ბრძოლა საკუთარ შიშებთან

Admin
ხელოვნება
5
1

"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყურია შენი საცნაურყოფა, მაგრამ ა...

ავტორი: გიორგი დოლიძე

 "ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყურია შენი საცნაურყოფა, მაგრამ არ ძალმიძს მივწვდე ამ შენს გამოცხადებას." ამაზე კრიშნა პასუხობს: "მე ვარ სიკვდილი, ყოველთა შემმუსვრელი, სამყაროთა დასაღუპად შემოქცეული. პირისპირ მდგარი ეს მეომრები უშენოდაც სასიკვდილოდ არიან განწირული. ამიტომ აღდეგ, დაამხე მტერი და დიდება მოიხვეჭე, რადგან ჩემმა ნებისყოფამ ისინი უკვე დაამარცხა."

gita

 გიტაში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ბრძოლა ჯერ არ მომხდარა, არჯუნა ჯერ არ შერკინებია თავის გადამტერებულ ნათესავებს, კრიშნა კი აცხადებს, რომ ეს მეომრები არჯუნას გარეშეც სასიკვდილოდ არიან განწირული, ისინი უკვე დამარცხებულები არიან და არჯუნამ მხოლოდ უნდა გაიაზროს ეს... არჯუნას სისხლით ნათესავები, რომლებიც მტრად მოეკიდნენ მას, არიან მისივე შიშები. თავიდან მეომარი უარს ამბობს ბრძოლაზე, ხსნის ამას იმით რომ ვერ აწევს იარაღს საკუთარი ნათესავების წინააღმდეგ. კრიშნა, როგორ უმაღლესი ცნობიერება, მას გააგებინებს, რომ ეს თავის მოტყუების მცდელობაა: იმიზეზებ მოჩვენებით კეთილშობილ მოტივებს, მაგრამ ამ მოტივების მიღმა უბრალოდ არ გსურს და უფრთხი კომფორტის ზონიდან გასვლას... რუდოლფ შტაინერი აღნიშნავს, რომ "ბჰაგავად გიტა" იქმნება იმ დროს, როდესაც ადამიანი ინტენსიურად გამოიმუშავებს "მე"-ს შეგრძნებას, ხოლო კრიშნა ამ უმაღლესი "მე"-ს გამოხატულებაა, რომელიც ადამიანს ახალ ხედვას უხსნის, იგივე ეფექტი უნდა გაევლოთ ებრაულ საზოგადოებაში, როდესაც ღვთაებას ისინი აღიქვამენ სახელით "მე ვარ, რომელი ვარ" და იწყება დიდი გადაწყობა, დიდი ბრძოლები.

 ძველი ჰარმონია სრულდება. გიტაშიც - რაც აქამდე შენი სისხლი და ხორცი იყო, შენივე შიშები, მათ თავისი ადგილი მიუჩინო, უნდა გამოხვიდე სიმყუდროვის მდგომარეობიდან რომელიც გაჭაობებს და მოძრაობას გიზღუდავს, აღარ გავითარებს და რაც გაქვს იმას დაგანგრევინებს. იწყება მზადება დიდი "ტყავის გამოცვლისათვის". ადამიანთან გადამტერებული "ხორციელი ნათესავები" - მისივე შიშებია, რომლებიც ისედაც განწირულები არიან და უნდა დამარცხდნენ ანუ გარდაიქმნან, როგორც კი ცნობიერება დაიწმინდება და ადამიანი თავის შიშებს დაინახავს როგორც დამარცხებულებს. ბრძოლა ჯერ არ მომხდარა და ისინი უკვე განწირულები არიან, ისინი უკვე დაამარცხა კრიშნამ - იგივე გვემართება ჩვენც, როდესაც დავძლევთ ჩვენივე შიშს, უკან მოვიხედებით და ვხვდებით, ამ მომენტამდე შიშის გადალახვა როგორი რთული ჩანდა, ხოლო გადალახვის შემდეგ - ხშირად გვიკვირს კიდეც, თუ რისი გვეშინოდა. შიშებში დევს მათივე მარცხი. როგორც თესლი წარმოადგენს მომავალ მცენარეს, ისე შიშებიც განწირულია მარცხისა და გარდაქმნისათვის, საჭიროა მხოლოდ ამის გაცნობიერება. არ არის საჭირო ორგანიზმში გავიდეს მეტასტაზები და ვიგრძნოთ აუტანელი ტკივილები, რათა აღმოვაჩინოთ, რომ მასში უკვე არის ავთვისებიანი წარმონაქმნი. ბრძოლის შემთხვევაში მოქმედება არ დაწყებულა და შედეგი უკვე დამდგარია - ეს არის უმაღლესი ცნობიერების მიერ შიშების ძირშივე გარდაქმნა.

 რომელ ტექსტში გხვდება ქმედება, რომელიც საკუთარ თავში უკვე დამდგარ შედეგს გულისხმობს? მათეს სახარებაში მთის ქადაგება, როდესაც ქრისტე ამხელს თვალთმაქცებს და ამბობს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური." რანაირად მივიღე მე როგორც თვალთმაქცმა შედეგი, თუ ჯერ ახლა განვახორციელე ქმედება ან არც დამისრულებია იგი? აქვე გვახსენდება ის ზედაპირული ხედვა, რომელსაც მორწმუნე ხალხი გადმოსცემს ხოლმე გამოთქმით: "მოგეზღვება." არაფერი არ მოგეზღვევა ჰიპოთეტურ მომავალ დროში და თან ჩასაფრებულები რომ ელოდებიან როდის გამოვლინდება ეს ცხადი მატერიალური ფორმით. მოზღვევა უკვე დაიწყო. თუ ქრისტეს საინტერესო შენიშვნას გავიხსენებთ, გავიაზრებთ, რომ ქმედება უკვე მოიაზრებს დამდგარ შედეგს, ადამიანი უკვე ასეთია როგორც და რაც გაიფიქრა და ასრულებს, ადამიანის მისაგებელი უკვე მისივე ქმედებაშია. ქმედება კი მომდინარეობს უფრო ღრმა ძირებიდან, რომელსაც ქრისტიანობა გამოხატავს სამების პრინციპით: მამა - აზრი, ძე - სიტყვა, სულიწმინდა - ქმედება. ამიტომ ვხვდებით ქრისტიანული ლოცვის პრინციპებში სამივე დონის გაწმენდას: "მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა საქმით, სიტყვით და გულისხმის-ყოფით..."

 იგივეს გადმოსცემს კრიშნა, მაგრამ სიტუაცია აღწერილია როგორც ბრძოლის ველი - აქტიური ასპარეზი, სადაც ჩვენი აზრები და განცდები ერთმანეთს ეჭიდებიან. არჯუნა ისევე არკვევს არეულ ურთიერთობას თავის გადამტერებულ ნათესავებთან, როგორც სხვადასხვა მითოლოგიებში მეომართა კასტის წარმომადგენელი გმირები ებრძვიან საკუთარი ქვენა გრძნობების განსახიერებს. მაგრამ კრიშნა აქ უმატებს მაღალპოეტური ენით, რომ ეს ქვენა გრძნობები ისედაც განწირულია, მათში დევს ეს, და მათი დამარცხება იწყება ამის გაცნობიერებით. სანამ შენ ქმედებას განახორციელებ, შენი დაწმენდილი ცნობიერებაც კრიშნასავით გეუბნება: " ჩემმა ნებისყოფამ ისინი უკვე დაამარცხა..."

მსგავსი სტატიები

ვიდეო თამაშები, როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ვი...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

გულწრფელობის ხელოვნება კინოში


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდ...

"ვარდის სახელი"


უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მ...

მარიამ მაგდალელის სახე ლიტერატურასა და ყოველდღიურობაში


 მარიამ მაგდალელს დასავლეთის ეკლესია მეძავად თვლიდა, თუმცა აღმოსავლ...

ინტერვიუ უინგ შიასთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია   &n...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff