თავი XVII - ღმერთების ზმანება

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

მე ვზრუნავ საკუთარ სამყაროზე.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


quantum_feat

რეალობის ორი იერსახე

ადამიანებმა უხსოვარი დროიდან შეამჩნიეს, რომ სამყაროს ორი იერსახე აქვს. ერთი მხრივ, ის, რაც მატერიალურ დონეზე ხდება, მეტ-ნაკლებად გასაგები და ახსნადია ბუნების კანონების თვალსაზრისით. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ნატიფი დონის მოვლენებთან გვიწევს შეხება, ეს კანონები აღარ მუშაობს. რატომ არ ხერხდება რეალობის სხვადასხვა გამოვლინებების ცოდნის ერთ სისტამაში გაერთიანება?

უცნაური სურათი იხატება: სამყარო თითქოს დამალობანას ეთამაშება ადამიანს და თავისი ჭეშმარიტი არსის გამჟღავნება არ სურს. მეცნიერები ერთი მოვლენის ამხსნელი კანონის აღმოჩენას ვერ ასწრებენ, რომ უმალ მეორე მოვლენას ხვდებიან, რომელიც ამ კანონის საზღვრებში ვერ თავსდება. და ჭეშმარიტების კვალდაკვალ ეს დევნა, რომელიც ჩრდილივით სხლტის ხელიდან, შეუსვენებლად გრძელდება. მაგრამ აი რა არის საინტერესო: სამყარო უბრალოდ კი არ მალავს თავის ჭეშმარიტ სახეს - ის სრული მზადყოფნით ირგებს იმ იერსახეს, რომელსაც მას მიაწერენ.

ასე ხდება ბუნებისმეტყველების ყველა სფეროში. მაგალითად, თუ მიკროსამყაროს ობიექტს ნაწილაკის სახით მოვიაზრებთ, აუცილებლად ვიპოვით ექსპერიმენტებს, რომლებიც ამას ადასტურებს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს ნაწილაკი კი არა, ელექტრომაგნიტური ტალღაა, სამყარო არ შეგვეწინააღმდეგება და მონდომებით გამოავლენს თავს შესაბამისი სახით.

ასეთივე წარმატებით შეიძლება სამყაროს შევეკითხოთ: რისგან შედგება მისი შემადგენელი სუბსტანცია, - მატერიისგან, რომელსაც წონა გააჩნია? და ის გიპასუხებთ - დიახ. მაგრამ იქნებ, მაინც ენერგიისგან? და პასუხი კვლავ დადებითი იქნება. ვაკუუმში, როგორც ცნობილია, უწყვეტად მიმდინარეობს მიკრონაწილაკების გაჩენის და ანიჰილაციის პროცესი - ენერგია მატერიად იქცევა და პირიქით.

სამყაროსთვის იმის კითხვაც აღარ ღირს, რომელია პირველადი: მატერია თუ ცნობიერება. ის კვლავ ეშმაკურად შეიცვლის ნიღაბს და იმ მხარით მოგვიბრუნდება, რომლის დანახვაც გვსურს. სხვადასხვა სწავლების წარმომადგენლები ერთმანეთში კამათობენ და ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისებს უმტკიცებენ ერთმანეთს, რეალობას კი აუღელვებლად გამოაქვს ვერდიქტი: ისინი, ყველა, ფაქტობრივად მართლები არიან.

გამოდის, სამყარო არა მარტო გვისხლტება, არამედ გვეთანხმება კიდეც, სხვა სიტყვებით, სარკესავით იქცევა. მასში ფაქტობრივად რეალობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები აირეკლება, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. მაგრამ რა გამოდის: რეალობის ბუნების ახსნის ყოველგვარი მცდელობა ამაოა? სამყარო ხომ ყოველთვის დაგვეთანხმება იმაზე, რასაც მასზე ვფიქრობთ, თანაც იმავდროულად პირდაპირ პასუხს მუდამ აირიდებს თავიდან.

სინამდვილეში, გაცილებით მარტივადაა საქმე. არაა საჭირო მრავალწახნაგოვანი რეალობის ცალკეულ გამოვლინებებში აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიება. მხოლოდ იმ ფაქტის მიღებაა აუცილებელი, რომ რეალობა დუალური სარკის მსგავსია - მას ორი მხარე აქვს: ფიზიკური, რომლის ხელით შეხება შეიძლება, და მეტაფიზიკური, აღქმის ზღვარს მიღმა მყოფი, მაგრამ არანაკლებ ობიექტური. თანამედროვე მეცნიერებას საქმე აქვს იმასთან, რაც სარკეში აირეკლება, ეზოთერიკა კი მისთვის მეორე მხრიდან შეხედვას ცდილობს. სწორედ ამაზეა მთელი მათი კამათი. და მაინც, რა იმალება იქ, დუალური სარკის მეორე მხარეს?

სარკის მეორე მხარეს ვარიანტების სივრცეა - ინფორმაციული სტრუქტურა, სადაც ყველა შესაძლო მოვლენის სცენარი ინახება. ვარიანტთა რაოდენობა უსასრულოა, ისევე როგორც საკოორდინაციო სისტემაში წერტილის შესაძლო მდებარეობის რაოდენობაა უსასრულო. იქ ყველაფერი ჩაწერილია, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. ნებისმიერი მოვლენა, რაც ჩვენს რეალურ სამყაროში ხდება, ვარიანტთა სიმრავლიდან ერთ-ერთის მატერიალურ რეალიზაციას წარმოადგენს.

ერთი შეხედვით, ეს ძნელი დასაჯერებელია. სად მდებარეობს ვარიანტთა სივრცე? საერთოდ როგორაა ეს შესაძლებელი? ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმის თვალთახედვით ის ყველაგანაა და იმავდროულად არსადაა. შესაძლოა, ის ხილული სამყაროს მიღმაა, ან შესაძლოა, თქვენს ყავის ჭიქაშია. ყოველ შემთხვევაში, მესამე განზომილებაში არაა.

პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველანი იქ ყოველ ღამე მივემგზავრებით. სიზმრები სულაც არაა ილუზია ჩვეულებრივი გაგებით. ადამიანი სიზმრებს უპრობლემოდ აკუთვნებს ფანტაზიის სფეროს და არც კი ეჭვობს, რომ ისინი რეალურ მოვლენებს ასახავს, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულში ან მომავალში.

ცნობილია, რომ ძილში ადამიანს შეუძლია დააკვირდეს ისეთ სიუჟეტებს, რომლებიც თითქოს ამქვეყნიური არაა. ამასთან სრულიად ნათელია, რომ მსგავსის ნახვა არსად შეეძლო. თუ სიზმარი - ჩვენი ტვინის მიერ რეალობის გარკვეული იმიტაციაა, მაშინ საიდან მოდის ყველა ეს წარმოუდგენელი სურათი და სიუჟეტი?

თუ პირობითად ადამიანის ფსიქიკაში ყველაფერ ცნობიერს გონებას მივაკუთვნებთ, ხოლო ქვეცნობიერს სულს, შეიძლება ითქვას, რომ სიზმარი - სულის ვარიანტთა სივრცეში განავარდებაა. გონება კი არ წარმოიდგენს თავის სიზმრებს - ის მათ სინამდვილეში ხედავს. სულს საინფორმაციო ველთან უშუალო წვდომა აქვს, სადაც ყველა „სცენარი და დეკორაცია“ სტაციონარულად ინახება, როგორც კინოლენტაზე კადრები. დროის ფენომენი, ანუ მოვლენათა განვითარება, მხოლოდ „კინოლენტის“ მოძრაობის პროცესში ვლინდება. გონება დამკვირვებლად და „იდეების გენერატორად“ გვევლინება.

მახსოვრობას ასევე პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ვარიანტთა სივრცესთან. უკვე დამტკიცებულია, რომ ტვინს ფიზიკურად არ შეუძლია მთელი ინფორმაციის დატევა, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებს. მაინც რა გზით იმახსოვრებს ამ ყველაფერს? საქმე იმაშია, რომ ტვინი თავად ინფორმაციას კი არ ინახავს, არამედ ვარიანტთა სივრცეში მონაცემების მისამართებს.

გონებას რაიმე ახლის შექმნა არ ძალუძს. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის შექმნა შეუძლია ძველი კუბებისგან. გონება ყველა სამეცნიერო აღმოჩენას და ხელოვნების შედევრებს ვარიანტთა სივრციდან იღებს სულის მეშვეობით. ნათელხილვაცა და ინტუიციური ცოდნაც იქიდან მოდის.

„სამეცნიერო აღმოჩენები - წერდა აინშტაინი, - ლოგიკური გზით არ ხდება, ლოგიკურ ფორმას ის მხოლოდ შემდეგ იძენს, ჩამოყალიბებისას. აღმოჩენა, ყველაზე მცირეც კი - ყოველთვის შთაგონებაა. შედეგი გარედან და სრულიად მოულოდნელად, თითქოს ვიღაცის კარნახით მოდის“.

ვარიანტთა სივრცის საერთო საინფორმაციო ველის ცნობილ კონცეფციასთან არევა არ ღირს, სადაც ერთი ობიექტიდან მეორესთან მონაცემების გადაცემაა შესაძლებელი. ვარიანტთა სივრცე - სტაციონარული მატრიცაა - სტრუქტურა, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს, რაც არის და შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს სამყაროში.

ოფიციალურ მეცნიერებას ჯერჯერობით ვარიანტთა სივრცის არსებობის არც ახსნა, და არც დამტკიცება არ ძალუძს. პირიქით, ის ყოველნაირად ეცდება ტრანსერფინგის მოდელის დისკრედიტირებას, რაც გასაკვირი არაა, ოფიციალური მეცნიერება ხომ - ტიპიური ქანქარაა. ზოგადად, მეცნიერებას, მთელი მისი უდავო ღირსებითა და მიღწევებით, ახასიათებს გაანადგუროს ყველაფერი, რაც მის ჩარჩოებში არ ჯდება. აუხსნელ მოვლენებთან შეხვედრისას, ის თავის გრანიტის კვარცხლბეკზე გამაგრებას ყველანაირად შეეცდება და ამისთვის არც ოპონენტების შარლატანობაში დადანაშაულებას, არც ფაქტების გაყალბებას ან უბრალოდ ცხადის იგნორირებას მოერიდება. თუმცა მოიძებნა ერთი ადამიანი, აკადემიკოსი ვიაჩესლავ ბრონიკოვი, რომელმაც სრულიად წარმოუდგენელის მეტადრე ცხადთან შეთავსებით მეცნიერების აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება მოახერხა.

ბრონიკოვის მიერ დაარსებული ადამიანის განვითარების საერთაშორისო აკადემიის აღსაზრდელი ბავშვები ისეთ უნარებს ავლენენ, რომლებიც მართლაც არანაირ ჩარჩოში არ თავსდება. ისინი დახუჭული თვალებით ისევე ხედავენ, როგორც გახელილით, მათ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლიათ, ნათელხილვის უნარს ფლობენ, შორს მყოფ ობიექტებს კი ისე ათვალიერებენ, თითქოს ტელესკოპით უყურებდნენ. ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ისინი კედლის მიღმა ხედავენ, თითქოს ის არც კი არსებობს. როგორ ახერხებენ ამას?

პირდაპირი ხედვის ეფექტის კვლევისას, ნეიროფიზიოლოგები თავიანთ დაკვირვებას ასე აღწერენ. „ჩვეულებრივი ხედვისას აპარატურაზე ფიქსირდება სიგნალის შესვლის ადგილი, მისი გადაადგილება ტვინში და გადამუშავება. პირდაპირი ხედვისას სიგნალის შესვლის ადგილი და ტვინში სიგნალის გადაადგილება არ ფიქსირდება, მაგრამ სიგნალის გადამუშავება აპარატურაზე მკაფიოდ ჩანს. ყველა ჩვენი მცდელობა, დავბლოკოთ სიგნალის ტვინში შესვლა, უარყოფით შედეგს იძლევა. ჩვენ რაღაც აღმოვაჩინეთ, რაც მისი ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით თვისებებს ავლენს ელექტრომაგნიტურ პროცესებთან კავშირის დამოუკიდებლად“.

გამოდის, რომ ტვინს თავად შეუძლია ხედვა, მხედველობის აპარატისგან დამოუკიდებლად, ამასთან ინფორმაციის მიღების გზა უცნობია. როგორ გავიგოთ ეს? ბრონიკოვი მოცემულ ფენომენს ადამიანის ცნობიერებასა და იმას შორის კავშირის არსებობით ხსნის, რასაც ის ზეცნობიერებას უწოდებდა. „ზეცნობიერება, - წერს ის, - ესაა რაღაც, რაც ადამიანის გარეთ იმყოფება, გარკვეული გარემოა“. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ტრანსერფინგში ამ გარემოდ ვარიანტთა სივრცე მოიაზრება. თუმცა, რა განსხვავებაა, მას რას ვუწოდებთ? არსი იგივე რჩება.
გონება, ან, თუ გნებავთ, ტვინი, სულის მეშვეობით „ხედავს“ იმას, რაც ვარიანტთა სივრცეში იმყოფება. თვალები ფიზიკურ რეალობას აკვირდება. ტვინი კი პირდაპირი ხედვის შემთხვევაში ინფორმაციის მეტაფიზიკურ ველში ერთვება, სადაც პირდაპირი გაგებით გარშემომყოფი რეალობის სრული მოდელი ინახება. ამ მონაცემთა ბანკთან წვდომის მოპოვების შემთხვევაში ობიექტების დათვალიერება იმისდა მიუხედავად შეიძლება, თუ სად იმყოფებიან ისინი - კედლის უკან, მიწის ქვეშ თუ მრავალი კილომეტრის დაშორებით.

ვარიანტთა სივრცეში არის როგორც მატერიალურ სინამდვილეში უკვე განხორციელებული, ასევე არარეალიზებული უბნები. პირდაპირი ხედვის მისაღწევად აუცილებელია სწორედ მიმდინარე რეალიზებული სექტორის აღქმა ვისწავლოთ. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეს შეიძლება ინტერპრეტირდეს როგორც თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს განსაკუთრებული სინქრონიზაცია. აკადემიკოსმა ბრონიკოვმა სპეციალური (და იმვდროულად ძალზე მარტივი) სავარჯიშოების მთელი სისტემა შეიმუშავა, რომელიც ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ თავში ეს თვისებები განავითაროს. თქვენ თავად შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოთ და სცადოთ. ეს ყველაფერი - რეალურია.

ვარიანტთა სივრცეში ასევე ინახება ინფორმაცია ყველა შესაძლო ვარიანტზე წარსულსა და მომავალში, ეს კი ნიშნავს, რომ მასთან წვდომა ნათელხილვის შესაძლებლობასაც ხსნის. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვარიანტების უსასრულო რაოდენობა არსებობს, ამიტომ არარეალიზებული მოვლენების დანახვაც შეიძლება. სწორედ ამ მიზეზის გამო ნათელმხილველები პროგნოზებში ცდებიან. რადგან იმის დანახვაც შეიძლება, რაც არასდროს მომხდარა და იმისიც, რაც არასდროს მოხდება.

ამ კუთხით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - თქვენი მომავალი არავისთვისაა ცნობილი, რადგან არავის შეუძლია განსაზღვროს, რომელი ვარიანტი რეალიზდება სინამდვილეში. ზუსტად ასევე არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ სიზმარში სივრცის სწორედ ის უბანი ნახეთ, რომელიც რეალობაში განხორციელდება.

მშვენიერია - რაკი მომავალი ფატალურად წინასწარ განსაზღვრული არაა, ე.ი. უკეთესის იმედი ყოველთვის არსებობს. ტრანსერფინგის ამოცანა ის კი არაა, რომ წარსულს დანანებით და მომავალს შიშით ვუცქიროთ, არამედ საკუთარი რეალობის განზრახვით ფორმირება შეგვეძლოს.

ადამიანის აზრების ენერგიას გარკვეულ პირობებში ვარიანტთა სივრცის ამა თუ იმ სექტორის მატერიალიზება შეუძლია. მდგომარეობაში, რომელსაც ტრანსერფინგი სულის და გონების ერთობას უწოდებს, წარმოუდგენელი ჯადოსნური ძალა - გარეგანი განზრახვა - იბადება და სწორედ ის აქცევს პოტენციურ შესაძლებლობას სინამდვილედ. ის ყველაფერი, რასაც მაგიას მიაკუთვნებენ, უშუალოდაა დაკავშირებული გარეგან განზრახვასთან. ამ ძალის დახმარებით ძველი მაგები ეგვიპტურ პირამიდებს აგებდნენ და სხვა მსგავს სასწაულებს ახდენდნენ.

განზრახვას გარეგანი იმიტომ ეწოდება, რომ ის ადამიანის გარეთ მდებარეობს, და ამიტომ მას გონება ვერ აკონტროლებს. მართალია, ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობაში ადამიანს მასთან წვდომა შეუძლია. თუ ამ ძლიერ ძალას ნებას დავუმორჩილებთ, შეუძლებელს შევძლებდით. მაგრამ თანამედროვე ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს უნარები, რომლებსაც ძველი ცივილიზაციების, მაგალითად ატლანტიდის ხალხი ფლობდა. ძველი ცოდნის ნამსხვრევებმა ჩვენამდე დანაწევრებული ეზოთერული სწავლებებისა და პრაქტიკების სახით მოაღწია. ამ ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება საკმაოდ რთულია.

და მაინც, სიტუაცია უნუგეშო არაა. ტრანსერფინგში არის ირიბი მეთოდები, რომელთა მეშვეობით მაინც შესაძლებელია გარეგანი განზრახვის იძულება შემოვლითი გზით იმუშაოს. ადამიანს საკუთარი რეალობის ფორმირება შეუძლია. მაგრამ ამისთვის გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი. ჩვეულებრივი ადამიანური გონება უშედეგოდ ცდილობს იმოქმედოს გარემოზე სარკეში, მაშინ როდესაც თავად იერსახის შეცვლაა საჭირო. იერსახეს ადამიანის აზრების მიმართულება და ხასიათი წარმოადგენს. სასურველის განხორციელებისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. დუალურ სარკესთან მოპყრობა უნდა იცოდეთ. და თქვენ ამას ისწავლით.

მართალია, მოგიწევთ საფუძვლიანად შეარყიოთ ე.წ. „საღი აზრის“ მონოლითი, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ასეთი. თუ რეალობის ორი მხარის - ფიზიკურის და მეტაფიზიკურის - ერთდროულ არსებობას შეეგუებით, ძველი სტერეოტიპები დაინგრევა, მაგრამ სამაგიეროდ სამყაროს სურათი სულ უფრო მეტად ნათელი ხდება. დუალიზმი ჩვენი რეალობის განუყოფელ ნაწილად გვევლინება. მაგალითად, სულს კავშირი აქვს ვარიანტთა სივრცესთან, გონებას კი - მატერიალურ სამყაროსთან. შინაგანი განზრახვა მატერიალურ სინამდვილეს უკავშირდება, გარეგანი კი - ვარიანტთა სივრცის ვირტუალურ სექტორებს.

როდესაც სარკის ზედაპირზე რეალობის ეს ორი ასპექტი ერთმანეთს ეხება, წარმოიქმნება ფენომენები, რომლებსაც როგორც წესი პარანორმალურ ან ჯერ აუხსნელ მოვლენებს მიაკუთვნებენ. ორი იერსახის ასეთი შეხების მკაფიო მაგალითს კორპუსკულურ-ტალღოვანი დუალიზმი წარმოადგენს, როდესაც მიკროობიექტი ხან ტალღის, ხან კი ნაწილაკის სახით წარმოდგება. ვაკუუმში მიკრონაწილაკების დაბადება და ანიჰილაცია - ზღვრული მდგომარეობის კიდევ ერთი მაგალითია, რომელშიც რეალობა ფიზიკურ და მეტაფიზიკურ ფორმას შორის მერყეობს.

თუმცა, ყველაზე საოცარი მაგალითი თავად ჩვენ ვართ - ცოცხალი არსებები, რომლებიც ერთდროულად მატერიალურსაც და სულიერსაც აერთიანებს. გარკვეულწილად ჩვენ გიგანტური სარკის ზედაპირზე ვცხოვრობთ, რომლის ერთ მხარეს ჩვენი მატერიალური სამყაროა, მეორე მხარეს კი - ვარიანტთა სივრცის შავი უსასრულობაა გადაჭიმული.

ასეთ უნიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, მინიმუმ წინდაუხედაობაა მხოლოდ ჩვეული მსოფლმხედველობის ჩარჩოში ცხოვრება და რეალობის მხოლოდ ერთი - ფიზიკური მხარის გამოყენება. თქვენ გაიგებთ, როგორ უნდა მოექცეთ სამყაროს დუალურ სარკეს, და შეძლებთ ის გააკეთოთ, რაც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ. თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

მომდევნო ქვეთავის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


ზმანება ცხადში
 
როდესაც პოტენციური შესაძლებლობა სინამდვილედ ხორციელდება, დუალური სარკის ზედაპირის მიმართ სიმეტრიული სურათი წარმოიქმნება. სარკის ერთ მხარეს ვარიანტთა სივრცის მეტაფიზიკური სექტორი მდებარეობს, მეორე მხარეს კი - მისი მატერიალური რეალიზაცია. ამასთან ყველა ცოცხალი არსება სარკის საზღვარზე ბალანსირებს, რადგან მათი სხეული და გონება მატერიალურ სამყაროს მიეკუთვნება, სული კი ამ დროს ვარიანტთა სივრცესთან უწყვეტ კავშირში რჩება.
 
ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებაში იქიდან მოვედით და იქვე დავბრუნდებით, როგორც კულისებში, რათა გამოვიცვალოთ და კვლავ სარკის ზედაპირზე აღმოვჩნდეთ ახალი იერსახით. ნიღბების ამ თეატრში მსახიობები როლების დაუსრულებელ წრებრუნვაში ტრიალებენ. ერთ როლს რომ შეასრულებს, მსახიობი წუთით კულისებში გარბის, სხვა ნიღაბს იკეთებს და კვლავ თამაშში ერთვება ისე, რომ ყველაფერი ავიწყდება, რაც კი მისი სცენაზე ბოლო გამოსვლის მომენტამდე ხდებოდა. მსახიობს იმდენად ითრევს თავისი პერსონაჟის სახე, რომ წარმოდგენას კარგავს იმის შესახებ, ვინაა სინამდვილეში თავად ის. მაგრამ ხანდახან საფარველი ვარდება, და ადამიანი უცებ გაოცებული აცნობიერებს, რომ აი ეს მისი ცხოვრება პირველი არაა.
 
ფსიქიატრიის ამერიკელმა პროფესორმა იან სტივენსონმა ძირითადად ბავშვების გამოკითხვით ორნახევარ ათასზე მეტი წინა ცხოვრების გამოცდილების ოფიციალურად დარეგისტრირებული მოგონებები შეაგროვა. პატარები ყოველგვარი ჰიპნოზის გარეშე აღწერდნენ თავიანთ ცხოვრებას შორეულ წარსულში, სხვა ქვეყნებში.
 
იან სტივენსონის წიგნებში მოყვანილი ფაქტები საინტერესოზე მეტია. დამახასიათებელია ორი ტყუპი ძმის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს რომელიღაც გაუგებარ ენაზე ესაუბრებოდნენ. თავიდან ყველა თვლიდა, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ტიკტიკი იყო. ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ბავშვები სამი წლის არ გახდნენ და მშობლები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე არაა. ძმები ლინგვისტებს აჩვენეს, და მათ გაოცებით აღმოაჩინეს, რომ ბიჭები ძველ-არამეულად ლაპარაკობდნენ. ეს ენა ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტეს დროს, მაგრამ ახლა აღარ გამოიყენება.
 
იუგოსლავიელი გოგონა ერთხელ ავად გახდა და გარკვეული დროის განმავლობაში გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა, გარშემომყოფებს ვეღარ ცნობდა და უცხო ენაზე ალაპარაკდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ბენგალურის ერთ-ერთი კილოკავია. იუგოსლავიელი ბავშვი შინ, ინდოეთში წასვლას ითხოვდა. როდესაც გოგონა მის მიერ დასახელებულ ქალაქში ჩაიყვანეს, მან საკუთარი სახლი იცნო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მშობლებიც და „თავად ისიც“ უკვე დიდი ხნის წინ დაიხოცნენ.
 
ბავშვებთან ასეთი ისტორიები უამრავია. მაგრამ მსგავსი რამ დიდებსაც ემართებათ. ოცდაშვიდი წლის ქალმა, რომელიც ქმართან ერთად გერმანიაში მოგზაურობდა, გაოცებით აღმოაჩინა, რომ ცნობს ამ ადგილებს, როგორც მშობლიურს, თუმცა აქ არასდროს ყოფილა. მან საკუთარი სახლიც კი დაინახა და მშობლების და ძმების სახელებიც გაიხსენა. ადგილობრივ ტავერნაში ქალმა ერთი მოხუციც ამოიცნო, რომელიც მის ოჯახს იცნობდა და მოუყვა ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც ცხენმა ფლოქვი დაარტყა და მოკლა მათი პატარა ქალიშვილი. ქალმა მაშინვე მრავალი დეტალით შეავსო მოყოლილი ისტორია.
 
ანჯეი დონიმირსკიმ თავის წიგნში „ერთხელ ვცხოვრობთ?“ ინგლისელი ფსიქიატრის არნოლდ ბლეკსმემის ექსპერიმენტები აღწერა, რომელიც ჰიპნოზის მეშვეობით პაციენტებს თავიანთ წარსულ ცხოვრებაში დაბრუნებას აიძულებდა. ერთ-ერთმა პაციენტმა ქალმა დაწვრილებით მოუყვა მისი წინა ექვსი განხორციელების შესახებ. პირველში ის იყო ინგლისში რომაელი მეფისნაცვლის აღმზრდელის ცოლი, შემდეგ ებრაელი მევახშის ცოლი, შემდეგ პარიზში ვაჭრის სახლში მოსამსახურე, იყო ასევე ესპანელი ინფანტას სეფექალი კასტილიაში, მკერავი ლონდონში, მონაზონი ამერიკის ერთ-ერთ შტატში. და ეს ყველაფერი ორი ათასი წლის განმავლობაში. ისტორიკოსებმა საფუძვლიანად შეამოწმეს თარიღები და მოვლენები - ყველაფერი დადასტურდა.
 
თუ ამ ფაქტებს ერთიანობაში მოვაქცევთ, ეჭვი თითქმის აღარ დარჩება, რომ რეინკარნაცია ნამდვილად არსებობს. მხოლოდ ერთი გარემოება ქმნის უხერხულობას: წინა ცხოვრების მოგონებები რატომ ვლინდება იშვიათ შემთხვევებში ადამიანთა შედარებით მცირე რიცხვში? ძირითადად ეს ადრეულ ბავშვობაში ხდება, დროთა განმავლობაში კი საერთოდ იშლება მეხსიერებიდან.
 
სინამდვილეში მოგონებები კი არ იშლება, არამედ ადამიანის გაცნობიერებულობა იბლოკება. ყოველს შეუძლია გაიხსენოს თავისი წინა განხორციელებები, თუ ამ ცხოვრებაში გაიღვიძებს, რომელიც ცხადში ზმანებას წააგავს. ცნობილია, რომ ბავშვს ოთხ წლამდე სიზმრის რეალობისგან გარჩევა არ შეუძლია. შეიძლება, მას ახსოვს კიდეც წინა ცხოვრებები, მაგრამ მას ამის გაცნობიერების საშუალებას არ აძლევენ, რადგან გაძლიერებულად ახვევენ თავს „გონივრულ“ მსოფლმხედველობას.
 
ასევე, ადამიანს არ შეუძლია ოთხ წლამდე საკუთარი თავის გახსენება. როგორ ფიქრობთ, რატომ? რადგან ბავშვი „გონიერი არაა“ და თავის თავს ვერ აცნობიერებს? ჰოდა, ეს უდიდესი საყოველთაო შეცდომაა. სინამდვილეში ბავშვთა გაცნობიერებულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე დიდების. პირიქით, ეს ზრდასრულები იძირებიან ცხადში არაცნობიერ ზმანებაში, ამიტომაც არ ახსოვთ არც წინა ცხოვრებები, არც საკუთარი თავი ადრეულ ბავშვობაში. მოდით გავარკვიოთ, ეს როგორ ხდება.
 
ახალ სხეულში დაბადებისას, სული უკანა პლანზე გადადის, ამ დროს კი გონება იკავებს წამყვან ადგილს. და რა არის გონება? დაბადების მომენტიდან - ესაა სუფთა ფურცელი, რაზეც ყველაფრის ჩაწერა შეიძლება, რაც მოგესურვებათ. ცხოვრების დასაწყისიდანვე ამ ფურცელზე შაბლონი დაიტანება, რომლის შესაბამისადაც აღიქვამს საკუთარ თავს და გარშემომყოფ სინამდვილეს ადამიანი. და რაც უფრო მკაფიოდაა ეს შაბლონი გაწერილი, მით უფრო ფართოა უფსკრული სულსა და გონებას შორის. ადამიანი რეალობას ისე აღიქვამს, როგორც მას ამის გაკეთება ასწავლეს.
 
გაცნობიერებულობა ორ დონედ შეიძლება გაიყოს: პირველი - ყურადღებაა, მეორე კი - აღქმა. უშუალოდ დაბადების შემდეგ აღქმა არაფრითაა შებურული. ბავშვს უნარები ფართოდ აქვს გახსნილი ინტუიციური ცოდნისთვის და ნათელხილვისთვის. სხვა სიტყვებით, მას პირდაპირი წვდომა აქვს ინფორმაციასთან ვარიანტთა სივრციდან და სამყაროს ისეთს აღიქვამს, როგორიც ის არის.
 
თუმცა „სიზმარმხილველი“ უფროსები ახალშობილს საკუთარ ნებას ახვევენ და მასაც ზმანების ვიწრო ჩარჩოში ტენიან, რასაც თავად ცნობიერ არსებობად მიიჩნევენ. ეს თავისუფლების შეზღუდვით და ყურადღების ფიქსაციის მეშვეობით კეთდება. ბავშვს აიძულებენ ყურადღება გაამახვილოს მატერიალური სინამდვილის ატრიბუტებზე: „აქეთ გამოიხედე! მისმინე! ასე ნუ აკეთებ! ასე გააკეთე!“ როდესაც ყურადღება მოხელთებულია, აღქმის ჰორიზონტი მკვეთრად ვიწროვდება, გაცნობიერებულობა იკარგება, და ადამიანი იძირება მდგომარეობაში, რომელიც ბევრით არ განსხვავდება არაცნობიერი ზმანებისგან.
 
სინამდვილეში, თუ ყურადღება კონცენტრირებულია ნივთების ვიწრო წრეზე, ადამიანი მიდის, თითქოს მზერა ფეხქვეშ აქვს მიმართული, და ბუნებრივია, საშუალება არ აქვს ირგვლივ მიმოიხედოს. მსოფლმხედველობის შაბლონი, თავის მხრივ, ადამიანს სტერეოტიპების პროკრუსტეს სარეცელზე ათავსებს, რომლებიც განსაზღვრავს „როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი“. არაცნობიერ ზმანებაში ყურადღების და აღქმის ასეთი ფიქსაცია მაქსიმალურ დონეს აღწევს. ადამიანი სიტუაციას საკუთარი უსუსურობის განცდით იღებს ისეთს, როგორიც არის და მათზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. შედეგად სიზმარმხედველი მთლიანად გარემოებათა ტყვეობაში იმყოფება, სიზმარი მას „შეემთხვევა“, და მას არაფრის გაკეთება არ ძალუძს. სცენარი სპონტანურად ვითარდება, შიშების და მოლოდინების შესაბამისად. მოლოდინები და აზრები უმართავად მიედინება.
 
გაცნობიერებულ სიზმარში გაცნობიერებულობის დონე უკვე უფრო მაღალია, სიზმარმხილველს ნებელობითი ძალისხმევით მოვლენათა მიმდინარეობაზე ზემოქმედება შეუძლია. საკმარისია ადამიანმა გაიაზროს, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, რომ მას გასაოცარი უნარები ეხსნება. გაცნობიერებულ სიზმარში არაფერია შეუძლებელი - შეიძლება მოვლენათა მართვა და წარმოუდგენელის გაკეთება, მაგალითად ფრენა. ეს კი იმიტომ, რომ ყურადღება და აღქმა ფიქსაციისგან გათავისუფლდნენ - ადამიანმა, თითქოს თავი ასწია, მიმოიხედა და გააცნობიერა თავისი მდგომარეობა.
 
ცხადში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, გაცნობიერებულობის დონე კვლავ დაბლა იწევს. ადამიანის აზრები უმეტესწილად სპონტანურად დაქრის. ერთი თემიდან მეორეზე ხტება. ის, რაც აწუხებს, ადარდებს ან აღიზიანებს, როგორც წესი მთლიანად ეპატრონება ცნობიერებას და გამუდმებით იგრძნობა ამა თუ იმ ხარისხით. ასეთი აზრების მართვა რთულია. ცუდი მოლოდინები და ნეგატიური რეაქციები ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად მის რეალობას ქმნის. აღქმა და ყურადღება პრობლემებით, დამთრგუნველი ფიქრებით, გარემოებებით ფიქსირდება. შედეგად ადამიანი იძირება თავის პრობლემებში, როგორც ცხად სიზმარში. აი, ასე ხდებიან „ზრდასრულები“.
 
მოწიფული ადამიანი ბავშვს გონიერების არ მქონედ მიიჩნევს, რადგან ის არ ეწერება მის სიზმარში. რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ასწავლონ, როგორ იარსებოს მისთვის ახალ პირობებში. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად წარმოიქმნება პარადოქსი: რაც უფრო კარგად ითვისებს ბავშვი ქცევის წესებს მატერიალური სამყაროს ვიწრო საზღვრებში, მით უფრო დაბლა ეცემა გაცნობიერებულობის დონე, რასაც მოჰყვება მოვლენათა მიმდინარეობაზე ზემოქმედების და რეალობის მეტაფიზიკური მხარის აღქმის უნარის დაკარგვა.
 
ზრდასრულები თავისივე თამაშის, შედეგად კი გარემოებების ტყვეები გახდნენ იმ მომენტიდან, როგორც კი მათი სერიოზულად აღქმა დაიწყეს და პრობლემებში თავით გადაეშვნენ. ბავშვი კი თამაშის სრულუფლებიანი ბატონია. მისი გაცნობიერებულობა უფრო მაღალია, რადგან მას ყოველ მომენტში ახსოვს, რომ ეს მხოლოდ თამაშია. მისი მნიშვნელოვნება დაბალ დონეზეა, რადგან მას ახსოვს, რომ ეს მხოლოდ თამაშია. და ის გარედან მოქმედებს, იმავდროულად აკვირდება როგორც მაყურებელი, რადგან ისევ და ისევ აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ თამაშია.
 
დიდებისთვის თამაშები დამთავრდა, ცხოვრება - სერიოზული საქმეა. ერთი მხრივ, ეს სწორია, მაგრამ მეორე მხრივ - ასეთი დამოკიდებულება არსებობას ცხადში არაცნობიერ ზმანებად აქცევს. რა თქმა უნდა, ადამიანმა იცის, რომ მოცემულ მომენტში მას არ სძინავს, არამედ ღვიძავს. მაგრამ რას ცვლის ეს? სურვილები ხომ არ სრულდება, ოცნებები არ ხდება, სამაგიეროდ უარესის მოლოდინი, თითქოს სპეციალურად, მართლდება. ცხოვრება თავისთვის მიედინება, როგორც გამოვა, და არა როგორც გვინდა, ისე. ჰოდა გამოდის, რომ გაცნობიერებულ სიზმარში ადამიანი თავისი რეალობის ბატონია, ხოლო ცხადში - უსუსური. ყველაფერი შედარებითია.
 
სიზმრის მართვის უნარი რეალურ სინამდვილესთან შედარებით სიზმარში ადამიანის მიერ საკუთარი თავის გაცნობიერების შედეგად ვლინდება. ცნობიერების ამ მოცემულ საფეხურზე ადამიანს საყრდენი წერტილი გააჩნია - რეალობა, რომელშიც დაბრუნება შეუძლია გაღვიძების შემდეგ. რეალობა, თავის მხრივ, ცხადში არაცნობიერი სიზმრის მსგავსია - ცხოვრება „ხდება“. ადამიანს არ ახსოვს თავისი წინა ცხოვრებები და არ აქვს საყრდენი წერტილი, რომლის მიმართაც შეიძლება ცნობიერების შემდეგ საფეხურზე ასვლა.
 
გაცნობიერებულ სიზმარში თქვენ იხსენებთ, ვინ ხართ სინამდვილეში. თქვენ ის ხართ, ვინც სიზმარს ხედავს. თქვენ აცნობიერებთ, რომ საკმარისია გაიღვიძოთ, და ყველა ხილვა გაქრება. მაგრამ შეიძლება სიზმარში დარჩენა, და განზრახვით მისი მიმდინარეობის წარმართვა. მანამ, სანამ არ აცნობიერებთ, რომ სიზმარს ხედავთ და არ გახსოვთ თქვენი საყრდენი წერტილი, თქვენ მთლიანად სიზმრის ძალაუფლების ქვეშ ხართ. თქვენ გარემოებათა დამოკიდებულებაში ხართ, განსაზღვრულობის ფუტლიარში.
 
რეალობა სიზმრისგან იმით განსხვავდება, რომ მასში გამუდმებით ბრუნდებით. რათა განსაზღვროთ, სიზმარია თუ ცხადი, ათვლის საწყისის არჩევაა საჭირო, რადგან სიზმარიც, და რეალობაც ფარდობითია. სიზმრები არარეალურია რეალობასთან მიმართებით. ხოლო რის მიმართ არის არარეალური თავად რეალობა? სადაა რეალობის ათვლის საწყისი?
 
სიკვდილით თქვენ ათვლის ამ საწყის წერტილს უბრუნდებით. მაგრამ ყოველ ჯერზე, თავიდან დაბადებისას, ივიწყებთ საწყის პუნქტს და ახალ ზმანებაში - შემდეგ ცხოვრებაში - იძირებით. თქვენ რომ გაგეხსენებინათ, ვინ ხართ სინამდვილეში, გააცნობიერებდით, რომ შეგიძლიათ ამ თქვენი ზმანების - ცხოვრების მართვა.
 
ეს რთული გასაკეთებელია. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამისთვის სამყაროს აღქმის შაბლონის შეცვლაა საჭირო. ეს გონებაში ამოტვიფრული თავისებური ტრაფარეტია და მისი წაშლა ან შესწორება შეუძლებელია. მხოლოდ ახლის, დამატებითის შექმნაა შესაძლებელი, რისთვისაც პირველ ყოვლისა წინასგან გონების გათავისუფლება, მოწყვეტაა საჭირო. გონება თავის შაბლონს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში წყდება, რომელიც ძილის დროს ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედებით დგება.
 
ცნობიერების ნორმალურ მდგომარეობაში სული და გონება სინქრონულად არიან მომართული ვარიანტთა სივრცის რეალიზებულ სექტორზე. გონება მატერიალურ სინამდვილეს აკვირდება, თითქოს ფანჯრიდან იყურება. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში გონება კონტროლს უშვებს, სინქრონულობა ირღვევა, და სული ვარინტთა სივრცის არარეალიზებულ ნაწილში გადაიხრება. შედეგად ადამიანი, რომელიც რეალურ სამყაროში იმყოფება, გადახრის ხარისხის მიხედვით მას სრულებით სხვაგვარად აღიქვამს.
 
მარტივად რომ ვთქვათ, მთვრალს შეუძლია მისთვის კარგად ნაცნობი სახლი ან ქუჩა უცნაური იერსახით ნახოს, როგორც ეს სიზმარში ხდება. მისი გონება სურათს სივრცის ახლომდებარე არარეალიზებული სექტორებიდან აკვირდება, სადაც დეკორაციები უკვე სხვაა. იქ კი რაც გნებავთ, ყველაფერი შეიძლება იყოს. მაგალითად, ადამიანი ვერაფრით პოულობს კარს, რადგან ძველ ადგილზე ვერ ხედავს. გარემო შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს, როგორც კაპიტალური რემონტის დროს, და მისი ცნობა შეუძლებელი ხდება. ნაცნობებიც შეიძლება სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდნენ. რეალობაში ყველაფერი ძველებურად დარჩა, მაგრამ ადამიანი არარეალურ დეკორაციებს ხედავს, რადგან მისი აღქმა ვარიანტთა სივრცის სხვა ნაწილს „უმზერს“.
 
არაცნობიერ სიზმარში გონების კონტროლი კიდევ უფრო სუსტდება, ამიტომ ითვლება, რომ სული საკმაოდ დაცილებულ სექტორებში მიფრინავს, სადაც სცენარები და დეკორაციები სრულიად წარმოუდგენელი სახისაა. იქ ყველაფერი შესაძლებელია, სამოთხით დაწყებული და ისეთი ჯოჯოხეთით დამთავრებული, რომელთან შედარებითაც კუპრის ქვაბიანი ეშმაკები - სანატორიუმია. სიზმრის მხედველი შეიძლება აღმოჩნდეს უზარმაზარი მექანიზმებით სავსე ტექნოგენურ სამყაროში. ან მოხვდეს სამყაროში, რომელიც ცხოველთა სასაკლაოს გავს, სადაც ჭუჭყის და უმი ხორცის გორების მეტი არაფერია. ან უცხო ქალაქში აღმოჩნდე, სადაც მხოლოდ ის დაგრჩენია, სასოწარკვეთილმა უცხო ქუჩებში იარო და არც კი იცოდე, სად მოხვდი და საით უნდა წახვიდე. იქაური ადამიანები შეიძლება მახინჯები და არანორმალურები იყვნენ, ცხოველები კი - ცოფიანები.
 
ასეთი სიზმრიდან გამოფხიზლებული ადამიანი უდიდეს შვებას გრძნობს: „ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ ეს მხოლოდ სიზმარია!“ დიახ, ეს სიზმარია, მაგრამ არა ილუზია ჩვეულებრივი გაგებით, არამედ არარეალიზებული მეტაფიზიკური რეალობა. და ყველაზე საშინელი აქ ისაა, რომ სიზმარმხედველს ყველა ეს ვირტუალური პერსონაჟი ხედავს და შეუძლია ყველაფერი გაუკეთოს, მისი შიშების და მოლოდინების შესაბამისად. ღმერთმა არ ქნას, ადამიანი ასეთ რეალობაში გაიჭედოს.
 
სხვათა შორის, ორბიტაზე მყოფი კოსმონავტებიც ძალზე არამიწიერ სიზმრებს ხედავენ. მაგალითად, გენადი სტრეკალოვი თავის გამოქვეყნებულ დღიურებში წერს: „უცნაურ სიზმრებს ვხედავ. ხანდახან მიკვირს - არავითარი მოტივაცია და კავშირი არაა. როგორც ჩანს, თავის ტვინი, როგორც ზერთული კომპიუტერი, დაღლილობისგან ხარვეზებით მუშაობს ან მასში გარედან, სამყაროს საინფორმაციო ველიდან შედის ინფორმაცია, სადაც ყველაფერი ჩაწერილია და სამუდამოდაა შენახული“. როგორც ჩანს, ამ სიზმრების შემდეგ, რომლებიც ვერაფრით დაიბადებოდა ჩვეულებრივი ადამიანური ცნობიერების ჩარჩოებში, კოსმონავტს არ გააოცებს ტრანსერფინგის პოსტულატი ვარიანტთა სივრცის არსებობის შესახებ.
 
ადამიანური აღქმის მოდელი კარგადაა გადმოცემული კარლოს კასტანედას და თეუნ მარეზის წიგნებში. მათთან აღწერილია, როგორ წარმოედგინათ ეს ტოლტეკებს - ატლანტიდის ბოლო წარმომადგენლებს. მათი სწავლების მიხედვით ადამიანს გარს აკრავს უამრავი ბოჭკოსგან შემდგარი მანათობელი ენერგეტიკული პარკი. დაახლოებით ბეჭების დონეზე ყველა ბოჭკო ერთიან ფოკუსში იყრის თავს, რომელსაც შეკრების (ფიქსაციის) წერტილი ეწოდება. შეკრების წერტილის მდებარეობა განსაზღვრავს აღქმის ორიენტაციას.
 
თუ მოცემულ მოდელს ტრანსერფინგის კონცეფციასთან შევათავსებთ, მივიღებთ, რომ შეკრების წერტილის ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანი ჩვეულ რეალობას აღიქვამს. ასეთ მდგომარეობაში რეალიზებული სინამდვილე ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს ემთხვევა. თუ წერტილი გვერდით წანაცვლდა, სინქრონიზაცია დაირღვევა და ადამიანი არარეალიზებული უბნის აღქმას შეძლებს. ჩვეულებრივ ადამიანებს შეკრების წერტილი მყარად აქვთ დაფიქსირებული. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ფიქსაცია ირღვევა, და წერტილი „სეირნობას“ იწყებს, ადამიანს ნათელხილვის უნარი უჩნდება. და, რა თქმა უნდა, სიზმრები სწორედ შეკრების წერტილის წანაცვლებითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია, რომ აღქმის ეს ფოკუსი არა მარტო წანაცვლდეს გვერდით, არამედ თავის ადგილს დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის არაბუნებრივ მდგომარეობაში გაიჭედება, ფსიქიკას ემართება ის, რასაც შეშლილობას უწოდებენ.
 
ის, ვისაც თავისი შეკრების წერტილის გამიზნულად გადაადგილება ეხერხება, რეალობის, როგორც გაცნობიერებული სიზმრების, მართვა შეუძლია. ასეთი უნარი თავისთავად გამოვლინდება, თუ რეალობის მიმართ საყრდენ წერტილს დავიბრუნებთ, ანუ გავაცნობიერებთ, ვინ ვართ სინამდვილეში. ეს რთული ამოცანაა. ცნობილი გასხივოსნებულების თითებზე ჩამოთვლა შეიძლება. გასხივოსნება წააგავს იმას, თავიდან უცნობი ქალაქის ვიწრო არეული ქუჩებით რომ მიიკვლევ უშედეგოდ გზას, შემდეგ კი ცაში აფრინდები და არემარეს, თითქოს ხელისგულზე გედოს, ზემოდან აკვირდები და მიზნისკენ მიმავალი გზაც უცებ ხდება ცხადი.
 
ტრანსერფინგი თქვენ ცაში არ აგაფრენთ, მაგრამ ის მარშრუტს მიგითითებთ, რომლითაც დახუჭული თვალებითაც კი შეძლებთ გადაადგილებას. სიზმარში რომ გაიღვიძოთ, ათვლის წერტილია საჭირო. თქვენ გესმით, რომ ეს სიზმარია, როდესაც იხსენებთ, რომ სხვა - ნამდვილი რეალობაც არსებობს. ათვლის წერტილად შეიძლება გამოდგეს ცოდნა, რომ ცხოვრებაში გაცნობიერებულობის ერთი საფეხურით თუ არა, ნახევარი საფეხურით ამაღლება შეიძლება, ეს კი ცოტა არაა.
 
აი, ქუჩას მიუყვებით, ან ვინმეს ესაუბრებით, ან ყოველდღიური საქმეებით ხართ დაკავებული. გაიღვიძეთ! გარშემო მიმოიხედეთ, ფხიზლად შეხედეთ მოვლენებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი განზრახვით საკუთარი სამყარო საჭირო კალაპოტში მიმართოთ. თქვენ საკუთარი რეალობის მართვა შეგიძლიათ. ეს არ იქნება იმის მსგავსი, როგორც სიზმარში ხდება, როდესაც სიუჟეტი თქვენი ნების უმცირესი სურვილის შესაბამისად პლასტიკურად იცვლება. მატერიალური რეალიზაცია ინერტულია, როგორც ფისი, მაგრამ მისი მართვაც შეიძლება, თუ ტრანსერფინგის პრინციპებს გამოიყენებთ. და პირველი, რისი გაკეთებაც აუცილებელია - უნდა გამოიღვიძოთ.
 
რეალობა, როგორც სიზმარი, ისე გააცნობიერეთ. მხოლოდ გაცნობიერებულ სიზმარში ძალგიძთ სიტუაციის ნამდვილად კონტროლი. როდესაც ზეზეულად გძინავთ, თქვენ სიტუაციას კი არ აკონტროლებთ, არამედ ქანქარებს ებრძვით. ჩამოდით მაყურებელთა დარბაზში და დააკვირდით. იმოქმედეთ განყენებულად, გააქირავეთ თავი და დარჩით დამკვირვებელი.
 
გაცნობიერებულობის დონის შესანარჩუნებლად, აუცილებელია გამუდმებით აკონტროლოთ თქვენი აზრების მიმართულება. როდესაც ეს ჩვევად გექცევათ, ავტომატიზმში გადავა და ძალისხმევის გარეშე გააკეთებთ.
 
სიზმარშიც ხომ ასეა, როდესაც იქ გაიღვიძებთ, აღარ გჭირდებათ ძალისხმევა, რომ გახსოვდეთ - ეს მხოლოდ სიზმარია. ცხადშიც შეიძლება აზრების მიმართულების კონტროლირების სწავლა. მაგრამ ამისთვის თავიდან მოგიწევთ სისტემატურად აიძულოთ საკუთარ თავს „გამოიღვიძოთ“, რათა ჩვევა გამოიმუშავოთ.
 
როდესაც ცხადში იხსენებთ, რომ განყენებულად უნდა იმოქმედოთ, თქვენ აცნობიერებთ, ანუ სცენიდან მაყურებელთა დარბაზში ჩამოდიხართ ან სცენაზე რჩებით როგორც მოთამაშე მაყურებელი. სწორედ ესაა ის ნახევარი საფეხური გაცნობიერება, რომელიც უკვე საკმარისია, რათა ტრანსერფინგის დანარჩენი პრინციპები შეასრულოთ, რომელთა შორის უმთავრესი, როგორც ცნობილია წინა წიგნიდან, არის: მნიშვნელოვნების დონის დაქვეითება, ვარიანტების დინების მიმართულებით მოძრაობა და კორდინაცია. ეს პრინციპები საშუალებას იძლევა ცხოვრებისეული სიტუაციების ლაბირინთში ბრმადაც კი თავდაჯერებულად იმოძრაოთ და ათასგვარ უსიამოვნებას აერიდოთ. შემდგომში კი რეალობის მართვის მომდევნო მძლავრ ინსტრუმენტს - დუალურ სარკეს გაეცნობით.
 
და ამ თემის დასასრულს კიდევ ერთი კითხვის დასმა შეიძლება: თუ ვარიანტთა სივრცეში სადღაც არის საყრდენი წერტილი მომდევნო ცხოვრების წინ, რომლის მიმართაც რეალობა შეიძლება სიზმრად მივიჩნიოთ, მაშინ თავად ამ ათვლის საწყისის საწყისი რაღაა? ცხადია, თავად ღმერთი. ყოველი ცოცხალი არსების სული - ღმერთის ნაწილია. და ყოველი ცხოვრება - მისი სიზმარი. შეგვიძლია კითხვის დასმა გავაგრძელოთ: თავად ღმერთს თუ აქვს საყრდენი წერტილი?
 
ამაზე სხვებმა იმტვრიონ თავი. ასეთივე წარმატებით შეიძლება დავსვათ კითხვა: ხილული სამყაროს მიღმა თუ არსებობს რამე? ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ისევე როგორც პეპელა, რომელიც აფრიკაში აგროვებს ნექტარს, ვერ გაიგებს, რომ ამერიკაც არსებობს და იქაც იზრდება ყვავილები. განა ეს სამყარო საკმარისად მშვენიერი არაა? რატომ ვითხოვთ მისგან ყველაფრის ახსნას? ჩვენ ხომ იმ ყვავილების ნექტარითაც შეგვიძლია დავტკბეთ, რომლებიც ხელთ გვაქვს.

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.


ღვთის შვილები
 
უხსოვარი დროიდან ერთმა საყოველთაო ჩვევამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი: ღვთისმოშიშ მოქალაქეებს მხოლოდ დადებით თვისებებს მიაწერს, ხოლო უღმერთოებს ყოველგვარ ცოდვაში ადანაშაულებს. უფრო ზუსტად, სწორედ ღვთისმოშიშმა მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს ეს სტერეოტიპი - თავისთვის, და იმავდროულად ყველასთვის, როგორც თავიანთი უდანაშაულობის ერთგვარი პრეზუმფცია. და ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც ღვთის სახელით ხდებოდა და ახლაც ხდება საშინელი დანაშაულები, რომელსაც საფუძვლად თითქოსდა ღვთისთვის სასურველი მიზანი - სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა - უდევს. და არც თავად რწმენა აქცევს ადამიანს უცოდველ მართლად.
 
მაინც საიდან მოდის საკუთარი უცოდველობის ან, უფრო ზუსტად, სიმართლის ასეთი რწმენა, რომ ათეისტებიც კი მოწიწებით ეთანხმებიან? ასე ვთქვათ, ჩვენ გვწამს, ეკლესიაში დავდივართ, ვლოცულობთ, ამიტომ ყოველივე სულიერის და ნათლის არსი ვართ, თქვენ კი - უღმერთოები, ანუ ცოდვებში ხართ ჩაფლული. ჩვენ მართლები ვართ, თქვენ კი - მცდარი.
 
ამ რწმენის წყარო არის საყრდენი წერტილი, რომელსაც ადამიანს რელიგიის ქანქარა აძლევს. აქ ყველაფერია: ცოდვათა მიმტევებელი ღვთის გულმოწყალების იმედიც, მონანიებით დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებაც, ღვთის სასუფევლის რწმენაც, ასევე ღვთის დახმარების იმედი და ერთმორწმუნეებთან ერთობის განცდა. ათეისტებს ამ აზრით უფრო რთულად აქვთ საქმე - მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნონ, და დანაშაულის გრძნობასაც ვერაფერს უხერხებენ.
 
მაგრამ რატომ მიისწრაფის ღმერთისკენ ის, რომელიც საკუთარ თავს თავიდანვე მართლად მოიაზრებს? უმრავლეს შემთხვევაში უზენაესთან არა მის მიმართ სიყვარულს, არამედ შიშის და დაურწმუნებლობის გრძნობას მიჰყავს ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მთელი სულით მიისწრაფიან ღვთისკენ, მაგრამ ეს ილუზიაა. სინამდვილეში ისინი საკუთარი ეგოსგან გაქცევას ცდილობენ. ეგოში ცუდი არაფერია, და ის მანამდე არ უშლის ხელს, ვიდრე მას არ აწყენინებენ. ეგოს დამოკიდებულების ურთიერთობები შობს, როდესაც ადამიანი თავს სხვებს ადარებს და აღმოაჩენს, რომ სრულყოფილებამდე ბევრი უკლია.
 
ეგოს ერთადერთ მიზანს საკუთარი მნიშვნელოვნების დამტკიცება წარმოადგენს. თუ ეგო ამ დამტკიცებას ვერ იღებს, ის ნაწყენდება, და ადამიანი სულიერ დისკომფორტს გრძნობს, რომლისგან გათავისუფლებას ცდილობს. მაგრამ როგორ უნდა შეძლოს ეს? თუ მნიშვნელოვნების ამაღლებით საქმე არ გამოდის, მაშინ ორი გზა რჩება: ან სადავის მიშვება, რათა ეგო თავისუფლად გაჭენდეს, ან მისი მთლიანად მოგუდვა. ვინც პირველ გზას ირჩევს - ეგოისტად იქცევა, ხოლო ვინც მეორე - ალტრუისტად.
 
ხშირად დისკომფორტისგან გასათავისუფლებლად თავის თავთან მარტო დარჩენილი ეგო სასოწარკვეთილ ნაბიჯს დგამს - ის საკუთარი თავის უარყოფას იწყებს. ეგო აცხადებს, რომ საკუთარი თავის სიყვარული - ცუდია, სხვები უნდა უყვარდეს. ადამიანი თავის სულს ზურგს აქცევს და ღმერთისკენ, ადამიანებისკენ მიისწრაფის, რათა თავისი სიცოცხლე ვინმეს ან რამეს მიუძღვნას, ოღონდ კი საყრდენი მოიპოვოს. პირიქითაც ხდება, ეგო აგრესიული ხდება, და ასეთ შემთხვევებში გვევლინებიან დამნაშავეები, არამზადები, ცინიკოსები. ამგვარად, როგორც ნამდვილად სულიერი, ასევე დაცემული პიროვნებები ეგოს შექმნილი არიან, მხოლოდ პოლარობა აქვთ ურთიერთსაპირისპირო.
 
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ, ღმერთისკენ შებრუნებით, ეგოსგან გათავისუფლდებით. მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ეგო გიბიძგებთ მისკენ. ღმერთი კი თქვენშია, და არა თქვენს გარეთ! ღვთის ნაწილი ყველა ცოცხალ არსებაშია, და ამგვარად მართავს ის სამყაროს. ეგო რომელიღაც აბსტრაქტულ სიმბოლოს სცემს თაყვანს, ხოლო საკუთარ სულს, ანუ ჭეშმარიტ ღმერთს, ზურგს აქცევს. ქრისტე, მუჰამედი, ბუდა, კრიშნა - ღვთის უმაღლესი მანიფესტაციებია. ჩვეულებრივ ადამიანი არა უმაღლეს, მაგრამ მაინც იგივე მანიფესტაციას წარმოადგენს. რა გამოდის, ერთი მანიფესტაცია მეორეს სცემს თაყვანს? ვის სჭირდება ეს?
 
ღვთისკენ სწრაფვა საკუთარი ეგოსგან გათავისუფლების მიზნით - შინაგანი მნიშვნელოვნების გზაა. შინაგანი მნიშვნელოვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში ვლინდება, თუ საკუთარ თავს სხვების სამსჯავროზე გადასცემთ. საკუთარ თავთან დაბრუნება ისე, რომ სხვისკენ არ გაიხედო - ღვთისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზაა. თუ საკუთარ თავს სხვათა აზრის გათვალისწინების აუცილებლობისგან ვათავისუფლებ, მაშინ თვითკმარი ვარ, ჩემი ეგო არსებობას წყვეტს, და უბრალოდ მთლიანი პიროვნება რჩება. ნუ უსმენთ მათ, ვინც შეცვლისკენ და საკუთარი თავისგან გარკვეული სტანდარტების შესაბამისი პიროვნების გამოძერწვისკენ მოგიწოდებთ. ისინი საკუთარი თავის შეცვლას - საკუთარი სულისგან შებრუნებას და ქანქარის წესით მოქმედებას: „გააკეთე ჩემსავით!“ - გაიძულებენ. საკუთარ თავს მიუბრუნდით, მიიღეთ და ნება მიეცით იყოს ისეთი, როგორიც არის, ისარგებლეთ თქვენი უფლებით, იყოთ მართალი. სრულად მიუძღვნათ საკუთარი თავი რომელიღაც აბსტრაქტული ღმერთის მსახურებას, ნიშნავს, საკუთარ სულს ზურგი აქციოთ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ რელიგიის ქანქარის თაყვანისცემაა.
 
ასეთია ტრანსერფინგის თეოსოფია, რომელიც, სხვათა შორის, მის გაზიარებას არავის აიძულებს. მე აბსოლუტურ ჭეშმარიტებებს არ ვაცხადებ, მხოლოდ ზოგიერთი კანონზომიერების გამოვლენას ვცდილობ. ყველა უფლებამოსილია, საკუთარი დასკვნები თავად გააკეთოს.
 
რა თქმა უნდა, რელიგიურ მოღვაწეებს ასეთი მსჯელობა არ მოეწონებათ. თუმცა, მათ შორისაც განსხვავებული წარმოდგენების მქონე სხვადასხვანაირი ხალხი გვხვდება. რელიგიის ქანქარის მგზნებარე მიმდევრები ჭეშმარიტი მღვდელმსახურებისგან ნებისმიერი საკითხისთვის საკუთარი დოგმატების გაავებული დაპირისპირებით განსხვავდებიან. სწორედ ეს აგრესიული ზეწოლა ავლენს მომენტალურად ქანქარის მიმდევარს. საბედნიეროდ, წავიდა ის დრო, როდესაც ამ მიმდევრებს სხვაგვარად მოაზროვნეების კოცონზე დაწვა შეეძლოთ. თუმცა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებები ჯერ კიდევ აქტუალურია, და არც დამთავრდება, რადგან ქანქარის პირველ კანონს არავინ გააუქმებს.
 
სინამდვილეში, რელიგია - შუამავლის მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობაა. ნათლისღების, ჯვრისწერის და დასაფლავების რიტუალი ღვთისმსახურის გარეშე ვერ ჩატარდება. თუმცა არც ესაა ასე აუცილებელი. განა ღმერთი არ მიიღებს თავის შვილს, თუ ის თავის დროზე არ მონათლეს? თუ ყოველ ჩვენგანში შემოქმედის ნაწილია, განა ჩვენ მისი შვილები არ ვართ? განა შუამავალი გჭირდებათ დედასთან და მამასთან ურთიერთობისას? ამ საკითხს ყველა თავისთვის წყვეტს.
 
რელიგია თავის მიმდევრებთან მიმართებით განსაკუთრებით ხისტ ქანქარას წარმოადგენს და ამქვეყნიურ სიკეთეებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. როგორც წესი, სულიერ გზებს ცხოვრების ასკეტურ წესთან აკავშირებენ. გასხივოსნებულებზე ფიქრობენ, რომ თუ ადამიანი სულიერი სრულყოფის გზაზე დიდ სიმაღლეს აღწევს, მას მიწიერი აღარაფერი აინტერესებს. ნუ წამოეგებით ამ სატყუარას. ყველას უნდა აინტერესებდეს თავისი მატერიალური მდგომარეობა, კომფორტი, კეთილდღეობა. თუ ეს ასე არაა, ე.ი. ადამიანი მთლიანად რომელიმე იდეის მარწუხებშია მოქცეული. ეს იდეა კი, ცხადია, ერთ-ერთ რელიგიურ, ფილოსოფიურ ან კიდევ რომელიმე „სულიერ“ ქანქარას ეკუთვნის.
 
ქანქარები მათი მეორე კანონის შესაბამისად მიმდევრებს საკუთარი თავის მთლიანად სტრუქტურის ინტერესებისთვის მიძღვნას აიძულებს. თუ ადამიანი ამ ანკესს მყარად წამოეგო, მას მართლაც სხვა აღარაფერი აინტერესებს. ის შეიძლება ილუზიით იყოს შეპყრობილი, რომ მთელი გულით და სულით მოქმედებს ანუ „ღმერთს ესაუბრება“. სინამდვილეში ასეთი „გასხივოსნებულის“ სული ყრუ ფუტლიარშია გამომწყვდეული და საკუთარ საჭიროებებს ვერ ახმოვანებს.
 
რატომ მოვიდა სული ამ მატერიალურ სამყაროში? რათა არამიწიერი, ზეციური ცხოვრებისთვის მოემზადოს? ეს სრული სისულელეა! თუ სული ისედაც ზეციდან მოვიდა ამ სამყაროში, რატომღა სჭირდება მას ისევ ზეციური ცხოვრებისთვის მომზადება? და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ეს აქ, დედამიწაზე? ეს ამქვეყნიური ცხოვრება სულისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს. ის სწორედ იმიტომ მოვიდა აქ სულიერი სამყაროდან, რომ მატერიალური სამყაროს ყველა სიკეთე იგემოს. სულიერ სამყაროს სული ყოველთვის მოესწრება. რა აზრი აქვს სულმა უარი თქვას ყველაფერზე, რასაც ეს ცდუნებებით სავსე მშვენიერი, საოცარი, დიდებული სამყარო სთავაზობს?
 
ღმერთის მსახურებისთვის საკუთარი თავის მთლიანად მიძღვნით თქვენ მას შორდებით. შემოქმედი რეალობებს ცოცხალი არსებების მეშვეობით ქმნის როგორც თავის ცოცხალ განხორციელებებს. ღმერთს მისი შექმნილი რეალობის ყველა ვარიანტის გამოცდა სურს. სწორედ ამისთვის გზავნის ის თავის შვილებს მატერიალურ სამყაროში. ღმერთმა თავისუფალი ნება მოგანიჭათ, ჰოდა დატკბით თქვენი თავისუფლებით! არაა საჭირო სენაკში გამოკეტვა და მრავალსაათიანი ლოცვები. ეს ღვთის მსახურება კი არა, მისთვის იმ სიხარულის წართმევაა, რომელსაც სრულფასოვანი სიცოცხლე გვანიჭებს. ეს იგივეა, ბავშვი არასდროს გავუშვათ სასეირნოდ და მთელი დრო მხოლოდ დაზუთხვა ვაიძულოთ.
 
რელიგიის ქანქარების მიმდევრები დაგიწყებენ მტკიცებას, რომ თქვენ არაფრის მაქნისი ხართ, ღმერთი კი ყოვლადძლიერია. სტრუქტურას თქვენი თავისუფლება და ძალა არ აწყობს - მას მუშა ჭანჭიკები სჭირდება. ქანქარებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ადამიანის ნების დამონების პროცესში. გასაოცარია, რამდენად დიდია ქანქარების ზეგავლენა, რომ ღვთის შვილებმა ყოველგვარი წარმოდგენა დაკარგეს საკუთარ სიძლიერეზე.
 
ადამიანს თავიდანვე მინიჭებული აქვს უფლება თავად გამოძერწოს საკუთარი სამყაროს ნიშა მატერიალურ სინამდვილეში მეტაფიზიკური სივრციდან პოტენციური ვარიანტების განხორციელების გზით. ქანქარებმა ადამიანებისთვის არა მარტო საკუთარ უნარებზე წარმოდგენის წართმევა შეძლეს, არამედ თავად ცხოვების აზრის დამახინჯება მოახერხეს, როდესაც ღვთის მსახურება თაყვანისცემით ჩაანაცვლეს.
 
ღმერთს თაყვანისცემა არ სჭირდება. განა თქვენ თქვენი შვილების თაყვანისცემა გჭირდებათ? ალბათ, მათში მეგობრების დანახვა უფრო გაგახარებდათ. სინამდვილეში ცხოვრების აზრი, ასევე თავად ღმერთის მსახურება თანაშემოქმედებაში - მასთან ერთად ქმნაში მდგომარეობს.
 
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ღმერთის რწმენა - ყველაფერია, რაც მათგან მოითხოვება. მათ მისი არსებობის და ძლიერების სწამთ. მერე რა? მათ ხომ ღმერთის არ ესმით - ის მათთვის აბსტრაქტული, მიუწვდომელი და ხშირად საშიში კერპია. მათ შთააგონეს, რომ ღმერთს თაყვანი უნდა სცეს, მცნებები დაიცვას და მართალი ცხოვრებით მოემზადოს რაღაც ისეთისთვის, რასაც წესიერად ვერავინ ვერ განმარტავს.
 
მაგრამ რწმენა გაგება არაა. ლოცვა ღმერთთან ურთიერთობა არაა. ღმერთის ენა - შემოქმედებაა. მოცემული მტკიცება შეიძლება მიიღოთ, ან არა, მაგრამ ამ თემაზე კამათი ან მსჯელობა უაზრობაა. ეს ფილოსოფიური პრობლემა არაა, ეს არჩევანის საკითხია. ამიტომ დასამატებელიც არაფერია.
 
საკუთარი რეალობის, საკუთარი სამყაროს ნიშის ფორმირებით თქვენ ღმერთთან ურთიერთობთ.როდესაც საკუთარი შემოქმედებით ხარობთ, ღმერთიც თქვენთან ერთად ხარობს. სწორედ ესაა მისი ჭეშმარიტი მსახურება. ღმერთის რწმენა კი - პირველ რიგში საკუთარი თავის, როგორც შემოქმედის შესაძლებლობების რწმენაა. შემოქმედის ნაწილი ყველა ადამიანშია. ჰოდა, გაახარეთ თქვენი მამა. რამდენადაც საკუთარი ძალების გჯერათ, იმდენად გწამთ ღმერთის და ამგვარად ახორციელებთ მის ნათქვამს: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“.

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.


ზმანებათა თეატრი
 
როგორც უკვე ითქვა წიგნის დასაწყისში, პირველმიზეზი, რომელიც ყველა არსების ქცევას უდევს საფუძვლად, საკუთარი ცხოვრების თუნდაც გარკვეულწილად მაინც დამოუკიდებლად განკარგვის მოთხოვნილებაა. ნებისმიერი მიზანმიმართული აქტივობა ან პროცესი ძალზე ზოგადად შეიძლება დახასიათდეს როგორც რეალობის მართვა. რაც არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერი ცოცხალის ცხოვრებაში ან არსებობაში, საბოლოო ჯამში ერთსა და იმავე ამოცანამდე დაიყვანება: გარშემომყოფი რეალობის ამა თუ იმ ხარისხით საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა.
 
და თავად ღმერთი რას აკეთებს? ამ კითხვაზე პასუხი ცხადია და დამტკიცებას არ საჭიროებს. შექმნა და რეალობის მართვა - აი, რაში მდგომარეობს ზოგადად ნებისმიერი სიცოცხლის მიზანი და აზრი. ღმერთის მმართველი ფუნქცია ეჭვს არ იწვევს, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, როგორ ახორციელებს ის ამას.
 
მას შემდეგ, რაც ქანქარებმა თავად ღმერთის გაგება დაამახინჯეს, ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, რაღაც უცნაური და საეჭვო იდუმალებითაა მოცული. თითქოს ღმერთი არსებობს, მაგრამ იმავე დროს ის არავის უნახავს. ერთი მხრივ, ღმერთი სამყაროს მართავს, მეორე მხრივ კი - მისი მოქმედება ცხადად არ ვლინდება. ჰოდა, გამოდის: ის არსებობს, მაგრამ ის არაა; ის არაა, მაგრამ ის არის. ასეთი პარადოქსული სიტუაცია საშუალებას აძლევს ქანქარებს, ღმერთის ცნება ისე განმარტოს და გამოიყენოს, როგორც მათთვისაა ხელსაყრელი.
 
დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ღმერთის ჭეშმარიტი არსის დამახინჯების მთავარ მიზეზს რელიგიების მიერ განხორციელებული ჩანაცვლებათა რიგი წარმოდგენს. ღმერთის მსახურება მათ თაყვანისცემით ჩაანაცვლეს, მისი არსებობის სიცხადე კი ბრმა რწმენით შეცვალეს. ქანქარებმა ადამიანი უსუსურად გამოაცხადეს და მას ღმერთის ყოვლადძლიერება დაუპირისპირეს. ადამიანის თავდაპირველი ღვთაებრივი არსი კი სრულიად გაანულეს, რითიც მისი ადრინდელი ერთობა შემოქმედთან გაწყვიტეს.
 
ამგვარად, ადამიანს, მოტაცებული ბავშვის მსგავსად, მშობელთან კავშირი წაართვეს და საკუთარი ჭეშმარიტი წარმოშობის, და ასევე დანიშნულების დავიწყება აიძულეს. შედეგად ადამიანმა საკუთარი უნარების შესახებ სრულიად დაკარგა ყოველგვარი წარმოდგენა და უზენაეს შემოქმედთან ერთად შემოქმედის ამპლუაში ყოფნის შესაძლებლობაც დაივიწყა. ღვთის შვილს შთააგონეს, რომ მას საკუთარი ბედის განკარგვა არ ძალუძს, რომ მან მამას შორიდან უნდა მიაგოს პატივი და ეთაყვანოს როგორც კერპს. შვილს თითქოსდა არაფერი შეუძლია და არც არაფრის უფლება აქვს - მთელი მისი სიცოცხლე დესპოტი მშობლის ხელშია, რომელიც მხოლოდ მაშინაა მოწყალე, როდესაც თავდახრილები უსიტყვოდ ემორჩილებიან.
 
ქანქარების გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი ღირსეულ მსახურებას ჩამოაშორეს და მოსამსახურედ აქციეს. მხოლოდ რელიგიის ქანქარებზე, როგორც ასეთზე, არაა საუბარი. ათეიზმი - ასევე თავისებური რელიგიაა, მხოლოდ პირიქით. რწმენა აქ უმეცრებად იქცევა, უმეცრება - უარყოფად, უარყოფა კი - აქტიურ მიუღებლობად. მაგრამ რომელი მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა, მისი მდგომარეობა, არსობრივად, არ იცვლება: რელიგიის ქანქარა ბედს ღვთის ხელში გადასცემს, ათეიზმის კი - გარკვეულ ბედისწერას ან გარემოებებს, რომელთაც ადამიანი უნდა შეებრძოლოს.
 
როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანისთვის მარიონეტის არასახარბიელო როლია განკუთვნილი: ან ილოცე და ღვთის წყალობას ელოდე, ან ბრძოლაში ჩაები და წინაღობებს ეომე, რადგან ტყუილუბრალოდ ვერაფერს მიიღებ. და მაინც, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, როგორც არ უნდა ეცადოს, ის მაინც ქანქარების და გარემოებების მორჩილებაში რჩება მანამ, ვიდრე მისი მოქმედებები შინაგანი განზრახვის ჩარჩოს არ გასცდება. ჩვენ ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვირჩევთ. თუ ფიქრობ, რომ შენი ბედისწერა - უღრან ტყეში ხეტიალია, ე.ი. ეკალბარდებში გზის გაკაფვა მოგიწევს. ხოლო თუ თამამ აზრს უშვებ, რომ შეგიძლია ცაში აიჭრა, მაშინ ტყეს თავისუფლად ზემოდან თავს გადაევლები. არავინ გაჩერებს საკუთარი თავის გარდა.

მაგრამ ადამიანი ვერ შეძლებს დაჯერებას, რომ თავად შეუძლია მიიღოს უბრალოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გარეგანი განზრახვის მეშვეობით, თუ თავის ღვთაებრივ არსს არ გააცნობიერებს და არ მიიღებს. ეს რთული გასაკეთებელია, რადგან თავად ღმერთის არსია ძალზე დამახინჯებული: შემოქმედიდან ის მმართველად აქციეს, რომელიც თაყვანისცემას მოითხოვს. და რას აკეთებს მმართველი? მოსამართლედ გვევლინება, სამართლიანობას აღასრულებს, სჯის, დამსახურებისამებრ მიუზღავს, მბრძანებლობს, და ბოლოს, თავის ქვეშევრდომებს ეხმარება და ზრუნავს მათზე.
 
თუმცა ფაქტობრივად მსგავსიც არაფერი ხდება. სინამდვილეში თვითნებობა და უკანონობაა გამეფებული. მართალი ადამიანები იტანჯებიან, ცოდვილები კი თავიანთ ბნელ საქმეებს დაუსჯელად სჩადიან. სამართლიანობა ძალზე ძნელად „ზეიმობს“. თხოვნას და ლოცვას მოსალოდნელი შედეგი არ მოაქვთ. თუმცა, თითქოსდა, ღმერთს, თუ ის ყოვლისშემძლეა, თხოვნის შესრულება და სამართლიანობის აღდგენა არ უნდა უჭირდეს.
 
იმისთვის, რომ ასეთი ცხადი შეუსაბამობა ახსნან, ქანქარების მიმდევრები მიმდინარე მოვლენების გარკვეული სახით ინტერპრეტაციას ცდილობენ, რათა სცენარი იმ როლს მოარგონ, რომელიც მათ ღმერთს მიაწერეს. იყენებენ შემდეგი ტიპის გამონაგონს და ნააზრევს: „ყველაფერი ღვთის ნებაა“, ან „ყველას დამსახურებისამებრ მიეზღვება, როდესაც მის წინაშე წარდგება“. თითქოს, ადამიანები, ცელქი ბავშვებივით აღმზრდელს გაექცნენ, დრო იხელთეს და ათასგვარ ოინებს სჩადიან, ხოლო როდესაც ის მათ დაიჭერს, მთელი სიმკაცრით დასჯის.
 
მაინც რაში მდგომარეობს ღვთის განზრახვა, თუ ვარაუდებს გვერდით გადავდებთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არც ვიმკითხავებთ და არც ვიფილოსოფოსებთ, არამედ უბრალოდ კიდევ ერთხელ გავაცხადებთ იმ ფაქტს, რომ ყოველი ცოცხალი არსების განზრახვა, ასე თუ ისე, რეალობის მართვაზე დადის. არც მართლმსაჯულების და სამართლიანობის აღსრულება, არც სურვილებისა და თხოვნების შესრულება, არც დამსახურებისამებრ მიზღვა და დასჯა, არც ზრუნვა და მმართველობა, არამედ რეალობის მართვა - აი, რა ხდება სინამდვილეში.
 
ვერავინ გააკეთებს იმას, რაც ღმერთს არ სურს. ყველაფერი მართლაც მის კონტროლქვეშაა. უბრალოდ ის არა ტახტზე მჯდომი ცენტრალიზებულად, არამედ ყველა ცოცხალი არსების მეშვეობით მართავს. განა შეუძლია ღმერთს სამყარო მის გარეთ მყოფმა მართოს? ყოველი არსება ღვთის ნაწილს შეიცავს, ამიტომ შეუძლებელია ცალკეული არსების განზრახვა მის განზრახვას არ ემთხვეოდეს.
 
საკუთარი სულის ნაწილის ყოველ ცოცხალ არსებაში ჩადებით ღმერთმა მათ მათი გაცნობიერებულობის დონის თანაფარდი რეალობის მართვის უნარიც მიმადლა. სხვადასხვა ხარისხის ცნობიერება ყველა არსებას აქვს, ადამიანით დაწყებული და მინერალებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ადამიანი ცნობიერების უმაღლეს საფეხურზე დგას, მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ ქვები თავიანთი ცხოვრებით არ ცხოვრობენ - უბრალოდ მათი ცხოვრება სხვა დროით განზომილებაში მიედინება. ყველაფერს, რაც რეალობაში არსებობს, თავისი წვლილი შეაქვს მის მართვაში. მდინარეებს თავიანთი კალაპოტი გაჰყავთ, მთები მინდვრებს, უდაბნოსა და ტყეებს შორის ამოიზრდება, ხმელეთი და ზღვა ერთმანეთს ტერიტორიებს ართმევს, ყველაფერს აქვს ცნობიერების ნაწილი და თავისებურად ცდილობს საკუთარი რეალობის მართვას. და რაც უფრო მაღალია გაცნობიერებულობის ხარისხი, მით მეტია მართვის შესაძლებლობები.
 
მაგალითად ავიღოთ მცენარეები. მცენარეები ჩვეულებრივი და იმავდროულად იდუმალი არსებებია. ვერავინ უარყოფს, რომ ისინი ცოცხალია, მაგრამ არავინ მიიჩნევს მათ ცოცხლად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ადამიანი მცენარეებს განიხილავს როგორც უსულო ბიოლოგიურ მასალას, რომელსაც არ აქვს გრძნობის და საკუთარი თავის და გარემოს გაცნობიერების უნარი. ეს დიდი შეცდომაა. მცენარეებს თავისი განსაკუთრებული სახის ნერვული სისტემა გააჩნიათ - მათი უჯრედები ერთმანეთს ელექტრულ პოტენციალებს უცვლიან. ეს საოცარი არსებები თავისებურად ხედავენ, ესმით, შეხებას, გემოს და სუნს გრძნობენ. მეტიც, ერთმანეთთან ურთიერთობენ, ახსოვთ, აანალიზებენ და განიცდიან კიდეც.
 
ამერიკელმა მკვლევარმა კლივ ბაქსტერმა ერთხელ ჩაატარა ექსპერიმენტი: მცენარეს ტყუილის დეტექტორი მიუერთა. ცდაში ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას: ერთი ტოტებს ტეხდა და ფოთლებს გლეჯდა, მეორე კი უვლიდა და ტკბილად ესაუბრებოდა. ჰოდა, მცენარემ ამ ორი ადამიანის გარჩევა ისწავლა. როდესაც ოთახში „ბოროტი“ შედიოდა, მცენარე „წამოიყვირებდა“ - ჩამწერი ნახტომს აკეთებდა, ხოლო როდესაც „კეთილი“ უახლოვდებოდა, ის წყნარდებოდა. თავისი ცდების საფუძველზე ბაქსტერმა დაასკვნა, რომ მცენარეებს ელექტრომაგნიტური რხევების და აზრების დაჭერა შეუძლიათ! საკმარისი იყო ექსპერიმენტის მონაწილეს ფოთლის მოგლეჯა მხოლოდ გაეფიქრებინა, და მცენარე დაუყოვნებლივ მწვავედ რეაგირებდა. ბაქსტერის კვლევები სხვა მეცნიერებმაც არაერთხელ ჩაატარეს - შედეგი იგივე აღმოჩნდა.
 
ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც მსგავსი ცდები კეთდებოდა, ოთახის ყვავილმა იმ გრძნობის ცხადი ნიშნები გამოავლინა, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ. ლაბორატორიის თანამშრომელი, რომელიც ყვავილის ენცეფალოგრამას იღებდა, შეამჩნია, რომ ის „კრუტუნებს“, როდესაც რწყავს და ტკბილად ესაუბრება. მისი ოთახში შესვლისთანავე ყვავილი ძლიერ აღფრთოვანებას გამოხატავდა, ამასთან სხვა ადამიანებზე ასე არ რეაგირებდა. მკვლევრებში უდიდესი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყვავილმა ეჭვიანობის ნიშნები გამოამჟღავნა! საკმარისი იყო ამ ადამიანს საპირისპირო სქესის პირთან ფლირტი წამოეწყო, და ყვავილი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებოდა.
 
და არა მარტო მცენარეები! კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ც კი ავლენს ჩანასახოვან პრიმიტიულ რეაგირებას. სპექტრომეტრში მოთავსებული დნმ მოლეკულის გამოსხივება ატარებს ინფორმაციას არა მხოლოდ მისი აგებულების შესახებ, არამედ, რაც გასაოცარია, „გუნება-განწყობის“ შესახებაც. როდესაც მოლეკულები თავს კომფორტულად გრძნობენ, გამოსხივება წყნარია. სპექტრომეტრის კამერის გახურებისას ისინი ზედმეტ სითბოზე რეაგირებენ და „წივილს“ იწყებენ. გარკვეულ ტემპერატურაზე მოლეკულები იშლება და იღუპება. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ცარიელ კამერაშიც კი, სადაც დნმ მოლეკულები განადგურდა, კიდევ ორმოცი დღის განმავლობაში ისმის მათი „სიკვდილისწინა კივილი“ - სპექტრომეტრი არეგისტრირებს დაღუპული მოლეკულების ფანტომურ გამოსხივებას, რომლებიც იქ უკვე აღარ არიან. მოცემული შედეგები პირველად წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების შუაში მიიღო რუსმა მეცნიერმა პეტრე გარიაევმა, რომელიც იმხანად საბჭოთა კავშირის აკადემიური მეცნიერებების ფიზიკო-ტექნიკური პრობლემების ინსტიტუტში მუშაობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ოფიციალური მეცნიერება ყველა ამ ექსპერიმენტს, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე სკეპტიკურად უყურებს.
 
მცენარეებს მთელი ხმით ყვირილი არ შეუძლიათ და ვერც საკუთარ უფლებებს, გრძნობებს და განცდებს გააცხადებენ. მაგრამ მათ აქვთ სული, და ისინიც იტანჯებიან და მათაც უხარიათ. უბრალოდ მცენარეებს, ადამიანებთან შედარებით, ღრმად სძინავთ. ისინი გვანან მძინარე ადამიანს, რომელიც იღიმება, როდესაც ძილში სასიამოვნო მოალერსე ხმას ცნობს, და იჭმუხნება, როდესაც მტრული შეძახილი ესმის. ეს მშვენიერი სიზმარმხილველები ჩვენი ცხოვრების წყაროს წარმოადგენენ, ამშვენებენ ჩვენს სამყაროს, ყველაფერს გვაძლევენ, ჭიქა სამკურნალო სასმელიდან დაწყებული და შუადღის ხვატში ჩრდილით დამთავრებული. და ამ ყველაფერთან ერთად თავს არ გვაბეზრებენ და პრეტენზიები არ აქვთ.
 
მცენარეებს ყველაფრის განცდა შეუძლიათ, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ოღონდ ბუნდოვნად. მათ ვუყვარვართ, თუ მათზე ვზრუნავთ, და თავიანთი ნაყოფით მადლობას გვიხდიან. მაგრამ რას გრძნობენ, როდესაც ვჩაგრავთ, წარმოსადგენადაც კი სამარცხვინოა. რას შეიძლება გრძნობდეს ხე, როდესაც გვერდით ჩაუვლის მაღალგანვითარებული, მაგრამ უგრძნობი ორფეხა და ისე, უბრალოდ, ტოტს წაატეხავს? შიშს, ტკივილს, წყენას? და განა შესაძლებელია იმ ძრწოლის გადმოცემა, რომელიც მოიცავს ამ დაუცველ არსებას, როდესაც ორფეხა მას ნაჯახით მიუახლოვდება? ძნელი წარმოსადგენია, რა საშინელ ტანჯვას განიცდის ხე იმ დროს, როდესაც მის ტანს ნაჯახი ჩეხავს, სიცოცხლე კი ნელა და შეუქცევადად ტოვებს მას.
 
ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ მცენარეების - ადამიანის სისასტიკის ამ უტყვი მოწმეების გრძნობების შესახებ, რომელიც მათ ისე ეპყრობა, როგორც ბიოლოგიურ მასალას. მხოლოდ იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ მათ საკმარისად ღრმად სძინავთ და ტანჯვას ისე ცხადად არ განიცდიან, როგორც ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი არსებები. ვერაფერს ვიზამთ, სამყარო სასტიკია, ის ისეა მოწყობილი, რომ ერთი სიცოცხლე მეორის ხარჯზე არსებობს. მაგრამ ეს არ აძლევს ადამიანს მორალურ უფლებას თვლიდეს, რომ სიზმარმხილველთა ამ სამყაროში მხოლოდ მას აქვს სული და ცნობიერება, და შეუძლია დანარჩენს აგდებულად მოექცეს.
 
სწორედ ამიტომ არის მიღებული ხალხებში, რომლების გაუკუღმართება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ცივილიზაციის ქანქარებმა, ცხოველის მოკვლამდე ან ხის მოჭრამდე მათთვის პატიების თხოვნა. ბუდიზმის მიმდევრები, მაგალითად, ყოველთვის ფეხქვეშ იყურებიან, რათა შემთხვევით მწერი არ გასრისონ, ასევე ტყუილად არ გათელავენ ბალახს, თუ ბილიკით გავლის შესაძლებლობა აქვთ. ყოველი ცოცხალი არსება პატივისცემის ღირსია, და ამ სამყაროში ყველას თანაბარი უფლებები გააჩნია. და თუ ადამიანი ამ აზრს არ იზიარებს, მაშ თავად მისი ფასი რა არის?
 
დედამიწის ყველა სხვა დანარჩენ მაცხოვრებელთან შედარებით ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ „გამოღვიძებულია“, და მეტი არაფერი. სიცოცხლე ხომ - თავისებური ზმანებაა. ჩვენ სიზმარმხილველი არსებებით დასახლებული საოცარი სამყარო გვაკრავს ირგვლივ. და ყოველი მათგანი თავის ზმანებაში ცხოვრობს და გამუდმებით რაღაც სურს, რაღაცისკენ ისწრაფვის და საკუთარი უფლება, და ასევე მიზანი გააჩნია. სწორედ საკუთარი მიზანი აქვს ყოველ ცოცხალ არსებას. „მაგრამ რატომაა ასე? რისთვის?“ - იკითხავს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი სრულყოფილების მწვერვალი ჰგონია. იმიტომ, რომ მიზნის მიღწევის პროცესი ევოლუციის მამოძრავებელს წარმოადგენს. ევოლუცია - ქმნადობის, რეალობის ფორმირების მეთოდია, რომელიც თავად ღმერთმა აარჩია.
 
ევოლუციის იდეა შედარებით არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. ადრე ითვლებოდა, რომ სამყარო პრინციპულ ცვლილებებს არ განიცდის და იმ სახით არსებობს, როგორც ღმერთმა შექმნა თავდაპირველად. ევოლუციის არსი მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ როგორც უწყვეტი რაოდენობრივი ცვლილებების პროცესი, რომელიც თანდათან ხარისხობრივში გადადის. პირველად ეს იდეა ჩარლზ დარვინმა მისი ერთ-ერთი, ბიოლოგიური ასპექტით წარმოაჩინა. დარვინის მიხედვით ევოლუციის მამოძრავებელ ძალებს მემკვიდრეობითი ცვალებადობა და ბუნებრივი გადარჩევა წარმოადგენს. ცვალებადობა ორგანიზმების აგებულებასა და ფუნქციებში ახალი თვისებების წარმოქმნის საფუძველს წარმოადგენს, მემკვიდრეობითობა კი ამ თვისებებს ამყარებს. არსებობისთვის ბრძოლის შედეგად უფრო შეგუებული ინდივიდების უპირატესი გადარჩენა ხდება.
 
დარვინის თეორიაში ყველაფერი სწორია, მაგრამ მხედველობიდან გაშვებულია ერთი პრინციპული მომენტი: რითია განპირობებული თავად ცვალებადობა? ბუნებრივი გადარჩევა და მემკვიდრეობითობა აფიქსირებს ან სპობს ახლად გაჩენილ ნიშნებს როგორც მომხდარ ფაქტს. მაგრამ საიდან ჩნდება ეს ნიშნები, რა განაპირობებს მათ გაჩენას? რატომ ეზრდება ფარფლები, ფრთები, ბრჭყალები, ბეწვები, რქები და ა.შ. იმ სახეობებს, რომლებსაც ეს არ ჰქონიათ?
 
ევოლუციაში შეინიშნება ნახტომები, შენელებები, უკუსვლები და პრინციპულად ახალი ფორმების გაჩენა, რომლებიც მოწესრიგებული ევოლუციის თვალთახედვით ახსნას არ ექვემდებარება. მაგალითად, მხედველობის ორგანოების წარმოქმნის და განვითარების ჯაჭვის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. საერთოდ საიდან მოვიდა და როგორ გაჩნდა მხედველობა? ეს ხომ ხარისხობრივი ნახტომია, პრინციპული ცვლილებაა, რომელიც შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა. სიცოცხლის წარმოშობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: გამოდის, სიცოცხლის გენეტიკური კოდი ერთხელ „შემთხვევით“ გაჩნდა?
 
ტრანსერფინგის მოდელიდან ცხადი დასკვნა გამომდინარეობს: ცვალებადობა განზრახვის მიერ ფორმირდება. ყოველი ცოცხალი არსება საკუთარ სამყაროს და მათ შორის თავისი თავის ნიშას ქმნის. რეალობის მართვისკენ სწრაფვა მიზნისკენაა მიმართული - ეს რაც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები და გარშემომყოფ სამყაროსთან მორგებაა აუცილებელი. ყოველი ცოცხალის განზრახვა, ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან დაწყებული და ადამიანით დამთავრებული, შეიძლება დახასიათდეს საერთო ფორმულით: მე ვცდილობ ვიმოქმედო ასე და ვიყო ასეთი, რათა რეალობა ეფექტიანად ვმართო. აი ეს განზრახვა ახდენს სწორედ ვარიანტთა სივრცის შესაბამისი სექტორების მატერიალიზაციას, შედეგად კი ახალი ნიშან-თვისებები ჩნდება.
 
მაგალითად, ცნობილია, რომ ყველაზე უძველეს ფრინველებს ფრთებზე ბრჭყალები ჰქონდათ, რათა ხეებზე ცოცვა შეძლებოდათ. სავარაუდოდ, ვიდრე ფრენას ისწავლიდნენ, მათ მაღლა აცოცება და პლანირება უწევდათ. რეალობის მართვის ფორმა: „ხეებზე დავცოცავ“, - არც თუ მთლად ეფექტიანია. ცუდი არ იქნებოდა კიდევ ერთი ფუნქციის დამატება: „დაბლა დაშვება შემიძლია პლანირებით“. მაგრამ უკეთესია: „თავისუფლად დავფრინავ“. თავისუფლად ფრენის განზრახვა თანდათან რეალობაშიერთიმეორეზე უკეთეს ახალ-ახალ ვარიანტებსახორციელებს. თანმიმდევრულად, დიდი ხნის განმავლობაში და თაობათა მრავალი შეცვლის შემდეგ მატერიალიზდება სექტორები, რომლებშიც ფრთები სულ უფრო დახვეწილ ფორმას იძენს.
 
ევოლუციაში შემოქმედებითის გვერდით დამანგრეველი პროცესებიც არსებობს. აქ ქანქარების პირველი და მეორე კანონები მოქმედებს. ევოლუციის პროცესში ქანქარები როგორც დესტრუქციულ, ასევე დამასტაბილურებელ ფუნქციას ასრულებენ. მათი დაუსრულებელი ბრძოლა ერთი სახეობის მეორეთი ჩანაცვლებას ან სრულ გაქრობას იწვევს. მაგრამ მეორე მხრივ, ქანქარები ცალკეული ცოცხალი არსებების განზრახვის სინქრონიზაციას იწვევს. სხვაგვარად როგორ განუვითარდებოდა ერთი და იგივე ნიშან-თვისება სახეობის პოპულაციას ფართო საცხოვრებელ არეალში?
 
მატერიალურ სამყაროში მთელი განვითარება ხორციელდება შინაგანი და გარეგანი ფაქტორების გაერთიანების შედეგად, როგორებიცაა ცალკეული არსებების მისწრაფება და ქანქარების მოქმედება. ამგვარად, ღმერთი ქმნის და მართავს რეალობას ყველა ცოცხალი არსების განზრახვის მეშვეობით. სულთან ერთად ყოველ ცოცხალ არსებაში მან ჩადო თავისი განზრახვის ნაწილი და ის სიზმარში - ცხოვრებაში გაგზავნა.
 
ჩვენი სამყარო - ზმანებათა თეატრია, სადაც ღმერთი მაყურებელი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობია ერთდროულად. როგორც მაყურებელი, ის პიესას აკვირდება, რომელიც სამყაროს სცენაზე ვითარდება. როგორც მსახიობი, ის განიცდის და გრძნობს იმავეს, რასაც არსება, რომლის როლიც სრულდება. როგორც ჩანს, სწორედ ესაა ღმერთის მიზანიც - განიცადოს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, ზმანებათა ამ ჭრელ კალეიდოსკოპში. მაგრამ რატომ ხდება პიესაში ამდენი უბედურება და უსამართლობა? რატომ უშვებს ის ამ ყველაფერს?
 
ქანქარები - ეს გლობალური ბოროტება - მისი ნებართვით არსებობს?
 
ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ღვთის მოტივები მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. ჩვენ მხოლოდ ფაქტის კონსტანტირება შეგვიძლია: როგორც რეჟისორი და სცენარისტი, ის პიესას თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს, ყველა მონაწილის განზრახვის შესაბამისად. ყველას საკუთარი წვლილი შეაქვს რეალობის ფორმირებაში, რომლის შედეგადაც საერთო სურათი მიიღება - ღმერთის სიზმარი, რომელიც მისი ცალკეული მანიფესტაციების - ყველა არსების სიცოცხლეების - მრავალი ზმანებისგანაა მოქსოვილი.
 
მაგრამ იმ კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, ზოგადად მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი მთავარი დასკვნა, რომელიც მთელი ნათქვამიდან გამომდინარეობს: ყოველ ცოცხალ არსებას ღმერთმა მისი გაცნობიერებულობის შესაბამისად საკუთარი რეალობის ფორმირების თავისუფლება და ძალაუფლება მიანიჭა. ამ გაცნობიერებულობის ხარისხის თანაფარდი ცხოვრება ან არაცნობიერ ზმანებად იქცევა, სადაც სიზმარმხილველი უსუსურია და გარემოებათა ტყვეობაში იმყოფება, ან გაცნობიერებულ ზმანებად, რომლის გაკონტროლება და განზრახვის ძალით მართვა შეიძლება.
 
ყველას აქვს მიცემული არჩევანის თავისუფლება, მაგრამ ამ პრივილეგიით ბევრი არ სარგებლობს. რატომ იწელება ევოლუციის პროცესი ასე ხანგრძლივი დროით, თუკი განზრახვას ვარიანტების სივრცის საჭირო სექტორის რეალიზება შეუძლია? რადგან პრაქტიკულად ცოცხალი არსებები განზრახვას ცნობიერად და მიზანმიმართულად არ იყენებენ. არაცნობიერ ზმანებაში მყოფებს, მათ თითქოს ბუნდოვნად რაღაც სურთ, მაგრამ რა, ვერ გაუგიათ. განზრახვა ბუნდოვანი, გაურკვეველი, კონტურებწაშლილი გამოდის.
 
ადამიანი ამ გაგებით ცხოველებზე წინ არ წასულა. როგორც უკვე ითქვა, ქანქარებმა მას არა მხოლოდ აზრის ძალით რეალობის მართვის უნარი წაართვეს, არამედ იმის ცოდნაც, რომ ეს საერთოდ შესაძლებელია. ქანქარების დესტრუქციულ თამაშში ჩართული ადამიანი მხოლოდ გარეგანი განზრახვის უკუქმედებით კმაყოფილდება და ნეგატიური დამოკიდებულების და ცუდი მოლოდინების რეალიზაციას იღებს. დანარჩენში თავის მიზნებს ის მხოლოდ შინაგანი განზრახვის ვიწრო ჩარჩოში ძნელად აღწევს.
 
და მაინც ადამიანს, რომელსაც გაცნობიერებულობის საკმაოდ მაღალი დონე აქვს, შეუძლია ეს წრე გაარღვიოს და თავისი ცხოვრება გაცნობიერებულ სიზმარხილვად აქციოს, რომელშიც რეალობა არა მხოლოდ პირდაპირ ზემოქმედებას, არამედ ნებასაც ემორჩილება. თუ ღმერთის ნაწილი ყოველ ჩვენგანშია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განზრახვა - ღმერთის განზრახვაა. განზრახვის ძალით საკუთარი რეალობის ფორმირებისას ჩვენ ღვთის ნებას ვასრულებთ. თუ თქვენ განზრახვას ავლენთ, ჩათვალეთ, რომ ეს ღვთის განზრახვაა. როგორ შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ, რომ ის შესრულდება? და მხოლოდ ამ უფლების ხელში აღებაა საჭირო.
 
არა თხოვნა, არა მოთხოვნა და არა მოპოვება, არამედ შექმნა. საკუთარი რეალობის ფორმირება გაცნობიერებული განზრახვის მეშვეობით. განა ღმერთს შეუძლია თავის თავს სთხოვოს რამე? განა ვინმე არსებობს, რომელსაც შეიძლება ღმერთმა რაიმე სთხოვოს თავისთვის? ის ისედაც ყველაფერს აიღებს, რაც მოუნდება.
 
როდესაც ღვთის წინაშე ლოცულობთ, ეს იგივეა, ღმერთი რომ საკუთარი თავის წინაშე ლოცულობდეს. როდესაც ღმერთს სთხოვთ, ეს იგივეა, ღმერთმა საკუთარ თავს რომ სთხოვოს. პირიქითაც შეიძლება გაგება: თქვენ საკუთარი თავის წინაშე ლოცულობთ და საკუთარ თავს სთხოვთ.
 
თუ თქვენი განზრახვა - ღმერთის განზრახვაა, მაშინ თქვენი შიშები, ეჭვები - ვისია? ესეც მისია. მან არჩევანის თავისუფლება მოგანიჭათ. თქვენი ნებაა აირჩიოთ ის, რაც გნებავთ. ირჩევთ რა რთულ გზას, ნაირ-ნაირი წინაღობების დაძლევით თქვენ ძნელად აღწევთ მიზანს. სხვაგვარად როგორ? თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ უბრალოდ არაფერი მოგეცემათ, ჰოდა თქვენი რწმენისამებრ იღებთ. მაგრამ განა ღმერთი ასეთი უმწეოა, რომ მოპოვება ესაჭიროება? მას შეუვალ სინამდვილესთან ბრძოლაზე ძალების დახარჯვა არ სჭირდება. მას შეუძლია ახალი რეალობის ფორმირება ისე, როგორც სურს. იგივეს გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუ გააცნობიერებს, რომ ეს შესაძლებელია. ჰოდა, რატომ არ უნდა გამოვიღვიძოთ სიზმარში და არ გამოვიყენოთ ჩვენი ადრინდელი პრივილეგია? თუ მზად ხართ, დანარჩენი - ტექნიკის საქმეა. შემდეგი წიგნიდან შეიტყობთ, როგორ გააკეთოთ ეს.
 


რეზიუმე
 
სამყარო დუალურ სარკეს წარმოადგენს, რომლის ერთ მხარეს მატერიალური სინამდვილეა, მეორეზე კი - ვარიანტების მეტაფიზიკური სივრცე.
 
ადამიანი რეალობას ისე აცნობიერებს, როგორც მას ეს ასწავლეს.
 
ცხოვრება ცხადში არაცნობიერ ზმანებას წააგავს, რადგან ადამიანს რეალობასთან მიმართებით საყრდენი წერტილი არ გააჩნია.
 
მაყურებელთა დარბაზში ჩადით და დააკვირდით. იმოქმედეთ განყენებულად, თავი გააქირავეთ და დარჩით დამკვირვებლად.
 
მნიშვნელოვნების დონის შემცირება, ვარიანტთა დინების მიმართულებით მოძრაობა და კოორდინაცია ზეზეულ ზმანებაში ბრმად მოძრაობის საშუალებას იძლევა.
 
ყოველი ცოცხალი არსების ცხოვრება - ღმერთის ზმანებაა.
 
ცხოვრების მიზანი, ასევე თავად ღმერთის მსახურება მდგომარეობს შემოქმედებაში - მასთან ერთად ქმნაში.
 
მიზნის მიღწევის პროცესი ევოლუციის მამოძრავებელია.
 
ევოლუციის პროცესში სახეობათა ცვალებადობა განზრახვით ფორმირდება.
 
ღმერთი ქმნის რეალობას და მას ყველა არსების განზრახვის საშუალებით მართავს.
 
ყოველ ცოცხალ არსებას ღმერთმა თავისუფლება და საკუთარი გაცნობიერებულობის შესაბამისად რეალობის ფორმირების ძალაუფლება მიანიჭა.
 
თუ თქვენ განზრახვას ავლენთ, ჩათვალეთ, რომ ეს ღმერთის განზრახვაა. როგორ უნდა შეგეპაროთ ეჭვი, რომ ის ასრულდება?
 
არა თხოვნა, არა მოთხოვნა და არა მოპოვება, არამედ შექმნა.

 

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

მსგავსი სტატიები

თავი IV. წონასწორობა


 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

თავი XV - წერილები წარსულიდან


ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff