს. ოკეანე ადამიანის სურვილების შემსრულებელია. იგი გააცოცხლებს ჰარის, რომელიც ნამდვილი ჰარის ასლია, ანუ სიმულაკრა. კელვინს ის უფრო მეტად უყვარდება, ვიდრე ნამდვილი ჰარი უყვარდა, რადგან სიმულაკრა უფრო რეალურად ეჩვენება. სილვია პლათისთვისაც სიმულაკრა უფრო რეალური და მნიშვნელოვანია. ის თავისი შემოქმედების მიხედვით იწყებს ცხოვრებას და აღარ არის მისი განმსაზღვრელი, მთავარი საყრდენი, რადგან უკვე აღარც შეუძლია, რომ პირადი ემოციები, განცდები გამოიყენოს მის შესაქმნელად. მან ხომ შემოქმედების მიხედვით "დაიპროგრამა" საკუთარი თავი. შესაბამისად, სიკვდილიც გარდაუვალია! მისი ლექსების ბოლო კრებულში, რომლის გამოცემა სილვია პლათის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა, ერთ-ერთ ლექსში ვკითხულობთ: 

"სრულქმნილი ქალი.

მკვდარ სხეულზე ვალმოხდილი

ღიმილი ადევს.

ბერძნული დასასრულის ილუზია  

მისი ტოგის კალთებში იკარგება.

შიშველი ფეხები თითქოს ამბობენ:

„აქამდე მოვედით,   ამბავი დასრულდა“.

დაკლაკნილი მკვდარი ბავშვები, თეთრი გველები, ორივეს

თავისი რძის ბოთლი აქვს, უკვე დაცლილი,

დედამ ისინი საკუთარ სხეულში დაიბრუნა, როგორც

ვარდი ხურავს ფურცლებს, როცა ბაღში ჰაერი

სქელდება და ღამის ყვავილის ღრმა, ტკბილი დვრილებიდან

სურნელება სისხლივით მოჩქეფს....“ 

ამ ლექსიდან ირკვევა, რომ სილვია პლათი შვილების მოკვლასაც აპირებდა, როგორც კოლხი მედეა, მაგრამ ვერ გაბედა და სიცოცხლე მარტომ, ეულად დაასრულა. 

მსგავსი სტატიები

ვიდეო თამაშები, როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ვი...

ფრიდა ჰიუზი მშობლებსა და ხელოვნებაზე


ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებ...

აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში


  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  - ჟოაო ჟილბერტო   ავ...

ჟან კოკტო როგორც ორფიკოსი ხელოვანი


ძველ ბერძნულ სამყაროში ორფიზმი როგორც ფილოსოფია და რელიგიური მიმდინ...

21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ


21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai /...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff