საურონი

Admin
ხელოვნება
0
0

საურონ

ავტორი: მეკო გელაშვილი

დიდი ხანია ტოლკინის პერსონაჟებზე აღარ დამიწერია. გადავწყვიტე, ვისაუბრო არამხოლოდ ტოლკინის, არამედ, მთელი ფენტეზი ჟანრის ერთ-ერთ ურთულეს და მრავალშრიან ანტაგონისტზე - საურონზე.

როგორც აღვნიშნე, საურონი (სინდარელმა ელფებმა მას გორთაურ სასტიკი შეარქვეს) ტოლკინის ლეგენდარიუმის ყველაზე რთული ანტაგონისტია. ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან ბოროტია. მისი პერსონაჟი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია კეთილ განზრახვას, იქცეს საშინელ იარაღად მაშინ, როცა ის არასწორ ხელში აღმოჩნდება. საურონის ისტორია არ იწყება ბოროტებით, ის იწყება წესრიგის, სტრუქტურის, სრულყოფილების მიმართ სიყვარულით.

საურონი დასაწყისში იყო მაია, ღვთაებრივი სული, ერთ-ერთი იმ არსებათაგანი, ვინც ილუვატარის დიდ სიმღერაში მონაწილეობდა სამყაროს შექმნისას. მისი სახელი იყო მაირონი და ემსახურებოდა აულეს, შემოქმედებისა და სამჭედლოს ღვთაებას. აულეს სამსახური ნიშნავდა ნივთების გააზრებას, სტრუქტურებს, ფორმებს, იმ ღვთაებრივ სიამოვნებას, რომელიც მოდის მაშინ, როცა ქაოსი წესრიგად იქცევა. მაირონი ამ სამსახურში ბედნიერი იყო, ის გახლდათ ოსტატი, შემოქმედი, ბრძენი.

შემდეგ მის ცხოვრებაში ჩნდება მელკორი. მელკორი, რომელიც მოგვიანებით მორგოთი გახდა, ყველაზე ძლიერი ღვთაება იყო. ის, ვისაც ილუვატარის ჩანაფიქრზე სრული წვდომა ჰქონდა, მაგრამ, ამ ჩანაფიქრის საკუთარი ნებით შეცვლა სურდა. მელკორმა მაირონს შესთავაზა იდეა, რომ სამყაროს მართვა შესაძლებელია და რომ ქაოსი, ომი, ტანჯვა, ეს ყველაფერი აღმოიფხვრება, თუ ვინმე საკმარისად ბრძენი და ძლიერი დაიბანაკებს სადავეებთან. მაირონმა ირწმუნა და ამ წამიდან გახდა საურონი.

პირველ ეპოქაში საურონი არ იყო დამოუკიდებელი ძალა, ის იყო მორგოთის ყველაზე ერთგული და ყველაზე საშიში მსახური. სწორედ ამ ეპოქაში ვხედავთ საურონს ტოლ-ინ-გაურჰოთში, კოშკში, სადაც ის მართავდა მგლებს, ვამპირებს და ბნელ ქმნილებებს. სწორედ აქ გაიმართა ცნობილი “სიმღერის ბრძოლა” ფინროდ ფელაგუნდსა და მას შორის. ორი ღვთაებრივი ძალა, ერთი სინათლის, მეორე ბნელეთის, შეიბნენ სიტყვებითა და მელოდიით. ბრძოლაში საურონი იმარჯვებს და ფინროდი კვდება, მაგრამ, ეს გამარჯვება მას ვერ იხსნის.

პირველი ეპოქა მორგოთის დამარცხებით მთავრდება. ვალარები, ძლიერი ღვთაებრივი არსებები ჩამოდიან დასავლეთიდან და ანგბანდი ნგრევას იწყებს. მორგოთი სამყაროს ჩრდილოვან ადგილებში გაუჩინარდება.

ამ მომენტში ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, ჩანაწერებში ტოლკინი პირველად გვანიშნებს, რომ აქ საურონმა პირველად და უკანასკნელად ინანა თავისი საქციელი. თუმცა, მან ვერ გაბედა ვალინორში წასვლა, ეშინოდა განაჩენის, ეშინოდა სასჯელის. სწორედ ამ შიშმა, ამ ერთმა გადაწყვეტილებამ, არ წასულიყო, არ დამდაბლებულიყო, ყველაფერი შეცვალა. შენდობა, რომელიც არ ითხოვა, გახდა ის კარი, რომელიც მისთვის სამუდამოდ დაიხურა.

მეორე ეპოქის დასაწყისში საურონი მიიმალა. ათწლეულების მანძილზე ის ელოდებოდა, ფიქრობდა და გეგმავდა. ბოლოს კი გამოჩნდა ახალი სახელით - ანატარი (საჩუქრების მომტანი). ამ სახით ის მშვენიერი, ბრძენი და გულუხვი იყო. ის მივიდა ელფებთან, კონკრეტულად კი ერეგიონის ოქრომჭედლებთან კელებრიმბორის ხელმძღვანელობით და შესთავაზა ცოდნა, სიბრძნე, ძალაუფლების ბეჭდების შექმნის საიდუმლო.
ეს იყო საურონის ყველაზე სახიფათო სახე, მომნუსხველი და მატყუარა. ელფები, რომლებიც ნიჭიერები და ამბიციურები იყვნენ, მას ბრმად ენდნენ. მათ ერთად გამოჭედეს ძალაუფლების ცხრამეტი ბეჭედი - ცხრა ადამიანებისთვის, შვიდი ჯუჯებისთვის, სამი კი ელფებისთვის. შემდეგ კი საურონმა ყველაზე ვერაგული რამ ჩაიდინა, მალულად გამოჭედა მეოცე, დამატებითი ბეჭედი, რომელსაც ყველას მართვა შეეძლო.

მეორე ეპოქის შუა პერიოდში ნუმენორელები, ადამიანთა ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები, ზღვის გაღმიდან მოდიან, ამარცხებენ საურონის არმიას, თავად საურონი კი ტყვედ მიჰყავთ. საურონი აქაც მიმართავს ხრიკებს. ის უმეგობრდება მაშინდელ ნუმენორელ მეფეს, არ-ფარაზონს და ხდება მისი მრჩეველი. ათწლეულების განმავლობაში მას ჩასჩურჩულებდა, ლამაზად ესაუბრებოდა, თანდათან უმახინჯებდა გონებას. საბოლოოდ კი დაარწმუნა, რომ აღემართა მახვილი ვალინორის - თავად ღმერთების წინააღმდეგ. საპასუხოდ ილუვატარმა მთლიანი ნუმენორი ჩაძირა ოკეანეში. საურონი აქაც გადარჩა, მაგრამ, სხეული სამუდამოდ დაკარგა. ამ მომენტიდან მას აღარ შეეძლო მშვენიერი სახის მიღება. ამ მომენტიდან ის გახდა ის, რაც შიგნიდან ყოველთვის იყო - ბნელი ძალა ფორმის გარეშე.

ნუმენორის დაცემის შემდეგ საურონი ბრუნდება შუახმელეთში და აშენებს ბარად-დურს, ბნელ კოშკს, რომელიც ხდება მისი ნების გამოხატულება. ის ატარებს მთავარ ბეჭედს და იწყებს ომს, ახლა უკვე ღიად და მთელი ძალით. საურონის ბეჭდის შექმნა მისთვის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მან ამ მთავარ ბეჭედში ჩადო საკუთარი სულის უდიდესი ნაწილი. ამით მოიპოვა კოლოსალური ძალა, შეეძლო სხვების ნების დაქვემდებარება, მათი გონების კონტროლი. თუმცა, ამავდროულად, სამუდამოდ მიეჯაჭვა ბეჭედს. ის, ვინც ყველას იქით მართავდა, გახდა დამოკიდებული ერთ პატარა ოქროს ნივთზე. ეს არის ლეგენდარიუმის ყველაზე დიდი ირონია. ძალაუფლება, რომელიც ყველაფრის კონტროლს აპირებდა, თავად გახდა ტყვე.
მეორე ეპოქის ბოლოს ელფები და ადამიანები გაერთიანდნენ ბოლო ალიანსში. გილ-გალადი და ელენდილი პირადად ებრძვიან საურონს. ის დამარცხდება, ბეჭედს კი ისილდური კვეთს ხელიდან. ისილდური ბეჭედს კარგავს, შესაბამისად, სანამ ბეჭედი არსებობს, საურონიც არაა მკვდარი.
მესამე ეპოქეში საურონი ნელ-ნელა იბრუნებს ძალას. ის უკვე ფიზიკური სხეულის გარეშეა და ხდება მოუხუჭავი ბოროტი თვალი, რომელსაც ბეჭედი ასულდგმულებს. ის ბარად-დურს ხელახლა აშენებს და გზავნის ნაზგულებს ბეჭდის მოსაძებნად. (სწორედ ამ ამბავზე მოგვითხრობს ფილმი “ბეჭდების მბრძანებელი”.)

ეს მოუხუჭავი თვალი, მუდამ მაძიებელი, მუდამ ეჭვიანი, მუდამ კონტროლის მსურველი საურონის ყველაზე გულწრფელი სახეა. ის, ვინც ოდესღაც ქმნიდა, ახლა მხოლოდ ეძებს. ის, ვინც ოდესღაც ლაპარაკობდა, ახლა მხოლოდ გვიმზერს. ის, ვისშიც ოდესღაც სიყვარული იყო, ახლა მხოლოდ ბოროტება და ძალაუფლებაა.

და ბოლოს, პატარა ჰობიტები, ფროდო და სემი მიდიან ცეცხლოვან მთასთან და ანადგურებენ მის ბეჭედს. საურონი მთლიანად იშლება და ნადგურდება. ის, ვინც მთელი სიცოცხლე ყველაფრის კონტროლს ეძებდა, კარგავს საბოლოო კონტროლს - საკუთარ არსებობაზე.
მაირონი, რომელიც ოდესღაც სამყაროს შექმნისას მღეროდა, გახდა ის ძალა, რომელიც სამყაროს ყველა სიმღერას ახშობდა.
ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ყველაზე კეთილ განზრახვას, სიყვარულს წესრიგის მიმართ, გახდეს ტირანიის საფუძველი, თუ ის სხვის თავისუფლებაზე მაღლა დადგა.

ამ პერსონაჟის სიღრმე და ტრაგედია ბევრად დიდია, თუმცა, ამ პოსტით ვეცადე, მთავარი მეთქვა.
ფოტოზე ვხედავთ საურონს ანატარის ფორმით.

#მეკოსკინოთერაპია

მსგავსი სტატიები

რუმისა და შამს თებრიზის შეხვედრა


 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობ...

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში


ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ან...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ვიდეო თამაშები, როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ვი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff