ეზოთერული განვითარება

რუდოლფ შტაინერი
0
0

შესავალი

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

„Esoteric Development: Selected Lectures and Writings from the Works of Rudolf Steiner“, - Anthroposophic Press-ის მიერ სპეციალურად ინგლისურენოვანი მკითხველისათვის შეადგენილი და გამოცემული თემატურ კრებულია. მისი მიზანი იყო ერთ წიგნში თავმოყრა იმ ფუნდამენტური ლექციებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება სულიერ წვრთნას, ეზოთერულ განვითარებასა და სულისა და სხეულის ჰარმონიზაციას.

სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ეს გაერთიანება გვაჩვენებს, როგორ ინარჩუნებს შტაინერის მეთოდოლოგია უცვლელ ბირთვს, ხოლო მისი პედაგოგიური და ფილოსოფიური ენა როგორ იხვეწება და ერგება ეპოქის მოთხოვნებს.

წიგნში აღწერილი სულიერი ჰიგიენისა და ვარჯიშის სისტემად უნდა გავიაზროთ, რადგანაც როგორც შტაინერი ხაზგასმით აღნიშნავს - სულიერი ცოდნა არ არის მხოლოდ ინტელექტუალური ინფორმაცია. უმაღლესი უნარების (ჩაკრების/სულიერი ორგანოების) გახსნამდე აუცილებელია ზნეობრივი, ემოციური და აზრობრივი დისციპლინა, რათა თავიდან ავიცილოთ ილუზიები და სხვადასხვა აშლილობები. ასევე რუდოლფ შტაინერის მიდგომით შინაგანი განვითარების გზა მოითხოვს სიფხიზლეს, იმავე დაკვირვების სიცხადესა და კრიტიკულ აზროვნებას, რასაც საბუნებისმეტყველო მეცნიერება მოითხოვს გარესამყაროს შესწავლისას.

წიგნს წამძღვარებული აქვს ბრიტანელი პედაგოგის, ანთროპოსოფის, მწერალის და რუდოლფ შტაინერის ნაშრომთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი მთარგმნელის ალან ჰოვარდის წინასიტყვაობა.

წიგნი ითარგმნა ამ ინგლისური ვერსიიდან.

ეზოთერული განვითარება

აქ რუდოლფ შტაინერი აღწერს თავის არამისტერიულ, მეცნიერულად მკაფიო გზას ზეგრძნობადი რეალობების აღქმის საშუალების მომცემი შინაგანი უნარების განვითარებისათვის. განხილულ თემებს შორისაა: „ექვსი ძირითადი სავარჯიშო“, მარხვა, მედიტაციური წვრთნისთვის შესაფერისი შინაარსი და პრაქტიკული მოთხოვნები, შინაგანი ცნობიერების ცვლილებები და ეტაპები, სიყვარულის როლი უმაღლესი ცოდნის შეძენაში, უმაღლესი გრძნობის ორგანოების (ანუ ჩაკრების) განვითარება და ეზოთერული გზების სამი სახეობა: აღმოსავლური იოგა, ქრისტიანულ-გნოსტიკური და ევროპული როზენკრეიცერული გზა.

„ალან ჰოვარდის ინფორმაციული წინასიტყვაობით აღჭურვილი ეს წიგნი, სასარგებლო შესავალია რუდოლფ შტაინერის მიერ სწავლებულ სულიერი განვითარების სავარჯიშოებში“. - New Age Book Review.

 

წინასიტყვაობა

ეს წიგნი ეხება ზეგრძნობადი ცოდნის, ანუ ზენა სამყაროების შესახებ ცოდნის მოპოვების გზებს. იგი რუდოლფ შტაინერის მიერ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე წაკითხული ათი ლექციისაგან შედგება, რომლებიც აქ ისეა დალაგებული, რომ მათი შინაარსი თანდათანობით სიღრმეს იძენს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი წიგნის გამოცემა დღევანდელ პერიოდში, როდესაც ამდენი ადამიანი ცდილობს ცხოვრების სულიერ გააზრებას, არაკეთილსინდისიერ მასწავლებლებს კი ბევრი შეცდომაში შეჰყავს. წიგნი მკითხველისგან არაფერს მოითხოვს, გარდა იმისა, რომ ობიექტური და ფხიზელი გონებით შეაფასოს მასში გადმოცემული აზრები.

ვინაიდან ეს წიგნი, სავარაუდოდ, ხელში ჩაუვარდებათ მათაც, ვინც ცოტა რამ იცის (ან საერთოდ არაფერი სმენია) რუდოლფ შტაინერზე და, მით უმეტეს, ზეგრძნობად ცოდნაზე, მიზანშეწონილია, შესავალში რამდენიმე სიტყვა ითქვას როგორც ავტორზე, ისე განსახილველ თემაზე. ამგვარად, პოტენციური მკითხველი უკეთ შეძლებს წიგნის შინაარსში გარკვევას, ხოლო ისინი, ვინც უკვე იცნობენ შტაინერის ნააზრევს, შეძლებენ, წინასიტყვაობაზე დროის ხარჯვის გარეშე, პირდაპირ წიგნის წაიკითხონ.

რუდოლფ შტაინერი იყო საფუძვლიანი სამეცნიერო მომზადების მქონე ფილოსოფოსი, რომელმაც საუკუნის პირველ მეოთხედში დიდი ყურადღება მიიპყრო ზეგრძნობადი სამყაროს ბუნებისადმი მიძღვნილი წიგნებითა და ლექციებით. მან არა მხოლოდ დეტალურად აღწერა უმაღლესი სამყაროები და ჩვეულებრივი აღქმისათვის მიუწვდომელი მათი არსებები, არამედ განმარტა, თუ როგორ შეიძლება ამ სამყაროების შესახებ ცოდნის მოპოვება, შემეცნების ჩვეულებრივი უნარების განვითარების მკაცრ და მეთოდურ გზის მიყოლისათვის მზადმყოფი ნებისმიერი ადამიანის მიერ. შტაინერი თავის მსჯელობას ადამიანური გონების შემეცნებით უნარზე აფუძნებდა. იგი უარყოფდა ნებისმიერ მეთოდს, რომელიც უმაღლესი ცოდნის მაძიებელს უცხო, მისტიკურ პრაქტიკებს ახვევდა თავს ან მასწავლებლისა თუ გურუს ნებისადმი უპირობო მორჩილებას მოითხოვდა. ყველაფერი, რასაც იგი გვთავაზობდა, მხოლოდ იმ ცნობიერების საფუძველზე შეიძლება შევისწავლოთ, რომელიც თანამედროვე ადამიანმა ბუნების შემეცნების პროცესში შეიძინა.

ჩვენ მიჩვეულნი ვართ ბუნების შესახებ ამ ცოდნას „მეცნიერული“ ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ შტაინერისთვის ეს ცოდნა მხოლოდ გარეგნულ მხარეს წარმოადგენდა იმ სამყაროსი, სადაც ფენომენები და არსებები, ასე ვთქვათ, კულისებს მიღმა მოქმედებენ. იგი იმდენად თანხვედრაში იყო სამეცნიერო მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებთან, რომ ამ უმაღლეს ცოდნას „სულიერი მეცნიერება“ უწოდა. სულიერი მეცნიერი, ისევე როგორც ბუნებისმეტყველი, თავის აზროვნებას მოცემულობისკენ მიმართავს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაც გრძნობებით აღიქმება. იგი აზროვნებას თავად აზროვნებისკენ მიმართავს, როგორც ზეგრძნობადი რეალობის პირველად გამოვლინებას.

შესაბამისად, სამყარო, რომელსაც სულიერი მეცნიერება იკვლევს, არის შემოქმედებითი მიზნებისა და განზრახვების სამყარო. განსხვავებით გრძნობებით აღქმადი მოვლენების სამყაროსგან, ანუ იმისა, რასაც შტაინერმა ერთხელ „საგულდაგულოდ შექმნილი ნამოღვაწარი“ უწოდა. ამგვარად, ცოდნა ამ უმაღლესი სამყაროების შესახებ ოკულტურია, ანუ ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის დაფარული. აქედან მომდინარეობს ტერმინი ოკულტიზმიც, რომელიც ამ წიგნის შესავალში გამოიყენება იმ მიზნით, რომ ეს ცოდნა განვასხვავოთ უფრო ფართო ცნებისგან -  ანთროპოსოფიისგან, რომლითაც რუდოლფ შტაინერი თავის მოღვაწეობას მთლიანობაში აღწერდა.

ოკულტიზმი, რადგან ის ჩვეულებრივ მიუწვდომელ სფეროს ეხება, ზოგიერთ ადამიანს ძალიან აინტერესებს. სხვებში კი, ბუნებრივია, ისეთივე ძლიერ უარყოფით რეაქციას ბადებს. ვინაიდან ამ წიგნით, სავარაუდოდ, სწორედ პირველნი დაინტერესდებიან (დანარჩენები, სავარაუდოდ, სათაურსაც კი არ გასცდებიან), მიზანშეწონილია, მათ გარკვეული სიფრთხილის ზომები შევახსენოთ. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ ძლიერი ინტერესის გამო, ადამიანმა შეიძლება დაუფიქრებლად და დაუყოვნებლივ სცადოს ამ არაჩვეულებრივი ცოდნის შეცნობის გზაზე დადგომა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ შტაინერს ამ თემაზე უკვე ჰქონდა დაწერილი წიგნი - „როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება“, შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც აქ წარმოდგენილ ლექციებს ესწრებოდნენ, უმეტესწილად უკვე იცნობდნენ, როგორც აღნიშნულ წიგნს, ისე ანთროპოსოფიას ზოგადად.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ეს ზენა სამყაროები ჩვეულებრივი ცოდნისა და ცნობიერებისთვის მართლაც დაფარულია, მკითხველისთვის ურიგო არ იქნება, გარკვეული ინფორმაცია მოიპოვოს მათ შესახებ, ვიდრე უმაღლესი ცოდნის ძიებას შეუდგება. ასეთი ინფორმაციის მიღების შესანიშნავი წყაროა რუდოლფ შტაინერის ორი წიგნი - „თეოსოფია“ და „ოკულტური მეცნიერების ნარკვევი“.

ამ მოსაზრებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ თავად შტაინერი უმაღლესი ცოდნის შეძენის აუცილებელ პირობად მიიჩნევდა შემდეგს: მსურველს წინასწარ უნდა ჰქონოდა წარმოდგენა ამ სამყაროებზე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მათ შესახებ პირადი გამოცდილებით შეეძლოთ საუბარი. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წიგნში მოცემული საკითხების გათვალისწინებით, არამედ საღი აზრის თვალსაზრისითაც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აპირებს გამგზავრებას ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არ ყოფილა, წინასწარ მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაციის მიღებას მათგან, ვინც იქ უკვე იმყოფებოდა. ამგვარად, ის არა მხოლოდ იმას იგებს, თუ რა ელის, არამედ ადგილზე მისვლისას უკეთ აღიქვამს და გაიაზრებს ნანახს. ეს მით უფრო აქტუალურია უმაღლესი სამყაროების შეცნობის პროცესში, რადგან საქმე გვაქვს ისეთ სამყაროებთან, რომლებიც არა მხოლოდ უცხოა ჩვენთვის, არამედ რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან, რისი დანახვაც ფიზიკური თვალითაა შესაძლებელი.

არსებობს კიდევ ერთი, გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზი. უმაღლესი სამყაროების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა, რაც ანთროპოსოფიის ე.წ. „ხუთ ძირითად წიგნშია“ მოცემული, თავისთავად წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ამგვარი ცოდნისკენ. ამის გააზრებაში დიდ დახმარებას გაგვიწევს წიგნის „ოკულტური მეცნიერების ნარკვევი“ პირველი თავის წაკითხვა. თუ მკითხველი ამ წინასწარი შესწავლისას აღმოაჩენს ისეთ რამეს, რასაც საღი განსჯით დაეთანხმება, ის შეძლებს, მყარ საფუძველზე დაყრდნობით გააგრძელოს ამ წიგნში წარმოდგენილი მასალის გაცნობა. ასეთი შესწავლის შედეგად მკითხველი აღმოაჩენს იმის რეალობას, რაც აქამდე მხოლოდ მეტაფორად ან სიტყვიერ გამოთქმად ესმოდა, ახლა კი შინაგან უნარად - ჭეშმარიტების შეგრძნებად - აღიქვამს. ის შეიცნობს აზროვნების შინაგანი ბუნების შემეცნებით პოტენციალს და აზროვნების პროცესი მისთვის ახალ, ღრმა მნიშვნელობას შეიძენს. თუ ამას შტაინერის ნაშრომის - „თავისუფლების ფილოსოფიის“ შესწავლასაც შეუთავსებს, ის აზროვნებისადმი რწმენას განამტკიცებს, მათ შორის ისეთ საკითხებზე ფიქრისას, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ გააჩნია უშუალო გამოცდილება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ წიგნის კითხვისას იგი აღმოაჩენს, რომ აზროვნება არა მხოლოდ ზეგრძნობადი აქტივობაა, არამედ სწორედ ის საშუალებაც, რომლითაც იგი ამ სამყაროების განცდისკენ მიმავალ გზას პოულობს.

ამ წიგნში აღწერილი ძიების დაწყებამდე მკითხველმა თავად უნდა განსაზღვროს მზადაა თუ არა და შეუძლია თუ არა ეს. თუმცა ეს შესაძლოა ეჭვქვეშ აყენებდეს მანამდე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ამ გზაზე ნებისმიერს შეუძლია დადგომა, სინამდვილეში ასე არ არის. ამ წიგნში აღწერილი სავარჯიშოები მართლაც ისეთია, რომ ნებისმიერს შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება, მაგრამ ისინი არც თუ ისე მარტივია. აუცილებელია ამის გაცნობიერება, რომ ისინი საკმაოდ მკაცრია და არავინ უნდა შეუდგეს მათ შესრულებას ამ სიმკაცრის ყურადღებით აწონ-დაწონის გარეშე.

ჩვენ უკვე შევეხეთ იმ ფაქტს, რომ ოკულტიზმი იზიდავს ადამიანებს. ბევრს სურს ასეთი ცოდნა, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ სურს ადამიანს ამ ცოდნის მიღება. მაძიებელს უნდა შეეძლოს ამ კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის და მასზე პასუხის გაცემა უდიდესი გულწრფელობითა და პატიოსნებით, რადგან თუ ამ სურვილის საფუძველში რაიმე უბრალო ცნობისმოყვარეობა ან პირადი სარგებელი დევს, რაც არ უნდა უვნებელი იყოს ეს თავისთავად, იგი აბრკოლებს უმაღლესი ცოდნის მიღწევას.

რუდოლფ შტაინერი მკითხველისათვის ამ წიგნში არაერთხელ ამახვილებს ყურადღებას უმაღლესი ცოდნის შეძენის მორალურ ასპექტზე. საუბარია არა იმაზე, რომ შტაინერი აწესებს მორალურ მითითებებს, არამედ იმაზე, რომ სულიერი მაძიებელი თავად აღმოაჩენს იმ მორალს, რომელიც იმთავითვე იგულისხმება ცოდნის მოპოვებაში. აქ აუცილებელია უმკაცრესი სამეცნიერო კეთილსინდისიერება, რაც მოითხოვს ყოველგვარი პირადი სიამოვნებისა და სურვილის გამორიცხვას. თუ მაძიებელი ჯერ არ არის მზად ამ მორალის მისაღებად, მაშინ მისთვის უკეთესი იქნება, განაგრძოს სულიერი მეცნიერების ლიტერატურის შესწავლა (რასაც იგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აკეთებდეს), სანამ მზად არ იქნება. აქ თვითშემეცნება წინ უსწრებს თვითგანვითარებას და თუ ეს ცოდნა საკმარისად ობიექტური და საფუძვლიანია, ის თვითგანვითარებისთვის აუცილებელ საკითხად ჩაითვლება. როგორც ერთხელ თქვა რუდოლფ შტაინერის მოსწავლემ, კარლ უნგერმა, „ყოველი ცოდნა გარდაქმნის მცოდნეს“ და უმაღლესი ცოდნისკენ მიმავალი გზა, პირველ რიგში, საკუთარი თავის ტრანსფორმაციაა.

აქ ურიგო არ იქნება რამდენიმე სიტყვის თქმა იმაზე, თუ რას ნიშნავს ამ გზაზე დადგომის უნარი, განსაკუთრებით კი იმ სიმკაცრის კონტექსტში, რომელიც უკვე ვახსენეთ. „უნარში“ აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმობა შტაინერის მიერ აღწერილი ვარჯიშების რეგულარულ შესრულება. ამ გზაზე დადგომის შემდეგ არანაირად, ვიმეორებ არანაირად არ უნდა მოდუნდეთ. აქვს თუ არა მკითხველს ამის უნარი  განსაკუთრებით თუ ის ახალგაზრდაა, ეს საკითხი ღრმა დაფიქრებას მოითხოვს. სიტყვა „უნარში“ აქ არ იგულისხმება მაღალი ინტელექტი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ნებისყოფის საკითხია. სწორედ ამიტომ უწესებს შტაინერი ამ ვარჯიშებს ასეთ მოკლე ხანგრძლივობას: „მეოთხედი საათი ან თუნდაც ხუთი წუთი საკმარისია, თუ მათ სწორად გამოვიყენებთ“. თუმცა, ვარჯიშები ყოველდღიურად უნდა შესრულდეს. რეგულარულობა უმთავრესია. თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ შესაძლო გარემოებას, რამაც შეიძლება ეს რეგულარულობა დაარღვიოს, ღირს დაფიქრება იმაზე, შევძლებთ თუ არა საქმის ბოლომდე მიყვანას. არაფერია იმაზე უფრო დამთრგუნველი, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ ასეთ საქმეზე უარი თქვი, თუნდაც ამისათვის ყველაზე საპატიო მიზეზი გქონოდა. ეს ჰგავს იმ პერსპექტივას, როდესაც გულდასმით დახვეული ძაფის გორგალის სიმაღალიდან ჩამოვარდა და თავიდან დასახვევი ხდება.

მკითხველმა ასევე უნდა იცოდეს, რა მოხდება მასთან, თუ ამ გზას აირჩევს; და მიუხედავად იმისა, რომ შტაინერი ამას საკმაოდ ნათლად განმარტავს, ზედმეტი არ იქნება ერთ რამეზე ხაზგასმა. საქმე ეხება სამშვინველის გარდაქმნას აღქმის ორგანოდ, რაც ძირითადად აზროვნებაზე დაფუძნებული ვარჯიშების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენ ჩვეულებრივ აღქმასა და აზროვნებას ორ სრულიად განსხვავებულ აქტივობად მივიჩნევთ, თუმცა სინამდვილეში მათი გამიჯვნა შეუძლებელია. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ ვამბობთ ხოლმე დაძაბული ფიქრის შემდეგ, როდესაც ის ცნება, რომელსაც ვეძებდით, საბოლოოდ გამოჩნდება - „აჰ! ახლა უკვე ვხედავ!“, რათა მივხვდეთ, რომ აღქმა (ამ შემთხვევაში - ცნებების აღქმა) მჭიდრო კავშირშია აზროვნებასთან. ადამიანი მართლაც „ხედავს“ ცნობიერებაში გამოჩენილ ცნებას. სწორედ აზროვნების პროცესში არსებულ ამ „ხილვას“ ავარჯიშებს შემეცნების გზაზე მდგომი პირი თავისი საქმიანობისას. „როგორც ფერია თვალისთვის, - ამბობს შტაინერი ნაშრომში „გოეთე მეცნიერი“, და ბგერა - ყურისთვის, ისევეა ცნებები და იდეები აზროვნებისთვის: იგი [აზროვნება] აღქმის ორგანოა“.

დაბოლოს, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ვარჯიშების შესრულებით მიღებული კმაყოფილება იმ განცდაში უნდა მდგომარეობდეს, რომელსაც ისინი აღძრავს. აქ არ შეიძლება რაიმე მიზნის დასახვა, მაგალითად, „ამ ვარჯიშებს გარკვეული დროის განმავლობაში შევასრულებ და ვნახავ, რა მოხდება“, ან პროგრესის აღმრიცხველი წარმოსახვითი გრაფიკის შედგენა, როგორც ამას ბიზნესმენები აკეთებენ მოგების ზრდა-კლების საჩვენებლად. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამ ვარჯიშებს გარკვეული შედეგის მისაღწევად ასრულებს, სწორედ ეს შედეგი უნდა იყოს უკანასკნელი რამ, რაზეც ის ფიქრობს. ვინაიდან კვლავაც პარადოქსია და ეს შედეგი არ არის რაღაც ისეთი, რისი მოპოვებაც შეიძლება. ეს არის ის, რაც მაშინ გვეძლევა, როდესაც უმაღლესი ძალები ჩათვლიან საჭიროდ, რისი წინასწარ განჭვრეტა არცერთ ადამიანს არ ძალუძს. ამას შეიძლება თვეები ან წლები დასჭირდეს. შესაბამისად, კმაყოფილება, რომლის განცდის იმედიც ადამიანს სამართლიანად შეიძლება ჰქონდეს, მხოლოდ თავად ამ საქმიანობაშია საძიებელი. სწორედ „ქმედებისადმი სიყვარული“ უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა. მან უნდა მიაღწიოს იმ მდგომარეობას, როდესაც დღის განმავლობაში სხვა ნებისმიერ საქმეს უფრო დათმობდა, ვიდრე იმ კმაყოფილებას, რომელიც ამ საქმიანობიდან მომდინარეობს. მხოლოდ მაშინ გააცნობიერებს ადამიანი, რომ მის სულში რაღაც იწყება. ესაა ჭეშმარიტი ურთიერთკავშირი მასსა და უმაღლეს სამყაროებს შორის და თუმცა შესაძლოა ჯერ კიდევ ვერაფერს „ხედავდეს“, ეს აღარ იქნება მნიშვნელოვანი. მას ეცოდინება, რომ ასეთი ხედვა აუცილებლად მოვა. ის მხოლოდ ისე შეიძლება მოვიდეს, როგორც ეს „ღვთის ნებით დადგენილ დროში“ ხდება.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყვეტს მკითხველი მის გამოყენებას, ამ წიგნის კიდევ ერთ სარეკომენდაციოდ უნდა ითქვას თუ როგორ წარმოაჩენს იგი იმას, რასაც მხოლოდ „ცოდნის შინაგან ლოგიკას“ ვუწოდებდი. მისი ღია გონებითა და სათანადო ყურადღებით წამკითხველი ირწმუნებს არა მხოლოდ ასეთი ცოდნის შესაძლებლობას, არამედ იმასაც, რომ იგი ჭეშმარიტად შესაძლებელია მხოლოდ ავტორის მიერ აღწერილი გზით. შესაძლოა, მკითხველს თავად არ სურდეს ასეთი ცოდნისკენ სწრაფვა, რაც მისთვის ცნობილი მიზეზებით შეიძლება იყოს გამოცვეული, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს ცოდნა ხელმისაწვდომია საქმის ბოლომდე მიყვანის მტკიცე ნების მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის. ამის გააზრებაც კი ასეთი წიგნის კითხვისას უნიკალური მოვლენაა. მეტიც, წიგნში მოცემულ მასალას გვთავაზობს ადამიანი, რომელმაც პირადი გამოცდილებით იცის, რაზეც საუბრობს, ადამიანი, რომელიც გულახდილად, ყოველგვარი დაფარვის გარეშე წარმოაჩენს საკითხის არსს და ამავდროულად, არასდროს იყენებს საკუთარ ავტორიტეტს იმისთვის, რომ მკითხველს თავს მოახვიოს გადაწყვეტილება, თუ როგორ მოიქცეს მიღებული ცოდნის საფუძველზე.

არსებობს ორი საკითხი, რომელთა გააზრებაც ჩვენს ეპოქას ჯერ კიდევ წინ აქვს: პირველი - ადამიანის ცოდნისა და ცნობიერების გაფართოება გონების იმ სფეროებში, რომლებიც აქამდე მიუწვდომლად მიიჩნეოდა და მეორე - ადამიანის თავისუფლების ჭეშმარიტი ბუნება. ამ წიგნში ავტორი გვთავაზობს მიდგომის გზას პირველი საკითხისადმი და ამ პროცესში აღიარებს მეორის უდავო არსებობას.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff