ავტორი: კატლინ რიორდანი
გურჯიევის შეხედულებები, მისი მსოფლმხედველობის საფუძვლები და პრინციპები
გურჯიევი დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე მოქმედი კანონების შესახებ
(მთარგმნელი უცნობია)
გურჯიევი ამბობს: განვჭვრიტოთ ადამიანის მდგომარეობა სამყაროში. დავარქვათ პირველსაწყის მამოძრავებელ ძალას „აბსოლუტი“. აბსოლუტიდან გამომდინარეობს ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას, უსასრულოდ ბევრი სამყარო. თუ თვალს მივადევნებთ რომელიმე მათგანს, შევამჩნევთ, რომ აბსოლუტიდან ყოველგვარი შესაძლო სისტემა, ანდა სამყარო გამომდინარეობს, ხოლო ამ სამყაროებიდან კი მზე, მზის სისტემის პლანეტები, ჩვენი პლანეტა – დედამიწა და ბოლოს, მთვარე. ეს სამყაროები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან კანონთა რაოდენობის მიხედვით, რომელთა შორისაც ისინი იმყოფებიან. აბსოლუტის დონეზე მხოლოდ ერთი კანონია, სამყაროს შექმნის ერთეული. შემდეგ სამყაროში სამგვარი კანონია, მომდევნოში – ექვსი, მის შემდეგ თორმეტი. დედამიწაზე 48 კანონია, რომელთა ფარგლებშიც ადამიანებს უხდებათ ცხოვრება, ერთადერთი ადგილი ამ სამყაროებში, სადაც კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა თავისუფლებისადმი სწრაფვა, არის მთვარე, რომელზეც 96 კანონი მოქმედებს. აბსოლუტი ვლინდება უშუალოდ მხოლოდ ყველა სამყაროს ერთობლიობასთან კავშირში, რომელთაც იგი წარმოშობს. ამ ფაზაში წარმოქმნილი სქემა თუ მოდელი ავტომატურად მოქმედებს ქვემო საფეხურებზე, ვიდრე სამყაროთა ნაკადის უკიდურეს წერტილს, ამ შემთხვევაში კი, მთვარეს მიაღწევდეს. რადგან ჩვენ 48 კანონის ფარგლებში ვცხოვრობთ, ამიტომ ძალიან დაცილებული ვართ აბსოლუტისაგან. ამ კანონთა ნახევრისაგან გათავისუფლება რომ შეგვეძლოს, მაშინ აბსოლუტს ერთი საფეხურით მივუახლოვდებოდით, ხოლო თუ კანონთა რაოდენობას, რომელთა შორისაც ჩვენ ვცხოვრობთ, თორმეტამდე შევამცირებდით, მაშინ მას კიდევ უფრო მივუახლოვდებოდით. აბსოლუტამდე ამაღლება შემზღუდველი კანონებისაგან საფეხურებრივი გათავისუფლების საფუძველზე, აი, ეს არის „ნათელხილვის“, თვითგათავისუფლების გზა.
„საჭირო არაა მზის გამოკვლევა, რათა სოლარული სამყაროს მატერია აღმოვაჩინოთ: ეს მატერია თვითონ ჩვენში არსებობს. მისი საწყისია ჩვენი ატომების დაყოფა. ასევე ყველა სხვა სამყაროს მატერიაც ჩვენშია. ადამიანი „მინიატურა-უნივერსუმია“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მასში მოცემულია ყველა სახის მატერია, რომელთაგან უნივერსუმი შედგება. ადამიანში მოქმედებენ ის ძალები და კანონები, რომლებიც უნივერსუმის არსებობას წარმართავენ. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ მთელი სამყარო, როცა ადამიანს გამოვიკვლევთ; ისევე, როგორც გამოვიკვლევთ ადამიანს, როცა მთელ სამყაროს გამოვიკვლევთ“ (პ. უსპენსკი, 1949, 88).
ამ უარსებითეს და უუნივერსალურეს კანონს, ყოველგვარ უნივერსალურ კანონს რომ უდევს საფუძვლად და ყოველგვარ მოვლენას განსაზღვრავს, სამთა კანონი ეწოდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველი ფენომენი სამი ძალის შედეგია. ამ ძალებს იგი უწოდებს აქტიურ, პასიურ და ნეიტრალურ (შესაბამისად, წმინდა დადასტურება, წმინდა უარყოფა და წმინდა ნეიტრალიზება), ანდა უბრალოდ პირველ, მეორე და მესამე ძალებს. ეს ძალები ყველგან მოქმედებენ, თვით სამყაროს შექმნის პირველ ეტაპზეც, სადაც ისინი მთლიანობაში იმყოფებიან, როგორც ეს მსოფლიოს მრავალ რელიგიაშია გამოხატული, მაგალითად, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა; მამა, ძე და სულიწმიდა და სხვა სამებანი.
სამყაროთა ნაკადი
ყოველივე დამოკიდებულია ამ სამი ძალის კომბინაციაზე. მათი მონაწილეობის გარეშე არაფერი არ მოხდება. ნეიტრალური ძალის გარეშე პასიური და აქტიური ძალები უაზრო ოპოზიციად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და აღარაფერი წარმოიქმნება. მაგრამ როცა ეს მესამე ძალაც ჩაერთვება, აქტიური და პასიური ძალები შეერთდებიან და რაღაცას წარმოქმნიან. ადამიანი თავისი ცნობიერების მდგომარეობის მიხედვით „ბრმა“ მესამე ძალის მიმართ: იგი შეცნობის უფრო მაღალ საფეხურს მოითხოვს, ვიდრე ადამიანის ჩვეულებრივი ცნობიერების მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს რამდენიმე ადვილად შესამჩნევი მაგალითი ბუნებისმეტყველებაში, რომლის დროსაც მესამე ძალის მოქმედება ხდება, მაგალითად, კატალიზატორთა ზემოქმედება ქიმიის დარგში; როდესაც სამივე ეს ძალა ერთობლივად მოქმედებს, ხორციელდება წარმოქმნის აქტი; შესაძლოა აგრეთვე განვითარდეს ჯაჭვური რეაქცია, რომლის დროსაც მესამე ძალა, პირველ ფაზაში რომ მონაწილეობდა, მომდევნოში გააქტიურდეს, რადგან ეს სამი ძალა ფუნქციას იცვლის ურთიერთმიმართების პროცესში და ისინი განსაზღვრავენ მოვლენათა მსვლელობას. ამ დროს ძალაში შედის მეორე ფუნდამენტური კანონი — შვიდთა კანონი აწესრიგებს მოვლენათა თანამიმდევრობას. იგი მოწმობს, რომ მოვლენის წარმოქმნა მუდამ ირიბად ხდება, ყოველგვარ მოვლენათა, რიგობითობათა თანამიმდევრობაში არსებობს წყვეტილობა. ეს კანონზომიერი წყვეტილობა შენარჩუნებულია ჩვენს გამებში, რომლებიც, როგორც ეს ოქტავის შესრულებისას ჩანს, არათანაბარი ტონებისაგან შედგება, დო, რე, მი თანაბრად არიან ერთმანეთისაგან დაცილებული, მაგრამ მი-სა და ფა-ს შორის არა მთლიანი, არამედ ნახევარი ტონია. შემდეგ გამაზე, ზემოთ სოლ, ლა, სი (ანტი) მთელი ინტერვალებითაა დაცილებული, მაგრამ სი-დანდო-მდე კვლავ ნახევარი ტონია. შვიდთა კანონი ნათელყოფს ფაქტს, რომ ის, რაც დაიწყო, უსასრულობამდე არ გრძელდება, მაგალითად, წვიმის ან ჭექა-ქუხილის თანდათანობით შეწყვეტა. შვიდთა კანონს უნდა მიეწეროს ისიც, რომ ბუნებაში არ არსებობს სწორი ხაზი. თუ გამოვხატავთ სამყაროს, როგორც დაღმავალ ოქტავას აბსოლუტის საფეხურიდან მთვარის საფეხურამდე, მაშინ ცხადი გახდება, რომ წყვეტილობები არსებობს აბსოლუტსა და სამყაროს ერთიან სისტემასა და პლანეტების ერთიანობასა და დედამიწას შორის. პირველი წყვეტილობა მოხსნილი იქნება აბსოლუტის მიერ წარმოქმნილი ძალით, ხოლო მეორე წყვეტილობის მოხსნისათვის კი აუცილებელია ჩვენი ბიოსფერო: დედამიწის ზედაპირზე ორგანული სიცოცხლის მგრძნობიარე მემბრანა ასრულებს ენერგიის ლაიტერის როლს სხვა პლანეტებსა და ჩვენს საკუთარ პლანეტას შორის მის სატელიტთან, მთვარესთან ერთად, რომელიც სამყაროთა რიგის უკიდურესი ქვემო წერტილია.
სამყაროთა რიგი, როგორც ოქტავა
აბსოლუტის საფეხური 1
სამყაროს ყველა შესაძლებელი სისტემის საფეხური 3
გალაქტიკის საფეხური 6
ჩვენი მზის საფეხური 12
პლანეტების საფეხური 24
დედამიწის საფეხური 48
მთვარის საფეხური 96
შვიდთა კანონს შეიძლება ეწოდოს აგრეთვე ენერგიის იმპულსის კანონი, რადგან როცა მი-სა და ფა-ს შორის არსებულ რომელიმე პროცესში დამატებითი ძალა, ანდა ენერგია ჩაერთვება, სი დო-ს ინტერვალამდე მიაღწევს და კვლავ ახალი ენერგიის იმპულსი ან ნაკადი შემოუერთდება, მაშინ პროცესი ბოლო წერტილამდე დო-მდე გაგრძელდება. ეს ენერგია წარმოიქმნება ადამიანთა, ანდა სხვა ცოცხალ არსებათა მიერ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ამქვეყნად იმიტომ გავჩენილვართ, რომ ბუნებას ვემსახუროთ და ბუნების „ინტერესებში“ არ არის ის, რომ ადამიანმა განვითარების უფრო მაღალი საფეხურები განვლოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანი გაჩენილია არასრულფასოვან არსებად. თუმცაღა ლატენტურ შესაძლებლობას ინარჩუნებს, განვითარდეს მზის საფეხურამდე – სამყარო 12-მდე და კიდევ უფრო მაღლა. ამ შემთხვევაში ამოქმედდებიან ის ძალები, რომლებიც ადამიანში განავითარებენ აღმავალ ოქტავას, ნათელხილვის, ჭეშმარიტების შეცნობას რომ განაპირობებს.
სამთა და შვიდთა კანონი გრაფიკულადაა გამოსახული დიაგრამაში, რომელსაც გურჯიევის მოძღვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია – ეს გახლავთ ენეაგრამა. ენეაგრამა წარმოადგენს ცხრა რკალად დაყოფილ წრეს. თუ დაყოფილ პუნქტებს დავნომრავთ, რომლის დროსაც ისინი წრეხაზზე საათის ისრის მიმართულებით იმოძრავებენ და შემდეგ მე-9, მე-3 და მე-6 პუნქტებს შევაერთებთ, მაშინ მივიღებთ ტოლგვერდა სამკუთხედს. თუ აბსოლუტს ისეთ გამოვლინებად მივიჩნევთ, რომ სამება მუდმივია: მე-3 ცდილობს დაბრუნდეს პირველში, რაც მათემატიკურად რომ გამოვხატოთ, ნიშნავს 1 გაყოფილი სამზე, რომელიც ჯამში უსასრულობას გვაძლევს. წრეხაზის სხვა პუნქტები ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი გამოხატავენ ყველა შვიდი პუნქტის მთლიანობისაკენ სწრაფვას: 1 გაყოფილი შვიდზე წარმოადგენს ექვსი მარტივი ციფრის უსასრულო პერიოდულ რიგს, რომელიც არ შეიცავს 3-ის არაერთგზისობას. ამგვარად, ორივე კანონი ერთადერთ სიმეტრიულ დიაგრამაში ისეა წარმოდგენილი, რომ ვლინდება როგორც მათი ურთიერთდამოკიდებულება, ასევე ურთიერთკავშირიც. ენეოგრამა შეიძლება გამოვიყენოთ ყოველგვარი პროცესის გამოკვლევისას, რადგან იგი ყველა მოვლენის თანამიმდევრობაში ვლინდება, მაგალითისათვის გამოვსახოთ კვირის დღეები წრეხაზზე. ორშაბათი გადის პუნქტ 1-ზე, კვირა პუნქტ 9-ზე, ანუ უძრავ პუნქტზე, სადაც ერთდება სამთა და შვიდთა კანონები. ამასთან წრეხაზზე ვლინდება წინსვლით მოძრაობათა – დროის ქრონოლოგიური თანამიმდევრობა და იმავდროულად წრის შიდა მსვლელობა ორშაბათიდან ოთხშაბათისკენ და იქიდან პირუკუ – სამშაბათისკენ, ხოლო სამშაბათიდან შაბათამდე, იქიდან ხუთშაბათამდე, და ხუთშაბათიდან პარასკევამდე (ყურადღება მიაქციეთ, რომ სამკუთხედზე გამოტოვებულია მე-3 და მე-6 პუნქტები). ამ დღეებს შორის არსებობს ფარული კავშირი. რაიმემ, ოთხშაბათს რომ ვაკეთებ, ანდა განზრახული მაქვს გავაკეთო, ხაზობრივი ლოგიკის მიხედვით, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, რასაც ხუთშაბათს განვიცდი. თუ ამ აზრს გავყვებით, განვჭვრეტთ შესაძლებლობას, რომ მიზეზისა და შედეგის ქრონოლოგიური თანამიმდევრობის მიღმა არსებობს მოვლენათაშორისი კავშირები, მაგალითად, აწმყოს მოვლენის ნიმუში შეიცვლება მომავლის უბედურების, ანდა წარმატების გავლენით.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამგვარ შესაძლებლობებზე ფიქრი შეიძლება ეფექტური გამოდგეს. მე-3, მე-6 და მე-9 პუნქტები ენეაგრამაზე გამოხატავენ ენერგიის იმპულსებს. ცხოველებს შეუძლიათ შეიგრძნონ მხოლოდ პირველი იმპულსი მი-სა და ფა-ს შორის. ამ იმპულსს ყოველ წუთში ავტომატურად იღებს ყოველი ცოცხალი არსება. ორი სხვა, მე-6 და მე-9 პუნქტით აღნიშნული იმპულსები ავტომატურად არ ნაწილდება. მათ ეწოდება პირველადი ცნობიერების იმპულსი და მეორადი ცნობიერების იმპულსი. ჩვეულებრივ, ადამიანებში საზრდოს გარდაქმნა ხდება ჰაერის ენერგიის იმპულსის მეშვეობით მი-სა და ფა-ს შორის, როგორც ამას ადამიანური ნივთიერებათა ცვლის ენერგია აჩვენებს. ჰაერი ხელს უწყობს საზრდოს ასიმილაციას და განაპირობებს ახალ ოქტავას, რომელიც არ იღებს რა მი-სგან ფა-ში გადასვლისათვის საჭირო ენერგიის იმპულსს, მი-სთან ქრება. ჰაერის ნაკადი რომ იმპულსს შეხებოდა, ახალი, შთაბეჭდილებათა ასიმილაციის ოქტავა წარმოიქმნებოდა, რომელსაც თავის მხრივ, მეორე ცნობიერების იმპულსი დასჭირდებოდა ფა-მდე მისაღწევად. ადამიანმა თვითონ უნდა მისცეს საკუთარ თავს ეს ენერგიის იმპულსები, რომლის დროსაც იგი პირველადი ცნობიერების იმპულსის შემთხვევაში, შთაბეჭდილებებს შეგნებულად აღიქვამს და იმახსოვრებს, ხოლო მეორადი ცნობიერების იმპულსის შემთხვევაში გარე სამყაროსაგან წარმოქმნილი ნეგატიური შეგრძნებების ენერგიას პოზიტიურ შეგრძნებად აქცევს. პირველადი ცნობიერების იმპულსს მივყავართ სხეულის აღქმა-გააზრებამდე, ხოლო მეორეს, უფრო მაღალს, გრძნობადი ცხოვრების შეცნობამდე. ადამიანს მთლი. ანად რომ მოეხდინა საკვების, ჰაერისა და იმ შთაბეჭდილებათა ასიმილაცია, რომელსაც აღიქვამს, მაშინ იგი სრულყოფილი, ჰარმონიული ცხოვრებით იცხოვრებდა, მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებში მხოლოდ საკვები ასიმილირდება სწორად. სუნთქვის ასიმილაცია უდროოდ წყდება და ანულირდება მისი ოქტავა, რადგან მი-ფას ინტერვალის დროს ენერგიის იმპულსს ვერ აღწევს. შთაბეჭდილებათა ასიმილაციის ოქტავა, რომელიც აუცილებელი სასიცოცხლო საზრდოს ერთ-ერთი სახეა, დასაწყისშივე წყდება. ოქტავები მაშინ დასრულდება, როცა ამ პროცესებში ენერგიის იმპულსები შესაბამის ადგილებზე დაიწყება.
საბოლოდ, ამ ენერგიის იმპულსთა წარმოქმნა და აბსორბცია არის სწორედ ის, რასთანაც ყოველი ეზოთერული მოძღვრების შესწავლისას გვაქვს საქმე.
ადამიანის ფსიქოლოგია
გურჯიევის მოძღვრების მიხედვით, ადამიანის მდგომარეობა, რომელშიც იგი იმყოფება, ძირეულად განსხვავდება იმ წარმოდგენებისაგან, რომელიც მას ჩვეულებისამებრ, თავის თავზე აქვს ხოლმე. განსაკუთრებით დიდი განსხვავებაა იმას შორის, რასაც ადამიანი თავის პიროვნულ იდენტურობად, საპასუხისმგებლო მოქმედებად, ნების თავისუფლებად და სხვა ფუნქციებად თვლის და რასაც იგი სინამდვილეში წარმოადგენს.
ადამიანი მიიჩნევს და ეს ყველაზე ღრმად გამჯდარი რწმენაა - რომ ყოველი ადამიანი კონსისტენტური პიროვნებაა. ყოველი ადამიანი, ინდივიდს რომ იკვლევს, და საერთოდ, პრაქტიკულად ყოველი კაცი, უდავოდ მიიჩნევს, რომ როცა იგი „მეს“ ამბობს, ამით თავის თავს გულისხმობს, როგორც მთლიანობას. ყოველი ადამიანი, როცა „მეს“ ამბობს, ჩვეულებისამებრ გულისხმობს, რომ იგი თავის თავზე ლაპარაკობს, როგორც ისეთ არსებაზე, რომელიც ყოველ მომენტში და ყოველდღე არსებობს, როგორც ერთი და იგივე პიროვნება. ასევე წარმოვუდგებით და ვესახებით ჩვენ სხვებს და ეს სრულიად ბუნებრივად მიგვაჩნია, რადგან ყოველ ადამიანს აქვს სხეული, რომელიც მას გაცნობიერებული აქვს და მისი ყოველდღიური გამოცდილების კონსტანტურ ფაქტორს წარმოადგენს.
„მთლიანობისა და იდენტურობის ილუზიას ადამიანი თვითონვე ქმნის“, – ამბობს უსპენსკი, – სახელდობრ კი, „საკუთარი ფიზიკური სხეულის გრძნობადი – აღქმით; შემდეგ იმით, რომ ადამიანს ჰქვია სახელი, ჩვეულებრივ, მუდამ უცვლელი რომ რჩება, და მესამე – ბუნებრივად შეთვისებული ან მიბაძვით შეძენილი მექანიკური ჩვევების მეშვეობით. რადგან ადამიანს მუდამ ერთი და იგივე სხეულებრივი შეგრძნებები აქვს, მუდამ ერთი და იგივე სახელი ესმის და ერთი და იგივე ჩვევებსა თუ მიდრეკილებებს გრძნობს, ჰგონია, რომ თვითონაც მუდამ იგივე რჩება“ (პ. უსპენსკი, 1954, 13). სინამდვილეში კი ადამიანის სტრუქტურა და მისი ფუნქციები უკეთ აიხსნება, თუ მის ქცევაზე დაკვირვებისას ვივარაუდებთ არა ერთ, არამედ მრავალ „მეს“. ეს „მეები“ მოზრდილ ადამიანს შეიძლება ათასობით ჰქონდეს. ეს „მე“ ზოგჯერ წინა პლანზე დგას, სხვა დროს კი წინ წამოიწევს მეორე „მე“, რომელიც შეიძლება იყოს ჰარმონიაში წინა „მესთან“, ან არა.
ამ მეორე „მეს“ არც ესაჭიროება იმის ცოდნა, რომ სხვა „მე“ არსებობს, რადგან მათ შორის ხშირად იქმნება დაცვითი სისტემები, ეგრეთ წოდებული ბუფერი. ზოგიერთი „მე“ ჯგუფებადაა გაერთიანებული; არსებობს „მეებისაგან“ შემდგარი სუბპიროვნებები. ეს სუბპიროვნებები შედგებიან „მეებისაგან“, რომლებიც, საერთოდ, ერთმანეთს იცნობენ, რადგან ასოციაციური კავშირი აქვთ. ხოლო „მე“-თა იმ ჯგუფთაგან, რომელთანაც მათ ასოციაციები არ აკავშირებთ, ისინი შეუცნობადობის ბარიერებით – ბუფერებით არიან გამოყოფილი. ერთ „მეს“ შეუძლია დაპირების მიცემა ისე, რომ მეორე „მემ“ ამის შესახებ არაფერი იცის, რის გამოც მას აღარ სურს დაპირების შესრულება. მაგალითად, ერთი „მე“ დაქორწინების აღფრთოვანებული მომხრეა, რომლის დროსაც მეორე „მე“ ამის სასტიკი წინააღმდეგია; ცალკეულ „მეებს“ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ და გამოესარჩლონ რაიმე წამოწყებას, სხვა „მეებმა კი ეს წამოწყება ჩაშალონ. ასე რომ, ადამიანის შინაგანი მღელვარება, მშფოთვარების მდგომარეობაში ცხოვრობს. გურჯიევის თვალთახედვით, ფსიქოთერაპევტულ ტექნიკას სხვადასხვა „მეს“ ფრაგმენტული გააზრების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ამოცანა დაეკისრებოდა: თანდათან მოესპო ბუფერთა დამცველი პოზიციები და „მეები“ ერთმანეთისათვის გაეცნო.
ადამიანი მანქანაა
ადამიანის სულიერი ცხოვრებისათვის დამახასიათებელია ინკონსისტენცია, მაგრამ იგი მთლიანად მექანიკური კანონებით განისაზღვრება. როდესაც რომელიმე „მე“ მოცემულ მომენტში პიროვნების ქცევას არეგულირებს, ეს მის საკუთარ გადაწყვეტილებას კი არ ემყარება, არამედ მის რეაქციას გარესამყაროს ამრიგად, ადამიანი მანქანაა, ძალიან რთული მანქანა, რომელსაც სხვა მანქანებისაგან განსხვავებით, საშუალება აქვს მიმართ, რომელიც შესაბამისად ამა თუ იმ „მეს“ ეხება. ადამიანს, თავისი ცხოვრებისეული მდგომარეობა-სიტუაციის მიხედვით, არ შეუძლია არჩევანის გაკეთება, რომ იგი რომელიმე „მე“ იყოს, თუნდაც ეს ძალიან უნდოდეს. აქ მოქმედ პირად სიტუაცია გვევლინება და არა „მე“. მისი ქცევა, მოქმედება დამოკიდებულია სხვა მოვლენაზე, იგი თვითონ აღარ არის აქტიური, არამედ გარეშე ზეგავლენაზეა დამოკიდებული, მას არა აქვს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, არა აქვს ნების თავისუფლება, საერთოდ არ გააჩნია ნება, მიდრეკილება თუ ანტიპათია, ტენდენცია რაიმე მოვლენით მოხიბვლა-განხილვისა, არის ის უხილავი ძაფი, რომელიც მას თოჯინასავით ათამაშებს. ადამიანი მანქანაა. ყოველი მისი მოქმედება, საქციელი, სიტყვა, აზრი, გრძნობა, რწმენა, შეხედულება და ჩვევა გარეშე ზეგავლენის შედეგია. თვითონ თავისით, თავისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია რაიმე აზრის გამოხატვა, რაიმე მოქმედების განხორციელება. ყოველივე, რასაც ადამიანი აკეთებს, ფიქრობს, გრძნობს, თავისით ხდება; ადამიანი იბადება, ცოცხლობს, კვდება, აშენებს სახლებს, წერს წიგნებს, არა იმიტომ, რომ მას ასე სურს ან ისე, არამედ ეს ხდება, ყველაფერი ხდება. ადამიანს არ უყვარს, არ სძულს, არ ისწრაფვის – ყოველივე ეს ხდება.
ადამიანს არ უყვარს, არ სძულს, არ ისწრაფვის, – ყოველივე ეს გარეშე ზეგავლენის ძალით ხდება (პ. უსპენსკი, 1949,21).
ამრიგად, ადამიანი მანქანაა, ძალიან რთული მანქანა, რომელსაც სხვა მანქანებისაგან განსხვავებით, საშუალება აქვს იცოდეს, რომ იგი მანქანაა. ადამიანს შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს თავისი თავი და ეს გამოკვლევა მას გზას გაუხსნის ახალი, უფრო მაღალი ცნობიერების საფეხურისაკენ, სადაც ჭეშმარიტებაა დავანებული. მაგრამ ეს კვლევა, ისევე როგორც ყოველი კომპლექსური სისტემის შესწავლა, დიდხანს გრძელდება და დიდ ამტანობასა და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.
გურჯიევის უდიდეს და უმთავრეს თხზულებაში „ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი, ობიექტური კრიტიკა“ მთავარი, მოქმედი პირი – ბელზებელი ესაუბრება შვილიშვილ ჰასინს მეექვსეჯერ ყოფნის შესახებ ამ უცნაურ პლანეტაზე – დედამიწაზე და მათ მკვიდრთა შესახებ, რომელთაც იგი „სამტვინიან არსებებს“ უწოდებს.
ადამიანის ეს სამი ტვინი შეესაბამება სამ სხვადასხვა ფუნქციას: პირველი წარმოადგენს ინტელექტის ცენტრს, შუა – გრძნობის ცენტრს, ხოლო მესამე – სამი ქვეფუნქციისათვის განკუთვნილ საკონტროლო პუნქტს, ზოგჯერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რომ მუშაობენ, ზოგჯერ კი არა. ესენია მოძრაობის, ინსტინქტისა და სექსუალური ცენტრები. ამ ხუთი ცენტრის გარდა, ყოველ ნორმალურ ადამიანში რომ ფუნქციონირებს, არსებობს კიდევ ორი – ესენი თუმცა სრულიად განვითარებული და სრულყოფილი ცენტრები არიან, მაგრამ სხვა ცენტრებთან კავშირი არა აქვთ. მათ ეწოდება უმაღლესი ინტელექტის ცენტრი და უმაღლესი ემოციის ცენტრი. ჩვეულებრივ ადამიანში ეს ხუთი ქვედა ცენტრი არაჰარმონიულად, შეუსაბამოდ და შეუთანხმებლად ფუნქციონირებს, ხოლო უმაღლესი ცენტრები საერთოდ გამოუყენებელი რჩება. ცენტრები ხარჯავენ სხვადასხვა სახის ენერგიას, რომლის დროსაც ერთი ცენტრი მეორისაგან იღებს ან პარავს ენერგიას ისე, რომ მისი სწორად გამოყენება არ ძალუძს. ცენტრების განკარგულებაში მყოფი ენერგია, პრაქტიკულად გამოყენებას ვერ პოულობს. ეს ცენტრების ისეთ მოდუნებას იწვევს, რომ შეუძლებელი ხდება მათი ფუნქციონირების დონის ამაღლება ენერგიის დაკარგვის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავების გარეშე. გარდა ამისა, ცენტრები ხშირად იღებენ თავის თავზე ფუნქციებს, რომლებიც მათ სრულიადაც არ შეესაბამება, რის გამოც ხელს უშლიან ერთმანეთს ფუნქციონირების დროს. ჩვეულებრივ, ყველა ცენტრი ენერგიას ართმევს სექსუალურ ცენტრს, რომელსაც ემოციის უფრო მაღალი უნარი აქვს და ამიტომ იგი სრულიად გამოუყენებელი რჩება. ეს მაღალი ენერგია იკარგება ფანატიზმის, ვნებისა თუ მცდარი ენთუზიასტური გამოვლინებების მიზეზით, მაშინ როცა სექსუალურ ცენტრს არასაკმარისი ბენზინით მომუშავე მძიმე მანქანასავით მცირე ენერგიით უწევს მუშაობა და პრაქტიკულად თავის სრულ სიმძლავრეს ვერასოდეს იყენებს. ვერც სხვა ცენტრები იყენებენ სრულად თავის პოტენციალს. ემოციის ცენტრს რომ ძალების სრული გამოვლინებით ემუშავა, მაშინ იგი კავშირს დაამყარებდა უფრო მაღალი ემოციის ცენტრთან. ასევე, სწორი ფუნქციონირების შემთხვევაში, ინტელექტუალური ცენტრი დაუკავშირდება მის შესაბამის უმაღლეს ცენტრს. ასეთი კავშირები განაპირობებენ გაწონასწორება - ბალანსირების მაღალი და დაბალი ცენტრების რხევის არეებს შორის. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ცენტრებთან მტკიცე, ხანგრძლივი კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მანამდე მოწესრიგდებოდა დაბალი ცენტრების მუშაობა. ქვედა ცენტრები არათუ არ იყენებენ თავიანთ უნარ-შესაძლებლობებს, არამედ ენერგიას ართმევენ, „პარავენ“ ერთმანეთს და სრულიად შეუთანხმებლად მოქმედებენ.
თვით ცენტრის შიგნითაც ფუჭად იხარჯება ძალები. ყოველ ცენტრში გამოიყოფა სამი ნაწილი: ინტელექტუალური, ემოციური და მოტორული; ინტელექტის ცენტრის არასწორი მუშაობის მაგალითად გურჯიევს შემდეგი მოსაზრება მოჰყავს: „მექანიკური ნაწილი განაგებს ყველა მოგონების, ასოციაციისა და შთაბეჭდილების რეგისტრირებას. ეს არის ყოველივე, რისი გაკეთებაც მას ჩვეულებისამებრ შეუძლია. ამის გაკეთება კი მას მხოლოდ მაშინ ძალუძს, როცა ყველა სხვა ცენტრი და ცენტრის ნაწილი თავის სამუშაოს სწორად ასრულებს. მან ისე უნდა შეასრულოს ეს სარეგისტრაციო და საოქმო სამუშაო, როგორც მდივანმა, რომელიც სხვის ნათქვამს იწერს, აწესრიგებს და ა. შ. იგი, ასე ვთქვათ, არ უნდა პასუხობდეს იმ შეკითხვებს, ცენტრის მიმართ რომ არის დასმული და არ უნდა იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს: მაგრამ, საუბედუროდ, იგი მუდამ ამას აკეთებს, თავისი შეზღუდული მანერით უპასუხებს კითხვებზე წინასწარ მომზადებული ფრაზებით, მუდამ ერთსა და იმავეს ამბობს და ყველა სიტუაციაში იგივე მექანიკური მანერით ფუნქციონირებს“.
* * *
– საერთოდ, ადამიანი, — ამბობს გურჯიევი, – შეიძლება სამნაირ არსებად, სამ ტიპად დავყოთ. აქედან ერთი ტიპის ადამიანის ქცევა-მოქმედებას შეიძლება განსაზღვრავდეს უფრო მეტად გონება, ვიდრე გული, მეორე ადამიანის არსებაში გრძნობები ბატონობს, რომლის დროსაც მას ლოგიკური აზროვნება აკლია. ყოველი ადამიანი ისე იბადება, რომ მისი ერთ-ერთი ტვინთაგანი (ცენტრი) დანარჩენ ორზე ბატონობს“. გურჯიევის სქემაში #3 ტიპის ადამიანს თავისი სიმძიმის ცენტრი მოტორულ და ინსტინქტურ ფუნქციებზე აქვს გადატანილი. №2-ის უფრო გრძნობებისაკენ იხრება, ხოლო N63-ის ყოფაქცევა და მოქმედებები ცოდნას და თეორიულ შეხედულებებს ემყარება. ყველა ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე საფეხურზე იმყოფება, რადგან თითოეულ მათგანს შინაგანი მთლიანობა და ნებისყოფა აკლია. მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან იმით განსხვავდებიან, რომ თითოეული მათგანი განსხვავებულ ფუნქციას ეყრდნობა. ეს ადამიანები განსხვავდებიან აგრეთვე თავიანთი ჩვეულებებით, გემოვნებით და ცხოვრების სტილით. ისინი უმეტესწილად შეესაბამებიან შელდონისეულ სხვადასხვა ტემპერამენტს. ადამიანის პირველი ტიპი ვისცერატონულია, მეორე – სომატონური, მესამე კი – ცერებროტონული. ლიტერატურაში ისინი წარმოგვიდგებიან სამი ცნობილი შექსპირისეული ხასიათის სახით: #1 – ადამიანი - ფალსტაფია, No2 – პრინცი ჰაინრიხი, ხოლო #3 - ჰამლეტი.
ადამიანი ძილის დროს
ცნობიერება ნიშნავს ნათელ წარმოდგენას ადამიანის სხვადასხვა ფუნქციის ჰარმონიული მოქმედების შესახებ. მაგრამ, ჩვეულებრივ, ადამიანის ცნობიერება ბუნდოვანია, ინკონსისტენტური და სრულიად დაცილებულია თავის ნამდვილ უნარშესაძლებლობებს. თუ თვალს მიადევნებს მაგალითად, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზიდან, კლუბიდან თუ სამსახურიდან გამოსული ადამიანის ჩვეულებრივ დღის განრიგს, მაშინ გამოცდილი დამკვირვებელი ადვილად დაასკვნის, რომ ეს პიროვნება (ცდის პირი) ძალზე იშვიათად თუ იცნობიერებს იმ გარემოებას, თუ ვინ არის იგი, სად იმყოფება ამ მომენტში და კიდევ უფრო იშვიათად იმას, თუ რა იცის მან საერთოდ და რა – არა. გურჯიევი განასხვავებს ადამიანისათვის დამახასიათებელ ცნობიერების ოთხ მდგომარეობას: ძილი, ღვიძილის მდგომარეობა, თვითშეცნობა და ობიექტური ცნობიერება. ადამიანის ცხოვრება მიმდინარეობს ძილისა და ჩვეულებრივ სიფხიზლის მდგომარეობაში, რომელიც აგრეთვე ძილის ერთ-ერთი სახეა. ადამიანი თავის ცხოვრების ერთ მესამედს, შესაძლოა უფრო მეტსაც, ძილის მდგომარეობაში ატარებს. თუ მას ჩვეულებრივი ღვიძილის მდგომარეობაში შეეკითხებით, გაცნობიერებული აქვს თუ არა თავისი მდგომარეობა, იგი, ალბათ, დადებით პასუხს გაგცემთ, რაც შესაძლოა იმ მომენტში მართლაც ასე იყოს, მაგრამ მომდევნო მომენტში იგი კვლავ მისთვის დამახასიათებელ ფრაგმენტულ, ინკონსისტენტურ, მოწყენილობის მდგომარეობას უბრუნდება.
ძილისა და ღვიძილის მდგომარეობის გარდა არსებობს აგრეთვე თვითშეცნობისა და ობიექტური, ანუ კოსმოსური აღქმის შესაძლებლობა (აი, ამის მიღწევაა მთავარი მიზანი). თვითშეცნობა ვლინდება სპონტანურად, რამდენიმე წამით და ხშირად ძალზე ცხოველმყოფელ მოგონებას ტოვებს, ეს არის მომენტი, რომელიც ხდება უჩვეულო დაძაბვის, სულის ინტენსიური მოძრაობისა და დიდი ღელვა-საშიშროების სიტუაციებში; ამ დროს ყურადღება მიუკერძოებელია, სრულყოფილი და იმგვარადაა „გაბმული“ მესა და გარესამყაროს შორის, რომ მოქმედება ხორციელდება სპონტანურად, მიზანდასახულად, ხოლო ზოგჯერ ეს მოქმედება გმირულია. ეს არის ცნობიერების ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლებოდა ბუნებრივი ყოფილიყო ადამიანისათვის, მაგრამ ეს ასე არაა. ობიექტური შეცნობა, წვდომა ვლინდება როგორც სპონტანური გაბრწყინება; ასეთი მომენტები ან ცხოვრების „მწვერვალური განცდებია“ – ან არადა, კვ ლავ უკვალოდ შთაინთქმება. ქვედა ცენტრები ისევ „ჩაყურყუმელავდებიან“ შეუცნობლობაში, რათა სხეული დაიცვან აუტანლად მაღალი ენერგიისაგან. ობიექტური შეცნობის, წვდომის მდგომარეობაში ზედა ცენტრები ჩვეულებრივ ცენტრებს უერთდება. ამ დროს ადამიანი სრულ ჰარმონიაშია კოსმოსურ კანონებთან და მათ ნათლად იცნობიერებს. ამ წვდომას თან მოაქვს ცოდნა-გამოცდილება, ამით გამოწვეული სასიხარულო თვითმოწონების ექსტატიური და სანეტარო წუთები. ასეთი განცდები ისევე მიუწვდომელია თანამედროვე ადამიანისათვის, როგორც ტიბეტი მისივე შუასაუკუნეობრივი წინაპრებისათვის. ადამიანი იმ სახლის პატრონივითაა, რომელსაც საუცხოო ოთხსართულიანი სახლი აქვს, რომლის ყოველი ზემო სართული უფრო მშვენიერია, ვიდრე ქვედა, მაგრამ მას დაავიწყდა, როგორ უნდა ზემოთ ასვლა, და ცხოვრებას უმეცრებასა და სიღარიბეში ატარებს – პირველი სართულის სამზარეულოში!
ცოდნა და ოქრო
ფაკირის გზა, ბერის გზა,
იოგის გზა (ღვიძილის მდგომარეობა)
რა აშორებს ადამიანს თავისი სახლის ზედა სართულებისაგან, ე. ი. ცნობიერების უფრო მაღალი მდგომარეობისაგან? დაბრკოლებანი, გზას რომ კეტავენ ცნობიერების მაღალი საფეხურებისაკენ, ძალზე ბევრია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაზე საყურადღებო მრავალი „მეა“ (ამაზე ადრე გვქონდა საუბარი), რაც ხელს უშლის ადამიანს ყურადღების მოკრებაში, საკუთარი თავის, ნამდვილი, ერთი მთლიანი „მეს“ წვდომაში. ამ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია სრულყოფილად შეცნობა — იგი იკარგება ყოველივე იმაში, რასაც შემთხვევით აკეთებს, გრძნობს, ფიქრობს, რადგან ის სრულიად დაკარგული, არეული და გონებადაფანტულია; ეს მდგომარეობა მიჩნეულია „ძილ-ღვიძილის“ მდგომარეობად. ადამიანმა დაივიწყა თავისი ნამდვილი „მე“, მან თვითონვე დაკარგა თავისი თავი, მისი ყურადღება მიმართულია გარეთ, ფიქრობს და აწვალებს სხვადასხვა გარეშე ამბები, ცხოვრებაში რომ აწყდება; და ყოველივე ეს ხდება თავისი საკუთარი შინაგანი ცხოვრებისა და სამყაროსაგან სრული დაცილებით, მისგან მოწყვეტილად. ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას მექანიკურ, გაუცნობიერებელ, ერთფეროვან მდგომარეობაში ატარებს.
გურჯიევის მოძღვრება გამოწვლილვით იხილავს ადამიანის ინტელექტუალურ, გრძნობისა და ფიზიკური სხეულის ფუნქციებს და ახდენს მათ გაწონასწორებასა და ჰარმონიზაციას. ამ დროს ყურადღება არ არის გამახვილებული უპირატესად რომელიმე ფუნქციაზე, თუნდაც ცალკეულ მათგანს ხშირად მეტი ყურადღების დათმობა უხდებოდეს ამა თუ იმ ცენტრისათვის (გამოუყენებლობით გამოწვეული ათროპიის თავიდან ასაცილებლად). ეს ის შემთხვევაა, როცა აუღელვებელი, რაციონალური ადამიანი მონდომებით უნდა სწავლობდეს თავისი გრძნობების გამოხატვას, ხოლო იმპულსური პიროვნება თავშეკავებას და დაფიქრებას. იმ თვალსაზრისით, რომ სამივე ფუნქცია (ცენტრი) შეთანხმებულად მუშაობდეს, და ადამიანმა შეძლოს გამთლიანებული, სრულქმნილი ცხოვრება, გურჯიევი გვიჩვენებს განვითარების სამ გზას, რომელიც განსხვავებულია ტრადიციული რელიგიური შეხედულებებისაგან. ეს სამი გზა შეესაბამება ჩვეულებრივი ადამიანის სამ ტიპს — №1, №2 და №3-ს. განასხვავებენ სამ ტრადიციულ გზას: ფაკირის გზას, ბერის გზას, იოგის გზას.
ფაკირი ზემოქმედებას ახდენს ყველაზე უფრო ქვემო რიგზე – ფიზიკურ სხეულზე, რომლის დროსაც სხეული რთულ პოზებს იღებს, ანდა შესაბამის სავარჯიშოებს ასრულებს. ზოგიერთი ფაკირი უაღრესად რთულ პოზას იღებს — ცალ ფეხზე დგება, ანდა სხეულის სიმძიმე ფეხისა და ხელის თითებზე გადააქვს და ასე ჩერდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამით იგი ნებისყოფას იწრთობს. ფაკირის გზა თითქმის არ მოითხოვს ცოდნას, უბრალოდ მოსწავლეები ფაკირის მოქმედებას აკვირდებიან და მიბაძვით სწავლობენ. როცა ფაკირი ურყევ ნებისყოფას გამოიმუშავებს, შემდეგ ორი სხვა ძირითადი ფუნქციაც უნდა განივითაროს. ამის მერე, თუ ბედმა გაუღიმა, მან შეიძლება გამოცდილი მასწავლებელიც გამოძებნოს.
ბერის გზა ითვალისწინებს ღვთისმსახურებას, წირვასა და რწმენას. ამ გზაზე უპირატესად მოქმედებს გრძნობის ცენტრი. იგი შეესაბამება ზემოხსენებულ №2 ადამიანს. აქ ხდება გრძნობების დაოკება-გაფაქიზება და თვითდაუფლების მიღწევა, რომლის დროსაც ყველა ქვენა სურვილი ღვთის სიყვარულსა დაქვემდებარებული. მაგრამ ყოველივე ამის განხორციელების შემდეგაც ბერი მხოლოდ გულუბრყვილო წმინდანათ რჩება, ვიდრე შესაბამის ფიზიკურ და ინტელექტუალურ ცენტრებს განივითარებდეს.
იოგის გზა შეცნობის, წვდომის გზაა. იგი შეესაბამება ინტელექტუალურ ცენტრს და ადამიან №3-ს. მაგრამ ახლავე უნდა დავძინოთ: მაშინაც კი, როცა იგი თავის მიზანს მიაღწევს, იგი ჯერ კიდევ არ არის თავისი ემოციური და ფიზიკური ასპექტების გამგებელი და მას დასჭირდება ახალი ქმედებანი და ახალი სწრაფვა სრული მთლიანობის მისაღწევად. საერთოდ, ფაკირებმა, ბერებმა და იოგებმა მთელი ენერგია და ყურადღება საკუთარი პიროვნული განვითარებისაკენ უნდა მიმართონ და, თუ მუდმივ ცხოვრებისეულ თუ მის მიღმა მოქმედ ღირებულებებიდან რაიმეს მიღწევა სურთ, მაშინ, პირველ რიგში, თავიანთი წარსული უნდა დაივიწყონ. აქ იგულისხმება ცალკეული ადამიანის ცხოვრების სიტუაცია. ამიტომ ეს გზა მისაწვდომია ადამიანის ყოველი ტიპისათვის. ყველა ამ სამ ფაზაში მუშაობა ერთდროულად წარმოებს ისე, რომ როცა საბოლოო შედეგი მიიღწევა, მასში სამივე ძირითადი ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
ვისაც გურჯიევის მეთოდებით სურს წვრთნა, მზად უნდა იყოს სხვადასხვა დაბრკოლების გადასალახავად. პირველი პრობლემა ჯგუფის პოვნაა, რაც არცთუ ისე იოლია, როგორც, მაგალითად, იოგის მონასტრისა; ადამიანები, რომლებიც გურჯიევის სისტემას ეუფლებიან, უმეტეს წილად შეუმჩნეველნი არიან, რადგან სხვა ჩვეულებრივ ადამიანთა მსგავსად თავიანთი ყოველდღიური სამსახურეობრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი. მათ არ ახასიათებთ მისიონერული მიდრეკილებანი, პროზელიტთა ჯგუფები სინამდვილეში მხოლოდ ეპიგონები არიან.
გურჯიევი მუდამ ხაზგასმით ამბობდა, რომ ჭეშმარიტების ცოდნა ყველასთვის როდია მისაწვდომი (არა იმ საიდუმლოებათა გამო, რომელში ჩაწვდომაც ყველას არ ხელეწიფება), რადგან ნამდვილი ცოდნის შეძენა უდიდეს შრომას მოითხოვს როგორც მასწავლებლისაგან, ასევე მოსწავლისაგან, როგორც ოსტატისაგან, ასევე შეგირდისაგან, როგორც ყოველივე სხვა, ასევე ცოდნაც ბუნებაში არსებული მასალაა და მატერიის ყველა სხვა სახის მსგავსად, განსაზღვრული სახით განსაზღვრულ დროსა და სივრცეში არსებობს. გურჯიევმა ცოდნა ერთხელ ოქროს შეადარა: „თუკი ავიღებთ გარკვეული რაოდენობის ოქროს და ამით გარკვეული რაოდენობის ნივთების ოქროთი მოვარაყებას შევეცდებით, მაშინ უნდა გამოვიანგარიშოთ, ამ რაოდენობის ოქროთი რამდენი საგნის შეფერვა შეიძლება. თუ ძალიან ბევრი ნივთის შეფერვას შევეცდებით, მაშინ ეს ნივთები მხოლოდ ნაწილობრივ შეიფერებიან ოქროთი და უფრო უშნო გამოსახულებას მიიღებენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. მაშასადამე, პრაქტიკულად ოქროც უნაყოფოდ გაიხარჯება. ცოდნის განაწილებაც ამავე პრინციპს ეფუძნება. ცოდნა რომ ყველას გაუნაწილდეს, ვერავინ ვერაფერს მიიღებს, თუ ის მცირე რაოდენობის ხალხს ექნება, მაშინ არა მარტო თითოეული მიიღებს ცოდნას საკმარისად, არამედ შესაძლებელი იქნება მისი მომატებაც. ეს თეორია გარეგნულად უსამართლო ჩანს, რადგან იმათი მდგომარეობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, ცოდნა დაუმალეს (რათა სხვებს მეტი ჰქონოდა), ძალზე მკაცრი გვეჩვენება. სინამდვილეში კი სრულებითაც არაა ასე. ცოდნის განაწილებისას მცირედი უსამართლობაც არ ხდება. არაფერია გასაიდუმლოებული და არავითარი ცოდნა არ არის დამალული“. მაგრამ გურჯიევი ხაზს უსვამს: „ვისაც ცოდნის მიღება სურს, მან თვითონ უნდა მიაგნოს ცოდნის წყაროს და მიუახლოვდეს მას, რომლის დროსაც უნდა ისარგებლოს დახმარებით და მითითებებით, ყველას რომ ეძლევა, ჩვეულებრივ კი არავინ ასრულებს. ადამიანი ცოდნას ვერ შეიძენს მონდომებისა და შეუპოვარი მცდელობის გარეშე“.
გურჯიევის მეთოდოლოგიით მუშაობა ჯგუფურ აქტიურ მოქმედებაზეა დამყარებული. მასწავლებლის ხელმძღვანელობით ადამიანები ერთობლივი შრომით ქმნიან ძალის ცენტრს, რასაც ვერ ახორციელებს იზოლირებით მომუშავე პიროვნება თავისი დიდი მონდომების მიუხედავად. ჯგუფი იმისთვის არის მოწოდებული, რომ თითოეულ ადამიანს ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მუშაობისათვის, ერთობლივი მონდომებით წარმოქმნას ენერგია და ფსიქოლოგიური სითბო, შესაძლებელი გახადოს ურთიერთდახმარება და სხვა. ამგვარი ჯგუფური მუშაობა და მასწავლებლის ხელმძღვანელობით წვრთნა გურჯიევისეული მუშაობის პირველ ფაზას შეადგენს. წიგნებისა და სტატიების კითხვამ, ანდა სავარჯიშოების დამოუკიდებლად შესრულებამ შეიძლება გარკვეული სარგებლობა მოგვიტანოს, მაგრამ ჯგუფური კოოპერაციისა და გამოცდილი ხელმძღვანელის გარეშე თვით საუკეთესო განზრახვებიც თანდათან მიზანს აცდება, როგორც ეს შვიდთა კანონის განხილვისას შევნიშნეთ. როდესაც ამ მხრივ პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ და სამუშაო-სასწავლო ჯგუფსაც მოვძებნით, მუშაობის ფაზების თანამიმდევრობა დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური განვითარების დონეზე. ის, რაც ერთისათვის ფუნდამენტურ წინაპირობას შეადგენს, შეიძლება სხვისთვის უსარგებლო იყოს. ამის მიხედვით ეზოთერული ცოდნის პრაქტიკული მითითებანი მუდამ ზეპირსიტყვიერად წარმოებს.
გურჯიევის მოძღვრება ითვალისწინებს მუშაობის სამ ფაზას: მუშაობა საკუთარ თავზე, მუშაობა სხვებთან ერთად და სხვებისთვის და გურჯიევის შეხედულებათა ათვისება. ეს სამი ფაზა დაახლოებით სამ ძირითად ფუნქციას შეესაბამება: ფიზიკურ-სხეულებრივს (მოტორულ-ინსტინქტურს), ემოციურ და ინტელექტურ ცენტრებს. ამ დროს მთავარი ყურადღება ჯერ პირველ ფაზას უნდა მიეპყროს, შემდეგ მეორეს და ბოლოს, მხოლოდ განვითარებულ, გარკვეული გამოცდილების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი ენერგია მესამე სამუშაო ფაზაზე.
პირველი სამუშაო ფაზა
პირველი სამუშაო ფაზა გამოიხატება შემდეგში: განვახორციელოთ ძველი შეგონება - „შეიცან თავი შენი“. ამასთანავე მიმდინარეობს ძიება თვითშეცნობისა და საგანთა ბუნებრივი წესრიგის შეცნობისა; იმავდროულად ვიფართოებთ და ვიძლიერებთ ცნობიერების ფარგლებს, რათა მივაღწიოთ ყოფიერების უფრო მაღალ საფეხურს. საერთოდ, ამ ფაზაში მუშაობა იწყება ცოდნის დაგროვებით საკუთარი ფუნქციების შესახებ ისე, რომ ჯერ არ გვიცდია მათი შეცვლა. საკუთარ ჩვეულებათა (სიარული, მანერები, ხმის ჟღერადობა, სახის გამომეტყველება) გაცნობიერება-აღქმა შეიძლება იქცეს მრავალი „მეს" ცნების გაგების საშუალებად და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ ცენტრების ურთიერთ მიმართული აქტივობანი ამ გზებზე დაკვირვებისათვის, რომლებზეც ყოველდღე გაედინება ენერგია, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება თვითშეცნობა ფიზიკურ ჩვევებზე დაკვირვებიდან ემოციურ რეაქციებსა და სააზროვნო ნიმუშებზე დაკვირვებისაკენ, შეიძლება წარმოიქმნას ჩაღრმავების, წვდომის მომენტები, ე. ი. ელვისებური ნათელხილვები ცნობიერების მესამე საფეხურიდან და ისინი სულ უფრო ნათელი და ხშირი გახდნენ.
თვითჩაღრმავება, წვდომა არ ნიშნავს უბრალოდ თვითდაკვირვებას, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ ძნელი პროცესია. იგი გულისხმობს ყურადღების გარკვეულ, სრულიად თავისებურ სახეს, რაც ისევე ძნელი აღსაწერია, როგორც მარილის გემოს წარმოდგენა იმ ადამიანისათვის, რომელსაც მისი გემო არ გაუსინჯავს, მაგრამ ადვილად იცნობს გასინჯვისთანავე, ეს თავისებური შეგრძნება მაშინ იქმნება, როცა ადამიანს შეცნობის პირველი სტიმული ეუფლება. გურჯიევი ამბობს: „აქტიურია იგი თუ არა, მე მაინც მაქვს საშუალება, გავიცნობიერო საკუთარი აწმყო გარკვეულ მომენტებში — მე, აქ, ახლა. ამ განცდას თან ახლავს საოცრად თბილი, თავისებური შეგრძნება, რომელსაც შეიძლება სუბიექტურად „გენუინი“ ვუწოდოთ. ეს უბრალოდ „მეა“. მე ჩემს თავს შევიცნობ, ჩემს „მეს“ ვწვდები.
საკუთარ თავში ჩაღრმავების მომენტებში ყურადღება განაწილებულია უშუალოდ გარემომცველ სამყაროსა და საკუთარ შინაგან არსებას - „მეს“ შორის. აღქმა-შეგრძნებანი ნათელი და მთლიანია, როგორც გარეშე, ასევე შინაგანი. გურჯიევი ამბობს: „საკუთარი „მეს“ წვდომის მომენტები სპონტანურად წარმოიქმნება და უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვუღრმავდებით, სწორედ ამგვარი ელვისებური ნათელხილვის დროს წარმოგვიდგება თვალწინ. გამიზნული მცდელობა იმისა, რომ ასეთი მომენტები წინასწარგანზრახვით წარმოვქმნათ, გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ, წარმოადგენს პირველი სამუშაო ფაზის მნიშვნელოვან ფაქტორს. ამის პარალელურად თვითშეცნობის განვრცობას შეიძლება შევეცადოთ მცირე, შეგნებული გარეშე ჩარევებით. შესაძლებელია შევცვალოთ გარეგნული ქცევის გარკვეული ასპექტები და ამით კვლავ გამოვაღვიძოთ შესუსტებული ყურადღება. ეს შეიძლება, მაგალითად, იმით, რომ სიგარეტი, ჩვეულებისამებრ მარჯვენა ხელში რომ გვიჭირავს, მარცხენაში დავიჭიროთ ან კიდევ, ზომიერი ნაბიჯი ავაჩქაროთ ან შევანელოთ, რითაც ცნობიერების დონეს მნიშვნელოვნად ავიმაღლებთ.
თუ ჩვეულებების შეცვლა გადავწყვიტეთ, ეს ძალიან ფრთხილად უნდა გავაკეთოთ, რადგან ორგანიზმი ფრიად მგრძნობიარე ფენომენია და რომელიმე ჩვევის მოდიფიცირებას შედეგად მოჰყვება ხოლმე გარდაქმნა. ასეთი გარდაქმნა ხშირად გაუთვალისწინებელია და ზოგჯერ ძალზე არასასურველიც. მცდელობას – მთელი დღის მანძილზე ვიცნობიერებდეთ თავს, ხელს უწყობს წყნარი მედიტაცია დილით ყოველდღიური საქმიანობის დაწყებამდე. მედიტაციის დროს გავლილი შინაგანი განვითარების სხვადასხვა სტადიები ჩვეულებრივი მოვლენაა ამგვარი სავარჯიშოების შესრულებისას, უპირველესად, შეინიშნება ის, რომ გონება განსაკუთრებით აქტიური და ქმედითი ხდება, მატულობს ცნობიერების ინტენსივობა და იგი უფრო სარწმუნო ხდება, როდესაც საკუთარი „მეს“ შეცნობის მომენტი აკუმულირებულია და ყოფიერების დონის ამაღლებას განაპირობებს, ასევე მაღლდება საკუთარი პერსონის სხვადასხვა ფორმების გამოხატვის აღქმაც; ამ პროცესის ერთ-ერთ მომენტს ავტორი ასე განგვიმარტავს: „ის, რაც სინამდვილეში ვართ და რაც და გვგონია ვართ, ორი შეუთავსებელი წინააღმდეგობაა. ეს ორი წინააღმდეგობრივი მხარე ყოველ ადამიანში არსებობს, საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა ნათელს ხდის ამ წინააღმდეგო ბას. ამის შემდეგ ვგრძნობთ ნამდვილი ტანჯვა-წვალებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ვლინდება თვითგამართლების ყველა შესაძლებელ მცდელობასა და მომიზეზებაში, სანამ არ მოგვწყინდება საკუთარი თავის გამართლება, მიზეზების მოშველიება და სხვა. ამით მიღწეულია ახალი საფეხური, გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნათელხილვის, საკუთარი „მეს“ წვდომის გზაზე“.
საკუთარი „მეს“ შეცნობა ვითარდება პირადი ცხოვრების მიზნის სულ უფრო და უფრო ნათელი გააზრების პარალელურად. ცხოვრების მიზნის ფორმულირება ინდივიდუალურია, პიროვნებამ იგი თვითონ უნდა დაისახოს თავისი შინაგანი ბუნების, ხასიათისა და მოთხოვნილების შესაბამისად. მაგალითად, ერთი ადამიანისათვის ეს მიზანი ასე ჟღერს: „მსურს ვიყო ჩემი თავის ბატონი“; მეორისათვის კი ასე: „მინდა ვიყო განწყობილი ისე, რომ მუდამ კარგი ვაკეთო“. ფორმულირების განსხვავებების მიუხედავად, ერთი რამ ცხადი ხდება: როგორ დონეზე დგას ადამიანის წარმოდგენა მოცემულ დროში საკუთარ თავზე მუშაობიდან გამომდინარე, ამიერიდან ამ მიზანს უნდა შეუთანხმდეს ყველა მისი მოტივი, მისწრაფება, მოქმედება, მასზე ფუძნდება ადამიანის ახალი ეთიკა. ის, რაც სასარგებლოა ადამიანის შინაგანი განვითარებისათვის, უნდა დაიხვეწოს და განმტკიცდეს, რაც არა - უნდა აღიგავოს.
მუშაობის პირველ ფაზაში გათვალისწინებულია რიტმულგიმნასტიკური მოძრაობები (ერთგვარი ცეკვები), რომლებიც გურჯიევმა შუა და შორეული აღმოსავლეთის კულტურის წყაროებიდან გადაიღო და თავის მეთოდს შეუხამა, დამხმარე საშუალებად გამოიყენა. ისინი გარკვეულწილად მოქმედ მედიტაციად უნდა წარმოვიდგინოთ, თუმცა მათ მხატვრული ფორმისა და მეტყველების ნიშნებიც სცხიათ. ამ მოძრაობათა შესრულებისას საჭიროა ყურადღების განაწილება და სხეულის ყველა ცალკეული ორგანოს გაცნობიერება. საქმე იმაშია, რომ ამ დროს თავი, ხელები და ფეხები სხვადასხვა რიტმს ემორჩილება და ამიტომ შეუძლებელია მოძრაობების შესრულება ყურადღების უკიდურესი კონცენტრირების გარეშე, ცენტრების სწორი ფუნქციონირება და კონტინუირებული შეცნობა იმის წინაპირობას ქმნის, რომ მოძრაობები დანიშნულებისამებრ შესრულდეს.
ერთადერთ შეცდომას, უყურადღებობას შეუძლია მთელი რთული თვლის სისტემის კალაპოტიდან ამოგდება და მოსწავლის ცნობიერების ლაფსუსების გამოვლენა. რიტმული მოძრაობების დროსაც შესაძლებელია წყნარ მჯდომარე მდგომარეობაში მედიტირება, რომლის დროსაც ხორციელდება ყურადღების კონცენტრაციის გაძლიერება. მოძრაობები სრულდება მუსიკის თანხლებით, რომელიც ააქტიურებს გრძნობის ცენტრს. აქ მონაწილეობს აგრეთვე ინტელექტის ცენტრი, რომელიც აკონტროლებს, თუ რა მოხდება ახლა და მოტორულ-ინსტინქტური ფუნქციის სფერო, რომლებიც სძლევენ პირად მიდრეკილებებს, იდიო-სინკრაზიებს და განაპირობებენ მოძრაობათა დანიშნულებისამებრ შესრულებას. ბალინეზიური და ინდონეზიური ცეკვების მსგავსად, ეს მოძრაობები გამოსახავენ ერთგვარ სასიგნალო აპარატს, სიმბოლური კომუნიკაციის მეთოდს. ეს მოძრაობები გურჯიევმა ისწავლა ინდოეთის დასავლეთით ერთ-ერთ მიყრუებული სოფლის მონასტერში, სადაც საზეიმო რიტუალურ ცეკვებს ასრულებდნენ მონაზონი ქალები.
მეორე და მესამე ფაზა
„ადამიანისათვის ყველაზე ძნელი, - თქვა გურჯიევმა, - არის სხვა ადამიანთა აზრებისა და შეხედულების ატანა“. მუშაობის მეორე ფაზა გვთავაზობს სპეციალურ მითითებებსა თუ რჩევებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი ურთიერთობების გაცნობიერებაში სხვა ადამიანებთან და გვიქმნიან შესაძლებლობას გამოვცადოთ ამგვარი ურთიერთობის ახალი ფორმები თუ ვარიანტები. ისევე, როგორც დეტალური გამოკვლევის საგანი შეიძლება იყოს ფიზიკური სხეულის ჩვეულებრივი რეაქციები, ასევე შესაძლებელია დაკვირვებისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ემოციური რეაქციის მექანიზმები. იგი ფსიქოანალიზის ჩამოყალიბების დროიდან მის უპირველეს საკვლევ ობიექტად ითვლება. მაგრამ გურჯიევის მეთოდი დიდად განსხვავდება თვითშეცნობის სხვა მეთოდებისაგან იმით, რომ მასთან ნეგატიური გრძნობები აბსოლუტურად არ არის საჭირო და შესაძლებელია ამგვარ გამოვლინებათა დათრგუნვა რისკის გარეშე. რაც სხვის ჩვეულებრივ მექანიზმში არასასურველ პროცესებს გამოიწვევდა.
ამიტომ გურჯიევი მოითხოვს ნეგატიური განცდების დათრგუნვას. ეს ნეგატიური განცდები, როგორც ამას ზერელე დაკვირვებაც ცხადყოფს, ყოველდღიური ცხოვრების ყველა ემოციური განცდის უდიდეს ნაწილს შეადგენს. გურჯიევი ასე აღწერს ამ პროცესის პირველ სტადიებს: „მინდა, პირველივე საფეხური გაგახსენოთ; ჩვენგან არ მოითხოვენ გამოვხატავდეთ სიმპათიას რაიმესადმი, არამედ იმას, რომ არ ვგრძნობდეთ ანტიპათიას და ყოველივე იმას, რაც მასთანაა კავშირში. ეს პრაქტიკული ამოსავალი წერტილია. მოგვიანებით, როცა ნეგატიურ განცდას უცხო სხეულივით მტკივნეულად ვიგრძნობთ მუცელში, პირადი ინიციატივით შევეცდებით საკუთარ თავზე მუშაობას და შევცვლით ჩვენს შინაგან მდგომარეობა-განწყობას ჯანმრთელობის გულისათვის...“
ნეგატიური შეგრძნებების დათრგუნვა მოითხოვს დიდი ხნის დაძაბულ მუშაობას. ამ დროს მზადდება სამუშაო ფაზა, რომლითაც ხორციელდება ნეგატიურ შეგრძნებათა პოზიტიურში გადასვლა. ეს მუშაობა ასტიმულირებს ადამიანის ცნობიერებას, რითაც მიიღწევა საზრდოს, ჰაერისა და შთაბეჭდილებათა ტოტალური ასიმილაცია, რომელიც სრულად განვითარებულ ადამიანს ახასიათებს.
პირველ ფაზაში ადამიანი, რაკი ახდენს ყურადღების სრულ კონცენტრაციას საკუთარ განვითარებაზე, ცდილობს ცნობიერების გაძლიერებას და ყოფიერების დონის ამაღლებას. მეორე ფაზაში ჩაერთვებიან ურთიერთდამოკიდებულებანი სხვა ადამიანთა მიმართ, რის შემდეგაც მთავარი ყურადღება მახვილდება ინდივიდუალური რეაქციის მაგალითებზე. პირველ და მეორე სამუშაო ფაზაში სრულდება მასწავლებლის მითითებები. მესამე ფაზაში ყურადღება ეთმობა სისტემის იდეებს, საჭიროა პირადი ინიციატივის, აქტიურობის გამოვლენა, ამხანაგების სტიმულირება. ამ დროს ყურადღება არ მახვილდება პიროვნულ განვითარებაზე, აქ წინა პლანზე იწევს ჯგუფის წევრთა მოთხოვნები და მოთხოვნილებანი. მესამე ფაზის მთავარი ამოცანაა თავგანწირული სამსახური და უანგარო დამოკიდებულებანი სხვათა მიმართ, ყოველდღიური გაცნობიერებული ხალისიანი მუშაობა დასვენებასთან სწორი მონაცვლეობით, სასწავლო-სამუშაო პროცესის სრული გააზრება და დაუზარებელი, ენერგიული მოქმედება.
ფიზიკური მუშაობის როლი გურჯიევის სისტემაში
ფიზიკური მუშაობა ეხმარება ცენტრებს ჯეროვნად ფუნქციონირებაში, რათა მათ ერთმანეთს არ წაართვან ენერგია და არ დააბრკოლონ ერთმანეთი. ადამიანები, რომლებიც გურჯიევის სისტემით მუშაობენ მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგებში, უნდა ეწეოდნენ მძიმე ფიზიკურ შრომას, რათა ცენტრები გაწონასწორებულ, ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებაში იყვნენ. არსებობს ისეთი კონკრეტული პირობა-გარემოებანი, რომელთა შეგუება ადამიანს მხოლოდ მაშინ ძალუძს, როცა სხეული იძულებულია ხარჯოს დიდი ენერგია ხანმოკლე დასვენების დროს და შეასრულოს ისეთი სამუშაოები, რომლებიც ყურადღების დიდ დაძაბვას მოითხოვენ. ამგვარი სტრესის დროს ცენტრები სწორად ფუნქციონირებენ, გარდა ამისა, ასეთ დაძაბულ, ქანცგამცლელ მუშაობას შეუძლია გზა გახსნას ენერგიის სპეციალური მარაგისაკენ, რომელსაც გურჯიევი „დიდ აკუმულატორს“ უწოდებს.
ენერგიის ჩვეულებრივად რეგულირებადი პატარა პერიფერიული „რეზერვუარებისაგან“ განსხვავებით, „მცირე აკუმულატორები“ საკმარისია ცხოვრების ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოთხოვნილებებისათვის. მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის, შინაგანი განვითარებისა და იმ შრომისათვის, რომელიც ადამიანმა ნათელხილვის მისაღწევად უნდა შეასრულოს, ამ მცირე აკუმულატორიდან გამომავალი ენერგია საკმარისი არ არის. „უნდა ვისწავლოთ ამ ენერგიის პირდაპირ დიდი აკუმულატორიდან აღება“. დიდი აკუმულატორი სძენს „მეორე სტიმულს“, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა, ვთქვათ, მთაზე ასვლით ან ავადმყოფის მოვლისაგან მთელი ღამის უძილობით დაქანცული ადამიანი თავს უეცრად ახალგამოღვიძებულივით ხალისიანად და ენერგიულად გრძნობს შემდეგი მოქმედებისათვის. ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, პატარა აკუმულატორიდან სხვა აკუმულატორზე გადაერთვება“ დღის ან ღამის განმავლობაში. ხოლო დიდი აკუმულატორის ჩართვა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უკიდურესი დაქანცულობის მდგომარეობაში, შესაძლებლობას უქმნის ადამიანს გასწიოს განსაკუთრებული სამუშაო, რომლის შესრულებაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ შეუძლია და რაც საშუალებას აძლევს - მსგავსად მაღალფეთქებადი კოსმოსური რაკეტის პირველი საფეხურისა გათავისუფლდეს იმ კანონებისაგან, რომლებითაც დედამიწაზეა მიბორკილი.
კონტაქტი გურჯიევის ჯგუფებთან
1949 წლის ოქტომბერში მძიმედ დაავადებული გურჯიევი დიდხანს საუბრობდა ხოლმე პარიზის ამერიკულ საავადმყოფოში ჯეინ ზალცმანთან, რომელიც თავის ძმასთან ერთად თბილისსა და კონსტანტინოპოლში პირველი დღეებიდანვე მისი მოწაფე იყო. მას შემდეგ ჯეინ ზალცმანი ხელმძღვანელობდა გურჯიევის ჯგუფებს, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში. რომელიმე ამ ჯგუფთაგანი ნამდვილად არსებობს ყოველი დაინტერესებული მკითხველის სიახლოვეს. ყველაზე ადვილი გზა უახლოეს ასეთ ჯგუფთან კონტაქტის დამყარებისა არის ის, რომ მივწეროთ გურჯიევის თხზულებათა გამომცემელს.
გურჯიევის ჭეშმარიტ მიმდევართ შორის ყველაზე ცნობილი არიან ვილემ ნილანდის ჯგუფები ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთსა და კალიფორნიაში. გარდა აწ გარდაცვლილი ინგლისელი ჯონ ბენეტისა და კალიფორნიელი რობერტ დერობის ჯგუფებისა, არსებობს აგრეთვე სხვა არხებიც, რომელთა საშუალებით შეიძლება კონტაქტი დავამყაროთ მის მიმდევრებთან და მოწაფეებთან.
ესენია პირ ალ ვაშის ჯგუფი კრესტლინში (კალიფორნია); ოსკარ იხაცოს ჯგუფი არიკას ინსტიტუტში; კლაუდიო ნარანიოს მიერ დაარსებული სკოლა ალბანში (კალიფორნია) და კიდევ რამდენიმე სხვა.