"ბედის ბორბალი" - რთული გზა სინათლისკენ

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

გამორჩეულად მიყვარს ეპიკური ფენტეზის ჟანრის წიგნები. ტოლკინი ფენტეზის, როგორც ჟანრს „გაქცევას“ ადარებს. გაქცევას არა როგორც მოვალეობისგან თავის არიდებას, არამედ, გაქცევას გარემოებიდან, რომელიც თავისუფლებას გიზღუდავს.

ჩემთვის და, ცხადია, არამხოლოდ ჩემთვის, ამ ჟანრის სათავეში ტოლკინი დგას. მის შემდეგ რთულია გაგრძელება, რადგან, უამრავი საინტერესო თავგადასავალი არსებობს. შეიძლება მეორე ადგილი მივანიჭოთ არაჩვეულებრივ ჯორჯ მარტინს სერიისთვის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, ბრენდონ სანდერსონს სერიისთვის „ნისლქმნილი“ და უამრავ სხვას, თუმცა, მე ავირჩევდი რობერტ ჯორდანის სერიას „დროის ბორბალი“. 14 წიგნისგან შემდგარი დიდი თავგადასავალი, რომელიც თავად ავტორმა ვერ დაასრულა, დაავადების გამო გარდაიცვალა და წიგნების დასრულება დაეკისრა ზემოხსენებულ ბრენდონ სანდერსონს რობერტის დატოვებულ მითითებებზე დაყრდნობით.

წიგნი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ციკლურ დროში ერთმანეთს კეთილი და ბოროტი ძალები ებრძვიან. სამყაროში არსებული ბორბალი ყოველ ეპოქას ხელახლა ქმნის და ამით ისტორიას მარადიულობას აძლევს. დროის საწყისში დიდმა შემოქმედმა შექმნა სამყარო და დროის ბორბალი, რომელიც მუდმივად ბრუნავს და პასუხისმგებელია როგორც დროის დინებაზე, ასევე, ადამიანთა სიცოცხლესა და სიკვდილზე. ბორბალი ეპოქათა გამომხატველი შვიდი ნაწილისგან შედგება და მას ამოძრავებს „ერთი ძალა" (One Power), რომელიც ერთმანეთთან თანხმობასა და დაპირისპირებაში მყოფი მდედრობითი და მამრობითი (საიდინი და საიდარი) ნაწილებისგან შედგება. ადამიანებს, რომლებიც ამ ძალის გამოყენების უნარს ფლობენ არხმტარები ეწოდებათ. ამ ძალის მატარებელთა მთავარ ორგანიზაციას აეს სედაი ჰქვია, რაც ძველ ენაზე ითარგმნება როგორც „ყველას მსახური“. შემოქმედმა, მაშინ, როცა სამყაროს ქმნიდა „ბნელი“ ბორბლის გარეთ დაამწყვდია, თუმცა, დროის ერთ-ერთ განზომილებაში აეს სედაის უყურადღებო ექსპერიმენტი ბნელს შეეხო, დილეგი გაარღვია და ამით სამყაროზე მისი გავლენა დაუშვა. ცხადია, ბნელმა მოიხმო ყველაზე ძლიერი და გახრწნილი არსებები და გასცა ძალაუფლებისა და უკვდავების დაპირებები. ასეთი საფრთხის წინაშე მყოფმა ბორბალმა ბნელთან დასაპირისპირებლად სინათლის მებრძოლი, დრაკონად წოდებული მამრობითი სქესის აეს სედაი სახელად ლუის თერინ ტელამონი “შემოუშვა“ სამყაროში. მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა, თუმცა, ბნელი ზედმეტად მოედო სამყაროს, საზოგადოება გაიხრწნა და ღირებულებრივად დაქვეითდა, საბოლოოდ კი სინათლისა და სიბნელის ძალათა შორის ბრძოლა გაიმართა. სინათლე დამარცხების საშიშროების ზღვარზე ასე მკაფიოდ არასდროს აღმოჩენილა. ლუის თერინმა არხმტართა გუნდთან ერთად იერიში მიიტანა ადგილზე, სადაც ბნელეთის დილეგი სამყაროს უკავშირდებოდა და არხი მართლაც ჩაკეტა, თუმცა, ამის გაკეთება სრულყოფილად ვერ მოახერხა. ამ დროს, ბნელმა ლუის თერინის (დრაკონის) დაბინძურება მოახერხა, რითიც მამრობითი სქესის არხმტარები ჭკუიდან შეშალა და აიძულა, საშინელი საქმეები ეკეთებინათ. ამ პერიოდს ეწოდა როგორც „შეშლილობის ჟამი“, ასევე, „მსოფლიოს დაქცევა“. ლუის თერინმა სიგიჟის ჟამს დახოცა ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები, რის შემდეგაც მას "ლუის თერინ მოყვრისმკვლელი" ეწოდა. ბნელის მთავარმა მსახურმა, იშამაელმა მას „საღი აზროვნების წუთები“ მიანიჭა. ლუის თერინმა, გააცნობიერა რა ჩადენილი, მწუხარებისგან თავი მოიკლა - იმაზე მეტი „ერთი ძალა“ მიიღო თავის თავზე, რისი ზიდვაც დამოუკიდებლად შეეძლო.

გავიდა დრო და მამრი აეს სედაები დაიხოცნენ ან ერთიანი ძალისგან მოიკვეთნენ. მათ დატოვეს განადგურებული სამყარო, სახეცვლილი მიწა და წყალი, გაფანტული ხალხი, განადგურებამდე მიყვანილი ცივილიზაცია. ახლა მხოლოდ მდედრ აეს სედაებს შეეძლოთ ერთიანი ძალის უსაფრთხო გამოყენება. მათ შეძლეს და სამყარო ასეა თუ ისე ფეხზე დააყენეს. მამრი აეს სედაების მიმართ შიში და უნდობლობა გაძლიერდა, რადგან, ყველა გიჟდებოდა მანამ, სანამ არ შეაჩერებდნენ. შესაბამისად, თავად დრაკონიც უარყოფითთან ასოცირდა. აეს სედაებს შორის გაჩნდნენ ქალები, რომელთა ფუნქციაც ასეთი კაცების მოძებნა იყო, რათა ისინი დროულად მოეკვეთათ ერთიანი ძალისგან. ამასობაში, გავიდა ძალიან დიდი დრო და იყო უამრავი ომი. კაცობრიობამ გააგრძელა ცხოვრება იმ იმედით, რომ ბნელი ისევ გამოვა დილეგიდან და კვლავ იშვება დრაკონი, რომელიც მის პირისპირ დადგება, ოღონდ, ამჯერად, შეძლებს და დაამარცხებს მას. აღსრულდა წინასწარმეტყველება და ირკვევა, რომ დრაკონი კვლავ იშვა, მის მოსაძებნად კი აეს სედაი ქალები იგზავნებიან, რათა ბნელის მსახურებს დრაკონის პოვნა დაასწრონ. აქ კი ჩნდება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გმირი, აეს სედაი მოირაინ დამოდრედი, რომლის როლსაც ამაზონის არაჩვეულებრივ ეკრანიზაციაში ასრულებს უნიჭიერესი როზამუნდ პაიკი და თავადაა ამ სერიალის პროდიუსერი.

თავად სერიალის სიუჟეტი იწყება ანდორის სამეფოს მივიწყებულ რაიონში სახელად ორმდინარეთში. თავად ავტორსაც აქვს ნათქვამი, რომ ბევრი რამ, მათ შორის ორმდინარეთის აღწერის შთაგონება მიიღო ტოლკინისგან. კითხვისას მკაფიოდ იგრძნობა ჰობიტების საცხოვრებელთან, შაირთან მსგავსება. აეს სედაი მოირაინი და მისი მცველი ლან მანდრაგორანი (ამ გმირზე ცალკე ბევრია სასაუბრო, რადგან ის დაცემული და განადგურებული სახელმწიფოს, მალკიერის მეფეა) ჩადიან ორმდინარეთში და ეძებენ კვლავშობილ დრაკონს. აქ რამდენიმე საინტერესო გმირია და მოირაინი ვერ ხვდება, რომელი შეიძლება იყოს დრაკონი, ამიტომ, სამ ბიჭთან და ორ გოგოსთან ერთად მიდის ორმდინარეთიდან. აღმოჩნდება, რომ ხუთივე მათგანს შეუძლია ერთიანი ძალის გამოყენება და მართვა, ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარებითა და თვისებებით. მათი მიმდინარე მისიაა, აეს სედაის ქალაქ ტარ ვალონს მიაღწიონ მშვიდობიანად.

გამოირკვევა, რომ კვლავშობილი დრაკონი მართლაც ერთ-ერთი მეგობარი, კეთილი გულის მქონე ადამიანი რანდ ალთორია, რომელმაც თავადაც არ იცის, რა ძალისა და უნარების პატრონია. ცხადია, საბოლოო ნიშნულამდე მიღწევა მარტივი არაა და პერსონაჟები, გარემოებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჯგუფად იყოფიან. მოირაინ დამოდრედსა და მცველ ლან მანდრაგორანს ამ ხუთ მეგობართან ერთად ძალიან საინტერესო და დაძაბული გზის გავლა უწევთ.

ვისაც აქამდე ამ წიგნისა და სერიალის შესახებ არ გსმენიათ, მიხვდებით, რამდენად დიდი და საინტერესო შეიძლება იყოს ეს თავგადასავალი. ამიტომ, ცხადია, ყველაფერს ვერ მოვყვები და ამ დიდი ტექსტის შემდეგ მსურს კონკრეტულად მოირაინ დამოდრედზე ვისაუბრო და გამოვკვეთო, რატომაა ჩემთვის საინტერესო და საყვარელი პერსონაჟი.

მოირაინ დამოდრედი სიბრძნითა და სიამაყით, ჯანსაღი ღირებულებებით დახუნძლული პერსონაჟი და აეს სედაებს შორის გამორჩეულად ძლევამოსილია. ის წარმოადგენს ლურჯ აეს სედაის ხაზს (რამდენიმე ფერად არიან ჩაშლილი და ფერთა სიმბოლიკა ცალკე მოითხოვს განხილვას).

მოირაინ დამოდრედი ძალიან ძლიერი, მაგრამ, ტრაგიკული ფიგურაა. ადამიანი, რომელიც მზადაა თავისი ცხოვრება გაწიროს უზენაესი მიზნისთვის, ნათელისა და თავისუფალი ნების გამარჯვებისთვის. მან ზუსტად იცის, რომ ამას არ დაუფასებენ, წინასწარ გაკიცხავენ, შესაძლოა, მოკლან კიდეც, თუმცა, ნახევრად მომაკვდავიც კი არ ეცემა და არ ტირის - უბრალოდ გზას აგრძელებს და წინ მიდის. მან იცის, რომ დიადი იდეა, დიადი მისია ტკივილის გარეშე არ მიიღწევა, იცის, რომ სასოწარკვეთის მთელი არსებით შეგრძნების კვალდაკვალ მოდის დიადი სიბრძნე და სწორი გზა. ამიტომ, უცხო თვალით შეხედვისას, მისი ბევრი გადაწყვეტილება ცოტა ცივად და მკაცრად მოგეჩვენებათ. მას არ აქვს რბილი და გულჩვილი ხასიათი და ზუსტად იცის, რომ ეს სისუსტეა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უსამართლოდ ექცევა, პირიქით, სამართლიანობა მისი ერთ-ერთი გზამკვლევია. ჩემი დაკვირვებით, მოირაინი ამ ნაწარმოების გენდალფია. ძალიან მიყვარს ფენტეზის სამყაროს გმირების ჯოზეფ კემპბელის „გმირის მოგზაურობის“ მიხედვით გაშლა, ამიტომ, ვეცდები, მოირაინი და გენდალფი ამ კუთხით დაგანახოთ:

1. მოწოდება თავგადასავლისკენ - მოირაინმა იცის, რომ კვლავშობილი დრაკონი უნდა მოძებნოს და მას თვალი აუხილოს - ეს მისი ცხოვრებისეული მისიაა. გენდალფი ბეჭდის აღმოჩენის შემდეგ აცნობიერებს, რომ ფროდოს წინ უნდა წარუძღვეს ბეჭდის განადგურების გზაზე. არცერთი არ გაურბის ამ გზას და საკუთარ თავში ორივე მენტორს ხედავს.

2. გამოწვევაზე უარის თქმა - მოირაინი არასდროს უარყოფს მისიას, პირიქით, ბავშვობიდან ემზადება ამისთვის. გენდალფიც ასეა, ის მხოლოდ იმას ეჭვობს, ზედმეტად რთულ დავალებას ხომ არ აძლევს პატარა ჰობიტებს.

3. მენტორთან შეხვედრა - მოირაინი თავად არის მენტორი. მას თავის მხრივ მხარდაჭერაც აქვს, მაგალითად ალანა, სუანი და სხვა ბევრი აეს სადაი, თუმცა ძირითადად მაინც დამოუკიდებლად მოქმედებს. გენდალფსაც ჰყავს მოკავშირეები - ელრონდი, გალადრიელი, არაგორნი და სხვა.

4. ზღურბლის გადაკვეთა - როცა მოირაინი ერევა სოფლის ბავშვების ცხოვრებაში და მიჰყავს თავგადასავლისკენ. როცა გენდალფი ფროდოს ავალებს, ბეჭედი სახლს მოაშოროს.

5. გამოცდა, მოკავშირეები, მტრები - მოირაინს ახალგაზრდების დასაცავად ბევრჯერ უწევს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. იგივე ხდება გენდალფთან, თუნდაც ის, რომ ის მორიას გზას აირჩევს და ბალროგს შეხვდება.

6. დიდებული განსაცდელი - მოირაინი უამრავჯერ გადაეფარება რანდ ალთორს და ბევრჯერ დაშავდება. გენდალფს კი ბალროგი ჩაითრევს ქვესკნელში.

7. ხელახლა დაბადება - თავგანწირვის შემდეგ მოირაინი კვლავ ბრუნდება, თუმცა, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, მაგრამ, გამარჯვებული. გენდალფი ამარცხებს ბალროგს და ბრუნდება თეთრი გენდალფის სახით.

8. გამარჯვება - რომ არა მოირაინი, ბნელი მთლიანად შეჭამდა სამყაროს. რომ არა გენდალფი, ბეჭედი ვერ განადგურდებოდა.

9. დაბრუნება - მოირაინი არ კვდება, თუმცა, ვეღარც ბრუნდება, ის ნათელი იდეისთვის შეწირული, ძალაგამოცლილი, მაგრამ, სიამაყით სავსე გმირია. გენდალფი ბრუნდება უკვდავ მიწებში.

თუ შევადარებთ, მოირაინი უფრო ტრაგიკული გმირია. ის უკან აღარ ბრუნდება ამისი პირდაპირი გაგებით. იდეის საბოლოო განხორციელებას მისი თავგანწირვა, საბოლოო გამოფიტვა სჭირდება. გენდალფი კი მისიის ბოლოს ჰპოვებს შვებას ტოლკინისეულ სამოთხეში.

მოირაინს თუ ეთიკურ-ფილოსოფიური ეპოსის, გილგამეშიანის მიხედვით შევხედავთ, ის ენქიდუა. ისიც და მოირაინიც არიან მსხვერპლშეწირული მეგზურები, რომელთა თავგანწირვაც გმირის საბოლოო "გაღვიძების" საფუძველია. მათი თავგანწირვის გარეშე გმირს უბრალოდ „სძინავს“ და არ იცის რა ძალის პატრონია. შეწირული გმირი მზადაა დაიღუპოს იმისთვის, რომ მთავარი გმირი გამთლიანდეს. შესაბამისად, გმირი იღებს დანაკარგს, როგორც აუცილებელ გაკვეთილს ზრდისთვის, ხოლო მეგზური (მოირაინი, ენქიდუ) უკან აღარ ბრუნდება, ისინი დაკარგული გმირები არიან.

მოირაინი იმდენად დიდია, რომ მიუხედავად თავისი განუსაზღვრელი ძალის სხეულში შეგრძნებისა, თმობს ამ ძალას, რადგან იცის, რომ თუ ამას არ იზამს, სხვები ბედნიერები ვერ იქნებიან. თავის ბედნიერებას ცვლის სამყაროს ბედნიერებაში. ბეოვულფიც კი ჩანს ამ ისტორიაში. მოირაინი და ბეოვულფი იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვებს ეყოთ ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. 
 

მსგავსი სტატიები

ენქიდუს ტრანსფორმაცია


გილგამეში თავის მომავალ ძმობილს, მხეცებთან მცხოვრებ ველურ ენქიდუს მ...

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში


  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  - ჟოაო ჟილბერტო   ავ...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff