ავტორი: იოანე შენგელია
ნებისმიერი სისტემის უკან დგას ამ სისტემის "არსი", რის მიხედვითაც ყალიბდება სისტემის ფუნდამენტალური კანონზომიერებები, რომელთა კომბინაციებითაც ვიღებთ ახალი დონის კანონზომიერებებს ამავე სისტემაში, რაც თავიდან არ შეიმჩნევა, მაგრამ არსებობს. მათემატიკურ დარგებში ეს გამოიხატება, როგორც საწყისი აქსიომები და მათგან ლოგიკურად ნაწარმოები თეორემები. ფიზიკურ სისტემებში ეს გამოიხატება, როგორც ბუნების საწყისი ფუნდამენტალური კანონები, და მათ შედეგად წარმოქმნილი მაღალი წესრიგები. მათემატიკა და მისი დარგები სწორედ იმიტომ განვითარდა, რათა ფიზიკური სამყაროს აბსტრაქტული მოდელირება (თეორიული ანალოგია) ჩამოეყალიბებინათ თეორეტიკოს ფიზიკოსებს.
მეცნიერები სწორედ ასე აზროვნებენ, თუმცაღა, ზოგიერთი მათგანი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს თავისი აზროვნების მექანიზმს. ეს მექანიზმი ვრცელდება როგორც დიად მეცნიერულ ამოცანებში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ქმნიან შესასწავლი ობიექტის აბსტრაქტულ მოდელს, და ცდილობენ შეარჩიონ ის თეორია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად და ზუსტად აღწერს რეალურს (ექსპერიმენტულ შედეგებს). ეს მოდელ(ებ)ი კი მათემატიკური დარგის ნაირსახეობაა - არსებობს საწყისი აქსიომები, და მათი კომბინაციებით "შენდება" მთელი სისტემა. ცხადია, იმისათვის, რომ სისტემის საწყისი პრინციპები აღმოაჩინო, აუცილებელია, ამ სისტემის "გარეთ" გამოხვიდე და მასშტაბურად შეხედო მთელს სურათს. მეცნიერებს აქვთ ამის ნიჭი "ღმერთისგან" ბოძებული.
კიდევ ერთხელ: ფიზიკოსებს ასე წარმოუდგენიათ, რომ სამყაროს ყოველ ქვესისტემას (და თავად სამყაროს, როგორც სუპერ ზე-სისტემას) აქვს საწყისი პრინციპები, რომლიდანაც გამომდინარეობს ამ სისტემის ყველა "თვისება", კანონზომიერება და ა.შ. მათემატიკური დარგებიც ასე ჩნდება და ვითარდება, აქსიომატურ-თეორემული მოდელით, რადგან თეორეტიკოს ფიზიკოსები ცდილობენ ამ დარგების "მორგებას" და "შერჩევას" სამყაროს რეალური გამოვლინებებისადმი. ანუ ცდილობენ შექმნან ისეთი მათემატიკა, რომელიც შეესაბამება სამყაროს ამა თუ იმ გამოვლინებას, როგორც სისტემას, "აშენებულს" საწყის პრინციპებზე დაყრდნობით. (ცხადია, არსებობს მათემატიკის ისეთი დარგებიც, რომლებიც არცერთ ფიზიკურ პროცესს არ შეესაბამება. ეს ისე - ინფორმაციისთვის)
ამ ტენდენციით განვითარდა მათემატიკის მრავალი დარგი და თეორიული ფიზიკაც მუდამ წინ მიიწევს - ქმნის რა სამყაროს აბსტრაქტულ მოდელებს. ანუ ცდილობს "მოიფიქროს" ის საწყისი პრინციპები, რომლიდანაც გამომდინარეობს სამყაროში არსებული ყველა კანონი. მაგალითად, უმცირესი ქმედების პრინციპიდან თეორიულად გამოჰყავს მოძრაობის და შენახვის კანონები. საბოლოოდ, ამ ტენდენციამ თეორეტიკოს ფიზიკოსები მიიყვანა იქამდე, რომ მათ სურთ მოიფიქრონ ისეთი ერთიანი თეორია, რომელიც ყველაფერს მოიცავს და სამყაროს ყოველ გამოვლინებას აღწერს. ამის მცდელობებია მაგალითად სიმების თეორია, ანდა სტანდარტული მოდელი, და სხვანი. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება სრულყოფილი თეორიის ჩამოყალიბება, რაც აბსოლუტურად ყველაფერს ახსნის და აღწერს, მაგრამ თეორეტიკოს ფიზიკოსები იმედს არ კარგავენ.
როდესაც საუბარია მათემატიკაზე, აქ იგულისხმება წმინდა მათემატიკა, თავისი სიზუსტით და სირთულით. თუ თქვენ გექნებათ მცდელობა, რომ თეორიული ფიზიკის რომელიმე დარგი შეისწავლოთ, ესეიგი სამყაროს რომელიმე სისტემის შესაბამისი თეორია შეისწავლოთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამას შესაბამისი მათემატიკური მზაობა სჭირდება, და ეს მათემატიკა არ იქნება მარტივი და სკოლის დონის, არამედ სულ სხვანაირი.
ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ წინამდებარე სტატიაშიც მსურს ვისაუბრო სამყაროს ჩემეულ აღქმაზე და "საწყისი პრინციპიდან" გამოვიყვანო რაღაც-რაღაცები. მაგრამ, წინამდებარე სტატია მათემატიკას საერთოდ არ შეიცავს, რადგან არის უფრო ფილოსოფიური, და არა ზუსტი. ეს თეორიაც არ არის, რომელიც გადამოწმებადია ექსპერიმენტულად, არამედ უბრალოდ ჰიპოთეზაა, ჰიპოთეზა სამყაროს შესახებ.
რაზეა საუბარი სტატიაში? დაახლოებით იმაზევე, რაც თეორეტიკოს ფიზიკოსების ყველაზე ძირითადი ამოცანაა - ყველაფრის თეორიის შექმნა. მაგრამ, როგორც გითხარით, ეს თეორია არ არის, არ არის გადამოწმებადი ექსპერიმენტულად, და არც მათემატიკურ სიზუსტეს შეიცავს, არამედ უბრალო მსჯელობაა. მე ვაყალიბებ ჩემეულ შეხედულებას ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანისთვის - რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის.
მაშ ასე, მე გაგაცნობთ ჩემს პასუხს ამ მარადიულ შეკითხვაზე:
"ღმერთების კრიზისი" - ანუ ობიექტი არსაიდან
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან.. პირობითად "ღმერთი" ქმნის სამყაროს არაფერში, არსაიდან, სიცარიელეში. როგორ? (აქვე გეტყვით, რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რა იყო მაგალითად "დიდი აფეთქების" წინ ან მსგავსი. აქ საუბარია ზოგადად იმაზე, რომ რაღაცა არსებობს და სიცარიელე არ არის)
როგორ უნდა შექმნა ობიექტი სიცარიელეში, ესეიგი, შექმნა არაფრიდან რაიმე.. არ გაქვს არც საშენი მასალა, არც სივრცე გაქვს, არც დრო გაქვს, სადაც ამ მასალას ფორმას მისცემ. რაც მთავარია, არ გაქვს იდეა, თუ როგორ მოაწყო სისტემა.
შენიშნეთ, რომ ცარიელია როგორც ფიზიკური სამყარო (მასალა, სივრცე, დრო და ა.შ.), ასევე იდეათა სამყაროც (სისტემის მოწყობის იდეა და კანონები). მაშ როგორ შევქმნათ ასეთ სიტუაციაში რაიმე?
სიცარიელეში რომ არ ვიყოთ, მაშინ ვიხელმძღვანელებდით აწ უკვე არსებული სისტემებით. ანუ მაგალითად, "ვისესხებდით" სხვა სისტემებიდან საშენ მასალასაც და იდეასაც. შეიძლება შეგვეცვალა იდეა. მაგრამ, ყველა ვარიანტში, როდესაც რაიმე ახალი ჩნდება გინდა ფიზიკურ და გინდა მეტაფიზიკურ სამყაროში, ის აუცილებლად წარმოდგენს პროდუქტს წინა მდგომარეობებისა. შენახვის კანონებიდან გამომდინარე, არ იქმნება ახალი მასალა, არამედ ის შეიძლება მხოლოდ გამოიყოს სხვა სისტემებიდან. ისევე როგორც, ყოველი ახალი დაბადებული იდეა სისტემის მოწყობაზე შედეგია რომელიმე აზროვნების და გონის, რომელიც ასევე განპირობებულია სხვა იდეებით და შედეგს წარმოადგენს.
ამრიგად, როდესაც აწ უკვე არსებულ სამყაროში ვაგებთ ახალ სისტემას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ აწ უკვე არსებულ სამყაროში არსებული სისტემებით. შეიძლება მათი ანალოგია შევქმნათ, შეიძლება ცოტა შევცვალოთ, მაგრამ ახალი სისტემის მასალაც და იდეაც შედეგი იქნება აწ უკვე არსებულის. მაგრამ, ჩვენ ხომ სიცარიელეში გვსურს სისტემის შექმნა? აქ შედეგი ვერაფრიდან გამოიყვანება, რადგან არაფერი არსებობს..
სიცარიელე გულისხმობს სიტუაციას, როდესაც არაფერი არსებობს, ესეიგი, არც სისტემის საშენი მასალა და არც მისი მოწყობის იდეა. ვერაფრიდან იშოვი მასალას და ვერაფრიდან მოიფიქრებ იდეას. ადამიანები, რომლებიც იდეებს ქმნიან, ისინიც კი და მათი იდეებიც წარმოადგენენ პროდუქტს ამ სამყაროში მიმდინარე პროცესებისა. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური პროცესები და სხვა. ყველა ვარიანტში, ისინი აწ უკვე არსებულ მეტაფიზიკურ სამყაროში მოგზაურობენ, ანდაც, მათი გონება მუშაობს და გენერირებს იდეებს. მთავარი ისაა, რომ აქ უკვე ყველაფერი არსებობს.
მაგრამ, რა უნდა ქნა, როდესაც სიცარიელეში ხარ? რაზე დაყრდნობით უნდა მოიფიქრო სამყაროს აგება? თუ ობიექტს აგებ არასიცარიელეში, ესეიგი, სხვა ობიექტების გარემოცვაში, მაშინ შეგიძლია მათი მეშვეობით შექმნა ახალი, მათზე გავლით ააგო ახალი ობიექტი. მაგრამ, როცა საუბარია ობიექტზე, რომელიც ყველა არსებულ ობიექტს მოიცავს საკუთარი თავის შიგნით, და მის გარეთ არ არსებობენ ობიექტები, თავად ეს ყოვლისმომცველი ობიექტი (რომელსაც სამყარო დავარქვით) როგორ აიგება?
როდესაც სისტემა უკვე აგებულია, მის შიგნით ქვესისტემების აგება შესაძლებელია ამ სისტემის კანონებზე დაყრდნობით. ანუ, თუ სამყაროს მოწყობის იდეა არსებობს, მაშინ სამყაროს შიგნითა ქვესისტემების კანონების განსაზღვრაც შეიძლება, რადგანაც ისინი ამ ზესისტემის კანონებიდან გამომდინარეობენ. მაგრამ, თავად ის ზესისტემა როგორ ავაგოთ, რომლის გარშემოც არავითარი სხვა სისტემა არ არის, და რომელზე უფრო "ზე" სისტემაც არ არსებობს?
ასეთი სისტემა იქნება თავად ყველა სხვა სისტემის მომცველი ზესისტემა. მისი ქვესისტემების იდეები, შეიძლება ითქვას, გამომდინარეობენ მისიდან. მაგრამ, თავად ეს ზესისტემა რა იდეით აიგება?
ამ უცნაურ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება მრავალგვარი იყოს. მაგალითად, ითქვას, რომ არ არსებობს სასრული ზესისტემა, და ყოველთვის მოიძებნება ახალი უფრო ზე სისტემა. ესეიგი, სამყარო უსასრულოა. მაგრამ, ის შეკითხვა, თუ რა პრინციპზეა აგებული მთელი ეს - თუნდაც უსასრულო - მაგრამ არსებული სისტემა, მაინც პასუხგაუცემელი რჩება.
პასუხის სხვა ვარიანტია მაგალითად ის, რომ სამყაროს ძირითადი პრინციპი (ძირითად პრინციპში ვგულისხმობ ზემოთ ნახსენებ "იდეას". ამ ორ სიტყვას ერთი მნიშვნელობით ვხმარობ) იყოს ერთ-ერთი იმ პრინციპთაგანი, რაც მის შიგნით არსებობს. ესეიგი, რაიმე სისტემის იდეა არის იგივე, რაც მისი რომელიმე ქვესისტემის იდეა. მაგრამ, თუ ამ სისტემაზე გავლით შეიქმნა მისი ქვესისტემები, მაშინ როგორღა არის ამ სისტემის არსი ის, რაც მისი შედეგია?
გამოდის, რომ სისტემის არსი არის ის, რაც ამ არსმა შედეგად გამოიღო. ის რაც უნდა ყოფილიყო არსის შედეგი, გახდა თავად არსი, რომელმაც შედეგად თავისი თავი შექმნა. ეს მომხიბვლელი ჰიპოთეზაა. მართლაც, სისტემა ქმნის თავის ქვესისტემებს თავისიდან გამომდინარე, ამიტომაც მისი იდეა ვლინდება მის ქვესისტემებშიც (ანუ მისი და მისი ქვესისტემის იდეები ემთხვევა). მაგრამ, როდესაც საუბარია აბსოლუტურ ზესისტემაზე, და იმაზე, რომ ამ აბსოლუტური ზესისტემის იდეა არის მისი ერთ-ერთი ქვესისტემის იდეაც, მაშინ მაინც პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: რატომ მაინცადამაინც ეს იდეა?
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არსად მყოფი ობიექტის იდეას წარმოადგენს ამ ობიექტის შიგნით მყოფი რომელიმე იდეა, მაშინ მის შიგნით მყოფმა სხვა იდეებმა "რა დააშავეს", და რატომ აირჩა მაინცადამაინც ის ერთადერთი? მერედა, ობიექტის შიგნითა იდეები შედეგია თავად ამ ობიექტის იდეის, და როგორ შეიძლება ობიექტი ავაგოთ იმ იდეით, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ, სანამ არ ავაგებთ და შედეგად არ მივიღებთ. ანუ, სანამ სისტემას არ ავაგებ, მანამ ვერ გავიგებ მის შიგნით გაჩენილ იდეებს, და აბა როგორ ავაგო სისტემა მისი შიგნითა იდეით, თუ ჯერ არ ვიცი რა იქნება ეს იდეა?
მაგრამ, ვინაიდან სისტემა მაინც არსებობს და, ესეიგი, ის რაღაც იდეაზეა დაყრდნობილი, თანაც ვიცით რა, რომ ეს სისტემა სიცარიელეშია და ვერავითარი იდეა გარედან ვერ მოვიდოდა. ესეიგი, ის მაინც მისი შიგნითა იდეიდან არის აშენებული (რადგან, ყველა იდეა, რაც კი არსებობს, მის შიგნითაა. ხოლო, რახან სისტემა აიგო რომელიმე იდეაზე, მაშინ ეს იდეაც მის შიგნით უნდა იყოს). მაგრამ, სანამ სისტემას არ ავაშენებთ, მანამ მის შინაგან იდეას ვერ გავიგებთ. პარადოქსი? თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილად სიცარიელეში გაჩენილ სისტემაზე, მაშინ პარადოქსის გადაწყვეტა ასეთნაირად შეიძლება:
ამ ყველაფერს მივყავართ მარადიულობამდე. თუ სისტემის აგება ხდება დროსა და სივრცეში, მაშინ საქმე გვაქვს პირობითად ორ საფეხურიან სიტუაციასთან: ჯერ სისტემის იდეა მჟღავნდება, შემდგომ კი, სისტემის აგების შედეგად, მის შიგნით არსებული იდეები მჟღავნდება. მაგრამ, ვინაიდან დროცა და სივრცეც სამყაროს ნაწილია და სიცარიელეში ისინი არ არსებობენ, ესეიგი სიცარიელეში სისტემაც აიგება დროისა და სივრცის გარეშე (დრო და სივრცე თავად ამ სისტემის ქვესისტემებია, რადგან ობიექტი სიცარიელეში სწორედ ასე განვმარტეთ, როგორც ყველაფრის საკუთარ თავში შემნახველი). ესეიგი, სისტემა იგება მარადიულობაში, სადაც ყველაფერი "ერთდროულად" და "ერთსივრცულად" არის მოცემული.
ვინაიდან დროცა და სივრცეც ყველაზე ზესისტემის ქვესისტემებია, ამიტომ ზესისტემის აგების სიტუაცია - სიცარიელე, არის იგივე მარადიულობა. მარადიულობაში კი სისტემა, თავისი ქვესისტემებით, ერთმთლიანობაში იხილვება. ამიტომაც, შესაძლებელია, რომ ზესისტემის იდეა დაემთხვეს მისი რომელიმე ქვესისტემის იდეას, მიუხედავად იმისა, რომ ქვესისტემა წარმოადგენს ზესისტემის შედეგს.
შეიძლება ითქვას, რომ პარადოქსის პრობლემა მოვაგვარეთ, და დავუშვით, რომ სისტემა შეიძლება აიგოს მისი ერთ-ერთი ქვესისტემის პრინციპზე, რადგან სიცარიელეში მარადიულობა გვაქვს, ანუ არ არსებობს არც დრო და არც სივრცე, და შესაბამისად მიზეზ-შედეგობრივი განსხვავება. მაგრამ, რომელი მათგანი შევარჩიოთ? პირობითად ღმერთი, ხედავს რა მარადიულობაში მთელს სისტემას, ირჩევს მასში არსებულ ერთ-ერთ იდეას, რათა ამაზე დაყრდნობით ააგოს თავად ეს სისტემა. მაგრამ რომელს ირჩევს?
ვინაიდან ყველა იდეა ნეიტრალურია და "თანაბარუფლებიანია" ზესისტემისთვის, ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს გამოვყოფთ. ესეიგი, ისევ ჩიხში ვართ.. ერთადერთი იდეა რაც რჩება - ეს თავისთავადობის ბუნებრივი პრინციპია. ეს მართლაც ყველაზე საუკეთესო გამოსავალია. რას ვგულისხმობ თავისთავადობაში?
დაუშვათ X არის პირობა, რომელიც ბუნებრივად იწვევს Y შედეგს. ესეიგი, X-ის შედეგია Y. ეს არის ჩვეულებრივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორ მოვლენას შორის. ახლა კი დაუშვათ, რომ X-ის შედეგი არის ისევ X. ესეიგი, X-დან გამომდინარეობს ისევ და ისევ X. ეს ჩაკეტილი წრესავითაა. აი ასეთ ობიექტს ვუწოდებ თავისთავადს, რომელიც შედეგად იძლევა ტრივიალურ შედეგს - იმავეს, რაც თავად არის.
რატომ შევარჩიეთ ეს პრინციპი და არა სხვა? იმიტომ, რომ ეს ყველაზე უფრო ბუნებრივი და ტრივიალური გამოსავალია. როგორ უნდა აიგოს ობიექტი სიცარიელეში, თუ არა თავისთავადად, ანუ შედეგად თავის თავს იძლეოდეს. მითუმეტეს, როცა საქმე მარადიულობას ეხება, თავისთავადობის პრინციპი ძალიან ახლობელია მარადიულობის ცნებასთან. ობიექტი არსებობს თავისთავად მარადიულობაში. ის უბრალოდ არსებობს, ყოველგვარი იდეის გარეშე. ის არ გაჩენილა რაიმე იდეით, არამედ თავისთავად არსებობდა მარადიულობაში. ყოველი შემდგომი იდეა, რაც მის შიგნით არსებობს, მისი შედეგია. მაგრამ, თავად ეს ობიექტი უბრალოდ არსებობს, თავისთავად, მარადიულობაში.
თავისთავადობის პრინციპი ყველაზე ბუნებრივი და ტრივიალურია, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ახლა კი, უფრო დეტალებში წავიდეთ და შევეცდოთ სიცარიელეში ავაგოთ სისტემა.
სისტემის ჩონჩხი
ვფიქრობ, ჩვენ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ სიცარიელეში სისტემა აიგება თავისთავადობის პრინციპით. ეს იქნება ჩვენი ამოსავალი "აქსიომა", რაზე დაყრდნობითაც შევეცდებით ავაგოთ სისტემა და მისი კანონზომიერებები.
თავისთავადობის პრინციპი, წარმოადგენს რა სიცარიელეში მყოფი სისტემის არსს, ვლინდება სხვა და სხვა სახით ამ სისტემის ფუნქციონირების კანონებში. ხოლო, იმისთვის რომ ავაგოთ სისტემა და მისი ფუნქციონირების კანონები, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ თავად სისტემა რას ნიშნავს. კლასიკური განმარტებით, სისტემა - ეს არის ერთობლიობა, ასე ვთქვათ სიმრავლე, გარკვეული ობიექტებისა. მხოლოდ ერთია, ეს არ არის უბრალოდ ერთობლიობა, არამედ გარკვეული მექანიზმი, რომელშიც ეს ობიექტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან რაიმე სახით.
სხვათაშორის, ნებისმიერი მათემატიკური სივრცეც დაიყვანება ასეთ სურათამდე: გვაქვს რაღაც ობიექტების გარკვეული სიმრვალე, და ეს არ არის უბრალოდ სიმრავლე, არამედ არსებობს გარკვეული კავშირები და კანონზომიერებები მათ შორის. ამას უკვე მათემატიკური სივრცე ეწოდება (როდესაც არსებობს სიმრავლეც და სტრუქტურაც). სიცარიელეში სისტემის აგებას სწორედ ამ აბსტრაქტული მოდელით შევეცდებით, ესეიგი, სიმრავლისა და სტრუქტურის მოცემით. ხოლო, ვინაიდან ჩვენი ამოსავალი პრინციპი თავისთავადობაა, ამიტომაც სიმრავლესაც და სტრუქტურასაც შევარჩევთ თავისთავადობის პრინციპზე დაყრდნობით.
დავიწყოთ სიმრავლით. რას შეიძლება ნიშნავდეს თავისთავადი სიმრავლე? თავისთავადი სიმრავლე, თავისთავადობის ზემოთ მოყვანილი განმარტების თანახმად, უნდა ნიშნავდეს ისეთ სიმრავლეს, რომელიც თავის ბუნებრივ შედეგში იძლევა საკუთარ თავს. რა არის სიმრავლის ბუნებრივი შედეგი? - ცხადია, ეს არის გარკვეული ელემენტები (სიმრავლე არის გარკვეული ელემენტების ერთობლიობა). ხოლო, თუ სიმრავლე თავისთავადია, მაშინ ეს ელემენტებიც (ანუ სიმრავლის შედეგი) წარმოადგენენ თავად სიმრავლეებს. გამოდის, რომ ეს არის სიმრავლე, რომლის ელემენტები თავად წარმოადგენენ ასეთივე სიმრავლეებს, ესეიგი, მათი ელემენტებიც წარმოადგენენ ასეთივე სიმრავლეებს, და ა.შ. და ა.შ. ესეიგი, თავისთავადობის პრინციპით ვიღებთ ფრაქტალურ სიმრავლეს, ერთმანეთში ჩალაგებულ სიმრავლეებს. და არ არსებობს შეზღუდვა უსასრულობის მხრივ.
და რა შეიძლება ითქვას სტრუქტურაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს კავშირებს სიმრავლის ელემენტებს შორის. თუ სტრუქტურა თავისთავადია, მაშინ მისი შედეგები - ესეიგი კავშირები, ქმნიან ასევე სტრუქტურას, ანუ კავშირებს. გამოდის, რომ ელემენტებს შორის კავშირები თავადაც ქმნიან კავშირებს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ანუ რა არის კავშირების შედეგი? კავშირების შედეგია ის, რომ სიმრავლე აღიქმება, როგორც ერთიანი ორგანიზმი, და არა განცალკევებული ელემენტების უბრალო ერთობლიობა. სწორედ სტრუქტურის არსებობა მიანიშნებს იმას, რომ სიმრავლე არ არის უბრალოდ განცალკევებული ელემენტები, არამედ ისინი ერთიან ორგანიზმს ქმნიან და ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან.
ეს ერთიანობაა სტრუქტურის შედეგი. ხოლო, თუ სტრუქტურა თავისთავადია, ესეიგი ეს ერთიანობაც უნდა ქმნიდეს სტრუქტურას. ანუ, ეს ერთიანი სისტემა კვლავ მიისწრაფვის კავშირებისკენ თავისი დონის სხვა სისტემებთან, რათა ახლა მათ შექმნან ერთიანობა უფრო მაღალი წესრიგის ზესისტემაში. და ასე დაუსრულებლად. ესეიგი, ჩვენს მიერ აგებული ობეიქტი არის არა მარტო ფრაქტალური სიმრავლე, არამედ სტრუქტურაც ფრაქტალურია. ელემენტები მიისწრაფვიან გაერთიანებისკენ, და შემდგომ ეს ერთიანი სისტემაც, როგორც ელემენტი უფრო მაღალი სისტემისთვის ასევე მიისწრაფვის გაერთიანებისკენ, და ა.შ.
გარდა ამისა, ისევ და ისევ თავისთავადობიდან ვიღებთ, რომ რაც უფრო მაღალი რიგისა სისტემა, მით უფრო ისწრაფვის მაღალი რიგისკენ (ანუ, რაც უფრო პროგრესულია, მით უფრო ისწრაფვის პროგრესისკენ), და რაც უფრო დაბალი რიგისაა, მით უფრო დაბალი რიგისკენ ისწრაფვის (რაც უფრო რეგრესულია, მით უფრო ისწრაფვის რეგრესისკენ). ანუ, პირობითად "რიგობრივი სიმაღლის" შედეგია ისევ "სიმაღლე". ანუ, "რიგობრივი სიმაღლის" თავისთავადობიდან ვიღებთ ევოლუციის იდეასაც: რაც უფრო მაღალგანვითარებულია სისტემა, მით უფრო სწრაფად ვითარდება უფრო მეტი სიმაღლის დასაპყრობად.
ეს გასაგებიცაა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება. როდესაც შეისწავლით რაიმე სისტემის ელემენტებს, შემდგომ უკვე დაინახავთ სისტემას მთელი სურათით. ახლა თავად ეს სისტემა გახდება თქვენთვის ელემენტი, და მის მსგავსებს შეისწავლით და ეცდებით დაინახოთ უკვე ამ სისტემებისგან შემდგარი ზესისტემა. შემდგომ იმავეს გაიმეორებთ ამ ზესისტემის დონის სხვა სისტემებისთვის, რათა მათგან შეადგინოთ კიდევ უფრო მაღალი წყობის სისტემა. და ა.შ. ამ პროცესს თქვენი აბსტრაქტული ინტელექტის ევოლუციაც შეგვიძლია ვუწოდოთ.
გარდა ამისა, სისტემის ევოლუცია, ანუ უფრო მაღალ სისტემასთან შერწყმა მიმდინარეობს მთლიანი სისტემით, ესეიგი ეს ავტომატურად გულისხმობს მისი ქვესისტემების ევოლუციასაც. რადგან, მაგიდას ვერ აიტან მაღალ სართულზე, თუ მისი შემადგენელი ნაწილებიც თან არ აიყოლიე.
თავის მხრივ, სისტემის ევოლუციის იდეა ბადებს სისტემის ნორმალური ფუნქციონირების პირობითად 8 ფუნქციას. თუ რატომ 8-ს, ეს შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე, სადაც საუბარია სამყაროს ჰოლოგრაფიულ-ფრაქტალურ თავისებურებებზე, რაც ვლინდება ბუნებაში სხვა და სხვა დონეებზე, დაწყებული ელემენტარული ნაწილაკებით და დასრულებული გალაქტიკებით. ესვე ვლინდება ფსიქოლოგიაში, რომელსაც ვექტორული ფსიქოლოგია ეწოდება.
თავისთავადობის პრინციპზე დაყრდნობით უკვე გასაგები ხდება სამყაროს ეგრეგორული მოდელი, და ევოლუციის იდეა, რომელიც ბადებს 8 ფუნქციას ამ ეგრეგორში. იხილეთ, ასევე ეს სტატიაცმეტი მრავალფეროვნებისთვის.
სხვათაშორის, ფრაქტალურობა ვლინდება მრავალი სახით სამყაროში და ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია თანამედროვე ეზოთერიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა - ტრანსერფინგი, რომელიც ანალოგიაა მექანიკისა, რომელიც გამოიყენება მიკრო და მაკრო სხეულების მოძრაობების და დინამიკის აღსაწერად. ანუ, ის რაც იყო მექანიკის კანონები "მარტივი" ფიზიკისთვის, მათი ანალოგია გამომჟღავნდა უფრო მაღალ დონეზეც. ანალოგიაზე უფრო დაწვრილებით წერია ამ სტატიისბოლოს.
ამრიგად, თავისთავადობის ბუნებრივი პრინციპი სათავეში უდგას მთელს იმ სისტემას, რომელსაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ.
და ბოლოს ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზა სამყაროს შესახებ, და ასეთი ჰიპოთეზა ალბათ უამრავი არსებობს. მე ვეცადე ჩემი ლოგიკით მივსულიყავი თავისთავადობის პრინციპამდე და შემდგომ ამ პრინციპიდან გამომეყვანა სამყაროში აწ უკვე ცნობილი კანონები. თუმცა, შესაძლოა სულ სხვა ჰიპოთეზებიდანაც მივიღოთ სამყაროს იგივე ან სხვა მოდელები.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...