მოგზაურობა: დადებითი მხარეები, სიძნელეები და ამ სიძნელეების დაძლევის გზები.

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი:ნუცა აივაზაშვილი დავიწყებ ჩემი ორთვიანი განავრდებით იტალიაში და დავასრულებ ექვსთვიანი ცხო...

ავტორი:ნუცა აივაზაშვილი

დავიწყებ ჩემი ორთვიანი განავრდებით იტალიაში და დავასრულებ ექვსთვიანი ცხოვრებით ჩინეთში...
კითხვა: რატომ მოგზაურობა?
პასუხი: კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ადაპტაციის უნარის გამომუშავება განსხვავებულ პირობებთან, განსხვავებულ ხალხთან და კულტურასთან. სწავლობ პირველყოფილი, ინსტინქტური შიშების დაძლევას.

travel   ღრმა ბავშვობიდან ადამიანებს ბევრი რამის გვეშინია, თავიდან იმის, რომ დედამ არ დაგვტოვოს, შემდეგ, სათამაშო არ წაგვართვან, რომელიც ჩვენს საკუთრებად აღვიქვით, შემდეგ სკოლაში, უნივერსიტეტში წარუმატებლობა გვაშინებს, შემდეგ უფულობა გვაფრთხობს...მოკლედ, შიშები მრავალნაირია და ისინი ინსტინქტურად გვაიძულებენ სადმე შებუდებას და იქ სამუდამოდ დარჩენას. არადა, რამდენი რამაა ჩვენს ირგვლივ საკვლევი და შესასწავლი, რამდენი რამ შეიძლებოდა გამხდარიყო ჩვენი შთაგონებისა და აღმაფრენის წყარო. თუმცა, ახალი ამბები, მშობლები, მეგობრები, ყველა გვეუბნება, თუ რა საშიშია ეს სამყარო, რამდენ ადამიანს კლავენ ყოველ დღე და ეს იმიტომ, რომ მათ გაბედეს და ზღვარი გადალახეს... ეს ყველაფერი ტყუილია, პოლიტიკოსებს, მთავრობებს აწყობთ შეშინებული, ცხვარი მოსახლეობა; ცხვრის ფარა ადვილი სამართავია.

    კომფორტის ზონიდან გამოსვლის ჩემეული მცდელობა ასეთი იყო: შევწყვიტე ახალი ამბების მოსმენა, უფრო სწორად, შერჩევით ეტაპზე გადავედი, ანუ კი აღარ მტენიდა ვინმე ახალ ამბავს, არამედ თავად ვირჩევდი თუ რა დროს და რა ფორმით გამეგო ესა თუ ის ინფორმაცია ამა თუ იმ მოვლენაზე, ქვეყანაზე, ხალხზე და დასკვნები თავად გამომეტანა. ვცდილობდი, ნეიტრალური წყაროს შერჩევას, ვიდეოებისა და პათეთიკური ჟურნალისტების გარეშე. ამან უდიდესი შედეგი მომცა; გავიაზრე, რომ სამყარო არც ისეთი საშიშია, როგორადაც ამას ახალი ამბები იუწყება. ყოველთვის ხდებოდა ცუდი ამ ქვეყნად, ხდება და კიდევ მოხდება, მაგრამ მე ამაში მონაწილეობას აღარ ვიღებ და აღარც მე მეხებიან. ამის გაანალიზებამ და პრაქტიკაში გადმოტანამ მომცა ის, რომ დავრწმუნდი, რაზეც ადამიანი ფიქრობ, ზუსტად ის გემართება: გინდა ცუდი, გინდა კარგი. რა გამოდის, მე თუ წავალ ცოტა დიდი ხნით საქართველოს ფარგლებს გარეთ და მხოლოდ კარგის მოლოდინი მექნება, ე.ი ყველაფერი კარგად იქნება? არ ვიცოდი სად მინდოდა წასვლა, არც ის, იქ რა დამხვდებოდა. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ტურისტულად დაჯავშნული, წინასწარ ყველაფერგათვლილი, არაავანტიურისტული ერთკვირიანი მოზგაურობები ჩემს ინტერესებს ვერ აკმაყოფილებდა. და დავიწყე ინტერნეტით ძებნა იმ გზების, თუ როგორ და სად წავსულიყავი ცოტა დიდი ხნით.

     აღმოვაჩინე აიეზეკის პროგრამა და ორი თვით იტალიას მივაშურე და ცხოვრების პირველი დიდი გაკვეთილიც აქ მივიღე: აეროპორტში ისე დავაგვიანე, ყველაფერი დაკეტილი დამხვდა და თვითმფრინავიც 15 წუთში მიფრინავდა. ბილეთი ნაყიდი მაქვს გადაცვლის გარეშე, ჩემოდანს მოვაგორებ და არ ვიცი რა ვქნა. იტალიაში მელოდებიან. აქეთ ჩემი ოჯახი ბობოქრობს, მირეკავენ და მკიცხავენ: როგორ დავაგვიანე და რა საშინლად უპასუხიმგებლო ვარ. ერთი წამით ემოციები გვერდზე გადავდე (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), მივვარდი ვიღაც ბიჭს, რომელსაც ხელში რაცია დავუნახე და ისეთი არტისტიზმით, რომელიც მანამდე ჩემში არც კი შემინიშნავს და ცრემლიანი თვალებით ვეუბნები: დამაგვიანდა, ჩემი თვითმფრინავი 10 წუთში აფრინდება, უნდა მიშველოთ რამე, ან დიდ სიკეთეს გააკეთებთ ამ წამს და დამეხმარებით, ან ძალიან დიდ ტკივილს მომაყენებთ -მეთქი. ბიჭი გაშტერებული მიყურებდა რამდენიმე წამი. უცბად მეუბნება: ორი არჩევანი გაქვს: ‘’ჩექ-ინი’’ დაკეტილია როგორც ხედავ, ბარგს ვერ ჩაიბარებენ, ან დატოვებ ამ ჩემოდანს ვინმე შენიანის ტელეფონის ნომრით და მოაკითხავენ მერე, ან სახლში უნდა გაბრუნდეო.

     მეორე ვარიანტი გონებაში არც კი განმიხილავს, ვტოვებ ჩემოდანზე ნომერს და რაციიან ბიჭთან და დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად მივრბივარ ჭიშკრისკენ, ესენი რაციით გადასცემენ, რომ თვითმფრინავი არ აფრინდეს, მგზავრი მოგვყავს წუთი-წუთზეო. მე ამ ბიჭებს ვლოცავ გონებაში (არასდროს დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა, გინდა სიტყვიერად, გინდა გონებაში, ამით პოზიტიურ ვიბრაციებს იქმნით გარშემო). ჩქარა-ჩქარა შემაგდეს თვითმფრინავში, შევედი თუ არა, ყველა მე მიყურებს, მოვიდაო ვიღაცამ თქვა, სტიუარდესა მომიახლოვდა სიტყვებით: ქამარი შეიკარით, ასე როგორ დააგვიანეთ, მთელი თვითმფრინავი თქვენ გიცდიდათო. სკამზე დავჯექი თუ არა, თვითმფრინავიც აფრინდა. მზერა რომ მომაშორა ხალხმა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მაცვია ერთი შარვალი, ერთი მაისური, ერთი ბოტასი და ერთი ტრუსი... მაქვს არც თუ ისე ბევრი ფული და მივფრინავ იტალიაში ორი თვით. იქაურ თავგადასავლებს მერე მოვყვები, ეს ამბავი მოვყევი იმის საჩვენებლად, რომ როცა ჩვეულებრივ გოგოს შეგიძლია ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი შეაჩერო და აიძულო დაგიცადონ, ე.ი ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა ამ ცხოვრებაში. მთვარია სწორი მიდგომა და ცივი გონება.

გაგრძელება იქნება...

 


china tour package 3546353 1920 860x375

  მარტის შუა რიცხვებია, ხელი მაქვს მოწერილი ერთწლიან კონტრაქტზე ჩინეთში სამუშაოდ, პირველად მივფრინავ ასე შორს. შიშები და ცნობისმოყვარეობა ერთმანეთშია გადახლართული. ერთი მეგობარი სტატიას მიგზავნის იმაზე, თუ როგორაა გავრცელებული ტრეფიქინგი და ორგანოებით ვაჭრობა ჩინეთში, მეორე მელაპარაკება იმაზე, რომ გენდერულად დაუბალანსებელ ამ ქვეყანაში, სადაც მამრობითი სქესი გაცილებით ჭარბობს მდედრობითს, ქალებს იტაცებენ, მთებში მიყავთ, იქ სამუდამოდ კეტავენ და აჩენინებენ შვილებს, რადგან უბრალოდ ქალის დეფიციტიაო. ვისმენ ამ ყველაფერს და ისევ ერთადერთი კითხვა მიტრიალებს თავში: ‘’ნუთუ ასეთი საშიშია ეს სამყარო?’’ გონება მეუბნება: ‘’გამოდი გამოქვაბულიდან, დაძლიე ადამიანური ყოფის პირველყოფილური, ინსტინქტური შიშები!’’ გული ან ჩემს ორგანოებად დაკუწულ სურათს მიხატავს, ან ვიღაც დაუბანელი ჩინელის მიერ გატაცებული ქალის შვილების დედად. მორჩა! ჩინეთში მივდივარ! რასაც ფიქრობ, ის გემართება! მე კი არაფერზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვიცი, წინ დაუვიწყარი თავგადასავალი მელოდება!

  გაგიკვირდებათ და აეროპორტში თავის დროზე მივედი, ალბათ იმიტომ, რომ მეზობლებიდან დაწყებული, ყვავი -ჩხიკვის- მამიდით დამთავრებული, ყველა მაკონტროლებდა, რომ სახლი თავის დროზე დამეტოვებინა. თუმცა, აეროპორტში მაინც გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, გამოცხადდით ჭიშკართან, თვითმფრინავი აფრენას აპირებსო, გადავეხვიე ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ის არის მივრბივარ, რომ რაციიანი ორი ბიჭი შემეფეთა ნუცა ხართო? ჩქარა-ჩქარა მიმარბენინებენ ჭიშკართან და მეფიქრება, ეს რაციიანი ჯენტლმენები ხომ სამუდამოდ დამებედნენ-თქო, თან ვერ გამიგია, ეს ჩემი თვითმფრინავი 20 წუთით ადრე რატომ მიფრინავს, ვერც ჩემმა მეგობრებმა გაიგეს... მთელი გზა მეძინა და ისე ჩავფრინდი ჩინეთში, ვერც გავიგე. როგორც ბუდისტები იტყოდნენ, უბედურებაც ეგაა, რომ აჩქარებულმა ცხოვრების წესმა, პროცესით ტკბობის საშუალება წაგვართვა და რაც დაგვრჩა, არის მხოლოდ შედეგი, ანუ თავგადასავლის დასასრული. აეროპორტიდან ავტობუსს გავყევი მეზობელ ქალაქში, სადაც ჩემი ცხოვრების მომდევნო ერთი წელი უნდა გამეტარებინა. ავტობუსი შავტუხა, მოხუცი ჩინელებითაა სავსე, ვიღაც ქალი მადარინის მსგავს რაღაცას მაწვდის და აღფრთოვანებული მაკვირდება. მომანდარინოს ვფრცქვნი და ვერ გამიგია, ფორთოხალია, მანდარინი, გრეიფრუტი თუ - ლიმონი, ალბათ ოთხივე ერთად, ძალიან გემრიელი კია.

   ავტობუსიდან დორბლიანივით ვათვალიერებ გარემოს, იმდენად სურეალიტურ სამყაროში ვარ და გვერდით მჯდომი ქალის შეკითხვებს ჩინურ ენაზე, დამტვრეული ჩინურითვე ვპასუხობ. ავტობუსში ყველა მე მიყურებს, ახლა ვხვდები, რას გრძნობენ ზოოპარკში გამოკეტილი ფარშევანგები. ავტობუსი სადგურზე გაჩერდა, აქ ვიღაც უნდა დამხვედროდა, მაგრამ არავინ ჩანს... ჩინეთი ოთხი საათით გვისწრებს... უკვე ღამდება, მე არც ინტერნეტი მაქვს და არც მობილურის ნომერი. ვიღაც ბიჭთან მივდივარ და დამარეკინე ამა და ამ ნომერზე-თქო. მეის, რომელიც შემდეგში ჩემი კარგი მეგობარი გახდა, სადგური არევია და მეორეგან წასულა. ბოლოს ტაქსით მომიწია ჩემს სახლამდე მისვლა. უნდა აღვნიშნო, რომ მთელი ამ დროის გამავლობაში, ერთხელაც არ შემშინებია, კი არადა, შიში არ გამხსენებია. დიახ, თურმე შეიძლება შიში არ გაგახსენდეს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ემოციებს არ ყვები და უბრალოდ დავალების ეფექტურად გადაჭრით ხარ გართული. ჩემს სკოლასთან გამიჩერა მძღოლმა, მეი დამხვდა, ბოდიშებით და დაღლილი სახით. არაფერია თქო, გავუკრიჭე და წამშივე მივხვდი, მისი კეთილგანწყობა დავიმსახურე. ოცდაათკილოიანი ჩემოდანი მარტოებმა ვათრიეთ მეხუთე სართულამდე, რადგან მგონი, მთელ ჩინეთში ერთადერთი ხუთსართულიანი, ულიფტო კორპუსი არსებობს და იქაც მე ვცხოვრობდი. მეიმ დამტოვა ჩემს ბინაში, ამოყრილ ჩემოდნებთან და ფიქრებთან ერთად.

   უკვე ღამის 12 საათია, საქართველოში კი ჯერ საღამოს - 8. ამაზე რომ ფიქრობ, უცნაური შეგრძნებაა. არ მეძინება, ან როგორ დამეძინება, რვა საათზე ახალდაბადებულიც არ ვიძინებდი. ჩვეულებრივი ‘’ჯეთ-ლეგი’’ მაქვს. საწოლში ხან ისე გადავბრუნდი, ხან ასე, ხან წამოვჯექი, ცოტა წავუმედიტირებ-მეთქი. შენც არ მომიკვდე, ბუსავით დაჭყეტილი ვუყურებ საძინებლის კედლებს. ასე მოვიდა დილის ხუთი საათი და ძილ-ბურანში მესმის რაღაცის ხრიგინი, გავიხედე ფანჯრიდან, ბეტონმზელი უზარმაზარი მანქანა მოადგა ჩემი კორპუსის წინ მშენებარე გაურკვეველ ობიექტს და ვორკჰოლიკმა ჩინელებმა მუშაობა დაიწყეს. შემოვირტყი თავში ხელი და სანამ იმის ფიქრებში ვარ, საიდან გადავხტე, გენიალურმა აზრმა გამიელვა: ბამბები ყურებში. ახლა გამახსენდა, რომ ბამბა არ მაქვს. სამაგიეროდ ყურის ჩხირები ვიპოვე, თავები წავამტვრიე და ყურებში გავირჭე. მკვდარივით ჩამეძინა, რომ უცბად მაღვიძებს ყრუ ბრაგუნი, აი, ისეთი, დაახლოებით კარის შემონგრევას რომ გავს. წამოვხტი, მაგრამ ვერ ვიგებ რა ხდება, ხმაურია, თითქოს ძალიან ახლოდან, თან -ძალიან შორიდან. როდის-როდის გამახსენდა, რომ ყურებში ‘’ბამბები’’ მაქვს გარჭობილი, გამოვიძრე სასწრაფოდ და ვხვდები, რომ ვიღაცები დარბიან ჩემს ბინაში ყაყანითა და ჩხუბით.

  პირველი, რაც გავიფიქრე: მორჩა, ნუცა, აწი ან თორმეტგოჯა ნაწლავიღა შეგრჩება, ან აქვე მიგახისძირებენ-თქო... ვიცადე, ვიცადე და ოთახში რომ არავინ შემომივარდა, ცხვირი გავყავი კარის იქით და ვხედავ, ორი ჩინელი ტიპი დარბის ჩაქუჩებით და ჭანჭიკებით, შემომტვრეულ კარს უბაგუნებენ და თან რაღაცას მიხსნიან. მეის ვურეკავ: ორი გაოფლილი კაცი დარბის ჩემს ბინაში და ხო არ იცი, რა უნდათ-მეთქი. მეი სიცილით მპასუხობს: ბოდიში, დამავიწყდა გამეფრთხილებინე, საკეტის შესაცვლელად არიან მოსულები, ეტყობა გიკაკუნეს და ვერ გაიგეო.

მსგავსი სტატიები

გაკვეთილი ისლანდიიდან: ხალხს შეუძლია ჰქონდეს ძალა


წყარო: The Guardian ავტორი: ბირგიტა ჯონსდოტირი მთარგმნელი: ნინა...

გველისმჭამელი მინდიას მისტერია


ფენტეზის ჟანრის ერთი ფილმიდან ხშირად მახსენდება ჩემთვის ძვირფასი სი...

1.5 მილიონმა მოხალისემ 66 მილიონი ხე დარგო 12 საათში და გინესის რეკორდი დაამყარა


ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში ახალი გინესის რეკორდი ...

როგორ მოვახდინოთ საუკეთესო პირველი შთაბეჭდილება ექსპერტების თანახმად


წყარო: მთარგმნელი: სალომე თორაძე ახალ ადამიანთან შეხვედრისას თ...

10 youtube-არხი, რომელიც ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პერიო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff