თავი XIX - მარადისობის მცველი

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
5
2

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე 

თავი XIX - მარადისობის მცველი

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.



განზრახვის ენერგია
 
წინა თავში რეალობის მართვის პრინციპებს გავეცანით. ამჯერად კონკრეტულ მეთოდებზე ვისაუბრებთ. პირველ აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც ტრანსერფინგი საერთოდ შეუძლებელია, ენერგეტიკის საკმაოდ მაღალი დონის არსებობა წარმოადგენს.
 
ორი სახის ენერგია არსებობს: ფიზიოლოგიური და თავისუფალი. პირველს სითბოსა და ფიზიკური ძალის სახით შეიგრძნობთ - ის ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავდება. ფიზიოლოგიური ენერგიის საჭირო დონეზე შესანარჩუნებლად საკმარისია სრულფასოვანი კვება, დასვენება და სუფთა ჰაერზე მოძრაობა.
 
თავისუფალი ენერგია კოსმოსიდან მოდის, ენერგეტიკული არხებით მოძრაობს და სიმხნევის ანუ ცხოვრების ტონუსის სახით ვლინდება. სწორედ ესაა განზრახვის ენერგია, რომლის წყალობითაც ადამიანი აქტიური, გადამწყვეტი მოქმედების შემძლედ აღიქვამს თავს. თუ თქვენს ჭაპანს დღიდან დღემდე ეზიდებით, როდესაც ძალა მხოლოდ რუტინული მოქმედებებისთვის გყოფნით, და რაც მთავარია - არაფერი გსურთ, ეს ენერგეტიკის ძალზე დაბალ დონეზე მიუთითებს.
 
შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ენერგია და სასიცოცხლო ძალა - ერთი და იგივეა. ახალგაზრდობა - ესაა როდესაც განზრახვის ძალა წყაროსავით მოჩქეფს. წარმოიდინეთ მოხუცი ქალი, რომელიც ავადმყოფურად გამოიყურება. აი, კოჭლობით და ქოშინით მიდის, ძლივს ამოძრავებს კიდურებს. მოულოდნელად ის მკვეთრად გაიქცევა, შეკუნტრუშდება, მაღლა ახტება და გამარჯვების შეძახილით „Yes!“ ჰაერს ხელის მკვეთრი მოქნევით გააპობს. ეს შეუძლებელი გვეჩვენება, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებაც მას მოუნდება, თუ თავის ენერგეტიკას საჭირო დონეზე აიყვანს.
 
რატომ ქმნის ადამიანი თავის საუკეთესო შემოქმედებას სიცოცხლის პირველ ნახევარში ან მესამედში? საქმე სწორედ განზრახვის ენერგიაშია. თუ მას საჭირო დონეზე შევინარჩუნებთ, შედევრებით ყველა ასაკში ვიბრწყინებთ.
 
სასიცოცხლო და შემოქმედებითი ძალა ატროფირდება, როდესაც ადამიანი მისწრაფებას კარგავს. არიან ადამიანები, რომლებიც სამყაროს გულგრილად უყურებენ, მათ ყველაფერი იციან, ყველაფერი გამოსცადეს, და, როგორც ჩანს, მოყირჭების ეს გრძნობა მოსწონთ. მათთვის მთელი ეს სამყარო - თითქოს გარდიგარდმო გათელილი პარკია, სადაც აღარაფერია გასაკვირი. ისინი გულგრილად და ზარმაცად სხვებს ჭკუას ასწავლიან, აჩვენებენ, რომ მათთვის უკვე ყველაფერი ნაცნობია. ასეთი ადამიანები ადრე ბერდებიან. არ დაიღალოთ და სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით უყურეთ, და ენერგია მეტი გექნებათ - ასეთი თვისება აქვს მას.

თუ ადამიანი გაოცებას და ახალი მიზნებისკენ სწრაფვას წყვეტს, ის განვითარებას აჩერებს - დეგრადირდება, ანუ ბერდება. სიცოცხლე - პროცესია, რომელშიც შეჩერება არ არსებობს. არის მოძრაობა ან წინ, ან უკან. ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა შეჩერება და უძრავად ყოფნა, ბუნებაში არ არსებობს. კლდეებიც კი იცვლიან თავიანთ იერს. განზრახვის ენერგიის გასააქტიურებლად, მისი მიზნით „ხელში მოგდებაა“ აუცილებელი.
 
ენერგიას აქტიურ მოქმედებაზე მიმართვა აღვივებს. იქმნება თავისებური უკუკავშირის მარყუჟი: აქტიური მოქმედება განზრახვას აჩენს, განზრახვა სასიცოცხლო ძალას აღვივებს. თუ ზიხარ და არაფერი გსურს - რაიმე მაინც გააკეთე, და ენერგიაც გაჩნდება. ადგილიდან დასაძრავად ხანდახან გარკვეული საწყისი ბიძგია საჭირო.
 
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცოტა ენერგია გაქვთ და ის საიდანღაც უნდა მოიპოვოთ, მაგრამ ეს ასე არაა. სინამდვილეში ენერგია უხვად მოგეპოვებათ - ის ხომ კოსმოსიდან მოდის, და თქვენც შეგიძლიათ აიღოთ, რამდენსაც შეძლებთ. საქმე იმაშია, რომ უკვე აიღეთ იმდენი, რამდენიც შეძელით. ენერგია არ გამქრალა - უბრალოდ ის უკვე თითქმის ბოლომდე დაიხარჯა. მთელი ტიტანური სიმძლავრე ორი სახის ტვირთის შესანარჩუნებლად იხარჯება.
 
პირველ რიგში, ესაა მოვალეობები და შეზღუდვები, რომლებიც იტვირთეთ. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. საკუთარ თავზე რაღაცის გაკეთების მოვალეობა აიღეთ - მაშინვე სიმძიმე გეკიდებათ. გარკვეული პირობები დაუსახეთ საკუთარ თავს - სიმძიმე დაგემატათ. რაღაც დაჰპირდით საკუთარ თავს ან სხვას - შემდეგი სიმძიმე. რამდენი ასეთი სიმძიმე გკიდიათ კისერზე? მანამ, სანამ სიმძიმე არცთუ ისე ბევრია, ცხოვრება შეიძლება. მაგრამ ერთხელაც დადგება მომენტი, როდესაც ტვირთს ვეღარ ზიდავთ. მაშინ ადამიანი წყობიდან გამოდის: კუთხეში მიმწყვდეული, ის ავადდება, დეპრესიაში ვარდება ან უბედურება შეემთხვევა. ის უკვე სამყაროს დაძაბული, უნდობლად და შიშით უყურებს. შედეგად რეალობა, როგორც აზრების ანარეკლი, მართლაც სულ უფრო მუქ ფერებს იძენს - იწყება შავი ზოლი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
 
მეორე ადგილზე ჭარბი პოტენციალების ტვირთი დგას. ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებით თქვენ თავად ამძიმებთ ტვირთს. ეს მძიმე ტვირთის მთელი გორაა. არასრულფასოვნების კომპლექსი: მინდა აუცილებლად „მაგარი“ ვიყო, დავიცვა და გავამყარო საკუთარი მნიშვნელოვნება. დანაშაულის, პასუხისმგებლობის გრძნობა: მორჩილება უნდა გამოვიმუშავო, მოვალეობა შევასრულო. პრობლემის სირთულის გაზვიადება: დიდი სამუშაო მელოდება. ეჭვები და მღელვარებაც გამუდმებით გვთრგუნავს.
 
ძალიან ბევრი სწორედ ასე მიუყვება ცხოვრების გზას, ყოველი მხრიდან ყოველგვარი ვალდებულებების, დაუმთავრებელი საქმეების, მკაცრი პირობების, დასახული გეგმების და მრავალი მიზნების ტვირთით დამძიმებულები. მიზანი განზრახვის ენერგიას ააქტიურებს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობის შემთხვევაში, თუ ის რეალიზდება, და არა პროექტის სახითაა ჰაერში გამოკიდებული. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რაიმე სამუშაოს დაგეგმვა, პირობების დადგენა და დაპირების გაცემა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუნდაც სულ უმნიშვნელო პასუხისმგებლობის აღებითაც კი საკუთარ თავს ჰკიდებთ ტვირთს, რომელსაც განზრახვის ენერგიის ნაწილი მიაქვს. თქვენ ამ ტვირთით მოგიწევთ გზის გაგრძელება.
 
დამატებით კი სუსტი ენერგეტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ორგანიზმის პროზაული დაბინძურება. ყველაფერი ძალზე მარტივადაა. ენერგეტიკული არხები ვიწროვდება, როგორც ძველ მილში, მოდებული მზარდი ნადებით, რის შედეგადაც ენერგიის ნაკადი წვრილ ზოლად იქცევა. აქედან გამომდინარეობს თავისუფალი ენერგიის დეფიციტი, რომელსაც კვალად დანარჩენი პრობლემები მოჰყვება. აქაა როგორც ცუდი ფიზიკური ფორმა, დაბალი კრეატიულობა, დაავადებები, და ყველაფერი, რაც მათგან გამომდინარეობს.
 
გამოდის, რომ ვიწრო ენერგეტიკულ არხებში გატარებული მთელი ენერგიიდან ლომის წილი უსარგებლო ტვირთის შესანარჩუნებლად იხარჯება. მხოლოდ უმნიშვნელო ნარჩენი იხარჯება სასიცოცხლო ტონუსზე, რომლისგანაც შედგება მხნეობა, აქტიურობა, სიცოცხლისმოყვარეობა, ოპტიმიზმი, ყველაფრის უცებ მიღების სურვილი, შეგრძნება, რომ მთების გადადგამას შეძლებ. საკუთარი მდგომარეობის მიხედვით, ყველა მიხვდება, ამ ენერგიის რამდენი აქვს დარჩენილი. არა მგონია ბევრი „მდიდარი მოქალაქე“ მოიძებნოს.
 
ამგვარად, მთელი თავისუფალი ენერგია მიმართულია არარეალიზებული პოტენციური განზრახვებისკენ (გეგმებისკენ), რომლებიც მხოლოდ ამძიმებს ადამიანს. რესურსების გამოსათავისუფლებლად აუცილებელია ან პოტენციური განზრახვების ნაწილის მოცილება, ან მათი რეალიზაციის დაწყება.
 
მიაქციეთ ყურადღება: რა გთრგუნავთ? თუ დაუფიქრდებით, ბევრ ტვირთზე შეიძლება დანანების გარეშე უარის თქმა. მათი დიდი ნაწილი ძალზე საჭიროდ გეჩვენებათ, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ მუდამ თან ატარებთ, მაგრამ რეალიზებას ვერა და ვერ ახერხებთ? მაგალითად: მე აუცილებლად სხვებს უნდა ვჯობდე; აუცილებლად საუკეთესო უნდა ვიყო; ჩემს ფასს ყველას დავუმტკიცებ; ვალდებული ვარ არჩეული გზით ვიარო; მხოლოდ გამარჯვება მესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ; შეცდომის უფლება არ მაქვს. და ასე შემდეგ, მაგალითად, სიგარეტისთვის თავის დანებება, უცხო ენის შესწავლა და საერთოდ, ორშაბათიდან ახალი ცხოვრების დაწყება.
 
დამეთანხმეთ, ყველაფერი, რაც გამუდმებით სამომავლოდ იდება, - უსარგებლო ტვირთია. ის ან უნდა რეალიზდეს, ან გადაიყაროს, რადგან ის ენერგიას გვართმევს, რომლის ტყუილად დახარჯვა - უბრალოდ სისულელეა. მაგალითად, როდესაც ადამიანი რომელიმე მავნე ჩვევისგან გადაჩვევის პროცესშია, ამაზე ორმაგი ენერგია იხარჯება: ერთი მხრივ, მას ქანქარისთვის დავალიანების პროცენტების გადახდა მაინც უწევს, მეორე მხრივ კი, გადაჩვევის ვალდებულების აკიდებული ტვირთი ემატება სატარებლად.
 
საქმე ასე შეიძლება წლობით გაჯანჯლდეს. საკუთარ თავზე ძალდატანება ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებულობად უნდა გადავაქციოთ, ანუ თუ უარს ვამბობთ, საფუძვლიანად, და არა აუცილებლობით. ძალოვანი მეთოდებით საკუთარი თავის კუთხეში მომწყვდევით ადამიანი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება წყობიდან გამოსვლა. ამიტომ მიზანშეწონილია ორიდან ერთის არჩევა: ან გადამწყვეტად განვახორციელოთ განზრახვა, ან ვალდებულების ტვირთი ჩამოვიხსნათ და ჩვევა მართულ კალაპოტში გადავიყვანოთ.
 
სიგარეტების კეთებას და ნამწვავების შეგროვებას, სოლიდური ჩიბუხის და კარგი თამბაქოს შეძენა ჯობია. დუქან-დუქან წანწალს და მოფარებულში სმას, აჯობებს მოზრდილი მათარა ატაროთ. ეს ნიშნავს კრედიტორთან პარტნიორული ურთიერთობის მოწესრიგებას. შედეგად მავნე ჩვევა შედარებით ზომიერი და მართვადი ხდება. სოლიდურ კლიენტს ბანკი შეღავათიან პირობებს სთავაზობს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თავისუფლად მიშვებულ ჩვევას ნაკლები ზიანი მოქვს, ვიდრე იმას, რომელიც გძულს, მაგრამ ვერ ეშვები. განზრახვის დეკლარაცია აქ საქმეს კიდევ უფრო ამძიმებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაა პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა. მანამ, სანამ მავნე ჩვევას ცივილიზებულ მანერად ვაქცევდეთ, საკუთარ თავს ძალზე სერიოზულად უნდა დაველაპარაკოთ.
 
კიდევ ერთი მძიმე ტვირთი არსებობს - სწავლა-დაზუთხვა. თუ განზრახვა თავის ინფორმაციით გამოჭედვაზეა მიმართული, ძლიერი დაძაბულობა იქმნება. განზრახვა ამ შემთხვევაში კი არ რეალიზდება, არამედ იძაბება. მოძრაობა არაა - არის მხოლოდ დაძაბულობა. ამიტომ, თუმცა მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი, მაგრამ მისი გამეორება ნამდვილად ღირს. ინფორმაციის დამახსოვრებას აზრი არ აქვს - ეს მკვდარი ტვირთი იქნება, რომელიც გაუმართლებლად დიდ ძალას წაიღებს „დატვირთვაზე“. ცოდნის ათვისება, მონაცემებისგან განსხვავებით, მხოლოდ მოქმედებისას ხდება, კონკრეტულ მაგალითებზე, როდესაც განზრახვა რეალიზდება. მაგალითად, თუ თქვენ შვილებს გაკვეთილებს უხსნით, პირიქით გააკეთეთ - მათ აგიხსნან, უცებ შეამჩნევთ განსხვავებას. საქმე განზრახვის მიმართულებაშია: მისი ორიენტაციის შეცვლაა საჭირო - პასიური აქტიურად უნდა აქციოთ. არასაჭირო ტვირთი, რომელიც დაზუთხვას მოითხოვს, უცებ მოშორდება.
 
ან შეიძლება, ერთი დიდი ტვირთი გაქვთ, რომლის თავიდან მოცილებას ჩუმად უკვე კარგა ხანია ფიქრობთ, მაგრამ ვერა და ვერ გადაგიწყვეტიათ? წარმოიდგინეთ, როგორ შემსუბუქდებით, თუ მას მოიცილებთ. გაითავისუფლეთ თავი, მეტი თავისუფლება მიეცით თქვენ თავს. შეადგინეთ შეზღუდვების სია, რომლებიც გთრგუნავთ, და მხრებიდან ჩამოაგდეთ. მაშინ უცებ გამოთავისუფლდება განზრახვის ენერგიის რეზერვები, რაც გზის გაგრძელების საშუალებას მოგცემთ.
 
როგორც უკვე ითქვა, მიზანი განზრახვის ენერგიას რეალიზაციის პროცესში ააქტიურებს. უკეთესია, რა თქმა უნდა, სწორედ საკუთარი მიზნის მოძებნა. თუ ამას შეძლებთ, მაშინ ენერგიის დეფიციტის საკითხი თავისთავად გადაწყდება. გამხნევებული სული და გონება ხომ ენთუზიაზმით გასწევენ სანუკვარი ოცნებისკენ. მაგრამ თუ მოცემულ მომენტში საკუთარ თავში აქტიური მოქმედების, ახალი მწვერვალების დაპყრობის უნარს ვერ გრძნობთ, მაშინ არც ეცადოთ საკუთარი მიზნის ძიება. ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ქანქარებმა, რომლებმაც თქვენი სისუსტით ისარგებლეს, უცხო მიზნები მოგახვიონ თავზე. საკუთარის მოსაძებნად, აუცილებელია საკმარისი ხარისხის თავისუფლებას ფლობდეთ, ეს კი პირველ ყოვლისა სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ მოვალეობებისგან თავისუფლებაა. და უპირველეს ყოვლისა ამ საქმის წარმატებისთვის კიდევ ერთი სიმძიმისგან უნდა გათავისუფლდეთ: საკუთარ თავს ნება უნდა მისცეთ ჯერ არ გქონდეთ საკუთარი მიზანი. მის ძიებას თავისუფალი ენერგია სჭირდება - აი რით უნდა დაკავდეთ პირველ რიგში.
 
ენერგეტიკის ასამაღლებლად სამი მეთოდის გამოყენება შეიძლება: დაკავებული რესურსების გამოთავისუფლება, ენერგეტიკული არხების ვარჯიში, ენერგეტიკული არხების გაფართოება.
 
დაკავებული რესურსების გამოთავისუფლებით, თქვენ შესამჩნევად მოგემატებათ ძალები. ადრე, თუ თქვენ ქანქარებს აძლევდით ენერგიას, მაგალითად, ალკოჰოლურს, თამბაქოსას, ახლა ეს ენერგია თქვენს განკარგულებაშია. ადრე თქვენ ენერგიას მღელვარებას და შფოთვას ახარჯავდით. ახლა ეს ენერგია მოქმედების გადაწყვეტილებად ტრანსფორმირდა. ადრე ენერგიას ხარჯავდით მერყეობასა და ეჭვებზე, გტანჯავდათ კითხვები, სწორად იქცევით თუ არა. ახლა თავად საზღვრავთ, რა არის თქვენთვის სწორი, და რა - არა. ადრე ენერგია დანაშაულის გრძნობასთან დაკავშირებულ განცდებსა და ვალდებულებებზე მიდიოდა. ახლა ეს ენერგია თავისუფალია. ადრე საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების აუცილებლობა გტანჯავდათ. ახლა თქვენი მრწამსის თანახმად ცხოვრობთ, და მსუბუქად გრძნობთ თავს. ყველა ადრინდელი დანახარჯი მოგებად იქცა - განზრახვის ენერგიად, რომლის მეშვეობითაც საკუთარი რეალობის ფორმირება შეგიძლიათ.
 
ტრანსერფინგის პირველ წიგნში უკვე ითქვა, რომ განზრახვის ენერგია ვარჯიშს ექვემდებარება. როგორც ფიზიკური ვარჯიში ავითარებს კუნთებს, ისე ახალი მიზნების მიღწევა ამაღლებს ენერგეტიკის დონეს. მაგრამ როდესაც ყველა ძირითადი მწვერვალი აღებულია, ხოლო ცხოვრება მშვიდ კალაპოტში გადადის, განზრახვის ენერგია ატროფირდება. დონის დაცემის კომპენსირება ენერგეტიკული ვარჯიშებითაა შესაძლებელი. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ, ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიშის შესრულებისას, ყურადღება უნდა დაფიქსირდეს აღმავალ და დაღმავალ ნაკადებზე, როგორც პირველ წიგნში იყო აღწერილი. თუ ამას პროცესის ვიზუალიზაციაც დაემატება, როდესაც თქვენ აზრებში ატრიალებთ სლაიდს იმის შესახებ, რომ თქვენი განზრახვის ენერგია ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება, მაშინ ვარჯიში გაცილებით ეფექტიანი ხდება. განზრახვის ენერგია ინდუქციით საკუთარ თავს ზრდის.
 
თუ თქვენ დღეს საკუთარ ენერგეტიკას ინტენსიურად ავარჯიშებთ, მაშინ მომდევნო დღეს შედეგებს ელოდეთ. გგონიათ, აღმავლობა იქნება? არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ძალების სრული დაცემა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, როდესაც ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს განაახლებთ, მეორე დღეს ყველა კუნთი გტკივათ. განზრახვის ენერგიის ვარჯიშის დროსაც იგივე ხდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენ ტკივილს კი არ განიცდით, არამედ დაღლილ და დათრგუნულ მდგომარეობაში ხართ. ამან არ უნდა აგაღელვოთ, რადგან მალე ყველაფერი ნორმაში ჩადგება. მთავარია, სისტემატურად ივარჯიშოთ. ყოველ დღე საკუთარ თავს მითითება მიეცით: „ჩემი განზრახვის ენერგია ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იზრდება“. უკვე რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ისეთ აღმავლობას იგრძნობთ, რომ პირდაპირი გაგებით ხტუნვა და ფრენა მოგინდებათ.
 
და ბოლოს, ენერგეტიკის ამაღლების ყველაზე პირდაპირი გზა - ორგანიზმის გაწმენდა და თერმულად დაუმუშავებელი ნატურალური პროდუქტებით კვებაზე გადასვლაა. რატომ? ეს ცალკე და სულაც არა ტრივიალური თემაა - ის შემდეგ წიგნში იქნება დაწვრილებით განხილული. ახლა კი ლაკონურად შემდეგი ანალოგიის მოყვანა შეიძლება. ენერგია ორგანიზმში მიედინება, როგორც წყალი მილსადენებში. სუფთა ორგანიზმში, როგორც სუფთა მილში, წყლის ჭავლი უფრო ძლიერია.
 
ეს ნიშნავს, ორგანიზმის გაწმენდა და სისუფთავის შენარჩუნება - მარტივი და ბუნებრივია. თუმცა სხვაგვარადაც შეიძლება მოქცევა: მილის გაწმენდა წყლის ძლიერი ჭავლის მეშვეობით. ამ გზას მედიტაციური პრაქტიკები იყენებენ. მაგრამ ეს დიდი ხნის და ძნელი სამუშაოა, ამიტომ მე ყველაზე მარტივ და პირდაპირ გზას გთავაზობთ - ფიზიოლოგიურ გაწმენდას.
 
 
ენერგეტიკის მაღალ დონეს ადამიანი გადაყავს მდგომარეობაში, რომელსაც შთაგონებას უწოდებენ. ასეთ მდგომარეობაში თქვენ იდეების გენერირება, გენიალური გადაწყვეტილების პოვნა, შედევრის შექმნა შეგიძლიათ. მუზა, პეპლების მსგავსად, მუდამ სინათლისკენ ისწრაფვის. სკეპტიციზმი და აპათია ენერგეტიკის დაბალ დონეზე მიუთითებს. ენერგეტიკული დეფიციტისას თქვენ სამყაროს ყოველთვის პესიმიზმით შეხედავთ, რაც აუცილებლად აისახება რეალობაში. ხოლო როდესაც მაღალი სასიცოცხლო ტონუსი გაქვთ, სამყაროს სარკეში თქვენ წარმატებული ადამიანის ძლიერ სურათ-ხატს ტრანსლირებთ, და მაშინ იღბალი თავად მოდის თქვენს შესახვედრად.
 
ამასთან დაკავშირებით კიდევ აი რა უნდა ითქვას. თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, რომ შთაგონება ხანდახან უცნაურად იქცევა. ზოგჯერ ადამიანი სულიერი აღმაფრენის მომენტს განიცდის, როდესაც შეუძლებელი შესაძლებლად ეჩვენება, მაგრამ რატომღაც ენთუზიაზმი მალევე ქრება და პრაგმატიზმით იცვლება. ოპტიმიზმის კოცონი უცებ იფერფლება, და ირგვლივ ისევ ნაცრისფერი სამყაროს სევდიანი სურათი ისადგურებს, რომელშიც ფრთაშემსხმელი იდეები ისევ უიმედოდ გვეჩვენება. რა აზრი აქვს ასეთ შთაგონებას, რომელსაც მხოლოდ ოცნების კოშკების აშენება ძალუძს?
 
საქმე იმაშია, რომ ეს სულაც არაა შთაგონება, არამედ ეიფორიაა. მოცემული მდგომარეობა ენერგეტიკის დაბალი დონიდან მაღალ დონეზე მკვეთრი გადასვლის შედეგად წარმოიქმნება. ასეთი გადასვლა ხდება მძლავრი სტიმულატორების გამოყენებისას, ან უბრალოდ, როდესაც გარკვეული უჩვეულო ინფორმაცია წარმოსახვას ააქტიურებს. ენერგიის ანომალური ამოფრქვევა ცნობიერებას მიმდინარე, რეალიზებული სექტორებისგან მოშორებით მყოფ ვარიანტთა სივრცის სექტორებთან წვდომას უხსნის. თეორიულად მოცემული ვარიანტებიც შეიძლება რეალიზებული გახდეს, მაგრამ ისინი ვარიანტთა დინების არხისგან მოშორებით მდებარეობენ, ამიტომ დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვენ. ამავე მიზეზით იდეები, რომლებიც სიზმარში ბრწყინვალედ გვეჩვენება, გაღვიძების შემდეგ ქრება. სიზმარში სული უფრო ხშირად იმ უბნებს სტუმრობს, რომლებსაც ძალზე ცოტა საერთო აქვს რეალობასთან.
 
ნამდვილად რეალურ იდეებს მხოლოდ განზრახვის სტაბილური ენერგია შობს. ამასთან ისინი ვარიანტთა დინების ახლომახლოს იმყოფებიან. მაგრამ იმისთვის, რომ ცნობიერება მატერიალური სამყაროს საზღვრებს გასცდეს და ამ იდეებს მისწვდეს, ან განსაკუთრებული ნიჭი, ანდა ენერგეტიკის სტაბილურად მაღალი დონეა საჭირო. ასე რომ, ტალანტის უკმარისობის კომპენსირება სავსებით შესაძლებელია.
 
განზრახვის ენერგია ადამიანს მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ეფექტიანად მოქმედების საშუალების მიმცემ მაღალ სასიცოცხლო ტონუსს არ აძლევს. გაცილებით საინტერესოა სხვა რამ - რაც უფრო მაღალია ენერგეტიკა, სასურველი მით უფრო ჩქარა რეალიზდება სინამდვილეში. ადამიანის სხეულში გავლისას კოსმოსის ენერგია მისი აზრებით მოდულირდება და მოწესრიგებულ ფორმას იძენს. ზუსტად ასე გარდაქმნის რადიოგადამცემი ელექტრობას ინფორმაციის მატარებელ სიგნალად. ინფორმაციული წესრიგის შეძენით ადამიანის ენერგია ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს „ანათებს“. შედეგად მეტაფიზიკური ვარიანტი დუალური სარკის ფიზიკურ მხარეზე რეალურ განხორციელებას იძენს - აზრი მატერიალურდება.
 
ცხადია, რაც უფრო მძლავრია გამოსხივება, მით უფრო ეფექტიანია მატერიალიზაციის პროცესი. როგორც წინა თავში ითქვა, აზრების რეალიზაცია მომენტალურად არ ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსებოდა სრული ქაოსის სამყაროში. ანარეკლის ფორმირებისთვის სულის და გონების ერთობაში დაბადებული მკაფიო სურათ-ხატია საჭირო, ან საკმაოდ ხანგრძლივი ყურადღების მიზანმიმართული კონცენტრაცია. შესაძლოა, ოდესმე ვარიანტების სივრცის „მატერიალიზატორს“ გამოიგონებენ. თუ, რა თქმა უნდა, ღვთის ნება იქნება. ხელოვნური ინტელექტი ხომ აქამდე მიუწვდომელია - და ალბათ ასე უკეთესიცაა, რადგან უცნობია, ამას რა შედეგები მოჰყვება. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა შეგვიძლია.
 
მაღალი ენერგეტიკა ძალის გამოყენებას არ ნიშნავს. საკუთარი სამყაროს ნიშის ეფექტიანად ფორმირებისთვის მასთან ერთიანობის და იგივეობის განცდაა საჭირო. გარშემო სინამდვილეს ახლებურად უნდა შევხედოთ: მე ვფლობ ჩემს რეალობას, როგორც ჩემს სხეულს. საჭიროა რეალობასთან ერთნაირ დროით რეჟიმში გადასვლა - არ უნდა ველოდოთ მომენტალურ ცვლილებებს, არამედ ვიყოთ მშვიდი, მომთმენი და მიზანდასახული.
 
თქვენ შეგიძლიათ მარტივად განაგოთ სხეული - ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული დაავადებების შედეგად ეს უნარი დაკარგეს. სხეული შეიძლება უკონტროლო მოძრაობებს ასრულებდეს ან საერთოდ პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და არ ემორჩილებოდეს განზრახვას. როდესაც აღელვებული ხართ, სხეული ბოლომდე არ გემორჩილებათ. მაგალითად, მორცხვი და დაკომპლექსებული ადამიანის ხელები შესაძლოა უკონტროლო მოძრაობებს ასრულებდეს. სულის, გონების და სხეულის ერთობა არაა.
 
გაცილებით უარესი დამოკიდებულება ყალიბდება ადამიანსა და მისი სამყაროს ნიშას შორის. ადამიანი თავს გარშემომყოფი რეალობისგან იზოლირებულად გრძნობს. ნიშა თითქოს სადღაც გარეთ იმყოფება - ის უკონტროლო მოძრაობებს აკეთებს, და ეჩვენება, რომ ამაზე ზემოქმედება შეუძლებელია. მაგრამ საკმარისია ადამიანმა საკუთარ სამყაროსთან ერთობა იგრძნოს, და ის მისი, ისევე როგორც საკუთარი სხეულის მართვის უნარს იძენს.
 
ეს უნარი ბოლომდე ატროფირდა, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა მიეჩვიოთ, რომ გამუდმებით ყურადღება მიაქციოთ გარშემო არსებულ მდგომარეობას, ამ სამყაროს ნაწილად იგრძნოთ თავი, მის კონტექსტში იმყოფებოდეთ, ეძებოთ ის კავშირები, რომლებიც მასთან გაერთიანებთ. სხვა სიტყვებით, სამყაროს ცალკეული ნაწილი იყოთ და იმავდროულად მასში განზავდეთ.
 
არ დავმალავ, რომ ეს ძნელი ამოცანაა. ამის სწავლება შეუძლებელია - ადამიანს სამყაროსთან ერთობის მიღწევა მხოლოდ საკუთარი ყოველდღიური გამოცდილების გზით შეუძლია. და ეს გზა შეიძლება სიცოცხლის სიგრძის აღმოჩნდეს. ამიტომ იმათთვის, ვისაც სულიერი სრულყოფილების მიღწევის ძნელი პრაქტიკები არ ხიბლავს, უბრალო და ხელმისაწვდომი ინსტრუქციები არსებობს.
 
საქმე კი აი რაშია. თქვენ ყოველთვის ვერ იღებთ სასურველს დაუყოვნებლივ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იღებთ მხოლოდ იმას, რაზეც თქვენი განზრახვაა მიმართული. მაგალითად, თუ კუნთების წონის გაზრდა გსურთ, ყურადღების კონცენტრირება უნდა მოხდეს სლაიდზე, რომელშიც კუნთები იზრდება. თუ გახდომა გნებავთ, მთელი აზრები უნდა იყოს იმის შესახებ, როგორ ხდება სხეული უფრო მოხდენილი. თუ თქვენი მიზანი - განზრახვის ენერგიის გაზრდაა, უნდა კონცენტრირდეთ ენერგეტიკულ ნაკადებზე და გარსზე. ხოლო თუ განზრახვა არსაით არაა მიმართული, არაფერსაც არ მიიღებთ.
 
უმიზნოდ ვარჯიშით თქვენ ტყუილად კარგავთ დროს და ძალებს. როდესაც ყურადღება არა მიზანზე, არამედ ძალისხმევაზეა მიმართული, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური ენერგია იხარჯება. ძალისხმევა ხომ - მიზნისკენ გზაა, მისი მიღწევის საშუალებაა. ასე თქვენ მუდამ გზაში იქნებით, რადგან სარკე მხოლოდ იმას ირეკლავს, რაც სურათ-ხატშია გამოსახული.
 
ბავშვებში ენერგია ჩქეფს, მაგრამ ის უმართავია და უსარგებლოდ იფანტება სივრცეში. ზუსტად ასევე, თუ თქვენს ენერგიას მაღალ დონეზე აიყვანთ, მაგრამ მას მკაფიო მიმართულებას არ მისცემთ, ის უსარგებლო გახდება. უბრალო ნათურას მხოლოდ ახლომდებარე სივრცის განათება შეუძლია. ლაზერის ვიწროდ მიმართული სხივი კი მრავალ კილომეტრს გადის. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ენერგია მუშაობდეს, აუცილებელია მას მიზნისკენ მკვეთრი მიმართულება მისცეთ.
 
მიზანმიმართულობა განზრახვის ენერგიას მკაცრად განსაზღვრულ მხარეს მიმართავს. აუცილებელია კონცენტრაცია - არა დაძაბულობა, არამედ ყურადღების გამახვილება. ჩვეულებრივ აზრები თავისთავად ირევიან. იდეები იბადებიან და ქრებიან უკონტროლოდ, აზრები ერთი თემიდან მეორეზე დახტიან. გონება ახალშობილივით „ფეხებს იქნევს“. რეალობის სამართავად კი აზრები უნდა ვაკონტროლოთ. თავიდან ეს ცოტათი გვძაბავს, მაგრამ შემდეგ ჩვევაში გადადის.
 
ამ ჩვევის გამოსამუშავებლად კი ერთი მარტივი წესის შესრულებაა საჭირო: მიაჩვიეთ საკუთარი თავი იფიქროთ იმაზე, რასაც მოცემულ მომენტში აკეთებთ. არაფერი აკეთოთ უბრალოდ, უაზროდ, უმართავი აზრების ამორფულ ჟელეში ცურვით. განაცხადეთ განზრახვის დეკლარაცია. ეს არ ნიშნავს, რომ გამუდმებით სტარტზე უნდა იდგეთ. მიუშვით აზრები თავისუფლად, მაგრამ ეს შეგნებულად გააკეთეთ, პრინციპით: თუ ჩემი გონება იფანტება, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვაძლევ ნებას. და აუცილებლობის შემთხვევაში ასევე შეგნებულად დაუბრუნდით კონცენტრირებულ მდგომარეობას.
 
საერთო ჯამში, არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი აზრების სახე უმეტესწილად შეიცავდეს სურათს, რომლის დანახვაც დუალური სარკის ანარეკლში გსურთ. ამგვარად, მიზნის მისაღწევად არა სამყაროსთან ორგანული ერთიანობის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნაა აუცილებელი, არამედ მიზნობრივ სლაიდზე ყურადღების სისტემატურად დაფიქსირებაა საკმარისი. საკუთარი აზრების მიმართულების მართვით თქვენ რეალობას საკუთარ ნებას უმორჩილებთ.
 
არ აქვს მნიშვნელობა, რომ აზრები ხანდახან კონტროლიდან გადიან. მთავარია, მათი მიზნობრივი სლაიდის კალაპოტში დაბრუნება ჩვევად გვექცეს. როდესაც თქვენი აზრები ჩვეულების გამო ისევ და ისევ მიზანს დაუბრუნდება, სლაიდი მუდმივი თანამგზავრი ხდება - მისი სურათი გამუდმებით ყველაფერს ფონად გასდევს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ - სურათ-ხატი ფორმირდება, და სამყაროს სარკე აუცილებლად ასახავს მას რეალობაში.


 სამყაროს დასუფთავება
 
ყოველ ადამიანს ცალკე სამყაროს ნიშა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დუალური სარკის ამრეკლავი ზედაპირი მრავალშრიანია. ყოველი ცოცხალი არსება, დაბადებისას, განკარგულებაში იღებს საკუთარ სარკულ ფენას. ინდივიდის აზრებით და განზრახვებით ყალიბდება სურათ-ხატი, რომელიც ანარეკლში ცალკეულ რეალობას ქმნის. ყველა რეალობის სიმრავლე ერთმანეთზე ედება და იმას წარმოქმნის, რასაც მატერიალურ სინამდვილეში ვაკვირდებით.
 
თუ ადამიანზე ვისაუბრებთ, მისი სამყაროს ნიშა - ესაა არსებობის სივრცე, ანუ ყველაფერი, რა მას გარს აკრავს. ინდივიდუალური რეალობა ორი გზით ფორმირდება: ფიზიკურით და მეტაფიზიკურით. სხვა სიტყვებით, ადამიანი თავის სამყაროს საკუთარი მოქმედებებით და აზრებით ქმნის. ძნელი შესაფასებელია, ამ ასპექტებიდან რომელს აქვს მეტი ზეგავლენა რეალობაზე. დიდი ალბათობით, აზროფორმები აქ მთავარ როლს თამაშობენ, რადგან მატერიალური პრობლემების მნიშვნელოვან წილს ქმნიან, რომლებთანაც უწევს ადამიანს ბრძოლა დროის უდიდესი ნაწილი. როგორც ხვდებით, ტრანსერფინგს მხოლოდ და მხოლოდ მეტაფიზიკურ ასპექტთან აქვს საქმე.
 
ყოველი ადამიანი მის განსაზღვრულ გარემოში, ბევრი ადამიანისა და მატერიალური ობიექტის გარემოცვაში ცხოვრობს. როგორ უნდა გამოვყოთ ამ ჭრელი გარემოდან არსებობის ცალკე სფერო? ძალიან მარტივად. ყველაფერი მატერიალურის მოცილების შემდეგ ერთი მთავარი არსი დარჩება, რომელიც პირველ რიგში გვაინტერესებს: როგორ მიდის საქმეები, კარგად თუ ცუდად? გარემოცვა შეიძლება იყოს მდიდარი და ღარიბი, მეგობრული და აგრესიული, კომფორტული და არც ისე - მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია, რამდენად ბედნიერია ადამიანი ამ პირობებში, იღებს თუ არა იმ ყველაფერს, რისკენაც მიისწრაფის, რამდენად იღბლიანად ვითარდება მოვლენები. ნიშას სწორედ ეს თვისება - მისი ელფერი - გადამწყვეტ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც მატერიალურ სინამდვილეში ხდება.
 
სამყაროს ნიშას შეიძლება ჰქონდეს როგორც ნათელი, ასევე მუქი ტონები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ აყალიბებს ადამიანი თავისი აზროვნების წესს - რაც მეტია იქ ნეგატივი, მით უფრო შავბნელია რეალობა. და რაც უფრო ცუდად მიდის საქმეები, მით მეტი მიუღებლობა გროვდება, რაც უკუკავშირით ნიშას კიდევ უფრო აბნელებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ საკუთარი ცალკეული რეალობა, როგორც სხეული, სისუფთავეში უნდა შევინარჩუნოთ.
 
ყველა ნეგატიური აზრი გადამწყვეტად და ხისტად უნდა მოიცილოთ, რომ მათ თქვენი სამყარო არ დააზიანონ. მომშორდი! ზუსტად ასევე სახლიდან უნდა გაიტანოთ ნაგავი და სიბინძურე. ზედმეტი ნივთები და ძველმანები უნდა მოიცილოთ. სხვაგვარად, რაც არ უნდა ეცადოთ, საქმე მუდამ ცუდად წავა.
 
თუმცა ისეთი ძველმანებიც არსებობს, რომლებსაც ასე მარტივად თქვენი სამყაროდან ვერ მოიცილებთ. ესაა პირველ ყოვლისა დანაშაულის გრძნობა, შემდეგ არასრულფასოვნების კომპლექსი, ეჭვები, მღელვარება, შიშები, უკმაყოფილება, ანტიპატია და უარესის მოლოდინები. ისინი დაავადებების მსგავსია, რომლებისგანაც სიამოვნებით განიკურნებოდით, მაგრამ არ შეგიძლიათ. მაშინ, მოდით, ვუმკურნალოთ. საშუალებები არსებობს.
 
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ადამიანი თავის სამყაროსთან ერთად ჯადოსნური ავტობუსით იქით გაემგზავრა, სადაც ოცნება რეალობად იქცევა.
 
-       აი, ჩემო კარგო, შენი სათამაშოსთვის მივდივართ.
-       დიახ, სამყაროვ - ეს მშვენიერია!
 
მხიარული მოგზაურობა ბევრს გვპირდება. ყველაფერი მშვენივრად მიდის, რაღა გვაკლია! მაგრამ მშფოთვარე გონება ასე არაა შეჩვეული, ის მუდამ აქეთ-იქით იხედება და უსიამოვნებებს ეძებს. აბა ყველაფერი კარგად ხომ ვერ იქნება!
 
-       აბა შეაჩერე. აი იქ, მეჩვენება, მორწმუნეები დგანან და განმიკითხავენ. წავიყვანოთ, რომ ცოდვები მოვინანიო.
-       არა ჩემო კარგო, ამოიგდე ეს სისულელე თავიდან!
-       აუცილებელია, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ.
 
ავტობუსი ჩერდება, და იქ ფარისეველი სუბიექტები ამოდიან, რომლებიც პრეტენზიებს და მოთხოვნებს აყენებენ.
 
-       ჩვენ - შენი მოსამართლეები ვართ!
მეტი გზა არაა, მივდივართ. მთლიანობაში საქმე ცუდად არაა, მაგრამ ადამიანი ვერ ისვენებს.
-       შეხედე, - ეუბნება სამყაროს, - რა შესანიშნავი ხალხია, მოდი წავიყვანოთ, სამაგალითოები არიან.
-       რად გინდა, ძვირფასო, ზედმეტი თანამგზავრები?
 
სამყარო სუსტად გეწინააღმდეგებათ, მაგრამ იძულებულია დათანხმდეს, და ავტობუსი ამპარტავანი პიროვნებებით ივსება, რომლებიც მთელი გამომეტყველებით გამოხატავენ, რამდენად შორს ხარ მათგან.
 
-       ჩვენ - შენი იდეალი ვართ!
 
გზაზე კი უკვე გამწკრივებულან შიში, მღელვარება, ეჭვები და უარესის მოლოდინები. და რა თქმა უნდა, ადამიანი ნირწამხდარი მსჯელობს:
 
-       იქნებ, ამ ბრძენმა თანამგზავრებმა სწორი მიმართულება მიგვანიშნონ და არასწორი ნაბიჯისგან დაგვიცვან?
-       როგორც გენებოს, ძირფასო, - თანხმდება სამყარო და მოყაყანე პუბლიკას ავტობუსში უშვებს.
-       ჩვენ - შენი საღი აზრი ვართ! - აცხადებენ ისინი და თავიანთი საღი მსჯელობით მგზავრობას ჯოჯოხეთად აქცევენ.
 
საბოლოოდ გზა უკმაყოფილებამ, განკითხვამ და ანტიპატიამ გადაღობეს. ადამიანს მათთან შეხვედრა არ უნდა, მაგრამ სამყარო უკვე მიეჩვია იმათ დამგზავრებას, ვისაც გონება ყურადღებას აქცევს.
 
-       ჩვენ - შენი კოშმარული სიზმარი ვართ! - ღრიალებენ უსიამოვნო ტიპები და ღრიანცელით შემორბიან კარებში.
 
ადამიანი სიხარულით მოიცილებდა მომაბეზრებელ თანამგზავრებს, მაგრამ - გვიანია. ავტობუსი გაიტენა და წინ ვეღარ მიდის. მანიპულატორებმა, ქაღალდის კერპებმა, მყვირალებმა, მრჩეველებმა და სხვა ავსულებმა ყველაფერი გააფუჭეს. მაგრამ ვინაა დამნაშავე? რად უნდოდა მათი დამგზავრება?
 
ამ ნაგვიდან ყველაზე დესტრუქციული დანაშაულის გრძნობაა - გაცნობიერებული თუ არა - არ აქვს მნიშვნელობა. თუ ამჩნევთ, რომ სამყარო გსჯით ან გამცირებთ, ისე იქცევა, თითქოს დაგცინით, თქვენს დამორჩილებას ცდილობს, ე.ი. დაავადების ყველა ნიშანი სახეზეა. ეს სენი სულ წიხლებით გადენეთ თქვენგან. დანაშაულის გრძნობა - ესაა თქვენს სახლში შემოჭრილი სტუმარი, რომელიც სავარძელში გართხმულა და ფეხები მაგიდაზე შემოუწყვია, თავის პირობებს გკარნახობთ. თქვენ მისი გაგდება შეგიძლიათ, თუ გააცნობიერებთ, რომ ეს თქვენს ხელშია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამე მართლაც დააშავეთ, ბოდიშის მოხდა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.
დანაშაულის გრძნობა სხვადასხვა ფორმის დასჯას შობს - წვრილმანი უსიამოვნებებით დაწყებული და მსხვილი პრობლემებით დამთავრებული. შეიძლება თითი გაიჭრათ, ან ავარიაში მოხვდეთ. გარეგანი განზრახვა აუცილებლად ჩართავს სცენარში რომელიმე სასჯელს. ასეა ადამიანის სამყაროს აღქმა მოწყობილი: დანაშაულს სასჯელი მოსდევს, და სული და გონება ამ საკითხში სრულად ერთსულოვანი არიან.
 
ამასთან დანაშაულის გრძნობა ძალზე ამძაფრებს პოლარიზაციას. შედეგად წონასწორულ ძალებს „დამნაშავისთვის“ ათასგვარი უბედურება მოაქვთ. და უსიამოვნებათაგან ყველაზე შემაშფოთებელი - მანიპულატორებია, რომლებიც მომაბეზრებელი ბუზებივით ეხვევიან მსხვერპლს. ისინი თავიანთ „კლიენტებში“ დანაშაულის გრძნობის გამოწვევის ოსტატები არიან. თუ ადამიანს თავის თავზე დანაშაულის აღების მიდრეკილება აქვს, მანიპულატორი ყველაფერს გააკეთებს, რომ მას კიდევ უფრო მეტი დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეს.
 
დანაშაულის კომპლექსი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ინერგება გარედან. დიდები თავიანთი აღსაზრდელების დასამორჩილებლად ხანდახან აკრძალულ ილეთებს იყენებენ. თუ ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ტიპიური მანიპულატორის მზრუნველობის ქვეშაა, მის ჯერ კიდევ სუსტ ფსიქიკაში მყარად იდგმება თავისებური მიკროჩიპი გაუცნობიერებელი მოვალეობის გრძნობის ან რომელიმე დანაშაულის გამოსყიდვის ვალდებულების სახით.
 
„დაპროგრამებული“ თავისი მძიმე ჯვრის ტარებისთვის და მანიპულატორის ხელში მარიონეტად დარჩენისთვისაა განწირული მანამ, სანამ ეს მიკროჩიპი ქვეცნობიერში რჩება. მაგრამ როგორ ამოვიღოთ ის იქიდან? დანაშაულის მოხრჩობა არ შეიძლება და ასე უბრალოდ მისი მოცილება შეუძლებელია - ძალზე ღრმადაა ჩამჯდარი. სული და გონება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ შეგრძნებით: მუდამ ყველას მოვალედ ყოფნა. და მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ კონკრეტული მოქმედებითაა შესაძლებელი.
 
კერძოდ კი, უნდა შეწყდეს თავის მართლება. აქ ადგილი აქვს იმ განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც დაავადების როგორც შედეგის მკურნალობა მის მიზეზს აქრობს. თქვენ არ უნდა უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ არავის წინაშე დავალებული არ ხართ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩვეულებრივ ქმედებებს, რისთვისაც გაცნობიერებულობა დაგჭირდებათ. თუ ადრე ჩვევად გქონდათ მცირე მიზეზითაც კი ბოდიშები გეხადათ, ახლა სხვა ჩვევა შეიძინეთ: საკუთარი მოქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენით, როდესაც ეს ნამდვილად აუცილებელია.
 
ნუ უმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ მოვალე ხართ. დაე, დანაშაულის გრძნობა შიგნით დარჩეს. მაგრამ გარეგნულად ამას ნუ გამოავლენთ. მანიპულატორები, რომლებიც თქვენგან უკუგებას ძველებურად ვეღარ იღებენ, თანდათან მოგეშვებიან. იმავდროულად სული და გონება ნელ-ნელა მიეჩვევიან ახალ შეგრძნებას: თქვენ თავს არ იმართლებთ, ე.ი. ასეცაა საჭირო, შედეგად კი, დამნაშავე საერთოდ არ ხართ. შედეგად „გამოსყიდვის“ მიზეზები სულ უფრო ნაკლებად გამოჩნდება. აი ასე, უკუკავშირის მეშვეობით, გარეგანი ფორმა ნელ-ნელა წესრიგში მოიყვანს შინაგან შემადგენლობას - დანაშაულის გრძნობა და მის კვალდაკვალ შესაბამისი პრობლემები გაქრება.
 
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით პრაქტიკულად ყველას აწუხებს, - არასრულფასოვნების კომპლექსია. ასეთი ტვირთით ადამიანი თავს უღირსად ან უუნაროდ გრძნობს, რაც აისახება კიდეც სინამდვილეში. ტრანსერფინგის პირველ წიგნში დაწვრილებით იყო აღწერილი შინაგანი მნიშვნელოვნება - როგორი პრობლემები ჩნდება, როდესაც ადამიანი, რომელიც რაიმეში თავს მოწყვლადად გრძნობს, ყოველმხრივ ცდილობს საკუთარი მნიშვნელოვნება აამაღლოს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ აქ მოქმედებს კანონი, რომელიც კვანტურ ფიზიკაში გაურკვევლობის პრინციპის მსგავსია: მნიშვნელოვნება მით უფრო იკლებს, რაც უფრო ძლიერად ცდილობენ მის ხაზგასმას. და პირიქით, ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ მნიშვნელოვნებაზე, მას უპირობოდ ფლობს.
 
საკუთარი მდგომარეობის გამყარებისკენ, საკუთარი ღირსებების ხაზგასმისკენ სწრაფვა - ილუზიაა, სარკულ წრეზე ანარეკლის დევნაა. მაგრამ როგორ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ რაღაც ღირხართ და ამის დამტკიცების აუცილებლობა არაა? აქ კიდევ ერთი უკუკავშირის რგოლია, რომლითაც შედეგი მიზეზს ანეიტრალებს. საჭიროა განზრახვის ორიენტაციის შეგნებულად შეცვლა: იმის მაგივრად, რომ საკუთრი თავის წარმოჩენას ცდილობდეთ, მნიშვნელოვნების მომატება საერთოდ უნდა შეწყვიტოთ. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს (თქვენ კი იცით, რომ ამას პრაქტიკულად ყველა აკეთებს, ყველა თავისებურად), გარშემომყოფები ინტუიციურად გრძნობენ, რომ ეს მნიშვნელოვნება დადასტურებას არ საჭიროებს. ხოლო რაკი ასეა, ადამიანს მეტი სიმპატიით და პატივისცემით ეპყრობიან. შედეგად სული და გონება თანდათან რწმუნდებიან, რომ „მე ნამდვილად რაღაც ვღირვარ“. სარკული წრე რომელიღაც მომენტში ერთ ადგილზე იყინება, შემდეგ შემობრუნდება და შემხვედრად მოდის. შედეგად თვითშეფასება მატულობს, და არასრულფასოვნების კომპლექსი თითქოს არც ყოფილა.
 
ეჭვები, მღელვარება და შიშიც საფუძვლიანად აზიანებს სამყაროს სურათს. არ დაგავიწყდეთ, რომ მას შემდეგ, რაც ასეთი აზრები სარკეში აირეკლება, სამყაროს ნიშაში ის შემოაღწევს, რაც ნამდვილად საშიშია. მაგრამ შიშები უფრო დიდ ზიანს დასახულ მიზანს აყენებს, რადგან, როგორც წინა თავიდან იცით, ისინი სურვილს ჟინად აქცევენ.
 
რაც უფრო ძლიერად ანთია სურვილი როგორც შიში დამარცხების წინ, მით მეტია გარეგანი მნიშვნელოვნება და მით ნაკლებია წარმატების ალბათობა. უარი უნდა თქვათ მოლოდინზე მგზნებარე სურვილის ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. მიზნის მისაღწევად აუცილებელია განზრახვა - ის ეჭვებს მოკლებულია და ჩნდება, როდესაც უბრალო „ნდომიდან“ მოქმედებაზე გადადიან.
 
მოუთმენლობის გასაქარწყლებლად დაზღვევა, წარუმატებლობის შემთხვევაში დამატებითი გზა უნდა იპოვოთ, ასევე თავიდანვე შეეგუოთ დამარცხებას. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ უნდა მიიღო წინასწარ დამარცხება, როდესაც გამარჯვების ჟინით ხარ შეპყრობილი? ჰოდა ნახავთ, როდესაც არაფერი გამოგივათ, სასოწარკვეთა, და შესაძლოა ბრაზიც მოსალოდნელ შედეგზე ხელის ჩაქნევას გაიძულებთ.
 
შინაგანი მნიშვნელოვნებისგან, ანუ საკუთარი მნიშვნელოვნების მტკივნეული გრძნობისგან თავის დაღწევა სასოწარკვეთის დროსაც შეიძლება. თუ რაიმე არ გამოგდით და ამით თქვენს ამბიციებს ურტყამს, უიმედობის განცდა გაიძულებთ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოთ და საკუთარი მნიშვნელოვნება მობეზრებული ხურჯინივით მოისროლოთ. თავს უმალ მსუბუქად და თავისუფლად იგრძნობთ. და ყველაფერი უცებ მოგვარდება.
 
ეჭვები ჩაფიქრებულის წარმატებით დასრულებაში ჩვეულებრივ მაშინ ჩნდება, როდესაც გონება მიზნის მიღწევის გზებზე და საშუალებებზე ფიქრობს. წიგნში „რეალობის ტრანსერფინგი“ ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, ამაზე ფიქრი რატომ არ ღირს საერთოდ. თქვენ ზუსტად ვერ გეცოდინებათ, რა გზით მოგვარდება ყველაფერი. თქვენი ამოცანაა - ყურადღების მიზანზე კონცენტრირება, თითქოს ის უკვე მიღწეულია, ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა თავის დროზე საჭირო კარს გააღებს.
 
ახლა, როდესაც დუალურ სარკესთან მოპყრობის წესებს იცნობთ, აღარაფერი უნდა გაღელვებდეთ. ეჭვების და შიშის საწინააღმდეგო ყველაზე მოქმედი საშუალება - სარკული პრინციპებია. პირველი, მიმართეთ განზრახვა ამალგამის „ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს“ შესანარჩუნებლად. მეორე, ზედმიწევნით მიჰყევით ბოლო სამ სარკულ პრინციპს.
 
მაგალითად, ინსტიტუტში ჩაბარებას აპირებთ და გსურთ წარმატებით გაიაროთ საკონკურსო შერჩევა. გამოცდის წინ საკუთარ თავს უთხარით: იქნებ ჩაჭრა - იღბალია? შემდეგ კი მხიარულად და უდარდელად წადით გამოცდაზე. ამას დამარცხებასთან შეგუება და ვარიანტების დინების მიმართულებით მოძრაობა ეწოდება. შეასრულოთ ის, რაც გევალებათ და იმავე დროს საბოლოო შედეგზე გულგრილად იფიქროთ. ან იფიქროთ ნებისმიერ შედეგზე, როგორც წარმატებულზე.
 
არაა საჭირო „თავის მოკატუნება“, რომ მიზნის მიღწევა არ გსურთ, - საკუთარ თავს ვერ მოატყუებთ. არ უნდა იფიქროთ იმაზე, რა გზით მიაღწევთ მიზანს, და არც საკუთარ სცენარზე უნდა ჩაიციკლოთ. თქვენი საქმე - სლაიდის ვიზუალიზაცია და მიზნის მიმართულებით ნაბიჯის გადადგმაა. გონების კონტროლი არა სცენარზე, არამედ სარკული პრინციპების დაცვაზე უნდა მიმართოთ.
 
თუ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება გელით, რატომღა უნდა ინერვიულოთ? ეს ხომ თქვენი გადასწყვეტია, როგორ განსაზღვრავთ თქვენს დამოკიდებულებას - პოზიტივის თუ ნეგატივის მიმართულებით. ყველა მიჩვეულია საკუთარი წარუმატებლობისადმი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოს, ამიტომაც თამაშის წესებს ემორჩილებიან, რომელშიც წარმატების მიღწევა განსაზღვრების თანახმად ძნელია. აბა, არაადექვატური ნაბიჯი გადადგით: წარუმატებლობა წარმატებად შერაცხეთ. აი მაშინ შეძლებთ საერთო ნაკადიდან გამოსვლას, და გამარჯვება გარანტირებული გექნებათ.
 
აქაც, როგორც დანაშაულის გრძნობის და მნიშვნელოვნების შემთხვევაში, უკუკავშირის ჯაჭვი მოქმედებს. სარკიდან სურათ-ხატზე ყურადღების გადართვით და ანარეკლის დევნის შეწყვეტით თქვენ სარკულ წრეს აჩერებთ. თქვენ არ გჭირდებათ წარმატების გჯეროდეთ და თავს აჯერებდეთ. ყველაფერი, რაც გესაჭიროებათ, - ესაა განზრახვის გადამისამართება პრინციპების დაცვაზე. მას შემდეგ, როდესაც ისინი ამოქმედდება, შეამჩნევთ, რომ რეალობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. თქვენი გონება დარწმუნდება, რომ სარკე მართლაც მუშაობს. ის ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ წარმატება ისე სულაც არ მოიპოვება, როგორც მას წარმოედგინა. შედეგად სული და გონება დაწყნარდებიან, შიში და ეჭვები გაქრება, სარკული წრე კი შემხვედრად დაიძრება.
 
დარჩენილი ნაგავი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაყაროთ თქვენი სამყაროდან, - არის განკითხვა, უკმაყოფილება, ანტიპატია და უარესის მოლოდინები. რაც შეეხება პირველს, უნდა გააცნობიეროთ, რომ კრიტიკა, სამართლიანიც კი, - უკიდურესად წამგებიანია. ეს ძალზე უმადური საქმეა. წონასწორული ძალები ცუდის და კარგის ბალანსის აღდგენის მიზნით ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბრალდებულის სკამზე თავად ბრალმდებელი აღმოჩნდეს. მიზეზი და საბაბი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ განკითხვას თქვენი მხრიდან აჯობებს ტაბუ დაადოთ.
 
დანარჩენ ნეგატიურ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ ერთი ითქვას. როდესაც თამაშობთ პიესას სახელწოდებით „მე არ მაწყობს ჩემი სამყარო, მე არ მომწონს ჩემი ცხოვრება“, თქვენ სწორედ ასეთ რეალობას აყალიბებთ და ინარჩუნებთ. კვლავ და კვლავ გაიხსენეთ, რომ სარკის წინ დგახართ. ამალგამა და სამი ბოლო სარკული პრინციპი დაგეხმარებათ თქვენი სამყაროს ნიშას მყუდრო კუთხედ გადაკეთებაში. აქ მეტი დასამატებელი არაფერია.
 
და ბოლოს. დავუშვათ, ახლა ძალიან ცუდად ხართ - იმდენად, რომ ძალა არ გყოფნით რაიმე პრინციპებს მისდიოთ. საიდან უნდა დაიწყოთ, როგორ უნდა გამოასწოროთ რეალობა?
 
ხანდახან ცხოვრება სრულიად აუტანელი ხდება. როგორც გამოფხიზლებული ალკოჰოლიკი, რომელიც ირგვლივ შავბნელ და უსიამოვნო რეალობას აღმოაჩენს. სინამდვილეში, ავიღოთ ილუსტრაციისთვის დამახასიათებელი მაგალითი, როდესაც მხიარული შეხვედრის შემდეგ მოქუფრული დილა დგება და სამსახურში გიწევს წასვლა. დღესასწაულების შემდეგ ორგანიზაციებში - მუდამ პრობლემებია. ის, რომ ადამიანები ვერ ასწრებენ სამუშაო რიტმში ჩართვას, გასაგებია, მაგრამ ტექნიკასაც იგივე ემართება. სტატისტიკის თანახმად, ორშაბათობით უფრო მეტად ფუჭდება მანქანები, კომპიუტერები და სხვა აპარატურა. მაინც რა ხდება რეალობის თავს?
 
ეს რეალობა თავად ადამიანების მიერ იქმნება, როდესაც მათი ნიშების ზედდება ხდება. ნაბახუსევის სინდრომის პერიოდში ადამიანს ქანქარისთვის „ვალის პროცენტის“ დაბრუნება უწევს. თავისუფალი ენერგიის დეფიციტის პირობებში აზროფორმა ნეგატივის დიდ ნაწილს შეიცავს. ამიტომ იქმნება ნევროზული გარემო, მუშაობა არა და არ ეწყობა. სარკე შესაბამისად რეაგირებს, და რეალობა მრუდდება. თუ სახლში მწყობრიდან გამოდის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები, ორგანიზაციებში ჯამურ გამრუდებას უფრო შესამჩნევი შედეგები მოსდევს: უბედური შემთხვევები ხდება, მექანიზმები ფუჭდება, რთული და, განსაკუთრებით, ზუსტი ტექნიკა არასტაბილურად მუშაობს.
 
საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანი დეპრესიაში ან ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაშია, მისი სამყაროს ნიშა ვარიანტთა სივრცის მღვრიე უბნებში განიზიდება. რეალობას თითქოს ლიბრი გადაეკვრება. მთელი გარშემომყოფი რეალობა ადგილზე რჩება, პირობები იგივეა, ამინდიც შეიძლება შესანიშნავი იყოს, და მაინც ჰაერი თითქოს რაღაც დამთრგუნველითაა გაჟღენთილი. თუ ასეთ დღეებში რეალობის ელფერისთვის თვალი არ მიგიდევნებიათ - დააკვირდით. თქვენ იგრძნობთ, რომ მატერიალური სამყარო ცივად და მტრულად გიყურებთ. შეიცვალა მისი ნიშის თვისება: „საქმეები ცუდად მიდის“. აი ეს თვისება - მღვრიე ლიბრი - მოქმედებს ასე შესამჩნევად ყველაფერზე, ტექნიკის ჩათვლით.
 
შავი ზოლი ან თავისუფალი ენერგიის დეფიციტით განპირობებული ფიზიკური სისუსტით იწყება, ან უარყოფითი ემოციით, როდესაც მოლოდინები არ მართლდება. იმისთვის, რომ მომავალში არ დაუშვათ მღვრიე უბანი თქვენს რეალობაში, პირველ ყოვლისა ენერგეტიკის ამაღლებაა საჭირო - როდესაც ის საჭირო დონეს მიაღწევს, გაღიზიანება შეწყდება. და რა თქმა უნდა, უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, - სამყაროს ნიშაში სისუფთავე შეინარჩუნეთ.
მაგრამ ახლა, თუ თქვენ დეპრესიაში ხართ, პირველ რიგში რეალობა უნდა გაასწოროთ - საკუთარი სამყაროს ნიშა მღვრიე ღრუბლიდან ვარიანტების სივრცის სუფთა უბანში გამოიყვანოთ. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?
 
ერთი რეცეპტი არსებობს, მარტივი, როგორც ყველაფერი გენიალური. როდესაც ბავშვი ტირის, როგორ უნდა დააწყნაროთ ის? თხოვნით ვერაფერს გახდებით. უნდა მიეფეროთ, იზრუნოთ, თანაგრძნობა გამოხატოთ, ყურადღება დაუთმოთ. ჰოდა ასე, როდესაც ცუდად ხართ - ეს ბავშვი ტირის თქვენში. იზრუნეთ მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი სერიოზულად, სოლიდურად, ძლიერად და ა.შ. გამოიყურება - ჩვენ ყველანი, არსობრივად, ბავშვებად ვრჩებით. „ატრაქციონს ეწვიეთ“, რაც ნიშნავს, გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. რეალობის გამოსასწორებლად სპეციალური ტაიმ-აუტი აიღეთ, რომლის დროსაც უბრალოდ დაისვენებთ და პრობლემებზე არ იფიქრებთ: „მე ჩემ სამყაროსთან ერთად სასეირნოდ მივდივარ“. ეს დრო ამად ღირს, რადგან ნიშის გაწმენდა აუცილებელია - ამაზე ბევრია დამოკიდებული. იყიდეთ საყვარელი სასუსნავი: „მიირთვი, ჩემო კარგო, გამოკეთდი“. მთელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით, თქვენს სიამოვნებას. მიხედეთ თავს, მზრუნველობით ჩაწექით ლოგინში „დაიძინე, ჩემო კარგო, შენი სამყარო ყველაფერზე იზრუნებს“.
 
აი ასე. მომდევნო დღეს, თუ სარკული პრინციპების დაცვას არ დაიზარებთ, იგრძნობთ, როგორ დაიწყებს გარშემომყოფი რეალობა სულ უფრო თბილი, მყუდრო ელფერის შეძენას - ნიშა მღვრიე უბნიდან გამოდის.
 
თუ დაკვირვებული იქნებით, გაოგნდებით, თუ რამდენად რეალურია ეს. მატერიალური სამყარო, რომელიც ადრე ასე სტაციონარული ჩანდა, ფაქტობრივად თქვენს თვალწინ იწყებს პლასტიურად ტრანსფორმირებას. დამთრგუნველი ატმოსფერო მსუბუქდება, გაჩერებული საათი ისევ წიკწიკს იწყებს, ადამიანები მეტი სიმპატიით გეპყრობიან. ეს გიგანტური დუალური სარკე მოქმედებს გასაოცრად. რეალობა ვარიანტთა სივრცეში შეუმჩნევლად მოძრაობს, როგორც წუთის ისარი, - მაგრამ ის მოძრაობს!
 
ასე ხორციელდება რეალობის „კოსმეტიკური რემონტი“. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. კაპიტალური ხომ არ გნებავთ? გაიხსენეთ, როგორ იყო ახალგაზრდობაში, - ფერები ასე კაშკაშა და საზეიმო ჩანდა, ცხოვრება მშვენიერი და იმედებით სავსე იყო. თქვენ კარგად გრძნობდით თავს. კარგად იყავით, რადგან თქვენი ნიშა, ისევე როგორც სხეული, სუფთა და ქორფა იყო. სამყარო თქვენზე ზრუნავდა, მართალია, ამას მაინცდამაინც არ აფასებდით, მაგრამ არც განსაკუთრებულ პრეტენზიებს უყენებდით მას. მაგრამ დროთა განმავლობაში პრეტენზიებმა და ნეგატივმა აზროფორმებში იმატა. შედეგად ნიშის ელფერი გახუნდა და ცხოვრება იმ პერიოდში შევიდა, როდესაც ამბობენ: „აი, უწინ ასე იყო!..“
 
მოცემული ეფექტი ტრანსერფინგის პირველ წიგნში აღწერილია როგორც თაობათა წანაცვლება. დრო სწრაფად გარბის. ყველაფერი თითქოს გუშინ იყო, და ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ასაკს უკანმოუხედავად თავისი მიაქვს. იმედები ბერდება, სამყარო იცვითება. ნუთუ წვეულება დასასრულს უახლოვდება?
 
არა, ჯერ კიდვ შეიძლება ყველაფრის დაბრუნება. ძველებური ფერების, გრძნობების სიახლის, იმედების აღფრთოვანების. თუ სარკულ პრინციპებს დაიცავთ აუცილებლად შეხვდებით გასაოცარ მოვლენას: სამყაროს ნიშა ადრინდელ სიქორფეს დაიბრუნებს. როდესაც თქვენთვის თაობათა წანაცვლების გასწორებას მოახერხებთ, სრულად შეიგრძნობთ, რას ნიშნავს ეს - რეალობის მართვა.

 


სარკის კორექცია
 
ყველა დროში ადამიანი მართვადი რეალობის ნაირნაირ მოდელებს ქმნიდა, კლდის მხატვრობით დაწყებული და რთული მოწყობილობებითა და მექანიზმებით დამთავრებული. ყველა ამ მოდელს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს - ისინი ადამიანის შინაგან განზრახვას ემორჩილებიან.
 
შინაგანი განზრახვა, რომელიც წმინდა გონების პროდუქტს წარმოადგენს, სწორხაზოვნად მოქმედებს, პრინციპით „საითაც გავუხვევ, იქითკენ წავალ“. ადამიანს საკუთარი სურვილისთვის რეალობის მხოლოდ იმ ნაწილის დაქვემდებარება ძალუძს, რომელიც მან საკუთარი თამაშის ატრიბუტად აქცია. მაგალითად, მდინარის ნაწილის მართვა და ამასთან ენერგიის მიღება შეიძლება. თუმცა მდინარე მთლიანობაში მაინც უმართავი რეალობის დამოუკიდებელ ნაწილად დარჩება.
 
შეიძლება ვირს გადაადგილება ვაიძულოთ შინაგანი განზრახვით, მასზე პირდაპირი ძალისხმევის მიმართვით. მაგრამ მისი დარწმუნება გააკეთოს ის, რაც არ სურს, შეუძლებელია. დამოუკიდებელი რეალობა მხოლოდ გარეგან განზრახვას ემორჩილება, რომელიც სულის და გონების ერთიანობაში იბადება.
 
ადამიანს რეალობის მართვის ორი მეთოდი გააჩნია. პირველი მეთოდი გარშემომყოფი სამყაროს ობიექტების ატრიბუტებად ქცევაში მდგომარეობს. მაშინ ისინი შინაგან განზრახვას დაემორჩილებიან. მეორე მეთოდი - გარეგანი განზრახვის გამოყენება და ბუნებასთან ერთიანობაში ცხოვრებაა. ესაა ცივილიზაციის განვითარების ორი პრინციპულად ურთიერთსაპირისპირო გზა.
 
ჩვენი საზოგადოება პირველი - ნაკლებეფექტიანი და ამასთან პლანეტისთვის და თავად ადამიანისთვის დამღუპველი გზით ვითარდება. მთლიანად ბუნების დამორჩილება შეუძლებელია, ამიტომ ადამიანი გარშემომყოფ გარემოსთან გამუდმებული ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფება. ხან აბინძურებს მას, ხან იცავს - ზოგადად, ერთი და იგივე პრინციპით მოქმედებს: ცდილობს, ყველაფერი საკუთარ ატრიბუტებად აქციოს, რათა შინაგან განზრახვას დაუქვემდებაროს.
 
მოუთვინიერებელი რეალობა დამოუკიდებლად არსებობს და სარკესავით იქცევა, რომელშიც ადამიანის გარშემო სინამდვილისადმი დამოკიდებულება აისახება. მაგრამ ეს სარკე - არაჩვეულებრივია.
 
დავუშვათ, ადამიანს სჭირდება, რომ სარკეში სამყაროს ანარეკლი მარჯვნივ შებრუნდეს. შინაგანი განზრახვის ჩარჩოებში მოქმედებით, ის თავად ანარეკლის შებრუნებას ცდილობს. შედეგად ჭარბი პოტენციალი იქმნება და წონასწორული ძალები ანარეკლს საწინააღმდეგო მხარეს აბრუნებენ. სამყარო არ ემორჩილება, რადგან სარკე გამრუდდა.
 
სამყაროს სარკეს პოლარიზაცია ამრუდებს. როგორც იცით, პოლარიზაცია ორი მიზეზით ჩნდება. პირველი - შედარებაზე, შეპირისპირებაზე ან გარკვეულ პირობებზე დაფუძნებული დამოკიდებულების ურთიერთობებია. მაგალითად: „მე კარგი ვარ იმიტომ, რომ შენ - ცუდი ხარ“, ან „შენ კარგი ხარ, თუ ჩემს უპირატესობას აღიარებ“.
 
პოლარიზაციის წარმოქმნის მეორე მიზეზი შეიძლება განისაზღვროს როგორც „ჭანჭიკების მოჭერა“. როდესაც ადამიანი ანარეკლზე თავისი შინაგანი განზრახვით ზეწოლას ცდილობს, მას არაფერი გამოსდის. ის ფიქრობს, რომ უფრო მეტად უნდა დააჭიროს, და თავისი ხაზის გამრუდებას უაზრო გულმოდგინებით აგრძელებს.
 
წონასწორული ძალები პოლარიზაციას საპირისპიროთა შეჯახებით ანეიტრალებენ. შედეგად ადამიანი შინაგანი განზრახვის მიმართულების სრულიად საპირისპირო რეზულტატს იღებს.
 
პოლარიზაციის აღმოფხვრით სარკის გასწორება შეიძლება. ეს საკმაოდ იოლი გასაკეთებელია, ველოსიპედის ბორბლის გასწორების მსგავსად. გამრუდება იქ წარმოიქმნება, სადაც თვლის მანები ძალზე დაჭიმულია. თუ სამყარო არ გემორჩილებათ და თითქოს „ჯიბრზე“ იქცევა, პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ და შესაბამისი პოტენციალი შეამციროთ.
 
იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ინდიგო ბავშვები დაგვეხმარებიან, რადგან ისინი ძალზე მგრძნობიარეები არიან ჭარბი პოტენციალების მიმართ. ინდიგოების განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენს: გაცნობიერებულობა, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ინტუიცია, ინდივიდუალობა. ყველა ეს თვისება ბავშვებში გარშემომყოფთა მხრიდან გახევებულ სოციალურ სტრუქტურაში მათი ჩაწნეხვის მცდელობებზე რეაქციად ვლინდება.
 
სტრუქტურის ნებისმიერი უჯრედი, მათ შორის ოჯახი, ბავშვების ქცევის მოწესრიგებისკენ, კონტროლისთვის დაქვემდებარებისკენ ისწრაფვის. გარკვეულწილად ეს მართლაც აუცილებელია. მაგრამ არა იმ ზომით, როდესაც ბავშვის საკუთარი თამაშის ატრიბუტად ქცევას ცდილობენ, რომელშიც დომინირებს წესი: „ისე გააკეთებ, როგორც მე მინდა“.
 
ცხადია, ასეთი პრიმიტიული მიდგომა პოლარიზაციას ქმნის. შედეგად ბავშვები უმართავები ხდებიან, როგორც წონასწორობის ძალების ქარით ატაცებული ფოთლები. უკმაყოფილო და ჩლუნგი ზრდასრულები, როგორც წესი, ყველაფერს აკეთებენ, რაც კი შეუძლიათ, ანუ დისციპლინის ჭანჭიკებს უჭერენ. ბავშვები კი ან უფრო უმართავები ხდებიან, ან ტყდებიან და ატრიბუტებად - სტრუქტურის ელემენტებად იქცევიან, რომელთა ცხოვრებაში „ყველაფერი სწორადაა, მაგრამ კარგი არაფერია“.
 
რა თქმა უნდა, არავინ უსურვებდა საკუთარ შვილს გარიყულის ბედს. მაგრამ რიგითი ჭანჭიკის ბედიც არაა შესაშური. ბევრს შეუძლია აღიაროს, რომ მათ ცხოვრებაში „ყველაფერი სწორად იყო, მაგრამ კარგი არაფერი“, ან „კარგი არაფერი და ყველაფერი არასწორად იყო“. ყოველ მშობელს სურს, რომ შვილებს ყველაფერი სხვაგვარად ჰქონდეთ, ამიტომ თავის უმეცრებაში გაჯიქებული უფრო და უფრო აძლიერებს პოლარიზაციას.
 
უვიცი-მასწავლებლის მთელი შინაგანი განზრახვა ერთ იდიოტურ ფორმულამდე დაიყვანება: „მთელი ჩემი (სულელური) ძალით სიკეთეს გისურვებ, ამიტომ ისე მოიქცევი, როგორც მე მსურს“.
ამ დროს კი აღზრდის ყველა პრობლემა ეფექტიანად გადაწყდება, თუ უნარშეზღუდულ შინაგან განზრახვაზე უარს ვიტყვით და გავიაზრებთ, რა მიზეზით შეიძლება გამრუდებულიყო სარკე.
 
პირველი, აუცილებლად უნდა განისაზღვროს, სად მდებარეობს პოლარიზაციის საპირისპირო პოლუსები. თუ თვლის მანები ერთ მხარესაა დაჭიმული, მეორე მხარეს ისინი მოშვებული იქნება. ინდიგო ბავშვების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და უმართავობა - „მანების მოშვებაა“. რითია მანები საპირისპირო მხარეს გადაქაჩული? გარშემომყოფთა ზეწოლით, როდესაც ისწრაფვიან, ბავშვები საკუთარ ნებას დაუმორჩილონ.
 
გამოდის, რომ მოწესრიგებულობა კიდევ უფრო მეტ უწესრიგობას აჩენს. რა მოხდება, თუ ჭანჭიკების მოჭერა გაგრძელდება? მანები კიდევ უფრო მეტად მოყანყალდება, და საბოლოო ჯამში რაღაც შეიძლება გატყდეს.
 
აშკარაა, პოლარიზაციის შესამცირებლად დაჭიმული მანების მოშვებაა საჭირო. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? მოწესრიგებულობა ცოტაოდენი გონიერი უწესრიგობით უნდა განზავდეს. მრავალი მეთოდი არსებობს: ლოგინზე ხტუნვა, ბალიშებით „ბრძოლა“, ღრიალი ან გაურკვეველი ბგერების გამოცემა, ოთხზე სიარული, და ბოლოს, კიდევ შეიძლება მოფიქრება.
 
შეიძლება ოჯახის წევრს ჩაუსაფრდეთ და თავს დაესხათ მას ან კიდევ რაიმე დააშავოთ. მაგიდასთან ჯდომისას კარგია ერთმანეთის მურაბით გათხუპვნა, თუ ნამცხვარი არ მოგეპოვებათ. ან დავუშვათ, თუ ზაფხულში, დასვენებისას, წყალსატევის გვერდით ტალახიან გუბეს წააწყდებით, ეს ხომ იღბალია - თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ.
 
საერთო ჯამში, რაც მეტია ასეთი „გონიერი“ სისულელე, მით უფრო დამჯერია ბავშვი. ასეთი პარადოქსის მიზეზი თქვენთვის გასაგები უნდა იყოს.
 
მოწესრიგებულობას ინგლისური იუმორიც კარგად არღვევს, როდესაც სერიოზულობა იდიოტიზმამდეა მიყვანილი. ზოგადად, მხიარულება, ისევე როგორც მოწყენილობა, სულის მდგომარეობაა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოწყენილობა როგორც ასეთი, არ არსებობს, არამედ მხოლოდ რეალობის მართვის მარადიული მოთხოვნილებაა. ეს მოთხოვნილება სულის განუყოფელ თვისებას წარმოადგენს.
 
რაში სჭირდება სულს მხიარულება? ალბათ იმიტომ, რომ კარგია, როდესაც გიხარია. და კარგი რატომღაა? იმიტომ, რომ იუმორი და მხიარულება მნიშვნელოვნებას წვავს. რეალობის მართვა შეუძლებელია ჭარბი პოტენციალების არსებობისას, რომლებიც განზრახვის ენერგიას ბლოკავს და სამყაროს სარკეს ამრუდებს.
 
მართლაც, თუ ადამიანის სხეულს სამჯერ მოვხრით და შევკრავთ, განა მისი სხეული დისკომფორტს არ იგრძნობს? სწორედ ასეთ დისკომფორტს გრძნობს ჭარბი პოტენციალების წნეხში მოქცეული სული, ისინი კი ყოველთვის არსებობენ, ამა თუ იმ ხარისხით. მშფოთვარე გონება გამუდმებით „უგრეხს“ ხელებს სულს.
 
როდესაც მხიარულება დაძაბულობას ხსნის, სული თავისუფლდება. აი ამიტომაცაა კარგი, როდესაც მხიარულებაა - ესაა სულიერი კომფორტის შეგრძნება, და ის ისევე რეალურია, როგორც ნებისმიერი ფიზიკური შეგრძნება.
 
მაგრამ პრინციპში, სარკის კორექცია იუმორის გარეშეც შეიძლება. თუ თქვენ ხასიათის წყობით მხიარული და ონავარი ხუმრობებისკენ არ ხართ მიდრეკილი, მაშინ უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ, სად შეიძლება მართვის სადავეების მოშვება.
 
იძულება იქ, სადაც ეს გარდაუვალია, უნდა განზავდეს თავისუფალი არჩევანით. მაგალითად: „ჭურჭელს გარეცხავ თუ მაღაზიაში წახვალ?“ დისციპლინაც კი თავისუფალი ნების გაცხადებად იქცევა, თუ ის გაცნობიერებულ აუცილებლობაზეა დაფუძნებული.
 
თუ უფროსი კარნახობს წესს „არ შეიძლება და მორჩა“, და ამაგრებს არგუმენტით „იმიტომ რომ იმიტომ“, მაშინ ეს სულაც არაა ზრდასრული, არამედ ძალაუფლების მქონე სულელი ბავშვია. განა უკეთესი არ იქნებოდა თანასწორად განხილვა და სიტუაციის მოდელირება პრინციპით „რა იქნებოდა, თუ...“
 
იძულება ამრუდებს სარკეს, ამიტომაც საპირისპირო შედეგს იძლევა. პოლარიზაციის მოსახსნელად აუცილებლად უნდა გადახედოთ საკუთარ პოლიტიკას და ძალაუფლების დემონსტრაციიდან პატივისცემის მოპოვებაზე გადახვიდეთ, ავტორიტარიზმი კი ნდობით უნდა ჩაანაცვლოთ.
 
იძულების ნაცვლად ისე უნდა მოიქცეთ, რომ ბავშვს თავად მოუნდეს შეასრულოს ის, რაც მისგან მოითხოვება. ამისთვის მხოლოდ იმის მოფიქრებაა აუცილებელი, როგორ ვაქციოთ ბავშვისთვის დამამძიმებელი ვალდებულება მისი მნიშვნელოვნების ამაღლების მეთოდად. საკუთარი მნიშვნელოვნების დადასტურება და გამყარება ყველა ადამიანის მოტივაციის საფუძველია, ბავშვებისთვის კი განსაკუთრებით. ბავშვებთან ურთიერთობისას ფრეილინგის პრინციპები საუკეთესოა, რაც გადმოცემულია წიგნში „რეალობის ტრანსერფინგი“.
 
ინტუიციისკენ მიდრეკილება - კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც ყოველნაირად უნდა განვავითაროთ. ინდიგოებში თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა „მარცხენა ნახევარსფეროს“ მიდგომას იყენებს და უნარ-ჩვევების განვითარება სულაც არ აქვს მიზნად. სისტემა ბავშვებს გაკვეთილების დასწავლას და სათანადოდ ჩაბარებას აიძულებს. განზრახვა ცოდნის შეძენაზე კი არა, არამედ სწორად ჩაბარებაზეა მიმართული.
 
ასეთი მიდგომისას ძირითადად მარცხენა ნახევარსფერო მუშაობს, ისიც პასიურ რეჟიმში. ინფორმაციით თავის გამოჭედვისკენ სწრაფვა ერთმნიშვნელოვან რეაქციას აჩენს: „არ მინდა!“ ასეთი მეთოდით მიღებული ცოდნა უსარგებლოა - ის მხოლოდ მცირე ხნით ჩერდება მეხსიერებაში პასიური სახით, საწყობში დალაგებული ტვირთის მსგავსად, და ძალზე მალე ხდება უვარგისი - ის ავიწყდებათ.
 
ამ დროს კი ძალიან ადვილად შეიძლება განათლებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სიტუაციის გამოსწორება. ამისთვის კი მხოლოდ მოსწავლის განზრახვის სხვა მხარეს მიმართვაა საჭირო.
 
პირველი, სწავლების მეთოდიკა საფუძველში უნდა შეიცვალოს: არა დაზეპირება, არამედ პრაქტიკული გახდეს. ასეთ შემთხვევაში ტვინი ისე იმუშავებს, როგორც საჭიროა, - შემოქმედის როლში, და არა საწყობის დანიშნულებით.
 
მეორე, სწავლების მიზანი უნდა შეიცვალოს: ჩაბარების ნაცვლად სხვებისთვის სწავლება. დიახ, სწორედ ასე. სპეციალური სკოლები არსებობს, სადაც ბავშვები პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთს ასწავლიან, ანუ მონაცვლეობით თამაშობენ მოსწავლის და მასწავლებლის როლებს. ასეთი სკოლების მოსწავლეები ბრწყინვალედ ითვისებენ რთულ პროგრამებს რეკორდულად მოკლე დროში. და ეს ყველაფერი იმის წყალობით, რომ განზრახვა აქტიური გახდა.
 
უნდა ითქვას, რომ ასეთი სკოლები ერთეულია და იქ მოხვედრა ძნელია. თითქოსდა, რატომ არ უნდა იყოს ყველგან დანერგილი ეს წარმატებული მეთოდი, რომელმაც თავისი ასპროცენტიანი ეფექტიანობა დაადასტურა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!
 
საქმე იმაშია, რომ სტრუქტარას ეს არ აწყობს -  მას არა ტალანტები, გამორჩეული პიროვნებები, მკვეთრად ინდივიდუალური პირები, არამედ გამართულად მომუშავე ელემენტები სჭირდება. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა, საგანმანათლებლო სისტემა - თავად სრულყოფილებაა! ის საიმედო ელემენტებს ამზადებს და ამას სწორედ ისე აკეთებს, როგორც სტრუქტურა - ქანქარათა სამყარო ითხოვს.
 
მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ხეები ქვებზეც იზრდება და საყოველთაო წესრიგის მარწუხებშიც ხანდახან გენიოსები იზრდებიან. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი ასეთი გამორჩეული გამონაკლისი გახდეს, სისტემის ყველა კანონით შეზღუდეთ ის. ხოლო თუ თქვენს შვილებს ნამდვილად სიკეთეს უსურვებთ, მათთან ურთიერთობისას აუცილებელია გამუდმებით ყურადღება მიაქციოთ პოლარიზაციის დონეს, რომელიც ამრუდებს სარკეს და ბავშვს უმართავს ხდის.
 
ინდიგო ბავშვები (ამჟამად ასეთები უმრავლესია) შესანიშნავი თვისებები აქვთ, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი - ინდივიდუალობაა. ქანქარათა სამყაროში ბავშვებს ძალიან უჭირთ ამ თვისების შენარჩუნება. ამიტომ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ტრანსერფინგის მთავარი წესი: „ნება მიეცით საკუთარ თავს და სხვებს, იყოს ის, ვინც არის“.
 
მაგრამ მანების ძალზე მოშვებაც არ შეიძლება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. როგორ ვიპოვოთ ეს ოქროს შუალედი?
 
უნდა დაუკვირდეთ, იაზროვნოთ და გამოიყენოთ სარკის კორექციის პრინციპი, და არა ბრმად მიჰყვეთ საკუთარ ხაზს. თქვენს ძალებშია მიეხმაროთ ბავშვებს გახდნენ გამორჩეული პიროვნებები. სტრუქტურაში ჩართვას ისინი თავადაც მოახერხებენ.

 


 რეალობის განმგებელი
 
აქამდე იმაზე ვსაუბრობდით, საკუთარი ცხოვრება გაცნობიერებულ სიზმრად, სამყაროს ნიშა კი მყუდრო კუთხედ როგორ გვექცია. სარკული პრინციპები რეალობაზე მართალია საგრძნობად, მაგრამ რბილად ზემოქმედებს. ახლა უფრო ძლიერ მეთოდებს გაეცნობით.
 
ტრანსერფინგის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს მიზნობრივი სლაიდი - სურათის ვიზუალიზაცია, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია. აღარ გავიმეორებ იმას, რაც ძალზე დაწვრილებით უკვე აღწერილია პირველ წიგნში. მხოლოდ მთავარ მომენტებს შეგახსენებთ.
 
სლაიდს არ უნდა უყუროთ, როგორც გარეშე კინოსურათს. თქვენ წარმოსახული მოვლენების შუაგულში უნდა იმყოფებოდეთ: რას საქმიანობთ, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია, რას გრძნობთ, რა შეგრძნებები გაქვთ, რა არის თქვენს ირგვლივ, რა ხდება. სლაიდის ცენტრში ყოფნისას თქვენ წარმოიდგენთ, რომ ყველაფერი გაქვთ, რისკენაც მიილტვით. ეს ტექნიკა არაა, აქ მკაცრი წესები არაა. ისე გააკეთეთ, როგორც გამოგდით. პრინციპი ერთია: თქვენ სამყაროს სარკის წინ დგახართ და აზრებით იმ სურათს ქმნით, რომლის მიღებაც გსურთ რეალობაში.
 
მიზნობრივი სლაიდი ვარიანტთა დინების ვექტორს განსაზღვრავს. თუ მას აზრებში სისტემატურად ატრიალებთ, მოვლენათა და გარემოებათა დინება მიზნისკენ მიიმართება. გზის დასაწყისში არაა აუცილებელი მკაფიო გეგმა გქონდეთ და იცოდეთ, როგორ მოხდება მისი რეალიზაცია. განხორციელების საშუალებებზე ფიქრი არ ღირს. საჭირო დროს საჭირო კარი გაიღება - კონკრეტული გზები და შესაძლებლობები - და თქვენ მათ დაინახავთ. არ შეიძლება მკაცრი პირობების დაყენება, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს, თქვენი საქმე - საბოლოო შედეგზე კონცენტრირებაა.
 
მიზნობრივი სლაიდის გარდა არის კიდევ პროცესის ვიზუალიზაცია, რომელიც ასევე პირველ წიგნშია აღწერილი. როდესაც მიზნისკენ გზას ადგახართ, ანუ უკვე იცით, როგორ უნდა განხორციელდეს ის, და ასრულებთ ყველაფერს, რაც ამისთვისაა აუცილებელი მატერიალურ სამყაროში, პროცესის დაჩქარება მისი ვიზუალიზაციით შეიძლება. პრინციპი აქ ასეთია: მე ყველაფერი გადასარევად გამომდის, დღეს ყველაფერს უკეთ ვაკეთებ, ვიდრე გუშინ, ხვალ კი უკეთესად იქნება, ვიდრე დღესაა. შეიძლება ითქვას - ესაა ნიჩბების მოსმა ვარიანტთა დინების მიმართულებით. მაგრამ მთავარი მაინც - ვარიანტთა დინების მიმართულებაა. თუ აზრებში მიზნობრივი სლაიდი გაქვთ, ყველა გარემოება მიზნის მიღწევაზე მუშაობს, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ეს ასე არაა.
 
სლაიდის ტრიალი შეგიძლიათ ყველგან და ყოველთვის, რამდენიც და როცა გნებავთ. მაგრამ დღეში ნახევარი საათი მაინც, თუ ნამდვილად გსურთ მიზნის მიღწევა. ვიზუალიზაციის ეფექტის გასაძლიერებლად რამდენიმე კონკრეტული ხერხი არსებობს.
 
მათგან პირველი - ენერგეტიკული დინებებია. ვარიანტთა სივრცის სექტორი მატერიალიზდება ენერგიით, რომელიც, გადის რა ადამიანის სხეულს, მოდულირდება აზრებით და განზრახვის ენერგიად გადაიქცევა. რაც უფრო ძლიერია გამოსხივება, მით უფრო ძლიერია ეფექტი. სიმძლავრის გაზრდა შეიძლება, თუ ყურადღების კონცენტრირებას ენერგეტიკულ დინებებზე გავაკეთებთ. ამისთვის წარმოიდგინეთ, რომ სხეულის ცენტრიდან, დაახლოებით მუცლის ან მზის წნულის დონეზე, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ნახევარმეტრიანი ისრები გამოდიან. აზრობრივად ისინი ერთდროულად ისე შეატრიალეთ, რომ წინა ისარი ზემოთ მიემართოს, უკანა კი - ქვემოთ. „გასაღების ასეთი მოტრიალება“ დაღმავალ და აღმავალ დინებებს ააქტიურებს. 
 
წარმოიდგინეთ, ისე რომ ძალიან არ დაიძაბოთ, როგორ მიედინებიან ისინი ხერხემლის გასწვრივ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით და მიდიან - ერთი ზეცაში, მეორე კი მიწაში. ყურადღების ნაწილის დინებებზე დაფიქსირებით, დაატრიალეთ სლაიდი და აბრუნეთ ის თქვენი სიამოვნებისთვის. უმჯობესია, თუ ამას გასეირნებისას გააკეთებთ, იქ, სადაც ბევრი ხალხი არაა.
 
შემდეგი ხერხი - ფრეიმია. დაფიქრდით, რის კეთება გიყვართ, როდესაც მიზანი მიღწეულია, რა არის მიზნობრივი სლაიდის განუყოფელი ნაწილი, მისი აუცილებელი ატრიბუტი? მაგალითად, ბუხართან სარწეველაში ზიხართ, საკუთარი იახტის საჭესთან დგახართ, ვარდებს რგავთ თქვენი სახლის ბაღში, ხელს ართმევთ პარტნიორებს წარმატებული გარიგების შემდეგ, - სლაიდის ნებისმიერი დამახასიათებელი ფრაგმენტი. აზრებში ეს სურათი რამდენჯერმე დაატრიალეთ. ის გარკვეულ ინტეგრალურ შთაბეჭდილებას - სლაიდის მყისიერ ანაბეჭდს - უნდა ქმნიდეს, რომელიც საკუთარ თავში გაელვებულ სურათ-ხატს და თანმდევ შეგრძნებებს შეიცავს. სწორედ ესაა ფრეიმი. შეგიძლიათ მოკლედ დაასათაუროთ, მოხერხებული რომ იყოს. ახლა დრო და დრო მეხსიერებაში უნდა ჩართოთ წამიერად, ნათურასავით. ფრეიმი კიდევ ერთი ძაფია, რომელიც ვარიანტების სივრცის მიზნობრივ სექტორთან გაკავშირებთ.
 
ფრეიმის ეფექტიანობის გაზრდა ე.წ. აფეთქების ტალღის საშუალებით შეიძლება. აზრებში ფრეიმი ან უბრალოდ სურათი შექმენით, რომლის განხორციელებაც გსურთ სინამდვილეში. ამის შემდეგ მაშინვე წარმოიდგინეთ, თქვენგან ყველა მიმართულებით როგორ ვრცელდება სფერო, თითქოს თქვენი ენერგეტიკული გარსი ფეთქდება. აფეთქების ტალღა იმდენად შორს ვრცელდება, რამდენის წარმოდგენაც შეგიძლიათ. შეიძლება ეს იმდენჯერ გააკეთოთ, სანამ არ მოგწყინდებათ. რა ხდება ამ დროს? თქვენ აზრობრივ სურათ-ხატს ქმნით და მას გარშემომყოფ სამყაროში აგზავნით. შეგიძლიათ ეჭვიც არ შეგეპაროთ, თქვენი აზრი უკვალოდ არ იკარგება. უბრალოდ გაითვალისწინეთ, სარკე დაყოვნებით მუშაობს.
 
კიდევ ერთი ხერხი - გარე სფეროა. შესაძლოა, აქამდე ვერ მოახერხეთ თქვენი ენერგეტიკული გარსის შეგრძნება და ვერც მის გაფართოებას გრძნობთ, რომელიც წარმოსახვას ემორჩილება. ეს იმიტომ, რომ თქვენ შინაგანი განზრახვით მოქმედებთ. ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენს ირგვლივ სფერო, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. წარმოიდგინეთ, რომ ეს სფერო გექაჩებათ. თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც თქვენს გარეთ თქვენი სხეულის გაწელვას ცდილობს. სადღაც ხუთი-შვიდი მეტრის რადიუსშია უხილავი ფრონტი. მისი მსუბუქად გაწელვა და შეკუმშვა სცადეთ - ის მოქნილად შეგეწინააღმდეგებათ.
 
აი ახლა თქვენ სფერო უფრო მკაფიოდ შეირძენით. სწორედ ესაა ის საზღვარი, რაც თქვენ გარე სამყაროსთან გაკავშირებთ. სფეროს შიგნით - თქვენია, გარეთ კი - არაა თქვენი. და იმავე დროს სფერო თქვენ იმდენად გეკუთვნით, რამდენადაც გრძნობთ, როგორ გექაჩებათ ის. განზრახვა შებრუნდა: აქტიური საწყისი ახლა არა თქვენს შიგნით, არამედ გარეთ იმყოფება.
 
ანალოგიურად, საგანზე შინაგანი განზრახვით ზემოქმედების მცდელობისას, მაგალითად, ფანქრის გადაადგილება ნებისყოფის ძალით, თქვენ ვერაფერს მიაღწევთ. სცადეთ წარმოიდგინოთ, თავად ფანქარი როგორ გიზიდავთ უხილავი ძაფებით. აი ამ დამაკავშირებელი რგოლით თავადაც შეძლებთ მის გადაადგილებას. ზუსტად ასევე, თუ ჰაერში აწევას ცდილობთ, ვერ აფრინდებით. შესაძლოა, რაღაც გამოგივიდეთ კიდეც, თუ შინაგან განზრახვას გარეგანად აქცევთ. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ იმ საზღარს გასცდეთ, სადაც თქვენი ნება „სამყარო დაიმორჩილოთ“ გადაიქცევა „ნება მისცეთ, თავად გააკეთოს ეს“.
 
ეს ყველაფერი ასე მარტივი არაა. მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის აუცილებელი არაა. სრულიად საკმარისია გარეთა გარსის არსებობა ვიგრძნოთ. დაიჭირეთ ეს შეგრძნება, დააფიქსირეთ მასზე ყურადღების ნაწილი და დაიწყეთ მიზნობრივი სლაიდის ტრიალი. სფერო თავისებური ანტენის როლს შეასრულებს აზრობრივი ენერგიის გადასაცემად, რაც გაცილებით გააძლიერებს სლაიდის მოქმედებას.
 
შემდეგი ხერხი - დეკორაციების მისადაგება. შეეცადეთ ყოველგვარი აზრები, რომლებიც გონებაში მოდიან, თქვენი მიზნის საერთო მნიშვნელამდე დაიყვანოთ. ჩვეულებრივ, აზრები, თვითნებურიც კი, ერთმანეთის მიყოლებით ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან. ლოგიკური ჯაჭვი მიზნობრივი სლაიდის რომელიმე ფრაგმენტით დაასრულეთ. უბრალოდ საკუთარ თავს დრო და დრო შეახსენეთ, რისკენ მიისწრაფით საბოლოო ჯამში. რაზეც არ უნდა ფიქრობდეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი ყურადღება ყოველთვის მიზნისკენ დააბრუნეთ. დაე, სლაიდი ფონად იქცეს - ყოველი მოვლენა, ინფორმაციის ყოველი ბლოკი თქვენ მის კონტექსტში უნდა აღიქვათ. მაშინ თქვენი სამყაროს ნიშის შექმნას უფრო ეფექტიანად შეძლებთ, და თქვენი განზრახვა სინამდვილედ განხორციელდება.
 
ასევე შესაძლებელია გარემოცვის იმასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მიზანთან გელით. დავუშვათ, პარკში სეირნობთ და მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ გონებაში, რომელშიც საკუთარი სახლის წინ ბაღში საქმიანობთ. ბალახს და ხეებს ირგვლივ ამ სლაიდის პრიზმით შეხედეთ. თქვენ იგრძნობთ, რომ სურათი იცვლება - დეკორაციები ახალ ელფერს იძენს. შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, თითქოს ვირტუალურად უკვე საკუთარ ბაღში იმყოფებით. ეს ეფექტი გარემოზე სლაიდის ზედდების შედეგად ჩნდება. ყურადღების ნაწილი ვარიანტთა სივრცის სექტორზეა დაფიქსირებული, სადაც თქვენი მომავალი ბაღი მდებარეობს, ამ დროს კი თქვენი თვალები მატერიალურ სინამდვილეს ხედავს. ხდება მიმდინარე რეალობის  თავისებური გარდასახვა თქვენი მიზნის სექტორად. ასეთ მომენტებში თქვენი აზრების სურათ-ხატების მატერიალიზაციის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
 
გაიხსენეთ ასევე, ბავშვობაში, როდესაც მსუბუქად და კომფორტულად გრძნობდით თავს, სამყარო თქვენზე ზრუნავდა. მაშინ ამას ვერ აცნობიერებდით. უბრალოდ კარგად გრძნობდით თავს. მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან კაპრიზულობას  და უკმაყოფილების გამოხატვას მოუმატეთ, რის გამოც სამყარო გაცივდა თქვენს მიმართ. რასთან ასოცირდებოდა ბავშვობაში სიმშვიდის და სიმყუდროვის ის შეგრძნება? აი ეს ასოციაცია შეიძლება გასაღებად აქციოთ დეკორაციების აღსადგენად, რომელთა შორის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობთ. ხანდახან ის ძველი მყუდრო და უსაფრთხო გარემო გაიხსენეთ, და თქვენი სამყარო თანდათან კვლავ მეგობრული და კომფორტული გახდება.
 
და ბოლო ხერხი სპეციალურად ზარმაცებისთვის - მიზნობრივი ამალგამაა. წარმატებული ვიზუალიზაციის მთავარ პირობას წარმოადგენს ის, რომ თქვენ არ უნდა აიძულოთ საკუთარი თავი ეს გააკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ გონებაში მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ და ამ დროს სიამოვნებას არ იღებთ, პირიქით, ამას ძალდატანებით აკეთებთ, ჭარბი პოტენციალი წარმოიქმნება. შედეგად წონასწორული ძალები მთელ თქვენს ძალისხმევას გააბათილებს. ასეთ შემთხვევაში აჯობებს უარი თქვათ ასეთ დამთრგუნველ სამუშაოზე და მთელი საქმე თქვენი სამყაროს მხრებზე გადადოთ. სთხოვეთ „ხელში აგიყვანოთ“, დაე, თავად იზრუნოს, რომ თქვენი არჩევანი განხორციელდეს.
 
საკუთარ თავს მითითება მიეცით: ყველაფერი თავად, ჩემს გარეშე მოგვარდება. ასეთი განზრახვის გაცხადებისას თქვენ პროგრამას აძლევთ თქვენს სამყაროს, რომელთა შესაბამისადაც მოვლენები თვითნებურად შემობრუნდებიან იმგვარად, რომ მიზანთან მიგაახლოვონ. გამოდის, თქვენ მარწუხებს უშვებთ და გარეგან განზრახვას მიზნის რეალიზების საშუალებას აძლევთ. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ და თავს ნება მისცეთ უბრალოდ დატკბეთ მიზნობრივი სლაიდით. თქვენ არ ხართ მეტად ვალდებული მასზე იმუშაოთ - ამას თქვენი სამყარო აკეთებს. მის „ხელებზე მოკალათებულს“, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დრო და დრო შეახსენოთ სამყაროს, რის მიღებას ელოდებით მისგან. და ასევე ღრუბლებში ნუ იფრენთ, არამედ ფიზიკურ პლანზე შეასრულეთ ყველაფერი, რაც თქვენგან მიზნის მისაღწევად მოითხოვება.
 
რა ხერხიც არ უნდა გამოიყენოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სურვილს კი არ გამოთქვამთ, არამედ მტკიცე განზრახვას აცხადებთ და მიზანს განიხილავთ როგორც გარდაუვალ ფინალს. თუ არ შეგიძლიათ თქვათ „ვფლობ“, ის მაინც თქვით, „ვაპირებ ვფლობდე“. იმისთვის, რომ სინამდვილეში განიზრახოთ შეკვეთის მიღება, რაღაც კონკრეტულის გაკეთებაა აუცილებელი, რომელიც განზრახვის სერიოზულობას დაადასტურებს. მაგალითად, თუ დილით გარკვეულ დროს ადგომა განიზრახეთ, შეიძლება ჩაგეძინოთ. მაგრამ თუ მაღვიძარას ჩართავთ, დიდი ალბათობით ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგეღვიძებათ.
 
აზრი იმაშია, რომ განზრახვა დააფიქსიროთ. თქვენ ამას აკეთებთ ყოველ ჯერზე, როდესაც „ხეზე აკაკუნებთ“ ან მარცხენა მხარს იქით აფურთხებთ. ნებისმიერი ხალხური ნიშანი, რომელიც გარკვეული რიტუალის შესრულებას მოიაზრებს, ამ პრინციპს ეფუძნება. მაგალითად, ბედნიერების მშიშარა ფრინველის დასაჭერად ძველად ადამიანები სამყურას იყენებდნენ. იღბლიან მომენტში ადამიანი სამყურას გამოსახულებიან რაიმე ნივთს უნდა მოჭიდებოდა, საშიშროებისას - ასევე. სამყურა ავი სულებისგან დამცავ საშუალებადაც ითვლებოდა.
 
საქმე იმაში კი არაა, რომ გარკვეულ ნივთს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და ამიტომ თილისმად შეიძლება გამოიყენებოდეს. საგნების ჯადოსნური ძალა მათდამი დამოკიდებულებაშია. თუ ადამიანს სწამს, რომ თილისმას ან რიტუალს მაგიური მოქმედების უნარი გააჩნია, - ის ამგვარად განზრახვას აფიქსირებს. თქვენც შეგიძლიათ მოიფიქროთ ნებისმიერი „ლურსმანი“, რომელზეც თქვენს განზრახვას ჩამოკიდებთ. მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, მოყვარულისთვისაა. მაგიური რიტუალების გამოგონება არაა აუცილებელი, მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ადასტურებს, რომ გადამწყვეტად ხართ განწყობილი. მაგალითად, თუ საკუთარი სახლის შეძენა გსურთ, ისე იმოქმედეთ, თითქოს უკვე გადასვლას აპირებდეთ: განცხადებები და კატალოგები ათვალიერეთ, მაღაზიებში ავეჯი და საოჯახო ტექნიკა შეარჩიეთ, უკვე ახლავე დაინტერესდით ყველაფრით, რაც ამ თემას ეხება. განზრახვის ფიქსაცია - ძალზე მოქმედი საშუალებაა.
 
სლაიდის გაძლიერების ხერხების დიდი ნაირსახეობა არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი უფრო ეფექტიანია, რომელიღაც კი ნაკლებად. შეგიძლიათ რამდენიმე ხერხი გამოიყენოთ ან მხოლოდ ერთი აირჩიოთ. არჩევანის კრიტერიუმები: პირადად თქვენთვის უპირატესს წარმოადგენს ის, რომელიც უფრო მოგწონთ და, თქვენი აზრით, ყველაზე უკეთ გამოგდით.
 
მეთოდების პრაქტიკულად გამოყენებისას უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ ან ზედმეტი გულმოდგინებით, ან დაუდევრობით. ზოგი მეთოდიკა ვიზუალიზაციის შესრულებას მთელი ენერგიულობით და მისწრაფებით გვირჩევს, სხვა მეთოდიკები გვთავაზობს აზრის ფორმირებას და მის თავისუფლად გაშვებას, ისე რომ არც კი გავიხსენოთ, რათა შეკვეთის რეალიზაციას ხელი არ შეეშალოს. როგორც ხვდებით, ყველაზე ოპტიმალური - ოქროს შუალედია. თავი რომ არ იმტვრიოთ, თუ სად მდებარეობს ის, ასეთი პრინციპი გაიხადეთ წესად: როგორც გამოგდით, ისეა საჭირო, თავად შეგიძლიათ თქვენი მეთოდიკის შემუშავება და მისი წარმატებით გამოყენება. მთავარია, რომ სული და გონება ერთიანი იყვნენ იმაში, რომ სწორად მოქმედებთ. თქვენ საკუთარ რეალობას ქმნით როგორც სარკეში ანარეკლს. როგორ დადგეთ სარკის წინ - თავად უნდა გადაწყვიტოთ. საკუთარი სამყაროს ნიშა ისე შექმენით, როგორც გეხერხებათ. რას ვგულისხმობ ამაში?
 
ვიზუალიზაციისას სულიერ დისკომფორტს არ უნდა განიცდიდეთ. გარეგანი განზრახვა მხოლოდ სულის და გონების ერთობისას ჩნდება. ეს ერთიანობა არ მიიღწევა, თუ თავს აიძულებთ აუცილებელი სამუშაოს შესრულებას. ასე ვერაფერს მიაღწევთ, მხოლოდ დროს დაკარგავთ ფუჭად.
 
მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია სწორედ ისე უნდა შეასრულოთ, როგორც თქვენთვისაა მოსახერხებელი, კომფორტული, სასიამოვნო, ერთადერთი პირობით: სლაიდს გარედან კი არ უნდა უყუროთ, როგორც სურათს, არამედ მასში იცხოვროთ თუნდაც ვირტუალურად. თქვენი თავი სლაიდის შიგნით წარმოიდგინეთ, და არა მის გარეთ. სხვა ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც უფრო მოგწონთ.
 
რის გაკეთებაც არ ღირს, ზედმეტი გულმოდგინებაა. უბრალოდ რეგულარულად, დრო და დრო, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭეთ თქვენს მიზანზე ფიქრით, თითქოს ის უკვე მიღწეულია. თქვენ ხომ მოგწონთ წარმატების ყოველგვარ შედეგებზე ფიქრი? ჰოდა მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება. ნუ გადააქცევთ ამ საქმიანობას ვალდებულებად. სასიამოვნოზე ფიქრით თქვენ განუხრელად მიიწევთ წარმატებისკენ. ხოლო რაკი იცით, რომ მიიწევთ, - მიანიჭეთ თავს სიამოვნება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თუ აი ასეთი „ჩაკეტილი ბედნიერი წრის“ შექმნა გამოგივათ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
 
რეგულარულობა - წარმატების მთავარი პირობაა. თქვენ შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, რომ აი ასე მარტივად, საკუთარი აზრებით, თქვენი რეალობის შექმნა შეგიძლიათ. გიცდიათ როდესმე  თუნდაც თვის განმავლობაში, სისტემატურად, ცნობიერად მიგემართათ აზრები მიზნისკენ? სავარაუდოდ, არა. თქვენ მიჩვეული ხართ აზრების თავისუფლად მიშვებას. ისინი სივრცეში უფორმო მასად იფრქვევა, ამიტომ შესამჩნევი ცვლილებები არ ჩანს. მხოლოდ უარესის მოლოდინები, ანუ ის, რაც გაწუხებთ და ამიტომ მთელი აზრები აქვს მოცული, ნამდვილად სრულდება.
 
წარმოიდგინეთ ასეთი სულელური სიტუაცია. თქვენ ვაშლის ხე დარგეთ და სერიოზულად გეიმედებათ, რომ ვაშლებს იმავე წამს მოისხამს. მაგრამ რადგან ასეთი არაფერი ხდება, მოთმინებას კარგავთ და ხელჩაქნეული მიდიხართ. ვაშლის ხეს კი სურს მოგაყვიროთ: „დაიცადეთ, სად გარბიხართ!“ იგივე გამოდის დასახული მიზნის შემთხვევაშიც. რეალობის ფორმირება ერთჯერადი სურვილით შეუძლებელია.
 
აი, რეალობაზე აქტიური ზემოქმედების ყველა ძირითადი ხერხი. თუ მათ პრაქტიკაში დანერგავთ, ერთ საინტერესო მოვლენას შეეჯახებით. დავუშვათ, დღეს შთაგონებით და საკმაო ინტენსივობით გააკეთეთ ვიზუალიზაცია. მაშინ მეორე დღეს შეამჩნევთ, რომ რეალობას რაღაც უჩვეულო ემართება. მაგალითად, დღის განმავლობაში შეიძლება არაორდინალური გარეგნობის რამდენიმე ადამიანი შეგხვდეთ - ძალიან მაღლები, უცნაურად ჩაცმულები, მახინჯები. შეიძლება ყურადღება მიიქციოს ადამიანების აუხსნელმა გაღიზიანებამ, როდესაც კონფლიქტები ფაქტობრივად უმიზეზოდ იწყება. ან რაღაც ისეთი ხდება, უცნაური, თითქოს სიზმარია.
 
ეს შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას. თქვენი სამყაროს ნიშა ჩვეულებრივ მდგომარეობაში სივრცეში ვარიანტთა დინების მიმართულებით, ანუ უმცირესი ენერგოდანახარჯის კალაპოტში მოძრაობს. ინტენსიური ვიზუალიზაცია კი იწვევს იმას, რომ კალაპოტი სწორდება და მიზნისკენ უმოკლესი გზით მიდის. მკვეთრად მიმართული აზრების ენერგიას თქვენი ცალკეული რეალობა ვარიანტთა სივრცის გარდამავალ უბნებში შეჰყავს, რომლებიც ნორმალური დინების გვერდით მდებარეობს, და სადაც ყველაფერი ოპტიმალური და მიზანშეწონილი არაა. ეს ტრანზიტული ზონებია, რომლებიც როგორც წესი სიზმრებში გვხვდება, მაგრამ იშვიათად სინამდვილეში რეალიზდება, რადგან არაბუნებრივი სცენარი და დეკორაციები აქვთ და მომატებულ ენერგოდანახარჯებს მოითხოვს.
 
თქვენი აზრების ენერგია ძალით ზემოქმედებს რეალობაზე, და ის დეფორმირდება, როგორც წყლის ზედაპირი აღელვებისას. წყალზე წრეები უკვე დიდი ხანია აღარ გაოცებთ. მაგრამ ახლა რაღაც სრულიად გასაოცარის - არარეალურობის წრეების - ნახვა გელით. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ანომალია, რომელსაც ვაკვირდებით, შემთხვევითია, რომ ადამიანთა გაღიზიანება ასეთ დღეებში გარკვეულ მაგნიტურ ქარიშხლებზეა დამოკიდებული  და რომ სუბიექტები უცნაური გარეგნობით ხანდახან უბრალოდ გვხვდებიან. უჩვეულო სინამდვილე თქვენი სამყაროს ნიშაში იჭრება, როდესაც ის ტრანზიტულ ზონებს გადის. წრეები სწორედ ვიზუალიზაციის ინტენსიური პრაქტიკის შემდეგ ჩნდება. როდესაც ამას დაინახავთ, ყველაფერს მიხვდებით. საკმაოდ შთამბეჭდავია.
 
ამრიგად, რეალობაზე ზემოქმედება გამოყენებულ ტექნიკაზე დამოკიდებული ამა თუ იმ ზომის ძალითაა შესაძლებელი. პრინციპში, იმისთვის, რომ საკუთარი სამყაროს ნიშა მყუდრო კუთხედ აქციოთ, მხოლოდ ამალგამაც სრულიად საკმარისია. მაგრამ თუ განმგებლის განზრახვას ავამოქმედებთ ზემოთ მოყვანილ ხერხებთან ერთად, გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი.
 
შედარებისთვის წარმოიდგინეთ სურათი, სადაც ორი ბავშვი ხვდება ერთმანეთს: ერთის სამყარო ეტლით მიქრის, მეორე კი თავის სამყაროსთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მიდის. პირველი, როგორც ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, სიამაყით აცხადებს:
 
-       ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს!
 
მეორე პასუხობს:
-       მე კი ჩემს სამყაროსთან ერთად სათამაშოსთვის მივდივართ!
 
ხედავთ განსხვავებას?
 
და ბოლოს, რა მინდა გითხრათ. ერთხელ წერილი მივიღე მკითხველისგან, რომელშიც მან უნებურად პრაქტიკის ძირითადი იდეა ჩამოაყალიბა: „ტრანსერფინგის ტექნიკაში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხოვრებისადმი დამოკიდებულება შევცვალე, მყარი განცდა გამიჩნდა, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდის, მომავალში კი უკეთესად იქნება. ყველაფერი უბრალოდ ისე იქნება, როგორც საჭიროა“. თქვენ შეიძლება ყველა ხერხი დაგავიწყდეთ, მაგრამ თუ საკუთარ თავში ასეთი ინტეგრალური შეგრძნების შენარჩუნებას შეძლებთ, ეს საკმარისი იქნება. განზრახვის ინტეგრაცია ფორმულით „ყველაფერი მშვენივრად მაქვს და ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა“ წარმატების განზოგადებულ სურათს ქმნის, რომელიც სინამდვილეში აირეკლება.
 
ასე რომ თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული. შექმენით თქვენი რეალობა!
 


სიზმარხილვის კოორდინაცია
 
სიცოცხლის დასაწყისიდანვე ყოველი ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში აღმოჩნდება: მე სიღარიბეში დავიბადე, და ვერ ამოვალ აქედან; უნდა დავკმაყოფილდე იმით, რაც ჩემთვის ხელმისაწვდომია; იმის კეთება მიწევს, რაც მევალება. ეს სიტუაცია აჰიპნოზებს, ითრევს, და ადამიანი ცხადში ზმანების ტყვეობაში აღმოჩნდება, რომელიც მის თავს ხდება. სანამ მას ეს სიტუაცია ეზმანება, ის უფრო და უფრო მყარდება ცხოვრების სარკეში. ამგვარად ადამიანი, რომელიც საკუთარი რეალობის ტყვეობაში იმყოფება, იმავდროულად ინარჩუნებს მას. ღარიბები ღარიბდებიან, მდიდრები კი მდიდრდებიან.
 
გახსოვთ, წინა თავში დუალური სარკის ილუზიის შესახებ რომ იყო საუბარი? სწორედ ანარეკლზე ყურადღების ფიქსაცია აქცევს ცხოვრებას არაცნობიერ ზმანებად, რომელშიც მთლიანად გარემოებათა მარწუხებში იმყოფებით. რეალობა გმართავთ, მანამ, სანამ თქვენ, მოჯადოებულივით, მღელვარებით ადევნებთ თვალს მოვლენებს სარკეში. ზუსტად ასევე იძირება ყურადღება კინოფილმში ეკრანზე, მხოლოდ ცხოვრებაში ეს ჩაძირვა გაცილებით ღრმაა. თქვენ ანარეკლით ხართ დაჰიპნოზებული - ის ფაქტობრივად სარკულ წრეზე გექაჩებათ. როგორ გადავაქციოთ ჩვენი არსებობა არაცნობიერიდან გაცნობიერებულ ზმანებად, რომლის მართვაც შესაძლებელია?
 
ერთი უბრალო რამ უნდა გავიგოთ: ამ სამყაროში ხართ თქვენ და არის სარკე. მანამ, სანამ თქვენი ყურადღება ანარეკლზეა კონცენტრირებული, თქვენ სარკეში იმყოფებით. ყველაფერი, რაც იქ ხდება, - თქვენგან დამოუკიდებლად ხდება. თქვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს გავს, რომელშიც წესებს თქვენ არ განსაზღვრავთ. რა თქმა უნდა, თქვენ გარკვეული მცდელობების ნება გაქვთ იმოქმედოთ იმაზე, რაც იქ ხდება. მაგრამ მთავარი არ შეგიძლიათ: თამაშიდან გამოსვლის საშუალება არ გაქვთ.
 
ამასთან ჩაკეტილ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი რამ გაჩერებთ - თქვენი ყურადღება. თქვენ შეგიძლიათ სარკიდან გამოსვლა. მის შიგნით - არაცნობიერი ძილია, გარეთ - გაცნობიერებული ზმანება. რეალობა ერთნაირია ორივე მხარეს - აქედანაც და იქედანაც, - სარკე ხომ დუალურია. მაგრამ იქ, სარკის მიღმა, თქვენ არ მართავთ რეალობას - ის გმართავთ თქვენ. იქ ილუზიის ტყვეობაში იმყოფებით, თითქოს ანარეკლის შეცვლა შეიძლებოდეს, თუ მას ხელით შეეხებით. მაგრამ ეს მხოლოდ აქეთა მხრიდან შეიძლება, სადაც შინაგანი განზრახვა გარეგანი ხდება. გარეთ გამოსასვლელად ყურადღება ანარეკლიდან სურათ-ხატზე უნდა გადაიტანოთ. გაცნობიერებით, რომ სარკის წინ დგახართ, საკუთარი აზრების შესაბამისად რეალობის შექმნის უნარს იძენთ.
 
ილუზიებისგან გათავისუფლებულმა, აზრების მსვლელობა მეხუთე პრინციპის თანახმად უნდა შეცვალოთ: „არ მინდა“-დან „რა მინდა“-ზე, „არ მომწონს“-დან „რა მომწონს“-ზე, ავადმყოფობიდან ჯანმრთელობაზე, საშუალებიდან საბოლოო მიზანზე. თუ დააკვირდებით, ყოველ ნაბიჯზე გარემოებებთან შეგუება და თქვენი აზრით გარდაუვალი მოვლენების მორჩილება გიწევთ. თქვენ მიეჩვიეთ ზმანების პასიურად აღქმას, როგორც არის. უკეთეს შემთხვევაში მოვლენების შეწინააღმდეგებას, თქვენი სცენარის დაცვას, ვარიანტთა დინებასთან ბრძოლას ცდილობთ. ამ დროს კი მხოლოდ დამოკიდებულების - სარკის წინ ფორმის - შეცვლაა საჭირო. მაშინ თქვენ თამაშის ტყვე აღარ იქნებით - ის თქვენს გარეთ და თქვენი ნებით განვითარდება. კამათლიდან მის გამგორებლად იქცევით.
 
მაგრამ ახლა მოქმედებას იწყებს ახალი წესი: თუ თქვენი აზრით უიღბლო კომბინაცია ამოგივიდათ - ის უნდა მიიღოთ და წარმატებულად გამოაცხადოთ.
 
ეს წესი უნდა შეასრულოთ, თუ ისევ სარკეში არ გინდათ აღმოჩნდეთ. არაა საკმარისი აზრების მიმართულების შეცვლა - გონების კონტროლის გადართვაც საჭიროა სცენარის დამუშავებიდან მის დინამიურ კორექტირებაზე. თქვენ - საკუთარი სამყაროს პატრონი ხართ მანამ, სანამ მეექვსე და მეშვიდე სარკულ პრინციპებს იცავთ.
 
ჩვეულებრივ, გონება ეწინააღმდეგება, თუ დამდგარი მოვლენა მის წარმოდგენებში არ თავსდება. ახლა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც გონება უკმაყოფილებას აცხადებს სცენართან შეუსაბამობის გამო, აუცილებელია გამოფხიზლება და ცვლილებების მზადყოფნით მიღება: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.
 
გონება ვერაფრით ეჩვევა აზრს, რომ გზის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი, საშუალებებზე წუხილი არაა საჭირო. ის მუდამ იჭერს თავს იმაზე, რომ ფიქრობს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, და ათასნაირ ნეგატიურ ვარიანტებს თხზავს. მე კი მინდა ვუთხრა მას: „გაიგე, სულელო, ეს არაა შენი საზრუნავი! შენი საქმეა - საბოლოო მიზანზე ყურადღების ფიქსირება!“
 
ადამიანები თვითონ არ აძლევენ საშუალებას ჩაფიქრებული განხორციელდეს. სურვილის ჩაფიქრებისას, გონება ყოველთვის წინასწარ ადგენს მოვლენათა განვითარების სავარაუდო გეგმას - ასეა მოწყობილი ადამიანის აზროვნება. ხოლო როდესაც განვითარებული მოვლენები ამ სცენარში არ ჯდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაფერი გამოდის. სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად მიდის! მაგრამ რამდენადაც შტამპებით აზროვნებას მიჩვეულ გონებას სცენარში ცვლილებების შეტანა არ სურს, ადამიანი ისე იწყებს მოქმედებას, რომ ყველაფერი გააფუჭოს.
 
აი აქაა მთელი პარადოქსი. არავინ იცის ზუსტად, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რათა შეკვეთა განხორციელდეს. მაგრამ თუ ადამიანი დაიჟინებს, რომ იცის, შედეგად არაფერი გამოდის. თქვენი ოცნებები ძნელადმისაღწევი იმიტომ გეჩვენებათ, რომ შაბლონების ტყვეობაში იმყოფებით და უბრალოდ ამ ოცნებებს განხორციელების საშუალებას არ აძლევთ. თქვენი კარები სტერეოტიპების საკეტითაა ჩარაზული.
 
აზრებში სასურველი სურათ-ხატი - მიზანი შექმენით, შემდეგ კი უბრალოდ ნაბიჯები გადადგით მისკენ. რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი გააკეთეთ თქვენი შეკვეთის შესასრულებლად. განმგებლის განზრახვით იმოქმედეთ: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა, იმიტომ, რომ მე ასე დავადგინე. ჩემს სამყაროში მე განვაგებ, როგორც მსურს. მე აღარ ვარ გარემოებათა ტყვეობაში, და არც მათ მართვას ვცდილობ. აზრებში მიზნობრივი სლაიდის ტრიალით, მე გარემოებებს კი არა, არამედ სამყაროს საბოლოო სურათს ვქმნი, რომელში ცხოვრებასაც ვაპირებ. მოვლენებზე ზემოქმედების მცდელობები - გონების შინაგანი განზრახვის სამუშაოა, რომელიც საკუთარი სცენარის გატანას ცდილობს. გონებას არ შეუძლია იცოდეს, რა ელოდება მიზნისკენ მიმავალ გზაზე. გარემოებები გარეგანი განზრახვით და ვარიანტთა დინებით ფორმირდება. ჩემი საქმეა - დინების ვექტორის განსაზღვრა, ხოლო რომელი კალაპოტით წავა ის - ჩემი საზრუნავი არაა.
 
წარმოიდგინეთ: ერთხელაც გეღვიძებათ თქვენს სარკულ სიზმარში. ირგვლივ რაღაც ხდება. ჩვეულებრივი მოვლენები და დეკორაციებია, მაგრამ თქვენ ყველაფერს სხვაგვარად უყურებთ, თითქოს მოვლენათა ნაკადს თავი დააღწიეთ და უზარმაზარი სფერული სარკის ცენტრში აღმოჩნდით. გიგანტური კალეიდოსკოპი ნელა ტრიალებს თქვენს ირგვლივ და რეალობის წახნაგებს აელვებს. თქვენ - ამ რეალობის ნაწილი ხართ და იმავდროულად ცალკე, დამოუკიდებლად არსებობთ. ზუსტად ასევე აღიქვამთ თქვენს „დამოუკიდებლობას“, როდესაც სიზმარში გეღვიძებათ და ხვდებით, რომ ახლა სიზმარი თქვენზეა დამოკიდებული, და არა თქვენ მასზე. ცხადში სარკულ ზმანებაში - ყველაფერი იგივეა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სინამდვილე ასე სწრაფად არ რეაგირებს. მაგრამ საკმარისია მის დაყოვნებულობას შეეჩვიოთ, რომ სრულიად გასაოცარი რამ იხსნება - რეალობა თქვენი აზრების კვალდაკვალ პლასტიურად იცვლება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სად მოხვდით?
 
თქვენ ამ სამყაროს გარეთ აღმოჩნდით - სარკიდან გამოხვედით.
 


განმგებლის ვერდიქტი
 
ახლა, ძვირფასო მკითხველო, უკვე ყველაფერი იცით, რაც აუცილებელია რეალობის სამართავად. თქვენ ვერ შეძლებთ მთელი სამყაროს შეცვლას. მაგრამ ცალკეული რეალობა - თქვენს განკარგულებაშია. როდესაც დუალური ანარეკლის ილუზიისგან გათავისუფლდებით და სარკული სამყაროს გარეთ აღმოჩნდებით, თქვენს წინაშე მარადისობა გადაიშლება, რომელიც საკუთარ თავში შეუზღუდავ შესაძლებლობებს მოიცავს. და ამ სიტყვებში ერთი წვეთი ზედმეტი პათოსი არაა. ვარიანტთა სივრცეში სამი ჭეშმარიტად ფასდაუდებელი ძღვენი ინახება: თქვენი მომავალი, რომლის მატერიალიზება შეგიძლიათ, ფარული ცოდნა, რომელსაც თქვენი გენიოსად ქცევა შეუძლია, და კიდევ რაღაც სრულიად ამაღელვებელი.
 
ამ საბოლოოს შესახებ ცოტა მოგვიანებით გაიგებთ, ახლა კი ცოდნის შესახებ ვისაუბროთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს კითხვებზე პასუხები გარკვეული განსაკუთრებული გონებისთვისაა ცნობილი, ამიტომ საჭირო ცნობებს სხვადასხვა წყაროში ეძებთ, ანუ ვიღაცასთან სწავლობთ. და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თქვენ ასე შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში იმ გასხივოსნებულებს მიმართავდეთ, რომლებისთვისაც თითქოსდა ცნობილია, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მაგრამ მათ საიდან იციან ეს ყველაფერი? შეიძლება, მათ ბევრი წიგნი წაიკითხეს და ამიტომ არიან ასეთი ჭკვიანები, ან, შესაძლოა, მათ თქვენგან განსხვავებით განსაკუთრებული ნიჭი აქვთ? არც ერთი და არც მეორე.
 
წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე შორეული პლანეტიდან ჩამოფრინდით. აქ ყველაფერი განსხვავებულია, უცხოა, გაუგებარია. ადამიანები თქვენი ჯგუფიდან დაიყვნენ და სხვადასხვა მხარეს გაემართნენ. შედეგად ყველამ რაღაც აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ ტყეში საჭმელად გამოსადეგი სოკოების და კენკრის მოგროვება შეიძლება, მთებში თხილამურებით სრიალია შესაძლებელი. და კიდევ დედამიწაზე სხვადასხვა არსებები ცხოვრობენ - ზოგი უწყინარი, ზოგი კი სიამოვნებით შეგჭამდათ.
 
ზუსტად ასევე კაცობრიობა გამუდმებით რაღაც ახალს აღმოაჩენს. ამ ცოდნის წყარო დაუშრეტელია. მაგრამ გამომგონებლები და შემოქმედები ერთეულები არიან, ხოლო დანარჩენები გაკვირვებულები უცქერენ: როგორ მოახერხა ამ ადამიანმა ამის მოფიქრება? ალბათ, ის რჩეულია. რა აქცევს ადამიანს რჩეულად?
 
მისი მიზნები და კარები - უნიკალური, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გზაა. როგორც კი თქვენს გზას დაადგებით, სამყაროს განძი გაგეხსნებათ. და მაშინ სხვები შემოგხედავენ გაოცებულები, როგორ მოახერხეთ ეს. აი, ასე მარტივადაა საქმე.
 
პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უბრალო პრინციპი თუმცა კი ზედაპირზე დევს, მაგრამ იმავე დროს ძნელად აღიქმება. ყველა ადამიანი ხვდება, რომ წარმატების ახალი, აუღებელი მწვერვალების დასაპყრობად საერთო რიგიდან გამოსვლა და საკუთარი გზით წასვლაა საჭირო, მაგრამ მაინც სხვის კვალზე სვლას აგრძელებენ ჯიუტად და სხვისი გამოცდილების გამეორებას ცდილობენ.
 
ერთხელ, როდესაც პატარა ვიყავი, ჩემმა მშობლებმა პირველად წამიყვანეს ტყეში. დედა და მამა სოკოებს პოულობდნენ და მხიარულად ამცნობდნენ ამის შესახებ ტყეს. მე კი ვერაფერს ვპოულობდი, სასოწარკვეთილი მათ შორის დავრბოდი და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ საკმარისია რომელიმე მათგანს გავყვე და იღბალი მაშინვე გამიღიმებს - რაკი ისინი პოულობენ, ე.ი. იციან, საით წავიდნენ. მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. და მხოლოდ მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად სხვა მხარეს წავედი, ბოლოს და ბოლოს მოზრდილი სოკო ვიპოვნე. მშობლებმა გაოცებით შესძახეს, მე კი პირველაღმომჩენის სიამაყით ავივსე.
 
იმ მომენტში რაღაცას მივხვდი, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრე. შემდგომში სამყარომ კიდევ არაერთხელ მიჩვენა, რომ თუ გატკეპნილ ბილიკს გადავუხვევ, რომელსაც უმრავლესობა მიუყვება, და საკუთარ გზას დავადგები, განძის პოვნას შევძლებ. მაგრამ შემდეგ, ჯოგურ ინსტინქტს დამორჩილებული, მე კვლავ და კვლავ საერთო დინებაში ვიძირებოდი.
 
აქ ვლინდება გააზრებულ ცოდნასა და ინფორმირებულობას შორის განსხვავება. თქვენ შეიძლება რაღაცას ბუნდოვნად ხვდებოდეთ, მაგრამ ეს არ გიშველით. ბუნდოვან წარმოდგენასა და მკაფიოდ ფორმულირებულ ცოდნას შორის მთელი უფსკრულია. პირველი მეორესგან განსხვავებით არ გამოდგება სამოქმედო სახელმძღვანელოდ, ამიტომ პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია. ტრანსერფინგი ამ მიმართებით ყველაფერს თავის ადგილას აყენებს - ბუნდოვან ვარაუდებს მკაფიო ფორმულირებად, რა და როგორ გაკეთდეს, აქცევს.
 
კერძოდ კი: რაღაც მომენტში ძველის შესწავლა უნდა შეწყვიტო და თავად უნდა დაიწყო ახლის შექმნა. უფრო ზუსტად, შექმნაც არა, იქიდან უნდა აიღო, საიდანაც ყველა აღმოჩენის და შედევრის აღებაა შესაძლებელი - მარადისობიდან. ვარიანტთა სივრცეში შენახულ ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად, თქვენთვის საინტერესო სფეროდან ელემენტარული ცოდნის ფუნდამენტი უნდა ჩაყაროთ. ასეთი პირველადი ფუნდამენტის გარეშე ვერ შეძლებთ ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორზე მომართვას, სხვა სიტყვებით, მონაცემთა ბაზას ვერ მიუერთდებით. როგორც კი საწყის ინფორმაციას აითვისებთ, შეგიძლიათ დაივიწყოთ, რასაც გასწავლიდნენ. ამ მომენტიდან აღმოჩენების გაკეთება და ახალი შედევრების შექმნა თავად შეგიძლიათ.
 
წიგნი, ნახატი, მელოდია - ამ ყველაფრის „ამოღება“ ვარიანტთა სივრციდან შეიძლება. 
 
მხოლოდ სექტორის მოხელთებაა საჭირო. მელოდიის მოსახელთებლად შეიძლება ორი-სამი დამახასიათებელი აკორდი გამოდგეს. ნახატისთვის - განწყობა. წიგნისთვის - სიტუაცია. წიგნის დასაწერად სიუჟეტის გამოგონება საჭირო არაა - მას შემდეგ გაიგებთ. მთელ სიუჟეტს სიტუაციები შექმნიან, თუ თავდაჯერებულ გონებას დააშოშმინებთ და გმირებს უფლებას მისცემთ თავად გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციებიდან. შექმნის საჭიროება არაა - იქ ეს უკვე არის - საჭიროა მხოლოდ მშვიდად მიყვეთ ვარიანტთა დინებას. ყველაფერი გენიალური ხომ მოულოდნელად მარტივია. ვარიანტთა დინება კი სწორედ ამ მოულოდნელად მარტივი გზით მიდის, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანი თავად ვერ ხვდება.
 
ასე კომპიუტერული პროგრამების დაწერაც და ტექნიკური აპარატურის შემუშავებაც კი შეიძლება, გეგმის გარეშე, გარკვეული საწყისი წერტილიდან ბიძგით. ცხადია, ზოგიერთ შემთხვევაში პროექტის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ იქ, სადაც მის გარეშეც შესაძლებელია, თუნდაც ცალკეულ მონაკვეთზე, უნდა მიყვეთ ვარიანტთა დინებას - კონცეფციას დამოუკიდებლად გაზრდის საშუალება მისცეთ. გონება, რომელიც ყველაფრის წინასწარ დაპროექტებას ცდილობს, რთულ კონსტრუქციას ქმნის. ვარიანტთა დინება კი ყოველთვის ყველაზე დახვეწილ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იძლევა, რაც შემდეგ მხოლოდ გაოცებას იწვევს: ასე მწყობრად როგორ დალაგდა ყველაფერი, საგულდაგულოდ შედგენილი სქემის გარეშე?
 
ასე რომ, შექმნით კი არა, საქმით უნდა დაკავდეთ და თანმიმდევრულად წახვიდეთ დასაწყისიდან ბოლომდე. საწყის წერტილს ყველა საქმეში იდეა წარმოადგენს - ეს მთავარია, სხვა ყველაფერს ვარიანტთა დინება დაასრულებს. არც იდეის გამოგონება ღირს. მაშ, საიდან მოვა ის? ისევ იქიდან. ყველა გენიალური იდეა მარადისობაში იმყოფება და გონებაში სულის მეშვეობით ხვდება. გონების ამოცანაა არა იდეების გამოგონება, არამედ მისი ამოცნობაა, როდესაც ის თავად დაგეცემათ თავზე. ეს კი აუცილებლად მოხდება, თუ დიდი რიგიდან გამოხვალთ, გულიდან წამოსულ სურვილებს დაყვებით და თქვენს გზას გაუყვებით.
 
სულს პირდაპირი წვდომა აქვს ვარიანტთა სივრცესთან, გონება კი, ბუნდოვანი ვარაუდების მოხელთებით, მათ ინტერპრეტაციას აკეთებს. გონებამ არ იცის - სულმა კი იცის, მხოლოდ უნდა მიმართოთ მას. და ამ ერთი შეხედვით მსუბუქ მტკიცებას შეიძლება სრულიად დაეყრდნოთ. მხოლოდ ის უშლის ხელს, რომ აქ ისევ არა პრინციპის მკაფიო გააზრებას აქვს ადგილი, არამედ ბუნდოვან ინფორმირებულობას. თითქოს ყველა თანახმაა, რომ სულმა ყველაფერი იცის, მაგრამ სერიოზულად ამას არავინ იღებს. მეტაფორად თვლიან და მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საღი აზრი მსჯელობს: „ცხადია, გამონათებები არის, შინაგანი ხმაც არსებობს, ინტუიციაც, მაგრამ ეს ყველაფერი მერყევია, მოუხელთებელია, არასანდოა. ჩემი რკინის ლოგიკა კი უტყუარ ფაქტებს ეფუძნება“.
 
ამგვარად, თუ თქვენ საბაზისო მონაცემები გაქვთ კონკრეტული სფეროდან, სული შეიძლება მოიმართოს ვარიანტთა სივრცის შესაბამის უბანზე და იქიდან ახალი ცოდნა მიიღოს, რომელსაც ვერსად ამოიკითხავთ. კითხვა დაუსვით საკუთარ თავს, მკაფიოდ ჩაოაყალიბეთ და დროებით დაივიწყეთ. რამდენიმე დღის შემდეგ პასუხი თავად მოვა. თუ არ მოვიდა, ეს კითხვა დრო და დრო დასვით. შეიძლება, პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდეს, მაგრამ ის აუცილებლად მოვა.
 
საკითხავი მხოლოდ ისაა, გეყოფათ თუ არა ჩამოყალიბებული სტერეოტიპების დანგრევის და საზოგადო ნორმების ტყვეობიდან გამოსასვლელად - ქანქარის წესების დასარღვევად სიმტკიცე. გამბედაობა უნდა გეყოთ და ცოდნაზე თქვენი უფლება გამოიყენოთ, უნდა შეწყვიტოთ პასუხების ძებნა სხვების წიგნებში. უბრალოდ შეცვალეთ განზრახვის მიმართულება: არა მიღება, არამედ შექმნა. რით განსხვავდებით წიგნების ავტორებისგან, რომელთაც კითხულობთ? მხოლოდ იმით, რომ მათ შეცვალეს განზრახვის მიმართულება - ძიებას შეეშვნენ და შექმნას შეუდგნენ. აღიარებული ავტორიტეტების დევნას თავი ანებეს და საკუთარი გზით სიარული გაბედეს. თქვენც განახორციელეთ თქვენ უფლება იყოთ მართალი.
 
აი, აქ მივუახლოვდით იმას, რასაც მესამე ძღვენში მოვიაზრებდი, რომელიც ვარიანტთა სივრცეში გელოდებათ.
 
შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ გრძნობს თავს ადამიანი სუპერვარსკვლავის როლში. თაყვანისმცემლები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც ზედაპირზე დევს - ტალანტის ბრწყინვას, დიდების ელვარებას, სიმდიდრეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი უბრალო მოკვდავი კი არაა, არამედ განსაკუთრებული ღირსებებითაა შემკული. განა ეს შესაძლებელი იქნებოდა ჩვეულებრივი პიროვნებისთვის: წარმატების კენწეროში მოქცევა და იქ იმდენად თავდაჯერებულად გამაგრება, რომ ვერავინ გაბედავს მისი განსაკუთრებულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას?
 
თუმცა თავად რჩეულისთვის მისი დიდების ყველა ატრიბუტი ჩვეულებრივია, ოდნავ ყოველდღიურიც კი. საეჭვოა, ოლიმპოს მცხოვრებლებს მიაკუთვნოს თავი, რადგან საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი აცნობიერებს, რომ ის - ერთი მრავალთაგან - ისეთივეა, როგორც სხვები. რაშია განსხვავება? რა განასხვავებს პროვინციელ გოგონას და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავს, მორცხვ სტუდენტს და სახელოვან მეცნიერს, ჩვეულებრივებს და რჩეულებს?
 
მხოლოდ ერთი ნაბიჯი. ერთმა ნაწილმა თავისი უფლება განახორციელა, მეორე ნაწილმა კი აქამდე ვერ გადაწყვიტა, და არც სწამთ, რომ შეუძლიათ და ღირსეულები არიან. მორცხვების ცნობიერებაში მყარად ზის რწმენა, რომ ამ სამყაროში რჩეულები იმდენად არსებობენ, რამდენადაც მათ სხვა დანარჩენები ირჩევენ სრულიად გამორჩეული თვისებების გამო.
 
სინამდვილეში ეს მცდარი სტერეოტიპია. რჩეულებმა საკუთარი თავი თავად აირჩიეს. თქვენ უფლება იმიტომ კი არ გაქვთ, რომ ღირსეული და ნიჭიერი ხართ, ის - ეს უფლება - თქვენ უბრალოდ გაქვთ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და იქ არის რაღაც, ყველაზე მთავარი, პირადად თქვენთვისაა განკუთვნილი - ვერდიქტი თქვენს უფლებაზე. ესაა თქვენი საშვი მარადისობაში, სანქცია საკუთარი რეალობის შექმნის პრივილეგიაზე.
 
თქვენ მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ და ახლაც აგრძელებენ ჭკუის დარიგებას, როგორები უნდა იყოთ, როგორ მოიქცეთ, რა წაიკითხოთ, რისკენ ისწრაფოთ. ახლა აიღეთ კუთვნილი უფლება დააწესოთ საკუთარი კანონები. თქვენ გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის სწორი, და რა - არასწორი, რადგან თქვენ თავად აფორმირებთ საკუთარი სამყაროს ნიშას. თქვენ უფლება გაქვთ თქვენთვის სწორად მიიჩნიოთ ის, რაც სხვებს მცდარი ჰგონიათ, თუ ამას ზიანი არავისთვის მოაქვს. როდესაც საკუთარი ვერდიქტის გამოტანის პრივილეგიით სარგებლობთ, თქვენი კრედოს შესაბამისად ცხოვრობთ.
 
ჩვენს ცხოვრებაში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. ერთნი ამტკიცებენ - ეს შავია, სხვები - ეს თეთრია. ვის დავუჯეროთ? აბა გაიხსენეთ, სამყარო ხომ სარკეა, ის ყველას ეთანხმება, ვინც თავისი ვერდიქტის გამოტანას ბედავს. მაგრამ თქვენ ხომ სარკე არ ხართ! თქვენ - ან ის ხართ, ვინც სხვების ვერდიქტს იღებს, ან განმგებელი, რომელსაც თავისი ვერდიქტი გამოაქვს. ამიტომ კითხვა, რომელი მივიჩნიოთ ერთადერთ სწორ ჭეშმარიტებად, რომელ მხარეს გადავიდეთ - შავებისკენ თუ თეთრებისკენ, - იხსნება. ახლა თავად შეგიძლიათ თქვენი ჭეშმარიტება განსაზღვროთ: ასე დავადგინე, იმიტომ რომ მე - ჩემი რეალობის განმგებელი ვარ. და ეს იმუშავებს, რადგან თქვენს განკარგულებაში ვარიანტთა სივრცე და დუალური სარკეა - ყველაფერი, რაც ჩანაფიქრის სინამდვილეში განხორციელებისთვისაა აუცილებელი.
 
ყველაფერი ძალზე მარტივია, არა? პირობა მხოლოდ ერთია: თქვენ მართლაც უნდა გაბედოთ თქვენი უფლების გამოყენება. საქმე იმაშია, რომ თუ ყოყმანობთ ან სინდისი გქენჯნით, ე.ი. თქვენი ვერდიქტი ძალას კარგავს და თქვენ კანონმდებლიდან ბრალდებულად იქცევით. დაეჭვებული, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში არასწორად იმოქმედებთ. საქმე იმაში არაა, რამდენად სწორად ფიქრობთ და მოქმედებთ, არამედ იმაში, რამდენად ხართ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული. ამიტომ კარგად უნდა გაიაზროთ ეს ყველაფერი, მიეჩვიოთ, რათა სული და გონება ერთ მთლიანობად გაერთიანდნენ. ახსნა გაქვთ, ახლა ინფორმირებულობა ცოდნად უნდა აქციოთ. როგორ? თქვენი გამოცდილებით. იმოქმედეთ და დარწმუნდით.
 
მხოლოდ არ უნდა დაუშვათ, რომ განმგებლის ნება გონების დიქტატად გადაიქცეს. ვერდიქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ძალა, თუ სული და გონება ერთიანია. ვინც საკუთარი გულის ხმას არ უსმენს, ის არ განაგებს, ის შეცდომებს უშვებს. ყველგან შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ცუდად აკეთებენ. მაგალითად: არც სმენა აქვს და არც ხმა, სიმღერა კი უყვარს. ხანდახან სრულიად უნიჭოები გვხვდებიან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ვარსკვლავები არიან, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. მაშ რატომ არ მოქმედებს მათი ვერდიქტი? იმიტომ, რომ სულის სიღრმეში იციან, რომ მართლა ცუდად გამოსდით, მაგრამ მათი გონება არ ურიგდება ამ ფაქტს, და მთელი ძალით საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობს. უნიჭოები, როგორც ასეთი, არ არსებობენ - ისინი თავისი საქმით არ არიან დაკავებულები, სხვისი გზით მიდიან.
 
მესამე ძღვენი ძალზე ბევრ უპირატესობას იძლევა. ვერდიქტის გამოტანის უფლება - ესაა გათავისუფლება დამთრგუნველი გარემოებებისგან, ყველაფრისგან, რაც ცხოვრებას გიწამლავთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინაღობებს ქმნის. ეს მშვიდი თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს, მე კი ისეთ ძალას ვფლობ, რომ თავს ამ სისუსტის უფლებას ვანიჭებ, მივიღო ეს ზრუნვა.
 
იმ მომენტიდან, რაც თქვენი ვერდიქტის გამოტანის უფლება აიღეთ, რა არის თქვენი სამყაროსთვის კარგი ან ცუდი, სწორი ან მცდარი, ყველა განსჯა უნდა მოიცილოთ, რომელსაც გარედან თავს გახვევენ, მათ შორის თავად ტრანსერფინგი. მთავარია, ამ დროს არ დაეჭვდეთ, არ იმერყევოთ და სინდისის ქენჯნა არ იგრძნოთ და თქვენი ვერდიქტი ვინმეს ზიანს არ აყენებდეს.
 
და ბოლოს, ესღა დამრჩა სათქმელი. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და რასაც სულით და გონებით ისურვებთ - თქვენია. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მარადისობის ზღურბლზე მეკარე დგას - აბსოლუტური კანონი, რომელიც ყველაფერს, რაც იქ არის, წვდომისგან იცავს. ეს ულმობელი მცველი მხოლოდ მათ უშვებს, ვინც განმგებლის საკუთარი უფლების გამოყენებას ბედავს. საშვი თქვენი ვერდიქტი იქნება: მე შემიძლია და ღირსეული ვარ, იმიტომ რომ ასე გადავწყვიტე. მე არ მინდა და არ ვიმედოვნებ - მე ვაპირებ. აიღეთ თქვენი უფლება, და მეკარე თქვენს წინ მარადისობის ჭიშკარს გახსნის.
 


რეზიუმე
 
ორგანიზმის დაბინძურება, ჭარბი პოტენციალები და არარეალიზებული განზრახვები ენერგეტიკას აქვეითებს.
 
ენერგეტიკული რესურსების გამოსათავისუფლებლად აუცილებელია ან პოტენციური განზრახვების ნაწილის მოცილება, ან მათი რეალიზაციის დაწყება.
 
იმისთვის, რომ ენერგიამ იმუშაოს, აუცილებელია საბოლოო მიზანზე კონცენტრირება.
 
კონცენტრაცია - არა დაძაბულობა, არამედ ყურადღების გამახვილებაა.
 
საკუთარი თავი მიაჩვიეთ იმაზე ფიქრს, რასაც მოცემულ მომენტში აკეთებთ.
 
აუცილებელია მიზნობრივ სლაიდზე ყურადღების სისტემატური ფიქსირება.
 
შეწყვიტეთ თავის მართლება.
 
შეწყვიტეთ საკუთარი მნიშვნელოვნების მტკიცების ყოველგვარი მცდელობა.
 
შეინარჩუნეთ ამალგამა და დაიცავით სარკული პრინციპები.
 
პოლარიზაციის შესამცირებლად აუცილებელია დაჭიმული მანების მოშვება.
 
რეალობის მართვის ხერხები: მიზნობრივი სლაიდი, პროცესის ვიზუალიზაცია, ენერგეტიკული ნაკადები, ფრეიმი, აფეთქების ტალღა, გარეთა სფერო, დეკორაციების მისადაგება, მიზნობრივი ამალგამა, განზრახვის ფიქსაცია, ინტეგრაცია.
 
პირადად თქვენთვის უმჯობესი ის ხერხია, რომელიც, თქვენი აზრით ყველაზე უკეთ გამოგდით.
 
ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია.
 
პრაქტიკის რეგულარულობა - წარმატების მთავარი პირობაა.
 
თქვენთვის აუცილებელია სარკეს თავი დააღწიოთ.
 
საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, შეცვალეთ განზრახვის მიმართულება „მიღებიდან“ „შექმნისკენ“.
 
არ გამოიგონოთ იდეა, არამედ ამოიცანით ის.
 
საწყისი წერტილიდან დაძვრისას, იმოძრავეთ ვარიანტთა დინების მიმართულებით.
 
აიღეთ თქვენი უფლება იყოთ მართალი. გამოდით მწკრივიდან და გამოიტანეთ თქვენი ვერდიქტი - გამოიყენეთ განმგებლის უფლება. მე ასე დავადგინე, რადგან მე - ჩემი რეალობის განმგებელი ვარ.
 
ფარდა
 
სტუმრად მარადისობასთან
 
ძვირფასო მკითხველო!
 
დუალური სარკის ამ საოცარ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ უძველეს ცოდნას ეზიარეთ. ის ყოველთვის არსებობდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. რაც არ უნდა ჩახლართული იყოს ინტერპრეტაციები, არსი ზედაპირზე დევს და ძალზე მარტივად გამოიყურება: თქვენ სარკის წინ დგახართ, რომელშიც თქვენი აზრების სახე აირეკლება. სარკული ეფექტი ილუზიას შობს, თითქოს გარე სამყარო დამოუკიდებლად არსებობს და მართვას არ ექვემდებარება. მაგრამ საკმარისია ილუზიისგან გათავისუფლდეთ, და რეალობა დაგემორჩილებათ.
 
ამ გასაოცარ ცხად საიდუმლოსთან შეხებით, თქვენ მარადისობას ესტუმრეთ. ახლა იცით: იქ ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნება და ყველაფრის აღება, რაც სულს და გონებას სურს. მეკარე შეგიშვებთ - მხოლოდ თქვენი ვერდიქტი წარუდგინეთ. ამ კარებს მიღმა გელით სამყარო, სადაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება.
 
არ მინდა და არ ვიმედოვნებ, არამედ გისურვებთ პირველ რიგში განმგებლის სითამამეს, და დაე თქვენი ვაშლები ცაში დაცვივდეს!

 

თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.

მსგავსი სტატიები

თავი III. წარმატების ტალღა


თავი III. წარმატების ტალღა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VIII. სლაიდები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff