ავტორი: მამუკა გურული
გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს - „Bohemian Rhapsody”. არ ვისაუბრებ რამი მალეკის ბრწყინვალე შესრულებაზე. არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ჩემი ბავშობის საყვარელი ჰიტები თვალწინ გამიცოცხლდა. ვისაუბრებ მხოლოდ ფრედიზე.
I am a Performer - ამბობს ფრედი ერთ-ერთ საკვანძო ფრაზას საკუთარ თავზე. თავს არ უწოდებს მომღერალს, ის - შემსრულებელია. სიმღერა კი მისი შოუს მხოლოდ ერთი ნაწილია.
უყურებ ფრედის და ხვდები - ადამიანის ფუნდამენტური სურვილია - მისით აღტაცებულნი იყვნენ. როგორც პატარა ბავშვი გააკეთებს საინტერესო რაღაცას, და თუ კარგად გამოუვა, და თუ აღტაცებას და დიდ ყურადღებას დაიმსახურებს, ამას ხშირად იმეორებს, ზოგჯერ ამ სცენარში იჭედება კიდეც ცხოვრების ბოლომდე. და გენიალური ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვინც ცხოვრების ბოლომდე ბავშვებად რჩებიან და განაგრძობენ სხვების აღტაცებას თავისი ნიჭით. ნიჭი კი ყველას აქვს, მთავარია აღმოაჩინოს და არ ჩაახშოს, ან თავი დაიცვას იმისგან, რომ სხვებმა ჩაუხშონ...
I am an Asshole - ამბობს ფრედი. გენიალურ ადამიანებს ზოგჯერ მყრალი ხასიათიც აქვთ. ესაა მათი დამცავი მექანიზმი, რომ თავი დაიცვან „სერიოზული ზრდასრული ადამიანებისგან“. მათ ჭირდებათ ენერგია, მათ ჭირდებათ ყურადღება, და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყურადღების ენერგია მოიპოვონ. და გენიალური ადამიანი ამ ენერგიას ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის, „ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანი“ კი უბრალოდ რაიმე ეგრეგორს აჭმევს.
გენიალურ ადამიანებს ჭირდებათ, რომ მსხვერპლად შეეწირონ საყვარელი ადამიანები, ამაზე წამსვლელი კი იშვიათად თუა ვინმე, ამიტომაც არიან უბედურები პირად ცხოვრებაში. სამაგიეროდ გენიალური ადამიანები თვითონაც მსხვერპლად ეწირებიან რაღაც მათზე გაცილებით უფრო დიდს, მასშტაბურს, ამაღლებულს...
ყველა გენიალურ ადამიანს აქვს და სჭირდება ინფანტილიზმის გარკვეული დონე. ინფანტილიზმის, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით. საზოგადოება არ გაზრდილა იქამდე, რომ ბავშვებს გაუგოს. ამიტომ ბავშვს სჭირდება, რომ შეინარჩუნოს ბავშვობა, თუნდაც ცუდი ფორმებით.
დეპრესია, ნარკომანია, ლოთობა, ისტერიები, ნევროზები, - ეს ყველაფერი არასწორად გავლილი და ნევროზიანი ზრდასრულების მიერ დაუნახავი ბავშვობის შედეგია. დეპრესიული ადამიანი - ესაა ბავშვი, რომელიც თავის გენიალურობას მხოლოდ საკუთარ თავში ახშობს და გარეთ ვერ ავლენს, იმიტომ, რომ ზრდასრულები ჯერ არ გაზრდილან ბავშვების დანახვის უნარამდე. და რაც ყველაზე ცუდია, შემდეგ ასეთებიც "ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანებად" იქცევიან და აღარ აქვთ ბავშვების დანახვის უნარი.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად სხვების რეაქციისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ ხედავენ, მაინც ასრულებენ თავიანთ პერფორმანსს. იმიტომ რომ ესაა ღმერთის მთავარი „ლილა“, მთავარი თამაში - უამრავი ფორმით, უამრავი გამოხატულებით... ესაა ბრძოლა... ესაა შოუ... ესაა ხელოვნება... ესაა თამაში... ესაა პერფორმანსი... რომელსაც ერთი შეხედვით აზრი საერთოდ არა აქვს...
აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც - The Show Must Go On... სიტყვები ყველაფერს ამბობენ...