ავტორი: მეკოგელაშვილი
ნოლდორელი ელფი ფეანორი ტოლკინის ლეგენდარიუმის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟია. მას არ ვხვდებით კონკრეტულად „ბეჭდების მბრძანებელში“, თუმცა, ამ ნაწარმოების საწყისი მოვლენების და, ზოგადად, ტოლკინის სამყაროს დასაწყისის „სილმარილიონის“ მთავარი პერსონაჟია. შესაბამისად, რომ არა ფეანორი, ვერც „ბეჭდების მბრძანებელში“ ასახულ უმნიშვნელოვანეს ისტორიას მივიღებდით.
სანამ უშუალოდ ამ პერსონაჟის მიმოხილვაზე გადავიდოდე, მსურს გესაუბროთ სახელი „ფეანორის“ მნიშვნელობაზე. ტოლკინი უდიდესი და უნიჭიერესი ფილოლოგი იყო, მან შექმნა ენა და დამწერლობა თავისი ნაწარმოებებისთვის, შესაბამისად, სახელებს მის ნამუშევრებში დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვთ.
"ფეანორი" (Fëanor) არის სინდარინული ინტერპრეტაცია ქუენიური "ფეანაროსი" (Fëanáros)-სგან. ტოლკინის ენათმეცნიერულ სისტემაში ეს სახელი იშლება შემდეგ კომპონენტებად:
„Fëa“ - "სული, სულიერი არსება";
„Nár“ - "ცეცხლი, ალი";
„Os“ - მამრობითი სახელის დაბოლოება.
შესაბამისად, "ფეანაროსი" არის "ცეცხლოვანი სული" ან "სულიერი ცეცხლი". ტოლკინის ენობრივ კონსტრუქციაში "Fëa" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტერმინია. ელფურ ფილოსოფიაში „Fëa“ არის სული, რომელიც უკავშირდება ინდივიდუალურ, თავისუფალ ნებასა და იდენტობას. მისი კომბინაცია "Nár"-თან (ცეცხლი) ქმნის სახელს, რომელიც აღნიშნავს არა უბრალოდ ცეცხლოვან ბუნებას, არამედ, სულის იმ თვისებას, რომელიც შინაგანი ემოციებით იწვის. ტოლკინის სხვა სახელებთან შედარებით, "ფეანორი" გამოირჩევა თავისი ინტენსივობით. მაგალითად, "ელენდილი" („Elendil“ - "ელფების მეგობარი") უფრო ჰარმონიულია, "გილგალადი" („Gil-galad“ - "ვარსკვლავის სინათლე") უფრო სტატიკური. "ფეანორი" კი მოძრაობას, დინამიკასა და შინაგან დაძაბულობას გულისხმობს. ტოლკინმა, როგორც ფილოლოგმა, სავარაუდოდ, განზრახ აირჩია ეს კომბინაცია, რათა გამოეხატა პერსონაჟის არსებითი ორსახოვნება - სული, რომელიც ცეცხლივით ანათებს და ამავდროულად აზიანებს.
ტოლკინის "სილმარილიონში" ფეანორი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და მრავალმხრივ პერსონაჟს, რომლის მოქმედებებმაც განსაზღვრა არდას ისტორიის მთელი მიმართულება. კუენდიელთა (ელფთა) უდიდესი შემოქმედი, ნოლდორთა უფლისწული და სილმარილების შემქმნელი ფეანორი აერთიანებს დიდებასა და ტრაგიზმს, სიბრძნესა და ამპარტავნებას, სიყვარულსა და რისხვას. მისი სახე სცდება მხატვრული პერსონაჟის ჩარჩოებს და მითოლოგიური არქეტიპის დონეზე ადის.
ფინუეს პირველი ვაჟი და ნოლდორთა უფლისწული ფეანორი (ცეცხლოვანი სული) დაიბადა მირიელ სერინდესგან, დედისგან, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ძალა გასცა შვილის დაბადებისას. ეს სიმბოლური საწყისი მნიშვნელოვანია, ფეანორის დაბადება თავიდანვე დაკავშირებულია მსხვერპლთან და დანაკარგთან. მირიელის სიტყვები: "არასოდეს გავაჩენ მეტ შვილს, რადგან, მეტისმეტად დიდი ძალა გადავეცი მას“ წინასწარმეტყველურია. ფეანორის პერსონაჟში მოთავსებულია წარმოუდგენელი ძალა და ნიჭი, მაგრამ, ასევე, დამანგრეველი და დამაზიანებელი ცეცხლი.
ფეანორის გმირი "კაენიტურ ხაზს" მიჰყვება და მასაც აქვს პირველშობილის სტატუსი, მემკვიდრეობის უფლება, თუმცა, საკუთარი ქმედებებით კარგავს უფლებებს. ბიბლიური კაენის მსგავსად, ის „გამორჩეულია“, თუმცა, ამავდროულად, ტრაგიკული. ცეცხლი ანათებს, ათბობს და ქმნის, მაგრამ, ზუსტად იმავე ძალით წვავს და ანადგურებს.
ფეანორის ურთიერთობა ვალარებთან, არდას ღვთაებრივ გუშაგებთან კომპლექსური და წინააღმდეგობრივია. როგორც ნოლდორთა უდიდესი ოსტატი, ის ფაქტობრივად მეტოქეობას უწევს ვალარებს, განსაკუთრებით კი აულეს, მჭედელ ვალარს, ხელოვნებისა და შემოქმედების ღმერთს. ფეანორი დემიურგთან გატოლებასაც ცდილობს, რადგან, სილმარილების შექმნა არის არა მხოლოდ ხელოვნების ზეიმი, არამედ, მოკვდავის (მართალია, უკვდავი ელფის, მაგრამ, მაინც მეორადი შემოქმედის) მიერ მარადიული სინათლის მიღებისა და გაცემის მცდელობა.
როცა მანუე (ვალარების მეფე) ფეანორს ტელპერიონისა და ლაურელინის (უკვდავი მანათობელი ხეების) აღსადგენად სილმარილებს სთხოვს, ფეანორის პასუხი ამპარტავნული უარია. ეს წინააღმდეგობა არ არის უბრალოდ ამბოხება. ეს არის ფუნდამენტური ფილოსოფიური დისკურსი შემოქმედებითობის შესახებ. ფეანორი უარყოფს იდეას, რომ მისი ნამუშევარი, მისი "სული" უნდა იქნას გამოყენებული თუნდაც კეთილი მიზნისთვის. ამაში ჩანს ხელოვანის ტრაგიკული დილემა - ქმნილება იმდენად ღრმად არის დაკავშირებული შემოქმედთან, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია დანაკარგის გარეშე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეანორის როლი მელკორის (დაცემული ვალარი) "მორგოთად" წოდებაში. ეს სიმბოლური აქტი გვიჩვენებს ენის ძალას ტოლკინის კოსმოლოგიაში. ფეანორი, როგორც დიდი ენათმეცნიერი (ქუენიური დამწერლობის შემქმნელი), აცნობიერებს, რომ სახელდება არის ძალაუფლების აქტი. "მელკორი" ("ის, ვინც ძალით აღდგება") შეიცავს გარკვეულ დიდებას, მაშინ როცა "მორგოთი" ("შავი მტერი") განსაზღვრავს მას როგორც უარყოფით ძალას. ეს აქტი არის ერთდროულად კულტურული წინააღმდეგობის ფორმა და იდენტობის ძალადობრივი გარდაქმნა. ფეანორი ართმევს მელკორს მისი "თვითწარმოდგენის" უფლებას და აძალებს მას ახალ იდენტობას, რომელიც, საბოლოოდ, რჩება კიდეც მელკორის, როგორც პერსონაჟის მთავარ იდეად.
სილმარილები წარმოადგენენ ფეანორის გენიალურობის კულმინაციას - კრისტალებს, რომლებშიც მოთავსდა ორი ხის, ტელპერიონისა და ლაურელინის წმინდა სინათლე. სილმარილები წარმოადგენენ არა მხოლოდ ფიზიკურ არტეფაქტებს, არამედ მეტაფიზიკურ იდეას. ისინი ინახავენ პირველად სინათლეს სამყაროს დასაწყისიდან - ისინი არიან ცოდნის, ხსოვნისა და მშვენიერების სიმბოლო. ფეანორის შემოქმედება შეიძლება განვიხილოთ როგორც მეტაფორა ინტელექტუალური შემოქმედებისა, რომელიც სცდება თავის შემქმნელს და იქცევა საყოველთაო მემკვიდრეობად. მათი შექმნა აღწერილია როგორც უნიკალური პროცესი, რომელიც ვერასოდეს გამეორდება. სილმარილებით ტოლკინი გვიჩვენებს შემოქმედის პარადოქსსს - ქმნილება, რომელიც იმდენად იდეალურია, რომ თვით მისი შემქმნელიც კი ვერ ახერხებს მისგან ბოლომდე დახსნასა და გათავისუფლებას. მორგოთის მიერ სილმარილების მოპარვის შემდეგ ფეანორის დებს "საზარელი ფიცს" თავის შვიდ ვაჟთან ერთად. ამ ფიცის მოჰყვა ტელერების ხოცვა-ჟლეტა, ნოლდორების განდევნა, მანდოსის წყევლა. ეს კი ხაზს უსვამს იმას, რომ ვინც შემოქმედების თავისუფლებას მოიპოვებს, მარადიულად ებმის საკუთარ ქმნილებას. ამ აზრით, სილმარილები არის არა მხოლოდ საგნები, არამედ, თავად ეგზისტენციალური მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს ფეანორისა და მისი შთამომავლების ბედისწერას.
ტოლკინი ანგლო-საქსური ლიტერატურის მკვლევარი იყო, ხოლო "ბეოვულფი" მისი საყვარელი ნაწარმოები. ფეანორი, როგორც შემოქმედი და მეომარი, შეიძლება შევადაროთ ჰროთგარს, რომელმაც ააშენა დიდებული დარბაზი ჰეოროტი. ორივე შემთხვევაში, შემოქმედებითი წვა იწვევს როგორც აღფრთოვანებას, ასევე, შურს და ბოროტებას (გრენდელი ჰეოროტში, მორგოთი სილმარილებთან). ასევე საინტერესოა პარალელი განძის საკითხში, ანგლო-საქსურ ტრადიციაში განძი არის არა მხოლოდ მატერიალური სიმდიდრე, არამედ, სოციალური ერთობის საწინდარი. ლორდი არიგებს განძს მიმდევრებს შორის, რითაც ამყარებს ერთგულებას. ფეანორის უარი, გაუზიაროს სილმარილები საზოგადოებას, არღვევს ამ სოციალურ ბმას და იწვევს გარდაუვალ დაღმასვლას.
ასევე, გვაქვს პარალელები გილგამეშის ეპოსთანაც, მაგალითად, უკვდავების ძიებაში. როგორც გილგამეში ცდილობს უკვდავების მოპოვებას ენქიდუს სიკვდილის შემდეგ, ისე ფეანორი ცდილობს შეინარჩუნოს პირველადი სინათლე - სიმბოლურად, უკვდავება. ორივე პერსონაჟის ძიება არის ტრაგიკული და დაუსრულებელი. მათი მოგზაურობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ, სულიერი ოდისეა. გილგამეშის მსგავსად, ფეანორიც იწყებს ისე, როგორც თავდაჯერებული გმირი, შემდეგ კი თანდათან აცნობიერებს საკუთარი მისწრაფებების ამაოებას. განსხვავებით გილგამეშისგან, რომელიც საბოლოოდ ეგუება სიკვდილის გარდაუვალობას, ფეანორი რჩება შეურიგებელი თავის სიკვდილამდე.
ფეანორის წვლილი დიდია ელფთა ცნობიერების ამაღლებასა და ინტელექტუალურ ზრდაშიც. მან შექმნა ქუენიური დამწერლობა, იარაღები და ინსტრუმენტები, ხელი შეუწყო ელფთა ინტელექტუალურ ევოლუციას. მისი ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ მართლაც რთულია წარმოდგენა, როგორი იქნებოდა არდას ისტორია მის გარეშე. ქუენიური დამწერლობის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ეს არის კომუნიკაციის, ცოდნის დაგროვებისა და გადაცემის საშუალება. ტოლკინისთვის, როგორც ფილოლოგისთვის, ენა იყო არა მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტი, არამედ, დიდი კულტურის მატარებელი.
ფეანორის და ფინგოლფინის ურთიერთობა წარმოადგენს კლასიკურ ძმათა დაპირისპირებას, რომელიც გვხვდება მრავალ მითოლოგიაში (კაენი და აბელი, რომულუსი და რემუსი და ა.შ.). ეს კონფლიქტი სცდება პირად სიძულვილს და ასახავს უფრო ღრმა იდეოლოგიურ განსხვავებებს, ფეანორის რადიკალური ინდივიდუალიზმი უპირისპირდება ფინგოლფინის ერთგულებას საზოგადოების მიმართ. ფეანორის მიერ მახვილის აღმართვა ნახევარძმაზე და შემდგომი განდევნა სიმბოლურად წარმოადგენს ნოლდორთა საზოგადოების გახლეჩას. ეს შინაგანი კონფლიქტი ასუსტებს ელფებს და ხელს უწყობს მორგოთის გაძლიერებას. ასეთი სახის ძმათა ბრძოლა მეორდება შემდგომშიც, მაგალითად, ფეანორის შვილებსა და დოირიათის ელფებს შორის.
ფეანორის გარეშე "სილმარილიონი" იქნებოდა ფუნდამენტურად განსხვავებული ნაწარმოები. მისი არარსებობა გამოიწვევდა არა მხოლოდ ერთი პერსონაჟის ნაკლებობას, არამედ, მთელი ნარატიული ჩარჩოს შეცვლას. სილმარილების, ქუენიური დამწერლობის, ხელოვნების ნიმუშებისა და ბრძოლის ინსტრუმენტების გარეშე არდას ისტორია დაკარგავდა ცენტრალურ მამოძრავებელ ძალას. ფეანორი არის არა მხოლოდ ტრაგიკული გმირი, არამედ, კატალიზატორი, რომელიც იწვევს როგორც კატასტროფას, ასევე, კულტურულ აღმავლობას. მისი ფიცი, რომელიც აიძულებს მის შთამომავლებს განაგრძონ სილმარილების ძიება, არის თავისებური "პირველცოდვა", რომელიც განსაზღვრავს ნოლდორთა ბედისწერას. ფეანორის სახე გვიჩვენებს გენიალურობის ბუნებას - ის არის ორმაგი, შეიცავს როგორც შემოქმედებით, ასევე, დამანგრეველ ძალას. მისი ისტორია გვახსენებს, რომ გიგანტურ მიღწევებს ხშირად ახლავს გიგანტური რისკები და მსხვერპლი. სილმარილები, როგორც მშვენიერების განსახიერება, გვიჩვენებს ესთეტიკური სრულყოფილების მიზიდულობასა და საფრთხეს.
საბოლოოდ, სილმარილები და მათი შემქმნელი წარმოადგენენ დაკარგული სრულყოფილების დიდ ტკივილს, მაგრამ, ასევე იმედს, რომ ეს სრულყოფილება შესაძლებელია კვლავ აღდგეს და მან სულაც ახლებურად გაიბრწყინოს სამყაროში.