რატომ ბრუნდება სიკეთე ბოროტებად

Admin
აზრები
0
0

annna

ავტორი: ანა თოფურიძე    

დედამიწაზე მილიარდობით ცხოვრების სცენარი ვითარდება და ხშირად უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს. არის ტენდენციები და არის ალგორითმები რაც უნივერსალურია, რასის, სქესის, ქვეყნის, რელიგიის და წარმოდგენების მიუხედავად თანაბრად მოქმედებს ყველაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც ყველას გვეხება არის სიკეთის კეთება ცხოვრებაში და სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო...
 
გსმენიათ გამონათქვამები „ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა“, „ღორის ტილს რომ ფეხზე დაისვამ თავზე აგაცოცდება“, „გველი გამიზრდია“ და ა.შ.. ეს და მსგავსი ხალხური გამონათქვამები გადმოგვცემს იმ მდგომარეობას, როდესაც  ვიღაცის მიმართ სიკეთე გამოიჩინა ადამიანმა და წლების შემდეგ ცუდად დაუბრუნდა. ეს ხშირად ხდება. ამის მომსწრე და გამომცდელიც თავად ვარ და გადავწყვიტე მომეძებნა პასუხები კითხვებზე თუ რატომ? რატომ მემართება ცუდი თუ სხვას ვეხმარები? წლების გამოცდილებების, დაკვირვებების და გაანალიზების შემდეგ პასუხები ვიპოვე.
 
პირველ რიგში მინდა გავიხსენო, თავად ქრისტეც, სიკეთის და უანგარო სიყვარულის მაგალითი ამბობდა: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს და ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს..“
 
ჩვენ, ადამიანები ვისაც გვინდა ვიყოთ კეთილები, ხშირად ბრმად გავცემთ  ფულს, ენერგიას, რჩევებს, ემოციებს და ვდგამთ ნაბიჯებს სხვების დასახმარებლად, როდესაც გვაქვს რაღაც რაც სხვას არ აქვს, ვფიქრობთ ამით მის ცხოვრებას უკეთესს გავხდით. მაგრამ ეს რეალურად ხშირად დანაშაულია და ამისთვის ვისჯებით.
 
თუ მისცემ მეტროში მოწანწალე მათხოვარ ბავშვს ფულს, ამით ხელს უწყობ მის მათხოვრობას და მათხოვრად ჩამოყალიბებას. ხელს უწყობ ამ კულტურის განვითარებას. ყველა ადამიანს ეღიმება როცა პატარა ბავშვს ხედავს და ჰგონია კარგს უკეთებს, როცა ხურდებს აძლევს, მაგრამ ეს ზედაპირული აღქმაა. რადგან ბავშვი მხოლოდ იარაღია ფულის შოვნის სისტემის და თუ გავა წლები, რომ ის მივა უცხოსთან ხელს გაუწვდის და ფულს მიიღებს მისი ფსიქიკა ჩამოყალიბდება შესაბამისად. ის გახდება ათი წლის, თხუთმეტი წლის და შემდეგ ოცი წლის მათხოვარი და იქნება მაგალითი და გამაძლიერებელი ნაწილი იმ სისტემისა, რაც მეტროში მათხოვრობაა.
 
თუ მისცემთ ლოთს არყის ყიდვის ფულს, ამით ხელს უწყობთ მის კიდევ მეტად დააავადებას. თქვენ თქვენს გამომუშავებულ ენერგიას დებთ ადამიანის დაღუპვაში.
 
თუ მისცემთ ფულს ნათესავს, რომელიც კაზინოში თამაშობს და მარტივი ფულის მოგება უნდა, თქვენ მის სარისკო კარმაში შეგაქვთ წვლილი.
 
თუ უშოვით სამსახურს ნათესავს ან ნაცნობს, რომელმაც ეს თავად ვერ მოახერხა და თქვენ ხათრის გამო ეხმარებით, მაშინ მისი საქმიანობის შედეგები თქვენი პასუხისმგებლობაა.
 
თუ საქმეში ჩართავთ მეგობარს, რომლის ნიჭსაც აფასებთ და გინდათ შანსი მისცეთ, რომ რაღაც დაამტკიცოს და თავდაჯერება და ფული  მოიპოვოს, თუ ის საქმეს გაგიფუჭებთ, გაგირთულებთ და პრობლემებს შეგიქმნით თავის უპასუხისმგებლობის ან გამოუცდელობის გამო, ესეც მხოლოდ თქვენივე ბრალი იქნება.
 
თუ თქვენ შვილის მაგიერ აკეთებთ მის საშინაო დავალებას, თუ ქრთამავთ მასწავლებელს და უნივერსიტეტში ნაცნობობით აწყობთ და ის საშინელ ადამიანად ჩამოყალიბდა, ეს თქვენი გადამეტებული მზრუნველობის ბრალია. და თუ ცუდად ბრუნდება და შვილი არც მადლობას გეტყვით და ვერც მის პიროვნულ და ცხოვრებისეულ წარმატებას ნახავთ, ესეც მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა. ეს თქვენ არ მიეცით საშუალება თავად ესწავლა, თავად შეუწყვეთ ხელი ყველაფერი მარტივად მიეღო.
 
თუ აგვარებთ პრობლემებთ და თქვენთან ადამიანები ხშირად მოდიან, გაქებენ, ხელზე გკოცნიან და მხსნელს გიწოდებენ, დიდი შანსია რომ უბრალოდ იყენებენ თქვენს ძალებს. გამოგყავთ ციხიდან მეგობრის შვილი? გამოგყავთ, მაგრამ იმ ადამიანის თვისებებს, ქცევებს და მიდრეკილებებს რაც მან ციხემდე მიიყვანდა ვერ ცვლით. უხდით ბანკის ვალებს ნაცნობებს? დიახ უხდით, მაგრამ მათ არაჯანსაღ დამოკიდებულებას ფულთან და ცხოვრებასთან ვერ ცვლით. 
 
მუდამ უსმენთ დეპრესიულ მეგობრის წუწუნს და ამშვიდებთ? და ის გეუბნებათ რომ მისი მფარველი ანგელოზი ხართ? რეალურად თქვენი მოსმენა, დროის და ენერგიის განაწილება მისი დაღუპვაა და არა დახმარება, თქვენ მას ხელს უწყობთ იყოს სუსტი და კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიით. რაც მეტჯერ მისცემთ ასეთ ზრუნვას, ის მეტად შეეჩვევა იყოს საწყალი მსხვერპლი და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს. თქვენი ყოველი ინტერაქციის და ენერგიის გაცემისას ქმნით მეორე ადამიანის გამოცდილებაში ახალ მდგომარეობას. როცა მოწუწუნე მეგობარს მეათედ ამშიდებთ რას ქმნით? 
 
თქვენი ინიციატივით აგვარებთ სხვის პრობლემას? და გგონიათ ეს სიკეთეა? თქვენ ხომ მას ცხოვრებისეული გაკვეთილის სწავლის საშუალება წაართვით, რასაც ის პიროვნულად უნდა გაეზარდა და  სხვა მდგომარეობაში გადაეყავანა? თქვენ მის განვითარებას ხელი შეუშალეთ.
 
ზრუნავთ შეყვარებულზე, ქმარზე თუ საყვარელზე, ის პატარა უსუსური ლეკვია და თქვენს გარეშე ვერ გადარჩება? აძლევთ ფულს და ტომარასავით მიათრევთ ცხოვრებაის გზაზე? თქვენ ხომ მას სუსტ მდგომარეობაში ამყოფებთ და თავდაჯერებას უნადგურებთ. ყველა ქალი, ვინც თვლის რომ მისი ზრუნვის გარეშე  ქმარი თუ საყვარელი ვერ გადარჩება თავს იტყუებს და მეორე ადამიანსაც ღუპავს.
 
ნებისმიერი თქვენი გაცემული ენერგია სადღაც მიდის, რაღაცას კვებავს და აძლიერებს, დაფიქრდით თქვენი გაცემული ენერგიით რას აძლიერებთ!
 
რათქმაუნდა არის გამონაკლისი კერძო შემთხვევები და კარმული გაკვეთილები, რაც უნდა გაიარონ ადამიანებმა და უნდა გამოსცადონ არასწორი ქმედებები თავისი შედეგებით. შეიძლება ვიღაცას ნამდვილად უჭირდეს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს არაჯანსაღია და სამომავლოდ ცუდი შედეგების მომტანი.  
 
ენერგეტიკული გაცვლა სამყაროს კანონია. გასცემთ და გიბრუნდებათ. ჩვენ ზუსტად ის გვიბრუნდება რაშიც ვდებთ ენერგიას. თუ ის არ ბრუნდება რისი მოლოდინიც გვქონდა, ეს იმიტომ რომ არასწორი წარმოდგენები შევიქმენით. ამიტომ ჯერ უნდა შეისწავლო და შეიცნო რას აძლევ ენერგიას და შემდეგ გასცე.. 
 
რეალობა ისაა, რომ ყველა გიბრუნებს ენერგიას, მაგრამ არა იმას რასაც ელი, არამედ იმას, რისი გამტარიც იმ მდგომარეობაშია. სიყვარულის და ბედნიერების მოცემა, მხოლოდ თვითკმარ სავსე ადამიანს შეუძლია, ხოლო ასეთი თქვენგან არც არაფერს მოითხოვს. დააკვირდით ვის აძლევთ და დააკვირდით რა შეუძლია დაგიბრუნოთ თავის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
 
თითოეული ადამიანი განსხვავდება ისევე როგორც ყველა ცხოველი, ყველა თავის ეტაპზე და ცნობიერების მდგომარეობაშია. არავინ არაა დამნაშავე თქვენს წინაშე თუ იქაა სადაცაა, მხოლოდ თქვენივე შეცდომაა თუ უკეთესი წარმოდგენა ან მოლოდინი შეიქმენით. თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობა კატასთან, ის გადაგდებულ ჯოხს არ მოგიტანთ, ხოლო თუ მაიმუნს დატოვებთ სახლში სადარაჯოდ, ის იხტუნებს, ყველაფერს დაამტვრევს და ეს არა მაიმუნის, არამედ თქვენი პასუხისმგებლობა იქნება. ხოლო ადამიანი უსამართლობად თვლის თუ კატამ ჯოხი არ მოუტანა და მაიმუნმა ტელევიზორი დაამტვრია. კი, ბოლომდე სხვის ამოცნობა რთულია, მაგრამ დაახლოებით მიხვედრა იმის, რის დაბრუნება შეუძლია მარტივი. მხოლოდ უნდა ვეცადოთ დავინახოთ ობიექტური რეალობა და არა ის რაც გვსურს იყოს.
         
სიკეთის ყველაზე სწორი ფორმა ჩემი აზრით ამ ჩინურ გამონათქვამშია:  „თევზის მიცემას ანკესის მიცემა ჯობიაო..“ 
 
მიეცით საშუალება და არა მზა პროდუქტი. საშუალების და შანსის მიცემით ის რეალურად გაიზრდება და პროდუქტი მას წურბელის ცნობიერებაში დატოვებს. დიახ, ყველა რაღაცაში წურბელა ვართ, რაღაცაში კატა, რაღაცაში სხვა ან სხვა.. მაგრამ არჩევანი და ბალანსი ისევ ჩვენზეა. საფრთხე იქიდან მოდის, თუ ჩვენ ჯანსაღი თვიუთშეფასება არ გაგვაჩნია, ქების ან სტატუსის ან როლის მორგებისთვის ვკვებოთ წურბელები, ან თუნდაც შეგვეშინდეს რომ ჩვენზე იტყვიან ცუდი ადამიანიაო. ეს ყველა საფრთხე არსებობს და ყველაფერი თვალის გასწორებას და ინდვიდუალურ შემთხვევებში ინდივიდუალურ მართვას მოითხოვს. 
 
და ბოლოს ამას ვიტყვი ყველასთვის, ვისაც სხვისი დახმრება უნდა:
 
ყველა იქნება კარგად, ყველა იპოვის თავის გზას, ყველას გამოუჩნდება გამოსავალი და გაივლის თავის გამოცდილებებს რაც სჭირდება. ერთადერთი, ვინც ამას თქვენი დახმარების და ზრუნვის გარეშე ვერ შეძლებს, ხართ თავად თქვენ. შეისწავლეთ თქვენი თავის, თქვენი ცხოვრების ალგორითმები, რა როგორ ხდება, რა გიბრუნდებათ ცუდად, რა გიბრუნდებათ კარგად, რა გჭირდებათ გულწრფელად და დაეხმარეთ თქვენს თავს ყველა სწორი არჩევანით რომ იყოთ ბედნიერები. როგორც ერთმა წმინდანმა თქვა „თქვენი თავი იცხონეთ და თქვენს გარშემო ათასები ცხონდებიანო..“ 
        

მსგავსი სტატიები

პაზლის ნაწილაკები


მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამი...

მოძალადე სუსტი სქესი


ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მე...

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

ჩვენ


ავტორი: ლიკა ფაჩულია და რა არის რეალური ცხოვრება? ვცხოვრობთ კი ...

დაისი თუ აისი


ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და...

ცხოვრების მთავარი საიდუმლო


ავტორი: მამუკა გურული სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კი...

მეცნიერება - ეზოთერიის სინთეზის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშ...

დეფრაგ(მე)ნტაცია


ავტორი: ანა თოფურიძე მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff